ინტერვიუ ელ პინთან
სანამ ინტერვიუს კითხვას დაიწყებდეთ, მგონი, ჯობია ხოლმე თავში ვთქვა, რომ რამე მელოდიას მოუსმინოთ.
გია ყანჩელის “ყვითელი ფოთლები” და თუ მზად ხართ, დავიწყოთ *** 1. რატომ აირჩიე ის ფსევდონიმი, რომლითაც ხალხმა გაგიცნო ან გიცნობს? მარტივი ამბავია. არსაიდან მოვიდა ეს სახელი ჩემს გონებაში. მოვიგონე. ჩემია და შევირჩინე. ძალიან მეძვირფასება ელპინიც, ელიც და პინოც. 2. თვლი, რომ ელ პინი საიტზე განსხვავდება ელ პინისგან, რომელიც საიტის გარეთ არის? რა თქმა უნდა, განსხვავდება. ორი სხვადასხვა პიროვნებაა, რეალური და ირეალური, თუმცა, ალბათ, თვისებები და ხასიათი მაინც საერთო გვაქვს. 3. რომელია შენი კომფორტის წიგნი ან ისტორია საიტიდან? როცა სალანდერი წერდა, მისი ყველაფერი. ქეთი იმერლიშვილი და ასევე, გურო. კონკრეტულ ისტორიებს ვერ გავიხსენებ. ამ სამი ავტორის სრული შემოქმედება იყო ის, რომელსაც პერიოდულად ვუბრუნდებოდი, როცა მჭირდებოდა. 4. ყველაზე რთულად აღსაწერი რა ყოფილა? დედის გარდაცვალების აღწერა ისტორიიდან „ცხრა მთას აქეთ“. ბევრი ვიტირე და ვიომე, რომ ისე დამეწერა, როგორც მე მინდოდა და შინაარსიანი, ხელშესახები ყოფილიყო მკითხველისთვისაც. 5. გიტირია თუ არა უმუზობის გამო ან იმიტომ, რომ რაღაც კონკრეტულს ვერ აღწერდი? არც ერთის გამო არ მიტირია. თუ ვტიროდი, მხოლოდ წერის პროცესში ან იქამდე, სანამ დასაწერად დავჯდებოდი − ემოციებით ხრჩობისგან გათავისუფლებამდე. 6. რა არის შენთვის საჭირო, რომ წერო ემოციურად ან გარემოებრივად? ღმერთი და ტკივილი. 7. რამდენად დებ საკუთარ თავს საკუთარ ნამუშევრებში? მიწისქვეშეთია. ის, რაც არ შემიძლია გამოვიტანო რეალობაში, მაგრამ ფსკერზეა. აბსოლუტურად მე ვარ. 8. იტყოდი, რომ მკითხველს თავისუფლად შეუძლია შენ, როგორც ინდივიდი, გაგიცნოს საკუთარი ნამუშევრებიდან? თითზე ჩამოსათვლელად. 9. რომელი უფრო რთულად გადმოსაცემია − ტკივილი თუ ბედნიერება? ბედნიერება. თუ ამას არ გრძნობ, გაგიჭირდება აღწერო. ტკივილზე ყველა წერს, მაგრამ ტკივილსაც გააჩნია. თუ ხერხემალი არ ასტკივდა მკითხველს დასასრულს, არაფრად ღირს ხარჯვა. 10. როგორია შენთვის სრულყოფილი ნამუშევარი, რა სჭირდება ელ პინს იმისთვის, რომ მოეწონოს რამე ლიტერატურიდან? ბევრი არაფერი. ცოცხალი უნდა იყოს და უნდა ვგრძნობდე. როცა კადრის სახით ვხედავ, მხოლოდ მაშინ ვარ კმაყოფილი. 11. ვიცი, რომ დიდი ხანია საიტზე ხარ და ბევრ ავტორს „შეესწარი“, ბევრი წავიდა საიტიდან − ვის დააბრუნებდი და ვის ნაწერს იხილავდი ისევ? სალანდერს, ჩემს მჟავეს. 12. გაგვიმხილე ის ერთი სიმღერა ან კომპოზიცია, რომელსაც ხშირად უსმენ წერისას ან ზოგადად: გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლები“. საერთოდ გია ყანჩელი და ინოლა გურგულია. ერთხელ „მადამ ფუფუმ“ მითხრა: „ინოლა რატომ იცი, შვილოო“ − და თუ არ იცის ვინმემ, აუცილებლად მოუსმინეთ. 13. როგორ ფიქრობ, შენ, როგორც ავტორი, განსხვავდები შენ, როგორც მკითხველისგან? ცხადია. მკითხველის პოზიციაში ბევრად პრეტენზიული ვარ. როცა შენ წერ, მაშინ გიჭირს გააზრება, საკმარისი ხარ თუ არა მკითხველისთვის. 14. შენი პირველი ნამუშევარი რა იყო და გამოაქვეყნე თუ არა იგი? არ მახსოვს, რაღაცა სისულელე სიუჟეტით იყო ჩემი პირველი ისტორია, გულწრფელად რომ ვთქვა. საიტზე გამოვაქვეყნე. მაშინ ასე იწერებოდა და იწონებდნენ. მერე შევცვალე პლასტინკა და რეალურად რაც მჭირდებოდა, იმის წერა დავიწყე. არც კი მაქვს შენახული. მადლობა უნდა გადავუხადო ჩემს თავს, რომ მეორედ წაკითხვის საშუალება არ დავიტოვე. 15. რა იმედგაცრუებას შეხვედრილხარ წერისას ან თუნდაც ავტორობისას? ზოგჯერ ვერც სიტყვა და ვერც წინადადება ვერ ამბობს იმას, რაც შიგნით დუღს. წერისას ამას შევუწუხებივარ. 16. თვლი, რომ, როცა წერ, წერ უფილტროდ? რასაკვირველია. გული რომ ამოიღო და ნაწერი გადახსნა ჩასადებად, ასე ვარ. 17. ყველაზე რეალური რომელი ისტორიაა შენთვის, შენ მიერ დაწერილი? „მენთოლიანი ელი“. ჩემი დარდიანი თავი. 18. რომელ ჟანრში წერას მორიდებიხარ ან თუნდაც თემას? არაფერს დავრიდებივარ. მომცროასაკობისას კარგადაც ვოხუნჯობდი, ვიღაცებს შეიძლება ახსოვდეთ კიდეც. 19. შენი ცხოვრებიდან მხოლოდ ერთი მომენტით რომ აცნობდე თავს ადამიანებს, რომელ მომენტს აირჩევდი? არ ვიცი, რა რთული შეკითხვაა... ყველა სიტუაციაში შემიძლია ადამიანს თავი კომფორტულად ვაგრძნობინო და მოვაწონო. ხშირად უთქვამთ, რომ ჩემ გვერდით თავს კარგად გრძნობენ. ვიცი ვის რაში ვჭირდები და რას ითხოვს ჩემგან კონკრეტულ მომენტში, სავარაუდოდ, ამიტომაც, თუმცა აუტანელიც ვარ თითო-ოროლასთვის. მაინც მგონია, რომ ახლა, ამ წუთას ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვარ. ბევრად დიდი, ვიდრე უნდა ვიყო, ამიტომ ამ ელს უნდა იცნობდნენ, რომ იგრძნონ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, მთავარია, მისმენდნენ, ჩემი სჯეროდეთ და სწამდეთ. 20. ბოლო კითხვა: როგორ გგონია, ყველაზე ძლიერი რა გრძნობა გვაქვს ადამიანებს? თვალის დახუჭვისა და გახელილზე პირველშობილად დაბრუნების. ვისაც ეს შეუძლია, აუტანლად ძლიერია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


