პირობითი სიყვარული (თავი 7)
სახლისკენ გზა ნინასთვის გაუთავებელი აღმოჩნდა. მანქანის ფანჯრიდან თებერვლის ნაცრისფერ ქუჩებს უყურებდა და ვატოს ის თავხედური მზერა თვალებიდან არ ამოსდიოდა. ელენეს ლამის მუხლებში ჩაუვარდა, ოღონდ დღეს ჩემთან წამოდიო, მაგრამ გოგოს დედამ სასწრაფოდ სახლში დაბრუნება უბრძანა. ნინას მარტო დარჩენის ეშინოდა, არა იმიტომ, რომ ფიზიკურ საფრთხეს გრძნობდა, არამედ იმ უცნაური შფოთვის გამო, რომელიც ამილახვრის გამოჩენამ დაუტოვა. როგორც კი სახლის მძიმე კარი შეაღო, ნაცნობი ხმები მოესმა. მისაღებში ბათუ, უტა და სანდრო ისხდნენ. ოთახში მამაკაცური, მძიმე აურა იდგა. ლუდის ბოთლები, სიგარეტის კვამლი და დაბალ ხმაზე ჩართული ტელევიზორი. -ოჰ, ჩვენი რძალიც მოვიდა!-უტამ ლუდის ბოთლი ასწია და ისეთი ხალისით გაუღიმა, ნინას წამით გულზე მოეშვა.-სალამი, რძალო! სად დაიკარგე ამდენ ხანს?-ნინამ პალტო იქვე მიაგდო და მათთან მივიდა. ბათუსთვის არ შეუხედავს, თუმცა გრძნობდა, როგორ აკვირდებოდა ბიჭი მის ყოველ ნაბიჯს. ბათუ აუღელვებლად იჯდა, შავი პერანგის სახელოები იდაყვებამდე აეკეცა, ერთი ხელით ლუდის ბოთლს ეჭიდებოდა, მეორე კი დივნის საზურგეზე გადაეგდო. წინა ღამის სითბოზე არაფერი მიანიშნებდა, ისევ ისეთი ცივი და მიუწვდომელი იყო, როგორც ყოველთვის. -მეგობარს შევხვდი კაფეში-თქვა ნინამ და უტას გვერდით ჩამოჯდა.-რამე ხომ არ გინდათ? ყავა ან რამე უფრო ძლიერი? -არა, მადლობა, ყველაფერი გვაქვს-უპასუხა სანდრომ და ნინასკენ სნექებით სავსე თეფში მიაჩოჩა.-შენ დაჯექი, დაისვენე. დაღლილი სახე გაქვს.-საუბარი ჩვეულებრივად გაგრძელდა. უტა რაღაც ისტორიებს ჰყვებოდა, სანდრო კი თავისებური სიმშვიდით უსმენდა. ბათუც ჩაერია, რამდენიმე მოკლე, ფრაზა თქვა, რამაც ოთახში დაძაბულობა სრულიად განმუხტა. ნინა იჯდა, მათ უყურებდა და ცდილობდა დაეჯერებინა, რომ ვატოს მუქარა მხოლოდ სიტყვები იყო. უცებ, გოგოს ჩანთაში ტელეფონმა დაიწკრიალა. უცხო ნომერი იყო. ნინამ ყოყმანით უპასუხა: -გისმენთ... ვინ ბრძანდებით? -ვატო...-გაისმა მეორე მხრიდან ისეთი ტონით, თითქოს ნინას ყურთან იდგა და მის სუნთქვას უსმენდა. ნინას გული გაუჩერდა. სხეულში ცივმა ჟრუანტელმა დაუარა. -ვატო?-გაიმეორა მან ხმამაღლა და ტელეფონს ხელები ისე მოუჭირა, თითქოს მას ვინმე ართმევდაო. ამ სახელის გაგონებაზე ოთახში თითქოს დრო გაჩერდა. უტას სიტყვა შუა წინადადებაში გაუწყდა. სანდრომ ლუდის ბოთლი ჰაერში გააშეშა და ნინას მიაშტერდა. ბათუ... ბათუ ისე სწრაფად წამოიჭრა ფეხზე, რომ მაგიდაზე შუშის ბოთლები აზანზარდა. მისი მზერა წამში გამკაცრდა, თვალის გუგები კი გაუფართოვდა. -ტკბილი ძილი, ძვირფასო ნინა-ამოთქვა ვატომ თავხედურად და ზარი გათიშა. ნინამ ტელეფონი ყურიდან ნელა მოიშორა. ოთახში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, რომ ნინას საკუთარი გულისცემა ყურებში ექოსავით ესმოდა. -ვატომ დაგირეკა?-ბათუს ხმაში მრისხანება და ნერვიულობა იგრძნობოდა.-ვატო ამილახვარმა დაგირეკა, ნინა?-გაიმეორა კითხვა. -მე... ჰო-ამოილუღლუღა ნინამ. მისი ხმა ძლივს ისმოდა. -საიდან აქვს შენი ნომერი?!-იღრიალა ბიჭმა.-ნინა, მიპასუხე, სადმე ნახე ეგ სი*ი?!-ბათუ მის წინ დაიხარა, ხელები დივნის საზურგეს ისეთი ძალით დააჭირა, რომ თითები გაუთეთრდა. მისი სუნთქვა ნინას სახეზე ხვდებოდა. უტა და სანდროც ფეხზე წამოიჭრნენ. უფროსი აბაშიძის სახეზე მთელი ხალისი წამში გაქრა, სანდრო კი მზად იყო მეგობარი შეეკავებინა. -ბათუ, დამშვიდდი!-სცადა სანდრომ ბიჭის დამშვიდება, მაგრამ ბათუმ ისეთი მზერა ესროლა, რომ სანდრო გაჩუმდა. -როგორ დავმშვიდდე? ამილახვარი ჩემს ცოლს პირად ნომერზე ურეკავს-ბათუ ისევ ნინას მიუბრუნდა. ნინამ სუნთქვა შეიკავა. მის წინ სამი მამაკაცი იდგა, რომლებიც მზად იყვნენ მხოლოდ ერთი სიტყვის გამო მთელი ქალაქი ფეხზე დაეყენებინათ. მან მოსასმენად გამზადებულ ბიჭებს შეხედა, თვალები დახუჭა და მოყოლა დაიწყო. სანამ ნინა საუბრობდა, მისაღებ ოთახში მხოლოდ მისი და ბათუს რიტმული ნაბიჯების ხმა ისმოდა. ბათუ გალიაში გამომწყვდეული მხეცივით დადიოდა წინ, ხელებს ნერვიულად იმტვრევდა და ყოველი ახალი დეტალის გაგონებაზე უფრო და უფრო ფითრდებოდა. ნინამ საუბარი დაასრულა და ოთახში ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, რომ ჰაერი თითქოს მინასავით გაიბზარა. ბათუ უცებ გაჩერდა. ტელეფონი ამოიღო და ნომერი აკრიფა. -ლუკა, მერაბ ამილახვართან ჩამინიშნე შეხვედრა. ხვალვე, დილით-კიდევ რამდენიმე მოკლე ფრაზა ისროლა და მობილური დივანზე მიაგდო. -შეცდომის დაშვების დრო არაა, ბათუ.-დაიწყო სანდრომ და მეგობარს წინ გადაუდგა.-ცხელ გულზე გადაწყვეტილებას ნუ იღებ. მერაბი ახლა ზუსტად ამას ელოდება. ამართალია, რა დროს მერაბთან შეხვედრაა? ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა თამაში წამოიწყეს-დაეთანხმა უტაც, რომელსაც ჩვეული ხალისი სახიდან სრულიად წაჰშლოდა. აბიჭო, ის ჩემს ცოლს შეეხო!-იღრიალა უცებ ბათუმ და ისეთი ძალით დაარტყა ხელი კედელს, რომ ნინა შეხტა. -ჩემს ცოლს! თან ისე თავისუფლად, თითქოს მისაღებ ოთახში იჯდეს. არ ვაცოცხლებ, საკუთარი ხელით მოვკლავ!-ნინა თვალს ადევნებდა ამ ქაოსს და გრძნობდა, როგორ ეპარებოდა კანკალი სხეულში. ბათუს თვალებში ისეთი ბრაზი და სისასტიკე ენთო, მიხვდა, რომ ეს კაცი მართლა წავიდოდა მკვლელობაზე. თუმცა, ერთი კითხვა მაინც არ ასვენებდა, რომელიც მთელი ეს დრო ყელში ბურთივით ჰქონდა გაჩხერილი. -საერთოდ ვინ არიან ამილახვრები?-იკითხა ხმადაბლა.-და... მართალია, რომ თქვენმა ოჯახმა წაართვა ყველაფერი?-ბოლო სიტყვები ძლივს წარმოთქვა. უტამ და სანდრომ ერთმანეთს გადახედეს. ოთახში უხერხულმა სიმძიმემ დაისადგურა. -ყველაფერი არ იცი, ნინა.-წყნარად, თითქმის ჩურჩულით უთხრა სანდრომ. შავტუხა ახსნას აღარ ელოდა. ბათუ, რომელიც აქამდე ოთახის მეორე ბოლოში იდგა, ნელა წამოვიდა მისკენ. ის ნინას წინ ჩაიმუხლა, ისე, რომ მათი თვალები ერთ დონეზე აღმოჩენილიყო. ბათუმ ხელები ნინას მუხლებზე დააწყო. მისი თითები ჯერ კიდევ თრთოდა ბრაზისგან, მაგრამ როგორც კი გოგონას შეეხო, თითქოს რაღაც ძალამ დაამშვიდაო. -შემომხედე-თქვა მან დაბალი, ხრინწიანი ხმით. ნინამ თვალი გაუსწორა.-არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდა წარსულში. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვის რა წაართვა. დღეიდან შენ ჩემი ნაწილი ხარ. და სანამ მე ვსუნთქავ, არავინ, გესმის? არავინ გაბედავს შენზე ზედმეტი სიტყვის თქმასაც კი.-ნინას სახეზე არცერთი ემოცია არ იკითხებოდა.-დღეს ადრე დაწექი.-ნინას შიგნით ისევ ის ნაცნობი პროტესტი აენთო. ხელები უხეშად მოიშორა და ფეხზე წამოდგა. -ადრე დაწექიო?-ნინამ ჩაიცინა და ბათუს ზემოდან დახედა.-რა იყო, ბათუ, საბავშვო ბაღში ხომ არ გგონივარ? ან იქნებ გგონია, რომ ამ ოთახში გამოკეტვით ჩემს დაცვას შეძლებ?-ბათუ დაიძაბა, ნელა წამოდგა და სიმაღლეში გაიმართა. -ნინა, მე შენს უსაფრთხოებაზე ვსაუბრობ. -შენ ჩემს კონტროლზე საუბრობ!-მიახალა ნინამ.-დღეს იმ ტიპმა კაფეში იმიტომ კი არ მომაგნო, რომ მე ვარ უპასუხისმგებლო, არამედ იმიტომ, რომ შენი ცოლი მქვია. ეს შენი ომია, ბათუ, და მე ამ ომში შემთხვევით აღმოვჩნდი. ახლა კი გინდა, რომ ოთახში დავჯდე და დაველოდო, როდის გადაწყვეტ ჩემს ბედს?-უტამ და სანდრომ ერთმანეთს გადახედეს. -შენ არ გესმის, რა ხალხია ამილახვრები.-დაბალი ხმით თქვა ბათუმ, მისი მოთმინება აშკარად ილეოდა. -ძალიან კარგად მესმის!-ნინა ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.-მესმის, რომ ვიღაც ვატო ჩემს თმაზე შეხებას ბედავს მხოლოდ იმიტომ, რომ შენზე შური იძიოს. და იცი, რა არის ყველაზე სასაცილო? ის, რომ შენც ზუსტად ისე მექცევი, როგორც ნივთს, რომელიც უნდა გადამალო. ეგოისტი ხარ!-ნინა ვერ ხვდებოდა საიდან ჰქონდა იმის ძალა, მასზე ერთი თავით მაღალისთვის და მხრებში განიერისთვის ასე ეყვირა. -დაცვა გჭირდება რძალო.-ჩაერთო უტაც. -დაცვა სხვაა და გამოკეტვა სხვა-მიუგო შავტუხამ.-მერაბთან ხვალ რომ წახვალ, მეც მოვდივარ!-ისევ ბათუს მიუბრუნდა. -გამორიცხულია!-ერთდროულად თქვეს ბათუმ და სანდრომ. -მაშინ საერთოდ ნუ მელაპარაკებით ჩემს უსაფრთხოებაზე.-ნინამ ზურგი აქცია და კიბეებისკენ წავიდა, მაგრამ შუა გზაზე გაჩერდა და მოტრიალდა.-და კიდევ ერთი... ნუ მექცევი ისე, თითქოს ჩემზე პასუხისმგებლობა მარტო იმიტომ გაქვს, რომ ფურცელზე ხელი მოვაწერეთ. ნინა მეორე სართულზე ავიდა და თავისი ოთახის კარი ისეთი ძალით გაიჯახუნა, რომ მთელ სახლში ექოდ გაისმა. ოთახში დარჩენილმა სამივე მამაკაცმა კარგა ხანს ხმა ვერ ამოიღო. -მგონი, ამილახვრებზე მეტად ამ გოგოსთან გექნება პრობლემები, ძმაო.-ჩაილაპარაკა უტამ და ლუდის ბოთლიდან ერთი მოზრდილი ყლუპი მოსვა. *** სუსხიან დილას ნინამ თვალები ადრე გაახილა. ოთახში ჯერ კიდევ ბინდი იდგა, მაგრამ ძილი აღარ ეკარებოდა. წინა ღამის ემოციები სხეულში მძიმედ აწვა. თუმცა, როგორც კი გაიხსენა ბათუს ბრძანება „სახლიდან არ გახვიდეო", შიგნიდან ისევ ის მწარე ბრაზი ამოუტივტივდა, რომელიც საუკეთესო ენერგია აღმოჩნდა საწოლიდან წამოსახტომად. იცოდა, ბათუ ადრე ადგებოდა. ის არ იყო დამიანი, რომელიც ძილს დაუთმობდა ძვირფას დროს, როცა მისი ოჯახის ღირსებას შეეხნენ. ნინა სააბაზანოში შევარდა, ცივი წყლით სახე დაიბანა და საკუთარ თავს სარკეში თვალი გაუსწორა. „არავითარი გამოკეტვა" გაიფიქრა მან და სველი ხელებით თმა უკან გადაიწია. გარდერობიდან ყველაზე სოლიდური სამოსი გამოიღო: შავი, მაღალწელიანი კლასიკური შარვალი, რომელიც მის ფიგურას კიდევ უფრო კვეთდა და თეთრი, აბრეშუმის პერანგი. ზემოდან შავი პიჯაკი მოიცვა. ქვემოთ ქუსლების კაკუნი ექოსავით გაისმა დიდ, ცარიელ ჰოლში. ნინა თითქმის მირბოდა, რომ ბათუ არ გაპარვოდა. კიბის ბოლო საფეხურზე შედგა და დაინახა, რომ ბათუ უკვე კართან იდგა. შავი პალტო ეცვა, ცალ ხელში ტელეფონი ეჭირა და რაღაც შეტყობინებას კითხულობდა. მისი სახე ისეთი გამოფიტული ჩანდა, თითქოს მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. როგორც კი ქუსლების ხმა გაიგონა, ბათუმ ნინას შეხედა. -მეც მოვდივარ, ბათუ!-თქვა ნინამ მტკიცედ და მის წინ დადგა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ნინამ მას სახელით მიმართა ყოველგვარი ირონიული „ქმრის" ან ოფიციალური სახელების გარეშე. ბათუს სახეზე ჯერ გაკვირვება დაეტყო, მერე კი თვალებში რაღაც უცნაურმა, თითქმის უხილავმა სითბომ გაუელვა. მისი სახელი ნინას ბაგეებზე იმაზე ბუნებრივად გაჟღერდა, ვიდრე ოდესმე წარმოედგინა. -ნინა, გუშინდელზე უკვე ვილაპარაკეთ.-ბათუმ სცადა ხმაში ჩვეული სიმკაცრე დაებრუნებინა, მაგრამ ნინას დაჟინებული მზერის წინაშე ეს ძნელი აღმოჩნდა.-იქ საუბარი სხვანაირად წარიმართება, რაც შენ არ უნდა მოისმინო. -უნდა მოვისმინო! რადგან ვატო გუშინ მე მეხებოდა და მე მემუქრებოდა.-ნინა ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა, ისე, რომ მათ შორის მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი დარჩა.-თუ გგონია, რომ ამ სახლში გამოკეტილი დავჯდები და დაველოდები, როდის დაბრუნდები „გამარჯვებული", ძალიან ცდები. ან ერთად მივდივართ, ან ჩემით წამოვალ ტაქსით და პირდაპირ მერაბის ოფისში დაგხვდები. მგონი, არცერთს არ გვაწყობს იქ ცალ-ცალკე გამოჩენა.- ბათუ რამდენიმე წამს ჩუმად უყურებდა. აკვირდებოდა მის აწითლებულ ლოყებს, ამაყად აწეულ ნიკაპს და იმ დაუმორჩილებელ ნაპერწკალს თვალებში, რომელიც მისას ასე ძალიან ჰგავდა. მიხვდა, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა ეს გოგო მართლა გააკეთებდა იმას, რასაც ამბობდა. ბიჭს სიამოვნებდა, რომ მის გვერდით ადამიანი იდგა, რომელიც საკუთარ ღირსებას კბილებით იცავდა. ბათუმ ღიმილი ძლივს შეიკავა, თუმცა ტუჩის კუთხე მაინც ოდნავ აეპრიხა. პალტო გაისწორა, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და მრავალმნიშვნელოვნად გაუღო კარი. -კარგი.-ამოთქვა მან დაბალი, ხრინწიანი ხმით.-მაგრამ ერთი პირობით: იქ მხოლოდ მე ვსაუბრობ. არანაირი ზედმეტი რეპლიკა, გასაგებია?-ნინამ არაფერი უპასუხა, მხოლოდ თავი დაუქნია. მან ქუსლების კაკუნით პირველმა გადააბიჯა ზღურბლს. ბათუ უკან მიჰყვებოდა, გარეთ ციოდა. მანქანასთან მივიდნენ. ბიჭმა კარი გამოუღო, ნინა დახვეწილი მოძრაობით ჩაჯდა, ბიჭმა კი კარი მიხურა და თავადაც სწრაფად დაიკავა საჭესთან ადგილი. ძრავა მძლავრად ამუშავდა. -ნინა, კიდევ ერთხელ გეუბნები,-თქვა ბათუმ ხრინწიანი, დაბალი ხმით, თვალები გზისთვის არ მოუცილებია.-იქ ისეთ რამეებს მოისმენ, რაც შეიძლება არ გესიამოვნოს. მერაბ ამილახვარი არ არის ადამიანი, რომელიც ეთიკასა და ზრდილობას ცნობს. ის ნაგავია, რომელიც მხოლოდ ტკივილის მიყენებით სუნთქავს. -მერე რა?-ნინამ თავი მისკენ მიაბრუნა, მისი მზერა მტკიცე და უშიშარი იყო.-გგონია, პირველად მესმის უხეშობა? მე იმ შეთანხმების ნაწილი ვარ, რომელმაც შენი ოჯახი უნდა გადაარჩინოს. მე შენი ცოლი მქვია და ამ ომში ჩემი ადგილი შენს გვერდითაა.-ბათუმ წამით მზერა გადმოიტანა მასზე. -რა ჯიუტი ხარ...-ჩაილაპარაკა მან და თავი გააქნია. მანქანა მკვეთრად შეასრიალა მდიდრული, დახურული რესტორნის პარკინგზე. ორივე გადმოვიდა. ნინამ პალტო შეისწორა, მხრებში გაიმართა და ბათუს გვერდით დაუდგა. იცოდა, რომ ახლა მათი ცხოვრების ყველაზე დიდი სპექტაკლი იწყებოდა უდიდესი სიყვარულისა და ერთიანობის იმიტაცია. როგორც კი შიგნით შევიდნენ, ორმა მაღალმა, უხეში გამომეტყველების დაცვის თანამშრომელმა გზა გადაუღობა. -უნდა შეგამოწმოთ.-თქვა ერთ-ერთმა ცივად და ნაბიჯი მათკენ გადადგა. ბათუმ ხელები გვერდზე გაშალა, სახეზე ზიზღი გამოეხატა. დაცვამ ჯერ ბათუ შეამოწმა, მერე კი ნინასკენ გადაინაცვლა. როგორც კი ერთ-ერთმა ხელი ნინას წელზე შეახო და პალტოს ქვეშ ზემოთ ააყოლა, ბათუს თვალებში წითელი აენთო. მან ელვისებურად ჩასჭიდა დაცვის წევრს მაჯაში და ისეთი ძალით მოუჭირა, რომ ძვლების ტკაცუნის ხმა ჰაერში გაისმა. -ხელები მოაშორე ჩემს მეუღლეს!-გამოსცრა ბათუმ კბილებში.-თუ გინდა, რომ ეს ხელები საერთოდ შეგრჩეს, მეორედ არ გაბედო შეხება-დაცვა უკან დაიხია. ბათუმ ნინას ხელი მჭიდროდ ჩაჰკიდა, თითები თითებში გადახლართა და ისე მაგრად მოუჭირა, თითქოს ამით ეუბნებოდა: „აქ ვარ, ნუ გეშინიაო". ასე, ხელჩაკიდებულები შევიდნენ დარბაზის სიღრმეში, სადაც ცენტრალურ მაგიდასთან მერაბ ამილახვარი იჯდა. მერაბი ასაკოვანი, მაგრამ ძლიერი აღნაგობის კაცი იყო. მისი ყოველი ნაოჭი ბოღმითა და წლების განმავლობაში დაგროვილი შურით იყო სავსე. ის ნელა წამოდგა, პიჯაკი შეიკრა და სტუმრებს ამაზრზენი, ყალბი ღიმილით შეეგება. -აბაშიძე...-მერაბმა ხმა დაიბოხა, მისი მზერა ნინას ტანზე ბინძურად დასრიალებდა.-სიმართლე გითხრა, ქალის წამოყვანა საჭირო არ იყო. ბიზნესს და ომს ქალის სურნელი არ უხდება. აქ სერიოზული კაცები სერიოზულ საქმეებზე ვსაუბრობთ. -ნინა ჩემი მეუღლეა-ბათუმ სკამი გამოწია და ნინა დასვა, თავად კი მის გვერდით დაჯდა.-ეს საქმე მასაც ისევე ეხება, როგორც მე. ასე რომ, შენს რეპლიკებს მოუკელი და საქმეზე გადადი. -აჰ, მესმის.-მერაბი დაჯდა, წითელი ღვინით სავსე ბოკალი აიღო და ნინას ათვალიერებდა ისე, თითქოს ბაზარზე გამოტანილ საქონელს აფასებდა. მისი თვალები შავტუხას სახეზე ისე დასრიალებდა, ნინას ჟრუანტელმა დაუარა.-აბა, რა გაწუხებს? რამ მოგიყვანა ჩემს ზღურბლთან ასე ნაადრევად? -შენმა შვილმა!-ბათუს ხმა ყინულივით ცივი იყო.-ვატომ გუშინ ზღვარს გადააბიჯა. გადაეცი, რომ მეორედ თუ შეხვდება ნინას ან ზედმეტს გაბედავს, იცოდე, უშვილოდ დაგტოვებ, მერაბ. ამას არავის ვაპატიებ, მითუმეტეს ამილახვარს.-მერაბმა ღვინო ერთი მოსმით დალია და ხმამაღლა, ამაზრზენად გადაიხარხარა. -და ჯერ შენს ცოლს რომ მიხედო? იქნებ აუკრძალო ვახტანგთან შეხვედრა? ჩემი შვილი ყოველთვის იმას იღებს, რაც მოსწონს. და როგორც ვხედავ, გემოვნება ნამდვილად კარგი აქვს. იქნებ გოგონას სულაც არ სურს შენს ციხესიმაგრეში გამოკეტვა?-ბათუს ყბა ისე დაეჭიმა, რომ სახეზე კუნთები აუთამაშდა. ნინა შეთანხმებისამებრ ხმას არ იღებდა, მაგრამ გრძნობდა, როგორ ევსებოდა მოთმინების ფიალა. -რა გაწუხებს, მერაბ? რატომ ცდილობ ჩემი ოჯახით მანიპულირებას?-ჰკითხა ბათუმ. -ლევან აბაშიძე მაწუხებს!-იღრიალა უცებ მერაბმა და ცარიელი ბოკალი მაგიდაზე ისეთი ძალით დაახეთქა, რომ ღვინის წვეთები მაგიდაზე გაიფანტა.-და მისი ლაწირაკი შვილი, რომელიც მამამისის ნაძარცვით ტკბება. გგონია, დავივიწყე, რაც წაგვართვით?-ისევ ნინას მიუბრუნდა და თვალები ბინძურად აატარა მის მკერდსა და ყელზე.-ისე, მართლა მზეთუნახავი გყოლია სახლში... ალბათ ერთჯერადი, მრავალი ქალი გამოგელია და იფიქრე, ბარემ ცოლს მოვიყვან სამუდამოსო, არა? პრაქტიკული გათვლაა. თან ასეთი შავტუხა... ვატოს ყოველთვის უყვარდა ეგზოტიკა. ფრთხილად იყავი, აბაშიძე, ამილახვრებს ისტორიულად სხვისი ცოლების წაყვანაც კარგად გამოსდიოდათ. გინდა დამიჯერე, გინდა არა. რესტორნის დარბაზში მხოლოდ მათი სუნთქვა ისმოდა. მერაბი ხელახლა შევსებული ჭიქიდან ღვინოს ნელა სვამდა, თითქოს ყოველ ყლუპში ბათუსა და ნინას დამცირებას ეძებდა. -რა იყო, ბათუ, ენა ჩაგივარდა?-მერაბმა ბინძურად ჩაიცინა და თვალები ისევ ნინას მკერდზე შეაჩერა.-ისეთი სახე გაქვს, თითქოს ჩემს მოკვლას აპირებდე. მაგრამ იცი, რა არის სიმართლე? შენ მე ვერ მომკლავ. იმიტომ, რომ ჩემი სიკვდილით შენი ოჯახის იმ მცირე ნარჩენებსაც დაკარგავ, რაც მამაშენის წყალობით გაქვს. აი, ეს გოგო კი…-მან თითი ნინასკენ გაიშვირა.-მართლა გგონია, რომ შენი გაკოტრების მერე შენთან დარჩება? ვატო ამბობდა, კაფეში ისე მიყურებდა, თითქოს ქმრისგან ხსნას ეძებდაო.-ბათუ ფეხზე წამოიჭრა, სკამი იატაკზე საზარელი ხმით გასრიალდა. -მერაბ, შენს შვილს ჩემს ცოლზე თვალი უჭირავს და შენ ამით ამაყობ?-ბათუს ხმა ისეთი დაბალი იყო, რომ ნინას ჟრუანტელმა დაუარა.-შენ საერთოდ თუ გაგაჩნია წარმოდგენა, რას ნიშნავს ოჯახი? თუ შენთვის ყველაფერი მხოლოდ ვაჭრობაა? -ოჯახი?-მერაბმა ხმამაღლა გადაიხარხარა. -ოჯახი მამაშენმა დამიშალა, როცა ჩემი ბიზნესიდან გამომაგდო! და ახლა შენ მელაპარაკები მორალზე? ეს გოგო შენთვის მხოლოდ ფარია, აბაშიძე. ერთჯერადი ინსტრუმენტი, რომელსაც გამოიყენებ და მერე სანაგვეზე მოისვრი. ასეთ მზეთუნახავებს შენნაირი ცივი ნაგვები ვერ ინარჩუნებენ. ის ადრე თუ გვიან ვატოსთან აღმოჩნდება, რადგან ვატომ იცის ქალის ფასი, შენგან განსხვავებით.-ნინამ იგრძნო, როგორ აუდუღდა სისხლი. ის აღარ აპირებდა ჩუმად ყოფნას. წელში გასწორდა და მერაბს პირდაპირ თვალებში ჩააშტერდა. -დაასრულეთ?-იკითხა ნინამ ისეთი სიმშვიდით, რომ მერაბს სიცილი სახეზე შეაშრა.-თუ კიდევ გაქვთ რამე ამაზრზენი ფანტაზია ჩემსა და თქვენს ლაწირაკ შვილზე? -ნინა, არ გინდა...-დაიწყო ბათუმ, მაგრამ ნინამ ხელი აწია და გააჩუმა. -არა, ბათუ, მინდა. მომისმინე, მერაბ,-ნინა მაგიდასთან ახლოს გადაიხარა.-თქვენ მთელი შეხვედრაა „ეგზოტიკაზე", „ნივთებსა" და „ერთჯერადობაზე" საუბრობთ. სიმართლე გითხრათ, მეცოდებით. მეცოდებით, რადგან თქვენს ასაკში კაცს იმდენი კომპლექსი გაქვთ, რომ სხვისი ცოლის შეურაცხყოფით ცდილობთ საკუთარი უსუსურობის გადაფარვას.-მერაბმა წარბები შეკრა, მაგრამ ნინამ არ აცალა.-თქვენი შვილი ლაჩარია. ის ჩემთან იმიტომ კი არ მოვიდა, რომ ვინმე მოსწონს, არამედ იმიტომ, რომ თქვენ ისე გაზარდეთ, როგორც შურისძიების იარაღი და არა როგორც კაცი. და იცით, რატომ წაგართვათ ლევან აბაშიძემ ყველაფერი? იმიტომ კი არა, რომ ბოროტი იყო, არამედ იმიტომ, რომ თქვენნაირი ადამიანი ძალაუფლების ღირსი არ არის. თქვენ ფული კი არ წაგართვეს, თქვენ საკუთარმა სიბინძურემ და უნიათობამ დაგღუპათ. და თუ გგონიათ, რომ მე ვატოსნაირ „ეგზოტიკის მოყვარულს" ზედ შევხედავ, ალბათ მართლა დაბერდით და რეალობის აღქმა დაკარგეთ. -შენ... შე ლაწირაკო!-მერაბი წამოხტა, სახე აუჭარხლდა, ხელი ჰაერში აწია, თითქოს დარტყმას აპირებდაო. მაგრამ ბათუ უკვე იქ იყო. მან მერაბს მაჯაში ჩაავლო ხელი. -ხელი არ გაანძრიო, მერაბ!-გამოსცრა ბათუმ. -ჩემს ცოლს თუ კიდევ ერთხელ შეხედავ მაგ ბინძური თვალებით, ან კიდევ ერთხელ ახსენებ მას და შენს შვილს ერთ წინადადებაში, გეფიცები, ამ რესტორნიდან ცოცხალი ვერ გახვალ!-ბათუმ მერაბის ხელი ზიზღით მოისროლა. კაცი სკამზე დაეშვა, სუნთქვა უჭირდა, თვალებში კი პირველად გაუკრთა ნამდვილი შიში. -წავედით, ნინა.-თქვა ბათუმ, ნინას წელზე ხელი მოხვია და ისე მჭიდროდ მიიკრა, თითქოს მთელი სამყაროსგან იცავდა. ისინი გარეთ გამოვიდნენ. თებერვლის ცივმა ჰაერმა ნინას სახეზე სასიამოვნოდ დაჰბერა. როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ და ბათუმ ძრავა დაქოქა, სალონში მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა. ბათუ საჭეს არ ეხებოდა, უბრალოდ იჯდა და ნინას უყურებდა. -შენ...-ამოთქვა ბათუმ ბოლოს.-შენ საერთოდ აზრზე ხარ, რა გააკეთე? -რა გავაკეთე? სიმართლე ვუთხარი.-გოგოს ხელები ჯერ კიდევ უთრთოდა ადრენალინისგან. -ნინა, ჩვენ გვქონდა შეთანხმება!-ბათუ მისკენ მოტრიალდა, მისი ხმა ახლა უფრო აღფრთოვანებას ჰგავდა, ვიდრე ბრაზს.-შენ ის კაცი გაანადგურე. მერაბ ამილახვარს ოცდაათი წელია ასე არავინ დალაპარაკებია. მისთვის სიტყვა „ლაჩარი" და „უნიათო" არავის უკადრებია. შენ კი... შენ უბრალოდ გათელე მისი თავმოყვარეობა. -იმიტომ, რომ იმსახურებდა.-მიუგო ნინამ და ბათუს თვალებში ჩახედა.-ის შენს ოჯახს შეეხო, ბათუ. და რადგან მე ახლა ამ ოჯახის ნაწილი ვარ, არავის მივცემ უფლებას, ჩემს თანდასწრებით ასე ისაუბროს.-ბათუმ ჩაიღიმა. ეს იყო გულწრფელი, თბილი ღიმილი, რომელიც მის სახეზე იშვიათად ჩნდებოდა. *** ბათუმ მანქანა მყუდრო, ვიტრაჟებიან კაფესთან შეაჩერა. ადრენალინი ნელ-ნელა ცხრებოდა, მაგრამ მუცელში ის უსიამოვნო სიმარიელე იგრძნობოდა, რომელიც მხოლოდ გამოტოვებულ საუზმეს მოჰყვება ხოლმე. -აქ რა გვინდა?-იკითხა ნინამ და დაბნეულმა გადახედა შენობას. -არ გვისაუზმია, ნინა-ბათუმ ძრავა გამორთო. -დილით ლამის კიბეებზე დაგორდი, ოღონდ წამოვალო და დარწმუნებული ვარ გშია.-ნინამ მხოლოდ ახლა იგრძნო, როგორ სტკიოდა კუჭი შიმშილისგან, ამიტომ არ შეკამათებია. შიგნით შევიდნენ და ფანჯარასთან, მყუდრო კუთხეში დასხდნენ. თითქმის მაშინვე მათკენ მკერდმოღეღილი, ტუჩებდაბერილი ქერა გოგონა დაიძრა, რომელსაც მოკლე ფორმა ისე ეცვა, თითქოს ზაფხული ყოფილიყო. -ბათუ, როგორ ხარ?-გოგონამ ისეთი ხმით ჰკითხა, თითქოს ძველი, ძალიან ახლო ნაცნობი ყოფილიყო. -კარგად, ლიკა, შენ?-უპასუხა ბათუმ მშვიდად. -მშვენივრად. რა მოგიტანო? თუ როგორც ყოველთვის?-ლიკამ თვალები მოჭუტა და ისე გადაიხარა, რომ ნინასთვის საერთოდ არ შეუხედავს. -ჯერ ჩემს მეუღლეს ჰკითხე.-თქვა ბათუმ ცივად. ლიკას სახე წამში შეეცვალა. მან მტრული მზერა ესროლა ნინას, რომელიც იჯდა და აკვირდებოდა, როგორ ცდილობდა ეს გოგო მისი ქმრის ყურადღების მიქცევას. -გამარჯობა... რას ინებებ?-ჰკითხა ლიკამ ისეთი ტონით, თითქოს დიდ რამეს სჩადიოდა. -ხილის სმუზი, თუ შეიძლება.-თავაზიანად უთხრა ნინამ. -ბათუუ, შენ?-ისევ ბიჭს მიუბრუნდა ოფიციანტი. -სენდვიჩი და ფორთოხლის წვენი.-როგორც კი ლიკა გატრიალდა, ნინამ ირონიულად ჩაიღიმა და ბათუს გადახედა. ბათუ კი აუღელვებლად იჯდა, თითქოს სიამოვნებდა კიდეც ნინას ეს დაძაბული მზერა. -მართალი ყოფილა მერაბი, რა გინდა...-ჩაილაპარაკა ნინამ ნიშნის მოგებით.-ყველა გოგო დიდი სიამაყით გცნობს. მეგონა, მარტო ამილახვრები იყვნენ შენი „ფანები", მაგრამ როგორც ჩანს, მთელი ქალაქის მომსახურე პერსონალი შენი ძველი ნაცნობია. -ხშირად დავდივარ აქ, სახლში საუზმეს ვერ ვასწრებ ხოლმე.-თქვა ბათუმ ისეთი ტონით, თითქოს თავს იმართლებდაო. -ნუ მიხსნი, არ ხარ ვალდებული.-ნინამ ფანჯარაში გაიხედა, რომ თავისი გაღიზიანება დაემალა. -ვარ, ნინა.-ბათუ მასთან ახლოს გადაიხარა.-მინდა იცოდე, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ჩემს გვერდით სხვა არავინ იქნება. და პირდაპირ გეტყვი, შენგანაც იგივეს მოვითხოვ" -ამაზე საუბარი არც არის საჭირო.-მიუგო ნინამ და ამ დროს შეამჩნია, რომ ბათუს ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა. ლიკა მათ მაგიდას ლანგრით მიუახლოვდა. ჯერ ნინას დაუდო სმუზი, მერე კი ბათუს წინ სენდვიჩი და წვენი დადგა. ჭიქის დადების დროს, თითქოს შემთხვევითო, ხელი ბათუს ხელზე დაადო და რამდენიმე წამით გააჩერა. ნინამ იგრძნო, როგორ აუდუღდა სისხლი. “უბრალოდ ვანახებ, რომ მისი ცოლი აქ არის”- გაიფიქრა და სანამ ლიკა ხელს გასწევდა, ნინამ თავისი ხელი ბათუს ხელს ზემოდან დაადო, თითები მჭიდროდ მოუჭირა და ლიკას პირდაპირ თვალებში შეხედა. -მადლობა, ლიკა. მგონი, ყველაფერი გვაქვს უკვე.-თქვა ნინამ გამარჯვებული ღიმილით. ოფიციანტი დაიბნა, მთელი სახე გაუწითლდა და სასწრაფოდ გაეცალა მაგიდას. ბათუ კი გაოგნებული უყურებდა თავის ხელს, რომელზეც ნინას თბილი თითები ეწყო. მან ნელა გადააბრუნა ხელისგული და ნინას ხელს ქვემოდან ამოუდო, თითები თითებში ახლართა. -ეს რა იყო?-ჰკითხა ჩურჩულით. -ეს უბრალოდ ჩემი მოვალეობაა.-სასხვათაშორისოდ უთხრა გოგომ, ხელი სწრაფად გაათავისუფლა და სმუზის მიუბრუნდა. ბიჭის თვალებში ისეთი კმაყოფილება ენთო, როგორიც ნინას არასდროს ენახა. ბათუ ხვდებოდა ეს გოგო იმაზე მეტად იწყებდა მის ცხოვრებაში ადგილის დამკვიდრებას, ვიდრე თავიდან წარმოედგინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



