შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Პეტრას საიდუმლო (თავი 7 და 8)


დღეს, 14:05
ნანახია 0

#პეტრას_საიდუმლო
#თავი_მეშვიდე
"საიდუმლოს გასაღები"

იანის პაპანდრეუ ახალგაზრდა ბერძენი მაგნატი იყო, რომელსაც ათენში სასტუმროების წარმატებული ქსელი ეკუთვნოდა. საქმიანი წრეების წარმომადგენლები მას ჭკვიან, დაკვირვებულ და მიზანდასახულ ადამიანად იცნობდნენ. იანისი არასოდეს იღებდა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დაუფიქრებლად და ყოველთვის ცდილობდა, მოვლენების მიღმა დამალული სიმართლე დაენახა.

მისი ცხოვრება მარტივი არ ყოფილა. დედა წარმოშობით იორდანიიდან იყო, მამა კი პოლიციელად მუშაობდა. ხუთი წლის წინ იანისმა ორივე მშობელი დაკარგა და მას შემდეგ მარტო ცხოვრობდა. ერთადერთი არსება, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში სიმშვიდესა და სითბოს ჰგვრიდა, მისი გერმანული ნაგაზი, ბაგი, იყო.

ბაგი ჩვეულებრივი ძაღლი არ ყოფილა. ის სპეციალურად გაწვრთნილი კინოლოგიური ძაღლი იყო, რომელსაც რთულ სიტუაციებში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. ფეხის მოტეხვის შემდეგ კი იანისმა გადაწყვიტა, მისთვის შესაფერისი გარემო შეექმნა და საკუთარ სახლში წაეყვანა. მას შემდეგ ისინი განუყრელ მეგობრებად იქცნენ.

იანისს საქმიანი ურთიერთობა ომარ ალ-ხალიდთან რამდენიმე შეხვედრიდან ჰქონდა. ორივე წარმატებული ბიზნესმენი იყო და კარგად ესმოდათ ერთმანეთის შესაძლებლობები. როდესაც ომარი მარიასთან გაცნობამდე თურქეთში იმყოფებოდა, იანისი ამანში ჩავიდა. მას ომართან ახალი პროექტის განხორციელება სურდა — თანამედროვე, მდიდრული სასტუმროს აშენება, რომელიც მათი ბიზნესის კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გახდებოდა.

ამანში ჩასვლისთანავე იანისი ომარის კომპანიას დაუკავშირდა და შეხვედრა რაშდისთან გამართა. საუბარი საქმიან გარემოში, მშვიდად და კონკრეტულად წარიმართა.

— თქვენი კომპანიის შესახებ ბევრი მსმენია, — უთხრა იანისმა რაშდის. — ვფიქრობ, ჩვენს თანამშრომლობას დიდი მომავალი აქვს. მინდა, ამანში ისეთი სასტუმრო ავაშენოთ, რომელიც სტუმრებს არა მხოლოდ კომფორტს, არამედ განსაკუთრებულ გამოცდილებასაც შესთავაზებს.

რაშდიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

— ომარსაც დიდი ხანია მსგავსი პროექტების გაფართოება სურს. დარწმუნებული ვარ, დაბრუნების შემდეგ თქვენს წინადადებას პირადად განიხილავს. ჩვენი სასტუმროების ქსელს უკვე ჰყავს ერთგული სტუმრები, ამიტომ ახალი პროექტი ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება.

— სწორედ ამაზე ვფიქრობდი, — გაუღიმა იანისმა. — თუ ყველაფერს სწორად დავგეგმავთ, შედეგი ორივესთვის სასარგებლო იქნება.

მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ომარის კომპანიას სასტუმროების ქსელი ეკუთვნოდა, ხოლო მათი სტუმრების ტურისტულ მარშრუტებზე გადაყვანას ფარისის კომპანია უზრუნველყოფდა. სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში გადაწყვიტა იანისმა, იორდანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიული ადგილის მონახულებაც.

მეორე დღეს ფარისის კომპანიის გიდი მას პეტრაში წაჰყვა. იანისს ისტორია ყოველთვის აინტერესებდა, ამიტომ მოგზაურობა მისთვის მხოლოდ გასართობი გასეირნება არ ყოფილა.

გიდმა იგი ად-დეირისკენ წაიყვანა — პეტრას ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ და მისტიკურ ძეგლთან, რომელსაც მონასტერსაც უწოდებდნენ. კლდეში გამოკვეთილი უზარმაზარი ნაგებობა უდაბნოს ფონზე მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. იგი ნაბატეველთა ეპოქაში, დაახლოებით პირველ საუკუნეში შეიქმნა, მოგვიანებით კი ქრისტიანულ ტრადიციასთანაც დაუკავშირდა.

იანისმა დიდხანს ათვალიერა მონასტერი, მის კედლებსა და ქვებში თითქოს წარსულის კვალს ეძებდა.

— საოცარი ადგილია, — თქვა მან და მზერა ნაგებობას მოავლო. — ძნელი წარმოსადგენია, რამდენი საიდუმლო იმალება ამ კლდეებში.

— პეტრას ბევრი ისტორია აქვს, ბატონო პაპანდრეუ, — უპასუხა გიდმა. — ზოგი მათგანი დღემდე ამოუხსნელია. აქ ყოველ ქვას თავისი წარსული აქვს.

