რა დრო სჭირდება ერთი ღერი სიგარეტის მოწევას?
რა დრო სჭირდება ერთი ღერი სიგარეტის მოწევას? ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. ბევრს ვსვამ, ბევრს ვეწევი, მაგრამ თავის მოტყუება აღარ გამომდის. როგორც ჩანს, ყველაფერი ცუდად არის, როცა დილით, მაგიდაზე დამხობილი, ჩაცმული იღვიძებ. მახსოვს, შენ მოდიოდი და მე თავს ვანებებდი ჩემი საყვარელი ლექსების კითხვას. იყო დრო, ვიძინებდი და შენი მდინარის ნაპირზე ვახელდი თვალებს. ახლა ღამეა და მარტო ვარ. ახლა მშვენიერი ღამეა, მაგრამ მე მარტო ვარ. როცა თვითირონიაც დამტოვებს, რაღაც შემემთხვევა. ... შენი სიზმრები დაემსგავსებიან ლოცვებს. ****************************************** ალბათ ძილის წინ ყველა ასწრებს ერთ აღსარებას, ყველაზე ნამდვილს, ყველაზე ნაღდს, ყველაზე გულწრფელს, მაგრამ არ მოაქვს არასდროს შვება, რადგან არა გვაქვს უფლება, რომ საკუთარ თავს თვითონ შევუნდოთ, რომ თუ ჩამოხსნი ტვირთს სხვას მხრებიდან, შენ უნდა ზიდო, მაგრამ ის სხვა ხომ ამ მომეტში ყოველთვის შენ ხარ, შენ ვინც ამძიმებ, რაც უფრო ნანობ. ხდება, ძილის წინ ყველა ამბობს ერთ აღსარებას, მაგრამ დღეს ისე მოხდა, რომ გავათენე, ალბათ დუმილმა არ დამაძინა, ან უფრო იმან, დღევანდელს რომ არაფერს ვნანობ. *************************** შუა ქუჩაში თუ დაწოლილხარ, გულაღმა, მტვრიან ტროტუარზე და ხელები თავქვეშ ამოგილაგებია, მაშინ როდესაც ყველაზე ბევრი ხალხი მოძრაობს, ან როცა ყველაზე მაგრად აჭერს მზე. ათასი გადაგივლის, ერთი წამოგაყენებს და არავინ მოგიწვება გვერდზე. ******************************* მომენტი, როცა ხვდები, რომ ძილი გაგიტყდა, თითქოს იმედი გადაგეწურა, რომელიც არასოდეს გქონია. არ მეძინება, მაგრამ გამოძინებაა საჭირო, ხვალ სად აღარახარ წასასვლელი, ყველაფერს ფიქრობ რაც დღეს გამოგრჩა, ან გამოტოვე, სხვა გზა არა გაქვს, უნდა იყვირო, ისე თითქოს ტრიალ მინდორში დგახარ და ექოს შენი სისხლძარღვებიდან ელოდები. სიზმრებს და ოცნებებს ბევრი აქვთ საერთო, მაგრამ არა ახდენა. ჩემი ხელის აქენვაზე სამარშუტო ტაქსები აჩერებენ ხოლმე, ჩაქნევაზე სიცოცხლე. მე დღეს არ მივხურე ჩემი საძინებლის კარი, დედაჩემი სახლშია, დედაჩემი მეორე ოთახშია, დედამ იცის, რომ არ ვარ კარგად, მე არ შემიძლია იძულებითი კარგად ყოფნა, დედაჩემს მოდუნება არ შეუძლია, ღმერთს კი ის, რომ ჩაერიოს. ახლა ვიღაცა საკუთარი თავის უკეთ შესაცნობად, ზის და ჰოროსკოპს არჩევს, მთვარია სწამდეს და ნაგვის ბუნკერშიც რომ ჩაყოს თავი, იგივე სიღრმეს მიწვდება, იგივე დასკვნას გამოიტანს. მე დამავიწყდა მიცვალებულთა ხსენების დღეები. წუთიერი დუმილი მათ საფლავებთან, უფრო წუთშესვენებას გავს ამ ცხოვრებიდან, ვიდრე მათი სულებისთვის პატივის მიგებას. ნუთუ ის ძაღლი რომელმაც დამკბინა, შემიძლია გადავარჩინო. უმნიშვნელოა ჩემი წვილი ჩემს ადამიანობაში. ჩვენ უკვე სათითაოდ ვაცვამთ ქრისტეს ჯვარზე. მე ამ სახლში უნდა ვიცხოვრო, მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება. ეს არ არის ჩემი წმინდა ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ აქ არასდროს გადამიფურთხებია. რას დაიტოვებენ ეს კედლები ჩემი მხრებისგან? საზღვარგარეთ, მთვარეზე, სამოთხეში, ან ჯოჯოხეთში კი არა, ჩემს ოთახშია ჯერ კიდევ ისეთი ადგილები დარჩენილი, სადაც ფეხი არ დამიდგამს. ტარაკნებს ვატან ჩემს სიძულვილს, იატაკის ყველა ღრეჭოში. ეს ხალხი ნერვების წყვეტას, ძვლების მტვრევას, თვალში ნამცეცის ჩავარდნას, ფეხსაცმლის ორი ზომით სივიწროვეს და ნემსის ჩხვლეტას გრძნობს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ იგრძნონ როგორ მოძრაობს სისხლი, მათ არ შეუძლიათ გაფრენა. ბავშვებს ეტყობათ, იმ ადამიანთა თანაცხოვრება, რომელთაც ერთამენთი არ უყვართ, მათ შეუძლიათ, ასფალტზე ცარცით გავლებული ბაგირიდან ისე ჩამოვარდნენ რომ დაიღუპონ. მზე ამ მთების უკან ჩავიდა, მაგრამ ამ მთების მიღმაც ღამეა. იქნებ ის, რასაც ღმერთში ადამიანურს ვხედავთ, ადამიანშია ღვთიური. რატომ არ ეტყობა ცას, მოწყვეტილი ვარსკვალვების სიცარიელე. ********************************* არ მაინტერესებს, რომ ფხიზელი ვარ, რომ ჯიბეში ხუთი თეთრიც არ მიგდია, რომ ერთი ღერი სიგარეტიც არ მაქვს, რომ მივდივარ და არ ვიცი საით, რომ ფეხები მტკვივა, რომ დღეს ათასი ცოდვით დავმძიმდი, რომ მიმეორებს განცდა ათასთა. არ მაინტერესებს, რომ ცოცხალი ვარ. უბრალოდ ვგრძნობ, რომ სიყვარული შემიძლია. სხვა დანარჩენზე სხვამ იფიქროს. ********************************** გთხოვ, აღმადგინე მკვდრეთით სანამ ცოცხალი ვარ. ************************************* მე ფეხით მოვდიოდი შენთან და თან გელოდებოდი გულში, გზის მთელი სიგრძე ჩემი მოუთმენლობა იყო, არ ვიცი ეს როგორ ხდებოდა, უბრალოდ თან მოვდიოდი და თან გელოდებოდი. ******************************** ღმერთო რატომ არასდროს მითხოვია შენთვის, რომ ღმერთი მიმყოფო კარგად. უმადურია ადამიანი, ან იმდენად მადლიერი, რომ აღარაფერი ახსოვს საკუთარი ცუდად ყოფნის გარდა. ჩვევა მქონდა, კოლოფებს ვყრიდი და ნაჩუქარ სიგარეტის ღერებს ვაგროვებდი, ზოგი მოხატული იყო, ზოგზე ჩემი სიტყვები ეწერა, ყველა მოვწიე. ახლა კოლოფებს ვაგროვებ, ყველა ცარიელია. მიკროსკოპით ვეძებ, საკუთარი ცხოვრებიდან კეთილ ფრაგმენტებს, არაფერი ჩანს, არც ყოველდღიურობაზე მინდა წერა, ყველაფერი ისედაც ნათელია, ჩემზე უკეთ იცის, გაჭირვებულმა რა უჭირს, იმან მითუმეტეს, ვისაც დახმარება უნდა, რითი შეუძლია დაეხმაროს. დროის არაფერი გამეგება, ვერ გეტყვი ბოლო ჟამია თუ პირველის მეორე ნახევარი, მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სიცოცხლის ნებისმიერი წუთიდან შეგიძლია, ადამიანმა უკანასკნელი წამების სიამოვნება მიიღო, სიკვდილისთვის მზად შეიძლება არასოდეს იყო, მაგრამ არ გეშინოდეს. მე არ მყავს ადამიანები, მაგრამ მყავს ღამე. ზოგჯერ ქარზე ვფიქრობ. ქარსაც ხომ შეუძლია ფრენა და რატომ არ მიფრინავს ზეცისკენ, რატომ ჩადგება ხოლმე ყოველთვის მიწაზე. ახლა წავიდოდი არსად, მაგრამ ეგეც დამღლიდა. ****************************** მთვრალზე ის უფრო საშინელია, ფეხი რომ არ დაგიცდება არსად, ვიდრე პირიქით. ცხორებაც ალბათ ასეა სადღაც. არ ვიცი რა იქნება ასი წლის მერე, არც ხვალ, მე ამ ყველაფერს დღეისთვის ვწერ, ამ წამებისთვის ვსუნთქავ. ************************ ადამიანი არ არის მთვარე, რომ ნახევარიც ეყოს ერთ ღამეს. ხომ შეიძლება, ერთხელაც დაღამდეს და ცაზე ოქროსფრად მოციმციმე ვარსკვლავების მაგივრად, თეთრი გვირილები ამოვიდნენ, ან ყვითელი მზესუმზირები. ********************************* ბოლო ღერს ვეწეოდი და ჩემს თავს ვუთხარი დამიტოვე, რა უნდა იყოს ამაზე სასაცილო, ალბათ ის, ისიც რომ ჩემი ხათრით ეწევა, ჩემი გულისთვის, ვის უნდა ვუყვარდე იმაზე მეტად, არც არავის. დღეს ცა დაღალეს ჩიტებმა, იმდენს დაფრინავდნენ. სიცოცხლე სად უფრო იგრძნობა, ახალშობილში თუ მომაკვდავში. ვარსკვლავები არ იბადებიან მიწაზე, ვარსკვლავები ციდან წყდებიან. რა არის ჩემი ლექსების საიდუმლო? - გულწრფელობა. არ მინდა მოვიდეს მორიგი ღამე, ვეუბნები სანახევროდ დარჩენილ სინათლეს და ღვთისკენ ვტრიალდები. ****************** ცოტახანს ვცხოვრობდი, დიდხანს და ბედნიერად, მერე ყველაფერი თავის თავს დაუბრუნდა და მარტო დავრჩი. ********************* ერთადერთი რასაც თავისით შეუძლია ადამიანმა მიაღწიოს, ჯოჯოხეთია. სხვა დანარჩენში, ან ერთმანეთი გვჭირდება, ან ღმერთი. **************************** რატომ ხდება ასე ყელს გამოგჭრიან და სისხლი თვალებიდან მოგდის. რატომ ამოდიან, ბაბუაწვერები მხოლოდ ერთი სულის შებერვისთვის მიწიდან, რატომ ყეფენ უპატრონო ძაღლები მხოლოდ პატრონის გასაგონ ენაზე, რომელიც არ ჰყავთ. ფეხი თუ გადაგიბრუნდა მთლიანად წაყვები, ვერავინ დაგიჭერს, თუ ვინმეს მოებღაუჭე თან წაიყოლებ, მყარად მკვდრები დგანან, სწონასწორობა დაკარგული მკვდრები. ჩვენ ჯერ კიდევ რაღაც გვაკავშირებს, თუნდაც ის საერთო რომ აღარაფერი დაგვრჩა. შენ გეზარება ფრთების გაშლა, თორემ ვინ იცის, იქნებ გაფრინდე კიდეც. აქ მალე სიმყრალე სიზმრებსაც მიაღწევს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.