ერკე მიდასი - ქოხი გზის პირას (სრულად)
ყოველ ჯერზე, როდესაც სამარისებური წყვდიადი ჩამოწვება და ზეცა სქელ ფარდებს ჩამოაფარებს იმ მინავლულ ჰორიზონტს, რომლის მიღმაც თითქმის არაფერია წილოსანს შიშის ძლიერი ტალღა ეხეთქება. გრძნობათა ამ დაუოკებელი თანმიმდევრობით ძლიერი რეაგირების ნაცვლად საკუთარ საწოლში ზაფხულის ცხელ ღამეში სქელ საბანს გადაიფარებს და შიშის შეგრძნება თითქმის ქრება. თუმცა შეგრძნება იმისა რომ სიბნელის კლანჭებს სურს საბნის ქვეშ შემოძრომა და მისი იქიდან ფეხებით გამოთრევა არ ნელდება. ფიქრები ცხოვრების სისასტიკეზე საერთოდ არ ამშვიდებს. გუგუნებს მისი გონება, როდესაც მისი ცოლ-შვილის ვერაგულ მკვლელობას იხსენებს, შემდეგ დედამისის ინფარქტს და მამის თვითმკვლელობას. და როდესაც თავად გადაწყვიტა სიფხიზლეს მოსჭიდებოდა და სიმშვიდის მორევში ჩაძირულიყო ქალაქგარეთ გადაწყვიტა საკმაოდ სანდომიანი ქალისგან მყუდრო ორ სართულიანი ბინის შეძენა. შიშის სარეცელზე მყოფს, ხელების კანკალით, კიბის ზღურბლზე მდგომს ვერაფრით დაუღწევია თავი იმ ლანდებისთვის სულს რომ უფორიაქებს და ნაბიჯის გადადგმას ვერ ახერხებს. ყოველ ღამ ახსენდება თუ როგორ ჩაძირა ერთმა შემთხვევამ, როგორ შეუძლია ცხოვრებას ადამიანის დამარცვალება და მისი ნაკუწებად ქცევა. მისი შიშნარევი ღიმილი კი ბოლო ერთი წელია სხვა რამეს მოეცვა. გრუხუნი გაისმა სიცარიელეში. როგორც ჩანს იწვიმებსო, გაიფიქრა მან და შიშმა კიდევ უფრო მოიცვა. მტრისას ახლა ვინც გარეთ აღმოჩნდება და თავშესაფარს ვერ ნახავს. ოდნავ ჩაიცინა და მეორე სართულისკენ მიმავალ კიბეებს კვლავ შიშით ახედა. მისი გაფიქრება იყო რომ მსხვილმა წვიმამ გამკივანი ხმით დაუშვა იმ არემარეს. მისი წრიალი გამკივანი ქალის ქვითინს ჰგავდა. ისე ეხეთქებოდა მისი ენები სახლის სახურავს, თითქოს შიგნით შემოღწევას ლამობდა. ფანჯრებზე ძლიერად ეხეთქებოდა ბუნების ყოველი მნიშვნელობა და ჩამიჩუმს არღვევდა. გარდა ამისა პერიოდულად გრუხუნის ხმა გულს უხეთქავდა მარტო მცხოვრებ მამაკაცს და სიცოცხლის ხალისს მთლიანად უქრობდა, რაც კი ჰქონდა დარჩენილი. საღამოვდებოდა... სიბნელის ენები კვლავ ძლევამოსილებას იძენდნენ და თქეშთან ერთად უფრო საშიში ჩანდა. ჩასველებულ მინებზე წვეთებად იღვრებოდა და ბილიკებად მოედინებოდნენ, თითქოს გზებს ეძებდნენ როგორ უნდა შეეღწიათ ზვიად წილოსანის გაძვალტყავებულ სახლში, რომლის კედლებიც უკვე ისე იყო დამბალი და გადაწოლილი, თითქოს წაქცევას ლამობდეს. უკუნს მოეცვა ყოველივე. კვლავ დაიგრუხუნა და გულში სიმწრით ჩაიცინა ზვიადმა. ფიქრებს იქით მიჰყავდა, რომ მისი ჯერიც მოსულიყო. წარმოიდგენდა როგორ დაეცემოდა ელვა მის ქოხმახს და მასთან ერთად შეტრუსავდა. ეცინებოდა საკუთარ უაზრო ცხოვრებაზე, რომელიც სრულიად აბსურდულად სრულდებოდა და კიდევ უფრო მეტად ხარხარებდა როდესაც ამას წარმოიდგენდა. ზეცა განათდა... გრუხუნი მოძლიერდა... თითქოს სამყარო ბოლო წუთებს ითვლიდა... დროის გასაყვანად რა არ სცადა წილოსანმა. საკუთარ თავთან ბურას თამაში, წიგნის კითხვა, სატელიტის გასწორება და რაიმე არხის დაჭერა, შემდეგ კვლავ მიუჯდა საწერ მაგიდას და იმ რომანის წერა განაახლა, რომელიც ორი კვირის წინ დაიწყო, თუმცა გრუხუნმა კვლავ შეაშფოთა მისი სული. ამჯერად განსხვავებული ხმა ჰქონდა, თითქოს უკანასკნელ მომენტში რომ ამოიგმინავს კაცი და იტყვის, ეჰეი, მე ისევ დავბრუნდებიო. თითქოს ვერ უპოვია საკუთარი დანიშნულება და უდროო დროს ტოვებს წუთისოფელს. თითქოს სამარადისო წყვდიადში მიექანება და გულის სიმსხო იარებით დაჭრილი ემშვიდობება სამყაროს. ის იყო ფეხის გულები უნდა შეეყო საწოლში და საბანი მთლიანად გადაეფარებინა ზვიადს რომ ქუხილისა და კარზე კაკუნის ხმა ერთდროულად, შემაძრწუნებლად და შემზარავად შემოესმა. ათასგვარი მცდელობით, რომ საკუთარი თავისთვის დაეჯერებინა ეს სიყალბე იყო, განმეორებითი, უფრო საშიშად ძლიერი კაკუნის ხმა აბრუნებს რეალობაში. გრძნობების თავისთავადი მღელვარება სიშმაგეს უფრო მეტად ამძაფრებდა და ზვიადის გულში შიშს აიძულებდა სიფრთხილით მოპყრობოდა არემარეს. ძლივს გაჰყო ფეხები ჩუსტებში, რომ გაჭირვებით მისულიყო ხის, გაძვალტყავებულ კართან, კიდევ ერთხელ დაკაკუნებისგან რომ შეიძლებოდა მთლად ჩამოვარდნილიყო და გააღო. გაოგნებული შეჰყურებდა მის წინ მდგარ ქალბატონს, რომლიც სილამაზემაც მაშინვე მოსჭრა თვალი, თუმცა არ შეურხევია წარბიც. სტუმრებს შეჩვეული არ იყო წილოსანი და გახევდა, ხედავდა როგორ სველდებოდა მის წინ გოგონა, თუმცა არაფერს აკეთებდა. მიესალმა კიდეც, თუ მოეჩვენა? თვალები დახუჭა, მაგრად დახუჭა და კვლავ გაახილა. გოგონა უკვე ადგილზე არ იყო და შვებით ამოისუნთქა. იფიქრა რომ ისიც ამ სახლის მოჩვენებათაგანი იყო და კვლავ საწოლისკენ დააპირა წაბაჯბაჯება, რომ მოტრიალებისას კვლავ მას წააწყდა. -თავხედო! - ბრაზობდა გოგონა. -ვინ ხარ? - უხეშად დასვა კითხვა ზვიადმა და მისი ხელი დაიჭირა. გოგონამ ხელი გააშვებინა და მლაშედ შემოჰკრა სახეში. თითქოს ესიამოვნა ზვიადს, ან პირიქით, უსიამოვნებისგან გახევდა, თითქოს იგრძნო რომ სინამდვილეში ხდებოდა ყველაფერი და სიამოვნებას ჰგვრიდა ეს ფაქტი. -სტუმრების მიღება არ გყვარებიათ... ქუჩაში ვდგავარ გოგონა საწყალი, მარტოსული და ხედავ როგორ ვსველდები, შენ კი როგორ იქცევი... კარის ზღურბლსაც არ მოცილებიხარ რომ შემოგეშვი. -შევეჩვიე მარტოობას, და ჩემი უხეშობა თუ გაკვირვებს მომიტევე. - უეცრად მოლბა მამაკაცი და მისი ხმაც სათნო გახდა. თითქოს ერთიანად იგრძნო დანაშაულის შეგრძნებაც და პასუხისმგებლობაც სტუმრის მისაღებად. - მე რომ არაფერი მაქვს თქვენთვის ჩასაცმელი? -ძალიან გთხოვთ... თუ ღმერთი გწამთ. მანქანა ორი ქუჩის იქით გავაჩერე, ვეღარ დავქოქე და იქნებ თქვენ მოუხერხოთ რამე, არ ვიცი რა დაემართა. აჰა, თქვენ გასაღები. -ამ უდაბურ ადგილას, უცხო მხარეში, სადაც არავის არ იცნობთ ასე მარტივად ენდობით ადამიანს, ვინც სახლშიც არ შემოგიშვათ? -მჯერა ადამიანების და მაინც სად წახვალთ, ისევ აქ უნდა მოხვიდეთ, თქვენს სამყოფელში. - გაეღიმა გოგონას. - ლელა. -ეგეც მართალია. - ჩამოართვა გულწრფელ გოგოს ხელი და გასაღებიც გამოართვა. - ზვიადი. წილოსანი ახლა იმაზე ფიქრობდა თუ როგორ დატოვა საკუთარ სახლში უცხო გოგონა მარტო. იმის არ ეშინოდა რაიმეს წაღების მიზნით რომ მოსულიყო, დიდი ხანია ქონება არ აინტერესებდა და არც არაფერს ინახავდა ბინაში ცარიელი ლუდის ქილებისა და ცარიელი ფურცლების მეტი. რას წაიღებდა? საბეჭდ მანქანას? რაში გამოადგებოდა, არაფერში. ის იმდენად ძველი, ჟანგმოდებული იყო ჯართში თუ ჩააბარებდი მარტო. მას ჰქონდა მხოლოდ მიჯაჭვულობა ამ ნივთთან და ვერ ღალატობდა მის ბებერ „მგელს“. ან დიდი, დიდი მისი საყინულის წაღებას თუ მოახერხებდა, რომელსაც ვერაფრით მოერეოდა ეს გალეული გოგონა. უფრო იმის ეშინოდა ზვიადს რაც იქ ხდებოდა, მასაც არ შეხებოდა. ჩაითრევდა ლელასაც შავ-ბნელი ჭაობი და გვიან იქნებოდა იქიდან თავის დაღწევა. ფიქრობდა, შესაძლოა საკმარისი სულისკვეთებით შემოიჭრა ჩემს ბინაში თუმცა მისი მნიშვნელობა მაშინ ქრება, როდესაც პირისპირ ჩახედავ იმ თვალებს, რის დავიწყებასაც ამდენი ხანი ვცდილობ. გამბედაობა თავიდანაა ძლევამოსილებით სავსე რომ გეჩვენება, თუმცა მაშინვე მცირდება პირველი დიდი დაბრკოლების შეხვედრისთანავე. წვიმაში გაუჭირდა ავტომობილის მიგნება, რომლის მოდელი, ფერი და მდგომარეობაც აღუწერა ლელამ. თუმცა მიაგნო, მისგან სამასი-ოთხას მეტრში, ისე იდგა, თითქოს რაღაცას ელისო და შუქებიც ინთებოდა, ქრებოდა. პრობლემის მოგვარების მცდელობაში ავტომობილი საკუთარი ნებით დაიქოქა და მძღოლს ამცნო მზად ვარო, გაოგნდა კიდევ ერთხელ ზვიადი. ასე როგორც წესი არ ხდება, იქამდე სანამ გასაღებს არ გადაატრიალებ ან ღილაკს არ დააწვები, თუმცა ლოგიკური ახსნა უნდა ჰქონდესო, გაიფიქრა, შემდეგ კი საკუთარ თავს დაუსვა კითხვა, დღეს რამე არის ლოგიკური? გრძნობდა როგორ მოაწვა ტვინში სისხლი და მძღოლის მხარეს დაჯდა. თითქოს განგებას სურდა აქ გაჩერებულიყო ეს მანქანა, თითქოს ასე უნდა მომხდარიყო რომ ლელას მის კარამდე მოეღწია და შემდეგ თავად მისულიყო ამ ადგილამდე. იქნებ ახლა მაინცაა ჩემი დროო, განაგრძო კვლავ ფიქრი და წარმოიდგინა როგორ ეშვებოდა მანქანით ახლომახლო მდებარე ღრმა ტბაში. ზუსტად დასახა გეგმა, თუმცა მაშინვე გადათქვა როდესაც კვლავ გოგონა გაახსენდა თუ სად დატოვა. მანქანა მისი ქოხის გვერდით გააჩერა და სახლში შევიდა. იმედოვნებდა ყველაფერი ისევ ისე დახვდებოდა როგორც დატოვა, ლელა კი ცოცხალი დაუხვდებოდა. თვალები მოატარა, მისაღებში შევიდა, სამზარეულოში შეიხედა, საბეჭდი მანქანა და საყინულე ადგილზე იყო, თავისი დამტვრეული ტახტიც და სკამებიც რომლებზეც საუკუნეა არავინ მჯდარა. ერთი შეხედვით ყველაფერი ისევ ისე იყო, თუმცა არსად ჩანდა გოგონა. -ლელა... - ღამის ორი საათი ხდებოდა საათს რომ დახედა. „დროა“ გაივლო გონებაში ზვიადმა. „იქნებ უკვე მასთანაა... იქნებ უკვე მის ხელშია და ვეღარაფერს გავაწყობ.“ -ლელა, - კვლავ უიმედოდ შესძახა ხმამაღლა, - აქ ხარ? -აქ ვარ ზვიო. - ხმა არც ისე შორიდან ისმოდა და შეძრწუნებულმა კიბეს შეხედა. ყველაფერს ელოდა, ყველანაირ საშინელებას წარმოიდგენდა მამაკაცი და ცდილობდა ამაზე არ ეფიქრა, თვალები დახუჭა და იქამდე არ გაახილა, სანამ გოგონამ ხელი არ დაადო მხარზე. - რა გჭირს? შეცბუნებულმა ნელა გაახილა თვალი. მისდა გასაოცრად გოგონა მთელი იყო, არაფერი სჭირდა და სახეზე ღიმილი გამოსახოდა, ისე გაბადრული იღიმოდა მასაც მოუნდა გაღიმება თუმცა ვერ ბედავდა. გონება ძალზედ ბევრი საშინელებით ჰქონდა სავსე და ფიქრობდა რომ გაეღიმა ამით ყველაფერს თავისას უღალატებდა. იცოდა, მუდამ თავჩახრილი უნდა ევლო და მისთვის არ არსებობდა რაიმე სასიკეთო გზა, მისთვის არ არსებობდა სიცოცხლის საუკეთესო დასრულება, ამ დამპალ ჭაობში უნდა ამოხდომოდა სული და ეს იყო მისთვის უკეთესი გასასვლელი. -ა...არაფერი... ზევით რა გინდოდა? - თან შენიშნა რომ სამოსი გამოეცვალა, რამაც გააკვირვა. -აკი მითხარი არაფერი მაქვსო, გადავწყვიტე შემემოწმებინა და რამდენიმე წყვილი ლამაზი სამოსი აღმოვაჩინე ზევით. ვინ ცხოვრობდა? შენ მითხარი მარტო ვცხოვრობო. - ხელი ნაზად მოუსვა ყურზე და გაუღიმა. -სანამ გადმოვიდოდი ცხოვრობდნენ კი... თუმცა წელიწადია აქ ვარ და წარმოიდგინე ზევით არ ავსულვარ. -რატომ? -ეს ადგილი საკმაოდ საშიშია... განსაკუთრებით ღამით. - სიმძაფრის შეგრძნებით დააყოლა ზვიადმა და აკანკალებული ხელები ზევით გაიშვირა. -რა არის საშიში? საუკუნის მტვერი კი ედო ყველაფერს თუმცა ვერაფერი ვნახე ისეთი საშიში როგორც შენ აღწერ. - გოგონამ შესცინა კვლავ და მისი ხელები საკუთარში მოიქცია. საკმაოდ რთული გამოდგა იმის აღიარება წილოსანისთვის რომ ცდებოდა, თუმცა თავის მხრივ მის აზრზე იდგა კვლავ და არაფრის დიდებით არ გადათქვამდა. -ღამ-ღამობით, ორი საათის მერე ხმები მესმის. -რა ხმები? -იქიდან, - მიანიშნა მეორე სართულისკენ. - კივილის და საშინელი ზრიალის ხმები. ყოველ ღამით ახლიდან გავდივარ იმას რომ მგონია ვინმეს კლავენ ჩემს ზევით, თითქოს ვიღაცას აწამებენ და შემდეგ კლავენ. ფიქრები ყოველთვის მაქეთკენ მიმდის, გონება მევსება ათასი სიბინძურით და თავში ეს აუარება სისაძაგლე რეალობად იქცევა. დამიჯერე. -რაო? - არ დაუჯერა გოგონამ და ისეთი სახე მიიღო თითქოს მიხვდა რომ ეხუმრებიან და მისი მოშორება ამ გზით სურთ. -მართალს გეუბნები ლელა! აქ მთელი წელია ვცხოვრობ და ვიკვლევ ამ სახლის საიდუმლოებას. როგორც გავარკვიე არა ერთი მკვლელობა მომხდარა... პირველად 1904 წელს დედამ შვილი მოკლა და გადმოცემით რაც გავიგე ისაა რომ ამ გოგოს კივილი მესმის მთელი ღამით. განწირულად კივის და შველას მთხოვს, თუმცა ზევით ასვლას ყველანაირად ვერიდები, მეშინია.. შენ კი... -ხო, მართალი ხარ. თუმცა ეგეთი სისულელეების არ მჯერა. იცოდე რომ ვერ გამამასხარავებ. -უდავოდ. - დაეთანხმა ზვიადი, თუმცაღა ვერაფრით უმხელდა იმას თუ სინამდვილეში რაც ედო გულში. ყველაფერს გულწრფელად ეუბნებოდა, ფიქრობდა ამით ცოტათი მაინც შეეშინდება რომ ზევით იყოო თუმცა ვერავითარ კვალს ვერ ხედავდა ლელას თვალებში შიშის. ისეთი ძლიერი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა ლელა ზვიადს აკვირვებდა კიდეც. გრუხუნის ხმა აყრუებდა მთელ ქუჩას და რამდენჯერმე შეაშფოთა კიდეც გოგონა, თუმცა ეს არ მოწმობდა მის შიშზე, უშიშრის შთაბეჭდილებას ტოვებდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ღიმილი არ მოშორებია მას. წილოსანი აგრძელებდა მოყოლას, შედარებით ნელა უამბობდა, ზღაპარივით და სხვადასხვა, მისი მოძიებული მკვლელობების შესახებ უამბობდა, რომელიც მეორე სართულზე ხდებოდა. ზუსტად ისეთი მოკრძალებითა და მონდომებით ჰყვებოდა, ამავდროულად ლელას აკვირდებოდა თვალებში რომ მცირე ნიშანი მაინც ეპოვა შიშისა, გუგების გაფართოება, შეკრთომა, თუმცა არანაირი შიშის კვალი, არ შეშინებია, ფანტასტიკური ნოველასავით აღიქვამდა ალბათ, როგორც ამ ასაკის უმეტესობა და საერთოდ არ უკვირდებოდა ზვიოს სიტყვებს სათანადოდ. უყვებოდა კიდევ ერთი ოჯახის შესახებ, ახალ დაქორწინებულები, რომლებმაც იქირავეს ეს ბინა ძველი ინტერიერის გამო რამდენიმე დღით საქორწილო დღეების ერთად გასატარებლად. ისინი ბედნიერები იყვნენ ერთად, ერთმანეთს სრულიად დაუვიწყარ ღამეებს ჩუქნიდნენ იქამდე სანამ ზუსტად ასე გოგონა მეორე სართულზე კაბებს არ იპოვნიდა და არ ჩაიცვამდა. მას მერე ყველაფერი შეიცვალა, ნელ-ნელა ქრებოდა ის ცეცხლი მასში და ახალგაზრდა ყმაწვილი ვერაფრით ხვდებოდა ამ გაუცხოებას, იქამდე სანამ ერთ მშვენიერ დილას ნაჯახით არ დაესხა თავს. ალბათ მაშინ მიხვდებოდა რა ხდებოდა, ან ისე გარდაიცვალა, ვერაფერს მიხვდა. ზვიადი მხატვრულად ყვებოდა, როგორც მწერალი რაღაცებს ამატებდა, ამძაფრებდა სიუჟეტს და ისე გადმოსცემდა. ლელას კვლავ და კვლავ ეცინებოდა, ზვიადს კი სიცივე ძვლებში ატანდა და შიში სარეველა ბალახივით მთელ სხეულს მოსდებია. რაც ყველაზე ძალიან უკვირდა ის იყო რომ აქამდე კივილის ხმა არ გაუგონია. -და როგორ ფიქრობ, რატომ ხდებოდა ამდენი საშინელება ამ დროის განმავლობაში? -ვფიქრობ... - დაიწყო წილოსანმა. - რაღაც საშინელება მოხდა აქ, იქამდე სანამ პირველი მკვლელობა მოხდებოდა, ბევრად ადრე. მგონია გარკვეული სახის რიტუალები ტარდებოდა, ან ისეთი ვინმე ცხოვრობდა და გარდაიცვალა, ვინც შავ აურას ატარებდა, რაც სახლში დარჩა. ვერ გეტყვი დანამდვილებით. მე კი ბევრი გამოვკითხე, ბევრის, მათ შორის უძველესი მკვიდრის აზრიც მოვისმინე, ვისაც ცალი ფეხი უკვე სამარეში ჰქონდა და ამ სახლის ისტორიას იხსენებდა, მაგრამ ჩემი პირადი აზრი მაინც რიტუალებს უკავშირდება. და შენ კი ასეთ ბინაში შემოაბიჯე და მეორე სართულზე სეირნობა-სეირნობით ახვედი არა? -დიახ, ვერაფერს ვგრძნობ. ზვიი... მოფერებით გაწელა სიტყვა და კრუსუნით შეხედა მამაკაცს. - იქნებ აქ დარჩენის უფლება მომცე? გარეთ ხომ არ გამაგდებ ამ წვიმაში? თან ჩემი მანქანაც... ხომ გესმის... -სხვათაშორის შენი მანქანა მუშაობს. და ვფიქრობ ძალით გამოიყვანე მწყობრიდან აქ მოსახვედრად, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ? -რას ჰქვია მუშაობს! - გააწყვეტინა ლელამ. -რომ გავაღე კარი თავისით ჩაირთო ძრავი ისე რომ ხელი არ შემივლია. -საოცარია! ანუ მუშაობს? -არ ვიცი, კვლავ იგივე თუ დაემართა არაა გამორიცხული, ამიტომ დარჩი ჩემთან. ამის თქმა იყო და გოგონა გახარებული ცმუკავდა მთელ სახლში. თითქოს მდიდრული სახლი, ან მანქანა აჩუქეს, ან მდიდრული ქორწილი გადაუხადესო, თუმცა ამას ყურადღება არ მიაქცია წილოსანმა. ეგონა გოგოებს სჩვევიათ მსგავსი საქციელი და ესეც ერთ-ერთი მათგანიაო, საკუთარ თავს დააჯერა. კარგა შეღამებულიყო. უკვე ძილმა დაიპყრო სახლის მეპატრონე. გოგონასაც ეხუჭებოდა თვალები, იმდენად გვიანი იყო, აღარც საათისთვის დაუხედია ისე ჩასთვლიმა ტახტზე და გოგონას თავისი ერთადერთი საძინებელი ოთახი დაუთმო სართულზე. ჯერ გვარიანად არ ჩასძინებია, თვალები ბინდბუნდში იძირებოდნენ, როდესაც თვალი მოჰკრა როგორ მიიწევდა გოგონა კვლავ კიბეებისკენ, შემდეგ კი მეორე სართულზე როგორ სიხარულით აღტყინებული ადიოდა. ფიქრის თავი ნამდვილად აღარ ჰქონდა და ძილს მისცა თავი. აუტანელმა ტკივილმა გამოაფხიზლა ზვიადი. აი დაახლოებით ისეთმა, ღამით უეცრად კბილი რომ აგტკივდება და კედლებზე სიარულს გაწყებინებს. თუმცა ამჯერად ტკივილს ფეხის ტერფთან გრძნობდა. ცოტა ხანში სახეზე შხეფებიც მოხვდა და თვალის გახელამ ყველაფერი შეცვალა. ზვიადს მარჯვენა ფეხი მუხლის შემდეგ უქრებოდა. ჭრილობიდან მხოლოდ სისხლი სდიოდა თქრიალით და რასაც კარგად, გარკვევით ხედავდა ლელას მომღიმარი სახე იყო, ხელში ცულით. -ჰა, ჰა, ჰა... - კიოდა ლელა. - ჰი, ჰი, ჰი... -აააა, - აღრიალდა წილოსანი და სცადა გასხლტომოდა არა ლელას, არამედ მას ვისაც ლელას სხეულში დაედო ბინა. არადა, ხომ ვიცოდიო, გაიფიქრა... ზუსტად ვიცოდი რომ ასე დასრულდებოდა თუმცა მაინც ვენდე მის მომღიმარ სახეს... არა, ოღონდ ეს არა... ღმერთო, შეიწყალე ჩემი სული, ვინაიდან მეც შენი შვილი ვარ. - არ გინდა, ახლა ვიგრძენი სიცოცხლის ფასი, არაფერი დამიშავო, - ფეხს დახედა და შემდეგ თქვა. - ამის გარდა, გთხოვ. ვინ ხარ? ერთი წელია ამის გარკვევას ვცდილობ. -მე თავად წყვდიადი ვარ, წყვდიადთა სამეფოდან და ყველასთვის წყვდიადი მომაქვს. - მხოლოდ ეს თქვა ვიღაცამ ლელას სხეულიდან ისე რომ ლელას პირი არ გაუღია და კვლავ აიწია ნაჯახი ზევით. ამჯერად მის მეორე ფეხთან დაეშვა და კვლავ გაუსაძლისი ტკივილით აყვირდა იგი. ტემპს აუჩქარა, ნაჯახი კვლავ აღმართა და მუცლის ღრუში ჩასცა, როგორც კი კვლავ აღმართა სისხლიან ნაჯახს ნაწლავებიც თან ახლდა, თუმცა გაჩერებას არ აპირებდა და ზვიადიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე უყურებდა როგორ ანაკუწებდნენ და გლეჯდნენ მის სხეულს, თითქოს ლეში ყოფილიყოს. ხელახლა აღმართა ლელამ ნაჯახი და ბოლოს გარკვევით დაინახა წილოსანმა როგორ ეშვებოდა მის კისერზე ბასრი საგანი. ისე დაეფლითათ მისთვის ყველაფერი სულერთი იყო, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რომ მალე დასრულებულიყო ეს ყოველივე და მალე მომკვდარიყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.