— ალბათ ამიტომაც იზიდავს ამდენ ადამიანს ეს ადგილი.

— სწორედ ასეა. ზოგი ტურისტი მხოლოდ სილამაზის სანახავად მოდის, ზოგი კი ცდილობს, ამ ადგილის საიდუმლოებებიც შეისწავლოს.

სანამ უკან დაბრუნდებოდნენ, გიდმა პატარა სუვენირი გადასცა. მასზე ად-დეირის გამოსახულება იყო დატანილი.

— ეს თქვენთვისაა, სამახსოვროდ, — უთხრა მან. — სამშობლოში დაბრუნებისას ჩვენი კომპანიის თანამშრომელს გადაეცით. სანაცვლოდ მომდევნო ვიზიტზე ორმოცდაათპროცენტიან ფასდაკლების ვაუჩერს მიიღებთ.

იანისმა სუვენირი გამოართვა და ყურადღებით დაათვალიერა.

— საინტერესო შეთავაზებაა. მადლობა, აუცილებლად გადავცემ.

— იმედი მაქვს, მალე ისევ გვეწვევით.

— თუ საქმეები საშუალებას მომცემს, აუცილებლად დავბრუნდები.

იანისი იმ დღეს გაფრინდა ამანიდან, როდესაც მარია და ომარი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს აეროპორტში. მაშინ მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ იორდანიაში დატოვებული ეს მოკლე მოგზაურობა მომავალში გაცილებით დიდ მნიშვნელობას შეიძენდა.

ათენში ჩასულ იანისს აეროპორტში მისი პირადი მძღოლი ელოდებოდა. მძღოლს ბაგიც თან ახლდა. როგორც კი ძაღლმა პატრონი დაინახა, სიხარულით გადმოხტა მანქანიდან და მისკენ გაიქცა.

— ბაგი! — გაეცინა იანისს, როცა ძაღლი უკანა თათებზე წამოდგა და მკერდზე შეახტა. — მოიცა, მეგობარო, ჯერ სახლში არ წავსულვართ!

ბაგი კუდს ენერგიულად აქნევდა და პატრონს სახეს ულოკავდა. იანისმა თავზე ხელი გადაუსვა.

— მეც მომენატრე, ძველო მეგობარო. აბა, როგორ მოიქეცი უჩემოდ?

ძაღლი თითქოს მის სიტყვებს ხვდებოდა და კიდევ უფრო მეტად უხაროდა.

ამ დროს იანისთან ფარისის კომპანიის წარმომადგენელი მივიდა. ხელში ფასდაკლების ვაუჩერი ეჭირა.

— ბატონო პაპანდრეუ, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! ჩვენი კომპანიის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ თანამშრომლობისთვის. გიდმა გადმოგვცა, რომ თქვენთვის სუვენირი უნდა გადმოგეცათ.

— დიახ, სწორედ ამისთვის მოვედი, — უპასუხა იანისმა.

მან ჩანთიდან ად-დეირის გამოსახულებიანი სუვენირი ამოიღო და კაცს გაუწოდა.

მაგრამ მოულოდნელად ბაგის ქცევა შეიცვალა.

ძაღლმა სუვენირი რომ დაინახა, ყურები დაცქვიტა, დაიძაბა და დაბალი, გამაფრთხილებელი ღრენით კაცისკენ დაიძრა. შემდეგ მოულოდნელად წინ გადახტა და სუვენირის გამოგლეჯა სცადა.

— ბაგი! — მკაცრად დაუძახა იანისმა.

წარმომადგენელი შეშინდა და ხელი უკან გასწია.

— რა სჭირს ამ ძაღლს?! — წამოიძახა მან.

ბაგი არ ჩერდებოდა. მთელი ყურადღება პატარა სუვენირზე ჰქონდა გადატანილი და ცდილობდა, კაცისთვის გამოეგლიჯა იგი.

იანისმა ძაღლი საყელოთი დაიჭირა და უკან გასწია.

— დამშვიდდი, ბაგი! — უთხრა მან მკაცრად, თუმცა შინაგანად უკვე შეშფოთებული იყო.

ბაგი ჩვეულებრივ ასე არასოდეს იქცეოდა. წვრთნის დროს მას არაერთ რთულ სიტუაციაში მიეღო მონაწილეობა და იანისმა კარგად იცოდა, რომ ძაღლი უმიზეზოდ არ რეაგირებდა.

— მაპატიეთ, — უთხრა იანისმა კომპანიის წარმომადგენელს. — როგორც ჩანს, მგზავრობამ ააღელვა.

კაცმა უხერხულად გაიღიმა და ტანსაცმელი შეისწორა.

— არაფერია, ბატონო პაპანდრეუ. მთავარია, ვაუჩერი მიიღოთ. აი, თქვენი ფასდაკლების ბარათი.

იანისმა ვაუჩერი გამოართვა.

— მადლობა. დიდი ალბათობით, მართლაც მომიწევს დაბრუნება.

კომპანიის წარმომადგენელი დაემშვიდობა და წავიდა. იანისი კი რამდენიმე წამით ადგილზე გაუნძრევლად იდგა. შემდეგ ბაგის დახედა, რომელიც კვლავ სუვენირისკენ იყურებოდა და ჩუმად ღრენდა.

