პირობითი სიყვარული (თავი 9)
თებერვლის ის საზარელი ღამე აბაშიძეების სახლის კედლებში დიდხანს დარჩა ექოდ. საავადმყოფოდან გამოწერის პირველი კვირა ნინასთვის ნისლში გახვეულ სიზმარს ჰგავდა. ორგანიზმი ნელა იშორებდა იმ შოკს, რომელიც ნიკას „საჩუქარმა" გამოიწვია. სწორედ ამ პერიოდში, როცა ნინა ყველაზე სუსტი იყო, ბათუ აბაშიძემ თავისი მეორე, აქამდე უცნობი სახე გამოაჩინა. მთელი ერთი თვის განმავლობაში სახლში უცნაური რიტმი დამყარდა. ბათუმ მუშაობის გრაფიკი შეცვალა ის აღარ რჩებოდა გვიანობამდე ოფისში. ყოველ საღამოს, ზუსტად შვიდ საათზე, მისი მანქანის ხმა ეზოში ნინასთვის ერთგვარ დამამშვიდებელ სიგნალად იქცა. ბიჭი თავად აკონტროლებდა ყველაფერს: წამლების მიღების ცხრილიდან დაწყებული, ნინას კვების რაციონით დამთავრებული. ეს იყო ერთი თვე, როცა საუბრები აღარ ჰგავდა ბრძოლის ველს. ნინა ხშირად იჯდა მისაღებ ოთახში, ბუხართან, პლედში გახვეული და უყურებდა, როგორ მუშაობდა ბათუ იქვე, სავარძელში ლეპტოპით. ხანდახან ბიჭი მზერას მოსწყვეტდა ეკრანს, ნინას გადახედავდა და მოკლედ ჰკითხავდა. -წყალი გინდა? -არა, ბათუ, კარგად ვარ.-პასუხობდა ნინა და გრძნობდა, როგორ ეპარებოდა სითბო გულში ამ მარტივი კითხვის გამო. ბათუ მას თოჯინასავით ექცეოდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ისევ არსებობდა ის ოფიციალური დისტანცია, ბიჭის ქმედებები ბევრად მეტს ამბობდა, ვიდრე სიტყვები. როცა ნინას ღამით კოშმარები აწვალებდა, ისევ ის ბარი, ისევ ის დახუთული ჰაერი და ოფლში გაწურულს ეღვიძებოდა, კართან ყოველთვის ბათუს ხედავდა. ის უბრალოდ იდგა დერეფნის სიბნელეში, ზურგით კედელს მიყრდნობილი და ელოდებოდა, სანამ გოგონას სუნთქვა არ დარეგულირდებოდა. ნინამ პირველად გაიღიმა გულწრფელად, მაშინ, როცა ბათუმ მას ძველი, იშვიათი გამოცემის სამართლის წიგნი მოუტანა, რომელიც ნინას დიდი ხანია უნდოდა. -ეს საიდან?-იკითხა გაოცებულმა. -მამაჩემის ბიბლიოთეკაში ვიპოვე... ძველ წიგნებს ინახავს.-მოიტყუა ბათუმ და თვალი აარიდა. ნინამ იცოდა, რომ ეს ტყუილი იყო და ბათუმ ის სპეციალურად მისთვის მოაძებნინა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ამ თვეში მათ შეისწავლეს ერთმანეთი. ისწავლეს, რომ „ხომ არაფერი გჭირდება?" სინამდვილეში ნიშნავდა „მიხარია, რომ ცოცხალი ხარ". ნინა ხვდებოდა, რომ ბათუს ბრაზი ნელ-ნელა მზრუნველობაში გადაიზარდა, თუმცა სიამაყე ორივეს უშლიდა ხელს, რომ ეს ხმამაღლა ეთქვათ. მარტის შუა რიცხვები იდგა. ნინა უკვე სრულიად მომჯობინდა. ლოყებზე სივარდისფრე დაუბრუნდა და თვალებში ისევ ის მებრძოლი ნაპერწკალი აენთო. სწორედ ამ დროს, როცა ყველაფერი მშვიდად ჩანდა, ბათუს ტელეფონზე ზარი გაისმა. მისი სახე წამში გაიყინა. -ბაბუა?-თქვა ბათუმ და ნინას გადახედა. ბათუს ხმაში გაკვირვებაზე მეტად მოულოდნელი დაძაბულობა გაერია. ნინამ შეამჩნია, როგორ გაეყინა მზერა ერთ წერტილზე და როგორ გაუმკაცრდა ყბის ხაზი. დემნა აბაშიძე, სახელი, რომელიც ამ სახლში იშვიათად ითქმოდა, მაგრამ ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. -დიახ, ბაბუა... მესმის...-ბათუ ფანჯარასთან მივიდა, თითქოს შორს, ჰორიზონტზე რაღაცას ეძებდა. -რა თქმა უნდა. დღეს საღამოს, რვა საათზე. რესტორანში მოვალთ. ორივე მოვალთ.-როცა ბათუმ ტელეფონი გათიშა, ოთახში ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, რომ ნინას საკუთარი გულისცემა ჩაესმა. ბიჭი ნელა შემობრუნდა. მისი თვალები, რომლებიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ნინას მიმართ საოცრად თბილი და მზრუნველი გამხდარიყო, ახლა ისევ იმ ფარდით დაიბურა, როგორიც მათი გაცნობის პირველ დღეს. -რა ხდება, ბათუ?-ნინამ წიგნი მაგიდაზე დადო.-სახე შეგეცვალა.-ბათუ მასთან მივიდა და სავარძლის საზურგეს დაეყრდნო. -დემნა აბაშიძე ჩვეულებრივი მოხუცი არ არის, ნინა. ის არის კაცი, რომელმაც ეს იმპერია შექმნა. მამაჩემი მხოლოდ მმართველია, ბაბუაჩემი კი მეპატრონე. ის წლების წინ წავიდა ქალაქიდან, მთაში ჩაიკეტა, რადგან თქვა, რომ თბილისის ჰაერი არაფრით, მაგრამ სიცრუით არის გაჟღენთილიო. თუ ის ქალაქში ჩამოვიდა და ჩვენ რესტორანში დაგვიბარა, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც ძალიან სერიოზული ხდება. -და... ჩემი გაცნობა უნდა?-იკითხა ნინამ და იგრძნო, როგორ აუკანკალდა თითები. -მასთან ტყუილს აზრი არ აქვს, ნინა.-ბათუ უფრო ახლოს მივიდა, ხელი ნინას მხარზე დაადო და თვალებში ჩააშტერდა.-დემნა ადამიანებს სულში უყურებს. ის რენტგენივითაა. თუ მან შენს თვალებში ერთი წამით მაინც დაინახა ყოყმანი, ან თუ იგრძნო, რომ ჩვენი ქორწინება მხოლოდ ფურცელზე დაწერილი გარიგებაა, ის ამ ყველაფერს ერთ წამში დაანგრევს. მისთვის ოჯახის სახელი და ღირსება ყველაფერზე მაღლა დგას. მას არ აინტერესებს მამაშენის ვალები და არც ბიზნესგარიგებები. მას აინტერესებს ხარ თუ არა შენ აბაშიძეების გვარის ღირსი, ან ვასრულებ თუ არა მე ქმრის მოვალეობას. -ანუ... ხვალ საღამოს ისევ უნდა ვითამაშო?-ნინამ სიმწრით ჩაიღიმა. -არა, ნინა. ხვალ საღამოს თამაში აღარ გვიშველის.-ბათუს ხმა დაბალი და მტკიცე იყო.-ხვალ საღამოს შენ მართლა ჩემი ცოლი უნდა იყო. მის თვალწინ ჩვენს შორის ერთი სანტიმეტრიც კი არ უნდა იყოს დისტანცია. თუ მან იგრძნო, რომ ერთმანეთისთვის უცხოები ვართ, მამაშენს ციხეში ჩასვამს, მე კი მემკვიდრეობის გარეშე დამტოვებს. ის არავის პატიობს ტყუილს, განსაკუთრებით ოჯახურ საკითხებში.-ნინა გაჩუმდა. ერთი თვის განმავლობაში ის ბათუს მზრუნველობას მიეჩვია, მათ შორის გაჩენილ უსიტყვო ნდობას, მაგრამ ახლა რეალობა ისევ დაეტაკა. -მზად ხარ?-ჰკითხა ბათუმ. -სხვა გზა მაქვს?-მიუგო ნინამ და ბათუს მზერას თვალი არ აარიდა.-ერთი თვეა, მეუბნები, რომ უნდა მოვძლიერდე. ეტყობა, ზუსტად ამ დღისთვის მამზადებდი. *** რესტორნის მძიმე, ხის კარების წინ ნინა წამით შეყოვნდა. მარტის ცივი ქარი მის შიშველ ყელსა და მხრებს სუსხავდა, მაგრამ შიგნიდან იმაზე მეტად კანკალებდა, ვიდრე სიცივისგან. ბათუმ ეს იგრძნო და მისი ცივი ხელისგული თავის დიდ, თბილ ხელში მოიქცია. -არ ინერვიულო.-ჩასჩურჩულა ბიჭმა, -უბრალოდ მენდე.-ნინას იმ საღამოს მუქი ზურმუხტისფერი, აბრეშუმის კაბა ეცვა, რომელიც სხეულზე ნაზად ეკვროდა და ყოველ ნაბიჯზე ლივლივებდა. გრძელი მკლავები მას თავდაჭერილობას მატებდა, თუმცა წელში გამოყვანილი სილუეტი მის ქალურობას უსვამდა ხაზს. თმა უბრალოდ, მაგრამ ელეგანტურად ჰქონდა დაწნული და კეფაზე დამაგრებული. ბათუ კი, თავისი მუქი ნაცრისფერი კოსტიუმითა და თეთრი პერანგით, ისეთი დახვეწილი ჩანდა, თითქოს რომელიმე მაღალი წრის ჟურნალის გარეკანიდან გადმოსულიყო. როგორც კი დარბაზში შევიდნენ, ნინამ მაშინვე იგრძნო ის მძიმე აურა, რომელიც შორეულ კუთხეში მდგარი მაგიდიდან მოდიოდა. იქ დემნა აბაშიძე იჯდა. ბათუმ ნინას ხელი უფრო მჭიდროდ ჩაჰკიდა და მაგიდისკენ დაიძრნენ. მოხუცი ფეხზე წამოდგა. მიუხედავად ასაკისა, ის საოცრად მხარბეჭიანი და მედიდური იყო. ბათუ მაშინვე მივიდა და ბაბუას გულმხურვალედ გადაეხვია ეს არ იყო მხოლოდ ფორმალობა, ნინამ დაინახა ნამდვილი მონატრება და პატივისცემა ბათუს თვალებში. -ბაბუა, როგორ მიხარია შენი ნახვა!-უთხრა ბათუმ და მხრებზე ხელი დაჰკრა.-არ მეგონა, ასე მალე თუ ჩამოხვიდოდი. -აბა, აბაშიძეების ბიჭი ისე უნდა დაქორწინებულიყო, რომ მე არ მენახა?"-დემნას ხმა ხრინწიანი იყო, მაგრამ ოთახში ყველაფერს ფარავდა. მან მზერა ნინასკენ გადაიტანა ნინა წინ გადადგა, ბათუს ხელი არ გაუშვია. -ბატონო დემნა, ძალიან დიდი პატივია თქვენი გაცნობა!-თქვა ნინამ და მოხუცს თბილად გაუღიმა.-ბათუ თქვენზე იმდენს მიყვებოდა, მეგონა, უკვე დიდი ხანია გიცნობდით.-დემნა წამით შეცბა. ალბათ ელოდა, რომ შეშინებულ გოგოს ნახავდა, ნინამ კი მას სრულიად სხვა ენერგია დაანახა. მოხუცმა თვალები მოჭუტა, ნინას ხელი თავის დაკოჟრილ ხელებში მოიქცია და დიდხანს ათვალიერებდა. -ჩემზე გიყვებოდა, არა?-ჩაილაპარაკა დემნამ და ჩაეცინა.-ალბათ იმასაც გეტყოდა, როგორი აუტანელი მოხუცი ვარ. დაჯექით, შვილებო, დაჯექით. ვხედავ, ბათუს გემოვნება არ ღალატობს... გარეგნულად მაინც.- დასხდნენ. დემნამ ღვინო თავად დაასხა. -მითხარი, ნინა,-დაიწყო მან და პირდაპირ თვალებში ჩახედა. -ჭავჭავაძეების სისხლი ჯიუტია, მე მამაშენს კარგად ვიცნობდი. შენ როგორ ახერხებ ამ მგელს,-მან ბათუზე მიანიშნა, -ასე მშვიდად ედგე გვერდით? თუ ეს სიმშვიდე მხოლოდ ნიღაბია ჩემს მოსატყუებლად? ნინამ იგრძნო ბათუს ხელის სიმხურვალე მაგიდის ქვეშ. ეს შეხება ერთდროულად იყო გაფრთხილებაც და დასაყრდენიც. მან ღვინის ჭიქას თითები შემოხვია, ოღონდ არა იმიტომ, რომ დაელია, არამედ იმიტომ, რომ ხელების კანკალი დაემალა. დემნას მზერა მძიმე იყო, თითქოს ყოველ მის ნათქვამ სიტყვას სასწორზე დებდა. -სიმშვიდე?-ნინამ ოდნავ გადახარა თავი და ბათუს ისე გადახედა, თითქოს მათ შორის რაღაც საერთო საიდუმლო არსებობდა. -ბატონო დემნა, სიმშვიდე უკანასკნელია, რასაც ბათუს გვერდით ადამიანი გრძნობს. თქვენ უკეთ გეცოდინებათ, რომ აბაშიძეებთან ცხოვრება უფრო ქარიშხალში ყოფნას ჰგავს, ვიდრე წყნარ ნავსაყუდელს.-დემნამ ცალი წარბი ასწია, მისი სახის ნაკვთები ოდნავ მოეშვა, თითქოს პასუხმა დააინტერესა. -მერე? ქარიშხალი არ გაშინებს?-ჰკითხა მოხუცმა და თვალი არ მოუშორებია. -სიმართლე გითხრათ, თავიდან მაშინებდა,-განაგრძო ნინამ და ამჯერად ბათუს თვალებში ჩახედა, სადაც გაოცება და სიამაყე ერთმანეთში არეულიყო. -მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამ ქარიშხალს თავისი წესები აქვს. ბათუ შეიძლება მგელივით მკაცრი იყოს გარესამყაროსთვის, მაგრამ სახლში... სახლში ის ის კაცია, რომელსაც შეუძლია მთელი ღამე შენს ძილს დარაჯობდეს, როცა ცუდად ხარ. ასეთი კაცის გვერდით დგომა კი შიშზე მეტია, ეს პასუხისმგებლობაა.-ბათუმ ოდნავ მოუჭირა ხელი ნინას მუხლს. გოგონას პასუხი იმდენად გულწრფელი და ამავდროულად ჭკვიანური იყო, რომ დემნამ ჭიქა ასწია. -პასუხისმგებლობაო, არა?-ჩაილაპარაკა დემნამ.-ბევრს ეს სიყვარულში ერევა, ზოგს კი ვალდებულებაში. შენს შემთხვევაში რომელია, ნინა? იმიტომ, რომ ჭავჭავაძეები ვალს ყოველთვის იხდიან, მაგრამ სულს იშვიათად დებენ იმაში, რასაც აკეთებენ.-ოთახში ჰაერი ისევ დაიძაბა. ბათუ აპირებდა რაღაცის თქმას, რომ სიტუაცია განემუხტა, მაგრამ დემნამ ხელი აუწია მას ნინასგან უნდოდა პასუხი. -მე სულს იქ ვდებ, სადაც ჩემს ერთგულებას აფასებენ.-თქვა ნინამ მტკიცედ.-ბათუმ ჩემი ერთგულება არა სიტყვებით, არამედ იმით მოიპოვა, რომ მაშინაც კი არ მიმატოვა, როცა მე თვითონ მინდოდა საკუთარი თავის მიტოვება. ასე რომ, ბატონო დემნა, ჩემთვის ეს არც ვალია და არც უბრალო ვალდებულება. ეს ჩემი არჩევანია.-მოხუცმა დიდხანს უყურა ნინას, მერე კი ბათუს გადახედა. ნინას პასუხმა დემნას სახეზე უცნაური, კმაყოფილი გამომეტყველება გამოიწვია, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. მოხუცმა ჭიქა მაგიდაზე დადგა, სკამის საზურგეს მიეყრდნო და თვალები მოჭუტა. მისი მზერა ახლა უფრო გამომცდელი და ბასრი გახდა. -ერთგულება და პასუხისმგებლობა... კარგი სიტყვებია.-ჩაილაპარაკა დემნამ. -მაგრამ იცი რა არის საინტერესო? ერთგულება ხშირად შიშისგანაც იბადება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ზურგსუკან ამილახვრები გიდგანან, წინ კი აბაშიძეების იმპერია.-ბათუს სახეზე ძარღვი აუთამაშდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. ნინამ იგრძნო, როგორ დაეჭიმა ბიჭს ხელი მის მუხლზე. -მითხარი, ბათუ,-განაგრძო დემნამ და ხმას ოდნავ აუწია.-რამდენად დარწმუნებული ხარ, რომ ამ გოგოს შენი „სიყვარული" კი არ ხიბლავს, არამედ ის კომფორტი და უსაფრთხოება, რაც შენს გვარს მოჰყვება? ჭავჭავაძეებმა ყოველთვის იცოდნენ, სად ეძებათ თავშესაფარი, როცა ქარიშხალი იწყებოდა. ჩვენ ორივემ ვიცით, რომ ეს გარიგება შენთვისაც და მისთვისაც გადარჩენის ერთადერთი გზა იყო.-ბათუმ ღრმად ჩაისუნთქა. იგრძნო, როგორ აეწვა ყელი ბაბუამისის პირდაპირობისგან. დემნა ზუსტად იმ წერტილში ურტყამდა, რომელიც ბათუს ყველაზე მეტად აშინებდა, ეჭვი იმაზე, რომ მათი ურთიერთობა მხოლოდ საჭიროებაზე იყო დაფუძნებული. -ბაბუა, მგონი ზედმეტი მოგდის.-თქვა ბათუმ დაბალი, ცივი ხმით. ის ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, მაგრამ მისი მზერა უკვე მრისხანებით იყო სავსე. -ზედმეტი?-დემნამ ჩაიცინა და ნინას მიუბრუნდა. -ნინა, შვილო, არ გეგონოს, რომ ამით შეურაცხყოფას გაყენებ. უბრალოდ მაინტერესებს, რამდენად გაქვს გააზრებული, რომ აბაშიძეების რძლობა მხოლოდ ლამაზი კაბები და რესტორნები არ არის. ხვალ, თუ ბათუ ყველაფერს დაკარგავს, შენ ისევ მის გვერდით იქნები, თუ მამაშენთან გაიქცევი და ახალ მფარველს მოძებნი? იმიტომ, რომ შენს თვალებში მე ჯერ კიდევ ვხედავ იმ გოგოს, რომელსაც გაქცევა უნდა, მაგრამ ვერ ახერხებს.-ნინა გაფითრდა. დემნას სიტყვები მათრახივით მოხვდა. ბათუმ მაგიდის ქვეშ ნინას მუხლს ხელი ისე მაგრად მოუჭირა, რომ თითქოს მისი დაცვა უნდოდა ამ სიტყვიერი თავდასხმისგან. ბიჭს ყბა ისე ჰქონდა დაჭიმული, რომ ლაპარაკიც კი უჭირდა. მას სძულდა, როცა ბაბუამისი ასე უხეშად ეხებოდა იმას, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ასეთი წვალებით ააშენეს. -ბაბუა, მგონი ვახშამი დასრულდა!-თქვა ბათუმ მკვეთრად და ფეხზე წამოდგა. ნინას ხელი ჩაჰკიდა და აიძულა ისიც წამომდგარიყო. -ჩვენ უკვე გაგეცით პასუხი იმაზე, რაც გაინტერესებდათ. დანარჩენი კი მხოლოდ ჩვენი საქმეა.-დემნა არ განძრეულა. ის მშვიდად იჯდა და უყურებდა გაღიზიანებულ შვილიშვილს. მის თვალებში ირონიული კმაყოფილება ჩანდა მან ზუსტად იცოდა, სად დაეჭირა ფეხი. -ნუ ჩქარობ, ბათუ. სიმართლე ყოველთვის მწარეა.-ჩაილაპარაკა მოხუცმა. ვახშამი კიდევ დიდხანს გაგრძელდა. დემნა ათას რამეზე საუბრობდა იხსენებდა ძველ თბილისს, თავის ახალგაზრდობას და იმ მკაცრ წესებს, რომლითაც აბაშიძეების გვარი გაამყარა. ნინა ცდილობდა ყოველი სიტყვა დაეჭირა, ბათუ კი უმეტესად დუმდა, თუმცა მისი დაძაბული სილუეტი და მაგიდის ქვეშ ნინას მუხლზე მომჭერილი თითები მის შინაგან ბრძოლაზე მეტყველებდა. ბაბუამისის ყოველი ირონიული შენიშვნა მათ „გარიგებაზე" ბათუსთვის ნელ მოქმედებაში მოყვანილ ნაღმს ჰგავდა. როცა რესტორნიდან გამოვიდნენ, მარტის ღამის ცივი ჰაერი სახეში მწარედ ეცათ. ბათუ მანქანისკენ ისეთი სწრაფი ნაბიჯით წავიდა, რომ ნინა ძლივს ეწეოდა. ის არაფერს ამბობდა, მაგრამ მისი ყბის ხაზი ისე იყო დაჭიმული, თითქოს ნებისმიერ წამს აფეთქებას აპირებდა. როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ და კარები ძლიერად მიიხურა, ბათუმ საჭეს ხელები მთელი ძალით დაარტყა. -ზუსტად იცის, სად დაარტყას. იცის, როგორ გაგიფუჭოს ისიც კი, რის დაჯერებასაც ერთი თვეა ცდილობ.- გამოსცრა კბილებში. -ბათუ, დამშვიდდი.-ნინამ ხელი მის მკლავზე დაადო, მაგრამ ბიჭმა ისე შეხედა, თითქოს ახლაღა გაახსენდა მისი არსებობა. -რა დავმშვიდდე, ნინა? გესმოდა, რას ამბობდა? „გარიგებაო", „თავშესაფარიო"... მართლა ასე გგონია? მართლა მხოლოდ იმიტომ ხარ ჩემთან, რომ სხვა გზა არ გაქვს და აქ უსაფრთხოდ ხარ?-ნინა გაჩუმდა. ბათუს თვალებში იმხელა წყენა და ეჭვი დაინახა, რომ გული შეეკუმშა. დემნამ თავის მიზანს მიაღწია მან მათ შორის ისევ გააჩინა ის ბზარი, რომლის ამოვსებასაც ბოლო ერთი თვეა ცდილობდნენ. -ბათუ, შემომხედე.-თქვა ნინამ დაბალი, მაგრამ მტკიცე ხმით. -ბაბუაშენმა ის თქვა, რასაც ყველა ფიქრობს. მაგრამ ის ვერ ხედავს იმას, რაც ამ სახლის კედლებში ხდება. მან არ იცის, როგორ მივლიდი, როგორ მდარაჯობდი... ეს გარიგებაზე მეტია და შენ ეს იცი.-ბათუმ ღრმად ჩაისუნთქა და შუბლი საჭეს მიაყრდნო. მისი სუნთქვა ნელ-ნელა დაწყნარდა, მაგრამ დაძაბულობა არსად გამქრალა. მანქანა სახლის წინ გაჩერდა, მაგრამ ძრავის ხმა არ შეწყვეტილა. ბათუ საჭეს ხელებს არ უშვებდა, მზერა კი წინ, სიბნელეში ჰქონდა გაშტერებული. ნინამ იგრძნო, რომ ბიჭს შინაგანი შფოთვა მოსვენებას არ აძლევდა დემნას სიტყვებს ისე აერია მისთვის თავგზა, რომ მშვიდად დაძინებას ვერ შეძლებდა. -სადმე მიდიხარ?-ჰკითხა ნინამ და თან უსაფრთხოების ღვედი შეიხსნა. "კი, უტას და სანდროს უნდა შევხვდე"- მოკლედ მიუგო ბათუმ, ხმაში დაღლილობა ეტყობოდა. -აა, კარგი.-ნინამ სცადა, იმედგაცრუება დაემალა. ეგონა, ამ მძიმე საღამოს შემდეგ სახლში ერთად ავიდოდნენ და იქნებ რამეზე ელაპარაკათ კიდეც. -წამოხვალ?-ბათუ უცებ მისკენ შემობრუნდა. ნინას გული აუფანცქალდა. წამით გაიფიქრა, რომ ეს კარგი შანსი იყო, მაგრამ მერე საკუთარ თავზე გაბრაზდა არ უნდოდა ისე გამოჩენილიყო, თითქოს ყველგან „ეტენებოდა". -არაა.-თავი გაიქნია გოგონამ. -მალე მოხვალ? -ხო, ერთ საათში სახლში ვიქნები.-თქვა ბათუმ, თუმცა ორივემ იცოდა, რომ უტასთან და სანდროსთან ერთი საათი არასდროს კმაროდა. ნინა მანქანიდან გადავიდა, ბათუმ კი გაზს ფეხი დააჭირა და საბურავების ხრჭიალით მოსწყდა ადგილს. ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ კლუბთან ბათუმ მანქანა მკვეთრად გააჩერა. შიგნით მუსიკის ბასები ისე გუგუნებდა, რომ კედლები ზანზარებდა. VIP ზონაში, კუთხის მაგიდასთან, სანდრო და უტა უკვე მოკალათებულიყვნენ. მათ გარშემო რამდენიმე გოგო ტრიალებდა, ერთ-ერთი სანდროს ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდა და თან იცინოდა. ბათუ მიუახლოვდა. სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რომ მაშინვე მიხვდნენ დღეს მხიარულ განწყობაზე არ იყო. -გაუშვით ესენი.-თვალით ანიშნა მეგობრებს გოგოებზე. სანდრომ ამოიოხრა, რაღაც უთხრა გოგოს და ისიც უკმაყოფილო სახით გაშორდა მაგიდას, მას სხვებიც გაჰყვნენ. ბათუ მძიმედ დაეშვა სავარძელში. -რა გჭირს, ბიჭო? როდის მერე არ გევასება კლუბში ქალებთან გართობა?-ჰკითხა სანდრომ და თან ვისკი დაუსხა. -ცოლი მყავს, სანდრექს.-მიუგო ბათუმ და სასმელი ერთი მოსმით დაცალა. -ჩვენ ვიცით სიმართლე, ბათუ.-გაიცინა უტამ. -ეგ ცოლი ფურცელზე გიწერია, აქ კი არავინ გიყურებს. -ხო, მარა... დაიკიდეთ.-ხელი აიქნია ბათუმ. -მოიცა, მოიცა,-უტამ ჭიქა დადო და მეგობარს დაჟინებით შეხედა.-რძალი ხო არ შეგიყვარდა? -თუ ძმა ხარ!-ბათუმ მწარედ ჩაიცინა. სასმელი სასმელს მიჰყვა. ბათუმ დემნასთან შეხვედრის დეტალები მოუყვა. სანდრო და უტა უსმენდნენ, თან ნელ-ნელა თვითონაც კარგად თვრებოდნენ. -გაიხაროს ნინაჩკამ, კატიუშა რომ გამაცნო.-წამოიწყო უკვე საკმაოდ შემთვრალმა სანდრომ და სახეზე ნეტარი ღიმილი გადაეფინა. -ვინ, ბიჭო? მედდა?-ბათუმ გაკვირვებულმა შეხედა. -კი, ძმაო! ისეთი გოგოა, ისეთი.-სანდრომ თითებით ჰაერში რაღაც ფორმა მოხაზა. -რამდენჯერმე შევხვდი უკვე. ნინას სანახავად რომ მივდიოდი საავადმყოფოში, იქ „დავკერე". მადლობა უნდა ვუთხრა შენს ცოლს, რომ მაგ საავადმყოფოში მოხვდა, თორემ კატოს სად ვნახავდი? -შენ სულ გამო*ლევდი?-გაეცინა უტას. -მედდაზე იჩალიჩე? -აბა რა, ძმაო, სულ სხვა სტილია!-სანდრომ ისევ დაისხა ვისკი. -მოკლედ, ბათუ, შენი ოჯახური იდილია მეც დამეხმარა პირად ცხოვრებაში.-საუბარი კიდევ დიდხანს გაგრძელდა. დრო ისე გაპარულიყო, რომ ბათუს დაპირებული ერთი საათი დიდი ხნის წინ გასულიყო. სამივე უკვე კარგად შეზარხოშებული იყო. ბათუს თავში მხოლოდ დემნას სიტყვები და ნინას სევდიანი თვალები უტრიალებდა. **** ბათუმ კლუბი ისე დატოვა, მეგობრებთან დამშვიდობებაც არ გახსენებია. ღამის თბილისის ქუჩებში მისი მანქანა გიჟური სისწრაფით მიქროდა. ალკოჰოლი სისხლში უდუღდა, მაგრამ გონებაში მხოლოდ ერთი ნინა უტრიალებდა, რომელიც ალბათ უკვე დიდი ხანია დაწვა. სახლთან რომ მივიდა, ღამის ოთხი საათი სრულდებოდა. მანქანიდან ძლივს გადმოვიდა, ბარბაცით მიაღწია კარამდე და ჯიბეებში გასაღების ძებნა დაიწყო. თითები არ ემორჩილებოდა, გასაღებს საკეტს ვერანაირად ვერ არგებდა, აწვალებდა, ნერვები ეშლებოდა... უცებ, კარი შიგნიდან თავისით გაიღო. ნინა თავის დათუნიებიან პიჟამოში ისეთი პატარა და დაუცველი ჩანდა ამ გოლიათი კაცის წინაშე, რომ ბათუს სახეზე წამში გადაეფინა სულელური, ბავშვური ღიმილი. მან ნაბიჯი გადადგა, წონასწორობა დაკარგა და მთელი სიმძიმით ნინას მხარზე ჩამოსვენდა, შუბლი მის ყელში ჩარგო. -როგორი საყვარელი ხარ...-ამოილუღლუღა ბათუმ. ნინამ იგრძნო მისი ცხელი სუნთქვა კანზე და გული ლამის საგულედან ამოუვარდა. შვებამ, რომ ის ცოცხალი და სახლში იყო, მთელი სხეული მოუდუნა. ბათუმ თავი ნელა ასწია. მისი მზერა ნინას ტუჩებსა და ლოყებზე დაცურავდა. უცებ, თითქოს ვეღარ მოითმინაო, ნინას ცივ ლოყას თავისი ცხელი ბაგეები მიაკრო. ეს არ იყო უბრალო კოცნა, ეს იყო სასოწარკვეთილი ადამიანის მცდელობა, იგრძნოს რაღაც ნამდვილი. -ბათუ, სად დათვერი ასე?-ჩურჩულით ჰკითხა ნინამ და სცადა, ბიჭი მისაღებ ოთახამდე მიეცილებინა. -პირველად გხედავ ასეთს... მთელი ღამე გელოდებოდი. -ბოდიში, დამაგვიანდა...-უთხრა ბათუმ, როცა დივანზე დაეშვა. ნინა დაიხარა, აკანკალებული თითებით ფეხსაცმლის თასმები გაუხსნა. -არაუშავს. აქ დაიძინე დღეს, კარგი? პლედს მოვიტან.-თქვა და გასასვლელად შებრუნდა, მაგრამ ბათუმ ისეთი ძალით ჩასჭიდა ხელი მაჯაში, რომ ნინა პირდაპირ მის გვერდით, დივანზე აღმოჩნდა. -ჩამეხუტე, ციცინათელავ.-ამოიხრიალა ბიჭმა და ერთი მკლავის მოქნევით გოგონა თავის მკერდზე მიიკრა. ნინას სუნთქვა გაუჩერდა. ლოყები აუწითლდა, მთელ სხეულში სიმხურვალე ჩაეღვარა. ბათუს გულისცემა პირდაპირ მის ყურთან ისმოდა სწრაფი, მძიმე და აფორიაქებული. -ციცინათელავ?-გაიმეორა ნინამ და ამ სახელის წარმოთქმისას რაღაც უცნაური სინაზე იგრძნო. -ჰო...-ბათუმ თვალები დახუჭა და ცხვირი ნინას თმებში ჩარგო. -ჩემს ცხოვრებაში უეცრად სინათლე შემოიტანე... ერთ წელში უნდა გამიფრინდე და ჩააქრო ეს სინათლე. შენ მხოლოდ ერთი წლით ხარ ჩემი...-ნინამ იგრძნო, როგორ აეწვა თვალები. ბათუს ხმაში ტკივილი იგრძნობოდა, მთელი მისი სიამაყე წამში გაქრა. მან გაუბედავად ასწია ხელი და ბათუს აჩეჩილ თმაზე ნაზად გადაუსვა. -არსად არ მივფრინავ, ბათუ... ჯერ აქ ვარ.-ჩასჩურჩულა მან. ბათუმ თვალები არ გაახილა, უფრო მჭიდროდ მიიკრა გოგონა სხეულზე, თითქოს ეშინოდა, რომ თუ ხელს გაუშვებდა, ნინა მართლაც იმ წამსვე აორთქლდებოდა. ნინას ესმოდა მისი გულის ყოველი ფეთქვა, რომელიც ალკოჰოლისგან კი არა, რაღაც სხვა, უფრო მძიმე სევდისგან იყო აჩქარებული. -ისე მართლა ასე გგონია?-ისევ ჩურჩულით ჰკითხა ნინამ. მისი ხმა ბათუს ყელთან ვიბრირებდა. -მართლა გგონია, რომ მხოლოდ ერთი წლით ვარ შენს ცხოვრებაში?-ბათუმ მძიმედ ამოისუნთქა. ალკოჰოლმა მას ის თავდაცვის ზღუდეები მოუშალა, რომლებსაც ფხიზელ მდგომარეობაში ასეთი მონდომებით აშენებდა. -ხელშეკრულება ასე ამბობს...-ამოიხრიალა მან. -წესები ასე ამბობს. და ყველაზე მეტად ის მაშინებს, რომ მეც ასე ვამბობდი. მე თვითონ დავწერე ეგ წესები, ნინა. მე თვითონ დავაწესე ეგ ვადა, რომ თავი დამეცვა. მაგრამ ახლა... ახლა ყოველი გასული დღე ჩემთვის სასიკვდილო განაჩენივითაა.-ნინამ თავი ოდნავ ასწია, რომ მისთვის თვალებში ჩაეხედა. ბათუს მზერა არეული იყო, მაგრამ მასში ისეთი გულწრფელობა კამკამებდა, რომ გოგონას სუნთქვა შეეკრა. -ბაბუაშენი მართალია.თქვა ნინამ სევდიანად. -აქ მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ სხვა გზა არ მაქვს.-ბათუმ ცალი ხელით ნინას სახე დაიჭირა, მისი ცერი ნაზად გადასრიალდა გოგონას ქვედა ტუჩზე. -არ მინდა, რომ სხვა გზა არ გქონდეს. მინდა, რომ ათასი გზა გქონდეს და მაინც აქ დარჩენას ირჩევდე. მინდა, რომ ეს პიჟამოები, ეს დათუნიები... ყოველ დილით აქ მხვდებოდეს. მაგრამ მე ვინ ვარ? უბრალოდ კაცი, რომელმაც შენი თავი იყიდა. ასე არ არის? -ნუ ამბობ მაგას.-ნინას თვალები ცრემლებით აევსო. -შენ მე არ გიყიდივარ, ბათუ. რაც გიცნობ შენს თავს ადანაშაულებ, არადა მთავარი დამნაშავეები ჩვენი მშობლები და მათი ატეხილი ბიზნესებია. და კიდევ დემნამ არაფერი იცის ჩვენზე.-ბათუმ მწარედ ჩაიღიმა -ჩვენზე? არსებობს საერთოდ „ჩვენ"? თუ ეს მხოლოდ ჩემი მთვრალი გონების ილუზიაა? მითხარი, ციცინათელავ... როცა ეს წელი გავა, როცა ვალები გაქრება და თავისუფალი იქნები... შეძლებ, რომ ჩემს გვერდით გაიღვიძო ისე, რომ ზურგს უკან ხელშეკრულება არ გედოს?-ნინა გაჩუმდა. კითხვა ჰაერში დაეკიდა, მძიმე და პასუხგაუცემელი. ბათუს თითები მის თმებში აიხლართა, ელოდებოდა, თითქოს ამ პასუხზე იყო დამოკიდებული მისი გადარჩენა. -მე არ ვიცი, რა იქნება რვა თვის შემდეგ, ბათუ.-ამოიჩურჩულა ნინამ, მაგრამ ბიჭს აღარ გაუგია, რადგან უკვე ღრმად ეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



