შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"შურისძიების მომწამვლელი სასმისი"


31-03-2019, 17:12
ავტორი Nikka99
ნანახია 1 829

შურისძიების მომწამვლელი სასმისი
პიესის ავტორი: ნიკოლოზ ნატმელაძე
მთავარი მოქმედი პირნი: - ზურა ცხოვრებაძე, 23 წლის. - ლიკა, ზურას გარდაცვლილი საცოლე. - დათო, ზურას ძმა. - ნათია, დათოს ცოლი. - ნათიას დედა, ქალბატონი ნონა. - შოთა, ზურას მეგობარი. - შოთას მამა, არჩილი. - ქეთი, ზურას ახალი შეყვარებული.


პოკერის თამაში
სურათი 1
პოკერის მაგიდასთან ხუთი მოთამაშე, ხოლო ერთი დასტის დამრიგებელი ზის. ზურა და შოთა ერთმანეთის პირისპირ სხედან. რამდენიმე წამით უჩუმრად, ალმაცერად უმზერენ ერთმანეთს.
შოთა (ნახევრად ხუმრობით): ჰა, ახლა, რა დაძაბულობაა, ცოტა მოეშვით.
ზურას გაეღიმება, სხვები კი კვლავ დაძაბული სახეებით იყურებიან. ყველა „დაწვება“, ზურასა და ერთ-ერთი მოთამაშის გარდა. ზურას მოწინააღმდეგე მთელ ფულს ჩამოვა.
ზურა (სახეაჭარხლებული, ცოტა აფორიაქებული ხმით): კარგი, რაკი ასეა, მეც გამოგყვები, - იტყვის, და აკანკალებული ხელით ისიც ყველა „ფიშკას“ წინ გასწევს.
ზურას მეტოქე (სარკაზმულად): „ფულჰაუსი“, ჩემი ბიჭი, აბა, დაყაჭე „ფიშკები“ !
ზურა უხერხულად მოიფხანს თავს, რამდენიმე წამით შეყოვნდება და შემდეგ გახარებული აგდებს კარტებს.
ზურა: ოთხი დამა ! - უეცრად დასერიოზულდება და ირონიანარევი ხმით, ჩუმად განაგრძობს, - რას ვიზამთ, დღეს არ გაგიმართლათ, ბიჭებო, - სიხარულისგან აღელვებული, „ფიშკებს“ ელვისუსწრაფესად მობოჭავს, პატარა ტომარაში ჩაყრის და წამოდგება, შოთას კი ანიშნებს, წამომყევიო.
როდესაც გასასვლელს მიუახლოვდებიან, დამარცხებული მოთამაშე განრისხებული ხმით დაიყვირებს: სად მიდიხართ, თქვენ გგონიათ, ასე მარტივად გაგატანთ ამხელა ფულს ?! - ერთ-ერთი მოთამაშეთაგანი სტვენას დაიწყებს და კიდევ ორი კაცი შემოვარდება სცენაზე. ზურას და შოთას მაგრად სცემენ, მათ განწირულ ყვირილს კი ვერავინ გაიგონებს, მოძალადეების გარდა.


წლისთავის დღე
სურათი 2
მოქმედება ხდება ზურას ძმის დათოს სახლში. დათო ახალგაღვიძებული, ხალათისამარა დგება საწოლიდან და სამზარეულოსკენ გადის, სადაც თავისი ცოლი, ნათია, მაგიდასთან ზის და ყავას სვამს.
დათო(შეწუხებული ხმით): ნათია, სად არის ჩემი შარვალი ? სულ ჩემს ტანსაცმელს როგორ უნდა ვეძებდე ?!
ნათია(ყავა კინაღამ გადასცდება და შეცბუნებული ახედავს): იცი... დღეს დილით ვიფიქრე, გამერეცხა... კი მაგრამ, დღეს ხომ კვირაა, სად მიდიხარ ?
დათო(გულმოსული): არსად, მაგრამ უეცრად რომ მომიწიოს გარეთ გასვლა, უშარვლოდ ხომ არ ვივლი, არა ?
ამ დროს კარებზე ზარის ხმა ისმის.
ნათია(გაკვირვებული): ვინ უნდა იყოს ამ დილაუთენია ?
დათო აღებს კარს და ზურა შემოდის, ცოტა დაბნეულია. ზურას შავი სათვალე უკეთია, რათა ჩალურჯებული თვალი დაფაროს.
დათო(ცოტა გაბრაზებით): სად დახეტიალობ მთელი ღამე, ბიჭო, შენ, ა ? - ზურა თავს დახრის და ხმას არ იღებს, - იცი, როგორ გელოდებოდით ?! შენი უფროსი ძმა ვარ, ბოლოს და ბოლოს, და ვღელავ შენზე, ისევ რამე შარში ხომ არ გაეხვიე ?
ზურა(ნათიას გვერდით ჩამოჯდება და უეცრად დათოს გახედავს): ნუ დაიწყებ ხოლმე რა შენებურად, შოთასთან ვიყავი.
დათო: რაღაც მოუხშირე შოთასთან სიარულს, როდის დამეგობრდით ასე ძალიან, ორი თვეც არაა, რაც იცნობ.
ზურა: ნუ, ასე ვთქვათ, საერთო ინტერესები აღმოგვაჩნდა.
დათო(ალმაცერად გახედავს): მაინც რა ინტერესები, ხომ არ დააკონკრეტებდი ?
ზურა: აი, მაგალითად, ორივეს გვიყვარს: ლიტერატურა, ფეხბურთი, მაგიდის თამაშები და ასე შემდეგ, ნუღარ ჩამომათვლევინებ, რა, ძალიან გთხოვ...
დათო(გამომცდელად): კარგი და, შენ ის მითხარი, საიდან გაიცანი ეგ ბიჭი ?
ზურა(ფეხზე ადგება): მერამდენედ უნდა გითხრა, წიგნების გამოფენაზე შევხვდით ერთმანეთს, მან თავისი წიგნი მათხოვა და ასე დავახლოვდით.
ამ დროს ნათიას დააცემინებს
დათო(შეშფოთებით): რა გჭირს, ისევ გაცივდი ?
ნათია: ალბათ, გუშინ წვიმაში მოვყევი და...
რამდენიმე წამით სიჩუმეა.
დათო(ზურას): ზურა, მოდი, დაგვეწვიე, ერთად ვისაუზმოთ.
ზურა: გმადლობ, არ მშია, ბატონო.
დათო: ასე სულ გახდები, ისედაც ჩხირს გავხარ.
ზურა: ნაჭამი ვარ უკვე, - პაუზა - დათო, დღეს რა რიცხვია ?
დათო(თავს დახრის და უხერხულად უპასუხებს): ჩვიდმეტი ნოემბერია...
ზურა(ემოციურად): უკვე ერთი წელი გავიდა, იმ ავადსახსენებელი დღის შემდეგ ?! ახლავე უნდა წავიდე ლიკას საფლავზე, ღმერთო ჩემო, რა სულელი ვარ, შენ რომ არ შეგეხსენებინა, შეიძლება, საერთოდ დამვიწყებოდა.
დათო(გაკვირვებული): ჯერ რვა საათიც არაა, სად გეჩქარება, თანაც, ლიკას მშობლებიც ხომ უნდა ნახო.
ზურა: მართალი ხარ, უცბად ავღელვდი, ხომ გესმის ჩემი, არა ?
დათო: რა თქმა უნდა, ბუნებრივია... ისე, გესიზმრება ხოლმე ?
ზურა: სხვათაშორის, არა, მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა და ის სიზმარიც ბუნდოვნად მახსოვს, თუმცა მისი სახე ყოველ წუთას თვალწინ მიდგას. საშინლად მენატრება, მის სათუთ და ნატიფ სახესა და ხმას რომ ვიხსენებ, თითქოს მთელ სხეულში ელექტროძაბვა დამივლის ხოლმე და სხეულთან ერთად სულიც მტკივა. ზოგჯერ ძალიან უმწეო მგონია ჩემი თავი, სასოწარკვეთილების ჭაობში ღრმად ვარ ჩაფლული.
დათო(დამაჯერებლად): კარგია, თავად რომ ხვდები ამ ყველაფერს, როდემდე უნდა იგლოვო, ჯერ მხოლოდ ოცდასამი წლის ხარ, შენ კი სულ გადაყევი ამ სმას...
ამ დროს ზურა თავისდაუნებურად სათვალეს მოიხსნის და დათო შეამჩნევს, რომ თვალი ჩალურჯებული აქვს.
დათო: ეს რა არის, ბიჭო ? შოთასთან იყავი, არა, თვალი ვინ ჩაგილურჯა, ოღონდ არ მითხრა ახლა, წავიქეციო.
ზურა დაიბნევა, სათვალეს გაიკეთებს და თავს ჩახრის.
ზურა(გულდაწყვეტით): კარგი, სიმართლეს გეტყვი, გუშინ პოკერი ვითამაშეთ მე და შოთამ, დიდი ფული მოვიგეთ და გამოსვლისას გვცემეს, ფული კი წაგვართვეს.
დათო(ბრაზმორეული): ესე იგი, ჭკუა მაინც ვერ ისწავლე, იმედია, ახლა მაინც აღარ გაეკარები მასეთ ადგილებს.
ნათია(ირონიულად): კარგი ერთი, როდის იყო ადამიანს ცემით ჭკუა ესწავლოს, აგერ ნახავ, თუ დაგიჯეროს.
დათო: არ დამიჯერებს და კარგ ჩიტსაც დაიჭერს.
ზურა: როდემდე უნდა გააგრძელოთ ახლა ასე, წავალ, დავიძინებ, თორემ ხომ ვიცი, თქვენი გადამკიდე, შიზოფრენია დამემართება, - სწრაფი ნაბიჯით გავა და კარს მიიჯახუნებს.
დათო: შენ თავად დამართავ შენ თავს შიზოფრენიას, ასე თუ გააგრძელებ, - მიაძახებს.
დათო ნათიას გვერდით ჩამოჯდება
ნათია(სინანულით აღსავსე): ეჰ, არადა, რა კარგი ბიჭი იყო, ამ ტრაგედიამ ბოლო მოუღო, - იტყვის და ხელს ჩაიქნევს.
დათო(მონატრებით): ნათია, გახსოვს, რა კარგ დროს ვატარებდით ერთად მე, შენ, ჩემი ძმა და ლიკა. - ღიმილნარევი სახით: ერთხელ დომინოს თამაში რომ გადავწყვიტეთ ოთხივემ და ლიკამ არ იცოდა წესები, მაგრამ შერცხვა და ვერ გაამხილა. მართლაც, ძალიან საყვარელი გოგო იყო. - გულდაწყვეტით, თავჩახრილი: არ დასცალდა, უბედურს, ამ ქვეყნად ყოფნა.
ნათია: კარგი, თუ ღმერთი გწამს, აღარ გვინდა შეყოლა, თორემ ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი, ისევ ავტირდები და ვერარსად წავალ.
დათო(გაკვირვებით): მოიცა, მოიცა, სად აპირებ წასვლას, ქალბატონო.
ნათია(მორიდებით): დათო, გოგოები ფალიაშვილზე ვაპირებთ შეკრებას, ჯერ კიდევ გუშინწინ შევთანხმდით. ხომ არ გამიბრაზდები, ცოტა ხნით რომ დაგტოვო ?
დათო(სიცილით): გათვლილი გქონდა, არა ? მე უშარვლოდ დამტოვე, ბატონო, და შენ მაინც გადი და მოიოხე გული.
ნათია გახარებული ჩაეხუტება და კულისებისკენ გაიქცევა. დათო რამდენიმე წამით დაყოვნდება, შემდეგ კი მაგიდაზე დადებულ მობილურს დახედავს.
დათო: თქვენი გადამკიდე, კინაღამ დამავიწყდა, სამსახურში მნიშვნელოვანი საბუთები რომ მაქვს გასაგზავნი. ისიც უმალ ადგება და სცენას დატოვებს.


სიზმარი
სურათი 3
სცენაზე საწოლი დევს, ხელოვნური ბოლია გაშვებული (მეტი მისტიკურიბისთვის), ზურას ესიზმრება თავისი გარდაცვლილი შეყვარებული, ლიკა. პარალელურად რამე მაგიური და სასიამოვნო მელოდია ისმის ძალიან დაბალ ხმაზე. ზურა საწოლზე წევს, ნელ-ნელა დგება და ხედავს, რომ მის წინ ლიკა დგას და გრძელი, თეთრი კაბა აცვია. რამდენიმე წამით გაოგნებული შესცქერის, დატყვევებულია მისი სილამაზით და ბაგეზე სიტყვები ეყინება, როგორც - სახლის სახურავს ლოლოები. თავი ცხადში ჰგონია.
ზურა(გაოგნებული): ლიკა, ნუთუ, ეს შენ ხარ ? სიზმარში ვარ ?
ლიკა: კი, მე ვარ, ზურა, და არ ცდები, ნამდვილად სიზმარში ხარ.
ზურა შეეცდება მას ხელით სახეზე შეეხოს, მაგრამ ვერ შეძლებს და დამბლადაცემულივით აუთრთოლდება მკლავები.
ზურა(შეშფოთებით): კი მაგრამ, რატომ ვერ გეხები ? ძალიან მენატრები, ლიკა, უშენოდ ჩემი ცხოვრება აღარაფრით განსხვავდება სასოწარკვეთილი ლოთი ადამიანისგან, საკუთარი თავი დავკარგე და აღარც კი ვიცი ვინ ვარ და რას წარმოვადგენ. - ეტყვის და ხმა ჩაუწყდება, საწოლზე ჩამოჯდება, - არადა, რამდენი გეგმა გვქონდა ერთად, გახსოვს ?
ლიკა ზურას რამდენიმე ნაბიჯით მოშორდება და თავისთან მოუხმობს.
ლიკა: ზურა, მე ყველაფერს ვხედავ, ნუღარ ადანაშაულებ საკუთარ თავს ჩემს გარდაცვალებაში, შენ არაფერ შუაში ხარ.
ზურა(წამოდგება და ლიკას ფეხქვეშ მუხლებზე დადგება): როგორ თუ არაფერ შუაში ვარ, იმ დაწყევლილ ღამეს შენთან ერთად რომ ვყოფილიყავი...
ლიკა შეაწყვეტინებს
ლიკა(მთრთოლვარე ხმით): რა, რას იზამდი ? შენ ვერაფერს შეცვლიდი, ის მანქანა მაინც დამეჯახებოდა.
ლიკა ზურგს შეაქცევს, ზურა წამოდგება და უხერხული სიჩუმე ჩამოწვება რამდენიმე წამით.
ზურა(ანერვიულებული): მე, მე გადაგეფარებოდი და შენ გამო თავს გავწირავდი.
ლიკა(ცრემლებს ძლივს იკავებს): გეყოფა, საკმარისია, აღარ მინდა ამის მოსმენა, მე უკვე წარსულს ჩავბარდი და ახლა დროა, მომავალზე იფიქრო. მადლობას გიხდი თითოუელი ბედნიერებით გაჟღენთილი წუთისთვის, რომელიც შენთან ერთად გავატარე, მაგრამ დროა, რეალობას თვალი გაუსწორო და ცხოვრება თავაწეულმა გააგრძელო, შეწყვიტო სმა და პოკერის თამაში, ეს კარგს არაფერს მოგიტანს.
ზურა(გაოგნებული): შენ რა, ყველაფერი იცი ?
ლიკა(ჩაეცინება): აკი, უკვე გითხარი, მე ყველაფერს ვხედავ-თქო. იცოდე, განსაკუთრებით შენს ახალშეძენილ მეგობარს უფრთხილდი...
ზურა: ვის, შოთას ? ის ძალიან კარგი ბიჭია, ლიკა.
ლიკა: მე გამიფრთხილებიხარ, შეეშვი მას და ახალი სიყვარულის ძებნა დაიწყე, ისევ ძველი ზურა გახდი, რომელიც თავდავიწყებით მიყვარდა. ის ზურა მზრუნველი, თბილი, მშრომელი, კეთილი და პატიოსანი იყო. ახლა კი რას დაემსგავსე, სულ სხვა ადამიანი გახდი.
ზურა(გულდაწყვეტით): თავადაც კარგად ვხვდები ამ ყველაფერს, მაგრამ, საუბედუროდ, ძალა არ შემწევს, ისევ ასეთი გავხდე.
ლიკა(დამაჯერებლად): როგორ არა, ძალიან კარგადაც შეგიძლია, უბრალოდ, უნდა მოინდომო და ყველაფერი დალაგდება. გოგო წითელი კაბით, ის იქნება შენი ბედი. ახლა კი, ჩემი წასვლის დროა, მშვიდობით, ზურა...
ლიკა ნელ-ნელა გადის სცენიდან, ზურა კი გახევებული დგას და უმეტყველოდ შესცქერის.



მოულოდნელი ახალი სიყვარული
სურათი 4
კვლავ სამზარეულოს სცენა, დათო ზის და რაღაცას წერს, ამ დროს ზურა გამოდის და დახედავს. ზურას ჩვეულებრივი, თეთრი მაისური აცვია და თმები აჩეჩილი აქვს.
ზურა: რას წერ ?
დათო ხელს დააფარებს და ახედავს.
ზურა: ასეთი რა არის, მე რომ მიმალავ ?
დათო(ყოყმანის შემდეგ): კარგი, გეტყვი, მაგრამ შემპირდი, რომ არ დამცინებ.
ზურა: რატომ უნდა დაგცინო, მიდი, მაჩვენე.
დათო: დღეს ნათიას დაბადების დღეა და მისალოც ბარათს ვწერ.
ზურა: ნათიას დაბადების დღე ? სულ დამავიწყდა, რამდენი წლის გახდა ?
დათო: ეგ როგორ დაგავიწყდა, ზუსტად სამი წლის წინ იყო ჩემი და ნათიას ქორწილი, მაშინ ოცდაოთხის გახდა.
ზურა: ოოო, რა იყო, როგორ იცი ხოლმე გამოკიდება, რა მოხდა მერე, გადამავიწყდა უცბად. ესე იგი, გამოდის, ოცდაშვიდი წლის ხდება დღეს.
დათო: დიახ, ბატონო.
ზურა: მერე, ამ ბარათს სჯერდები ? რა უნდა აჩუქო ?
დათო(შეწუხებული): არ ვიცი, მოვიფიქრე რამეს.
ზურა: იქნებ სუნამო აჩუქო ?
დათო: არა-ა, ძალიან ბანალურია. რამე უფრო ორიგინალური მინდა, გესმის, წინა წელსაც სუნამო ვაჩუქე.
ზურა: ორიგინალური, ორიგინალური... - ზევით აიხედება და თითებს გაატკაცუნებს, - გუშინ არ ამბობდა, მობილური მომიძველდაო. ახალი მობილური რომ უყიდო ?
დათო(ხუმრობით): ეგრე ეგ ყველაფერზე „მოძველდას“ ამბობს, გამოდის, ახალი დედამიწა უნდა ვუყიდო, - უეცრად დასერიოზულდება, - არა, ისე, კარგი აზრია.
ზურა(ინტერესით): სად აპირებთ გადახდას ? - ეტყვის და ისიც სკამზე ჩამოჯდება.
დათო: ნათიამ თვითონ გადაწყვიტა, ვიწრო წრეში გადაიხადოს, თავის დაქალებს დაურეკა და დაპატიჟა. დედამისიც მოდის, მგონი, ქალბატონი ნონა. შენ რას აპირებ, ისევ გვიან მოხვალ სახლში ?
ზურა: არა, არა, დღეს მალე დავბრუნდები, ან სულაც დავრჩები, საქმე მაინც არაფერი მაქვს...
დათო(ნიშნის მოგებით): დარჩი, დარჩი და კარგად დაფიქრდი საკუთარ მომავალზე.
ზურა(დარცხვენილად): ვიცი, ძალიან შეგაწუხეთ შენ და ნათია, ლიკას გარდაცვალების შემდეგ მართლაც შევიცვალე. უხასიათო და უხეში გავხდი, მაგრამ, მენდე, გამოვსწორდები, - ხელს მხარზე დაადებს დათოს და თვალებში ჩახედავს, - შენ ხომ გჯერა ჩემი ?
დათო(დარწმუნებით): რა თქმა უნდა, მჯერა, ძმაო.
ზურა(გახარებული): სხვათაშორის, სულ მალე დასრულდება ჩემი სახლის რემონტი, გადავალ და თქვენ აღარ შეგაწუხებთ. სამი თვეა თქვენთან ვარ და ცოტა არ იყოს, მეუხერხულება.
დათო: რა სისულელეა, საერთოდ არ ვწუხდებით.
ცოტა ხანი პაუზაა, შემდეგ ზურა წამოდგება და ნერვულად დაიწყებს წინ და უკან სიარულს.
დათო(შეწუხებული): თავბრუ დამეხვა უკვე, აღარ გაჩერდები ?
უეცრად ზურა ერთ ადგილზე შედგება და გაშტერებული უყურებს დათოს.
ზურა(ხმადაბლა იწყებს): იცი, ერთი კვირის წინ ლიკა დამესიზმრა, ულამაზესი თეთრი კაბა ეცვა.
დათო(სულსწრაფულად): მერე, რა გითხრა ?
ზურა(ახლა უკვე ხმამაღლა): ზუსტად იგივე, რასაც თქვენ მეუბნებით, ძალიან შეიცვალეო, საკუთარ თავს მიხედეო და შოთას შეეშვიო.
ამ დროს ნათია გამოდის ბედნიერი სახით.
ნათია(ძალიან გახარებული უყურებს დათოს): საყვარელო, შენთვის, ასე ვთქვათ, დიდი სიურპრიზი მაქვს.
დათო(ხუმრობით): ხომ არ გავიწყდება, რომ შენი დაბადების დღეა და არა ჩემი ?!
ზურა: გილოცავ, საყვარელო რძალო, სულ ჯანმრთელი და ბედნიერი მენახე.
ნათია: მადლობა, ზურა. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ორსულად ვარ.
დათო(სიხარულისგან გაოგნებული წამოხტება სკამიდან): რაო, მომესმა თუ მართლა თქვი ეს სიტყვები ?
ნათია: დღეს ორსულობის ტესტი ჩავიტარე და დადებითი პასუხია, - ეტყვის და გახარებული ჩაეხუტება დათოს.
დათო: ჩემო ძვირფასო, ვერც კი წარმოიდგენ, როგორ გამახარე, - აღტყინებული ხელში აიტაცებს ნათიას.
ზურა: ეს კი სულ სხვა საქმეა, ნამდვილად მოსალოცი ამბავია, სამი წლის შემდეგ, როგორც იქნა, შვილი გეყოლებათ, პატარა დათო ან პატარა ნათია, მე კი ძმისშვილი შემეძინება, ვინ იცის, იქნებ, საერთოდ, მე დამემსგავსოს, - იტყვის და ჩაიცინებს.
ნათია(დათოს): მე არ მინდა, მშობიარობამდე მისი სქესი ვიცოდე, ინკოგნიტოდ დავტოვოთ, რას იტყვი ?
დათო: რა ვიცი, ძალიან სულსწრაფი ვარ, მაგრამ თუ მთელი გულით გინდა, ასე იყოს.
ზურა(ნახევრად ირონიით): ღმერთო ჩემო, აი, ნამდვილი სიყვარულიც ამას ჰქვია, ზეციური, ორი მონათესავე სული ერთმანეთს შეხვდა და ჰარმონიული კავშირიც შედგა.
ნათია(წყენა ნარევი ხმით): შენი დაცინვაღა მაკლდა.
ზურა: კარგი, რა იყო, გეხუმრებით, მეც უზომოდ მიხარია თქვენი ამბავი.
დათო: ეჭვიც არ მეპარება.
ზურა: ესე იგი, გამოდის, რომ დრეს ორმაგი მიზეზი გვაქვს მოსალხენად და დროის სატარებლად. როდის მოვლენ სტუმრები ?
ნათია: აი, წუთი-წუთზე ველოდები, სადაცაა, მოვლენ უკვე.
ზურა: კარგი, ბატონო. რავი ასეა, წავალ, პერანგს მაინც მოვიცვამ, უხერხულია სტუმრებტან, არა ? - ზურა სცენიდან გადის.
ნათია(ხუმრობით): მიდი, მიდი, აბა, შენ იცი. - მიაძახებს.
დათო(ინტერესით): საყვარელო, დედაშენიც მოდის ?
ნათია: კი, მაგრამ ასე მითხრა, შეიძლება ცოტა დამაგვიანდესო.
დათო: მოდი, შევთანხმდეთ, მე ვეტყვი, ორსულად რომ ხარ, კარგი ?
ნათია(ცოტა გაკვირვებით): მე წინააღმდეგი არ ვარ, შენ თუ ასე გსურს.
კარზე ზარის ხმა გაისმება.
ნათია(გახარებული): როგორი პუნქტუალურები არიან, ზუსტად თორმეტზე მოვიდნენ, წავალ, გავაღებ, - აღებს კარებს და შემოდის ორი ახლაგაზრდა ქალბატონი, შეიძლება ითქვას, გოგო.
ტორტით ხელდამშვენებულნი შემოვლენ და უმღერიან: „რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ნათიას დაბადების დღეაა.“
ნათია(გაბედნიერებული): დიდი მადლობა, გოგოებო, ძალიან მიყვარხართ. - ეტყვის და ჩაეხუტება მათ.
ქეთი: გილოცავ, წარმატებულ და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებ, სულ მალე ბევრი ბავშვის ჟრიამული გვენახოს ამ ოჯახში.
დათო(ვერ მოითმინა და ნათიას სიტყვა გააწყვეტინა): ოოო, აი, ეგ კი ცხრა თვეში ასრულდება.
ქეთი(გაკვირვებით): რაო, ორსულად ხარ ? - გახედავს ნათიას.
ნათია: კი, ასეა.
დიდი მხიარულება და მილოცვები ატყდება, ამ დროს კი ზურა შემოდის, რომელსაც მწვანე პერანგი აცვია და თმები საგულდაგულოდ აქვს დავარცხნილი.
ზურა(თავდაჯერებულად და ოდნავ ოხუნჯურად): ულამაზეს გოგონებს ჩემი სალამი.
დათო ზურასკენ შეტრიალდება
დათო: უი, გაიცანით, ეს ჩემი ძმაა, ზურა.
ქეთი: სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მე ქეთევანი მქვია, თუმცა შეგიძლია, ქეთი დამიძახო. - ეტყვის და მორიდებით ჩამოართმევს ხელს ზურას.
სოფო: მე კი - სოფო.
ზურა: ძალზედ მოხარული ვარ თქვენი სტუმრობით, თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში.
ნათია(ნახევრად ხუმრობით): მაგის თქმა არ სჭირდებათ, ისედაც ასე გრძნობენ ტავს, იმდენად ხშირად დადიან აქ.
ზურა(გაკვირვებით): რა ვიცი, მე არასოდეს შევხვედრივარ არცერთ მათგანს. - ხელებს გადაშლის.
ნათია(ირონიულად): რაც ჩვენთან გადმოხვედი, სულ გარეთ დაბოდიალობ და რას ნახავდი.
ზურა: ჰო, ეგეც მართალია.
ქეთი: არა უშავს, ახლა ხომ გავიცანით, გვიანი არასდროსაა.
ზურა(სკამს გამოწევს და ქეთის თავაზიანად ეტყვის): დაბრძანდით.
ქეთი: ოჰ, როგორი ჯენტლმენი ყოფილხართ, - ჩამოჯდება.
სხვებიც მიუსხდებიან მაგიდას.
სოფო: ნათია, ძალიან მიხარია შენი ამბავი, ამაზე უკეთესი რაღა გინდა, საკუთარ დაბადების დღეზე იგებ, რომ ორსულად ხარ.
ნათია: მართალი ხარ, ჩემო კარგო, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ ამ წუთას.
ზურა: ასეა, ასე... გოგოებო, იქნებ უფრო ახლოს გაგვეცნო ერთმანეთი, მითხარით, რას საქმიანობთ და ასე შემდეგ. აი, მაგალითად, შენით დავიწყოთ, ქეთი.
ქეთი: იცით, მე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსელი ვარ.
ზურა(ღიმილით): ანუ, თესეუში სწავლობთ. ძალიან კარგი, მეც ეგ უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, სხვათაშორის. რომელ ფაკულტეტზე სწავლობთ, თუ საიდუმლო არაა ?
ქეთი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
ზურა(სიცილით): არცაა გასაკვირი, სწორედ ამ პასუხს ველოდი.
ქეთი(წყენით): და ამაში სასაცილოს რას ხედავთ ?
ზურა(უეცრად დასერიოზულდება): არც არაფერს, სრულიად ბუნებრივია, თქვენნაირი არისტოკრატული გარეგნობის მქონე გოგონასთვის, სხვათაშორის, ულამაზესი წითელი კაბა გაცვიათ და ეს ლურჯი პიჯაკიც ძალიან გიხდებათ, - ეტყვის და სახე შეეცვლება, სიზმარი გაახსენდება.
უეცრად დათო ჩაერთვება და უხერხულ სიჩუმეს დაარღვევს.
დათო(ნათიას): საყვარელო, ჩემი საჩუქარი მოგვიანებით იქნება, მანამდე კი ეს ბარათი აიღე, შენ მოგიძღვენი, რომ მცოდნოდა, ორსულად იყავი, ცოტა განსხვავებული შინაარსის იქნებოდა.
ნათია გამოართმევს და ინტერესით დაიწყებს მის გახსნას.
დათო(შეშფოთებული): ოღონდ ახლა არ გახსნა, საღამოს წაიკითხე.
ნათია: კარგი... - უპასუხებს და შეინახავს.
კარზე ზარის ხმა ისმის.
ზურა(მონდომებით): მე გავაღებ, თქვენ არ შეწუხდეთ, - უეცრად წამოხტება და მიირბენს კართან.
შემოდის ნათიას დედა, ქალბატონი ნონა.
ზურა(თავაზიანად): მობრძანდით, ქალბატონო ნონა, სულმოუთქმელად გელოდით, როგორ მიდის საქმეები ? თქვენის ნებართვით, პალტოს გამოგართმევთ, - სულსწრაფულად ეტყვის, სიტყვასაც არ ჩააგდებინებს და პალტოს გამოართმევს, რომელსაც საკიდზე ჩამოკიდებს.
ნონა: გმადლობ, ზურა, თავად როგორ ხარ ?
ზურა: როგორ ვიქნები, ძველებურად, - ცოტა ნაღვლიანად იტყვის იგი, თუმცა უეცრად ხასიათი გამოუკეთდება, - მობრძანდით, დაბრძანდით, მე ფეხზე ვიდგები, საკმარისად ვიჯექი უკვე.
დათო(ხუმრობით): გეგონება სკამების დეფიციტი გვქონდეს, - გავა და სკამს მოუტანს ზურას.
ზურა: მადლობა, ძმაო, რატომ წუხდებოდი.
დათო: შენ რაღაც უჩვეულოდ თავაზიანი ხარ დღეს.
ზურა(ნახევრად ხუმრობით): ხედავთ ? - გახედავს ნათიასა და ქალბატონ ნონას, - იმდენად შვცვლილვარ, რომ ჩემი თავაზიანობა საკუთარ ძმასაც კი უკვირს.
ზუსტად ამ დროს ზურას მობილურზე შოთა დაურეკავს.
ზურა(ანერვიულებული): უკაცრავად, უნდა დაგტოვოთ.
სუფრასთან დაბალ ხმაზე საუბრობენ, აქცენტი კი ზურაზე გადადის, თავისთავად.
ზურა(მორიდებით, ხელაფარებული): ხო, შოთა, გისმენ, რა გინდა ? - პაუზა - არა, დღეს ვერ მოვალ შენთან, - ისევ პაუზა - იმიტომ, რომ ჩემი ძმისცოლის დაბადების დღეა და ეწყინება ახლა რომ დავტოვო და შენთან წამოვიდე, - პაუზა, - კარგი, კარგი, მე გადმოგირეკავ მოგვიანებით, ხვალ დილით შენთან გავჩნდები, გპირდები.
ზურა სუფრასთან ბრუნდება
ზურა: მომიტევეთ, დროებით თქვენი დატოვება მომიწია, აბა, რაზე საუბრობდით უჩემოდ.
ნათია(ოხუნჯურად): აი, ქეთი ამბობდა, ზურა რა კარგი ბიჭიაო.
ქეთის შერცხვება და თავს დახრის.
ზურა(წაიტრაბახებს): ხშირად მსმენია ეს სიტყვები...
სოფო(ნაღვლიანად): ძალიან კარგია თქვენთან, მაგრამ, მე მგონი, ჩვენი წასვლის დროა. სამწუხაროდ, ძალიან გვეჩქარება.
ნათია(ბედნიერი): ძალიან გამახარა თქვენმა სტუმრობამ.
უეცრად ზურა ჩაერთვება
ზურა: მეც არანაკლებ, - წამოხტება, - თქვენის ნებართვით, მოგეხმარებით, - ეტყვის და ქურთუკის ჩაცმაში დაეხმარება ქეთის, რომელსაც ხელში ეჭირება ტავისი ქურთუკი, - გარეთ საკმაოდ ცივა, არა, ათი გრადუსიც არ იქნება, რაღაც ნაადრევად დაგვიზამთრდა.
ქეთი თანხმობის ნიშნად თავს დაუქნევს.
ქეთი: სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ზურა, ყველასთან ასეთი თავაზიანი და ყურადღებიანი ბრძანდებით ?
ზურა: არა, ჩემო კარგო, მხოლოდ თქვენნაირ ლამაზ გოგონებთან.
ნონა: გოგოებო, საით მიდიხართ ?
სოფო: „ვაჟაზე“ უნდა გავიდეთ.
ნონა: უი, რა დამთვევაა, - ნათიას შეუტრიალდება, - მეც რომ გავყვე, ხომ არ გეწყინება ?
ნათია: არა, მაგრამ შენ სადღა გეჩქარება ?
ნონა: რაღაც გადაუდებელი საქმე მაქვს, ახლა გამახსენდა, - უპასუხებს და გასასვლელისკენ გაემართება, ზურა მასაც დაეხმარება პალტოს ჩაცმაში.
უეცრად სიჩუმე ჩამოწვება, ამ სიჩუმეს კი დათოს ბოხი ხმა გააპობს.
დათო(გამომცდელად, ღიმილით, ზურას გახედავს): ჰა, აღიარე, რომ ქეთი მოგეწონა.
ზურა(სახეს შეჭმუხნის): საიდან მოიტანე ?
დათო(ზურას პაროდიას გააკეთებს): „არა, ჩემო კარგო, მხოლოდ თქვენნაირ ლამაზ გოგონებთან“. აბა, ეს რა იყო. - თითის ქნევით, - იცოდე, ვერაფერს გამომაპარებ.
ზურა: კარგი ხო, დავუშვათ, მომეწონა, მერე შენ რა ?
დათო: მე მხოლოდ მიხარია ეს ამბავი, მეტი არაფერი.
ნათია ჩაერთვება დიალოგში.
ნათია(გამაფრთხილებლად): ზურა, იცოდე, ქეთი ჩემი ახლო მეგობარია და არაფერი აწყენინო, გესმის ?
ზურა(გაკვირვებული): კარგი რა, არ მიცნობდე მაინც.
ნათია(ნახევრად ხუმრობით): რომ გიცნობ, მაგიტომაც გეუბნები.
დათო(ნათიას გახედავს): კარგი, მე წავედი სამსახურში და საღამოს ჩემი საჩუქარი გელის.
ზურა: ახალი მობილური უნდა გაჩუქოს.
დათო(გაბრაზებული ზურას ეტყვის): აჰა, რათ გინდა, ენას ვერ აჩერებ, ყველაფერი ჩამიშალე.
ზურა(მომღიმარი სახით, თავჩახრილი): მაპატიე, ვერ მოვითმინე.
დათო გაცხარებული გადის სცენიდან. ნათია კი სკამზე ზის და ზურას უხმობს.
ნათია(ინტერესით): ზურა, მართლა მოგეწონა ქეთი ?
ზურა: კი, კარგი გოგოა.
ნათია: ფინდა შეგახვედრო ?
ზურა: რანაირად ?
ნათია: ვეტყვი, რომ მოგეწონა და მასთან შეხვედრა გინდა.
ზურა(წაიყოყმანებს და ეჭვით იტყვის): რა ვიცი, ვაარ კი ახალი ურთიერთობისთვის მზად ?
ნათია(დამაჯერებლად): მე მგონია, რომ კი. სცადე მაინც, - წამოდგება, - მომყევი, ლეპტოპში მის სურათებს გაჩვენებ და სოციალურ ქსელშიც დაიმეგობრე.
ზურა(გახარებული): კარგი, ჩემო იუბილარო რძალო.
ორივე სცენას ტოვებს




შურისძიების წყურვილი
სურათი 5
სცენაზე ორი დივანი დევს, ერთმანეთის გვერდიგვერდ, მაყურებლების პირისპირ. ერთ-ერთ დივანზე შოთას მამა, არჩილი, ზის და გაზეთს კითხულობს. მეორე დივანზე კი ტანსაცმელია არეულად მიმოფანტული. ამ დროს შოთა შემოდის.
შოთა(თვალებს იფშვნეტს): რომელი საათია ?
არჩილი: სამის თხუთმეტი წუთია.
შოთა: სულ იგვიანებს რა ეს ბიჭი, არადა, ორზე შევთანხმდით.
არჩილი: ისევ ზურას ელოდები ?
შოთა(უხერხულად): ხო.
არჩილი(გაბრაზებით): იმ დღეს საკმარისად არ მოგხვდათ ?
შოთა(უხეშად): შემეშვი რა, მამაჩემო, ჩემი საქმის მე უკეთ ვიცი.
არჩილი: კი, ბატონო, მაგრამ მერე მე არ შემომჩივლო, იცოდე, რომ ყველაფერი საკუთარი უგუნურებით გემართება.
შოთა: ახლა გაუთავებელი ჭკუის რიგება არ დამიწყო, ისედაც თავი მისკდება.
არჩილი: დედაშენი მაინც არ გეცოდება ? საცოდავი ქალი, დააავადმყოფე, შენზე ნერვიულობას და უძილობას გადაყვა და დამბლა დაეცა.
შოთა: მარტო მე ნუ მადანაშაულებ რა, ძალიან გთხოვ, შენც არანაკლებ უშლიდი ნერვებს.
არჩილი თავს უსიამოდ გაიქნევს და გაზეთის კითხვას განაგრძობს, შოთა კი გვერდით მიუჯდება. კარზე კაკუნის ხმა ისმის.
შოთა: მგონი, მოვიდა.
შოთა კარს გააღებს.
შოთა: სად ხარ აქამდე, .
არჩილი(შოთას): ასეთ საუბარს ხომ ვერ გადაგაჩვიე.
ზურა: როგორ ბრძანდებით, ბატონო არჩილ ?
არჩილი: გმადლობ, ზურა, შვილო, როგორ ვიქნები შენი მეგობრის ხელში.
შოთა: მამა, იქნებ მარტო დაგვტოვო.
არჩილი: კარგი, კარგი, ხელს არ შეგიშლით, - ოხვრით ნელ-ნელა წამოდგება და სცენას დატოვებს.
შოთა: დაჯექი, - ორივე დივანზე დაჯდება, - მოკლედ, ძალიან სერიოზულ საქმეზე დაგიბარე, - ეტყვის და რამდენიმე წამით გაჩუმდება, გარშემო ეჭვის თვალით მიმოიხედავს.
ზურა(მოუთმენლად): ჰა, ახლა, ამოღერღე.
შოთა: ალბათ, კარგად გახსოვს, რა დღე გვაწიეს იმ ნაძირლებმა რამდენიმე დღის წინ, ფულიც წაგვართვეს და კარგადაც მიგვბერტყეს.
ზურა: კარგი რა, შენ კიდევ იმ დღეს იხსენებ ?! არ რირს, წარსულს ჩაბარდა.
შოთა(აღელვებული): ჩემთვის არაფერი ჩაბარებულა წარსულს, გესმის ? იმ ნაბიჭვრებს არ უნდა შერჩეთ ჩვენი გაბახება.
ზურა: და რას აპირებ ?
შოთა: სწორედ ამაზე სასაუბროდ მოგიყვანე ჩემთან, კარგი გეგმა მაქვს.
ზურა(ირონიულად): ვიცი მე შენი გეგმები, ისევ ჩავფლავდებით.
შოთა(ზურას მხარზე ხელს დაადებს): არა, ამჯერად კარგი გეგმა მაქვს, მთელი ეს დღეები ამაზე ვფიქრობდი.
ზურა(ხელს ჩამოაღებინებს): აი, მე კი აზრადაც არ მომსვლია არანაირი მსგავსი გეგმა, ეგ კი არა, საერთოდ, დავიწყებული მქონდა ეს ამბავი, შენ რომ არ გაგეხსენებინა.
შოთა: ჰოდა, ახლა ხომ გაგახსენდა და დროა, ვიმოქმედოთ.
ზურა: არ ვიცი, მგონი, მაინც არ ღირს, კიდევ რამე შარში არ გავეხვიოთ.
შოთა: მომისმინე მაინც, იქნება რას გეუბნები.
ზურა: კარგი ხო, გისმენ, აბა, რა გეგმა მოიფიქრე ასეთი.
შოთა(კიდევ ერთხელ შეავლებს თვალს ოთახს და ხმადაბლა განაგრძობს): მოკლედ, არ მინდა, ეს ამბავი მამაჩემმა გაიგოს, მაინც, ასაკოვანი ადამიანია და ინერვიულებს. შემპირდი, რომ მასთან სიტყვა არ დაგცდება.
ზურა: გპირდები.
შოთა: თურმე იმ სასტავში მთავარი ტიპი ყოფილა ის, რომელიც შენ საბოლოოდ დაამარცხე, ზედმეტსახელად „კეპე“, ასე რატომ ეძახიან არ ვიცი, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ჰოდა, ეგ შენი კეპე, ყოველ ღამე დადის მარჯანიშვილზე, უმეტესად ფეხით, ბოლო ოთხი დღეა ვუთვალთვალებ, ერთხელ ცოლ-შვილთან ერთად იყო. მარჯანიშვილზე ბევრი ხალხია, თუმცა შეგვიძლია ავედევნოთ და ჩიხში შევა თუ არა, პასუხი ვაგებინოთ, ა, რას იტყვი ?
ზურა(ირონიულად): და სულ ესაა შენი გეგმა ? მე უფრო რამე ორიგინალურს ველოდი.
შოთა(ამრეზით): შენმა ორიგინალურობამ ხო ტვინი წაიღო, რა.
ზურა(დასერიოზულდება): არ ვიცი, ძმაო, ძალიან სარისკო საქმეა.
შოთა: კარგი რა, რისი გეშინია ? მიდი, მოიფიქრე და პასუხი შემატყობინე, ჩემთან ერთად ხარ თუ არა. ოღონდ ცოტა ჩქარა, რამეს არ მიხვდეს და სადმე არ დაითესოს ის ახვარი.
ზურა: კარგი ხო, მოვიფიქრებ. ახლაკი წავალ, ერთ გოგოს უნდა შევხვდე.
შოთა(ღიმილით, მხარზე ხელს მიარტყამს): ვაა, ვაა, პაემანი გაქვს ? კარგი გოგოა ? სად გაიცანი ?
ზურა(შეწუხებული): რა იყო, რა კითვები მომაყარე, - უეცრად სახე გაუბრწყინდება, - სად გავიცანი და ჩემი რძლის დაბადების დღეზე.
შოთა: ვიღაცა შეყვარებულიაა. მშვენიერია, აბა, შენ იცი და სერიოზულად დაფიქრდი დღევანდელ საუბარზე, უსამართლოდ წართმეული ფული უნდა დავიბრუნოთ, ნებისმიერი გზით.
ზურა უსიტყვოდ დატოვებს სცენას.
შოთა: არჩილ... არჩილ... მამა... სად დაიკარგება ხოლმე ეს კაცი, მგონი, სულ დაყრუვდა.
შოთაც გავა სცენიდან.


პაემანი
სურათი 6
სცენის ცენტრში მაგიდა დევს, მაგიდაზე ყვავილებით სავსე ლარნაკია. ზურა, რომელსაც ლურჯი პერანგი აცვია, სკამზე ზის, მოპირდაპირე სკამი კი ცარიელია. სასიამოვნო მუსიკის ჰანგები მდუმარებას კვეთს. შემოდის ქეთი. მაგიდაზე ორი ფინჯანი ყავა დევს.
ზურა გახარებული წამოდგება
ზურა: ნახევარი საათია გელი, ვიფიქრე, აღარ მოხვიდოდი.
ქეთი: მაპატიეთ, საშინელი საცობი იყო.
ზურა სკამს თავაზიანად გამოუწევს და თავის ადგილზე დაბრუნდება.
ქეთი: ნათიამ გადმომცა, რომ ჩემთან შეხვედრა გინდოდათ, თავად რატომ არ მითხარით ?
ზურა: ძალიან გთხოვ, თქვენობით ნუ ვისაუბრებთ, დროა, ეს ფორმალობა გვერდზე გადავდოთ.
ქეთი: კარგი...
ზურა: იცი, ცოტა მორიდებული ვარ და ამიტომ ვერ გაგიბედე პირდაპირ თქმა.
ქეთი(ხუმრობით): მართლა ? მე ვერაფერი შეგატყვე მორიდებულობის.
ზურა: რას ამბობ, ჩემზე მორიდებულს არავის ვიცნობ.
უხერხული სიჩუმე ჩამოწვება, რომელსაც ქეთის ბაგიდან ამოსული ჰავერდოვანი ხმა გააპობს.
ქეთი: აბა, რისი თქმა გინდოდა ? როდემდე უნდა ვისხდეთ ასე უჩუმრად.
ზურა(ანერვიულდება): ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს და, ცოტა არ იყოს, მეშინია კიდეც ამის აღიარება...
ქეთიც დაიძაბება და დაჟინებით მიაცქერდება ზურას.
ზურა(მღელვარე ხმით, ხელებს ნერვიულად უსვამს ერთმანეთს): მოკლედ, რომ არ დაგიმალო, შენთან შეხვედრის პირველივე წამიდან ვიგრძენი, რომ ვიღაც განსაკუთრებული ხარ და ჩვეულებრივ გოგოებს არ გახვარ. ორი სიტყვით, ძალიან მომწონხარ.
ქეთი(ცოტა შეცბუნებული): ამას ნამდვილად არ მოველოდი, შენ ხომ საერთოდ არ მიცნობ და არც მე ვიცი შენს შესახებ არაფერი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ნათიას მაზლი ხარ.
ზურა(ნახევრად ხუმრობით): რატომ, აი, შენს შესახებ ის მაინც ვიცი, რომ თესეუს სტუდენტი ხარ, - უეცრად დასერიოზულდება, ხელს ხელზე დაადებს ქეთის და თვალებში ჩახედავს, - ვიცი, ძალიან ვჩქარობ, თუმცა ზოგჯერ რაღაც-რაღაცებს დიდი დრო არ სჭირდება, იმის მისახვედრად, რომ ეს უნდა გააკეთო. მთელი არსებით ვგრძნობ, ერთმანეთისთვის ვართ შექმნილნი.
ქეთი(ხელს ააღებინებს): ძალიან აჭარბებ, მეც მომწონხარ, მაგრამ...
ზურა(გახარებული, აღტყინებული ხმით): აი, ხედავ, თურმე შენც მოგეწონე, მაშ, რა გვიშლის ხელს, რომ ერთად ვიყოთ ?
ქეთი(თავჩახრილი): არ ვიცი, არასოდეს მყოლია შეყვარებული.
ზურა: ამაზე ნუ ღელავ, მე არაფერს გაიძულებ.
ქეთი(ჩუმად)ვიცი, ვხვდები... , - უეცრად ხმას აუმაღლებს და ხალისიანად იტყვის, - მოდი, ასეთ რაღაც ვქნათ, ერთმანეთის უკეთ გასაცნობად, რიგ-რიგობით მოვყვეთ ისტორიები საკუთარი თავის შესახებ.
ზურა(ცოტა გაკვირვებით); კარგი, მოულოდნელი შემოთავაზებაა, მაგრამ თანახმა ვარ. მიდი, როგორც ინიციატორმა, შენ დაიწყე.
ქეთი: კარგი, ახლა მოგიყვები ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღის შესახებ, შემდეგ კი შენც ანალოგიურად უნდა მოიქცე.
ზურა(სმენად ქცეული); ააბა, ყურადღებით გისმენ.
ქეთი(გაბრწყინებული სახით): ამ დღეს რომ ვიხსენებ, ყოველთვის არნახულ ხასიათზე ვდგები. გაზაფხულის უმშვენიერესი დილა თენდებოდა, დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა. ამ დროს ჩემი და შემოვიდა ჩემს ოთახში და მითხრა, რომ 100 პორცენტიანი გრანტით ჩავაბარე უნივერსიტეტში, სიხარულისგან ცას ვეწიე.
ზურა: მშვენიერი ისტორიაა, ვერაფერს იტყვი.
ქეთი: მიდი, ახლა შენი ჯერია.
ზურა(ორჭოფულად): სიმართლე რომ გითხრა, ბევრი კარგი ამბავი მოხდა ჩემს თავს, ისევე როგორც ცუდი, ვერ გამოვარჩევ.
ქეთი: კარგი რა, მიდი, კარგად გაიხსენე, უთუოდ, იარსებებს ერთი ასეთი დღე.
ზურა: იცი, მართალი ხარ, ახლა გამახსენდა, ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღე მაშინ იყო, როდესაც დავინიშნე.
ქეთი(ძალიან გაკვირვებულია): დაინიშნე ?
ზურა(მოწყენილი): ხო, ერთი წლისა და ორი თვის წინ ერთ არაჩვეულებრივ გოგოზე ვიყავი დანიშნული.
ქეთი(ინტერესაღძრული): მერე, რა მოხდა ?
ზურა(სახეზე ხელეფს აიფარებს და ხმას არ იღებს, შემდეგ მოახერხებს ცოტა დამშვიდებას და ეტყვის): იცი, ახლა ეგრევე ჩემს ყველაზე ცუდ დღეზე გადავალ. ცხრა დღის წინ ზუსტად ერთი წელი გავიდა ამ თარიღის შემდეგ. დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი საცოლე, ლიკა, გარდაიცვალა. ავტოავარიაში მოყვა, მანქანამ გაიტანა და ადგილზევე გარდაიცვალა.
ქეთი(შეცბუნებული): ძალიან ვწუხვარ, ზურა, არ ვიცოდი, ასეთი მძიმე დღეები თუ გქონდა გამოვლილი, თორემ არც დავიწყებდი ამ „თამაშს“.
ზურა(დანაღვლიანებული ხმით): არა უშავს, ადრე თუ გვიან მაინც ხომ მომიწევდა თქმა. ახლა შენი ჯერია.
ქეთი(სახემოღუშული): ჩემთვის ყველაზე ცუდი დღე მაშინ იყო, როდესაც ჩემი და ატირებული და სასოწარკვეთილი დავინახე, რადგან გაიგო, რომ უშვილოა.
ზურა: ვწუხვარ, შენი დის გამო...
ქეთი: ჰო, საშინელებაა, მაგრამ იმის შემდეგ ოთხი წელი გავიდა, ახლა კი ერთი ძალიან საყვარელი ბიჭი იშვილა.
ზურა: ეგ კარგია...
უხერხული სიჩუმე ჩამოწვება.
ზურა: იცი, ერთი რაღაცის თქმა მინდა. ლიკას ჩემი გარდაცვლილი საცოლის წლისთავის ღამეს, მე იგი მეზმანა. მან მითხრა, რომ ცხოვრება თავაწეულმა უნდა გამეგრძელებინა და ისიც მითხრა, შენი ბედი წითელკაბიანი გოგო იქნებაო, შენ კი ჩვენი გაცნობის დღეს სწორედაც რომ წითელი კაბა გეცვა. საერთოდ, სიზმრების არ მჯერა, მაგრამ როგორ გინდა, ეს არ დაიჯერო, მან, უთუოდ, შენზე მიმანიშნა.
ქეთი: თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ, არ ვიცი, რა გიპასუხო.
ზურა: არც არაფრის თქმაა აუცილებელი, შენ უბრალოდ მომენდე.
ქეთი: იცი, შენ უკვე დაიმსახურე ჩემი ნდობა, მართლაც, დავრწმუნდი, შესანიშნავი ადამიანი ხარ.
ზურა: ესე იგი, თანახმა ხარ, რომ ჩემი გულწრფელი სიყვარული მიიღო ?
ქეთი თავს დაუქნევს, თანხმობის ნიშნად, და ყავას მოსვამს. შემდეგ საათს დახედავს.
ქეთი(აღელვებული): უი, რა დრო გასულა, მაპატიე, ზურა, უნდა წავიდე.
ზურა(ხელგაშლილი): გრთავთ, წასვლის უფლებას, მადმაზელ.
ქეთი სიცილით წამოდგება და სცენას დატოვებს, ზურა კი ოფიციანტს დაუძახებს.


შურისძიების დროა
სურათი 7
სცენის კუთხეში, მალულად დგანან ზურა და შოთა, ორივეს შავი სათვალე უკეთია და ასევე შავი შლაპა ახურავს, ტანთ კი გრძელი პალტოები აცვიათ. შოთას ხელში მცირე ზომის დანა უჭირავს.
შოთა: ცოტაც, ცოტაც მოვიცადოთ. სადაცაა, გამოივლის და დიდი სიურპრიზი დახვდება.
ზურა(აღელვებული): მარტო რომ არ იყოს ? იქნებ ცოლ-შვილთან ერთად გამოიაროს.
შოთა(ცოტახნიანი ორჭოფობის შემდეგ): მაშინ, გავუშვებთ, აუცილებლად მარტო უნდა იყოს, შარის თავი არ მაქვს.
ზურა: ჰო. აბა, რა, მის ცოლ-შვილს რაღას ვერჩით, რატომ უნდა ნახონ, ეს სცენა.
შოთა: რა სცენა ?
ზურა: რაღა, რა სცენა, არ გახსოვს, რისთვის მოვედით ?
შოთა: კარგი, რა იყო, რა დაძაბული ხარ, გეხუმრე, ცოტა მოეშვი.
ზურა(ცოტა გაუბრაზდება): შენ სულ მაგას გაიძახი, ცოტა მოეშვი, ცოტა მოეშვი... არ გამომდის, რა, ეგრე მარტივად... შენსავით. ან ეს დანა რად გინდოდა ?
შოთა: აქ კი დასტოპდი, რა იცი, იქნებ მოგვერიოს ? მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოვიყენებ.
პაუზა
ზურა(აღელვებული): არ ვიცი, რა, გული ძალიან ცუდს მიგრძნობს.
შოთა: გულს ნურაფერს დაეკითხები, ყოველთვის გონებით უნდა იმოქმედო.
ზურა(სარკაზმულად): ოჰ, გამომივიდა ესეც ფილოსოფოსი, შენც სოკრატე არ მყავდე, რა.
შოთა(ხუმრობით): სოკრატე არა, მე ჰეროდოტე უფრო მევასება.
ზურა(ხელებს ითბობს): ძალიან ცივა, არა ?
შოთა: კი, ძალიან ცივა...
ზურა: სად არის აქამდე ?
შოთა(აღელვებული): აბა, მე რა ვიცი, წესით, უკვე უნდა გამოეარა.
ზურა: მაგრამ არ მოდის, იქნებ საერთოდაც არ გამოჩნდეს.
შოთა(მოულოდნელად, ინტრიგნულად): და გაგიხრდება, რომ არ გამოჩნდეს ?
ზურა პასუხს არ გასცემს. პაუზა.
შოთა: უი, შეხვდი იმ გოგოს, რომ თქვი მომეწონაო ?
ზურა(გაბრწყინებული სახით): კიი, შევხვდი...
შოთა: მერე, როგორ ჩაიარა.
ზურა: მშვენივრად.
შოთა: ძალიან კარგი... რა ჰქვია ?
ზურა: ქეთი.
შოთა: რამდენი წლისაა ?
ზურა: ცხრამეტის.
შოთა: სად ცხოვრობს ?
ზურა: პეკინზე
შოთა: უკვე აკოცე ?
ზურა: ჯერ არა. კარგი, გვეყოს ამაზე, რა გამოკითხვა მომიწყე.
შოთა: უბრალოდ დამაინტერესა, რა გჭირს.
ზურა(ლოდინისგან დაღლილი ხმით): მე მგონი, არ აპირებს აქ მოსვლას ის ტიპი და წავიდეთ, რა.
შოთა: ცოტაც მოვიცადოთ, სად გეჩქარება.
ზურა: მოკლედ, აღარ ვაპირებ ლოდინს, და, საერთოდაც, თავიდანვე უარზე ვიყავი, არ უნდა დაგთანხმებოდი და აქ არ უნდა გამოგყოლოდი, დიდი შეცდომა დავუშვი.
შოთა(გაცხარებული): რაო, რას როშავ, ახლა აპირებ ჩემს მიტოვებას ?
ზურა: დიახაც, ზუსტად აქ და ახლა. - ეტყვის და ხელს ჰრაკვს შოთას.
შოთა(აფორიაქებული და განრისხებული): კარგი, ასე იყოს, მაშინ, დღეიდან ჩვენი მეგობრობა დასრულდა, იცოდე, შენთან ერთად თუ შენს გარეშე, მე მაინც ვიძიებ შურს, თუმცა ახლა თუ დამტოვებ, შენ აღარაფერი შეგხვდება ! - ეტყვის და საყელოში წვდება.
ზურა(გაბრაზებული): სულ არ მჭირდება ეგ ბინძური ფული, მთლიანად შენთვის დამითმია, ბატონო, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს ! და გირჩევ, შენც შეეშვა ამ საქმეს. - უპასუხებს, ხელებს გააშვებინებს და სცენას სწრაფად დატოვებს.
შოთა: ჯანდაბამდე გზაც გქონია, - მიაძახებს გაცოფებული.
შოთა აუდიტორიისკენ შეტრიალდება და მათ ემოციურად, თუმცა მონატორულად მიმართავს:
„იცით, ხშირად მიფიქრია, რა იქნებოდა, დედამიწაზე მხოლოდ კეთილი და პატიოსანი ადამიანები რომ არსებობდნენ, კვლავ იარსებებდნენ თუ არა ღატაკნი, კვლავ დაიხოცებოდა თუ არა უამრავი ადამიანი შიმშილისგან, კვლავ იარსებებდა თუ არა უსასტიკესი ძალადობა და ასე შემდეგ. ალბათ, არა, ყოველ ემთხვევაში, ნაკლებად. ხო, აი, იმ ტიპსაც, ვისაც პოკერში მოვუგეთ და დამსახურებული ფული ავიღეთ, ჩვენთვის რომ არაფერი დაეშავებინა და ალალად ეღიარებინა მარცხი, ახლა მე ხომ არ მომიწევდა მისთვის შურისძიებისა და საკადრისი პასუხის გაცემის სურვილის ქარცეცხლში მყოფს აქ დგომა, - კიდევ უფრო აღელვდება და ხმას აუმაღლებს, - მაგრამ, არა ! - შეტრიალდება და დადუმდება, შემდეგ კი უეცრად დაუბრუნდება საწყის პოზიციას და განაგრძობს, - მან ყველაფერი პირიქით ჩაიდინა, ფულიც წაგვართვა და კარგადაც მიგვბეთქვა, ამიტომაცაა, რომ აქ ვდგავარ და სიცივე ძვლებში მატანს.“
შემდეგ კვლავ სცენის კუთხეში დადგება. დაახლოებით ათი წამის შემდეგ „მსხვერპლიც“ გამოივლის. შოთა დანას დააძრობს და წინ გადაეღობება.
შოთა(ირონიულად): ააბა, საით გაგიწევია, მეგობარო. გახსოვარ ? მართლა, შენი სახელი არ ვიცი.
ბექა(შეშინებული, ათრთოლებული ხმით): ბექა, ბექა მქვია... შენ კი რა გინდა ჩემგან ?
შოთა: კარგი რა, ბექა, მაინც არ გაგახსენდი ?
ბექა: არა-ა.
შოთა: რა იყო, ახლა ვეღარ დაგეხმარებიან შენი ძმაკაცები და აცახცახდი, არა ?! აი, მე ის ვარ, პატიოსნად მოგებული ფული რომ წამართვით და შენ და შენმა ძმაკაცებმა მე და ჩემს მეგობარს, სასტიკად გვცემეთ. ახლა გაგახსენდი ?
ბექა: კი...
შოთა: ჰოდა, დროა, ეგ ფული დამიბრუნო და მშვიდობიანად დავშორდეთ ერთმანეთს, თუ არადა, აქვე აკკუწავ !
ბექა(ანერვიულებული): მეგობარო, თან არ მაქვს ფული...
შოთა: აბა, ჯიბეები გადმოიტრიალე.
ბექა ასეც მოიქცევა და აღმოჩნდება, რომ სიმართლეს ამბობდა. შოთა კიდევ უფრო გაცხარდება და მოულოდნელად სიბრაზისგან თვალდაბნელებული მუცელში დანას დაარტყამს. ბექა იქვე ჩაიკეცება.
შოთა(სასომიხდილი): ღმერთო ჩემო ! ეს რა ჩავიდინე, - იგი შეშინებული გაიქცევა.


შიშის პირისპირ
სურათი 8
არჩილი კვლავ დივანზე ზის და გაზეთს კითხულობს, ამ დროს კარზე ძლიერი კაკუნის ხმა ისმის, არჩილი სათვალეს იხსნის და კარს აღებს. უეცრად შოთა შემოვარდება, ძალიან აღელვებულია და ბოლთას სცემს.
არჩილი(ნაწყენი): რა გჭირს, ადამიანო, გამარჯობის თქმასაც აღარ კადრულობ ?
შოთა(აფორიაქებული): რა დროს გამარჯობაა...
არჩილი წინ გადაეღობება და შეაჩერებს
არჩილი: რა მოგივიდა, აღარ იტყვი ?
შოთა: ძალიან დიდ შარში გავყავი თავი.
არჩილი(ბრაზმორეული): ხომ გაფრთხილებდი ! ახლა ჩემგან რა გინდა ?
შოთა(სასოწარკვეთილი): მამა, მგონი, კაცი მოვკალი.
ორივე დადუმდება, უეცრად არჩილი დივანზე დაჯდება და საგონებელში ჩავარდება. შოთა კი გახევებული დგას.
შოთა: რას გაჩუმდი, მითხარი, ახლა რა მეშველება ?
არჩილი: წარმოდგენაც არ მაქვს.
შოთა სცენას ტოვებს და შემოაქვს ჩემოდანი, ნელ-ნელა ტანსაცმლის ჩალაგებას იწყებს.
არჩილი: რას აკეთებ ? გაქცევას აპირებ ?
შოთა: კი, სხვა გზა აღარ მაქვს.
არჩილი(ხმას აუწევს): როგორ არა, გაქვს და გაცილებით გონივრულიც... უნდა ჩაბარდე.
შოთა(ანერვიულებული): რაო ? ჩავბარდე ? არა, არა, ამას არ ვიზამ.
არჩილი: ახლა კარგად მისმინე, შენზე უკვე ძებნა იქნება გამოცხადებული...
შოთა: არა მგონია, ჯერ მხოლოდ ნახევარი საათია გასული, თან იმ ადგილას არც კამერებია დამონტაჟებული და არც ხალხი დადის, ვერავინ შემამჩნევდა, ასე რომ, დროულად უნდა წავიდე. - ბარგის ჩალაგებას აგრძელებს.
არჩილი(გაბრაზდება და დაუყვირებს): შოთა ! ახლავე გაჩერდი !
შოთა სახტად დარჩება.
არჩილი(აღელვებული): რომც მოასწრო და ქვეყანა დატოვო, ადრე თუ გვიან, დეპორტს გაგიკეთებენ და უარეს დღეში ჩავარდები. ხოლო თუ ჩაბარდები, იქნებ ორი წელი მაინც დაგაკლონ.
შოთა ჩაფიქრდება და უპასუხებს.
შოთა: მე მგონი, მართალი ხარ. ახლავე წავალ და ჩემი ფეხით ჩავბარდები პოლიციას, რაღას ველოდო... - გასასვლელისკენ დაიძრება.
არჩილი(მთრთოლვარე ხმით): მოიცადე, ბოლოჯერ მაინც ჩამეხუტე...
ერთმანეთს მაგრად გადაეხვევიან.
არჩილი( ჩასჩურჩულებს): იქნებ არც მომკვდარა, ზუსტად იცი, რომ ასეა ?
შოთა: არა, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მუცელში მოხვდა დანა და არა მგონია, გადარჩეს.
არჩილი: ეს ის ბიჭია, არა, პოკერის მოთამაშე ?
შოთა თავს დაუქნევს.
არჩილი: ჩემი ბრალიცაა, რაც შენ მოგივიდა, ვიცოდი, შურის საძიებლად რომ მიდიოდი, მაგრამ არ მეგონა, თუ ასე ღრმად შეტოპავდი.
შოთა(შეცბუნებული): რაა ? შენ საიდან იცი ?
არჩილი: გუშინ ზურამ დამირეკა და მითხრა.
შოთა(სახეშეცვლილი): არც მე მინდოდა, ასე დასრულებულიყო ყველაფერი, შემთვევით შემომაკვდა, თავი ვეღარ გავაკონტროლე...
ერთმანეთს დაშორდებიან. არჩილი: კარგი, წადი ახლა... ნუ ღელავ, დედაშენს არაფერს ვეტყვი, ისედაც თავისი გასაჭირი ეყოფა საცოდავ ქალს. - ეტყვის და მხარზე ხელს მზრუნველად მოუსვამს.
შოთა სცენიდან გავა...


პირველი და უკანასკნელი
სურათი 9
სცენაზე მაგიდა, სარკიანი კარადა და სამი სკამია. ერთ-ერთ სკამზე ქეთი ზის. ამ დროს შემოდის ზურა.
ზურა: ააბა, როგორ მოგეწონა ჩემი სახლი ? ახალი გარემონტებულია.
ქეთი: მშვენიერი სახლია, მეტი რა მეთქმის.
ზურა: ჩვენი გაცნობიდან მხოლოდ ორი კვირაა გასული და დღითიდღე ვხვდები, როგორი კარგი ხარ.
ქეთი(მორიდებულად): კარგი რა, არ მიყვარს კომპლიმენტები, უხერხულად ვგრძნობ ხოლმე თავს.
ზურა: უცნაურია, აი, მე კი, პირიქით, ძალიან მსიამოვნებს.
ზურა სკამზე ჩამოჯდება.
ზურა: მე რა არ მიყვარს, იცი ?
ქეთი(ინტერესით): რა ?
ზურა(სიცილით): რა და, ხაში... და საშინლად ბანალური კითვები.
ქეთი: მაგალითად ?
ზურა: თუნდაც ეს: „ერთი ნახვით შეყვარების გჯერა ?“ რა კითხვაა ახლა ეს, ძალიან მაღიზიანებს.
ქეთი: რატომ გაღიზიანებს, არ გჯერა ?
ზურა(სიცილით): კი... მაგრამ მაინც მაღიზიანებს, - დასერიოზულდება, - შენ, შენ თუ გჯერა ?
ქეთი: რა ვიცი, არც ისე.
ზურა: ანუ, რისი თქმა გინდა, რომ პირველად რომ დამინახე, არ შეგიყვარდი ?
ქეთი: არა...
ზურა: მაშ, როდის ?
ქეთი: პაემნის შემდეგ.
ზურა: ჰმმ. საინტერესოა... მე კი დაგინახე თუ არა, შენით მოვიხიბლე.
ქეთი: ისევ აგრძელებ...
ზურა: რას ვაგრძელებ ?
ქეთი: კომპლიმენტების თქმას.
ზურა(ხუმრობით): კარგი, თუ ასე გინდა, გპირდები, აღარ გეტყვი. თუ გინდა, გაგლანძღავ კიდეც.
ქეთი პასუხს აღარ გასცემს და უხერხული სიჩუმე ჩამოწვება.
ზურა: იცი, ადამიანებს ძალიან მარტივად ვეჩვევი და შემდეგ მათთან განშორება უკიდურესად მიჭირს... ლიკას გარდაცვალების შემდეგ, თითქოს ცალი ხელი აღარ მაქვს.
ქეთი: ჩვენ არ დავშორდებით ?
ზურა: არა, არასოდეს... ლიკას გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე, ლამის გავგიჟდი. ადამიანისთვის ერთი წამიც კი საკმარისია, რომ ჭკუიდან შეიშალოს.
ქეთი: კარგი რა, ამას ნუ ამბობ...
ზურა: კი, კი, ნამდვილად ასეა... უმისამართო ყვირილსა და სირბილს იწყებს. არაადეკვატური ხდება.
ქეთი: ამას რატომ მეუბნები ?
ზურა: შენც რომ დაგკარგო...
ქეთი: ახლავე შეწყვიტე, ეს არ მოხდება.
ზურა: მაპატიე, ძალიან დაგზაფრე, არ უნდა დამეწყო ამაზე საუბარი.
ქეთი: არა უშავს, ყოველთვის სჯობს, გულის ნადები გაამხილო, ვიდრე გულშივე ჩაიკლა და თავი დაიტანჯო. ზოგჯერ ადამიანი მხოლოდ იმიტომ ესაუბრება საკუთარ თავს, რომ ჰგონია, არავინ ჰყავს ისეთი, ვისთანაც შეეძლება გულახდილად ისაუბროს და გული გადაუშალოს, მაგრამ ხშირად ისეც ხდება, რომ ამის გამო საკუთარ თავში იკეტება და ვერც კი ამჩნევს, ისე კარგავს მეგობრებს, მათ შორის კი იმ ადამიანებსაც, რომლებსაც მისი გაგება შეეძლოთ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ.
ზურა: სრულ სიმართლეს ამბობ.
ქეთი: ჰოდა, ყოველთვის გამანდე შენი საიდუმლო, რომელიც გტანჯავს და იქნებ ცოტათი მაინც მოგეშვას გულზე.
ზურა: მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ შემპირდები, რომ შენც ასე მოიქცევი.
ქეთი: გპირდები !
ზურა: მოდი ჩემთან.
ერთმანეთს აკოცებენ და ამით სრულდება მეცხრე სურათი.



გამოუსწორებელი შეცდომა
სურათი 10
სცენა ჩაბნელებულია, მხოლოდ ერთი ადგილია განათებული, სადაც შოთა და მისი ადვოკატი სხედან, ახლოში კი სამართალდამცავი დგას.
ადვოკატი(დამაჯერებლად): მოკლედ, რადგან თქვენ არ გყავთ საკუთარი ადვოკატი, ავტომატურად დაგენიშნეთ მე, ასე რომ, ამიერიდან თქვენი საქმე მე გადმომებარა.
შოთა(ინტერესით): თქვენი სახელი ?
ადვოკატი: ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
შოთა: კარგით... როგორაა სქმე, დიდი ხნით ჩამაყუდებენ ?
ადვოკატი: რადგან თავად ჩაბარდით პოლიციას, ორი წელი მოგაკლდებათ, დანარჩენი იმაზეა დამოკიდებული, ის ტიპი გადარჩება თუ არა, მე როგორც ვიცი, ძალიან მძიმედაა, თუმცა სტაბილურად, ჯერჯერობით ცოცხალია, თუ არ მოკვდა და შემდეგ არც გიჩივლათ, კიდევ რამდენიმე წელი მოგაკლდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მინიმუმ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა გემუქრებათ.
შოთა(ნირწამხდარი): კი მაგრამ, მე ეს განზრახ არ ჩამიდენია, მისი მოკვლა არც მიფიქრია.
ადვოკატი: ეს მაინც ვერ გამართლებთ, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის მეცხრე მუხლის მიხედვით, ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. გარდა ამისა, წინასწარ გქონდათ დაგეგმილი, ხომ ასეა ?
შოთა: დიახ...
ადვოკატი: ჰოდა, ეს კიდევ ცალკე მუხლია. ჰო, მართლა, თანამზრახველიც ხომ არ გახლდათ თან ?
შოთა დაფიქრდება, ძალიან დაიძაბება, რამდენიმე წამის შემდეგ კი ეტყვის.
შოთა: არა, მარტო ვიყავი.
ადვოკატი: კარგია, ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გვაცნობოთ, რადგან მასაც საკმაოდ დიდი დანაშაული მიუძღვის.
შოთა(გაუბრაზდება); არა, არავინ ყოფილა ჩემთან ერთად, ერთხელ უკვე გითხარით, მე მგონი.
სამართალდამცავი წამოიწევა, ადვოკატი კი დაამშვიდებს.
ადვოკატი: ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ, ცოტა აღელვდა. (პაუზა) - მოკლედ, ყველაფერი დაწვრილებით უნდა მომიყვეთ, ბოლომდე უნდა მენდოთ, ყველაფრის საქმის კურსში უნდა ვიყო, წინააღმდეგ შემთვევაში, გამიჭირდება თქვენი სრულფასოვნად დაცვა.
შოთა: დიახ, მესმის. მოსაყოლი ბევრი არაფერი მაქვს, მე მას კვირაზე მეტ ხანს ვუთვალთვალებდი და ვიცოდი, როდის და სად დადიოდა, წინასწარ ჩავუსაფრდი და დამსახურებულად მოგებული ფულის დაბრუნებას შევეცადე, მაგრამ არ გამომივიდა და შემთვევით შემომაკვდა.
ადვოკატი: კარგით, ყველაფერი გასაგებია, ესე იგი, მეტი არაფერი გაქვთ სათქმელი ?
შოთა(ცივად): არა.
ადვოკატი: მაშინ მე დაგტოვებტ, შეხვედრამდე.
შოთა: და როდის შევხვდებით ?
ადვოკატი: ხვალ, ისევ ამ დროს.
ადვოკატი ადგება და სცენას დატოვებს.
შოთა(სამართალდამცავს): უკაცრავად, ერთი ზარის უფლება ხომ მაქვს ?
სამართალდამცავი: დიახ, რა თქმა უნდა.
შოთა: მადლობთ.
შოთა ტელეფონზე ნომერს აკრეფს და დარეკავს.
შოთა: ზურა მინდოდა... უი, სახლში არაა ? აა, გადავიდა, გასაგებია. თქვენ ვინ ბრძანდებით ? (პაუზა) - მისი ძმა... კარგით, აღარ შეგაწუხებთ... არა, არაფერი ისეთი, მე მისი მეგობარი ვარ, შო... (შეყოყმანდება) ნუ, რა მნიშვნელობა აქვს, ნახვამდის.
სამართალდამცავი: თქვენთან კიდევ ერთი სტუმარია.
შოთა: მანამდე კიდევ ერთი ზარის უფლება არ მაქვს ?
სამართალდამცავი: სამწუხაროდ, არა.
შოთა(იმედგაცრუებული დაჯდება სკამზე): კარგი, რა გაეწყობა. ვინ არის, საინტერესოა, ალბათ, მამაჩემია.
სამართალდამცავი(სიცილით): რაღაც არა მგონია, მამათქვენი იყოს.
შემოდის ბექას მეგობარი.
შოთა(განცვიფრებული): თქვენ ვინ ბრძანდებით ? მოიცა, მოიცა...
ბექას მეგობარი(ირონიულად): გაგახსენდი ?
შოთა(შეშინებული): კ-კი, გამახსენდი...
ბექას მეგობარი: ჰოდა, მოდი ახლა სიმართლე მითხარი. - სკამზე ჩამოჯდება
შოთა(ხმამაღლა, გაკვირვებით): რაზე ლაპარაკობ, რა სიმართლე ?
ბექას მეგობარი: ჩუმად, რა გაყვირებს, - ჩურჩულით, - რა სიმართლე და, ის შენი მეგობარიც თან გახლდა არა.
შოთა საშინლად დაიძაბება, შეაჟრჟოლებს, თვალებში შეაცქერდება მისი მისამართით კითხვის დამსმელს, რამდენიმე წამის შემდეგ კი ეტყვის.
შოთა(ჩურჩულით): კი, იქ იყო, ოღონდ სანამ ბექა გამოჩნდებოდა, წავიდა, ის არაფერ შუაშია.
ბექას მეგობარი: აი, აქ კი ცდები, მეგობარო, - ხმას აუმაღლებს, გაცხარდება, - მას ლომის წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ახლა ჩემი მეგობარი რეანიმაციაში უგონოდ წევს და სიკვდილს ებრძვის.
შოთა(აღელვებული); საიდან მოიტანე ?
ბექას მეგობარი: შეიძლება ინიციატორი შენ იყავი, მაგრამ მან წაგაქეზა და გამოგყვა, იმის მაგივრად, რომ შენთვის ხელი შეეშალა, შემდეგ კი საქმე საქმეზე რომ მიდგა, კურდღელივით სოროში შეძვრა, შენ კი კიდევ უფრო გაღიზიანდი და განრისხდი, - პაუზა, შოთა ხმას ვერ იღებს, შეცბუნებული უყურებს, შემდეგ კი კვლავ ბექას მეგობარი გაშმაგებული იწყებს საუბარს, - არა, მაინც არ მესმის რა, ხუთიათასი ლარის გულისთვის კაცი მოსაკლავად როგორ გაიმეტე, შე... - მუჭს მოუღერს, სახეს სახესთან მიუტანს და სიმწრისგან ხელი აუთრთოლდება.
შოთა(აფორიაქებული): ყველაფერში დამნაშავე მე ვარ, ძალიან გთხოვთ, ზურას არაფერი დაუშავოთ.
ბექას მეგობარი: ხვეწნა მუდარა აღარ გიშველის, შენ საკმარისად აგე პასუხი, ახლა დროა, შენი მეგობარიც დაისაჯოს, - ფეხზე წამოდგება.
შოთა(შეშინებული) რას აპირებ, ზურას მოკლავ ?
ბექას მეგობარი(ბოროტი ღიმილით, ჩურჩულით): არა, მის ახალ შეყვარებულს...
შოთა: რაო ? მან რა დააშავა ? ან საიდან იცი, რომ შეყვარებული ჰყავს, ორი კვირაა იცნობს.
ბექას მეგობარი: მე ყველაფერი ვიცი, ყოველთვის ვამოწმებ ადამიანებს, როდესაც მათთან საქმეს ვიჭერ, მათი წარსულიც ვიცი და აწმყოც, ზურას იმ გოგოს სიცოცხლე თავისას ურჩევნია და ორმაგად ეტკინება, როცა იგი აღარ ეყოლება. ძალიან შეცდი, შენი მეგობარი რომ გათქვი, ალბათ, არც დაფიქრებულხარ ამას რა მოჰყვებოდა.
ბექას მეგობარი ნელ-ნელა გადის სცენიდან, სამართალდამცავი შოთას აყენებს და გაჰყავს.
შოთა(ბოლოს მაინც მიაძახებს, ვედრებით): გთხოოვ ! ეს არ ჩაიდინო, უდანაშაულო ადამიანს ნუ გაიმეტებ, მან საერთოდ არაფერი იცის ამ ამბის შესახებ...






მართლაც მარტივი ყოფილა
სურათი 11
დათოს და ნათიას სახლი. ნათია ზის, დათო ფეხზე დგას.
დათო(გაბრაზებული, კვლავ ხალათისამარა): ისევ იგივე.
ნათია: მაპატიე... შენც კიდე რა ვერ ისწავლე ჭკუა, იყიდე რა მეორე შარვალიც. (პაუზა) - უი, ის ჯინსები ხომ გაქვს ?
დათო: მერე ჯინსებით წავიდე საქმიან შეხვედრაზე ?
ნათია: წადი რა, დიდი ამბავი.
დათო: ჰო, შენთვის მარტივი სათქმელია.
ნათია: ძალიან გეჩქარება ?
დათო: კი, მაგრამ, არა უშავს, ახლავე დავრეკავ და სხდომას გავაუქმებ, ჩემი ნება არაა ?!
დაძაბული სიმღერა ირთვება, ქოშინით შემორბის ზურა.
დათო(აღელვებული): რა გჭირს ? ცოტა ამოისუნთქე.
ნათია(ჭიქით წყალს მიაწვდის): მიდი, დალიე.
ზურა(შეშლილი სახით): ქეთი... ქეთი აღარაა, გესმით ?
დათო(დაძაბული): რას ბოდიალობ ?
ზურა(ბოლო ხმაზე იყვირებს და უმისამართო სირბილსა და ძახილს დაიწყებს): ჩემი ქეთი მომიკლეს ! ყველაფერი დასრულდააა !
დათო და ნათია მის დამშვიდებას შეეცდებიან, მაგრამ ვერ მოახერხებენ, ზურა დაიღლება სირბილისგან და ჩაიკეცება.
პიესის დასასრული.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent