Სადაც გული მიგიწევს (სრულად)
#სადაც_გული_მიგიწევს
#თავი_პირველი მაროკო - აქაურ ჰაერში აღმოსავლური სანელებლების, ყავისა და უცნობი სამყაროს სურნელი ირეოდა. ქუჩებში ფერადი ბაზრობები, ხმაურიანი მოვაჭრეები, უძველესი შენობები და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული კულტურები ერთ საოცარ გარემოს ქმნიდა. ქვეყანა, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს ხვდებოდა, პირველივე წუთებიდან განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ვიქტორია გიორგაძე 26 წლის, გოგონა ქუთაისიდან, რომელსაც მეგობრები ვიკას ეძახდნენ, თავისი მეგობრის დიანას ქორწილის შემდეგ სადაც მეჯვარე იყო, პირდაპირ მაროკოში გაემგზავრა. თვითმფრინავის ფანჯრიდან ქალაქს გადაჰყურებდა და უნებურად გაეღიმა. ბოლოს და ბოლოს, აქ იყო. უკვე დიდი ხანია, ასეთი მოგზაურობა სჭირდებოდა. ბოლო თვეები მისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. ადამიანმა, რომელსაც მომავალს უკავშირებდა, უღალატა. უფრო მეტიც, ეს მისმა უახლოესმა მეგობართან გააკეთა. ორმაგმა ღალატმა იმდენად ატკინა გული, რომ გარკვეული დროით ადამიანების ნდობაც დაკარგა. არ უნდოდა ამ ყველაფერზე ფიქრი. არც წარსულის გახსენება, არც ვინმესთვის თავის მართლება და არც იმ ადამიანების დანახვა, რომლებმაც ასე ადვილად გადაუსვეს ხაზი მის გრძნობებს. ამიტომაც გადაწყვიტა, საკუთარი თავისთვის ათი დღე ეჩუქებინა. ათი დღე ახალი ადგილებისთვის, ახალი შთაბეჭდილებებისთვის და, რაც მთავარია, საკუთარი თავისთვის. კასაბლანკას აეროპორტში ჩამოსულ ჯგუფს ადგილობრივი წარმომადგენელი დახვდა. ოცკაციანი ჯგუფი საკმაოდ მხიარული აღმოჩნდა. ზოგი პირველად იყო აფრიკაში, ზოგს კი მოგზაურობის საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა. ვიკამ თავისი ბარგი აიღო და დანარჩენებს შეუერთდა. — კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება მაროკოში! — ქართულად მიმართა ჯგუფს გიდმა. — წინ ძალიან საინტერესო ათი დღე გველოდება. Სასტუმროში დაბინავდნენ. პირველი გაჩერება ჰასან II-ის მეჩეთი იყო. ვიკა დიდხანს იდგა მის წინ და გაოცებული უყურებდა თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებულ უზარმაზარ ნაგებობას. მეჩეთის მინარეთი 210 მეტრს აღწევდა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მინარეთი იყო. ატლანტის ოკეანის პირას აღმართული ეს არქიტექტურული შედევრი თითქოს ცასა და მიწას აერთიანებდა. ვიკამ ტელეფონი ამოიღო და რამდენიმე ფოტო გადაიღო. — მგონი, უკვე მიყვარს ეს ქვეყანა, — ჩაილაპარაკა ღიმილით. შემდეგ რაბათისკენ გაემგზავრნენ. მაროკოს დედაქალაქმა თავისი მშვიდი ქუჩებით, ულამაზესი უდაიას კასბათი და ისტორიული ჰასანის კოშკით მოხიბლა. ვიკას განსაკუთრებით მოეწონა თეთრი და ცისფერი სახლების უბანი, სადაც თითოეულ კუთხეს თავისი ისტორია ჰქონდა. მომდევნო დღეებში ჯგუფმა ასილა და ტანჟირი მოინახულა. ასილას თეთრი სახლები და ფერადი კედლის მხატვრობები განსაკუთრებულად დაამახსოვრდა. ტანჟირში კი ჰერკულესის მღვიმე ნახეს, სადაც ატლანტის ოკეანისა და ხმელთაშუა ზღვის შეხვედრის სიახლოვე იგრძნობოდა. ყველაზე მეტად შეფშაუენი მოეწონა. ლურჯი ქალაქი მართლაც ზღაპარს ჰგავდა. ვიწრო ქუჩები, ლურჯად შეღებილი კიბეები, პატარა აივნები და ყვავილებით მორთული სახლები. ვიკა ხშირად ჩერდებოდა ფოტოების გადასაღებად. ზოგჯერ კი უბრალოდ კედელს მიეყრდნობოდა და ამ სილამაზით ტკბებოდა. ფესში ძველი მედინა და ხელოსნების ბაზრობები დაათვალიერეს. ნახეს ტყავის დამუშავების უძველესი სახელოსნოები, ფერადი საღებავების აუზები და ისტორიული სასახლეები. მეკნესისა და ვოლუბილისის რომაული ნანგრევების შემდეგ იფრანის ტყეები და მთები მოინახულეს. მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი ნაწილი საჰარას უდაბნო აღმოჩნდა. ოქროსფერ დიუნებზე აქლემებით გასეირნება, მზის ჩასვლის ყურება და ბერბერულ კარავში გატარებული ღამე ვიკასთვის სრულიად ახალი გამოცდილება იყო. იმ ღამეს დიდხანს უყურებდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. — ნეტავ, ადამიანებსაც შეეძლოთ ასე მარტივად ყველაფრის თავიდან დაწყება, — ჩაილაპარაკა თავისთვის. მომდევნო დღეებში თოდღას ხეობები, უარზაზატე და აით-ბენ-ჰადუს უძველესი ციხე-ქალაქი მოინახულეს. ბოლოს კი მარაკეშში ჩავიდნენ, სადაც ჟარდენ მაჟორელის ბაღები, ბაიას სასახლე და ხმაურიანი ჯემა ელ-ფნას მოედანი დაათვალიერეს. ათი დღე თვალის დახამხამებაში გავიდა. ვიკა უკვე გრძნობდა, რომ ეს მოგზაურობა ნამდვილად სჭირდებოდა. სასტუმროს ფოიე აღმოსავლური სტილით იყო მოწყობილი. მაღალი თაღები, მოჩუქურთმებული კედლები, ფერადი სანათები და მარმარილოს იატაკი სივრცეს განსაკუთრებულ იერს სძენდა. ვიკას ოთახის მეზობლად თიკო შეხვდა, დაახლოებით მისივე ასაკის, მხიარული და უშუალო გოგონა. პირველი საღამოდანვე კარგად გაუგეს ერთმანეთს. მოგზაურობის დღეებში ერთად დადიოდნენ, ფოტოებს იღებდნენ, ადგილობრივ კერძებს აგემოვნებდნენ და საღამოობით შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. ვიკას განსაკუთრებით მოსწონდა, რომ თიკო ზედმეტ კითხვებს არ უსვამდა მის პირად ცხოვრებაზე. ერთ დღეს სასტუმროს ფოიეში, ნომრის გასაღების აღების შემდეგ, ვიკა ტელეფონში რაღაცას კითხულობდა და უკან მოუხედავად დაიძრა. რამდენიმე ნაბიჯში ვიღაცას შეეჯახა. — Oh, I'm sorry! — სწრაფად მოიხადა ბოდიში ინგლისურად. თავი ასწია და მაღალი, წარმოსადეგი მამაკაცი დაინახა. დაახლოებით ოცდათხუთმეტი წლის იქნებოდა. მუქი თმა, მოწესრიგებული წვერი და მშვიდი, თავდაჯერებული გამოხედვა ჰქონდა. — არაუშავს, — ქართულად უპასუხა მამაკაცმა. ვიკას გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა. — თქვენ... ქართველი ხართ? მამაკაცს გაეღიმა. — როგორც ჩანს, მაისურმა გაგყიდათ — უთხრა და მის მაისურზე გამოსახულ საქართველოს რუკაზე მიანიშნა. — ღმერთო ჩემო, აქაც ქართველი! — გაეცინა ვიკას. — ალექსანდრე უფრო ალეკოს მეძახიან. — ვიქტორია მეც ვიკას მეძახიან. — სასიამოვნოა, ვიკა. აქ დასასვენებლად ხართ? — დიახ, ჯგუფურ ტურთან ერთად. თქვენ? — მე აქ უკვე ათი წელია ვცხოვრობ. საკუთარი ბიზნესი მაქვს, ეს სასტუმროც ჩემია. ქართველი სტუმრები ხშირად გვყავს, მაგრამ ყოველთვის სასიამოვნოა თანამემამულის ნახვა. — ათი წელი? საკმაოდ დიდი დროა. — მართალია. თავიდან მეც ტურისტად ჩამოვედი, მერე რაღაცები შეიცვალა და საბოლოოდ აქ დავრჩი. — ალბათ, მოგწონთ აქაურობა. — ძალიან. თუმცა საქართველო მაინც საქართველოა, — ღიმილით მიუგო ალეკომ. — ამაში გეთანხმებით. — იმედი მაქვს, კარგად დაისვენებთ. თუ რამე დაგჭირდებათ, სასტუმროს ადმინისტრაციას მიმართეთ ან პირადად მითხარით. — დიდი მადლობა. — ბედნიერ დასვენებას გისურვებთ, ვიკა. — თქვენც სასიამოვნო დღეს გისურვებთ. ვიკა ნომრისკენ გაემართა, თუმცა რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ კიდევ ერთხელ მოიხედა. ალეკო ისევ იქ იდგა და სტუმრებს ესაუბრებოდა. უცნაურად ესიამოვნა, უცხო ქვეყანაში მშობლიური ენის გაგონება. ბოლო საღამოს სასტუმროში აღმოსავლური საღამო მოეწყო. ფოიეს გვერდით მდებარე დიდ დარბაზში ყველაფერი განსაკუთრებულად გაეფორმებინათ. ფერადი სანათები, აღმოსავლური მუსიკა, ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი მოცეკვავეები და ულამაზესი სუფრა. მთელი ჯგუფი ესწრებოდა საღამოს. ვიკას შავი, ტანზე მომდგარი კაბა ეცვა, თმა კი თავისუფლად დაეშვა მხრებზე. თიკო მის გვერდით იჯდა და მოცეკვავეებს ინტერესით უყურებდა. — საოცრებაა, არა? — გადაულაპარაკა ვიკამ. — მართლა. ეს ათი დღე ძალიან მალე გავიდა. — არადა, კიდევ ერთი კვირა დავრჩებოდი. — შენ ჯერ კიდევ არ გინდა სახლში დაბრუნება? ვიკას გაეცინა. — სახლში დაბრუნება მინდა, უბრალოდ აქაურობასაც შევეჩვიე. ცოტა ღვინო დალია, მოგვიანებით კი შამპანურიც მოსვა. თიკო საერთოდ არ სვამდა, თუმცა მეგობარს თვალს არ აშორებდა. ვიკას საღამოს ხმაური და მხიარულება სიამოვნებდა. სწორედ მაშინ, ბარისკენ გახედვისას, ნაცნობი სახე შენიშნა. ალეკო. ბართან იდგა, რამდენიმე მამაკაცს ესაუბრებოდა. ვიკას გაეღიმა. — ახლავე მოვალ. — სად მიდიხარ? — ნაცნობ ადამიანს ვიპოვი, ვინც კომპანიას გამიწევს. თიკომ თვალები მოჭუტა. — ვინ არის? — სასტუმროს მფლობელი. — ვიკა... — რა იყო? უბრალოდ მივესალმები. შამპანურის ჭიქა ხელში დაიჭირა და ალეკოსკენ გაემართა. — საღამო მშვიდობისა, ბატონო ალექსანდრე. ალეკო შემობრუნდა. მისი დანახვისას სახეზე ღიმილი გამოესახა. — საღამო მშვიდობისა, ვიკა. როგორ მოგწონს ჩვენი აღმოსავლური საღამო? — ძალიან. მაგრამ ერთი პრობლემა მაქვს. — გისმენ. — კომპანიას ხომ არ გამიწევთ? ალეკოს გაეცინა. — ასეთი თხოვნის უარყოფა როგორ შეიძლება? ბართან დასხდნენ. ცოტა ხანში ვისკიც შეუკვეთეს. საუბარი თავიდან ჩვეულებრივ თემებს შეეხებოდა. მოგზაურობა, საქართველო, მაროკოში ცხოვრება, ალეკოს ბიზნესი... თუმცა თანდათან საუბარი უფრო პირადული გახდა. — და მაინც, რატომ გადაწყვიტე მარტო მოგზაურობა? — ჰკითხა ალეკომ. — მარტო არ ვარ, მთელი ჯგუფი მახლავს. — შენ მიხვდი, რასაც ვგულისხმობ. ვიკამ ჭიქას დახედა. — ზოგჯერ ადამიანს უბრალოდ გარემოს შეცვლა სჭირდება. — რაღაცის დავიწყებას ცდილობ? — უფრო სწორად, საკუთარი თავის გახსენებას. ალეკომ ყურადღებით შეხედა. — იმედია, გამოგივა. — უკვე გამომდის. ამ დროს თიკომ შორიდან ანიშნა, რომ წასვლის დრო იყო. ვიკამ თვალით ანიშნა, წადი, მეც ამოვალო. — მეგობარი გელოდება? — ჰკითხა ალეკომ. — ოთახში ადის. მე ცოტა ხანს კიდევ დავრჩები. — მაშინ კიდევ ერთ ჭიქას ხომ არ დავლევთ? ვიკამ გაიღიმა. იმ საღამოს ორივე ისე გრძნობდა თავს, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ყოფილიყვნენ. საუბარი ფლირტში გადაიზარდა, მათ შორის კი უცნაური მიზიდულობა გაჩნდა. ჯგუფის წევრები ნელ-ნელა თავიანთ ნომრებში ადიოდნენ. ვიკასაც უნდა დაესრულებინა საღამო, მაგრამ ალეკოსთან დარჩენა უფრო უნდოდა. მალე სასტუმროს დერეფნიდან ალეკოს ოთახში აღმოჩნდა და ისე სწრაფად აღმოჩნდა მის საწოლში თვითონაც უკვირდა ამას რატომ აკეთებდა. Მაგრამ მოეწონა ეს კაცი, ყველაფერის დავიწყება და ერთი ღამით თავისუფლება უნდოდა, ალეკომ კი ამის საშუალება მისცა, არც ზედმეტ კითხვებს უსვამდა, პირიქით იმას აძლევდა რაც იმ წუთში ყველაზე მეტად სჭირდებოდა, სითბოს და და სიყვარულს. დილით ვიკა თავის ტკივილმა გააღვიძა. რამდენიმე წამი გაუნძრევლად იწვა, სანამ გონებაში წინა საღამოს მოვლენები თანმიმდევრობით არ აღიდგინა. ოთახს თვალი მოავლო. ალეკო უკვე გაღვიძებული იყო. საწოლის მეორე მხარეს იჯდა, ხელში ცივი სასმელი ეჭირა. — გაიღვიძე? — ჰკითხა ღიმილით. ვიკამ თვალები მოისრისა. — თავი მისკდება... — აი, ეს დალიე. ცოტა მოგეშვება. ჭიქა გამოართვა და რამდენიმე ყლუპი მოსვა. — ასე ადრე რამ გაგაღვიძა? — არ მინდოდა, გაპარულიყავი. ვიკას გაეცინა. — შენს სასტუმროში ვარ, სად უნდა გავიპარო? — მართალია, ეს არგუმენტი არ გამითვალისწინებია. რამდენიმე წამი ორივე ჩუმად იყო. — დღეს საღამოს ისედაც მივფრინავთ, — თქვა ბოლოს ვიკამ. — ვიცი. ალეკო საწოლის გვერდით მდებარე მაგიდიდან სავიზიტო ბარათს დასწვდა და გაუწოდა. — ეს დაიტოვე. ვიკამ ბარათს დახედა. — რისთვის? — არასოდეს იცი, რა მოხდება. — ალეკო, ეს ღამე არაფერს ნიშნავს. ერთმანეთს ვეღარ ვიცნობთ, რომ სადმე შემთხვევით შევხვდეთ. — შეიძლება ასეც იყოს. მაგრამ მაინც დაიტოვე. ვიკა წამოდგა, ჩაიცვა და ჩანთა აიღო. კარისკენ რომ წავიდა, ალეკომ შეაჩერა. — ვიკა... შემობრუნდა. — ძალიან ლამაზი ხარ. და არ მინდა, ასე დასრულდეს. ვიკამ რამდენიმე წამით შეხედა. — თუ ბედისწერა ისევ შეგვახვედრებს, მაშინ სხვანაირად დაგელაპარაკები. ალეკოს გაეღიმა. ვიკა გავიდა. კარი დაიხურა და ორივე საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩა. საღამოს ჯგუფი აეროპორტისკენ გაემგზავრა. ყველას დაღლილობა ეტყობოდა. ათდღიანი მოგზაურობის შემდეგ საქართველოში დაბრუნებას მოუთმენლად ელოდნენ. ვიკა და თიკო პასპორტის კონტროლის რიგში ბოლოს აღმოჩნდნენ. — ფეხები უკან გრჩება, არა? — გაეცინა თიკოს. — იმ ქართველ ბიზნესმენის გამო? ვიკამ თავი გააქნია. — სისულელეა. საქართველოში ბევრი საქმე მაქვს და მაგაზე ახლა არ უნდა ვიფიქროთ. — კარგი, კარგი, აღარაფერს გეკითხები. — მიდი, შენ გაიარე კონტროლი. მეც ახლავე მოვალ. თიკომ პასპორტი წარადგინა და კონტროლი უპრობლემოდ გაიარა. ვიკამაც მიაწოდა თავისი პასპორტი თანამშრომელს. რამდენიმე წამში ყველაფერი დასრულდა. — გმადლობთ, — უთხრა თანამშრომელმა. ვიკა ბარგის მისაღებად გაემართა. ჩანთა კონვეიერზე გამოჩნდა. აიღო და საბაჟო შემოწმებისკენ დაიძრა. რამდენიმე წამში აპარატმა განგაშის ხმა გამოსცა. ვიკა გაჩერდა. — ქალბატონო, გთხოვთ, ჩანთა გახსნათ, — მიმართა საბაჟო სამსახურის თანამშრომელმა. — რამე პრობლემაა? — გთხოვთ, გახსენით. ვიკამ ჩანთა მაგიდაზე დადო და ელვა შესაკრავი გახსნა. თანამშრომელმა ნივთები სათითაოდ გადასწია. შემდეგ ხელში შავი შეფუთვა აიღო და ფრთხილად გახსნა. ვიკას თვალები გაუფართოვდა. შიგნით ცეცხლსასროლი იარაღი იდო. — ეს... ეს რა არის? — ძლივს ამოილაპარაკა. — ქალბატონო, გთხოვთ, უკან დაიხიოთ. — ეს ჩემი არ არის! გეფიცებით, პირველად ვხედავ! თანამშრომელმა კოლეგას გადახედა. — პოლიცია გამოიძახეთ. — არა, გთხოვთ, მომისმინეთ! მე ეს ნივთი არ ჩამიდევს! არც კი ვიცი, როგორ აღმოჩნდა ჩემს ჩანთაში! რამდენიმე წუთში ადგილზე პოლიციის თანამშრომლებიც გამოჩნდნენ. — ვიქტორია გიორგაძე? — ჰკითხა ერთ-ერთმა. — დიახ, მაგრამ რა ხდება? მე არაფერ შუაში ვარ! — თქვენთან რამდენიმე შეკითხვა გვაქვს. გთხოვთ, გამოგვყვეთ. — ჩემი მეგობარი იქ არის... თიკო! თიკო! თიკომ ხმაზე მოიხედა და მისკენ გაიქცა. — ვიკა! რა ხდება?! ვიკამ ცრემლიანი თვალებით შეხედა. — თიკო, გეფიცები, არ ვიცი... ეს ჩემი არ არის! პოლიციელმა თიკოს უკან დახევა სთხოვა. — გთხოვთ, ხელი არ ახლოთ ბარგს. ქალბატონი ჩვენთან ერთად უნდა წამოვიდეს. ვიკას სახე გაფითრებოდა. რამდენიმე წუთის წინ სახლში დაბრუნებას აპირებდა, ახლა კი მის წინ ორი პოლიციელი იდგა, ჩანთაში აღმოჩენილი იარაღი კი მის უდანაშაულობას ეჭვქვეშ აყენებდა. — გთხოვთ, მე არაფერი დამიშავებია... პოლიციელმა ხელზე ხელი მოჰკიდა. ვიკა უკანასკნელად შებრუნდა და თიკოს შეხედა. თიკო გაშეშებული იდგა. ვერ იჯერებდა, რაც ხდებოდა. ვიკა პოლიციელებმა აეროპორტის შიდა სივრცისკენ წაიყვანეს. მისი ათდღიანი მაროკოული თავგადასავალი სულ რამდენიმე წუთში კოშმარად იქცა. #სადაც_გული_მიგიწევს #თავი_მეორე ვიქტორია გიორგაძე ქუთაისში თბილისის ქუჩაზე გაიზარდა. ქერათმიანი, ცისფერთვალება, გამორჩეულად ლამაზი გოგონა, რომლის ღიმილიც თითქოს ყველაფერს ანათებდა. დედისერთა იყო და მშობლების ერთადერთი სიხარული. ვიკას ოჯახი ქალაქში საკმაოდ ცნობილი გახლდათ. გიორგაძეები სასტუმრო ბიზნესს ფლობდნენ და ქუთაისში რამდენიმე სასტუმროს მართავდნენ. ვიქტორიაც ბავშვობიდან ამ გარემოში იზრდებოდა. ბიზნესის მართვა, სტუმრებთან ურთიერთობა, სასტუმროს ყოველდღიური საქმიანობა მისთვის უცხო არასოდეს ყოფილა. სრულწლოვანების შემდეგ მშობლების საქმეში აქტიურად ჩაერთო. პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული იყო. კარგად იცოდა, რომ ოჯახის ბიზნესის განვითარება მხოლოდ ფულს არ მოითხოვდა, არამედ დიდ შრომას, მოთმინებასა და ადამიანებთან სწორ ურთიერთობას. ვიკას გვერდით ყოველთვის იყვნენ ბავშვობის მეგობრები — დიანა კორინთელი და კოტე მერკვილაძის და - ელენე. გოგონები ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ. ერთად გაიზარდნენ, ერთად გაიარეს სკოლის წლები, პირველი სიყვარული, სიხარულიც და იმედგაცრუებაც. მათი მეგობრობა იმდენად მტკიცე იყო, რომ ვიქტორია მათ საკუთარ ოჯახად მიიჩნევდა. თუმცა მერე იმ ადამიანებთან უფრო ახლო ურთიერთობა გაქვს ვისთანაც მუშაობ და ყოველდღე ატარებ დროს. სამსახურში მისი ახლო მეგობარი მაკა მალანია იყო. მაკა ვიკას ასაკის გახლდათ. სასტუმროების ერთ-ერთ ფილიალში მენეჯერად მუშაობდა და ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე, ვიქტორიასთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდა. თავდაპირველად მათ შორის კარგი მეგობრობა ჩამოყალიბდა. ვიკა მას ენდობოდა, პირად ამბებსაც უზიარებდა და ხშირად საკუთარ სახლში სტუმრადაც იწვევდა. ვიქტორიას ცხოვრებაში თითქოს ყველაფერი დალაგებული იყო. მას ჰყავდა შეყვარებული — ზაზა ძნელაძე. ზაზასთან ურთიერთობა რამდენიმე წელს ითვლიდა. ვიკა ამ კაცთან მომავალს გეგმავდა, ოჯახზე ფიქრობდა და სჯეროდა, რომ მათი სიყვარული ყველაფერს გაუძლებდა. ზაზა მისთვის მხოლოდ შეყვარებული კი არა, მომავალი მეუღლე და ცხოვრების თანამგზავრი იყო. თუმცა ზოგჯერ ყველაზე დიდი ტკივილი სწორედ იმ ადამიანებისგან მოდის, ვისაც ყველაზე მეტად ენდობი. ერთ დღეს ვიქტორიამ ზაზასა და მაკას ერთად შეუსწრო. იმ წამს თითქოს მთელი სამყარო თავზე ჩამოენგრა. ადამიანი, რომელსაც მომავალს უკავშირებდა, და მეგობარი, რომელსაც საკუთარივით ენდობოდა, მის ზურგს უკან ერთმანეთს ხვდებოდნენ. ღალატმა ვიქტორიას ყველაფერი წაართვა, რისიც სჯეროდა. მომდევნო თვეები მისთვის უმძიმესი აღმოჩნდა. საკუთარ თავში ჩაიკეტა, ადამიანებთან ურთიერთობა შეზღუდა და სამსახურშიც მხოლოდ აუცილებლობის გამო დადიოდა. მშობლები ცდილობდნენ, შვილისთვის ტკივილი შეემსუბუქებინათ, თუმცა ვიქტორიას გულში გაჩენილი სიცარიელე ადვილად ვერ ივსებოდა. მაკა სამსახურიდან გაათავისუფლეს. თუმცა ამით ყველაფერი არ დასრულებულა. მაკა იმდენად ბოროტი და შურიანი ადამიანი აღმოჩნდა, რომ ვიქტორიას წარმატება და ბედნიერება მისთვის აუტანელი გახდა. სასტუმროდან წამოსვლის შემდეგაც ცდილობდა მისთვის ზიანი მიეყენებინა. ავრცელებდა ჭორებს, ცდილობდა ბიზნესისთვის პრობლემების შექმნას და ვიქტორიას სახელის შელახვას. მაგრამ გიორგაძეების ოჯახი მტკიცედ იდგა. ვიკას მშობლები შვილს გვერდით ედგნენ, ხოლო თავად ვიქტორია ნელ-ნელა ცდილობდა, ცხოვრება თავიდან დაეწყო. ზაზა მის ცხოვრებაში აღარ არსებობდა. მაკაც წარსულში დარჩა. თუმცა ღალატისგან მიღებული ტკივილი ჯერ კიდევ არ განელებულიყო. მაკა მალანიასთვის დრო არაფერს ცვლიდა. ვიქტორიას ბედნიერების დანახვა კვლავ აღიზიანებდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა გაიგო, რომ გიორგაძეების ოჯახი ბიზნესს აფართოებდა და ვიქტორია ისევ აქტიურად ჩაერთო სასტუმროების მართვაში. ერთ დღეს მაკასთან მისი მეგობარი თიკო მსხვილაძე მივიდა. თიკო მოგზაურობის მოყვარული გოგონა იყო. უამრავი ქვეყანა ჰქონდა მონახულებული და ხშირად დადიოდა სხვადასხვა ტურისტულ ჯგუფთან ერთად. ამჯერადაც ახალი მოგზაურობისთვის ემზადებოდა. მისი მომავალი ტურის მონაწილეთა სიაში ერთი სახელი მოხვდა, რომელიც მაკასთვის განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა. ვიქტორია გიორგაძე. თიკო ვიქტორიას პირადად არ იცნობდა, თუმცა ტურისტული ჯგუფის ჩათში მისი ფოტოები და სახელი ნახა. შემდეგ სოციალურ ქსელში მოძებნა და დარწმუნდა, რომ სწორედ ის ვიქტორია იყო, რომელზეც მაკა ხშირად საუბრობდა. მაკასთვის ეს შემთხვევა შურისძიების შესაძლებლობად იქცა. მან თიკოს მთელი მოგზაურობის დაფინანსება შესთავაზა, ოღონდ ერთი პირობით — ვიქტორია მაროკოდან საქართველოში ვერ უნდა დაბრუნებულიყო. თიკოს თავიდან ეს გეგმა წარმოუდგენლად ეჩვენა. თუმცა მაკა დაჟინებით მოითხოვდა, რომ მისთვის რაიმე მოეფიქრებინა. თიკოს მოგზაურობის გამოცდილებასა და უცხო ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას სწორედ ამ მიზნისთვის იყენებდა. საბოლოოდ მაკამ ყველაზე ბოროტი იდეა შესთავაზა. ვიქტორიას ჩანთაში ისეთი ნივთი უნდა ჩაედოთ, რომელიც აეროპორტში მის დაკავებას გამოიწვევდა. თიკო დათანხმდა. მაროკოში ჩასვლის შემდეგ მან სპეციალურად დაიწყო ვიქტორიასთან დაახლოება. მოგზაურობის პირველივე დღეებიდან ცდილობდა, მის ნდობას მოეპოვებინა და ისე მოეწყო, რომ სასტუმროში ერთ ნომერში აღმოჩენილიყვნენ. ვიქტორია, რომელსაც თიკოს მიმართ არანაირი ეჭვი არ ჰქონდა, მას მეგობრულად ექცეოდა. თიკო კი თავის გეგმას ნელ-ნელა ახორციელებდა. მოგზაურობისას მან შეიძინა ძველი, დეაქტივირებული ცეცხლსასროლი იარაღის მულაჟი — სამხედრო სუვენირი. მისი ჩანაფიქრი მარტივი იყო. საზღვარზე აღმოჩენის შემთხვევაში ნივთი სამართალდამცავების ყურადღებას მიიპყრობდა. ექსპერტიზის დასრულებამდე კი ვიქტორია შესაძლო საფრთხის შემცველ ნივთთან დაკავშირებულ პირად ჩაითვლებოდა. თიკომ იცოდა, რომ ამ ყველაფერს ვიქტორიასთვის მძიმე შედეგები მოჰყვებოდა. და მაინც, უკან არ დაუხევია. მოგზაურობის ბოლო დღეებში, როცა ვიქტორია ალეკოსთან დაახლოებული იყო და უკვე საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრობდა, თიკომ მისი ჩანთა ისე მოამზადა, რომ იარაღი შიგნით შეუმჩნევლად აღმოჩენილიყო. მაკას შურისძიება მზად იყო. დღევანდელი დღე. მაროკოს აეროპორტი. ვიქტორია გიორგაძე საბაჟო კონტროლის ოთახში იჯდა. რამდენიმე საათის წინ მისი ცხოვრება სრულიად სხვაგვარად გამოიყურებოდა. ახლა კი მის წინ უცხო ქვეყნის სამართალდამცავები იდგნენ და ცდილობდნენ, გაერკვიათ, როგორ აღმოჩნდა მის ბარგში იარაღი. ვიქტორიას ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რაც მოხდა. მთელი ჯგუფი აეროპორტიდან უკვე გასული იყო. ვიკა კი კონტროლის რიგში ბოლოს აღმოჩნდა. თვალებით თიკოს ეძებდა, მაგრამ მეგობარი არსად ჩანდა. თიკომ ყველაფერი წინასწარ გათვალა. საბაჟო პოლიციას შეეძლო ჯგუფის სხვა წევრებიც დაეკითხა, თუმცა Თიკომ ისე მოაწყო, რომ საბოლოოდ მხოლოდ ვიკას დარჩენოდა შემოწმების გავლა. დანარჩენი მგზავრების ჩანთები სუფთა აღმოჩნდა. ვიქტორიას ბარგში აღმოჩენილი იარაღი კი უკვე ექსპერტიზისთვის იყო გადაგზავნილი. სამართალდამცავებმა იგი განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკითხვა რამდენიმე საათს გაგრძელდა. ვიქტორია კვლავ ამტკიცებდა, რომ იარაღი მისი არ იყო. მისი სიტყვები გულწრფელი იყო, თუმცა უცხო ქვეყნის პოლიციისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მან საკონსულოს ჩარევა მოითხოვა. ვიქტორიას აუხსნეს, რომ საკონსულო დახმარებას გაუწევდა, თუმცა გამოძიების მიმდინარეობაში პირდაპირ ჩარევა არ შეეძლო. იმ ღამეს იზოლატორში გაატარა. ოთახში მარტო დარჩენილმა პირველად იგრძნო, რამდენად დაუცველი იყო. მისი მშობლები საქართველოში იყვნენ. მეგობრები უკვე გამოფრენილიყვნენ. ვიქტორია ცდილობდა, გაეხსენებინა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ყველაფრის უკან. მაკა? ზაზა? იქნებ ვინმე, ვისაც მისი ბიზნესის დაზიანება სურდა? თუმცა მტკიცებულება არ ჰქონდა. უცებ ალეკო გაახსენდა. სასტუმროს მფლობელი ქართველი მამაკაცი, რომელთანაც ბოლო საღამო გაატარა. ვიქტორიას გონებაში უამრავი კითხვა გაჩნდა. ნუთუ ალეკომ გაუკეთა ეს? იქნებ მათი ერთად გატარებული ღამე მისთვის სრულიად სხვა მნიშვნელობის იყო? მერე სავიზიტო ბარათი გაახსენდა. ჩანთაში მოძებნა. საბედნიეროდ, ბარათი თან ჰქონდა. ვიქტორიამ დარეკვის უფლება მოითხოვა. რამდენიმე წუთში ტელეფონი ხელში ეჭირა. ალეკოს ნომერი აკრიფა. --- ალექსანდრე ვაჩნაძე იმ დროს სასტუმროში იმყოფებოდა, როცა ვიქტორიას ზარი მიიღო. მისთვის მოულოდნელი იყო მისი ზარი, თუმცა როგორც კი გაიგო, რაც მოხდა, მაშინვე აეროპორტისკენ გაემართა. ვიქტორიას დანახვისას სახე შეეცვალა. გოგონა გაფითრებული იყო. თვალები ცრემლიანი ჰქონდა, თმა კი უწესრიგოდ ჩამოშლოდა მხრებზე. ალეკოს დანახვისას ვიქტორია წამოდგა. — ეს რატომ გამიკეთე? — ჰკითხა პირდაპირ. ალეკო გაოგნებული უყურებდა. — რა? — იარაღი ჩემს ჩანთაში... ეს შენ გააკეთე? ალეკოს სახე დაეძაბა. — ვიკა, არა. გეფიცები, ეს მე არ გამიკეთებია. ვიქტორიამ თავი გააქნია. — აღარ ვიცი, ვის ვენდო. ალეკო მასთან ახლოს მივიდა. — მე მჯერა, რომ უდანაშაულო ხარ. ვიქტორიას თვალები ცრემლით აევსო. — ამათ არ სჯერათ. — დაგეხმარები. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია. ალეკო მის გვერდით დარჩა. იმ ღამესვე დაუკავშირდა ადვოკატს, რომელმაც საქმის მასალების გაცნობა და ვიქტორიას დაცვის ორგანიზება დაიწყო. მეორე დილით ალეკო ვიქტორიასთან ადვოკატთან ერთად მივიდა. საქმე უკვე სასამართლოსთვის მზადდებოდა. იარაღი ექსპერტიზაზე იყო გადაგზავნილი, ხოლო ვიქტორიას წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება სწორედ მის ჩანთაში აღმოჩენილი ნივთი გახლდათ. ადვოკატმა ვიქტორიას აუხსნა, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მისი ჩვენების თანმიმდევრულობა და სიმართლე. მას არ შეეძლო დაემტკიცებინა, ვინ ჩაუდო იარაღი ჩანთაში, თუმცა შეეძლო განემარტა, რომ ნივთის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. ვიქტორიასთვის ეს ყველაფერი საშინელი იყო. მას არ ჰქონდა მტკიცებულება, რომ ვინმემ განზრახ ჩაუდო იარაღი. არ ჰყავდა მოწმე. არ ჰქონდა პასუხი. სასამართლო პროცესი შედარებით სწრაფად წარიმართა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ აღმოჩენილი ნივთი ძველი, დეაქტივირებული იარაღი იყო და სამხედრო სუვენირს წარმოადგენდა. თუმცა საზღვარზე მისი გადატანა შესაბამისი ნებართვის გარეშე სამართლებრივ პრობლემას ქმნიდა. ვიქტორიას ადვოკატი ცდილობდა, გაეთვალისწინებინათ მისი უდანაშაულობის მტკიცებულებები და ის გარემოება, რომ ნივთის შესახებ არაფერი იცოდა. საბოლოოდ სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა. ვიქტორიას დაეკისრა 200 000 მაროკოს დირჰამის ოდენობის გირაო — დაახლოებით 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი. გირაოს გადახდის შემთხვევაში იგი თავისუფლებაზე დარჩებოდა, თუმცა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მაროკოს დატოვების უფლება არ ექნებოდა. მას ასევე დაეკისრა ვალდებულება, კვირაში ერთხელ გამოცხადებულიყო შესაბამის განყოფილებაში. გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში კი ექვსთვიანი პატიმრობა ემუქრებოდა. ვიქტორიას თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. ექვსი თვე. უცხო ქვეყანაში. მშობლებისგან შორს. საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცების შესაძლებლობის გარეშე. ალეკო მის გვერდით იდგა და ცდილობდა, როგორმე დაემშვიდებინა. — ვიკა, დამშვიდდი. ყველაფერი მოგვარდება. — როგორ? — ამოიტირა გოგონამ. — სად უნდა წავიდე? აქ არავინ მყავს. არც კი ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვრო ამ ქვეყანაში. ალეკომ ხელი მოჰკიდა. — მე აქ ვარ. ვიქტორიამ შეხედა. — რას ნიშნავს? — იმას, რომ მარტო არ ხარ. გირაოს მე გადავიხდი. შენ სასტუმროში წამოხვალ და ყველაფერში დაგეხმარები. ვიკას ცრემლები კვლავ წამოუვიდა. — ალეკო, არ მინდა, შენს ვალში ვიყო. — ეს ვალი არ არის, ვიკა. — მაგრამ... — ახლა არაფერზე იფიქრო. მთავარია, თავისუფალი იქნები და შეგვიძლია, გავარკვიოთ, ვინ გაგიკეთა ეს. ალეკომ იმავე დღეს გადაიხადა გირაო. რამდენიმე საათში ვიქტორია განყოფილებიდან გამოიყვანა. --- სასამართლოს შენობიდან გამოსვლისას ვიქტორია გაჩერდა. მაროკოს მზე ისევ ისე ანათებდა, როგორც წინა დღეებში. ქუჩებში ხალხი ჩვეულებრივად მოძრაობდა, მანქანები ერთმანეთს სიგნალებს აძლევდნენ, ქალაქი თავისი ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობდა. მისთვის კი ყველაფერი შეიცვალა. — ახლა სად უნდა წავიდე, ისიც არ ვიცი, — ჩაილაპარაკა ვიქტორიამ. ალეკო მის გვერდით იდგა. — ჩემთან წამოხვალ. ვიქტორიამ შეხედა. — სასტუმროში? — დიახ. იქ უსაფრთხოდ იქნები. ადვოკატიც დაგეხმარება, საკონსულოსთანაც ვიქნებით კავშირზე. ყველაფერს მოვაგვარებთ. ვიქტორიას თვალები კვლავ აევსო ცრემლით. — რატომ მეხმარები ასე? ალეკომ რამდენიმე წამით შეხედა. ალეკომ ხელი მოჰკიდა. — წამოდი, ვიკა. გოგონამ მის ხელს შეხედა. რამდენიმე დღის წინ ეს კაცი მისთვის მხოლოდ უცხო ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი იყო. ახლა კი ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, ვისაც შეეძლო, მის გვერდით დარჩენილიყო. ვიქტორია ალეკოს გაჰყვა. მან ჯერ კიდევ არ იცოდა, ვინ ჩაუდო იარაღი ჩანთაში. არ იცოდა, რამდენ ხანს მოუწევდა მაროკოში დარჩენა. და არც ის იცოდა, რომ ეს შემთხვევა მის ცხოვრებაში ბევრად უფრო დიდ ცვლილებებს მოიტანდა, ვიდრე წარმოედგინა. მაგრამ იმ წამს ერთი რამ ნამდვილად იცოდა. ის მარტო აღარ იყო. #სადაც_გული_მიგიწევს #თავი_მესამე მაროკოში უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავება და სისხლის სამართლის საქმის წარმოება საკმაოდ რთულ პროცედურებთან იყო დაკავშირებული. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე აეროპორტში აღმოჩენილ იარაღს ეხებოდა. ვიქტორია გიორგაძის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა მის ბარგში აღმოჩენილი ნივთი ექსპერტიზაზე გაგზავნეს. მიუხედავად იმისა, რომ იარაღი ძველი და დეაქტივირებული სამხედრო სუვენირი აღმოჩნდა, მისი საზღვარზე შესაბამისი ნებართვის გარეშე გადატანა სამართლებრივ პრობლემას ქმნიდა. ვიქტორიას ორი დღის განმავლობაში განყოფილებაში მოუწია ყოფნა. მას რამდენჯერმე დაკითხეს, შეამოწმეს მისი ბარგი და მოგზაურობასთან დაკავშირებული გარემოებები. ამ ხნის განმავლობაში მისი პასპორტიც სამართალდამცავების ხელში რჩებოდა. ადვოკატმა აუხსნა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას მისი ქვეყნიდან გასვლა დაუშვებელი იქნებოდა. შესაძლებელი იყო დროებითი გათავისუფლების მოთხოვნა გირაოს სანაცვლოდ, თუმცა ეს საქმის დასრულებას არ ნიშნავდა. ვიქტორიას კვლავ მოუწევდა მაროკოში დარჩენა, შესაბამის ორგანოში პერიოდულად გამოცხადება და გამოძიებასთან თანამშრომლობა. საბოლოოდ სასამართლომ მისთვის 200 000 მაროკოს დირჰამის (20 ათასი აშშ დოლარი) ოდენობის გირაო განსაზღვრა. გირაოს გადახდის შემთხვევაში ვიქტორია თავისუფლებაზე დარჩებოდა, თუმცა მაროკოს დატოვების უფლება არ ექნებოდა. პასპორტი საქმის დასრულებამდე ჩამორთმეული დარჩებოდა, ხოლო გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში მას პატიმრობა ემუქრებოდა. ალექსანდრე ვაჩნაძემ გირაოს გადახდა საკუთარ თავზე აიღო. ვიქტორია გაანთავისუფლეს. --- ალექსანდრეს ვიქტორიასთან ბევრი აღარ უსაუბრია. სასამართლოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ პირდაპირ სასტუმროსკენ გაემართნენ. გოგონა მთელი გზა ჩუმად იჯდა. ფანჯრიდან იყურებოდა და ცდილობდა, მომხდარი გაეაზრებინა. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ რამდენიმე საათის წინ უცხო ქვეყნის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, ახლა კი სასტუმროსკენ მიდიოდა ადამიანთან ერთად, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გაიცნო. ალექსანდრემ სასტუმროში მიიყვანა, მისთვის ოთახი მოამზადებინა და თავადაც მიაცილა. — ახლა ცოტა დაისვენე, ვიკა. ვიცი, ძალიან დაიღალე. მოგვიანებით ვისაუბროთ, კარგი? — ალეკო... — შეყოყმანებით დაუძახა გოგონამ. — გისმენ. — რატომ მეხმარები ასე? თითქმის არ მიცნობ, მაგრამ ამდენი რამ გააკეთე ჩემთვის. ალექსანდრემ თბილად გაუღიმა. — აბა, ასეთ დღეში როგორ შემიძლია მიგატოვო? თანაც, ვგრძნობ, რომ უდანაშაულო ხარ. დანარჩენს კი აუცილებლად გავარკვევთ. ვიქტორიას თვალები ცრემლით აევსო. — დიდი მადლობა. არ ვიცი, შენ გარეშე რა მეშველებოდა. — ახლა არაფერზე იფიქრო. დაისვენე. ალექსანდრემ ოთახი დატოვა. ვიქტორია საწოლზე ჩამოჯდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში გაუნძრევლად იჯდა. შემდეგ ტელეფონი აიღო. მშობლებთან დარეკვა სჭირდებოდა. მათთან უკვე ჰქონდა დანარეკი განყოფილებიდან და უთხრა, რომ გაუგებრობა მოხდა და მომდევნო რეისით დაბრუნდებოდა საქართველოში. ახლა კი აღარ იცოდა, როგორ აეხსნა ყველაფერი. რამდენიმე წამი ნომერს უყურებდა, შემდეგ დარეკა. — დე, როგორ ხარ? — გაისმა დედის ხმა. — კარგად ვარ, დე... — ვიკა, შვილო, სად ხარ? რატომ არ ჩამოხვედი? ხომ თქვი, შემდეგ რეისს გამოვყვებიო? გოგონამ ღრმად ამოისუნთქა. — დე, საქმე ცოტა გართულდა. როგორც ჩანს, აქ კიდევ გარკვეული დროით მომიწევს დარჩენა. — რას ნიშნავს, შვილო? რა მოხდა? ხომ კარგად ხარ? — კი, დე, კარგად ვარ. ახლა სასტუმროში ვარ, უსაფრთხოდ ვარ. — ვიკა, გთხოვ, არაფერი დაგვიმალო. ძალიან ვნერვიულობთ. — ვიცი, დე. ყველაფერს მოგიყვებით, უბრალოდ ახლა ძალიან დაღლილი ვარ. ცოტა ხანში ისევ დაგირეკავთ. — კარგი, შვილო. თავს გაუფრთხილდი. ძალიან გვიყვარხარ. — მეც მიყვარხართ. ტელეფონი გათიშა და საწოლზე წამოწვა. ცოტა ხანში დაღლილობამ თავისი გაიტანა და ვიქტორიას ღრმად ჩაეძინა. --- დილით კარზე კაკუნმა გააღვიძა. გოგონამ თვალები გაახილა, წამოდგა და კარი გააღო. წინ ალექსანდრე იდგა. — დილა მშვიდობისა, მძინარე მზეთუნახავო. ვიქტორიას გაეღიმა. — დილა მშვიდობისა. — იმედია, კარგად გამოიძინე. — კი, მადლობა. — მაშინ მოემზადე და ქვემოთ ჩამოდი. საუზმეზე გელოდები. — ახლავე. ალექსანდრე წავიდა, ვიქტორია კი მოწესრიგებას შეუდგა. რამდენიმე წუთში სასტუმროს რესტორანში ჩავიდა. ალექსანდრე უკვე მაგიდასთან იჯდა. მისი დანახვისას წამოდგა და სკამი გამოუწია. — დაბრძანდი. — მადლობა. მათ საუზმე შეუკვეთეს. — როგორ ხარ დღეს? — ჰკითხა ალექსანდრემ. — უკეთესად. გუშინდელთან შედარებით მაინც. — მიხარია. ახლა კი მინდა, ყველაფერი კიდევ ერთხელ გავიაროთ. იქნებ რაიმე დეტალი გაგახსენდეს, რაც გამოძიებას დაგვეხმარება. ვიქტორიამ ყავა მოსვა და ჩაფიქრდა. — სიმართლე გითხრა, ვერაფერს ვხვდები. მთელი მოგზაურობის განმავლობაში ჩემთან ერთად მთელი ჯგუფი იყო, ნომერში კი მხოლოდ ერთი გოგო თიკო. ერთ ნომერში ვიყავით. სხვა არავინ შემოსულა. ჩანთასაც ყოველთვის თან ვატარებდი, თუმცა... — თუმცა? — ჩაეკითხა ალექსანდრე. — არ ვიცი. შეიძლება სადმე დაუდევრად დავტოვე. იმდენად არეული ვიყავი, ვერც კი გავაკონტროლე ყველაფერი. — თიკო შენი მეგობარი იყო? — ასე ვფიქრობდი. მოგზაურობის დროს გავიცანი, ძალიან დავახლოვდით. მასზე ცუდს ვერაფერს ვიფიქრებდი. ალექსანდრე ჩაფიქრდა. — ჯერ ნურავის დავადანაშაულებთ. მთავარია, გავარკვიოთ, რა მოხდა სინამდვილეში. — წარმოდგენა არ მაქვს, ალეკო. მხოლოდ ის ვიცი, რომ ვიღაცამ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. — ნუ ინერვიულებ. მარტო არ ხარ. ყველაფერს მივხედავთ. ვიქტორიამ მადლიერებით შეხედა. --- საქართველო. თიკოს ტელეფონი მაგიდაზე იდო. გოგონა დივანზე მოკალათებულიყო და კმაყოფილი სახით უყურებდა — წარმოგიდგენია? ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც დაგეგმილი გვქონდა, — თქვა თიკომ. Მაკას გაეღიმა. — ანუ მართლა დააკავეს? — აბა რა! იარაღი ჩანთაში უპოვეს. ახლა იქ იჯდება და მოუწევს იმის მტკიცება, რომ არაფერი დაუშავებია. — ძალიან კმაყოფილი ვარ. ხომ გითხარი, ვიქტორიას ასე მარტივად არ ვაპატიებდი რომ ჩემზე მეტი ჰგონია თავი. — მაინც ვერ ვხვდები, ასეთი შურისძიება რაში გჭირდებოდა. ზაზა ისედაც შენია უკვე. — მთავარია, ვიქტორიამ ბედნიერება ვერ იპოვოს. თანაც, გიორგაძეების ოჯახიც საკმაოდ შეძლებულია. იცის, რომ ამ ამბავს მათთვისაც დიდი პრობლემების შექმნა შეუძლია. — და ახლა რას აპირებ? — არაფერს. მთავარია, ჩვენთან არაფერი მოვიდეს. ვიქტორიამ წარმოდგენაც არ უნდა შეიქმნას, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. ორივეს გაეცინა. მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ ვიქტორიას მეხსიერებაში ნელ-ნელა ყველაფერი აღდგებოდა. --- მაროკო. ვიქტორიამ და ალექსანდრემ საუზმე დაასრულეს. — ალეკო, ერთი რამ მინდა გითხრა, — დაიწყო გოგონამ. — გისმენ. — ექვსი თვე უსაქმოდ ვერ გავჩერდები. ჩემი ოჯახი შეძლებულია, მაგრამ არ მინდა, მშობლებს ვთხოვო ფული. ისედაც ბევრი პრობლემა შევუქმენი. მინდა, რაიმე სამსახური მოვძებნო. ალექსანდრეს გაეღიმა. — სამსახურის ძებნა არ გჭირდება. შეგიძლია, აქ დარჩე და დამეხმარო. — აქ? — დიახ. სასტუმროში. მართალია, ჯერ ყველაფერი კარგად არ ვიცი შენ შესახებ, მაგრამ მგონია, რომ თავისუფალ დროს რაღაცით დაკავება გამოგადგება. ვიქტორიამ ინტერესით შეხედა. — რა გამოცდილება გაქვს? — ჰკითხა ალექსანდრემ. გოგონას გაეღიმა. — გაგიკვირდება და ჩემს ოჯახსაც სასტუმროები აქვს. ქუთაისში რამდენიმე სასტუმროს ვფლობთ და მათ მართვაში აქტიურად ვეხმარები. ალექსანდრეს სახეზე გაკვირვება გამოესახა. — მართლა? — დიახ. ბავშვობიდან ამ საქმეში ვარ ჩართული. — მაშინ მით უკეთესი. მეც დამეხმარე. აქ საკმაოდ ბევრი საქმეა და შენი გამოცდილება ნამდვილად გამომადგება. ვიქტორიას გაეღიმა. — თუ მართლა გჭირდება ჩემი დახმარება, სიამოვნებით. ალექსანდრეს მისთვის იმ ღამეზე ზედმეტი სიტყვა არ უთქვამს, რომელიც ერთად გაატარეს. ვიქტორია მოსწონდა, მაგრამ არ სურდა, გოგონას ეფიქრა, რომ მის რთულ მდგომარეობას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდა. ამიტომ ცდილობდა, მისთვის კომფორტული გარემო შეექმნა და ურთიერთობა ბუნებრივად განვითარებულიყო. — წამოდი, სასტუმრო დაგათვალიერებინო. ყველაფერს გაჩვენებ, — შესთავაზა ბოლოს. --- ალექსანდრემ ვიქტორიას სასტუმროს ყველა მნიშვნელოვანი სივრცე დაათვალიერებინა. გააცნო თანამშრომლები, აჩვენა რესტორანი, ადმინისტრაციის ოთახები და სასტუმროს სხვა განყოფილებები. ბოლოს საკუთარი კაბინეტის კარი გააღო და შიგნით შეიყვანა. — ეს ჩემი სამუშაო ადგილია. აქ ძირითადად დოკუმენტებთან და სასტუმროს მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს ვაგვარებ. ვიქტორია ყურადღებით ათვალიერებდა ოთახს. კედელზე რამდენიმე სურათი ეკიდა, წიგნების თარო კი თითქმის მთლიანად შევსებული იყო. მისი ყურადღება პატარა ვიტრინამ მიიპყრო, რომელშიც ძველებური ხანჯალი იდო. გოგონა მიუახლოვდა და ყურადღებით დააკვირდა. — რა მოხდა? — ჰკითხა ალექსანდრემ. ვიქტორიამ ხანჯალზე მიუთითა. — ეს ხანჯალი... ალექსანდრე მის გვერდით დადგა. — მოგეწონა? — არა, უბრალოდ... ძალიან მეცნობა. — აქაურმა სტუმარმა მაჩუქა. მუზეუმში მუშაობს და ასეთი ნივთების ისტორია კარგად იცის. საკმაოდ ძველი ნივთია. ვიქტორიას სახე შეეცვალა. — მარაკეშში იარაღების ისტორიულ მუზეუმში ვიყავით. იქაც ზუსტად ასეთი ხანჯლები ვნახე. კიდევ ბევრი ძველი საბრძოლო ნივთი და იარაღი იყო გამოფენილი. ალექსანდრე ჩუმად უსმენდა. ვიქტორია უცებ გაჩერდა. თითქოს რაღაც გაახსენდა. — ის იარაღი... — რა იარაღი, ვიკა? გოგონას თვალები გაუფართოვდა. — ღმერთო ჩემო... იქ ვიღაც ჩვენიანმა იყიდა და ჩანთაში ჩამიდო! — რას ამბობ? — ალექსანდრე უფრო ახლოს მივიდა. — თიკო... ეს თიკო იყო! ვიქტორიამ ხელები სახეზე აიფარა. — მახსოვს! მუზეუმში ფასებს რომ კითხულობდა, მეც ვკითხე, რად გინდა-მეთქი. საჩუქრად მინდაო, მიპასუხა. ისიც ვუთხარი, ამას საზღვარზე ვინ გადაგატანინებს-მეთქი. ნებართვას ავიღებო, ასე მითხრა... გოგონას ხმა აუკანკალდა. — ღმერთო, ყველაფერი გამახსენდა. მაშინ იმდენად დაბნეული ვიყავი, ვერც კი მივაქციე ყურადღება. ის ნივთი... ის ნივთი სწორედ თიკოს ჰქონდა ნაყიდი! ვიქტორიას თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. — ნუთუ მან გამიკეთა ეს? რატომ? რა დავუშავე? რატომ მომექცა ასე? ალექსანდრე გაოგნებული უსმენდა. — ვიკა, დამშვიდდი. მოდი, დაჯექი. მაგრამ გოგონა ვეღარ ჩერდებოდა. — მე ხომ ვენდობოდი... მას მეგობრად ვთვლიდი. ერთ ოთახშიც კი ერთად ვიყავით. როგორ შეეძლო ამის გაკეთება? ალექსანდრე მასთან მივიდა და გულში ჩაიკრა. — დამშვიდდი, ვიკა. ახლა უკვე გვაქვს რაღაც, რითაც შეგვიძლია გამოძიებას მივმართოთ. ყველაფერს გავარკვევთ, გპირდები. ვიქტორია მის მკერდზე ატირდა. ალექსანდრე ჩუმად ეფერებოდა თმაზე და ცდილობდა, დაემშვიდებინა. ახლა უკვე იცოდნენ, რომ ამ ყველაფრის უკან შესაძლოა ის ადამიანი იდგა, რომელსაც ვიქტორია მეგობრად მიიჩნევდა. მაგრამ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, ვინ იდგა თიკოს უკან. და რატომ სურდათ ასე ძალიან მისი განადგურება. #სადაც_გული_მიგიწევს #თავი_მეოთხე ალექსანდრე ვიქტორიას გვერდით იდგა და ცდილობდა, დაემშვიდებინა. გოგონას ნერვიულობისგან ხელები უკანკალებდა. თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე და ვერაფრით გაეგო, როგორ შეეძლო თიკოს მისთვის ასეთი რამის გაკეთება. — ვიკა, გთხოვ, დამშვიდდი. ასე ნუ ნერვიულობ, — უთხრა ალექსანდრემ და მხრებზე ხელები ფრთხილად მოჰკიდა. — ვერ ვიჯერებ, ალეკო... ვერ ვიჯერებ, რომ ეს თიკომ გამიკეთა. მთელი მოგზაურობის განმავლობაში გვერდით მყავდა. ერთ ოთახში ვცხოვრობდით. ვენდობოდი... რატომ უნდა მოქცეულიყო ასე? — ზოგჯერ ადამიანები ისეთ რამეს აკეთებენ, რისი წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია. მაგრამ ახლა მთავარია, სიმართლე დავამტკიცოთ. ალექსანდრე რამდენიმე წამით ჩაფიქრდა, შემდეგ გოგონას შეხედა. — იცი, რას ვიზამთ? მარაკეშში წავიდეთ. იმ მაღაზიაში მივიდეთ, სადაც თიკომ იარაღი შეიძინა. თუ იქ კამერებია, შესაძლოა ჩანაწერი ჯერ კიდევ შენახული ჰქონდეთ. ვიქტორიამ ცრემლები შეიმშრალა. — მართლა ფიქრობ, რომ მოგვცემენ? — ვცადოთ. არაფერს ვკარგავთ. მარაკეში მაროკოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ქალაქია. ქალაქი, სადაც აღმოსავლური არქიტექტურა, ძველი მედინას ვიწრო ქუჩები, ფერადი ბაზრობები და ისტორიული შენობები ერთმანეთს ერწყმის. აქაურ ჰაერში სანელებლების, ყავისა და ტყავის სახელოსნოების სურნელი ტრიალებს. ქალაქის გული ჯემა ელ-ფნას მოედანია, სადაც დღის განმავლობაში მოვაჭრეები, მუსიკოსები და ქუჩის ხელოვანები ირევიან, საღამოს კი მთელი სივრცე განსაკუთრებულ სიცოცხლეს იძენს. ალექსანდრე და ვიქტორია დილით ადრე გაემგზავრნენ. გზაში გოგონა თითქმის არაფერს ამბობდა. ფანჯრიდან იყურებოდა და ფიქრობდა, რა ელოდა წინ. რამდენიმე საათის შემდეგ მარაკეშში ჩავიდნენ. ალექსანდრემ მანქანა ისტორიულ ცენტრთან გააჩერა და ვიქტორიასთან ერთად იმ მაღაზიისკენ გაემართა, რომელიც გოგონას უკვე კარგად ახსოვდა. მაღაზია ძველ ქუჩაზე მდებარეობდა. ვიტრინაში სხვადასხვა ისტორიული ნივთი, ხანჯალი, ხმალი და ძველი სამხედრო სუვენირი იყო გამოფენილი. ალექსანდრემ კარი შეაღო. — გამარჯობა, — მიესალმა მაღაზიის მფლობელს. — გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ? ალექსანდრემ მოკლედ აუხსნა, რომ რამდენიმე კვირის წინ აქ შეძენილი ნივთი სხვა ადამიანის ბარგში აღმოჩნდა და ამის გამო ქალბატონი სამართლებრივ პრობლემებში გაეხვა. — გვაინტერესებს, გაქვთ თუ არა იმ დღის ვიდეოჩანაწერი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაღაზიის მფლობელი დაფიქრდა. — ჩანაწერები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინახება. თუ თარიღს მეტყვით, შევამოწმებ. ვიქტორიამ ზუსტად გაიხსენა ის დღე და მიაწოდა ინფორმაცია. მამაკაცი უკანა ოთახში გავიდა. რამდენიმე წუთში კომპიუტერთან დაბრუნდა. — დიახ, ჩანაწერი გვაქვს. აი, ეს არის. ალექსანდრე და ვიქტორია ეკრანს მიუახლოვდნენ. ვიდეოში მაღაზიაში რამდენიმე ტურისტი ჩანდა. ცოტა ხანში კადრში თიკო გამოჩნდა. გოგონა გამყიდველს რამდენიმე ნივთს აჩვენებინებდა, შემდეგ კი სწორედ იმ იარაღზე მიუთითა, რომელიც მოგვიანებით ვიქტორიას ბარგში აღმოჩნდა. თიკომ ნივთი შეიძინა, გადაიხადა თანხა და მაღაზიიდან გავიდა. ვიქტორიას სახე შეეცვალა. — ეს ის არის... ალეკო, ეს ნამდვილად თიკოა! ალექსანდრე ეკრანს ყურადღებით უყურებდა. — დიახ, ვხედავ. მაღაზიის მფლობელმა ჩანაწერის ასლი მათ გადასცა, თუმცა ოფიციალური გამოყენებისთვის პოლიციის შესაბამისი მოთხოვნის გაფორმებაც შესთავაზა. ალექსანდრემ მადლობა გადაუხადა და ვიქტორიასთან ერთად მაღაზია დატოვა. გოგონა მთელი გზა ჩუმად იყო. ახლა უკვე ხელში ჰქონდათ ვიდეო, რომელიც ადასტურებდა, რომ იარაღი სწორედ თიკოს ჰქონდა შეძენილი. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა იმას, რომ თიკომ ის ვიქტორიას ჩანთაში ჩადო. სასტუმროში დაბრუნების შემდეგ ალექსანდრემ ადგილობრივ ადვოკატს დაუკავშირდა. მასთან ერთად მოამზადეს ოფიციალური მიმართვა და ვიდეოჩანაწერი პოლიციას წარუდგინეს. რამდენიმე საათის შემდეგ ვიქტორია და ალექსანდრე უკვე განყოფილებაში იმყოფებოდნენ. გამომძიებელმა ჩანაწერი ყურადღებით ნახა. — ჩანაწერი ნამდვილად მნიშვნელოვანია, — თქვა მან, — თუმცა მინდა სწორად გაიგოთ: ვიდეო ადასტურებს, რომ აღნიშნულმა ქალმა იარაღი შეიძინა. მაგრამ ამ კადრებით ვერ ვადგენთ, როდის და როგორ აღმოჩნდა ის თქვენს ბარგში. ვიქტორიამ თავი დაუქნია. — მესმის. — მეორე საკითხიც არსებობს. შესაძლოა, აღნიშნულმა ქალმა განაცხადოს, რომ იარაღი საკუთარი მოხმარებისთვის შეიძინა, სასტუმროს ნომერში შეინახა და მოგვიანებით საერთოდ არ გადაუტანია საზღვარზე. ამიტომ საჭიროა დამატებითი მტკიცებულებები. ალექსანდრე ჩაერთო: — შესაძლებელია თუ არა, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ოფიციალურად მიმართოთ და ამ ქალის დაკითხვა მოითხოვოთ? გამომძიებელმა საბუთებს დახედა. — რა თქმა უნდა. ჩვენ შეგვიძლია საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების მოთხოვნა გავუგზავნოთ. მოთხოვნაში მივუთითებთ საქმის გარემოებებს, წარვადგენთ ვიდეოჩანაწერს და მოვითხოვთ ამ პირის დაკითხვას. ასევე შესაძლებელია სხვა მტკიცებულებების მოპოვებაც. — და მისი დაკითხვის შედეგები ჩვენამდე როგორ მოვა? — იკითხა ალექსანდრემ. — შესაბამისი პროცედურების დაცვით, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები დაკითხავენ მას და მიღებულ მასალებს ოფიციალური არხებით გადმოგვიგზავნიან. ამასთან, მისი ჩვენება მხოლოდ ერთი ნაწილია. ჩვენ უნდა შევადაროთ ის სხვა მტკიცებულებებსაც. ვიქტორიას იმედი გაუჩნდა. — ანუ თიკოს დაკითხვა შესაძლებელია? — დიახ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ დაკითხვა თქვენს საქმეს ავტომატურად ვერ დაასრულებს. განყოფილებიდან გამოსვლისას ვიქტორია ისევ ჩაფიქრდა. — ალეკო, იცი, რა მოხდება? — მოულოდნელად დაიწყო საუბარი. — რა? — თიკო იტყვის, რომ იარაღი იყიდა, მაგრამ თავისთვის. იტყვის, ნომერში მქონდა შენახული, ნებართვის აღება ვერ მოვასწარი და საქართველოში წამოღებას არც ვაპირებდიო. მერე კი იტყვის, რომ წარმოდგენაც არ აქვს, როგორ აღმოჩნდა ჩემს ჩანთაში. — შესაძლოა, ასეც თქვას. — და ჩვენ რას დავამტკიცებთ? ჩანაწერში მხოლოდ ის ჩანს, რომ იყიდა. ისიც არ ჩანს, რომ ჩანთაში რამეს დებს. მაინც ვერაფერს დავუმტკიცებთ... ალექსანდრემ მანქანის კარი გაუღო. — ჯერ ნუ იჩქარებ დასკვნების გამოტანას. გამოძიებას თავისი პროცედურები აქვს. ჩვენ კი ყველა შესაძლო გზა უნდა გამოვიყენოთ. ვიქტორია მანქანაში ჩაჯდა. ორი კვირის შემდეგ. ამ დღეების განმავლობაში ვიქტორიამ მშობლებთან რამდენჯერმე დარეკა. ბოლოს გადაწყვიტა, მათთვის ყველაფერი სიმართლე ეთქვა. დედა და მამა ძალიან შეწუხდნენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა გაიგეს, რომ ქალიშვილს შესაძლოა კიდევ ექვსი თვის განმავლობაში ვერ დაეტოვებინა მაროკო. — შვილო, რატომ აქამდე არ გვითხარი? — შეშფოთებული ეკითხებოდა დედა. — არ მინდოდა, გენერვიულათ. მეგონა, ყველაფერი მალე მოგვარდებოდა. — ვიკა, როგორ შეიძლება ასეთ მდგომარეობაში მარტო იყო? თუ საჭიროა, ჩამოვალთ! — არა, დე, ჯერ ნუ ჩამოხვალთ. აქ უსაფრთხოდ ვარ. სამსახურიც ვიპოვე, სასტუმროში ვმუშაობ. ალექსანდრე ძალიან მეხმარება. — ეს ალექსანდრე ვინ არის, შვილო? ვიქტორიამ ყველაფერი მოუყვა, როგორ გაიცნო სასტუმროს მფლობელი, რომელიც ქართველი იყო და როგორ დაეხმარა ის რთულ მდგომარეობაში. — ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, — დაამატა ბოლოს. — არავის უთხრათ, რაც მოხდა. არც ნათესავებს, არც ნაცნობებს. თუ ვინმე მკითხავს, უბრალოდ უთხარით, რომ საზღვარგარეთ ვარ და ცოტა ხნით დაბრუნებას ვერ ვახერხებ. მშობლებს სხვა გზა არ ჰქონდათ. ქალიშვილის თხოვნას დათანხმდნენ, თუმცა მისი მდგომარეობა მოსვენებას არ აძლევდათ. ამ ორი კვირის განმავლობაში ვიქტორია ნელ-ნელა შეეგუა მაროკოში ცხოვრებას. სასტუმროში მუშაობა დაიწყო, თანამშრომლებსაც დაუახლოვდა და ყოველდღიურ საქმეში ჩაერთო. ალექსანდრე კი განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენდა. არ უნდოდა, ვიქტორიას ეფიქრა, რომ მის დახმარებას რაიმე პირადი ინტერესი ედო საფუძვლად. ამიტომ ზედმეტად არ აწუხებდა, არ ცდილობდა მუდმივად მის გვერდით ყოფნას და თავისუფლებასაც უტოვებდა. დღის განმავლობაში შეიძლება მხოლოდ რამდენიმე წუთით შეხვედროდნენ ერთმანეთს. ზოგჯერ დილით ესაუბრებოდნენ საუზმისას, ზოგჯერ კი საღამოს, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ. ალექსანდრეს ვიქტორია სულ უფრო მეტად მოსწონდა, თუმცა საკუთარ გრძნობებში ჯერ თვითონაც ვერ გარკვეულიყო. ვიქტორიაც ამჩნევდა მის ყურადღებას, მაგრამ ჯერ არ სურდა არაფერზე ეფიქრა. მისთვის მთავარი საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება და საქართველოში დაბრუნება იყო. საქართველო. მაროკოდან გამოგზავნილი სამართლებრივი მოთხოვნა საქართველოს შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა. მოთხოვნაში მითითებული იყო ვიქტორიას საქმის გარემოებები, მაღაზიის ვიდეოჩანაწერი და თიკო მსხვილაძის დაკითხვის აუცილებლობა. საქმე ახალგაზრდა, თუმცა უკვე საკმაოდ გამოცდილ გამომძიებელს, ირაკლი ნიკოლაძეს დაევალა. ირაკლი ოცდათორმეტი წლის იყო. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე და კარგად იცოდა, რომ ერთი შეხედვით მარტივი ამბების უკან ხშირად გაცილებით რთული გარემოებები იმალებოდა. მან საქმის მასალები ყურადღებით შეისწავლა. ვიდეოჩანაწერი რამდენჯერმე ნახა, შემდეგ კი თიკოს განყოფილებაში გამოცხადება მოსთხოვა. მეორე დღეს თიკო პოლიციაში გამოცხადდა. კაბინეტში შესვლისას აშკარად ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა, თუმცა ცდილობდა, თავი მშვიდად დაეჭირა. — დაბრძანდით, ქალბატონო, — შესთავაზა ირაკლიმ. — მადლობა. — იცით, რა საკითხთან დაკავშირებით დაგიბარეთ? — არა, არაფერი არ ვიცი. ირაკლიმ საბუთები გადაშალა. — თქვენ მიმდინარე წლის იანვარში ტურისტულ ჯგუფთან ერთად მაროკოში იმყოფებოდით? — დიახ. — მარაკეშში ისტორიული ნივთების მაღაზიაში თუ ყოფილხართ? თიკო წამით შეყოვნდა. — დიახ, ვიყავი. — იქ იარაღის მსგავსი ისტორიული ნივთი შეიძინეთ? — დიახ, ერთი ძველი იარაღუ ვიყიდე. სუვენირად მინდოდა. ირაკლიმ ყურადღებით შეხედა. — შეგიძლიათ განმარტოთ, სად ინახავდით აღნიშნულ ნივთს? — სასტუმროს ნომერში მქონდა. საქართველოში წამოღებას ვაპირებდი, ვიცოდი, ნებართვა სჭირდებოდა.მაგრამ ვერ მოვასწარი აღება. — ვიქტორია გიორგაძე გახსოვთ? — რა თქმა უნდა. ერთად ვმოგზაურობდით, ერთ ოთახშიც ვიყავით. — მის ბარგში აღმოჩენილი ნივთის შესახებ რას გვეტყვით? თიკომ გაკვირვებული სახე მიიღო. — რა უნდა გითხრათ? წარმოდგენაც არ მაქვს. ჩემი ნივთი მასთან რა შუაშია? — გაქვთ ინფორმაცია, როგორ შეიძლებოდა ის ვიქტორიას ჩანთაში აღმოჩენილიყო? — არა. მე რა შუაში ვარ? ირაკლიმ რამდენიმე წამით შეხედა. — ქალბატონო თიკო, თქვენთვის ცნობილია, რომ ამ საქმეზე მაროკოს პოლიციას აქვს მაღაზიის ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს თქვენი მიერ აღნიშნული ნივთის შეძენა? თიკო დაიძაბა, თუმცა მალევე უპასუხა: — დიახ, და არც ვმალავ. ვიყიდე, მაგრამ ჩემი ნივთი იყო. როგორც გითხარით, ნომერში მქონდა შენახული. ნებართვა ვერ ავიღე და არც წამომიღია. ვიქტორიას ჩანთაში როგორ აღმოჩნდა, არ ვიცი. ირაკლი პასუხებს ყურადღებით ისმენდა და ჩანაწერებს აკეთებდა. — კარგი. ამ ეტაპზე დაკითხვა დასრულებულია. თუმცა გაცნობებთ, რომ გამოძიების დასრულებამდე ვალდებული ხართ, სამართალდამცავ ორგანოებთან ითანამშრომლოთ. ასევე, გამომძიებლის შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილების საფუძველზე, გთხოვთ, არ დატოვოთ ქალაქი წინასწარი შეტყობინებისა და საჭირო ნებართვის გარეშე. თიკომ თავი დაუქნია. — გასაგებია. განყოფილებიდან გამოსულმა ღრმად ამოისუნთქა. მხოლოდ ახლა იგრძნო, რამდენად დაძაბული იყო მთელი დაკითხვის განმავლობაში. ტელეფონი ამოიღო და მაკას დაურეკა. — სად ხარ? — ჰკითხა მაკამ. — შენთან მოვდივარ. უნდა გელაპარაკო. მაკას სახლში მისულმა თიკომ ყველაფერი მოუყვა. — ღმერთო ჩემო, მართლა დაგიბარეს? — შეშფოთდა მაკა. — დიახ. ყველაფერი იციან. ვიდეოც უნახავთ. ისიც იციან, რომ იარაღი მე ვიყიდე. — მერე რა უთხარი? — ის, რაც უნდა მეთქვა. ვუთხარი, რომ ჩემი ნივთი იყო, ნომერში მქონდა და საქართველოში წამოღებას არ ვაპირებდი. ვიქტორიას ჩანთაში როგორ აღმოჩნდა, არ ვიცი-მეთქი. — და დაგიჯერეს? — არ ვიცი, მაკა. გამომძიებელი ძალიან დაკვირვებული ჩანდა. იმდენი კითხვა დამისვა, მეგონა, ყველაფერს მიხვდა. მაკა მის გვერდით ჩამოჯდა. — დაწყნარდი. ჯერ არაფერი დაუმტკიცებიათ. ვიდეოში მხოლოდ ის ჩანს, რომ ნივთი იყიდე. ის ხომ არ ჩანს, რომ ვიქტორიას ჩანთაში შენ ჩადე? — ჰო, მაგრამ თუ გამოძიება გაგრძელდა? — ნუ გეშინია. ვერაფერს გაიგებენ. თიკომ თავი ხელებში ჩარგო. — ძალიან მეშინია, მაკა. ვიქტორია თუ გაიგებს, რომ ეს ჩემი გაკეთებულია, არასდროს მაპატიებს. მაკამ მხარზე ხელი მოხვია. — მთავარია, შენ არაფერი წამოგცდეს. დანარჩენს დრო გვაჩვენებს. თუმცა ორივე კარგად ხვდებოდა, რომ საქმე იმაზე სერიოზულად ვითარდებოდა, ვიდრე თავიდან წარმოედგინათ. მაროკო. რამდენიმე დღის შემდეგ მაროკოს პოლიციაში საქართველოს შესაბამისი ორგანოებიდან ოფიციალური პასუხი მივიდა. დოკუმენტში აღწერილი იყო თიკოს დაკითხვის შედეგები. დადასტურებული იყო, რომ მან მარაკეშის მაღაზიაში იარაღის შეძენა აღიარა, თუმცა კატეგორიულად უარყო ვიქტორიას ბარგში მისი მოთავსება. ასევე მითითებული იყო, რომ თიკო მსძვილაძეს მიეცა შესაბამისი მითითებები გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში მისი ადგილსამყოფლის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი საგამოძიებო მოქმედებებისთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო. მაროკოს გამომძიებელმა მიღებული მასალები ვიქტორიას საქმეს დაურთო და ადვოკატს დაუკავშირდა. მეორე დღეს ალექსანდრე ვიქტორიასთან მივიდა. — ვიკა, ჩაიცვი. პოლიციაში უნდა წავიდეთ. გოგონამ მაშინვე შეხედა. — რამე მოხდა? — საქართველოდან პასუხი მოვიდა. თიკო დაკითხეს. ვიქტორიას გული აუჩქარდა. — მართლა? რა თქვა? — ჯობია, ყველაფერი იქ გავიგოთ. გოგონა სწრაფად მოემზადა და ალექსანდრესთან ერთად განყოფილებაში წავიდა. გამომძიებელმა მიღებული დოკუმენტები გააცნო. ვიქტორია ყურადღებით უსმენდა, თუმცა თიკოს პასუხების მოსმენამ იმედი კვლავ გაუცრუა. — ანუ ისევ უარყოფს ყველაფერს? — იკითხა ბოლოს. — დიახ. ის ადასტურებს, რომ ნივთი შეიძინა, თუმცა ამტკიცებს, რომ ვიქტორიას ჩანთაში მისი მოთავსების შესახებ არაფერი იცის, — აუხსნა გამომძიებელმა. ვიქტორიას თვალები ცრემლით აევსო. — რა უსამართლოა ცხოვრება... ადამიანი ყველაფერს გიკეთებს, მეგობრად გესახება, ენდობი და ბოლოს ასე გწირავს. ახლა კი მშვიდად ზის და უარყოფს ყველაფერს. ალექსანდრემ მისკენ გაიწია. — ვიკა, გთხოვ, ასე ნუ ნერვიულობ. — უკვე აღარ ვიცი, რა გავაკეთო, ალეკო. ორი კვირაა აქ ვარ, ჩემი ცხოვრება გაჩერებულია. ჩემი ბრალი არაფერია და მაინც მე ვიხდი ყველაფრის ფასს. ალექსანდრემ გოგონა გულში ჩაიკრა. ვიქტორია მის მკერდზე ატირდა. ის ფრთხილად ეფერებოდა თმაზე და ცდილობდა, დაემშვიდებინა. თავადაც ვერ გაეგო, რატომ მოქმედებდა ეს გოგონა მასზე ასე ძლიერად. ვიქტორიას ცრემლები გულს სტკენდა. უნდოდა, ყველაფერი გაეკეთებინა, რათა მის სახეზე ღიმილი კვლავ დაებრუნებინა. რამდენიმე წუთის შემდეგ გოგონა ოდნავ დამშვიდდა. ალექსანდრემ მის სახეს დახედა და ცრემლები ფრთხილად შეუმშრალა. — ვიკა, რაღაც უნდა გითხრა. — გისმენ. — საქართველოში წავალ. ვიქტორიამ გაოცებულმა შეხედა. — საქართველოში? — დიახ. პირადად მინდა გავარკვიო ყველაფერი. შენს საქმეს ასე მარტივად არ მივატოვებ. იქაც უნდა ვიპოვოთ მტკიცებულებები, დავადგინოთ, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან და რატომ გაგიკეთეს ეს. — ალეკო, შენ ხომ შენი საქმეები გაქვს? სასტუმრო... — სასტუმროს საქმეებს მივხედავ. თან შენ ხომ აქ იქნები და გენდობი. ახლა კი მგონია, რომ საქართველოში წასვლა აუცილებელია. ვიქტორია ჩუმად უყურებდა. — მაგრამ რატომ აკეთებ ამდენს ჩემთვის? — ჰკითხა ბოლოს. — მართლა ვერ ვხვდები. მე შენთვის უცხო ადამიანი ვარ. ალექსანდრემ რამდენიმე წამით მზერა გაუსწორა. — შეიძლება თავიდან ასეც იყო, ვიკა. ახლა კი აღარ ხარ ჩემთვის უბრალოდ უცხო ადამიანი. გოგონას პასუხი აღარ ჰქონდა. ალექსანდრემ ხელი მოჰკიდა და განყოფილებიდან ერთად გამოვიდნენ. ვიქტორია ჯერ კიდევ გაოგნებული იყო მისი გადაწყვეტილებით. ვერ გაეგო, რატომ მიდიოდა ეს ადამიანი ასე შორს მის დასახმარებლად. მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა გაცნობიერებული, რომ ვიქტორიას დასახმარებლად გადადგმული ნაბიჯები მხოლოდ ვალდებულება აღარ იყო. გოგონა მის ცხოვრებაში ნელ-ნელა იმ ადგილს იკავებდა, რომლისთვისაც თავადაც არ ჰქონდა მზადყოფნა. #სადაც_გული_მიგიწევს #თავი_მეხუთე. ვიქტორია ალექსანდრეს კაბინეტში იჯდა. ფანჯრიდან მაროკოს მზის ჩასვლა ჩანდა. ოთახში სიჩუმე ჩამოწოლილიყო, რომელიც მხოლოდ საათის წიკწიკით ირღვეოდა. ალექსანდრე მის წინ იჯდა და ყურადღებით უსმენდა. — გისმენ, ვიკა. — არ მინდა, ასე შეგაწუხო. შენს ცხოვრებას, შენს საქმეს, შენს გეგმებს... ყველაფერს ჩემს გამო ცვლი. ახლა საქართველოშიც აპირებ წასვლას. არ ვიცი, როგორ გადაგიხადო მადლობა. ალექსანდრემ ოდნავ გაიღიმა. — ვიკა, რატომ ფიქრობ, რომ მაწუხებ? — იმიტომ, რომ შენს ადგილას რომ ვიყო, ალბათ მეც დავიღლებოდი. უკვე იმდენი გააკეთე ჩემთვის... — იცი, რა არის? — ალექსანდრე წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. — ზოგჯერ ადამიანს დახმარება სჭირდება და გვერდით არავინ ჰყავს. ზოგჯერ კი ვიღაცის დახმარება შეგვიძლია და ამას ვერ ვაკეთებთ. ვიქტორია ჩუმად უყურებდა. ალექსანდრემ რამდენიმე წამით გარეთ გაიხედა, შემდეგ კი ისევ მისკენ შემობრუნდა. — ოდესღაც მეც მინდოდა ვიღაცისთვის ხელი გამეწოდებინა. მაშინ მეგონა, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებდი. ახლა კი ვხვდები, რომ ძალიან შევცდი. იმ ადამიანს ვერ დავეხმარე ისე, როგორც უნდა დამეხმარა. მის ხმაში სევდა იგრძნობოდა. — და ახლა, როცა შენს დახმარებას ვახერხებ, რატომ უნდა ვთქვა უარი? ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია შენ გვერდით ვიყო. ვიქტორიას თვალები აუწყლიანდა. — ალეკო... — გთხოვ, აღარასოდეს იფიქრო, რომ ჩემთვის ტვირთი ხარ. შენს გვერდით ყოფნა ჩემი არჩევანია. ვიქტორიამ თავი დაუქნია. სიტყვებს ვერ პოულობდა. ალექსანდრემ მისკენ გაიწია და ხელი მხარზე მოჰკიდა. თუმცა ვიქტორიას გონებაში ალექსანდრეს ნათქვამი სიტყვები დარჩა. ვიღაცისთვის დახმარება ვერ შეძლო... ვინ იყო ის ადამიანი? რა მოხდა მის ცხოვრებაში ისეთი, რამაც ასე დაამწუხრა? ამ კითხვებზე პასუხის მიღება იმ საღამოს გადაწყვიტა. --- სამუშაო საათები დასრულდა. ვიქტორიამ სასტუმროს თანამშრომლებს დაემშვიდობა და ალექსანდრეს კაბინეტისკენ გაემართა. უნდოდა, მასთან კიდევ ესაუბრა, მაგრამ კარი დაკეტილი დახვდა. რამდენიმე წამით შეყოვნდა. ალექსანდრეს პირად ოთახში წასვლა გადაწყვიტა. კართან მივიდა და ფრთხილად დააკაკუნა. — შეიძლება, შემოვიდე? — შემოდი. ვიქტორიამ კარი შეაღო. ალექსანდრე სავარძელში იჯდა. წინ პატარა მაგიდა ედგა, რომელზეც ვისკის ჭიქა იდგა. ხელში მეორე ჭიქა ეჭირა და ფანჯრიდან იყურებოდა. — ვიკა? — გაუკვირდა მისი დანახვა. — რამე მოხდა? — არა. უბრალოდ... შეიძლება, ცოტა ხნით დაგელაპარაკო? — რა თქმა უნდა. მოდი, დაჯექი. ვიქტორია მის მოპირდაპირე სავარძელში მოთავსდა. — კარგად ხარ? — ჰკითხა გოგონამ. — კი. რატომ მეკითხები? — დღეს რაღაცნაირი იყავი. თითქოს რაღაც გაწუხებდა. ალექსანდრემ ჭიქას დახედა. — ხანდახან წარსული გვახსენებს თავს. — იმ ადამიანზე ფიქრობდი, ვისაც ვერ დაეხმარე? ალექსანდრემ გაკვირვებით შეხედა. — გახსოვს? — როგორ არ მემახსოვრება? შენ ხომ მითხარი. ალექსანდრემ ოდნავ გაიღიმა. — შენთან არაფერი გამომდის. ყველაფერს ამჩნევ. — მაშინ მომიყევი. თუ არ გინდა, არ არის აუცილებელი. ალექსანდრე რამდენიმე წამით ჩუმად იყო. შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ ვიქტორიასთვის არაფერი დაემალა. — ჩემი მშობლები აღმოსავლურ ენებს სწავლობდნენ. სწორედ ასე გაიცნეს ერთმანეთი. ორივეს ერთი და იგივე ინტერესი ჰქონდა, ორივეს აღმოსავლური კულტურა იზიდავდა. მერე ეგვიპტეში წავიდნენ და იქ გააგრძელეს ცხოვრება. ვიქტორია ყურადღებით უსმენდა. — დღესაც ეგვიპტეში არიან. საელჩოში მუშაობენ. ბევრი მეგობარი ჰყავთ იქ. ერთ-ერთი მათგანი მაროკოელი იყო. წლების წინ აქ სახლი გვაჩუქა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება ასე შემიყვარდებოდა. — და სასტუმრო? — სახლი გადავაკეთე. თავიდან პატარა სასტუმრო იყო, მერე ნელ-ნელა გავაფართოვე. ახლა უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილია. აქაურობას ისე შევეჩვიე, რომ წასვლა აღარ მომინდა. ვიქტორიას გაეღიმა. — ალბათ ამიტომაც გიყვარს ასე ძალიან მაროკო. — ალბათ. ალექსანდრე ცოტა ხნით გაჩუმდა, შემდეგ კი განაგრძო: — მყავს ერთი და, ლიკა. საქართველოში ცხოვრობს. ქუთაისში. — მართლა? — გაუხარდა ვიქტორიას. — ქუთაისში? — დიახ. თბილისში ვცხოვრობდით, მაგრამ ჩემს დას აღმოსავლური ქვეყნები დიდად არ მოსწონს. სტუმრადაც რომ ჩამოდიოდა, რამდენიმე დღეზე მეტხანს ვერ ჩერდებოდა. ვიქტორიას გაეცინა. — და ქუთაისში რატომ გადავიდა? — ჩემი და სამშენებლო კომპანიაში გაყიდვების მენეჯერად მუშაობდა. მერე კომპანიამ ქუთაისში დაიწყო საქმიანობა და იქ გადავიდა. ბინაც იყიდა. — მარტო ცხოვრობს? ალექსანდრემ ეშმაკურად გაიღიმა. — მგონი, შეყვარებული ჰყავს. — მგონი? — არ მეუბნება. რაღაცას მიმალავს. მე კი მგონია, რომ სწორედ მაგის გამო დარჩა ქუთაისში. ვიქტორიას გაეცინა. — ანუ შენს დასაც აქვს საიდუმლოებები. — როგორც ჩანს. — მშობლებს ხშირად ნახულობ? — წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოდიან მაროკოში. მეც ხშირად მივდივარ ეგვიპტეში მათთან. როცა ლიკა ჩამოდის, ყველანი ერთად ვიკრიბებით. ვიქტორია ჩუმად უსმენდა. ალექსანდრე პირველად უყვებოდა საკუთარ ოჯახზე ასე გულწრფელად. — და პირად ცხოვრებაში რა ხდება? — მოულოდნელად ჰკითხა. ალექსანდრეს გაეღიმა. — პირდაპირ კითხვებს სვამ. — აბა, როგორ? შენ ხომ უკვე ყველაფერი იცი ჩემზე. ალექსანდრემ ჭიქა მაგიდაზე დადგა. — კარგი. მაშინ მოგიყვები. რამდენიმე წამით დაფიქრდა. — ოცი წლის ვიყავი, როცა დავქორწინდი. მაშინ მეგონა, რომ სიყვარული ყველაფერს ნიშნავდა. მეგონა, თუ ადამიანი გიყვარს, მასთან ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. ვიქტორია ყურადღებით უყურებდა. — ის გოგო სწავლობდა. სწავლის გაგრძელება უნდოდა, მაგრამ მე ამის საშუალებას არ ვაძლევდი. მინდოდა, სულ ჩემთან ყოფილიყო. მეგონა, რომ ასე უფრო ბედნიერები ვიქნებოდით. — და? — ვერ გავუგეთ ერთმანეთს. მას საკუთარი ოცნებები ჰქონდა, მე კი მხოლოდ ჩემი სურვილებით ვცხოვრობდი. მალე დავშორდით. ალექსანდრემ ამოიოხრა. — ძალიან ვნანობ, რომ მაშინ არ დავეხმარე. რომ არ მივეცი საშუალება, ის ცხოვრება ჰქონოდა, რომელიც უნდოდა. ვიქტორია მის გვერდით გადაჯდა და მხარზე ხელი დაადო. — ალეკო, მაშინ შენც ახალგაზრდა იყავი. ალბათ არც შენ გესმოდა ბევრი რამ. ალექსანდრემ მისკენ გაიხედა. — შეიძლება. მაგრამ ეს მაინც არ მამართლებს. — წარსულს ვერ შეცვლი. შეგიძლია მხოლოდ ის გააკეთო, რომ იგივე შეცდომა აღარ გაიმეორო. ალექსანდრეს გაეღიმა. — იცი, რატომ მომწონხარ? ვიქტორია დაიბნა. — რატომ? — იმიტომ, რომ ყოველთვის რაღაცას მეუბნები, რაც უნდა გავიგო. გოგონას გაეღიმა. — მაშინ კარგად უნდა მომისმინო. — გისმენ. მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა, თუმცა ამჯერად სიჩუმე უხერხული აღარ იყო. პირიქით, თითქოს ორივე გრძნობდა, რომ რაღაც შეიცვალა. ვიქტორია ალექსანდრეს თვალებში იყურებოდა. ის კი გოგონას სახეს აკვირდებოდა და ცდილობდა, დაემალა ის გრძნობა, რომელიც სულ უფრო ძლიერად ეუფლებოდა. — კიდევ ერთ ჭიქას ხომ არ დალევ? — ჰკითხა ალექსანდრემ. — ცოტას. მან ვიქტორიას ჭიქაში ვისკი ჩაასხა. გოგონამ მოსვა და სახე ოდნავ დაემანჭა. — მწარეა. ალექსანდრეს გაეცინა. — პირველად სვამ? — არა, მაგრამ შენსავით ვერ ვსვამ. — მაშინ ნელა დალიე. ვიქტორიამ ჭიქა მაგიდაზე დადო. — ალეკო... — ჰო? — შენთან ყოფნა მომწონს. ალექსანდრეს სახეზე ღიმილი შეეპარა. — მეც. — და ზოგჯერ მგონია, რომ შენთან ყოფნისას ყველაფერს ვივიწყებ. ალექსანდრე მისკენ ოდნავ გადაიხარა. — ვიკა, ერთი რამ უნდა გკითხო. — მკითხე. — ამას იმიტომ აკეთებ, რომ ჩემი მადლობელი ხარ? იმიტომ, რომ დაგეხმარე? ვიქტორიას სახე შეეცვალა. ალექსანდრემ განაგრძო: — არ მინდა, თავი ვალდებულად იგრძნო. არ მინდა, იფიქრო, რომ ჩემი დახმარების სანაცვლოდ რამე უნდა გააკეთო. ვიქტორიას თვალები აუწყლიანდა. რამდენიმე წამით ჩუმად უყურებდა, შემდეგ კი თავი დაუქნია. — არა, ალეკო... მაგრამ სიტყვა ვეღარ დაასრულა. წამოდგა და კარისკენ წავიდა. ალექსანდრე გაკვირვებული უყურებდა. — ვიკა? გოგონამ კარი შეაღო და ოთახიდან გავიდა. ალექსანდრე სავარძელში ჩუმად იჯდა. ვისკის ჭიქა აიღო და ერთი ყლუპი მოსვა. თავი უკან გადასწია და თვალები დახუჭა. არ უნდოდა, ვიქტორია დაეკარგა. არ უნდოდა, მისი გრძნობები ვალდებულების გამო ყოფილიყო. მაგრამ იმ საღამოს პირველად იგრძნო, რომ შესაძლოა, ვიქტორიას მის მიმართ ისეთივე გრძნობა ჰქონოდა, როგორიც თავად მას. --- ვიქტორია თავის ოთახში შევიდა. კარი მიხურა და საწოლზე ჩამოჯდა. თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. ალექსანდრეს სიტყვები ისევ ახსენდებოდა. „თუ ამას იმიტომ აკეთებ, რომ ჩემი მადლობელი ხარ, არ არის საჭირო.“ მას არ უნდოდა, ალექსანდრეს ეფიქრა, რომ მის მიმართ გრძნობები მხოლოდ მადლიერების გამო ჰქონდა. მაგრამ როგორ აეხსნა, რომ ამ ადამიანთან ყოფნა უკვე ყველაფერს ნიშნავდა? როგორ ეთქვა, რომ მისი ღიმილი, მისი ხმა, მისი მზერა სულ უფრო მეტად იზიდავდა? ვიქტორიამ სახეზე ხელები აიფარა. ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა. გოგონა წამოდგა და კარი გააღო. ალექსანდრე იდგა. — რატომ მოხვედი? — ჩუმად ჰკითხა ვიქტორიამ. ალექსანდრემ მის თვალებში შეხედა. — იმიტომ, რომ იმ ღამის შემდეგ ვერ გივიწყებ. ვიქტორიას სუნთქვა შეეკრა. — ალეკო... — ვიკა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდი, თავი შემეკავებინა. არ მინდოდა, შენთვის რამე დამეძალებინა. არ მინდოდა, ჩემი დახმარების გამო თავი ვალდებულად გეგრძნო. მან ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. — მაგრამ ახლა მინდა, სიმართლე გითხრა. შენ ჩემთვის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ხარ. ვიქტორიას თვალები კვლავ აუწყლიანდა. — მეც ვერ გივიწყებ. ალექსანდრემ ხელი ფრთხილად მოჰკიდა. ალექსანდრე მისკენ დაიხარა და ფრთხილად აკოცა. ვიქტორიამ თვალები დახუჭა და კოცნას უპასუხა. ეს იყო კოცნა, რომელშიც ყველაფერი იგრძნობოდა — მონატრება, შიში, სითბო და ის გრძნობა, რომელსაც ორივე ამდენ ხანს მალავდა. ალექსანდრემ გოგონა გულში ჩაიკრა. ვიქტორია მის მკერდზე მიეყრდნო და ჩუმად გაიღიმა. — არ მინდა, რომ წახვიდე, — ჩურჩულით უთხრა. — საქართველოში უნდა წავიდე, ვიკა. მაგრამ დავბრუნდები. — ვიცი. ალექსანდრემ ისევ აკოცა. იმ ღამეს მათ შორის ყველა უხილავი ბარიერი გაქრა. ვიქტორიამ პირველად იგრძნო, რომ ამ უცხო ქვეყანაში მარტო აღარ იყო. ალექსანდრე კი მიხვდა, რომ გოგონა, რომლის დახმარებაც თავიდან მხოლოდ ადამიანური სურვილით უნდოდა, მის გულში უკვე ძალიან ღრმად იყო შესული. მათი კოცნა უფრო ვნებიანი გახდა. ჩახუტებულები საწოლთან მივიდნენ და ერთმანეთის სიახლოვეში ჩაიკარგნენ. გარეთ მთვარიანი ღამე იდგა. ოთახში კი ორი ადამიანის გრძნობა იღვიძებდა, რომელსაც არც საზღვრები ჰქონდა და არც ახსნა სჭირდებოდა. --- ორი დღის შემდეგ. ალექსანდრე საქართველოში გამგზავრებისთვის ემზადებოდა. ვიქტორიას სასტუმროს შესასვლელთან დაემშვიდობა. — მალე დავბრუნდები, — უთხრა და შუბლზე აკოცა. — გელოდები. — დამპირდი, რომ თავს გაუფრთხილდები. — შენც. ალექსანდრემ გოგონა კიდევ ერთხელ ჩაიკრა გულში და მანქანისკენ წავიდა. რამდენიმე საათში უკვე თვითმფრინავში იჯდა. Წასვლამდე ლიკა გააფრთხილა რომ ჩასვლას აპირებდა ლიკამ მაშინვე თავის შეყვარებულს დაურეკა. — ირაკლი, იცი, რა ხდება? — რა? — ჩემი ძმა ჩამოდის! მინდა, აეროპორტში დავხვდე. შენც წამოდი, მინდა გაგაცნო. — კარგი, საყვარელო წამოვალ. ლიკა სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო. დიდი ხნის შემდეგ ძმას ნახავდა. თან უნდოდა, ირაკლიც გაეცნო მისთვის. --- ქუთაისის აეროპორტში ლიკა და ირაკლი იდგნენ. ლიკა მოსვენებას ვერ პოულობდა. თვალებით მგზავრებს ეძებდა და ყოველ რამდენიმე წამში საათს დახედავდა. — სად არის? — ჩაილაპარაკა. ირაკლის გაეღიმა. — მალე გამოვა. დამშვიდდი. რამდენიმე წუთში აეროპორტის გასასვლელში ალექსანდრე გამოჩნდა. ლიკამ მაშინვე იცნო. — ალეკო! გახარებული მისკენ გაიქცა. ალექსანდრემ ხელები გაშალა და დას გულში ჩაიკრა. — ლიკა! — როგორ მომენატრე! — უთხრა გოგონამ და ძმას მაგრად ჩაეხუტა. — მეც, პატარა. — პატარა აღარ ვარ! ალექსანდრეს გაეცინა. — ჩემთვის ყოველთვის პატარა იქნები. ლიკამ ძმას ხელი მოჰკიდა და ირაკლისკენ შემობრუნდა. — ალეკო, გაიცანი. ეს ირაკლია, ჩემი შეყვარებული. ალექსანდრემ ირაკლის შეხედა. ახალგაზრდა მამაკაცი მისკენ წამოვიდა და ხელი გაუწოდა. — სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ალექსანდრემ ხელი ჩამოართვა. — ჩემთვისაც. ირაკლი ნიკოლაძე. რამდენიმე წამით ალეკო ჩუმად იყო. მისი სახელი რაღაცას აგონებდა. ალექსანდრე დაფიქრდა. ირაკლი ნიკოლაძე. ეს სახელი უკვე სმენოდა. მაროკოს პოლიციაში მიღებულ დოკუმენტებში. ვიქტორიას საქმის გამომძიებელი. ალექსანდრეს მზერა შეეცვალა. ირაკლიმ კი ვერაფერი შეამჩნია. — წამოდი, ალეკო, — უთხრა ლიკამ. — სახლში წავიდეთ. ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი. ალექსანდრემ დას შეხედა, შემდეგ კი ირაკლის. — რა თქმა უნდა. #სადაც_გული_მიგიწევს #თავი_მეექვსე. ალექსანდრე, ლიკა და ირაკლი აეროპორტიდან პირდაპირ ლიკას სახლში წავიდნენ. გზაში ლიკა ძმას ათას კითხვას უსვამდა. აინტერესებდა, როგორ ცხოვრობდა მაროკოში, როგორ მიდიოდა სასტუმროს საქმეები და როდის აპირებდა უკან დაბრუნებას. ალექსანდრე კითხვებს ღიმილით პასუხობდა, თუმცა გონებით სულ სხვა ადგილას იყო. ვიქტორიაზე ფიქრობდა და იმაზე, რომ მის საქმეში შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი აღმოეჩინა. სახლში მისვლის შემდეგ ლიკამ სტუმრებს ყავა შესთავაზა. — მე სამზარეულოში გავალ, თქვენ ისაუბრეთ, — თქვა მან და ძმას გაუღიმა. ალექსანდრე და ირაკლი მისაღებში მარტო დარჩნენ. რამდენიმე წამით ორივე ჩუმად იყო. — ირაკლი, ერთი რამ უნდა გკითხო, — საუბარი ალექსანდრემ დაიწყო. — გისმენთ. — შენი სახელი უკვე მსმენია. უფრო სწორად, მაროკოს პოლიციაში ვიქტორია გიორგაძის საქმესთან დაკავშირებულ დოკუმენტებში შემხვდა. ირაკლის სახე შეეცვალა. — ვიქტორია გიორგაძის? — დიახ. სწორედ იმ გოგონაზე მინდა გესაუბრო, რომლის საქმესაც იძიებ. ალექსანდრემ ყველაფერი მოუყვა. როგორ გაიცნო ვიქტორია მაროკოში, როგორ აღმოჩნდა გოგონა რთულ მდგომარეობაში, როგორ დაეხმარა და როგორ გადაწყვიტა, რომ საქართველოში ჩამოსულიყო, რათა მისი ოჯახის წევრებს შეხვედროდა და გამოძიებისთვის ხელი შეეწყო. ირაკლი ყურადღებით უსმენდა. — ანუ ვიქტორია ახლა თქვენთან არის მაროკოში? — დიახ. სასტუმროში ცხოვრობს. მის გვერდით ვარ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ სიმართლე გაირკვეს. ალექსანდრემ ოდნავ გაიღიმა. — ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ საქმის გამომძიებელი ჩემი დის შეყვარებული თუ იქნებოდა. ირაკლის გაეცინა. — როგორც ჩანს, შემთხვევითობები ზოგჯერ ძალიან საინტერესოა. — მთავარია, ამ შემთხვევითობამ ვიქტორიას საქმეს უშველოს. — დამიჯერეთ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ სიმართლე დავადგინო. თუმცა რამდენიმე საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია. — სწორედ ამიტომ მინდა, დაგეხმარო. ვიქტორია ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანია და არ ვაპირებ, ამ ამბავს გულგრილად შევხედო. ირაკლიმ თავი დაუქნია. — მაშინ იქნებ ახლა დავურეკოთ? რამდენიმე შეკითხვა მაქვს. ალექსანდრემ ტელეფონი აიღო და ვიქტორიას ნომერი აკრიფა. რამდენიმე ზარის შემდეგ გოგონამ უპასუხა. — ალეკო? — როგორ ხარ, ვიკა? — კარგად. შენ როგორ ხარ? უკვე ჩახვედი? — დიახ, ახლა ჩემს დასთან ვარ. Აქ გავიცანი ირაკლი ნიკოლაძე, ადამიანი რომელიც შენს საქმეს იძიებს, აშენთან რამდენიმე შეკითხვა უნდა. — რა თქმა უნდა. ირაკლიმ ტელეფონი ალექსანდრეს გამოართვა. — გამარჯობა, ვიქტორია. ირაკლი ნიკოლაძე ვარ. — გამარჯობა. — მინდა, კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ რამდენიმე გარემოება. როდესაც აეროპორტში დაგაკავეს, თიკო მსხვილაძე სად იმყოფებოდა? — იქ იყო. ჩემს სიახლოვეს იდგა. — დანარჩენი ჯგუფის წევრები? — ისინი უკვე გასული იყვნენ. მგონი, ყველა თვითმფრინავისკენ წავიდა. — ანუ თიკომ დაინახა, რომ დაგაკავეს? — დიახ. დამინახა. — შემდეგ რა მოხდა? ის იქვე დარჩა? ვიქტორია დაფიქრდა. — ზუსტად ვერ გეტყვით. ძალიან დაბნეული ვიყავი. პოლიციელებთან ერთად გამიყვანეს და მერე უკვე აღარაფერი დამინახავს. ალბათ თვითმფრინავისკენ წავიდა. — ჯგუფის წევრებიდან ვინმემ მოგიკითხა? ვინმემ დარეკა ან იკითხა, რატომ არ ჩახვედით თვითმფრინავში? — არა, არაფერი ვიცი. მას შემდეგ მათთან კონტაქტი აღარ მქონია. ირაკლიმ რამდენიმე წამით ჩაიფიქრა. — გასაგებია. კიდევ ერთი კითხვა მაქვს. დაკავებამდე თიკო როგორ იქცეოდა? რამე უჩვეულო ხომ არ შეგიმჩნევიათ? — არა, ჩვეულებრივად იყო. ერთად ვმოგზაურობდით. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ასეთ რამეს გამიკეთებდა. — კარგი, ვიქტორია. მადლობა თანამშრომლობისთვის. თუ დამატებითი კითხვები გაგვიჩნდა, ისევ დაგიკავშირდებით. — გმადლობთ, ბატონო ირაკლი. საუბარი დასრულდა. ირაკლიმ ტელეფონი ალექსანდრეს დაუბრუნა. — საინტერესოა, — ჩაილაპარაკა მან. — რას ფიქრობ? — ჯერ არ მინდა დასკვნების გამოტანა, მაგრამ თიკოს ქცევა აუცილებლად უნდა გადავამოწმო. ამ დროს ლიკაც დაბრუნდა ყავის ჭიქებით. — აბა, რაზე საუბრობდით? ირაკლიმ გაიღიმა. — სამსახურის ამბებზე, საყვარელო. — თქვენ კაცებს სხვა სალაპარაკო არაფერი გაქვთ? ალექსანდრეს გაეცინა. ცოტა ხნის შემდეგ ირაკლი წამოდგა. — კარგი, მე დაგტოვებთ. თქვენ ბევრი გაქვთ ერთმანეთთან სასაუბრო. ხვალ გნახავთ. ლიკამ კარამდე მიაცილა, დაემშვიდობა და უკან დაბრუნდა. ძმა დივანზე იჯდა და ფანჯარაში იყურებოდა. — ალეკო... — ჰო, ლიკა? — ერთი რამ უნდა გკითხო. — მკითხე. ლიკა მის გვერდით ჩამოჯდა. — ვიქტორია ვინაა? უბრალო ნაცნობი რომ იყოს, ასე არ ინერვიულებდი, არა? ალექსანდრეს გაეღიმა. — უბრალო ნაცნობი არ არის ჩემთვის. — აბა, ვინ არის? ალექსანდრემ დას შეხედა. — მნიშვნელოვანი ადამიანია, ლიკა. გოგონას სახეზე თბილი ღიმილი გამოესახა. — მიხარია, თუ ასეა. — ჯერ ყველაფერი ახალია. ბევრი რამ მოხდა და არ მინდა, რამე ვიჩქარო. — მთავარია, ბედნიერი იყო, ძამიკო. ალექსანდრემ დას ხელი მოხვია. — შენც მინდა ბედნიერი იყო. სხვათა შორის, ირაკლი კარგი ბიჭი ჩანს. ლიკას გაეცინა. — ხომ გითხარი! იმ საღამოს და-ძმამ დიდხანს ისაუბრეს. თუმცა ალექსანდრეს ფიქრები კვლავ ვიქტორიასთან იყო. მეორე დილით გამომძიებელი ირაკლი ნიკოლაძე თიკო მსხვილაძის საცხოვრებელ ბინაში მივიდა. გოგონა დედასთან და დასთან ერთად ცხოვრობდა. კარის გაღების შემდეგ ირაკლიმ თავი წარადგინა და აუხსნა, რომ ვიქტორია გიორგაძის საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა ჰქონდა. თიკო აშკარად დაიბნა, თუმცა გამომძიებელი სახლში შეიპატიჟა. — მინდა, იმ დღეს მომხდარი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, — უთხრა ირაკლიმ, როცა მისაღებში დასხდნენ. — აეროპორტში ვიქტორიას დაკავების დროს სად იმყოფებოდით? თიკომ ხელები ერთმანეთში გადახლართა. — სიმართლე რომ გითხრათ, ვიქტორია ცოტა ხანს ყოყმანობდა წამოსვლაზე. თითქოს ვიღაცას ელოდებოდა. მე კი დრო აღარ მქონდა და კონტროლზე გავედი. — ვიქტორია თქვენთან ერთად არ წამოსულა? — არა. მოგვიანებით რომ აღარ გამოჩნდა, ვიფიქრე, ალბათ იმ კაცმა მოაკითხა და უკან დაბრუნდა-მეთქი. - ვინ კაცმა? —სასტუმროში გაიცნო ერთი ქართველი. ვიფიქრე, ალბათ მის გამო დარჩა. — ანუ თქვენთვის ცნობილი იყო, რომ ვიქტორია მაროკოში დარჩენას აპირებდა? — არა, ზუსტად არ ვიცი. უბრალოდ ასე ვიფიქრე. ირაკლი რამდენიმე წამით ჩუმად აკვირდებოდა. — და ჯგუფის სხვა წევრებს რა უთხარით? — არაფერი განსაკუთრებული. ყველანი ვვარაუდობდით, რომ ვიქტორია იმ ქართველ მამაკაცთან დარჩა. ირაკლიმ კიდევ რამდენიმე კითხვა დაუსვა, პასუხები ჩაინიშნა და ბოლოს წამოდგა. — შესაძლოა, კიდევ დაგვჭირდეს თქვენი დაკითხვა. გთხოვთ, თუ რაიმე გაგახსენდებათ, დაგვიკავშირდით. — რა თქმა უნდა. გამომძიებელი დაემშვიდობა და ბინიდან გამოვიდა. მანქანაში ჩაჯდომისთანავე ტელეფონი აიღო და მაროკოს შესაბამის უწყებებს დაუკავშირდა. მოითხოვა ვიქტორიას დაკავების მომენტის ამსახველი აეროპორტის ვიდეოჩანაწერის ასლი. შემდეგ ტურისტული კომპანიის მოძიება დაიწყო, რომელმაც მაროკოს ტური მოაწყო. რამდენიმე წუთში საჭირო ინფორმაციაც მოიპოვა. ტურის ორგანიზატორი და გიდი ლაშა იაშვილი იყო. ირაკლიმ მას დაურეკა. — გამარჯობა, ლაშა იაშვილს ვესაუბრები? — დიახ. — გამომძიებელი ირაკლი ნიკოლაძე ვარ. ვიქტორია გიორგაძის საქმესთან დაკავშირებით მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვათ. — დიახ, გისმენთ. — პირადად შეხვედრა მირჩევნია. თქვენი მისამართი მჭირდება. ლაშამ მისამართი უკარნახა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ირაკლი მის საცხოვრებელ ბინასთან იდგა. ლაშამ კარი გააღო და გამომძიებელი სახლში შეიპატიჟა. — რა მოხდა, ბატონო ირაკლი? ვიქტორიასთან დაკავშირებით... — ჯერ ვერაფერს გეტყვით. მინდა, რამდენიმე გარემოება დავაზუსტო. პირველ რიგში, მაინტერესებს, სად არის ახლა ვიქტორია გიორგაძე? — მაროკოში დარჩა. — ვისთან დარჩა? ლაშას გაეღიმა. — როგორც ვიცი, იქ ერთი ქართველი ბიზნესმენი გაიცნო. სასტუმროს მფლობელი ყოფილა. ბოლოს მე და თიკო მსხვილაძე გამოვედით აეროპორტიდან. თიკომ გვითხრა, ვიქტორიას ვიღაც კაცმა მიაკითხა და მასთან დარჩაო. — თქვენ თვითონ ნახეთ ეს მამაკაცი? — არა. უბრალოდ თიკოსგან ვიცოდი. თუმცა ვიქტორიას მართლაც ჰყავდა იქ გაცნობილი ქართველი ბიზნესმენი და ჩვენც ვიფიქრეთ, რომ მის გამო დარჩა. — რატომ მეკითხებითო, ხომ არ გეწყინებათ, რომ გკითხოთ? — დაამატა ლაშამ. — რამე ხომ არ შეემთხვა? კარგად არის? ირაკლიმ მშვიდად შეხედა. — გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე დეტალებს ვერ გაგიმხელთ. თუმცა თქვენი ჩვენება შესაძლოა სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. — რა თქმა უნდა, თუ საჭირო იქნება, ვითანამშრომლებ. — მადლობა. თუ დამატებითი კითხვები გაჩნდება, დაგიკავშირდებით. გამომძიებელი წამოდგა და დაემშვიდობა. იმავე ღამეს ირაკლი ტურისტული ჯგუფის სხვა წევრებსაც დაუკავშირდა და გამოკითხა. თითქმის ყველა ერთსა და იმავეს ამბობდა: ვიქტორია მაროკოში დარჩა, რადგან იქ ქართველი მამაკაცი გაიცნო. თიკოსგან კი იცოდნენ, რომ გოგონას სწორედ იმ მამაკაცმა მიაკითხა. ყველა ჩვენება ერთმანეთს ემთხვეოდა. მაგრამ ირაკლის ეჭვები არ უქრებოდა. მეორე დღე დილით ალექსანდრე ვიქტორიას მშობლების სახლში მივიდა. კარის გაღებისთანავე თბილად მიიღეს. გოგონას მშობლებს ძალიან აინტერესებდათ ადამიანი, რომელმაც მათი შვილის ასეთ რთულ მდგომარეობაში დახმარება გადაწყვიტა. — ძალიან დიდი მადლობა, რომ ვიქტორიას გვერდით ხართ, — უთხრა დედამ. — მადლობის გადახდა საჭირო არ არის. ვიქტორია ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია. მამამ ყურადღებით შეხედა. — იმედი გვაქვს, მალე გაირკვევა ყველაფერი. — აუცილებლად. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სიმართლე დავადგინოთ. მათ საუბარში დიანა კორინთელიც მონაწილეობდა. მას ვიქტორიას ამბავი უკვე კარგად ჰქონდა ცნობილი და ალექსანდრეს მოსვლაც ძალიან გაუხარდა. ცოტა ხანში ვიდეოზარით ვიქტორიას დაუკავშირდნენ. — ვიკა! — სიხარულით შესძახა დიანამ. — დიანა! — როგორ ხარ? გული გამისკდა, რომ გავიგე, რაც დაგემართა! — კარგად ვარ. ნუ ნერვიულობ. — როგორ არ ვინერვიულო? როდის გნახავ? ძალიან მომენატრე. ვიქტორიას გაეღიმა. — მალე, იმედი მაქვს. დიანამ ალექსანდრეს გახედა. — ალექსანდრე, გთხოვთ, მიხედეთ ჩვენს გოგოს. — ნუ ღელავთ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მალე თქვენთან იყოს. ალექსანდრემ ოჯახი დაამშვიდა და დაჰპირდა, რომ გამოძიებას ბოლომდე მიიყვანდა. თუმცა გულში ერთი კითხვა მაინც აწუხებდა. მართლა უნდოდა თუ არა ვიქტორიას მაროკოდან დაბრუნება? იცოდა, რომ გოგონა ახლა მასთან იყო ბედნიერი, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ მისი სურვილი და გადაწყვეტილება მისთვის უმნიშვნელო უნდა ყოფილიყო. დღის მეორე ნახევარში ირაკლის ტელეფონზე ზარი შევიდა. მაროკოდან მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერი ჩამოსულიყო. გამომძიებელი მაშინვე თავის კაბინეტში შევიდა და ჩანაწერის შესწავლა დაიწყო. ეკრანზე აეროპორტის გასასვლელი გამოჩნდა. რამდენიმე წუთში ვიქტორიაც გამოჩნდა. გოგონა ვიღაცას ელაპარაკებოდა, შემდეგ კი მისკენ პოლიციის თანამშრომლები გაემართნენ. ირაკლიმ ჩანაწერი შეაჩერა. ვიქტორიას უკან, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, თიკო მსხვილაძე იდგა. გოგონა მთელი ამ ხნის განმავლობაში იქ ყოფილიყო. ირაკლიმ ჩანაწერი რამდენჯერმე გადაახვია. თიკო აშკარად ხედავდა, როგორ აკავებდნენ ვიქტორიას. გამომძიებელი სავარძელს მიეყრდნო. — ესე იგი, იქ იყავი და მაინც მოიტყუე... მან მაშინვე საქმის მასალები მოითხოვა. ვიდეოჩანაწერის საფუძველზე თიკოს მიერ მიცემული ჩვენება საეჭვო გახდა. გამომძიებელმა შესაბამისი საპროცესო გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მოამზადა. მალე გაიცა თიკოს დაკავების ორდერი ცრუ ჩვენების ფაქტზე, ასევე სასამართლოს ნებართვა მისი ტელეფონის შემოწმებისა და შესაბამისი ინფორმაციის ამოღებისთვის. რამდენიმე საათში თიკო უკვე პოლიციის განყოფილებაში იყო. დაკითხვის ოთახში გამომძიებელი ირაკლი ნიკოლაძე შევიდა. ირაკლიმ მის წინ საქმის მასალები დადო. — მინდა, ვიქტორია გიორგაძის საქმეზე კიდევ ერთხელ ვისაუბროთ. — უკვე მოგეცით ჩვენება. — ვიცი. სწორედ ამიტომ ხარ აქ. თიკომ თავი ასწია. — რა ხდება? რატომ დამაკავეთ? ირაკლიმ წინ ვიდეოჩანაწერი დაუდო. — ეს ჩანაწერი ხომ არ გეცნობა? თიკომ ეკრანს შეხედა და გაფითრდა. — ეს რა არის? — აეროპორტის სათვალთვალო კამერის ჩანაწერი. აქ ნათლად ჩანს, რომ ვიქტორიას დაკავების დროს შენ იქ იყავი. მიუხედავად ამისა, ჩვენებაში თქვი, რომ უკვე კონტროლი გავლილი გქონდა და არ იცოდი, რა დაემართა. — მე... არ მახსოვს ზუსტად. — არ გახსოვს? მაშინ ვიდეომ დაგვეხმაროს გახსენებაში. თიკო გაჩუმდა. — კიდევ ერთხელ გეკითხები, რატომ დამალე სიმართლე? — ადვოკატს ვითხოვ. ირაკლიმ რამდენიმე წამით შეხედა. — შენი უფლებაა, ადვოკატი მოითხოვო. მანამდე კი დაფიქრდი, რამდენად გიღირს სიმართლის დამალვა. თიკომ პასუხი არ გასცა. დაკითხვის დასრულების შემდეგ, როგორც კი მას ტელეფონით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცა, მაშინვე მაკას ნომერი აკრიფა. — მაკა, სასწრაფოდ ადვოკატი მომიყვანე! — ჩურჩულით უთხრა. — დამაკავეს. მაკა იმ დროს ზაზასთან ერთად იმყოფებოდა. ტელეფონის გათიშვის შემდეგ სახეზე ფერი დაკარგა. — რა მოხდა? — ჰკითხა ზაზამ. — ბათუმიდან დამირეკეს. ახალი სასტუმრო იხსნება და რამდენიმე დღით უნდა წავიდე. რაღაც საქმეები აქვთ მოსაგვარებელი. — ახლა? — გაუკვირდა ზაზას. — ვერ დაელოდებიან? — არა, სასწრაფოა. — მაშინ მეც წამოვალ. მაკამ მაშინვე უარი უთხრა. — არა, ზაზა. მარტო უნდა წავიდე. სამუშაოსთან დაკავშირებული საქმეებია და შენ იქ არაფერში დამჭირდები. ზაზამ მხრები აიჩეჩა. — როდის ბრუნდები? — რამდენიმე დღეში. მაკა სახლში წავიდა, ბარგი სწრაფად ჩაალაგა და სასწრაფოდ გაემართა. მისი მიზანი ერთი იყო — რაც შეიძლება მალე დაეტოვებინა ქვეყანა. სარფამდე ორ-სამ საათში მაინც მივიდოდა. იმედი ჰქონდა, რომ მანამდე თიკო არაფერს იტყოდა და თავადაც მოასწრებდა საზღვრის გადაკვეთას. მანქანაში მჯდომი ტელეფონს დაჰყურებდა. — ოღონდ არაფერი თქვას... — ჩაილაპარაკა თავისთვის. ირაკლიმ თიკოს ტელეფონის შემოწმების შედეგები მიიღო. სპეციალისტებმა მოწყობილობიდან წაშლილი შეტყობინებების ნაწილის აღდგენა შეძლეს. ეკრანზე მაკა მალანიასთან მიმოწერა გამოჩნდა. შეტყობინებები ვიქტორიას დაკავებამდე და მის შემდეგ იყო გაგზავნილი. ირაკლიმ თითოეული მათგანი ყურადღებით წაიკითხა. ახლა უკვე ყველაფერი სხვაგვარად გამოიყურებოდა. მაკა მალანია ამ საქმეში შემთხვევით აღარ ფიგურირებდა. ირაკლი დაკითხვის ოთახში დაბრუნდა. თიკო მაგიდასთან იჯდა. აშკარად ნერვიულობდა. — თიკო, ერთი რამ მაინტერესებს, რატომ მოუწყვეთ თქვენ და მაკა მალანიამ ეს ყველაფერი ვიქტორია გიორგაძეს? გოგონა გაშრა და თვალები დახარა. Მას დაურეკეთ როცა ადვოკარს ითხოვდით? — დიახ. — რატომ დაურეკე? თიკომ პასუხის გაცემა დააყოვნა. — ადვოკატი უნდა მოეყვანა. — და რატომ არ მოიყვანა? თიკოს თვალები აუწყლიანდა. — არ ვიცი... არ მპასუხობს. ირაკლი წამოდგა. — გასაგებია. მან ტელეფონი აიღო და კაბინეტში გავიდა. — სასწრაფოდ გადაამოწმეთ მაკა მალანიას ადგილსამყოფელი! — გასცა ბრძანება. — სავარაუდოდ, ქვეყნის დატოვებას აპირებს. სასაზღვრო პოლიცია და შესაბამისი უწყებები საქმის კურსში ჩააყენეთ. მისი დაკავებისთვის საჭირო ღონისძიებები დაუყოვნებლივ დაიწყეთ! ირაკლიმ ტელეფონი გათიშა და ფანჯარასთან მივიდა. ახლა უკვე დარწმუნებული იყო, რომ ვიქტორიას წინააღმდეგ მოწყობილ საქმეში კიდევ ერთი ადამიანი მონაწილეობდა. სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი რამდენიმე საათის შემდეგ მაკა მალანია სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მივიდა. მანქანიდან გადმოვიდა, საბუთები მოამზადა და სასაზღვრო კონტროლისკენ გაემართა. გული გამალებით უცემდა. თითქოს ყოველი წუთი მის წინააღმდეგ მუშაობდა. საბუთები თანამშრომელს გაუწოდა. რამდენიმე წამში მამაკაცმა ეკრანს შეხედა, შემდეგ მაკას. — ქალბატონო, გთხოვთ, ცოტა ხანს მოიცადოთ. მაკას სახე შეეცვალა. — რამე პრობლემაა? — გთხოვთ, აქ დარჩეთ. მეორე თანამშრომელიც მიუახლოვდა. — მაკა მალანია? გოგონამ პასუხი ვერ გასცა. — თქვენ უნდა წამობრძანდეთ ჩვენთან. — რატომ? რა ხდება? — თქვენს მიმართ გაცემულია დაკავების ორდერი. მაკამ უკან დაიხია. ახლა უკვე ყველაფერი გასაგები იყო. თიკომ სიმართლე თქვა. მისი გაქცევის მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა. რამდენიმე წუთში მაკა მალანია დააკავეს. #სადაც_გული_მიგიწევს #საფინალო_მეშვიდე_თავი მაკა მალანიას დაკავების შემდეგ გამოძიება სწრაფად განვითარდა. ირაკლი ნიკოლაძემ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება პროკურატურას გადასცა. თიკოსა და მაკას ტელეფონებიდან აღდგენილმა მიმოწერამ, აეროპორტის ვიდეოჩანაწერებმა და ტურისტული ჯგუფის წევრების ჩვენებებმა ერთმანეთთან დაკავშირებული მოვლენების სრული სურათი შექმნა. გამოძიებით დადგინდა, რომ ვიქტორიას წინააღმდეგ ბრალდების ხელოვნურად შექმნაში ორივე ქალი მონაწილეობდა. მაკა მალანია ამ გეგმის მთავარი ორგანიზატორი იყო, თიკო მსხვილაძე კი მას ეხმარებოდა და შემდეგ გამოძიებასაც განზრახ უმალავდა მნიშვნელოვან გარემოებებს. საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მათი მიმოწერა. შეტყობინებებიდან ნათლად ჩანდა, რომ თიკომ იცოდა ვიქტორიას წინააღმდეგ მოწყობილი გეგმის შესახებ და აეროპორტში მომხდარის შემდეგაც მაკასთან კავშირს ინარჩუნებდა. პროკურატურამ ორივეს წარუდგინა ბრალი შესაბამისი მუხლებით. რამდენიმე თვის შემდეგ საქმე სასამართლომდე მივიდა. სასამართლო განხილვის დროს მაკა დანაშაულს ნაწილობრივ უარყოფდა და ცდილობდა, პასუხისმგებლობის ნაწილი თიკოსთვის დაეკისრებინა. თუმცა მიმოწერა, სატელეფონო კავშირები და სხვა მტკიცებულებები მის წინააღმდეგ მეტყველებდა. თიკომ საბოლოოდ აღიარა, რომ ვიქტორიას დაკავების დროს სიმართლე დამალა და მაკასთან შეთანხმებით მოქმედებდა. სასამართლომ ორივე ბრალდებულის პასუხისმგებლობა ინდივიდუალურად შეაფასა. განაჩენის მიხედვით, თიკო მსხვილაძეს ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო მაკა მალანიას — ოთხი წლითა და ექვსი თვით. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ორივე ქალი სასამართლო დარბაზიდან პატიმრობაში გადაიყვანეს. ირაკლი ნიკოლაძე დარწმუნებული იყო, რომ ვიქტორიას წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული სრულად გამოაშკარავდა. --- მაროკო. კასაბლანკა. ალექსანდრე საქართველოში გატარებული დღეების შემდეგ კვლავ მაროკოში დაბრუნდა. აეროპორტიდან პირდაპირ სასტუმროში წავიდა. დაღლილი იყო, მაგრამ ყველაზე მეტად ის ახარებდა, რომ ვიქტორიას ნახავდა. სასტუმროში შესვლისთანავე გოგონას დაურეკა. — ვიკა, სად ხარ? — ჩემს ოთახში. შენ? — უკვე ჩამოვედი. — მართლა? — სიხარულით წამოიძახა გოგონამ. — დიახ. ჩამოდი, გელოდები. რამდენიმე წუთში ვიქტორია ლიფტიდან გამოვიდა. ალექსანდრე მის დანახვაზე მაშინვე წამოდგა. — ალეკო! გოგონა მისკენ გაემართა. ალექსანდრემ ხელები გაშალა და ვიქტორია გულში ჩაიკრა. — მომენატრე, — ჩუმად უთხრა გოგონამ. — მეც, ვიკა. ძალიან მომენატრე. რამდენიმე წამი ასე იდგნენ. ორივეს უხაროდა ერთმანეთის ნახვა. — აბა, როგორ ჩაიარა საქართველოში? — ჰკითხა ვიქტორიამ. — საკმაოდ საინტერესო დღეები მქონდა. შენს საქმეზე ბევრი რამ გავარკვიეთ. ალექსანდრემ გოგონას შეხედა. — კარგი ამბავი მაქვს. ვიქტორია დაიძაბა. — რა მოხდა? — მაკა და თიკო დააკავეს. ირაკლიმ მათი მიმოწერა და სხვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოიპოვა. საქმე სასამართლომდე მივიდა. — ორივე დააკავეს? — დიახ. სასამართლომ უკვე გამოიტანა განაჩენი. მათი დანაშაული დადასტურდა. ვიქტორიას თვალები ცრემლით აევსო. — ანუ... მე აღარავინ მადანაშაულებს? — არა, ვიკა. მაროკოს შესაბამის ორგანოებსაც გადაეგზავნა ყველა მტკიცებულება. შენი საქმის განხილვის შემდეგ ბრალდება სრულად მოგეხსნა. გირაოც დაგიბრუნდა. -ეგ თანხა შენ დაგიბრუბდება ალეკო, მე მაგას ვერ ავიღებ. გოგონამ ხელები სახეზე აიფარა. რამდენიმე წამი ხმა ვერ ამოიღო. შემდეგ ალექსანდრეს ჩაეხუტა და ატირდა. — დამთავრდა, ალეკო? — დამთავრდა, ვიკა. თავისუფალი ხარ. — აღარ მომიწევს შიში, რომ ისევ დამაკავებენ? — აღარ. ყველა საჭირო სამართლებრივი პროცედურა დასრულებულია. ალექსანდრე მის თმაზე ეფერებოდა და ცდილობდა, დაემშვიდებინა. — ახლა შეგიძლია მშვიდად დაბრუნდე სახლში. შენს ოჯახთან, მეგობრებთან... ამ სიტყვებზე ვიქტორიას ტირილი უფრო გაუძლიერდა. ალექსანდრემ მისი სახე ხელებში მოიქცია. — რატომ ტირი, პატარა? — არ ვიცი... ალბათ იმიტომ, რომ ამდენი ხნის შემდეგ პირველად შემიძლია ამოვისუნთქო. — ყველაფერი კარგად იქნება. ვიქტორიამ თავი დაუქნია. იმ დღეს ორივე დიდხანს საუბრობდა. თავისუფლება, რომელსაც ვიქტორია ამდენ ხანს ელოდა, საბოლოოდ დადგა. თუმცა ამ სიხარულს ერთი უცნაური სევდაც ახლდა — მალე მას ალექსანდრესთან დამშვიდობება მოუწევდა. --- მომდევნო დღეები ორივესთვის განსაკუთრებული გახდა. ალექსანდრემ გადაწყვიტა, ვიქტორიას კასაბლანკა ისე დაეთვალიერებინა, როგორც აქამდე არასდროს ენახა. — რამდენი ხანია ამ ქალაქში ხარ და ჯერ კიდევ ბევრი რამ არ გინახავს, — უთხრა ერთ დილით. — და ვინ უნდა მაჩვენოს? — შენი პირადი გიდი, რა თქმა უნდა. ვიქტორიას გაეცინა. — მაშინ იმედი მაქვს, კარგი გიდი იქნები. — საუკეთესო. პირველ დღეს ჰასან მეორის დიდ მეჩეთში წავიდნენ. ოკეანის სანაპიროზე აღმართული უზარმაზარი ნაგებობა ვიქტორიას გაოცებას ვერ მალავდა. მეჩეთის მაღალი მინარეთი ცას სწვდებოდა, მის გარშემო კი ატლანტის ოკეანის ტალღები მშვიდად ეხეთქებოდა სანაპიროს. — საოცარია... — ჩაილაპარაკა ვიქტორიამ. ალექსანდრე მის გვერდით იდგა. — მოგწონს? — ძალიან. თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი. — კასაბლანკას ბევრი ასეთი ადგილი აქვს. — მაშინ ყველაფერი უნდა მაჩვენო. — ყველაფერს გაჩვენებ. შემდეგ კორნიშის სანაპიროზე გაისეირნეს. ოკეანის გრილი ნიავი ვიქტორიას თმას უწეწავდა. გოგონა ხშირად ჩერდებოდა, ფოტოებს იღებდა და ალექსანდრეს სთხოვდა, მასთან ერთადაც გადაეღო. ძალიან უხაროდა, რომ მის გვერდით იყო. მეორე დღეს ძველი მედინა დაათვალიერეს. ვიწრო ქუჩები, ფერადი მაღაზიები, ხელნაკეთი ნივთები, სანელებლების სურნელი და ადგილობრივი მოვაჭრეების ხმები ქალაქს განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა. ალექსანდრე ვიქტორიას თითოეულ ადგილს უხსნიდა. — ეს სანელებლები აუცილებლად უნდა გასინჯო, — უთხრა ერთ-ერთ პატარა მაღაზიასთან. — შენ რომ არ იყო, ალბათ ვერასდროს გავბედავდი. — რატომ? — იმიტომ, რომ ყველაფერი უცხოა ჩემთვის. — ახლა კი მე ვარ შენი მეგზური. არაფრის შეგეშინდეს. ვიქტორიამ გაუღიმა. მათ ერთად მოიარეს ჰაბუსის უბანიც, მოედანი მოჰამედ მეხუთე და ქალაქის ცენტრალური ბაზრობა. ალექსანდრე ცდილობდა, მისთვის კასაბლანკას ყველა მხარე გაეცნო — როგორც ხმაურიანი და ენერგიული ქალაქი, ისე მშვიდი ქუჩები, სადაც საღამოს ადამიანები ოჯახებით სეირნობდნენ. ერთ საღამოს ზღვისპირა რესტორანში ისადილეს. მაგიდაზე სანთელი ენთო, შორიახლოს კი ოკეანის ხმა ისმოდა. — იცი, რა მომწონს ყველაზე მეტად? — ჰკითხა ვიქტორიამ. — რა? — შენთან ერთად არაფერზე ვფიქრობ. არც იმაზე, რაც მოხდა, არც იმაზე, რაც წინ მელის. უბრალოდ კარგად ვარ. ალექსანდრეს გაეღიმა. — მაშინ მინდა, ეს დღეები დიდხანს გაგრძელდეს. — მეც. რამდენიმე წამით ერთმანეთს უყურებდნენ. ალექსანდრეს გულში სიტყვები დაგროვებოდა, მაგრამ ვერაფრით ამბობდა. მას ვიქტორია უყვარდა. ეს გრძნობა ნელ-ნელა, შეუმჩნევლად გაჩნდა და ახლა უკვე იმდენად ძლიერი იყო, რომ მის გარეშე მომავლის წარმოდგენაც უჭირდა. თუმცა იცოდა, რომ ვიქტორიას მალე საქართველოში დაბრუნება სურდა. არ უნდოდა, თავისი აღიარებით გოგონასთვის გადაწყვეტილება გაერთულებინა. არ უნდოდა, ვიქტორიას ეგრძნო, რომ მის წინაშე რაიმე ვალდებულება ჰქონდა. ამიტომ დუმილს ამჯობინებდა. ღამეებსაც ხშირად ერთად ატარებდნენ. ხან სასტუმროს ტერასაზე ისხდნენ და ქალაქის განათებებს უყურებდნენ, ხან გვიანობამდე საუბრობდნენ, ხან კი უბრალოდ სიჩუმეში იყვნენ, ერთმანეთის სიახლოვით ტკბებოდნენ. ზოგჯერ ვიქტორია ალექსანდრეს მხარზე თავს ჩამოადებდა და ასე ისხდნენ დიდხანს. — ალეკო... — გისმენ. — არ გინდა, რომ დრო ცოტა ხნით გაჩერდეს? ალექსანდრემ გოგონას შეხედა. — ძალიან მინდა, ვიკა. დღეს მაინც არ ვილაპარაკოთ. და მართლაც, არცერთი ცდილობდა იმ თემასთან დაბრუნებას, რომელიც ორივეს გულს უმძიმებდა. მათ იცოდნენ, რომ დამშვიდობება გარდაუვალი იყო, მაგრამ არავის უნდოდა პირველი ყოფილიყო, ვინც ამ სიტყვას წარმოთქვამდა. --- რამდენიმე დღეში ვიქტორიას დაბრუნების დრო დადგა. დილით ადრე გაიღვიძა, ჩემოდანი ჩაალაგა და ოთახს თვალი მოავლო. აქ გაატარა დღეები, რომლებიც არასდროს დაავიწყდებოდა. აქ იპოვა ადამიანი, რომელმაც ყველაზე რთულ დროს ხელი გაუწოდა და გვერდით დაუდგა. ალექსანდრე სასტუმროს ფოიეში ელოდებოდა. — მზად ხარ? — ჰკითხა. — მგონი, კი. — წავიდეთ. გოგონამ ჩემოდანი აიღო. ალექსანდრემ გამოართვა და მანქანაში ჩადო. გზაში ბევრი არაფერი უთქვამთ. კასაბლანკას ქუჩები უკვე ნაცნობი გამხდარიყო ვიქტორიასთვის. ფანჯრიდან უყურებდა ქალაქს და ხვდებოდა, რომ აქ დაბრუნების სურვილი უკვე ჰქონდა, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რა მიზეზით. აეროპორტში მისვლის შემდეგ ალექსანდრემ ჩემოდანი ჩამოუღო. — ბილეთი და პასპორტი გაქვს? — კი. — ყველაფერი შეამოწმე? — ალეკო, უკვე დიდი გოგო ვარ, — გაეცინა ვიქტორიას. — ვიცი, მაგრამ მაინც უნდა გკითხო. ორივეს გაეცინა. შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა. ვიქტორიამ მას შეხედა. — მადლობა ყველაფრისთვის. — ისევ მადლობას მიხდი? — არ ვიცი, სხვანაირად როგორ გადაგიხადო. — არაფრის გადახდა არ გჭირდება, ვიკა. — შენ რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდა. ალექსანდრემ გოგონას ხელები ხელებში მოიქცია. — მთავარია, ახლა ყველაფერი კარგად არის. სახლში მიდიხარ, შენიანებთან. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. — მომენატრები. ეს სიტყვები ისე ჩუმად წარმოთქვა, თითქოს თვითონაც შეეშინდა მათი მოსმენის. ალექსანდრეს თვალებში სევდა გაუკრთა. — მეც მომენატრები. ვიქტორია მის მკერდს მიეკრო. ალექსანდრემ ძლიერად ჩაიკრა გულში. რამდენიმე წამი ასე იდგნენ. — თავს გაუფრთხილდი, კარგი? — უთხრა გოგონამ. — შენც, ვიკა. ალექსანდრემ მის თმაზე აკოცა. შემდეგ ვიქტორიამ თავი ასწია და თვალებში შეხედა. მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. არცერთს არ უნდოდა ამ წუთის დასრულება. ალექსანდრე დაიხარა და ტუჩებზე ნაზად აკოცა. ეს კოცნა ჩვეულებრივ დამშვიდობებას აღარ ჰგავდა. მასში იყო ყველაფერი, რისი თქმაც ორივემ ვერ გაბედა — მონატრება, სითბო, სურვილი და ის აუხსნელი გრძნობა, რომელსაც ჯერ სახელი არ ჰქონდა დარქმეული. ვიქტორიას თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. — ნუ ტირი, პატარავ, — ჩუმად უთხრა ალექსანდრემ. — ვცდილობ... — ყველაფერი კარგად იქნება. გოგონამ თავი დაუქნია, კიდევ ერთხელ ჩაეხუტა და შემდეგ ნელა მოშორდა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ისევ უკან მოიხედა. ალექსანდრე ისევ იქ იდგა. ვიქტორიამ გაუღიმა, ცრემლები მოიწმინდა და კონტროლისკენ წავიდა. ალექსანდრე დიდხანს უყურებდა, სანამ გოგონა თვალს არ მიეფარა. იმ დღეს ორივემ გულში ბევრი რამ დატოვა უთქმელი. --- საქართველო. ქუთაისი. ვიქტორიას დაბრუნებას ოჯახი დიდი სიხარულით ელოდა. აეროპორტში მშობლები დახვდნენ. დედამ შვილი დანახვისთანავე გულში ჩაიკრა. — ჩემო გოგო! — ჩუმად უთხრა და ცრემლები ვეღარ შეიკავა. მამამ ორივეს მოხვია ხელი. — მთავარია, დაბრუნდი, შვილო. ვიქტორია მათ ჩახუტებაში დიდხანს დარჩა. ახლა უკვე უსაფრთხოდ იყო. აღარაფერი ემუქრებოდა და შეეძლო მშვიდად გაეგრძელებინა ცხოვრება. რამდენიმე დღის შემდეგ მეგობრებიც მოინახულა. დიანა და შოთიკო ასათიანი პირველები იყვნენ, ვისთან შეხვედრაც განსაკუთრებით უხაროდა. დიანა უკვე ეტყობოდა მუცელი, ვიქტორიას დანახვისთანავე სიხარულით წამოიძახა: — ჩემი მეჯვარე დაბრუნდა! გოგონებმა ერთმანეთს მოეხვივნენ. — როგორ მომენატრე, დიანა! — მეც, ვიკა. იცი, რამდენჯერ წარმოვიდგინე, როგორ დაბრუნდებოდი? შოთიკოც მიუახლოვდა. — კეთილი იყოს შენი დაბრუნება, ვიქტორია. — მადლობა, შოთიკო. როგორ ხარ? — როგორც ხედავ, მალე სამი ვიქნებით. დიანამ მუცელზე ხელი გადაისვა და გაეღიმა. — და კიდევ ერთი ამბავი გვაქვს შენთვის. ვიქტორიამ ინტერესით შეხედა. — რა ამბავი? — ჩვენი პატარას ნათლია შენ იქნები. გოგონას თვალები გაუბრწყინდა. — მართლა? — აბა, ვინ უნდა იყოს? — გაეცინა დიანას. ვიქტორიამ მეგობარს კიდევ ერთხელ მოხვია ხელი. — ეს ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც შეიძლება გამეკეთებინა. მათ დიდხანს ისაუბრეს. დიანა ვიქტორიას ყველაფერს უყვებოდა, შოთიკო კი ხუმრობით ამატებდა, რომ ბავშვის დაბადებამდე ნათლიის მოვალეობებისთვის მომზადება მოუწევდა. იმ დღეებში ვიქტორიამ კიდევ ბევრი საყვარელი ადამიანი მოინახულა. განსაკუთრებით გაუხარდა ალექსანდრეს დის, ლიკას გაცნობა. ლიკა მას თბილად შეხვდა, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ყოფილიყვნენ. მათთან ერთად ირაკლი ნიკოლაძეც იყო. — საბოლოოდ მაინც შევხვდით ერთმანეთს, — გაუღიმა ირაკლიმ. — დიახ, და პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ. თქვენ რომ არა, ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი. — მადლობა საჭირო არ არის. უბრალოდ ჩემი საქმე გავაკეთე. მიხარია, რომ სიმართლე გაირკვა. ვიქტორიამ ლიკასაც გადაუხადა მადლობა. — თქვენც დიდი წვლილი მიგიძღვით ყველაფერში. ლიკამ ხელი მოხვია. — ახლა მთავარია, ბედნიერი იყო. ჩემს ძმას კი, როგორც ჩანს, კარგი მიზეზი აქვს, რომ ხშირად დაგირეკოს. ვიქტორიას გაეღიმა და ოდნავ გაწითლდა. — ლიკა... — რა იყო? რამე ტყუილი ვთქვი? ყველას გაეცინა. --- ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ვიქტორია საქართველოში დაბრუნდა. გარეგნულად ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ოჯახი, მეგობრები, ყოველდღიური საქმეები... თუმცა გოგონას ცხოვრებაში რაღაც აკლდა. ყოველ დილით ტელეფონს ამოწმებდა. ალექსანდრე ხშირად ურეკავდა. ზოგჯერ რამდენიმე საათი საუბრობდნენ, ზოგჯერ კი მხოლოდ მოკლე შეტყობინებებს უგზავნიდნენ ერთმანეთს. — როგორ ხარ, ვიკა? — კარგად. შენ? — მეც. დღეს სასტუმროში ბევრი საქმე მქონდა. — დაიღალე? — ცოტა. შენ რას აკეთებ? — არაფერს განსაკუთრებულს. სახლში ვარ. საუბრები ყოველთვის ასე იწყებოდა, მაგრამ ხშირად დიდხანს გრძელდებოდა. ვიქტორია მის ხმას ელოდა. მისი დღის ამბების მოსმენა უხაროდა. ზოგჯერ ალექსანდრეს შეტყობინებას რამდენჯერმე კითხულობდა და თავისთვის იღიმოდა. თუმცა საუბრის დასრულების შემდეგ ისევ სიცარიელე ეუფლებოდა. ერთ საღამოს აივანზე იჯდა. ხელში ყავის ჭიქა ეჭირა და ტელეფონში ალექსანდრეს ფოტოებს ათვალიერებდა. გაახსენდა კასაბლანკას ქუჩები, ოკეანის სანაპირო, მათი ხანგრძლივი საუბრები, ღამეები, როცა ერთმანეთს ვერ ელეოდნენ. გაახსენდა აეროპორტში მათი ბოლო კოცნაც. მაშინ ორივე დუმდა. ახლა კი ვიქტორია ხვდებოდა, რატომ უჭირდა ასე ძალიან. მას ალექსანდრე ენატრებოდა. არა უბრალოდ როგორც ადამიანი, რომელმაც რთულ დროს დაეხმარა. ენატრებოდა მისი ხმა, ღიმილი, სიახლოვე, მზრუნველობა. ენატრებოდა ის სიმშვიდე, რომელსაც მის გვერდით გრძნობდა. მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ მაროკოში მარტო თავისუფლება კი არ იპოვა, იქ საკუთარი გულიც დატოვა. დრო დასჭირდა იმის გასააზრებლად, რასაც მაშინ ვერ ბედავდა. ალბათ ზოგჯერ ადამიანს მანძილი სჭირდება, რათა მიხვდეს, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ვიღაც. ვიქტორია ტელეფონს დახედა. ალექსანდრეს სახელი ეკრანზე გამოჩნდა. — ალეკო... — როგორ ხარ, ვიკა? — კარგად. შენ? — მეც. მომენატრე. გოგონას თვალები აევსო. — მეც მომენატრე. — ძალიან მინდა, ისევ გნახო. — მეც, ალეკო. საუბარი დასრულდა. ვიქტორია დიდხანს იჯდა ჩუმად. შემდეგ წამოდგა და ოთახში შევიდა. სარკის წინ გაჩერდა. საკუთარ თავს შეხედა და პირველად გაბედა იმაზე ფიქრი, რაც ამდენი ხნის განმავლობაში გულში ჰქონდა დამალული. მას ალექსანდრე უყვარდა. და თუ ეს ასე იყო, რატომ უნდა დარჩენილიყო მისგან შორს? --- მეორე დილით ვიქტორიამ გადაწყვეტილება მიიღო. მშობლებს ყველაფერი უნდა ეთქვა. საღამოს ორივე მისაღებში იჯდა, როცა გოგონა მათთან მივიდა. — დედა, მამა, რაღაც უნდა გითხრათ. დედამ მაშინვე შეხედა. — რა მოხდა, შვილო? ვიქტორია მათ წინ ჩამოჯდა. — მაროკოში დაბრუნება მინდა. მშობლებს გაკვირვება დაეტყოთ. — მაროკოში? — გაიმეორა მამამ. — დიახ. — რატომ, ვიკა? — ჰკითხა დედამ. გოგონამ რამდენიმე წამით თავი დახარა, შემდეგ კი გულწრფელად უპასუხა: — იმიტომ, რომ იქ ჩემი გული დარჩა. დედას გაეღიმა. — ალექსანდრე? ვიქტორიამ თავი დაუქნია. — მიყვარს, დედა. მგონი, მაშინაც მიყვარდა, უბრალოდ საკუთარ თავს ვერ ვუტყდებოდი. ახლა კი მივხვდი, რომ მის გარეშე ყოფნა აღარ მინდა. მამა ჩაფიქრდა. — დარწმუნებული ხარ, რომ ეს მხოლოდ მონატრება არ არის? — დარწმუნებული ვარ. მთელი თვეა ამაზე ვფიქრობ. არ მინდა, უბრალოდ იმიტომ დავბრუნდე, რომ მასთან ახლოს ვიყო. მინდა, მასთან ერთად ცხოვრება ვცადო. მინდა, ჩემი გადაწყვეტილება მე თვითონ მივიღო. დედამ შვილის ხელი თავისაში მოიქცია. — თუ გული იქით მიგიწევს, შვილო, უნდა გაჰყვე. მთავარია, ბედნიერი იყო. მამამაც გაუღიმა. — ჩვენ ყოველთვის შენ გვერდით ვიქნებით. ვიქტორია წამოდგა და ორივეს ჩაეხუტა. — მადლობა. ძალიან მიყვარხართ. იმ ღამეს დიდხანს ვერ დაიძინა. მომდევნო დღეებში მგზავრობისთვის მოემზადა. ბილეთი შეიძინა, ჩემოდანი ჩაალაგა და მხოლოდ ერთ ადამიანს არ უთხრა თავისი გადაწყვეტილების შესახებ. ალექსანდრეს. უნდოდა, მისი დაბრუნება მოულოდნელი ყოფილიყო. არ იცოდა, როგორ შეხვდებოდა. არ იცოდა, რას გრძნობდა ალექსანდრე სინამდვილეში. თუმცა ამჯერად აღარ აპირებდა დუმილს. --- მაროკო. კასაბლანკა. ვიქტორიამ თვითმფრინავიდან გადმოსვლისთანავე ღრმად ჩაისუნთქა. აქაურობა ისევ ნაცნობი იყო. ჰაერში ზღვისა და სანელებლების სურნელი ირეოდა. ტაქსიში ჩაჯდა და სასტუმროს მისამართი უთხრა. გზაში ფანჯრიდან იყურებოდა. გული გამალებით უცემდა. ნუთუ მართლა აქ იყო? ნუთუ რამდენიმე წუთში ისევ დაინახავდა ადამიანს, რომლის მონატრებამაც ათასობით კილომეტრი გამოატარებინა? სასტუმროსთან მისვლისას ჩემოდანი გადმოიღო და შიგნით შევიდა. ფოიე თითქმის ისეთივე იყო, როგორიც პირველად ჩამოსვლისას. იგივე მარმარილოს იატაკი, იგივე დიდი ფანჯრები, იგივე მისაღები. ვიქტორია მიმღებთან მივიდა. — გამარჯობა. თანამშრომელმა გაუღიმა. — ვიქტორია? Გაუკვირდა თანამშრომელს. — ალექსანდრე ვაჩნაძესთან შეხვედრა მინდა. — ერთი წუთით, გთხოვთ. ვიქტორია იქვე გაჩერდა. რამდენიმე წუთში ფოიეს მეორე მხრიდან ნაცნობი ხმა გაისმა. — კიდევ რამე ხომ არ გჭირდებათ? გოგონას გული აუჩქარდა. ნელა შემობრუნდა. ალექსანდრე მისკენ მოდიოდა. ხელში რამდენიმე დოკუმენტი ეჭირა. აშკარად საქმეში იყო გართული და ჯერ ვერ ამჩნევდა, ვინ იდგა მის წინ. — დიახ, გისმენთ... — დაიწყო მან და შემდეგ გაჩერდა. თვალები გაუფართოვდა. დოკუმენტები ხელში გაუშეშდა. — ვიკა?.. გოგონას სახეზე ღიმილი გამოესახა. — გამარჯობა, ალეკო. ალექსანდრე რამდენიმე წამი გაუნძრევლად იდგა. თითქოს ვერ იჯერებდა, რომ მის წინ მართლაც ვიქტორია იდგა. შემდეგ სწრაფად მიუახლოვდა. — შენ... აქ რას აკეთებ? ვიქტორიას გაეცინა. — როგორც ხედავ, ჩამოვედი. — როდის? რატომ არ მითხარი? — მინდოდა, სიურპრიზი ყოფილიყო. ალექსანდრემ ჩემოდანს შეხედა, შემდეგ ისევ გოგონას. — ესე იგი, მართლა დაბრუნდი? — დიახ. — საქართველოში ყველაფერი კარგად არის? — ყველაფერი კარგადაა. ალექსანდრე ისევ უყურებდა, თითქოს ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა მომხდარს. — ვიკა, რატომ? გოგონას ღიმილი ოდნავ შეეცვალა. — იმიტომ, რომ მომენატრე. ალექსანდრეს თვალებში სითბო ჩაუდგა. — მეც ძალიან მომენატრე. — მთელი თვე ვფიქრობდი, უნდა ჩამოვსულიყავი თუ არა. მეგონა, დრო ყველაფერს თავის ადგილას დააყენებდა, მაგრამ პირიქით მოხდა. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო ვხვდებოდი, რომ შენთან ყოფნა მინდოდა. ალექსანდრე ჩუმად უსმენდა. — არ ვიცი, შენ რას გრძნობ, ალეკო, — განაგრძო ვიქტორიამ, — მაგრამ აღარ მინდა, ჩემი გრძნობების დამალვა. არ მინდა, ისევ ისე დაგემშვიდობო, თითქოს ერთმანეთისთვის არაფერს წარმოვადგენთ. ალექსანდრემ მისი ხელები ხელებში მოიქცია. — ვიკა, შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რამდენჯერ მინდოდა მეთქვა, რომ არ წასულიყავი. — მაშინ რატომ არ მითხარი? — იმიტომ, რომ არ მინდოდა, ჩემი გრძნობებით შენი გადაწყვეტილება შემეცვალა. შენ თავისუფალი უნდა ყოფილიყავი. მინდოდა, საქართველოში დაბრუნებულიყავი, ოჯახთან და მეგობრებთან ყოფილიყავი. არ მინდოდა, გეფიქრა, რომ ჩემ გამო რამეს ვალდებულებით აკეთებდი. ვიქტორიას თვალები აუწყლიანდა. — ახლა კი? ალექსანდრემ მის სახეს შეხედა. — ახლა უკვე აღარაფრის დამალვა არ მინდა. რამდენიმე წამით ერთმანეთს უყურებდნენ. — მიყვარხარ, ვიკა, — თქვა ალექსანდრემ. — ალბათ იმაზე დიდი ხანია, ვიდრე თავად ვაცნობიერებდი. უბრალოდ მეშინოდა, ეს სიტყვები შენთვის ზედმეტი ტვირთი არ გამხდარიყო. ვიქტორიას ცრემლები ჩამოუგორდა. — მეც მიყვარხარ, ალეკო. ალექსანდრემ გოგონა გულში ჩაიკრა. — მართლა დაბრუნდი? — მართლა. — და აღარ აპირებ წასვლას? ვიქტორიამ გაიღიმა. — ახლა უკვე მინდა, რომ აქ ვიყო. ალექსანდრემ სახე ხელებში მოიქცია და ნაზად აკოცა. ეს კოცნა აღარ ჰგავდა აეროპორტში გამართულ დამშვიდობებას. ახლა მასში აღარ იყო გაურკვევლობა, შიში და უთქმელი სიტყვები. იყო სიყვარული. ვიქტორიამ თავი მის მხარზე ჩამოადო. — იცი, რა გავიგე ამ ერთი თვის განმავლობაში? — რა? — ზოგჯერ ადამიანს ძალიან შორს წასვლა სჭირდება, რომ მიხვდეს, სად უნდა დაბრუნდეს. ალექსანდრეს გაეღიმა. — და შენ სად დაბრუნდი? — იქ, სადაც გული მიმიწევდა. მან კიდევ ერთხელ აკოცა. ალექსანდრემ ხელი მოხვია და სასტუმროს ფანჯრისკენ გაიხედა. გარეთ კასაბლანკას საღამოს განათებები ციმციმებდა. ქალაქი, რომელმაც მათი ნაცნობობა დაიწყო, ახლა მათი სიყვარულის ახალი დასაწყისის მოწმე ხდებოდა. --- ცხოვრებაში ხშირად ვფიქრობთ, რომ ბედისწერა ჩვენ ნაცვლად წყვეტს ყველაფერს. გვგონია, ზოგი ადამიანი უბრალოდ შემთხვევით ჩნდება ჩვენს გზაზე, ზოგი კი სამუდამოდ გვშორდება. მაგრამ იქნებ ბედისწერა მხოლოდ გზებს გვიჩვენებს, არჩევანს კი ჩვენ გვიტოვებს? ვიქტორიას შეეძლო საქართველოში დარჩენა, ჩვეულ ცხოვრებას დაბრუნებოდა და მაროკო მხოლოდ მოგონებად შეენახა. ალექსანდრესაც შეეძლო თავისი გრძნობები დაემალა და გოგონას დაბრუნებას აღარ დალოდებოდა. მაგრამ ორივემ აირჩია. ერთმა სიყვარული დუმილზე მაღლა დააყენა, მეორემ კი ათასობით კილომეტრი გაიარა იმისთვის, რომ საკუთარ გულს გაჰყოლოდა. რადგან სადაც გული მიგიწევს, ზოგჯერ სწორედ იქ გელოდება შენი ბედნიერება. და თუ გიყვარს, თუ გჯერა და თუ მზად ხარ, არასდროს უნდა შეგეშინდეს იმ გზის არჩევის, რომელსაც შენი გული გიჩვენებს. ვიქტორიამ საბოლოოდ იპოვა ადგილი, სადაც დაბრუნება აღარ ეშინოდა. ალექსანდრემ კი ქალი, რომლის დაკარგვისაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ეშინოდა. მათი ისტორია მაროკოში დაიწყო, მაგრამ ახლა იწყებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი — ერთად ცხოვრება, ერთმანეთის არჩევა და სიყვარული, რომელსაც მანძილმა ვერაფერი დააკლო. რადგან ზოგჯერ ყველაზე გრძელი გზა სწორედ იმ ადგილამდე მიგიყვანს, სადაც შენი გული გელოდება. #სადაც_გული_მიგიწევს დასასრული. 8/11/2026 ხათუნა ფანჩულიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