— რა დაგემართა, მეგობარო? — ჩუმად ჰკითხა იანისმა და ძაღლს თავზე ხელი გადაუსვა. — რატომ არ მოგეწონა ეს ნივთი?

ბაგიმ პატრონს შეხედა, შემდეგ კი მზერა კვლავ იმ ადგილისკენ გადაიტანა, სადაც ფარისის კაცი იდგა.

სუვენირი სამახსოვრო ნივთს ჰგავდა. არც რაიმე უჩვეულო ნიშანი ეტყობოდა და არც დაზიანება.

თუმცა ბაგის რეაქცია მოსვენებას არ აძლევდა.

„ეს უბრალოდ დამთხვევა არ უნდა იყოს“, — გაიფიქრა მან.

მან გაიხსენა პეტრაში გიდის ნათქვამი სიტყვები, ფარისის კომპანიის წარმომადგენლის უცნაური დაჟინება და ისიც, როგორ შეიცვალა ძაღლის ქცევა სუვენირის დანახვისთანავე.

შესაძლოა, ნივთში რაღაც იმალებოდა. ან იქნებ ბაგიმ ისეთი სუნი იგრძნო, რომელსაც იანისი ვერ ამჩნევდა.

მას ეჭვი გაუჩნდა, რომ ეს პატარა სუვენირი მხოლოდ სამახსოვრო ნივთი არ იყო.

თუმცა კომპანიის წარმომადგენელთან ეჭვი არ შეუმჩნევინებია. მშვიდად დაემშვიდობა მას და ისე მოიქცა, თითქოს მომხდარს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა.

— ბატონო იანის, ყველაფერი რიგზეა? — ჰკითხა მძღოლმა, როცა მის დაძაბულ სახეს შეხედა.

— ჯერ არ ვიცი, — უპასუხა იანისმა. — მაგრამ, როგორც ჩანს, ამანში იმაზე მეტი რამ ხდება, ვიდრე თავიდან მეგონა.

— გსურთ, ვინმეს დავუკავშირდე?

— ჯერ არა. არ მინდა, ნაჩქარევი დასკვნები გამოვიტანო.

მან ფანჯრიდან ათენის ქუჩებს გახედა. ხუთი წლის განმავლობაში ბევრი რამ ესწავლა, მათ შორის ისიც, რომ ზოგჯერ უმნიშვნელო დეტალი გაცილებით დიდ საიდუმლოს მალავს.

იანისმა ძაღლს შეხედა და ჩაფიქრდა.

— კარგი, მეგობარო, — ჩაილაპარაკა მან. — შენ რაღაც იგრძენი. ახლა ჩემი ჯერია, გავარკვიო, რა ხდება.

მან მაგიდაზე დადებული ფასდაკლების ვაუჩერი აიღო და ზედ მითითებულ ინფორმაციას დააკვირდა. შემდეგ ტელეფონი მოიმარჯვა და კალენდარში ორი კვირის შემდეგ ამანში დაბრუნების თარიღი მონიშნა.

ამჯერად იქ მხოლოდ სასტუმროს პროექტის განსახილველად აღარ დაბრუნდებოდა.

ის გაარკვევდა, რას მალავდა ფარისის კომპანია, რატომ გამოიწვია ბაგიში სუვენირმა ასეთი ძლიერი რეაქცია და რა კავშირი შეიძლებოდა ჰქონოდა ამ ყველაფერს პეტრასთან.

იანისმა ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მის წინაშე აღმოჩენილი საიდუმლო ომარის, მარიასა და ფარისის გარშემო განვითარებულ სახიფათო მოვლენებს უკავშირდებოდა.

მაგრამ ერთი რამ უკვე ცხადი იყო: პეტრადან ჩამოტანილი პატარა სუვენირი მისთვის დიდი საიდუმლოს გასაღებად შეიძლებოდა ქცეულიყო.

#პეტრას_საიდუმლო
#თავი_მერვე
სიმართლის ძიებაში.

მარიასა და ომარის მანქანა ალ-ხალიდების სახლის ეზოში გაჩერდა. Ბინიდან სახლში ოჯახთან დაბრუნდნენ. საღამოს მზე ნელ-ნელა ეშვებოდა ჰორიზონტისკენ და სახლის ფანჯრებიდან თბილი სინათლე იღვრებოდა.

ომარმა მანქანიდან გადმოსულ მარიას ხელი გაუწოდა.

— დაიღალე? — ჰკითხა ღიმილით.

— ცოტა, მაგრამ სახლში დაბრუნება მიხარია, — უპასუხა მარიამ.

— მაშინ დღეს არაფერზე იფიქრო. უბრალოდ დაისვენე.

მარიას გაეღიმა. ბოლო დროს ომარი მისთვის მხოლოდ ადამიანი აღარ იყო, რომელსაც უსაფრთხოება უნდა უზრუნველეყო. მის გვერდით თავს მშვიდად გრძნობდა, თუმცა საკუთარ გრძნობებში გარკვევას ჯერ კიდევ ვერ ახერხებდა.

როგორც კი სახლში შევიდნენ, სამირა მათკენ გაექანა.

— როგორც იქნა! უკვე ვფიქრობდი, რომ დღესაც მარტო მომიწევდა ვახშამი! — ხუმრობით თქვა მან და მარიას გადაეხვია.

ომარის დედა სამზარეულოდან გამოვიდა და ორივეს თბილად მიესალმა. მამამისი მისაღებში იჯდა, გაზეთი გვერდით გადადო და შვილს გაუღიმა.

— მიხარია, რომ დაბრუნდით. მოდით, მალე ვივახშმოთ. სუფრა უკვე თითქმის მზად არის.

ოჯახი ვახშმისთვის ემზადებოდა, როდესაც კარზე ზარი გაისმა.

ომარი კარის გასაღებად წავიდა. რამდენიმე წამში მისაღებში ახალგაზრდა მამაკაცი გამოჩნდა. მაღალი, დახვეწილი გარეგნობისა და მშვიდი მზერის მქონე სტუმარს მუქი ლურჯი პერანგი ეცვა.

— ომარ, იმედი მაქვს, ხელს არ გიშლი, — თქვა მან ღიმილით. — ბოდიში, რომ წინასწარ არ შეგატყობინე. ქალაქში საქმე გამომიჩნდა და გადავწყვიტე, შენთვისაც შემომევლო.

ომარის სახე მაშინვე გაუნათდა.

— იანის! რა სასიამოვნო სიურპრიზია! — მიუახლოვდა და მეგობრულად გადაეხვია. — შემოდი! ჩვენთან ერთად ივახშმებ. თან ოჯახსაც გაგაცნობ.

ომარმა სტუმარი ოჯახის წევრებს წარუდგინა.

— მამა, დედა, ეს იანის პაპანდრეუა, ჩემი საქმიანი პარტნიორი და მეგობარი. იანის, ეს ჩემი ოჯახია. ხოლო ეს ჩემი მეუღლე, მარია.

იანისმა მარიას თავაზიანად გაუღიმა.

— სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მარია. Ახლახანს გავიგე რომ ომარი დაოჯახდა და ძალიან გამიხარდა, გილოცავთ და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ.

— მადლობა, ჩემთვის აც სასიამოვნოა თქვენი გაცნობა იანის.ჩემი ქმრის მეგობრებს სამწუხაროდ ბევრს არ ვიცნობ "ჯერჯერობით."

ომარს რაღაცნაირად მოხვდა ყურში "ქმარი", მარიამ პირველად წარმოთქვა ეს სიტყვა და ძალიან ესიამოვნა.

Იანისის მზერა წამით სამირას შეაჩერდა. გოგონამ ღიმილით გაუწოდა ხელი და სტუმარს ადგილი შესთავაზა. იანისმა მის ხელს დახედა, შემდეგ კი თვალებში შეხედა.

— მადლობა, რომ ასე გულთბილად მიმიღეთ.

— ჩვენს სახლში სტუმარს არასოდეს ვტოვებთ მშიერს, — უპასუხა სამირამ.

იანისს გაეღიმა. რაღაც განსაკუთრებული იყო ამ გოგოს ღიმილში, თუმცა თავისი სიმპათია არ შეიმჩნია და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა.

ვახშამი მხიარულ გარემოში გაგრძელდა. ომარის მამა იანისს ათენში მის სასტუმროების ქსელზე ეკითხებოდა, დედა კი მარიას თეფშზე საჭმელს უმატებდა და გამუდმებით ეკითხებოდა, ყველაფერი ხომ კარგად ჰქონდა.

იანისი საუბარში თავისუფლად ერთვებოდა, თუმცა ზოგჯერ მზერა უნებურად სამირასკენ გაურბოდა. სამირაც ამჩნევდა ამას, მაგრამ ისე იქცეოდა, თითქოს ვერაფერს ხვდებოდა.

მარიამ ეს პატარა დეტალი შენიშნა და ღიმილი ძლივს შეიკავა.

ვახშმის დასრულების შემდეგ ომარი წამოდგა.

— იანის, კაბინეტში შევიდეთ. რამდენიმე საქმიანი საკითხი გვაქვს გასარკვევი.

— სწორედ ამისთვის მინდოდა შენთან საუბარი, — უპასუხა იანისმა.

ომარის კაბინეტში შესვლისთანავე იანისის გამომეტყველება შეიცვალა. მან კარი მიხურა და სავარძელში ჩამოჯდა.

— ომარ აქ მხოლოდ სასტუმროს ბიზნესზე სასაუბროდ არ მივსულვარ. ბოლო დროს ჩვენს ბიზნესთან დაკავშირებით რამდენიმე უცნაური ინფორმაცია მივიღე, — დაიწყო მან. — ერთ-ერთმა ჩემმა თანამშრომელმა მითხრა, რომ ტურისტული ტვირთების ნაწილი დანიშნულების ადგილამდე ისე მიდის, რომ საბუთებში ყველაფერი წესრიგშია, თუმცა რეალური შიგთავსი ზოგჯერ აღწერილობას არ ემთხვევა.

ომარმა წარბები შეკრა.

— ფარისის კომპანიაზე საუბრობ?

— პირდაპირი მტკიცებულება ჯერ არ მაქვს. მაგრამ რამდენიმე მარშრუტი საეჭვოდ ემთხვევა იმ გზებს, რომლებსაც შენი ბიძის კომპანია იყენებს.
- რა ხდება იანის?
-ხომ იცი რომ სტუმრებს სუვენირებისბს აძლევს და რომლებიც მისი კომპანიის წარმადგემლებს უნდა გადასცეს, სანაცვლოდ კი ფასდაკლების ვაუჩერს გვაძლევს.
-დაახლოებით ვიცი, სულ მიკვირდა რად უნდა ეს სუვენირებითქო.
-ომარ აეროპორტში როცა მისი კაცი დამხვდა, ჩემი მძღოლი მელოდებოდა ჩემს ძაღლთან ერთად, ბაგი ჩვეულებრივი ძაღლი არაა, ის სპეცრაზმისთვისაა გაწვრთნილი, ფეხი მოიტეხა და მერე მე წამოვიყვანე და ვუვლი, ხომ იცი მამაჩემი სამხედრო პოლიციაში მუშაობდა და ეს ძაღლიც მაჩუქეს.
-ვიცი ომარ, შენი მშობლების ამბავი ძალიან მეწყინა, 5 წელი გავიდა და მაინც რთულია ამის გახსენება.
-ჰო, დედა ავად იყო და ვიცოდით რომ დიდი დრო არ ჰქონდა, მაგრამ მამაც დედას დაღუოვიდან 4 თვეში გარდაიცვალა, გულმა ვერ გაუძლო.
-კაცებს გვიჭირს საყვარელი ადამიანის გარეშე ცხოვრება განსაკუთრებით მათ ასაკში.
-ჰო მართალი ხარ, მოკლედ ისევ ბაგის მივუბრუნდეთ. Ძაღლი გაგიჟდა ეს სუვენირი რომ დაინახა, გამოგლეჯვა უნდოდა. ვფიქრობ მასში რაღაც იყო ომარ, რისი გადატანაც ამ სუვენირის წყალობითაა შესაძლებელი საზღვარზე.

ომარი ფანჯარასთან მივიდა და რამდენიმე წამით ჩუმად იდგა.

მამის სიტყვები გაახსენდა. მას ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ჰქონდა ნათქვამი, რომ ფარისი რაღაცას მალავდა და ტურისტული ბიზნესი შესაძლოა მხოლოდ საფარი ყოფილიყო.

— მეც მაქვს ეჭვი, რომ ფარისი ჩვენს ზურგს უკან რაღაცას აკეთებს, — თქვა ბოლოს ომარმა. — მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქმე ასეთი სერიოზული იქნებოდა.

— თუ რამეს მალავს, ეს მხოლოდ ბიზნესის პრობლემა აღარ არის. უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიძლება საფრთხეში იყოს.

ომარმა მეგობარს შეხედა.

— ხვალვე შევამოწმებ მის კომპანიას. მინდა გავიგო, რა ხდება სინამდვილეში.

— ფრთხილად იყავი, — გააფრთხილა იანისმა. — თუ ფარისი მართლაც დამნაშავეა, ის ყველაფერს გააკეთებს თავისი საიდუმლოს დასაცავად.

— ვიცი. მაგრამ ამჯერად უკან დახევას არ ვაპირებ.

იმ ღამეს ომარმა უკვე გადაწყვიტა, რომ სიმართლეს აუცილებლად მიაგნებდა.

ამ დროს, ქალაქის მეორე ნაწილში, ნადირი პატარა ოთახში მარტო იჯდა.

მის წინ მაგიდაზე მარიას კამერა იდო. ეკრანი დაზიანებული იყო, ბატარეა კი დაცლილი, მაგრამ თავად კამერა გადარჩენილიყო.

ნადირმა კამერა ხელში აიღო და დიდხანს დააკვირდა.

მას შეეძლო კამერა გაენადგურებინა და ამით ფარისისთვის დაემტკიცებინა თავისი ერთგულება. მაგრამ იცოდა, რომ თუ ოდესმე ყველაფერი გამჟღავნდებოდა, ფარისი პირველ რიგში სწორედ მას გაწირავდა.

ამიტომ კამერა შეენახა.

— თუ ეს ჩანაწერი ომარის ხელში მოხვდება, ყველაფერი დასრულდება, — ჩაილაპარაკა მან.

მან კამერა პატარა ჩანთაში მოათავსა და დამალა.

ნადირს ჯერ არ გადაეწყვიტა, რას მოიმოქმედებდა. ფარისის ეშინოდა, მაგრამ საკუთარი სიცოცხლის დაკარგვისაც ეშინოდა.

კამერა მისთვის ახლა ერთადერთი შესაძლო გამოსავალი იყო.

ომარმა იანისის შემდეგ მარია საძინებელში იპოვა. გოგონა საწოლზე იჯდა და ფანჯრიდან ღამის ცას უყურებდა.

— ისევ ფიქრობ? — ჰკითხა ომარიმ და მის გვერდით ჩამოჯდა.

მარიამ თავი მისკენ მიაბრუნა.

— ზოგჯერ მგონია, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. რამდენიმე კვირის წინ უბრალოდ ჟურნალისტი ვიყავი, რომელიც პეტრას გადასაღებად ჩამოვიდა. ახლა კი მკვლელობის მოწმე ვარ, ვიღაცის საიდუმლოს ნაწილი და... შენი მეუღლე.

ბოლო სიტყვების წარმოთქმისას ოდნავ გაეღიმა.

ომარმა მის სახეს შეხედა.

— ვიცი, რომ ჩვენი ქორწინება ისე არ დაწყებულა, როგორც შენ წარმოიდგენდი. არც იმას გთხოვ, რომ ჩემ მიმართ ისეთი გრძნობები გქონდეს, რომლებიც ჯერ არ გაგჩენია.

მარიამ თვალები დახარა.

— მაგრამ შენ ჩემთვის იმაზე მეტი გააკეთე, ვიდრე ველოდი.

— შენს ადგილას ნებისმიერი ადამიანი იმსახურებდა დახმარებას.

— არა, ომარ. ყველა ასე არ მოიქცეოდა.

რამდენიმე წამით ორივე ჩუმად იყო.

შემდეგ ომარმა ფრთხილად აიღო მისი ხელი.

— სანამ საფრთხე არ დასრულდება, მარტო არ იქნები. ამას გპირდები.

მარიამ მის ხელს თითები შემოხვია.

— მადლობა.

ომარმა შუბლზე ნაზად აკოცა და საწოლის მეორე მხარეს დაწვა. მარიას არაფერი უთქვამს, მხოლოდ სინათლე ჩააქრო.

ღამით, გაუცნობიერებლად, მარია ომარისკენ მიბრუნდა და მის მკერდზე მიეკრო. ომარმა გაიღვიძა, მაგრამ არ განძრეულა. მის სახეს დახედა, მშვიდად მძინარეს, და ფრთხილად შემოხვია მკლავი.

იმ წამს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მარიას უსაფრთხოება აღარ იყო მხოლოდ მოვალეობა. მის გულში რაღაც იცვლებოდა.

დილით მარიას მზის სხივებმა გააღვიძა. მან იგრძნო, რომ ვიღაცის მკლავებში იყო მოქცეული. თავი ასწია და ომარს შეხედა, რომელსაც ჯერ კიდევ ეძინა.

რამდენიმე წამით ასე დარჩა. მერე გაახსენდა, როგორ აღმოჩნდა მის მკერდზე მიყრდნობილი და ოდნავ გაწითლდა.

ცდილობდა ფრთხილად მოშორებოდა, მაგრამ ომარიც გაიღვიძა.

— დილა მშვიდობისა, — უთხრა ღიმილით.

მარიამ თვალები აარიდა.

— დილა მშვიდობისა. მე... ალბათ ძილში გადმოვიწიე.

— მგონი, ასე მოხდა, — უპასუხა ომარიმ, თუმცა ღიმილი ვერ დამალა.

— ნუ დამცინი!

— არ დაგცინი, მარია.

მარიამ ბალიში აიღო და მსუბუქად მიარტყა.

ომარს გაეცინა. მარიაც აჰყვა სიცილში.

მცირე ხნით მათ დაივიწყეს ყველაფერი, რაც გარეთ ხდებოდა — საფრთხე, საიდუმლოებები და ადამიანები, რომლებსაც მათი განადგურება სურდათ.

დილით, საუზმისთვის მზადების დროს, კარზე ზარი გაისმა.

სამირა კარის გასაღებად წავიდა და ზღურბლზე იანისი დაინახა.

— დილა მშვიდობისა, — მიესალმა იგი ღიმილით. — ომართან მოვედი. დღეს ერთად უნდა წავიდეთ კომპანიაში.

— დილა მშვიდობისა! შემოდი, ჯერ არ წასულა.

იანისმა სახლში შეაბიჯა.

— იმედი მაქვს, ძალიან ადრე არ მოვედი.

— არა, რას ამბობ! ყავას დალევ?

— სიამოვნებით, თუ ხელს არ შეგიშლი.

სამირამ სტუმარი სამზარეულოში შეიყვანა. ყავა მოუმზადა და მაგიდასთან დაჯდა.

— ხშირად ჩამოდიხარ ამანში? — ჰკითხა მან.

— ბოლო დროს უფრო ხშირად. ჩემს სასტუმროებს ძირითადად ათენში ვმართავ, მაგრამ იორდანია ჩემთვის უცხო არ არის. დედაჩემი აქედან იყო.

სამირას სახე გაუთბა.

— მართლა? ეს არ ვიცოდი.

— დედა ხუთი წლის წინ დავკარგე. მამაც იმავე პერიოდში გარდაიცვალა. მას შემდეგ ძირითადად საქმეს მივუძღვენი თავი.

სამირამ მზერა დაუმშვიდდა.

— ვწუხვარ. რთული უნდა ყოფილიყო.

— იყო. მაგრამ ცხოვრება გრძელდება.

ცოტა ხანს სხვა თემებზე ისაუბრეს. სამირა იანისის საქმიანობით დაინტერესდა, იანისი კი მის კითხვებს სიამოვნებით პასუხობდა.

როცა სამირამ ყავის ფინჯანი გაუწოდა, მათი თითები ერთმანეთს მსუბუქად შეეხო.

ორივე წამით გაჩერდა.

— მადლობა, — თქვა იანისმა და მზერა აარიდა.

— არაფრის, — უპასუხა სამირამ, რომელსაც მოულოდნელად საკუთარი ღიმილის დამალვა მოუნდა.

ამ დროს კიბეზე ომარის ნაბიჯების ხმა გაისმა.

— იანის, მზად ხარ?

— რა თქმა უნდა.

ომარმა სამირას შეხედა.

— ყავით გაუმასპინძლდი?

— შენს სტუმრებს ხომ ვერ დავტოვებდი უყავოდ! — უპასუხა მან უდანაშაულო გამომეტყველებით.

იანისმა გაიცინა, დაემშვიდობა და ომართან ერთად სახლიდან გავიდა.

სამირა კართან დარჩა და მანქანას თვალი გააყოლა. შემდეგ თავი გააქნია, თითქოს საკუთარ თავს რაღაცის აღიარებას უკრძალავდა.

— სულაც არ მომწონს, — ჩაილაპარაკა მან ჩუმად.

მაგრამ ღიმილი სახიდან დიდხანს არ მოშორებია.

კომპანიაში მისვლისთანავე ომარმა თანამშრომლები შეკრიბა.

— მინდა, ყველა დოკუმენტი, საწყობების აღრიცხვა და ტვირთების გადაზიდვის ჩანაწერები ხელახლა შემოწმდეს. არავინ დატოვოთ გამონაკლისად. განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ იმ ტვირთებს, რომლებიც ტურისტული სუვენირების სახელით იგზავნება.

თანამშრომლები დაუყოვნებლივ შეუდგნენ საქმეს.

იანისი ომარის კაბინეტში დარჩა და მიღებულ ინფორმაციას აანალიზებდა. რამდენიმე საათის შემდეგ შემმოწმებლები დაბრუნდნენ.

— ბატონო ომარ, დოკუმენტებში დარღვევა ვერ აღმოვაჩინეთ. საწყობებში არსებული საქონელიც საბუთებს ემთხვევა.

ომარმა გაღიზიანებულმა მაგიდაზე კალამი დადო.

— ეს შეუძლებელია.

— ყველაფერი ზედმიწევნით შევამოწმეთ.

როდესაც თანამშრომლები გავიდნენ, იანისმა ჩუმად თქვა:

— თუ ფარისი მართლა რაღაცას მალავს, შესაძლოა წინასწარ გააფრთხილეს.

ომარმა მაშინვე რაშდის დაურეკა.

— მინდა, ფარისს უთვალთვალო. გაიგე, სად მიდის, ვის ხვდება და რომელ საწყობებს სტუმრობს. არ შეამჩნიოს, რომ ვამოწმებთ.

— გასაგებია, — უპასუხა რაშდიმ. — ფრთხილად ვიქნები.

ომარმა ტელეფონი გათიშა და იანისს შეხედა.

— დოკუმენტები სუფთაა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ფარისი ზედმეტად ჭკვიანია იმისთვის, რომ ასეთ რამეს დაუდევრად მოეკიდოს.

— მაშინ უნდა ვიპოვოთ ის, რასაც დოკუმენტებში ვერ ვნახავთ, — თქვა იანისმა.

ორივემ იცოდა, რომ მათი ეჭვები ჯერ კიდევ მტკიცებულებად არ ქცეულიყო.

მაგრამ ეს დიდხანს აღარ გაგრძელდებოდა.

იმავე დროს ფარისი თავის კაბინეტში იჯდა და ტელეფონზე საუბრობდა.

— ომარმა კომპანიაში შემოწმება დაიწყო? — იკითხა მან მკაცრი ხმით.

მეორე მხრიდან პასუხი მოისმინა და სახე შეეცვალა.

— რამდენი ხანია?

რამდენიმე წამი უსმენდა, შემდეგ კი ტელეფონი გათიშა.

ფარისი მიხვდა, რომ დრო აღარ ჰქონდა. ომარი უკვე ეჭვობდა, და თუ საწყობში დამალულ ტვირთს მიაგნებდა, ყველაფერი დაინგრეოდა.

მან მანქანის გასაღები აიღო და თავის კაცებს დაურეკა.

— დაუყოვნებლივ მოემზადეთ. საწყობი უნდა დავცალოთ. ყველაფერი იქიდან დღესვე უნდა გაქრეს.

— მაგრამ ბატონო, ეს საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს...

— არ მაინტერესებს! — შეუღრინა ფარისმა. — თუ ომარი იქამდე მივა, სანამ ყველაფერს გავიტანთ, ყველანი საფრთხეში აღმოვჩნდებით.

მანქანაში ჩაჯდა და საწყობისკენ გაემართა.

საწყობში მისვლისას მუშები უკვე შეფუთულ ყუთებს სატვირთო მანქანებში ალაგებდნენ. გარედან ისინი ჩვეულებრივ ტურისტულ სუვენირებს შეიცავდა — დეკორატიულ ჭურჭელს, პატარა ქანდაკებებსა და სამახსოვრო ნივთებს.

მაგრამ ზოგიერთი ყუთის შიგთავსი სულ სხვა იყო.

ნარკოტიკები სუვენირების პარტიებს შორის ისე ჰქონდათ დამალული, რომ ჩვეულებრივი შემოწმებისას მათი აღმოჩენა რთული ყოფილიყო.

ფარისი ყუთებს შორის დადიოდა და მუშებს აჩქარებდა.

— არ გაჩერდეთ! ყველაფერი უნდა გავიდეს, სანამ დაღამდება!

მან ვერ შეამჩნია, რომ საწყობის მოპირდაპირე მხარეს გაჩერებული მანქანიდან რაშდი აკვირდებოდა.

რაშდიმ ტელეფონი ამოიღო და ომარს დაურეკა.

— ომარ, ფარისი ერთ-ერთ საწყობშია. იქიდან ყუთების სასწრაფოდ გატანას ცდილობს. რაღაც რიგზე არ არის.

ომარი წამში წამოდგა.

— მისამართი გამომიგზავნე. ახლავე მოვდივართ.

იანისმა ქურთუკი აიღო.

— მეც მოვდივარ.

— ეს შეიძლება სახიფათო იყოს, — გააფრთხილა ომარმა.

— თუ შენი ეჭვები გამართლდა, მარტო ვერ დაგტოვებ.

ომარმა თავი დაუქნია და ორივე სწრაფად გაემართა გასასვლელისკენ.

8. სიმართლე საწყობში

საწყობში ფარისი უკვე ბოლო ყუთების გატანას აკონტროლებდა, როდესაც გარედან მანქანის მკვეთრი დამუხრუჭების ხმა გაისმა.

მან თავი ასწია.

რამდენიმე წამში საწყობის კარი გაიღო და შიგნით ომარი და იანისი შევიდნენ.

ფარისის სახე შეეცვალა, თუმცა მალევე ჩვეულებრივი გამომეტყველება დაიბრუნა.

— ომარ? აქ რას აკეთებ? — ჰკითხა მან. — წინასწარ მაინც დაგერეკა.

ომარმა ყურადღება არ მიაქცია მის სიტყვებს. მზერა ყუთებზე გადაიტანა, შემდეგ კი ფარისს შეხედა.

— საინტერესოა, ბიძია. რატომ ცდილობ ამ საწყობის ასე სასწრაფოდ დაცლას?

— ჩვეულებრივი სამუშაოა. ტვირთები უნდა გავგზავნოთ.

— და რატომ არ ფიგურირებს ეს გადაზიდვა იმ ჩანაწერებში, რომლებიც დღეს კომპანიაში შევამოწმეთ?

ფარისი წამით დაიბნა, მაგრამ მალევე უპასუხა:

— ალბათ საბუთები ჯერ არ განუახლებიათ. შენ ხომ იცი, რამდენი საქმე გვაქვს.

იანისმა ერთ-ერთ ყუთს მიუახლოვდა. ზედ დატანილი წარწერა და დოკუმენტში მითითებული საქონელი ერთმანეთს არ ემთხვეოდა.

— ომარ, ამას შეხედე.

ომარი მის გვერდით მივიდა. ერთ-ერთი მუშა მათ შეშფოთებული სახით უყურებდა.

— გახსენით, — უბრძანა ომარიმ.

ფარისი წინ გადაუდგა.

— ამის უფლება არ გაქვს! ეს ჩემი ტვირთია!

ომარმა მკაცრად შეხედა.

— თუ ყველაფერი წესრიგშია, მაშინ სანერვიულო არაფერი გაქვს.

მან ყუთის თავსახური გახსნა. ზემოდან ჩვეულებრივი სუვენირები ჩანდა. ომარმა რამდენიმე ნივთი გვერდზე გადადო და ქვემოთ მოთავსებული შეფუთვები აღმოაჩინა.

მისი სახე ერთ წამში შეეცვალა.

იანისიც მიუახლოვდა და ყუთში ჩაიხედა. ორივე მიხვდა ყუთში ნარკოტიკი იყო.

ომარმა მეორე ყუთიც გახსნა. იქაც იგივე აღმოჩნდა.

რამდენიმე წამით სრული სიჩუმე ჩამოვარდა.

ომარმა ნელა ასწია თავი და ფარისს შეხედა. მის თვალებში ბრაზი, იმედგაცრუება და ღალატის განცდა ერთმანეთს შეერია.

— ეს რა ჯანდაბაა, ბიძია?!

ფარისი დუმდა.

ომარი მასთან მივიდა. მისი ხმა დაბალი, მაგრამ იმდენად მკაცრი იყო, რომ საწყობში მყოფმა ყველამ გაიგონა.

— რამდენი ხანია ამით წამლავ ადამიანებს?!

ფარისმა არაფერი უპასუხა. მხოლოდ ომარს უყურებდა ისეთი მზერით, რომლის მიღმაც წლების განმავლობაში დაგროვილი საიდუმლოებები იმალებოდა.

ომარმა ჯერ არ იცოდა, რომ ნარკოტიკების აღმოჩენა მხოლოდ დასაწყისი იყო. წინ კიდევ უფრო ბნელი სიმართლე ელოდა — სიმართლე, რომელიც პეტრაში მომხდარ მკვლელობას, მარიას კამერასა და იმ ადამიანებს უკავშირდებოდა, რომელთა სახელებიც ჯერ კიდევ უცნობი იყო.

და სადღაც ქალაქში ნადირი კვლავ ინახავდა კამერას, რომელსაც შეეძლო მთელი ისტორიის შეცვლა.

#გაგრძელება_იქნება 💚




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent