შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოჯახის ჩრდილში (სრულად)


დღეს, 13:48
ნანახია 0

#ოჯახის_ჩრდილში
#თავი_პირველი

ქუთაისს განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა ყოველთვის. ქალაქს, სადაც ძველი აივნები წარსულის ამბებს ინახავდა, ვიწრო ქუჩებში კი ერთმანეთში ირეოდა ახლად მოხარშული ყავის, სველი ასფალტისა და ეზოებში აყვავებული ყვავილების სურნელი. აქ დილა ნელა იწყებოდა — აივნებიდან მეზობლების ხმები ისმოდა, პატარა საცხობებიდან ცხელი პურის სურნელი გამოდიოდა, ქუჩებში კი ნაცნობები ერთმანეთს ღიმილით ესალმებოდნენ.

ქუთაისში ცხოვრება თითქოს უფრო მშვიდი იყო, ვიდრე დედაქალაქში, თუმცა ამ სიმშვიდის მიღმა თითოეულ ოჯახს თავისი საიდუმლო, ტკივილი და უთქმელი სათქმელი ჰქონდა.

ქალაქის ერთ-ერთ ძველ და გამორჩეულ ქუჩაზე, თბილისის ქუჩაზე, კორინთელების ოჯახი ცხოვრობდა. მათი სახლი დიდი, ლამაზი ეზოთი და აივნით გამოირჩეოდა. სახლის კედლებში მრავალი ბედნიერი მოგონება იყო ჩარჩენილი, თუმცა ხუთი წლის წინ მომხდარმა ტრაგედიამ ამ ოჯახს სამუდამოდ შეუცვალა ცხოვრება.

კორინთელების გვარი ქუთაისში ბევრისთვის ნაცნობი იყო. მათ წლების განმავლობაში წარმატებული სარესტორნო ბიზნესი შექმნეს. ოჯახს რამდენიმე რესტორანი ეკუთვნოდა და ქალაქში პატივისცემით სარგებლობდნენ.

ოჯახის უფროსი, ლევან კორინთელი, წლების განმავლობაში თავად მართავდა ბიზნესს. ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც მისი უმცროსი ვაჟი, რევაზ კორინთელი, მოულოდნელად გარდაიცვალა. რევაზი მხოლოდ ოცდაშვიდი წლის იყო. გულის შეტევამ მისი სიცოცხლე ერთ წამში დაასრულა და ოჯახი გამოუსწორებელი ტკივილის წინაშე დატოვა.

მას მეუღლე, ანა აბრამიძე, და პატარა ვაჟი დაჩი დარჩა.

რევაზის გარდაცვალების შემდეგ ლევანმა ბიზნესს ჩამოშორება გადაწყვიტა. მისთვის ყოველი სამუშაო დღე იმ ვაჟს ახსენებდა, რომელიც მის გვერდით უნდა ყოფილიყო. ოჯახური საქმის მართვის პასუხისმგებლობა უფროსმა ვაჟმა, რომა კორინთელმა, აიღო საკუთარ თავზე.

რომა ოცდაჩვიდმეტი წლის იყო. მაღალი, თავდაჯერებული და შრომისმოყვარე მამაკაცი, რომელსაც გარეგნულ სიმკაცრეს მიღმა თბილი გული ჰქონდა. თანამშრომლებს უყვარდათ, პარტნიორები ენდობოდნენ, მეგობრები კი ყოველთვის იცოდნენ, რომ მის იმედად ყოფნა შეეძლოთ.

რომასთვის ოჯახი ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყო. განსაკუთრებით კი პატარა დაჩი, მისი გარდაცვლილი ძმის ერთადერთი ვაჟი.

რომას მეუღლე სალომე მშვიდი და მოსიყვარულე ქალი, მათ ხუთი წლის ქალიშვილი, ნიტა ჰყავდათ. ნიტასა და დაჩის ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. ისინი ბიძაშვილებზე მეტად და-ძმას ჰგავდნენ და იშვიათად თუ ნახავდით ერთს მეორის გარეშე.

რომას ჰყავდა უმცროსი დაც, დიანა კორინთელი — ოცდაშვიდი წლის, მაღალი, ულამაზესი, გრძელი და სწორი თმით. დიანა დამოუკიდებელი ქალი იყო. საკუთარი ავიაბილეთების კომპანია ჰქონდა, საქმეს კარგად უძღვებოდა და პირად ცხოვრებაში არ ჩქარობდა. ოჯახის წევრები ხშირად ხუმრობდნენ, რომ მისთვის შესაფერისი საქმროს პოვნა უფრო რთული აღმოჩნდებოდა, ვიდრე ახალი ბიზნესის დაწყება.

— დიანა, შენ ასე თუ გააგრძელე, ნიტა გათხოვდება და შენ ისევ თავისუფალი იქნები, — სიცილით ეუბნებოდა ხოლმე სალომე.

— ნიტას ჯერ ბაღი აქვს დასამთავრებელი და მე სადღაც უნდა ვიჩქარო? — მხრებს იჩეჩდა დიანა. — თანაც, არ ვაპირებ მხოლოდ იმიტომ გავთხოვდე, რომ თქვენ მშვიდად დაიძინოთ.

— ღმერთმა დაგიფაროს, ისეთი ჯიუტი ქმარი შეგხვდეს, როგორიც შენ ხარ, — ხუმრობით უპასუხებდა რომა.

— შენ ჯერ საკუთარ თავს მიხედე, ძამიკო!

მათი სიცილი ხშირად ავსებდა სახლს, თუმცა რევაზის სახელი ყოველთვის განსაკუთრებულ სიჩუმეს იწვევდა.

---

იმ დილითაც კორინთელების სახლში ჩვეულებრივი ოჯახური ფუსფუსი იყო.

სამზარეულოში ნატალია კორინთელი საუზმეს ამზადებდა. ის მეხუთე საჯარო სკოლის მასწავლებელი იყო და საფიჩხიაზე მდებარე სკოლაში მუშაობდა. მკაცრი, მაგრამ მოსიყვარულე ქალი გახლდათ. განსაკუთრებით კი შვილიშვილების მიმართ ვერასდროს მალავდა სითბოს.

სუფრასთან რომა იჯდა და ტელეფონში სამუშაო შეტყობინებებს კითხულობდა. სალომე ნიტას თმას ვარცხნიდა, პატარა გოგონა კი დაჩის ელოდებოდა, რომელსაც ბაბუასთან ერთად უნდა ესაუზმა.

— დედა, დაჩის დაურეკე? — იკითხა რომამ.

— უკვე გავაღვიძე. ანა ჩააცმევს და ცოტა ხანში მოვლენ, — უპასუხა ნატალიამ.

— დღეს სკოლაში მე წავიყვან, — თქვა რომამ და ტელეფონი გვერდზე გადადო.

— შენ? — გაკვირვებით შეხედა დიანამ, რომელიც სამზარეულოში შემოვიდა. — შენ ხომ დილით შეხვედრა გაქვს?

— გადავწიე.

— რომა, ბავშვი სკოლაში იმიტომ კი არ უნდა წაიყვანო, რომ ყოველ ჯერზე რაღაცის გადადება შეგიძლია, — ჩაერია სალომე. — დაჩის უნდა, რომ ბიძამისთან ერთად წავიდეს. ეს სხვა ამბავია.

რომას გაეღიმა.

— აბა, რა ვქნა? როცა მეუბნება, ბიძია, შენ წამიყვანეო, უარს ვერ ვეუბნები.

ამ დროს ოთახში ლევანი შემოვიდა. ბოლო წლებში მის სახეზე სიხარული იშვიათად ჩნდებოდა. რევაზის გარდაცვალებამ თითქოს ასაკზე მეტად დააბერა. მიუხედავად ამისა, შვილიშვილების დანახვისას თვალები ყოველთვის უნათდებოდა.

— ჩემი ბიჭი სად არის? — იკითხა მან.

— ახლავე მოვა, მამა, — უპასუხა რომამ.

ლევანი მაგიდასთან დაჯდა და უფროს შვილს შეხედა.

— დღეს რესტორანში მიდიხარ?

— დილით ოფისში რამდენიმე საკითხი მაქვს მოსაგვარებელი, მერე რესტორნებში გავივლი. ახალი მენიუს საკითხიც უნდა დავასრულოთ.

— ზოგჯერ ვფიქრობ, რომ შენც ზედმეტად ბევრს იღებ საკუთარ თავზე, — ჩუმად თქვა ლევანმა.

— ვიღაცამ ხომ უნდა მიხედოს ყველაფერს, მამა.

— ვიცი, შვილო. უბრალოდ... — ლევანი გაჩუმდა.

რომამ მამის სათქმელი იცოდა. ორივეს ახსოვდა, როგორი ენერგიული იყო რევაზი, როგორ გეგმავდა მომავალს და როგორ უყვარდა ოჯახური ბიზნესი.

— ყველაფერი კარგად იქნება, მამა, — უთხრა რომამ და ხელი მხარზე დაადო. — ჩვენ ერთად ვართ.

ლევანმა თავი დაუქნია.

კორინთელების ოჯახში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ერთი რამ უცვლელი დარჩა: ისინი ერთმანეთს არასოდეს ტოვებდნენ მარტო ტკივილთან.

---

ანა აბრამიძე ოცდარვა წლის იყო. თბილისიდან ქუთაისში საცხოვრებლად გადმოსვლის შემდეგ სამი წელი გასულიყო, თუმცა ზოგჯერ ჯერ კიდევ უჭირდა იმის დაჯერება, რომ მისი ცხოვრება ასე რადიკალურად შეიცვალა.

ხუთი წლის წინ მოულოდნელად გარდაეცვალა მეუღლე, რევაზ კორინთელი. მაშინ ანა ოცდასამი წლის იყო, მათი ვაჟი, დაჩი კი ჯერ კიდევ ძალიან პატარა. ერთმა საშინელმა დღემ მთელი მისი მომავალი შეცვალა.

რევაზის გარდაცვალების შემდეგ ანა ერთი წელი კორინთელების ოჯახში ცხოვრობდა. ოჯახი მას გვერდიდან არ შორდებოდა. ლევანი და ნატალია რძალს შვილივით ექცეოდნენ, რომა კი ყველაფერს აკეთებდა, რომ ანასა და დაჩის დანაკლისი ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა.

შემდეგ ანა დედასთან, თბილისში, წავიდა. ეგონა, რომ გარემოს შეცვლა ტკივილთან გამკლავებაში დაეხმარებოდა. თუმცა დედაქალაქში დაბრუნება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა. ყოველი ნაცნობი ადგილი წარსულში აბრუნებდა.

ანას ძმა, ნიკა, ამერიკაში ცხოვრობდა. დაოჯახების შემდეგ Ანას დედამ თავისთან წაეყვანა. ანას დედამ გადაწყვიტა შვილთან გადასულიყო, რადგან ისედაც წლებია წასული იყო ნიკა, ანას მამა გარდაცვლილი ყავდა.

ანა კი არჩევანის წინაშე აღმოჩნდა. თბილისში მარტო დარჩენა აღარ უნდოდა. ამ დროს კორინთელების ოჯახმა მას ქუთაისში ბინა აჩუქა — საჩუქარი, რომელიც მხოლოდ მატერიალურ დახმარებას არ ნიშნავდა. ეს იყო მათი ნათქვამი სიტყვების გარეშე: შენ და დაჩი მარტო არასოდეს იქნებით.

რუსთაველის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში, ანა და დაჩი დასახლდნენ. ბინა ნათელი და მყუდრო იყო, ფანჯრებიდან კი ქალაქის ყოველდღიური ცხოვრება ჩანდა. იქ მათ საკუთარი პატარა სამყარო შექმნეს, მაგრამ კორინთელების ოჯახთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტიათ.

კვირაში რამდენჯერმე ერთად სადილობდნენ, დღესასწაულებს ერთად აღნიშნავდნენ და ერთმანეთის ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდნენ.

ნატალია დაჩის სკოლაში წაყვანასა და გამოყვანაში ეხმარებოდა. რადგან თავად მეხუთე სკოლაში, საფიჩხიაზე, მუშაობდა, ანამაც გადაწყვიტა, დაჩი იმავე სკოლაში შეეყვანა.

დაჩი უკვე ექვსი წლის იყო. დედას საოცრად ჰგავდა — ისეთივე თბილი თვალები და მშვიდი ღიმილი ჰქონდა, როგორიც რევაზს ახალგაზრდობაში.

ნიტა და დაჩი განუყრელები იყვნენ. თუ ერთს სათამაშო ჰქონდა, მეორესაც უზიარებდა; თუ ერთი მოწყენილი იყო, მეორე მაშინვე მის გამხიარულებას ცდილობდა.

იმ დილით ანა დაჩის სკოლის ფორმას უსწორებდა.

— დედიკო, დღეს ნიტასთან ვითამაშებ? — ჰკითხა ბიჭმა.

— თუ გაკვეთილებს კარგად მოისმენ, რა თქმა უნდა.

— ბიძია რომა წამიყვანს სკოლაში?

— მგონი, დღეს თვითონ დაგპირდა.

დაჩის სახე გაუნათდა.

— ყველაზე კარგი ბიძია მყავს!

ანას გაეღიმა, თუმცა თვალებში წამით სევდა ჩაუდგა.

— კი, ჩემო საყვარელო. ძალიან კარგი ბიძია გყავს.

დაჩიმ დედას ჩაეხუტა.

— დედა, მამა რომ ცოცხალი ყოფილიყო, ისიც წამიყვანდა სკოლაში?

ანას სუნთქვა შეეკრა. ეს კითხვა უკვე ბევრჯერ მოუსმენია, მაგრამ პასუხის გაცემა ყოველ ჯერზე უჭირდა.

მუხლებზე დაიჩოქა და ბიჭს სახეზე მოეფერა.

— რა თქმა უნდა, ჩემო სიცოცხლე. მამას ძალიან ეყვარებოდი და ყოველდღე შენთან ყოფნა მოუნდებოდა.

— მე ის მახსოვს?

ანა რამდენიმე წამით გაჩუმდა.

— პატარა იყავი, როცა მამა წავიდა, მაგრამ სიყვარული მეხსიერებაზე მეტია, დაჩი. მე მოგიყვები მასზე იმდენ ამბავს, რომ ყოველთვის იგრძნო, როგორი კარგი მამა გყავდა.

ბიჭმა დედას მაგრად მოხვია ხელები.

— შენ არასოდეს წახვიდე, კარგი?

ანამ თვალები დახუჭა და შვილი გულში ჩაიკრა.

— არსად წავალ, ჩემო პატარა. ყოველთვის შენთან ვიქნები.

მაგრამ იმ წუთას ანამ იცოდა, რომ სიყვარულიც ვერ იცავდა ადამიანს ცხოვრების მოულოდნელი დარტყმებისგან.

---

იმავე დღეს, მოგვიანებით, ანა კომპიუტერთან იჯდა და სამსახურის განცხადებებს ათვალიერებდა.

ეკონომისტის განათლება ჰქონდა, თუმცა ბოლო წლებში ძირითადად დაჩის აღზრდითა და ოჯახის საქმეებით იყო დაკავებული. ახლა კი სურდა, მუშაობა დაეწყო, საკუთარი პროფესია გამოეყენებინა და ცხოვრებისთვის ახალი მიმართულება მიეცა.

ტელეფონი აწკრიალდა. ეკრანზე დიანას სახელი გამოჩნდა.

— ანა, რას აკეთებ? — გაისმა მხიარული ხმა.

— სამსახურს ვეძებ. უკვე იმდენი განცხადება ვნახე, მგონი, ყველა კომპანიის თანამშრომელი ზეპირად ვიცი.

— კარგი, მაშინ ერთი ამბავი მაქვს.

— გისმენ.

— ვაკანსია არის სამშენებლო კომპანიაში.

— მართლა?

— ჰო. კომპანია „ქუთაის კონსტრაქშენში“ ელენე კოტეს და დეკრეტულ შვებულებაში გადის. თანამშრომელი სჭირდებათ, თან ეკონომიკური განათლება აუცილებელია. ელენემ მითხრა რომ ბუღალტერი სჭირდებათ

— მართლა? Სწორედ ახლა ვეძებდი ვაკანსიებს.

— ხოდა მიდი გაესაუბრე. თუ მოეწონები, აგიყვანენ. თუ არა, სხვა სამსახურს ვიპოვით. მაგრამ შენ ხომ სწორედ ასეთი შესაძლებლობა გჭირდებოდა?

ანა ჩაფიქრდა.

— კარგი. დიდი მადლობა, დიანა.

— მადლობას მერე მეტყვი, როცა პირველ ხელფასს აიღებ და ყავაზე დამპატიჟებ.

ანას გაეცინა.

— კარგი, შეთანხმდით.

ზარის დასრულების შემდეგ დიდხანს უყურებდა ტელეფონს. ეს მხოლოდ სამსახური არ იყო. ეს იყო შესაძლებლობა, ყოველდღიურობაში დაბრუნებულიყო, ახალი ადამიანები გაეცნო და საკუთარი თავისთვის დაემტკიცებინა, რომ რევაზის დაკარგვის შემდეგაც შეეძლო ცხოვრება თავიდან აეწყო.

---

კორინთელების ოჯახის მოპირდაპირე მხარეს კიდევ ერთი სახლი იდგა. იქ მერკვილაძეები ცხოვრობდნენ.

კოტე მერკვილაძე რომასა და დიანას ბავშვობის მეგობარი იყო. ისიც ქუთაისში იყო გაზრდილი და კორინთელების ოჯახს საკუთარ ოჯახად მიიჩნევდა. მამა გარდაცვლილი ჰყავდა, დედასთან ერთად ცხოვრობდა, კოტეს და იყო ელენე, რომელიც სამშენებლო კომპანიაში ბუღალტრად მუშაობდა, 1 წლის წინ გათხოვდა და ახლა ფეხმძიმობის გამო შვებულებაში გადიოდა

კოტე წარმატებული, ჭკვიანი და იუმორის გრძნობით გამორჩეული ახალგაზრდა კაცი იყო. მას კარგად ესმოდა, რას ნიშნავდა ოჯახური ერთგულება, ამიტომ რევაზის გარდაცვალების შემდეგ მეგობრებს გვერდიდან არ მოშორებია.

იმ საღამოს, როცა რომა სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა, კოტე ეზოს ჭიშკართან დახვდა.

— სად გარბიხარ ასეთი სერიოზული სახით? — ჰკითხა კოტემ.

— ოფისში.

— კვირის რომელ დღეს არ ხარ ოფისში?

— იმ დღეს, როცა შენ ჩემს მაგივრად იმუშავებ.

— მე? — კოტემ ხელები გაშალა. — მეგობრობა მეგობრობაა, მაგრამ მონობას არ ვაპირებ.

რომას გაეცინა.

— კარგი, მაშინ ყავა მაინც დამალევინე საღამოს.

— ეგ სხვა საქმეა. ოღონდ დიანას უთხარი, რომ ჩემს მანქანას აღარ შეეხოს. გუშინ გასაღები წაიღო და დამიბრუნა მხოლოდ მაშინ, როცა ბენზინი გაუთავდა.

— თვითონ უთხარი.

— მე რომ ვუთხრა, ისევ მე გამომიყვანს დამნაშავედ.

მათ ერთად გაიცინეს. ასეთი ურთიერთობა ჰქონდათ ბავშვობიდან — გულწრფელი, ხანგრძლივი და ნამდვილი.

---

„ქუთაის კონსტრაქშენი“ ქალაქში ერთ-ერთი მზარდი სამშენებლო კომპანია იყო. მას ახალგაზრდა ბიზნესმენი შოთიკო ასათიანი მამასთან, გიორგი ასათიანთან ერთად მართავდა. კომპანიას მნიშვნელოვანი პროექტები ჰქონდა და თანამშრომლებისგან პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობას მოითხოვდა.

მათი ბიზნესპარტნიორი ანდრო მელაძე იყო — გავლენიანი ბიზნესმენი, რომლის ოჯახიც წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა. ანდროს მეუღლე გარდაცვლილი ჰყავდა. მას ორი შვილი დარჩა: 35 წლის ლევანი და 29 წლის ნინო.

ნინო განქორწინებული იყო. მისი ყოფილი ქმარი ნარკოდამოკიდებული გახლდათ და მათი ქორწინება მძიმე გამოცდილებად ექცა. საბოლოოდ, ლევანის დახმარებით, ნინომ შეძლო ამ ურთიერთობის დასრულება. მისი ყოფილი ქმარი საქართველოში აღარ ცხოვრობდა.

ნინო მამასთან ერთად ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, მდიდრულ სახლში ცხოვრობდა. მიუხედავად ოჯახური სირთულეებისა, ის დამოუკიდებელი და ძლიერი ქალი იყო. კომპანიაში იურიდიულ საკითხებს უძღვებოდა და თანამშრომლების პატივისცემით სარგებლობდა.

ლევანი კი ახლახან დაბრუნებულიყო რუსეთიდან. წლების განმავლობაში იქ ცხოვრობდა და ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა, ახლა კი მამასთან და მის პარტნიორებთან მუშაობას აპირებდა.

ის ოცდათხუთმეტი წლის იყო, მაღალი, თავდაჯერებული და მკაცრი გამომეტყველებით. იშვიათად იღიმოდა და ადამიანებთან ურთიერთობისას დისტანციას ინარჩუნებდა. მისთვის წესრიგი, დრო და პასუხისმგებლობა უმნიშვნელოვანესი იყო.

ანდრო მელაძე და გიორგი ასათიანი დიდი ხნის მეგობრები იყვნენ. მათი შვილებიც ერთად გაიზარდნენ, ამიტომ შოთიკოსა და ლევანს შორის საქმიანი ურთიერთობის გარდა მეგობრობაც არსებობდა.

იმ დილით კომპანიის ოფისში ნინო სამუშაო მაგიდასთან იჯდა, როცა შოთიკო მის კაბინეტში შევიდა.

— ნინო, ბუღალტრის შემცვლელი იპოვე? — ჰკითხა მან.

— რამდენიმე კანდიდატს ვესაუბრე, მაგრამ ჯერ ვერ გადავწყვიტე. ერთი გოგო უნდა მოვიდეს დღეს გასაუბრებაზე.

— გამოცდილება აქვს?

— ეკონომისტია. ანა აბრამიძე ჰქვია.

შოთიკომ თავი დაუქნია.

— კარგი. შენ უკეთ იცი, ვინ გვჭირდება.

ნინომ საბუთები მოაწესრიგა.

— თანაც, ანასთვის ეს სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, თუ შესაძლებლობა ექნება, დავეხმარო.

— მთავარია, საქმეს გაუმკლავდეს. დანარჩენი უკვე ადამიანური ურთიერთობების საკითხია, — მშვიდად უპასუხა შოთიკომ.

ამ დროს დერეფნიდან თანამშრომლის ხმა გაისმა:

— ბატონო შოთიკო, ბატონი ლევანი მოვიდა.

შოთიკომ საათს დახედა.

— როგორც იქნა! მამაჩემს დილიდან ველაპარაკები და მეუბნება, ლევანი უკვე ოფისისკენ მოდისო.

ნინოს გაეღიმა.

— ალბათ, ჯერ ყავა უნდა დალიოს, სანამ შენს საქმეებს შეუდგება.

— თუ ისეთი ხასიათით მოვიდა, როგორიც ზოგჯერ იცის, ყავა კი არა, მთელი ოფისი დასჭირდება მის დასამშვიდებლად.

ორივეს გაეცინა.

---

გასაუბრება წარმატებით დასრულდა.

ანა ნინოს მოეწონა. მან ყურადღებით მოუსმინა, რამდენიმე პროფესიული კითხვა დაუსვა და ბოლოს გაუღიმა.

— ვფიქრობ, კარგად შევეწყობით ერთმანეთს. თუ შენც თანახმა ხარ, ორშაბათიდან მუშაობას დაიწყებ.

ანას სახე გაუნათდა.

— დიდი მადლობა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენი ნდობა გავამართლო.

— ნუ ღელავ. პირველ დღეებში ყველაფერს აგიხსნი. მთავარია, კითხვების დასმის არ შეგეშინდეს.

— აუცილებლად.

როცა ანა ოფისიდან გამოვიდა, დიანას დაურეკა.

— ამიყვანეს!

— ხომ გეუბნებოდი! — გაიხარა დიანამ. — საღამოს ჩემთან მოდიხარ, აღვნიშნავთ.

— ჯერ მუშაობა დავიწყო, მერე აღვნიშნოთ.

— არა, არა. ახალი დასაწყისის აღნიშვნას მიზეზი არ სჭირდება.

ანამ გაიღიმა. იმ დღეს პირველად იგრძნო, რომ მომავალს აღარ უყურებდა მხოლოდ შიშით.

ორშაბათს სამსახურში დროულად მივიდა. ნინომ თანამშრომლებს გააცნო, სამუშაო ადგილი აჩვენა და საჭირო საბუთები გადასცა. დღე დატვირთული აღმოჩნდა, მაგრამ ანა ყველაფერს ყურადღებით ეკიდებოდა. საღამოს სახლში დაბრუნებულმა დაჩისთან ერთად ივახშმა და მისთვის საყვარელი ზღაპარიც წაუკითხა.

მეორე დილით კი ისევ სამსახური...

---

ანა დილით ადრე მივიდა ოფისში. ხელში ყავის ჭიქა ეჭირა, მეორე ხელით კი საბუთების საქაღალდეს იჭერდა. ნინომ სთხოვა, რამდენიმე დოკუმენტი შეხვედრის ოთახში მიეტანა.

დერეფანში სწრაფად მიდიოდა, როცა კუთხიდან გამოსულ მამაკაცს მოულოდნელად შეეჯახა.

— ფრთხილად! — მკაცრად გაისმა მამაკაცის ხმა.

ყველაფერი ერთ წამში მოხდა.

ყავა მამაკაცის თეთრ პერანგსა და მუქ პიჯაკზე გადაესხა. საქაღალდე ანას ხელიდან გაუვარდა, საბუთები კი იატაკზე მიმოიფანტა.

ანა გაფითრდა.

— ღმერთო ჩემო! ძალიან ვწუხვარ! ვერ დაგინახეთ...

მამაკაცმა პიჯაკს დახედა, შემდეგ კი მზერა ანასკენ გადაიტანა.

ლევან მელაძე გაბრაზებული იყო. დილიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი ჰქონდა მოსაგვარებელი, ახლა კი უცხო ქალმა პერანგი და პიჯაკი ყავით დაუსვარა.

— თქვენ საერთოდ არ იყურებით, სად მიდიხართ? — მკაცრად ჰკითხა მან.

— ბოდიშს გიხდით. მართლა შემთხვევით მოხდა. ახლავე მოგიტანთ ხელსახოცებს.

ანა დაიხარა, რომ იატაკიდან საბუთები აეღო. ხელები უკანკალებდა. პირველივე სამუშაო დღეებში უფროსისთვის ყავის გადასხმა ნამდვილად არ წარმოედგინა.

ლევანი მისკენ დაიხარა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ახლოდან დანახვისას წამით გაჩერდა.

ანა ძალიან ლამაზი იყო. მის სახეზე გულწრფელი შეშფოთება და უხერხულობა იკითხებოდა. თვალები დიდი და მეტყველი ჰქონდა, თმა კი მხრებზე თავისუფლად ჩამოშლოდა.

ლევანი გაოცებული დარჩა საკუთარი რეაქციით. გაბრაზებული იყო, მაგრამ იმავე წამს მიხვდა, რომ ამ ქალმა მისი ყურადღება უცნაურად მიიპყრო.

ეს არ მოეწონა.

— ხელსახოცები არაფერს შეცვლის, — ცივად თქვა მან. — ცოტა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.

ანამ თავი ასწია.

— გითხარით, რომ ბოდიშს გიხდით. განზრახ ხომ არ გამიკეთებია?

ლევანს წარბები შეეკრა.

— განზრახ რომ გაგეკეთებინათ, ალბათ, სხვანაირად ვისაუბრებდით.

— მაშინ მიხარია, რომ განზრახ არ გამიკეთებია, — უნებურად წამოსცდა ანას.

მამაკაცმა გაკვირვებით შეხედა. აშკარა იყო, რომ ასეთ პასუხს არ ელოდა.

ანა მაშინვე მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა.

— მაპატიეთ, უბრალოდ...

— ლევან! რა ხდება აქ?

დერეფანში შოთიკო გამოჩნდა. ჯერ ლევანის პიჯაკს დახედა, შემდეგ იატაკზე მიმოფანტულ საბუთებს და ბოლოს ანას.

— როგორც ვხედავ, უკვე გაიცანით ერთმანეთი, — თქვა მან, თუმცა მის ხმაში ღიმილი იგრძნობოდა.

— თუ ამას გაცნობას ეძახი, მაშინ დიახ, — უკმეხად უპასუხა ლევანმა.

შოთიკო ანასკენ შემობრუნდა.

— ანა როგორ ხართ?

ანა უხერხულად გაიმართა.

— ბატონო შოთიკო. შემთხვევით მოხდა.

— არაუშავს, ანა. ასეთი რამ ყველას მოსვლია.

ლევანმა მეგობარს გაკვირვებით შეხედა.

— ყველას? მე მგონი, ყავის გადასხმა თანამშრომლებისთვის სავალდებულო პირობა არ არის.

— ლევან, დამშვიდდი. პიჯაკს გარეცხავენ, სამყაროს არაფერი დაემართება, — გაეცინა შოთიკოს.

შემდეგ ანასკენ შებრუნდა.

— გაიცანით ერთმანეთი. ეს ლევან მელაძეა, ჩვენი ბიზნესპარტნიორი. ახლახან დაბრუნდა რუსეთიდან და დღეიდან ჩვენთან იმუშავებს.

ანამ ფრთხილად შეხედა მამაკაცს.

— სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.

ლევანმა პასუხად მხოლოდ თავი დაუქნია.

— იმედია, შემდეგ შეხვედრაზე ყავის გარეშე მოხვალთ, — თქვა მან.

ანას ლოყები აუწითლდა.

— იმედია, თქვენც უფრო მშვიდ ხასიათზე იქნებით.

შოთიკომ სიცილი ძლივს შეიკავა. ლევანის მზერა კიდევ უფრო გამკაცრდა.

— შოთიკო, კაბინეტში გელოდები, — მოკლედ თქვა მან და დერეფანი დატოვა.

ანა რამდენიმე წამი ჩუმად იდგა.

— მგონი, თქვენს მეგობარდ არ მოვეწონე, — თქვა ბოლოს.

— ლევანს იოლად არ მოსწონს ვინმე, — უპასუხა შოთიკომ. — ნუ მიაქცევ ყურადღებას. ცოტა მკაცრია, მაგრამ საქმეს კარგად იცნობს.

— იმედია, ჩემი სამსახური ერთი ჭიქა ყავის გამო საფრთხეში არ აღმოჩნდება.

— არ ინერვიულო. აქ ადამიანებს მხოლოდ ყავის გადასხმის გამო არ ვათავისუფლებთ.

ანა პირველად გულწრფელად გაეცინა.

— მაშინ დავბრუნდები ჩემს საქმესთან.

— კარგი. თუ რამე დაგჭირდება, ნინოს მიმართ, ლევანი ნინოს ძმაა მაგრამ ერთმანეთისგან განსხვავდებიან.

-ნამდვილად. ორივეს გაეცინათ.

ანა წავიდა, შოთიკო კი რამდენიმე წამით მის ზურგს უყურებდა. შემდეგ ლევანის კაბინეტისკენ გაემართა.

---

ლევანი ფანჯარასთან იდგა და პიჯაკს ათვალიერებდა, როცა შოთიკო შევიდა.

— ჯერ კიდევ გაბრაზებული ხარ? — ჰკითხა მან.

— შენ რას ფიქრობ?

— ვფიქრობ, რომ ხანდახან ზედმეტად მკაცრი ხარ.

ლევანი მისკენ შემობრუნდა.

— შოთიკო, დილით ადრე მოვედი, რომ საქმეები მომეგვარებინა და პირველივე წუთებში ვიღაცამ ყავა გადამასხა.

— ვიღაცას ანა ჰქვია.

— რა მნიშვნელობა აქვს?

შოთიკო სავარძელში ჩაჯდა.

— აქვს. მინდა, იცოდე, რომ ცოტა ფრთხილად მოექცე.

ლევანს წარბები შეეკრა.

— რატომ? ვინ არის?

შოთიკომ წამით დააყოვნა, შემდეგ მშვიდად უპასუხა:

— ანა ძალიან კარგი ადამიანია. ქმარი ხუთი წლის წინ გარდაეცვალა და პატარა ბიჭს მარტო ზრდის. ახლა ცდილობს, ცხოვრება თავიდან ააწყოს. არ მინდა, პირველივე დღეებში ზედმეტად გაურთულო ყველაფერი.

ლევანის სახეზე გამომეტყველება შეეცვალა, თუმცა არაფერი უთქვამს.

შოთიკომ განაგრძო:

— რევაზ კორინთელი იყო მისი ქმარი. რომას უმცროსი ძმა იყო. რომასთან მქონია საქმიანი ურთიერთობა.

ლევანი თითქოს გაქვავდა.

— მოიცადე... — თქვა მან ნელა. — შენ ამბობ, რომ ის ქალი, რომელსაც დერეფანში შევხვდი...

— ანა აბრამიძეა. რომა კორინთელის რძალი.

ლევანი ფანჯარას მიუბრუნდა.

გონებაში კვლავ ანას სახე წარმოუდგა — მისი შეშფოთებული თვალები, აწითლებული ლოყები და ის უცნაური პასუხი, რომელიც გაბრაზების მიუხედავად მაინც ათქმევინა.

მან არ იცოდა, რატომ იმოქმედა ამ ამბავმა ასე ძლიერად.

— არ ვიცოდი, — ჩაილაპარაკა ბოლოს.

— ახლა უკვე იცი, — უპასუხა შოთიკომ. — და კიდევ ერთი რამ დაიმახსოვრე: ანას პატივისცემით მოექეცი. ის აქ თავისი შრომით არის მოსული და არა იმიტომ, რომ ვინმეს რძალია.

ლევანმა არაფერი უპასუხა.

შოთიკო წამოდგა და კარისკენ წავიდა.

— და, ლევან...

— რა?

— პიჯაკი გარეცხე. ანას კი ნუ დასჯი იმის გამო, რომ დილა ცუდად დაგეწყო.

კარი დაიხურა.

ლევანი მარტო დარჩა.

რამდენიმე წუთის შემდეგ მაგიდასთან დაჯდა, მაგრამ საბუთებზე კონცენტრირება ვეღარ შეძლო. პირველად დიდი ხნის განმავლობაში ვიღაცის სახე მოსვენებას არ აძლევდა.

ანა აბრამიძე.

რომა კორინთელის რძალი.

Წარსულში რომასთან უთანხმოება...

ქალი, რომელმაც პირველივე შეხვედრისას გააბრაზა და ამავე დროს ისე მიიქცია მისი ყურადღება, რომ ამის ახსნა თავადაც ვერ შეეძლო.

ლევანმა თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა.

მან ჯერ არ იცოდა, რომ ეს შემთხვევითი შეჯახება მხოლოდ დასაწყისი იყო.

არც ანამ იცოდა, რომ სამსახური, რომელიც ცხოვრების თავიდან აწყობაში უნდა დახმარებოდა, მის წინაშე სრულიად ახალ სამყაროს გახსნიდა — სამყაროს, სადაც წარსულის ტკივილი, ოჯახური ერთგულება, უთქმელი საიდუმლოებები და მოულოდნელი გრძნობები ერთმანეთს გადაეჯაჭვებოდა.

ზოგჯერ ცხოვრება ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებს მაშინ გვახვედრებს, როცა მათ შესახვედრად მზად საერთოდ არ ვართ.

და ზოგჯერ ერთი ჭიქა დაღვრილი ყავა საკმარისია იმისთვის, რომ ორი ადამიანის ისტორია დაიწყოს.

#ოჯახის_ჩრდილში
#თავი_მეორე
წარსული, რომელიც არ დასრულებულა

ხუთი წლის წინ...

ქუთაისში შემოდგომის გრილი საღამო იდგა. ქალაქის ქუჩები წვიმას დაესველებინა, ცაზე კი მძიმე ღრუბლები შეკრებილიყო. ერთ-ერთი რესტორნის მეორე სართულზე, ფართო კაბინეტში, ორი მამაკაცი ერთმანეთის პირისპირ იდგა.

რომა კორინთელი იმ პერიოდში ოჯახის ბიზნესის მართვაში მამას აქტიურად ეხმარებოდა, თუმცა ჯერ კიდევ არ ჰქონდა წარმოდგენილი, რომ სულ მალე მთელი პასუხისმგებლობა მის მხრებზე გადავიდოდა.

მის წინ ლევან მელაძე იდგა.

ლევანი თავდაჯერებული, ამბიციური და საკმაოდ ჯიუტი ახალგაზრდა იყო. მას სჯეროდა, რომ ბიზნესში წარმატების მისაღწევად ზოგჯერ მკაცრი გადაწყვეტილებები უნდა მიეღო, მაშინაც კი, როცა სხვებს ეს არ მოსწონდათ.

მათ შორის უთანხმოება რამდენიმე კვირის წინ დაწყებულიყო.

კორინთელების ოჯახი ქალაქის გარეუბანში ახალი სარესტორნისა და კომპლექსის აშენებას გეგმავდა. პროექტში ლევანის კომპანიაც მონაწილეობდა. შეთანხმების თანახმად, კორინთელები მიწასა და ფინანსების ნაწილს უზრუნველყოფდნენ, მელაძეების კომპანია კი მშენებლობის ძირითად სამუშაოებს შეასრულებდა.

თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა.

პრობლემა მაშინ გაჩნდა, როცა ლევანმა პროექტის ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები შეიტანა. მშენებლობის ღირებულება მნიშვნელოვნად გაზრდილიყო, თანაც ახალი პირობების მიხედვით, კორინთელებს დამატებითი თანხა უნდა გადაეხადათ და პროექტის დასრულების შემდეგ რესტორნის მართვაში საკუთარი წილიც შეემცირებინათ.

რომამ ეს პირობები მიუღებლად მიიჩნია.

— ეს რა არის, ლევან? — მაგიდაზე დადებულ დოკუმენტებს თითი დაარტყა მან. — ჩვენი შეთანხმება ეს არ ყოფილა.

ლევანმა მშვიდად შეხედა.

— პირობები შეიცვალა. სამშენებლო მასალების ფასი გაიზარდა, სამუშაოების მოცულობაც შეიცვალა. თუ პროექტის დასრულება გინდა, დამატებითი ხარჯების გათვალისწინება მოგიწევს.

— ხარჯების გაზრდა მესმის, მაგრამ აქ მხოლოდ ხარჯებზე არ არის საუბარი. შენ ჩვენი წილის შემცირებასაც ითხოვ.

— იმიტომ, რომ არსებული პირობებით პროექტი მომგებიანი აღარ არის.

— მაშინ თავიდანვე უნდა გეთქვა! ახლა, როცა მიწა მომზადებულია, წინასწარი თანხები გადახდილია და სამუშაოები დაწყებულია, ახალი პირობებით მოდიხარ?

ლევანს ყბა დაეჭიმა.

— რომა, მე შენთან კამათს არ ვაპირებ. ბიზნესში ემოციებს ადგილი არ აქვს. ეს ახალი პირობებია. თუ გაწყობს, გავაგრძელებთ. თუ არა, სხვა გამოსავალს მოვძებნით.

რომა წამოდგა.

— შენთვის შეიძლება ეს მხოლოდ ერთი პროექტი იყოს, მაგრამ ჩემთვის ჩემი ოჯახის ფულია, ჩემი მამის შრომაა და იმ ადამიანების ნდობაა, ვინც ჩვენთან წლებია მუშაობს. არ ვაპირებ, ვიღაცის ახირების გამო ყველაფერი სასწორზე დავდო.

— ახირება? — ლევანს სახე შეეცვალა. — კარგად დაფიქრდი, რას ამბობ.

— ძალიან კარგად ვარ დაფიქრებული. ხელშეკრულებაში რაც წერია, იმას შევასრულებთ. თუ პირობების შეცვლა გინდა, ჯერ ძველი ვალდებულებები შეასრულე და შემდეგ ვილაპარაკოთ.

— შენ ახლა მეუბნები, რომ ჩემი კომპანია არასანდოა?

— მე გეუბნები, რომ შენს გადაწყვეტილებას არ ვენდობი.

რამდენიმე წამით ოთახში სრული სიჩუმე ჩამოვარდა.

ლევანი მაგიდას მოშორდა და რომას მიუახლოვდა.

— იცოდე, რომა, მე მამაშენის სახელი მსმენია და პატივს ვცემ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა შენს მოთხოვნას დავეთანხმები.

— პატივისცემა მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება.

— და არც ბიზნესის მართვაა მხოლოდ ოჯახის სახელის უკან დამალვა!

რომას სახე შეეცვალა.

— რას გულისხმობ?

— იმას, რომ ყველაფერს მამაშენის ავტორიტეტით ვერ გადაწყვეტ. შენ გინდა, ყველაფერი ისე იყოს, როგორც შენ იტყვი, მაგრამ პროექტს მხოლოდ შენი სურვილები არ განსაზღვრავს.

— ჩემს მამას ნუ შეეხები!

— მაშინ არც ჩემი კომპანია დააყენო ისეთ მდგომარეობაში, თითქოს ვიღაცას ვატყუებდე!

რომა მაგიდას შემოუარა.

— შენ ხელშეკრულების პირობები შეცვალე ისე, რომ არც კი შეგითანხმებია. ახლა კიდევ მე მადანაშაულებ?

— რადგან არ გინდა გაიგო, რომ პირობები შეიცვალა!

— არა, ლევან. მე ძალიან კარგად მესმის, რაც ხდება. უბრალოდ არ ვაპირებ, შენს თამაშში მივიღო მონაწილეობა.

ლევანმა ირონიულად ჩაიცინა.

— შენთან საუბარს აზრი არ აქვს.

— მეც იმავე აზრზე ვარ.

— მაშინ პროექტი აღარ გაგრძელდება.

— როგორც გინდა!

ლევანმა მაგიდიდან თავისი საბუთები აიღო და კარისკენ გაემართა.

ზუსტად იმ დროს ოთახში კოტე მერკვილაძე შემოვიდა. Ის რომასა და ლევანის ურთიერთობას კარგად იცნობდა და თავიდანვე ცდილობდა, მათი საქმიანი თანამშრომლობა დაძაბულობაში არ გადაზრდილიყო.

— რა ხდება აქ? — იკითხა მან, როცა ორივეს სახეზე გაბრაზება შენიშნა.

— შენს მეგობარს ჰკითხე, — ცივად უპასუხა ლევანმა.

— მას ჰკითხე, — იმავე ტონით მიუგო რომამ.

კოტემ ამოიოხრა.

— მშვენიერია. ორივე ისე იქცევით, თითქოს ერთმანეთის მოსმენა დანაშაული იყოს. დაჯექით და ადამიანურად ილაპარაკეთ.

— აქ სალაპარაკო აღარაფერია, — თქვა ლევანმა.

— არის, — მკაცრად უპასუხა კოტემ. არ ვაპირებ, ვუყურო, როგორ ანადგურებთ საქმეს, რომლისთვისაც ამდენი იშრომეთ.

რომამ ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.

— კოტე, მე არავის არაფერს ვუშლი. მხოლოდ იმას ვითხოვ, რომ შეთანხმება შესრულდეს.

— და მე გეუბნები, რომ ახალი პირობები აუცილებელია, — თქვა ლევანმა. — მაგრამ მას მხოლოდ საკუთარი სიმართლის სჯერა.

კოტე მათ შორის ჩადგა.

— საკმარისია! არც ერთი ნაბიჯით აღარ მიუახლოვდეთ ერთმანეთს. თქვენ ბიზნესპარტნიორები ხართ და არა მტრები.

რომა გაჩუმდა, თუმცა მზერა არ მოუშორებია ლევანისთვის.

კოტე ლევანს მიუბრუნდა.

— შენც შეგიძლია უკან დაიხიო და ხვალ ახალი წინადადებით დაბრუნდე. რომასაც შეუძლია, ყველაფერი თავიდან განიხილოს. ჯერ პროექტი გადაარჩინეთ და მერე დაამტკიცეთ, ვინ არის მართალი.

ლევანმა რამდენიმე წამით შეხედა მათ.

— ხვალ ჩემს იურისტს დაველაპარაკები. თუ შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნება, პროექტიდან გავალ.

— როგორც გინდა, — უპასუხა რომამ.

ლევანი კაბინეტიდან გავიდა.

კოტე მეგობარს მიუბრუნდა.

— შენც ზედმეტი მოგივიდა.

— მე სიმართლე ვთქვი.

— შეიძლება. მაგრამ სიმართლე ყოველთვის ისე უნდა თქვა, რომ უკან დასაბრუნებელი გზა არ დაწვა.

რომას პასუხი არ გაუცია.

მაშინ არც ერთმა იცოდა, რომ ეს კამათი მათი ურთიერთობის დასასრულის დასაწყისი გახდებოდა.

რამდენიმე დღის შემდეგ კორინთელების ოჯახს უბედურება დაატყდა თავს.

რევაზ კორინთელი, რომას უმცროსი ძმა, მოულოდნელად გარდაიცვალა. გულის შეტევამ ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.

როცა ეს ამბავი ლევანმა შეიტყო, რამდენიმე წამით სიტყვა ვერ თქვა. რევაზი არასოდეს ენახა და არც იცნობდა, მაგრამ იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო რომასთვის ოჯახი.

იმ საღამოს კოტემ დაურეკა.

— ლევან, გაიგე, რაც მოხდა?

— კი... ახლახან გავიგე. საშინელებაა.

— რომა განადგურებულია. მთელი ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაშია.

ლევანი ჩუმად იყო.

— უნდა მივიდე, — თქვა ბოლოს.

— არ ვიცი, რამდენად კარგი იქნება ახლა შენი მისვლა. თქვენ შორის ყველაფერი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

— რევაზთან მე არაფერი მაკავშირებდა, კოტე. მას არც კი ვიცნობდი. მაგრამ რომა... ვიცი, რომ მისთვის ძმის დაკარგვა ყველაფერს შეცვლის.

— ამიტომ გეუბნები, რომ ახლა საქმეზე საუბარი არ ღირს. თუ მიხვალ, უბრალოდ მიუსამძიმრე.

ლევანი დიდხანს ფიქრობდა.

ბოლოს გადაწყვიტა, რომ უკან უნდა დაეხია. პროექტზე დავა, ფული და წილები იმაზე უმნიშვნელო ჩანდა, რაც კორინთელების ოჯახს დაატყდა თავს.

მან საკუთარი იურისტის მეშვეობით პროექტიდან გასვლის პროცესი დაიწყო, შემდეგ კი რუსეთში დაბრუნება გადაწყვიტა, სადაც მისი სხვა საქმიანი ინტერესებიც ჰქონდა.

რომასთვის ეს ამბავი სხვაგვარად გამოჩნდა.

მისთვის ლევანის წასვლა გაქცევას ჰგავდა. მან იცოდა, რომ მათი უთანხმოება მხოლოდ ბიზნესს არ ეხებოდა — ორივეს თავმოყვარეობა და საკუთარი სიმართლის დამტკიცების სურვილი მართავდა.

კოტე არაერთხელ ცდილობდა, მეგობრისთვის აეხსნა, რომ ლევანმა უკან დაიხია და ახალი დაპირისპირების თავიდან აცილება სურდა, მაგრამ რომას ამაზე საუბარი აღარ უნდოდა.

— ცხოვრება წინ მიდის, მეგობარო. შეიძლება ოდესმე ისევ შეხვდეთ ერთმანეთს.

— მაშინ ვნახოთ.

მაგრამ ეს შეხვედრა ხუთი წლის განმავლობაში არ მომხდარა.

ლევანი რუსეთში დარჩა, რომა კი ოჯახის ბიზნესს ჩაუდგა სათავეში. მათ შორის ურთიერთობა არ გაუმჯობესებულა, თუმცა არც ახალი კონფლიქტი წარმოშობილა.

უბრალოდ, ერთმანეთს აღარ შეხვედრიან.

წარსული კი ორივეს მეხსიერებაში გაყინულიყო.

---

ახლანდელი დრო

მეორე დილით „ქუთაის კონსტრაქშენის“ ოფისში სამუშაო დღე ჩვეულებრივად დაიწყო.

ანა საკუთარ მაგიდასთან იჯდა და საბუთებს ალაგებდა, როცა მის წინ ნაცნობი ჩრდილი გაჩნდა.

თავი ასწია და გაოცებული დარჩა.

ლევან მელაძე იდგა.

დღეს მას მუქი ლურჯი პერანგი ეცვა, ხელში რამდენიმე დოკუმენტი ეჭირა და სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს რაღაცის თქმა უჭირდა.

— შეიძლება ერთი წუთით? — ჰკითხა მშვიდად.

ანა მაშინვე წამოდგა.

— რა თქმა უნდა, ბატონო ლევან. რამე მოხდა?

— არა, არაფერი მომხდარა. უბრალოდ... გუშინდელზე უნდა დაგელაპარაკოთ.

ანას სახეზე უნებურად დაძაბულობა გამოესახა.

ნუთუ ყავის ამბავს ისევ იხსენებს? — გაიფიქრა.

ლევანმა მისი რეაქცია შეამჩნია.

— მინდა, ბოდიში მოგიხადოთ.

ანა გაშეშდა.

— უკაცრავად?

ლევანს ოდნავ გაეღიმა.

— სწორად გაიგეთ. გუშინ ზედმეტად მკაცრად გამომივიდა. გაბრაზებული ვიყავი და თქვენზე გადმოვიტანე. ეს არ იყო სწორი.

ანა რამდენიმე წამით ჩუმად უყურებდა.

გუშინ ეს მამაკაცი ისე ელაპარაკებოდა, თითქოს უდიდესი დანაშაული ჩაედინა. ახლა კი მის წინ იდგა და გულწრფელად უხსნიდა, რომ შეცდა.

— არ არის საჭირო, ბოდიში მოიხადოთ, — თქვა ბოლოს ანამ. — ჩემი დაუდევრობის გამო თქვენი პერანგი და პიჯაკი დავსვარე.

— შემთხვევით მოხდა. თქვენც ბოდიში მოიხადეთ, მე კი ამის მიუხედავად უხეშად გიპასუხეთ.

— უბრალოდ არ მეგონა, თუ ამას მნიშვნელობას მიანიჭებდით.

— რას გულისხმობთ?

— გუშინ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თქვენთვის თანამშრომლის შეცდომა უპატიებელი იყო.

ლევანს გაეცინა.

— არა, ანა. შეცდომები ყველას მოსდის. მეც ბევრი შემშლია.

ანა გაოცებული უყურებდა.

— თქვენც?

— წარმოიდგინეთ.

ორივეს გაეღიმა.

ლევანმა მის მაგიდაზე დადებულ დოკუმენტებს გადახედა.

— როგორ მიდის საქმეები? უკვე შეეჩვიეთ აქაურობას?

— ნელ-ნელა. ნინო ძალიან მეხმარება. ჯერ ბევრი რამ მაქვს სასწავლი, მაგრამ მგონი, გავუმკლავდები.

— დარწმუნებული ვარ, რომ შეძლებთ. შოთიკო კარგი თანამშრომლების შერჩევაში იშვიათად ცდება.

— ეს კომპლიმენტია თუ გაფრთხილება? — ჰკითხა ანამ ღიმილით.

ლევანს გაეცინა.

— კომპლიმენტია. ნუ მაიძულებთ, კიდევ ერთხელ დავამტკიცო, რომ შემიძლია ადამიანურად საუბარი.

ანამ სიცილი ვერ შეიკავა.

რამდენიმე წამით ერთმანეთს უყურებდნენ. ლევანმა იგრძნო, რომ ანასთან საუბარი იმაზე მარტივი იყო, ვიდრე წარმოედგინა. მას არ ცდილობდა თავი მოეწონებინა, არც მის მიმართ ზედმეტ ინტერესს გამოხატავდა. უბრალოდ გულწრფელი იყო.

— სხვათა შორის, გუშინ თქვენი სახელი გავიგე, მაგრამ ოფიციალურად მაინც არ გაგცნობივართ, — თქვა ლევანმა.

— ანა აბრამიძე.

— ლევან მელაძე. თუმცა, მგონი, ეს უკვე იცით.

— სამწუხაროდ, თქვენი პიჯაკიც მახსოვს, — უპასუხა ანამ.

ლევანმა ხმამაღლა გაიცინა.

— სამართლიანია.

ანა თვითონაც გაოცებული იყო. გუშინ ამ მამაკაცის დანახვაზე ნერვიულობდა, ახლა კი მასთან საუბრისას დაძაბულობა თანდათან უქრებოდა.

— კარგი, აღარ შეგაწუხებთ. მუშაობას მიხედეთ, — თქვა ლევანმა.

— თქვენც წარმატებულ დღეს გისურვებთ.

ლევანი რამდენიმე ნაბიჯით დაშორდა, შემდეგ კი შეჩერდა და უკან მოიხედა.

— ანა?

— დიახ?

— ყავასთან დაკავშირებით... შემდეგში მაინც ფრთხილად იყავით.

ანა თვალებგაფართოებული უყურებდა, სანამ ლევანს ღიმილი არ შეამჩნია.

— ვიხუმრე, — დაამატა მან. — კარგი დღე.

— თქვენც, ბატონო ლევან.

ლევანი წავიდა.

ანა კი რამდენიმე წამით გაუნძრევლად იჯდა.

ეს რა იყო? — გაიფიქრა. — გუშინდელი მკაცრი მამაკაცი დღეს სულ სხვა ადამიანი გახდა.

მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ლევანისთვის ეს ბოდიში მხოლოდ ზრდილობის გამოხატვა არ ყოფილა. რაღაც მიზეზით, უნდოდა, ანას მის შესახებ პირველი შთაბეჭდილება შეეცვალა.

და თავადაც არ იცოდა, რატომ ჰქონდა ამის ასეთი სურვილი.

---

იმავე დილით, ქალაქის ერთ-ერთ გადატვირთულ ქუჩაზე, კოტე მერკვილაძე თავისი მანქანით მიემართებოდა.

რადიოში მშვიდი მუსიკა უკრავდა. კოტე სამსახურის რამდენიმე საკითხზე ფიქრობდა, როცა გზაჯვარედინთან მუქი ფერის ავტომობილი მოულოდნელად მის ზოლში გადმოვიდა.

მუხრუჭების ხმა გაისმა.

ორივე მანქანა გაჩერდა.

შეჯახება ძლიერი არ ყოფილა, თუმცა მეორე ავტომობილის წინა მხარე უფრო შესამჩნევად დაზიანდა.

კოტემ გაკვირვებით შეხედა საჭესთან მჯდომ ქალს.

ქალი რამდენიმე წამით გაუნძრევლად იჯდა, შემდეგ კი სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან.

— ღმერთო ჩემო! — აღმოხდა მას. — ძალიან ვწუხვარ!

კოტე უკვე მანქანიდან გადმოდიოდა.

— ჯერ მითხარით, კარგად ხართ? რამე ხომ არ დაგემართათ?

ქალი გაოგნებული მიაჩერდა.

მას აშკარად ელოდა, რომ მამაკაცი დაუყვირებდა, მანქანის შეკეთებას მოსთხოვდა ან პოლიციის გამოძახებით დაემუქრებოდა.

მაგრამ კოტე მის მანქანასაც კი არ უყურებდა.

— კარგად ხართ? — კვლავ ჰკითხა მან. — თავი ხომ არ დაგირტყამთ? საავადმყოფოში ხომ არ წაგიყვანოთ?

— არა, არა... კარგად ვარ, — სწრაფად უპასუხა ქალმა. — უბრალოდ ძალიან შემეშინდა.

— მთავარია, არაფერი დაგიშავდეთ.

კოტემ მხოლოდ ამის შემდეგ გახედა მანქანებს.

მისი ავტომობილის ბამპერი ოდნავ იყო დაზიანებული, ქალის მანქანას კი წინა მხარეს უფრო მეტი ზიანი ეტყობოდა.

— ყველაფერი ჩემი ბრალია, — თქვა ქალმა. — ვერ შევამჩნიე, რომ თქვენი მანქანა ახლოს იყო. ძალიან გთხოვთ, მაპატიეთ.

კოტემ თავი გააქნია.

— კარგი, ახლა უკვე ყველაფერი გასაგებია. მთავარია, თქვენ კარგად ხართ. დანარჩენს მოვაგვარებთ.

ქალი გაკვირვებული უყურებდა.

— მაგრამ თქვენი მანქანაც დაზიანდა...

— მანქანაა. შეკეთდება.

— არა, ნამდვილად ჩემი ბრალი იყო. ყველაფერს აგინაზღაურებთ.

კოტეს გაეღიმა.

— ჯერ დამშვიდდით. ასე ნერვიულობით კიდევ რამე არ დაგემართოთ.

— მე ნინო მელაძე ვარ, — თქვა ქალმა, თითქოს ამით სურდა დაემტკიცებინა, რომ პასუხისმგებლობის აღებას არ გაურბოდა. — აუცილებლად აგინაზღაურებთ ზარალს.

კოტეს წამით სუნთქვა შეეკრა და ახლა იცნო ვინც იდგა მის წინ.

ის სახელი, რომელიც უნივერსიტეტის დროიდან ახსოვდა.

კოტე მაშინ სტუდენტი იყო. ნინოს უნივერსიტეტის დერეფნებში ხშირად ხედავდა, ზოგჯერ ლექციებს შორის ეზოში, ზოგჯერ კი ბიბლიოთეკაში. Კოტე უნივერსიტეტს ამთავრებდა, ნინო კი პირველ ან მეორე კურსზე იქნებოდა, ყოველთვის მეგობრებთან ერთად დადიოდა. კოტეს არასოდეს ჰქონია მასთან საუბრის შესაძლებლობა, რადგან ბიჭთან ერთადაც ხედავდა.

მისთვის ნინო ყოველთვის განსაკუთრებული იყო — ლამაზი, ჭკვიანი და ისეთი თავდაჯერებული, რომ მასთან მიახლოებაც კი რთულად ეჩვენებოდა.

შემდეგ ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდა. კოტემ სწავლა დაამთავრა, სამსახური დაიწყო, ნინო კი მისი ყოველდღიურობიდან გაქრა.

ახლა კი მის წინ იდგა.

განქორწინებული, როგორც კოტეს შორიდან გაეგო, მაგრამ მაინც ისეთივე მომხიბვლელი, როგორიც ახსოვდა.

ნინოს წარმოდგენაც არ ჰქონდა, ვინ იყო მის წინ მდგომი მამაკაცი.

— გესმით ჩემი? — ჰკითხა მან, როცა კოტე რამდენიმე წამით ჩაფიქრდა.

კოტე მაშინვე გამოერკვა.

— დიახ, რა თქმა უნდა. მაპატიეთ, რაღაცაზე დავფიქრდი.

— გთხოვთ, მითხარით, როგორ მოვიქცეთ.

— ასე მოვიქცეთ: მანქანას პროფილაქტიკაში წავიყვანთ, ხელოსანი ორივეს შეამოწმებს და ყველაფერს მოვაგვარებთ.

— მაგრამ თქვენ ხომ სამსახურში გეჩქარებათ?

— დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი უსაფრთხოებაა. სამსახური ცოტა ხანს მოიცდის.

ნინომ უნებურად გაიღიმა.

ასეთი მამაკაცებიც არსებობენ? — გაიფიქრა.

კოტემ ტელეფონი ამოიღო და ახლომდებარე პროფილაქტიკას დაურეკა. რამდენიმე წუთში ყველაფერი შეთანხმებული იყო.

— წამობრძანდით, — უთხრა ნინოს. — იქამდე მე გამოგყვებით.

— მართლა არ ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა.

— ჯერ ნუ მიხდით. შეიძლება ხელოსანმა მითხრას, რომ ჩემი მანქანა უფრო ძვირი შესაკეთებელია და მერე თქვენ მოგიწიოთ ჩემი დამშვიდება.

ნინოს გაეცინა.

— ამ შემთხვევაშიც დაგამშვიდებთ.

— მაშინ უკვე შეთანხმებულები ვართ.

კოტე მანქანაში ჩაჯდა და ნინო პროფილაქტიკისკენ წაიყვანა.

გზაში რამდენჯერმე ჰკითხა, თავს ხომ კარგად გრძნობდა. ნინო კი თანდათან მშვიდდებოდა. ვერაფრით იჯერებდა, რომ მამაკაცი, რომლის მანქანაც დააზიანა, ასე თბილად და ყურადღებით ექცეოდა.

პროფილაქტიკაში მისულებს ხელოსანი დახვდა. მანქანები შეამოწმეს, დაზიანებები შეაფასეს და შეკეთების დრო და ღირებულება განსაზღვრეს.

ნინო გაოცდა, როცა კოტემ ორივე მანქანის შეკეთების საკითხიც თავად მოაგვარა.

— ყველაფერს გავარკვევთ. ახლა კი მგონი, ყავა გვჭირდება.

— ყავა?

— დიახ. დილიდან არაფერი დამილევია და ასეთი თავგადასავლის შემდეგ ნამდვილად დავიმსახურეთ.

ნინომ გაიღიმა.

— კარგი. ამ ყავას მე გპატიჟებთ.

— არ შეგეწინააღმდეგებით.

პროფილაქტიკის გვერდით პატარა, მყუდრო კაფე იყო. ფანჯარასთან დასხდნენ და ყავა შეუკვეთეს.

ახლა, როცა საფრთხე აღარ არსებობდა და მანქანების შეკეთებაც მოგვარებული იყო, ნინომ პირველად შეხედა მამაკაცს ყურადღებით.

მაღალი იყო, ღიმილისას სახე სრულიად ეცვლებოდა და თვალებში ისეთი სიმშვიდე ჰქონდა, რომ მის გვერდით ყოფნა სასიამოვნო იყო.

— სხვათა შორის, მე ჯერ კიდევ არ ვიცი, ვის ვუმადლი დღევანდელ გადარჩენას, — თქვა ნინომ.

კოტეს გაეცინა.

— კოტე მერკვილაძე.

— სასიამოვნოა, კოტე.

— ჩემთვისაც, ნინო.

— სად მუშაობთ?

— რამდენიმე საქმეს ვუძღვები, ძირითადად ბიზნესთან დაკავშირებულს. თქვენ?

— იურისტი ვარ. მამაჩემის კომპანიაში ვმუშაობ.

— საინტერესოა.

— თქვენ ქუთაისელი ხართ?

— კი ქალაქის ცენტრთან ახლოს ვცხოვრობ.

— მეც აქ გავიზარდე, თუმცა ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა.

ნინოს ხმაში წამით სევდა გაკრთა. კოტემ ეს შეამჩნია, მაგრამ პირად კითხვებს არ აჰყოლია.

— მთავარია, დღეს კარგად ხართ, — თქვა მან. — დანარჩენიც თავის ადგილს იპოვის.

ნინო ჩუმად უყურებდა.

მას იშვიათად შეხვედროდა მამაკაცი, რომელიც არაფერს ეკითხებოდა წარსულზე, არ ცდილობდა ზედმეტად ჩარევას და არც საკუთარი სიკეთის წარმოჩენას ცდილობდა.

— იცით, ძალიან გამიკვირდა თქვენი რეაქცია, — უთხრა მან. — მეგონა, დამიყვირებდით.

— რატომ უნდა დამეყვირა? ავარია შემთხვევით მოხდა. შეიძლება, ხვალ მე დამემართოს იგივე.

— ადამიანების უმეტესობა ასე არ ფიქრობს.

— მაშინ იმედი მაქვს, დღეს თქვენი აზრი ცოტათი მაინც შევცვალე.

ნინოს გაეღიმა.

— ნამდვილად შეცვალეთ.

ყავა რომ დაასრულეს, კოტემ ტელეფონი ამოიღო.

— ნომერს მომცემთ?

ნინო წამით დაიბნა.

კოტემ მაშინვე დაამატა:

— მანქანებთან დაკავშირებით შეიძლება რამე საკითხი გამოჩნდეს. მინდა, თქვენი ნომერი მქონდეს, რომ შეგატყობინოთ. ჩემსასაც მოგცემთ.

ნინოს გაეცინა.

— რა თქმა უნდა. უკვე ვიფიქრე, რომ ყავის შემდეგ კიდევ რაღაცას მთხოვდით.

— არა, ქალბატონო ნინო. ჯერ მხოლოდ ნომრით დავიწყოთ.

ნინომ ნომერი უკარნახა. კოტემ დაურეკა, შემდეგ კი თავისი საკონტაქტო ინფორმაცია გაუგზავნა.

— თუ რამე დაგჭირდებათ, ნებისმიერ დროს დამირეკეთ, — უთხრა მან.

— მადლობა, კოტე. მართლა ძალიან კარგი ადამიანი ხართ.

კოტემ ღიმილით შეხედა.

— ეს შეფასება ჯერ ნაადრევია. შეიძლება, მომავალში აღმოაჩინოთ, რომ საშინელი ხასიათი მაქვს.

— არა მგონია.

ნინო მანქანასთან დაბრუნდა. კოტე დაეხმარა, კიდევ ერთხელ შეამოწმა, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა, და მხოლოდ ამის შემდეგ დაემშვიდობა.

როცა ნინო წავიდა, კოტე რამდენიმე წამით ადგილიდან არ დაძრულა.

ამდენი წელი გავიდა და მაინც... — გაიფიქრა მან.

ნინო კი გზაში ტელეფონს დახედა. ეკრანზე ახალი კონტაქტი ეწერა — „კოტე მერკვილაძე“.

უნებურად გაეღიმა.

ასეთ მამაკაცს ცხოვრებაში არ შევხვედრივარ. ერთი წუთითაც არ უყვირია, არც ჩემი დადანაშაულება დაუწყია. პირიქით, მე მამშვიდებდა.

---

იმ საღამოს კოტე კორინთელების სახლში მივიდა.

თბილისის ქუჩაზე, ნაცნობი ეზოს ჭიშკარი რომ შეაღო, მაშინვე იგრძნო ის სითბო, რომელიც ამ სახლს ყოველთვის ახასიათებდა.

— სახლში ვინმე არის? — დაიძახა მან შესასვლელში.

— კოტეე! — გაისმა დიანას ხმა.

გოგონა კიბეზე ჩამოვიდა და მეგობარს ჩაეხუტა.

— სად დამიკარგე კოსტი? მთელი კვირაა არ გამოჩენილხარ!

— ვმუშაობ, დიკო ზოგიერთ ჩვენგანს საკუთარი ბიზნესიც აქვს.

— ნუ იგონებ მიზეზებს. უბრალოდ, ჩვენთან მოსვლა დაგეზარა.

— ეგ როგორ ვიკადრო? მით უმეტეს, როცა ვიცი, რომ აქ საუკეთესო ყავა და ყველაზე მეგობრები მელოდება.

დიანამ სიცილით მხარზე ხელი დაჰკრა.

— ანუ ყავა გინდა?
კოტე მის უკან ოთახში შევიდა.

მისაღებში ნატალია იჯდა, ლევან კორინთელი კი სავარძელში გაზეთს კითხულობდა.

— ალექსანდროვიჩ! — მხიარულად შესძახა კოტემ. — როგორ ხარ?

ლევანმა გაზეთი გვერდზე გადადო და გაეცინა.

— ოჰ კოსტი, შენ როგორ ხარ?

კოტე ლევანთან მივიდა და გადაეხვია.
Მამასავით უყვარდა ეს კაცი.

— ალექსანდროვიჩ ჯანმრთელობა როგორ გაქვს?

— კარგად, შვილო. შენ როგორ ხარ? დედაშენი როგორ არის?

— კარგად არის. მოკითხვა დამაბარა თქვენთვისაც და ნატალიასთვისაც.

ნატალიამ გაუღიმა.

— ღმერთმა დაგლოცოს, კოტე. სალომე ზემოთ არის, ბავშვთან. ახლავე ჩამოვა.

კოტემ ოთახს თვალი მოავლო.

— ჩემი ნათლული სად არის?

— აქ ვარ! — გაისმა ნიტას ხმა.

პატარა გოგონა კიბეზე ჩამორბოდა. კოტე ჩაიმუხლა და ხელები გაშალა.

— მოდი, ჩემო პრინცესა!

ნიტა მკლავებში ჩაუვარდა.

— ნათლი, რატომ არ მოდიოდი? მომენატრე!

— მაპატიე, ჩემო სიცოცხლე. ახლა ხომ მოვედი?

— ხვალაც მოხვალ?

— აბა რას ვიზამ პატარავ, თან სალომე გადაკოცნა. Სალომე კოტეს თბილად მიესალმა და ჰკითხა, როგორ მიდიოდა საქმეები.

რამდენიმე წუთში სახლი ჩვეულებრივი ოჯახური საუბრის ხმამ აავსო.

თუმცა კოტეს რომასთან პირისპირ საუბარი სურდა.

როცა რომა სახლში დაბრუნდა, კოტე მას მისაღების გვერდით, პატარა სამუშაო ოთახში გაჰყვა.

— რა ხდება? — ჰკითხა რომამ, როცა კარი მიხურა. — სახეზე რაღაც გეწერა, ჯერ კიდევ ეზოში რომ შემოხვედი.

კოტემ სკამი გამოსწია და დაჯდა.

— დღეს ერთი საინტერესო ამბავი შემემთხვა.

— იმედია, ისევ მანქანას არ შეეჯახე.

— არა, ამჯერად მე შემეჯახნენ.

რომას გაეცინა.

— გილოცავ. ბოლოს და ბოლოს, შენც გაგიმართლა.

— ნუ დამცინი. მსუბუქი ავარია იყო, მაგრამ... — კოტე გაჩუმდა და მეგობარს შეხედა. — რომა, დღეს ნინო მელაძე ვნახე.

რომას ღიმილი ნელ-ნელა გაუქრა.

— რომელი ნინო?

— ლევან მელაძის და.

რამდენიმე წამით ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.

— სად შეხვდი? — ჰკითხა რომამ.

კოტემ ყველაფერი მოუყვა: როგორ შეეჯახნენ ერთმანეთს, როგორ შეეშინდა ნინოს, როგორ წაიყვანა პროფილაქტიკაში და როგორ დალიეს ყავა.

რომა ჩუმად უსმენდა.

— და მერე? — ჰკითხა ბოლოს.

კოტეს გაეღიმა, თუმცა მის თვალებში სერიოზულობა იგრძნობოდა.

— მერე მივხვდი, რომ რაღაც ისევ გამეღვიძა.

რომამ წარბები ასწია.

— არასოდეს გითქვამს ჩემთვის.

— იმიტომ, რომ არც არაფერი მომხდარა. ის არც კი მიცნობდა. მერე გავიგე, რომ გათხოვდა. ცოტა ხნის წინ კი შევიტყვე, რომ ქმარს გაშორდა. ელენე მასთან ერთ კომპანიაში მუშაობდა და რაღაცები მისგანაც მსმენია, მაგრამ არასოდეს მიცდია დაკავშირება. თვითონ არ მიცნობდა და არ მინდოდა, მის პირად ცხოვრებაში დაუპატიჟებელი სტუმარი ვყოფილიყავი.

რომამ ყურადღებით შეხედა.

— და დღეს?

— დღეს, როცა მანქანიდან გადმოვიდა და შეშინებული შემომხედა, უცებ მივხვდი, რომ ისევ ის გოგო იყო, რომელიც უნივერსიტეტში მომწონდა. ოღონდ ახლა უკვე ზრდასრული ქალია, რომელსაც საკუთარი ტკივილი და გამოცდილება აქვს.

კოტე წამით გაჩუმდა.

— იცი, ყველაზე მეტად რა მაწუხებს? რომ მან ოდესღაც იმ კაცს გაჰყვა ცოლად. ისეთ ადამიანს, რომელმაც ტკივილი მიაყენა. ნეტავ მაშინ გამეცნო, ნეტავ მაშინ მქონოდა გამბედაობა...

— კოტე, — შეაწყვეტინა რომამ, — წარსულზე სინანული არაფერს შეცვლის.

— ვიცი. მაგრამ როცა ვფიქრობ, რომ შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო...

— შეიძლება. შეიძლება არც ყოფილიყო. შენ არ იცი, რა მოხდებოდა.

კოტემ თავი დახარა.

რომა მეგობრის გვერდით ჩამოჯდა.

— ერთი რამ მინდა გითხრა. ის, რომ წარსულში მე და ლევანს უთანხმოება გვქონდა, არ ნიშნავს, რომ შენ უკან უნდა დაიხიო.

კოტემ გაკვირვებით შეხედა.

— შენთვის ეს პრობლემა არ იქნება?

— რატომ უნდა იყოს? ნინო ის არ არის, ვისთანაც მე ვიკამათე. მას არაფერი დაუშავებია ჩემთვის.

— მაგრამ ლევანი...

— ლევანი და მე ჩვენი ამბავი გვაქვს. ეს არ ნიშნავს, რომ შენ შენი ცხოვრება უნდა შეაჩერო. თუ ნინო მოგწონს, გაიცანი. თუ მასაც მოეწონები, რატომ უნდა თქვა უარი?

კოტეს სახეზე ღიმილი გაჩნდა.

— მართლა ასე ფიქრობ?

— რა თქმა უნდა. შენ ჩემი მეგობარი ხარ. მინდა, ბედნიერი იყო.

კოტე წამოდგა და მეგობარს მხარზე ხელი დაადო.

— იცოდი, რომ ზოგჯერ საშინლად გონივრული ხარ?

რომას გაეცინა.

— მხოლოდ ზოგჯერ?

— ნუ გათამამდები.

ორივეს გაეცინათ.

კოტემ თავი დაუქნია.

— მეც ასე ვფიქრობ. ჩემი და ნინოს ურთიერთობა ჩვენს ძველ კონფლიქტს არ უნდა შეეწიროს.

რომამ მეგობარს შეხედა.

— ზუსტად.

---

იმავე საღამოს, როცა ოჯახი ვახშმისთვის ემზადებოდა, დიანა კიბეზე ავიდა და ხმამაღლა დაიძახა:

— ბიჭებო, ჩამოდით! ანა და დაჩი მოვიდნენ!

კოტე და რომა ოთახიდან გამოვიდნენ.

მისაღებში ანა იდგა, დაჩის ხელი ეჭირა. პატარა ბიჭმა რომა რომ დაინახა, მაშინვე მისკენ გაიქცა.

— ბიძია!

რომამ ხელში აიყვანა და მაგრად ჩაიხუტა.

— აბა, ჩემო ბიჭო, როგორ ჩაიარა დღემ?

— კარგად! დღეს ნიტასთან ვითამაშებ და ნახატსაც დავხატვთ!

— მერე მაჩვენებ?

— აუცილებლად!

ნიტაც მაშინვე მათთან გაჩნდა. ბავშვები ერთმანეთს გადაეხვივნენ და რამდენიმე წამში უკვე სათამაშოებზე დაიწყეს საუბარი.

ანა სალომესა და ნატალიას მიესალმა, შემდეგ კი კოტეს გაუღიმა.

— გამარჯობა, კოტე.

— გამარჯობა, ანა. როგორ ხარ?

— კარგად, მადლობა. შენ?

— მეც კარგად.

კოტემ ანას სახეზე დაღლილობა შეამჩნია.

— სამსახურში ყველაფერი კარგად მიდის?

— დიახ. დღეს ცოტა დატვირთული დღე მქონდა, მაგრამ მგონი, თანდათან ვეჩვევი.

დიანამ მაგიდასთან დაპატიჟა.

— მოდი, დაჯექი. დღეს საინტერესო ამბავი გვაქვს მოსასმენი.

ანა დაიბნა.

— რა ამბავი?

— შენგან უნდა გავიგოთ, როგორია შენი ახალი სამსახური.

ყველამ გაიცინა.

ვახშამი მშვიდად დაიწყო. ნატალიამ დაჩის საყვარელი კერძი მოამზადა, სალომემ ნიტას თეფში გაუწყო, რომა კი ბავშვებს შორის იჯდა და მათ საუბარს უსმენდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ დიანამ ანას ჰკითხა:

— აბა, მოგვიყევი. როგორ მოგწონს ახალი სამსახური?

ანას სახე გაუნათდა.

— ძალიან მომწონს. კომპანია „ქუთაის კონსტრაქშენში“ დავიწყე მუშაობა. ელენეს ადგილას ამიყვანეს, რადგან ის დეკრეტულ შვებულებაში გადის. თანამშრომლებიც კარგები არიან.

რომა და კოტე ერთმანეთს სწრაფად გადახედეს.

ეს მზერა იმდენად მოკლე იყო, რომ სხვას შესაძლოა ვერც შეემჩნია, მაგრამ ორივემ იცოდა, რას ნიშნავდა ეს ამბავი.

რომამ ჭიქა მაგიდაზე დადო.

— „ქუთაის კონსტრაქშენი“ თქვი?

— დიახ, — უპასუხა ანამ. — იცნობთ?

— ვიცნობ, — მშვიდად თქვა რომამ. — ლევან მელაძე ხომ ისევ მათთან არის წილში?

ანამ გაუკვირვებლად შეხედა.

— დიახ. ის მათი ბიზნესპარტნიორია. ახლახან დაბრუნდა რუსეთიდან და ახლა კომპანიაში მუშაობს.

რომას სახე შეეცვალა.

მის თვალებში წამით ხუთი წლის წინანდელი ბრაზი გამოჩნდა. თითქოს ისევ იმ კაბინეტში იდგა, მაგიდაზე გაშლილ დოკუმენტებს უყურებდა და ლევანის ცივ ხმას ისმენდა.

კოტემ ეს შენიშნა.

— რომა, — მშვიდად თქვა მან, — ახლა ვახშამზე ვართ.

რომამ მეგობარს შეხედა, შემდეგ კი ანას მიუბრუნდა.

— სამსახური მოგწონს?

ანა ოდნავ დაიბნა.

— დიახ. რატომ მეკითხები?

— უბრალოდ მაინტერესებს.

— ლევან მელაძესაც შევხვდი. ცოტა მკაცრი ტიპია მაგრამ ასათიანები კარგი ხალხი არიან, შოთიკო გაიცნობს შენ.

-კი შევხვედივართ ბევრჯერ. მთავარია, შენ სამსახურში თავს კარგად გრძნობდე.

ანამ გაუღიმა.

— მადლობა. არ მინდა, ჩემი სამსახურის გამო ვინმე ინერვიულოს.

— რათქმაუნდა ვნერვიულობთ, — ჩაერთო სალომე. — ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ ბედნიერი იყო.

ნატალიამ ანას ხელი მოჰკიდა.

— შენ და დაჩი ამ ოჯახის წევრები ხართ. რაც არ უნდა მოხდეს, იცოდე, რომ ყოველთვის შენ გვერდით ვიქნებით.

ანას თვალები აუწყლიანდა.

— ვიცი. ზოგჯერ ვფიქრობ, არ ვიცი, როგორ გადაგიხადოთ ყველაფერი, რაც ჩემთვის გააკეთეთ.

— არაფრის გადახდა არ გჭირდება, შვილო, — უთხრა ლევან კორინთელმა. — შენ რევაზის ცოლი იყავი, მაგრამ ჩვენთვის მხოლოდ ეს არასოდეს ყოფილა მნიშვნელოვანი. შენ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხარ.

რომამ ანას გადახედა და გაუღიმა.

— და ახლა ჩვენი ოჯახის ყველაზე ჯიუტი წევრი ხარ, რადგან არ გინდა, ვინმეს რამე სთხოვო.

— რომა! — გაეცინა ანას. — მე არ ვარ ჯიუტი.

— რა თქმა უნდა, არა, — უპასუხა მან. — უბრალოდ, როცა დახმარებას გთავაზობთ, ყოველთვის უარს ამბობ.

ოჯახს გაეცინა და დაძაბულობაც ცოტათი განიმუხტა.

თუმცა კოტემ იცოდა, რომ რომას გონებაში ძველი ამბები ისევ ცოცხლდებოდა.

ვახშმის შემდეგ ბავშვები სათამაშოდ წავიდნენ, ქალები კი სამზარეულოში ალაგებდნენ. რომა აივანზე გავიდა. კოტე რამდენიმე წუთში მასთან მივიდა.

— ისევ მასზე ფიქრობ? — ჰკითხა.

რომამ ქალაქს გადახედა.

— არ მეგონა, რომ ოდესმე ისევ მომიწევდა მასთან ურთიერთობა.

— შენ ჯერ არც გქონია მასთან ურთიერთობა. ანას სამსახურში მუშაობა შენს ძველ კონფლიქტს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად განახლდება.

— ხუთი წელი გავიდა, კოტე. ხუთი წელი, და მაინც საკმარისი იყო მისი სახელის გაგონება, რომ ყველაფერი გამხსენებოდა.

— იმიტომ, რომ არასოდეს გიცდია ამ ამბის დასრულება.

რომა მეგობრისკენ შემობრუნდა.

— რას მთავაზობ? მივიდე და ვუთხრა, რომ ყველაფერი კარგადაა?

— არა. გთავაზობ, ჯერ საკუთარ თავს ჰკითხო, ისევ იმავე მიზეზით ხარ გაბრაზებული თუ უბრალოდ იმიტომ, რომ წარსულში ვიღაცამ შენს თავმოყვარეობას შეეხო.

რომა გაჩუმდა.

კოტემ განაგრძო:

— მაშინ ორივე ახალგაზრდა იყავით. ორივეს გეგონათ, რომ უკან დახევა დამარცხებას ნიშნავდა. მერე რევაზი გარდაიცვალა და ყველაფერი შეიცვალა. ლევანი წავიდა, შენ კი მთელი ოჯახის პასუხისმგებლობა აიღე. არც ერთს აღარ გქონდათ დრო, რომ მშვიდად გეფიქრათ.

რომამ თვალები დახუჭა.

რევაზის გახსენებაზე გულში კვლავ ნაცნობი ტკივილი იგრძნო.

— იმ პერიოდში ჩემი ცხოვრება დაინგრა, კოტე. მე არ მაინტერესებდა ლევანი სად წავიდოდა ან რას გააკეთებდა. უბრალოდ მინდოდა, ჩემი ოჯახი გადამერჩინა.

— ვიცი. და ლევანმაც ეს იცოდა. სწორედ ამიტომ წავიდა.

— მაშინ რატომ არ მოვიდა და რატომ არ მითხრა ეს ყველაფერი პირადად?

კოტე რამდენიმე წამით ჩუმად იყო.

— შეიძლება სიამაყემ არ მისცა ამის უფლება. შეიძლება ეგონა, რომ მისი ნახვა უფრო მეტ ტკივილს მოგაყენებდა. არ ვიცი, რომა. მაგრამ ერთი რამ ვიცი: წარსულს ვერ შეცვლი. შეგიძლია მხოლოდ გადაწყვიტო, მომავალში რას გააკეთებ.

რომამ მეგობარს შეხედა.

— და თუ ისევ იგივე ადამიანია?

— მაშინ ამასაც გაიგებ. მაგრამ მანამდე ნუ გამოიტან განაჩენს.

აივანზე სიჩუმე ჩამოვარდა.

ქვემოთ ქუჩაში მანქანები მოძრაობდნენ, მეზობლის ეზოდან კი ბავშვების სიცილი ისმოდა.

რომა დიდხანს უყურებდა ქალაქს.

შესაძლოა, კოტე მართალი იყო.

შესაძლოა, ხუთი წლის წინანდელი კონფლიქტი მართლაც შეიძლებოდა სხვაგვარად დასრულებულიყო.

მაგრამ ახლა ლევან მელაძე მის ცხოვრებაში მხოლოდ ძველი მოწინააღმდეგე აღარ იყო.

ის იმ კომპანიაში მუშაობდა, სადაც ანა ცდილობდა, ახალი ცხოვრება დაეწყო.

და რომას ყველაზე ნაკლებად სურდა, რომ ანას ისევ ტკივილი განეცადა — ამჯერად იმ კონფლიქტის გამო, რომელიც მას არ ეკუთვნოდა.

— არ მინდა, ანა ამ ყველაფერში გაეხვიოს, — თქვა ბოლოს.

— მაშინ ნუ გაახვევ, — მშვიდად უპასუხა კოტემ. — ნუ დააყენებ არჩევანის წინაშე, რომელ მხარეს უნდა დადგეს. მას თავისი ცხოვრება აქვს.

რომამ თავი დაუქნია.

— ვეცდები.

კოტემ მეგობარს მხარზე ხელი დაადო.

— აი, ეს უკვე დასაწყისია.

ოთახიდან დიანას ხმა გაისმა:

— ბიჭებო! სად დაიკარგეთ? ყავა მზად არის!

კოტემ გაეცინა.

— წავედით, თორემ შენი და მალე თავად გამოვა ჩვენს მოსაძებნად.

რომამაც გაიღიმა და მას უკან გაჰყვა.

იმ საღამოს ყველაფერი ჩვეულებრივად დასრულდა. ოჯახი ერთად იყო, ბავშვები იცინოდნენ, ანა კი თავს დაცულად გრძნობდა იმ ადამიანებს შორის, რომლებიც წლების განმავლობაში მის საყრდენად იქცნენ.

მაგრამ არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, რომ წარსული უკვე ნელ-ნელა ბრუნდებოდა.

ლევანმა ანას ბოდიში მოუხადა.

კოტე ნინოს შეხვდა და წლების წინ დამალული გრძნობა კვლავ გაუღვიძა.

რომამ კი პირველად დაუშვა, რომ შესაძლოა, ხუთი წლის წინანდელი წყენა სამუდამოდ არ უნდა დარჩენილიყო მათ შორის.

ზოგჯერ ერთი შემთხვევითი შეხვედრა საკმარისია, რომ წარსულში ჩაკეტილი კარი გაიღოს.

და როცა ეს კარი იღება, არავინ იცის, მის მიღმა შერიგება ელოდება თუ კიდევ ერთი ბრძოლა.

#ოჯახის_ჩრდილში
#თავი_მესამე

დილა ოფისში ჩვეულებრივად დაიწყო. თანამშრომლები ნელ-ნელა იკრიბებოდნენ, კომპიუტერები ირთვებოდა, დერეფანში კი ყავის სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა.

ანა თავის მაგიდასთან იჯდა და დღის სამუშაოს გეგმავდა, როდესაც ნაცნობი ხმა მოესმა.

— დილა მშვიდობისა, ანა.

თავი ასწია და ლევანი დაინახა.

— დილა მშვიდობისა, ბატონო ლევან.

— ისევ ბატონო ლევან? — ღიმილით ჰკითხა მან. — მგონი, გუშინ შევთანხმდით, რომ ზედმეტად ოფიციალური ურთიერთობა არ გვჭირდებოდა.

ანას გაეღიმა.

— კარგი, ლევან. დილა მშვიდობისა.

— აი, ასე უკეთესია.

ლევანი მის მაგიდასთან შეჩერდა. ხელში რამდენიმე დოკუმენტი ეჭირა, თუმცა აშკარა იყო, რომ ამჯერად მხოლოდ სამუშაო საქმე არ იყო მისი მოსვლის მიზეზი.

— როგორ ხარ? Ბავშვი როგორ გყავს?

ანას გაუკვირდა, რომ მისი შვილის ამბავი იკითხა.

— კარგად არის, მადლობა. სკოლაშია. პირველი კლასშია და ჯერ კიდევ ყველაფერი აინტერესებს.

— ალბათ ძალიან ცნობისმოყვარე ბავშვია.

— ზედმეტადაც კი, — გაეცინა ანას. — ზოგჯერ იმდენ კითხვას მისვამს, პასუხებს ვეღარ ვასწრებ.

— ეგ კარგი თვისებაა. ცნობისმოყვარე ბავშვები ხშირად ყველაზე საინტერესო ადამიანები იზრდებიან.

ლევანის სიტყვებზე ანას გაეღიმა. რაღაცნაირად სასიამოვნო იყო მასთან საუბარი. გუშინდელი უხერხულობა თითქოს თანდათან ქრებოდა.

ამ დროს შოთიკო დერეფნიდან გამოვიდა. ხელში ყავის ჭიქა ეჭირა და ლევანის დანახვისას ნაბიჯი შეანელა.

— დილა მშვიდობისა.

— დილა მშვიდობისა, — ერთდროულად უპასუხეს მათ.

შოთიკომ ჯერ ლევანს შეხედა, შემდეგ ანას. მისი დაკვირვებული მზერა მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც შეიცვალა.

ლევანი, რომელიც ჩვეულებრივ თანამშრომლებთან მოკლე და საქმიანი საუბრით შემოიფარგლებოდა, ანას წინ უკვე რამდენიმე წუთი იდგა და ღიმილით ესაუბრებოდა.

— ლევან, რამე ახალი ბრძანება გვაქვს და არ ვიცი? — ხუმრობით ჰკითხა შოთიკომ. — თუ თანამშრომლების მაგიდებთან დილის შემოვლას იწყებ?

ლევანმა მეგობარს გადახედა.

— შენს სამუშაო მაგიდასთანაც მოვალ, ნუ ღელავ. იქ იმდენი საბუთი გაქვს დაგროვილი, ალბათ სპეციალური შემოწმებაც დაგჭირდება.

— აი, ხომ ხედავ, — სიცილით მიუბრუნდა შოთიკო ანას, — კაცს დილიდან კარგი განწყობა აქვს და მაინც მე მეჩხუბება.

ანას გაეცინა.

— მგონი, თქვენ ორივეს კარგი განწყობა გაქვთ.

— დღეს ნამდვილად, — უპასუხა ლევანმა და კიდევ ერთხელ გაუღიმა ანას.
.

ლევანი ანას ისე უყურებდა, როგორც აქამდე არც ერთი თანამშრომლისთვის შეუხედავს. ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავდა, მაგრამ შოთიკო კარგად იცნობდა თავის მეგობარს და ხვდებოდა, რომ მისი ასეთი ყურადღება შემთხვევითი არ იყო.

— კარგი, მე ჩემს საქმეს მივხედავ, — თქვა ლევანმა. — თუ რამე დაგჭირდებათ, ჩემს კაბინეტში ვიქნები.

— კარგი, ლევან, — უპასუხა ანამ.

ამ დროს ოფისში ახალგაზრდა ქალი შემოვიდა. საშუალო სიმაღლის, მუქი თმითა და მშვიდი გამომეტყველებით. უბრალო, მაგრამ გემოვნებით შერჩეული სამოსი ეცვა. ხელში საქაღალდე ეჭირა და შემოსვლისთანავე შოთიკოს დაუძახა.

— შოთიკო, ეს დოკუმენტები შენ უნდა მოგცე თუ ლევანს?

— სოფო, დილა მშვიდობისა ჯერ არ არსებობს? — ხუმრობით ჰკითხა ძმამ.

— დილა მშვიდობისა. ახლა შეიძლება გიპასუხო?

— რა თქმა უნდა სოფო.

სოფომ თვალები აატრიალა.

— ზოგჯერ მართლა აუტანელი ხარ.

შემდეგ ანას მიუბრუნდა.

— ანა ეს ჩემი დაა სოფო.

ანა წამოდგა და გაუღიმა.

— . სასიამოვნოა შენი გაცნობა.

— მეც ძალიან მიხარია, ძირითადად ხელშეკრულებებსა და დოკუმენტაციაზე ვმუშაობ თუ რამე დაგჭირდება, თავისუფლად მომმართე.

— დიდი მადლობა. ჯერ კიდევ ბევრ რამეს ვსწავლობ.

— ყველას ასე გვქონდა დასაწყისი. მალე შეეჩვევი.

სოფო მშვიდი, კეთილი და თავაზიანი გოგო აღმოჩნდა. მასში არაფერი იყო ხელოვნური. საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდებოდა და თანამშრომლებთან ყოველთვის პატივისცემით საუბრობდა.

იმ დილით ოფისში განსაკუთრებულად თბილი განწყობა შეიქმნა. ანა ნელ-ნელა გრძნობდა, რომ ახალ სამსახურში მხოლოდ მოვალეობების შესრულება კი არ მოუწევდა, არამედ შეეძლო, ადამიანებიც გაეცნო და მათთან მეგობრული ურთიერთობაც დაემყარებინა.

თუმცა შუადღეს ყველაფერი შეიცვალა.

ტელეფონი აწკრიალდა. ეკრანზე ნატალიას სახელი გამოჩნდა.

— გისმენ, ნატალია.

— ანა, შვილო, როგორ ხარ?

— კარგად, შენ როგორ ხარ?

— კარგად, მაგრამ ერთი პრობლემა შემექმნა. სკოლიდან დამირეკეს, მასწავლებლების შეკრება აქვთ და აუცილებლად უნდა მივიდე. ახლა გავიგე და ვეღარ ვასწრებდი წინასწარ შენთვის თქმას.

ანას სახე შეეცვალა.

— დაჩის ვინ გამოიყვანეს სკოლიდან?

— ჩვეულებრივად მე უნდა გამომეყვანა, მაგრამ ახლა არ ვიცი, რას ვიზამ. თუ შენ შეძლებ, სკოლიდან წამოიყვანე. თუ ვერ ახერხებ, ბაბუამისს დავურეკავ, რომა და სალომე არ არიან სახლში.

— ნატალია, რას ამბობ? ნუ ნერვიულობ. რამეს მოვიფიქრებ.

— დარწმუნებული ხარ, შვილო?

— ახლავე წამოვალ გამოსაყვანად.

დამშვიდობების შემდეგ ანა რამდენიმე წამით ჩაფიქრდა. სამსახურის დატოვება არ შეეძლო, თუმცა არც სურდა, რომ დაჩი მარტო დარჩენილიყო ან ოჯახის წევრებისთვის დამატებითი საზრუნავი შეექმნა.

ბოლოს ნინოს მაგიდასთან მივიდა.

— ნინო, შეიძლება რაღაც გკითხო?

ნინომ მაშინვე შეწყვიტა მუშაობა.

— რა თქმა უნდა, ანა.

— ჩემებს ბავშვი ვერ გამოჰყავთ სკოლიდან, დაჩი სკოლიდან უნდა გამოვიყვანო და მაინტერესებს, ხომ არ იქნება პრობლემა, ცოტა ხნით აქ რომ მოვიყვანო, სანამ სამუშაოს დავასრულებ?

ნინო გაოცებული მიაჩერდა.

— ანა, ამას როგორ მეკითხები? რა თქმა უნდა, შეიძლება! ბავშვი მოიყვანე. აქ იმდენი ადამიანი ვართ, მარტო არ მოგიწევს მისი მიხედვა.

— მადლობა. მართლა არ მინდა, ვინმეს ხელი შევუშალო.

— ხელს არაფერში შეგვიშლი. პირიქით, ცოტა გავერთობით კიდეც.

სოფომ, რომელმაც მათი საუბარი გაიგონა, მაშინვე თავი გამოყო თავისი კაბინეტიდან.

— ბავშვი მოდის? მაშინ მე უკვე ვიცი, ვისთან ერთად უნდა გავაკეთო შესვენება.

ანა სკოლაში წავიდა.

დაჩი პირველი კლასის მოსწავლე იყო. სკოლაში ჯერ კიდევ ყველაფერი ახალი და საინტერესო ეჩვენებოდა. იმ დღესაც, როდესაც დედამ საკლასო ოთახიდან გამოიყვანა, ზურგჩანთა მხარზე მოიკიდა და მაშინვე კითხვები დააყარა.

— დედა, სახლში მივდივართ?

— არა, ჩემო ბიჭო. დღეს სამსახურში წამოხვალ ჩემთან.

დაჩის თვალები გაუბრწყინდა.

— მართლა? შენს სამსახურში? სადაც დიდი კაბინეტებია?

— დიახ.

— კომპიუტერებიც არის?

— რა თქმა უნდა.

— და ბევრი ადამიანი?

— საკმაოდ ბევრი.

ბიჭმა სიხარულისგან ხელები შემოჰკრა.

— რა მაგარია! მე არასოდეს ვყოფილვარ შენს სამსახურში!

ანა გაეცინა და შვილის ხელი თავისაში მოიქცია.

— ოღონდ პირობა უნდა მომცე, რომ დედას მუშაობაში ხელს არ შეუშლი.

— გპირდები! ჩუმად ვიქნები.

ანა შვილს ეჭვით შეხედა.

ოფისში მისვლისას დაჩი რამდენიმე წამით კართან გაჩერდა და გაოცებული ათვალიერებდა გარემოს.

— დედა, ეს ყველაფერი აქ ხდება?

— რა ყველაფერი?

— ამდენი ადამიანი რომ მუშაობს!

— დიახ, ჩემო სიცოცხლე. მოდი, გაგაცნობ ჩემს თანამშრომლებს.

ნინომ ისინი პირველი შეამჩნია.

— აი, ჩვენი სტუმარიც მოვიდა!

დაჩი დედას ამოეფარა, მაგრამ ცნობისმოყვარეობა მალევე მოერია.

— გამარჯობა, — თქვა მორიდებით.

ნინო მის წინ ჩაიმუხლა.

— გამარჯობა, დაჩი. მე ნინო ვარ. დედიკოსთან ერთად ვმუშაობ.

— შენც კომპიუტერზე მუშაობ?

— დიახ, თანაც ბევრს.

— მეც მინდა, რომ დიდი რომ გავიზრდები, კომპიუტერზე ვიმუშაო.

— მაშინ კარგად უნდა ისწავლო, — უთხრა ნინომ.

— ვსწავლობ! პირველ კლასში ვარ უკვე!

— მართლა? მაშინ დიდი ბიჭი ყოფილხარ.

დაჩიმ ამაყად დაუქნია თავი.

შოთიკოც მიუახლოვდა.

— ეს რა კაცი გვესტუმრა, მე შოთიკო ვარ. დედაშენის მეგობარი და თანამშრომელი.

— შენ უფროსი ხარ?

შოთიკომ სიცილი ვერ შეიკავა.

— ხო მეც ერთერთი.

ამ დროს სოფოც მოვიდა.

— გამარჯობა მეგობარო, მე სოფო ვარ.

— შენც აქ მუშაობ?

— დიახ.

— ყველა აქ მუშაობს? — დაჩიმ გაოცებით მოავლო თვალი ოთახს.

— თითქმის ყველა, — უპასუხა სოფომ. — ახლა კი მოდი, გაჩვენებ, სად შეგიძლია დაჯდე, რომ დედას ხელი არ შეუშალო.

სოფომ მისთვის პატარა მაგიდა გაათავისუფლა, ფურცლები და ფერადი ფანქრები მოუტანა.

— შეგიძლია დახატო, სანამ დედა მუშაობს.

დაჩი აღფრთოვანებული დაჯდა.

— მე სახლს დავხატავ. ჩვენს სახლს და ბაბუასაც!

— ძალიან კარგი იდეაა, — უთხრა სოფომ.

ანა მადლიერებით უყურებდა თანამშრომლებს.

— არ ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა.

— ერთი პირობა გვაქვს, — თქვა შოთიკომ. — დაჩი ხანდახან კიდევ უნდა მოიყვანო.

— თუ ასე კარგად მოიქცევა, სიამოვნებით.

დაჩიმ თავი ასწია.

— მე ყოველთვის კარგად ვიქცევი!

— ეს უკვე საეჭვო განცხადებაა, — ჩაილაპარაკა შოთიკომ.

ყველას გაეცინა.

ლევანი იმ დღეს შეხვედრებით იყო დაკავებული. რამდენჯერმე დაურეკეს, შემდეგ კი დოკუმენტების განხილვა მოუწია. ოფისის საერთო სივრცეში მხოლოდ მაშინ გამოვიდა, როცა სამუშაო დღის დასრულებამდე ცოტა დრო რჩებოდა.

პირველად ანას მაგიდასთან ცარიელი სკამი შენიშნა, შემდეგ კი იქვე, პატარა მაგიდასთან, ბიჭი დაინახა, რომელიც ფერადი ფანქრებით სახლს ხატავდა.

ლევანი შეჩერდა.

— ეს პატარა სტუმარი ვინ არის?

დაჩიმ თავი ასწია.

— მე დაჩი ვარ.

— სასიამოვნოა, დაჩი. მე ლევანი ვარ.

ბიჭს თვალები გაუფართოვდა.

— მართლა ლევანი გქვია?

— დიახ. რატომ, უცნაური სახელია?

დაჩიმ თავი გააქნია.

— არა! ჩემს ბაბუასაც ლევანი ჰქვია!

ლევანს გაეცინა.

— მაშინ ძალიან კარგი სახელი მქონია.

— ჩემი ბაბუა ძალიან კარგია. ხანდახან სკოლიდან რომ მოვდივარ, მასთან მივდივარ და ერთად ვსადილობთ.

ლევანის ღიმილი უფრო თბილი გახდა.

— ბედნიერი კაცი ყოფილა შენი ბაბუა, ასეთი კარგი შვილიშვილი რომ ჰყავს.

დაჩიმ მხრები აიჩეჩა.

— მე მგონი, კი.

ლევანი მის გვერდით ჩაიმუხლა და ნახატს დახედა.

— ეს სახლი შენია?

— დიახ ჩემია.

ლევანს სიცილი აუტყდა.

— ძალიან კარგი მხატვარი ხარ.

— შენც ხატავ?

— არა, მე უფრო საბუთებს ვხატავ.

დაჩიმ ვერ გაიგო, რას გულისხმობდა, მაგრამ ლევანის ხუმრობაზე მაინც გაეღიმა.

ამ დროს ანა მათ მიუახლოვდა.

— ლევან, მაპატიეთ, რომ დაჩი აქ მოვიყვანე.

— რატომ მიხდი ბოდიშს? — ჰკითხა ლევანმა. — არანაირი პრობლემა არ არის. პირიქით, მიხარია, რომ გავიცანი.

მან კვლავ დაჩის შეხედა.

— აბა, დაჩი, სკოლა მოგწონს?

— ძალიან! ოღონდ ზოგჯერ ბევრი დავალება გვაქვს.

— ეგ იმიტომ, რომ ჭკვიანი ბიჭი გაიზარდო.

— დედაც ამას მეუბნება.

— დედები ხშირად მართლები არიან, — თქვა ლევანმა და ანას ღიმილით გადახედა.

ანასაც გაეღიმა.

ლევანი წამოდგა და ბიჭს ხელი გაუწოდა.

— კარგი, დაჩი, ახლა კი უნდა დავბრუნდე ჩემს კაბინეტში. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა.

დაჩიმ ხელი ჩამოართვა.

— შენთან კიდევ ვისაუბრებთ?

— აუცილებლად. თუ დედა ისევ მოგიყვანს.

— დედა, ხომ მომიყვან? — მაშინვე მიუბრუნდა ანას.

— თუ კარგად მოიქცევი, ვნახოთ.

— მე ხომ კარგად ვიქცევი!

ლევანს გაეცინა.

— მგონი, ამ საკითხზე ცალკე შეხვედრა დაგვჭირდება.

დაჩი სიცილით დაუბრუნდა თავის ნახატს.

ლევანი კი კაბინეტისკენ გაემართა, თუმცა გზაში ერთხელ კიდევ მოიხედა.

შოთიკო მის გვერდით გაჩნდა.

— საინტერესო ბიჭია, არა?

— ძალიან, — უპასუხა ლევანმა.

— დედამისიც კარგი ადამიანია.

- ვიცი და ვცდილობ გამოვასწორო პირველი შეცდომა.

Ორივეს გაეცინათ.

ლევანი კაბინეტში შევიდა, მაგრამ დაჩის ღიმილი და ანას მშვიდი ხმა გონებიდან აღარ შორდებოდა.

არ იცოდა, რატომ, თუმცა ამ პატარა ოჯახთან ახლოს ყოფნა უცნაურად სასიამოვნო ეჩვენებოდა.

სამუშაო დღის ბოლოს შოთიკომ ყველას შესთავაზა, სადმე ერთად წასულიყვნენ.

— მთელი დღე საბუთებს შევყურებთ. მგონი, საღამოს ცოტა განტვირთვა არ გვაწყენდა. ახლომახლო კარგი რესტორანია. ვივახშმოთ, ცოტა დავლიოთ და სახლში კარგ ხასიათზე წავიდეთ.

— მე თანახმა ვარ, — თქვა ნინომ.

— მეც, — დაამატა სოფომ.

შოთიკო ანას მიუბრუნდა.

— შენც წამოხვალ.

ანა ჯერ დაჩის შეხედა.

— არ ვიცი... დაჩი ჩემთან ერთად არის.

— მერე რა? — გაუღიმა ნინომ. — ბავშვიც წამოიყვანე. იქ ოჯახური გარემოა, მშვიდად ვივახშმებთ.

სოფოც დაეთანხმა.

— თან დაჩი მთელი საღამო ნახატებს ვერ დახატავს. ცოტა გაერთოს.

ანა ყოყმანობდა, მაგრამ ლევანმა, რომელიც მათ საუბარს მოუსმენდა, მშვიდად თქვა:

— წამოდი, ანა. დღეს ყველა კარგად ვიმუშავეთ და საღამოც ერთად გავატაროთ. დაჩისთვისაც კარგი იქნება გარემოს შეცვლა.

ანამ მას შეხედა.

— კარგი. მაშინ წამოვალთ.

— შესანიშნავია, — თქვა შოთიკომ. — ლევან, შენ მანქანით ხარ?

— დიახ.

— მაშინ გზაში შევთანხმდებით, ვინ ვისთან წავა.

საღამოს ისინი რესტორანში წავიდნენ. ადგილი მყუდრო იყო, რბილი განათებით, ხის მაგიდებითა და ფანჯრებიდან დანახული ქალაქის საღამოს ხედით.

დაჩი ანას გვერდით დაჯდა, სოფო კი მის მეორე მხარეს. ნინომ მენიუ გადაშალა და ბიჭს ჰკითხა, რა უყვარდა.

— კარტოფილი ფრი, ხაჭაპური და ხინკალი, — ჩამოთვალა დაჩიმ.

— სამივე ერთად? — სიცილით ჰკითხა შოთიკომ.

— თუ შეიძლება.

— ეს კაცი უკვე ჩვენზე უკეთესად ცხოვრობს, — თქვა შოთიკომ.

ლევანი დაჩის გვერდით დაჯდა.

— მოდი, ასე მოვიქცეთ. ჯერ რაც ყველაზე მეტად გინდა, ის შეუკვეთე, დანარჩენს მერე გადავწყვეტთ.

— კარტოფილი ფრი მინდა!

— კარგი, შეთანხმდნენ.

ანა მადლიერებით უყურებდა ლევანს. მას მოსწონდა, როგორ ექცეოდა დაჩის — არა როგორც პატარა ბავშვს, რომლის ნათქვამიც დიდებისთვის უმნიშვნელოა, არამედ როგორც ადამიანს, რომელსაც უსმენენ და პატივს სცემენ.

სუფრაზე საუბარი მალევე გაცოცხლდა. შოთიკო სამსახურის სასაცილო ამბებს ჰყვებოდა, სოფო ძმას დასცინოდა, ნინო კი ხანდახან ისე იცინოდა, რომ თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა.

ლევანიც უჩვეულოდ კარგ ხასიათზე იყო.

რამდენიმე ჭიქა ღვინო შეუკვეთეს უფროსებისთვის, ხოლო დაჩისთვის წვენი მოიტანეს. ანამ ალკოჰოლზე უარი თქვა, რადგან ბავშვისთვის თავად უნდა მიეხედა.

— დაჩი, სკოლაში ყველაზე მეტად რომელი საგანი მოგწონს? — ჰკითხა ლევანმა.

— ხატვა.

— მათემატიკა?

— ეგეც, მაგრამ ხატვა უფრო. მასწავლებელმა მითხრა, კარგად გამოგდისო.

— მაშინ აუცილებლად უნდა გააგრძელო.

— შენ რა გიყვარდა სკოლაში?

ლევანი წამით დაფიქრდა.

— ალბათ ისტორია.

— იმიტომ, რომ ძველი ამბები მოგწონს?

— შეიძლება, — გაეღიმა ლევანს. — ძველ ამბებში ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

ანა უნებურად ჩაერთო საუბარში.

— მთავარია, ძველ ამბებში არ დავრჩეთ.

ლევანმა მისკენ გაიხედა.

— მართალია. ზოგჯერ წარსული გვასწავლის, მაგრამ ცხოვრება წინ უნდა გავაგრძელოთ.

მათ შორის წამით ისეთი მზერა გაიცვალა, თითქოს ამ სიტყვებში გაცილებით მეტი იმალებოდა, ვიდრე უბრალო საუბარი.

შემდეგ შოთიკომ ხუმრობა დაიწყო და საუბარი ისევ საერთო სიცილში გადაიზარდა.

დრო შეუმჩნევლად გავიდა. დაჩიმ ჯერ სოფოს თავისი ნახატი აჩვენა, შემდეგ ნინოს მოუყვა, როგორ გაიცნო კლასში ახალი მეგობარი, ბოლოს კი ლევანს სთხოვა, მისთვის წყალი მიეწოდებინა.

ლევანი ყოველ ჯერზე სიამოვნებით ეხმარებოდა.

ანამ ეს ყველაფერი შეამჩნია და გულში რაღაც თბილი იგრძნო. დიდი ხანი იყო, რაც უცხო მამაკაცისგან ასეთი ბუნებრივი ყურადღება არ ეგრძნო. ლევანი არ ცდილობდა თავის მოწონებას, არც ზედმეტ კითხვებს სვამდა. უბრალოდ, იქ იყო და მის შვილს გულწრფელად უსმენდა.

საღამო ძალიან სასიამოვნოდ დასრულდა.

როდესაც რესტორნიდან გამოვიდნენ, დაჩი უკვე დაღლილი იყო. დედას ხელი ჩასჭიდა და ლოყაზე მიეხუტა.

— დედა, მეძინება.

— ვიცი, ჩემო სიცოცხლე. მალე სახლში მივალთ.

ლევანმა ანას შეხედა.

— მე მანქანით ვარ. თქვენ წაგიყვანთ.

— არ მინდა შეგაწუხო, — უპასუხა ანამ.

— ანა, უკვე რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ არ მაწუხებ? გვიანია, ბავშვიც დაღლილია. წამოდით.

შოთიკომაც დაუჭირა მხარი.

— წადით, ანა. ჩვენ სოფოსთან და ნინოსთან ერთად წავალთ. ლევანი მიგიყვანთ და ხვალ შევხვდებით.

ანა ბოლოს დათანხმდა.

მანქანაში დაჩი უკანა სავარძელზე დაჯდა, დედას მიეკრო და რამდენიმე წუთში ჩაეძინა.

— ძალიან დაიღალა. ჩვეულებრივ, ასე სწრაფად არ იძინებს.

— დღეს ბევრი ახალი ადამიანი გაიცნო. ალბათ ემოციებით დაიღალა.

— მართალია. ძალიან მოეწონა ყველა, განსაკუთრებით შენ.

ლევანმა ღიმილით გადახედა.

— მეც ძალიან მომეწონა. კარგი ბიჭია.

— დაჩი ჩემთვის ყველაფერია, — ჩუმად თქვა ანამ.

ლევანმა მის ხმაში სითბო იგრძნო.

— ეს ჩანს, ანა. ისე უყურებ, თითქოს მთელი სამყარო მასშია მოქცეული.

ანას გაეღიმა.

— ასეა კიდეც.

მალე მის კორპუსთან მივიდნენ. ლევანმა მანქანა გააჩერა და ძრავა გამორთო.

ანა უკან შებრუნდა, რომ დაჩი გაეღვიძებინა, მაგრამ ლევანმა ხელი მსუბუქად შეაჩერა.

— მოიცადე. სძინავს. ნუ გავაღვიძებთ.

მანქანიდან გადავიდა, უკანა კარი ფრთხილად გააღო და ბავშვს ხელი შეუცურა. დაჩი ისე ეძინა, რომ თვალიც არ გაუხელია.

ლევანმა ხელში აიყვანა.

ანა გაოცებული უყურებდა.

— ლევან, არ არის საჭირო. მე ავიყვან.

— არაუშავს. კარი გააღე.

ანამ ჩანთა აიღო, კორპუსის კარი გააღო და ლევანს წინ გაუძღვა.

ბინაში შესვლის შემდეგ საძინებლის კარი გააღო და საწოლი მოამზადა. ლევანმა დაჩი ფრთხილად დააწვინა, ფეხსაცმელი გახადა და საბანი გადააფარა.

ბიჭს ძილში გაეღიმა და გვერდი იცვალა.

ლევანი რამდენიმე წამით უყურებდა, შემდეგ კი ოთახიდან უხმაუროდ გამოვიდა.

ანა კართან იდგა. თვალებში მადლიერება და ერთგვარი დაბნეულობა ედგა.

— არ ვიცი, რა გითხრა. მართლა ძალიან შეგაწუხე.

ლევანი მის წინ გაჩერდა.

— ანა, თუ კიდევ ერთხელ მომიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ დახმარების საშუალება მომეცი, შეიძლება მართლა გავბრაზდე.

ანას გაეცინა.

— კარგი, აღარ მოვიხდი.

— და კიდევ ერთი რამ.

— რა?

— ჩემთან შენობით ილაპარაკე. „ბატონო ლევანი“, „თქვენ“... თითქოს უცხო ადამიანი ვიყო.

ანამ ოდნავ გაიღიმა.

— კარგი, ლევან.

— აი, ასე უკეთესია.

მათ შორის მცირე სიჩუმე ჩამოვარდა. ანამ უცებ იგრძნო, რომ მისი წასვლა არ უნდოდა.

— ყავას ხომ არ დალევ? — ჰკითხა მოულოდნელად. — თუ, რა თქმა უნდა არ გეჩქარება.

ლევანს გაეღიმა.

— სიამოვნებით.

სამზარეულოში ანამ ყავა მოამზადა. ლევანი მისაღებში დაჯდა და ოთახს თვალი მოავლო. ბინა პატარა, მაგრამ მოწესრიგებული იყო. თაროებზე წიგნები ეწყო, კედელზე კი ანასა და დაჩის რამდენიმე ფოტო ეკიდა.

ერთ ფოტოზე ანა ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად იდგა. ორივეს ბედნიერი სახე ჰქონდა, ხელში კი პატარა ბავშვი ეჭირათ.

ლევანი ფოტოს რამდენიმე წამით დააკვირდა, შემდეგ მზერა მოარიდა.

ანა ყავის ჭიქებით შემოვიდა.

— აი, შენი ყავა.

— მადლობა.

ისინი ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ.

— დაჩი ძალიან გგავს, — თქვა ლევანმა.

ანას გაეღიმა.

— ხშირად მეუბნებიან. თუმცა ხასიათით მამას ჰგავს. ძალიან კეთილია, ყველას ენდობა.

— კარგი თვისებაა, ოღონდ იმედი მაქვს, ცხოვრებაც კეთილად მოექცევა.

ანას სახეზე წამით ჩრდილი გადაეფარა.

ლევანმა ეს შეამჩნია.

— მაპატიე, თუ რამე ისეთი ვთქვი...

— არა, არაფერია. უბრალოდ... ზოგჯერ რთულია, როცა ხვდები, რომ ყველაფერს ვეღარ აკონტროლებ.

ლევანი ჩუმად უსმენდა.

— თუ არ გეწყინება, შეიძლება რაღაც გკითხო? — თქვა ბოლოს.

— მკითხე.

— დაჩის მამაზე...

ანა რამდენიმე წამით დუმდა. ეს თემა მისთვის ჯერ კიდევ მტკივნეული იყო, თუმცა ლევანის ხმაში ცნობისმოყვარეობა კი არა, გულწრფელი ინტერესი იგრძნობოდა.

— რეზო ხუთი წლის წინ გარდაიცვალა. დაჩი მაშინ ძალიან პატარა იყო. გულის შეტევა დაემართა... ყველაფერი მოულოდნელად მოხდა.

ლევანს სახე შეეცვალა.

— ძალიან ვწუხვარ, ანა.

— მადლობა.

— ასეთ ასაკში მარტო დარჩენა ძალიან რთული უნდა ყოფილიყო.

— რთული იყო. ზოგჯერ ახლაც მიჭირს. მაგრამ დაჩის გამო უნდა გავძლიერდე. მისთვის დედაც უნდა ვიყო და მამაც, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
Ჩემი ქმრის ოჯახი ძალიან მეხმარება. Ეს ბინა მათ აჩუქეს დაჩის.

-შენი მშობლები სად არიან?

-მე თბილისიდან ვარ. მამა გარდაცვლილი მყავს, ჩემი ძმა ამერიკაშია, როცა ცოლი მოიყვანა დედა მასთან წავიდა.. Ჩვენ ვეღარ გავჩერდით თბილისში მარტო და აქ დაბრუნება გადავწყვიტეთ, დაჩის ოჯახი ყავს, მათ ის ძალიან უყვართ.

ლევანმა თავი დაუქნია.

— მესმის, რომ ვერავინ ჩაანაცვლებს იმ ადამიანს, ვინც დაკარგე. არც არის საჭირო. მაგრამ ცხოვრება გრძელდება, ანა. შენც უნდა მისცე საკუთარ თავს უფლება, რომ იცხოვრო. მხოლოდ დაჩისთვის კი არა, საკუთარი თავისთვისაც.

ანას თვალები აუწყლიანდა.

— ზოგჯერ მგონია, რომ თუ ისევ ბედნიერებაზე დავიწყებ ფიქრს, თითქოს რევაზს ვუღალატებ.

ლევანმა მშვიდად შეხედა.

— არ მგონია, რომ ადამიანს, რომელსაც უყვარდი, შენი მთელი ცხოვრება მწუხარებაში გატარება ენდომებოდა. სიყვარულს ხომ არ აუქმებს ის, რომ ოდესმე ისევ გაიღიმებ.

ანა ჩუმად უსმენდა.

ეს სიტყვები გულში შეეხო. წლების განმავლობაში ბევრი ადამიანი ეუბნებოდა, რომ ძლიერი უნდა ყოფილიყო, რომ დაჩისთვის უნდა ეცხოვრა, რომ დრო ყველაფერს კურნავდა. მაგრამ იშვიათად ვინმე ეუბნებოდა, რომ საკუთარი თავისთვისაც ჰქონდა უფლება, ბედნიერება მოენდომებინა.

— მადლობა, — ჩუმად თქვა მან.

— რისთვის?

— იმისთვის, რომ ასე მესაუბრები.

ლევანს გაეღიმა.

— ალბათ იმიტომ, რომ მეც მაქვს რაღაცები, რაზეც იშვიათად ვლაპარაკობ.

ანა ინტერესით შეხედა.

— სხვათა შორის, სულ ჩემზე ვლაპარაკობთ და შენზე თითქმის არაფერი ვიცი.

ლევანს გაეცინა.

— მართალი ხარ. ალბათ იმიტომ, რომ მე კითხვების დასმა უფრო გამომდის, ვიდრე საკუთარ თავზე საუბარი.

— მაშინ დღეს ჩემი ჯერია, მოგისმინო.
Ნინომ მითხრა რომ დედა გარდაცლი გყავთ.
ლევანი ჭიქას დახედა. რამდენიმე წამით დაფიქრდა, თითქოს არჩევდა, რამდენის თქმა შეეძლო.

—ჰო 10 წლის წინ გარდაიცვალა, მერე მამამ რუსეთში დაიწყო ბიზნესი, მაგრამ. Სულ აქ უნდოდა ჩამოსვლა და მერე მე შევანაცვლე. Ახლა მეც დავბრუნდი.
იცი, ანა, ზოგჯერ მარტოობა ყველაზე რთული მაშინ არის, როცა გარშემო ბევრი ადამიანი გყავს. საქმიანი შეხვედრები, მეგობრები, ნაცნობები... მაგრამ საღამოს სახლში ბრუნდები და ხვდები, რომ არავინ გელოდება.

ანა ჩუმად იყო.

— დიდი ხანია მარტო ვარ. თავიდან მეგონა, რომ ასე უფრო მარტივი იქნებოდა. ვმუშაობდი, ჩემს საქმეს ვაკეთებდი, ვცდილობდი, ზედმეტად არ მეფიქრა პირად ცხოვრებაზე. მერე მივხვდი, რომ ადამიანი მხოლოდ საქმით ვერ იცხოვრებს.

— არასოდეს შეგხვედრია ადამიანი, ვისთანაც ურთიერთობა მოგინდებოდა?

ლევანს მწარედ გაეღიმა.

— შემხვედრია ქალები, რომლებსაც დროთა განმავლობაში ვხვდებოდი, რომ მათ ჩემზე კი არა, ჩემს ფულზე ჰქონდათ წარმოდგენა. აინტერესებდათ, სად ვცხოვრობდი, რა მანქანა მყავდა, სად დავდიოდი დასასვენებლად... მაგრამ იშვიათად ვინმე მეკითხებოდა, სინამდვილეში როგორი ვიყავი ან რა მაწუხებდა.

— ალბათ რთულია, როცა არ იცი, ადამიანს შენ მოსწონხარ თუ ის ცხოვრება, რომელიც შეგიძლია შესთავაზო.

— ზუსტად. იმდენჯერ გამიცრუვდა იმედი, რომ ბოლოს თითქმის შევწყვიტე ვინმეს ნდობა.

ანა ყურადღებით უსმენდა.

— იმედი მაქვს, ასეთ ადამიანს შეხვდები.

ლევანს გაეღიმა.

— მეც ამის იმედი მაქვს.

მცირე პაუზის შემდეგ დაამატა:

— თუმცა, სიმართლე გითხრა, შენნაირი ადამიანი იშვიათად შემხვედრია.

ანას სუნთქვა შეეკრა.

— ჩემნაირი?

— დიახ. შენ არ ცდილობ, ვინმეს თავი მოაწონო. არც იმას უყურებ, რას ფლობს ადამიანი. შენთვის მნიშვნელოვანია, როგორ ექცევა სხვებს. დღეს ვუყურებდი, როგორ ზრუნავდი დაჩიზე, როგორ ესაუბრებოდი თანამშრომლებს... შენში რაღაც მშვიდი და გულწრფელია.

ანა თვალს ვერ უსწორებდა.

— შეიძლება უბრალოდ ჯერ კარგად არ მიცნობ.

— შეიძლება, — დაეთანხმა ლევანი. — ამიტომაც არ ვაპირებ, ნაჩქარევი დასკვნები გამოვიტანო.

მის ხმაში ისეთი გულწრფელობა იგრძნობოდა, რომ ანას გული აუჩქარდა.

რამდენიმე წუთის განმავლობაში სხვა თემებზე ისაუბრეს. ლევანმა თავისი სამუშაოს შესახებ მოუყვა, ანამ კი დაჩის ყოველდღიურობაზე. საუბარი ბუნებრივად მიედინებოდა და არც ერთს სურდა მისი დასრულება.

მაგრამ ლევანმა შენიშნა, რომ დრო გვიანი იყო.

არ უნდოდა, ანასთვის თავი მოებეზრებინა ან თავისი ყურადღებით უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა.

— მგონი, უკვე უნდა წავიდე, — თქვა ბოლოს და წამოდგა.

ანაც წამოდგა.

— მადლობა ლევან.

ლევანს გაეცინა.

კართან მივიდნენ. ლევანს უნებურად მოუნდა, ანა გულში ჩაეკრა. მის მიმართ ისეთი სითბო გაჩენილიყო, რომ ეს სურვილი თავადაც გააოცა. მაგრამ შეჩერდა. არ უნდოდა, ნაჩქარევი ნაბიჯით ის სიმშვიდე დაერღვია, რომელიც მათ შორის სულ ახლახან გაჩნდა.

— დაჩის ჩემს მაგივრად აკოცე, კარგი?

ანას გაეღიმა.

— აუცილებლად.

— და კიდევ შევხვდებით. Მინდა მასთან ვიმეგობრო.

-კარგი ლევან.

— ღამე მშვიდობისა, ანა.

— ღამე მშვიდობისა.

ლევანი წავიდა.

ანა კართან რამდენიმე წამით იდგა, შემდეგ კი ნელა შემობრუნდა. ბინაში სიჩუმე იყო. დაჩის საძინებლიდან მისი მშვიდი სუნთქვა ისმოდა.

ანა სამზარეულოში შევიდა, ჭიქები აიღო და ნიჟარაში ჩააწყო, მაგრამ ფიქრებით ისევ ლევანთან იყო.

მისი ხმა ახსენდებოდა, ღიმილი, ის მზერა, რომლითაც დაჩის უყურებდა, და სიტყვები, რომლებიც თითქოს გულში ჩარჩენილ რაღაცას შეეხო.

ქმრის გარდაცვალების შემდეგ პირველად იყო, რომ სხვა მამაკაცზე ასე დიდხანს ფიქრობდა.

ამ აზრმა შეაშინა.

რევაზის დაკარგვის შემდეგ საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ მთელ ცხოვრებას დაჩის აღზრდას მიუძღვნიდა. არ სურდა, ვინმესთან დაახლოებას გაერისკა, არ სურდა, კიდევ ერთხელ განეცადა ტკივილი.

მაგრამ ლევანთან საუბრისას პირველად იგრძნო, რომ შესაძლოა, მის გულში ჯერ კიდევ არსებობდა ადგილი ახალი გრძნობისთვის.

— არა, ანა... — ჩუმად ჩაილაპარაკა თავისთვის. — ნუ იჩქარებ.

საძინებელში შევიდა, დაჩის საბანი შეუსწორა და შუბლზე აკოცა.

შემდეგ თავადაც დაწვა.

მაგრამ ძილი არ ეკარებოდა.

თვალებს ხუჭავდა და ისევ ლევანის სახე წარმოუდგებოდა. მისი თბილი ხმა, გულწრფელი საუბარი, დაპირება, რომ ის და დაჩი მეგობრები იქნებოდნენ...

იმავე ღამეს ნინო სახლში დაბრუნდა.

საღამოს განმავლობაში რამდენიმე ჭიქა ღვინო დაელია და ახლა ოდნავ თავბრუ ეხვეოდა. სოფომ მანქანით მიიყვანა, რადგან ნინოს საჭესთან დაჯდომა არც უფიქრია.

— დარწმუნებული ხარ, რომ კარგად ხარ? — ჰკითხა სოფომ, როცა ჭიშკართან გააჩერა მანქანა.

— კი, სოფო. უბრალოდ დავიღალე.

— კარგი. შედი, დაისვენე. ხვალ დაგირეკავ.

ნინო მეგობრებს გადაეხვია.

— მადლობა, რომ მომიყვანეთ.

— რას ამბობ. ღამე მშვიდობისა.

— ღამე მშვიდობისა.

სოფო და შოთიკო წავიდნენ.

ნინო სახლში შევიდა. მისაღებში მამამისი, ანდრო მელაძე, იჯდა და ტელევიზორს უყურებდა.

— მოხვედი, შვილო? — ჰკითხა მან.

— მოვედი, მამა. როგორ ხარ?

— კარგად. საღამო როგორ გაატარეთ.

— ცოტა დავლიეთ მა...

ანდრომ ყურადღებით შეხედა.

— ცოტა დაღლილი ჩანხარ.

— მართლა დავიღალე. დავიძინებ, კარგი?

— კარგი, შვილო. ტკბილი ძილი.

ნინო მამას გადაეხვია და კიბეზე ავიდა.

ნინო თავის ოთახში შევიდა, მაგრამ დაწოლიდან რამდენიმე წუთში მიხვდა, რომ ძილი არ უნდოდა.

ფიქრები ერთმანეთში ერეოდა.

სახლში დაბრუნების შემდეგ პირველად იგრძნო, რომ მარტო დარჩენა არ სურდა. ოთახში ყველაფერი ნაცნობი იყო, მაგრამ ეს ნაცნობობა ზოგჯერ უფრო მეტად ამძიმებდა მის გულს.

ქმრისგან განქორწინების შემდეგ ნინო ცდილობდა, საკუთარი ცხოვრება თავიდან აეწყო. გარედან ძლიერი ჩანდა, სამსახურში ხუმრობდა, მეგობრებთან ერთად იცინოდა, მაგრამ შინ დაბრუნებული ხშირად იკეტებოდა საკუთარ ფიქრებში.

მას არ უყვარდა წარსულზე საუბარი. ადამიანებს ეუბნებოდა, რომ ყველაფერი დასრულებული იყო და წინ უნდა გაეხედა, თუმცა სინამდვილეში ჯერ კიდევ უჭირდა იმ ტკივილის დავიწყება, რომელიც ოდესღაც განიცადა.

საწოლიდან წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.

გარეთ გრილი ღამე იდგა. ქუჩის ნათურები ტროტუარს ანათებდა, ხეების ტოტები კი მსუბუქად ირხეოდა.

ჰაერზე უნდოდა გასვლა. Ანდროს ოთახს გახდა, მამამისს ეძინა, ლევანი ჯერ კიდევ არ იყო დაბრუნებული.

მანქანას ვერ მართავდა ასეთ მდგომარეობაში, ამიტომ ტელეფონი აიღო და მისამართების სიას დახედა.

კოტე მერკვილაძე.

მისი სახელი ეკრანზე გამოჩნდა და ნინომ უნებურად გაიღიმა.

დილით კოტემ დაურეკა და მანქანა ხომ წესრიგშიაო კითხა, მაშინ მოკლედ ესაუბრა, მადლობა გადაუხადა და ტელეფონი გათიშა. მაგრამ ახლა, ღამის სიჩუმეში, მის ხმაზე ფიქრი უცნაურად ამშვიდებდა.

ნინო ტელეფონს ატრიალებდა ხელში.

— დავურეკო? — ჩაილაპარაკა თავისთვის.

მაშინვე გადაიფიქრა.

— არა, რას იფიქრებს?

ტელეფონი საწოლზე დადო, მაგრამ რამდენიმე წამში ისევ აიღო.

ნინოს ოდნავ მეტი გამბედაობა ჰქონდა, ვიდრე ჩვეულებრივ. ღვინომ მისი მორიდება შეასუსტა, თუმცა თავადაც ხვდებოდა, რომ გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის გამო არ იღებდა.

ალბათ უბრალოდ სურდა, ვინმესთან ესაუბრა. ვინმესთან, ვინც არაფერს მოსთხოვდა და არ გაასამართლებდა.

ბოლოს ნომერზე თითი დააჭირა.

ზარი გაისმა.

ერთხელ.

ორჯერ.

— გისმენ, ნინო.

კოტეს ხმაზე ნინო დაიბნა.

— გამარჯობა... ხომ არ გაგაღვიძე.

— არა, რა თქმა უნდა. ყველაფერი კარგად არის?

— კი. უბრალოდ... არ ვიცი, რატომ დაგირეკე.

კოტეს გაეღიმა, თუმცა ხმაში სითბო შეინარჩუნა.

— შეიძლება იმიტომ, რომ საუბარი მოგინდა.

ნინო რამდენიმე წამით გაჩუმდა.

— ალბათ.

— სად ხარ ახლა?

— სახლში.

— გინდა, გამოგიარო და სადმე გავისეირნოთ?

ნინო ფანჯრიდან ქუჩას გახედა.

— სადმე მშვიდ ადგილას მინდა წასვლა. სახლში ვერ ვჩერდები.

— კარგი. ათ წუთში შენთან ვიქნები.

— კოტე, არ მინდა შეგაწუხო...

— ნინო, არ მაწუხებ. მოემზადე, მალე მოვალ.

კოტემ ტელეფონი გათიშა.

ნინო რამდენიმე წამით ეკრანს უყურებდა. ვერ იჯერებდა, რომ მართლა დაურეკა და ახლა ვიღაც მასთან მოდიოდა მხოლოდ იმიტომ, რომ მარტო ყოფნა აღარ სურდა.

სწრაფად ჩაიცვა, თმა შეისწორა და სარკეში ჩაიხედა.

— რას აკეთებ, ნინო? — ჰკითხა საკუთარ თავს.

მაგრამ პასუხი არ ჰქონდა.

ალბათ წარსულის დავიწყება უნდოდა.

ან იქნებ უბრალოდ სურდა, ერთხელ მაინც ეგრძნო, რომ ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი იყო.

კოტე ათ წუთში მივიდა.

ნინო სახლიდან გამოვიდა და ჭიშკართან გაჩერდა. კოტე მანქანიდან გადმოვიდა, მისკენ წამოვიდა და ისეთი თბილი ღიმილით მიესალმა, რომ ნინოს წამით სიტყვები დაავიწყდა.

— გამარჯობა, ნინო.

— გამარჯობა.

— როგორ ხარ?

— კარგად... მგონი.

კოტემ ყურადღებით შეხედა.

— მგონი?

ნინოს გაეცინა.

— დღეს საკუთარ თავსაც ვერ ვუგებ.

— მაშინ დღეს არაფრის გაგებას ნუ ეცდები. უბრალოდ გავისეირნოთ.

მან მანქანის კარი გაუღო.

— სად მივდივართ? — ჰკითხა ნინომ.

— ჯერ არ ვიცი. სადმე, სადაც სიმშვიდე იქნება.

ნინო მანქანაში ჩაჯდა.

გზაში კოტემ რადიო ჩართო, მაგრამ მუსიკა ისე დაბალ ხმაზე დაუშვა, რომ საუბარში ხელს არ უშლიდა.

_ნასვამი ხარ?

— ცოტა, თანამშრომლებთან ერთად ვიყავი.

— კარგი საღამო გქონდა?

ნინომ ფანჯარაში გაიხედა.

— კი, მაგრამ სახლში რომ დავბრუნდი, უცებ ყველაფერი ისევ დამიმძიმდა.

კოტემ მზერა გზიდან არ მოუშორებია.

— ზოგჯერ ასე ხდება. ხალხში ხარ, იცინი, საუბრობ, მერე კი სახლში ბრუნდები და ის სიჩუმე გხვდება, რომლისგანაც გაქცევას მთელი დღე ცდილობდი.

ნინო მისკენ შემობრუნდა.

— ზუსტად ასეა.

კოტემ თავი დაუქნია.

— მაშინ კარგი ადგილია საჭირო.

მანქანა ქალაქის ქუჩებში აუჩქარებლად მიემართებოდა. ცოტა ხანში ბაგრატის ტაძრისკენ მიმავალ გზას დაადგნენ.

ბაგრატის ტაძარი ღამის სიბნელეში განსაკუთრებულად შთამბეჭდავი ჩანდა.

გორაკის თავზე აღმართული ტაძარი ქალაქს გადმოჰყურებდა. ქვის კედლები ღამის განათებაში ოქროსფერ ელფერს იძენდა, ფართო ეზოში კი სიჩუმე სუფევდა. შორიდან ქუთაისის განათებული ქუჩები და სახლების ფანჯრები ჩანდა, ქალაქის თავზე კი მუქი ცა გადაშლილიყო.

კოტემ მანქანა გააჩერა.

— მიყვარს აქაურობა. Ნინო მანქანიდან გადმოვიდა და რამდენიმე ნაბიჯით ტაძრისკენ წავიდა.

გრილი ჰაერი სახეზე შეეხო. მან ღრმად ჩაისუნთქა და ქალაქს გადახედა.

— რა ლამაზია... — ჩუმად თქვა.

ბაგრატის ტაძრის ეზოში ღამის სიჩუმე განსაკუთრებულ სიმშვიდეს ქმნიდა. ქვის ბილიკებზე მათი ნაბიჯების ხმა ისმოდა, ტაძრის კედლები კი საუკუნეების ისტორიას ინახავდა. აქ თითქოს დრო სხვაგვარად მიედინებოდა — ქალაქის ხმაური შორს რჩებოდა და ადამიანს საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენის საშუალება ეძლეოდა.

კოტე ნინოს გვერდით გაჩერდა.

— აქ ხშირად მოვდივარ, როცა ფიქრი მჭირდება.

— მარტო?

— უმეტესად.

ნინომ გაიღიმა.

— დღეს მარტო არ ხარ.

კოტემ მისკენ გაიხედა.

— არა. დღეს მარტო არ ვარ.

ისინი ეზოში ნელა სეირნობდნენ. ნინო თანდათან მშვიდდებოდა. მის სახეზე დაძაბულობა იკლებდა, თვალებში კი უფრო ცოცხალი გამომეტყველება უჩნდებოდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ ქვის მოაჯირთან ჩამოსხდნენ, საიდანაც ქალაქის დიდი ნაწილი ჩანდა.

— იცი, რატომ დაგირეკე? — მოულოდნელად იკითხა ნინომ.

კოტემ თავი მისკენ მიაბრუნა.

— მითხარი.

— არ ვიცი, ზუსტად რა მინდოდა. ალბათ უბრალოდ ვინმესთან საუბარი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სახლში თუ დავრჩებოდი, საკუთარ ფიქრებში ჩავიკარგებოდი.

კოტე ყურადღებით უსმენდა.

— ბოლო დროს ხშირად ასე ხარ?

ნინომ თავი დაუქნია.

— დიახ. თითქოს ყველაფერი კარგად არის. სამსახური მაქვს, ოჯახი მყავს, მამაჩემი გვერდით მიდგას, ჩემი ძმაც ყოველთვის მეხმარება. მაგრამ მაინც არის რაღაც, რაზეც ვერავის ველაპარაკები.

— შეგიძლია, მომიყვე, თუ გინდა.

ნინო დიდხანს უყურებდა ქალაქს.

— ჩემი ქორწინება... ძალიან ცუდად დასრულდა. თავიდან მეგონა, რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა. ვცდილობდი, ურთიერთობა შემენარჩუნებინა, პრობლემები მომეგვარებინა, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ მარტო მე ვერ გადავარჩენდი იმას, რასაც ორივე უნდა ვუფრთხილდებოდით.

კოტეს სახე დასერიოზულდა.

— ძალიან გატკინა?

ნინომ მწარედ გაიღიმა.

— იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი. ყველაზე რთული ის კი არ იყო, რომ ქორწინება დასრულდა. ყველაზე რთული ის იყო, რომ საკუთარი თავის რწმენა დავკარგე. დიდხანს ვფიქრობდი, იქნებ მე ვიყავი დამნაშავე-მეთქი. იქნებ რაღაც არასწორად გავაკეთე, იქნებ მეტი უნდა მეცადა...

— ნინო, — რბილად შეაწყვეტინა კოტემ, — ყველა ურთიერთობა ორი ადამიანისგან შედგება. ვერავინ აგებს პასუხს ყველაფერზე მარტო.

ნინოს თვალები აუწყლიანდა.

— ვიცი, მაგრამ ამის დაჯერებას დიდი დრო დასჭირდა. მერე გადავწყვიტე, რომ აღარავისთან ვილაპარაკებდი ამ თემაზე. ყველას ვეუბნებოდი, რომ კარგად ვიყავი. ნელ-ნელა საკუთარ თავში ჩავიკეტე.

— და დღეს?

ნინომ მას შეხედა.

— დღეს პირველად დიდი ხნის შემდეგ ვგრძნობ, რომ შემიძლია ვილაპარაკო ისე, რომ არ მეშინოდეს, ვინმე ჩემს სიტყვებს ჩემს წინააღმდეგ გამოიყენებს.

კოტე რამდენიმე წამით ჩუმად იყო.

— იცი, ნინო, შენთან იმიტომ ვსაუბრობ ასე თავისუფლად, რომ შენგან სიმშვიდე მოდის.

ნინოს გაუკვირდა.

— ჩემგან?

— დიახ. შეიძლება თავად ვერ ამჩნევ, მაგრამ შენთან ყოფნისას არ მაქვს სურვილი, თავი სხვანაირად წარმოვაჩინო. არ მინდა, რაიმე დავამტკიცო. უბრალოდ მინდა, მოგისმინო.

ნინომ მზერა დახარა.

— უცნაურია. მე კი მთელი ცხოვრება ვცდილობდი, სხვებისთვის ძლიერი ვყოფილიყავი.

— ძლიერი ადამიანები ყოველთვის ძლიერად ყოფნას არ უნდა ცდილობდნენ. ზოგჯერ მათაც სჭირდებათ ვინმე, ვისთანაც შეუძლიათ დაღლა აღიარონ.

ნინოს თვალებიდან ცრემლი ჩამოუგორდა. მან სწრაფად მოიწმინდა, თითქოს შერცხვა.

კოტე ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო და გაუწოდა.

— ნუ გრცხვენია. ტირილი სისუსტე არ არის.

ნინომ ხელსახოცი გამოართვა.

— მადლობა.

— არაფრის.

ცოტა ხანს ჩუმად ისხდნენ.

შემდეგ ნინომ ღრმად ჩაისუნთქა და გაუღიმა.

— იცი, უკვე უკეთ ვარ.

კოტესაც გაეღიმა.

— მიხარია.

— ალბათ იმიტომ, რომ დიდი ხნის შემდეგ პირველად ვთქვი ხმამაღლა ის, რასაც აქამდე საკუთარ თავში ვატარებდი.

— ზოგჯერ მხოლოდ ამის გაკეთებაც საკმარისია, რომ გულზე სიმძიმე შეგიმსუბუქდეს.

ნინო ფეხზე წამოდგა და ტაძარს გახედა.

— აქ ყოფნა ძალიან მომწონს. თითქოს ყველაფერი უფრო მარტივი ხდება.

კოტეც წამოდგა.

— მაშინ კიდევ მოვიდეთ.

ნინო მისკენ შემობრუნდა.

— კიდევ?

— რა თქმა უნდა. ქუთაისში მხოლოდ ერთხელ ხომ არ უნდა ნახო ეს სილამაზე?

ნინოს გაეცინა.

— კარგი, ოღონდ შემდეგ ჯერზე მე დაგპატიჟებ.

— შევთანხმდით.

ისინი კიდევ ცოტა ხანს სეირნობდნენ. ნინო უკვე აღარ იყო ისეთი დაძაბული, როგორიც სახლიდან გამოსვლისას. უფრო თავისუფლად საუბრობდა, ხანდახან ხუმრობდა კიდეც.

კოტე კი სიამოვნებით უსმენდა.

მას არ სურდა, ნინოს ტკივილი დაეჩქარებინა ან ისეთი რამ ეთქვა, რაც მისთვის ნაადრევი იქნებოდა. მხოლოდ ის უნდოდა, რომ ნინოს თავი მარტო აღარ ეგრძნო.

უკან დაბრუნებისას მანქანაში თბილი, მშვიდი საუბარი ჰქონდათ.

— დღეს რომ არ დამერეკა, ალბათ ისევ ჩემს ოთახში ვიჯდებოდი და ყველაფერზე ვიფიქრებდი, — თქვა ნინომ.

— შეიძლება. მაგრამ ახლა აქ ხარ და ეს უკვე კარგია.

— შენ ყოველთვის ასეთი ხარ?

კოტეს გაეცინა.

— როგორი?

— ასეთი მშვიდი. თითქოს ყველაფრის გამოსწორება შეგიძლია.

კოტემ თავი გააქნია.

— ყველაფრის გამოსწორება არ შემიძლია, ნინო. უბრალოდ შემიძლია, ვიღაცას გვერდით დავუდგე, როცა უჭირს.

ნინო ჩუმად იყო, შემდეგ კი თქვა:

— შენთან საუბარი მარტივია.

კოტემ წამით გადახედა.

— ჩემთვისაც.

მელაძეების სახლი გორააზე, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარეობდა. ეზოს ჭიშკართან მისვლისას კოტემ მანქანა გააჩერა.

— აი, მოვედით.

ნინომ ღვედი შეიხსნა.

— მადლობა, კოტე. მართლა არ ვიცი, როგორ გადაგიხადო.

— უკვე გადამიხადე.

— როგორ?

— იმით, რომ დამირეკე.

ნინო გაჩუმდა. მის სახეზე ნაზი ღიმილი გაჩნდა.

— ღამე მშვიდობისა.

— ღამე მშვიდობისა, ნინო. კარგად დაისვენე.

მანქანის კარი გააღო და გადმოვიდა.

ზუსტად ამ დროს ეზოში მეორე მანქანა შემოვიდა.

ლევანი სახლში ბრუნდებოდა.

ნინომ ძმის მანქანა შენიშნა.

— ჩემი ძმაა. — თქვა მან.

კოტე მშვიდად იდგა.

ლევანი მანქანიდან გადმოვიდა და ჯერ დას შეხედა, შემდეგ კი კოტეს.

— კოტე??

_ლევან როგორ ხარ?.

-ერთმანეთს იცნობთ? Ნინოს სახეზე დაბნეულობა გამოესახა.

- ნინო სახლში შედი გვიანია.

— ლევან, რა ხდება?

— არაფერი. უბრალოდ მინდა, კოტეს დაველაპარაკო.

ნინომ ძმას, შემდეგ კოტეს შეხედა.

— კარგი. ღამე მშვიდობისა, კოტე.

— ღამე მშვიდობისა, ნინო.

ნინო სახლში შევიდა, თუმცა ფანჯრიდან კიდევ ერთხელ გაიხედა. ვერ გაეგო რა ხდებოდა.

ლევანი კოტეს მიუბრუნდა.

— ახლა ამიხსენი, ჩემს დასთან რა გინდოდა.

კოტემ არ დაიბნა.

— ნინო სახლში მოვიყვანე. დღეს ერთმანეთს შემთხვევით შევხვდით და მას შემდეგ რამდენიმე საკითხზე ვისაუბრეთ.

— სად შეხვდით?

— დილით მანქანებთან დაკავშირებით მოგვიწია საუბარი. მისი მანქანა დაზიანდა და მე დავეხმარე. Მოგვიანებით გავიგე ვინ იყო.

ლევანი ყურადღებით უსმენდა.

— ასე გვიან რა გინდოდა მასთან კოტე?

კოტემ ღრმად ჩაისუნთქა.

— ლევან, პირდაპირ გეტყვი. შენი და მომწონს.

ლევანს სახე შეეცვალა.

— რა თქვი?

— რაც გაიგე. ნინო მომწონს და მინდა, მასთან ურთიერთობა მქონდეს. ჯერ არ ვიცი, რას გრძნობს ის, ამიტომ არაფერს ვიჩქარებ. მაგრამ ჩემი განზრახვა გულწრფელია.

ლევანი რამდენიმე წამით ჩუმად უყურებდა.

— იცი, როგორი ცხოვრება ჰქონდა? — ჰკითხა ბოლოს. — იცი, რამდენი გადაიტანა? მან უკვე ერთხელ ირწმუნა ადამიანი, რომელმაც იმედი გაუცრუა. არ მინდა, კიდევ ერთხელ იგივე განმეორდეს.

კოტეს მზერა გაუმკაცრდა, თუმცა ხმას არ აუწევია.

— მესმის შენი, ლევან. ის შენი დაა და გინდა, დაიცვა. ამას პატივს ვცემ. მაგრამ არ ვაპირებ, ნინოს ტკივილი გამოვიყენო ან მის ცხოვრებაში ისე შევიდე, რომ მისთვის ახალი პრობლემა გავხდე.

— სიტყვები ადვილი სათქმელია.

— ვიცი. მხოლოდ იმას გეუბნები, რომ ნინოს არასოდეს ვაწყენინებ თუ ის ჩემთან ურთიერთობას მოისურვებს, პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. თუ არ მოისურვებს, არც მაშინ შევაწუხებ.

ლევანი კოტეს სახეს აკვირდებოდა. მას არ მოსწონდა მოულოდნელი სიტუაცია, მით უმეტეს, როცა საქმე მის დას ეხებოდა. მაგრამ კოტე წლების განმავლობაში იცნობდა და იცოდა, რომ ეს ადამიანი ცარიელ დაპირებებს არ გასცემდა.

— კოტე, მე შენ გიცნობ. Ჩვენ არ ვყოფილვართ მეგობრები, მაგრამ ვიცი შენი მეგობრისთვის რამდენი რამ გაგიკეთებია (რომა იგულისხმა) მაგრამ ნინო ჩემთვის ყველაფერია. მამაჩემისთვისაც. არ მინდა, ვინმემ კიდევ ერთხელ ატკინოს გული.

— და არც მე მინდა, რომ ატკინოს.

ლევანი ცოტა ხანს ჩუმად იდგა, შემდეგ კი ამოიოხრა.

— კარგი. დრო გვაჩვენებს.

კოტემ თავი დაუქნია.

— მეტი არც მინდა.

ლევანი ჭიშკრისკენ წავიდა, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ შეჩერდა.

— სხვათა შორის, რომა როგორ არის?

კოტე შემობრუნდა.

— კარგად არის.

ლევანმა მზერა მოარიდა.

— ხუთი წელი გავიდა, არა?

- ჰოო.

— ამდენი ხანი ისე გავიდა, რომ ერთხელაც არ გვისაუბრია.

კოტე ჩუმად იყო.

ლევანმა განაგრძო:

— ხშირად მიფიქრია, რომ მაშინ შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად დასრულებულიყო.

— შეიძლებოდა, — დაეთანხმა კოტე. — მაგრამ ახლა მთავარია, რას გააკეთებთ მომავალში.

ლევანმა თავი დაუქნია.

— მინდა, რომას შევხვდე.

კოტე გაკვირვებით უყურებდა.

— მართლა?

— დიახ. ვფიქრობ, დროა, ერთხელ მაინც დაველაპარაკო. არ ვიცი, როგორ შემხვდება, მაგრამ უნდა ვცადო.

კოტეს სახეზე ღიმილი გაჩნდა.

— თუ გადაწყვეტ, რომ შეხვდე, მე დაგეხმარები.

— ჯერ თავად უნდა გადავწყვიტო, როგორ დაველაპარაკო. არ მინდა, ისევ ძველი კამათით დავიწყოთ.

— მაშინ ამჯერად ორივემ უნდა მოუსმინოთ ერთმანეთს.

ლევანს გაეღიმა.

— იმედი მაქვს, ხუთმა წელმა მაინც რაღაც გვასწავლა.

კოტემ ხელი გაუწოდა.

— კარგი იქნება, თუ ასეა.

ლევანმა ხელი ჩამოართვა.

— მადლობა, რომ ნინოს სახლში მოიყვანე.

— არაფრის.

— და, კოტე...

— გისმენ.

— ჩემს დას გაუფრთხილდი.

კოტემ პირდაპირ შეხედა.

— თუ ის მომცემს უფლებას, რომ მის გვერდით ვიყო, ამას ყველაფერზე მეტად გავუფრთხილდები.

ლევანმა თავი დაუქნია და სახლში შევიდა.

ნინო მისაღებში ელოდა. როცა ძმა დაინახა, მაშინვე მიუახლოვდა.

— ლევან ხო მშვიდობაა?

ლევანმა დას შეხედა. მის სახეზე ისეთი მორიდებული ღიმილი დაინახა, როგორიც დიდი ხანია არ ენახა.

— ნინო, ერთი რამ მინდა გკითხო.

— რა?

— კოტე მოგწონს?

ნინო გაწითლდა.

— ლევან!

— უბრალოდ გკითხე.

— არ ვიცი. დღეს კარგად ვისაუბრეთ. ძალიან კარგი ადამიანია.

ლევანი ჩუმად უსმენდა.

— დიდი ხანია, ასე მშვიდად არავისთან მისაუბრია, — დაამატა ნინომ.

ლევანმა დას ხელი მოჰკიდა.

— ნინო, მინდა, ბედნიერი იყო. მართლა. მაგრამ ფრთხილად იყავი. არ მინდა, გული გეტკინოს.

ნინომ გაუღიმა.

— ვიცი, ლევან. მეც აღარ ვარ ის გოგო, რომელიც ყველაფერს დაუფიქრებლად ენდობოდა.

— და მაინც, თუ ოდესმე რამე დაგჭირდება, მე აქ ვარ.

ნინო ძმას ჩაეხუტა.

— ვიცი.

ლევანმა შუბლზე აკოცა.

— ახლა დაისვენე. გვიანია.

ლევანის გაფრთხილება ესმოდა, თუმცა გულში პირველად დიდი ხნის შემდეგ პატარა იმედი გაჩნდა.

იქნებ ცხოვრება მართლაც არ დასრულებულა.

იქნებ ოდესმე ისევ შეძლებდა, ვინმე შეეყვარებინა.

იმ ღამეს სამ სხვადასხვა სახლში სამი ადამიანი უჩვეულო ფიქრებით იწვა.

ანა, რომელიც წლების შემდეგ პირველად ფიქრობდა მამაკაცზე არა მხოლოდ როგორც მეგობარზე, არამედ როგორც ადამიანზე, რომელსაც შეეძლო მისი გულის შეხება.

ნინო, რომელმაც პირველად გაბედა, წარსულის ტკივილზე ესაუბრა ადამიანს, ვისგანაც სიმშვიდე იგრძნო.

და ლევანი, რომელიც ხუთი წლის შემდეგ პირველად ფიქრობდა, რომ შესაძლოა, დრო იყო, ძველი წყენა უკან მოეტოვებინა და რომასთვის შეხვედრა ეთხოვა.

არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, რას მოუტანდა ხვალინდელი დღე.

მაგრამ რაღაც უკვე შეცვლილიყო.

ზოგჯერ ახალი დასაწყისი ხმაურით არ მოდის. ის შეიძლება ერთი გულწრფელი საუბრით, დაღლილი ბავშვის ღიმილით ან ღამის ზარით დაიწყოს.

და როცა ადამიანი დიდი ხნის შემდეგ პირველად იგრძნობს სითბოს, ძნელია დაიჯეროს, რომ ეს მხოლოდ შემთხვევითობა იყოს.

#ოჯახის_ჩრდილში 💚
#თავი_მეოთხე

პარასკევის დილა ოფისში ჩვეულებრივზე უფრო დატვირთული აღმოჩნდა. თანამშრომლები ორშაბათისთვის დაგეგმილ შეხვედრებსა და მიმდინარე საქმეებს ალაგებდნენ. დერეფანში ტელეფონების ხმა ისმოდა, პრინტერი თითქმის შეუჩერებლად მუშაობდა, შოთიკო კი თავის მაგიდასთან საბუთების გროვას უყურებდა და უკმაყოფილოდ აქნევდა თავს.

— მე მგონი, ამ საბუთებს საკუთარი ოჯახი ჰყავთ და გამრავლება გადაწყვიტეს, — ჩაილაპარაკა მან.

სოფომ, რომელიც მის გვერდით იდგა, სიცილი ვერ შეიკავა.

მათ საუბარს ნინო შეუერთდა, რომელსაც ხელში რამდენიმე საქაღალდე ეჭირა.

ანა მათ უყურებდა და ეღიმებოდა. თანდათან ეჩვეოდა ამ გარემოს, თანამშრომლების ხუმრობებსა და იმ სითბოს, რომელსაც ყოველდღიურად გრძნობდა. აქ ყოფნა მისთვის მხოლოდ სამსახური აღარ იყო. პირველად დიდი ხნის შემდეგ ჰქონდა განცდა, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა.

ამ დროს ლევანის კაბინეტის კარი გაიღო.

— შოთიკო, ხელშეკრულებები მოამზადე?

შოთიკომ სახე მაშინვე შეიცვალა.

— ყველაფერი კონტროლზეა.

— საინტერესოა, — გაეღიმა ლევანს. — შენგან ასეთი პასუხის მოსმენა ყოველთვის მაფრთხილებს.

— ლევან, შენ ჩემი შრომა საერთოდ არ ფასდება.

— ფასდება. ამიტომაც გაძლევ კიდევ ერთ საქმეს.

— ვიცოდი, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა.

ყველას გაეცინა.

ლევანის მზერა ანასკენ გადავიდა. ქალი თავის მაგიდასთან იჯდა და დოკუმენტებს ამოწმებდა.

— ანა, შენ როგორ მიდის საქმე?

— კარგად, ლევან. ორშაბათისთვის საჭირო დოკუმენტების ნაწილი უკვე მოვამზადე, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაილი კიდევ დასამუშავებელია.

— თუ რამე დაგჭირდება, მითხარი.

— კარგი, მადლობა.

ლევანი რამდენიმე წამით უყურებდა, შემდეგ კი კაბინეტისკენ გაემართა.

---

სამუშაო დღემ ნელა ჩაიარა.

შუადღის შემდეგ თანამშრომლები თავიანთ საქმეებში უფრო მეტად ჩაერთნენ. ანამ რამდენიმე ხელშეკრულება გადაამოწმა, მონაცემები შეადარა და ორშაბათისთვის საჭირო დოკუმენტების დიდი ნაწილი მოაწესრიგა.

თუმცა საღამოსკენ მიხვდა, რომ დარჩენილი საქმეების დასრულებას სამუშაო საათები აღარ ეყოფოდა.

საათს დახედა.

ხუთის ნახევარი იყო.

ფანჯრის მიღმა ქალაქი ნელ-ნელა იცვლებოდა. ქუჩებში საღამოს მოძრაობა იმატებდა, ოფისში კი თანამშრომლები უკვე ალაგებდნენ ნივთებს.

— ანა, წავედით? — ჰკითხა ნინომ, ჩანთას რომ იღებდა.

ანა ეკრანს არ მოსცილებია.

— თქვენ წადით. მე ცოტა ხნით დავრჩები.

— რამდენი ხნით?

— ალბათ ერთი საათი, შეიძლება ცოტა მეტიც. ორშაბათისთვის რამდენიმე საბუთი მაქვს მოსამზადებელი და არ მინდა, დილით ყველაფერი ერთდროულად დამაწვეს.

ნინომ შეშფოთებით შეხედა.

— დარწმუნებული ხარ, რომ მარტო გაუმკლავდები?

— რა თქმა უნდა. მალე დავასრულებ.

სოფო მათთან მივიდა.

— თუ გინდა, დაგეხმარები.

— არა, სოფო, შენც მთელი დღე მუშაობდი. წადი და დაისვენე.

— მაშინ ორშაბათს ყავა შენზეა, — გაეცინა სოფოს.

— შევთანხმდით.

შოთიკომ ქურთუკი მოიცვა და ანას მაგიდას მიუახლოვდა.

— ანა, ზედმეტად ნუ გადაიღლები. ეს საბუთები არსად გაიქცევა.

— ვიცი, მაგრამ მირჩევნია, დღესვე დავასრულო.

— კარგი. თუ რამე დაგჭირდა, დამირეკე.

— აუცილებლად.

ნინო, სოფო და შოთიკო დაემშვიდობნენ და ოფისიდან გავიდნენ.

ცოტა ხანში ლევანიც გამოვიდა კაბინეტიდან. Ოფისში ვეღარავინ დაინახა, ყველა წასული ეგონა, გული დაწყდა ანას რომ ვერ დაემშვიდობა.

ლევანი უკვე მანქანასთან მისული იყო, როცა ტელეფონის საძებნელად ჯიბეში ხელი ჩაიყო.

ტელეფონი არ ჰქონდა.შემდეგ გაიხსენა, რომ ბოლო ზარის დროს ის კაბინეტში, მაგიდაზე დატოვა.

— შესანიშნავია, — ჩაილაპარაკა თავისთვის.

შენობაში დაბრუნებისას დერეფანი თითქმის მთლიანად ჩაბნელებული დახვდა. თანამშრომლები წასულიყვნენ, დაცვაც კი შესასვლელთან იდგა.

ლევანი კიბეს აუყვა და საკუთარი კაბინეტის კარი გააღო.

ტელეფონი მაგიდაზე იდო.

აიღო და ჯიბეში ჩაიდო, მაგრამ გამოსვლისას მოპირდაპირე მხარეს სინათლე შენიშნა.

შეხვედრების ოთახში შუქი ენთო.

ლევანი შეჩერდა.

— ვინ დარჩა კიდევ? — ჩაილაპარაკა.

ოთახისკენ გაემართა, რადგან ეგონა, ვინმეს შუქი დარჩენოდა ან თანამშრომლებს რამე დავიწყებოდათ.

კარი შეაღო და ზღურბლზე გაჩერდა.

ანა დიდი მაგიდის ერთ მხარეს იჯდა. მის წინ დოკუმენტები იყო გაშლილი, ლეპტოპის ეკრანზე კი რამდენიმე ცხრილი ჩანდა. თმა მხრებზე ჩამოშლოდა, სახეზე დაღლილობა ეტყობოდა, თუმცა მუშაობას მაინც არ წყვეტდა.

მისი დანახვისას ანამ გაოცებით ასწია თავი.

— ლევან? ისევ აქ ხარ?

ლევანს გაეღიმა.

— ეს კითხვა მე უნდა დამესვა. შენ ისევ აქ ხარ?

ანას გაეცინა.

— მოვბრუნდი ტელეფონისთვის და აღმოვაჩინე, რომ აქ კიდევ ერთი დაუღალავი თანამშრომელი მყავს.

— ორშაბათისთვის ბევრი საქმე დამრჩა.

ლევანი ოთახში შევიდა და მაგიდაზე გაშლილ საბუთებს დახედა.

— რამდენი?

— არც ისე ბევრი, — უპასუხა ანამ, თუმცა მისი სახე საპირისპიროს ამბობდა.

— ანა, ეს „არც ისე ბევრი“ მთელი მაგიდის ნახევარს მოიცავს.

— ცოტა გადავაჭარბე, ალბათ.

ლევანს გაეცინა.

— კარგი, რას აკეთებ?

— ხელშეკრულებების საბოლოო ვერსიებს ვამოწმებ. რამდენიმე მონაცემი უნდა შევადარო, შემდეგ ყველაფერი ერთიან ფაილად უნდა შევკრა.

ლევანი მის გვერდით დადგა და დოკუმენტებს დახედა.

— მოდი, ვნახოთ.

— არა, ლევან, შენ წადი. მთელი დღე შეხვედრები გქონდა.

— და ახლა თავისუფალი ვარ.

— მაგრამ...

— ანა, — შეაწყვეტინა ღიმილით, — თუ კიდევ ერთხელ მეტყვი, რომ არ მინდა შეგაწუხო, შეიძლება მართლა წავიდე და მარტო დაგტოვო.

ანას გაეცინა.

— კარგი, აღარაფერს ვიტყვი.

— აი, ეს უკვე მომწონს.

ლევანმა ქურთუკი გაიხადა, სკამი გამოსწია და მის გვერდით დაჯდა.

— მაჩვენე, სად ხარ გაჩერებული.

ანა ეკრანისკენ შებრუნდა და სამუშაო აუხსნა.

თავიდან მხოლოდ საქმეზე საუბრობდნენ. ლევანი გამოცდილებას უზიარებდა, ეხმარებოდა მონაცემების გადამოწმებაში და რამდენიმე საკითხის უფრო სწრაფად გადაწყვეტის გზასაც აჩვენებდა.

ნელ-ნელა საქმე წინ წავიდა.

შორის ხანდახან ხუმრობდნენ კიდეც.

— ეს ცხრილი მგონი პირადად მებრძვის, — ამოიოხრა ანამ, როცა ერთ-ერთი მონაცემი ისევ არ დაემთხვა.

ლევანმა ეკრანს დახედა.

— ცხრილს ნუ დაადანაშაულებ. ჯერ ვნახოთ, ვინ არის დამნაშავე.

— იმედია, ცხრილი არ აღმოჩნდება მართალი.

— თუ აღმოჩნდა, ორშაბათს ბოდიში უნდა მოუხადო.

ანას სიცილი აუტყდა.

— შენთან მუშაობა ყოველთვის ასეთი რთულია?

— მხოლოდ მაშინ, როცა თანამშრომლები ცხრილებს ეჩხუბებიან.

რამდენიმე წუთში შეცდომაც იპოვეს.

— აი, დასრულდა! — სიხარულით თქვა ანამ.

ლევანმა საათს დახედა.

— არც ისე ცუდი შედეგია. შენი დახმარებით, მგონი, მეც ვისწავლე რაღაც.

— ჩემი დახმარებით? — გაოცდა ანა. — პირიქით, შენ რომ არ ყოფილიყავი, ალბათ კიდევ ორი საათი დამჭირდებოდა.

— მაშინ გამოდის, დღეს ორივემ მოვიგეთ.

მათ ერთმანეთს გაუღიმეს.

დოკუმენტები შეინახეს, საქაღალდეები დაალაგეს და კომპიუტერი გამორთეს. ანა წამოდგა და მაგიდაზე დარჩენილი ფურცლები შეაგროვა.

— დიდი მადლობა, ლევან. მართლა არ ვიცი, როგორ გადაგიხადო.

ლევანი მისკენ შემობრუნდა.

— არაფერია, ანა.

— არა, მართლა. შენ უკვე წასული იყავი და მაინც დაბრუნდი, თან ამდენი დრო დამითმე.

ლევანმა მის ხელს მსუბუქად შეეხო.

ანა გაჩერდა.

მისი შეხება ფრთხილი იყო, თუმცა იმდენად თბილი, რომ ანამ მაშინვე იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული.

— არ მინდა, ასე გვიანობამდე რჩებოდე, — უთხრა ლევანმა მშვიდად. — მით უმეტეს, როცა სახლში დაჩი გელოდება. ცოდოა ბავშვი, დედასთან დროის გატარება მასაც სჭირდება.

ანას სახე დარბილდა.

— ვიცი. უბრალოდ მინდოდა, საქმე დროულად დამესრულებინა. დაჩი ბებიასთან არის და ვიცი, რომ კარგადაა.

— მესმის, მაგრამ საკუთარ თავსაც უნდა გაუფრთხილდე.

ანამ თვალებში შეხედა.

— შენ რატომ ზრუნავ ჩემზე ასე?

კითხვა მოულოდნელად დასცდა ბაგეებიდან.

ლევანი რამდენიმე წამით ჩუმად იყო.

შემდეგ ოდნავ გაუღიმა.

— იმიტომ, რომ მინდა, კარგად იყო.

ანას პასუხი აღარ ჰქონდა.

ლევანმა მისი ხელი გაუშვა და კარისკენ გაემართა.

— წავიდეთ. სახლში მიგაცილებ.

— არ არის საჭირო, ჩემი მანქანა აქაა.

— მაშინ ერთად გავიდეთ.

ღამე გრილი იყო. ავტოსადგომზე რამდენიმე მანქანა იდგა, ქუჩის ნათურები კი ასფალტს ანათებდა.

ანამ თავისი მანქანის გასაღები მოიმარჯვა.

— კარგი, ლევან. მადლობა დღევანდელი დღისთვის.

— ანა, მოიცადე.

ქალი შემობრუნდა.

— რა მოხდა?

ლევანი მის წინ გაჩერდა. თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ სიტყვებს არჩევდა.

— ამ შაბათ-კვირას თავისუფალი ხარ?

ანას გაუკვირდა.

— განსაკუთრებული გეგმები არ მაქვს. რატომ?

— მინდა, სადმე დაგპატიჟოთ. შენ და დაჩი. შეგვიძლია ქალაქგარეთ წავიდეთ, ვისადილოთ, გავისეირნოთ... სადაც თქვენ მოგეწონებათ.

ანა დაიბნა.

— ჩვენ?

— დიახ, ორივე.

ანასაც გაეღიმა, თუმცა უხერხულობა ჯერ კიდევ ეტყობოდა.

— არ ვიცი, ლევან...

— რატომ?

— უბრალოდ... არ მინდა, თავი შეგაწუხო. თან არ ვიცი, დაჩი რას იტყვის.

— დაჩი თუ წინააღმდეგი იქნება, ნამდვილად გამიკვირდება. — ლევანს გაეცინა. — მგონი, გასულ საღამოს საკმაოდ კარგად გავუგეთ ერთმანეთს.

ანას თვალწინ დაჩის ღიმილი წარმოუდგა, როცა ლევანს თავისი ნახატი აჩვენა.

— მართალია, ძალიან მოეწონე.

— მაშინ პრობლემა მოგვარებულია.

ანა ისევ ყოყმანობდა.

ლევანმა მისი დაბნეულობა შეამჩნია და ხმაც უფრო რბილი გაუხდა.

— ანა, ეს უბრალოდ მოწვევაა. თუ არ გინდა, არაფერია. მაგრამ ძალიან მინდა, რომ ერთად გავატაროთ ერთი დღე. შენც დაისვენებ და დაჩიც გაერთობა.

ანამ თავი დახარა, შემდეგ კი ნელა დაუქნია.

— კარგი, ლევან. თანახმა ვარ.

მის სახეზე გაჩენილი ღიმილის დანახვისას ლევანს გულში რაღაც თბილად ჩაეღვარა.

— შესანიშნავია. დილით დაგირეკავ და ყველაფერზე შევთანხმდებით.

— კარგი.

— ახლა კი წადი და დაისვენე.

— შენც.

ანა მანქანაში ჩაჯდა. ლევანი იქამდე იდგა, სანამ ის ავტოსადგომიდან გავიდოდა.

მხოლოდ მაშინ შემობრუნდა საკუთარი მანქანისკენ.

არ იცოდა, რას მოუტანდა ეს შაბათ-კვირა, მაგრამ ერთი რამ უკვე ნათელი იყო: ანას ნახვის სურვილი მხოლოდ სამსახურს აღარ უკავშირდებოდა.

---

იმავე საღამოს ნინო კოტესთან შესახვედრად წავიდა.

მთელი დღე ფიქრობდა წინა ღამის ამბებზე. ბაგრატის ტაძართან გატარებულმა საათებმა სიმშვიდე მოუტანა, კოტესთან საუბარმა კი მის გულში რაღაც ახალი გააღვიძა. თუმცა ერთი რამ მოსვენებას არ აძლევდა — ლევანისა და კოტეს შეხვედრა.

რატომ არ უთხრა კოტემ, რომ მის ძმას იცნობდა?

როცა კოტე დანიშნულ ადგილას მივიდა, ნინო უკვე ელოდებოდა. მისი გამომეტყველებიდან მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც აწუხებდა.

— გამარჯობა, — უთხრა კოტემ და გაუღიმა.

— გამარჯობა.

— რა მოხდა? რატომ მიყურებ ასე?

ნინომ ხელები გადაიჯვარედინა.

— ერთი კითხვა მაქვს.

— გისმენ.

— რატომ არ მითხარი, რომ ჩემს ძმას იცნობდი?

კოტე რამდენიმე წამით ჩუმად დარჩა, შემდეგ კი ამოიოხრა.

— აი, რაში ყოფილა საქმე.

— კოტე, გეკითხები და მინდა, მიპასუხო.

— გიპასუხებ. ლევანს რამდენჯერმე შევხვედროვარ, მაგრამ მეგობრები არ ვყოფილვართ.

— და რატომ არ მითხარი?

კოტე მშვიდად უყურებდა.

— ნინო, ჩვენს შორის ჯერ ისეთი არაფერი მომხდარა, რომ ერთმანეთის ნაცნობებისა და წარსულის შესახებ ანგარიშს ვაბარებდეთ. შენთვის დამალვას არ ვცდილობდი. უბრალოდ, იმ მომენტში ამაზე საუბრის მიზეზი ვერ დავინახე.

ნინო გაწითლდა.

მისი გაბრაზება ნელ-ნელა სირცხვილმა შეცვალა. კოტეს სიტყვებში სიმართლე იყო და ეს თავადაც კარგად იცოდა.

— მე უბრალოდ...

— უბრალოდ რა? — ჰკითხა კოტემ ღიმილით.

— არ ვიცი. უცნაურად ვიგრძენი თავი, როცა ჩემი ძმა დაგინახა და ისეთი სახით გკითხა, რა გინდოდა მასთანო.

კოტე ჩუმად გაეცინა.

— ალბათ იმიტომ, რომ შენზე ღელავს.

— ლევანი ზოგჯერ ზედმეტად მზრუნველია.

— ამას ცუდად არ ვუყურებ. მას შენი დაცვა უნდა.

ნინო თვალს ვერ უსწორებდა.

— მაპატიე, ალბათ ზედმეტად ვრეაგირებ.

კოტე მასთან ახლოს მივიდა.

— ნინო, შემომხედე.

ქალმა ნელა ასწია თავი.

კოტემ ფრთხილად შეეხო ლოყაზე.

— მაპატიე, თუ გეგონა, რომ რამეს გიმალავდი. არ მინდა, ჩვენს შორის გაუგებრობა გაჩნდეს.

ნინოს გული აუჩქარდა.

— არც მე მინდა.

კოტემ ლოყაზე ნაზად აკოცა.

— მაშინ შევთანხმდეთ, რომ ყველაფერს ერთმანეთს ვეტყვით, როცა ამის დრო მოვა.

ნინომ თავი დაუქნია.

კოტე რამდენიმე წამით აკვირდებოდა მის სახეს, შემდეგ კი სერიოზული გამომეტყველებით უთხრა:

— კიდევ რაღაც მინდა გითხრა.

— რა?

— შენთან ყოფნა მინდა, ნინო.

ქალი გაშეშდა.

— რას გულისხმობ?

— იმას, რომ მომწონხარ. შენთან საუბარი მიხარია, შენთან ყოფნისას თავს მშვიდად ვგრძნობ და მინდა, უფრო ახლოს გაგიცნო. არ გთხოვ, ახლავე რამე გადაწყვიტო. უბრალოდ აღარ მინდა, ჩემი გრძნობები დაგიმალო.

ნინოს ლოყები აუწითლდა.

ამდენი ხნის განმავლობაში თავს არწმუნებდა, რომ ახალი ურთიერთობისთვის მზად არ იყო. ეშინოდა, ისევ არ მოტყუებულიყო, ისევ არ დაეკარგა საკუთარი თავის რწმენა.

მაგრამ კოტეს გვერდით ეს შიში თითქოს ძალას კარგავდა.

— კოტე, მე ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გადასალახი, — ჩუმად თქვა მან.

— ვიცი. და არაფერს გაჩქარებ.

— არ მინდა, გული გატკინო.

კოტეს გაეღიმა.

— ახლა ჩემს გულზე არ იფიქრო. უბრალოდ მომეცი საშუალება, შენ გვერდით ვიყო.

ნინო დიდხანს უყურებდა. შემდეგ ნელა მიუახლოვდა და თავი მის მხარზე ჩამოდო.

კოტემ ხელები შემოხვია.

რამდენიმე წამი ასე იდგნენ, ჩუმად.

შემდეგ ნინომ თავი ასწია.

მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა.

კოტე ოდნავ დაიხარა და შეჩერდა, თითქოს ბოლო წამს კიდევ ერთხელ აძლევდა არჩევანის უფლებას.

ნინო არ მოშორებია.

პირიქით, თავადაც ოდნავ მიუახლოვდა.

კოტემ ნაზად აკოცა.

ეს კოცნა ხანმოკლე და ფრთხილი იყო, მაგრამ ორივესთვის იმაზე მეტს ნიშნავდა, ვიდრე სიტყვებით შეეძლოთ ეთქვათ.

ნინომ თვალები დახუჭა. როცა ერთმანეთს დაშორდნენ, მის სახეზე მორცხვი ღიმილი გაჩნდა.

— ახლა საერთოდ აღარ ვიცი, რა უნდა გითხრა, — ჩაილაპარაკა მან.

კოტეს გაეცინა.

— არაფერი. ზოგჯერ სიტყვები საჭირო არ არის.

ნინომ ისევ თავი მის მხარზე ჩამოდო.

იმ საღამოს პირველად აღარ ეშინოდა იმის, რომ ვინმესთან დაახლოება შეიძლებოდა.

ჯერ არ იცოდა, რა ერქმეოდა მათ ურთიერთობას, მაგრამ უკვე აღარ უნდოდა, კოტესგან გაქცეულიყო.

---

შაბათის დილა ანასთვის ჩვეულებრივზე ადრე დაიწყო.

ფანჯრიდან შემოსულმა მზის სხივებმა ოთახი გაანათა. ანა ჯერ კიდევ საწოლში იწვა, როცა გვერდით ოთახიდან დაჩის ხმა მოესმა.

— დედა...

მის ხმაში რაღაც უჩვეულო იყო.

ანა მაშინვე წამოდგა და შვილის ოთახში შევიდა.

დაჩი საწოლში იწვა, სახე გაფითრებოდა, შუბლზე კი ოფლი ჰქონდა მომდგარი.

— ჩემო სიცოცხლე, რა მოხდა?

ბიჭმა დედას შეხედა.

— მუცელი მტკივა...

ანა მის გვერდით ჩამოჯდა და შუბლზე ხელი მიადო.

— ძალიან გტკივა?

დაჩიმ თავი დაუქნია.

რამდენიმე წამში ბავშვს გულისრევა დაეწყო. ანა მაშინვე წამოდგა, მის გვერდით დარჩა და თმა უკან გადაუწია.

თავიდან ეგონა, რომ ჩვეულებრივი მოვლენა იყო, მაგრამ მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა. დაჩი რამდენჯერმე აღებინა, მუცლის ტკივილი კი არ უმსუბუქდებოდა.

ანა შეშინდა.

— დაჩი, ჩემო ბიჭო, აქ ვარ. არ შეგეშინდეს.

ბავშვი ტირილს ცდილობდა, თუმცა ძალა აღარ ჰქონდა.

ანამ ტელეფონი აიღო და სასწრაფო დახმარებაში დარეკა.

მისი ხელები უკანკალებდა.

— გთხოვთ, მალე მოდით. ჩემი შვილი ძალიან ცუდად არის. ძლიერად აღებინებს, მუცელი სტკივა და ძალიან სუსტადაა.

ოპერატორის მითითებებს უსმენდა და ცდილობდა, პანიკაში არ ჩავარდნილიყო.

როცა საუბარი დასრულდა, საწოლთან ჩაიმუხლა და დაჩის ხელი ჩასჭიდა.

— დედა, რა მჭირს? — სუსტად იკითხა ბიჭმა.

ანას თვალები ცრემლებით აევსო, მაგრამ შვილის წინაშე თავი შეიკავა.

— ექიმი მოვა და დაგვეხმარება, ჩემო სიცოცხლე. მალე უკეთ გახდები.

რამდენიმე წუთში სასწრაფო დახმარების მანქანაც მოვიდა.

ექიმებმა დაჩი გასინჯეს და საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყვიტეს. ანა შვილს გვერდიდან არ მოშორებია. გზაში მის ხელს ეჭიდებოდა და ჩუმად ეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

საავადმყოფოში მისვლისთანავე ბავშვი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გადაიყვანეს.

ანას დერეფანში დარჩენა სთხოვეს.

კედელთან გაჩერდა და ორივე ხელით ტელეფონს ჩაეჭიდა.

მისი გონება ათასგვარ ფიქრს მოეცვა.

რა შეჭამა დაჩიმ წინა საღამოს? ხომ არაფერი იყო გაფუჭებული? ხომ არ დააგვიანეს დახმარების გამოძახება?

თავი საშინლად დამნაშავედ იგრძნო, მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა, რა იწვევდა ბავშვის მდგომარეობას.

რამდენიმე წუთში ექიმი გამოვიდა.

— ბავშვს სავარაუდოდ მწვავე საკვებით მოწამვლასთან გვაქვს საქმე. მდგომარეობა საყურადღებოა, ამიტომ საჭირო გამოკვლევებს ვატარებთ. ამ ეტაპზე მთავარია, სითხის დანაკარგი შევავსოთ და მდგომარეობა დავასტაბილუროთ.

ანამ შეშფოთებით შეხედა.

— გთხოვთ, ექიმო, ყველაფერი გააკეთეთ. ის ჩემი ერთადერთი შვილია.

— მესმის თქვენი. ახლა მას დახმარებას ვუწევთ.

ანა კედელს მიეყრდნო.

ცოტა ხანში ექიმებმა გადაწყვიტეს კუჭის ამორეცხვა, რადგან ბავშვის მდგომარეობისა და სავარაუდო მოწამვლის გარემოებების გათვალისწინებით ეს აუცილებელი ჩათვალეს. პროცედურა სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდა.

ანა დერეფანში იჯდა და წუთებს ითვლიდა.

ტელეფონი რამდენჯერმე აწკრიალდა.

ეკრანზე ნატალიას სახელი გამოჩნდა.

ანა იმდენად იყო შეშინებული, რომ ზარს ვერ უპასუხა. ტელეფონი ხელში ეჭირა, მაგრამ ფიქრი მხოლოდ დაჩიზე შეეძლო.

ცოტა ხანში ლევანის ზარიც შემოვიდა.

იმ წამს ანას საერთოდ დაავიწყდა წინა საღამოს საუბარი, ლევანის მოწვევა და ისიც კი, რომ ამ შაბათ-კვირას შეიძლებოდა ერთად წასულიყვნენ სადმე.

მისთვის ახლა მხოლოდ ერთი რამ არსებობდა — დაჩი.

ტელეფონმა ისევ დარეკა.

ამჯერად უპასუხა.

— გისმენ... — ხმა უკანკალებდა.

— ანა, დილა მშვიდობისა. როგორ ხარ? — ლევანის ხმა გაისმა. — ხომ არ გაგაღვიძე?

ანამ ტირილი ვეღარ შეიკავა.

— ლევან...

მისი ხმა იმდენად შეშფოთებული იყო, რომ ლევანი მაშინვე წამოდგა.

— ანა, რა მოხდა? სად ხარ?

— დაჩი... დაჩი ძალიან ცუდად გახდა. საავადმყოფოში ვართ. არ ვიცი, რა ვქნა...

ლევანს გული შეეკუმშა.

— რომელ საავადმყოფოში ხართ?

ანა მისამართს ეუბნებოდა, თან ცრემლებს იწმენდდა.

— ახლავე მოვდივარ. გესმის? ახლავე მოვდივარ.

— ლევან, არ არის საჭირო...

— ანა, გთხოვ, ახლა ამაზე ნუ მელაპარაკები. დაჩისთან მოვდივარ.

ტელეფონი გათიშა, გასაღებები აიღო და სახლიდან ისე გავარდა, რომ მამამისისთვისაც კი ვერ მოასწრო ყველაფრის ახსნა.

მანქანაში ჩაჯდა და საავადმყოფოსკენ გაემართა.

გზაში მხოლოდ დაჩიზე ფიქრობდა.

---

საავადმყოფოს დერეფანში ანა სკამზე იჯდა. ხელები ერთმანეთში გადაეჯვარედინებინა და ერთ წერტილს მიშტერებოდა.

როცა ლევანი გამოჩნდა, ქალი მაშინვე წამოდგა.

— ლევან...

მან ანასკენ სწრაფად გაიარა.

— როგორ არის? ექიმმა რა გითხრა?

ანა ცრემლებს იწმენდდა.

— ჯერ ზუსტად არ ვიცი. თქვეს, რომ სავარაუდოდ მოწამვლაა. კუჭი ამოურეცხეს და ახლა აკვირდებიან.

ლევანმა მხრებზე ხელები მოჰკიდა.

— დამშვიდდი, ანა. ექიმები მის გვერდით არიან.

— ძალიან მეშინია, ლევან. ასეთი არასოდეს მინახავს. ისეთი პატარაა...

მის ხმაში სასოწარკვეთა იგრძნობოდა.

ლევანმა გულში ჩაიკრა.

ანა წამით გაშეშდა, შემდეგ კი თავი მის მკერდზე ჩამოდო და ატირდა.

ლევანი ჩუმად ეფერებოდა ზურგზე.

— აქ ვარ, ანა. მარტო არ ხარ.

ქალს ახლა არც მისი სიახლოვე ეუცხოვა და არც ის, რომ მის მკლავებში ტიროდა. იმ წუთას მას უბრალოდ სჭირდებოდა ადამიანი, ვისთანაც შიშის დამალვა არ მოუწევდა.

რამდენიმე წუთში ანა ოდნავ დამშვიდდა.

— მაპატიე... არ მინდოდა შენთვისაც შემეწუხებინა.

ლევანმა სახეზე შეხედა.

— ანა, ახლა ამაზე საერთოდ არ იფიქრო. დაჩის გვერდით უნდა იყო. დანარჩენზე მერე ვისაუბროთ.

ქალმა თავი დაუქნია.

სწორედ ამ დროს ტელეფონმა ისევ დარეკა.

ნატალია იყო.

ანამ მაშინვე უპასუხა.

— ანა, შვილო, სად ხართ? რამდენჯერ დაგირეკე! დაჩი სად არის? რატომ არ მპასუხობდი?

ნატალიას ხმაში შეშფოთება და შიში ერთმანეთში არეულიყო.

— ნატალია, მაპატიე. საავადმყოფოში ვართ. დაჩი ძალიან ცუდად გახდა, სავარაუდოდ მოიწამლა. ექიმებმა პროცედურები ჩაუტარეს და ახლა აკვირდებიან.

ტელეფონის მეორე მხარეს რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა.

— რომელ საავადმყოფოში ხართ? — ბოლოს იკითხა ნატალიამ.

ანა მისამართს ეუბნებოდა.

— ახლავე მოვდივართ, შვილო. რომასაც დავუძახებ.

— კარგი, ნატალია.

ზარის დასრულების შემდეგ ანა ისევ სკამზე ჩამოჯდა.

ლევანი მის გვერდით დაჯდა.

— დამშვიდდი?

ანა მისკენ შემობრუნდა.

— მადლობა, რომ მოხვედი.

ლევანმა მის ხელს ხელი დაადო.

— ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები.

ამ უბრალო სიტყვებმა ანას გული კიდევ ერთხელ აუჩუყა.

---

დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ დერეფანში სწრაფი ნაბიჯების ხმა გაისმა.

ნატალია და რომა გამოჩნდნენ.

ნატალიას სახე გაფითრებოდა, რომა კი დაძაბული მზერით ეძებდა ანას.

— ანა!

ქალი მაშინვე წამოდგა და დედამთილს ჩაეხუტა.

— ნატალია...

— როგორ არის ჩემი შვილიშვილი? — ჰკითხა ნატალიამ და ანას სახეზე ხელი ჩამოუსვა. — რა დაემართა?

— არ ვიცი ზუსტად. დილით მუცლის ძლიერი ტკივილი დაეწყო, შემდეგ რამდენჯერმე აღებინა. სასწრაფო გამოვიძახე და აქ მოგვიყვანეს.

რომა მათ მიუახლოვდა.

— ექიმმა რა გითხრა?

— სავარაუდოდ საკვებით მოწამვლააო. კუჭი ამოურეცხეს და ახლა აკვირდებიან.

რომამ ანას მხარზე ხელი დაადო.

— დამშვიდდი. დაჩი ძლიერი ბიჭია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მალე გამოჯანმრთელდეს.

ანამ თავი დაუქნია, თუმცა თვალებში შიში ჯერ კიდევ ეტყობოდა.

ნატალიამ მაშინღა შეამჩნია ლევანი, რომელიც რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა.

ანა თითქოს ახლა გაახსენდა, რომ ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ.

— მაპატიეთ, ამდენი ნერვიულობისგან ყველაფერი დამავიწყდა. ეს ლევანია, ჩემი თანამშრომელი.

ლევანი მათკენ წამოვიდა.

— სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.

ანა ჯერ ნატალიას მიუბრუნდა.

— ლევან, ეს ჩემი დედამთილი, ნატალია კორინთელიაა, დაჩის ბებია.

შემდეგ რომას შეხედა.

— ეს კი რომაა, ჩემი მაზლი, დაჩის ბიძა.

რომამ ლევანს შეხედა.

რამდენიმე წამი ორივე ჩუმად იდგა.

-ლევან!

— რომა!

ანა გაოცებით უყურებდა მათ.

— თქვენ ერთმანეთს იცნობთ?

რომამ ლევანს თვალი არ მოაშორა.

— დიახ, ანა. ერთმანეთს ვიცნობთ.

ნატალიამ ჯერ ერთს შეხედა, შემდეგ მეორეს. მათ შორის რაღაც დაძაბულობა იგრძნობოდა, თუმცა ვერც იმას ხვდებოდა, რა იდგა ამის უკან.

რომა ლევანისკენ ერთი ნაბიჯით წამოვიდა.

— ხუთი წელი გავიდა, ლევან.

— ვიცი.

— არ მეგონა, რომ ასე შევხვდებოდით ერთმანეთს.

ლევანმა დერეფანს გადახედა, შემდეგ კი ისევ რომას შეხედა.

— არც მე. მაგრამ ახლა დაჩის მდგომარეობაა მთავარი.

რომას გამომეტყველება ოდნავ შერბილდა.

— მართალია. დანარჩენზე მოგვიანებით ვისაუბროთ.

— თანახმა ვარ.

მათ შორის კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა.

ხუთი წელი.

ხუთი წელი, რომლის განმავლობაში ორივეს ჰქონდა სათქმელი, ორივეს ახსოვდა წარსული და ორივე საკუთარ სიმართლეს ეჭიდებოდა.

ახლა კი ერთმანეთის წინ იდგნენ — არა შეხვედრის ოთახში, არა საქმიანი მოლაპარაკებისას, არამედ საავადმყოფოს დერეფანში, ბავშვის გამო შეშფოთებულები.

რომამ პირველად შეხედა ლევანს არა როგორც ძველ მოწინააღმდეგეს, არამედ როგორც ადამიანს, რომელიც მის რძალსა და ძმისშვილს გვერდით ედგა.

ლევანმაც დაინახა რომას თვალებში ის მზრუნველობა.

შესაძლოა, მათ შორის ყველაფერი ჯერ კიდევ არ იყო მოგვარებული, მაგრამ ამ შეხვედრაში რაღაც შეიცვალა.

— დაჩის ნახვა მინდა, — თქვა რომამ.

— მეც, — ჩუმად დაამატა ნატალიამ.

ამ დროს ექიმი გამოვიდა.

ყველა მისკენ შემობრუნდა.

— ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. პროცედურა დასრულდა, ახლა სითხეებს ვუნაზღაურებთ და დაკვირვების ქვეშ დარჩება. ჯერ დასვენება სჭირდება, მაგრამ თუ მდგომარეობა ასე გაგრძელდა, პროგნოზი დამაიმედებელია.

ანამ შვებით ამოისუნთქა. თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა, ამჯერად შვებისგან.

— შეიძლება ვნახო?

— ცოტა ხანში, როცა პალატაში გადავიყვანთ, შეძლებთ მასთან ყოფნას.

ნატალიამ ანა გულში ჩაიკრა.

— ყველაფერი კარგად იქნება, შვილო.

რომამაც ხელი მოხვია.

ლევანი კი მათ გვერდით იდგა და ჩუმად უყურებდა. ანას სახეზე პირველად დაინახა შვების ღიმილი.

მის გულში უცნაური სიმშვიდე გაჩნდა. ახლა ყველაზე მეტად უნდოდა, რომ დაჩი მალე გამოჯანმრთელებულიყო, ანას კი აღარასოდეს ენახა შვილის გამო ასეთი შიში.

რომა მისკენ შემობრუნდა.

ლევანი რამდენიმე წამით ჩუმად დარჩა.

Ამჯერად არც ერთს დაუწყია ძველი წყენის გახსენება.

თუმცა ორივემ იცოდა, რომ საუბარი, რომელსაც ხუთი წელი გაურბოდნენ, ადრე თუ გვიან მაინც შედგებოდა.

#ოჯახის_ჩრდილში 💚
#თავი_მეხუთე

რომა და ლევანი დერეფნის ბოლოში გაჩერდნენ. რამდენიმე წამი ერთმანეთს უხმოდ უყურებდნენ. ორივეს ჰქონდა სათქმელი, ორივეს ახსოვდა ხუთი წლის წინანდელი ამბები, მაგრამ არც ერთს სურდა ახლა წარსულის გახსენება. საავადმყოფოს კედლებს მიღმა დაჩი იწვა, ანა კი მისი მდგომარეობის გამო ჯერ კიდევ შეშინებული იყო.

— აქ რას აკეთებ, ლევან? — პირველმა რომამ დაარღვია სიჩუმე.

ლევანმა მშვიდად შეხედა.

— ანას დახმარება მინდოდა.

რომას ირონიულად ჩაეღიმა.

— ყველა თანამშრომელს ასე ეხმარები?

ლევანმა პასუხი არ დააყოვნა.

— ანა ყველა არ არის.

რომას სახე შეეცვალა. ამ სიტყვებში იმაზე მეტი დაინახა, ვიდრე ლევანს, შესაძლოა, თავადაც სურდა ეჩვენებინა.

— ანა ჩემი ოჯახის წევრია, — თქვა მან მკაცრად. — რეზოს მეუღლე იყო და ყოველთვის დარჩება ჩვენი ოჯახის ნაწილად. მისთვის ყველაფერი კარგი მინდა და არ დავუშვებ, ვინმემ მასთან ზედმეტი იკადროს.

ლევანმა ღრმად ჩაისუნთქა.

— მაგას არც მე დავუშვებ.

— რას გულისხმობ?

— იმას, რომ არასოდეს გავაკეთებ ისეთ რამეს, რაც ანას ტკივილს მიაყენებს.

რომა ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

— მინდა, კარგად გაიგო, რასაც გეუბნები. ანა ჩემი დაა. შეიძლება სისხლით არ ვიყოთ დაკავშირებული, მაგრამ ჩემთვის ის ნამდვილი დაა. არ მოგცემ უფლებას, მის ცხოვრებაში ისე შეხვიდე, რომ შემდეგ გული ატკინო.

— რომა...

— ჯერ არ დამიმთავრებია.

— მე კი მგონია, რომ საკმარისად მოვისმინე, — მშვიდად, მაგრამ მტკიცედ უთხრა ლევანმა.

— კიდევ ერთხელ გეუბნები, ლევან. ანა ჩემი დაა და არ მოგცემ უფლებას...

— ვერც შენ და ვერც მთელი სამყარო რომ აღმიდგეს წინ, ანას თავს არ დავანებებ, თუ ეს თვითონ არ ენდომება, — შეაწყვეტინა ლევანმა.

მის ხმაში ისეთი სიმტკიცე იგრძნობოდა, რომ რომა გაჩუმდა.

ლევანმა მზერა არ აარიდა..

რომამ პასუხი აღარ გასცა.

— ამაზე ახლა აღარ ვისაუბროთ, — თქვა ბოლოს. — დაჩის მდგომარეობა უფრო მნიშვნელოვანია.

— გეთანხმები.

ორივე უკან, მოსაცდელისკენ გაემართა.

მათ შორის დაძაბულობა არსად გამქრალა, მაგრამ საუბარი კონფლიქტში არ გადაზრდილა. რომას აღარ სურდა ძველი წყენის ახალი მიზეზით გაგრძელება, ლევანს კი არ უნდოდა, ანას ოჯახის წევრებთან ურთიერთობა პირველივე დღიდან დაეძაბა.

---

ცოტა ხანში ექიმი გამოვიდა.

ანა მაშინვე წამოდგა და მისკენ წავიდა. ნატალიაც და რომაც მასთან ახლოს მივიდნენ, ლევანი კი რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით გაჩერდა.

— ექიმო, როგორ არის ჩემი შვილი? — შეშფოთებით ჰკითხა ანამ.

ექიმს გაუღიმა.

— ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია. დაკვირვებას გავაგრძელებთ და თუ ყველაფერი ასე მშვიდად ჩაივლის, საღამოს სახლში გავწერთ. თუმცა მომდევნო დღეებში სითხის მიღებასა და კვებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ ტკივილი, განმეორებითი ღებინება ან სხვა საეჭვო სიმპტომი გამოჩნდა, დაუყოვნებლივ უნდა მოგვმართოთ.

ანამ შვებით ამოისუნთქა.

— დიდი მადლობა, ექიმო.

— ახლა შეგიძლიათ ცოტა ხნით ნახოთ. დასვენება სჭირდება.

ექიმი წავიდა.

ანა პალატაში შევიდა და დაჩის საწოლთან ჩამოჯდა. ბიჭი უკვე უკეთ გამოიყურებოდა. დედის დანახვისას გაუღიმა და მისკენ ხელი გაიწოდა.

— დედა...

ანამ შვილი ფრთხილად ჩაიკრა გულში.

— აქ ვარ, ჩემო სიცოცხლე.

— სახლში წავიდეთ?

— საღამოს წავალთ, ჩემო ბიჭო. ახლა ცოტა უნდა დაისვენო.

დაჩიმ თავი დედის მხარზე ჩამოდო.

ანა დიდხანს ეფერებოდა თმაზე. იმ დილით განცდილი შიში ჯერ კიდევ არ ტოვებდა. მხოლოდ ახლა, როცა შვილის სუნთქვა მშვიდი და თანაბარი იყო, იგრძნო, რამდენად დაძაბული ყოფილა მთელი ამ ხნის განმავლობაში.

რამდენიმე წუთში პალატიდან გამოვიდა.

— ნატალია, რომა, ძალიან გთხოვთ, სახლში წადით და დაისვენეთ. მე დავრჩები დაჩისთან.

— ანა, დარწმუნებული ხარ? — ჰკითხა ნატალიამ. — შემიძლია, მე დავრჩე. შენც ხომ მთელი დილა ნერვიულობდი.

— არა, ნატალია. მინდა, მის გვერდით ვიყო. თან ექიმმა თქვა, რომ საღამოს გაგვწერენ.

რომა ჩაერია:

— ანა, თუ რამე დაგჭირდება, დამირეკე. ნებისმიერ დროს.

— აუცილებლად.

— და ჭამაც არ დაგავიწყდეს, — დაამატა ნატალიამ. — ბავშვს რომ უვლი, საკუთარი თავი არ უნდა დაივიწყო.

ანას გაეღიმა.

— კარგი, გპირდებით.

ამ დროს ლევანი მათ მიუახლოვდა. მთელი საუბრის განმავლობაში ჩუმად იდგა და ელოდებოდა, როდის შეძლებდა ანასთან მიახლოებას.

— ანა, მე წავალ, — უთხრა მან.

ქალი მისკენ შემობრუნდა.

— კარგი, ლევან. მადლობა ყველაფრისთვის.

— საღამოს მოგაკითხავ.

— არ არის საჭირო, თავს ნუ შეიწუხებ...

— ანა, — ღიმილით შეაწყვეტინა, — მოგაკითხავ.

შემდეგ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, ქალთან მივიდა და მოეხვია.

ანა გაოცდა.

ლევანის მკლავებში აღმოჩენილმა ჯერ ვერ გაიაზრა, რა ხდებოდა. რამდენიმე წამით გაუნძრევლად იდგა, შემდეგ კი ფრთხილად მოხვია ხელები.

თუმცა მაშინვე იგრძნო, რომ მათ მარტო არავინ უყურებდა.

მაზლისა და დედამთილის მზერა აშკარად იგრძნო.

უხერხულად გადახედა რომას, შემდეგ კი ნატალიას.

ლევანმა ეს შეამჩნია, მაგრამ უკან არ დაუხევია. თითქოს არ სურდა, ვინმესთვის დაემალა, რომ ანა მისთვის უბრალო თანამშრომელი აღარ იყო.

— საღამოს გნახავ, — ჩუმად უთხრა ქალს და ოდნავ მოშორდა.

შემდეგ რომასა და ნატალიას მიუბრუნდა.

— სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. იმედი მაქვს, დაჩი მალე სრულად გამოჯანმრთელდება.

— მადლობა, — მოკლედ უპასუხა რომამ.

ნატალიამ კი გაუღიმა.

— მადლობა, შვილო.

ლევანმა თავი დაუქნია, ანას კიდევ ერთხელ შეხედა და წავიდა.

რომას არაფერი უთქვამს, მაგრამ მის სახეზე დაკვირვებული გამომეტყველება ანას არ გამოჰპარვია.

ნატალია ანასთან მივიდა და გულში ჩაიკრა.

ანას თვალები აევსო.

— ნატალია...

— ჩემო გოგო. ახლა მთავარია, დაჩი კარგად იყოს.

ნატალიას ყოველთვის ესმოდა მისი. არასოდეს აგრძნობინებდა, რომ რეზოს გარდაცვალების შემდეგ მისი ადგილი ამ ოჯახში შეიცვალა. პირიქით, ცდილობდა, ანასთვის ის სითბო მიეცა, რომელიც დაკარგვის შემდეგ ასე ძალიან სჭირდებოდა.

— მე და რომა წავალთ, — უთხრა ნატალიამ. — საღამოს დაგირეკავ. თუ რამე დაგჭირდა, მაშინვე მითხარი.

— დე, მანქანაში დამელოდე, ცოტა ხანში მოვალ.

ნატალიამ გაკვირვებით შეხედა.

— კარგი შვილო.

Ანა მიხვდა, რომ მასთან საუბარი სურდა.

— რა ხდება? — ჰკითხა ჩუმად.

— მოდი, ცოტა ხნით დავსხდეთ.

ორივენი დერეფნის ფანჯარასთან მდგარ სკამებზე ჩამოსხდნენ.

რამდენიმე წამი რომა ჩუმად იყო, თითქოს სიტყვებს არჩევდა.

— ანა, მინდა, რაღაც გითხრა და გთხოვ, არ იფიქრო, რომ შენს ცხოვრებაში ჩარევას ვცდილობ.

ანამ შეშფოთებით შეხედა.

— რა მოხდა, რომა?

— არაფერი ცუდი. უბრალოდ, შენ ჩემთვის ძვირფასი ხარ. ჩვენი ოჯახის წევრი ხარ და ყოველთვის ასე იქნება. რეზო რომ ცოცხალი ყოფილიყო, ალბათ თვითონაც გეტყოდა, რომ არასოდეს უნდა შეგშინებოდა ახალი ცხოვრების დაწყების.

ანას თვალები მაშინვე აემღვრა.

რომას ძმის სახელის გაგონებაზე ყოველთვის სტკიოდა გული. წლების გასვლის მიუხედავად, რეზოს დაკარგვა მისთვის კვლავ მტკივნეული იყო.

— ვიცი, რომა...

— არ მინდა, შენს პირად სივრცეში შემოვიჭრა. ამიტომ პირდაპირ ვერ გკითხე ლევანზე. მაგრამ მინდა, იცოდე, რომ მე და მამაჩემი ყოველთვის შენს გვერდით ვიქნებით. რაც უნდა მოხდეს, ამ ოჯახში შენ და დაჩის ყოველთვის გექნებათ ადგილი.

ანა ჩუმად უსმენდა.

რომამ გააგრძელა:

— თუმცა ერთი რამეც უნდა გითხრა. ჩვენ, როგორც ოჯახი, ყოველთვის დაგიცავთ, დაგეხმარებით და მხარს დაგიჭერთ. მაგრამ ქალს ისე ვერავინ დაუდგება გვერდით, როგორც კაცი, რომელსაც ის ნამდვილად უყვარს.

ანას სუნთქვა შეეკრა.

რომას სიტყვები გულში მოხვდა, რადგან სწორედ ამაზე ფიქრობდა ბოლო დღეების განმავლობაში, თუმცა საკუთარ თავსაც ვერ უტყდებოდა.

ლევანი თანდათან მის ცხოვრებაში ისე შემოდიოდა, რომ თავადაც ვერ ამჩნევდა, როდის გახდა მისი ხმა დამამშვიდებელი, მისი ღიმილი — სასურველი, მისი სიახლოვე კი — ისეთი რამ, რასაც უკვე ელოდა.

თავიდან ლევანი მხოლოდ უფროსი იყო, ადამიანი, რომელთანაც სამსახურში ურთიერთობა უნდა ჰქონოდა. შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა.

მისი ყურადღება, დაჩის მიმართ სითბო, მზრუნველობა და ის უცნაური სიმშვიდე, რომელსაც მის გვერდით გრძნობდა...

ანა ვეღარ არჩევდა, როდის შეწყვიტა ლევანზე მხოლოდ როგორც თანამშრომელზე ფიქრი.

— არ ვიცი, რა გითხრა, რომა, — ჩუმად თქვა მან.

რომას გაუღიმა.

— არაფრის თქმა არ გჭირდება. არც ის მინდა, რომ ახლავე რაიმე გადაწყვეტილება მიიღო. უბრალოდ, საკუთარ გრძნობებს ნუ გაექცევი მხოლოდ იმიტომ, რომ ერთხელ უკვე დაკარგე ადამიანი, რომელიც გიყვარდა.

ანას ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე.

— რეზო არასოდეს დამავიწყდება.

— არც უნდა დაგავიწყდეს. არც მე დამავიწყდება ჩემი ძმა. მაგრამ მისი გახსენება იმას არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება მარტო უნდა იყო.

რომა წამოდგა და ანას წინ გაჩერდა.

— შენ ბედნიერებას იმსახურებ, ანა.

ქალმა ვეღარაფერი თქვა.

რომა დაიხარა და შუბლზე აკოცა.

— და კიდევ ერთი რამ. თუ ლევანი ოდესმე რამეს არასწორად გააკეთებს, თუ გაწყენინებს ან ისეთ რამეს მოიმოქმედებს, რაც შენთვის მიუღებელი იქნება, იცი, ვის უნდა მიმართო.

ანას უნებურად გაეღიმა.

— შენ?

— რა თქმა უნდა, მე. — რომას გაეცინა. — და თუ საჭირო გახდება, მამაჩემსაც ჩავრთავთ.

— რომა, — სიცილით გააქნია თავი ანამ.

— რას იზამ, ასეთი ძმა ვარ.

რამდენიმე წამით ორივე იცინოდა, შემდეგ რომა ისევ სერიოზული გახდა.

— კარგად იყავი, ანა, სახლში რომ იქნებით დამირეკე.

— აუცილებლად.

რომა დაემშვიდობა და წავიდა.

ანა კიდევ დიდხანს იჯდა ფანჯარასთან.

მისი სიტყვები გონებაში ტრიალებდა.

„ქალს ისე ვერავინ დაუდგება გვერდით, როგორც კაცი, რომელსაც ის ნამდვილად უყვარს.“

ნუთუ ლევანს მართლა უყვარდა?

და უფრო მნიშვნელოვანი კითხვა — თვითონ რას გრძნობდა მის მიმართ?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჯერ არ შეეძლო.

---

იმავე საღამოს, კორინთელების სახლში, რომა სალომეს გვერდით იწვა,

ნიტას უკვე ეძინა. სახლში სიმშვიდე ჩამოწოლილიყო, მაგრამ რომას გონებაში მთელი დღის ამბები ტრიალებდა.

სალომემ ქმარს შეხედა.

— მთელი საღამოა ჩაფიქრებული ხარ. რა მოხდა?

რომამ ამოიოხრა.

— არ ვიცი, სალო. რაღაცნაირად ვარ.

— დაჩის მდგომარეობაზე ნერვიულობ?

— დაჩიზეც. ანაზეც. ყველაფერზე.

სალომე მის გვერდით უფრო ახლოს დაჯდა.

— ექიმმა ხომ თქვა, რომ უკეთ არის?

— თქვა, მაგრამ დილით რომ დავინახე, როგორ ეშინოდა... — რომამ თავი გააქნია. — არ ვიცი, სალო. ზოგჯერ მგონია, რომ ამ ოჯახში ყველა რაღაცას კარგავს და შემდეგ მთელი ცხოვრება ცდილობს, დაკარგული ადგილი სხვა რამით შეავსოს.

სალომე ჩუმად უსმენდა.

რომამ ფანჯარას გახედა.

— რეზომ ანა პირველად რომ მოგვიყვანა სახლში ისეთი ახვაზრდები იყვნენ.

სალომეს გაეღიმა.

რომასაც გაეღიმა, თუმცა ღიმილი მალევე გაუქრა.

— ჩვენზე ადრე დაქორწინდა. მთელი სამეგობრო ამაზე ლაპარაკობდა. სულ დამცინოდნენ, უმცროსმა ძმამ მოგასწროო.

სალომემ მსუბუქად უბიძგა მხარზე.

— შენც ხომ არ ჩქარობდი?

— მე რა მეჩქარებოდა? — გაეცინა რომას. — მეგონა, ჯერ მთელი ცხოვრება წინ მქონდა. რეზო კი მოვიდა, ანა გაგვაცნო და რამდენიმე თვეში ქორწილი გადაიხადა.

მისი მზერა ნელ-ნელა შორეულ წარსულში ჩაიკარგა.

— ისეთი ბედნიერი იყო, სალო. სულ იცინოდა. ანას რომ უყურებდა, თვალები უნათდებოდა. არასოდეს დამავიწყდება, ქორწილის დღეს როგორ მითხრა, ახლა შენც უნდა იპოვო შენი ბედნიერებაო.

რომას ხმა შეუკანკალდა.

— მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე მალე დავკარგავდი.

სალომემ დაინახა, როგორ აევსო თვალები ცრემლით.

რომა ყოველთვის ცდილობდა, ძლიერი ყოფილიყო. ოჯახის წინაშე არასოდეს აძლევდა საკუთარ თავს სისუსტის გამოვლენის უფლებას. რეზოს სიკვდილის შემდეგ ხომ მას მოუწია პასუხისმგებლობის აღება, მშობლების გამხნევება, ანასა და დაჩის გვერდით დგომა.

მაგრამ ძმის მონატრება არსად გამქრალა.

— ზოგჯერ ახლაც მგონია, რომ კარს შემოაღებს, — ჩუმად თქვა რომამ. — შემოვა, გამიღიმებს და მეტყვის, ისევ ზედმეტად ბევრს ფიქრობო.

სალომემ ვეღარ შეიკავა ცრემლები.

ქმარს ჩაეხუტა და თავი მის მხარზე ჩამოდო.

— ვიცი, რომ გენატრება.

რომამ ხელები შემოხვია.

— ძალიან, სალო. ხანდახან ისე ძალიან, რომ სუნთქვა მიჭირს.

— შეგიძლია, იტირო, რომა. ჩემთან ძლიერი ყოფნა არ გჭირდება.

ამ სიტყვებზე რომამ თვალები დახუჭა. ცრემლები თავისთავად ჩამოუგორდა ლოყებზე.

სალომე ჩუმად ეფერებოდა ზურგზე.

— რეზო რომ ცოცხალი ყოფილიყო, შენით იამაყებდა, — უთხრა ბოლოს. — იმით, რომ მისი ოჯახი არ მიატოვე. რომ ანას გვერდით დარჩი და დაჩის მამასავით უყვარხარ...

რომამ ცოლი გულში ჩაიკრა და დიდხანს აღარაფერი უთქვამს..

---

იმავე დროს, კორინთელების სახლში, ნატალია და მისი მეუღლე საკუთარ საძინებელში იყვნენ.

Ლევანს ადრე დაეძინა. მთელი დღის დაძაბულობამ დაღალა, ნატალია კი ჯერ კიდევ ფხიზლობდა.

საწოლთან მდგარ პატარა მაგიდაზე ძველი ალბომი ედო.

ქალმა ნელა გადაშალა.

პირველივე გვერდზე რეზოს ფოტო დაინახა.

ახალგაზრდა, მომღიმარი, ბედნიერი.

ნატალიას თითები ფოტოს ზედაპირს ნაზად შეეხო.

— ჩემო ბიჭო... — ჩურჩულით წარმოთქვა.

თვალები აემღვრა.

დედისთვის შვილის დაკარგვა ისეთი ტკივილი იყო, რომელსაც სიტყვები ვერ აღწერდა. ხანდახან ეგონა, რომ ტკივილს მიეჩვია, მაგრამ საკმარისი იყო, ძველი ფოტო ენახა ან მისი ხმა გაახსენდებოდა, რომ ყველაფერი თავიდან იწყებოდა.

დაჩი მხოლოდ ერთი წლის იყო, როცა მამა დაკარგა . Ბავშვს რეზოს სახე თითქმის არ ახსოვდა, მაგრამ ნატალია ყველაფერს აკეთებდა, რომ მას სცოდნოდათ, როგორი ადამიანი იყო მისი მამა.

მომდევნო გვერდზე რეზო ანასთან ერთად იყო გადაღებული.

ანა თეთრ კაბაში იდგა, რეზოს კი მისთვის ხელი შემოეხვია. ორივე იღიმოდა.

ნატალიას ცრემლები წამოუვიდა.

— როგორ გიყვარდა, შვილო... როგორ უყურებდი...

ფოტო გულზე მიიკრა.

იმდენი ღამე გაეტარებინა ტირილში, რომ ზოგჯერ საკუთარ თავსაც უკვირდა, როგორ შეძლო ცხოვრების გაგრძელება. მაგრამ მას კიდევ ორი შვილი ჰყავდა, ორი შვილიშვილი და მეუღლე, რომელთაც სჭირდებოდათ.

Ძალა უნდა მოეკრიბა.

არა იმიტომ, რომ რეზოს დავიწყება შეიძლებოდა, არამედ იმიტომ, რომ მის სიყვარულს სიცოცხლე უნდა გაეგრძელებინა.

ნატალიამ ალბომი დახურა, თუმცა რამდენიმე წამით კიდევ ეჭირა ხელში.

შემდეგ თაროზე დადო და საწოლში ჩაწვა.

— მშვიდად იძინე, ჩემო ბიჭო, — ჩურჩულით თქვა და თვალები დახუჭა.

მაგრამ დაძინებამდე კიდევ დიდხანს ხედავდა გონებაში შვილის ღიმილს.

---

საღამოს ექიმმა ანას საბოლოოდ აცნობა, რომ დაჩის სახლში წაყვანა შეეძლოთ.

ბიჭი უკვე უკეთ გრძნობდა თავს. ცოტა ეძინა კიდეც და გაღვიძებისას დედას სთხოვა, მალე წასულიყვნენ.

ანა გახარებული იყო, თუმცა ექიმის მითითებებს ყურადღებით ისმენდა. დაჩის დასვენება, სითხის მიღება და მდგომარეობაზე დაკვირვება სჭირდებოდა.

ლევანმა დაურეკა და ამბავი ჰკითხა.

- უკვე გვწერენ.

— ძალიან კარგი ამბავია. ახლავე მოვდივარ.

— არ არის საჭირო, ტაქსით...

— ანა, — გაეცინა ლევანს, — უკვე გზაში ვარ.

ქალს გაეღიმა.

— კარგი. გელოდებით.

დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ ლევანი საავადმყოფოს წინ გაჩერდა.

ანა დაჩისთან ერთად გარეთ გამოვიდა. ბიჭს ქურთუკი ეცვა, ხელში კი პატარა სათამაშო ეჭირა.

ლევანის დანახვისას სახე გაუნათდა.

— ლევან!

ლევანი მაშინვე მიუახლოვდა.

— აბა, როგორ არის ჩემი პატარა მეგობარი?

— უკვე კარგად ვარ, — ამაყად უპასუხა დაჩიმ.

— ძალიან მიხარია. მაგრამ დედას უნდა დაუჯერო და დაისვენო, კარგი?

დაჩიმ თავი დაუქნია.

ლევანმა ანას ჩანთა გამოართვა და მანქანის კარი გაუღო.

— ჩაჯექით.

გზაში დაჩი უკანა სავარძელზე იჯდა და ლევანს ათას კითხვას უსვამდა. აინტერესებდა, სად ცხოვრობდა, ჰყავდა თუ არა ძაღლი და შეეძლო თუ არა, ერთხელ მასთან ერთად პარკში წასულიყო.

ლევანი ყველა კითხვას მოთმინებით პასუხობდა.

— ძაღლი არ მყავს, მაგრამ თუ დედა დაგრთავს ნებას, შეგვიძლია, ერთ დღეს პარკში წავიდეთ.

— დედა, შეიძლება? — მაშინვე იკითხა დაჩიმ.

ანას გაეცინა.

— ჯერ ბოლომდე გამოჯანმრთელდი და მერე ვიფიქროთ.

— ესე იგი, შეიძლება! — გახარებულმა თქვა ბიჭმა.

ლევანს გაეცინა.

— როგორც ჩანს, დედასთან მოლაპარაკება კარგად გამოგდის.

— ყოველთვის, — ამაყად უპასუხა დაჩიმ.

ანა მათ უყურებდა და იღიმოდა.

მის გულს განსაკუთრებულად ათბობდა, როგორ ესაუბრებოდა ლევანი მის შვილს. არ ცდილობდა, დაჩისთვის თავი მოეწონებინა ან ზედმეტად მოექცია ყურადღების ცენტრში. უბრალოდ, უსმენდა, პასუხობდა და ბავშვის თითოეულ სიტყვას მნიშვნელობას ანიჭებდა.

რეზოს შემდეგ ანასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს იყო — ადამიანი, რომელიც მის შვილს თავისი ცხოვრების ნაწილად მიიღებდა.

თუმცა ამ ფიქრის დაშვებაც კი ჯერ კიდევ აშინებდა.

---

სახლში მივიდნენ. ანა კარს აღებდა, როცა ბიჭმა უცებ იკითხა:

— ლევან, შენ ჩვენთან დარჩები?

ანას გაეცინა.

— დაჩი, ლევანსაც თავისი სახლი აქვს.

ბიჭმა მხრები აიჩეჩა.

— ვიცი. უბრალოდ, მინდოდა, დარჩენილიყო.

ლევანმა ანას შეხედა.

— დღეს ვერ დავრჩები, პატარა მეგობარო. მაგრამ ხვალ აუცილებლად მოგიკითხავ.

— მართლა?

— გპირდები.

დაჩი კმაყოფილი დარჩა და მისაღებში შევიდა.

ანა ლევანს მიუბრუნდა.

— დიდი მადლობა. დღეს მართლა ძალიან დამეხმარე.

— ანა, უკვე მერამდენედ მიხდი მადლობას?

— იმიტომ, რომ მართლა მადლობელი ვარ.

ლევანმა გაუღიმა.

დაჩი ლევანმა მის ოთახში ხელში აყვანილი შეიყვანა, ბავშვს ეძინებოდა. ლევანმა შუბლზე აკოცა და დაემშვიდობა. Მისაღებში გამოვიდა.

— მე წავალ, დაჩის მიხედე. მოგვიანებით დაგირეკავ.

- რამეს ხო არ დალევ? - მოულოდნელად ჰკითხა Ანამ.

- ჩაი ცუდი არ იქნებოდა.

ორივეს გაეღიმათ.

მისაღებში სიჩუმე იყო.

ანა სამზარეულოში შევიდა, წყალი აადუღა და კენკრის ჩაი მოამზადა. რამდენიმე წუთში მთელ სახლში სასიამოვნო სურნელი გავრცელდა.

ლევანმა ირგვლივ მიმოიხედა და ისევ ფოტოებს დააკვირდა.

მისი მზერა ერთ-ერთ ფოტოზე შეჩერდა.

რეზო ანასთან ერთად იდგა. ორივე იღიმოდა.

ლევანმა ფოტოს დიდხანს უყურა, შემდეგ კი მზერა ანასკენ გადაიტანა.

ქალმა შეამჩნია.

— ეს ჩვენი ქორწილის შემდეგ არის გადაღებული, — ჩუმად თქვა მან.

ლევანმა თავი დაუქნია.

— ძალიან ბედნიერები ჩანხართ.

ანას გაეღიმა, თუმცა თვალებში სევდა ჩაუდგა.

— ვიყავით.

ლევანმა იგრძნო, რომ ამ თემაზე საუბარი მისთვის მტკივნეული იყო.

— მაპატიე, არ მინდოდა...

— არა, ყველაფერი კარგადაა. რეზო ჩემი ცხოვრების ნაწილია და ყოველთვის იქნება.

— მესმის.

ანა რამდენიმე წამით ჩუმად იდგა, შემდეგ კი სამზარეულოსკენ მიუთითა.

— კენკრის ჩაი მოვამზადე, ხომ დალევ?

— სიამოვნებით.

ორივე სამზარეულოში შევიდა.

ანა ორ ჭიქას ასხამდა, ლევანი კი მაგიდასთან დაჯდა. როცა ქალი მის წინ ჩამოჯდა, რამდენიმე წუთი ჩუმად სვამდნენ ჩაის.

შემდეგ ანამ ჭიქა მაგიდაზე დადგა.

— ლევან, რაღაც უნდა გითხრა.

ლევანმა ყურადღებით შეხედა.

— გისმენ.

ანა დაიბნა, თუმცა გადაწყვიტა, სათქმელი აღარ გადაედო.

— დილით საავადმყოფოში... როცა მომეხვიე...

ლევანი მიხვდა, რასაც გულისხმობდა, მაგრამ არაფერი უთქვამს.

— არ ვიცი, როგორ აგიხსნა, — განაგრძო ანამ. — ძალიან ცუდად ვიყავი და შენი მოსვლა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ უხერხულად ვიგრძენი თავი რომას და ნატალიასთან.

ლევანი სკამის საზურგეს მიეყრდნო.

— რატომ?

ანამ გაკვირვებით შეხედა.

— როგორ თუ რატომ? ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან. რომა ჩემი მაზლია. ნატალია კი...

— ვიცი, ვინ არიან, ანა.

— მაშინ უნდა გესმოდეს, რატომ ვამბობ ამას. არ მინდა, მათ რამე არასწორად გაიგონ.

ლევანი რამდენიმე წამი ჩუმად იყო.

— ანუ გინდა, რომ შენთან ახლოს ვიყო, მაგრამ სხვებმა ეს ვერ დაინახონ?

— მე ასე არ მითქვამს.

— მაგრამ სწორედ ამას მეუბნები.

ანას სახე შეეცვალა.

— ლევან, გთხოვ, არასწორად ნუ გამიგებ. უბრალოდ, ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულვარ საკუთარ თავში. არ ვიცი, შენ რას ფიქრობ ჩემზე, რას ელოდები ჩემგან...

ლევანმა მშვიდად შეხედა.

— მაშინ პირდაპირ გეტყვი, რას ვფიქრობ.

ანა გაჩუმდა.

— მე არავისთან არაფერი მაქვს დასამალი. არც რომასთან და არც ჩემს ოჯახთან და არც შენთან.

— ანუ? — ჩუმად ჰკითხა ანამ.

ლევანი წამოდგა და მის გვერდით გაჩერდა.

— ანუ ის, რომ მინდა, ყოველთვის შენი და შენი შვილის გვერდით ვიყო.

ანას სუნთქვა შეეკრა.

ასე პირდაპირ არ ელოდა.

ლევანი მის წინ იდგა და თვალებში უყურებდა. მის ხმაში არც ხუმრობა იყო, არც ეჭვი და არც გაურკვევლობა.

მხოლოდ გულწრფელობა.

— არ გთხოვ, ახლავე მიპასუხო, ანა, — განაგრძო მან. — არც იმას გთხოვ, რომ დაივიწყო წარსული ან საკუთარ თავს აიძულო, ისეთი რამ იგრძნო, რისთვისაც ჯერ მზად არ ხარ. მე უბრალოდ მინდა, იცოდე, რომ შენთან ყოფნა მსურს. არა მხოლოდ სამსახურში, არა მხოლოდ მაშინ, როცა დახმარება გჭირდება. მინდა, შენს ცხოვრებაში ვიყო.

ანას თვალები აემღვრა.

— ლევან...

— ვიცი, რომ მარტივი არ არის. ვიცი, რომ დაჩი შენი სამყაროა და შენს ცხოვრებაში მოსულმა ნებისმიერმა ადამიანმა ეს უნდა გაითვალისწინოს. მეც სწორედ ასე ვფიქრობ. არასოდეს მოგთხოვ, არჩევანი გააკეთო ჩემსა და შენს შვილს შორის. პირიქით, თუ შენს გვერდით ვიქნები, დაჩის ბედნიერებაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება.

ანა ვეღარაფერს ამბობდა.

მის გულში იმდენი გრძნობა ირეოდა, რომ ვეღარ არჩევდა, რომელი იყო უფრო ძლიერი — შიში, სიხარული თუ იმედი.

ლევანი მისკენ დაიხარა და შუბლზე ნაზად აკოცა.

— ახლა კი წავალ. დღეს საკმარისად დაიღალე. დაისვენე.

უკან დაიხია და კარისკენ გაემართა.

ანა ადგილიდან არ დაძრულა.

ლევანმა გასაღებს ხელი მოჰკიდა.

— ღამე მშვიდობისა, ანა.

— ლევან...

კაცი შემობრუნდა.

ანა რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდა, თითქოს საკუთარ თავთან ბრძოლობდა. შემდეგ ნელა მიუახლოვდა და მის ხელს ხელი მოჰკიდა.

ლევანი გაჩერდა.

— თუ გინდა... — დაიწყო ანამ და სიტყვები გაუწყდა.

— რა, ანა?

ქალმა ღრმად ჩაისუნთქა.

— თუ გინდა, შეგიძლია, დარჩე.

ლევანი გაშეშდა.

— დარწმუნებული ხარ?

ანამ თავი დაუქნია.

— დაჩის არ უნდა გავაღვიძოთ. მის ოთახში სძინავს. დივანს გავშლი და აქ დაიძინე.

ლევანს რამდენიმე წამით სიტყვა არ დასცდენია.

არ ელოდა ამ შეთავაზებას. მთელი დღე ცდილობდა, ანასთვის ეჩვენებინა, რომ მის გვერდით ყოფნა სურდა, მაგრამ არ უნდოდა, ქალს თავი ვალდებულად ეგრძნო.

ახლა კი თავად ანა სთხოვდა დარჩენას.

მისთვის ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე ნებისმიერი აღიარება.

— კარგი, — თქვა ბოლოს და გაეღიმა. — თუ ნამდვილად გინდა.

— მინდა.

ანამ დივნისკენ გაიხედა.

— საბანს მოგიტან.

ლევანმა მისი ხელი ფრთხილად დაიჭირა.

— ანა...

ქალი შემობრუნდა.

— გმადლობ.

ანას გაეღიმა.

— რისთვის?

— იმისთვის, რომ დღეს მარტო არ დამტოვე.

ქალმა გაკვირვებით შეხედა.

— პირიქით, შენ იყავი მთელი დღე ჩემს გვერდით.

ლევანმა თავი გააქნია.

— მე ჩემს გრძნობებზე გელაპარაკე. შენ კი პირველად მომეცი საშუალება, შენს ცხოვრებაში ცოტა უფრო ახლოს მოვსულიყავი.

ანას თვალები ისევ აემღვრა.

პასუხად მხოლოდ გაუღიმა და საბნის მოსატანად წავიდა.

რამდენიმე წუთში მისაღებში დაბრუნდა. დივანი გაშალა, ბალიში და საბანი დაუწყო.

ლევანი უყურებდა და გრძნობდა, როგორ ევსებოდა გული სითბოთი.

როცა ყველაფერი მოაწესრიგა, ანა მის წინ გაჩერდა.

— თუ რამე დაგჭირდება, დამიძახე.

— კარგი.

— და, ლევან...

— გისმენ.

ანა დაიბნა, შემდეგ კი ჩუმად დაამატა:

— მიხარია, რომ მოხვედი.

ლევანს გაეღიმა.

— მეც, ანა. ძალიან.

ქალი საძინებლისკენ გაემართა, თუმცა კართან შეჩერდა და უკან მოიხედა.

ლევანი უკვე საბანს შლიდა.

მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა.

არაფერი უთქვამთ, მაგრამ ორივემ იგრძნო, რომ ეს ღამე რაღაც ახლის დასაწყისი იყო.

ანა ოთახში შევიდა და კარი ფრთხილად მიხურა.

ლევანი კი დივანზე ჩამოჯდა, თავი საზურგეს მიაყრდნო და თვალები დახუჭა.

მის ცხოვრებაში ბევრი რამ ყოფილა ისეთი, რასაც ელოდა, რისთვისაც იბრძოდა და რაც ბოლოს მაინც დაკარგა.

მაგრამ ახლა, ამ პატარა სახლში, სადაც კენკრის ჩაის სურნელი ჯერ კიდევ ტრიალებდა, პირველად დიდი ხნის შემდეგ იგრძნო, რომ შესაძლოა, ბედნიერებაც მისთვის ყოფილიყო განკუთვნილი.

იმავე დროს, საძინებელში ანა საწოლზე იჯდა და საკუთარ გულისცემას უსმენდა.

არ იცოდა, რა მოხდებოდა ხვალ.

არ იცოდა, რამდენად შორს წავიდოდა ეს გრძნობა.

მაგრამ ერთი რამ უკვე იცოდა — ლევანისთვის კარი რომ გაეღო, მხოლოდ სახლის კარი არ გაუღია.

ნელ-ნელა, ფრთხილად, საკუთარი გულის კარიც შეაღო.

და ამ ღამეს, როცა ლევანი მისაღებში დარჩა, ანას პირველად აღარ შეეშინდა იმის გაფიქრების, რომ შესაძლოა, ცხოვრებას მისთვის კიდევ ერთი სიყვარულის შანსი ჰქონოდა შემონახული.

#ოჯახის_ჩრდილში 💚
#თავი_მეექვსე.

კვირა დილას ანას სახლში უჩვეულო სიმშვიდით დაიწყო.

ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები საძინებელში იჭრებოდა, როცა ანას ბავშვური ხმა მოესმა.

— ლევან, გაიღვიძე! — დაჩი საწოლთან იდგა და კაცს მხარზე ხელს უტყაპუნებდა. — აქ დარჩი წუხელ?

ლევანს გაეღიმა, თვალები გაახილა და პატარა ბიჭს ხელები გაუშალა.

— მოდი, ჩემო ბიჭო!

დაჩი მაშინვე ჩაეხუტა. ლევანმა გულში ჩაიკრა და თავზე აკოცა.

— იცი, რატომ დავრჩი აქ? — ჰკითხა თბილად.

— რატომ?

— შენზე ვნერვიულობდი და წასვლა ვერ მოვახერხე. მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, რომ კარგად იყავი.

დაჩის სახე გაუბრწყინდა.

— ანუ ჩემთან დარჩი?

— ჰო, შენთან დავრჩი.

— ყველაზე მაგარი ხარ! — შესძახა ბიჭმა და კიდევ ერთხელ ჩაეხუტა.

ლევანს გაეცინა. დაჩის ასეთი გულწრფელი სიხარული რაღაც განსაკუთრებულს აგრძნობინებდა. ბავშვი მისთვის სულ უფრო ძვირფასი ხდებოდა და ზოგჯერ თავადაც უკვირდა, როგორ შეძლო ამ პატარა ბიჭს ასე მარტივად დაეკავებინა ადგილი მის გულში.

ამ დროს საძინებლის კართან ანა გამოჩნდა.

რამდენიმე წამით ჩუმად უყურებდა მათ. ლევანის სახეზე აღბეჭდილი სითბო და დაჩის ბედნიერი თვალები გულს სიხარულით უვსებდა. დიდი ხნის შემდეგ პირველად გრძნობდა, რომ მის სახლში რაღაც შეიცვალა. თითქოს იქ, სადაც წლების განმავლობაში მხოლოდ მონატრება და ტკივილი ცხოვრობდა, ნელ-ნელა ახალი სიცოცხლე ბრუნდებოდა.

— რა ხდება აქ? — ღიმილით იკითხა ანამ. — დილაადრიან უკვე ფეხზე ხართ?

დაჩი ლევანს მოსცილდა და მისკენ გაიქცა.

— დეე, დღეს სადმე წავიდეთ! გთხოვ!

— სად უნდა წავიდეთ, გაეცინა ანას. — გუშინ ძლივს გამოკეთდი. დღეს კი უკვე ხტუნაობ და დარბიხარ.

— კარგად ვარ! ნახე! — დაჩიმ ოთახში რამდენიმე წრე დაარტყა. — საერთოდ არაფერი მტკივა!

— ექიმი რომ ყოფილიყავი, საკუთარ თავს უკვე გაწერდი საავადმყოფოდან, არა? — გაეცინა ლევანს.

— ჰო! — დაუფიქრებლად უპასუხა დაჩიმ.

ანა თავს აქნევდა.

— არა, დღეს სახლში დავრჩებით.

ბიჭს სახე მოეღუშა.

— დეეე...

ლევანმა ანას შეხედა.

— ერთი იდეა მაქვს. წყალტუბოსთან ახლოს პატარა ხის კოტეჯი გვაქვს, ტყის პირას. ეზო, ბუხარი, სუფთა ჰაერი... რას იტყვით, იქ წავიდეთ?

დაჩი წამში გამოცოცხლდა.

— მართლა?! ტყეში? ბუხარი გაქვთ? მწვადს შევწვავთ?

— ყველაფერს მოვიფიქრებთ, — გაეღიმა ლევანს.

— დეე, წავიდეთ, რა! გთხოვ! გპირდები, კარგად მოვიქცევი!

ანა ცდილობდა სიმკაცრე შეენარჩუნებინა, მაგრამ შვილის აღფრთოვანებამ და ლევანის მომლოდინე მზერამ ბოლოს მაინც გატეხა.

— კარგი, წავიდეთ. ოღონდ თუ დაიღალე, მაშინვე მითხარი.

— ურააა! — დაჩი ორივეს ჩაეხუტა.

ლევანმა ანას თვალებში შეხედა და ჩუმად გაუღიმა.

— მადლობა.

— ჯერ ნუ მიხდი მადლობას. თუ დაჩი იქაც ასე ირბენს, უკან შენ წამოიყვანე, — გაეცინა ანას.

— შევთანხმდით.

გზაში დაჩი უკანა სავარძელზე იჯდა და ყველაფერს ინტერესით ათვალიერებდა. ხან ხეებს ითვლიდა, ხან ლევანს ეკითხებოდა, რამდენ ხანში მივიდოდნენ, ხანაც ანას სთხოვდა, ფანჯრიდან ტყისთვის შეეხედა.

ანა და ლევანი ერთმანეთს დროდადრო ღიმილით გადახედავდნენ.

მოულოდნელად ანას ტელეფონი აწკრიალდა.

— სალომეა, — თქვა მან და ზარს უპასუხა. — გისმენ, საყვარელო.

— ანა, როგორ ხართ? დაჩი როგორ არის? გუშინ ისე ვინერვიულე, მთელი საღამო შენზე ვფიქრობდი.

— უკეთ არის, მადლობა ღმერთს.

— იცი რა, მე და ნიტა გამოვალთ თქვენთან. ბავშვსაც ნახავს და ჩვენც ერთად გავატარებთ დღეს.

ანამ დაიბნა. ლევანს გახედა, რომელიც საჭესთან მშვიდად იჯდა და საუბრის გაგონებას ცდილობდა.

— სალო, მე... — დაიწყო მან, მაგრამ სათქმელი ვერ მოიფიქრა.

ლევანმა ჩუმად ჰკითხა:

— ვინ არის?

— რომას ცოლი, სალომე.

ლევანმა თავი დაუქნია, შემდეგ კი ანას ტელეფონზე ანიშნა.

— უთხარი, მისამართს გამოგიგზავნი. რომა თუ სახლშია, ისინიც წამოვიდნენ.

ანამ გაოცებით შეხედა.

— დარწმუნებული ხარ?

— აბსოლუტურად.

ანამ ტელეფონში სალომეს უპასუხა:

— კარგი, სალო. მისამართს გამოგიგზავნი. რომაც წამოიყვანე, თუ შეძლებს.

— რა თქმა უნდა! ნიტა რომ გაიგებს, დაჩის ნახვას აპირებს, სიხარულით გადაირევა. მოგვიანებით შევხვდებით!

ზარი დასრულდა.

ანა ისევ ლევანს უყურებდა.

— მართლა გინდა, რომა მოვიდნენ?

— რატომაც არა?
თანაც, თუ სწორად მახსოვს, რომას გოგონა ჰყავს.

— ნიტა ხუთი წლისაა.

— მაშინ დაჩის გაუხარდება. ბავშვები ერთად გაერთობიან, ჩვენ კი მშვიდად ვისაუბრებთ.

ანამ თავი დახარა და გაეღიმა.

ლევანი მისთვის ჯერ კიდევ ბევრი თვალსაზრისით მოულოდნელი ადამიანი იყო. კაცი, რომელსაც შეეძლო საკუთარ სიამაყეზე მაღლა სხვა ადამიანების ბედნიერება დაეყენებინა.

და ეს ანას სულ უფრო მეტად იზიდავდა.

კოტეჯი წყალტუბოსთან ახლოს, ტყის პირას იდგა. პატარა ხის სახლი გარემოს ისე შეხამებოდა, თითქოს ყოველთვის იქ იყო და ტყის ნაწილს წარმოადგენდა. ეზოში მაღალი ხეები იდგა, ჰაერში კი სველი მიწისა და ფოთლების სურნელი ტრიალებდა.

ანა მანქანიდან გადმოვიდა და გარემოს აღტაცებით მოავლო თვალი.

— რა ლამაზია...

ლევანი მის გვერდით გაჩერდა.

— მიხარია, რომ მოგწონს.

კოტეჯში მყუდროება სუფევდა. ხის კედლები, დიდი ბუხარი, რბილი სავარძლები და ფანჯრიდან დანახული ტყე ყველაფერს განსაკუთრებულ სითბოს სძენდა.

— დეე, ნახე! — დაჩი ეზოში გაიქცა. — აქ ფეხბურთსაც ვითამაშებთ!

— ოღონდ შორს არ წახვიდე! — დაუძახა ანამ.

— ლევანი ჩემთან იქნება!

ლევანს გაეღიმა.

— რასაკვირველია, შენთან ვიქნები.

ანა მათ უყურებდა და გულში სითბო ეღვრებოდა. მის შვილს უკვე ისე უყვარდა ლევანი, თითქოს დიდი ხნის ნაცნობი ყოფილიყო. ყველაზე მეტად კი ის ახარებდა, რომ ლევანი დაჩისთან ურთიერთობას მოვალეობად არ აღიქვამდა. მის ყოველ სიტყვასა და მოძრაობაში გულწრფელობა იგრძნობოდა.

ლევანმა შეშა მოამზადა, ბუხარი დაანთო, შემდეგ კი ეზოში მაყალისთვის ადგილის მოწყობას შეუდგა.

შუადღე გადასული იყო, როცა ჭიშკართან მანქანის ხმა გაისმა.

დაჩიმ მაშინვე თავი მიაბრუნა.

— ნიტააა!

მანქანიდან ჯერ სალომე გადმოვიდა, შემდეგ რომა და პატარა ნიტა.

ბავშვები ერთმანეთს გაექანნენ.

— დაჩი!

— ნიტა!

ორივე სიცილით ჩაეხუტა ერთმანეთს. რამდენიმე წამში უკვე ეზოში დარბოდნენ და რაღაცებს აღფრთოვანებით ყვებოდნენ.

რომამ საბარგულიდან სასმელი და ტკბილეული გადმოიღო. ლევანი კოტეჯიდან გამოვიდა.

ორი კაცი ერთმანეთს რამდენიმე წამით უყურებდა.

წარსულის ჩრდილი მათ შორის ისევ არსებობდა, მაგრამ დღეს არც ერთს სურდა, ამ ჩრდილს მთელი დღე დაემძიმებინა.

— გამარჯობა, ლევან, — პირველმა რომამ დაარღვია სიჩუმე.

— გამარჯობა, რომა.

რომა ლევანისკენ წავიდა და ხელი გაუწოდა.

— ეს ჩემი მეუღლეა, სალომე. ეს კი ჩვენი პატარა ქალბატონი, ნიტა.

— სასიამოვნოა, — ღიმილით თქვა ლევანმა და სალომეს ხელი ჩამოართვა. — კეთილი იყოს თქვენი მოსვლა.

— მადლობა მოწვევისთვის, — უპასუხა სალომემ. — ანამ გვითხრა, აქ ხართო და ბავშვებსაც გაუხარდათ ერთმანეთის ნახვა.

ანა ცოტა მოშორებით იდგა და მათ უყურებდა. არ იცოდა, როგორ წარიმართებოდა დღე, მაგრამ გრძნობდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა.

რომა ანასთან მივიდა და გადაეხვია.

— როგორ ხარ?

— კარგად. დაჩიც უკვე მხნედ არის.

— მიხარია. — რომამ ძმისშვილს გახედა, რომელიც ნიტასთან ერთად ბალახზე ხტუნავდა. — ამათ რომ შეხედო, იფიქრებ, მთელი კვირაა არ უნახავთ ერთმანეთი.

სალომეს გაეცინა.

— მთავარია, საღამომდე ენერგია არ გამოელიოთ.

ეზოში მალე მწვადის სურნელი დატრიალდა.

რომა და ლევანი მაყალთან იდგნენ. ხან შეშას ამატებდნენ, ხან ხორცს ატრიალებდნენ, ხანაც სხვადასხვა ამბავს იხსენებდნენ. სალომე და ანა სუფრას ამზადებდნენ, მათ კი პერიოდულად დაჩი და ნიტა უერთდებოდნენ, შემდეგ ისევ სათამაშოდ გარბოდნენ.

გარემო ისეთი მშვიდი იყო, თითქოს წარსულში არასდროს მომხდარა არაფერი.

მაგრამ ორივე კაცმა იცოდა, რომ ეს საუბარი ადრე თუ გვიან უნდა შემდგარიყო.

ლევანმა მწვადს დახედა, შემდეგ რომას მიუბრუნდა.

— იცი, რომა, ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ.

რომამ მისკენ გაიხედა.

— წარსულზე. იმაზე, რაც ჩვენს შორის მოხდა. მაშინ ყველაფერი სხვანაირად მეჩვენებოდა. მეგონა, ჩემი სიმართლე ერთადერთი იყო და სხვა არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. ახლა კი ვხვდები, რომ ზოგჯერ ადამიანი ისეა საკუთარ აზრში დარწმუნებული, სხვისი მოსმენაც ავიწყდება.

რომა ჩუმად უსმენდა.

ლევანმა ამოისუნთქა.

— არ ვიცი, რამდენად შევძლებთ ყველაფრის გამოსწორებას, მაგრამ თუ რამე შემეშალა, თუ რამით გაწყენინე, მინდა, ბოდიში მოგიხადო.

რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა.

რომამ მზერა მოარიდა. ეს სიტყვები მისთვის მოულოდნელი იყო. წლების განმავლობაში მათ შორის დაგროვილი წყენა იოლად არ ქრებოდა, მაგრამ ლევანის ნათქვამში არც თავის მართლება იგრძნობოდა და არც სიამაყე.

— მეც მაქვს ჩემი სათქმელი, — ბოლოს თქვა რომამ. — მაშინ მეც მხოლოდ ჩემს სიმართლეს ვხედავდი. არც მე მიცდია ბოლომდე გამეგო შენი პოზიცია. ალბათ ორივემ დავუშვით შეცდომები. ამიტომ შენც მაპატიე, თუ რამე გაწყენინე.

ლევანმა ხელი გაუწოდა.

რომამ ხელი ჩამოართვა, მაგრამ შემდეგ ლევანმა მხარზე ხელი დაჰკრა.

— მოდი, აქ მაინც შევთანხმდეთ, რომ ძველმა ამბებმა ჩვენი ცხოვრება აღარ უნდა მართოს.

— შევთანხმდით, — უპასუხა რომამ.

ორივეს გაეღიმა.

ამ დროს ანამ და სალომემ დაუძახებს.

— იმედია, მშვიდობაა? — ღიმილით იკითხა სალომემ.

— სრული მშვიდობა, — უპასუხა რომამ და ლევანს გადახედა.

— მაშინ მწვადი არ დაგეწვათ, ამდენი საუბრის გამო! — გაეცინა ანას.

ყველას სიცილი აუტყდა.

საღამო სასიამოვნოდ გაგრძელდა. ბავშვები თამაშობდნენ, უფროსები საუბრობდნენ, ბუხარში კი შეშა ტკაცუნობდა. დიდი ხნის შემდეგ პირველად იგრძნეს, რომ წარსულის მიუხედავად, ადამიანებს კვლავ შეეძლოთ ერთმანეთის გვერდით მშვიდად ყოფნა.

როცა წასვლის დრო მოახლოვდა, რომა ლევანს მიუბრუნდა.

— სხვათა შორის, მინდა, ჩემთანაც მოხვიდე. დედაჩემს უკვე იცნობ, მაგრამ მამაჩემი და ჩემი ოჯახიც უნდა გაგაცნო. დროა, სტუმრად მოხვიდე და არა მხოლოდ შემთხვევით შეხვედრებზე.

ლევანს გაეღიმა.

— სიამოვნებით.

— მაშინ შევთანხმდით.

ლევანი უკვე აღარ იყო უცხო ადამიანი იმ ოჯახისთვის, რომელსაც წარსულში მისი სახელი უსიამოვნო მოგონებებს ახსენებდა. დღეს მან კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მათკენ.

და ამ ნაბიჯს მნიშვნელობა ჰქონდა...

იმავე საღამოს კოტემ ნინო სახლში მიაცილა.

მანქანა ნინოს სახლის წინ გააჩერა, მაგრამ მაშინვე არ გადმოსულა.

— ყავაზე რომ დაგპატიჟე, მეგონა, უბრალოდ უარს მეტყოდი, — ღიმილით თქვა კოტემ.

— და რატომ უნდა მეთქვა უარი? — ჰკითხა ნინომ.

— არ ვიცი. შეიძლება, იფიქრე, ზედმეტად თამამი ვიყავი.

ნინომ გაეცინა.

— ცოტა კი.

— ცოტა?

— კარგი, საკმაოდ, — სიცილით შეუსწორა ნინომ.

კოტემ თავი გააქნია.

— მშვენიერია. შემდეგ ჯერზე უფრო ფრთხილად ვიქნები.

— შემდეგი ჯერი უკვე დაგეგმილი გაქვს?

— რა თქმა უნდა. შენთან შეხვედრებს შემთხვევითობას ვერ მივანდობ.

ნინოს გაეღიმა. კოტესთან თავს მშვიდად გრძნობდა და ეს გრძნობა მისთვის უჩვეულოდ სასიამოვნო იყო.

სახლში შესვლამდე კოტემ კითხა სახლში ვინ არისო.

— მამაჩემია სახლში.

კოტე წამით დაფიქრდა, შემდეგ კი მანქანიდან გადავიდა.

— თუ გამაცნობ შემოვალ.

ანდრომ სტუმარი თბილად მიიღო. რამდენიმე წუთში საუბარი იმდენად ბუნებრივი გახდა, რომ კოტემ ვერც კი იგრძნო, როგორ გავიდა დრო.

ანდროს მოეწონა ნინოს ახალი ნაცნობი. კოტე თავაზიანი, მშვიდი და თავდაჭერილი ახალგაზრდა კაცი აღმოჩნდა, რომელსაც ნინოს მიმართ აშკარა სიმპათია ჰქონდა.

როცა კოტე წავიდა, ნინომ მამის ღიმილი შენიშნა.

— კარგი ბიჭია, — თქვა ანდომ.

— ვიცი, მამა, — ჩუმად მიუგო ნინომ და ლოყები შეეფაკლა.

ორშაბათი სამსახურში ჩვეულებრივი სამუშაო დღის მსგავსად დაიწყო, თუმცა ანასთვის ყველაფერი სხვანაირად გამოიყურებოდა.

ლევანი დილიდანვე ცდილობდა მასთან ახლოს ყოფილიყო. ხან საქმეზე ეკითხებოდა, ხან დოკუმენტებს აწვდიდა, ხანაც ისეთ საკითხს მოიმიზეზებდა, რომლის მოგვარებაც თავადაც შეეძლო.

ანა ცდილობდა, არაფერი შეემჩნია, მაგრამ მისი ღიმილი ყველაფერს ამხელდა.

ლევანმა შოთიკოს უთხრა ანას ჩემთანააო.

- ვიცოდი რომ ადვილად არ დანებდებოდი ძმაო, მიხარია.

ცოტა ხანში ნინოც მიუახლოვდა ანას. მის სახეზე ცნობისმოყვარეობა აშკარად იკითხებოდა.

— ანა, რაღაც უნდა გკითხო.
უბრალოდ, მაინტერესებს... თქვენ ერთად ხართ?

ანა რამდენიმე წამით ჩუმად დარჩა, შემდეგ თავი დაუქნია.

ნინოს თვალები გაუბრწყინდა.

— მართლა?!

— ჩუმად, ნინო!

— რატომ ჩუმად? უნდა ვიცოდე, რომ ჩემს ძმას ბოლოს და ბოლოს ეშველა!

ამ დროს სოფოც გამოჩნდა. საუბრის ბოლო ნაწილი მოესმინა და ინტერესით შეჩერდა.

— მართლა ერთად ხართ?? Მასაც გაუხარდა. - ნეტავ ჩემს ძმასაც ეშველებოდეს რამე.

Გოგოებს გაეცინათ. ნინომ სოფოს გადახედა.

— შენს ძმას თავი დაანებე და საერთოდ, შენ როდემდე უნდა იყო მარტო?

სოფომ წარბები შეკრა.

— შენ რომ შეყვარებული გყავს, მეც უნდა მყავდეს?

ანამ გაოცებით შეხედა ნინოს.

— მოიცა, შენ მართლა გყავს შეყვარებული?

ნინომ ამაყად ასწია ნიკაპი.

— კი.

— და მე რატომ არ ვიცი?

— იმიტომ, რომ ჯერ ახალი ამბავია, მაგრამ შენ იცნობ მას.

— მართლა? ვინ არის?

ნინომ ღიმილით უპასუხა:

— კოტე მერკვილაძე.

ანას სახე გაუბრწყინდა.

— კოტე? ძალიან კარგი ბიჭია! მიხარია, ნინო. მართლა მიხარია.

სოფომ ხელები გადაიჯვარედინა.

— გასაგებია. ანუ ახლა ორივე შეყვარებულები ხართ და მე უნდა გიყუროთ?

— შენც იპოვი შენს ადამიანს, — მხარზე ხელი მოხვია ანამ.

— ოღონდ ისეთი მინდა მთელი მსოფლიო რომ მომატაროს.
სამივეს სიცილი აუტყდა.

მათ საუბარში რაღაც განსაკუთრებული იყო: ეს უკვე მხოლოდ თანამშრომლების ურთიერთობა აღარ გახლდათ. ნელ-ნელა ნამდვილ მეგობრებად ყალიბდებოდნენ.

საღამოს ლევანი ანას დაემშვიდობა.

— დღეს ადრე უნდა წავიდე. მამაჩემთან საქმე მაქვს.

— კარგი, — უპასუხა ანამ.

ლევანი თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა. მხოლოდ ხელი მოჰკიდა და ნაზად მოუჭირა.

— ხვალამდე.

— ხვალამდე, — გაუღიმა ანამ.

ლევანი წავიდა, თუმცა ანას გული დიდხანს ვერ დამშვიდდა.

ანდრო მელაძე შემოდგომობით ოფისში იშვიათად ჩნდებოდა. მას და შოთიკოს მამას, გიორგი ასათიანს ლეჩხუმში ვენახი ჰქონდათ და ოქტომბერი რთველის პერიოდი იყო. ამიტომ ორივე მამაკაცი დღის უმეტეს ნაწილს იქ ატარებდა.

იმ საღამოს ანდრო ახლახან დაბრუნებულიყო ცაგერიდან, როცა სახლში ლევანი მივიდა.

— მამა, უნდა დაგელაპარაკო.

ანდრომ შვილი ყურადღებით შეათვალიერა.

— რა მოხდა?

ლევანი მის პირდაპირ დაჯდა. ეტყობოდა, რომ მნიშვნელოვანი სათქმელი ჰქონდა.

— ანა მიყვარს.

- ჩვენი ბუღალტერი?

- ჰო.

ანდროს სახე გაუნათდა, თუმცა არაფერი უთქვამს და შვილს გაგრძელების საშუალება მისცა.

— მინდა, ჩემთან საცხოვრებლად გადმოსვლა შევთავაზო. ვიცი, რომ მას მძიმე წარსული აქვს. ქმარი ჰყავს გარდაცვლილი და პატარა ბიჭი ჰყავს. მაგრამ მინდა, ბედნიერი იყოს. მინდა, მეც ვიყო მისი ბედნიერების ნაწილი.

ანდრო საზურგეს მიეყრდნო.

— შვილო, ის, რომ ამ გოგოს ასეთი ტრაგედია შეემთხვა, არ ნიშნავს, რომ ბედნიერებას არ იმსახურებს. პირიქით. თუ გიყვარს, გაუფრთხილდი. ნუ შეეცდები, მისი ტკივილი წარსულში ძალით დატოვო. უბრალოდ, აგრძნობინე, რომ მომავალში მარტო აღარ იქნება.

ლევანს თვალები აუწყლიანდა.

— მადლობა, მამა.

— რისთვის მიხდი მადლობას? თუ გიყვარს, მოიყვანე. მე რას მეკითხები?

ლევანს გაეცინა.

— შენ მამაჩემი ხარ, თანაც აქ ერთად ვცხოვრობთ. შენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, სიმართლე რომ გითხრა, წინააღმდეგიც რომ ყოფილიყავი, მაინც არ დავთმობდი. უბრალოდ, სხვაგან ვიცხოვრებდით.

ანდრომ გაკვირვებით შეხედა.

— რას ამბობ, შვილო? რა სხვაგან? რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი? — წამოდგა და შვილს მხარზე ხელი დაადო. — მიხარია, რომ, როგორც იქნა, შენს ცხოვრებაში ოჯახი გამოჩნდა. წლებია, ველოდები, როდის შეწყვეტ მარტო ცხოვრებას.

ლევანს გაეღიმა.

— ვიცოდი, რომ გამიგებდი.

— სხვათა შორის, შენმა დამაც გამახარა. შეყვარებული გამაცნო.

— კოტე?

— ჰო. კარგი ბიჭია, მომეწონა. ზრდილობიანი, სერიოზული... ეტყობა, ნინოსაც ძალიან მოსწონს.

— მეც ვიცნობ, მამა. კოტე წესიერი ადამიანია.

ანდრომ ორივე ხელით შვილს მხრებზე ხელი მოხვია.

— ჰოდა, თქვენი ბედნიერებით მეც ბედნიერი ვიქნები. ოღონდ ერთი რამ დაიმახსოვრე: ანას შვილი ჰყავს. თუ მასთან ცხოვრება გინდა, დაჩიც შენი ოჯახის ნაწილი უნდა გახდეს.

ლევანს პასუხი არ დასჭირვებია.

— მამა, დაჩი უკვე ჩემი ოჯახის ნაწილია. შეიძლება, ჯერ ოფიციალურად არაფერი შეცვლილა, მაგრამ იმ ბავშვის გარეშე ცხოვრებას ვერ წარმოვიდგენ.

ანდრომ კმაყოფილებით დაუქნია თავი.

— მაშინ წადი და ბედნიერება მოიპოვე, შვილო. ოღონდ გაუფრთხილდი.

ლევანი წამოდგა და მამას ჩაეხუტა.

იმ საღამოს სახლში განსაკუთრებული სითბო ტრიალებდა. ანდრო ხვდებოდა, რომ მისი შვილების ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა.

კვირის შუა დღეებში ლევანმა გადაწყვიტა, ანა და დაჩი რომას ოჯახთან ერთად მოენახულებინა.

კორინთელების სახლში ყველა დახვდა. ლევანმა პირველად გაიცნო თავისი სეხნია — ლევან კორინთელი. შეხვედრა თბილი და უშუალო აღმოჩნდა. მასპინძელმა სტუმარს ხელი ჩამოართვა და ღიმილით უთხრა:

— როგორც ჩანს, ჩვენს ოჯახს კიდევ ერთი ლევანი შემოემატა.

— იმედი მაქვს, ცუდი სეხნია არ ვარ, — გაეცინა ლევან მელაძეს.

— ამას დრო გვიჩვენებს, — ხუმრობით მიუგო მასპინძელმა.

დიანაც სახლში იყო და სტუმრებს ღიმილით მიესალმა, შემდეგ კი ანასთან ჩამოჯდა და საუბარი გაუბა.

ცოტა მოგვიანებით კოტე ნინოსთან ერთად მოვიდა. ნინომ კოტე ოჯახს გააცნო, რის შემდეგაც სუფრასთან საუბარი კიდევ უფრო გაცოცხლდა.

ეს მშვიდი, ოჯახური საღამო იყო. ბავშვები ერთმანეთს არ შორდებოდნენ, უფროსები კი საერთო თემებს პოულობდნენ. ძველი უთანხმოებები თითქოს თანდათან კარგავდა ძალას.

საღამოს ბოლოს, როცა სტუმრები წასასვლელად ემზადებოდნენ, დაჩი ნიტასთან მივიდა.

— ნიტა, ხვალ ჩემთან დარჩები?

— მე შენთან? — გაუკვირდა გოგონას.

— არა, მე შენთან დავრჩები! — მაშინვე შეუსწორა დაჩიმ. — ხვალ ხომ დასვენების დღეა!

თოთხმეტი ოქტომბერი — სვეტიცხოვლობა — მოდიოდა. მეორე დღეს დაჩი სკოლიდან ისვენებდა, ნიტა ბაღიდან და დაჩისაც არ სურდა, მეგობართან განშორება.

ანა ყოყმანობდა.

— დაჩი, გვიანია დეე.

— დეე, გთხოვ. ძალიან კარგად მოვიქცევი.

ნიტამაც დედას შეხედა.

— დედა, დარჩეს, რა.

სალომემ გაიცინა.

— მგონი, ამ საკითხზე უკვე გადაწყვეტილება მიღებულია.

რომამ ანას გადახედა.

— ნუ ღელავ, ანა. ჩვენ მივხედავთ.

ლევანიც ჩაერია.

— თუ დაჩის უნდა, დატოვე. ხვალ მოვაკითხავთ.

ანა ბოლოს დათანხმდა. შვილს ჩაეხუტა, აკოცა და გააფრთხილა:

— კარგად მოიქეცი. დედას დაურეკე, თუ რამე დაგჭირდება.

— კარგი, დეე!

დაჩი ნიტასთან ერთად ოთახისკენ გაიქცა.

ანა და ლევანი კართან გავიდნენ. კოტე ნინოს სახლში მიყვანას აპირებდა, ლევანს კი ანა უნდა წაეყვანა.

— მშვიდობიანი ღამე, — უთხრა ანამ სალომეს.

— შენც, საყვარელო. ხვალ დაგირეკავ.

ყველა ერთმანეთს დაემშვიდობა.

ანა მანქანაში ჩაჯდა და ღვედი შეიკრა. ეგონა, ლევანი პირდაპირ სახლში წაიყვანდა, მაგრამ კაცმა ძრავა ჩართო და გზას დაადგა.

რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩუმად მიდიოდნენ.

შემდეგ ლევანმა ჰკითხა:

— მენდობი?

ანა მისკენ შემობრუნდა.

— რა თქმა უნდა, გენდობი. რატომ მეკითხები?

ლევანს გაეღიმა.

— მაშინ უბრალოდ ჩემთან ერთად წამოდი. დანარჩენს გზაში გაიგებ.

ანა გაოცდა, მაგრამ კითხვები აღარ დაუსვამს.

მანქანა ქალაქიდან გავიდა და გზას ბათუმისკენ გაუყვა.

ღამე უკვე ჩამოწოლილიყო, როცა ბათუმში ჩავიდნენ.

ანა დაღლილი იყო, თუმცა ფანჯრიდან ზღვის განათებულ სანაპიროს რომ უყურებდა, დაღლილობას აღარც გრძნობდა.

— ლევან, სად მივდივართ?

— ცოტაც მოითმინე.

მანქანა ერთ-ერთი თანამედროვე შენობის წინ გაჩერდა. ლევანმა ანას ხელი მოჰკიდა და შენობაში შეიყვანა.

აპარტამენტის კარი რომ გააღო, ანა გაოცებისგან ადგილზე გაშეშდა.

მყუდრო ბინაში რბილი განათება ენთო. მაგიდაზე სანთლები დაელაგებინათ, ოთახში ნაზი მუსიკა ისმოდა, ფანჯრიდან კი ღამის ბათუმი და ზღვის შორეული ნათებები მოჩანდა.

ლევანს ყველაფერი წინასწარ დაეგეგმა.

— ეს ყველაფერი ჩემთვის მოაწყვე? — ჩუმად იკითხა ანამ.

— ჩვენთვის, — შეუსწორა ლევანმა.

ანა ნელა მიუახლოვდა მაგიდას.

— როდის მოასწარი?

— ზოგჯერ, როცა რაღაც მართლა გინდა, დრო ყოველთვის მოიძებნება.

ანა მისკენ შემობრუნდა. თვალებში სიხარული და ემოცია ჩასდგომოდა.

— არ ვიცი, რა გითხრა.

ლევანი მიუახლოვდა და ხელები წელზე მოხვია.

— არაფერი თქვა. უბრალოდ, დღეს ჩემთან იყავი.

მან წყნარი მუსიკა ოდნავ აუწია. შემდეგ ხელი გაუწოდა.

— ვიცეკვოთ?

ანას გაეღიმა.

— ახლა?

— ახლა.

ანა მის ხელს დაეყრდნო. მუსიკის ჰანგებზე ნელა დაიწყეს ცეკვა. ლევანს მისთვის ხელი წელზე შემოეხვია, მეორე ხელით კი მისი თითები ეჭირა.

რამდენიმე წამში ანამ თავი მის მხარზე ჩამოდო.

— დიდი ხანია, ასე მშვიდად თავი არ მიგრძნია, — ჩურჩულით თქვა მან.

ლევანმა თმაზე აკოცა.

— მინდა, ეს სიმშვიდე შენთვის ჩვეულებრივი გახდეს.

მოგვიანებით მაგიდასთან დასხდნენ, ისაუბრეს და ცოტა შამპანურიც დააგემოვნეს. ანა ხანდახან ჩუმდებოდა, თითქოს ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ ეს საღამო მისთვის იყო შექმნილი.

ლევანი კი მას თვალს არ აშორებდა.

— რას მიყურებ? — ჰკითხა ანამ ღიმილით.

— შენს ყურებისას ვერ ვძღები.

— ლევან...

— არა, მართლა. იცი, რა არის ყველაზე უცნაური? წლების განმავლობაში მეგონა, რომ ყველაფერი ვიცოდი საკუთარ თავზე. ვიცოდი, რა მინდოდა, როგორ უნდა მეცხოვრა, რა იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი. ახლა კი შენ გამოჩნდი და მივხვდი, რომ ბევრი რამ საერთოდ არ მცოდნია.

ანას ღიმილი ნელ-ნელა გაუქრა. მის თვალებში ცრემლები ჩადგა.

— მე კი მეშინია, ლევან.

ლევანმა ხელი მოჰკიდა.

— რისი?

— იმის, რომ ბედნიერებას ისევ შევეჩვიო და მერე ისევ დავკარგო.

კაცმა მის სახეს ხელები შემოაჭდო.

— ვერ დაგპირდები, რომ ცხოვრებაში არასდროს არაფერი გეტკინება. ამას ვერავინ დაგპირდება. მაგრამ შემიძლია, გითხრა, რომ მე შენს გვერდით ყოფნა მინდა. არა იმიტომ, რომ მე
ცოდები. არა იმიტომ, რომ მარტოხელა დედა ხარ და დახმარება გჭირდება. იმიტომ, რომ მიყვარხარ, ანა. იმიტომ, რომ შენთან მინდა გავიღვიძო, შენთან ერთად დავბრუნდე სახლში, დაჩის სიცილი მოვისმინო და ჩვეულებრივი დღეებიც ბედნიერებად ვაქციოთ.

ანა ვეღარ იკავებდა ცრემლებს.

ლევანმა ცრემლები ცერა თითებით მოწმინდა და შუბლზე აკოცა.

— შენ მხოლოდ დედა არ ხარ, ანა. შენ ქალი ხარ, რომელსაც სიყვარულის უფლება აქვს. უფლება აქვს, მოუარონ, ჩაეხუტონ, გაანებივრონ და აგრძნობინონ, რომ თავადაც ძალიან ძვირფასია.

ანა მის მკერდს მიეკრო.

იმ ღამეს მას აღარ სურდა წარსულის გახსენება, აღარ უნდოდა იმაზე ფიქრი, რას იტყოდნენ სხვები ან რამდენად რთული იქნებოდა ხვალინდელი დღე.

ლევანის მკლავებში პირველად დიდი ხნის შემდეგ იგრძნო, რომ შეეძლო უბრალოდ ქალი ყოფილიყო — ქალი, რომელსაც უყვარდა და რომელსაც თავადაც მთელი გულით უყვარდნენ.

მათი სიახლოვე ნელა, ბუნებრივად და გულწრფელად გაღრმავდა. ლევანი ყოველ შეხებაში სითბოსა და სინაზეს გამოხატავდა. ანას არ აგრძნობინა, რომ რამე უნდა დაემტკიცებინა ან ეჩქარა. ის უსმენდა, ეფერებოდა და ყოველ ჯერზე აგრძნობინებდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის.

ამ ღამეს მათ შორის მხოლოდ ვნება არ ყოფილა. იყო ნდობა, მონატრება, შიში, რომელიც ნელ-ნელა ქრებოდა, და სიყვარული, რომელსაც სიტყვებზე მეტი შეეძლო.

ანა ლევანის მკლავებში ჩაეძინა.

დილით ფანჯრიდან შემოსულმა მზის სხივებმა ანა გააღვიძა.

რამდენიმე წამი ვერ მიხვდა, სად იყო. შემდეგ იგრძნო ლევანის მკლავი წელზე და თავი ოდნავ ასწია.

კაცი უკვე გაღვიძებული იყო და ღიმილით უყურებდა.

— დილა მშვიდობისა, — ჩუმად უთხრა.

ანას გაეღიმა.

— დილა მშვიდობისა.

ლევანმა შუბლზე აკოცა.

— კარგად გეძინა?

— ძალიან.

ანა ისევ მის მკერდზე მიეხუტა. რამდენიმე წუთი ასე იწვნენ, ჩუმად, ერთმანეთის სიახლოვით ტკბებოდნენ.

შემდეგ ლევანმა ოდნავ წამოიწია, ანას სახე ხელებში მოიქცია და სერიოზულად შეხედა.

— ანა, რაღაც უნდა გკითხო.

ანას გული აუჩქარდა.

— გისმენ.

ლევანმა ღრმად ჩაისუნთქა.

— გადმოხვალ ჩემთან საცხოვრებლად?

ანა გაშეშდა.

მისთვის ეს კითხვა მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. ლევანის მზერაში უკვე დიდი ხანია ხედავდა იმ სიყვარულს, რომელსაც სიტყვებით ვერ გამოხატავდა. მაგრამ ახლა, როცა ეს სიტყვები პირდაპირ მოისმინა, უცებ ათასი ფიქრი დაეტია თავში.

დაჩი.

მისი წარსული.

რევაზის მოგონება.

ახალი ცხოვრების დაწყების შიში.

და კაცი, რომელიც მის წინ იწვა და პასუხს მთელი გულით ელოდა.

— ლევან... — ძლივს წარმოთქვა მან.

ლევანმა ხელზე აკოცა.

— არ გთხოვ, ახლავე მიპასუხო. არ მინდა, თავი ვალდებულად იგრძნო. უბრალოდ, მინდა, იცოდე, რომ შენთვის და დაჩისთვის ჩემს სახლში ყოველთვის იქნება ადგილი. მინდა, ერთად გავიღვიძოთ, ერთად დავგეგმოთ დღეები. მინდა, შენი სიხარული და შენი საზრუნავიც ჩემი იყოს.

ანა თვალებში უყურებდა.

— დაჩიზე რას ფიქრობ?

ლევანს გაეღიმა.

— დაჩი ამ გადაწყვეტილების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მე მხოლოდ შენთან კი არ მინდა ცხოვრება, ანა. მინდა, ორივესთან ვიყო. მინდა, როცა სკოლიდან დაბრუნდება, ვკითხო, როგორ ჩაიარა დღემ. მინდა, მის თამაშებში ჩავერთო, მის წარმატებებზე გავიხარო და როცა რამე გაუჭირდება, იცოდეს, რომ ჩემთან მოსვლა შეუძლია.

ანას ცრემლები წამოუვიდა.

— შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რამდენს ნიშნავს ჩემთვის ეს სიტყვები.

— მაშინ ნუ მეტყვი იმას, რისი თქმაც ჯერ არ შეგიძლია, — ჩურჩულით მიუგო ლევანმა. — მხოლოდ ერთი რამ მინდა იცოდე: მე შენ მიყვარხარ. და შენს არჩევანს დაველოდები.

ანა მისკენ გადაიხარა და ძლიერად ჩაეხუტა.

— მე შენთან მინდა, ლევან...

კაცმა სუნთქვა შეიკრა.

ანა თავი ასწია და ცრემლიანი თვალებით შეხედა.

— და კიდევ ერთი რამ მინდა გითხრა,
Მეც მიყვარხარ.

ფანჯრის მიღმა ბათუმი იღვიძებდა. ქუჩებში მანქანები მოძრაობდნენ, ზღვის თავზე კი დილის სინათლე იშლებოდა.

მათ წინ ჯერ კიდევ ბევრი რამ იყო გასავლელი. იყო კითხვები, რომლებსაც პასუხები სჭირდებოდა, წარსული, რომელსაც პატივისცემით უნდა მოპყრობოდნენ, და მომავალი, რომლის აშენებაც ყოველდღიური არჩევანით მოუწევდათ.

მაგრამ იმ დილით ანამ პირველად გაბედა და საკუთარ თავს ბედნიერების უფლება მისცა.

რადგან ზოგჯერ ახალი ცხოვრება ხმაურით არ იწყება.

ზოგჯერ ის იწყება ერთი ჩახუტებით, გულწრფელი აღიარებით და კითხვით, რომელსაც მთელი მომავლის შეცვლა შეუძლია.
#ოჯახის_ჩრდილში 💚
#საფინალო_მეშვიდე_თავი

კოტე მეორე საღამოს სამსახურიდან ჩვეულებრივზე გვიან დაბრუნდა. მთელი დღის დაღლილობა ეტყობოდა, თუმცა სახლში შესვლისთანავე დედას Მოეხვია.

ეკა მისაღებში იჯდა და შვილს ისეთი გამომეტყველებით უყურებდა, რომ კოტეს გაეღიმა.

— რა მოხდა, დედა? ასე რატომ მიყურებ?

— მე კი არა, შენ უნდა ამიხსნა, რა ხდება შენს ცხოვრებაში!

კოტემ ქურთუკი გაიხადა და საკიდზე ჩამოკიდა.

— რამე დავაშავე და არ ვიცი?

— შეყვარებული გყოლია, თურმე! კორინთელებთან მიგიყვანია, მაგრამ დედაშენისთვის სახლში მოყვანა და გაცნობა ვერ მოგიფიქრებია!

კოტე გაოცებული შემობრუნდა.

— დედა, ასე მალე საიდან გაიგე?

— შენი და არ მყავს, რომ ყველაფერი არ ვიცოდე? დიანამ უთხრა, ისეთი აღფრთოვანებული იყო, გოგო ძალიან მომეწონაო, სულ მასზე ლაპარაკობდა. თან აღმოჩნდა, რომ ელენეც იცნობს. თურმე ერთად მუშაობდნენ.

კოტეს გაეცინა და დივანზე ჩამოჯდა.

— დედა, შენს ხელში ამბის დამალვას აზრი არ აქვს.

— ნუ იცინი! — ვითომ მკაცრად უთხრა ეკამ. — მე როდის უნდა გამაცნო შენი შეყვარებული?

კოტე დედას მიუჯდა და მხარზე ხელი მოხვია.

— მალე, დედა. გპირდები, მალე გაგაცნობ.

ეკამ შვილს ყურადღებით შეხედა. მის სახეზე ღიმილი შენიშნა, ისეთი, დიდი ხანია რომ არ ენახა.

— მართლა გიყვარს?

კოტე რამდენიმე წამით დადუმდა. ნინოს სახე წარმოუდგა თვალწინ, მისი ღიმილი, ხმა და ის სიმშვიდე, რომელსაც მასთან ყოფნისას გრძნობდა.

— ჰო, დედა. მგონი, იმაზე მეტადაც, ვიდრე თავიდან წარმოვიდგენდი.

ეკას გამომეტყველება შეეცვალა. წყენა ნელ-ნელა სითბომ შეცვალა.

— მაშინ რატომ არ მითხარი აქამდე?

— იმიტომ, რომ ყველაფერი ჯერ ახალია. არ მინდოდა, ნინოსთვის ზედმეტი მოლოდინი შემექმნა, სანამ თავადაც ბოლომდე არ გავერკვეოდი ჩემს გრძნობებში.

კოტე შეყოვნდა. შემდეგ დედას უფრო სერიოზულად შეხედა.

— დეე, ნინო ადრე იყო გათხოვილი. მისი პირველი ქორწინება ბედნიერი არ ყოფილა. შვილები არ ჰყავს და ვიცი, რამდენი რამ გადაიტანა. მინდა, ისეთი ბედნიერება მივცე, რომელიც ცხოვრებაში აკლდა. მინდა, იცოდეს, რომ შეუძლია, ისევ ენდოს ადამიანს და სიყვარულის აღარ შეეშინდეს.

ეკამ შვილს ხელი მოჰკიდა.

— შვილო, ნინოს წარსული მისთვის განსჯის მიზეზი არ უნდა იყოს. ყველას თავისი ისტორია აქვს. თუ გიყვარს და ფიქრობ, რომ მასთან ცხოვრების დაკავშირება შეგიძლია, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

კოტეს სახე გაუნათდა.

— მართლა, დედა?

— მართლა, შვილო. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ შენ იყო ბედნიერი და ის გოგოც, რომელსაც შენს გვერდით ყოფნა უნდა. ოღონდ ერთი რამ დაიმახსოვრე: ნუ დაჰპირდები იმას, რისი შესრულებაც არ შეგიძლია. სიყვარულს მხოლოდ ლამაზი სიტყვები არ ჰყოფნის. ყოველდღე უნდა დაამტკიცო, რომ ადამიანი შენთვის მნიშვნელოვანია.

კოტე წამოდგა, დედას შუბლზე აკოცა და გულში ჩაიკრა.

— ზუსტად ამიტომ მიყვარხარ. მალე გაგაცნობ, პირობას გაძლევ.

— კარგი, გელოდები. და იცოდე, თუ ასეთი კარგი გოგოა, როგორც დიანა ამბობს, შენც ნუ დააყოვნებ.

კოტეს გაეცინა.

— ვეცდები, დედა.

იმ საღამოს მისთვის კიდევ ერთი რამ გახდა ნათელი: ნინოსთან ურთიერთობა უკვე უბრალო გატაცება აღარ იყო. მას სურდა, ეს ქალი თავის მომავალში დაენახა და ამისთვის პასუხისმგებლობის აღებაც მზად იყო.

ბათუმიდან დაბრუნების შემდეგ ანა და ლევანი პირდაპირ კორინთელების სახლში მივიდნენ დაჩის წამოსაყვანად.

ბიჭი ეზოში თამაშობდა. როგორც კი დედა დაინახა, მაშინვე მისკენ გაიქცა.

— დეე! სად იყავით ამდენ ხანს?

ანა ჩაიმუხლა და შვილი გულში ჩაიკრა.

— შენთან მოვედით, ჩემო სიცოცხლე. წამოდი, სახლში წავიდეთ.

დაჩიმ ლევანს შეხედა.

— ჩვენთან მოდიხარ?

ლევანს გაეღიმა.

რომა და სალომე კართან გამოჩნდნენ. ნიტა დედას ჩაეხუტა, შემდეგ კი დაჩის დაუქნია ხელი.

— ხვალაც ითამაშებ ჩემთან?

— აუცილებლად! — დაუძახა დაჩიმ.

რომამ ლევანს ხელი ჩამოართვა.

— ბედნიერად იყავით, მეგობარო.

— მადლობა, რომა. ყველაფრისთვის მადლობა.

რომამ ანას გადახედა და გაუღიმა.

— შენც ბედნიერი იყავი, ანა. ამას ნამდვილად იმსახურებ.

ანას თვალები აუწყლიანდა. რომა მისთვის მხოლოდ გარდაცვლილი ქმრის ძმა არ ყოფილა. ამ წლების განმავლობაში მისი საყრდენი, მეგობარი და ოჯახის წევრი იყო.

— თქვენ ყოველთვის ჩემი ოჯახი იქნებით, — ჩუმად უთხრა მან.

სალომე გადაეხვია.

— და ასეც იქნება. ეს სახლი შენთვის და დაჩისთვის ყოველთვის ღიაა.

დამშვიდობების შემდეგ ანა და ლევანი გზას გაუდგნენ.

ლევანმა თავის სახლში წაიყვანა, მართალია ანდრო და ანა იცნობდნენ ერთმანეთს თუმცა უნდოდა ოჯახურ გარემოში შეკრებილიყვნენ. სახლში ანდრო უკვე ელოდებოდა მათ. მისაღებში ნინოც იყო, რომელსაც ძმის დაბრუნება განსაკუთრებით გაუხარდა.

— აი, მოვიდნენ ჩემი საყვარელი ადამიანები! — შესძახა ნინომ და ანას გადაეხვია.

— როგორ ხარ? — ჰკითხა ანამ.

— კარგად. შენ როგორ ხარ? ბათუმში კარგად გაატარეთ დრო?

ანა გაწითლდა.

ნინომ მაშინვე გაიცინა.

— გასაგებია, აღარაფერს გკითხავ!

— ნინო! — გაეცინა ლევანს.

— რა იყო, ძამიკო? მე ხომ მხოლოდ მაინტერესებს, ჩემი რძალი როგორ არის!

ანდრომ სიცილით გააქნია თავი.

— თქვენ ორს თუ გიყურებთ, მგონი, ამ სახლში სიჩუმე არასდროს იქნება.

დაჩი უკვე ანდროს გვერდით იჯდა, მოასწრო მისი გაცნობა და რაღაც ამბავს უყვებოდა. Ანდროც ყურადღებით უსმენდა, თითქოს ბიჭის თითოეული სიტყვა უმნიშვნელოვანესი ყოფილიყო.

ლევანი მამას მიუახლოვდა.

— მამა, მინდა, იცოდე, რომ ანა და დაჩი მალე ჩვენთან გადმოვლენ საცხოვრებლად.

ანდროს სახე გაუნათდა.

— ეს ყველაზე კარგი ამბავია, რაც დღეს შეიძლებოდა მომესმინა.

მან ანას შეხედა.

— შვილო, ეს სახლიც შენი სახლია. მინდა, აქ თავს ისე გრძნობდე, როგორც საკუთარ სახლში. არავის არაფრის დამტკიცება არ გჭირდება.

ანამ მადლიერებით გაუღიმა.

— დიდი მადლობა. ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

ნინო ანასთან მივიდა და ჩუმად გადაულაპარაკა:

— იცოდე, ოთახების მოწყობაში მე დაგეხმარები. დაჩის ოთახიც ისეთი უნდა გავაკეთოთ, რომ იქიდან გამოსვლა აღარ მოუნდეს.

— მგონი, ამაზე დაჩის საკუთარი გეგმები აქვს, — გაეცინა ანას.

— მით უკეთესი! — უპასუხა ნინომ.

იმ საღამოს სახლში სითბო და სიხარული სუფევდა. ანა ნელ-ნელა ეჩვეოდა იმ აზრს, რომ მალე აღარ მოუწევდა ყველაფრის მარტო კეთება. მის გვერდით იყო კაცი, რომელსაც უყვარდა, ოჯახი კი მის მიღებას მთელი გულით ცდილობდა.

რამდენიმე დღეში ანამ და დაჩიმ ლევანის სახლში გადაბარგება გადაწყვიტეს.

დაჩი ბედნიერი იყო. თავისი პატარა ნივთები უკვე ახალ ოთახში ჰქონდა დალაგებული, საწოლთან კი მამის ფოტო დაედგა. ლევანმა ფოტო თავად მოათავსებინა მისთვის სასურველ ადგილას.

— ასე კარგია? — ჰკითხა ბიჭს.

დაჩიმ კმაყოფილებით დაუქნია თავი.

— ძალიან. ახლა მამაც ჩვენთან იქნება.

ლევანმა ბიჭს თავზე ხელი გადაუსვა.

— ყოველთვის გემახსოვრება, დაჩი. და თუ ოდესმე მასზე საუბარი მოგინდება, შეგიძლია, ყველაფერი მომიყვე.

ბიჭი ჩაეხუტა.

— შენც მოგიყვები.

ანას ამ სცენის დანახვისას ცრემლები მოადგა. ლევანს რევაზის ადგილის დაკავება არასდროს უცდია. ის უბრალოდ ქმნიდა სივრცეს, სადაც ანასა და დაჩის წარსულისთვისაც იყო ადგილი და მომავლისთვისაც.

იმავე კვირაში ანამ და ლევანმა ხელი მოაწერეს.

მათ არ სურდათ ხმაურიანი ქორწილი, არც დიდი ზეიმი. უნდოდათ, ეს დღე მხოლოდ იმ ადამიანებთან გაეტარებინათ, ვინც მათი ცხოვრების ნაწილი იყო.

პატარა სუფრა ქალაქის ერთ-ერთ მყუდრო რესტორანში დაგეგმეს.

ანა დილიდან ღელავდა. სარკის წინ იდგა და უბრალო, ელეგანტურ კაბას ისწორებდა. ლევანი კართან გამოჩნდა.

— მზად ხარ?

ანა შემობრუნდა.

კაცი რამდენიმე წამით ჩუმად უყურებდა.

— რა მოხდა? — ჰკითხა ანამ ღიმილით.

— უბრალოდ, ვფიქრობდი, რომ ძალიან ლამაზი იყავი. დღეს კი საერთოდ აღარ ვიცი, რა გითხრა.

ანას გაეღიმა.

— მიყვარს შენი ღიმილი.

ლევანი მიუახლოვდა და შუბლზე აკოცა.

— წავიდეთ, ჩემო ცოლო.

ანას ამ სიტყვაზე გული აუჩქარდა. ჯერ კიდევ უჩვეულო იყო იმის გააზრება, რომ ამ კაცთან ერთად ახალ ცხოვრებას იწყებდა, მაგრამ ახლა აღარ ეშინოდა.

ხელი ჩაჰკიდა და გაუღიმა.

— წავიდეთ.

იმავე დილას...

ქუთაისში შემოდგომა ნელ-ნელა იპყრობდა ქალაქს.

რუსთაველის ქუჩაზე დილიდანვე ხალხმრავლობა იყო. მანქანები ერთმანეთის მიყოლებით მოძრაობდნენ, მაღაზიების ვიტრინებში კი შემოდგომის მზის სხივები ირეკლებოდა. ქუჩის ორივე მხარეს ძველი და ახალი შენობები ერთმანეთის გვერდით იდგა, აივნებიდან ჩამოშვებული მცენარეები ზოგიერთ სახლს განსაკუთრებულ სილამაზეს სძენდა.

ტროტუარი ვიწრო იყო. ერთ მხარეს შენობების კედლები, მეორე მხარეს კი გაჩერებული მანქანები და ქუჩისკენ გამოშვერილი სარკეები ფეხით მოსიარულეებს მოძრაობას ურთულებდა. გამვლელები ერთმანეთს გვერდს ძლივს უვლიდნენ, ამიტომ ყველას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებოდა.

დიანა კორინთელი ავიაბილეთების კომპანიის ოფისს ფლობდა. იმ დილით ჩვეულებრივზე ადრე მივიდა სამსახურში, რადგან საქმეების ადრე დასრულება უნდოდა, საღამოს ანასთან და ლევანთან იყო დაპატიჟებული.

შუადღისას, როცა საქმნეები მოილია, ჩანთა აიღო, თანამშრომლებს დაემშვიდობა და ქუჩაში გავიდა.

იმავე დროს, ოფისის წინ, ვიწრო ტროტუარზე შოთიკო ასათიანი იდგა და ტელეფონით საუბრობდა. აქვე ახლოს ეყენა მანქანა და მანქანასთან აპირებდა მისვლას

— გეუბნები მამა, შეხვედრაზე დამელოდოს. ყველაფერი უკვე მოგვარებულია.

შოთიკო საუბარში იყო გართული და ზურგით იდგა ქუჩისკენ.

ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა.

ქუჩის კუთხიდან მანქანა მოულოდნელად ტროტუარზე ავარდა. მძღოლი საჭის დამორჩილებას ცდილობდა, მაგრამ ავტომობილი პირდაპირ შოთიკოსკენ მიიწევდა.

შოთიკოს არაფერი გაუგია.

დიანა სწორედ იმ წამს გამოვიდა ოფისიდან. მანქანა რომ დაინახა, წამით ადგილზე გაშეშდა, შემდეგ კი ყველაფერი ინსტინქტურად გააკეთა.

— გაიწიე!

შოთიკო მხოლოდ მაშინ შემობრუნდა, როცა დიანა უკვე მასთან იყო.

ქალმა წელზე ხელი შემოხვია და მთელი ძალით გვერდით გასწია.

ორივე წაიქცა.

შოთიკო მიწაზე ზურგით დაეცა, დიანა კი მის ზემოთ აღმოჩნდა. მანქანა მათ სულ რამდენიმე ნაბიჯში გაჩერდა.

რამდენიმე წამით ირგვლივ ყველაფერი დადუმდა.

შოთიკო გაოგნებული უყურებდა გოგონას, რომელსაც ჯერ კიდევ მკლავი ჰქონდა მისთვის შემოხვეული.

— კარგად ხართ? — შეშფოთებით ჰკითხა დიანამ.

შოთიკომ თითქოს მხოლოდ ახლა გაიაზრა, რაც მოხდა.

— მე... ჰო, მგონი, კარგად ვარ. თქვენ? რამე ხომ არ იტკინეთ?

— არა, უბრალოდ, შემეშინდა.

მანქანის მძღოლი სასწრაფოდ გადმოვიდა.

— ღმერთო ჩემო, მაპატიეთ! გეფიცებით, განზრახ არ გამიკეთებია! სამუხრუჭე სისტემა გამიფუჭდა, გაჩერებას ვცდილობდი! დაგისიგნალეთ კიდეც, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ გაიგონეთ!

კაცი აშკარად შეშინებული იყო.

— ძალიან გთხოვთ, მაპატიეთ. ვინმე ხომ არ დაშავებულხართ?

შოთიკო წამოდგა და დიანას ხელი გაუწოდა. გოგონა წამოაყენა, შემდეგ ორივემ სწრაფად შეამოწმა, ხომ არ დაშავებულიყვნენ.

— კარგად ვართ, — უთხრა შოთიკომ მძღოლს. — მაგრამ მანქანა აუცილებლად შეამოწმებინეთ. ასეთი რამ შეიძლება გაცილებით ცუდად დასრულებულიყო.

— აუცილებლად! კიდევ ერთხელ გთხოვთ პატიებას.

რამდენიმე გამვლელიც შეჩერდა, თუმცა, როცა დარწმუნდნენ, რომ არავინ დაშავებულა, გზა განაგრძეს.

შოთიკო დიანასკენ შემობრუნდა.

ახლა უკვე მშვიდად შეეძლო მისი დანახვა.

მაღალი, ლამაზი გოგონა იდგა მის წინ, გრძელი, სწორი თმითა და დიდი, გამომხატველი თვალებით. სახეზე ჯერ კიდევ შიში ეტყობოდა, თუმცა ცდილობდა, თავი ხელში აეყვანა.

— არ ვიცი, რა გითხრათ, — დაიწყო შოთიკომ. — მადლობა. მართლა თქვენ რომ არ ყოფილიყავით, წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდებოდა.

დიანამ ოდნავ გაიღიმა.

— მთავარია, კარგად ხართ.

— თქვენ კი შეიძლება, ჩემ გამო დაშავებულიყავით.

— იმ მომენტში ამაზე არ მიფიქრია.

შოთიკო რამდენიმე წამით ჩუმად უყურებდა.

— მაინც უნდა გადაგიხადთ მადლობა.

— უკვე გადამიხადეთ.

— არა, მგონი, ასე ადვილად ვერ მომიშორებთ.

დიანას გაეცინა.

— ყოველთვის ასეთი ჯიუტი ხართ?

— მხოლოდ მაშინ, როცა სიკვდილს გადამარჩენენ.

— კარგით, მაშინ მადლობა მიღებულია.

შოთიკომ ხელი გაუწოდა.

— შოთიკო.

დიანამ ხელი ჩამოართვა.

— დიანა.

— სასიამოვნოა, დიანა.

— ჩემთვისაც.

შოთიკომ მის ხელს ხელი გაუშვა, თუმცა მზერა ჯერ კიდევ მასზე ჰქონდა შეჩერებული.

— იმედია, კიდევ შევხვდებით.

დიანამ ჩანთა შეისწორა.

— ქუთაისი პატარა ქალაქია. შეიძლება, ასეც მოხდეს.

— მაშინ იმედი მაქვს, შემდეგ შეხვედრაზე არც მანქანა იქნება და არც ტროტუარზე დაცემა დაგვჭირდება.

დიანას გაეცინა.

— ეგ უკვე კარგი გეგმაა.

— ნახვამდის, დიანა.

— ნახვამდის, შოთიკო.

დიანა გზას გაუყვა, შოთიკო კი რამდენიმე წამით ისევ იმ ადგილას იდგა.

ტელეფონი ხელში ეჭირა, მაგრამ უკვე აღარ ახსოვდა, ვის ელაპარაკებოდა.

— შოთიკო! — გაისმა ტელეფონიდან მამის ხმა. — მანდ ხარ?

კაცმა თვალები დაახამხამა.

— ჰო, მამა, აქ ვარ.

— რა დაგემართა?

შოთიკომ დიანას გახედა. გოგონა უკვე ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდა.

— არაფერი, მამა. უბრალოდ, დღეს საინტერესო ამბავი მოხდა.

— რა ამბავი?

შოთიკოს გაეღიმა.

— მერე მოგიყვები.

ტელეფონი გათიშა და გზას გაუყვა.

თავადაც ვერ ხვდებოდა, რატომ დარჩა მის გონებაში უცნობი გოგონას სახე ასე მკაფიოდ.

არ იცოდა, რომ იმ რამდენიმე წამში მის ცხოვრებაში რაღაც ახალი დაიწყო.

არც დიანამ იცოდა, რომ სრულიად შემთხვევითი შეხვედრა ერთ დღეს იმ სიყვარულის დასაწყისად იქცეოდა, რომლის წარმოდგენაც ჯერ არც კი შეეძლო.

ზოგჯერ ბედისწერა კარზე არ აკაკუნებს.

უბრალოდ, სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდები და უცებ ვიღაც გამოჩნდება, რომელიც შენს ცხოვრებას ცვლის.

Საღამოს ლევანისა და ანას ქორწინების აღსანიშნავად ოჯახი და უახლოესი მეგობრები რესტორანში შეიკრიბნენ.

სუფრა მყუდრო დარბაზში გაეშალათ. მაგიდაზე ყვავილები, სანთლები და ულამაზესი სუფრა იდგა. მშვიდი მუსიკა ისმოდა, სტუმრები კი ერთმანეთს ღიმილით ესალმებოდნენ.

ანა ლევანის გვერდით იჯდა. უბრალო, ელეგანტური კაბა ეცვა, თმა კი თავისუფლად დაეშვა მხრებზე. მის სახეზე ისეთი სიმშვიდე იკითხებოდა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში იშვიათად ჰქონდა.

ლევანი დროდადრო ხელს უჭერდა და თვალებში უყურებდა.

— ბედნიერი ხარ? — ჩუმად ჰკითხა.

ანა გაუღიმა.

— ძალიან.

— მაშინ მეც ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება.

დაჩი მათ გვერდით იჯდა და ნიტას რაღაცას ჩურჩულებდა. ბავშვები მთელი საღამოს ერთად ყოფნას აპირებდნენ და უკვე მოიფიქრეს, რომ მეორე დღესაც აუცილებლად ეთამაშათ.

სუფრასთან რომა და სალომე, ნატალია, ლევან კორინთელი, ნინო და კოტე, ანდრო, სოფო, შოთიკო და შოთიკოს მშობლები — გიორგი და ლალი — ისხდნენ.

ყველა ბედნიერი იყო.

განსაკუთრებით ანდრო, რომელიც შვილს ხშირად უყურებდა და კმაყოფილი იღიმოდა. მისთვის ყველაზე დიდი სიხარული ის იყო, რომ ლევანმა ბოლოს და ბოლოს იპოვა ადამიანი, ვისთან ერთადაც მომავლის აშენება სურდა.

სუფრასთან სიცილი და მხიარული საუბარი არ წყდებოდა.

კოტე ნინოს გვერდით იჯდა. დროდადრო მის ხელს ეხებოდა, ნინო კი ყოველ ჯერზე იღიმოდა. ეკასთვის მიცემული პირობა ახსოვდა და გადაწყვიტა, რომ ნინოს ოჯახთან ოფიციალურად გაცნობა აღარ უნდა გადაედო.

— ხვალ დედაჩემთან წამოხვალ? — ჩუმად ჰკითხა.

ნინო გაოცდა.

— ხვალ?

— ჰო. მინდა, გაგიცნოს. უკვე იმდენი იცის შენზე, რომ მგონი, პირადად შენს გაცნობამდე უფრო მეტს გიყვებოდა ჩემზე, ვიდრე მე ვიცი.

ნინოს გაეცინა.

— ცოტა ვნერვიულობ.

კოტემ ხელი მოუჭირა.

— არაფრის შეგეშინდეს. ძალიან მოეწონები.

— საიდან იცი?

— იმიტომ, რომ მე მომწონხარ. თანაც, დედაჩემს კარგი გემოვნება აქვს.

-კარგი. - გაუღიმა ნინომ. .

კარი გაიღო.

რესტორანში დიანა შემოვიდა.

მას მუქი მწვანე კაბა ეცვა, გრძელი თმა კი მხრებზე ჰქონდა გაშლილი. Ნატალიამ დაურეკა და სთხოვა, სამსახურის შემდეგ პირდაპირ რესტორანში მისულიყო, რადგან ოჯახთან ერთად სურდათ საღამოს გატარება.

დიანა ღიმილით მიუახლოვდა მაგიდას.

— მაპატიეთ, დავაგვიანე. სამსახურში საქმე გამომიჩნდა.

დიანამ სტუმრებს გადახედა და ყველას მიესალმა.

— გამარჯობა!

— დიანა, მოდი, ჩვენთან დაჯექი, — დაუძახა ნინომ.

გოგონა მაგიდას მიუახლოვდა.

შოთიკო ჯერ მხოლოდ ქალის ხმა გაიგონა, შემდეგ კი თავი ასწია.

და გაშეშდა.

მის წინ ის გოგონა იდგა.

ის, ვინც ამ დილით ტროტუარზე მის სიცოცხლეს საფრთხე აარიდა.

მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა.

ამჯერად არც მანქანა იყო, არც შეშინებული გამვლელები და არც მოულოდნელი საფრთხე. მხოლოდ ორი ახალგაზრდა ადამიანი იჯდა ერთმანეთის პირისპირ და ნელ-ნელა ხვდებოდა, რომ მათი შემთხვევითი შეხვედრა შესაძლოა დასაწყისი ყოფილიყო რაღაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანისა.

ლევანმა ანას ხელი მოხვია.

ნინომ კოტეს გადახედა, კოტე თმებზე მოეფერა, .

რომა და სალომე ბედნიერად უყურებდნენ ბავშვებს.
დაჩი და ნიტა უკვე ახალ თამაშს გეგმავდნენ.

Მშობლებს უხაროდათ შვილების ბედნიერება.

Შოთიკო კი დიანას თვალს არ აშორებდა.

იმ საღამოს ერთ მაგიდასთან შეიკრიბნენ ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც სხვადასხვა გზით მიდიოდა, მაგრამ ახლა ერთმანეთს სიყვარულით, მეგობრობითა და საერთო მოგონებებით უკავშირდებოდნენ.

ანა აღარ იყო მარტო.

ლევანმა იპოვა სიყვარული, რომელსაც ამდენი ხანი გაურბოდა.

კოტემ ნინოსთან მომავალი დაინახა.

რომამ და ლევანმა ძველი წყენა უკან მოიტოვეს.

დაჩიმ კი ახალი სახლი იპოვა ისე, რომ მამის ხსოვნა გულში შეინარჩუნა.

იმ ღამეს რესტორნის ფანჯრებს მიღმა ქუთაისის ქუჩები ნელ-ნელა დაცარიელდა.

სუფრასთან დარჩენილი სანთლები იწვოდა, მუსიკა კი კვლავ მშვიდად ჟღერდა.

ანა ლევანის მხარზე იყო მიყრდნობილი. მის გულში აღარ ცხოვრობდა მხოლოდ დანაკარგის ტკივილი. იქ ახალი იმედიც გაჩნდა — იმედი, რომ ადამიანს შეუძლია, ერთხელ კიდევ შეიყვაროს, ერთხელ კიდევ გაიღიმოს და ერთხელ კიდევ იპოვოს საკუთარი ადგილი სამყაროში.

ოჯახი ყოველთვის მხოლოდ სისხლით არ იქმნება.

ზოგჯერ მას ქმნის ადამიანი, რომელიც რთულ დროს ხელს გიწვდის. ზოგჯერ — ბავშვი, რომელიც გულწრფელად გეხუტება. ზოგჯერ კი შემთხვევითი შეხვედრა, რომელიც მთელი ცხოვრების შეცვლას გპირდება.

და როცა სიყვარული კარს აღებს, არასდროს იცი, ვინ შემოვა შემდეგ.

მაგრამ იმ საღამოს რესტორანში, დიანასა და შოთიკოს გაკვირვებულ მზერებში, უკვე იბადებოდა ახალი ისტორია.

ისტორია ორი ადამიანის შესახებ, რომელთა გზებიც მოულოდნელად გადაიკვეთა.

და ახლა მათ წინ სრულიად ახალი დასაწყისი ელოდათ...

დასასრული 💚

P. S. ამ ისტორიაში არ არიან ცუდი პერსონაჟები, აქ არ არის ერთმანეთის
Მტრობა და შური, აქ მოყვანილი პერსონაჟები არიან მაგალითი იმის თუ როგორები უნდა ვიყოთ ადამიანები.

28/10/2026

Ხათუნა ფანჩულიძე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent