შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემს ოთახში არ ანთია სინათლე, მაგრამ ისმის შენი სუნთქვის ხმა.


14-03-2016, 14:31
ავტორი BvBArMy
ნანახია 3 945

ვიცი კარგად ხარ
და
ღმერთმა კარგად გამყოფოს.

შენ იცი,
უცხოპლანეტელი არავინ იბადება,
მერე უუცხოვდებიან პლანეტას,
ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა,
უბრალოდ
არ ვიცი,
რომელი რომელი ვართ.

აქ არ მოხვიდე,
აქ ყველაფერი განადგურდა,
ნუ იქნები ჩემს იმედად,
მე გავანადგურე.

აქ არ მოხვიდე,
აქ სანთლით ეძებენ სიბნელეს,
გაგსვრიან,
შეგჭამენ.

აქ არ მოხვიდე,
აქ ისე ვიწროვდება გზები
ფეხსაცმელებს ახრჩობს.

აქ არ მოხვიდე,
აქ ისე ცოტაა ჰაერი,
რომ
სიყვარულის სათქმელადაც არ გეყოფა.

აქ არ მოხვიდე,
აქ თვალებიდან
მხოლოდ
ცრემლები იყურებიან.

აქ არ მოხვიდე,
აქ სიზმრები ცარიელ ჯიბეებს გვანან,
ჯიბეებს
რომლებიც
ხელებს ბორკილებივით ადევთ.

აქ არ მოხვიდე,
აქ ყველა ქუჩა ხაფანგია
და
ქალაქები ხორცის მაგივრად იმედებს კეპავენ.

აქ არ მოხვიდე,
აქ ადამიანების ამონარიდები დადიან ქუჩებში,
შემხედე რას დავემსგავსე.

აქ არ მოხვიდე,
აქ ქვეყანა ჩალითაა გადახურული.

აქ არ მოხვიდე,
აქ ნარკომანები შეგიყვარდება,
ალკოჰოლიკები შეგივყარდება,
მათხოვრები შეგივყარდება,
ბომჟები შეგიყვარდება
და
შეგაფურთხებს ვინც ვერ გაგიგებს.

აქ არ მოხვიდე,
აქ კაიფში გაიპარები
და
ტკივილით მოგაბრუნებენ,
მოითმენ
და
დაგკარგავენ.

აქ არ მოხვიდე,
აქ შენ არავინ განგიკითხავს,
განგაკითხინებენ.

აქ არ მოხვიდე,
აქ დაგაბრმავებენ,
აქ დაგაყრუებენ,
აქ დაგამუნჯებენ
და
თუ შეგატყვეს სიცოცხლე გინდა,
გიჟად ჩაგთვლიან.

აქ არ მოხვიდე,
აქედან ღმერთი წავიდა.

ჩემს ოთახში არ ანთია სინათლე, მაგრამ ისმის შენი სუნთქვის ხმა.


მე ვწერ მათთვის, ვისთვისაც ქრისტე მოვიდა
და
ვფიქრობ ნიკა ჩერქეზიშვილის სიტყვებზე,
,, მე არ ვიცი, რატომ უნდა ვუყვარდე ღმერთს. “

არ მაინტერესებს რა ხდება, უსახლკაროთა ფანჯრებს მიღმა.

ვუყურებ ჩემი სახლის თეთრად შეღებილ ჭერს,
რომლიდანაც მთელი ბავშვობა წყალი ჟონავდა
და
ისეთი გრძნობა მეუფლება,
თითქოს
ჭრილობას ვხედავდე, სახვევი რომ ზედ შეახორცდა.

ჩემი ტკივილი მშრალი
და
ღრმაა,
როგორც
შორეული პლანეტის კრატერი.

რა იქნებოდა,
დაბადებისას ჩაერბინა ცხოვრებას თვალწინ,
ისევე როგორც სიკვდილის დროს,
ხომ არ ვინანებდი ამდენს.

ალბათ ღრუბლებზე დგას,
მოწყვეტილი ვარსკვლავების სისხლის გუბეები,
როგორც
სახურავიდან გადმომხტარი შეშლილების,
რომლებმაც
ასფალტი ვერ გახვრიტეს.

ამ ქალაქში არ შეიძლება,
ხმამაღლა სიხარული
და
ხმადაბლა წუხილი.

აქ ბედნიერი გაელვებები
ჯოჯოხეთში გამოჩეკილ სამოთხის ფრინველებს გვანან.

ყველაფერი ისევ ისეა,
როგორც ხვალ იქნება,
როგორც ზეგ.

დედაჩემი ისევ გამხმარი მყესებით დადის სამსახურში,
სადაც დივნებს და სავარძლებს კერავს,
მისი დაკრუნჩხული თითები ის ფესვებია,
ხრამის პირას გადახრილი ხესავით
მიწას რომ ბღუჯავს მთელი ძალით
და
ოჯახს იჭერს,
მამაჩემი ისევ წერს დღიურებს,
სადაც იმხელა ტკივილია,
რომ
წაკითხვისას,
შეიძლება თვითონ ატირდეს,
მათ არ უნახავთ ერთმანეთი უკვე წლებია,
წლებია ჩემთვის,
ხოლო მათთვის საუკუნეებს უდრის ალბათ ყოველი წამი,
მაგრამ იქაც არის სმშვიდე,
რადგან
ცალ-ცალკე ყოფნას მუდამ ერთად ითმენენ
და
როცა ვცდილობ მათი სიშორის მანძილი გავზომო
კილომეტრებს ვამრავლებ წლებზე.

მამა მხატვარი უნდა ყოფილიყო
და
დედაჩემი მოცეკვავე,
ცხოვრებაში არ გაუმართლათ,
როგორც უდაბნოში ამოსულ ყვავილებს,
მაგრამ
მათმა სიყვარულმა მოისხა ნაყოფი.


ჩემს ოთახში არ ანთია სინათლე, მაგრამ ისმის შენი სუნთქვის ხმა.



, ჩვენში:-
ვიღაც ისე უპრობლემოა, რომ ეცოდება ქუჩის ძაღლები. “
კ.კაჭარავა

მე დავიბადე მაშინ,
როცა
ჩემი სამშობლო კვდებოდა.

მე დავიბადე ორი ზომით პატარა ქვეყანაში
და
რაც უფრო ვიზრდები,
მით უფრო მიჭერს,
სადაც სულიერი საზრდო იმდენია,
მატერიალურისთვის ადგილი აღარ რჩება,
სადაც საარსებო მინიმუმი სიკვდილისთვის მაქსიმუმია
თუმცა
არავის შეუძლია მშვიდად მოკვდეს
და
მითუმეტეს მშვიდად განისვენოს,
როცა
ცოდვებზე მძიმე ტვირთად
მშიერი შვილების,
ცოლის,
ან
ვინმე ძვირფასის
ღვთის ანაბარად დატოვების წუხილი მიჰყვება,
სადაც საუკეთესო რჩევა რაც შეუძლიათ მოგცენ,
არის ის რომ შეეშვა,
თავი დაანებო,
თუმცა ესეც ფასიანია,
სადაც დამაიმედებლად ჟღერს - აზრი არა აქვს,
სადაც მაინცდამაინც გაჭირვებულებს უჭირთ
და
ვიღაცისთვის სასაცილოა ის,
რაც მართლა სასაცილოა,
მაგრამ
არავის ეცინება,
სადაც უანტენო ტელევიზორივით შიშინებს ხალხი,
მოტყუებული,
დანერვოზებული,
სასოწარკვეთილი
და
პოლიტიკოსები იმის მაგივრად,
რომ
გაასწორონ - რთავენ,
სადაც ყოველი მომდევნო შეშლილი უკანასკნელია,
სადაც ქრისტე ჰორიზონტია კონტურის გარეშე,
ადამიანს
და
ღმერთს შორის,
რომელიც
შეიძლება მიწისქვეშა გადასასვლელში გადიოდეს,
მათხოვრის ცარიელი ხელებიდან
ვინმე
უმუშევარი გამვლელის ჯიბეში ჩარჩენილ ბოლო ხუთთეთრიანამდე
და
არა
მიწიდან ცამდე,
იმ მიწესქვეშაში სადაც მზის ამოსვლაზე მღერიან,
სადაც არ იციან, როგორ გამოხატონ პროტესტი
საპროტესტო აქციების გარდა,
სადაც ყოველთვის ზურგიდან ყვირიან წინ! წინ! წინ!
ისინი
ვისაც არასოდროს მოხვედრიათ გულში ტყვია,
ისინი ვინც არავის გადაფარებულან,
სადაც წინაპრების შესახებ არაფერი იციან,
გარდა იმისა,
რომ
მათი სისხლით
და
ძვლებით არის ეს ქვეყანა გაჟღენთილი
და
უნდა იამაყონ,
სდაც იმდენად თავისუფლები არიან,
რომ
არ იციან რა აკეთონ,
სადაც სასულიერო პირები გატეხილ პირობებს დაემსგავსნენ,
რაღაც
იმდაგვარს
არჩევნების წინ
რომ
იდება,
მოსაგებად გულის,
ან
ფულის,
ადამიანის
ან
ღვთის წინაშე,
სადაც ერთმანეთი ტკივილიდან იბადება
და
არა ტკივილით ახალშობილის მსგავსად,
სადაც ცხოვრება შუქნიშანს გავს,
წარსული - მწვანე,
აწმყო - ყვითელი
და
მომავალი რათქმაუნდა მუდამ - წითელი,
მე იმ ქვეყანაში დავიბადე,
რომელიც
ღვთისმშობლის წილხვედრია,
მაგრამ
დედა აღარ ჰყავს,
რომელიც
საკუთარ შვილებს დაბადების შემდეგ უკეთებს აბორტს,
რომლის მიწაზე დამარხული
სხვა ქვეყნის მიწამ გახრწნა,
სადაც ჩოხოსანი მანეკენები ამშვენებენ
პატრიოტული მაღაზიების ვიტრინებს,
მაგრამ
ჩოხების მაგივრად მანეკენები იყიდება,
საიდანაც თუ რამეს გინდა მიაღწიო უნდა წახვიდე,
ასე ამბობენ,
მაგრამ
ამის მაინც არ მჯერა,
რადგან
ვინც მიდის მხოლოდ იმიტომ ვერ ბრუნდება,
რომ
ვინმეს ტოვებს,
მას ვისაც ცდილბოს,
რომ
სიცოცხლე შეუნარჩუნოს,
ვისთვისაც საკუთარი ცხოვრება გადადო,
რომ
პური ჩვენი არსობისა ლოცვაზე მეტია
და
სიტყვებზე საჭირო,
სადაც მსოფლიო ექსპერიმენტების ნაგავსაყრელია,
სადაც სინამდვილე აფრთხობთ,
სადაც არ შეუძლიათ საკუთარი გამოგონილი სიმშვიდე დაანგრიონ,
სადაც არ ჰყოფნით გამბედაობა,
რომ
იგრძნონ სადაც არიან
და
იგრძნონ რასაც გრძნობენ
და
თქვან რასაც ფიქრობენ
და
გააკეთონ რისიც ეშინიათ,
რომ
ამ ყველაფერს უნდა წერდეს,
კეთილ მომავალზე დაპროგრამებული რობოტი
და
არა ადამიანი,
რომელიც
თვითმკვლელობაზე ფიქრობს.



რაღა გვეშველება,
ან უფრო სწორად გვეშველა უკვე.
ჩვენ ხომ დამპალი პოეტები ვართ,
კიდევ უფრო დამპალ ცხოვრებაში,
ნუ გვიწყენთ,
ნუ გაგვიბრაზდებით.

ჩვენ ფსიქიატრები ვართ,
ფსიქოლოგები ვართ,
ნევროპათოლოგები ვართ
და
ვაფათურებთ ხელებს თქვენს სულში,
ვანგრევთ თქვენს ნერვულ სისტემებს,
ვარყებთ ფსიქიკებს
და
ვკვებავთ ტრაგედიებს.

ჩვენ ისინი ვართ,
ვინც ლაპარაკობენ ღმერთზე
და
თქვენი ძვლებისგან აგებენ ტაძრებს,
სამსხვერპლოებს
სადაც კერპებად დგებიან
და
სისხლის წყურვილი კლავთ.
თქვენც მოიქცეოდით ასე,
რომ
იცოდეთ რა სასიამოვნოა
როცა გეწირება მსხვერპლი,
როცა გული ხელში გიჭირავს
და
თითებს უჭერ გაჩერებამდე.

ჩვენ ისინი ვართ,
ვისაც თქვენი აზრები არ გვაინტერესებს,
გრძნობებისკენ ვიწევთ,
ჰალუცინაციებისკენ ვიწევთ,
ვნებებისკენ ვიწევთ
და
მხოლოდ თქვენს გემოვნებებს
და
ხასიათებს ვემთხვევით
შუბლებზე,
ხელებზე,
ტერფებზე.

ჩვენ თქვენი თვითმკვლელობები ვართ,
თქვენი ვერნათქვამი სიტყვები,
თქვენი ვერგამოღადრული მაჯები,
თქვენი ვერგადადგმული ნაბიჯები,
თქვენი ვერდაძლეული შიშები,
თქვენი მიუტევებელი ცოდვები,
თქვენი ამოუღებელი ხმა.

ჩვენ წყალში დამხრჩვალი თევზები ვართ,
ტყეში მოჭრილი ხეები,
ასფალტზე ამოსული ყვავილები.

ჩვენ არ ვართ მართლები,
მართლები ნაგავსაყრელებზე ყრიან
და
ცოფიანი ძაღლები ულოკავენ წყლულებს.
ჩვენ ცამდე ყალბები ვართ
და
ვამბობთ იმას რასაც ვაკეთებთ
და
არ ვაკეთებთ იმას რასაც ვამბობთ.

ჩვენ არ შეგვიძლია არ ვჩანდეთ,
გვტკიოდეს და ვიყოთ ჩუმად,
ვტიროდეთ და ცრემლს არ ვღვრიდეთ,
გვეწერებოდეს და არ ვწერდეთ,
ვახველებდეთ და არ ვაფურთხებდეთ,
ვკვდებოდეთ და მოვკვდეთ,
საგიჟეთებში ვიბრალებდეთ გიჟობას.

ჩვენ ნარკოტიკები ვართ
და
საკუთარ თავებს ვასაღებთ.

ამბოხებები ვართ,
თავისუფლებები,
ანარქიები,
კავზე გამობმული ჭიები ვართ.

ეს არ არის აღსარება,
რადგან
არაფერს ვნანობ.

ჩვენ ისინი ვართ,
ვისაც
გვინდა,
რომ
არაღიარებით გვაღიარონ.

ჩვენ ხომ დამპალი პოეტები ვართ.

ჩემს ოთახში არ ანთია სინათლე, მაგრამ ისმის შენი სუნთქვის ხმა.


საკმარისია გაჩუმდე
და
ყველას ავიწყდები.

ადამიანები
ყოველთვის ახსენებენ ერთმანეთს თავს.

ზოგი
უბრალოდ
დგება
და
მიდის,
ზოგი ბრუნდება,
შენ
კი
თავს იკლავ.

მინდა
მაჯები გადავიხსნა,
სისხლმდინარე ხელები ჯიბეებში ჩავიწყო
და
არეული ნაბიჯით გავუყვე გზას.

მხოლოდ
ისინი შემამჩნევენ,
მხოლოდ
იმათ შეუწუხდებათ გული,
ვინც
ასე
ვერასდროს მოიქცევა,
ვის
მშვიდ
და
უსაფრთხო ატმოსფეროსაც
მეტეორივით ჩავუვლი გვერდით,
ვინც
გიგანტური პლანეტები არიან,
მაგრამ
ვერასდროს წყდებიან ორბიტას,
ჩემს შარვალზე
კი
სისხლზე მეტი,
თავისუფლების ლაქა დარჩება.

და
ის
ვისაც სიჩუმის ესმის,
ღმერთს ამოაღებინებს ხმას.

ჩემს ოთახში არ ანთია სინათლე, მაგრამ ისმის შენი სუნთქვის ხმა.


მე ვწერდი
და
მაგიდაზე იდო,
კაჭარავას ლექსების წიგნი,
ნახევრად შეჭმული პური,
ცარიელი თეფში,
ჩანგალი
და
ცხვირსაცოხი,
კიდევ რომელიღაც ბოთლის თავსახური,
არ მხასოვს, ოთახის რომელ კუთხეში ჩავცალე.

შენ ვერ წარმოიდგენ,
რა ლამაზია,
შინდისფერ მაგიდაზე დაყრილი პურის ნამცეცები.
ვარსკვლავებს გვანან.
ისინი ნამდვილად ვარსკვლავებს გავდნენ
და
მე არ მინდოდა,
ერთი ხელის მოსმით გადამეწმინდა,
ხელი კი არა,
სულის შებერვა ჰყოფნის ასეთ სიფაქიზეს,
ბაბუაწვერების მსგავსად,
იმდენად უბრალოა,
შეუძლებელია მოუფრთხილდე,
ჩემს თავს მაგონებს.

ისევ ამერია დრო.

რას ვაკეთებ, ამ მილიონიან ქალაქში.
მე ამ ქუჩების თვითმფრინავი ვარ.

ჩემი ხელები არ გვანან საათის ისრებს,
თორემ დიდი ხნის წინ გაჩერდებოდნენ.

ისევ ვეკითხები საკუთარ თავს,
რას ვაკეთებ ამ მილიონიან ქალაქში?
მე არ ვარ ის პოეტი,
ლექსებს რომ მილიონიანი ტირაჟით ბეჭდავს.

ის ხალხი მიყვარს,
განდეგილი ხორცით კი არა,
განდეგილი სულით კი არა,
განდეგილი ძვლებით კი არა,
განდეგილი სისხლით კი არა,
განდეგილი ხმით რომ ცხოვრობენ,
ადამიანებს რომ არ ესმით,
რადგან ეს ხმა
ღმერთს წვდება მხოლოდ.

ის ხალხი მიყვარს,
ვინც ამ ცხოვრებას მარტო ზურგი კი არ აქცია,
იმ მხარეს გაჰყვა, საითკენაც იბრუნა პირი.

მე თავგანწირვა გადამარჩენს,
ვუმეორებ საკუთარ თავს.

არ ვიცი როგორ გამოდის,
სიყვარული სიმარტოვისგან,
ადამიანებს წვდება,
მაგრამ
მაინც მარტო ვარ.

გუშინაც მარტო ვიყავი,
მაგრამ შენთან ერთად ვსეირნობდი,
გავსებდა ჩემი სიცარიელე,
მე უშენობა მიხდება, მართლა მიხდება,
ვფიქრობ ამაზე
და
სულში მიწყდება რაღაც.

ეს გულიც ისეთნაირად ტყდება,
არ მიგაგნებინებს ბზარს.

ციურ სხეულებზე მძიმეა,
ჩემი სხეულის ყველაზე პატარა ნაგლეჯიც,
ზოგჯერ მინდება საკუთარი ხორცი შევჭამო.

გამოსული ამინდებია,
სადღაც მაინც დატოვებდა კვალს,
არაფერია საფიქრალი,
ვახელ
და
ვხუჭავ,
ვახელ
და
ვხუჭავ,
ვახელ
და
ვხუჭავ თვალებს,
დედაჩემი გადამწვარია მუშაობით,
ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ ოცნებებს,
როცა ის ხელფასს ელოდება
და
მე ვეკითხები: - საჭმელი რა გვაქვს?

ხომ შეიძლება ჰორიზონტიც გაწყდეს ნერვივით,
რატომ არ შემიძლია სიმღერა,
მე არ ვარ კარგად,
მაგრამ
ცუდად ვარ,
ერთხელ ცას მკერდით მივეყრდნობი
და
ვარსკვალვებს პურის ნამცეცებივით ავიკრავ.

აბსოლუტურად მოწმენდილ ცაზე
ღმერთი
ყველაზე ნაკლებად ჩანს.

ვუყურებ
და
კარგად ყოფნის მეშინია.

ჩემს ოთახში არ ანთია სინათლე, მაგრამ ისმის შენი სუნთქვის ხმა.


რომ
მიდიხარ
და
ფეხს ითრევ,
აი
ისე ვახელ
ყოველ დილით თვალებს,
როგორ მინდა პირიქით იყოს,
როგორ მინდა.

შემთხვევითობა მარწმუნებს,
ამ ცხოვრების ფატალურობაში.

წვრილმანებამდე ერთფეროვნდება,
ამ ქალაქის ყოველდღიური ბალაგანი
და
თვითონ ხდები იმ სამყაროს ჩარჩო,
რომლიდანაც გინდა გაიქცე.

მე ველოდები მზის ამოსვლას,
რომელიც
ისე იგვიანებს,
როგორც
ჩემი ფანჯრის წინ მდგარი ჭერმის აყვავილება
და
მეშინია,
რომ
მასში სინათლეზე მეტი,
ძილგატეხილი
და
დაღლილი ადამიანების მზერა იქნება,
რომელიც
არ ეკუთვნის ჰორიზონტის იმ მხარეს,
რომლეშიც ვდგავარ.

ვფიქრობ რკინიგზის გადასასვლელ ხიდზე,
ჭიქანახევარი არყით
და
ღერი სიგარეტით ხელში ჩაძინებულ დარაჯზე,
რომელსაც
სამსახურიდან დაითხოვენ,
მე რომ აქედან გადავხტე
და
ტვინი რელსებზე დავანთხიო,
თან ჰაერში იმის მაგივრად,
რომ
მთელმა ცხორებამ ჩამირბინოს თვალწინ,
უნდა ვნატრობდე ვერ გადავრჩე,
რადგან
არც ის ხუთასი ლარი მაქვს,
თვითმკვლელობის მცდელობის
ჯარიმას
რომ
ითვალისწინებს.

აქ უკვე ტკივილიც ისე გაერთფეროვნდა,
ზოგჯერ საერთოდ არ ვიცი, რისთვის ვითმენ.

ჯერ არცერთ ჩემს ამოსუნთქვას
არ ჰქონია ჩიტის აფრენის ხმა,
მე არ ვამსგავსებ,
ჩიტის აფრენა ხომ თვითონ ჰგავს შვებას,
არც ისე მომხდარა,
ერთ წამში ჩანასუნთქს
წლები დასჭირვებოდა ამოსასუნთქად,
მაგრამ პირიქით იოლია,
ისე რა უნდა,
არც ეს ჰაერი ყოფილა ჰაერზე სასიცოცხლო,
ეს ამხელა ცაც მხოლოდ ონებებში დავხარჯეთ
და
ვერ გავფრინდით.

მე ვწერ ვერცხლისფერ მთვარეზე,
რომლესაც არ ვაცდი დამწიფებას,
ვითვლი თვალებს,
რომლეთაც არ ახსოვთ,
ვარსკვლავები როდის დათვალეს
და
ცის მაგივრად,
სინათლის სხივით დაფშვნილ
მტვრის ნამცეცებში ვხაზავ თანავარსკვლავედს.

ყველაფერს,
რაც არ გვავიწყდება ვეჩვევით
და
მე არ ვიცი,
რით ვერ მივეჩვიე,
ან
რატომ არ მავიწყდება,
მიწისქვეშა გადასასვლელში
მათხოვრის ფეხებთან
ქვაფენილზე დაწეპებულ რკინის ორლარიანი,
მას ჩამოფარებული აქვს სახეზე ჩადრი,
როგორც
ჩემს სიზმრებს
არასოდეს უხილავთ მზის სინათლე,
მაგრამ
მაინც ფერადები არიან.

ვუყურებ,
თუ
როგორ თავისით იკლებს მანძილი,
სწრაფი სესხის აპარატიდან ფსიქოტროპულ აფთიაქამდე
და
ვიხსენებ ავადმყოფი მეგობრის ფანჯარას,
რომლის
რაფიდან არ იყურება
ახლად მორწყული ქოთნის ყვავილი,
რომლის რაფაზეც
გადმოკიდებულია ძირგავარდნილი ბათინკები.

მე აღარ ვამბობ,
რომ
ვკვდები,
რადგან
ამ სიტყვას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი,
როდესაც
იცი რამდენი დაგრჩა.

* * *

წვიმდა
და
ისე გადაიღო,
თითქოს
პატარა გოგონამ,
მამამისს მოწმინდა ცრემლები

ჩემს ოთახში არ ანთია სინათლე, მაგრამ ისმის შენი სუნთქვის ხმა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent