შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდევარი (სრულად)


28-02-2024, 22:36
ავტორი nestandarejan
ნანახია 42 356

შენ მე დამდევ ყველგან, დამდევ, როგორც აჩრდილი პატრონს
*
მაისის დასასრულს თბილისი განსაკუთრებულად მომნუსხველია. ამინდი სასიამოვნო ექვილიბრიუმში დგება ადამიანების განწყობასთან, თითქოს ყველა და ყველაფერი ერთმანეთს აბალანსებს, გარეთ სასიამოვნოდ თბილა, ხეები ყვავილობენ და ისე აფრქვევენ ტკბილ და სასიამოვნო სურნელს, ფილტვები დასკდომისთვის არ დაგენანება. დღე ხანგრძლივია, საღამოს კი სასიამოვნო სიგრილე გაგაღიმებთ და მოგანდომებთ მანამ იხეტიალოთ ნიავთან ერთად ქუჩებში, სანამ მუხლები არ შეგაწუხებთ.
-იცი, რა გასაიდუმლოებულია ეგ საქმე? წესიერად ვის ვეძებთ ისიც კი არ ვიცით, სამ კაცზე აქვთ ეჭვი... ახ! ერთი სული მაქვს დამნაშავე დავიჭიროთ. ჩვენი პირველი გახსნილი საქმე ასეთი ხმაურიანი და საინტერესო რომ იქნება, მერე...
-ლანაკო, ჯერ ისიც არ ვიცით, აგვიყვანეს თუ არა! შენ პირდაპირ საიდუმლო საქმეს მიადექი... -ისეთი აღყინებული იყო მისი მეგობარი, არ სურდა ნენეს საკუთარი სკეპტიკური დამოკიდებულებით ხასიათი გაეფუჭებინა.
-მოვეწონეთ, ნენე! აუცილებლად ჩაგვრთავენ ამ საქმეში, გული მიგრძნობს. -ერთ ადგილას ვერ ისვენებდა ლანა. ცალი ხელით ეჯაჯგურებოდა მეგობარს, რომ მასაც გამოეხატა ემოციები.
-წინასწარ არ მინდა, რომ გაგვიხარდეს. ისე, მართლა მაგარი იქნებოდა. -გაეღიმა ნენეს.
უნივერსიტეტის დასრულებისთანავე ყველაფერი ისე კარგად მიეწყო ერთმანეთს, რაღაც ცუდის მოხდენის და ახდენილი ოცნების კოშკების თავზე ჩამონგრევის შიში აიძულებდა მეტად თავშეკავებული ყოფილიყო. ზოგადად ცხოვრებამ ეს გაკვეთილი ყველაზე მწარედ ასწავლა - როცა ამოისუნთქავ და იფიქრებ, რომ მშვიდად გააგრძელებ არსებობას, სწორედ მაშინ წამოკრავ ფეხს გზაზე უადგილოდ დაგდებულ კენჭს და ცხვირ-პირს მწარედ წაიმტვრევო.
ლანა ცნობილი ადვოკატების ოჯახში გაზრდილი გოგონა იყო. ის და ნენე ჯერ კიდევ ბაღიდან მეგობრობდნენ, შემდეგ სკოლაშიც ერთად შევიდნენ, ერთ მერხზე ისხდნენ და უკვე თამამად შეეძლოთ ეთქვათ, რომ ერთმანეთის გარეშე ამ ორს თავი არ ახსოვდა. ნენეს ძალიან უყვარდა ლანა. თავისი ერთადერთი დედმამიშვილისგან არ გამოარჩევდა. მართალია, რიო და ლანა არ სწყალობდნენ ერთმანეთს და ნენეს მუდამ თეთრი დროშის ფრიალი უწევდა მათ შორის, მაგრამ სიყვარულით ორივე ერთნაირად უყვარდა.
გულის სიღრმეში, იმის მიუხედავად, რომ თავის კურსზე საუკეთესო სტუდენტი გახდა, ერთი სემესტრიც არ ჩაუგდია სტიპენდიის გარეშე და ათას აქტივობაში იღებდა მონაწილეობას, მაინც გრძნობდა, რომ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კერძო საგამოძიებო ბიუროში სამსახურის დაწყებაზე ლანას „კავშირებმა“ იქონია მნიშვნელოვანი გავლენა.
-ხო, რიო? -ტელეფონს რომ უპასუხა, ლანამ უკმაყოფილოდ აატრიალა თვალები და გულზე ხელები გადაიჯვარედინა. -მოვდივარ. სად ხარ?
-აუ, არ იკივლო რა... -შეწუხებული ხმით გაიწელა იქედან უმცროსი ძმა. -იმ ქაჯთან ერთად ხარ?
-რა გააფუჭე?
-არაფერი. მე... მოკლედ მე, ქოჩლა და სანდრექსა ვიყავით სანდრექსასთან და ქოჩლას ძააააან ბევრი მოუვიდა და... საავადმყოფოში ვართ. ხოდა, ტატოს დაურეკავ?! ფლიზ.
-არავისაც არ დავურეკავ! -ცეცხლი წაეკიდა ნენეს სახეზე. -დამღალე უკვე, როგორ იქცევი?
-მე არ მომიწევია, რა გაკივლებს?! რილაააქს. მიდი რა, მეზარება პოლიციასთან. გეაჯები! ხმაზე ვერ მატყობ, რო გონზე ვარ და ფხიზელი? შენს თავს გეფიცები, მარტო ამათი გამონაბოლქვი მაქ შესუნთქული.
-სახლში მოეთრიე! ნუ მოკალი ნინო შენი დაუსრულებელი სისულელეებით!
-დაურეკავ, ხო, ანუ? და კი არა, ძმა ხარ, ნენუ... გკოც...
გაღიზიანებულმა გამოურთო. ცრემლები მოაწვა.
-კიდე? -წარბები აზიდა ლანამ. ეტყობოდა, პირველად რომ აღარ ისმენდა მსგავს დიალოგს. ტელეფონი მოიმარჯვა. ურეკავდა ბიძამისს.
ტატო ცერცვაძე ერთადერთი გადამრჩენელი იყო ნენესთვის, როდესაც მისი უმცროსი ძმა დაუსრულებელ ხიფათებს ეყრებოდა. ამ კაცისთვის თვალებში შეხედვისაც ერიდებოდა უკვე, იმდენჯერ ჩაავლო გადაარჩინა მისი ძმა ციხეს და ბორკილებს.
მაგრამ ძმა იყო. ვერაფერს უხერხებდა. რაც მამა გარდაიცვალა, რიო საერთოდ შეიშალა და წავიდა ხელიდან. უკვე ვეღარც ნენე ერეოდა, ვერც წნევიანი ბებო და ვერავინ დედამიწის ზურგზე. როგორც თავად აცხადებდა, თავისუფალი ცხოვრების სტილი იზიდავდა და მოწოდებით უსაქმური იყო.
-რა დეგენერატი ბიჭია, -ცაცხანებდა ლანა. -რამდენჯერ უნდა ისარგებლოს ჩვენი დათვური სამსახურით? რამდენჯერ? არავის რიდი და ხათრი არა აქვს.
-ლანა...
-შენი ბრალია! შენი იმედი რომ აქვს, ამიტომაც იქცევა ასე. ხო, ძია... რიოს უნდა უშველო.

სახლში გააფთრებული ავარდა. თავისი ძმა რომ მოხვედროდა პირველად ხელში, ადამიანი ვერ გამოგლეჯდა ალბათ, ისე იყო გამწარებული. კარი ნინომ გაუღო. უკვე იდგა მათ სახლში კაპლის შემაწუხებელი სურნელი.
-რა ქენი, ბე, გასაუბრებაზე? -სახე გაებადრა მოხუცს.
-მგონი მოვეწონეთ.
-შენ ვის არ მოეწონები, ბებიკო? -ენა მოითაფლა ნინომ. -უეჭველი მოეწონე!
-ოხ, მოხვედი, ძეტკა? -მათ მისაღებში გაწოლილიყო რიო მთელს სიგრძეზე და თავქვეშ ამოედო ხელები.
გაწიწმატებულ უფროს დას, ლამის ორთქლი რომ ავარდნოდა სახეზე, სასაცილოდ ჩაუპაჭუნა თვალი.
-ნუ აწვალებ შენ ბავშვს! –„გაუბრაზდა“ ნინო რიოს, თუმცა თავადაც ეცინებოდა ამათ დაუსრულებელ კინკლაობაზე. -იყავი დღეს ინსტიტუტში?
რიომ კი იცოდა, თავისი და ბებოს თანდასწრებით „ისეთ“ საქმეზე არასოდეს რომ არ წაეჩხუბებოდა და დამპლურად სარგებლობდა მისი სიკეთით.
-რა ინსტიტუტში, ნინელ, ტო? უნივერსიტეტში ვიყავი დღეს. ტატო ბიძია იყო მოწვეულ ლექტორად, მაგან ჩაგვიტარა ლექცია ოჯახურ კონფლიქტებსა და პასუხისმგებლობებზე.
-დედა, დედა... რა კაცია ეს ტატო... რა ბიჭი, -აღტაცდა ნინო. ყველა ცერცვაძეზე გიჟდებოდა თავისი შვილიშვილებისთვის გაწეული ამაგის გამო. -რა ღვთისნიერი ადამიანია.
-აბა, აბა... -მოჭუტული თვალებით წამოჯდა რიო სავარძელზე, -დღეს... კარგად რომ დავაკვირდი, ანგელოზის ფრთებიც დავუნახე. მზეზე გაიელვა წამიერად.
-შენ ნამუსი საერთოდ არ გაგაჩნია! -მშვიდად, თუმცა შესამჩნევი წყრომითა და წყენით უთხრა ძმას.
-არაუშავს, ნენეკო, შენ იმდენი გაქვს, ორივეს გვეყოფა!
-მოდი, ბები, ბლინები გამოგიცხვე... -სამზარეულოდან გამონარნარდა ნინო ორთქლავარდნილი, ფუმფულა ბლინების კოშკით.
-ხო, ხო... ამას არ მოაკლო ტკბილები და ფუმფულები, აკლია ფერ-ხორცი...
-შენნაირი გაჩხრიკული სულ არ მინდა რომ ვიყო, -გემრიელად მიირთვა ნენემ პირველი ლუკმა.
სუნმა რიოსაც წასძლია და წამოსწია მაღალი სხეული სავარძლიდან. ლოყები დაუჩქმიტა დას და აკოცა გემრიელად მადლობის ნიშნად. ხმამაღლა არასოდეს ეტყოდა, მაგრამ საქციელით სულ აგრძნობინებდა ხოლმე.
-რატომ არ ვიქნები გაჩხრიკული, სანამ მე ერთ ლუკმას მივირთმევ, შენ ათი გაქვს უკვე... -მიიღო კიდეც ენამწარობისთვის დისგან ფერდში მწარე ჩქმეტა. -მეტკინა, გოგო!
-დაივიწყე, შენი და რომ ვარ. ბოლოს უნივერსიტეტში როდის იყავი? როგორ იქცევი?
-უყურებ დღეს „ელ კლასიკოს“ ჩემთან ერთად? -სიტყვა ბანზე აუგდო დას. გვერდით ჩამოუჯდა.
-არა. არ ვუყურებ. არ იმსახურებ ვინმე ისეთს, ვინც შენთან ერთად უყურებს ფეხბურთს.
-ეგეთი ცუდი ტიპი ვარ, გოგო? -თითქოს მართლა ეწყინა.
-ძალიან. ლანასთანაც კი მერიდება უკვე...
-ბებიკო, -ქოთქოთით შემოვარდა ოთახში ნინო ბებო. -ბები, ჩვენ გვერდით მეზობელი გამხდარა ცუდად... წნევა აქვს მგონი, გაუზომე ქალს, მარტოა, ცოდოა...
-რომელ მეზობელს? ახლები რომ გადმოვიდნენ? -პირი შეიმშრალა ნენემ.

მოსაღამოვდა....

ნაცნობი კორპუსის ეზოში რომ შეაბიჯა დადა ნაკაშიძემ, მშობლების ფანჯრისკენ გაექცა თვალები. ჩვევად ჰქონდა სახლში ასვლამდე იმის შემოწმება, ენთო თუ არა მათთან შუქები. ქალბატონ ციცის ყველა ოთახი გაებრდღვიალებინა, მაგრამ ყველაზე საინტერესო აივანზე ხდებოდა. ვიღაცას მისი ოთახის კარი, რომელიც აივანზე გამოდიოდა, ღიად დაეტოვებინა.
დედამისი მკაცრად ჰყავდა გაფრთხილებული, რომ სანამ მათთან „ცხოვრობდა“, (რეალურად, ღამეს ათევდა მშობლების სახლში საკუთარ ბინაში რემონტის გამო) არავინ გაკარებოდა მის ოთახს. ფანჯრიდან შიგნით მობოდიალე სხეულიც რომ შენიშნა, გულმა უგრძნო, რაღაც რიგზე ვერ იყო.
მაგრად დააჭირა კბილები დადამ ერთმანეთს, სიგარეტის ნარჩენი იქვე ურნაში ჩააგდო და ჯერ მეზობლის აივანზე აძვრა, იქედან კი მარტივად გადააბიჯა საკუთარზე.
მაისის ნაზი სიო არხევდა კარებზე ჩამოფარებულ რძისფერ ფარდას. თვალები მოჭუტა, კარგად რომ გაერჩია გამოსახულება. პატარა სხეული განერვიულებული დააბოტებდა წინ და უკან და ვიღაცას ხმადაბლა ეცაცხანებოდა ხმადაბლა.
ისე გაბრაზდა, ლამის ვოლიერიდან გამოვარდნილი ლომივით შევარდა თავის ოთახში. ვერ იტანდა უცხოს საკუთარ პირად სივრცესთან ასე ახლოს. არც არასასურველი სტუმრის საუბრის მოსმენას აპირებდა, ის, ვისაც ლანძღავდა, ძალიან რომ არ მიემგვანებინა საკუთარი თავისთვის.
-რიო, გამიყვანე აქედან! -ერთ ადგილას გაჩერდა გოგონა. ისე იყო ენად გაქაფული, ვერც კი შენიშნა აივანზე ამოზრდილი მაღალი სხეული. -გიჟები არიან! ნინოც საერთოდ გაგიჟდა, გეუბნები... ჩადი ჩვენს მეზობელს წნევა გაუზომე, ცუდად არისო, ჩამოვედი და გამომკეტეს აქ და ამ ქალის შვილს მირიგებენ. გასასვლელი კარი ჩაკეტილია, ვერ გავიპარები, უხერხულია... რიო! არ მინდა არავის გაცნობა, რატო მეღადავები?! ოცდაათი წლისაა, ბებერია! ახლა მის ოთახში ვარ და ნეტა განახა ყველაფერი რა მანიაკალური მათემატიკური სიზუსტით დევს თავის ადგილას, მინდა ყველაფერი მივურიო...
გააკანკალა დადას იმის გაფიქრებისას, რომ ვინმე შეეხებოდა მის ნივთებს. ძლივს გადაყლაპა ნერწყვი. ეგონა, იხრჩობოდა.
-მოდი, მიშველე! რა გაცინებს! -ხმა აუკანკალდა უხერხულობისგან, ვერ იტანდა ასეთ სიტუაციაში რომ ვარდებოდა, უფროსებს ვერასოდეს უწევდა წინააღმდეგობას და ყოველთვის ასე სულელივით იტანდა შექმნილ დისკომფორტს. მის ძმას კი ყოველთვის სასაცილოდ არ ჰყოფნიდა ის, რაზეც ნენე გულამოსკვნილი ნერვიულობდა. -კაცმა ოცდაათი წელი იმდენად ვერავის მოაწონა თავი, დედამისი ჩაერთო სარძლოების ძიებაში. ასეთისთვის მიმეტებ? ძმა ხარ თუ მტერი, რიო? მოვკვდები, ვეღარ ვსუნთქავ, აქაც იგრძნობა იმისი მძიმე აურა... ასე მგონია ახლაც მიყურებს და...
-არ გგონია, -მშვიდი, თუმცა სისხლის გათეთრებამდე უკმაყოფილო ხმით წარმოთქვა აივნიდან შინ შესულმა ნაკაშიძემ. ხელი აკრა შუქის ჩამრთველს და გაანათა მთელი ოთახი.
შიგნით ქურდივით შეპარულმა ნენე ანდრონიკაშვილმა სულისწამღებად შეჰკივლა, ხელიდან გაუვარდა ტელეფონი და ჯერ ყველა ფერმა ერთად გადაურბინა სახეზე, ბოლოს კი შიშისაგან მთლიანად გათეთრდა. ზურგით მიასკდა კარებს და გასკდომამდე მისულ აფრთხიალებულ გულზე მიიდო ორივე ხელები.
დამრგვალებოდა მომწვანო-მოცისფრო თვალები, ღამე რომ ჭაობისფერი დაჰკრავდა და ისე მისჩერებოდა მის წინ არსაიდან გამოჩენილ კაცს, როგორც ბნელეთის ყველაზე სასტიკ მოჩვენებას. თითქოს ერთი კოშმარიდან, სადაც ყველა მის დაოჯახებაზე ზრუნავდა, მეორეში შეაბიჯა და თავისი უბედურების მთავარ გმირს დაუდგა წინ.
ჯერ იატაკზე მათ შორის დავარდნილ ტელეფონს შეხედა, შემდეგ ისევ ოთახის მეპატრონეს დაუბრუნდა თვალებით.
სითეთრე მაშინვე ჩაანაცვლა სირცხვილით გამოწვეულმა სიწითლემ, როდესაც ნენეს გონებას საღად აზროვნების უნარი დაუბრუნდა და გაიფიქრა, რომ ის ყველაფერი, რაც წეღან თავის ძმას უთხრა, იმანაც გაიგონა, ვისაც საერთოდ არასდროს არცერთ რეალობასა და განზომილებაში არ უნდა მოესმინა ეს სიტყვები.
მისი დასჯის სურვილი ოდნავ გაუნელდა ნაკაშიძეს, როცა შენიშნა, რომ ზედმეტად პატარა, გამოუცდელი, გულუბრყვილო და მშიშარა არსება გამოიჭირა.
-შენ.. აქ... საიდან? -აბლუყუნდა და ტელეფონი აიღო ნენემ. სუნთქვა დაიმშვიდა, თუმცა ლოყები წითელი ჰქონდა მაინც.
-მეკითხები ჩემს ოთახში რა მინდა? -წარბი აზიდა დადამ, დაეტყო ხმასა და გამოხედვაზე, რომ დიდად არ ეპიტნავა ეს რომ შერჩა ხელში. -ეგ კითხვა მე რომ შენ შემოგიბრუნო, გაქვს პასუხი მზად?!
ისე მიეწება კარს ზურგით, ლამის ზედ შეეზარდა. ზოგადად, არც მშიშარა იყო და არც ენის გადაყლაპვა ჩვეოდა, საკადრისი პასუხის გაცემაც მშვენივრად გამოსდიოდა ქალბატონ ნენეს, ახლა კი ისე დაიძაბა, საკუთარ თავზე გაღიზიანდა.
ისეთი აურა მოდიოდა ამ კაცისგან, თითქოს მის ყველა ქმედებას, გამოხედვას, სიტყვასა და სუნთქვას უმოწმებდა, რეალურად კი ყველაზე არასანდოდ თავად გამოიყურებოდა.
-ჩემს ძმასთან მინდოდა დალაპარაკება განმარტოებით. -ამოიდგა ხმა.
-მერე ხომ ელაპარაკე, არ მოდის შენს საშველად, შეგიძლია, გახვიდე. -წარბები აზიდა დადამ.
თითებსა და ხელისგულებში ძალა იგრძნო ნენემ, მოექავა. როგორ უყურებდა? დასცინოდა?!
ანუ ყველაფერი გაიგონა. დიდი ამბავი, ტყუილი ხომ არ უთქვამს. ერთადერთი, რაც იმედს უცრუებდა ის იყო, რომ ეს „ბებერი“ კაცი არც ისე ბებრულად და საშინლად გამოიყურებოდა, როგორც ისურვებდა, დანარჩენი ყველაფერი რიგზე იყო - ცივი და აუტანელი აურა ჰქონდა, თვალებით თან ყველაფერს ამბობდა და თან არაფერს.
-მივდიოდი ისედაც. -კარს დაეჯაჯგურა გასაღებად.
რომ მოუახლოვდა უარესად დაიძაბა მთელი სხეულით. არც კი შეხებია, მაგრამ გრძნობდა, რომ ვეღარ იმორჩილებდა საკუთარ თავს.
მარტივად გადაატრიალა ჩამკეტი დადამ. არც კი ახსოვდა, რომ კარები გადაკეტა.
იმხელა სარკაზმი ჩადო ნენესთვის გამომეტებულ ღიმილში, რომ უთქმელადაც მიახვედრა ყველაფერს - ყველაზე სულელი არსება მგონიხარო დედამიწის ზურგზე.
-ასე იღება კარი. -სახელურიც გამოსწია და გაუღიმა გველურად.
ფრჩხილები მაგრად ჩაარჭო საკუთარ ხელისგულზე იმისთვის რომ არ დაეკაწრა სახე.
საკუთარი თავი ვერ იცნო.
მშვიდი იყო, აუღელვებელი და სულ თავდაჭერილი ანდრონიკაშვილების გოგო, ნენე. მასზე ვერავინ იტყოდა, ორ წუთში გამოიყვან წყობილებიდანო.
-ვიცი, როგორც იღება კარი. გამატარე.
-უფროსებს რომ შენობით არ უნდა მიმართო, არ გასწავლეს ჯერ სკოლაში? თუ რომ დამინახე აღარც ისეთი ბებერი ვარ…
დასცინოდა. ისე ეცვლებოდა ამ კაცს თვალებში ემოციები ერთის დაჭერას ვერ მოასწრებდი, უკვე მეორე ცვლიდა წინას.
აღარაფერი უთქვამს ანდრონიკაშვილს. პირველი გავარდა გამოღებული კარიდან. რომ მოშორდა, თითქოს მერე მიხვდა, რომ ისევ დედამიწაზე ცხოვრობდა და ადამიანი იყო, რომელსაც ჟანგბადი სჭირდებოდა საარსებოდ.
უკან გამოჰყვა ისიც მშვიდი ნაბიჯებით. ოთახში წამიერად გაისუსა ყველა. ციცის სუფრაზე მისატანად გამზადებული ნამცხვრების თეფში ხელებში შეაცივდა, ჯერ ნენე რომ დაინახა და მერე თავისი შვილი იმავე ოთახიდან გამომავალი.
-რა.. როდის მოხვედი, დედა? ნენემ გაგიღო კარები?
ნინოც გაოგნებული ჩანდა, ნენეს ბებია. ამ ოთახში მყოფთაგან ყველაზე უმცროსს კი ალმური ასდიოდა სახეზე და აორთქლებას ნატრობდა აქედან, იმდენად აუტანელ და შერცხვენილ მდგომარეობაში ჩააყენეს.
-არა, ციცი, პირიქით, -თავის დაკვრით მიესალმა ნინოს. ნენეს კი ისე აუარა გვერდი, თითქოს არც კი არსებობდა.
გული გაებერა მკერდში გოგონას.
-პირიქით რას ნიშნავს? -წარბები შეყარა ციციმ.
-მე გავუღე კარი ჩვენს… სტუმარს. ჩემს ოთახში ჩაიკეტა. რაო, რა თქვი რა მინდოდა იქო? -ზურგით მიეყრდნო კომოდს დადა, გადაიჯვარედინა გულზე ხელები და მოჭუტული თვალებით გამოხედა გოგონას.
-ჩემს ძმას ველაპარაკებოდი. -სრული სიმშვიდით წარმოთქვა ნენემ. ბებიამისს თვალებით ანიშნა, რომ წასვლის დრო იყო.
-სხვა ოთახში გასვლა რა საჭირო იყო, ბებო? -გაუკვირდა ნინოს. ეშმაკს უფრო ფართოდ გაეღიმა, უფრო კმაყოფილს. -განა რას ეუბნებოდი ასეთს…
-ბებო, წავიდეთ რა… შეწუხდა ეს ხალხიც. -მკლავში ხელი გამოსდო მოხუცს ნენემ.
-არა, რა შეწუხებაა! მადლობა, ნენე, შვილო, ყურადღებისთვის.
გასასვლელამდე მიაცილა სტუმრები ციციმ. მიუხურა თუ არა კარები მეზობლებს, მაშინვე გაცხარებული დედის სახე მიიღო და ქარიშხალივით შევარდა სამზარეულოში, სადაც დავითი მშვიდად იშლიდა სუფრას თავისთვის.
-შენც შეჭამ? -ჰკითხა ციცის ისე, რომ მისთვის არც შეუხედავს.
-რა უთხარი იმ გოგოს ისეთი, მკვდრის ფერი რომ დაედო სახეზე და გააქციე აქედან? -დოინჯი შემოირტყა ოჯახის დიასახლისმა.
-აუ, არ დამიწყო ახლა თავიდან, ციცი…
-კარგი გოგოა! ჭკვიანი, განათლებული, ზრდილობიანი… გაახილე ეგ თვალები!
-ცოლს მაინც არ მოვიყვან. იმ ბავშვს მითუმეტეს, ამიტო წნევას კიდე ნუღა დაიგდებ ხელოვნურად…
-მეც მინდა შვილიშვილები! -ბრძანება გასცა ციციმ.
თვალები აატრიალა ნაკაშიძემ, თუმცა მაინც აღარ გააწყვეტინა დედას ის საუბარი, რასაც ყოველდღე და ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე ისმენდა.
მიბრუნდა მისკენ, ხელი გადახვია და შუბლზე აკოცა.
-ვიშვილებ ერთს. -თვალი ჩაუკრა. -გოგო გინდა თუ ბიჭი?
-დადა! არ მეცინება მე, შვილო. დროა… ყველაფერს აქვს თავისი დრო… მათ შორის, წარსულის დავიწყებასაც.
ცივად მოაშორა ხელები. მადაც დაეკარგა და ამ სახლში გაჩერების სურვილიც. უსიამოვნო შეგრძნებამ ჩაუწვა მუცელი. ოთახიდან გასვლა უნდოდა მკლავში რომ ჩააფრინდა დედამისი და მიაბრუნა შვილი თავისკენ. მწუხარებით ჰქონდა დანამული შავი თვალები, ბოდიშს უხდიდა ნათქვამი სიტყვებისთვის, თუმცა ეტყობოდა, რომ დიდად არ ნანობდა.
ძალიან კარგად იცნობდა დედამისს. იცოდა, როგორი მონსტრი შეიძლებოდა გამხდარიყო, როცა საქმე დადას ოჯახის შექმნაზე მიდგებოდა. ამიტომ ისიც მშვიდი სიმტკიცით ისმენდა ციცის შეგონებებს, თხოვნებს, ვედრებას, ხანდახან უხეშ ჩარევასაც პირად ცხოვრებაში და მერე ისე შლიდა გონებიდან, თითქოს არასოდეს არაფერი გაუგია.
-ეს გოგო იმიტომ მოვიყვანე… რაღაცნაირად მივამსგავსე ვიკას…
სახიდან ყველა ფერი წაეშალა კაცს. ციციმაც შენიშნა, როგორ გამოერეცხა თვალები რაღაც არაფრისმთქმელი გაღიზიანებით თავის შვილს, რომელმაც მშვიდად შეაშვებინა ხელი. უეცარი სიცივე შემოეფინა მთელს სხეულზე.
-დედა, გეყოფა. -გააფრთხილა გაყინული ხმით, -ბოლოჯერ გაფრთხილებ, რომ მისი სახელი ჩემთან აღარ ახსენო. იცოდე, არ გაპატიებ ამით მანიპულირებას. იმ ღლაპს კიდე არაფერი უგავს მისი და ტყუილად ნუ დაიმედდები. მეორედ აქ თუ მოიყვან, იცოდე, მე აღარ მოვალ ამ სახლში. არასოდეს.
-კარგი, დედიკო. -უკან დაიხია ქალმა.
ასეთი კატეგორიულობით ნათქვამი სიტყვეიბ პირველად ესმოდა მისი შვილისგან თავისი მიმართულებით. იცოდა, დადა არასოდეს გადაუვიდოდა სიტყვასა და დანაპირებს, იყო რაღაცები რასთან გამონაკლისს ალბათ დედამისთანაც ვერ დაუშვებდა.
-მაპატიე. ოღონდ შენ იყავი კარგად… როგორც შენ გინდა. სად მიდიხარ?
-ლუკასთან. -ცივად უპასუხა, -ფეხბურთია.
ბოლოს მაინც დაამატა, ციცის რომ არ ეფიქრა, მარტო წეღანდელი დიალოგის გამო მიდიოდა მეგობართან შუაღამისას.
-ხომ მოხვალ? -უკან პატარა ბავშვივით გაედევნა.
ხომ იცოდა, სხვაგან დარჩენა რომ არ უყვარდა თავის შვილს, მაგრამ ხმამაღლა უნდოდა გაეგონა მაინც.
-გვიან. ნუგო არ გამიბრაზო. -დაუბარა ბოლოს დაძალებული ღიმილით და სახლიდან გასულმა მეზობლების კარს ისე ჩაუარა, თითქოს იქედან მომავალი ხმამაღალი კისკისი არ გაუგია. წეღანდელი სცენა რომ მოაგონდა და ეს გოგო თავის საძინებელში, თავიდან აუდუღდა სისხლი.
იმედი ჰქონდა, აღარასოდეს ნახავდა.
ციციმ ყველაზე კარგად იცოდა თავისი შვილის სუსტი წერტილი. გულთან იმდენად ახლოს იყო ამოკაწრული ვიკას სახელი დადასთვის, რამდენადაც გონებასთან. სისხლი ერთიანად მოუწამლა ბრაზის, იმედგაცრუებისა და ტკივილის შხამიანმა ნაზავმა.
სადღაც შორს, ძლივს მიწყნარებულმა დანაშაულის შეგრძნებამაც შეიღვიძა და გამოხედა მბრალდებლური თვალებით.
სრულყოფილი მეხსიერება ყველაზე დიდი სასჯელი იყო მისნაირი წარსულის მქონე ადამიანისთვის.
-რა სახე გაქ, წინასწარ გაიგე ანგარიში და კიდე წააგო ბარსელონამ?
-გამატარე ერთი, -მხარი გაკრა ნაკაშიძემ და ოთახში შევიდა. წეღანდელი დაძაბულობა მოეხსნა. -როდის იყო ბარსას წაგება უარყოფითად მოქმედებდა ჩემს განწყობაზე?!
-ყველანაირად უგვანო როგორ ხარ, -კოჭლობით შემოჰყვა მეგობარს ლუკა აქიშბაია სახლში და გვერდით მიუჯდა. -ირუშა არ მოვა?
-არა.
-ოხ, ასე იცის… მოიყვანენ ცოლს და… ისე, ცოლზე გამახსენდა. ციცი რას შვება, შეტევაშია ისევ თუ, შეცვალა ტაქტიკა და “ცრუ ცხრიანი” გაათამაშა ამჯერად? დღეს რამდენი გოგო გაგაცნო, ტემპი ხო არ დაუგდია?
-არ გამახსენო, -თვალები წამოენთო ნაკაშიძეს, ჯერაც აჟრიალებდა იმის წარმოდგენისას, რომ ის გოგო შეიძლებოდა მის ნივთებს შეხებოდა, იმდენად ახლოს იყო ყველაფერთან.
-მე ციცისკენ ვარ, ძმაო. დროა უკვე. ეხა ირუშამაც რო ცოლი მოიყვანა, ვაბშე გარეკილი ექნება.
-ხო, მაგის მერე საერთოდ გამოვიდა მწყობრიდან.
-კაი გოგო იყო ისე? მოიყვანე შენც კიდე. ერთი ცოლი და სამი ბავშვი გაგიჭირდა? -მიწისხილსა და ლუდს შეექცეოდა აქიშბაია, თვალებს არ აშორებდა ეკრანს.
დატრამვული ფეხი გაეშალა წინ სკამზე. ეტყობოდა, რომ ჯერ კიდევ უჭირდა თამაშზე კონცენტრირება და ამიტომაც ეკირკიტებოდა ასე დადას პირად საკითხებზე.
-გოგო კი არა ღლაპი იყო. ჩემს ოთახში შევისწარი, თავის ძმას ეხვეწებოდა გამიყვანე აქედან ბებერ კაცს მირიგებენო.
-შენზე თქვა? -წამოახველა ლუკამ, მოულოდნელობისგან გადასცდა ლუკმა მერე კი ხმამაღლა ახარხარდა. -დაგერხა. შედიხარ უკვე ასაკში…
-ვიკას მივამგვანეო ციციმ, -ეკრანს კი მისჩერებოდა, მაგრამ ფეხბურთისგან შორს დაფრინავდა დადას გონება. -ხვდები რა არაადექვატური გახდა?
ლუდით ჩაიწმინდა ყელი ლუკამ. დადას ცხოგრების ამ თავზე საუბარს ყველა ერიდებოდა, არც თავად ახსენებდა არასოდეს ვიკას, ამიტომ უჩვეულო იყო ახლა მან რომ წამოიწყო ამ თემის განხილვა.
-მერე? -წარბები აზიდა აქიშბაიამ. -ჰგავდა?
-არა. -მოკლედ მოუჭრა, სრული თავდაჯერებით. თვალწინ დაუდგა ნენეს შეშინებული თვალები და დამალული კანკალი, არაფერი უგავდა ვიკასი. -არაფრით. ვერ ვხვდები, რით დაამსგავსა და ასეც რო იყოს, რამ აფიქრებინა, რომ მე იმის ორეულს შევირთავდი ცოლად. მითხარი, რამე ლოგიკას ხედავ?
-კაი, ბიჭო, რა უნდა სასოწარკვეთილ მშობელთან ლოგიკას? ნერვიულობს და ჰგონია, რო შენს მდგომარეობას ოჯახი “უშველის”. ხო იცი, წინა თაობის ხალხს არ ესმის ეს თავისუფალი ცხოვრების წესი და მარტოსულად სიცოცხლის დასრულების სურვილი. იმასაც უნდა შვილიშვილები, თავის ტოლებს ალბათ ყველას ჰყავს და გაუჩნდა ციცისაც ბებოობის მოთხოვნილება. დედაჩემი აბა სულ იმას დამტირის, შენ ვინ გამოგყვება, თუ არ შეიცვალეო.
-მერე მართალს გეუბნება. მე მსურველები მაინც მყავს.
-მეც მყავს ერთი მსურველი. -თვალი ჩაუკრა ძმაკაცს მრავალმნიშვნელოვნად. -ხო, რა იყო? მაგარი მიქარული კი მაქ იმასთან, მარა…
-ვინ იმასთან, ორ თვეზე მეტხანს გოგო არ გაგჩერებია…
-ჩემს პირველ სიყვარულთან. თემა ნუ გადაგაქვს. მართლა, გულწრფელად მითხარი რატო ჩააჯინდი ეგრე? ცოლი და შვილები ვერ წარმომიდგენია კაცს რო არ უნდოდეს.
-არ მაქვს მე ის ცხოვრება, რაც ცოლს და შვილს სჭირდებათ. სიმშვიდის და უსაფრთხოების გარანტიას ვერავის მივცემ. არც მე მაქვს ვინმეს შეყვარების და იმაზე მზრუნველობის სურვილი და მოთხოვნილება. არ ვფიქრობ, რო ახლა რამე მაკლია, ხვდები?
-აი, რო შეგიყვარდეს… ისევ. -ძლივს გაბედა ლუკამ ამ თემასთან შეხება, ცდილობდა ფაქიზი ყოფილიყო.
-არა. აღარ მოხდება ეგ შეცდომა. -დარწმუნებით წარმოთქვა ნაკაშიძემ, გაეცინა კიდეც.
-შენ ვერ გააკონტროლებ. როცა ყველაზე ნაკლებად ელოდები, მაშინ მოგდის ეგ შეცდომა.
-დამწვრის სუნი მცემს, შენი გულია? -ირონიულად აზიდა წარბები დადამ, თავად არ სვამდა, შინ უნდა დაბრუნებულიყო.
-მთავარია დაინახო, რა.. მიხვდე, რო ვინც გიყვარს ეგაა შენი ერთადერთი, მიხვდე რასაც გრძნობ, გაიაზრო და არ დაკარგო სისულელის გამო. -თავისას განაგრძობდა აქიშბაია. სადღაც შორეულ წარსულში იყურებოდა თვალებით. -მე რომ წლების წინ ჭკუა მქონოდა ფეხმოტეხილი შენ კი არ გადაგიშლიდი გულს ახლა… ახლა ნულს ქვემოთ არი ჩემთვის იმის შანსი, რო ის დავიბრუნო, ვინც ფეხბურთამდე მიყვარდა და მერე… ყველაფერმა დამაბრმავა. დებილი ვარ. არ ვიმსახურებ პატიებას, მარა მაინც მინდა. ხო, აი ეგ არ უნდა დაგემართოს. ხელიდან არ უნდა გაუშვა. უეჭველი შეგხვდება ვიღაც, ვისთანაც ოჯახიც გენდომება და ვისთვისაც სიმშვიდის მოპოვებასაც შეძლებ.
-ეგეთი შემხვდა და რაც გამიკეთა, ორივემ კარგად ვიცით. -ყინულივით გაუცივდა ხმა დადას. თვალები ისე გაუმკაცრდა, ნებისმიერი სულიერის ნივთად ქცევას შეძლებდა ერთი გამოხედვით.
აღარაფერი უთქვამს აქიშბაიას. რასაც თვითონ ფიქრობდა ვიკაზე, იმ აზრამდე დამოუკიდებლად უნდა მისულიყო დადა.
იცოდა, საღ აზრთან ძალიან ახლოს ტრიალებდა, მაგრამ მიუღებელი სიმართლისთვის თვალის გასწორება როდია მარტივი ამბავი.
-იმის ნათელი მაგალითი თვალწინ გყავს, რო თუ ვინმე შეგიყვარდა, მერე მორჩა… ირუშაზე ვინ იფიქრებდა, ბიჭო, ცოლს თუ მოიყვანდა?
-მაგათი სიყვარული ამოუხსნელი ამოცანაა, იმდენი მიქარა ნანამ, ძაან მიყვარს, მაგრამ… მე ვერ შევძლებდი პატიებას.
-ბედმა მწარედ არ მოგიბრინოს ეგ შენი სიტყვები. შეძლება უარესიც აპატიო. ასეა, როცა გიყვარს.
-ლუკა, რა გჭირს? -გულწრფელად შეწუხდა ნაკაშიძე. გრძნობების ასეთი სიღრმისეული განხილვა უჩვეულო იყო მისგან.
-დარხეული მაქვს. მაგრად. ამდენი წლის მერე მივხვდი, რო ვინც პირველად მიყვარდა, ის მინდა ახლაც. ამდენი რამის მერე… ბედმა რო შემაფხიზლა, როცა ძაან გვიანია… შეიძლება იმან საერთოდ სხვა შეიყვარა… -არეულად ლაპარაკობდა. დადამ ვერაფერი გაიგო. -შენ არ გიცნობდი მაშინ, სანამ ჩემი ვარსკვლავი გაბრწყინდებოდა და ჯერ კიდე სკოლაში ვსწავლობდი. ხო, სკოლაში, რა იყო? ჩემზე ერთი წლით იყო პატარა. ყველაზე ჭკვიანი გოგო იყო მთელს სკოლაში. ახლა რო ვუფიქრდები, მართლა რამ შეაყვარა ჩემი თავი? მერე რავი… ისე მოხდა, რო მე ფეხბურთს გავყევი, დიდებამ და გულშემატკივრის ყურადღებამ დამავიწყა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გულშემატკივარი.. ძაან ვაწყენინე და აღარც მიცდია გამოსწორება.
-და ახლა რამ გაგახსენა? მოგაკლდა ყურადღება და გულშემატკივარი? ნუ იგონებ რა…
-არ ვიგონებ. -ხმა გაიმკაცრა აქიშბაიამ. -მეც არ ვიცი რატო… სურათებსაც სულ ვინახავდი, თამაშის დროს არასდროს მომიხსნია მისი ნაჩუქარი სამაჯური…
-ეგოისტურად იქცევი. შეიძლება იმ გოგოს თავისი ცხოვრება აქვს უკვე და იმასთანაა ბედნიერი, ვინც აფასებს, შენგან განსხვავებით. ახლა მოგინდა მარტო რო დარჩი? -შხამიანი ისრებივით მიაყარა სიტყვები ერთმანეთს დადამ.
-არ მომინდა ახლა! ვიცი, ასე ცუდად ჩანს… არავინ არ ჰყავს… არც მე მყოლია არავინ.
-ნუ მაცინებ! -ხარხარი ვერ შეიკავა დადამ, -ხუთი წელია გიცნობ და ჩემი ყველა თითი არ მეყოფა ვინც შენ გყოლია იმათ დასათვლელად.
-მე სხვა რამეს ვგულისხმობ. ვიკას მერე რამდენი გყოლია შენ მისნაირად?
-ნუღა ახსენებ რა…
-ზუსტად. არცერთი.
-და რა იცი? სხვა რო არ შეიყვარა, რა იცი?
-აი, ვიცი, რა!
თავი გააქნია სიცილით ნაკაშიძემ.

ნენე გულმოდგინედ ემზადებოდა თავის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღისთვის. საგულდაგულოდ გამოეწყო. რახან სტუდენტობას ჯერ კიდევ ვერ მოესწრო შორეულ წარსულში გადანაცვლება, ოფიციალური სამოსი ეხამუშებოდა, მაგრამ უხდებოდა კიდეც კლასიკური ჩაცმულობა.
მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით რომ გაკაკუნდა გასასვლელისკენ და ლარნაკში თავისი გასაღები ვეღარ მოიძია, ცივმა ოფლმა დაასხა შუბლზე.
კარსაც დაეჯაჯგურა იმ იმედით, რომ ღია დახვდებოდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩა - სახლში ჩაკეტეს. ნინო პენსიის ასაღებად წასულიყო, შემდეგ რიომაც გაიხურა კარი და ღმერთმა უწყის სად წაეხეტა.
მთელი სახლი გადაქექა ნენემ. არც გასაღები ჩანდა და არც რომელიმე ოჯახის წევრი მაშველად. ლანაც არ პასუხობდა.
სასოწარკვეთილმა ბოლოს აივანზე გააბიჯა და ისიც კი გაიფიქრა, აქედან გადავძვრებიო.
ამ ჩაცმულობისა და მისი მოუქნელობის გათვალისწინებით მესამე სართულის აივნიდან მარტივად გადაძვრებოდა, მაგრამ მიწაზე უმტკივნეულოდ ნამდვილად ვერ დაეშვებოდა.
-მოგკლავ! მიპასუხე! -სიმშვიდეს არ კარგავდა, თუმცა შინაგანად საშინლად იყო გაღიზიანებული.
ყველამ პირი შეკრა თითქოს. დრო კი არ იცდიდა. პირველ სასამართლო პროცესს უნდა დასწრებოდა, ის კი აგვიანებდა!
აივანზე მაინც და მაინც მაშინ გამოდგა მათი მეზობელი. ტელეფონზე საუბრობდა და ყავას ნებიერად მიირთმევდა. თეთრი პერანგის სახელოები აეკეცა და წინა შეხვედრისგან განსხვავებით ამჯერად ბევრად მშვიდი და კეთილგანწყობილი ჰქონდა მზერა.
გული მოეწურა ნენეს. რაღა ის გამოჩნდა პირველი, როდესაც ნებისმიერს სთხოვდა დახმარებას ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი?
მუცელი აეწვა, რომ მოაგონდა, როგორ ცინიკურად უმზერდა და ასწავლიდა კარის გაღებას. ახლა ის რომ ეთქვა, ჩავიკეტე და კარი გამიღეო…
არა, გამორიცხულია.
-მიპასუხე, ლანა, შენ მაინც რაღა დაგემართა? -გაუჩერებლად დაბოდიალობდა ოთახსა და აივანს შორის.
დადა მოაჯირს მიყრდნობოდა ზურგით და ქვემოდან ტკბებოდა დატანჯული მეზობლის მიერ მოწყობილი სანახაობით. თან ყავასაც რა კმაყოფილი მიირთმევდა!
-მშვიდობა გაქვს? -ვეღარ მოითმინა ნაკაშიძემ, ოდნავ გვერდზე გადახარა თავი.
-დიახ! -იხტიბარი არ გაიტეხა ნენემ.
თუმცა შინაგანი ხმა კარნახობდა, რომ ახლა არც სიამაყის და არც ჯინიანობის დრო არ ჰქონდა. მითუმეტეს ამ კაცთან.
-უბრალოდ სახლში ჩავიკეტე და სამსახურში ძალიან მაგვიანდება! -დაამატა ბოლოს სასხვათაშორისოდ და ყელი მოიღერა.
მზიანი დილა იდგა, ოქროსფრად უპრიალებდა თმა, როცა სხივები ელიცლიცებოდა.
-რა სამწუხაროა, -ჯიბეში ხელი უდარდელად ჩაიდო დადამ და თავის ოთახში დააპირა შესვლა.
-კარს ვერ გამიღებ? ბებო ხალიჩის ქვეშ ტოვებს ხოლმე გასაღებს. გთხოვ. -დაამატა ბოლოს ნაძალადევი თავაზიანობით.
მაინც არავინ იყო ეს კაცი მისთვის, მის აზრებს რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა რომ ჰქონოდათ ნენესთან დაკავშირებით. ასეთ მნიშვნელოვან დღეს სულელურ სიამაყეს ვერ შესწირავდა.
-ვერ გავიგონე, რამე მითხარი? -მის მხარეს წამოვიდა დადა, იდაყვებით დაეყრდნო აივანს და ცალი თვალი მოჭუტა.
ნენე შეიძლება პატარა იყო, მაგრამ სულელი არა. იცოდა, რომ აწვალებდა ისედაც გაჭირვებულ მდგომარეობაში ჩავარდნილს და სახეზე სულ წამოწითლდა მღელვარებისა და ბრაზისაგან. რა რეგვენია!
-ჩემი გასაღები სავარაუდოდ ჩემმა ძმამ გაიყოლა, ბებო ხალიჩის ქვეშ დატოვებდა ერთს და შეგიძლია გამიღო კარი-მეთქი?
-არადა, მეგონა გასწავლე კარის გაღება.
გულდაწყვეტილი სახით შებრუნდა დადა სახლში და პირღია დატოვა ნენე ანდრონიკაშვილი თავის აივანზე.
ორ წუთში გაისმა გასაღების ჩხაკუნის ხმაც. გახარებულ ნენეს ყველა წყენა და ბრაზი გადაავიწყდა. მაშინვე იქეთკენ გავარდა თავისი ნივთებით და კარი გამოგლიჯა.
-ღმერთო, როგორ მაგვიანდება! -ზედმეტად გაწამაწიაში რომ არ ყოფილიყო ნაკაშიძის წარბებაწეულ, გამჭოლ მზერასაც შენიშნავდა ალბათ, კარგად რომ აკვირდებოდა მის ქმედებებს. -მადლობა!
კარი თავად გადაკეტა და უკან არც კი მოუხედავს, ისე ჩაირბინა ქუსლების კაკუნით სამივე სართულის კიბეები, სანამ დადა რამე ცინიკური კომენტარის გაკეთებას მოასწრებდა.
უკან მოიტოვა მის მიერ შექმნილ ქაოსში გამოხვეული დადა ნაკაშიძე.
მაინც ვერაფრით მიამსგავსა ვიკას.

გულამოვარდნილი შევარდა დიდ დერეფანში, რომლის ბოლოსაც სასამართლო დარბაზი ელოდა. ლანა უკვე იჯდა თავის ადგილას და შეყრილი წარბებით დაეძებდა მეგობარს უცხოებით გადავსებულ დარბაზში. დაცვის მხარეს დედამისი, სალომე ქორქია წარმოადგენდა. მაღალი ქალი იყო, ამაყი და თავდაჯერებული გამომეტყველებითაც კი მოიპოვებდა ნებისმიერის ნდობას, თუმცა ისე კარგად წარმართა მთელი პროცესი, ნენე ყველაფერს კარგად იმახსოვრებდა და იბეჭდავდა გონებაში.
-გავიდეთ, რა... -მხარი გაკრა ლანამ, -გაიწელება კიდე, ყავა მაინც დავლიოთ.
-მოიცა, რა.. შესვენებაზე გავიდეთ. ნახე, სალომემ რა კარგად მიუბრუნა? გაოგნებული ვარ, როგორ არ ელევა კითხვები. საოცარი ადვოკატია დედაშენი. -კისერდაგრძელებული აკვირდებოდა სალომეს. -აუცილებლად მოიგებს ამ საქმეს.
-რა თქმა უნდა, მოიგებს. პროცესის მერე ხომ იცი... უნდა შევხვდეთ იმ საქმეზე. ერთი სული მაქვს. სხვა ვერაფერს ვუდებ გულს. ბოლო ორი დღეა შევჭამე მამაჩემი, აუცილებლად ჩაგვრთავს გამოძიებაში.
-ხო, მაგრამ მე გამომძიებლობა დიდად არ მინდა... -ისევ სალომეს უყურებდა ნენე, -ადვოკატობა მინდა.
-ესეც სცადე, ტყუილად ვიწვალე ამდენი? -წაიწუწუნა ლანამ.
ხანდახან ორივეს უკვრიდათ, როგორ უგებდნენ ერთმანეთს, იმდენად განსხვავდებოდა მათი ბუნება. ლანა მოწოდებით გამომძიებელი იყო, უყვარდა კირკიტი, კონსპირაციები, ამოუხსნელ ამოცანებთან შეჭიდება, მისთვის მთავარი იყო, თავად სცოდნოდა ყველაფერი, სხვა გაიგებდა თუ არა სიმართლეს, ამაზე დიდად არ დარდობდა.
ნენე პირიქით - პირველ რიგში თავის სიმართლესთან მარტო დარჩენილი დაჩაგრული ადამიანი ებრალებოდა, რაც უფრო მეტს დაეხმარებოდა საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებაში, უკეთესად იგრძნობდა თავს.
შესვენებაზე ერთად გავიდნენ სალომე და გოგონები ყავის დასალევად. ნენე ენას არ აჩერებდა. ყველაფერზე აღფრთოვანებას გამოხატავდა.
-აუ, სალო, ძაან მაგარი ხარ. რომ გიყურებდი, სულ ჟრუანტელი მივლიდა. -საყვარლად მოიფუზა ანდრონიკაშვილი. -რა მაგარი კითხვები დაუსვი? უკან დასახევი გზა აღარ დაუტოვე იმ მოწმეს. როგორ ჰყავდათ დამუშავებული? თვალებსა და ხელებზე ეტყობოდა, რომ ტყუოდა.
-ერთად აღვნიშნოთ ამ საღამოს, -თვალი ჩაუკრა თავის ქალიშვილს, მისგანაც მოელოდა ერთ-ორ სიტყვას, თუმცა ხმა არ გაუღია ლანას, თითქოს მისი სათქმელიც ნენემ უთხრა.
-ამ საღამოს მამასთან მივდივართ იმ საქმეზე. ძლივს დავითანხმე.
-ლანა, რატომ გაჯიუტდი? -გაუღიმა ქალიშვილს ქორქიამ, თუმცა უჩვეულო სუსხი შენიშნა მის ხმაში ნენემ. თითქოს ეწყინა ლანასგან ასეთი გულგრილობა.
-რატომ გავჯიუტდი, დედა? შენც ხომ გინდა, ნენე? -მხოლოდ გაუღიმა ანდრონიკაშვილმა. ხვდებოდა მათ შორის დედაშვილურ უთანხმოებაზე რაღაც უფრო ძლიერი იხლიჩებოდა. -უბრალოდ ჩავერთვებით, მამა კარგ რჩევებს მოგვცემს. მერე ორივე გავარკვევთ, რა გვინდა რომ ვისწავლოთ მაგისტრატურაზე.
-უკვე ფიქრობთ გაგრძელებაზე? იცით, ლონდონში მოვიძიე რამდენიმე ძალიან კარგი ფაკულტეტი თქვენთვის... ან თუნდაც ბრიუსელში... -ისეთი გახარებული ჩანდა სალომე, თითქოს თავად დაიბრუნა უკან სტუდენტობის ძვირფასი პერიოდი და საზღვარგარეთ წასვლის საშუალება ეძლეოდა.
-მერე ვილაპარაკოთ ამაზე, დე... -გაუღიმა ლანამ, მიანიშნა, რომ ნენესთვის ასეთი მარტივი არ იყო ქვეყნის, ნაგიჟარი ძმისა და მოხუცი ბებიის დატოვება. -მიდი, წარმატებები. სანამ შენ გამოხვალ, ჩვენ შეიძლება წასულები დაგხვდეთ. ხვალ აღვნიშნოთ, კაი?
-კარგი, დედიკო, როგორც გინდათ.
-წარმატებები, სალო. -ტკბილად დაემშვიდობა ნენეც.

სალომე ქორქიამ კიდევ ერთი პროცესი მოიგო. ტაშისა და ბედნიერი შეძახილების ხმა დიდ ხანს არ შემწყდარა სასამართლო დარბაზში. ნენე ისე იყო დარეტიანებული იქ მიღებული ემოციებით, რომ ლანას ლაპარაკიდან ნახევარი არ გაუგია. წარმოიდგენდა, რომ თავად იდგა სალომეს ადგილას, მან შეძლო ასეთი რთული საქმიდან რთული და დამსახურებული გამარჯვების მოპოვება, მან გადაარჩინა ერთი ადამიანის ისედაც დატანჯული ცხოვრება ჯოჯოხეთისგან, ეს ფიქრები ძალიან შორეულ ოცნებებში მიერეკებოდნენ...
სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა.
ცერცვაძეებთან უკვე საღამოხანს მივიდნენ. პირდაპირ მამის კაბინეტისკენ წააცუნცულა ლანამ თავისი ერთგული მეგობარი.
კოსტანტინე ცერცვაძეს ქალიშვილის დანახვისას წამიერად გამოუნათდა ჩაფიქრებული, მკაცრი სახე. ნენეც მასთან ერთად ჩაეხუტა.
-აბა, როგორ არიან ჩემი გოგონები?
-ძალიან მაგრად, ერთი სული გვაქვს.. ხომ იცი!
-კარგი, დასხედით, -ცხვირზე წაეფერა თავის ქალიშვილს კოტე და მის წინ თავისუფალ სკამებზე ჩამოსვა ორივე. მამობრივი მზრუნველობა უცებ ჩაანაცვლა მის სახეზე დეტექტივისთვის დამახასიათებელმა მკაცრმა და ცივმა გამომეტყველებამ. ნენეს ოდნავ შეამცივნა. დიდი პასუხისმგებლობა იგრძნო. -ხომ იცით, ეს საქმე არ არის ჩვეულებრივი, რიგითი გამოძიება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ნიჭიერი გოგონები ხართ და გაქვთ ამ საქმისათვის საჭირო უნარები, ასეთი ხასიათის პროცესისთვის აუცილებელია ისეთი თვისებები, რასაც მხოლოდ დრო და გამოცდილება აძლევს კარგ გამომძიებელს. თქვენგან საქმის გახსნას არავინ მოელის, მაგრამ მე პირადად ორივესგან მოვითხოვ, გიმეორებთ მო-ვით-ხოვ, რომ სიტყვა კი არა უჩვეულო ბგერაც კი არ უნდა გაჟღერდეს თქვენი მხრიდან, ხვდებით? იცოდეთ, თუ შევატყობ, რომ თქვენი ნდობა ჩემი მხრიდან ოდნავ მაინც შეირყა, საქმეს უსიტყვოდ ჩამოცილდებით. ვერც რეკომენდაციას მიიღებთ სხვა დამსაქმებლებთან, უბრალოდ დავრწმუნდები, რომ ამ პროფესიისთვის აუცილებელი ორი პიროვნული თვისება არ გაგაჩნიათ - ერთგულება და საიდუმლოს შენახვის უნარი. უნდა იცოდეთ, რაზე მიდიხართ, ვისთან მოგიწევთ საქმის დაჭერა. დამიჯერეთ, ესენი არ იქნებიან უბრალო ბოროტმოქმედები. საქმე გვაქვს კრიმინალურ ავტორიტეტებთან, მკვლელებთან, შავ ბიზნესმენებთან... შეიძლება აგენტობაც კი მოგიწიოთ, შეძლებთ ამას?
მაცდურად ჟღერდა ორი მიზანდასახული და თავდაჯერებული, თუმცა გამოუცდელი გოგოსთვის ეს შეთავაზება. სწორედ ამიტომ ვერ გაუშვებდნენ ასეთ შანსს ხელიდან, როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამდნენ რთულ და დანაშაულებით სავსე პროფესიულ გზაზე. სწორედ გამოუცდელობის გამო ჰქონდათ ამხელა თავდაჯერება.
-შევძლებთ, მამა! შენ ჩვენში ეჭვი ხომ არ გეპარება? -კმაყოფილად გაიჯგიმა ლანა. მხარი გაჰკრა ჩაფიქრებულ ნენეს.
საკუთარ გრძნობებსა და შესაძლებლობებში დაძვრებოდა. თანხმობას ჰაერზე ვერ ეტყოდა. მისთვის თამაში არ იყო ეს ამბავი, უდიდესი პასუხისმგებლობა უნდა აეღო საკუთარ თავზე.
-რატომ ჩაფიქრდი, ნენე? -თბილად გაუღიმა კოტემ. ლანა დაიძაბა. ნენეს გარეშე თვითონაც არ ჰქონდა შანსი.
ლანას მშობლებისგან ყოველთვის გრძნობდა უპირობო სიყვარულსა და სიმპათიას. ფაქტობრივად უდედოდ გაზრდილმა მამაც უდროოდ დაკარგა. დედა სანახევროდ ემიგრაციაში იყო და ცხოვრებაში სწორი მიმართულების მიმცემად ერთადერთი მოხუცებული ბებია შემორჩენოდა. ასეთი განათლებული და თბილი ადამიანებისგან რჩევისა და დარიგების მიღება უდიდესი მადლი იყო ნენესთვის.
-არა, მეც დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებ. -თავდაჯერებით უპასუხა. -მე თქვენ თვალწინ გავიზარდე, კოტე ძია, ხომ იცით... მე კარგად მიცნობთ, საქმის ღალატი არ შემიძლია, თქვენი - მითუმეტეს. თუ თქვენც თვლით, რომ შევძლებ, ჩავთვლი რომ ამაზე უკეთეს პროფესიულ შანსს ვერასოდეს მივიღებ ცხოვრებაში.
-ოხ, ამაზე დიდი შანსებიც არსებობს, დამიჯერე! -გაიბადრა კოტე. რაღაც სხვანაირი კმაყოფილებით აღავსო ნენეს პასუხმა. -კარგი, მაშინ. ჩემს პროგრამისტებს ვეტყვი და გაგიმზადებენ სამუშაო ლეპტოპებს, რომლებზეც წვდომა მხოლოდ საქმეში ჩართულ დეტექტივებს ექნებათ. შიგნით ჩაწერილი იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია. ინტერნეტთან წვდომა არ გექნებათ და არც ეცადოთ დაკავშირება. ჩათვალეთ, სტაჟიორები ხართ, ამიტომ საკუთარ თავს დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ, ჩემთან შეთანხმების გარეშე ერთი ნაბიჯიც არ გადადგათ.

კმაყოფილების ნაცვლად უჩვეულო დაძაბულობას გრძნობდა. ძალიან მოუნდა დედამისისთვის დაერეკა და ყველაფერი მოეყოლა, მას დაემშვიდებინა, თუმცა თანხმობის მიცემის დღესვე ამ საქმეზე ვინმესთან ლაპარაკი თავისთავად საიდუმლოს გამხელასა და უნებისყოფობას ნიშნავდა.
ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. ცუდს არაფერს აკეთებდა. პასუხისმგებლობები ვერ შეაშინებდა. ყველა და ყველაფერი ეზარებოდა, რაც კანონის და სამართლიანობის მხარეს არ იდგა.
-წამოხვალ ჩემთან? -ფეხსაცმელმა უკვე გვარიანად აატკივა ტერფები. ქუსლიანს არ იყო მიჩვეული.
-სახლში მიდიხარ? კაი, რა... ამ საღამოს მაინც წამოდი ჩვენთან ბარში, ჩვენები უკრავენ. გაერთობი. წამო, რა... -ლამი ყელი გამოიღადრა ლანამ ისე, შეევედრა.
-არ მაცვია ახლა სამაგისოდ, -კლასიკურ ქუსლიან ფეხსაცმელსა და ჩაცმულობაზე მიანიშნა.
-არც მე, წამო, წამო.. -ხელკავი გამოსდო ლანამ. -შენი ძმა სულ სადღაც დაეთრევა და არაფერს იკლებს. მართლა მოგეწონება. სულ გკითხულობენ ბავშვები, შენ კი არასდროს ხარ.
-კარგი, ხო...
-აკოც იქნება. -დაამატა, როდესაც მანქანაში ჩასხდნენ, ისეთი განრისხებული მზერა სტყორცნა ანდრონიკაშვილმა, რომ ცივი წყალი გადაევლო სხეულზე ლანას. -კარგი, რა იყო? ხო იცი, სხვანაირი ტიპია.
-სულელია. მაგიტომ თუ მიგყავარ, მართლა არ მინდა, ლან. -ამოიწუწუნა უკმაყოფილოდ.
დამღლელი დღე ჰქონდა, ამას გარდა ისედაც მილიონობით პრობლემასთან უწევდა გამკლავება, არასასურველი თაყვანისმცემლის ზემოდან დამატება ნამდვილად აღარ სურდა.
-არ მიმყავხარ მაგიტომ, რა ლაპარაკია? უბრალოდ მინდა, რომ ერთად გავატაროთ დრო. მეგონა შენც მოგწონდა.
-შენ გინდა, რომ მომწონდეს. მე არ მინდა და არ მომწონს.
-თან დღეს რა გაპრანჭული ხარ, -ეშმაკურად აათამაშა წარბები ლანამ.
-ღმერთო... -ამოიოხრა უკმაყოფილოდ და ფანჯარა ჩამოსწია, სიგრილეშეპარული ჰაერი რომ ჩაესუნთქა.
-შენხელა ძუძუები რომ მქონდეს, სულ გამოვაჩენდი!
-ლანა! -სისხლი მოაწვა ლოყებში ბრაზისა და სირცხვილისაგან. საერთოდ არ უნდოდა ყურადღება მიექცია თავისი ჩაცმულობითა და ვიზუალით, საშინელ უხერხულობას გრძნობდა.
აქ ხშირად დადიოდნენ მათი კურსელები და მეგობრები, ლანაც მათთან ერთად. ხმამაღალი მუსიკა ქუჩის ბოლომდე ისმოდა, ათასნაირი სასმლისა და ხილის სუნი შორიდანვე იგრძნობოდა. სუნთქვაშეკრული შეერია ჭრელ-ჭრელად შეღებილ ახალგაზრდებს.
ბართან მიათრია ლანამ და ჩამოსვა თავისუფალ სკამზე მის გვერდით.
-მე „ნეგრონი“, -თვალებით წაეთამაშა ბარმენს ცერცვაძე, -ჩემს მეგობარს „ჯინ-ტონიკი“...
აღარაფერი უთქვამს. ცოტას მოსვამდა, დროსაც გაიყვანდა და მერე ისე გაიპარებოდა აქედან, როგორც ჩვეოდა, ლანა ვერც კი გაიგებდა.
-მე საცეკვაოდ გავალ, შენც თუ არ გაიბრტყელებ შენს მშვენიერ საჯდომს მაგ სკამზე, არ იქნება ურიგო.. -თვალი ჩაუკრა ლანამ და ცეკვა-ცეკვით შეერია ხალხს.
ღიმილით გააყოლა მეგობარს თვალები. ეტყობოდა, რომ ამქვეყნად არაფერი ადარდებდა. ყველასთან შეეძლო საერთო ენის გამონახვა, გართობა, თავისუფლად ცხოვრება, შეცდომების დაშვება და დავიწყება. ისეთი ცხოვრება ჰქონდა, ბევრი ახალგაზრდა გოგო რომ შენატროდა.
-ნენეს სალამი, გვიკადრე? -აკოც გამოჩნდა.
გვარიანად იყო უკვე შემთვრალი, მისთვის თვალების ატრიალება რომ არ მორიდებოდა.
-როგორ ხარ, აკაკი? -გაუღიმა ლოყებშეწითლებულმა, იცოდა, არ მოსწონდა სრული სახელით რომ მიმართავდნენ.
-ცუდად, შენ?
-მე კარგად. -უდარდელად გამოეპასუხა, კიდევ მოსვა ერთი ყლუპი.
უკვე კარგად იყო შებრუებული, გრძნოდა სახსრები როგორ დაბუჟებოდა და ლოყებიც სასიავნოდ უღუოდა. აკოც კი ვერ მოუშლიდა ნერვებს.
-არ მკითხავ მე ცუდად რატო ვარ?-კომფორტულად მიუჯდა გვერდით. თვალს არ აცილებდა.
-არა. ვიცი, რაღაცნაირად მე დამიკავშირებ და მერე რამე ისეთს გეტყვი, რაც უარესად გაგხდის, ამიტომ… -გაუაზრებლად ჩაიხსნა ყელში წაჭერილი პერანგის ღილი.
საშინლად დასცხა, კისერზე მოისვა ხელი.
-არ იცეკვებ?
-არა. -ჭიქა გამოცალა და უკმაყოფილოდ ამოიოხრა.
თვალი მოავლო მოცეკვავე ახალგაზრდებს. ლანა სადღაც შორს ჩაკარგულიყო, აღარც კი ჩანდა. აკოს რომ აღარ გახედა, ამით აგრძნობინა დამთავრებული იყო მათი საუბარი.
-აუ, დადა, გაჩერდი კიდევ ცოტა ხანს, რა… -მის გვერდით აწუწუნდა ვიღაც.
უნებურად მიიხედა ნენემაც, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან ახლოდან მოესმა ნათქვამი.
მის გვერდით ჯერ ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს რომ გადააწყდა და მერე თავის თავხედ მეზობელს სასმლით გამოწვეული მხურვალება არაფერი იყო იმ გაურკვევლობასთან, რაც მათი ერთად დანახვისას იგრძნო.
დადას აშკარად დიდი ხნის შემჩნეული ჰყავდა. შორიდან უყურებდა და დარწმუნებული იყო, გაიგო კიდეც მასსა და აკოს შორის გამართული დიალოგი.
-თავი საბავშვო ცენტრში მგონია უკვე. დავიღალე თან, -თვალი მოარიდა ნენეს, მზერა ისეთი უნდობელი ჰქონდა, მნიშვნელობას უკარგავდა ყველა წარმოთქმულ სიტყვას. თითქოს რაც არ უნდა ეთქვა, არაფრის დაჯერება არ შეიძლებოდა მისგან.
-კაი, მე დავრჩები ცოტა ხანს. -უდარდელად აიჩეჩა მხრები აქიშბაიამ. თავის სადარდებელს სასმელში იკლავდა და სულ არ ადარდებდა, მარტო იქნებოდა თუ ვინმესთან ერთად.
ნენე ცოტა ხანს დაელოდა, სანამ დადა წავიდოდა. თავადაც გაქცევაზე იყო უკვე და არ უნდოდა ერთად გასულიყვნენ აქედან.
-ხანდახან მაგარი ჯმუხია ეს ჩემი ძმაკაცი, -ისე გადმოულაპარაკა ლუკამ, როგორც კარგა ხნის ნაცნობს.
ნენეს გული აუჩქარდა. ბოლოს და ბოლოს, ნაკრებში თამაშობდა ეს ბიჭი. რაც ამის გოლებსა და ჩაწოდებებზე მას და რიოს ნაყვირალი აქვთ, ვინ მოთვლის.
-რატომ არ წაჰყევით? -უნებურად ჰკითხა ნენემ. -თქვენს ჯმუხ მეგობარს.
აქიშბაიამ წარბები აზიდა. ბარში გოგოს თქვენობით არასოდეს მიუმართავს მისთვის. მერე კითხვის შინაარსმაც გააოგნა.
-დალევა მინდა და იმიტომ.
-თქვენ ხომ ფეხბურთელი ხართ. ასე არ შეიძლება. იცით, როგორ ველოდებით მე და ჩემი ძმა თქვენს დაბრუნებას მინდორზე?
-ყოფილი. ყოფილი ფეხბურთელი.
-ახ, არა! -ფეხზე წამოდგა ნენე ღიმილით. ჩაცმულობა შეისწორა და ჩანთასაც დაავლო ხელი. -თქვენნაირი ფეხბურთელი არ შეიძლება გახდეს ყოფილი. კარგებს სხვანაირი სიმძიმის პასუხისმგებლობა ეკისრებათ. თქვენ მინდორზე ხასიათის ისეთ სიმტკიცესა და თავდაჯერებას აჩვენებდით, მეეჭვება ცხოვრებაშიც ასეთი არ იყოთ. ალბათ, თავს ცუდად გრძნობთ, მაგრამ თუ ასე გააგრძელებთ ცუდად ყოფნა არასოდეს გაივლის. ფეხბურთის მონატრებას სინანულიც დაემატება და დამიჯერეთ, ეგ უარესია. ფხიზელი რომ ვიყო, ამდენ რამეს ვერ გეტყოდით, მაგრამ სრული გულწრფელობით ვამბობ, რომ ისე იქცევით როგორც სამოყვარულო ლიგის ფეხბურთელი.
-რაო?! -დააჟრიალა ბოლო სიტყვების გაგონებისას აქიშბაიას, ხელები მიეყინა სასმელზე. -რა სამოყვარულო…
-გეწყინათ? არაუშავს. -უკვე გადიოდა ნენე, იცინოდა გემრიელად. -მე თქვენი სპორტული ნიჭი არ დამიკნინებია, პასუხისმგებლობას რომ სამოყვარულო ლიგის ფეხბურთელივით აღიქვამთ, ამას გავუსვი ხაზი. დამიბრუნეთ ცხრა ნომერი მოედანზე.
-გვიანია უკვე, გენაცვალე. -ლუკასაც გაეღიმა.
-გამოსამშვიდობებელი მატჩი მაინც…
სიგრილეში რომ გამოვიდა, მხოლოდ მერე მიხვდა, როგორ ვერ იტანდა ვერც ხალხმრავლობას, ვერც სასმელს და ვერც ხმამაღალ მუსიკას.
ტაქსის გამოსაძახებლად რომ ტელეფონი ამოიღო, ბოლომდე დამჯდარი დაუხვდა. სანამ აპლიკაცია გახსნა, მანამ ჩააკვდა ხელებში. ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც ფილმებშია ხოლმე.
-ბედი არ გინდა? -ჩაიბურტყუნა თავისთვის. უკან მიიხედა, იქ დაბრუნებაც არ სურდა, აკოც დალევდა და აეტორღიალებოდა როგორც ყოველთვის, ქუჩის ტაქსს ვერასოდეს ენდობოდა…
ფეხით აპირებდა ცენტრალური ქუჩისკენ გასვლას, დადა ნაკაშიძემ რომ გადმოკვეთა ქუჩა. ეტყობოდა შორიდანვე შეამჩნია ნენეც და მისი მორიდებული თვალებიც.
უკვე იღიმოდა ისე, როგორც ჩვეოდა. ანდრონიკაშვილის შემთვრალმა გონებამ იმის გაფიქრებაც მოასწრო, რომ მისი მედიდური, მხრებგაშლილი ნაბიჯები და ეშმაკურად მოციმციმე თვალები მიმზიდველიც კი იყო.
-საით? -ჰკითხა დადამ, როდესაც ერთმანეთს გაუსწორდნენ სხეულებით, თავად შეანელა სვლა, ნენემ არა.
-სახლში.
-მარტო? -წარბები აზიდა და უსირცხვილოდ მოათვალიერა ტერფებიდან ჩახსნილი კაბის ბოლომდე, მერე თვალებში შეხედა. -ფეხით?
რაღაც მაგნიტური ველის მსგავსი შემოევლო თითქოს ირგვლივ მამაკაცს, ნაბიჯი ვეღარ გადადგა. სასმელს დააბრალა თავისი უჩვეულო შეგრძნებები.
-ხო, არაა შორს.
-იცი სად ხარ? -თვალები დააწვრილა დადამ, გვერდის ავლა რომ დააპირა ნენემ, ოდნავ ჩაავლო იდაყვზე და შეუშვა მალევე. -ვერაზე ხარ. დიღომში აპირებ ფეხით წასვლას? ნასვამი…
-ტაქსს გავყვები, შენ რა გინდა?
-დედაჩემის სასურველი სარძლო სახლში მშვიდობით მივიდეს. იმ ტაქსისტს ენდობი?
-თავით შავ “ოპელზე” მიყრდნობილი ღიპიანი კაცისკენ მიანიშნა.
-არავის სარძლო არ ვარ! შენი მითუმეტეს. -შეშინებულმა მოარიდა ტაქსისტს თვალები. -რატო უნდა გენდო შენ და იმას არა?!
-რატო არ უნდა მენდო? მართლა მეჩქარება, ციცის წნევა აქვს და თუ გამომყვები, მივუსწრებთ ცოცხალს… -აფთიაქის პარკი აუფრიალა. ეტყობოდა მობეზრდა ეს უთავბოლო ლაქლაქი. -ჩაჯექი.
-რა მოუვიდა? -ისეთი სახე მიიღო ნენემ, თითქოს ძალიან არ უნდოდა სახლამდე მშვიდად რომ ემგზავრა. -ხშირად აწუხებს წნევა, შენ აბრაზებ?
წარბები აზიდა დადამ მის შეკითხვაზე. ნენეს საზურგეს მიეყრდნო ცალი ხელით და ნახევარი ტანით უკან გატრიალდა, მანქანა უსაფრთხოდ რომ გაეყვანა ტრანსპორტით გადაჭედილი ვიწრო ქუჩიდან.
მაჯაზე შავი დაკლაკნილი ტატუ გამოუჩნდა აწეული სახელოებიდან. თითებზეც მიეხატა რაღაცები, გარჩევა ვერ მოასწრო ანდრონიკაშვილმა, როგორც კი მისი დაკვირვებული მზერა შენიშნეს მაშინვე სხვაგან გაიხედა.
-შეიძლება ასეც ითქვას. -გაეღიმა ცალყბას, ნენეს რეაქცია შეამოწმა ცალი თვალით.
-თავი მისკდება. -მოიბუზა უკმაყოფილოდ. ჰაერი არ ყოფინდა ამ ადამიანის გვერდით,-ფანჯარა ჩამომიწიე… შვილებმა მშობლები არ უნდა გააბრაზონ.
-ყოჩაღ, კარგი გოგო ხარ.
-მართლა გეუბნები, -სასაცილოდ შეყარა წარბები ნენემ, უჩვეულოდ დაუსევდიანდა ხმა და თვალები. -დიდი ფუფუნებაა, როცა დედ-მამა ახლოს გყავს და არ გენატრებიან.
ისე გაბრაზდა, ის სასმელი რომ დალია და ახლა ასეთი აღელვებული აღმოჩნდა იმ ადამიანის გვერდით, ვისთვისაც საკუთარი გრძნობების დანახვება საერთოდ არ სურდა.
ტუჩები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, ტუჩსაცხი გადაცრეცვოდა და თვალებიც ამღვრეოდა.
დადამ არაფერი უთხრა.
-მალე ვთვრები. ასეთ ადგილებში სიარული არ მიყვარს. -ბუტბუტებდა თავისთვის, თუმცა ისეთი სიმშვიდე და სიჩუმე სუფევდა მანქანაში დადას ყველაფერი ესმოდა. -და სხვათაშორის, სულაც არ იყო საბავშვო ცენტრი. ჩემი გაბრაზება თუ გინდოდა, სულაც არ გამოგივიდა. მე ეგრე მარტივად სულაც არ ვბრაზდები… რა გაცინებს? სულაც არ არის სასაცილო…
-სულაც არ დაგცინი, -გაიმეორა ნენესავით.
-კარგი. დედაშენი ძალიან კარგი ქალია, -თემა შეცვალა უცებ. ლოყები გაუწითლდა. ისეთი დაძაბული იყო, როცა უყურებდა, სუნთქვაც კი უჭირდა.
მაინც და მაინც დღეს რომ ჩაიცვა ეს საძულველი კაბა, როცა ყველაზე ნაკლებად უნდოდა რამე გამოსჩენოდა? მაგრამ თავს უხერხულად საერთოდ არ გრძნობდა, სხვანაირად იყო დაძაბული. უცხოდ. შეიძლება ითქვას პირველადაც კი იყო ასე.
-ახლა არის კარგი ქალი?! გუშინწინ ზედმეტად ერეოდა დედაჩემი ჩემი დაოჯახების საქმეებში... -წარბები აზიდა დადამ, მაინც შეახსენა, რომ კარგად გაიგო იმ დღეს ყველაფერი და მშვენივრადაც ახსოვდა.
-ეტყობა შენით ვერ აგვარებ და დახმარება გჭირდება. -მეტიჩრულად გამოუვიდა ნენეს, მაშინვე შერცხვა, თუმცა ამ კაცთან მაინც არ გაიტეხა იხტიბარი.
ხმამაღლა გაეცინა დადას. მასაც ჩამოწეული ჰქონდა ფანჯარა. ქარი დაუპატიჟებელი სტუმარივით შემორბოდა მათთან, ნაკაშიძის სურნელი გამაღიზიანებლად მიჰქონდა ნენეს სახემდე და თმას ოქრსოფერი ფარდასავით ლამაზად უფრიალებდა.
ცალი თვალით გახედა მიჩუმებულს, ყელზე ეხვეოდა ოქროსფერი ხვეულები და გადახსნილ პერანგშიც მაცდურად ეღვრებოდა მკერდზე ოქროს მდინარეებად.
ტუჩებს ძლივს მოუყარა თავი, რომ არ გაღიმებოდა.
-ხო, რა პრობლემაა? არ შეიძლება შვილმა დედისგან დახმარება მიიღოს? -გამომცდელად გადახედა, შენიშნა როგორ დაეძაბა ნენეს სხეული.
-რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ მეწყვილე ადამიანმა თვითონ უნდა შეარჩიოს. ცოლი საჩუქარი ხომ არ არის?!
-მე ყველა მომეწონება, ვინც დედაჩემს მოსწონს. ვენდობი მის გემოვნებას.
-არ მჯერა! -გაოგნებულმა ამოიოხრა. თვალები დაუმრგვალდა. დადას არაფერი ეტყობოდა არასერიოზულობის. -დედამ ცოლი როგორ უნდა აგირჩიოს? ადამიანი, რომელთან ერთადაც უნდა იცხოვრო, დაიძინო... არ მჯერა!
-რა არის დაუჯერებელი? შენ არ თქვი, რომ არ მაქვს ცოლის პოვნის უნარი?
-მე ეს არ მიგულისხმია! მე ვთქვი, რომ აქამდე ვერ მოახერხე ვინმეს შეყვარებოდი! ბევრს ჰყავს ცოლი, მაგრამ სიყვარული მის მიმართ - არა! არ მჯერა, რომ ახალგაზრდა კაცი ასე ფიქრობ! ოჯახი ასე არ იქმნება.
-აბა, ბებერი ხარო? -თავისთვის საინტერესო დეტალებს აფრინდებოდა დადა.
ნენე კი უფრო და უფრო ბრაზდებოდა. ჩვეულებრივ ასე მარტივად არ აფეთქდებოდა, მაგრამ ეს კაცი ისეთებს ეუბნებოდა, ლამის კარი გამოეღო და გადამხტარიყო იქედან.
-არ მიკვირს! აუტანელი ხარ! შენთან საუბარი შეუძლებელია… ქალს ნივთივით უყურებ. ვინ არის ცოლი შენთვის, სახლის დეკორაცია? რომლის არჩევაშიც ისევე დაგეხმარება დედა, როგორც შპალერის? რამე კატალოგი გაქვთ? ღმერთო, მეც ვარ იმ კატალოგში?
-არა, შენ შავ სიაში გადაგიყვანეთ. -უდარდელად უპასუხა. ძალიან მოუნდა ეს გზა დაგრძელებულიყო და კიდევ დიდხანს გაეწვალებინა ისედაც აწითლებული.
-მადლობა ღმერთს! -შვებით ამოისუნთქა ნენემ, -მე სიყვარულით გავთხოვდები იმაზე, ვინც თვითონ ამირჩევს და ვისაც მე ავირჩევ. ოჯახში სიყვარული აუცილებელია.
მეტიჩრულად წაიგრძელა კისერი.
-მე ვფიქრობ მთავარია ადამიანებს ერთმანეთის ესმოდეთ და პატივს სცემდნენ. სიყვარულის რა გითხრა…
-რა თქმა უნდა, შენგან სხვა დამოკიდებულებას არც ველოდი. -ირონიულად ჩაცინა ნენეს. -გგონია არ არსებობს, ხო?! ნერვებს მიშლიან შენნაირები.
-როგორები?
-ზედმეტად თავდაჯერებულები, რომ ჰგონიათ საკუთარ გრძნობებს უმაღლეს დონეზე აკონტროლებენ, ცოლი და ოჯახი კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულება რომ ჰგონიათ და ამ ვალდებულების აღება, მარტივად რომ ვთქვათ, ეზარებათ. დედაშენი ამიტომაც ნერვიულობს, შენ არავის შეყვარება არ შეგიძლია და მან ეს კარგად იცის. უბრალოდ ამას არ აღიარებ და გგონია შენი უუნარობა სიყვარულში თვითკონტროლის შედეგია. კი, ოჯახი ურთიერთგაგება და პატივისცემაა, მაგრამ მანდ მესამე რგოლია მნიშვნელოვანი, გაგებას და პატივისცემას სიყვარული ასაზრდოებს. შენნაირი კაცებისთვის ყველაფერი უხამსობაზე გადის, რასაც ცოლი შეგიზღუდავს.
-მომწონს შენი ფსიქოანალიზი, ბევრი იფიქრე ჩემზე? -ღიმილი არ მოშორებია დადას ტუჩებს, გული გაბერილი ჰქონდა უჩვეულო კმაყოფილებით. ის ვერ გაეგო, რამ გამოიწვია ეს კმაყოფილება, გამწარებულმა ნენემ თუ მისმა სიტყვებმა.
-არა, გონებასხარტი ვარ!
-მართლა? -წარბი აუზიდა დადამ. -მე ვფიქრობ, სასმელმა გაგათამამა.
-სულაც არ დამილევია ბევრი.
-ვიცი. -მანქანა გაჩერდა და ნენეც მაშინვე გადმოვარდა იქედან.
ნასვენები ტერფები მაშინვე ასტკივდა.
-მადლობა მგზავრობისა და არასასიამოვნო საუბრისთვის! -მიაძახა გახალისებულ ნაკაშიძეს.
-მე ძალიან ვისიამოვნე. ჩანთა დაგრჩა, -ცივად მიბრუნდა ნენე და გამოართვა თავისი ნივთი, ძალიან არ უნდოდა რომ შეეხედა, მაგრამ მაინც მოსჭრა იმის მზაკვრულმა ღიმილმა თვალი.
ერთად შევიდნენ სადარბაზოში.
-გაგიღო კარი? -მეორე სართულზეც აინთო სინათლე, ნელა ჩამოუდგა გვერდით დადა, სანამ ჩანთაში გასაღებს ეძებდა დამშვიდებული ანდრონიკაშვილი. ოდნავ შეფხიზლდა და დაუბრუნდა თავის მშვიდ ბუნებას.
-არა, გმადლობთ. -გასაღები რომ ამოიღო შუქიც ჩაქრა.
არ დაძრულა ნაკაშიძე ადგილიდან. ვეღარ გაეგო ნენეს, რა უნდოდა, რას ჩამოუდგა… ტელეფონით გაანათა და გამოართვა გოგონას ხელიდან გასაღები.
ეღიმებოდა თან კარს რომ უღებდა. მადლობაო ჩაიბურტყუნა თავისთვის და მაშინვე შევიდა სახლში.
-სად ხარ ამდენ ხანს, გოგო? -ტანს ზემოთ შიშველი იყო რიო, ნაყინს მიირთმევდა ნებიერად. წარბებშეკრული აკვირდებოდა თავის დას, -ეს რაზე ამხედრებულხარ? უფრო მაღალქუსლიანი არ გქონდა?
-შენი თავი არ მაქვს, -ბედნიერმა გაიხადა ფეხსაცმელი და ისე ესიამოვნა ფეხებქვეშ გრილი იატაკი თვალები მიენაბა.
-რა სუნია, დალიე? -ჰაერში მეძებარი ძაღლივით ააცმაცუნა ცხვირი რიომ. -ჯინტონიკი?
-ფუ, სუნი მაქ? -თვალები დაუმრგვალდა ნენეს, შეწუხდა. ანუ დადაც იგრძნობდა? რა სირცხვილია, თანაც იმდენი ილაპარაკა, სულ ლანძღა…
-კი, კაცის სუნიც გაქ. ნენე, რა ხდება? წახვედი ხელიდან?
-რა კაცის სუნი! -სულ გაწითლდა. -გამეცალე, ბარში ვიყავი და აბა რისი სუნი მექნება?!
-ჩემი და ცხოვრების აზრზე მოვიდა! გართობას გემო გაუსინჯა… -გემრიელად ამოუსვა ნაყინის ყუთში კოვზი და დაიტკბო მწარე ენა. -კაბა კი დაგიმოკლებია ისე…
-რიო, დაგკლავ… -დივანზე წამოწვა ტელევიზორის წინ.
თავი ააწევინა ძმამ და კალთაში ჩაადებინა, თმებზე წაეფერა. დიდად არ ეხერხებოდა სიყვარულის გამოხატვა, მაგრამ ახლა უცნაურად მოუნდა.
-რა იყო, რიო? რატომ მეფერები? -გაეღიმა ნენეს.
-კაი გოგო ხარ, გასართობად რომ წახვედი. -უთხრა უჩვეულოდ სევდიანმა. -ვიცი, რომ მამა გენატრება და განიცდი, ვიცი, რომ ვერ გამოხატავ… და ამის გამო შენთვის ორმაგად რთულია, თან უფროსიც რომ ხარ მეტი გევალება… მე მინდა, რო გაერთო და ცოტა გამოხვიდე მდგომარეობიდან, თორე წარბებს შორის ნაოჭი გიჩნდება და მგონი ჭაღარაც დაგინახე გუშინ. თან სტრესს შენ ჭამით უმკლავდები და დაგეტყო ლოყებზე.
ბოლოს მაინც დაამწარა ხუმრობით, კარგად დაუჩქმიტა ფუმფულა ლოყები.
-ადექი ახლა და დაწექი, მე ვერ აგწევ, ხელში ატატებულმა რომ ჩაგაწვინო საწოლში, არ მინდა შენმა შთანთქმულმა ბლინებმა ჩემს წელს დაარტყან..
-რა საზიზღარი ბიჭი ხარ! -მუცელზე უჩქმიტა მწარედ და ფეხზე წამოდგა. უცებ აკოცა მერე ლოყაზე.
თვითონაც ერიდებოდა გრძნობების გამოხატვა. რიო უკვე დიდი იყო.
-ნინოს მე ვუთხრა, ნაკაშიძემ რომ მოგიყვანა თუ შენ ეტყვი? -მიაძახა საძინებლისკენ უდარდელად წასულს.
ნენეც მობრუბდა მისკენ ნელა.
-ხო, დაგინახეთ. რამე ხდება?
-არა. არაფერი. -მშვიდად იუარა, -ისიც იმ ბარში იყო, სადაც მე. ტელეფონი დამიჯდა, ტაქსი ვერ გამოვიძახე და მან წამომიყვანა.
-არაა ეგ ტიპი საშენო. ისე გეუბნები, რომ გაითვალისწინო. მამამისი იცი ვინაა?
-არ ვიცი. შენ რა იცი, ვინაა საჩემო? -გულზე გადაიჯვარედინა ნენემ ხელები.
-შენ გინდა მართლმსაჯულებას გაჰყვე, ნენეკო, ეგენი შენს საპირისპიროდ მოძრაობენ. ნუგზარ ნაკაშიძეს რუსეთში ყველა იცნობს. აქაც, ვისაც რამე გაეგება მათი სამყაროსი. არც ეგ დავითი აკლებს. მე თუ მკითხავ, მამამისზე უარესია. ნუგზარი არ მალავს მაინც თავის ცხოვრებას, იმას ეტყობა ბევრი აქვს მიქარული და კარგად ინიღბავს თავს. თითქოს არსადაა და ამ დროს ყველგანაა.
-რას ამბობ, რიო? შენ საიდან ამდენი ინფორმაცია?
-ვიცი. ყველამ იცის. შენ ძალიან ბევრ წიგნს კითხულობ საიმისოდ, რომ შეამჩნიო რეალურად შენ ირგვლივ რა ხდება.
-დიდად არ მაინტერესებს ნაკაშიძეების საოჯახო საქმეები და საიდუმლოები. თუ რამეს მიქარავს, დაისჯება. ისე, აქიშბაია კი ეძმაკაცება. შევხვდი დღეს.
-რაო? -დენდარტყმულივით წამოხტა რიო სავარძლიდან. -ლუკა? ჩვენი ცხრიანი?
-დიახ, დაველაპარაკე. ძმაკაცი უწოდა.
-ვა, ეგრე დაგეწყო მერე. ნენე, იცი რა არის? ცხოვრებაში ყველას თავისი გზა აქვს, მაგრამ ჩვენ ამის გამო ადამიანები არ უნდა გავრიყოთ, თუ შენ დავითი გიყვარს, მე მას სიძედ მივიღებ, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქიშბაია დამიძმაკაცდება! ხვალვე გაჰყევი ცოლად, ნინოსაც გაახარებ და დედამისსაც აღარ შეაწუხებს წნევა… ნენე, ნენე, გამიღე კარები! მართლა გეუბნები…

უმამოდ დარჩენილი ვერგაზრდილი ბიჭებისთვის სამყარო განსაკუთრებულად სასტიკი და მძიმე ადგილი ხდება გასაძლებად და ცხოვრების ძველებურად გასაგრძელებლად. მათ სუსტ მხრებზე მოწყვეტით ეშვება ტკივილში შეზავებული ნაადრევად ბოძებული „კაცობის“ ტიტული და გზა, რომლის ერთ ნაპირზე ამ ტიტულის ღირსეულად ტარება არის შესაძლებელი, მეორეზე კი ათას შარსა და ხათაბალაში გახვევა, ძალიან, ძალიან ვიწროვდება.
რიო ხან გზის ერთ მხარეს ადგამდა ფეხს, ხან მეორეს. მხოლოდ თვითონ იცოდა და გრძნობდა, როგორ ბორძიკობდა მისი ახალგაზრდა სხეული და სიკვდილს შეუჩვეველი გონება, რომ მამა აღარ ჰყავდა და ახლა ოჯახში მას ერქვა კაცი.
პანაშვიდებზე ალბათ ნენეს გარდა ყველასგან მოისმინა ეს სიტყვები. მოხრილ მხრებზე მხნედ ურახუნებდნენ ხელებს და ნუგეშთან ერთად ეუბნებოდნენ იმას, რაც მის გაურკვეველ მომავალს უხილავ ბურუსში ხვევდა. სუნთქვა ეკვრებოდა და ნატრობდა, ვინმეს ისიც ესწავლებინა, როგორ უნდა ყოფილიყო „ოჯახში კაცი“.
ძმაკაცები შემოცოტავდნენ მის ირგვლივ, ხიფათი კი ყოველი ფეხის გადადგმისას მრავლდებოდა და გზის ის მხარე, სადაც სწორად სიარული იყო შესაძლებელი, შორეული ხდებოდა.
-კაკო, არა მაქვს შენი თავი ახლა, მართლა გეუბნები. -ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა აუარა გვერდი ყოფილი მეგობრების დაჯგუფებას.
-რა იყო, , გამარჯობასაც აღარ კადრულობ! სიგარეტი არ გაქ?
-არ მაქვს, კაკო, არც სიგარეტი, არც მოსაწევი, არაფერი არ მაქვს საერთოდ. -მობრუნდა გაღიზიანებული. ზედმეტად ხმამაღლა მოუვიდა, მაგრამ ყელში ამოუვიდა მისკენ გამოწვდილი ამდენი ხელი. ის რა, სიგარეტის მწარმოებელ ქარხანას ჰგავდა?
სახლამდე უკვე მისული იყო. ძალიან არ უნდოდა თავის ეზოში ეჩხუბა, მაგრამ ისე უკრავდნენ მის ნერვებზე, როგორც ძველ პიანინოზე - უხეშად და დამამცირებლად.
-რა იყო, ბიჭო, რა აგვარდნია თავში! ძმაკაცები არ ვიყავით? -კაკოს აწეულ ხმას მოჰყვა დაჯგუფების წაგრძელებული კისრებიც და ყველა ერთიანად წამოესია რიოს.
ბედად მაინც და მაინც მაშინ შემოდგა ეზოში ნაკაშიძის მანქანა და ნენემაც იმ წამს გადმოიხედა აივნიდან, ყვირილი და გამიშვი-გამატარე რომ ატყდა.
-სადაური შენი ძმაკაცი ვარ მე, ბიჭო! სამძიმარზეც არ მოსულხარ, ახლა ვარ შენი ძმაკაცი? -უცებ მოიშალა ნერვებზე, -დავაი, დაახვიე აბა აქედან!
ისე უცებ მოსდეს ყბაში რიოს, წამიერად გააზრებაც გაუჭირდა, რომ ნამდვილად მას მოხვდა ხელი. გააფთრებულმა მთელი სამყაროს ძალა იგრძნო საკუთარ თავში, დედის გინებაზე გაუგონარი აგრესიით რომ ჩაარტყა წიხლი კაკო გიორგაძეს.
ყველა ერთს წამოესია. ატყდა ერთი ჩოჩქოლი. მანქანიდან დაჯგუფებულებამდე მისასვლელად ორი ნაბიჯი არ დასჭირვებია ნაკაშიძეს, მკლავის ერთი მოქნევით დაშალა ზედახორა და მათკენ ტიტველი ხელებით მეორედ გაწეულ რიოს მხრით გადაეღობა.
წამიერად ახედა თავისზე მაღალ სხეულს. იმოდენა უთქმელი ბრძანება და სიმკაცრე ჩასდგომოდა თვალებში, უნებურად დაემორჩილა.
მოღერებული დანა უცებ დამალა კაკოს ერთ-ერთმა ძმაკაცმა, შაკო ტრაპაიძემ. ამ უბანში ხმამაღლა არავინ ამბობდა, მაგრამ ყველამ კარგად იცოდა, ვინც გადმოვიდა საცხოვრებლად და ნებით თუ უნებლიედ, ყველა ცდილობდა ცუდად არ მოხვედროდა ნაკაშიძეებს თვალში.
დადამ დამალული დანის მეპატრონეს წარბის აწევით მიანიშნა, რომ არ გამოპარვია მეტალის გაელვება მის თვალწინ, ისიც საცოდავად აიწურა. ყველა გაჩუმდა.
-რა ხდება? -ნენეს ხმადაბალი, სუნთქვაშეკავებული შეკითხვა გაისმა.
ეტყობოდა, რომ შეშინებული იყო და კანკალს მალავდა.
-არაფერი, -დადამ გასცა პასუხი და იმ სადარბაზოსკენ მიანიშნა თვალით, საიდანაც გამოვიდა. სიტყვიერად არ უთქვამს, მაგრამ აგრძნობინა, რომ იქ მისი ადგილი არ იყო.
ნენე ხვდებოდა, რომ რიოს ძალიან უჭირდა თავის კონტროლი და საღი აზრის შენარჩუნება. არ უნდოდა თავისი თავზე წამოდგომით და წივილ-კივილით უარეს მდგომარეობაში ჩაეყენებინა, იცოდა აქაურების ამბავი და ამასაც მისი ძმის ასაგდებად გამოიყენებდნენ ბოლოს.
მუხლების კანკალით გაბრუნდა უკან, თუმცა სახლში არ შესულა. პირველი სართულის რამდენიმე კიბე აიარა და იქვე ჩამოჯდა. გულამოვარდნილმა ხელი მკერდზე მიიდო და მოაჯირს მიეყრდნო თავით.
რაღაცას ბუტბუტებდა თავისთვის დასამშვიდებლად, თან თვალებს არ აშორებდა ქუჩაში ჩავმოყრილებს.
-პირადის სახალხოდ განხილვა ახალი წესია, ბიჭებო? -მშვიდად იკითხა. -შენ, მანახე ერთი ეგ, ჯიბეში რაც დამალე.
ცივი დანა ხელის გულზე დაუდო დადას შაკომ. ისე აიწურა, ისე მოიფუზა, ლამის საერთოდ გაქრა.
-ამის გამოყენება იცი?
-ვიცი. -უხმოდ თქვა ბიჭმა.
-მართლა? მე რაღაც არამგონია. რომ იცოდე, აქ და ახლა ჯერ არ ამოიღებდი, მერე კიდევ მოპარული ნივთივით არ დამალავდი. რას აპირებდი?
-არაფერს. მე უბრალოდ... შეშინება მინდოდა. -სიტყვა გაუწყდა შუაში ბიჭს. სული კბილებით ეჭირა.
-მერე შენ თვითონ რატომ ჰგავხარ შეშინებულს? ამის სახალხოდ ფრიალი კი არა ტარებაც კი სირცხვილია. ამით ვინ უნდა შეაშინო? სამი კაცი სიტყვით რომ ვერ გააჩერებს ერთს, ის სამი კაცი უნდა გაბრუნდეს და თავის გზას დაადგეს. გამომართვი. -გაუწოდა დანა. უნდობლად შეხედა შაკომ დადას. უცებ იმხელა მოეჩვენა ეს კაცი, სუნთქვა შეეკრა. ნაბიჯი ვერ გადადგა. -გამომართვი, მოდი. ვინმეს ნაჩუქარია?
-არა...მე თვითონ ვიყიდე.
-ხოდა, გადააგდე. -ნაგვის ურნისკენ ანიშნა, კოკას და მის ბიჭებს ლამის ყბა ჩამოუვარდათ. -ასეთები სახალხოდ კი არა, გასარჩევი საერთოდ არაა არცერთ მოცემულობაში.
მერე მშვიდად გაბრუნდა სადარბაზოსკენ, სადაც ნენე ყურებდაცქვეტილი იჯდა და არც კი უფიქრია, რომ წამომდგარიყო და თვალს მიფარებოდა.
მხრებგაშლილი მოდიოდა ნაკაშიძე. თეთრი მაისური ეცვა და მუქი ჯინსის შარვალი, ცალ ხელში გასაღებების ასხმა ეჭირა და თითებით აჩხარუნებდა.
წარბაწევით დახედა მოთვალთვალეს.
-შეყვარებული გაგილახეს? -თვალი ოდნავ ჩაუკრა სალამის მაგივრად ნენეს.
-ჩემი ძმაა. -ნენეც წამოდგა, რიო რომ დაინახა მათკენ მომავალი და დაიფერთხა მოკლე კაბა. ორი-სამი საფეხურით მაღლა დადგა და სახე გაუსწორა დადას.
-ხისტი ძმა გყოლია, -გვერდი აუარა ნაკაშიძემ, მსუბუქად ადგამდა ნაბიჯებს საფეხურებზე, -შენ სულაც არ გგავს.
-ვითომ რას ნიშნავს ახლა ეს... -თავისთვის ჩაიბურტყუნა ნენემ, იმას რომ არ გაეგო, მაგრამ ჩაცინება რომ მოესმა მეორე სართულიდან, გააჟრიალა მთელს სხეულში.
-რაო, ჭორიკანა? -გამსკდარი ტუჩიდან მომავალი სისხლი მოიწმინდა რიომ. გაღიზიანებულმა დახედა წითლად შეღებილ თითებს და სახე მომანჭა.
-რატომ იქნევდი ხელებს უაზროდ? -დატუქსა უმცროსი ძმა. ერთად ავიდნენ სახლამდე.
-უაზროდ კი არა...
-ხო, რა გითხრა ისეთი, რომ გადაირიე? შენ დაუწყე ხიპიში.
-ნენე, შენ ჩემი და ხარ თუ იმათი? -ნაწყენმა დაიბურტყუნა. უკვე თვითონაც ხვდებოდა, რომ არ იყო მართალი, მაგრამ არც იხტიბარს იტეხდა.
-შენი! ამიტომაც გეუბნები, რომ თავი გააკონტროლო. ვინმე რომ არ ჩარეულიყო, რა მოხდებოდა ვინ იცის... რაც უფრო ხმამაღლა იყვირებ, უფრო მართალი არ გამოჩნდები.
-ეგ სად წაიკითხე? -სახლში შეჰყვა, ბებოს დაუწყო ძებნა თვალებით მაშინვე. არ უნდოდა მისი განერვიულება.
-არსად, მე გეუბნები! -სააბაზანოში შეაგდო ხელით. -მოიბანე ეგ სახე, შემოგაწოდებ ტანსაცმელებს.
-სიძემ რა ჩაატარა? -თვალები ჩაუპაჭუნა სასაცილოდ.
-ენა ჩაიგდე, ნინომ არ გაიგონოს.
-აუ, ეხა იფიქრებს, რო მაგარი შარიანი ტიპი ვარ და აღარ დავევასები.
-რატომ გადარდებს შენ მაგას მოეწონები თუ არა? -დოინჯი სასაცილოდ შემოირტყა ნენემ.
რიო ბოლო ორ წელიწადში ისე სწრაფად გაიზარდა, უკვე ქვემოდან შესცქეროდა სასაცილოდ.
-აქიშბაიას გამაცნობს, გოგო, რა გჭირს? ცოტა იაზროვნე, ნენე, ჩვენ ასე ვერ გავფრინდებით.
-ბებიკო, მოვიდა ის ტარტაროზი? -ფქვილში ამოვლებული ნინო გამოცუნცულდა სამზარეულოდან, რიო მაშინვე შეიმალა სააბაზანოში მოსაწესრიგებლად, მანამდე ნენეს გადმოუყო ენა.
-მობრძანდა... ხელ-პირს დაიბანს და გამოვა.

ნაკაშიძეების ახალ სახლში უჩვეულო ჟრიამული იდგა. ციცის ყველა ფანჯარა დაეღო, ვერ გაიგებდით გაზაფხულის ნიავის შინ შემოშვება სურდა თუ თავისი ბედნიერების გამომზეურება ყველას გასაგონად.
ძალიან უყვარდა ოჯახური შეკრებები, როცა მისი საყვარელი ადამიანები გვერდით ჰყავდა, თავად კი სამზარეულოში ფუსფუსებდა და ქება-დიდებას ისმენდა თავის კულინარიულ შედევრებზე.
-ბებუკა, ძია დადა მალე მოვა? -პატარა ქალბატონი საზეიმოდ გამოწყობილიყო, ვარდისფერი ფუშფუშა კაბა ეცვა ზურგზე უზარმაზარი ბაფთით და დოინჯშემორტყმული მილიონ შეკითხვას უსვამდა უფროსებს, -მე რომ მომენატრა, სახლში რატომ არ დამხვდა?
-ბებუკა, ბიძაშენს იქეთ-აქეთ უყვარს სიარული, კაცი-შვილმა არ იცის სად დადის…
-რაო, ცუციკო, მოგენატრე? -უკნიდან მიეპარა პატარას და გემრიელად ჩაუკოცნა ფუმფულა კისერი.
სასაცილოდ აჭყავლდა პატარა.
-დამშუშხე შენი წვერებით, ძიაკო, ვაიმე! -ყელზე შემოჰხვია ხელები ნუციკომ მონატრებულ ბიძას.
-ცუციკო, როგორ გაზრდილხარ?
-დიახ, ძალიანაც გავზრდილვარ. -კაბა პატარა ხელებით შეისწორა ქალბატონმა და ფეხები ააფრიალა ჰაერში.
დადა გამორჩეულად უყვარდა, სულ ხელში იჭერდა ხოლმე და ისე დაატარებდა, არ იღლებოდა არასოდეს. სულ უღიმოდა, არასოდეს იყო გაბრაზებული სხვებთან, უფროსებს რომ ელაპარაკებოდა ნუციკოს მაინც ეფერებოდა თმებზე და ნაყინსაც ბევრს აჭმევდა. დედიკო სულ ეუბნებოდა, რომ ბევრი ნაყინი ყელს აატკივებდა, მაგრამ დადასთან ერთად ნაჭამ ნაყინს მსგავსი არასოდეს არაფერი გამოუწვევია.
-სუფს უკვე ხახვით ვჭამ, მარტო ძილზე აღარ ვტირი და შეყვარებულიც მყავს… ამდენი, -სამი თითი გაუშალა ცხვირწინ.
-ლიკა, რას ამბობს შენი შვილი? -გადაკოცნა დეიდაშვილიც, ციცის რაღაც საქმე რომ დაევალებინა სამზარეულოში.
-ბიძას ემსგავსება. -დაეჭყანა სასაცილოდ ლიკაც. -შვილო, სამი შეყვარებული ერთდროულად ძალიან ბევრია. ირაკლი და ნანა არ მოვლენ?
-დედა, როგორ არ მოვლენ! -შესძახა ციციმ. -ნანაკო ორსულადაა და დღეს ექოსკოპიაზე ჰყავდა ირაკლის. წუთი წუთზე მოვლენ, დავურეკე წეღან..
-დე, ექოპია რა არის? -წარბები შეკრა ნუციკომ სასაცილოდ. თავის ხელს არ აშორებდა ბიძამისის კისერს, თითქოს სადმე გაექცეოდა.
-ნანაკოს პატარა ბაია ჰყავს დე მუცელში და ათვალიერებენ ექიმები, რამე ხომ არ უჭირს, სანამ დაიბადება. ციცი, ცომში არ მატუნტურებინო ხელები, თორემ გავაფრენ!
-ირაკლი ძიას ბავშვი ეყოლება?! ჩემნაირი?
-ხო, ცუციკო.
-შენ როდის გეყოლება? ბევრი ბავშვები მინდა, რომ ყველას ერთად ვეთამაშო ხოლმე მასწავლებლობანა.
-შენ შემოგევლოს ბებო, -მაშინვე გამხიარულდა ციცი, მხარდამჭერი და თანამოაზრე რომ გამოუჩნდა ამდენ გადარეულში. -უთხარი, რომ მოიყვანოს ცოლი დროზე!
-მოიყვანე ცოლი, ძია. -მორჩილად გაუმეორა ბებოს დანარიგები, პატარა თითებით მოეფერა სახეზე. თითქოს ეშმაკუნამ იცოდა, როგორ ეტარებინა უფროსები თავის ჭკუაზე. -ბევრი შვილები გეყოლება ჩემნაირი, ჩემს კაბებს ვათხოვებ მე რომ დამიპატარავდება, შეყვარებულებს გავუყოფ.
-ბავშვსაც ნუ გამოუჭედავთ თავს ამ სისულელეებით ახლა, მამა სად არის?
-ბაბუკო თავის ოთახშიააა, შენზე მითხრა რომ მოვა ასე უთხარი, შემოვიდეს ყურები უნდა ავუწიოო. -გადაიკისკისა ბოლოს, ეს რომ უთხრა. -ალბათ ბაბუკოსაც ბავშვები უნდა და ამიტომაც გიბრაზდება, ძია?
-გავიგებ, ცუციკო, და მოვალ, კარგი? -ორივე ლოყაზე აკოცა ბავშვს და ფრთხილად დასვა, მერე აბურდული კაბაც გაუსწორა, თვალები მოჭუტა და ხმადაბლა ჰკითხა, საიდუმლოსავით. -ცუციკო, ვინ გიყვარს ყველაზე ძალიან?
-შენ, ძია. -იმანაც ჩურჩულით უთხრა, მაგრამ ყველამ გაიგო.
-დედიკო, ყველას ასე რომ ეუბნები? -დააბეზღა შვილი ლიკამ.
-ყველა მიყვარხართ ყველაზე ძალიან და იმიტომ ვამბობ, აბა, საბას, გაბრიელს და ცოტნეს კი არ ვეუბნები… ისინი არ მიყვარს ყველაზე ძალიან.
ხმამაღალმა სიცილმა მიაცილა დადა მამამისის ოთახამდე. ნუგზარი ვიღაცას ხმამაღლა და დაძაბული ესაუბრებოდა. ციცისგან განსხვავებით ფარდები ჩამოეფარებინა ყველა ფანჯარაზე და შუქიც ჩაექრო.
-რას ნიშნავს, არ იცით ვინ აღძრა საქმე და რატომ?! -ოთახში შემოსულ შვილს გამოხედა ცალი თვალით, დადა უდარდელად ჩამოჯდა სავარძელში და მუხლზე გადაიდო მეორე ფეხი.
წარბებაწეული უსმენდა მამამისის გრგვინვას და ხვდებოდა, რომ მისი რამდენიმედღიანი სიმშვიდე დასასრულს უახლოვდებოდა ნელ-ნელა.
-ყველაფერი გაარკვიეთ, ყველაფერი! ხვალ მქონდეს ყველანაირი ინფორმაცია, გასაგებია?
ტელეფონი გათიშა ნუგზარმა და მაგიდაზე უხეშად მიაგდო. შუბლი განერვიულებულმა მოისრისა. დადა არაფერს ეკითხებოდა, იმ წამს აღარც კი ფიქრობდა საერთოდ რაიმეზე. მობეზრებული ჰქონდა მსგავსი საუბრები მამასთან, ყვირილი, ჩხუბი და დაუსრულებელი ჯახი ორგანოებთან.
-საქმეა აღძრული შენ წინააღმდეგ. -თქვა ნუგზარმა, როდესაც თავი დაიმშვიდა.
-ვიცი.
-იცი?! -გაოგნდა უფროსი ნაკაშიძე. -რატომ არაფერი თქვი? კიდევ… კიდევ რა იცი?
-მეტი რა უნდა ვიცოდე? ან რის ცოდნას აქვს მნიშვნელობა? ვერ დამიჭერენ, შენც ხომ იცი, ნუგზარ! რატომ ღელავ ასე?
-რას ჰქვია, რატომ ვღელავ! შენთვის ეს სახუმარო საქმეა?
-მამა, იმის თუ გეშინოდა, რომ ოდესმე ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხს მოგთხოვდნენ, შენს კანში დატეულიყავი მშვიდად და სუფთად.
-შენ საერთოდ გააფრინე! სულ გააფრინე! ყველაფერი ფეხებზე როგორ გკიდია?! -ჩაბნელებულ ოთახში ბრაზით ელავდა ნუგზარის ჩაწითლებული თვალები.
-ფეხებზე არაფერი , -ჩუმად, თუმცა გარკვევით წარმოთქვა დადამ. სავარძელზე შესწორდა და ამჯერად იდაყვებით დაეყრდნო თავის მუხლებს. -მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, კვალი არსად დამიტოვებია. სხვათაშორის, დანაშაულის ისე ჩადენა, რომ სამხილი არსად დამრჩეს, შენ მასწავლე, გახსოვს? ეჭვმიტანილი კიდევ საერთოდ არ ნიშნავს დამნაშავეს. ქექონ, რაც უნდათ… ამის გამო ნერვიულობ?
-დადა… რატომ არ მითხარი ასეთი რაღაც?
-ნუგზარ, ერთი მარტივი მიზეზის გამო - , ხვდები?! ვერავინ ვერაფერს დამიმტკიცებს. და ნუ ღრიალებ, ბავშვია სახლში, შეეშინდება. -ფეხზე წამოდგა, მიანიშნა მშობელს, რომ დაასრულა საუბარი.
-რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული, შვილო? -თვალები დააწვრილა ნუგზარმა, თავის გაზრდილ და აღზრდილ შვილს ისე შეჰყურებდა, თითქოს ვერ ცნობდა.
-მე ის მიკვირს, შენ რომ არ ხარ დარწმუნებული. ისე კარგად გამწრთვენი და გამომზარდე, დანაშაულის ადგილას კი არა, თოვლზეც არ დავტოვებ კვალს.
-რამდენჯერ უნდა წამომაყვედრო! რა გინდა ბოლოს და ბოლოს გამაგებინე! უკეთესად შენ გაზარდე შენი შვილები, როცა გეყოლება.
-აი, რაზე ჭედავ ეხა, ნუგზარ? -სახე დაემანჭა უკმაყოფილებისგან, ცალი ხელით უკვე სახელურს ეყრდნობოდა. -გამშვიდებ და შენ რატო ბრაზდები?
-მე ვცდილობდი ვყოფილიყავი კარგი მამა თქვენთვის, ორივესთვის.. შენთვისაც და ირაკლისთვისაც! ნუთუ ასე ეგოისტობ მასზე, ნუთუ იმდენი ვერ გასწავლე, რომ ძმისგან არ გაგერჩია ირაკლი?
-შენც არ იცი რას ლაპარაკობ ახლა. ირაკლი ჩემი ძმაა, ჩემს თავზე მეტად მიყვარს. შენ იყავი სხვადასხვანაირი მამა ჩვენთვის, აი, ამაშია საქმე. იმას ფეხბურთის თამაშს და მათემატიკას ასწავლიდი, მე როგორ მოვქცეულიყავი ქუჩაში, კაცებთან. რა გიკვირს? გამოდი ახლა, ნუ ვალოდინებთ დედას.
ნაკაშიძეებთან თვეში ერთხელ აუცილებლად იკრიბებოდნენ ოჯახის უახლოესი ადამიანები. ლიკა ციცის დისშვილი იყო, ნუციკო კი მისი პატარა გოგონა. ირაკლი კი ნუგზარის ძმისშვილი, თავის ცოლთან ერთად ისედაც ხშირად სტუმრობდა დედობილ-მამობილს.
ნანას უკვე ეტყობოდა მომრგვალებული მუცელი, წონაშიც მოემატებინა და ისეთი მადა ჰქონდა, ირაკლი ღიმილით აყოლებდა თვალს მის ყოველ ლუკმას.
-რა იყო? შენს ზვირთივით შვილს შია!
-ყველაფერს ჩვენ გვაბრალებს დედაშენი, მა. -მუცელს გამოელაპარაკა ირაკლი.
-გოგოა თუ ბიჭი თქვენი ბაია? -ხაჭაპურს ძიძგნიდა ნუციკო ბიძამისის კალთაში. -მე მინდა, რომ გოგო იყოს. შეიძლება რომ ავირჩიოთ?
-მეც გული მიგრძნობს, რომ გოგოა. -თვალი ჩაუკრა ნანამ პატარას. -მერე შენთან ითამაშებს ხოლმე.
-ხო, მერე დადა ძიაც გააჩენს ბევრ ბავშვებს და მასწავლებლობანას ვითამაშებთ, მე ვიქნები მასწავლებელი, ისინი მოსწავლეები… ხო? -ბიძამისს თვალებით მოსთხოვა დასტური.
-კარგი, შენი ხათრით…. -ცხვირზე ჩამოკრა დადამ თითი ნუციკოს.
ღია ფანჯრებიდან გაზაფხულის ყვავილებში გაზავებული ტკბილი სურნელი შემოდიოდა. ნაზი სიო ნებიერად არხევდა ფარდებს და გულში გამოკეტილ დარდს გამოქცეული ოჯახური ჰარმონია მშვიდ მუსიკად იღვრებოდა მათი აივნიდან.
-ნენსი, -სახლში ყვირილით შემოიჭრა ლანა ცერცვაძე. ორი ლეპტოპის ჩანთა ეჭირა ხელებში და აღტაცებული ჰქონდა მზერა.
თვალებიდან სიხარულის ნაპერწკლებს ყრიდა.
რიომ ერთი გადაატრიალა თვალები და სახლიდან სასწრაფო საქმეზე გასვლა მოიმიზეზა. ხელის დაქნევით მიესალმა და გამოემშვიდობა არასასურველ სტუმარს და კარი გაიჯახუნა.
-მოვედი! -ლეპტოპი ცხვირწინ აუფრიალა ბავშვობის მეგობარს. -მზად ხარ?! მეც არ გამიხსნია ჯერ, წარმოდგენა არ მაქვს ამაში რა წერია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამაღამ ვათენებთ!
-ბებიკო, მოხვედი? -სათვალიდან თბილად გამოხედა ნინომ ლანას და ლოყაზე აკოცა. -ჩემს ბლინებს ხომ შეჭამ? რატომ მომანატრე თავი, ამდენი ხანია არ მოსულხარ…
-უკვე საქმიანი გოგოები ვართ, ნინაჩკა, აბა როგორ?! -თავადაც თბილად მოჰხვია მოხუცს ლამაზი, გამდარი ხელები. -ცოტას შევჭამ, იმდენს არა, შენ რომ გინდა. მერე მე და ნენეკოს მილიონი საქმე გვაქვს!
-კარგი, ბებიკო… თქვენ იმეცადინეთ, მე ახლავე გაგიკეთებთ ჩაის…
-არა, ბე, ცხელა, არ გვინდა ჩაი. დაწექი შენ, დაისვენე, ჩვენ დიდ ხანს არ დაგვეძინება ჯერ.
ცუქცუქით დატოვა მეგობრები ნინომ მისაღებში მრგვალ მაგიდასთან და მშვიდ ძილს მისცა თავი. მაშინ ეგონა, რომ მისი ორივე შვილიშვილი ამდენი ოჯახური არეულობის შემდეგ როგორც იქნა სწორ გზას დაადგა, მაგრამ რა იცოდა ნინო ბებომ, სწორ გზამდე ათასი გზაჯვარედინის გადაკვეთა რომ მოუწევდათ, ზოგჯერ არასწორ მიმართულებას რომ აირჩევდნენ…
სანამ ლეპტოპი ბოლომდე ჩაიტვირთებოდა, ნენემ იგრძნო როგორ ჩამოერეცხა სითბო სხეულიდან და როგორ გაეყინა თითები. ხელებს ისრესდა. ბოლოს ასეთი ანერვიულებული ეროვნული გამოცდების შედეგების მოლოდინში იყო. მაშინაც ასე ისხდნენ ის და ლანა ერთმანეთის გვერდით და ერთმანეთის ხელები ისე მჭიდროთ ეჭირათ, ეგონათ ძვლები დაემსხვრეოდათ.
-ძალიან მინდა ყველაფერი გამოგვივიდეს. -ხმადაბლა თქვა ნენემ, ცალი თვალით გახედა ლეპტოპში შემძვრალ ლანას. -სალომე დეიდა რას ფიქრობს ამაზე?!
-არაფერს. დიდად არ მოსწონს მამას გზას რომ გავყევით, მაგრამ არაუშავს - მალე გაუვლის. ხომ იცი, ჩვენ დიდხანს ვერ გვიბრაზდება. შენ უთხარი მელანო დეიდას?
-არა. არ მითქვამს. ინერვიულებს და არ მინდა… -დედის თვალების გახსენებისას მწარედ შეეკუმშა ნენეს გული. -მინდა მალე ამოვძვრეთ ამ მდგომარეობიდან, დედა სახლში დაბრუნდეს და მისი აქ მუშაობა საკმარისი იყოს ჩვენთვის.
-შენმა ძმამაც რომ გაანძრიოს ხელი, არაფერი დაშავდება. -თავისთვის ჩაიბურტყუნა ლანამ.
იცოდა, რომ ნენეს არ სიამოვნებდა რიოზე ასე საუბარი, თუმცა ტყუილი ხომ არ უთქვამს? ეს ბიჭი ხან სად დაეხეტებოდა და ხან - სად. ბოლოს კი ნენეს და ლანას გამოსაყვანი იყო ყველა შარიანი სიტუაციიდან.
-ასე მარტივი არ არის. მისი კარგად მესმის...
-ნუ ამართლებ, ნუ ხარ ბოთე, ნენე. ამდენი დათვური სამსახურის შედეგია, რასაც ახლა ხედავ. ადრე თუ გვიან უნდა გაიაზროს თავისი პასუხისმგებლობები რიომაც. მარტო მას არ დაუკარგავს მამა, შენც დაკარგე!
-ყველას ერთნაირად არ შეუძლია ტკივილის მიღება და გადატანა. რაც არ უნდა იყოს, ის ბიჭია... ბიჭისთვის მამა სულ სხვაა, ლანა. -შუბლი აეწვა ნენეს.
იცოდა, რომ პრაგმატულად მართალი იყო მისი მეგობარი, მაგრამ ვერც ძმის სიმართლეს ელეოდა.
-ასე ვერ შეადარებ... მისი საქციელი მაინც არასწორია და რაც უფრო მალე გაუსწორებ ამას თვალს, ორივესთვის უკეთესი იქნება.
საქმის ფაილების გახსნამდე ორივე სიფრთხილით გაიყუსა. ერთმანეთს შეხედეს გაფართოებული თვალებით და მათ შორის თანხმობა რომ შედგა, მხოლოდ მაშინ გახსნეს „საქმე N132“.
სუნთქვაშეკრულმა გადაიკითხა ბრალდებები, საქმე ეხებოდა ადამიანის ორგანოებით ვაჭრობას, ერთი შეხედვით სუფთა, მაგრამ საეჭვო ბიზნესებს, შესაბამისად, ფულის გათეთრების ეჭვებს და წვრილ-წვრილ დანაშაულებს, რომლებიც ისე აღმაშფოთებლად არ ჟღერდა ამ ჩამონათვალში, როგორც ეჭვმიტანილების სიის სათავეში ამოკითხული ნაცნობი სახელი და გვარი.
ლანა ისე შემძვრალიყო ლეპტოპში, ვეღარც ამჩნევდა ნენეს გადათეთრებულ სახეს.
„ეჭვმიტანილი N1: დავით (დადა) ნაკაშიძე, დაბადებული 1992 (ათას ცრაას ოთხმოცდათორმეტი) წლის 17 (ჩვიდმეტ) ნოემბერს ქალაქ თბილისში...“
რამდენჯერმე გადაიკითხა ნენემ ეს წინადადება, მერე გვერდით მოყვანილ სურათსაც კარგად დააკვირდა, თუმცა ერთი თვალის შევლებითაც მიხვდა, რომ ეს კაცი ნამდვილად მისი მეზობელი იყო... ნამდვილად ის იყო და ბედის ირონიულ ხელწერაზე უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა მთელს სხეულში.
საქმეში საცხოვრებელ მისამართად ჯერ კიდევ ძველი ლოკაცია მიეთითებინათ. ნაკაშიძეები ამ კორპუსში ახლახანს გადმოსულიყვნენ და, შესაბამისად, ლანა არ ფლობდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კაცი, რომელსაც კვალში უდგებოდნენ, მათ გვერდით მშვიდად საუბრობდა მამამისთან ზუსტად იმ საქმეზე, რომელსაც თავად დაბნეულები განიხილავდნენ.
ერთი შეხედვით გაუგებარიც კი იყო, რატომ მიუჩინეს ეჭვმიტანილთა სიის სათავეში ადგილი დადა ნაკაშიძეს. მანქანებისა და სატრანსპორტო ნაწილების სრულიად თეთრი ბიზნესი ჰქონდა, იქვე იყო დართული ბანკის ამონაწერები, საბაჟო დეკლარაციები და ინვოისები, ფინანსური ანგარიშგება, სრულად დეკლარირებული შემოსავლები. ვერაფერში მიედავებოდნენ.
დანარჩენ ორ ეჭვმიტანილთან: დიმიტრი ნანავასა და დემურ ნუცუბიძესთან, დადა ნაკაშიძეს საერთო ინიციალები, დაბადების წელი და მამების რუსეთთან მჭიდრო კავშირი აერთიანებდა. სამივე მათგანი ხშირად ასრულებდა ფრენებს ჩრდილოეთის მიმართულებით.
-დემურ ნუცუბიძე ვფიქრობ სრულიად შემთხვევითაა ამ სიაში მოხვედრილი, -თავისთვის ჩაილაპარაკა ლანამ, ცალი თვალით გახედა ნენემ მეგობარს.
როგორ უნდა ეთქვა, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი მათ გვერდით ცხოვრობდა? რომ შეხვედრია კიდეც...
-ეს ნაკაშიძე... -ქვედა ტუჩი მობრიცა ცერცვაძემ და ეკრანს მიუახლოვდა, -მამაჩემი მას ადებს ხელს.
იგრძნო როგორ გადაესხა უხილავი ყინულით გაზავებული ცივი წყალი მთელს სხეულზე. კოტეს ინტუიცია არასდროს ცდებოდა.
-რატომ? -საკუთარი ხმა ძლივს იცნო.
-ჯერ ეს ერთი, მამამისი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. პოლიტიკოსებთანაც გაუგებარი ურთიერთობა აქვს. ძმა და რძალი მოუკლეს და საერთოდ არანაირი შურისძიების კვალი არ ჩანს, არსად... ან კარგად მალავს ყველაფერს და ეს თავის შვილსაც ასწავლა...
-ან შური არ იძია. -წარბები აზიდა ნენემ, როდესაც ლანას ირონიულად ჩაიფრუტუნა. -რა იყო? იქნებ, ვერ იპოვა დამნაშავე, ან იპოვა და ომის გაგრძელება არ მოისურვა. კობა ნაკაშიძის საქმე ყველამ კარგად ვიცით. ორი ძლიერი ძალა უპირისპირდება ერთმანეთს და კანონის ფარგლებში არცერთი მოქმედებს. ეგ საქმე გინდ გახსნილა, გინდ არა, ვერავის დასჯი. შენს სასამართლო უწყებას აიღებენ და ძალიან მარტივად იყიდიან.
-კარგი, ეგ საქმე არაა მნიშვნელოვანი. მარტო იმის თქმა მინდა, რომ ნაკაშიძე თუ დამნაშავეა, კვალს არ დატოვებს. მტკიცებულება შეიძლება არ გვქონდეს მის წინააღმდეგ, მაგრამ სხვებზე მეტად საეჭვოა, ხვდები? არც წყალია, არც ღვინო. ხან პოლიტიკოსებთან ერთად ჩნდება, ხან კრიმინალებთან, ხან ბიზნესმენებთან, ხან ფეხბურთელებთან... და საქმე ის არის, რომ ერთი სიტყვაც არ გამოსულა შიგნიდან მასზე ცუდად დაცდენილი. რანაირად? აი, ვინ ჯანდაბაა?
-ბიზნესი სუფთა აქვს. -ისე თქვა ნენემ, თითქოს საკუთარ თავთან ამართლებდა ნაკაშიძეს.
არადა, მას ხომ ჰყავდა ნანახი, ხომ იცნობდა. ზუსტად ხვდებოდა, რასაც ლანა ამბობდა, ზუსტად ხვდებოდა და ისიც იცოდა, რომ სრული სიმართლე იყო. ამ კაცის ყოველ გამოხედვასაც კი უხილავი და აუხსნელი მიზეზები ედო სარჩულად. ერთს ამბობდა სიტყვით, თვალებით კი საპირისპიროს მიგითითებდა.
იმის გააზრებისგან თავს იკავებდა, რომ ათას საშინელებაში ბრალდებული კაცის გვერდით თავი დაცულად იგრძნო.
-კაი ერთი, იცი მაგის გარდა რამდენი ბიზნესი ექნება მაგას მთლიანად შავი?
-არ ვიცი. -ტუჩები მოიკვნიტა ნენემ, ადრე თუ გვიან მაინც გაიგებდა, ამიტომ სჯობდა ახლავე ეთქვა. -მაგრამ ჩემი მეზობელი რომ არის, მაგას წყალი არ გაუვა.
მეგობრის მიტკლის ფერი ცერცვაძესაც გადაედო.
მისი გამომეტყველების საუკეთესო დასურათებად გამოყენება შეიძლებოდა ყბის ჩამოვარდნის ვიზუალიზაციისათვის.
-რა? -რამდენიმე წამში ჰკითხა. -მეღადავები?
-რას გეღადავები. მართლა გეუბნები. ახლახანს გადმოვიდნენ ჩვენს გვერდით მეზობლად.
-მამაჩემი გადაირევა. აქამდე რატომ არ მითხარი?
-რა ვიცი, რა უნდა მეთქვა... მე რა ვიცოდი, ასეთი თუ იყო. საერთოდ, პირველად გავიგე მაგათი სახელი.
-შენზე ვერაფერს უნდა მიხვდნენ, -სკამიდან წამოხტა ლანამ, ხელები ისე გაშალა თითქოს ერთ ადამიანს კი არა სტუდენტებით გადაჭედილ აუდიტორიას ესაუბრებოდა. -გაიგე? ვერაფერი ვერ უნდა გაიგონ...
-საიდან უნდა გაიგონ, მე არ ვაპირებ რამე ვთქვა...
-ერთად არ უნდა დაგვინახონ, შეიძლება, იციან კიდეც. მაგათგან ვერც ეს „საიდუმლო პროცესი“ დაიმალებოდა, ხვდები? მაგათ ხალხი ყველგან ჰყავთ. შეიძლება, იცის კიდეც, რომ ვიძიებთ... ვაიმე, ნენე!
-ლანა, დაწყნარდი. ვერაფერს გაიგებენ. ხომ გახსოვს, კოტემ რა გვითხრა? ჩვენგან ამ საქმის გამოძიებას არ ელის... -უსიამოვნო შეგრძნებამ მოუღიტინა გულში. ახლა ყველას მოტყუება მოუწევდა.
გულის სიღრმეში უკნვე ნანობდა კიდეც მიღებულ გადაწყვეტილებასა და თავის დროზე უთქმელ უარს.
-ჩვენ მაინც თავი უნდა მოვაწონოთ... შენ უნდა დაუახლოვდე...
-რას ამბობ? -წარბები აზიდა ანდრონიკაშვილმა, კისერი გაბედულად დაიგრძელა. -არავითარ შემთხვევაში, მე აგენტობას არ ვაპირებ.
-ნენე, შენ ვერ ხვდები რამხელა დამნაშავესთან და როგორ სისტემურ დანაშაულთან გვაქვს საქმე?! -თვალები გაუცივდა ლანას. მზერას არ აშორებდა, თითქოს ასე ცდილობდა მის დარწმუნებას.
-ვხვდები. მაგიტომაც არ მინდა იმაზე მეტად ჩარევა, ვიდრე მევალება და საჭიროა, შენ თუ ხვდები ამას?
-ვერაფერს დაგიშავებს, თუ ამის გეშინია. მამაჩემი ამას არ დაუშვებს.
-კოტე არც იმას დაუშვებს, მე რომ ვიაგენტო თვითნებურად. თანაც შეიძლება სრულიად უდანაშაულოა ის ადამიანი.
-კარგი, დაველაპარაკოთ კოტეს. -არ ეშვებოდა თავისას ცერცვაძე. მერე ლეპტოპთან დაჯდა და რაღაცის ბუტბუტს მოჰყვა. -შენ ვერ ხვდები, რამხელა შანსი გვეძლევა... ამ საქმეში თუ ჩვენ მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ, მთელი ჩვენი კარიერული ზრდა ჩათვალე, რომ დაგეგმილია.
-ლანა... -სუნთქვა შეეკრა ნენეს, -ადამიანმა თუ ამდენი დანაშაულის უკვალოდ დაფარვა მოახერხა, იმას ვერ მიხვდება, რომ მე შეგზავნილი ტიპი ვარ? ელემენტარულად, ერთად რომ დაგვინახოს ან შენი გვარი გაიგოს, მაშინვე დაყნოსავს.
-ხოდა, ვერ უნდა დაგვინახოს. სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. შეხედე, -ლეპტოპი მეგობრისკენ მიაბრუნა აღტაცებულმა. -კარგად შეხედე! სამივე ტიპი შემჩნეულია ტარას სმირნოვთან სიახლოვეს, ყველაზე ბინძურია ეგ კაცი ამ საქმეში. ეგ შენი დადა პირადად გამოჩნდა ნატალია სმირნოვასთან ერთად მოსკოვში, გამოიცანი ვინაა ნატალია! დიახ, იმისი ქალიშივლი. რატომ და რისთვის არავინ იცის, მაგრამ...
-საერთოდ მე თუ მკითხავ ეს საქმე მთლიანად ვარაუდებზეა აგებული. -ზათქით დახურა ლეპტოპი ნენემ. უკვე ძალიან ბრაზობდა ასე ღრმად რომ ითრევდა ეს ამბავი, -თუ ასე ძალიან გინდა, თავად იაგენტე ამ ამბავში და ვისაც გინდა, იმას დაუახლოვდი.
-რას ამბობ? -წყენა შეეტყო ლანას თვალებში. ჯერ ლეპტოპს დახედა, შემდეგ კი ნენეს. -იცი, მამაჩემმა რამდენი დრო და ენერგია დაუთმო ამ საქმეს? ამ მტკიცებულებების შეგროვებას თვეები მოანდომა.
მაგრად დააჭირა კბილები ერთმანეთს ანდრონიკაშვილმა, უნოდა ეკითხა „რომელი მტკიცებულებების“, მაგრამ თავი შეიკავა. იცოდა, უარესად გაანაწყენებდა მეგობარს და ახალი აურზაურის გამოწვევა აღარ სურდა.
-ლან, ჩვენ არ ვართ საკმარისად კომპეტენტურები ამ საქმეში, ხომ გახსოვს, კოტემ რაც გვითხრა...
-მე ვარ! -ყელი ამაყად მოიღერა ლანამ, -ამდენი იმიტომ არ მისწავლია და მიწვალია, რომ პირველივე წინააღმდეგობას შევუშინდე და უკან დავიხიო. კი ბატონო, მე დავუახლოვდები იმ შენს დადას.
-ჯერ ეს ერთიც, ჩემი სულაც არ არის... -მშვიდად შეეწინააღმდეგა ნენე, თუმცა სიმკაცრით უელავდა მოცისფრო თვალები. -რას დაიჩემე? მერე მეორე, არ გეშინია? შარს დაეძებ?!
-ნენე, ნუ ხარ მშიშარა! -თავადაც დახურა ლანამ ლეპტოპი. უცნაურად უყურებდა... -თუ გინდა პროფესიონალ გამომძიებლად ჩამოყალიბდე, შიში გვერდზე უნდა გადადო.
-ლანა, უკვე ნერვებს მიშლი! ამხელა საქმეში როცა ერთვები და გამოუცდელი ხარ, რომ არ გეშინოდეს, ეგ იქნება ყველაზე დიდი სისულელე.
-სახლში წავიკითხავ ამ ყველაფერს... -ჩანთაში დააბრუნა ლანამ ლეპტოპი, ერთიანად წითელი იყო სახეზე. -შენ თუ გადაწყვეტ, რომ ამ საქმიდან გახვიდე, შეგიძლია კოტეს უკან დაუბრუნო ეგ ლეპტოპი, მაგრამ არამგონია გაუხარდეს...
-არსაიდან გასვლას არ ვაპირებ, სად მიდიხარ ამ შუაღამეს, ხომ რჩებოდი? -გაოცებულმა დააკვესა თვალები. ლანას გაბრაზებაღა აკლდა...
-სახლში მირჩევნია მშვიდად, შენც ცივი გონებით შეავლე თვალი და დაფიქრდი იმაზე, რაც გითხარი. -ლოყაზე ლოყა მიადო მხოლოდ და მანამ გავიდა მედიდური ნაბიჯებით ანდრონიკაშვილების სახლიდან, სანამ ნენე რამეს ეტყოდა.
გაბრუებული თავით ჩამოჯდა მაგიდასთან და დახურულ ლეპტოპს დააჩერდა.
ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიეღო და შეცდომის დაშვება არ უნდოდა.
ღრმად ჩაისუნთქა და დედას დაურეკა.
იქედან მალევე გამოჩნდა ახალგაზრდა ქალის ცისფერთვალება, ლამაზი გამოსახულება. ეტყობოდა, რაღაცას აკეთებდა თან, შვილის დანახვისას კი უცებ გაუნათდა სახე.
-ხო, დე, არ გძინავს? -საათს გახედა ქალმა.
-არა, დე. ლანა მყავდა და ახლა გავუშვი... როგორ ხარ?
-არამიშავს. შენი ხეტიალა ძმა სად არის? ვურეკავდი და გათიშული ჰქონდა.
-სადღაც გაისეირნა, შენ რომ გაგითიშავ მერე რიოსთან დავრეკავ.
-ცოტა მოწყენილი მეჩვენები? -ახლოს მიიტანა ტელეფონი მანჩომ, კარგად დააკვირდა შვილს სახეზე.
დედის თვალებს არასდროს გამორჩებოდათ თვალების ყველაზე შორეულ კუნჭულში გადამალული სევდის ნაფლეთები.
-არა, დავიღალე უბრალოდ. კოტემ რაღაც საქმეში ჩაგვრთო მე და ლანა სტაჟიორებად და... დეტალებს განვიხილავდით. საინტერესოა.
-მართლა? რა კარგია... როგორ ვალში ვართ მაგ ოჯახთან, მაგათ იმედად მყავხართ დატოვებული ფაქტობრივად.
-ჩვენ არავის იმედად არ ვართ, დე... ნუ ამბობ ასე.
-ასეა, ასე... იმ ხისთავიანს რამე რომ შეემთხვას, ვიცი უპატრონოდ არ დარჩება, ტატო ყურადღებას მიაქცევს. აქეთ შენც წაგეხმარებიან სამსახურის პოვნაში..
-არ მინდა არავის დახმარება, მე თვითონაც ვიპოვი სამსახურს, დედა. -ჩაიბურტყუნა თავისთვის და თვალები დახარა.
ძალიან რთული იყო მისთვის. იცოდა, ცერცვაძეებისგან დახმარების მიღება მათთან ვალში ყოფნას რომ არ ნიშნავდა, მაგრამ თავად დამოუკიდებლად უნდოდა სიარულის სწავლა. ახლა კი ისე შეისრუტა პრობლემებით სავსე გარემოებებმა, მამის უდროოდ გარდაცვალებამ, რიოს სწავლის გადასახადმა, ბებოს წამლებმა, დედის შორს ყოფნამ, რომ ყველაფერზე შეეძლო ეთქვა თანხმობა.
-შენ ყველაფერს მიაღწევ, დე. -სევდიანად გაუღიმა მანჩომ, გრძნობდა, როგორ სჭირდებოდა თავის შვილს გვერდით, რამდენი რამე დააწვა ერთდროულად უფროსს და ვერაფერს უხერხებდა. -ცოტაც და კარგად ვიქნებით. ეს დღეები აუცილებლად გაივლის და ჩვენთვისაც ამოვა მზე. ბებო როგორაა? წნევები ხომ არ აწუხებს?
-არა. ახლა კარგად არის, გვიცხობს ბლინებს და ბედნიერია, -ბებოს გახსენებისას ისე გაეღიმა ნენეს, თითქოს გვერდით ოთახში არ ჰყავდა. -სხვათაშორის, მე დამეტყო მისი გემრიელობების კვალი, შენი ბიჭი სულ დამცინის...
კარგად დაანახა საკუთარი თავი კამერაში, გაუხარდა დედა რომ გააღიმა და თემა შეცვალეს.
-მშვენივრად ხარ, დე. მაგ სულელს რას უსმენ? წავედი ახლა, მეძახიან. შენ დაურეკე და გამაგებინე ერთი მისი ამბავი.
-გაკოცე, აბა კარგად. -ხელი დაუქნია და გაუთიშა...

რიომ უამრავ მავნე ჩვევასთან ერთად ღამღამობით გაუჩინარებაც დაიჩემა.
ნენე თავიდან ცდილობდა ზედმეტად არ ჩარეულიყო მის პირად ცხოვრებაში, იცოდა, უმცროსი ძმა თავისებურად განიცდიდა მშობლის დაკარგვას და არ უნდოდა მისთვის ის პირადი სივრცე წაერთმია, სადაც თავისუფლად შეეძლო დისა და მოხუცი ბებიისთვის დამალული გრძნობების გამოხატვა.
მერე ყველაფერი არია... უეცრად საიდანღაც გაჩნდა რიოს სწავლის, სიგარეტის, ბებოს წამლების, ნენესთვის საჩუქრების ფული...
სააბაზანოში შესულს ჯიბიდან ამოუქექა ტელეფონი. საკუთარ საქციელზე თავადაც ალისფრად აუელვარდა ლოყები, საშინლად ანერვიულდა, მაგრამ კარგად იცოდა, ქუჩაში დატოვებულ მრავალფეროვან ხაფანგებში ხშირად ებმებოდნენ რიოსნაირი ბიჭები...
„ინსტაგრამი“ გამოუქექა. გოგონებთან მიმოწერების შემოწმება არც უფიქრია. იცოდა, მხოლოდ სანდროს გაუმხელდა თავის საიდუმლოებს.
არც შემცდარა. გაბედნიერებულ სანდრიკას ვიდეო ჩაეწერა, სადაც გაკრეჭილი ათვალიერებინებდა იმ საღამოსთვის ბეტონის შენობაში „მოწყობილ“ რინგს, რომ ხალხი და მოწინააღმდეგის ყბა მოუთმენლად ელოდა მასთან შეხვედრას.
აკანკალებული სუნთქვითა და ხელებით წაშალა ყველა კვალი და თავის ოთახში დაბრუნდა.
მაშინვე ლანას გადაურეკა. რამდენიმე ზარის შემდეგ, თუმცა მაინც აიღო ცერცვაძემ ყურმილი და ნენეს ნაამბობის გააზრებისას, ისიც სახტად დარჩა.
ამას არც ლანა მოელოდა რიოსგან. იმ წამს გულწრფელად შეებრალა ამდენ განსაცდელთან მარტო დარჩენილი მეგობარი და სალანძღავი სიტყვებისგან პირველად შეიკავა თავი.
-კარგი, დაწყნარდი... ტატოს ვეტყვი, ხომ იცი, ეგენი უგებენ ერთმანეთს... დაელაპარაკება, რამეს ეტყვის და სადმე ძალით დააწყებინებს მუშაობას.
-ლან, კარგი რა... -საწოლზე მოიკუნტა დაუძლურებული, ტუჩებს გამუდმებით იკვნეტდა რომ არ ეტირა. -ხომ იცი, რიოსთან ძალა და ჩხუბი არ ჭრის.
-რა ვიცი, თვითონ დიდად არ ეტყობა, რომ ჩხუბს და ხელების ქნევას ერიდებოდეს უაზროდ. რას აპირებ, აბა?
-არ მინდა ტატომ ამაზე გაიგოს. და ძალიან გთხოვ, ჩვენს შორის დარჩეს, რა.. წარმოდგენაც არ მინდა, როგორ გაუცრუვდებათ იმედები ამას რომ გაიგებენ. როგორმე მოვაგვარებ, დაველაპარაკები. -თვალები დააკვესა, როდესაც სააბაზანოს კარის გაღების ხმა და იქედან ნაცნობი ნაბიჯები შემოესმა. -კარგი, გვიან დაგირეკავ, გაკოცე.
-მიდი და ხომ გახსოვს, მალე შეხვედრა გვექნება მამასთან, კარგად მოემზადე.
საქმე სულ გადაავიწყა რიოს „სიურპრიზმა“ ნენეს, თუმცა გულის სიღრმეში უნდოდა კიდეც, რომ ცოტა ხნით მისი გონება იმ სულისშემკვრელი გამოძიებისგან მოესვენებინა.
რიო რომ სახლიდან გავიდა, თავადაც ისე გამოეწყო, რომ ზედმეტად წესიერი ადამიანის შთაბეჭდილება არ დაეტოვებინა და იქ მყოფი ადამიანების ყურადღება არ მიექცია. ნინოს დაუბარა, რომ ლანასთან მიდიოდა სალაპარაკოდ და ჩუმად გამოიხურა კარები.
კიდევ კარგი, ისე გააღწია კორპუსიდან, რომ გზად არავინ შემოფეთებია...

ტაქსი გზის პირას, მაღაზიასთან გააჩერა. გზის ერთ მხარეს ძველი აშენებული კორპუსები შეჯგუფებულიყვნენ და მაღლიდან გადმოჰყურებდნენ საპირისპირო მხარეს ხეებსა და ეკალ-ბარდებში გახვეულ მიტოვებულ ქარხნის შენობებს.
მაღაზიასა და ავტოსამრეცხაოს შორის ვიწრო ბილიკი ჯერ ლიანდაგებზე გადადიოდა, შემდეგ კი ოღროჩოღრო გზით ფაბრიკის შესასვლელთან წყდებოდა.
იქედან უკვე მოისმოდა ყიჟინისა და გინების ხმაური. ნენეს სუნთქვა შეეკრა. კიდევ კარგი, აქა-იქ ქალების ხმასაც მისწვდა მისი დაგუბებული სმენა, თორემ ნამდვილად შეიშლებოდა ამდენი გადარეული კაცის გარემოცვაში. უფრო მეტად კი იმას ვერ ხვდებოდა, თავად რიოს რა ესაქმებოდა ასეთ ადგილას.
გული ცუდს უგრძნობდა, ის კი განზრახ იშტერებდა თავს, თითქოს ვერაფერს ხვდებოდა.
პირი გამოუშრა, როდესაც ბეტონის უზარმაზარ ბოძებზე დამდგარ შენობაში შეაბიჯა. იქაურობა ყარდა სიგარეტის, ლუდის, სისხლისა და ნაწვიმარი ბეტონის სუნად.
ერთადერთი, რაც ახარებდა ის იყო, რომ ყველა იმდენად გაეტაცებინა უზარმაზარი დარბაზის ცენტრში გამართულ სანახაობას, მისთვის არავის სცხელოდა.
მუხლების კანკალით მიიწევდა წინ და ცდილობდა მაქსიმალურად შეეკავებინა სუნთქვა.
აქა-იქ თავისი ძმის სახელიც რომ მოესმა, ყურები ბარაბნების დასკდომამდე დაძაბა. თვალები გაოცებისგან დაუმრგვალდა. ანუ ამდენი ადამიანი, ასე ცხოველურად რომ იფურთხებოდა რიოს სახელის ყვირილისას, მის ძმას იცნობდა?
ხალხში შეძრომას აპირებდა “სცენასთან” ახლოს რომ მოხვედრილიყო და გონებაში ათასჯერ გადაღეჭილი ეჭვი ნანახით განემტკიცებინა, ვიღაცამ მუცელზე რომ შემოჰხვია მკლავი და უკან დააბრუნა.
სანამ ამის ჩამდენს შეხედავდა, სასოწარკვეთილი ხმით წამოიკივლა, თუმცა ყურადღება არავის მიუქცევია დადას გარდა, რომელმაც სასწრაფოდ მოაშორა ხელი და ჯიბეებში ჩაილაგა.
-შენ? -წარბები უნებურად შეყარა ნენემ, მთელი სხეული გაეყინა. -აქ…
-მე რომ დაგისვა ეგ შეკითხვა, უფრო ლოგიკური იქნება… -ცალი თვალი მოჭუტა და ისე აათვალიერ-ჩაათვალიერა მის წინ მდგომი.
რა თქმა უნდა, უფრო ლოგიკური იქნება! გულში გაიფიქრა ნენემ, იმ ბრალდებებთან, რაც ამ კაცს ჰქონდა წაყენებული, მიწისქვეშა ჩხუბები ნამდვილად აღარ იყო გასაკვირი და მოულოდნელი. შეეცადა თვალებში არ დასტყობოდა ის შიში, რასაც გრძნობდა დადას მიმართ. მუცელი აუწრიალდა.
-მერე რატომ არ მისვამ… -გაიბრძოლა საწყლად. გაქცევა მოუნდა, მაგრამ რიოს ვერ დატოვებდა. ცალი თვალი იქეთ ჰქონდა.
-არ გინდა ამის ყურება. -დააჯერა დადამ.
ისეთი მზერით ათვალიერებდა, ნენე გაღიზიანდა.
ხომ შეიძლება ადამიანმა წამიერად მაინც გასცეს თავი? თვალებით მაინც… ხომ შეიძლება, წამით გაუელვოს უკიდეგანო ბოროტებამ, ანდაც სიკეთემ… რაღაცამ, რასაც ჩაეჭიდებოდა ნენეს გონება, რაც დაარწმუნებდა, რომ ან მართლა ბოროტმოქმედი იყო ეს კაცი, ან პატიოსანი ადამიანი, რომელიც ვერასოდეს მოკლავდა ვინმეს, გააუბედურებდა ოჯახებს…
თითქოს გამოცდას უწყობდა ნენეს, რომ თავად გამოეცნო ვინ იყო.
-შენ იცოდი?! -ტუჩები ენით დაისველა, სხეული გამოუშრა დაძაბულობისგან. აქ ყოფნა არ სიამოვნებდა.
-რა? შენი ძმა რომ ჩხუბით შოულობს ფულს, თუ ხალხი რომ ჩხუბით შოულობს ხოლმე ფულს ზოგადად…
-ჩემი ძმა.
-არა, არ ვიცოდი. შენი ძმა რომ იყო, არც ეგ ვიცოდი.
-შენც? -წარბები აზიდა ნენემ. გული აუფრთხიალა რაღაც ახალი სამხილის მოპოვებით გამოწვეულმა სიხარულმა თუ მღელვარებამ. -ჩხუბობ ხოლმე?
-არა. აღარ… თავში რომ მიქროდა შენი ძმის ასაკში, მეც ვჩხუბობდი. გავიდეთ აქედან.
-არა, ვერ გამოვალ. -უკან დაიხია ნენემ. ძლივსღა სუნთქავდა, თუმცა ამ ადამიანთან განმარტოებას ერჩივნა ამდენ გადარეულში ყოფილიყო. -ასე არ შეიძლება.. პოლიცია რომ მოვიდეს…
-ნენე, გზის პირიდან ხუთას მეტრშია ეს ადგილი, როგორ ფიქრობ, პოლიციამ არ იცის, აქ რაც ხდება?! -თვალები დააწვრილა, გუგები გაუღრმავდა და ჩაუმუქდა, თითქოს ნელ-ნელა მაგნიტური ძალის გამოშვება დაიწყო გოგონასკენ, -შენმა ძმამ რომ გაიგოს აქ ხარ, კონცენტრირება გაუჭირდება და ძალიან მწარედ მოხვდება. გამოდი.
-ასე არ შეიძლება!
-ნენე! -ხმა გაუმკაცრდა დადას. -სუფთა ჰაერზე გამოდი. შენი ძმა პატარა ბავშვი აღარ არის! არც შენი ადგილია აქ...
-პატარა ბავშვია! შენ რა იცი… არ მინდა გასვლა, აქ მირჩევნია. რამე რომ მოუვიდეს ახლოს ვიქნები.
-არაფერი მოუვა.
-შენ რა იცი! რა გინდა, გამეშვი საერთოდაც!
წარბები აზიდა დადამ. არ მოელოდა მისგან სიუხეშეს, თუმცა ღიმილმა ეშმაკურად გაუნათა სახე.
-მე რომ გაგეშვა, იცი რამდენი კაცი მოინდომებს შენს სიახლოვეს მოსვლას? შენს ძმას ორი ხელი არ ეყოფა მათ მოსაშორებლად. ამიტომ გამიგონე რასაც გეუბნები და ისეთ რამეს ნუ მთხოვ, რისი შესრულებაც არ გესიამოვნება.
-შენ გგონია შენთან ყოფნა მსიამოვნებს? -წამოაყვირა ანდრონიკაშვილს. შიში მაშინ იგრძნო, როცა უცხო ღიმილმა გადასერა დადას სახე.
ჩაიცინა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი გაბრუნდა.
მოსცილდა თუ არა რამდენიმე ნაბიჯით, მაშინვე იგრძნო ნენემ მასზე მოშტერებული რამდენიმე წყვილი ბოროტი თვალი.
სუნთქვა შეეყინა ფილტვებში. იმ წამს მართლა ინანა საკუთარი სიტყვები, მაგრამ მოკვეებოდა და სიამაყე არ მისცემდა უკან გაყოლის უფლებას.
ხალხში გაუგონარი ყიჟინა ატყდა. სწრაფად შეერია ერთმანეთში გათქვეფილ მასას.
წამიერად მოჰკრა კიდეც თვალი თავის ძმას, რინგზე გავარდნილს უდარდელი ღიმილი რომ დასთამაშებდა ტუჩებზე და გადახვეული ხელები ცხვირწინ შეემართა.
საკუთარ თავს აღარ დარდობდა. ფაქტობრივად თვალებდახუჭული იდგა ერთ ადგილას და ისმენდა სახეში მოქნევას როგორ აღნიშნავდნენ ხმამაღალი ღრიალით.
ბოლოს გამარჯვებულიც გამოცხადდა. ბუნდოვნად შენიშნა, როგორ ააწევინეს მის ძმას მარჯვენა.
თვალები დაებინდა. გული საშინლად ერეოდა. ირგვლივ სისხლის და სიბინძურის აუტანელი სუნი იდგა.
პირზე აიფარა ხელები, იქვე რომ არ ამოეღო ყველაფერი და სუფთა ჰაერზე გამოვარდა.
სახეზე ცივი ოფლი ასხამდა. მთელი სხეულით კანკალებდა.
ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ისედაც არეული რეალობა რაღაც გაურკვეველი ჟანრის ფილმად ექცა, თავად კი სცენარის გარეშე დატოვეს და იმპროვიზაციას აიძულებდნენ.
ბეტონის ბორდიულზე ჩამოჯდა და თვალები მაგრად დახუჭა.
რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა მისგან დადა ნაკაშიძე. ამ გოგოს სამეთვალყურეოდ ნამდვილად არ მოსულა აქ, იმაზე მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა, ვიდრე აქ მყოფთაგანს შეეძლო ეფიქრა.
მისი ანთებული სიგარეტის ღერი ნარინჯისფერ წერტილად ემჩნეოდა ჩაშავებულ ჰორიზონტს.
-ნენეკო, რა გინდა შენ აქ? -ნაცნობი ხმის გაგონებისას სხარტად აიხედა ზემოთ.
-სანდრო... -ფეხზე წამოდგა და სახე გამეხებულმა გაუსწორა. -ამას მიმალავდი?!
-აუ, გეხვეწები არ მეჩხუბო ახლა... -თავი მოისაწყლა მაისურაძემ. -რიო გაგიჟდება აქ რო დაგინახოს, წამო მიგაცილებ სახლამდე.
-ხელი გამიშვი! -სწრაფად შეაშვებინა გაველურებულმა. მოთმინებას ასე მარტივად არასდროს კარგავდა, მაგრამ ახლა ყველაფერი ერთიანად მოაწვა და ლამისაა სანდრო ემსხვერპლა მის იშვიათად გამოჩენილ მრისხანების მონსტრს. -რას აკეთებთ?! შენც ჩხუბობ? მითხარი!!!
-არა... მე რაც ხელი მოვიტეხე ვეღარ... -თვალები დახარა.
მიხვდა, რომ რიოს დაცვას აზრი არ ჰქონდა. უპასუხისმგებლოდ ექცეოდა თავის დას და იმ მომენტში თვითონაც თავის ძმაკაცზე გაბრაზდა ყველაზე მეტად, ნენეს აწყლიანებული თვალები რომ შენიშნა.
-ანუ, ფეხბურთის თამაშის დროს არაფერი დაგმართნია. ყოჩაღ, ცრუპენტელები ყოფილხართ ამხელა ბიჭები. იმას უთხარი, რომ ვიცი სიმართლე და თვალებში ისე აღარ ჩამხედოს, თითქოს ასე მწარედ არ მატყუებს!
-ნენე, დამელოდე, -უცებ წამოეწია წინ სწრაფად გავარდნილს.
გაცხარებულმა ჩაუარა გვერდით წარბებაწეულ ნაკაშიძეს, დაკვირვებული მზერა გააყოლა მის აწყლიანებულ თვალებსა და გამყიფებულ სხეულს, მანამ უყურებდა წვრილ სხეულებს, სანამ ჰორიზონტის სიშავეს ბოლომდე არ შეეზარდნენ.
ხალხი ნელ-ნელა იშლებოდა. ერთმანეთს აღტაცებულები უყვებოდნენ დღევანდელი ჩხუბის შესანიშნავ მომენტებს. როგორც ჩანს, უმეტესობა გამარჯვებულის გულშემატკივარი იყო, ერთი-ორი წაგებულის მხარდამჭერი ჩუმი გინებითა და უკმაყოფილებით გაეცალა იქაურობას.
აშკარად დაუმარცხებელი იყო ეს ბიჭი. ასეთების წარმატება დიდ ხანს არ გრძელდება უკანონო სამყაროში.
ხალხისგან დაცლილ დარბაზში მშვიდი ნაბიჯებით შევიდა.
იცოდა, ელოდნენ. დერეფნის ბოლოს, რკინის დაჟანგებულ კართან ერთი დაცვის თანამშრომელი იდგა. როგორც ჩანს, კარგად აკონტროლებდა შიგნით მყოფის სიმშვიდეს.
დადა უსიტყვოდ შეატარა.
ოთახში ნესტის მყაყე სუნი იდგა.
ეტყობოდა, რომ აქაურობას ხშირად არავინ იყენებდა ვიზიტორების მისაღებად.
დადას მკვირცხლმა თვალებმა ორ წამში დაასკანერა მთელი ოთახი და საინტერესო რომ ვერაფერი იპოვა, ერთადერთ სულიერს გაუსწორა თვალი.
-დემურ, სალამი…
ხელის ჩამოსართმევად არცერთს გაუწევია. მათ შორის დატოვებულ სივრცეში ეტეოდა შეთანხმებაცა და შეუთანხმებლობაც.
-დადა, არ გელოდი დღეს… როგორ მოგეწონა სანახაობა?
-არ გინდა, -უკმაყოფილოდ მოეღრიცა სახე ნაკაშიძეს, -მიკიბულ-მოკიბულის გარეშე გადავიდეთ საქმეზე. ძალიან კარგადაც მელოდი, ამიტომაც მაკვირდება აქ ყოველი მეორის თვალები მე.
-კარგი. გადავიდეთ საქმეზე… -მხრებში გაიმართა ნუცუბიძე.
არაფერში ეტყობოდა ამ ორს, რომ თანატოლები იყვნენ. დემური ნაადრევად გამელოტებულიყო და სახეც დაღარვოდა ნაოჭებით.
-საქონელი ივლისში შემოვა. ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, შენი სატვირთოები გაამზადე.
-სატვირთოებს გავამზადებ, როდესაც ზუსტი თარიღი მეცოდინება. -უდარდელად ამოილაპარაკა დადამ. იცოდა, რომ ნაღმზე ადგამდა ფეხს, მაგრამ უნდა გაერისკა. -ხომ იცი, ტვირთის ჩამოტანას რამდენი დრო და რესურსი სჭირდება… თანაც ამ ტვირთის ისე ჩამოტანა, რომ კანონს თვალებში ნაცარი შევაყაროთ, უფრო მეტად გაიწელება.
-რა გჭირდება ჩემგან? -გაღიზიანდა დემური. პროცედურები მასაც კარგად მოეხსენებოდა.
ნაკაშიძესთან თანამშრომლობა დიდად არ ეპიტნავებოდა, მაგრამ ახლა სხვა გზა არ ჰქონდა.
-ზუსტი თარიღი. საქონლის რაოდენობა, ესეც ზუსტი. სად უნდა დაიტვირთოს მანქანები და როდის - უნდა ვიცოდე ყველაფერი… საქმე დიდ ფულს ეხება და ფულზე მნიშვნელოვანსაც - თავისუფლებას.
-შენ მაგას ვერავინ წაგართმევს. -ზიზღი ვერ მოთოკა. -ყოველთვის ასეთი იყავი.
-რა ვქნათ, არ ვსდევ ჟამთა სვლას… -ეშმაკურად გაუცინა, იცოდა როგორ აღიზიანებდა და უფრო ღრმად იტყუებდა საკუთარ თამაშში.
-შენნაირებს რას გაუგებ, -ცივად წაისისინა ნუცუბიძემ. -შენ იმდენად ნიღბავ საკუთარ თავს, რომც შეიცვალო ვერავინ მიხვდება…
-მაგრამ არ ვიცვლები, ჩემზე არც დროის ცვლილება მოქმედებს და არც ხელისუფლების…
-სიტყვებს დაუკვირდი!
-ვუკვირდები. სხვათაშორის, ტონსაც და შენგანაც იმავეს მოვითხოვ… ინფორმაცია დროულად მქონდეს, გადადებული საქმე ეშმაკისაა.
-მერე შენნაირს რატო აწუხებს ეგ... -თავისთვის წაისისინა ნუცუბიძემ და მარტო დარჩა ჩაბნელებულ ოთახში.
დარბაზში რომ დაბრუნდა, ხალხი უკვე მთლიანად გაკრეფილიყო. ბრძოლაში გამარჯვებული უცნაურად შეჰყურებდა იმ რინგს მისი წარმატების შემსწრე რომ გახდა და სიამაყისა არაფერი ეტყობოდა სახეზე.
შინაგანმა გულისხმამ უცნაურად აიყოლია ნაკაშიძე. უნდოდა გვერდი აევლო ამ ბიჭისთვის, მაგრამ მუხლები არ დაემორჩილა.
რიომაც ცალი თვალით გამოხედა და გასასვლელისკენ წავიდა.
-ჩვენ მგონი მეზობლები ვართ, -გასაღები შეათამაშა დადამ ხელში.
-ხო, ვართ. -ყრუდ გამოეპასუხა რიო.
იმ დღის შემდეგ აღარ უნახავს ეს კაცი, ქუჩაში რომ გააშველათ. აქ ნაკლებად მოელოდა, მაგრამ ისედაც საკმარისად იყო საკუთარ სადარდებელში გამოხვეული, ეს რომ არ საემატებინა.
-გაგიყვან, დაჯექი. -იმდენად უშუალო იყო დადას სიტყვები წინააღმდეგობის გაწევის სურვილი მაშინვე გაუნავლდა რიოს.
ძალიან დაიღალა. ახლა კი ენერგია უნდა მოეკრიფა და სახლში ისე შესულიყო, თითქოს არაფერი მომხდარა.
გზაზე ერთ წუთში გავიდნენ.
-მეც ვჩხუბობდი ადრე. -სასხვათაშორისოდ წამოიწყო ნაკაშიძემ. ძალიან შორს, წარსულში საკუთარი თავი მიამსგავსა ამ ბიჭს.
-არ გეტყობა, რომ ამაყობ ამით.
-არც შენ გეტყობა. საამაყო არც არაფერია ველურივით ხელების ქნევაში, არ მეთანხმები? -დაჟინებით გადმოხედა გვერდულად, თითქოს რიოს მიძინებულ თვალებში იმედის სხივს დაეძებდა…
-ხანდახან გვიწევს არასაამაყო რაღაცების გაკეთება. რას ვიზამთ, ცხოვრება ასეთია.
ჩაეცინა ნაკაშიძეს. რიო კი გაღიზიანდა. რა თქვა სასაცილო?
-ჰო, ეგ განსხვავება ნამდვილად არის ჩვენს შორის. მე ამას საკუთარი სურვილით ვაკეთებდი, მამაჩემი მინდოდა გამეგიჟებინა. არ გეკითხები, რატომ ხარ იძულებული. რომ არ ამაყობ, ესეც ბევრ დაუსმელ კითხვაზე მეუბნება პასუხს. უბრალოდ იცოდე, რომ ეს ჩხუბი და სახლში ფულის მშვიდად წამოღება დიდხანს არ გაგრძელდება. ხალხს ასე იტყუებენ და ამ წრიდან გამოსვლა, დამიჯერე, იმაზე სუფთად ვიდრე ახლა ხარ, შეუძლებელი იქნება… ინატრებ ეს ფული უკან დააბრუნო, ოღონდაც შეგეშვან. და ხომ გყავს?
რიოს მთელი სხეული დაეჭიმა, სხარტად მიიხედა მისკენ. ეს შეკითხვა ყველა მოხვედრილ და მიუხვედრელ მუშტზე მწარე და მტკივნეული აღმოჩნდა.
-ჩემი და რა შუაშია? -სახე აუწითლდა.
-ახლა არ არის, მალე იქნება თუკი ასე გააგრძელებ. როცა შენ ვერ მოგდრიკავენ, იმას შეეხებიან, ვის გამოც მუხლებზე დადგომასაც არ ითაკილებ.
გაისუსა რიო. იცოდა მართალს ეუბნებოდნენ. გულის სიღრმეში ამას თავადაც ხვდებოდა, მაგრამ სხვისი პირიდან მოსმენილი უფრო რეალური იყო გასააზრებლად.
-უცებ არ უნდა გაუჩინარდე. უნდა წააგო რამდენჯერმე, არ უნდა უღირდეთ შენი იქ შეკავება. არ უნდა მოეწონო იმათ, გესმის? არ სწავლობ სადმე?
-არ დავდივარ. ვერ… -უცებ გადაასწორა ტყუილი სიმართლედ. თან ენდობოდა ამ კაცს, თან არა. თითქოს გულწრფელი იყო, მაგრამ გამომცდელიც… -გულს ვერ ვუდებ. სხვაგან ამდენს არ მიხდიან, იქ რომ დავიწყო მუშაობა.
ყველაფერს ხომ ვერ ეტყოდა. თავშეკავებას დადაც გრძნობდა მისგან, ამიტომ დიდად აღარ გადაღალა შეგონებებით. სახლამდეც მივიდნენ, კიბეებიც ჩუმად აიარეს და რიომ თავისი კარისკენ ხელი რომ წაიღო, მხოლოდ მაშინ იგრძნო ცვლილება მეზობელთან ურთიერთობაში.
მათ უცნობობაში ჩადგა შენახული საიდუმლო და გაცემული რჩევა, მადლიერებითა და პატივისცემით გამოწვეული ცვლილება, რომელმაც რიოს ათქმევინა “მადლობა და ნახვამდის”.
ნენეს რომ ეღვიძა, ტელევიზორის ხმამ მიახვედრა.
სააბაზანოში შეპარვას აზრი არ ჰქონდა. ქალბატონი დეტექტივი მაშინვე წამოადგა დამნაშავეს თავზე და მისმა თვალებმა იმდენი რაღაცის გამოხატვა მოახერცა ერთი გამოხედვით, რამდენსაც ვერ იტყოდა ერთი სიტყვა.
უთხრა, რომ ყველაფერი იცოდა, რომ გული ძალიან ატკინა, რომ იმედები გაუცრუვდა და რომ უყვარდა თავისი ძმა ყველაფერზე მეტად… რომ ხვდებოდა, რის გამოც აკეთებდა ამას, მაგრამ დანაშაული მაინც ზედმეტად შესამჩნევი იყო და აღარ ღირდა დამალვა.
-ვინ გითხრა? -ფეხსაცმელი გაიხადა და იქვე მიაწყო ლამაზად. თითქოს ამითაც ბოდიში მოუხადა.
-მე წავიკითხე შემთხვევით შენს ტელეფონში. -ნენეს არ გასჭირვებია აღიარება.
ალბათ უფრო იმიტომ, რომ მისი დანაშაული არ იყო იმდენად მძიმე, რამდენადაც რიოსი…
-კიდევ რა წაიკითხე ჩემს ტელეფონში?
-მეტი არაფერი. დანარჩენი შენ თვითონ მითხარი.
-მეტი არაფერია სათქმელი, ნენე, დაიძინე.
-რამდენი მოიგე? -ცივად ჰკითხა. ასეთი პირველად იყო ძმის მიმართ და საკუთარი თავისაც ეუხერხულებოდა. -გეკითხები!
-ნუ ყვირი, ნინოს გაეღვიძება.
-აა, ახლა ნინოზე დარდობ? ახლა გაგახსენდა ბებო?
-სულ მახსოვხართ. -ისეთი თვალებით ამოხედა თავის დას, რომ ერთი გრძნობაც აღარ დაუმალავს. -ვიცი, რომ შემეშალა და ვიცი, რომ მეშლება. სწორად მოქცევის საშუალება არ მეძლევა. რა ვქნა, დავჯდე და დაველოდო დედა როდის გამოაგზავნის ფულს, რომელიც საჭმელსაც უნდა ეყოს, გადასახადებსაც, სწავლის ფულსაც… ვუყურო როგორ იკლებს ბებო წამლებს, რომ ჩვენ ელემენტარული არ მოგვაკლდეს?!
-მეც ვმუშაობ! არაა აუცილებელი, შენ ასე გაისვარო…
-შენი ხელფასი მგზავრობაშიც არ გყოფნის, -ცივად შეაწყვეტინა. თურმე რამდენ რამეს ამჩნევდა იმ თავისი არიდებული თვალებით. -ცერცვაძეს რომ აჰყევი, იმას შენნაირად არ ეწვის ეს ცხოვრება!
-არავის ვარ აყოლილი, რაც შემიძლია ვაკეთებ… მე არ მინდა შენ ასე შოულობდე ფულს, შენ ჯერ პატარა ხარ, მე უნდა გეხმარებოდე… -ნენე ძალიან ხმა არ გასტეხვოდა. გული იმხელა ტკივილმა გაუბერა, კედლებსაც კი სუნთქვა შეეკრათ.
-არ ვარ პატარა. აღარ ვარ. მამასთან ერთად დაიმარხა ჩვენი ბავშვობაც.
-და ნუ დამარხავ მომავალსაც! მე ათას ადგილას დავაგზავნე სივი, სხვაგანაც ვიმუშავებ, შენც რამე ისეთს იპოვი, რომ დედა დაბრუნდეს… ეს არ გვჭირდება, გესმის? ეგ ბინძური ფული არ შეგვერგება. არ მიღირს არც ჩასაცმელი და არც კურორტებზე დასვენება იმად, რაც დღეს ვნახე!
-რა ნახე… -სახე წაეშალა უმცროს ანდრონიკაშვილს, -იქ იყავი? იქ მოსვლა როგორ გაბედე, გოგო! ნენე, შენ გააფრინე?
-მე გეკითხები მაგას, რიო… შენ გააფრინე? მე არაფერი…
-იცი, რა საშიშია იქ ყოფნა შენნაირებისთვის?! ვინმემ რამე ხომ არ დაგიშავა? -უცებ შეუთვალიერა სხეული.
-არა, სანდრო გამომყვა, დაწყნარდი.
-მეორედ იქ მისვლა აღარ გაბედო! -ისე მკაცრად განუცხადა, თითქოს ასაკობრივი სხვაობა მის სასარგებლოდ ითვლიდა წლებს. -იცოდე, ხმას აღარ გაგცემ!
-თუ შენ არ მიხვალ, არც მე მოვალ….
-კომპრომისს არასწორი ადამიანისგან მოელი, ქალბატონო!
-რიო…
-ნინელი!
-ილარიონ!
-ნუ მეძახი ეგრე, გული მიწუხს…
ზაფხულის ახლადგამოჩეკილი ღამეები მაცდურად არხევდნენ მთელი დღის განმავლობაში მზეზე ნაცხუნებ ფარდებს, თითქოს სულს უბერავდნენ დამწვრობებზე საამებლად.
ქალაქი თბილ ღამეში გახვეულიყო, გრილი სიო კი სანატრელი სტუმარივით შეივლიდა ფანჯრებღია ოთახებში და ნაზად წაეღიტინებოდა მოუსვენრად აწრიალებულ მაცხოვრებლებს.
ნენემ თვალი ვერაფრით მოხუჭა. ათასი მიმართულებით დატრიალდა საწოლში. გულს შფოთვას ვერ აშორებდა. აფრიალებულ ფარდებს ისე უყურებდა, თითქოს მათ მიღმა იმალებოდა სწორი პასუხები მის შეკითხვებზე.
გრძნობდა, რომ მანამ იქნებოდა მისი შინაგანი სამყარო ქაოსში, სანამ გარეგან ქაოსთან მშვიდ თანაცხოვრებას არ ისწავლიდა. ახლა ისეთი შეუძლებელი ეჩვენებოდა ეს ყველაფერი… მისი ცხოვრება ხელიდან გავარდნილი ძაფის გორგალივით აიბურდა.
ფეხზე წამოდგა.
გახურებულ ფეხისგულებს ეამათ გრილი იატაკი. სუფთა ჰაერზე გამოვიდა.
მუქ ლურჯ ცაზე ვერცხლისფრად ციმციმებდნენ ვარსკვლავები. ფანჯრებში აქა-იქ ენთო სინათლე და შორიდან ყრუდ აღწევდა დაუძინარი ქალაქის ღრიალი…
მოაჯირს დაეყრდნო და შიშველი ფეხისგულით მეორე ფეხის მუხლს დაეყრდნო.
გრძელ აბრეშუმის ქსოვილში ნაზად უვლიდა გრილი ნიავი. დამშვიდებას აპირებდა მისი სხეული და გონება, ნაცნობი ხმა რომ მოსწვდა ყურთასმენას.
-როგორ მოგეწონა საღამო? -ზურგით ეყრდნობოდა დადაც მოაჯირს. იდაყვები ზედ ჩამოელაგებინა და მომღიმარი შეჰყურებდა მთვარის შუქზე გამოკვეთილ სანახაობას.
ნენე შეხტა, შემდეგ კი წარბები შეყარა და კუშტად დახედა მეზობელს. ცისფერი აბრეშუმი ვერცხლისფრად ეფერებოდა თმაგაშლილ გოგონას...
-შენ რა გინდოდა იქ? -პირდაპირ მიახალა.
ისე გაბრაზდა, თითქოს რიო რომ იმ ამბებში გაეხვა, დადას ბრალი იყო.
-სად იქ? -ნაკაშიძეც მის მხარეს მოადგა აივანს. უეცრად მოეჩვენა ნენეს, რომ მანძილი მათ შორის აუტანლად შემცირდა.
ვერცხლისფრად ეკვეთებოდა სახის ეშხიანი ნაკვთები, თვალები ჩვეული გაურკვევლობით უელავდა და დაძაბულობის შეგრძნება ანდრონიკაშვილის გულ-მკერდში უსიამოვნოდ უღიტინებდა.
წაკითხული ბრალდებები ფილმის კადრებივით ტრიალებდნენ მის თავში...
-გიწია ასაკმა და ამნეზია გაქვს? სადაც გადამეყარე, რა გინდოდა-მეთქი იქ!
-მაგას უფრო ახლოს რომ იქნები ჩემთან, მერე გეტყვი საიდუმლოდ, ასე არ მინდა მეზობლებმაც გაიგონ…. -ხმა დაიდაბლა გამომწვევად და ჩამქრალი ფანჯრებისკენ მიანიშნა თავით.
-რატომ, რამე გაქვს დასამალი?
-ყველას აქვს რაღაც. შენ არა? -ცალი ხელი ნიკაპქვეშ ამოიდო დადამ.
ნენემ ეს შემთხვევა შანსად მიიღო, რამე საინტერესო დაეცინცლა ნაკაშიძისათვის.
გულის სიღრმეში ეშინოდა კიდეც ისეთი რამის გაგების, რის შემდეგაც უკან დახევა შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ მაინც რისკავდა…
-არა, მე არაფერს ვმალავ. რაც ვარ, ეს ვარ. -მხრები აიჩეჩა ნენემ, ოქროსფერი ხვეულები ვერცხლისფრად შეღებილიყვნენ.
ღამითაც კი მშვენიერი დასანახავი იყო.
სავსე სახის ნაკვთები და სხეული ჰქონდა.
-შეუძლებელია… -ეშხში შევიდა ნაკაშიძე, თვალებს არ აშორებდა მის სახეს, თუმცა ყველაფერს ამჩნევდა.
დაძაბულ მხრებს, შემცივნებულ ტერფებს, გამოკვეთილ წელსა და თეძოებს. მის სიბნელეში გამოჩენილ ქალურობას.
-შესაძლებელია. -ნენე გასწორდა და ოთახისაკენ წავიდა, -ტკბილ ძილს გისურვებ.
-ისეთი ხმით მეუბნები, თითქოს გინდა კოშმარები დამესიზმროს…
-ახლა ხმაც დამიწუნე!
-კიდევ რა დაგიწუნე? -მოეჩვენა, რომ არ უნდოდა შინ შესულიყო და ამ კინკლაობის ბოლო მოახლოვებოდათ.
რაც არ უნდა ეთქვა იმ ქალბატონს, ყელმოღერებით რომ დაჰყურებდა ზემოდან, როგორი მწარეც არ უნდა ყოფილიყო მისი სიტყვები, თაფლივით ტკბილი ხმა მაინც სასიამოვნოდ და მშვიდად ჩაესმოდა.
-რა ვიცი, შავ სიაში არ გადამიყვანეთ ოჯახმა?! -ნენესაც გაეღიმა ოდნავ.
უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა, მაშინვე გრილ ნიავს გადააბრალა საკუთარი შეგრძნებები… და არა იმას, ვინც მაცდურად უმზერდა ქვემოდან. მაინც არ წამოეგებოდა მის პროვოკაციას…
-გეწყინა? თუ გინდა სიის სათავეში დაგაბრუნებ…
-ძილინებისა… -თავი სიცილით გააქნია ნენემ და ოთახში შევიდა.
ფრთხილად მოხურა კარებიც და ფანჯარაც.
გარედან შემომავალი ხმაური ოთახიდან დაუპატიჟებელი სტუმარივით გაიზუტა და იქვე დაბინადრდა. როცა გათენდებოდა, ის ისევ მთელი თავისი ქაოსური სიანჩხლით შემოიჭრებოდა ნენეს ოთახში და კიდევ უამრავჯერ აურევდა გულსა და გონებას…
გვერდითა აივნიდან კი აღარ შემოხვდებოდა მოცეკვავე ალში გახვეული თვალებით. დადა მეორე დღეს უკვე თავის სახლს დაუბრუნდა და მშობლებს მხოლოდ სტუმრობდა.
გამოძიების პარალელურად ნენემ დამწყებ იურისტად დაიწყო მუშაობა ერთ-ერთ მარკეტინგულ კომპანიაში. უბრალო ხელშეკრულებებს აფორმებდა დამკვეთებისათვის და საშუალო ზომის კომპანიაში იურიდიულ საქმეებს აგვარებდა. დირექტორიც ახალგაზრდა, თანამედროვე გოგო იყო, საკუთარ საქმეს შესანიშნავად ართმევდა თავს და ნენესაც მოსწონდა მათ გარემოცვაში ყოფნა.
ცოტა ხნით ნერვებს ასვენებდა ყველაფრისგან, როდესაც მუშაობდა და რიოს არ დასდევდა კუდში, ან ლანასთან ერთად გამოძიებაში არ იყო ჩართული.
-გავიგე, სამსახური დაგიწყია... -შეპარვით დაიწყო კოტემ. რა თქმა უნდა, ლანასგან გაიგებდა...
ნენეს არც უფიქრია, რომ აქამდე თავად აეხსნა მისთვის, რომ ახლა დამატებითი შემოსავალი წყალივით სჭირდებოდა მათ ოჯახს.
ლანა იგვიანებდა, ამიტომ განმარტოებით უწევდათ ცოტა ხნით საუბარი.
-დიახ... სანამ ჩვენ დავიწყებდით ამ საქმეს, მანამ მქონდა სამსახურის ძიება დაწყებული. ისეთი არაფერი, ჩვეულებრივი კომპანიაა, მარკეტინგულ მომსახურებას უწევს კომპანიებს და ელემენტარული ხელშეკრულებების დამზადება სჭირდებათ.
-რატომ მიხსნი, ნენე... -თბილად გაეღიმა კაცს. ნენეს დაძაბული სხეულიც ოდნავ მოეშვა. -კარგია, რომ მუშაობ, მომილოცავს. უბრალოდ, მე რატომ არ მთხოვე, უკეთეს ადგილას შემეძლო რეკომენდაციის გაწევა.
-რეკომენდაციის გაწევა ჯერ ნაადრევი ხომ არ არის? -გული გაუთბა ნენეს, თანაც თავისივე სიტყვები შეახსენა კოტეს რეკომენდაციის გაწევასთან დაკავშირებით, როცა ამ საქმეს კიდებდნენ ხელს. -თანაც დამოუკიდებლად მაინტერესებდა, თუ შევძლებდი სამსახურის პოვნას. თქვენი მადლიერი უსასრულოდ ვიქნები, მაგრამ... მე, ხომ ხვდებით...
-მესმის, მესმის. შენი ნიჭისა და მონდომების პატრონს არასოდეს გაუჭირდება წარმატების მიღწევა. თანაც ხომ იცი, დაუმსახურებელი ქებისა და რეკომენდაციების დარიგება არც მე მიყვარს...
-მაგრამ თქვენს სიტყვას სხვა მნიშვნელობა და ძალა აქვს ყველასთვის. ცუდად არ მინდა გამიგოთ, მაგრამ... -კარგად დაფიქრდა, მგონი არც ისე კარგი აზრი იყო ამაზე ხმამაღლა საუბარი, მაგრამ რახან დაიწყეს, უნდა გაეყვანა კიდეც ბოლომდე საკუთარი სათქმელი. თუ თავის სიმართლეს ვერ დაამტკიცებდა, სხვისი სიმართლის დაცვას და დამტკიცებას როგორღა შეძლებდა? -როდესაც წარმატებულ ნაბიჯებს გადავდგამ, არ მინდა ჩემს შესაძლებლობებში ვინმემ ეჭვი შეიტანოს და თქვენი დღეს გამოწვდილი დახმარების ხელი, ზეგ წამოსაძახებელი გამიხდეს...
-აბა, აქ რატომ ხარ? -თვალები დააწვრილა კოტემ.
ჭკვიანი კაცი იყო, ნენესაც ბავშვობიდან იცნობდა და მისი ნათქვამი სიტყვების სწორად გაგება არ გასჭირვებია.
-მინდა საკუთარ თავს რაღაცები დავუმტკიცო... და თქვენც.
-მეც უნდა დამიმტკიცო რაიმე? -წარბები აზიდა ცერცვაძემ და გაეცინა.
-დიახ.. ეს ამბავი რომ ჩაივლის, მინდა თქვენი აზრი და შეფასება მოვისმინო, რამდენად გამომდის ეს საქმე. ამან შეიძლება გადაწყვეტილება არ შემაცვლევინოს, მაგრამ ხომ შეიძლება საკუთარ თავს შევხედო განსხვავებულად? მინდა, რომ ჩემი მასწავლებელი იყოთ...
გაბადრულ ღიმილზე დაეტყო კაცს, რომ ესიამოვნა ნენეს გულწრფელი სიტყვები, თუმცა გულის სიღრმეში ყრუდ გაუელვა აზრმა, რომ მისნაირი ხასიათისა და ბუნების ადამიანს ძალიან გაუჭირდებოდა ცბიერებითა და ღალატით ავსებულ უსამართლო სამყაროში სიმართლის გატანა.
-კარგი, მაშ, ასე იყოს. -ტაში შემოჰკრა მხურვალედ და თვალი ჩაუკრა გოგონას.
ლანაც სწორედ ამ დროს შემოვიდა ოთახში და საქმის ახალი დეტალების განხილვას შეუდგნენ.
-სადღაც ივლისში... -დაიწყო კოტემ, ორივენი ყურადღებით უსმენდნენ, -ნუცუბიძის საქონელი გადაიტვირთება ბელორუსიაში. პორტი ჯერ არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ ნაკაშიძესაც იქედან შემოჰყავს მანქანები.
-მამა, შენს ჯგუფს როდის შევხვდებით? -მოუთმენლად ჰკითხა ლანამ, -რა? მინდა, რეალურად...
-შენ გგონია, მე ვთამაშობ, ლანა? -ისეთი სუსხიანი ჰქონდა ხმა ცერცვაძეს, ნენემ საკუთარ თავზე მიიღო მისი შენიშვნა და უსიამოვნოდ აიწურა.
ლანასაც სახე აელეწა.
-თუ გინდა, ამ საქმესთან გქონდეს შეხება, დამაცადე ყველაფერი გაკეთდეს ისე, როგორც ამას ვიტყვი მე, ხელმძღვანელი. ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც საქმეს სჭირდება და სწორია. მეორედ პრეტენზია აღარ გავიგო, თორემ უსიტყვოდ დატოვებ აქაურობას.
ხმა აღარ გაუღია ცერცვაძის ქალიშვილს. სხეული ლარივით დაეჭიმა და ნენემ ერთიანად იგრძნო მისგან მომავალი დაძაბულობას შერეული სირცხვილის მწარე სურნელი.
-თქვენ ფიქრობთ, რომ ისინი ითანამშრომლებენ? -სიტუაციის განმუხტვა სცადა ანდრონიკაშვილმა.
-საფუძვლიანი ეჭვები გვაქვს, თუმცა აქამდე ნაკაშიძეს თავისი ბიზნესი შავ საქმეში არ გაურევია. ახლა იმაზე საეჭვოდ იქცევა, ვიდრე ოდესმე. და დამიჯერეთ, ეგ კაცი სულ საეჭვოდ იქცევა. ეგ მიიღეთ მოცემულობად.
ნენე მაშინვე დაიძაბა, როდესაც ლანამ გვერდულად გადმოხედა. ვაითუ, ახლავე დაფქვასო მამამისის წინაშე ყველაფერი, მაგრამ ცერცვაძემ პატიოსნად შეუნახა ნენეს საიდუმლო მეზობელზე.
დადა ხომ ისედაც დიდი ხნის წინ გადავიდა იმ კორპუსიდან, ახლა რამის თქმას რაღა აზრი ჰქონდა...
-ეგ დადა... -დაქაჩული თვალებით გადმოხედა ლანამ, არ ელოდა, რომ თავად ნენე შეძლებდა ნაკაშიძეებთან მეზობლობაზე სიმართლის თქმას. -ახლახანს გადმოვიდა მისი ოჯახი ჩემს მეზობლად.
კოტემ უცნაურად დააწვრილა თვალები.
ვერაფრით დამალავდა მისგან ასეთ ინფორმაციას. იცოდა, რამხელა დრო და ენერგია ჩაედო გამომძიებელს ამ საქმის გახსნაში.
დარწმუნებული იყო, რომ ეს ინფორმაცია დიდად არაფერს შეცვლიდა იმის გარდა, რომ ნენე გამოძიებას ხელს არ შეუშლიდა და ვერც უფროს ცერცვაძეს დაუმალავდა რაიმეს.
-პირადად იცნობ?
-არა.
-აქამდე რატომ არ თქვი?
-აქ ვერ გამოგიჭირეთ და არ მინდოდა ტელეფონით ამაზე საუბარი, ლანამაც ახლახანს გაიგო.... თანაც მხოლოდ დამინახავს შორიდან. ისეთი არაფერი მომხდარა, სანამ აქ არიან, რომ ეჭვი ამეღო... თორემ სხვაგვარად მოვიქცეოდი.
-არა, სახლამდე არ მოაქვთ მამა-შვილს ეგეთი ამბები, ნუგზარის ცოლი, დარწმუნებული ვარ, ჭურშიც კი ზის და წარმოდგენა არა აქვს თავისი ქმარ-შვილის საქმიანობაზე... თვითონ დადა, როგორც ვიცი, ლისზე ცხოვრობს.
-ამაზე არ მაქვს ინფორმაცია, როგორც ჩანს მშობლებთან რჩებოდა რამდენიმე დღით. -მხრები აიჩეჩა ნენემ. უეცრად მოეშვა გულს, ამდენ ხანს ნანახი საიდუმლოსგან რომ გაითავისუფლა ნამუსი.
ლანა ისევ თავის ბავშვობის მეგობარს შეჰყურებდა და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ცხოვრებაში პირველად ხედავდა.
-კარგი, თუ რამე ისეთი იქნება, შეგვატყობინე, მაგრამ ხომ იცი... ზედმეტად ნუ ჩაერევი და ნუ დაასწრებ იმას საეჭვოდ მოქცევას. იცოდე, აუცილებლად შეამჩნევს და კვალში ჩაგიდგება, მე კი მომიწევს საქმეს ჩამოგაშორო. ნაკაშიძის გადაკიდება არ არის კარგი ამბავი. კარგი, ნენე? -მზერა გაუსწორა კოტემ, თანხმობას ელოდა გოგონას ცისფერი თვალებისგან.
ნენემ თავი რომ დაუქნია, შემდეგ თავის ქალიშვილს გადახედა, ყურადღებით მისმინეო. -საქმე დიდ ფულს ეხება, არაა გამორიცხული, რომ უარს ვერ იტყვის ამხელა თანხაზე. ნაკაშიძე ერთხელ უკვე შეხვდა ნუცუბიძეს ორი კვირის წინ, ძველ ფაბრიკაში მუხიანიდან რამდენიმე წუთის სავალზე.
უარესად დაიძაბა ნენე, მაგრამ კოტე ისე საუბრობდა, აშკარად ეტყობოდა, რომ არც რიოზე იცოდა რაიმე და არც მასზე.
-უეჭველად ამ საქმეზე ისაუბრეს. საიდუმლო ინფორმაცია გადაცემულია საზღვარგარეთ შესაბამის უწყებებთან... თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ერთი გასროლით ორ კურდღელს დავიჭერთ.
-და მესამე? ნანავა... -ხმა ამოიდგა ლანამ. ისე გამოიყურებოდა, თითქოს რადიკალურად განსხვავებული, ახალი ადამიანის ცივი სისხლი გადაუსხეს. -ეგ ტიპი საერთოდ არაფერ შუაშია. ამ ორთან არანაირად არ იკვეთება, არც იმ სმირნოვთან იკვეთება... ნატალიამ გადაკოცნა ორჯერ და რა, ბოროტმოქმედია? მაგ ნატალიას სოციალური ქსელები ზეპირად ვიცი. ხან ვისთან სვამს ყავას და ხან - ვისთან. მაგ კაცს არც ქონება აქვს იმდენი და არც ბიზნესი...
-ხომ შეიძლება სურვილი ჰქონდეს „იმდენი“ ქონების და ბიზნესის მოგროვების? -რიტორული შეკითხვა დაუსვა შვილს უფროსმა ცერცაძემ. -თანაც ინიციალებს ხომ დააკვირდით, ეგეც ყურადსაღებია. ივანოვი “Н.Д.” -ს ინიციალებზე გასცემს თავის ბრძანებებს. ამ კაცს, ასე რომ ვთქვათ, ერთგვარი ახირება აქვს, სახელებით მიმართვა არ უყვარს... თავის შვილსაც კი არ მიმართავს ნორმალურად. ყველა ადამიანზე, ვისაც ოდნავ მაინც აქვს კავშირი ამ საქმესთან, თვალი უნდა გვეჭიროს. ეს არ არის ერთი, ან ორი ტიპის დანაშაული, ჩათვალეთ, ობობის ქსელში ერთი კვანძია ნაკაშიძე, მათ უკან უამრავი ბოროტმოქმედი დგას და კიდევ მეტს იზიდავენ თავისთან... ზოგს ფულით, ზოგს შანტაჟით... თქვენი საშინაო დავალება დიმიტრი ნანავას კარგად შესწავლა იქნება. როგორც ჩანს, ვერ აფასებთ სათანადოდ...

ლანა აღრენილი გამოვიდა უფროსი ცერცვაძის კაბინეტიდან. ნენეს თავს კი საერთოდ სხვა ქარიშხალი ტრიალებდა. ვაითუ, რიოც როგორმე გაეხვიათ ამ ყველაფერში...
ეზოში გავიდნენ თუ არა, ლანა გაცხარებით მოუბრუნდა ჩაფიქრებულს. ანდრონიკაშვილი წამიერად შეკრთა. არ ელოდა მისგან ასეთ სხარტ მოქმედებას. ლანას ბრაზით უელავდა თვალები.
-ყოჩაღ, ნენე!
-რა გაყვირებს, რა მოხდა... -ხელზე მოქაჩა, მიანიშნა, ხმადაბლა ისაუბრეო.
-რა მოხდა? -ხმას დაუწია ლანამ, კბილებს შორით ჩურჩულით მოცურავდნენ მისი სიტყვები. -მე არ მომეცი მამაჩემისთვის იმ ნაკაშიძეზე რამის თქმის უფლება, ლამის ისიც კი გავიფიქრე, რომ მოგეწონა და ხელს აფარებდი...
-რაო? -წარბები შეყარა გოგონამ, ისე მიაჩერდა მეგობარს, როგორც უცხოპლანეტელს, არსებას სხვა განზომილებიდან. -რამ გაფიქრებინა...
-აღარ ვფიქრობ, დაწყნარდი! მაგრამ შენ კი გამოიჩინე კარგად თავი... -ცივად ჩაეცინა, ნენეს კი ცივი წყალივით გადაევლო მისი განწყობა სხეულზე. -ისე გამოვიდა, თითქოს მე მნიშვნელოვანი ინფორმაცია დავმალე, შენ კიდევ კეთილსინდისიერება გამოიჩინე და...
-ჯერ ეს ერთიც, შენ რატომ უნდა გეთქვა ჩემი სათქმელი კოტესთვის? -ხმა გაუმყიფდა ანდრონიკაშვილს, ბრაზით დაუგრძელდა კისერი და ალმური მოედო სახეზე. ეტყობოდა, რომ ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობა არ იყო და უჭირდა მეგობართან კამათი. -მერე მეორეც, არავის არაფერი დაუმალავს, მე ავხსენი საკუთარი საქციელი. ჩვენი მეზობლობა არც ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც ეს შენ გგონია. ხომ გაიგონე, კოტემაც ზუსტად ის თქვა, რაც მე. ზედმეტად არაფერი შეიტყოთო... ეს თამაში არ არის!
-არამგონია, შენ რამე შეგეტყოს. -ერთი ნაბიჯით დაშორდა მეგობარს ლანა. ნენემ ვერ გაიგო მისი სათქმელი, თუმცაღა სიშორე კი იგრძნო, მათ შორის ჩავლილი პირველი ნიავი ზედმეტად სუსხიანი მოეჩვენა ზაფხულის მცხუნვარე დღეს.
-ლანა, როგორ მელაპარაკები?
-ჩვეულებრივად. ჩემთვის უნდა გეთქვა... თუ თქმას აპირებდი და არც მე მექნებოდა ისეთი გამოთაყვანებული სახე!
-შენ მე უხერხულ მდგომარეობაში არ ჩამიგდიხარ, ვთქვი, რომ არც შენ იცოდი რამე და არც მე მინახავს ზედმეტად ნაკაშიძე. ტყუილად მტკენ გულს.
-გულს არ გტკენ, მე ერთს მეუბნები, მამაჩემის წინაშე მეორეს აკეთებ...
-შენ რა გგონია, ასე ვცდილობ კოტეს კეთილგანწყობისა და ნდობის მოპოვებას? უბრალოდ, წინასწარ არც კი დამიგეგმავს... მე ახლაც ვფიქრობ, რომ ეს ინფორმაცია არ არის მნიშვნელოვანი, ახლაც ვფიქრობ, რომ ჩვენ ზედმეტად არ უნდა ჩავერიოთ, ერთადერთი, რაც შეიცვალა ის არის, რომ კოტემაც იცის ამაზე. ხომ ხედავ, არც მან ჩათვალა... რას მახსნევინებ, არ მიცნობ საერთოდ?
-რა ვიცი, აშკარად ჩემზე უკეთ გამოგდის მისი კეთილგანწყობის მოპოვება. -თავისთვის ჩაიბურტყუნა ლანამ და მანქანისაკენ წავიდა.
ნენე ისე იყო განაწყენებული და გაბრაზებული, ადგილიდან არ დაძრულა. ვერაფრით გაიხსენა, მართლა უთხრა თუ არა, რომ ამ ამბის კოტესგან დამალვას აპირებდა...
იმხელა პატივისცემა და რიდი ჰქონდა იმ კაცისა, არაფრით ეტყოდა, მამაშენს არაფერი უთხრაო, ამაზე არც კი უფიქრია.
აქედან ახლოს იყო ანდრონიკაშვილის ახალი სამსახურის ოფისი. ლანას უარი უთხრა უგულოდ შემოთავაზებულ დამგზავრებაზე და ფეხით ჩაუყვა გზას.
-ნენე, მშვიდობა გაქვს? -წარბებაწევით შემოეგება ლიკა ახალ თანამშრომელს. სამსახურში ასე უახსიათოდ არასოდეს იჯდა, რაღაცაზე ჩაფიქრებული და დაღვრემილი, პირიქით, ნენე ყოველთვის მონდომებასა და სიმშვიდეს ასხივებდა.
მათ შორის ახლადდაბადებული ნაცნობობა უფლებას არ აძლევდა წერეთელს, რომ გაბედულად ეკითხა რა აწუხებდა.
-არა, არაფერი, ლიკა... -უცებ მოცოცხლდა, -თავი ამტკივდა უბრალოდ. რამე გინდოდა?
-კი.. ჩემს ორ ნაცნობთან ვაფორმებთ ახალ ხელშეკრულებას. როგორც იქნა, დავაჯერე, რომ მარკეტინგშიც ჩადონ ფული... -აღტაცებული ჩანდა ლიკა წერეთელი. ნენესაც წამში გადაედო მისი განწყობა, -ხოდა, მეილზე ჩაგიგდებ დეტალებს, გაამზადე ყველაფერი და ორ საათში შენც წამოდი შეხვედრაზე, კარგი? ხო მოასწრებ?
-კი, მოვასწრებ, -სკამზე გაიმართა და თავადაც გაუღიმა.
-ოქეეი,-უცებ შეძვრა ლეპტოპში ლიკა და რაღაცების აკრეფა დაიწყო, პარალელურად ენას არ აჩუმებდა. -ერთი საფეხბურთო კლუბი იქნება, მეორე ძველი ბიზნესია, მაგრამ გვინდა რომ უფრო მაღალბიუჯეტიან აუდიტორიაზე გავიყვანოთ. ეს ტრადიციული აზროვნების ხალხი, ხომ იცი, სოციალურ ქსელებს ეჭვის თვალით უყურებს, არადა, მომავალი ციფრულია, გენაცვალე...
ნენე მორალურად ემზადებოდა მორიგ „ტრადიციული აზროვნების“ ბიზნესმენთან შესახვედრად. თითქმის ყველა მათგანი პატარა ბავშვივით სვამდა კითხვას „რატომ“ და პასუხის მიღებისას ისეთი სახე ჰქონდათ, თითქოს კმაყოფილები არ იყვნენ მოსმენილით.
ნაცნობი სახელისა და გვარის ამოკითხვისას ცივმა ოფლმა დაასხა ხერხემალზე.
ეს კაცი გადაეკიდა? ბედი დასცინოდა? სამყარო იყო ზედმეტად პატარა იმისთვის, რომ რაც შეიძლებოდა შორს ყოფილიყო დადა ნაკაშიძე მისგან?
დრო ისე გაიწელა შეხვედრის დაწყებამდე, თითქოს განზომილებები ერთმანეთში აირია. მუცელი საშინლად ასტკივდა ნერვიულობისგან.
სამყარო ყველა მიზეზს აძლევდა ეს კაცი რომ შეეძულებინა და ამავდროულად, ყველა სიტუაციაში ახლოს ყოფილიყო მასთან.
ჯერ სახლში, მერე რიოს ამბებში, გამოძიებაშიც კი ის იყო გარეული, ახლა ლანასთან ურთიერთობაც მის გამო აერია... ეს არ იმყოფინა და სამსახურშიც კი მოადგა!
ოთახში შესულმა მტრული მზერა ვერ მოზომა.
დადა ჯერ განცვიფრდა ძვირფას დეიდაშვილს უკან კიდევ უფრო ძვირფასი საწვალებელი რომ ამოუდგა, შემდეგ კი ფართოდ გაეღიმა და ეშმაკური სიცილით გაეხსნა ნათელი სახე. შესუნთქვისას თითქოს თან წაიღო ოთახში ნენესთვის განკუთვნილი მთელი ჰაერი.
ცალყბად გაღიმებულმა შეათვალიერა ოფიციალურ ფორმაში გამოწყობილი განრისხებული ანდრონიკაშვილი და ყველა ემოცია ერთიანად დაეწერა სახეზე - კმაყოფილება, წამების სურვილი, გაოცება და კიდევ მილიონი ამოუცნობი და ერთმანეთზე უარესი გრძნობა.
თეთრი მაისური ეცვა და ტელეფონს უინტერესოდ ათამაშებდა ხელში მათ გამოჩენამდე.
შემდეგ ფეხზე წამოდგა და ხელოვნური მონდომებით ჩამოართვა ხელი საქმიან ქალბატონებს.
-ნუ ფოკუზნიკობ, -გაეცინა ლიკას და ნენე გვერდით მოისვა, -ეს ჩემი იურისტია, ნენე ანდრონიკაშვილი. ნენე, დადა ჩემი დეიდაშვილია და “NKS MOTORS”-ის მფლობელ-დამფუძნებელ-ფინანსისტ-ანალიტიკოს-იურისტი.
-მთლად ეგრეც არ არის, -ქაღალდებში ჩაფლულ ლიკას მიმართა, თუმცა ნენეს არ აშორებდა მზერას მტრულად მომზირალ თვალებზე. -ავიყვანე ბუღალტერი და ფინანსისტი. ვიცნობთ ჩვენ ერთმანეთს...
-ვა, მართლა? სად გაიცანი?
-ჩემს საძინებელში. -ისე წარმოთქვა ნაკაშიძემ, თითქოს მთელი ცხოვრება ამ შეკითხვის დასმას ელოდა, რომ შემდეგ ეს პასუხი გაეცა.
-მეზობელია. -აწითლებული ლოყები და ბრაზისგან გაველურებული თვალები შეაგება მის უსირცხვილო თეთრ ალებს ნენემ. უკვე ძლივს იმორჩილებდა ხმას.
ლიკამ გაოცებით შეხედა ჯერ ერთს, მერე მეორეს და ფურცლებს თავი მიანება.
-ეს ის არ არის, რასაც მე ვფიქრობ? -სიცილს ძლივს იკავებდა წერეთელი ნენეს სახის დანახვისას. ამის გაგონებისას, ლამის ადგილიდან აორთქლდა.
-ციცი დეიდას წნევა ჰქონდა, -მშვიდად დაიწყო ახსნა ანდრონიკაშვილმა, რომ არა მისი მოთმინების უღრმესი ფიალა, აუცილებლად ადგილზე მიახრჩობდა იმ ტუტუცს. -გასაზომად ჩავედი და იქ შემოვრჩი... მერე ჩემს ძმასთან დალაპარაკება მინდოდა და შემთხვევით შევედი... ამის ოთახში. ქურდი ვეგონე და აივნიდან შემოძვრა დასაჭერად. ხელში მე შევრჩი. სულ ეს არის.
-ხო, ამის შემდეგ მტრები ვართ. -ღიმილით დაუყვავა დადამ.
ტუჩებს კბილები დააჭირა ნენემ, საპასუხოდ რამე მწარე რომ არ ეთქვა. საკუთარ ბრძოლის ველზე არ იყვნენ, ამიტომ თავგამოდებით ომს ვერ დაიწყებდა ნაკაშიძის წინააღმდეგ, რომელიც აშკარად ერთობოდა ამ სიტუაციით.
-მაგარია, -მხარი გაკრა ლიკამ ნენეს გასამხიარულებლად. თვალებით ანიშნა, ნუ გაქვს ეგეთი სერიოზული რეაქციაო.
როგორც ჩანს, ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ დეიდაშვილებს, ასე თავისუფლად რომ იყვნენ ერთმანეთთან.
-ის ბედოვლათი სადაა?
-საცობში, სად იქნება? მალე მოვა. -საზურგეს თავისუფლად მიეყრდნო და ოდნავ წამოიწია სკამიდან, ტელეფონი ჯიბეში რომ ჩაედო.
ლიკას მობილურიც მაინც და მაინც მაშინ აწრიპინდა, თვალებით ანიშნა, ორი წუთით გავალ და დავბრუნდებიო.
კარი რომ გაიხურა, მაშინვე იფეთქა მათ შორის მოწრიპინე ნაღმმა, მხოლოდ წერეთლის ხათრით რომ იყო უსაფრთხო მდგომარეობაში.
სიტყვები საჭირო სულაც არ იყო, ისე აელვარდნენ ცეცხლივით ნენეს სახე და თვალები, ფრონტის მეორე მხრიდან შემოგებებული სიმშვიდე და ცბიერი მზერა უარესად ანრისხებდა, საკუთარ თავს ვერ ცნობდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა აქამდე გოგონას, რომ ამხელა ბრაზისა და რისხვის გრძნობა შეეძლო ვინმეს მიმართ.
-მოგწონს აქაურობა? -თითები სასხვათაშორისოდ აათამაშა დადამ ხის მაგიდის კიდეზე და უფრო კომფორტულად მოთავსდა.
-როცა შენ არ ხარ აქ, მხოლოდ მაშინ.
თავი უკან გადაქინდრა ნაკაშიძემ და ხმამაღლა გადაიხარხარა. განიერი მხარ-ბეჭი და ადამის ვაშლი მხიარულად აუთამაშდა ძლიერ, ხორბლისფერ კისერზე. ისეთი მომხიბვლელი იყო, რომ არ სცოდნოდა, მასზე იცინოდა კიდევ დიდხანს არ მოსწყვეტდა თვალს ნენე.
-რა გაცინებს?! ვინ ამბობს პროფესიულ გარემოში ასეთ რაღაცებს? -ოდნავ წინ გადაიხარა ნენე, ხმადაბლა საუბრობდა, გარეთ რომ არ გასულიყო მისი ხმა.
ბრაზისგან უთრთოდა ნაზი, ვარდისფერი ტუჩები, სიმწრისგან ისე მწარედ რომ ჰქონდა დაკბენილი, ოდნავ შეწითლებოდა.
-აბა, ტყუილი მეთქვა?! -ნახევრად გაეღიმა. თვალებს ისევ უადგილოდ დააცეცებდა გოგონას სახეზე, თავად ისევ აუტანელი იყო.
-საერთოდ გაჩუმებულიყავი, რომელი ნაცნობები ჩვენ ვართ?!
-რა ვიცი, ისე გაგულისებით მეჩხუბები ყოველი შეხვედრისას, თავი ახლობლად ვიგრძენი. თან როგორი სამართალდამცველი ხარ, ხალხს ტყუილის თქმისკენ რომ მოუწოდებ?!
ნენე სულ გადაირია ამის გაგონებისას, ვერაფრით ხვდებოდა, როგორ ახერდებდა ეს ადამიანი, რომ ორი სიტყვით გამოეცალა მისი მოთმინების ფიალა.
გულში სისხლი უდუღდა.
-არ დამელაპარაკო, -სიმშვიდის უკანასკნელი წვეთები ჩაეღვარა ხმაში ანდრონიკაშვილს. -არ გიცნობ და არ მიცნობ.
-თვალებში დაგეტყობა, რომ მიცნობ. -თავი გვერდზე გადახარა დადამ, -გაწითლდები…
-არ ვწითლდები!
-რა სამწუხაროა, რომ ამ ოთახში სარკე არ არის.
-პირიქით, უნდა გიხაროდეს, რომ ბასრი საგნები არაა ხელშესახებ მანძილზე. -მაინც გამოიწვია, მაინც წამოაგო ანკესზე, გრძნობდა მისი კაუჭის შხამსა და სიმწარეს ნენე.
გაბადრული უღიმოდა და თვალებით სწავლობდა დადა მის წინ მჯდომ გამარქაფებულ ქალბატონს.
საკუთარ შეგრძნებებს ყურს არ სთხოვნიდა, თორემ არც ასეთი თამამი იქნებოდა მის წინაშე, რომ სცოდნოდა თავად მოუბრუნდებოდა ცუდად საკუთარი მაცდური საქციელი.
ნენესთან ყოფნისა და საუბრის სიამოვნებას წვალებით მიღებულ კმაყოფილებას არქმევდა სახელად.
ხვდებოდა, ზოგადად მორცხვს როგორ უჭირდა უცხო ადამიანებთან კონტაქტი და მას რომ ასე გამეტებით ემუქრებოდა, ისე სიამოვნებდა, ვერაფრით უშვებდა მისთვის ხაფანგის დაგების შანსს ხელიდან. თანაც არც მსხვერპლი ებმებოდა ხშირად მახეში, მხოლოდ ათასში ერთხელ და ამასაც აზარტში შეჰყავდა ნაკაშიძე.
დროულად შემოუსწრეს ლიკამ და მის მიერ ხსენებულმა “ბედოვლათმა” ოთახში.
ერთმანეთს პატარა ბავშვებივით ელაზღანდარავებოდნენ და ერჩოდნენ.
ის ბედოვლათი, რა თქმა უნდა, ლუკა აქიშბაია იყო, რომელმაც მაშინვე იცნო ბარში გამომლაპარაკებელი გოგონა და გაკვირდა.
-გაიცანი, ნენე, ჩემი იურისტი…
-ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, -ეჭვით მოჭუტა თვალები აქიშბაიამ, ლიკა ახლა მართლა გულწრფელად გაოცდა.
-აღარ ვიკითხავ, სად გაიცანი…
-ბარში გამტისკა მაგრად, -თბილად ჩამოართვა გოგონას ხელი და თავი დაუკრა. -მაგის მერე აღარ დამილევია ვისკი, სხვათაშორის.
-სამაგიეროდ ლუდით სკდები, -დაუყვავა წერეთელმა და ყველანი მოთავსდნენ. -რაო, ნენე, რა უქენი?!
-როგორც გულშემატკივარმა ჩემი გულისტკივილი გავუზიარე…. -ახსნა დაიწყო, ისევ მშვიდად.
დადა კარგად აკვირდებოდა მის თავშეკავებულ საუბარს, მანერებსა და გამოხედვას. ყველაფერს ისე ბუნებრივად აკეთებდა, რომ ერთი შეხედვით დარწმუნდებოდა ადამიანი მის გულწრფელობასა და სინამდვილეში. თან ისეთი გადამდები იყო ნენეს უპრეტენზიო და მშვიდი განწყობა, ყველაზე გულდამძიმებულ ადამიანსაც კი შეახსენებდა როგორია მშვიდად სუნთქვა.
-მითხრა, რომ სამოყვარულო ლიგის “ზამენის” ფეხბურთელივით ვიქცევი. -ისე წარმოთქვა აქიშბაიამ, ეტყობოდა, რომ მტკივნეულად ჩარჩა მისი სიტყვები გულში.
ნენემ ახლა თავი დამნაშავედაც კი იგრძნო სიმთვრალეში დაუზოგავი სიმართლის ფრქვევის გამო.
ლიკამ ხმამაღლა გადაიკისკისა, დადასაც გაეღიმა ფართოდ, თუმცა ჩაფიქრებით. დაბალ წვერზე მოისვა ხელი და თავი გააქნია გონებაში სოკოებივით ჯგუფ-ჯგუფად წამოზრდილი ფიქრების გასაფანტავად.
-“ზამენა” არ მითქვამს… -შეასწორა ნენემ.
უეცრად თავადაც თავისუფლად იგრძნო თავი მათ გარემოცვაში. დადას გამოკლებით, რა თქმა უნდა, ის აღარც უყურებდა და აღარც საუბრობდა, ამიტომ დიდად აღარ აწუხებდა ანდრონიკაშვილს მისი იქ ყოფნა.
-მთლად ვეღარ გაგწირა, -გაეცინა წერეთელს და ფურცლები წინ გადაშალა. -სიმართლე კი გითხრა, რა გინდა… ვიცოდი, რომ სწორი კადრი ამყავდა!
-კაი, აბა, რა ტიკ-ტოკიო და ამბები?! -ტაში საქმიანად შემოჰკრა აქიშბაიამ.
-ჯერ რა დროს ტიკ-ტოკია. მოკლედ, დავიწყებ თავიდან…
ლიკამ დაწვრილებით აუხსნა, რა მომსახურებას სთავაზობდა თითოეულს და რატომ იყო საჭირო ამ მარკეტინგული სტრატეგიების მათ ბიზნესებში დანერგვა. მთლად ნდობით არა, მაგრამ ყურადღებით უსმენდნენ წერეთლის მონოლოგებს. ბოლოს იურიდიული მხარეც გააცნო ნენემ ფორმალურად და ხელიც მოაწერინა საჭირო საბუთებზე.
მხიარულად შემოსცხო ტაში ლიკამ.
-ეს ამბავი უნდა აღვნიშნოთ! -საათზე დაიხედა, -გაქვთ რამე საქმე? სამუშაო საათები ამოიწურა…
-არა, რა საქმე… -“აღნიშვნის” ხსენებისთანავე სახე გაებადრა აქიშბაიას და ფეხზე წამოდგა. -წავიდეთ…
ცალი ფეხი ჯერ კიდევ სტკიოდა და შეწუხებულს ისიც ეტყობოდა, რომ აქ ძალდატანებით იმყოფებოდა.
-ნენე, იცოდე, არც გეკითხები… უეჭველი მოდიხარ! -სანამ პირს გააღებდა ანდრონიკაშვილი მანამ მიახალა წერეთელმა.
-ხო, რა… -გვერდით ამოუდგა ლუკა აქიშბაია და ისეთი სახით დახედა ზემოდან, თითქოს ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენო. -რაღაც პონტში შენი დამსახურებაცაა აქ რო ვარ. ნუ ყოველ შემთხვევაში, ფხიზელი რომ ვარ აქ. შენმა სიტყვებმა მართლა იმოქმედა… ნუ ახლა, დადას მწარე მარჯვენასაც და დაუსრულებელ ჩიჩინსაც ვერ დავუკარგავ, მარა… არ მოგერიდოს, მოკლედ. წამო, პარასკევია, გავიცნოთ ერთმანეთი ესა, ისა…
უარის თქმას ვერაფრით შეძლებდა ასეთი სიტყვების მოსმენის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ნაკაშიძის გარემოცვაში დროის გატარების არანაირი სურვილი აღარ გააჩნდა.
დადას ხმა არ გაუღია. რაღაცას ჩასჩერებოდა ტელეფონში და ისე ელოდებოდა, როდის გაემზადებოდნენ გოგონები.
ათას შეკითხვას უსვამდა საკუთარ თავს ნენე მგზავრობისას და ყველა მათგანი როგორღაც საბოლოოდ მაინც საჭესთან მჯდომ ნაკაშიძეს უკავშირდებოდა.
როგორ ჰყავდა ასეთი კარგი მეგობრები მისნაირ ადამიანს? მაგრამ მისნაირს - როგორს? ათას სიბინძურეში უსაფუძვლოდ ეჭვმიტანილს? იქნებ, სულაც არ იყო ბრალდებები აზრს მოკლებული… როგორ შეეძლო მისნაირ ადამიანს ერთის მხრივ ათასი სიბინძურით ევაჭრა და მერე ტრამვირებული, თითქმის გალოთებული ფეხბურთელი ძმაკაცისათვის სახლიდან გასვლა და საკუთარი საქმის სიყვარულის გახსენება ეიძულებინა?!
-ეს ჭია რომ შემოგიჩნდება, -ენას არ აჩუმებდა აქიშბაია, ეტყობოდა თავადაც ყურადღების გადატანას ცდილობდა. -თორე მე ახლა ჩემს სახლში ყოფნა მირჩევნია… ან მარადონას საფლავზე ტირილი.
სევდიანი ღიმილი მოეფინა ყველას სახეზე.
ლუკა აქიშბაიას ტრამვის ამბავი მეხივით დაეცა მთელს ქვეყანას თითქმის ნახევარი წლის წინ. ნაკრების ფეხბურთელმა მაკედონიასთან შეხვედრის დროს გადამწყვეტ გოლს შესწირა მარჯვენა ფეხი.
მაშინ საქართველომ მოიგო, თუმცა ზეიმის თავი და სურვილი არავის შერჩენოდა, ისეთ დღეში ჰქონდა წვივი აქიშბაიას. ორივე სხივის ძვალი დამსხვრეოდა.
ქვეყნის იმედი ევროპის ჩემპიონობაზე გაელვებისთანავე მინავლდა და ლუკას ტრამვის შემდეგ დიდი ხანია არაფერს გაუხარებია ქართველი გულშემატკივარი.
თავად ფეხბურთელი ჯერ გადიოდა რეაბილიტაციას, მერე საბოლოოდ დაკარგა ისევ თამაშის იმედი. უკვე ოცდარვა წლამდე მიეღწია და ორ-სამწლიანი რეაბილიტაციის შემდეგ მხოლოდ სათადარიგო ფეხბურთელობას თუ შეძლებდა. თავის ოქროს მარჯვენას ვეღარ გამოიყენებდა და ამიტომაც აღარც გამოჩენილა სტადიონის სიახლოვეს. არც ფეხბურთელებთან კონტაქტობდა, არც მედიასთან, ფაქტობრივად ყველასთან და ყველაფერთან გაწყვიტა კონტაქტი, მოკლედ, ლუკა აქიშბაია თავისივე ჩამქრალი ვარსკვლავის სიბნელემ ჩაყლაპა.
ახლა ფეხბურთზე საუბრის ძალა რომ ჰქონდა ისიც იმ ადამიანის დამსახურება იყო, გვერდით რომ ეჯდა და მშვიდად მართავდა მანქანას…
-პატარა მჭყავანა ბავშვების მწყემსვა მაგრად მეზარება… რამე უკეთესი მოგეფიქრებინა, ბავშვი რო მინდოდეს, თან მაგდენი, მე თვითონ გავაჩენდი.
-ნუ წუწუნებ. -მობეზრებით შეუსწორა დადამ.
-ნუციკოს მოგიყვან და ეგ მიხედავს ყველას, ჩემი მშვიდობის მტრედი… -ტელეფონი მოიმარჯვა ლიკამ. ისეთი სახე მიიღო, აშკარად შვილთან რეკავდა. -ხო, დე… როგორი იყო ბაღში? მე ძაან ცოტა დამაგვიანდება, დედიკო, ბებოს დაუჯერე. ხო მე და ძია ვართ… შენთან უნდა ლაპარაკი ქალბატონს.
-ყურზე ვერ მივიდებ, ხმოვანზე ჩართე, -სახე სულ სხვანაირმა სიხარულმა გაუნათა დადას.
ამჯერად ნენე აკვირდებოდა გამჭოლი მზერით, ის ეშმაკიც ყველაფერს გრძნობდა და ამჩნევდა, ისე ეწვოდა მხარ-ბეჭი დაჟინებული მზერისაგან.
-ძიაკო, -პატარა ბავშვის საყვარელი ხმის გაგონებისას ვერც ნენემ შეიკავა ღიმილი. -დღეს გაბრიელს დავშორდი, შენ რომ მითხარი ბევრი შეყვარებული არ შეიძლებაო. ორი რომ დავიტოვო? თუ ბევრია?!
-ერთზე მეტი ბევრია, ცუციკო. -ღიმილიანი ჰქონდა ხმაც ნაკაშიძეს.
საკუთარი შეგრძნებები ვერ გააკონტროლა ნენემ, ასეთი დადას ხმის გაგონებისას. ირგვლივ დაბნეულმა მიმოიხედა, სხვამაც ხომ არ შენიშნაო ჩემი აღელვება.
-აუ, -დაიწუწუნა წამიერი ფიქრის შემდეგ პატარამ.
-შენ რო ვინმეს ჭკუას დაარიგებ… -გაეცინა აქიშბაიას.
-ლუკა ძიაც მანდაა?
-ნუცი, რამდენჯერ გითხრა, ეს ძია და ბებრული წოდებები არ მომაწებო-მეთქი?! მე ბიძაშენივით ბებერი კი არა ვარ…
-ვინაა ბებერი, ჩემი ძია? არა, არა… ცოლს რომ მოიყვანს მერე დაბერდება. ბებომ ასე თქვა. -გამოექომაგა ახარხარებულ ბიძამისს ნუციკო. -ძიაკო, გაკოცე, მიყვარხარ და კარგი, შენი ხათრით მეყოლება ერთი. მაგრამ სანამ გადავწყვეტ ცოტნე თუ რატი, ხომ შეიძლება ორივე იყოს?
-მე უფრო გაკოცე, ცუციკო.
-არა მეეე, -ჭყავილით გამოეპასუხა იქედან პატარა და ყველას დაემშვიდობა, როცა ბიძამისი დაითანხმა, რომ ორ შეყვარებულს არაუშავდა.
-ბავშვი ბიძას ასე ჰგავდეს, პირველად გავიგე. -დანანებით ჩაილაპარაკა ლუკამ.
დადა ყურადღებას არ აქცევდა. სპეციალურად ნუცასთვის განკუთვნილი მზერა და ღიმილი აღარ ფარავდა მის სახეს. ისევ გაურკვეველი გამომეტყველებით მართავდა საჭეს.
ნენე ძველებურად გაიხლართა საკუთარ ფიქრებსა და დასკვნებში, როგორც ობობა თავისივე მოქსოვილ ქსელში.
ფანჯარა ჩამოსწია და დაღლილი სახე მიუშვირა შებინდებული ქალაქის თბილ ამოსუნთქვას.
ხელზე დაიხვია აფრიალებული ოქროსფერი თმა და პერანგის საყელოში ჩამალა ზურგსუკან, ზედმეტად რომ არ ასჩეჩვოდა.
პირველად მიდიოდა სადღაც ლანას გარეშე, სხვებთან ერთად გასართობად.
მუცელში უცნაური შეგრძნება აუწრიალდა, ღელვას შერეული სიახლის განცდა.
პატარა ბართან გააჩერეს მანქანა და ერთდროულად გადმოვიდნენ ოთხივენი.
როგორც ჩანს ნაკლებად ცნობილი იყო აქაურობა, რადგან მაგიდები თითქმის ცარიელი დაუხვდათ, ირგვლივ კი მშვიდი მუსიკა უკრავდა.
მოეწონა ნენეს გარემო. ბევრ ხალხში გარევას ახლა ყველაფერი ერჩია.
ლუკა ათას კითხვას უსვამდა, სანამ თავიანთ მაგიდასთან მივიდოდნენ.
-რამდენი წლის ხარ?
-ოცდასამის გავხდები მალე, -საშინლად არ უნდოდა პატარა გამოჩენილიყო და ამაზე კომენტარი გაეკეთებინათ, მაგრამ ასე უფრო ბავშვურად გამოუვიდა.
-რას დალევ? -ჩვეულებრივად ჰკითხა დადამ. ეუცხოვა კიდეც მისგან ასეთი მომართვა ნენეს.
-რამე მსუბუქს… -უცებ ვერ მოიფიქრა დაბნეულმა და თვალებით სთხოვა შენ გადაწყვიტეო. მერე მიხვდა, რაც გააკეთა და უცებ დაამატა “მოჰიტო”.
-ხო, ბევრი არ დალიო, თორემ ამჯერად ვერ გადაგირჩები… მე მარტინი…
-შენ ფორთოხლის წვენი, -მკაცრად შეუსწორა დადამ, თითქოს პროტესტს არ ექცემდებარებოდა მისი გადაწყვეტილება.
-ბარემ “ნატახტარის” ლიმონათი დამალევინე და ნახევრადშეჭმული კიტრი დამაჭერინე ხელში პატარა ბავშვივით.
-ხოდა, შენც მოჰიტოს მიირთმევ.
-კაი, მე და ნენე მაინც ტოლები ვართ, უბრალოდ მე ერთი შვიდი წლით ადრე გავჩნდი…
ყველაფერზე ისაუბრეს და თან არაფერზე.
ნენეს უცებ შეუვარდისფრდა ლოყები, როფორც კი ალკოჰოლი მის სისხლს შეერია და სახეზე მოაწვა.
დადას გვერდით მშვიდად თანაარსებობა ისწავლა. ეს სიმშვიდე მაშინვე ერღვეოდა, როგორც კი გამოხედავდა ჩვეული სიეშმაკით, მაგრამ თვითონ იჭერდა თავს ნენე მშვიდად, როცა გული სინამდვილეში საგულეში ვეღარ ეტეოდა.
ნუციკოს ძალიან ენატრებოდა დედა, ამიტომ დიდხანს აღარ გაჩერებულან. ხალხმაც მატება დაიწყო და ნენე სიხარულით გამოვარდა ჰაერზე.
მძღოლმა თანმიმდევრობით დაარიგა ყველა სახლებში და რახან ანდრონიკაშვილო ქალაქის მეორე ბოლოში ცხოვრობდა, ყველაზე დიდხანს მგზავრობა მას მოუწია.
თავიდან ხმას არ იღებდნენ. ნენემ ლანასთან გაუშვა ზარი, მაგრამ არ უპასუხა და საშინლად მოიწყინა.
-ვერ გაერთე თუ რატომ ჩამოგტირის სახე? -წარბი აზიდა დადამ.
ნენეს სულაც არ ესიამოვნა, ის რომ უთქმელადაც კარგად ხვდებოდა რა სჭირდა და რაზე ფიქრობდა, თავად კი ათასუცნობიანი განტოლებასავით ამოუცნობი იყო ყველანაირად და ვერაფერს უგებდა.
-არ ჩამომტირის. გავერთე მშვენივრად. -კისერი დაიგრძელა და უფრო დაჟინებით გაიხედა ფანჯარაში.
-შენი ძმა როგორ იქცევა?
რიოზე შეკითხვას ყველაზე ნაკლებად მისგან ელოდა ნენე.
-როგორ უნდა იქცეოდეს? -გაკვირვებით გახედა.
კოტეს ნათქვამი სიტყვები ამოუტივტივდა გონებაში… როგორ იტყუებდნენ რიოსნაირ ბიჭებს დადასნაირი კრიმინალები ათას უბედურებაში… მერე ნუციკოც გაახსენდა, ლუკას სიტყვებიც, ლიკას დამოკიდებულებაც ამ ადამიანის მიმართ და თვითონ დადას ორსახოვანი, ამოუცნობი ბუნებაც… ვეღარ გაეგო, მშვიდად უნდა ყოფილიყო თუ უარესად ენერვიულა.
-როგორც იქცევიან ხოლმე ბიჭები მის ასაკში, -გადმოხედა და თვალებით პირველად მიანიშნა რაღაცისკენ. არ გინდა დამალვა, ისედაც ყველაფერი ვიციო.
-მგონი აღარ ჩხუბობს. შენ იცი ჩხუბობს თუ არა?
-თვითონ არ გეუბნება?
-რომ მეუბნებოდეს, ხომ არ გკითხავდი.
-ხოდა, თვითონ გითხრას. -ფანჯარა თავის მხარესაც ბოლომდე ჩამოსწია დადამ და შემოუშვა სუფთა ჰაერი.
ნენეს გრილი სურნელი სასიამოვნოდ უღიტინებდა, თუმცა მაინც მოიშორა თავიდან.
-შენ ხომ მითხარი, ახლოს რომ იქნები მერე გეტყვი, იქ რა მინდოდაო. -თვალები მოჭუტა ნენემ და მისკენ ნახევარი ტანით შემოტრიალდა.
მზერა გააყოლა დადამ გოგონას სხეულის ქმედებას და უცნაური ცნობისმოყვარეობით აციმციმებულ თვალებს.
-ხოდა, გისმენ.
-რატომ გაინტერესებს? -გაეღიმა ნაკაშიძეს.
ცალი ხელით მართავდა საჭეს, მეორე თავისუფლად ედო მუხლზე და თითებს ზედ ათამაშებდა.
-იმიტომ რომ თქმას დამპირდი.
-რის მოსმენას ელოდები? -თვალი გააყოლა ნენეს აფრიალებულ თმას, დროზე მოკიდა თავისუფალი ხელიც საჭეს, მისკენ რომ არ წაეღო და შეხებოდა.
-სიმართლის.
-გინდა რამე ცუდი გითხრა?
-ეგ რატომ უნდა მინდოდეს… -დაიბნა ნენე, საშინლად ახლოს იყო თავისივე მახეში გაბმასთან.
-მერე უფრო მარტივად არ მოგეწონები.
-არც ახლა მიჭირს. -ცივად წაუსისინა, გულ-მკერდში ცეცხლად გაუარა ცილისწამებამ, თუმცა მაინც არ დაანახვებდა, როგორ მოქმედებდა მისი მზაკვრული მზერა და სიტყვები.
-მაგიტომაც მარიდებ თვალებს?
-უბრალოდ შენი ყურება არ მინდა.
-მაგიტომაც მითვალთვალებ მაშინ, როცა გგონია, რომ მე ვერ გხედავ? -ხმადაბლა ჰკითხა, ნახევრად ჩურჩულით და უარესად აუშალა გრძნობები ისედაც გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით მოფართხალეს.
-გეჩვენება. რას ცდილობ?! -სახეზე ალმური აუვიდა ნენეს.
ღია ფანჯრიდან შემომავალი სუფთა ჰაერიც ვეღარ უშველიდა დადას, ისე იფეთქა ანდრონიკაშვილის სხეულიდან მომავალმა მხურვალებამ და მთლიანას მოიცვა მანქანის სალონი გოგონას სუფთა და გრილმა სურნელმა.
-შენს გამოტეხვას.
-მე არ გამოვტყდები, იმიტომ რომ არაფერს ვმალავ. შენს მიმართ არარსებულ სიმპათიებს მითუმეტეს.
ქვემოდან გამოხედა დადამ. შავი თვალები თავისებურად უელავდა, ნენეს ყველა სიტყვას სარკესავით ირეკლავდა და მიმზიდველ ღვინისფერ ტუჩებზე ოდნავ შესამჩნევი ღიმილი დასთამაშებდა.
-ძველი მეგობრის სანახავად ვიყავი. -მშვიდად უთხრა გოგონას და კარგად დააკვირდა ნენეს გამომეტყველებას.
წარბიც არ შეხრია ანდრონიკაშვილს, გვერდულად ისე გადმოხედა, თითქოს უკვე აღარც აინტერესებდა იმ შეკითხვაზე პასუხი, რომელიც კოტემ რამდენიმე საათის წინ გასცა.

საღამოობით მათ ეზოში უამრავი ადამიანი იყრიდა თავს. ზაფხულობით განსაკუთრებით უყვარსათ მეზობლებს სიგრილეში თავშეყრა და მცხუნვარე მზესა და ხვატზე დაუსრულებელი წუწუნი.
დადა ნაკაშიძემ ეზოში მანქანა რომ შემოაყენა, ეს ხომ არავის დარჩებოდა შეუმჩნეველი, მაგრამ ნენე რომ გადმოვიდა მისი მანქანიდან, ამის დანახვამ რამდენიმეს საჭორაოდ გამზადებული სიტყვები ტუჩებზევე მიაყინა და ენაჩავარდნილები მიაჩერდნენ ახალგაზრდებს.
-ახლა ოფიციალურად ჩემი საცოლე ხარ, -ნენეს წაუსისინა დამპლურად და წელზე ოდნავ უბიძგა, ფეხი გამოადგიო, სანამ ახლადშეძენილ მეზობლებს თავს დინჯად დაუკრავდა.
-ეზოში რომ არ შემოგეყენებინა არ შეგეძლო? შენ რა გენაღვლება, ამათ ენებს და შეკითხვებს მე უნდა გავუძლო.
-არ მიყვარს რაღაცების დამალვა, ჩვიდმეტი წლის ბიჭი კი არ ვარ შეყვარებულის ძმას რომ ვემალებოდე…
-თვალებში გეტყობა, რომ ყველაფერს მალავ, არ გინდა ჩემი დარწმუნება. -წაუქირქილა ნენემ, როცა მეზობლებს გაცდნენ და სადარბაზოს სიბნელეს შეერივნენ.
-კიდევ რა მეტყობა თვალებში? -ინტრიგნულად ჰკითხა და განზრახ დაუდგა ისე ახლოს, ნენე რომ დაეფრთხო თავისი სხეულიდან წამომავალი სითბოთი.
-ქედმაღალი რომ ხარ… -ჩანთაში გასაღებს დაუწყო ძებნა ყურადღების გადასატანად.
-კიდევ ბევრ რამეს ვმალავ, გინდა გითხრა? -ისე მაცდურად ჟღერდა მისი წინადადება, ნენეს სუნთქვა შეეკრა.
-არა, შენთვის შეინახე შენი შავბნელი აზრები..
სიცილით გააგრძელა დადამ გზა მშობლების სახლამდე.
-გიხდებოდა ის პერანგი აივანზე… -თვალი ჩაუკრა კიბეებზე მიმავალს და თავისი კარისკენ მიბრუნდა.
სწრაფად აირბინა კიბეები ნენემაც.
-თავხედი! -ზურგსუკან მიიჯახუნა კარები სახეზე ალმურავარდნილმა…
ცხელი ჟრუანტელი ჭიანჭველებივით უვლიდა ხერხემალზე.

ციცის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, დადა გაუფრთხილებლად და ხვეწნა-მუდარის გარეშე რომ ეწვია მშობლების სახლს. ნუგზარიც სახლში დაუხვდა, გაკვირვებით გადახედა ცოლს და ისიც ღიმილით შეეგება შვილს.
-რას შვრებით, გვრიტებო? -ხელი გადახვია დედამისს და შუბლზე აკოცა. -ხომ არ დაგირღვიეთ მყუდროება?
-დედა, რას ამბობ? არ გშია? იცი, რა კარგი... -უცებ დაფაცურდა ციცი, თუმცა დადამ ხელი არ გაუშვა და თვალებით ანიშნა, გაჩერდი ერთ ადგილზეო.
-არ მშია, ისე გამოგიარეთ და წავალ მალე.
-ისე გამოგვიარე? -წარბები ინტრიგნულად აზიდა ქალმა, მას ხომ არ გამოეპარებოდა არაფერი. -დაგინახეთ ფანჯრიდან. სადარბაზოში ფეხი არ გქონდა შემოდგმული, პირველი სართულის ნელიმ რომ დამირეკა და მახარა შენი ბიჭი და ანდრონიკაშვილების ნენე ერთად დავინახეო.
რა თქმა უნდა, ახალმა ამბებმა დადას სახლში მისვლა დაასწრეს და თვალები უკმაყოფილოდ გადაატრიალა.
-ლიკასთან მუშაობს.
-მართლა? -თვალები გაოცებისგან დაქაჩა ციციმ და ფეხზე წამოხტა. ახალი ამბის გაგების შემდეგ ერთ ადგილას რაღა გააჩერებდა? -ბედია, გეუბნები! წადი ახლა, მოკიდე იმ გოგოს ხელი და მოიყვანე ცოლად.
-ახლა მეზარება, მერე მოვიყვან კაი? ოდესმე.
-რა ხდება შენსკენ? -ტელევიზორს ხმა ჩაუგდო ნუგზარმა და შვილს თვალი გაუსწორა, ციცის დაუსრულებელი მონოლოგებისგან უნებურად იხსნა. -როდის შემოგყავს ახალი პარტია ბოლოს და ბოლოს?
-ცოტა მეწელება საქმე, ივლისის ბოლოს იქნება აქ უკვე. რა იყო, ახალი მანქანა გინდა, ნუგო? ესენი ყველა დაბევებულია უკვე...
-ნუცუბიძესთან რა გინდოდა?
-საქმე მქონდა. გავიხსენე ძველი მეგობარი. -უდარდელად აიჩეჩა მხრები და ხმაჩავარდნილ ტელევიზორს მიაჩერდა.
ციცის მათი საქმეების არაფერი გაეგებოდა, მეტისმეტად ბედნიერი ჩანდა თავის შვილში დანახული ახალი ცვლილებით. ადრე თუ ეუბნებოდა „არასდროს“, ახლა თქვა „ოდესმე“. მისი გონების ხვეულები ისე ძლიერად ჩააფრიდნენ ამ ერთადერთ სიტყვას, როგორც უკანასკნელ იმედს.
-ეგ კაცი შენი მეგობარი არასდროს ყოფილა. შეიგნე.
-მამა, ჩემს ხმაში ცინიზმს როდიდან ვეღარ ამჩნევ?
-დიდი ხანია ვეღარ გცნობ მე შენ, -გულწრფელი გულისწყვეტით მიუგო ნუგზარმა, თვალები აარიდა მამამისს ისევ. -იმაზე ფიქრიც აღარ მინდა უკვე, რა შარში შეიძლება იყო გახვეული.
-არანაირ შარში არ ვარ გახვეული. ნუ შენზე უარესში არ ვარ, ყოველ შემთხვევაში. ირასთან მივდივარ აქედან, -უცებ შეცვალა თემა. -ნანა არ მინახავს დიდი ხანია, თან ბიზნესის ამბებზეც დაველაპარაკები.
-იმასაც შარში ნუ გახვევ. -თავისთვის ჩაიბურტყუნა ნუგზარმა, აშკარად ძალიან განიცდიდა თავისი შვილის ერთადერთი მესაიდუმლე რომ აღარ იყო. -ისე, ვინაა ეს ნენე? არ მითხრა ახლა ჟურნალისტიაო, თორემ აქედან გადავიგდებ თავს.
-არა, უარესი...-გამხიარულებულმა ჩაიცინა და ეშმაკურად აუციმციმდა თვალები, -იურისტია, ლიკასთან მუშაობს. სხვათაშორის, კარგი იურისტია...
-შენ გაგიფრენია საერთოდ, შვილო! -ნერვებმოშლილი აწრიალდა სავარძელში და გაღიზიანებულმა გახედა ახარხარებულს. -რა გაცინებს?!
-შენც დამიწყე, ნუგო? კაი, რა...
-გადი, გადი, თავი დამანებე! -ხელი აუქნია გაბრაზებულმა და კედელს მიაჩერდა ჩაფიქრებული თვალებით. მერე მოუთმენლად მიუბრუნდა ისევ ტელეფონში თავჩარგულს, -რამდენი წლისაა?
-წავედი, წავედი... -ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ დაიძრა დინჯი ნაბიჯებით.
-გაანებე თავი მაგ გოგოს, რაღა სამართალდამცველს მიადექი, მასწავლებელი, ბანკირი, ექიმი, ან საერთოდ უსაქმური დაილია ამ ქვეყანაზე?!
-რატომ ჩხუბობთ? ნენე კარგი გოგოა, ნუგზარ, -სამზარეულოს ფუსფუსს თავი მიანება ციციმ. -ჭკვიანი, ზრდილობიანი...
-წავედი მე, თქვენ გააგრძელეთ ოცნების კოშკების აგება! -ცალი ხელი დაუქნია კარისკენ მიმავალმა მშობლებს, თავისთვის ეღიმებოდა თავჩაქინდრულს. -მე ვერ დამიჭერს, ნუგზარ, არ იდარდო.
ხმადაბლა დაამშვიდა მამამისი და ზურგსუკან ფრთხილად მიიხურა კარი. ისე დაიკარგა იქედან, თითქოს არც არასდროს შემოსულიყოს ნაკაშიძეების სახლში ვინმე.
ნუგზარმა დიდ ხანს უყურა იმ კარს, რომლიდანაც მისი შვილი გავიდა წეღან და ერთ ადგილას ჩამომდგარ, ღიმილით გაბადრულ ცოლს გახედა ბოლოს.
-ეს ბავშვები მე ბოლოს მომიღებენ! -შესჩივლა ციცის, მისი დარდების ერთადერთ უპრეტენზიო გამზიარებელს... -იმან ჟურნალისტიო, ამან... ამან საერთოდ გაუტია!

ირაკლის და ნანას სახლში მოსვლა განსაკუთრებით უყვარდა. ბავშვობაშიც, როცა ბიძა და ბიცოლა ცოცხალი ჰყავდა, ვერაფრით ელეოდა ირაკლისთან ამ ეზოში გართობას და ბურთის მანამ თამაშს, სანამ გვარიანად არ დაბნელდებოდა.
მერე ლიზა მშვიდად შერეკავდა სახლში გაუგონარ ხელმწიფეებს და ერთად ავახშმებდა ძველებური ნავთის ლამფის შუქზე. კობაც მონდომებით იხსენებდა მისი და ნუგზარის ბავშვობის შორეულ თავგადასავლებს ღრმა ბავშვობიდან და ბოლოს ყველა ამბავს იმ შეგონებით ასრულებდა, რომ ძმა ძმისთვის ყველაზე დიდი და დაუკარგავი იმედია.
ლიზას და კობას სიკვდილმა აქაურობას სული ბოლომდე გამოაცალა. მიუხედავად იმისა, რომ დედ-მამა თავად ცოცხალი ჰყავდა, დადას მშობლების დაკარგვა ერთხელ უკვე გამოცდილი ჰქონდა.
არც ირაკლი იხედებოდა ამ სახლისკენ და ირაკლის შემყურე დადაც თვალს არიდებდა აქაურობას. მერე ბევრი წელი იცხოვრეს ერთად ხან მოსკოვში, ხანაც თბილისში და ბიძაშვილობა იმდენად გაუშორეულდა მათ შორის არსებულ მჭიდრო და ძლიერ კავშირს, რომ ფიქრშიაც კი ძმებად მოიხსენიებდა ეს ორი ერთმანეთს.
ირაკლის ცოლმა სახლსაც და მის ქმარსაც ახალი სული ჩაბერა. ამ ფანჯრებში შუქს რომ ხედავდა, ვერსად გაურბოდა იმ ფიქრს, რომ ადამიანს ყველა ტკივილთან ერთად შეუძლია ცხოვრების გაგრძელება.
ზაფხულის მშვენიერი საღამო იდგა. ცას მუქი ლურჯი ფერი შეჰპარვოდა და მთვარეს ვერცხლის აბჯარში გამოწყობილი ჯარივით უტევდნენ ციმციმა ვარსკვლავები.
მუცელგაბერილი ნანა აივანზე იდგა, გრძელი, ცისფერი კაბა ეცვა და დამშრალ სარეცხს ისეთი ჩაფიქრებული ხსნიდა, დადას ეზოში შესვლა ვერც კი გაიგო.
-ჩემი მუშა რძალი როგორაა?
ადგილზე შეხტა ნანა, შემდეგ კი სახე გაებადრა მაზლის დანახვისას.
-აუ, რა კარგია, რომ მოხვედი. -გადაკოცნა და საქმეს თავი მიანება. -ირაკლი მაღაზიაში გავუშვი და მარტო მომეწყინა...
-დიდი ხნის წასულია?
-კი, -ცხვირი სასაცილოდ მოჭყუნა, თვალები ანცი ეშმაკობით უბრჭყვიალებდა.
ისეთი მშვენიერი ორსული იყო, მისი ყველა თვალის დახამხამების სურათზე აღბეჭდვა მოგინდებოდა.
-ჯერ ჟოლოზე გავუშვი, მერე მარწყვიც მომინდა, მერე საზამთროც... მერე კივი და კიდევ იცი, რა მომინდა, დრაკონის ხილი როა... აი, ეგ! პაპაია... ვაიმე, პაპაიაც მინდა, დავურეკო.
თავბრუდახვეულივით დატრიალდა ნანა ტელეფონის მოსაძებნად.
სწორედ ამ დროს შემოანათა ფანჯრებში მანქანის ფარებმა და გაბუსხულმა დაბრიცა ტუჩები. ხილით დატვირთულ ირაკლის ვაკო საკანდელიძე ამოდგომოდა გვერდით და რაღაცაზე აღტაცებული ტვინს უბურღავდა წარბებშეკრულს.
-შენ რას შვები? -ეშმაკურად ამოხედა სავარძელზე გართხმულმა დადას. როგორც ჩანს, ციცის განხორციელებული ჰქონდა უკვე ზარი ახლობელთან. -გავიგე, კარგი მეზობლები გყოლია.
-ქალებს შორის ინფორმაცია სხვა სიჩქარით ვრცელდება, ხო? -ცხვირზე თითი ჩამოჰკრა ჭორიკანა რძალს, -ბიძი, შენ გოგო ხარ თუ ბიჭი?
-გითხრა? -ეშმაკურად აათამაშა წარბები ნანამ, კიბეებზე უკვე მოისმოდა ნაბიჯებისა და ვაკოს ტუტყუნის ხმა, -ოღონდ ირას არ უთხრა, სიურპრიზია.
-მითხარი.
-ოღონდ შენმა ცოლმაც მე უნდა მითხრას პირველი, -გაეპრანჭა სასაცილოდ. პატარა ბავშვს დაემსგავსა ვარდისფერი ლოყებითა და ციმციმა თვალებით.
-მე ცოლი არ მომყავს. ნუ მევაჭრები, ნანა...
-გოგოა. -სასიამოვნო და მსუბუქმა ჟრუანტელმა აუარა ხერხემალზე დადას, მხოლოდ ახალ სიცოცხლეს რომ შეუძლია გაგრძნობინოს, ისეთმა... -ირაკლის ცოტა ხანი გავაწვალებ და მერე ვეტყვი...
შეთქმულივით გადაუჩურჩულა და გაბედნიერებული წამოხტა ფეხზე, როგორც იქნა რომ ამოაღწია მისმა მონატრებულმა ქმარმა ოთახამდე.
-ადე, ნანჩიკ, შენმა ქმარმა ედემის ბაღი ამოგიტანა საბურთალოზე. -ხილით დატვირთული პარკები ჰაერში ააფრიალა საკანდელიძემ.
შუბლზე აკოცა ორსულ ცოლს ირაკლიმ და სხეულიდან არ მოუშორებია ისე ჩამოართვა ხელი დადას.
ფუმფულა ლოყები დაუწელა ვაკომ ნანას და თვითონ შეზიდა სამზარეულოში ყველაფერი.
-ოხ, დადსონ, -ძლიერად ჩამოართვა ხელი მეორე ნაკაშიძესაც და სულის მოსათქმელად სავარძელში თავისუფლად გადაიშალა, -იპოვე ვინმე, თუ კიდე „აძინოკი ვოლკი“ ხარ...
-შენ მანქანის გარეშე დარჩები, იცოდე. -თვალი ჩაუკრა დადამ გაფრთხილების ნიშნად, თუმცა ვაკოს ირაკლის გვერდით არაფრის ეშინოდა.
იცოდა, რაც არ უნდა დაეშავებინა, ვერავინ შეეხებოდა ირაკლის გარდა.
-ნანაკო, შენმა ქმარმა „აგროჰაბის“ მთელი ფლორა წამოზიდა, -სამზარეულოსკენ მიანიშნა ნანას და ისიც მაშინვე იქეთკენ წაცუნცულდა ანთებული თვალებით. -პაპაია და კიდე რაღაცა... პიტაიაც.
-ვაიმე, როგორ მინდოდა... -შორიდან მოისმოდა ნანას ბედნიერი ხმები. გახარებული გამოვარდა უცხო ხილით ხელში და მორცხვად აკოცა ლოყაზე ქმარს. მეგობრების წინაშე მაინც ერიდებოდა თამამად მოქცევა.
-მაინც არ მეტყვი? -აღარ გაუშვა ცოლი ირაკლიმ და გვერდით მოისვა, ცალი ხელით მიეფერა მობერილ მუცელზე.
-ნწ, -ანცად გააქნია თავი და თმები აუჩეჩა ქმარს. ძლივს იკავებდა თავს, ისე უნდოდა რომ ეთქვა...
-გაუჩენელი გაგიჩინა, გოგო, -ძმაკაცს ამოუდგა გვერდით ვაკო, -შენ გოგოს უჩენ თუ ბიჭს, იმას უმალავ?
-არ ვუმალავ...
-რისთვის მსჯი ის მაინც მითხარი... -მუცელზე ედო გაშლილი ხელი ირაკლის, არ უნდოდა შვილის ერთი გაფართხალება გამოეტოვებინა.
-წინასწარ გსჯი, აი, შემდეგში რომ გამაბრაზებ, მაგისთვის... -ხელებით უხსნიდა ნანა სასაცილოდ.
-ოხ, ეს ქალები... -თეატრალურად წარმოთქვა ვაკომ.
თვალი ჩაუკრა ნანამ უცნაურად მომზირალ დადას, რომელმაც პატიოსნად შეუნახა გამხელილი საიდუმლო.
ვაკომ ადრიანად დატოვა მეგობრები, როგორც თავად აღნიშნა, ძალიან კი უნდოდა დარჩენა, მაგრამ საღამოობით მარტო დარჩენა და მთვარის შუქზე თავის მიჯნურზე ფიქრი მის მიერ შედგენილი რაინდული კანონების თანახმად სავალდებულო იყო.
სახლმა ისე დაისვენა, თითქოს მრავალშვილიან ოჯახში ყველა ბავშვმა დაიძინა და მშობლებს ყავის დალევისა და საღამოს სერიალის ყურების შესაძლებლობა მიეცათ.
ნანას სავარძელზე მიეძინა და ნაკაშიძეებიც აივანზე გავიდნენ.
სანამ სიგარეტს გაუკიდებდა ცოლს გამოხედა ცალი თვალით ირაკლიმ. შესამჩნევად ჩაიფხუკუნა დადამ.
-რა გაცინებს? -ისე ცივად ჰკითხა ირაკლიმ, თითქოს პასუხზე დადას სიცოცხლე იყო დამოკიდებული.
-გიკრძალავს? -თავის ღერსაც გაუკიდა და ღიმილნარევმა გამოუშვა ტუჩებიდან ნაცრისფერი კვამლი.
-შენ გითხრა ხო... -დაჟინებით გახედა ირაკლიმ. რკინის მოაჯირს ეყრდნობოდა ორივე და ჩაბნელებულ ეზოს დაჰყურებდნენ ზემოდან. -ბავშვის სქესი.
-რანაირად შემამჩნიე?! -შეურაცხყოფილად იგრძნო თავი.
-შენ არა, ნანას შევამჩნიე. უცნაურად ცქმუტავდა, პირს რო აღებდი.
-შენ რომელი გინდა?
-გულწრფელად სულ ერთია, მაგრამ გოგოს მამობის მაგრად მეშინია. შარია... მაგრამ თან ისე მინდა ჩემი ყველა შვილი ნანას ჰგავდეს, მაჟრიალებს. რა იყო, რა შეშინებული მიყურებ...
-არაფერი, -ცივად გასცრა ტანში დადას, მოჭუტული თვალებით აკვირდებოდა ამ კაცს გვერდით რომ ედგა და მასში დანახული ცვლილების საკუთარ თავზე გამოცდის შესაძლებლობამ დააფიქრა.
-არ გკითხავ არაფერს. -მხარზე შემოსცხო ხელი და თავად გაეცინა ამჯერად ზუსტად ისე, როგორც დადას წეღან, ირაკლი რომ ნანასგან სიგარეტს მალავდა.
-მაგრამ დამპლურად შემომხედავ და მაგრძნობინებ, რომ შენი ფანტაზიორი გონება ციცისავით იწყებს მუშაობას?
-რაღაც ეგეთი. შენ თვითონ მოხვალ ჩემთან და შენი ნებით მეტყვი. ეგრე ხდება.
ვერაფრით შეეწინააღმდეგა იმ ადამიანის სიტყვას, ვისაც ახლობლების დაკარგვა და ოჯახის პოვნა საკუთარ თავზე ყველაზე მწარედ ჰქონდა გამოცდილი.
-საშიშია, -თავისთვის ჩაილაპარაკა ირაკლიმ. დადამ კითხვისნიშნები მიაგება მის თვალებს, -ოჯახი... ყველაზე ტკბილის დაკარგვაა ყველაზე მწარე.
-რატო ამბობ ეგრე? რამე პრობლემა გაქვს? ხო იცი, არ უნდა დამიმალო... -უცებ დასერიოზულდა, მხრებში ისე გაიშალა, უსიტყვოდ აგრძნობინა, რომ საკუთარი ხელებით გადადგამდა იმ მთას, რომელიც ბედნიერებაში შეუშლიდა ხელს ირაკლისა და ნანას.
-არა... შენთვის გეუბნები... საერთოდ სხვა რამისკენ მიგანიშნებ. მე შენ გიცნობ. დიდად არ მოგწონს ეგ ამბავი, მაგრამ რას ვიზამთ... ერთი ქალის არასწორ საქციელს უფლებას აძლევ აზრი შეგაცვლევინოს ყველა დანარჩენზე. არავის ენდობი, მაგრამ ყველა ერთნაირი არაა.
-ბიჭო, რატო არ გესმით, რომ შეიძლება ცოლი არ მინდოდეს? -გულწრფელად უკვირდა. იცოდა, საითაც მიჰყავდა ირაკლის საუბარი და მთელი ძალით ცდილობდა მიმართულება შეეცვალა ამ დიალოგისთვის.
-ამაყი ხარ. ერთხელ გიღალატეს და გგონია სწორ არჩევანს ვეღარასდროს გააკეთებ, ამიტომ გირჩევნია გვეგონოს, რომ არავინ გინდა... შენ საკუთარ თავს არ ენდობი სწორი ადამიანის არჩევაში.
-იმის მერე რამე გიკვირს? -ისე ღრმად მოქაჩა სიგარეტს, ლამის ფილტვები დაიხეთქა სიმწრისაგან, ბრაზი სახსრებში იგრძნო, შემდეგ სისხლიც აუდუღდა და ამოსუნთქვას ამოატანა ყველა ის შხამიანი შეგრძნება, აქამდე რომ ვერ გააძევა საკუთარი ორგანიზმიდან.
-კიდევ ვიკა გიყვარს?
-აბსურდულს ნუ მკითხავ, კაი? -ოდნავ მოჭუტა თვალები და ამჯერად ვერცხლისფერი წერტილებით მოჭედილ ცის კამარას ახედა. იმხელა სივრცე გადაშლილიყო მის წინაშე საკუთარი ტკივილი კოღოს კბენასავით უმნიშვნელოდ მოეჩვენა. -რა მიყვარს, რა მიყვარს! რაც მაგან გააკეთა, იმის მერე...
-თუ უბრაზდები სამუდამოდ რომ დაგშორდა... გგონია, ოჯახი წაგართვა? გქონდა მასთან გეგმები?
-თავი დამანებე, თორე გადაგიშვებ აქედან.
მხოლოდ ირაკლისთან შეეძლო ამ თემაზე თამამად საუბარი, ის კი ყოველთვის ისეთ ადგილებს უმიზნებდა, რომლის გამოჩენაც ყველაზე ნაკლებად სურდა დადას, რასაც გამალებით მალავდა...
-ამას არაფერი შეედრება, -მშვიდად მძინარე ცოლისკენ ანიშნა თვალით. -საერთოდ არაფერია ოჯახზე მნიშვნელოვანი. სანამ შენს ნახევარს არ იპოვი, მანამ ვერ მიხვდები, რომ ნახევარი ხარ და მარტო შენი არსებობა არაა საკმარისი, ხვდები?
-ამ ბოლო დროს ყველა რატომ შემომიჩნდით? -ნაგვის ურნაში ჩააგდო სიგარეტის ნარჩენები.
-ბერდები, ჭაღარა შემოგერევა მალე... -მსუბუქად ჩაეღიმა ირაკლის და აღარ მიაწვა მეტად, იგრძნო, რომ საკმარისზე მეტი გავლენა იქონია უკვე მისმა სიტყვებმა.
-ჭაღარას ჩემთან რა უნდა, ეგ მხოლოდ ცოლიანებთან... -თვალი ჩაუკრა და ნელ-ნელა ჩაუყვა კიბეს.
-შენს შვილებს ბებერი მამა ეყოლებათ, ჩემებს არა.
-დავაი რა... -ისე გავიდა ჭიშკრიდან, უკან არ მოუხედავს, გზაში აუქნია ხელი ბიძაშვილს დამშვიდობების ნიშნად, დატოვა თავის ცოლთან მარტო, თავად კი შერყეული შემართებით წავიდა თავისი ცარიელი სახლისკენ.

დადა ნაკაშიძისთვის აზრის შეცვლა ასეთი მარტივი რომ ყოფილიყო, ციცის უკვე დიდი ხნის წინ ექნებოდა განაღდებული ბებიობის სანატრელი სტატუსი. ერთადერთი, რაც გულს უმშვიდებდა, ირაკლის და ნანას პატარა იყო, რომლის ამქვეყნად მოვლენასაც მოუთმენლად ელოდა მთელი ოჯახი.
ფაცხა-ფუცხით უპასუხა ირაკლის ზარს. ნუგზარმა აფორიაქებულ ცოლს მშვიდად გააყოლა მზერა. დიდად არ იტყობდა, თუმცა მასაც ანერვიულებდა თავისი შვილის თავზეხელაღებული ცხოვრება, ამიტომ ჩუმად მიუგდო ყური ირაკლისა და ციცის საუბარს.
-რაო? დაელაპარაკე? -შეთქმულივით ალაპარაკდა ქალი. იქვე ჩამოჯდა. ნუგზარსაც კარგად ესმოდა ირაკლის ხმა.
-ხო, დაველაპარაკე. მაგის ამბავი ხომ იცი, ასე მარტივი არაა...
-რაო? რამე ხომ არ უთქვამს იმ გოგოზე?
-არა, ციცი, რა უნდა მითხრას... აზრი არა აქვს, დაანებე თავი. თუ არ უნდა, ხომ იცი, არაფერიც არ მოხდება.
-ოხ, აუბა ახლა მხარი იმას! -გაიბუტა ქალი, თუმცა თავადაც კარგად იცოდა, არაფერი რომ არ გაჭრიდა დადას უდრეკ ხასიათთან. -კაი, კაი. მე მივხედავ მაგ საქმეს. ნანა როგორაა? ბოლო თვეში რომ ჩადგება, მოდით ჩვენთან, აქ გაჩერდით... ორსულს ყურადღება სჭირდება, შენ სულ სამსახურში ხარ...
-დაველაპარაკები, ხო... ისე, -ხმის ჩასაწმენდად ჩაახველა ირაკლიმ. ასე იქცეოდა ყოველთვის, როცა ციცისთვის რაღაც უნდა ეთხოვა. -შენ ვერ დარჩები ხოლმე ჩვენთან? ევაც ჩვენთან იქნება, მაგრამ შენ მაინც... გვასწავლი რაღაცებს.
-დავრჩები, აბა რას ვიზამ... -სიხარულით აფორიაქდა ქალი, -ახლავე მოვალ თუ გინდათ...
ნუგზარი უცნაურად აწრიალდა, აწეული წარბით გახედა ცოლს, რომელიც სულაც არ აქცევდა მეუღლეს ყურადღებას.
-არა, რა ახლა... მერე, ბავშვი რომ დაიბადება, მერე გეუბნები. ახლა ნუგო გარეკავს, ხო იცი, ვერ ძლებს უშენოდ.
-კაი, კაი... -დაიმორცხვა ქალმა, -აბა მშვიდობიანი ღამე.
-ვერ ვძლებ არა ის, -დაიდუდღუნა თავისთვის კაცმა და ფეხზე წამოდგა. არ ეგონა ასეთი შესამჩნევი თუ იყო თავის ცოლზე მიჯაჭვულობა მისი შვილებისთვისაც.
-რამე მითხარი? -ფიქრებში წასულმა ვერ შენიშნა კაცის ფორიაქი. -ნუგზარ, საერთოდ ვეღარ ვჩერდები ბავშვების გარეშე, მარტომ რა უნდა ვაკეთოთ... გამოყრუვდა სახლი.
-ყველას თავისი გზა აქვს, ჩემო ციცი, -გულმოსულობა შემოეძარცვა ხმიდან ნუგზარს, -შენ მე მომეფერე იმათზე ნერვიულობას გირჩევნია... მე გეყოლები სულ გვერდით, თორემ შვილები მიდიან და მიდიან...
-დავბერდით, -საწყლად ამოიკნავლა ქალმა და ცრემლებით ამოევსო კეთილი თვალები.
-ახლა უფრო ლამაზი ხარ, გოგო, შენ რა დაგაბერებს?
-კაი, კაი... -მაგიდის ტილო აუქნია ქმარს და გაზქურიდან ნამცხვარი გამოიღო.
უცნაური, სიბერის ტკბილი და ნაღვლიანი სურნელი ტრიალებდა უკვე მათ სახლში.
ერთმანეთს რომ უყურებდნენ ჭაღარისა და ნაოჭების ნაცვლად ერთად გალეულ რთულ და ბედნიერ წლებს ხედავდა ცოლ-ქმარი... მაგრამ სიბერეც კი შორეული და მოუვალი გეჩვენება, როდესაც შენს გულს შენი მეორე ნახევრის უპირობო სიყვარული აახალგაზრდავებს... თმა უბრალოდ ფერს იცვლის, სახეს უბრალოდ სიცილის კვალი ეტყობა, თორემ გული ისევ ისე ძგერს, როგორც მაშინ, როცა იმის სიყვარული იგრძენი, ვისთან ერთად დაბერების ბედნიერებაც გარგუნა განგებამ, არა, უფრო ძლიერადაც...
მთელი დღის განმავლობაში ერთ ოთახში ყოფნამ ნენე და ლიკა იმაზე მეტად დაახლოვა, ვიდრე უბრალო თანამშრომლები. ფაქტობრივად ყველგან ერთად დადიოდნენ, ერთი შეხვედრაც არ ჩაივლიდა ანდრონიკაშვილის გარეშე და ზოგჯერ ხუმრობით, მაგრამ სრული გულწრფელობით აღნიშნავდა ხოლმე წერეთელი, რომ თუ საჭირო გახდებოდა, მისთვის მთელი კომპანიის ნდობას შეძლებდა.
გამოძიება კუს ნაბიჯებით მიიწევდა წინ. დაძაბულობამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ლანასთან ურთიერთობაც შესამჩნევად გაუუფერულდა ნენეს.
-შენ სულ მუშაობ, -აღნიშნა გულმოსულმა ცერცვაძემ, -ჩვენი საქმისთვის საერთოდ ვეღარ იცლი.
მერე დაუსრულებლად უხსნიდა ხოლმე ნენე, რომ მთელ თავისუფალ დროსა და ენერგიას ამ გამოძიებას უთმობდა, მაგრამ რახან ხალხში გამოჩენა კოტესა და სხვა გამომძიებლების გვერდით არ შეეძლოთ, სრულყოფილად მაინც არ იყვნენ ჩართულები ნაკაშიძის საქმეებში.
-გუშინ სმირნოვამ საზღვარი გადმოკვეთა, -განაცხადა მნიშვნელოვანი აღმოჩენით აღტაცებულმა ლანამ მორიგი შეხვედრისას. -საეჭვოდ ემთხვევა ნაკაშიძის ტვირთის ბელორუსში გადატანის თარიღს, ასე არ არის?!
-საეჭვო ჩვენთვის არის, ისე დიდი ვერაფერი გასაკვირი ინფორმაციაა. -აღნიშნა კოტემ და თვალებით კარს მიაჩერდა, გეგონებათ, ვინმეს შემოსვლას ელოდებაო.
-მალე მსხვილი იმპორტიორი კომპანიებისთვის სერიოზული კამპანია იგეგმება. არც არის გასაკვირი ნატალია რომ ჩამოვიდა, მასაც აქვს საქართველოში ბიზნესი და ისიც დაესწრება.
-შენ საიდან იცი? -ჯერ ჩაფიქრებულ კოტეს გახედა ლანამ, შემდეგ ნენეს.
-ლიკას კომპანია აგვარებს მარკეტინგულ საკითხებს. უბრალოდ ეგ კონფერენცია ვერ ვხვდები, რა შუაშია, ვერ ვაკავშირებ....
-არ მიკვირს, რომ ვერ აკავშირებ. -თავისთვის ჩაიბურტყუნა ცერცვაძემ, მამის და მეგობრის ყურადღება თანაბრად მიიქცია მისმა უცნაურმა ტონმა და სიტყვებმა. -ნაკაშიძე დამნაშავე საერთოდ არ გგონია, მისი დეიდაშვილის კომპანიაშიც ისე უდარდელად მუშაობ და უახლოვდები ყველას, თითქოს დასამალი არაფერი გაქვს.
-ლანა! -იმხელა წყენა და უთქმელი შენიშვნა გამოეკვეთა კოტეს ხმასა და თვალებში, რომ ნენემ შეხედვის გარეშე იგრძნო ყველა ემოცია.
-მამა, შენ ვერ ამჩნევ, რომ არასწორად იქცევა?
-მაინც რას ვაკეთებ არასწორად? -მშვიდად ჰკითხა ანდრონიკაშვილმა, ასეთი ნაწყენი ლანაზე ცხოვრებაში არ ყოფილა. -თუ ნაკაშიძე დამნაშავეა, დაისჯება. ამას არც მე ვწყვეტ და არც შენ, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას. არავის არ ვუახლოვდები... არც გამოძიებას ვუშლი ხელს, პირიქით. შენ რა გაწუხებს? რაღაცა შენ გარეშეც რომ გავარკვიე, ეგ გხვდება გულზე?
-ყოჩაღ, ნენე, რა სწორად გაიგე ჩემი ნათქვამი!
-ლანა, ან დაწყნარდები, ან აქედან გახვალ. -მკაცრად გააწყვეტინა ცერცვაძემ ქალიშვილს, ეტყობოდა, რომ უკვე ნანობდა ამ ორის ამ საქმეში გარევას. -ნენე, შენ ხო იაზრებ, რაც ხდება ახლა? მე მჯერა შენი და ვიცი, არასწორს არ გააკეთებ, მაგრამ თუ რამე ახლობლური კავშირი გაქვს იმ ადამიანებთან, ჯობია, გახვიდე ამ საქმიდან. არ იფიქრო, მე მგონია შენ ოდესმე არასწორს დაუჭერ მხარს... ვიცი, ამას არაფრით არ გააკეთებ, მაგრამ ხომ გესმის, ახლობლის ავს და კარგს სხვანაირად განიცდის ადამიანი. კარგად დაფიქრდი... ეს არის მამაშვილური რჩევა ჩემგან და არა პროფესიული. ნუ ცოტა პროფესიულიც...
-არ მინდა შუა გზაზე მიტოვება. ხომ იცით, ყველაზე მეტად დაუმთავრებელ საქმეს ვერ ვიტან. ნაკაშიძესთან და მის გარემოცვასთან არანაირი ახლო კავშირი არ მაქვს... რომც მქონდეს, ადამიანი თუ დამნაშავეა, აუცილებლად უნდა დაისაჯოს. არაკეთილსინდისიერია ჩემი მხრიდან იქ რომ ვმუშაობ? მაშინ წამოვალ და რამე სხვას მოვძებნი.
ვის ატყუებდა? საერთოდ არ უნდოდა იქედან წამოსვლა, ყველას და ყველაფერს შეეგუა, ნორმალური ანაზღაურება აქვს. ლიკასაც დაუმეგობრდა. ასე თუ ისე ცხოვრებაც ოდნავ დაუმშვიდდა და დაულაგდა...
ყელში მძიმე ბურთად მოაწვა ლანას სიტყვები. იქნებ, სადღაც მართალიც იყო, მაგრამ აქ და ასეთ მდგომარეობაში არ უნდა გამოეაშკარავებინა მეგობრის დანაშაული.
-არაკეთილსინდისიერი არაფერი გაგიკეთებია. -მხარზე ხელი დაადო კოტემ, -უბრალოდ არ მინდა ოდესმე არჩევანის წინაშე დადგე. მე ხომ არანაირი პირადი ინფორმაცია არ მითხოვია შენთვის ნაკაშიძეზე? შენც არაფერი გითქვამს ისეთი, რაც არ ვიცოდი... მე ხომ თავიდანვე გაგაფრთხილეთ, ჩათვალეთ ეს საქმე უბრალოდ მოდელირებაა თქვენთვის. პირად ცხოვრებაზე და მითუმეტეს ამდენი ხნის მეგობრობაზე უარყოფითი გავლენის ქონის უფლებას ნუ მისცემთ. დამტოვეთ ახლა.
ჩუმად გაიარეს გრძელი, მარმარილოთი მოპირკეთებული იატაკი.
ძლივს მიათრევდა დამძიმებულ ფეხებსა და გულს ნენე.
-არ ვიცოდი, ლიკა რომ მისი დეიდაშვილი იყო. -დაიწყო ხმადაბლა, -ყველაფერი შემთხვევით მიეწყო... ამას ანგარებით ან თავის გამოსაჩენად არ ვაკეთებ. ჩემს ცხოვრებაში ყველა გზა თავდაყირა დადგა, რომელსაც დავადექი. ბოდიში, თუ იქ რამე არასწორად გითხარი, არ მინდოდა, მაგრამ ძალიან მეწყინა კოტეს წინაშე ასე რომ დაამახინჯე ჩემი საქციელი.
-ნაკაშიძეს რამე ისეთი რომ შეამჩნიო, რასაც სხვა ვერავინ შეამჩნევს ახლობლის გარდა...
-ჩვენ ახლობლები არ ვართ, ლანა. -ცივად შეუსწორა.
-დავუშვათ.. ხომ შეიძლება ყველაფერი მოხდეს?! სადაც ამდენი დამთხვევაა... ჩაუშვებ?
-ისე მოვიქცევი, როგორც სწორია. რამდენჯერ აგიხსნა? შენი ასეთი მღელვარების მართლა არ მესმის.
-რატომ არ მითხარი, მათთან ერთად რომ იყავი სადღაც კაფეში? აქიშბაიას გადაუღო მარიშკამ ფოტო და შენც ჩანდი. მაინტერესებდა, როდემდე შეინახავდი ამ საიდუმლოს.
-შენ ყველაფერს მეუბნები ვისთან ერთად დადიხარ? არა, და არც მე გთხოვ ყველაფერი მომიყვე! უარის თქმა არ გამოდიოდა, თორემ საერთოდ არ მინდოდა სადმე წასვლა იმ საღამოს. არ მინდა, ფეხით გავალ აქედან სახლში. -გვერდი აუარა ლანას მანქანას და დაუმშვიდებლად დაუყვა დაღმართს თავისი უბნისკენ.
ცერცვაძე კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ თავი შეიკავა და დიდხანს უყურა ნენეს მშვიდად მიმავალ ფიგურას.

ბედი ყველაზე მწარედ და ხმამაღლა თურმე იმას დასცინის, ვისაც მისი ყველაზე ნაკლებად სჯერა.
ამ ორი თავისნათქვამა ადამიანის ცხოვრებაში კი ყველაფერი იმისკენ მიუთითებდა, რომ აბჯრის ასხმასა და ბედთან ბრძოლას არანაირი აზრი არ ჰქონდა.
როგორ არ სცადა ნენე ანდრონიკაშვილმა, რომ მკვეთრი საზღვარი გაეტარებინა მის პირად ცხოვრებასა და იმ საქმეს შორის, რომელში ჩართვაც გულის სიღრმეში არც არასოდეს ნდომებია... ლიკასთანაც კი იკავებდა თავს საქმის გარდა რამე სხვაზე ელაპარაკა, ნაკაშიძეს რამდენჯერ აუარა გვერდი მშრალი გამარჯობით ვინ მოთვლის...
მაგრამ ვისაც ყველაზე ნაკლებად უსმენენ, ის ყველაზე მეტ სიმართლეს ამბობს თურმე.
მხოლოდ ციციმ იცოდა, რომ ეს ამბავი ვერაფრით ჩაივლიდა მეზობლებს შორის უკვალოდ. მხოლოდ ციცი გრძნობდა ყველაფერს....
ერთ პარასკევ საღამოს შინ დაღლილი ბრუნდებოდა ნენე, თავისი სახლის კარი შეაღო თუ არა, მაშინვე გამოგლიჯეს ნაკაშიძეების. ციცის ისეთი სახე ჰქონდა, აშკარად ვერ იყო კარგად. სულ გამწვანებულიყო და ვეღარ საუბრობდა.
გველნაკბენივით მიყარა ყველაფერი ნენემ კარებში და ისეთი ყვირილი ატეხა მთელი სამეზობლო ნახევარ წუთში შეიყარა მათ სართულზე.
ქალი რომ არ დაცემულიყო, ხელი მიაშველა მკლავებში და იმდენჯერ უთხრა ნუ გეშინიაო, ლამის ყველას გული დააიმედა.
-გული აწუხებს, დარეკეთ სასწრაფოში...
ერთ წამში წამოაწვინეს დაფეთებული, ფერგადასული ქალი და პირველადი დახმარება გაუწიეს სასწრაფოს მოსვლამდე. ნენეს არაფრით უშვებდა ხელს, ცრემლები სდიოდა თვალებიდან. სასწრაფოს მანქანაშიც ის შეიყოლა...
-ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება... -ქალის თავისუფალ ხელს ეფერებოდა თავისით. თავადაც ადამიანის ფერი აღარ ედო, მაგრამ ცდილობდა თავი გაეკონტროლებინა.
-ლიკას დავურეკავ და ყველა საავადმყოფოში შემოგვხვდება, ყველაფერი კარგად იქნება. არ ინერვიულოთ, უარესია... ვიცი, რომ გკტივათ...
ათასი დამამშვიდებელი სიტყვა მოაფიქრდა იმ წამს. ყველაფერი თვალწინ დაუდგა. მამამისის უღონო, ფერწასული სხეული... როგორ ვერ დაეხმარა, როგორ დააგვიანდა ყველას და ყველაფერს სიკვდილის გარდა მამამისთან, როგორ არ შუშდება თურმე ასეთი ჭრილობები არასოდეს...
ლიკას ხმის კანკალით აუხსნა სიტუაცია და უთხრა, სადაც მიჰყავდათ სასწრაფოს მანქანას.
ხელზე მოუჭირა ციციმ მადლობის ნიშნად და გაუღიმა ცრემლიანი თვალებით, ცხვირ-პირი ისე აუკრეს ათასგვარი ხელსაწყოთი, რომ ლაპარაკი აღარც შეეძლო, მაგრამ სიტყვები სულაც არ იყო საჭირო.
სასწრაფოს მანქანა როგორც კი გაჩერდა, ექთანი მაშინვე წამოხტა და მძღოლთან ერთად გადაიყვანეს საკაცაზე დაწოლილი ციცი ფურგონიდან მიწაზე.
დადას მანქანაც იმ წამს გაჩერდა ეზოში და უკიდეგანო სასოწარკვეთით გათეთრებოდა სახე და თვალები. სირბილით წამოვიდა რეანომობილისკენ და შეშლილი მზერა ჯერ ექიმების გარემოცვაში გახვეულ დედას გააყოლა შემდეგ ნენეს, გულზე ხელს რომ იდებდა დაფეთებული და მისკენ წავიდა, იქედან რომ ჩამოესვა.
-რა მოხდა? ლიკამ დამირეკა, რა მოხდა? -წელზე ჩაავლო ორივე ხელი და სწრაფად დასვა მიწაზე.
-არ ვიცი, სამსახურიდან მოვდიოდი, სახლში უნდა შევსულიყავი, კარი რომ გამოაღო და ცუდად გახდა... მერე პირველადი... კარგადაა... -ყველა სიტყვის მნიშვნელობა მიავიწყდა ნენეს.
პირი გამოუშრა და საშინლად ასტკივდა მხარი გულის მხარეს.
ხელი არ გაუშვია დადას, ერთად შევარდნენ მიმღებში, თუმცა დერეფანში პაციენტზე ადევნების უფლება არავინ მისცათ.
-დაელოდეთ, ყველაფერს გაგაგებინებთ! -დაცვა წინ გადაუდგა ორივეს და მოსაცდელ სკამებზე ადგილის დაკავებისკენ მიანიშნა.
ღონემიხდილი ჩამოჯდა იქვე ნენე. არავისთვის ნუგეშის მიცემის და გამხნევების თავი აღარ ჰქონდა. მოგონებები ერთმანეთის მიყოლებით აეშალა თვალწინ და ისე წასკდა თვალებიდან ცრემლები, მათი შეკავებაც ვერ მოასწრო.
დადა მიმღებში ეჩიჩინებოდა დაცვის თანამშრომლებს, ერთი-ორჯერ ჰაერში აწევით და აქედან გაქრობითაც დაემუქრათ, მაგრამ როგორც ჩანს ხშირად ისმენდნენ ამ ადგილას მსგავს მუქარებს და სერიოზულად არავის მიუღია მისი სიტყვები.
-დადა, გაანებე, გამოდი... -სუსტად ამოთქვა ნენემ და მუცელზე მიადო ხელი, რომ დაცვის თანამშრომელი გამგელებული ნაკაშიძის თავდასხმისგან გადაერჩინა.
-რას ჰქვია, გავანებო! ამდენი ხანი როგორ არავინ მითხრა რა სჭირს დედაჩემს?! ერთი ექთანი როგორ არ გამოვიდა ამბის სათქმელად!
-ორი წუთის წინ შეიყვანეს, დადა, გონსაა, კარგადაა...
-შენ რა იცი? -ახლა მას მოუბრუნდა გონდაკარგული.
თითქოს არავის და არაფერს დაინდობდა დედამისზე ორი სიტყვას თუ არ გააგებინებდნენ გადაბმულად.
უარესად დაიძაბა ნენე, მუცელიც ასტკივდა. მისმა გონებამ უნებურად დაიწყო ამ ადამიანში იმ მხეცის ძებნა, რომელსაც მთელი გამოძიება ჩასდგომოდა კვალში მისი ჩათვლით და ვერაფერი დაინახა უცხო... ვერაფერი დაინახა საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშის გარდა და სუნთქვა შეეკრა, იმდენად ახლოს იგრძნო მასთან თავი.
-ნუ მიყვირი! მე ვიყავი მასთან და ვიცი! აცადე ამ ხალხს თავისი საქმის კეთება. -მკლავში ჩაავლო და ძალით გაიყვანა სხეულდაჭიმული ჰაერზე.
ღრმად ჩაისუნთქა დადამ ჰაერი, ორი ნაბიჯით გასცილდა გოგონას და თვალები მოარიდა, იქ დატრიალებული ქარიშხალი რომ ვერ დაენახა ანდრონიკაშვილს.
-ცუდად ხარ? ფერი არ გადევს. -ჰკითხა შეცვლილი, დამშვიდებული ხმით.
-არა, უბრალოდ ვინერვიულე. -გარეთ ჩამოჯდა ნენე. სხეული მოსვენებას და საყრდენს სთხოვდა.
თავი ბეტონის კედელს მიაყრდნო და თვალები მიხუჭა.
-დალიე, თორემ ძალით დაგალევინებ. -მკაცრად უთხრა, როდესაც მეორად იუარა ნენემ მისი მიტანილი წყალი.
ისეთი თვალებით იყურებოდა, შეეშინდა, რომ მართლა გააკეთებდა და ჭიქა გამოართვა.
-შენ არ გინდა? -ქვემოდან ახედა ჩაწითლებული თვალებით.
ჯერ-ჯერობით მარტო ისინი ელოდნენ ციციზე ექიმისგან ინფორმაციის მიღებას.
-არ მინდა. -ერთი სკამის მოშორებით ჩამოუჯდა გვერდით და სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან. -ბოლომდე დალიე.
-არ მინდა ამდენი წყალი! -ჩაიდუდღუნა თავისთვის თუმცა მაინც გამოცალა გამჭვირვალე პლასტმასის ჭიქა და იქვე ურნაში გადაუძახა.
-წადი თუ გინდა.
-დავრჩები. -მანამ უპასუხა, ვიდრე გააზრებას მოასწრებდა. დაბეჯითებით გადაიჯვარედინა ხელები გულზე. -იმ დაცვას კიდევ ერთხელ რომ არ ეჩხუბო.
-არ ვეჩხუბები, ნუ გეშინია. -ჩაეცინა მის თავის მართლებაზე დადას და ცალი თვალით გადმოხედა. -მადლობა, რომ გამოყევი.
ნენეს პასუხი აღარ გაუცია.
მალე შემოეკრიბნენ დადას ირგვლივ მეგობრები და ოჯახის წევრები.
ნუგზარმა მანქანა კი გააჩერა ეზოში, მაგრამ იქედან ვერაფრით გადმოვიდა. საერთოდ როგორ მოაღწია საავადმყოფომდე ისიც უკვირდა. ნელი ნაბიჯებით წავიდა დადა მამამისის მანქანისკენ. ექთანმა უკვე შეატყობინათ, რომ პაციენტი უკეთ იყო და ექიმი სინჯავდა.
-მე გაგიყვან, -გზად გააფრთხილა ნენე, როგორც კი ტაქსის გამოძახება დააპირა და თავისი მანქანისკენ მიანიშნა.
-მე თვითონ...
-მე თვითონ! -წარბები აზიდა, -მამაჩემს ვეტყვი რაღაცას და მოვალ, ჩაჯექი.
ზუზუნით ჩაჯდა ნენე მის მანქანაში და ღვედი გადაიკრა. რომ წასულიყო უკან ხომ არ გაეკიდებოდა, მაგრამ იმდენად დაიღალა დღეს წინააჭმდეგობის გაწევის თავიც აღარ ჰქონდა. ირაკლი შორიდან აკვირდებოდა ჯერ დადას, შემდეგ ნენეს მშვიდ და გამოზომილ ნაბიჯებს.
-ეგაა. -ხელი გაკრა ნანამ და მხარზე ჩამოადო თავი. -ციცი მართალია. ბედია, ბედი...
-დღეიდან ციცი ცოლის მოყვანის ჩიჩინის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავა.
-ამას რომ სჭირდება, ზუსტად ეგეთია ნენე. ვიკას მერე, ხომ იცი, როგორაა... -ლიკაც ამოუდგა წყვილს გვერდით. -ის გოგო ზედმეტად თავშეუკავებელი და იმპულსური იყო... მაგრამ არ მიკვირს, ნუცუბიძეები მოდგმით არიან ეგეთები. ნენე საერთოდ სხვანაირია...

მამის მანქანას რომ მიუახლოვდა, ნუგზარმა ბოლომდე ჩამოსწია ფანჯარა. ხელებით ჩამოეყრდნო დადა და სახე გაუსწორა ფერგადასულს.
-როგორ არის? -ჩაწყვეტილი ხმით იკითხა. -სხვაგან გადავიყვან, აქ თუ ვერ მოუვლიან.
-კარგადაა, შედი, მალე ექიმიც გამოვა და სანახავად შეგიშვებს.
-არ შემიძლია.
თავიდან ეგონა რომ მოესმა. მამამისისგან ეს ორი სიტყვა ერთად არასოდეს გაუგია. ხანდახან ეგონა, რომ არც არაფერი იყო ნუგზარისთვის შეუძლებელი, მაგრამ ახლა იმხელა ტკივილს იტევდა მისი შავი თვალები, იმდენად ძლიერი იყო საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში, რომელსაც თვალებში ჩახედა, რომ სიამაყე აღარ ყოფნიდა ხელების კანკალი მაინც დაემალა შვილისგან.
-კაი,რა, ნუგო. შენი ცოლი ძაან მაგრადაა. -კარი გამოუღო დადამ და ლამის მანქანიდან გადმოსვლა აიძულა. -ადე, ადე... შეაწუხა ექიმები, ჩემს ქმარს ვახშამი არ ექნება ნაჭამი და გამწერეთო. უთხარი, რომ არ გშია, თორემ გააფრენს.
უცნაურად ახედა თავზე წამომდგარ კაცს, მისი შვილი რომ ერქვა და იმ წამს ყველაზე ძვირფას მეგობრად და იმედად რომ მოეჩვენა.
გადმოვიდა ნუგზარი მანქანიდან და მხარზე მადლობის ნიშნად მოარტყა ხელი სიმაღლეში გვარიანად გასწრებულ ვაჟს.
-მიიყვანე ის გოგო სახლში და ნერვები არ მოუშალო.
შვილებს ყოველთვის ჰგონიათ, რომ მშობლები ვერაფერს ამჩნევენ... ხანდახან მშობლები იმასაც ამჩნევენ, რისი დანახვა და გაგება თვითონ შვილებსაც უჭირთ.
-წავიდოდი ტაქსით! -კარი მოიხურა თუ არა მაშინვე გაუბრაზდა ნენე, ისე იჯდა, თითქოს ძალით ჩააკვეხეს იქ.
-სხვას ვერ ვანდობ შენს თავს. -მომხიბვლელად გაუღიმა. თითქოს წეღან ის არ ემუქრებოდა მთელს საავადმყოფოს გადაწვით.
თვალები აატრიალა ნენემ და სახე მოარიდა.
-ციციმ რომ გაიგოს, ასე ინერვიულე, მეორედ გახდება ცუდად.
სულაც არ მოსწონდა დადას ასეთი ნენეს ყურება. უჩვეულოდ ჩუმი და მოწყენილი იყო.
-ციცის გამო არ ვარ ასე. -ხმადაბლა წაილაპარაკა და თვალები მიეხუჭა. როგორ ეძინებოდა...
-დაიძინე, თუ გინდა. -პასუხად ნენემ უფრო მაგრად დაქაჩა თვალები. -რამე გტკივა? თუ გინდა მივბრუნდეთ...
-არა... უბრალოდ დავიღალე...
აღარაფერი უთქვამს ნაკაშიძეს. ნენე მალევე გააბრუა მანქანაში სასიამოვნო სიგრილისა და სურნელის შეგრძნებამ და სავარძელზე მოკუნტულს მიეძინა.
უცნაური თვალებით დააკვირდა მის მშვიდ სახეს დადა. ხვეული, ერთმანეთში აბურდული თმა სახეზე უდიერად ჩამოჰყროდა და სუნთქვისას ოდნავ ირხეოდა.
მანქანა რომ გააჩერა, ღვედი შეუხსნა და ის საშინელი ფეხსაცმელიც მოაშორა ტერფებიდან, მთელი დღე რომ სტანჯავდა და არაფრით იმჩნევდა.
უფრო ახლოს იგრძნო ნენეს სუნთქვის სიგრილე, ნაზი კანი და გულ-მკერდზე თვალისმომჭრელად მიმოფანტული ხალები.
კიდევ კარგი, უკვე ბნელოდა და ყველა სახლს აფარებდა თვალს. ნელა აიარა კიბეები, თავის თავს, რომელიც ათას სულელურ კითხვას უსვამდა ამ გოგოზე, დააჯერა, რომ უბრალოდ არ უნდოდა გაეღვიძებინა და მასთან სიახლოვის გახანგრძლივების სურვილი არაფერ შუაში იყო.
ფრთხილად დააკაკუნა კარზე. რიომ ჯერ თავის დას შეხედა გაფართოებული თვალებით, შემდეგ დადას, რომელმაც თავით ანიშნა, შემატარეო.
-მე შევიყვან... -საშინლად არ ესიამოვნა, რომ დაინახა როგორ ეხებოდა მის დას ვიღაც.
ეს ვიღაც თუნდაც დადა ნაკაშიძე ყოფილიყო, რომლის მიმართაც არასწორი წარმოდგენები გვარიანად ჰქონდა მორყეული ბოლო საუბრის შემდეგ.
ყური არ ათხოვა ნაკაშიძემ. ვარაუდით მიხვდა, რომელი იქნებოდა ნენეს ოთახი, რახან ხშირად გამოდიოდა ხოლმე აივანზე და ფეხით შეაღო.
ფრთხილად მიაწვინა და მაშინვე გამობრუნდა უკან.
რიოს აღარაფერი უკითხავს მისთვის, თავის დას დახედა და გვარიანად ამოიოხრა.
*
ფულის, სისხლისა და უკანონო ჩხუბის ქსელიდან თავის დახსნა არც ისეთი ადვილი საქმეა, როგორც რიოს ეგონა. ერთ-ორ წაგებაზე ძვირად რომ დაუჯდებოდა იმ წრიდან გასვლა, ამას თავადაც კარგად ხვდებოდა... მისნაირ მებრძოლებს კლანჭებით იჭერენ და მანამ არ უშვებენ შხამიან საცეცებს, სანამ ვინმე ახალი და უფრო მომგებიანი არ გამოჩნდება.
რიოს სიამაყე არ აძლევდა უფლებას საკუთარი შიში გაემჟღავნებინა. ცდილობდა მყარად დამდგარიყო, მასზე ძლიერებსა და მდიდრებს მარტივად მოსაგრეხი რომ არ მოსჩვენებოდათ. ნენეს სახე და დადას სიტყვები განაჩენივით უტრიალებდა გონებაში და მის დამდე რომ მიეღწიათ, მერე მართლა ვეღარ წარმოიდგენდა, რაზე იყო წამსვლელი. ამ ზღვრის გადალახვის შემდეგ მისი გონება ადამიანურად აზროვნებას უბრალოდ წყვეტდა, ზედ ბნელი, გაუვალი ბურუსი აწვებოდა და სუნთქვასაც უკრავდა.
იმდენად ჰქონდა შეტოპილი, დახმარების ხელსაც ვერავის სთხოვდა. ვერავის გამოწვდილი ხელი ვერ მისწვდებოდა იმ ტბის ფსკერზე, რომელზეც ეშვებოდა.
-შენ ბრძოლა აღარ გინდა, რიო? -უკმაყოფილო ჩანდა დემურ ნუცუბიძე თავისი საყვარელი მებრძოლის უჩვეულო მარცხების სერიით. ჭკვიანი გამოხედვით აგრძნობინებდა, რომ მას ვერ გააცურებდა ასე მარტივად. -თუ მარტივად გინდა გაძრომა? აქ რომ მოდიოდი, ხომ გაგაფრთხილე… ამ საქმის დასაწყებად ისევეა საჭირო ორივე მხარის თანხმობა, როგორც დასასრულებლად. მე კიდევ არ მინდა, რომ შენისთანა ქარიზმატული ბიჭი ადრიანად წავიდეს რინგიდან. ახლა შენს გამარჯვებას ბევრი აღარ ელის, ამიტომაც მეტის მოგებაა შესაძლებელი… ხუთმაგს წაიღებ სახლში.
-ფული აღარ მჭირდება, დემურ. არც აქ ხელების გასვრა მინდა.
-შენ უკვე გაისვარე ხელები აქ, ბიჭო. შენს მინდაზე აღარაა. ხვდები, რიო? -გამაღიზიანებლად დამარცვლა მისი სახელი.
-რა უნდა გავაკეთო, რომ წასვლაზე დამთანხმდე? -მზერით კავშირს არც ანდრონიკაშვილი წყვეტდა.
ნეტავ ვინმე ჰყოლოდა ისეთი, ვისაც დააბრალებდა ამ დღეში რომ იყო ჩავარდნილი, მაგრამ საკუთარი თავის გარდა ვერავის დასვამდა ბრალდებულის სკამზე…
-ამ ბრძოლას მოიგებ. მერე… ტატო ცერცვაძეს გადასცემ, რომ ჩემი ძმის დევნას შეეშვას.
ტატოს ხსენებისას სული გაეყინა რიოს.
-არ გინდა თავის მოჩვენება, თითქოს არ იცნობ. ვიცი, შენი მფარველი ანგელოზია… შენს სიტყვას ენდობა… ისე, მაგრად კი ეწყინება, რომ გაიგებს ნუცუბიძეებს დაგვიმეგობრდი, მაგრამ გადაიტანს. ან ამ საქმეს მომიგვარებ, ან მანამ იჩხუბებ ჩემთვის, სანამ შენი მუშტებიდან ბოლო თეთრსაც არ გამოვწურავ.
-თორე? -გამბედაობა შეემატა, ადრენალინის მოზღვავება იგრძნო და ძლივს შეიკავა თავი, იქვე რომ არ ეგრძნო მისი მუშტების სიმწარე ნუცუბიძეს.
-შენი და კარგი გოგოა… რატომ უფუჭებ საქმეს? იმას იურისტობა უნდა, შენ ასეთ ამბებში ეხვევი… ხომ იცი, როცა ოჯახის წევრი ნასამართლევია, წარმატების მიღწევის შანსი… იმდენად დაბალია… -გიჟური სიხარული შეერია ნუცუბიძის ტონს, მხოლოდ ადამიანის წამების დროს რომ განიცდიან არაადამიანები, ისეთი.
რიოს მხოლოდ ჩაეცინა. ახლა საკუთარი თავი რომ არ მოეთოკა, აუცილებლად ნენეს დაუშავდებოდა რაიმე.
მზერას ვერ თოკავდა სამაგიეროდ, აელვარებული თვალებით აგრძნობინა ნუცუბიძეს, რომ მის სისხლს დალევდა, თუკი ოდნავ მაინც დაირღვეოდა ნენეს სიმშვიდე.
იქედან ისეთი დაბნეული გამოვიდა, რომ წამით სახლის გზაც კი გადაავიწყდა.
სანდრიკას დაუსრულებელ შეკითხვებს უაზრო, გამორეცხილი თვალები შეახვედრა და იგრძნო, რომ ასეთი დაბნეული და უმისამართო არასდროს ყოფილა.

ტატო ცერცვაძემ იმდენ ხიფათს გადაარჩინა, პირველად რცხვენოდა მასთან მისვლის, მაგრამ სხვა უფროსი და მრჩეველი აღარავინ ჰყავდა.
გამწარებულმა ფეხით აიარა დაკიდებული აღმართი მის სახლამდე და ყოველი ნაბიჯის გადადგმისას გრძნობდა, რომ გოლგოთას გადიოდა, რომ საკუთარი შეცდომების წნეხი აპატარავებდა და მნიშვნელობადაკარგულ ნაწილებად შლიდა.
ეზოშიც ჩაფიქრებული შევიდა და მათ დამხმარეს ხელის აწევით მიესალმა.
-რიო, როგორა ხარ? -ფუმფულა ქალბატონ ცირას განსაკუთრებულად უყვარდა ეს თავნება ბიჭი.
ტატოს ცოლისგან, ლენკსგან განსხვავებით ყოველთვის თბილად ეგებებოდა დახმარების სათხოვნელად მისულ ბიჭს.
-კარგად, ცირა დეიდა, თქვენ როგორ? -უხერხულად აიტუზა, ტატოს ეძებდა თვალებით. -სადაა ჩემი ძმობილი?
-უი, ლენკა გაიყვანა სადღაც… მალე მოვა, მიდი შენ სამზარეულოში დაელოდე, მე ბაღში რაღაც საქმე მაქვს და მალე მოვალ.
ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ჩაფიქრებული შევიდა ცერცვაძეების უზარმაზარ სამზარეულოში.
გონებაში ალაგებდა ტატოსთვის სათქმელ სიტყვებს…
მერე ფეხების ტყაპუნის და ღიღინის ხმა რომ მოესმა, ერთ ადგილას შედგა.
ქალბატონი ლილე მაგიდაზე შემომჯდარიყო, ყურსასმენები გაეკეთებინა და შიშველ ფეხებს ჰაერში აფრიალებდა. თან თვალებდახუჭული ღიღინებდა გაურკვეველ სიმღერას.
რიოს დაჟინებული მზერა რომ იგრძნო, უცებ ჩამოხტა იქედან და გულზე ხელი მიიდო დამფრთხალმა.
-როდის შემოხვედი? -უხეშად ჰკითხა სტუმარს და წარბაწევით შეათვალიერა. გულზე გადაიჯვარედინა ხელები. -მისმენდი?
-მხოლოდ ხუთი წამი, მეტს ისედაც ვერ გაუძლებდა ჩემი ყურები. ცოტა უნიჭო ხარ. -იმავე ტონით დაუბრუნა ხურდა და იქვე ჩამოუჯდა მაგიდასთან.
-შენ უზრდელი, -წამოენთო ცერცვაძეების ქალიშვილი. -ამჯერად რა მიქარე?
-შენი საქმე არაა. მალე მოვა ტატო?
-მე რა ვიცი, აქ კი არ ზის და კი არ ელოდება, შენ როდის დააშავებ რამეს, რომ მერე გაიქცეს და ხელი დაგაფაროს!
-ენას ნუ მიტლიკინებ, -ნაპერწკლები გაყარა რიოს მწვანე თვალებმა. უცნაურად შეუწრიალდა მუცელი გამარქაფებულ ქალბატონს. -წადი საშინაო დავალება დაწერე და მაცადე მშვიდად დაველოდო მამაშენს.
-მომისმინე, ოროსანო… -ლილემ საჩვენებელი თითი აღმართა მუქარით, რიო წარბების აზიდვით შეეგება მის გადმოდგმულ ნაბიჯსა და მრისხანე გამომეტყველებას. -მშვიდად ცხოვრებას ეს შენ არ გვაცდი!
-შენ რით შეგაწუხე ერთი?
-მამაჩემი შენ გამო სულ განერვიულებულია! უპასუხისმგებლო ვირი ხარ! ტატო კი უანგაროდ გეხმარება, მაგრამ იქნებ შენც გამოიჩინო შნო და ხურდად მადლიერება დაუბრუნო!
-შენ ნუ ერევი და გადი შენს ოთახში. -თვალები აუელვარდა ანდრონიკაშვილს, სიამოვნებით დაუგრეხდა იმ ხელებს ასე რომ უქნევდა ცხვირწინ. გულის სიღრმეში კი კარგად ხვდებოდა, რომ სიმართლეს ეუბნებოდნენ.
-ნუ მეუბნები ჩემს სახლში რა ვქნა!
-რა გაკივლებს? ასე ხვდები ყველა სტუმარს? თავი მომაბეზრე უკვე.
-მარტო შენ გხვდა წილად ჩემი ასეთი სტუმართმოყვარეობა! რომ გიყურებ უკვე ნერვები მეშლება.
-გოგო, რა გინდა? მე გავალ შენ თუ არ გახვალ, -ფეხზე წამოიმართა გაბრაზებული და წინ გამოშვერილი ხელი დააწევინა.
უფრო შეფართხალდა ცერცვაძე. სახეზე სირცხვილისგან ალმური აუვარდა.
პირველად იყო ამ ვირთან ასე ახლოს და საერთოდ არ მოეწონა ის, რაც იგრძნო. უარესად გაკაპასდა.
-გამიშვი! ნუ მეხები მაგ ხელებით! რა გინდა, მამაშენი ხომ შეიწირე და მამაჩემიც გინდა გაუყენო ახლა მის გზას?
სახიდან ყველა გრძნობა ჩამოერეცხა რიოს. გახევებულმა დახედა ზემოდან გააფთრებულ ლილეს, რომელიც უკვე მიმხვდარიყო, რომ მეტისმეტი მოუვიდა, თუმცა იხტიბარს მაინც არ იტეხდა.
მშვიდად გაბრუნდა და გაეცალა ცერცვაძეების სახლს. მარტო დატოვა სამზარეულოში საკუთარი დანაშაულის წინაშე მდგომი გოგონა, რომელიც საერთოდ ვეღარ გრძნობდა კმაყოფილებას, ასე რომ მოიშორა თავიდან რიო ანდრონიკაშვილი.
გამოფენამდე რამდენიმე დღით ადრე სრული დატვირთვით მუშაობდნენ, რომ კამპანიასა და შემდეგ წვეულებას საუკეთესო შთაბეჭდილება მოეხდინა დამსწრეებზე.
ლიკას ნუციკოს ბაღიდან გამოყვანისთვისაც კი აღარ ეცალა. მოუსვენარი პატარაც დედასთან ერთად იყო ჩართული თავდაუზოგავ შრომაში და სამსახურიდან დაღლილებს ხასიათს მხოლოდ მისი საყვარწლი ტიტინი უკეთებდათ.
ლიკა შეხვედრაზე იყო გასული ნუციკო დადამ რომ მოიყვანა ბაღიდან.
უზარმაზარ მხარზე ჭრელა-ჭრულა ბრჭყვიალა ჩანთა მოეგდო და ცალი ხელი პატარა გოგოსთვის ჩაეკიდებინა.
ყურადღებით უსმენდა მის ლაპარაკს და შიგადაშიგ შეკითხვებსაც უსვამდა.
-ხოდა, ძიაკო, გადაგვწყვიტე ცოტა ხნით მარტოხელა ვიყო.. -გზაში სასაცილოდ ტრიალებდა, რომ თავის კაბას ჰაერში ეფრიალა. -აი, დედასავით და შენსავით და ნენესავით.
-ცუციკო, მოხვედი? -სკამიდან ადგა ნენე და გოგონას წინ ხელებგაშლილი ჩაიცუცქა, ჩასახუტებლად გამოქცეულს ადგილზე რომ დახვედროდა.
განზრახ არ შეიმჩნია ეშმაკურად მომზირალი ნაკაშიძე, რომელმაც ჩანთა იქვე დადო და სავარძელში მოთავსდა კომფორტულად.
-ცუციკოს მარტო ძიაკო მეძახის, მაგრამ შენც დამიძახე თუ გინდა, ნენეკო… -ორივე ლოყაზე აკოცა და კისერზე შემოხვია ხელები. -დაიღალე? ძიაკო, ნენეც უნდა წაგვეყვანა ნაყინზე.
-შენ რომ დაგინახე, აღარ ვარ დაღლილი. -ტკბილად ჩაუკოცნა ფუმფულა ლოყები.
-მარტო მე დამინახე? ჩემი ძია ვერა? -სახე მიაბრუნებინა ნაკაშიძისკენ.
იმანაც დრო იხელთა და სალმის თქმის ნაცვლად ოდნავ ჩაუკრა თვალი.
გული კისერში ამოაჯდა ნენეს. პირველად ხომ არ გაუკეთებია ასე, მაგრამ საშინელი სისუსტე და დახუთულობა იგრძნო ერთდროულად.
-ახლომხედველია ნენე, ცუციკო. ახლოს თუ არ მოვედი, ვერ მამჩნევს. -ფეხზე წამოდგა და ნელა მოუახლოვდა გოგონებს.
ბავშვი სულ დაიბნა.
-ჩემი ძია რომ დიდია, როგორ ვერ ხედავ? -ხელიდან დაუსხლტა ნენეს და ამჯერად ბიძამისის მკლავებში გადაძვრა. -სულ ახლოს მიდი მერე და დაგინახავს.
-არ არის საჭირო ახლოს მოსვლა, რთულია ბიძაშენის უზარმაზარი ეგო შორიდან ვერ იგრძნო… -ცივად გამოსცრა გაბრაზებულმა და უცებ დაუბრუნდა თავის ადგილს, როგორმე დახუთულობის შეგრძნებისგან რომ გათავისუფლებულიყო.
-ეგო რა არის?
-ნუცი, შენ დედას მაგიდაზე გაერთე, მე რაღაც დიდების საქმე მაქვს ნენესთან…
-დიდების საქმე? -დაინტრიგდა ნუცა, მაგრამ დედამისის მაგიდაზე თავმოყრილი ფერადი ფანქრების და ფურცლების დასტის ცდუნებას ვეღარ გაუძლო და მარტო დატოვა უფროსები.
-ხელს მიშლი. -ისე მიახალა ნენემ, ორი ნაბიჯის მანძილზე რომ მიუახლოვდა, მისთვის ზედაც არ შეუხედავს.
პერიფერიული ხედვის არით ხედავდა მხოლოდ მის სხეულს, მუქ ჯინსსა და თავისუფალ თეთრ მაისურს. სურნელს, რომელიც მისი პატრონივით მაცდურად უტრიალდება ცხვირწინ…
-ჯერ არ დამიწყია ხელის შეშლა…
-რა გინდა?
-შენ რომ მკვლელი თვალებით არ მიყურებდე… -თავი გვერდზე გადახარა და გულზე გადაიჯვარედინა ხელები.
ერთი თვალის შევლებით მოათვალიერა ნენეს სიბრაზისგან აცახცახებული სხეული და უცნაურად აუბრჭყვიალდა თვალები.
-შენ ნუ მიყურებ ეგრე. -სახეზე წამოწითლდა და ხმა დაადაბლა, ბავშვს რომ არ გაეგონა.
-როგორ?
-ზნედაცემულად. -შესაფერისი სიტყვა ვერ იპოვა ნენემ, ცეცხლისფერი გაუხდა თვალები.
როგორც სჩვეოდა ხოლმე, ისე გაიცინა დადამ. გული შეუფრთხიალდა ნანას მისი ხმის გაგონებისას. პირი გამოუშრა ისე უხდებოდა სიცილი.
-პირველად დამახასიათეს ეგრე.
-რატო? რუს ქალებს არ აქვთ ლექსიკონში ასეთი სიტყვა? -გაღიზიანებულმა დააწვრილა თვალები, დადამ განუზომელი სიამოვნება იგრძნო ამის მოსმენისას.
-როგორ არ აქვთ, იმათ არ ვუყურებ შენსავით უბრალოდ. არც შენსავით ვპატიობ გრძელ ენას ყველას. მარტო ნუციკოს.
-რა გინდა, დადა?
-ხელშეკრულებაში მინდა ცვლილებების შეტანა. -ხმა დაისერიოზულა, თვალები ისევ ისეთი ჰქონდა, ცვალებადი და მოუსვენარი.
-ლიკას გარეშე ვერ შევიტან ხელშეკრულებაში ცვლილებას.
-იცის ლიკამ. ახალი ფილიალისთვის სხვა მარკეტინგული გეგმა მინდა და რეგიონებისთვის სხვა. ზრდაც მაღალი პროცენტი მინდა დაგეგმილი.
-მაქსიმალური ზრდის პროცენტი გვაქვს აღებული.
-ერთით მეტი მინდა. -ჯიბრიანად უთხრა და გამომცდელად გაუსწორა თვალი.
-შეუძლებელია. ლიკა ამაზე დაგთანხმდა?!
-როგორმე შეძელით. წავედი ახლა, მეჩქარება... შევხვდებით ხვალ.
-შენც იქნები? -სახე აუწითლდა ნენეს, მასთან ერთად ერთ სივრცეში როგორ უნდა გაეძლო.
-აბა, ვინ წამოგიყვანს იქედან? -მოაძახა კარში გასულმა და გაბრუნებისას ეშმაკურად შეავლო თვალები აწითლებულ ლოყებზე.
-შენ არა!
-რატო, ნენეკო? ძიაკო სულ კარგად ატარებს მანქანას და გზაში სულ მისმენს, რო მეძინება სულ ხელში აყვანილი ავყავარ საწოლში.
-ფეხით რომ მომიწიოს წამოსვლა, იქედან მაინც არ გამოვყვები იმას! -ჩაიდუდღუნა და გაბრაზებულმა შეასწორა ხელშეკრულება.

სადა, ბრეტელებზე დაკიდებული გრძელი კაბა ეცვა ნენეს. მსუბუქი მაკიაჟი უფარავდა ლამაზ თვალებს და ოდნავ მკვეთრი, შავი ჩრდილები უფრო მეტად უკვეთდა ღია ფერის, კამკამა წყალივით სუფთა ცისფერ თვალებს.
წინ კვადრატულად ამოჭრილი კაბა ლამაზად თუმცა არა გამომწვევად უჩენდა სავსე მკერდსა და ლავიწებზე ბრჭყვიალებივით უდიერად დაყრილ ხალებს.
თეთრი, სრიალა კანი საოცარ კონტრასტს ქმნიდა ჩაცმულობასთან და თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა წვეულებისთვის, რომელზეც მთელი კომპანია მიიპატიჟეს.
თავიდან არ აპირებდა წასვლას, მაგრამ ნაკაშიძის ეგოცენტრულ ფანტაზიას არაფრით მისცემდა იმის ფიქრის უფლებას, რომ მის გამო გამოაკლდა გართობას.
ტალღოვანი, თაფლისფერი თმა სასიამოვნოდ ელამუნებოდა მხრებზე სიარულისას.
-ნენე? -თეფშით და უზარმაზარი ტორტის ნაჭრით ხელში გამოვიდა რიო სამზარეულოდან და თვალებგაფართოებულმა მოათვალიერა საუცხოოდ გამოწყობილი და. -დავიფინო მუშტზე ნახევარი თბილისი?
-ძალადობის გარეშე ვერა?
-ნწ. უკვე ვგრძნობ სისხლის დუღილს, -ადგილზე დაიწყო ხტუნვა, თითქოს ხურდებოდა ბრძოლისთვის. -კაი, დამირეკე რომ მიხვალ, ვინმე რომ შემოგხედავს მაშინაც დამირეკე, თუ არ შემოგხედავენ მაშინაც დამირეკე და ვაბშე...
-წახვედი, წავედი!
-ღმერთო, რატომ დამსაჯე ყველაზე ლამაზი დით? -პატარა ბავშვივით აეკიდა უკან და გააცილა სახლამდე. -არ მაკლდა საჩხუბარი მიზეზები?
-არ მეცინება... ჭკვიანად. -ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ძმას და ნელა ჩაირბინა კიბეებზე.
გამოფენის შემდეგ ყველა წვეულებაზე შეკრებილიყო. ლიკამ არაჩვეულებრივად გაართვა თავი ყველაფრის ორგანიზებას და ახლა ბედნიერი შეჰყურებდა სტუმრების კმაყოფილ სახეებს.
-ოხ, -მრავლისთქმელი მზერით შეათვალიერა დაგვიანებით მოსული ნენე, -სრული ეფექტისთვის დააგვიანე, ხო?
-დამაგვიანდა... საცობები იყო... -დაიწყო თავის მართლება.
-გელოდებოდით. -გადაკოცნა და ეშმაკურად გაუღიმა, თავით ზურგსუკან იმ მაგიდისკენ მიანიშნა, რომელთანაც დადა იდგა თეთრ პერანგსა და შავ კლასიკურ შარვალში გამოწყობილი და სერიოზული გამომეტყველებით უხსნიდა მოსაუბრეს რაღაცას.
მღელვარება მუცელში აუდუღდა ნენეს, შემდეგ კი სახეზე მოაწვა ნაცნობი დახუთულობის შეგრძნება.
-ნუციკოც წამოიყვანე? თუ ვის გულისხმობ? -თითქოს ვერ მიხვდა..
-მოვა შენთან, ვისაც ვგულისხმობ. -თვალი ჩაუკრა და ერთი ჭიქა შამპანური თავისთვის აიღო, მეორე კი ნენეს გაუწოდა. -ასე სასაცილოდ პირველად არ იმჩნევდა, რომ ვიღაცას ელოდებოდა. ისე, ნუცას თანდასწრებით ნუღარ იჩხუბებთ... მთელი ღამე მახსნევინებდა, რას ნიშნავს ეგო და რატომ აქვს ბიძამისს დიდი ეგო.
-ნუ მიწვევს და არ ვეჩხუბები.
-ეჭვი მაქვს, ჩემზე საუბრობთ... -ნენეს მოღეღილ კისერთან იმდენად ახლოს ჩაილაპარაკა, მოულოდნელად ერთ ადგილას შეხტა ანდრონიკაშვილი.
მოეჩვენა, რომ მისი ტუჩებიდან მომავალი სითბოც კი იგრძნო. თვალები ვერცხლისფერი სიეშმაკით უელავდა.
-ეჭვი მაქვს, შენ გგონია დედამიწაც შენს გარშემო ბრუნავს.
-გრძელ ენაზე რომ გითხარი, ხომ გახსოვს. გეწურება ლიმიტი. -იდაყვით თამამად ჩამოეყრდნო მის წინ მაგიდას, როცა ლიკამ დატოვათ და დაუფარავად მოათვალიერა მის წინ მიმზიდველ ქალად გადაქცეული ნენე.
-შენც გეწურება ჩემთან ახლოს ყოფნის ლიმიტი.
უფრო მეტად რომ დაუახლოვდა დადა, უზარმაზარი დარბაზი თითქოს შევიწროვდა და ირგვლივ მჭიდრო კედლები შემოერტყათ ორივეს.
-გელოდებოდი, -ურცხვად გაუზიარა ფიქრები.
-რისთვის?
-ცოტა ხანში გეტყვი. -წამით შეავლო წითლად შეღებილ ტუჩებზე მზერა და მანამ აკოცა ლოყაზე სწრაფად, სანამ ნენე წინააღმდეგობის გაწევას მოასწრებდა.
თვალი ჩაუკრა ერთ ადგილას გახევებულს და იმ მაგიდისკენ გადაინაცვლა, სიადანაც ეძახნდნენ მხრებგაშლილი, მედიდური ნაბიჯებით.
ისეთი ქარიზმატული იყო, ყველა ქალის მზერა მისი სხეულის მადევარი იყო.
სწრაფად მოსვა ნენემ ლიკას მოწოდებული შამპანური ადუღებული სხეულის გასაგრილებლად, თუმცა უარესად იგრძნო მხურვალება, თითქოს ჯერ კიდევ გრძნობდა დადას სახისა და ტუჩების დაუპატიჟებელ სიახლოვეს.
-თავხედი რეგვენი...
-გამარჯობა, -რუსულად მიესალმა მაღალი, ქერა და ცისფერთვალება, მიმზიდველად გამოწყობილი ქალი.
გამოცდილი მზაკვრობითა და მაცდურობით ჰქონდა თვალები სავსე. ნენემ მაშინვე იცნო ნატალია სმირნოვა. ძვირადღირებული სამკაულები მის თვალებთან ერთად ბრჭყვიალებდნენ. ნენეს კი დაკვირვებით ათვალიერებდა.
საოცარ კონტრასტს ქმნიდა ეს ორი ქალი ერთმანეთის პირისპირ. ერთი მშვიდი, თავშეკავებული, გამოუცდელი თუმცა არა მეამიტი, მეორე გამომწვევი, თავდაჯერებული და უსაშველოდ ამაყი, ყველას ყურადღებას იქცევდა თავისი ვიზუალითა და გამოხედვით.
-გამარჯობა, -ქართულად უპასუხა ნენემ.
ოდნავი გაკვირვებით აზიდა ნატალიამ თვალები.
-ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ... ნატალია სმირნოვა.
-ნენე ანდრონიკაშვილი.
-როგორი ქართული სახელი და გვარი გაქვთ. ლამაზია. -უნდობელი ნაპერწკლები ცვიოდა ნატალიას თვალებიდან. რაღაცით მიამსგავსა კიდეც დადას, შემდეგ იმის შეხება და ამ ქალთან კონტაქტი რომ მოაგონდა, უცანური, უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა.
-გმადლობთ.
-პირველად ხართ აქ? აქამდე არ დამინახიხართ...
-დიახ. ჩვენი ორგანიზებულია გამოფენაც და წვეულებაც.
-მშვენიერია, საუკეთესოა, რასაც კი საქართველოში დავსწრებივარ. გემოვნებიანი და თანამედროვე. -ნენემ მხოლოდ თავი დაუკრა მადლობის ნიშნად, აშკარა იყო, ეს ქალი აქ მის კომპლიმენტებით შესამკობად რომ არ იყო მოსული.
ეჭვი ჰქონდა, რომ დადას ნენესთან სიახლოვემ უბიძგა ნატალიას, საკუთარი ინტერესი დაეკმაყოფილებინა.
-არ ვიცოდი, დადას ქართველებიც თუ მოსწონდა. -წარბები ირონიულად აზიდა ნენემ, მთელი არსებით მზად იყო რამე მსგავსი კომენტარისთვის.
ერთი სული ჰქონდა სადმე დაემარტოხელებინა ის თავზეხელაღებული კაცი და კარგად მიელანძღა თავნება საქციელისა და შეხების გამო, რომელიც, როგორც ჩანს, ყველამ შენიშნა, ვისაც ამის დანახვა უნდოდა.
-ქართველია დადა, რატომ არ უნდა მოსწონდეს ქართველები? -თითქოს შეკითხვა ვერ გაიგო. არანაკლები სიეშმაკე და მაცდურობა ელავდნენ ნენეს თვალებშიც.
-ქალები ვიგულისხმე, ძვირფასო... არ მიკვირს, რომ ვერ გაიგე. პატარა ხარ და გამოუცდელი, შენნაირი ნამდვილად არასდროს ჰყოლია.
-მე არც ახლა ვარ ვინმეს საკუთრება. -ცივად გაავლო ნენემ საზღვრები და ამაყად დაიგრძელა კისერი, -ზოგადად არ მსიამოვნებს, როდესაც ქალები კაცზე დასაკუთრებას სხვა ქალების დამდაბლებით ცდილობენ, ამიტომ თუ დაიკმაყოფილეთ ინტერესი, დაგტოვებთ.
თავი დაუკრა და მანამ გაშორდა გაწბილებულ სმირნოვას, სანამ პასუხს მოისმენდა მისგან.
ესღა აკლდა. ვინმეს ნაკაშიძის საყვარელი რომ ჰგონებოდა და სმირნოვასთან ერჩია საქმეები თავის პირად ურთიერთობებზე.
შეუძლებელი ხდებოდა უკვე საკუთარ პირადსა და საქმეს შორის საზღვრების დაცვა, ყველაფერი ისე ირეოდა და ითქვიფებოდა ერთმანეთში, ნორმალურად შეგრძნებების დახარისხებასაც ვერ ახერხებდა ნენე.
აივანზე გავიდა სულის მოსათქმელად. აქედან ლამაზად მოჩანდა უზარმაზარი მამულის მდიდრულად მოპირკეთებული ეზო, ძვირადღირებული ხეების პავილიონი და მოცეკვავე შადრევნები.
ზურგით იგრძნო მისი მზერა და მაგრად დააჭირა კბილები ერთმანეთს. არაფრით მისცემდა ამ კაცს მისი მოთმინების დაცდის უფლებას. არაფრით აჰყვებოდა გრძნობებს.
-გაგაბრაზა ნატალიამ? -მის გვერდით წელით მიეყრდნო დადა მოაჯირს და შიშველ, შემცივნულ მხრებზე მოატარა თავისი ალავარდნილი მზერა.
ტემპერატურამ მოულოდნელად იმატა, თითქოს ზაფხულის გრილი საღამო კი არა უდაბნოს მცხუნვარე დღე იდგა მათ ირგვლივ.
ნენე უკვე ხვდებოდა, რომ ამ ადამიანთან სიახლოვემ რაღაც ისეთი გარდატეხა მოახდინა მასში, რაც თავგზას უბნევდა... რაზეც კოტე აფრთხილებდა და თვითონ იმდენად ამაყად ეჭირა თავი, არც კი დაუშვა, რომ უფროსი და გამოცდილი ადამიანის სიტყვები აუცილებლად ცუდად დაუდებდა კვანტს წინ.
-შენ რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს? -მშვიდად ჰკითხა, მხოლოდ კითხვების შინაარსსა და ნენეს თვალებში იკითხებოდა ბრაზი და მრისხანება. ხმა ისევ ისეთი ტკბილი და ხავერდოვანი ჰქონდა, როგორც ყოველთვის. - თანაც პატარა და გამოუცდელ ქართველ გოგონებთან, რუსი გამოცდილი ქალები ეჭვიანობენ და მე შემომჩივიან. თუ შეიძლება, დააშოშმინე.
-არ ხარ პატარა? -ადგილიდან არ დაძრულა დადა, იმ წამს გრძნობდა, რომ ბოლომდე მოპოვებული არ ჰქონდა იმის უფლება, რისთვისაც ასე გაუაზრებლად ელოდა ნენეს.
იმ წამს იგრძნო, რომ ნენეს არც ისე ელოდა, როგორც სხვა ქალებს ელოდებოდა ხოლმე.
-არა.
-ხარ. რომ არ იყო, შეამჩნევდი, რომ შენ გარდა არავისთვის შემიხედავს...
-მე რა ვიცი, შენ ვის უყურებ. -ხმა დაუდაბლდა ნენეს სიმორცხვისაგან. გულში დაბადებულმა ფორიაქმა სუნთქვა შეუკრა და ფილტვები გამოუჭედა.
ეს იყო, რაც ყველაფერზე მეტად მოსწონდა მასში დადას. თავშეკავებულობა. სიმორცხვეშიც, ბრაზშიც, სიმკაცრეშიც, ჰარმონიულობაშიც. სამყაროს აურზაურში ნენე როგორღაც მაინც ახერხებდა თავად ყოფილიყო მშვიდი და გამოზომილი.
ისე მოუნდა მხრებზე შეხება, სული მიელია. კისერზე მიხატული ხალიც მიმზიდველად უძგერდა საძილე არტერიასთან.
-მეორედ აღარ გაბედო უკითხავად შეხება, ამდენ ხალხში მითუმეტეს. -როცა მიხვდა, რომ მათ ირგვლივ ატმოსფერო შესამჩნევად გამკვრივდა და დამძიმდა, თავად მოშორდა ნენე.
მაჯაზე წაავლო დადამ ხელი და ცერა თითით მიეფერა ნაზ კანზე.
ეშმაკურად გაეღიმა თითებზე რომ იგრძნო ნენეს აფრთხიალებული გულისცემა.
თავისკენ დაქაჩა და თავადაც გასწორდა, უფრო მეტად რომ შეემოკლებინა მანძილი მათ შორის.
-ახლა ხომ მარტო ვართ, -ცხვირწინ მიმოეფანტა ნენეს მისი კისრიდან მომავალი თბილი სურნელი.
ისეთი მაცდური იყო იმ წამს, ისეთი ქარიზმატული. მაგრამ ანდრონიკაშვილისთვის მილიონჯერ უფრო უცხო და მიმზიდველი იყო ასეთი სიახლოვე და სიმარტოვე ისეთ კაცთან, ვისი ნდობაც ფხიზელი თვალით არ შეიძლებოდა...
-ნებართვას არ გაძლევ. -ხმადაბლა უთხრა.
მისმა ჩურჩულმა უფრო მეტად წააქეზა ნაკაშიძე, მხრიდან გადაუწია თმა და დაფარული კისერი გამოუჩინა.
-აბა, რატომ თრთი? -ყურთან უჩურჩულა და გაეღიმა გოგონას შეკრულ სუნთქვაზე, დადასი რომ იგრძნო საგანგაშოდ ახლოს... -მიპასუხე, რომ ჩემ გამო არა და არ გაკოცებ.
თავი ვერ შეიკავა ნენემ, აკანკალებული სუნთქვა დაუბრუნა პასუხად და დადამაც ისე მიიღო ყველაფერი, როგორც ეს ანდრონიკაშვილმა იგულისხმა - თანხმობად.
გაშლილი ტუჩები მიაწება კისერზე და ზედმეტი შეხების გარეშე აგრძნობინა თავისი სურვილი... ასრულებული ნატვრა, რომ თავად დაესაკუთრებინა ნენეს პირველი სიახლოვე, მისი შეკრული სუნთქვა და მაგრად დახუჭული თვალები.
თავადაც მიეხუჭა წამიერად მის სურნელსა და მთლიანად მონდობილ, მოდუნებულ სხეულზე თვალები.
ყველა გრძნობის ერთიანად აფეთქება იგრძნო ნენემ მუცელში, გულსა და სახეში ამოაწვა თრთოლვა, მუხლების სისუსტე, მუცელში დატრიალებული უცნაური შეგრძნება, რომელიც უღონო მდგომარეობაში აგდებდა...
ჩახველება რომ გაიგონა, ერთ ადგილას შეხტა დაფეთებული და ცალი ხელით მიეყრდნო დადას გულს.
მას რომ ახედა, იმ გამომეტყველებას ყველაფერი ეთქვა ბედნიერებისა და კმაყოფილების გარდა. მრისხანებითა და ბრაზით უელავდა გიშრისფერი თვალები. ნენეს ისე იჭერდა, თითქოს მის თავში ვინმე ეცილებოდა.
გოგონამაც უკან მიაბრუნა თავი და იქ ყველას დანახვას ელოდა, კოტე ცინცაძესაც კი, ოღონდ დემურ ნუცუბიძეს არა.
კაცს ხელში წითელი ღვინით სავსე ჭიქა ეჭირა და ირონიული მზერით აკვირდებოდა მის წინაშე გადაშლილ სანახაობას. ნენეს გაწევა უნდოდა, მასა და ნაკაშიძეს შორის ნორმალური დისტანცია რომ აღედგინა, მაგრამ თითქოს ფოლადად გარდაიქმნაო მისი მკლავი, ძვრა ვერ უყო.
გრძნობდა, რომ კარგი საუბრის შემსწრე ვერ გახდებოდა და ხმას მაინც ვერ იღებდა, როგორმე თავისთვის რომ ეშველა.
-დაგვიწყებია ჩემი და... -ცალი ხელი ჯიბეში ჩაიყო ნუცუბიძემ და ხელოვნური უკმაყოფილება გამოსახვოდა სახეზე, -იმან შენ გამო თავი მოიკლა, შენ კიდე ხან ვის კოცნი და ეხუტები...
-კარგად დაფიქრდი, სანამ მაგ წინადადებას დაასრულებ.
სული პირში გაეყინა ნენეს ისეთი ხმა ჰქონდა ნაკაშიძეს, თუმცა მთავარი შოკი უკვე მიღებული ჰქონდა.
-არადა, როგორ უყვარდი ვიკას.... სულელი გოგო, ვეუბნებოდი, არ ღირს ეს კაცი ამად... შენც გეუბნები, -ამჯერად ნენეს გაუსწორა მზერა.
-მაგ თვალებს ამოგთხრი, მე მიყურე! -ლამის მხრით გადაეფარა ანდრონიკაშვილის გაყინულ სხეულს. -წლებია მაგ ტყუილს აჯერებ საკუთარ თავს... თვალები კარგად რო გაახილო, სარკეში ნამდვილ დამნაშავესაც დაინახავ. მარტივია, ხო, სხვას შეაწმინდო შენი დის თვითმკვლელობა, როცა ნარკოტიკებით შენ ჭყიპავდი! აქ და ახლა გინდა მაგის განხილვა?! შენს ადგილას ერთ-ორ დღეს მოვიცდიდი.
-პოლიციასთან უკვე დამაბეზღე, დასაცდელი დრო აღარ მაქვს. -მომღიმარი კაცი უცებ გადაიქცა მონსტრად. -ჩემი მანქანები მანამ დაჩხრიკეს, სანამ შენამდე მოაღწევდა ტვირთი.
-ცალკე დავილაპარაკებთ!
-რატომ, არ უნდა იცოდეს ამან, ვის საყვარლად იხდის თავს?!
სუნთქვა შეეკრა ნენეს. მზერა მიებინდა. რა ჯანდაბა ხდებოდა. მოვლენებსა და შედეგებს ერთმანეთთან ვეღარ აკავშირებდა.
-შენი ძვლების შემგროვებლად გინდა აქციო შენი ძმა? ხოდა, მიიღებ. მის თვალწინ ხელს რო არ გარტყამ, არ იფიქრო, რომ არ იმსახურებ, შე !
ნენეს ფერმიხდილმა სახემ და გამორეცხილმა თვალებმა აიძულეს მხოლოდ, რომ აქავებული ხელებით სუფთად გაეღწია იქედან.
უპასუხოდ რომ არ დატოვებდა, ეს თავად დემურმაც კარგად იცოდა.
-გამიშვი ხელი! -სხეულში საშინელ უძლურებას გრძნობდა ნენე.
მის გონებას გადახარშვა უჭირდა, რა ქარიშხალი ტრიალებდა ირგვლივ, რატომ მოჰყვა მაინც და მაინც ნენეს ცხოვრება ამხელა არეულობაში.
ყველაფერი იმის ბრალი იყო, ვისაც მკლავში ჩაევლო ხელი და აქედან მშვიდი სახით მიარბენინებდა!
-გამიშვი-მეთქი! მეც შემიძლია სიარული. სად მიგყავარ?
-ნენე, ნუ ყვირი. -დარბაზში შესვლამდე შეჩერდა დადა. ისე მშვიდად დაჰყურებდა ზემოდან აფორიაქებულ, შეშინებულ და სასოწარკვეთილ გოგონას, თითქოს წეღან მასზე არ გაჟღერდა ნუცუბიძის პირიდან მძიმე ბრალდებები.
-არ ვყვირი, ნუ მეხები! -ხმადაბლა უთხრა მანაც, თუმცა შესამჩნევი ბრაზით უთრთოდა ტუჩები. ცრემლებით ჰქონდა სავსე თვალები.
გონებაში ათასი აზრი აწყვეტილი მძივივით გაებნა. ათასმა ხმამ ერთდროულად დაიწყო საუბარი და ნორმალურად აღარც ესმოდა ვინმეს ხმა. ხვდებოდა, თავი რომ ვერ მოეთოკა, აუცილებლად შეიშლებოდა.
-წამოდი, სახლში წაგიყვან.
-შენი წაყვანა არ მჭირდება, ხომ გითხარი უკვე? წეღან რაც მოვისმინე, იმის მერე მართლა გგონია, რომ სადმე გამოგყვები? ვგავარ სულელს?
-მე ვგავარ რაც მოისმინე, იმის გამკეთებელს? -ხელი შეუშვა და უჩვეულო, სახასიათო სიმკაცრითა და სიცივით უთხრა.
ნენეს მოეჩვენა, რომ ყინულიანი წყალი გადაავლეს სხეულზე.
-ლიკა წამიყვანს.
-რომ გეკითხები, პასუხი გამეცი. -ნახევარი ტანით გადაუდგა დადა.
წეღანდელი ნაკაშიძე, რომელიც ყველას თავისუფლად უღიმოდა გახსნილი სახითა და ქარიზმატული მანერებით, სადღაც გაზაფხულის თოვლივით აორთქლდა და დეკემბრის სუსხივით გამყინავი თვალებით შემოჰყურებდა ვიღაც სხვა ადამიანი.
-რა გინდა, დადა? -გულზე გადაიჯვარედინა ხელები ნენემ, ისე ხმადაბლა ჰკითხა, ისეთი დაღლილი ხმით, რომ მკერდში რაღაც მტკივნეულის დავლა იგრძნო დადამ, -რა გინდა, რომ გიპასუხო ახლა? რას ვფიქრობ? ვერაფერს. ამდენის ერთდროულად გადახარშვა არ შემიძლია. არ უნდა მოსულიყავი. არც მე უნდა დაგლაპარაკებოდი. არც შენ უნდა შემხებოდი და რაც გითხრეს, ის მე საერთოდ არ უნდა გამეგო. ისედაც უამრავი პრობლემა მაქვს... ვიღაცის საყვარლობის სტატუსიღა აკლია ჩემს მდგომარეობას სრული ბედნიერებისთვის. რომ მაკავებ, რას მაკავებ? ეს მე უნდა გკითხო, რა გინდა შენ?
-ვერ ხვდები მე რა მინდა? -ხმა დაუმშვიდდა, დაარბილა. თავად თუ კარგად შეეძლო გრძნობების დაფარვა, იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ასეთი იყო. ნენეს თვალებში ეტყობოდა, რასაც გრძნობდა და ყველაზე უძლურ ადამიანად იგრძნო თავი მის წინაშე. ისე არ ესიამოვნა საკუთარი სისუსტე, უკან დაიხია რამდენიმე ნაბიჯით და სახეზე ჩამოისვა ხელი.
-არ მინდა. -ჩამოვარდნამდე მოიწმინდა ნენემ ცრემლი, -ვხვდები და არ მინდა. მე არ მინდა!
-კარგი, -თავი გვერდზე გადახარა და ისე გაუღიმა, თითქოს მისგან საპირისპირო პასუხი მოისმინა. -შენ თუ არ გინდა...
-რატო მაკოცე? -თავის პატარა ჩანთას მაგრად ჩაავლო ნენემ ხელი. ვეღარ მოითმინა, ცოტაც და ალბათ მოუქნევდა იმ კმაყოფილ სახეში.
-ლიკა მიდის, -თვალებით ანიშნა გასასვლელთან ინტერესით სავსე თვალებით ჩამომდგარი დეიდაშვილისკენ, -მიდი, გელოდება, როდის გამჭორავთ... ახლოს ნუ ჩამივლი მაინც, რა იცი, რა ხდება...
-დადა, ნუ მეთამაშები. -შეშინებული თვალებით გაზომა მანძილი მათ შორის და ფრთხილად გადადგა ნაბიჯი კარისკენ.
ამაზე უფრო ფართოდ გაეღიმა ნაკაშიძეს. თვალებში ისევ გაურკვეველი მინიშნებები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. ნენემ სწარაფად მოაშორა მზერა და ლიკასკენ წავიდა.
ყოველ ნაბიჯზე გრძნობდა მის გამოყოლებულ თვალებს, მთელი სხეული ეწვოდა დადას გამჭოლი მზერა, როგორ უზომავდა ყველა მოძრაობას...

ისე ჩასხდნენ მანქანაში, ლიკას ხმა არ ამოუღია. ნენეს სახეზე ეწერა ყველაფერი და ზედმეტი კითხვების დასმა არც იყო საჭირო. ნუცუბიძე ისევ აივანზე იდგა და ისე შეექცეოდა სასმელს სანახაობის შემყურე, თითქოს ნერონი ყოფილიყოს წეღან რომ მთელი ქალაქი გადაწვა და ახლა ხანძრის ცეცხლზე თბებოდა.
ზიზღიანად ახედა ნენემ მანქანის ფანჯრიდან. შორს იყო, მაგრამ გრძნობდა, როგორ უყურებდა ისიც. შემდეგ ნაკაშიძე გავიდა აივანზე და გოგონებიც მოშორდნენ თბილი განათებებით აბრჭყვიალებულ ორსართულიან მამულს.
ლიკამ გვერდულად გადმოხედა საკუთარ ფიქრებში ჩაკარგულს, ჩუმად რომ აპარებდა იმ აივნისკენ თვალებს, რომელიც ნელ-ნელა დაპატარავდა, თუმცა მაინც შენიშნავდით ერთმანეთის პირისპირ მდგარ ორ ახალგაზრდა მამაკაცს.
-ნუ გეშინია, -ჩაეცინა ლიკას, -დადას არაფერი მოუვა.
-სულაც არ მეშინია, -უცებ გამოერკვა ანდრონიკაშვილი, -რომ რამე მოუვა... მაგრამ იმას ხომ არ სცემს? იქნებ, დავრჩენილიყავით.
-უიმე, არა, -ისე გაიკვირვა ქალმა, თითქოს წარმოუდგენელი იყო დადას ვინმეზე ხელი აეწია. -შენ გგონია, ნუცუბიძეს შეეხება? ვერ წარმომიდგენია, ვინმემ ისე გამოიყვანოს წყობიდან, რომ ადამიანს დაარტყას, იმიტომ კი არა, რომ სურვილი არა აქვს, ან ტკივილისთვის ეცოდება. შეიძლება, სხვას არც შეუშალოს ხელი ჩხუბში. უბრალოდ, ადამიანი თუ არ მოსწონს, ფიზიკურად არ ეხება. ვერ ეხება.
-გიჟია? -თვალები გაუფართოვდა ნენეს, ვერ ხვდებოდა, ამაში ან სასაცილო რა იყო. -ფსიქოპათია?
-არა, უბრალოდ, არ სიამოვნებს და იმას არ აკეთებს, რაც არ სიამოვნებს.
-საერთოდ ვერ დამამშვიდე.
-ახ, არც გამშვიდებ, ძვირფასო. არავის არაფერს ატკენს, მაგრამ ისე გაამწარებს, ისე... ბავშვობაშიც ასეთი იყო. ერთხელ მან და ირაკლიმ ისე მწარედ იჩხუბეს, ძლივს გავაშველეთ. უფრო სწორად, ირაკლი ძლივს მოვაშორეთ, თორემ დადას ხელი არ გაურყევია. ბოლოს ისე მწარედ უთხრა, მუშტებზე უტვინოები იყურებიანო და ისეთი მედიდური გამომეტყველება ჰქონდა, დიდ ხანს მოუწია ჩალურჯებული თვალით და კმაყოფილი ღიმილით სიარული სოფელში.. ირაკლი ორი კვირა არ ელაპარაკებოდა. ბოლოს ისევ თვითონ შემოირიგა. ამიტომ, იცოდე მაინც... დამნაშავეც რომ იყოს, სიტუაციიდან ისე გამოვა, თავს აქეთ იგრძნობ დამნაშავედ.
ნენეს სუნთქვა შეეკრა, მთელი სხეული გაუყინა ლიკას სასხვათაშორისოდ ნათქვამმა სიტყვებმა, რომლებსაც მისთვის საერთოდ სხვა მნიშვნელობა ჰქონდა.
იმ წამს ისე გაბრაზდა, ისე დაღალა გაუთავებლად წრეზე სიარულმა ამ ადამიანის ხასიათის ირგვლივ, იქ რომ ჰყოლოდა, აუცილებლად თავად დაუშავებდა რამეს. როგორც კი გაიფიქრა, რომ რაღაც ხელჩასაჭიდი თოკი გადმოუგდო ნაკაშიძემ, მაშინვე უმისამართო ლაბირინთში ითრევდა, სადაც ერთმანეთს გაფუჭებული ფილმის კადრებივით ენაცვლებოდნენ დადას ხასიათი, ქცევები, გამოხედვები და ბოლოს აზრის გამოტანა გიჭირდა.
-დემურმა თავისი და ახსენა, -გააჟღერა ხმადაბლა, როდესაც მისმა გონებამ ნელ-ნელა დაალაგა მოსმენილი და თავს გადამხდარი.
ყველაზე ხმამაღლა ყვიროდა ერთი ჩუმად ნათქვამი სიტყვა...
„თვითმკვლელობა“
სიტყვა, რომლისგანაც სინათლის სხივზე უსწრაფესად ცდილობდა ნენეს საღი აზრი გაქცევას.
-ხო, ვიკა... -სადღაც შორს, ნაღვლიან წარსულში ჩაიკარგა ლიკას ხმა და სიტყვები, -მე კარგად არ ვიცნობდი, დადამ რომ გამაცნო, ის გოგო უკვე იკეთებდა წამალს... მაშინ ისე გამიკვირდა, ჩემი დეიდაშვილი ასეთ გოგოსთან რომ ხვდებოდა... ცუდად არ გამიგო, ცუდი ადამიანი კი არ ყოფილა, პირიქით - ულამაზესი იყო ვიკა, მართლა თვალს ვერ მოსწყვეტდი, თუმცა აშკარად ეტყობოდა, რომ ვერ იყო კარგად და რატომაც ვერ იყო კარგად, ეგეც ეტყობოდა. მაგარი არეული ოჯახი ჰქონდათ ნუცუბიძეებს, მოსაწევი და გასაჩხერი რომ არ ილეოდა ქალაქში, მათი დამსახურება იყო. აქ არავის უკვირდა ასეთები, მაგრამ უმცროსი ქალიშვილის ამ ამბავში გარევას არავინ ელოდა... დადა და ვიკა უკვე ერთმანეთს ხვდებოდნენ, როცა ვიკამ ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო. დადა ხან აქ იყო, ხან მოსკოვში და ხშირად ვერ ნახულობდა ვიკას, მაგრამ აშკარად რომ შეიცვალა, ცოტა ხნით აქ გადმოვიდა. თავის პრობლემას არასდროს ამხელდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ შეყვარებულის დახმარება უნდოდა. შეიძლება არც უყვარდა, უბრალოდ გამორიცხულია დადამ ვინმე გასაჭირში მიატოვოს, იმის მიუხედავად, რომ ყველაზე მეტად სიბინძურეში ჩაფლული ადამიანები ეჯავრება. მერე ამ ჩვენმა დემურმა ვეღარ გაუძლო საკუთარი ნამუსის სიმძიმეს, ადგა და უარესი გააკეთა, ვიკას ნარკომანობა დადას გადმოაბრალა. ამას არავინ დაიჯერებდა... შეიძლება, ბიძაჩემი ცოტა „სხვანაირი“ რეპუტაციით სარგებლობდა იმ დროში, დიდად კანონიერი არ იყო მისი პოზიციები, მაგრამ მსგავს რამეს არასდროს გაკარებია. ეს ყველამ კარგად იცოდა, ამიტომაც სცემდნენ განსაკუთრებულ პატივს ნაკაშიძეებს. დემურმა ვერც ეს აიტანა, სუფთა დადას გვერდით თავისი ხელით გაბინძურებული და, ხოდა, ადგა და ჩამოაშორა, მათ შორის ჩადგა, სადღაც გადამალა და სანამ დადა იპოვიდა, მანამდე გარდაიცვალა ვიკა ზედოზირებით.
-ღმერთო, -უნებურად დასცდა ნენეს. -იცი, რა არ მესმის? ხომ შეიძლება, ადამიანმა საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს? ამხელა გაკვეთილი ჩაუტარათ ცხოვრებამ და ამათმა ვერაფერი ისწავლეს. უფრო ძვირფასი რა უნდა დაკარგოს მამამ, ან ძმამ?!
-ჩემი დაკვირვებით, მწარე გაკვეთილს ორნაირად იღებენ ხოლმე ადამიანები, ან სწავლობენ, ან ბედზე ბრაზდებიან, ბოროტდებიან და საკუთარი დანაშაულის დანახვა არ უნდათ. ტკივილი, რომელსაც განიცდიან დაუმსახურებელი სასჯელი ჰგონიათ... ასეთებთან ბრძოლას აზრი არ აქვს, ასეთებს უბრალოდ დანახვა არ უნდათ სრული სურათის იმ ნაწილის, რომელიც მათი შეცდომებისკენ მიუთითებს. სხვათაშორის, მეც ვყოფილვარ ადრე სხვის ამბავში ის მხარე, რომელიც ნუცუბიძეა ახლა დადას ამბავში. როცა თვალებს ახელ, უკვე გვიანია... სინანულზე მწარე მხოლოდ დაგვიანებული სინანულია.
-რას გულისხმობ? ვერ ვხვდები... შენ ვინმეს რამე დაუშავე? ვერ წარმომიდგენია, ჩემი აზრით, ზედმეტად კრიტიკული ხარ ახლა საკუთარი თავის მიმართ.
-ახ, არა... -გაეცინა ლიკას და ნაღვლიანად გადმოხედა უმცროს მეგობარს. სანდო მზერები გადაიკვეთა ერთმანეთში და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძო, -მე რომ ოჯახი დამენგრა, ჩემი ბრალია. შენ ხომ არ გგონია, ნუციკოს ცუდი მამა ჰყავს... არა... ჩემი ბრალია ჩემი შვილი ორ სახლს შორის რომ არის გამოკიდებული და ადრიანად მოუწია იმაზე დაეწყო ფიქრი, თუ რატომ არ ცხოვრობს მისი დედა და მამა ერთად. ცოტა ხნით მეც ნუცუბიძე ვიყავი... ადრე გავთხოვდი, ჩვიდმეტის ვიყავი. სახლში ისეთი არეული სიტუაცია გვქონდა, მამა სულ ღალატობდა დედას, მერე დედა სულ ტიროდა, მეგონა, თუ წავიდოდი, უკეთესი იქნებოდა... მაგრამ ხომ იცი, შენი სახლის სურნელი სულ თან დაგყვება ადამიანს. მე თვითონაც ვერ ვხვდებოდი, როგორ ვიქეცი ეჭვიან და ეგოისტ ცოლად. რეზის ოჯახი საუცხოოდ მექცეოდა, ეს რეზის დამსახურებაც იყო, ჩვენი ოთახიდან არასოდეს გასულა ჩემი ქმრის აწეული ხმა, სამაგიეროდ მე ვერ ვისვენებდი. უაზროდ ვეჭვიანობდი, ტელეფონში სულ ჩუმად ვუმოწმებდი შეტყობინებებს, ვერცერთ მის გოგო მეგობარს ვერ ვიტანდი, ეს ყველაფერი კი ყველანაირი საბაბის გარეშე. ვიცოდი, რომ ჩემზე გიჟდებოდა ჩემი ქმარი, ვიცოდი, რომ ვუყვარდი და არ მეგონა, ოდესმე ჩემს გაშვებას თუ შეძლებდა... ჩემი ეგოისტური გამოხტომებით კიდევ გულს ვიფხანდი მთელს კაცთა მოდგმაზე და გაუაზრებლად ვსჯიდი ერთს. მერე რომ გაიშვიათდა მისი სიახლოვე, როცა მაგრძნობინა, რომ ჩემ გარეშე ცხოვრებაც შეეძლო, ისე ჩუმად, უთქმელად დამანახა ჩემი შეცდომების შედეგი, რომ ავდექი და მე თვითონ წამოვედი. ორი წლის წინ. გუშინ გამომიგზავნა განქორწინების საბუთები ხელის მოსაწერად. ხუთი წლის წინანდელი ჩემი თავი ვერასოდეს ვერც ერთ რეალობაში ვერ დაუშვებდა იმას, რომ რეზის ჩემთან დაშორება ენდომებოდა... გულის სიღრმეში ახლაც იმედს ვაძლევ საკუთარ თავს, რომ არ უნდა და სამაგიეროს მიხდის, დამსახურებულს... მაგრამ მე არ მაქვს უფლება პატიება ვითხოვო ისეთი ადამიანისგან, რომელსაც უსამართლოდ ვსჯიდი. მერე რა, რომ მე ეს მეგონა სიყვარული - გადამეტებული კონტროლი, ერთგულებაში ეჭვის შეტანა, როცა მხოლოდ ერთი მხარეა ვალდებული გასცეს... იმიტომ რომ მე გოგო ვარ, უნდა მომიფრთხილდნენ და კაცები მოღალატეები არიან... ასე ვფიქრობდი ადრე. ალბათ, ოდესმე დემურიც ისწავლის ჭკუას, მაგრამ ამას უკვე დადასთვის მნიშვნელობა აღარ ექნება. ახლო მეგობრობა საკუთარი შეცდომების დაუნახავობით გააფუჭა, დაც შეიწირა... ასე გვიდებს ხოლმე კვანტს ახალგაზრდობაში დაშვებული შეცდომები და ცხვირწატეხილი დიდები ვხვდებით, რომ შეგვეშალა. ვიტყოდი, რომ ცხოვრება ასეთია, მაგრამ ცხოვრება არანაირი არ არის. ცხოვრება ჩვენი გადაწყვეტილებების შედეგია, ეს ჩვენ ვართ „ასეთები“. უსამართლოები, შეცდომებიანები, დაუნახავები... ასე ისჯებიან ჩვენ გვერდით სამართლიანები, თვალგახელილები და კარგები.
ნენე ცოტა ხანს ჩუმად უსმენდა. გულში ათასი ემოცია ენაცვლებოდა ერთმანეთს, როდესაც ლიკა ნელ-ნელა ხდიდა თავის წარსულს ფარდას და ისეთ დეტალებს აჩენდა, რასაც ხშირად ვმალავთ ხოლმე ადამიანები.
მერე ძალიან შეეშინდა ანდრონიკაშვილს. ძალიან, ძალიან შეეშინდა, რომ თავადაც შეიძლებოდა გადაედგა ისეთი ნაბიჯები, რომელსაც საღ აზრზე მოსული კულისების ფარდას ჩამოაფარებდა და მნახველის თვალს სამუდამოდ მოარიდებდა.
გარედან ივლისის თბილი, სიცხეგამოლეული ჰაერი შემოდიოდა და იმედიანად კოცნიდა დარდიანი ქალების ლამაზ სახეებს. მაინც შესცივდა ნენეს, მაინც მოიფუზა.
თავადაც ხომ მალავდა უკვე რაღაცას. თავადაც ხომ ჰქონდა გარეული ხელები ისეთ საქმეში, რომლის გამხელაც ალბათ სამუდამოდ ჩამოაშორებდა ზოგიერთ ადამიანს...
-მე ვფიქრობ, რომ გვიანი მაშინ იქნება, როდესაც თქვენი დაშორების შედეგს თქვენი შვილის თვალებში დაინახავთ. -ხმადაბლა წარმოთქვა, ნეტავ საკუთარ საქმეშიც ასე მარტივად ეპოვა სანუგეშო სიტყვები და გამოსავალი. -იმის ნაცვლად, რომ მისთვის მიგეცა ნება პატიება მოეთხოვა შენგან, შენ თავად დასაჯე საკუთარი თავი და ნუციკოც... შენი საქციელის შედეგის ატანა შენ თავადაც აღარ შეგიძლია. ახლა სიამაყის დრო არ არის, მე დავბრუნდებოდი.
-ასე მარტივი არ არის.
-მარტივი ფაფის ჭამაა, -წარბები აზიდა ნენემ, ლიკას მწარედ ჩაეცინა, -ასე ამბობს ბებიაჩემი. რახან გაგიშვა, იმას საერთოდ არ ნიშნავს, რომ აღარ უყვარხარ. უბრალოდ, რთულია სულ შენგან მოელოდნენ ყურადღებასა და პატიებას და ისე გააგრძელო ცხოვრება, თითქოს შენც არ გჭირდება გაცემულის უკან დაბრუნება.
-რომ დავბრუნდე, არ ვიცი, როგორ მოვიქცე...
-დრო და გარემო გაჩვენებს.
-მეშინია, რომ მარტო ნუციკოს გამო არ იტყვის ჩემზე უარს. ძალიან ვარ გახლართული...
-იქნებ იმიტომ გაგიშვა, რომ უკან დაბრუნებულიყავი? კარგი სულაც არ არის, როცა გგონია, რომ ადამიანი ვერასდროს გაგიშვებს. ზღვრის შეგრძნება უნდა გქონდეს. ახლა ხომ გაქვს... ხოდა, სცადე. იმაზე მეტს რას კარგავ, რაც უკვე დაკარგე? თუ სიამაყე არ გიშვებს..
-განქორწინების საბუთები გამომიგზავნა!
-რამდენი ხნის მერე?
-ორი წლის... -თვალი მოარიდა ლიკამ.
-ჭკვიანი გოგო მეგონე, ყველაფერი დღესავით ნათელია, ლიკა. შენი გადასაწყვეტია. ყოველთვის შენი გადასაწყვეტი იყო.
-შენ რა გამოცდილი ქალივით ლაპარაკობ?! -უჩვეული სიმსუბუქე ემჩნეოდა ლიკას ხმაში და ნენემაც ისეთი კმაყოფილება იგრძნო, როგორსაც გრძნობენ ხოლმე ადამიანები სხვისი დახმარებისას.
რომ ვიღაცის საყრდენი და იმედი ხარ.
-შეყვარებული გყოლია ოდესმე?
-არა, -მოიფუზა ნენე. წინასწარ მოემზადა ამ დიალოგის განმავლობაში დადას სახელის გაჟღერებისთვის. -ჩემს მეგობარს, ლანას ჰყავდა სამაგიეროდ ბლომად და მისგან დავაგროვე გამოცდილება.
-ორშაბათს დაველაპარაკები...
-კარგია.
-შენ როდის დაელაპარაკები?
-ვის?
ოღონდ დადას სახელი არ ახსენოსო, ინატრა გულში.
-დადას.
-რა გვაქვს ჩვენ სალაპარაკო?! -ყელი ამაყად დაიგრძელა და გზას გახედა.
-კარგი, რახან შენ იტყვი... -მანქანა გაუჩერა სახლის წინ და თბილი გამოხედვით უთხრა ყველა უთქმელი მადლობა. -ორშაბათამდე.

გაზვიადებული იქნება, თუკი ვიტყვით რომ ნენეს იმ ღამით მშვიდად ეძინა. ფანჯრები და აივნის კარი გამოღებული ჰქონდა. არც ქალაქის ხმაური ჩაესმოდა და არც ძაღლების გადარეული ყეფა მეზობელი ქუჩებიდან. სიცხით მოდუნებულ სხეულზე სიამოვნებდა ღამე გამომეტებული გრილი ნიავის შეხება. ზოგჯერ აივანზე მთვარეულივით გაბორიალდებოდა დასიცხული, ირიბად გააპარებდა თვალს მეზობელი ფანჯრებისკენ და უჩვეულოდ გულდაწყვეტილი ბრუნდებოდა თავის საწოლში, როდესაც ყოველ ჯერზე რწმუნდებოდა, რომ დადა მშობლებთან არ დარჩენილა იმ ღამით.
-რაში მაინტერესებს ერთი, -ბოლოს საკუთარ თავს დაუწყო ლაპარაკი იმით გაგულისებულმა, რომ სასურველი მოსაუბრე ვერ იპოვა. -მეც კარგად მოვიშორე თავიდან, კუდში ნამდვილად აღარ გამომედევნება... როგორ ვნანობ, ის ეშმაკის თვალები სახეზე რომ შევარჩინე საერთოდ...
ბოლოს დადას ლანძღვით დაკმაყოფილებულმა გამთენიისას, როგორც იქნა, მიიძინა.
ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა. ხვდებოდა, რომ თამაშს აღარ ჰგავდა მის ცხოვრებაში დატრიალებული ამბები, ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯიც და იმაზე სერიოზულ შარში გაყოფდა თავს, ვიდრე უკვე იყო.
მთელი ღამის უძილარი შუადღის თაკარა სიცხემ და თავის ტკივილმა გამოაღვიძა. ერთი სული ჰქონდა, აგვისტოც გალეულიყო და ოდნავ მაინც მოეთქვა სული სიცხით ნაწამებს.
ყველაზე გრილი კაბა ჩაიცვა და ლანასთან წასასვლელად გაემზადა.
უკვე გასასვლელად ემზადებოდა, ლილე ცერცვაძე რომ მოადგათ სტუმრად. მოუსვენრად აცეცებდა ცისფერ თვალებს და აშკარად რაღაცაზე ღელავდა.
-ლილე, აქ რა ქარმა გადმოგაგდო? მშვიდობაა? -შინ შემოატარა მეგობრის ბიძაშვილი.
რახან ლილე მათზე უმცროსი იყო, ხშირად არ ჰქონდათ ურთიერთობა გოგონასთან ლანასა და ნენეს, თვითონ ბიძაშვილებსაც უჭირდათ ერთმანეთის კარგად გაგება, ამიტომ იშვიათად ხვდებოდნენ ხოლმე ის და ნენე, მაგრამ როცა ხვდებოდნენ, ყოველთვის სიამოვნებდათ ერთად ყოფნა.
-კი, კი. უცებ შემოვიარე, რიოსთან მაქვს რაღაც საქმე და... სახლშია? ძალიან ცხელა გარეთ და ვიფიქრე, ჯერ არ იქნებოდა სადმე წასული. -სწრაფ-სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს და ჩუმად დაუწყო თვალებით ბიჭს ძებნა.
-ნენე, ვინმე მოვიდა? -თავისი ოთახიდან გამოსძახა რიომ და ნახევრადშიშველი გამოვიდა თავისი ოთახიდან. ბოლომდე ვერ მოესწრო მაისურის გადაცმა, გოგონების თვალწინ რომ აღმოჩნდა.
წარბებაზდვით გაუსწორა თვალები ამაყად თავდაჭერილ ლილეს, რომელსაც ისე მოჰქონდა თავი, თითქოს პირველად არ ყოფილიყო მსგავს სიტუაციაში.
ათასჯერ გადაუხადა დედაბუნებას გულში მადლობა, რომ უკვე აწითლებულიყო სიცხისგან და მის თეთრ კანს ვერ დაეტყობოდა რიოს მიერ მოწყობილი სანახაობის გავლენა.
-ოხ, -ცალი თვალით შეათვალიერა გოგონა და ისე შებრუნდა თავის ოთახში, გეგონებოდათ, დიდად კმაყოფილი არ ჩანდა ნანახით.
-შენთან სალაპარაკოდ მოვედი, -შეაძახა ლილემ ღია კარში, ისე გაბრაზდა, ისე, მარტო რომ ყოფილიყვნენ... ნამდვილად რამეს დაუშავებდა!
-დამელოდე მერე, ჯერ არ მცალია.
-დედა, ვინ მოსულა! -სიხარული ვერ დამალა ნინომ, ტატოს გოგო რომ დაინახა მათ სახლში. ისე თბილად ჩაიკრა გულში, ლილეს სულ გადაავიწყდა, როგორ ბრაზობდა რიოზე. -როგორ გაზრდილხარ, ლილე, ბებიკო. რამდენი ხანია, არ მინახიხარ! მამა ხომ კარგადაა?
-გმადლობთ, ნინო ბებო. კი, კარგად არის. -იქვე ჩამოჯდა მორიდებით.
ლამაზი გოგო იყო ლილე ცერცვაძე, ბზინვარე მოწითურო გრძელი თმა დაუდევრად აეკრა, სიცხისგან ოდნავ შეწუხებული თეთრი კანი და თხელი კისერი ლამაზად მოუჩანდა. თხელი ტუჩები უმუქდებოდა, როცა იღიმოდა და თაფლისფერ თვალებში ოქროსფერი ვარსკვლავები უციმციმებდნენ ხოლმე.
ორივე ხელით ჩაფრენოდა წიგნებით გამოტენილ ჩანთას და მოთმინებით პასუხობდა მოხუცის დასმულ შეკითხვებს.
-ლანასთან ვაპირებ გასვლას, ხომ არ დაგელოდო? -ფეხზე იცმევდა უკვე ნენე.
-არა, არა, მაქეთ არ მოვდივარ...
-კარგი, გავიქეცი, თორემ მერე ძალიან დაცხება, კიდევ შემოგვიარე ხოლმე, ლილე...
რიომ კიდევ კარგა ხანს აყურყუტა გოგონა ბებოსთან ერთად. ცერცვაძემ მინიმუმ ათჯერ გაიფიქრა, რას ემზადება ამდენ ხანსო და გვარიანად გამოლანძღა გონებაში. სულ დაავიწყდა, რომ ბოდიშის მოსახდელად იყო მოსული.
ბოლოს, როგორც იქნა, დინჯი ნაბიჯებით გამოვიდა სახელდახელოდ გამოწყობილი რიო თავისი ოთახიდან.
-ნინელ, მე გავდივარ და გვიან მოვალ...
-სად მიდიხარ ერთი? მოდი, დაჯექი, ბავშვი შენთან არის მოსული სალაპარაკოდ. -უცებ დაფაცურდა ნინო.
რიომ ხელი კისერზე შემოხვია მოხუცს და გემრიელად აკოცა ლოყაზე.
-არა, გვეჩქარება. -ლილესკენ არც კი გაუხედავს, ისე წავიდა გასასვლელისკენ.
-კარგად, ნინო ბებო...
ხელი დაუქნია ლილემაც და თბილად დაემშვიდობა მოხუცს.
-რა გინდა? -ისე ჩადიოდა რიო კიბეებზე, უკან ადევნებულ ლილეს საერთოდ არ იმჩნევდა.
საერთოდ ვერ ხვდებოდა, რას აეკიდა ეს აბეზარი გოგო და დიდად არც უნდოდა, რომ გაეგო. თითქოს დაავიწყდა, როგორ გამოისტუმრა სახლიდან და ახლა ისე მოსდევდა კუდში, გეგონება კარგი მეგობრები იყვნენ.
-სალაპარაკო მაქვს შენთან. -ხმადაბლა დაიბურტყუნა ცერცვაძემ.
ბოდიში რომ უნდა მოეხადა ამ თავნება და ამპარტავანი ბიჭისთვის, არც თვითონ სიამოვნებდა, მაგრამ ვაიდა რამე ისეთ შარში გახვეულიყო, მერე უარესად რომ ეგრძნო თავი? ბოლოს და ბოლოს, რიოსგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი და მიუხედავად იმისა, რომ ლილეს დიდად გულზე არ ეხატებოდა, რამე რომ დაშავებოდა, მაინც არ გაუხარდებოდა.
-მე არ მაქვს შენთან სალაპარაკო. -მიუგო წარბებშეკრულმა, როგორც კი სადარბაზოდან გამოვიდნენ და აღელვებულ თაფლისფერ თვალებში ჩააჩერდა თავისი სიმწვანეშეპარული ირისებით. -საით მიდიხარ?!
-რაში გაინტერესებს? რა თავს იფასებ, სალაპარაკო მაქვს-მეთქი, პაემანზე კი არ გეპატიჟები! -გაკაპასდა ლილეც და ცხვირი აუბზუა.
ვინ ეგონა ამ ბიჭს თავი, მონაკოს პრინცი? ისე ამაყად მიაბიჯებდა ქუჩაში, თითქოს დიდი ვინმე ყოფილიყოს.
-შენ საითაც მიდიხარ, იმ მხარეს რომ არ წამოვიდე, მაგიტომ გეკითხები. -მხარი აუქცია რიომ და ისე გააგრძელა სვლა, თითქოს უკან ადევნებულ გოგონას საერთოდ ვეღარ ამჩნევდა.
-რა ამპარტავანია.... -ჩაიდუდღუნა ლილემაც და გვერდით ამოუდგა. კარგად დაფიქრდა, შესაფერისი სიტყვები რომ ეპოვნა და მაინც და მაინც შეწუხებული რომ არ გამოჩენილიყო იმ სიტყვების გამო, რომელიც მაშინ უთხრა. -რამე პრობლემები გაქვს?
-კი, ამჯერად ერთი და შენ ხარ ეგ პრობლემა. -წინ იყურებოდა, თავმობეზრებული გამომეტყველება ჰქონდა.
-მომისმინე, მაშინ ცუდად გამომივიდა. -ხმა დაისერიოზულა ლილემ. თვალები აატრიალა რიომ. -ასე არ მიგულისხმია. თუ რამე პრობლემა გაქვს, არ დაგვიმალო. ტატოს ძალიან უყვარხარ და ინერვიულებს, თუ ვერ დაგეხმარება.
-გავიგე. მორჩი? -გაჩერდა და გამორეცხილი თვალებით დახედა ზემოდან.
-ბოდიშს გიხდი.
-კაი, არ იტირო. -თვალები გადაატრიალა, ჯიბეებში ჩაილაგა ხელები და გააგრძელა ისევ გზა. თეთრი პერანგი მოეცვა ცისფერ მაისურზე და ნახევრად აეწია მკლავები.
-ფფ, იოცნებე. -გვერდით გაჰყვა ლილეც. -არ გეგონოს, კუდში დაგყვები, აქედან გავყვები ავტობუსს.
-ოხ, შენც მგზავრობ საჯარო ტრანსპორტით?
-მეც რა... -გულწრფელად გაიკვირვა ლილემ. ვარდისფერი კაბა ეცვა და ლოყებიც გაღუებოდა სიცხისგან, ნიავი ოდნავ უბერავდა და მოწითურო თმას მზეზე ოქროსფრად უელვარებდა. ატმის სასიამოვნო სურნელი მოხვდა რიოს ცხვირში და ერთი გადმოხედა გოგონას შემფასებლურად. -მასწავლებლებთან სულ ასე დავდივარ.
-შენ კიდე სკოლაში სწავლობ?
-უკვე ვამთავრებ. -აქაოდა, უკვე დიდი გოგო ვარო, ისე გაიჭიმა ცერცვაძე, -შენ დაბრძანდები უნივერსიტეტში?
მისგან ოდნავ მოშორებით დადგა გაჩერებასთან და ტაბლოს ახედა. ყველა ავტობუსს ათ წუთზე მეტი დააგვიანდებოდა.
ამხელა გზა გამოიარა ამ ბიჭის გულისთვის, მაგრამ ეს ისეთი სიფათით ედგა გვერდით, თითქოს სულაც არ სიამოვნებდა ლილეს სიახლოვეს ყოფნა.
-შენ რა განერვიულებს?
-უიმე, უბრალოდ გეკითხები. -თვალები გადაატრიალა ლილემ და ცალი ფეხი ააბაკუნა გულზე ხელებდაკრეფილმა.
-გაგვიანდება?!
-შენ რა განერვიულებს?!
-სახლში როგორ გიტანენ? -გულწრფელად დაინტერესდა რიო და თავად მიუახლოვდა, ამჯერად ლილე არ აქცევდა ყურადღებას მას.
-შენ რატომ გიჩნდება ეგ შეკითხვა? ასატანი რა მჭირს? შენსავით შარში კი არ ვარ გახვეული სულ.
-მწარე ენა გაქვს.
-მხოლოდ იმასთან, ვინც იმსახურებს.
-მე რით დავიმსახურე? -წარბები აზიდა და ზემოდან დახედა ბრაზისგან ათრთოლებულს.
-ვაიმე, უკვე მაწუხებ.
-მომეცი ეგ ჩანთა, მძიმეა. -ცალი მხარე გაწითლებოდა ჩანთის თრევით.
-არ მინდა, მერე მთელი ცხოვრება დამამადლი.
-ამდენ წიგნებს დაათრევ სულ?! -თვითონ ააცალა ჩანთა მხრიდან. წითელი ზოლი მტკივნეულად გადაჭიმვოდა თეთრ,ნაზ კანზე.
-არა, დღეს ორი მასწავლებლის შუალედში გამოვიარე თქვენთან, სახლში მისვლას ვეღარ მოვასწრებდი, ამიტომ წამოვიღე ამდენი წიგნები.
აღარაფერი უთქვამს რიოს, ხელზე დაიხვია ჩანთის სახელური და ჩუმად დაელოდნენ ავტობუსის მოსვლას.
მათ უკან მოხუცი ქალი რაღაცაზე ჩაფიქრებულიყო და ახალგაზრდების შემყურე ისე იღიმოდა, როგორც იღიმიან ხოლმე პირველი სიყვარულის გახსენებისას...

ლანა სახლში მარტო დაუხვდა ნენეს. სამზარეულოში გაეტანა ლეპტოპი და რაღაცას ინტერესით ჩაჰკირკიტებდა.
ჩვეულებრივად მიესალმა მეგობარს, თუმცა მის მზერაში მაინც იგრძნობოდა შეცვლილი სხივები, გულზე მტკივნეულად რომ ხვდებოდნენ ნენეს.
საკუთარ თავს კარგად შეახსენა მიღებული გადაწყვეტილება და მტკიცედ გადაადგა ნაბიჯები.
-ცივ ყავას ხომ დალევ? -მაშინვე უზარმაზარი მაცივრი გამოაღო ლანამ.
-ახ, კი... მაგრამ მანამდე წყალი. -ორივე ხელი სახესთან ახლოს დაინიავა, სიცხეს მაინც ვერ გადაურჩა.
ისეთი თეთრი კანი ჰქონდა, ძალიან მარტივად იწვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ცერცვაძეების სახლში სასიამოვნოდ გრილოდა, ლოყები ჯერ კიდევ ვარდისფრად ჰქონდა შეღებილი.
ჭიქა წინ დაუდგა ლანამ და შემდეგ ყავის დამზადებას მიჰყო ხელი.
-გადაწყვეტილება მივიღე, -მშვიდად თქვა ნენემ.
სხარტად მოაბრუნა მისკენ თავი ცერცვაძემ, ეჭვი და კითხვის ნიშნები ერეოდნენ ერთმანეთს.
-მერე? -მშვიდად მიბრუნდა და ჭიქებში გადაანაწილა ყავა და შაქარი. -რა გადაწყვიტე?
-შენც ხომ იცი, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, ვისგანაც კარგი გამომძიებელი გამოვა.
-ვინ გითხრა ეგ ამბავი? -ჩაიფრუტუნა ცინიკურად, ამჯერად მთელი ტანით მობრუნდა ნენესკენ, -ნაკაშიძემ?
-რა... რა შუაშია ნაკაშიძე ახლა? მშვიდად დალაპარაკებას ვცდილობ!
-კარგია, რომ მარტო ვართ, ჩემი გულწრფელი სიტყვები მამაჩემის წინაშე თავის გამოჩენად აღარ მოგეჩვენება.
-სხვათა შორის, შენც იგივე დანაშაულში დამდე ბრალი. -გულზე გადაიჯვარედინა ნენემ ხელები, ბოლომდე ცდილობდა მოთმინების მოკრებას, -ამის გამო ბოდიშიც მოგიხადე და არ ვაპირებ მუხლებზე დაცემას, თუ ისევ ისე ფიქრობ, ანუ აზრი არ აქვს რამის მტკიცებას.
-გიყვარს შენ ის კაცი? -ყინულები ჩაყარა ლანამ გრძელ ჭიქებში, ბოლოს მინის საწრუპიც დაამატა და ნენეს გაუწოდა, დაჟინებით ჩააჩერდა თვალებში. -იმის გამო მიიღე რაღაც გადაწყვეტილებები?
-არა.
-აბა, აივანზე რა გინდოდა მასთან ერთად? -ნიშნისმოგებით ჰკითხა, -მე მიმალავ, ნენე, ასეთებს?!
-როგორებს?! არაფერი მომხდარა!
ჭიქას მაგრად მოუჭირა ხელები, უკვე ძალა ეცლებოდა, აღარ შეეძლო ამდენი წინააღმდეგობა და ჩხუბი. უბრალოდ მშვიდად დაჯდომა და საუბარი უნდოდა.
-მაინც უნდა გეთქვა, შენ ჩემზე ყველაფერი იცი. დაქალები ასეთებს უყვებიან ერთმანეთს.
-რაც მოსაყოლია, იმას გიყვები, თუ დამაცდი...
-გაკოცა?
-ჰა? -თვალები დაქაჩა, გული ისე აუფრთხიალდა რომ ყელში ამოაჯდა მღელვარებისაგან, -არა!
-რომ ეკოცნა, მეტყოდი?
-არა! არ გეტყოდი, -მშვიდად მიუგო.
მოგონებები ერთი მეორის მიყოლებით წამოიშალნენ ნენეს გონებაში... თვალწინ ჩაურბინა ლანას გაკეთებულმა ყველა მწარე კომენტარმა მის ვერშემდგარ სასიყვარულო ურთიერთობებზე. თითქოს ახლაც აშკარად ჩაესმოდა ყველა ბგერა, ისევ ისე გრძნობდა ყრუ ტკივილს, რომელსაც ვერ აყუჩებდა ვერცერთი „შენ უკეთესი შეგეფერება და ამიტომ გეუბნები“.
-ეს ჩემი პირადია, შენ თუ მიყვებოდი, მხოლოდ შენი სურვილით. დადასთან მე არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. ამ საქმეში ვერ გავჩერდები. ისედაც ყველაფერი თავდაყირა დგას ჩემს ცხოვრებაში და უკვე მართლა აღარ შემიძლია, შენთანაც დამეძაბა ურთიერთობა და არ მიღირს, კოტესაც დაველაპარაკები. გულის სიღრმეში ეს არც არასდროს ყოფილა ჩემი სურვილი, არც გამომდის და ამაში არაფერია ტრაგიკული. იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო, არაა აუცილებელი ყველაფერში იდეალური იყო. მე ყველა ადამიანში ეჭვის შეტანა არ შემიძლია, ეს ჩემს ბუნებაში არ ზის, ხვდები?
-ზედმეტად რომანტიკული ხარ, -ჩაეცინა ლანას და თავი ისე გააქნია, თითქოს ყველაზე დიდი სისულელე მოისმინა დედამიწის ზურგზე. -და გულუბრყვილო...
-მოკლედ, ვფიქრობ, უმჯობესია თუ საკუთარ გულს მოვუსმენ და ისე მივიღებ გადაწყვეტილებას. შენ იმდენად გინდოდა გამოძიებაში ჩართვა, მეგონა ჩემი უარით შენც წაგართმევდი შანსს, მაგრამ არამგონია გაგიჭირდეს, კოტე დაგეხმარება და ყველაფერს მოაგვარებთ...
-კარგი, -ჩაფიქრებულიყო ლანა, მერე ისეთი თვალებით გამოხედა, წამით დაიჭირა მასში ის ბავშვობის მეგობარი ნენემ, რომელთან ერთადაც ლაპარაკში ღამეები გაუთენებია და შვების შეგრძნებამ შიშებით დამძიმებული გული შეუმსუბუქა. -როგორც შენ გინდა... მე გააზრებულად არ მინდოდა შენთვის რამის დაძალება. როგორც გული გკარნახობს, ისე მოიქეცი...
-შენც ასე უნდა მოიქცე, ლანა, -ცივი ყავა შვებით გადაევლო სხეულზე ნენეს. -იცი, ძალიან დავუმეგობრდი ლიკას, ჩემს უფროსს... ერთი შეხედვით ისეთი ძლიერი და ჭკვიანი ქალია, მარტოხელა დედაა, არც თანამშრომლებთან ურთიერთობა ეშლება, არც შვილთან, იფიქრებ, რომ იდეალურია... მაგრამ შეცდომები ყველას მოსდის, მთავარია, გვიან არ მივხვდეთ, რომ შეგვეშალა, როცა გამოსწორება უკვე შეუძლებელია ან ძალიან რთული... იმ გოგომ გაუაზრებლად დაშვებული შეცდომებისთვის ძალიან მწარედ გადაიხადა, არ მინდა, რომ მეც ასე მომივიდეს, არ მინდა, რომ საყვარელი ადამიანები გაუაზრებელმა შეცდომებმა დამაკარგვინოს... იმ საქმის დაწყების დღიდან უბედური და დაძაბული ვარ. ახლა ისე მარტივია შევცდე... არ ვიცი, როგორ აგიხსნა...
-კოტეს მე დაველაპარაკები, თუ გინდა. -ლეპტოპი დახურა ლანამ.
-არა, არა, მე თვითონ... ანუ, კარგად ვართ? მოვგვარდით?
-შენ ვინ გაგიბრაზდება დიდხანს, -თვლები გადაატრიალა ლანამ, -შენი ძმა რას შვრება?
-რას გაუგებ, დღეს ლილემ მოაკითხა.
-ჩემმა ლილემ? -წარბები მაღლა აზიდა ლანამ გაოცებისგან, -რას არ გაიგებ... მოდი ერთი, ტელევიზორი ჩავრთოთ, მტკვარმა ვინმეს სხეული თუ გამორიყა, მაგ ორიდან იქნება რომელიმე.
-გახსოვს, რიომ ცალი ნაწნავი რომ შეაჭრა? -პირზე ხელი აიფარა ნენემ, ხმამაღლა რომ არ გასცინებოდა.
-რომ მინდოდეს, ვერც მოვასწრებდი დავიწყებას, ორი წლის წინ არ მოხდა?
-იმ დღეს მეგონა, იმ მაკრატლით მოკლავდა რიოს, ისე კიოდა...
-მატრაკვეცა გოგოა, ისედაც აპირებდა შეჭრას, მაგრამ შენი ძმა მაინც გააწვალა. გუშინ რა მოხდა იქ?
-ბევრი არაფერი, -უსიამოვნოდ შეიშმუშნა ნენე, -აივანზე საიდან გაიგე?!
-მარიშკაც იყო, დაგინახა აივანზე რომ გახვედით და მერე შენ იქედან გაბრაზებული გამობრუნდი, რატომ?
-გაბრაზებული არა, უფრო... როგორ გითხრა, გაოცებული. -ხმა ჩაიწმინდა გოგონამ, შორიდან უყვიროდა ერთი, ძალით მიჩუმებული ხმა, რომელსაც არც ახლა მიაქცია ყურადღება. -ნუცუბიძეც გამოვიდა იმ აივანზე. როგორც ჩანს, ეს ორი მანამდეც იცნობდა ერთმანეთს. დადას შეყვარებული ნუცუბიძის და იყო, ვიკა... რომელმაც ნარკოტიკების ჭარბი დოზა მიიღო და გარდაიცვალა.
-მეღადავები?
-გთხოვ, არავის უთხრა. ჩვენს შორის დარჩეს. ეს საქმე არ არის სახუმარო, ლანა. თუ გასკდა ეს ამბავი, ხელს პირველი მე დამადებენ. იმ კაცმა თავისი და არ დაინდო...
-არ გრცხვენია? -გულწრფლად შეშფოთდა ლანა. ნენემ დამნაშავედაც კი იგრძნო თავი, რომ ეჭვი გაუჩნდა, -ანუ ეგ ორი რეალურად ერთმანეთს მტრობს?!
-ხო, ასეა... მეტიც, მე ვფიქრობ, რომ დადას მისი დაჭერა უნდა. ყველაფერში ეს ნუცუბიძეა, ლანა, დამნაშავე. პოლიციასაც ამიტომ გადასცა...
-მაგრამ დემური გააქცია, გადაარჩინა. თვითონაც ბლომად იზარალა. ლოგიკა არ დევს მის საქციელში. მე თუ მკითხავ, ნუცუბიძის ჩამოშორება უნდა, რომ თვითონ უფრო დიდ მოგებაზე გავიდეს... თითქოს კაი ტიპი ჩანს, ნარკოტიკების გადაცემის ინფორმაცია პოლიციას მიაწოდა, მაგრამ დილერს ხელს აფარებს. რატო?! დემური ახლა მასთან ვალშია, იმას გააკეთებინებს, რაც უნდა...
-შენ არ იცი... -დაუოკებელმა ბრაზმა შეიპყრო ანდრონიკაშვილი უეცრად, -ის ნუცუბიძე არ არის მარტივად სამართავი სათამაშო... ეს იცის დადამ.
-ნენე, ფრთხილად იყავი. შენ ახლა დამნაშავეს გულწრფელად იცავ!
-მე არავის ვიცავ. იმას გეუბნები, რასაც ვფიქრობ, რაც ჩემი თვალებით ვნახე...
-იმ კაცმა ნაკაშიძის გვერდით თუ დაგინახა, ნამდვილად აღარ მოგეშვება. თუ იმან აფიქრებინა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ხარ, შენ გამოგიყენებს დადას გასამწარებლად ნუცუბიძე.


*
ორშაბათს ლიკა წერეთელი ისეთი გამოპრანჭული მოვიდა სამსახურში, ნენემ ღიმილი ვერ შეიკავა მისი დანახვისას და მონიტორს ჩამოეფარა.
-რა იყო, რას იმალები?! -სასხვათაშორისოდ ჰკითხა ქალმა და თავად წამოადგა თავზე.
-კარგად გამოიყურები, -წარბები სასაცილოდ აათამაშა ნენემ. მიანიშნა, მიგიხვდი, რატომაც ხარ ასე გამოპრანჭულიო.
-ჩვეულებრივად გამოვიყურები, არაფერი განსაკუთრებული...
-გიხდება წითელი ტუჩსაცხი... -თამაშში აჰყვა ნენეც.
-შენც გიხდება, დღეს ვინმე ისეთთან გვაქვს შეხვედრა და არ ვიცი? -ვალში არ დარჩა ლიკაც, გულზე გადაიჯვარედინა ხელები. ჩემთან თამაშს არ გირჩევო, აგრძნობინა.
-არა...
-მშვენიერი. -თვალი ჩაუკრა და თავისი ადგილისკენ წავიდა. -აუ, მართლა ძაან გადაპრანჭული ხო არ ვარ? ხო არ იფიქრებს, რომ მისთვის გამოვეწყე ასე საგულდაგულოდ?
-იფიქროს მერე, რა მოხდა? პირველად ხომ არ ხვდები, ცოლ-ქმარი იყავით, ბოლოს და ბოლოს...
-კარგი, რაც არის, არის...
მთელი დღე საქმეს გული ვერ დაუდო ლიკამ. ათასჯერ დატრიალდა სარკის წინ, ათასჯერ დაუსვა ნენეს ის შეკითხვა, რაც უკვე ისედაც კარგად იცოდა. ისე ნერვიულობდა, თითქოს პირველ პაემანზე მიდიოდა.
-დადა, გინდა მიგაკლა მაგ შენს ოფისში? ერთხელ გთხოვე, რა არ გცალია? -ქარბორბალასავით დატრიალდა შუა ოთახში, როდესაც გაიგო, რომ ბატონი ნაკაშიძე თურმე იმდენად ყოფილა დაკავებული, ნუციკოს ბაღიდან გამოყვანას ვერ ასწრებდა. -რა ვქნა ახლა მე? სად ხარ? რა შენი საქმეა, სად მივდივარ, სად ხარ-მეთქი? კარგი, კარგი. აჰა... ანუ ამიტომ ვერ მოხვალ..
ნენემ უნებურად დაცქვიტა ყურები, ისე მზაკვრულად ჩაილაპარაკა ლიკამ, შეუძლებელი იყო არ დაინტერესებულიყო.
-კარგი. კარგი, ვთხოვ, კარგი...
-მშვიდობაა? -ისე ჰკითხა, თითქოს არ აინტერესებდა. თითქოს მთელი შაბათ-კვირა იმაზე ფიქრში არ გაატარა, რა ჯანდაბა მოხდა ნაკაშიძესა და ნუცუბიძეს შორის და როგორ დასრულდა ის დიალოგი, რომლის დასაწყისსაც შეესწრო.
-არა, შენი დახმარება მჭირდება. -გულწრფელად შეწუხებული ჩანდა ლიკა, აშკარად ერიდებოდა თხოვნა.
-რა მოხდა? მითხარი და არ არის პრობლემა...
-მართვის მოწმობა გაქვს?
-კი, რა თქმა უნდა...
-ჩემს მანქანას დაგიტოვებ და ნუციკო რომ გამოიყვანო ბაღიდან... შეძლებ? დღეს ადრე გადი, საქმე ისეთი მაინც არაფერია.
-კი, რა პრობლემაა. თან ადრე თუ გამიშვებ, -თვალი ჩაუკრა.
-წესით ბევრი არ დამაგვიანდება..
-არ იჩქაროთ.
-მაგრამ თუ სახლში მოითხოვს, დადასთან მიიყვანე, კარგი?
-დადასთან? -უცებ ჩამოეშალა შემართება. უცნაურად მოეღრიცა სახე. დღეს სულაც არ იყო გამოწყობილი ისე, რომ დადას თვალები მარტივად გადაეტანა.
-ხო, ძალიან გთხოვ... წითელი ტუჩსაცხი მოვიშორო? თუ იყოს... -საბოლოოდ ჩაიხედა ლიკამ სარკეში.
-გიხდება, ლიკა. ბაღის მისამართი და იმის ნომერიც დამიტოვე, მაინც... -განზრახ არ ახსენა „იმის“ სახელი.

ნუციკოსთან ერთად მშვენივრად იმგზავრა. როგორც აღმოჩნდა, გოგონამ ბიძის თხოვნა გაითვალისწინა და ამჯერად მარტოხელობას ამჯობინებდა თავის ბაღელებთან რომანტიკული ურთიერთობების გაბმას.
-ძიაკო ასე მეუბნება, ქალს ერთი უნდა უყვარდეს და არა მთელი ფართიო.
-რაო, ცუციკო? -სიცილით გადახედა უკანა სავარძლიდან სასაცილოდ გადმოხრილს.
ლამაზი ნაწნავები მთელი დღის თამაშისგან დაშლოდა, პაწაწინა ფრჩხილებზე წითელი ლაქიც აქა-იქ აქერცვლოდა. ტკბილი და სასაცილო ენა ჰქონდა ცუციკოს. თვალებით ძალიან ჰგავდა დედას. -ფართი არა, ფარა... შენმა ძიაკომ ის თუ იცის, ეგ კაცებზეც რომ ვრცელდება?
-როგორ? ანუ კაცებსაც რომ ერთი უნდა უყვარდეთ და რა მთელი ფართ... ფარაო?
-დიახ. ცუციკო, არ გინდა ნაყინის საჭმელად წავიდეთ? ან ზოოპარკში? ჯერ არ გვინდა სახლში...
-არა, ძიაკოს დაურეკე რა... თუ ძალიან არ შეწუხდები, გთხოვ, -თვალები სასაცილოდ ააყვრიალა პატარამ, ყველა ზრდილობიანი ფორმა გამოიყენა ნენესგან თხოვნის ასრულება რომ დაემსახურებინა. -ძიაკოსთან მირჩევნია, ყველაზე კარგად მეთამაშება და ყველაზე გემრიელი ნაყინი აქვს. თან იცი რა ლამაზი ეზო აქვს მის სახლს? ჰამაკიცაა და აუზიც...
-არც საყიდლებზე გინდა? მაკდონალდსში?
-ძიაკოსთან რომ გამოვიძახოთ? -სასაცილოდ გაეკრიჭა, აშკარად ეტყობოდა, რომ ძალიან უნდოდა ნენეს წაჰყოლოდა, მაგრამ ვერც ბიძამისს ელეოდა.
-კარგი, კარგი, დავურეკავ... თქვენ დარწმუნების რაღაც განსაკუთრებული ნიჭი გაქვთ. -მანქანა გადააყენა და ისე დარეკა ნაკაშიძესთან.
სანამ ტელეფონს ყურზე მიიდებდა, ღრმად ჩაისუნთქა და მორალურად მოემზადა საუბრისთვის.
-გისმენთ, -ისე უპასუხა დადამ, აშკარად ეტყობოდა, რომ იცოდა, ვინც ურეკავდა, აშკარად ეტყობოდა, რომ ძალიან კმაყოფილი იყო იმ ფაქტით, ნენე რომ გახლდათ ზარის ავტორი და სუნთქვა ეკროდა ახლა ხმის ამოღებამდე.
-ნენე ვარ. ნუციკო უნდა მოგიყვანო და მისამართი მომწერე შენი.
-გაგიმარჯოს, ნენე... მეც კარგად, თავად როგორ?
ნენემ თვალები გადაატრიალა და საზურგეს მიეყრდნო თავით.
-გმადლობთ, მეც კარგად.
-შენ ზიხარ საჭესთან?
-დიახ, რამე პრობლემაა?
-არა, არანაირი. აღარ გაგაწვალებ მაშინ, ჩაგიგდებ ლოკაციას. ფრთხილად ატარე.
ჯუჯღუნით გამოაჯავრა ნენემ მისი სიტყვები. ნუციკო გაკვირვებული უყურებდა, ვერ გაეგო, რატომ იღებდა ეს გოგო ასეთ უცნაურ მიმიკებს ბიძამისთან საუბრისას.
მანქანა პატარა, მყუდრო სახლის ქვით მოპირკეთებულ ჭიშკართან შეაჩერა. ნუციკო მაშინვე გადახტა მანქანიდან და შესასვლელისკენ გავარდა. ნენეც ბუზღუნით გადაჰყვა უკან, ბავშვის ჩანთა აიღო და ისე ფრთხილად შეაბიჯა ეზოში, თითქოს ვინმე ნაბიჯებს უზომავდა.
ეზო მართლაც ისეთი ლამაზი იყო, როგორიც ნუციკომ აღწერა. მწვანე გაზონით დაფარულ მდელოს დაკლაკნილი ბილიკი სერავდა შესასვლელამდე, ღობეს ათასნაირი ხეხილი და ბუჩქნარი მიუყვებდა, რისი დამსახურებითაც ეზოში სასიამოვნო სუნი და სიგრილე ტრიალებდა.
სახლში უკვე ენთო შუქები და როგორც ჩანს, მეპატრონეც შინ იმყოფებოდა.
-ცუციკო, არ წაიქცე... -შურდულივით გავარდნილ ბავშვს აედევნა ნენე.
ხმაზე დადამაც გამოაღო კარი და ბუმბულივით ააფრიალა პატარა. გემრიელად ჩაუკოცნა კისერი და ყურში რაღაცების ჩურჩული დაუწყო.
გოგონაც დაბეჯითებით უქნევდა თავს თანხმობის ნიშნად და პირზე ხელს იფარებდა, თითქოს ასე იკავებდა სიცილს.
-ნენეკო, წამოდი... -ბიძამისის მკლავებიდან ჩამოხტა და ახლა გოგონასკენ წამოვიდა.
დადა მხრით მიეყრდნო შესასვლელი კარის ძგიდეს და გულზე ხელებდაკრეფილი დაელოდა ანდრონიკაშვილის გადაწყვეტილებას.
-არა, ცუციკო, მე ხომ უკვე მოგიყვანე. ახლა დადასთან დარჩები და გაგართობს, ხომ თქვი ყველაზე კარგად მეთამაშებაო?
-შენ არ გინდა ჩემთან? -ისეთი სახე მიიღო ნუცამ, თითქოს სადაცაა ტირილს დაიწყებდა.
დადამ პირზე აიფარა ხელები, ზედმეტად შესამჩნევი რომ არ ყოფილიყო მისი სიცილი.
-როგორ არ მინდა, მაგრამ..
-მაშინ ცოტა ხნით დარჩი, სანამ დედიკო მოვა.
-კარგი, კარგი... ცოტა ხნით.
ნუცას ხელი არ შეუშვია ნენესთვის, ვაიდა, არ გადაიფიქროს და შუა გზიდან არ მიბრუნდესო.
დადამ შინ შეატარა ქალბატონები და თავადაც უკან მიჰყვა კმაყოფილი ღიმილით გაბადრული.
-ძიაკო, ნენემ ასე გადმოგცა, ქალს ერთი უნდა უყვარდეს და არა მთელი ფართაო, კაცებზეც ვრცელდებაო. ხო, ნენეკო? -ნუცამ ჯერ ბიძამისს შეხედა, შემდეგ თვალებგაფართოებულ ნენეს, რომელმაც ინატრა, რომ ამ ბავშვს ასეთი კარგი მეხსიერება და გადმოცემის უნარი არ ჰქონოდა იმ წამს.
-გავითვალისწინებ, ნენე... -წელზე ხელის მიდებით უბიძგა, რომ შინ შესულიყო, -შემდეგში ნუციკომდე ჩემთან გაარკვიე ხოლმე ასეთები.
-შემდეგში არ იქნება და არც არაფერს ვარკვევ. უბრალოდ თავიდანვე ორმაგი სტანდარტების მსხვერპლი თუ არ იქნება ბავშვი, უკეთესია. -ხმადაბლა დაუჩურჩულა, თამაშში გართულ ბავშვს რომ არ გაეგო, -მაგალითად, ქალი კაცს რომ გვერდით დაუდგება, იმ კაცს ელემეტარულად ისეთი რეპუტაცია უნდა ჰქონდეს, რომ ის ქალი პირველივე დანახვისთანავე მის საყვარლად არ მოიხსენიონ.
-მაგ ქალს შეუძლია სხვანაირადაც მოიხსენიებდნენ, თუ ამის სურვილი აქვს.
-არ აქვს.
-მაშინ არ უნდა ადარდებდეს, რას იტყვის სხვა.
-სამწუხაროდ, ქალებისთვის არ არსებობს „არ უნდა გადარდებდეს“.
-ანუ ნუციკოს ფემინისტად ვზრდით...
ამ სახლშიც ისეთივე დაუჯერებელი წესრიგით იყო ყველაფერი განლაგებული, როგორც იმ ოთახში, სადაც პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. ამჯერად თავს იმდენად დაძაბულად და შეშინებულად აღარ გრძნობდა ნენე, როგორც მაშინ, მაგრამ რაღაცების მირევ-მორევის მძაფრი სურვილი კი მაინც ჰქონდა, იმდენად მოუნდა დადას გაბრაზება.
-ნუცი, არ გშია? -ფეხზე თავისი ხელით გახადა დადამ ბავშვს და აწეწილი თმაც დაუშალა.
ნენე ცალი თვალით შემფასებლურად აკვირდებოდა მის ყოველ ქმედებას, როგორ ფრთხილად და დიდი სიყვარულით ეხებოდა პატარას, როგორ უყურებდა თვალებში, როდესაც ნუციკო მორიგ სასაცილო ამბავს უამბობდა. დადამ თვალთვალში რომ წაიჭირა, სასწრაფოდ გაარიდა მზერა და არეული ნივთების მაგიდიდან ალაგება მშვიდად გააგრძელა.
არადა, შინაგანად კანკალებდა, გრძნობდა, რომ აკვირდებოდნენ.
-კი მშია, ძიაკო, ნენემ ასე მითხრა ბურგერები ვჭამოთო, მაგრამ მე უარი ვუთხარი, შენ ხომ მთხოვე, არ დათანხმდე სადაც არ უნდა გთხოვოს წასვლა, ჩემთან გინდა ასე უთხარიო…
ამჯერად ნენემ გახედა მხილებულ მამაკაცს მოჭუტული თვალებით. რამდენადაც სისხლი აუდუღდა ბრაზისაგან, იმდენად ვერ მოერია მუცელში აგორებულ სასიამოვნო შეგრძნებას.
დადას ეშმაკური ღიმილი უკრთოდა თვალებში.
-ბავშვი აქციე ჯაშუშად? ყოჩაღ…
-ნენეკო, არ გეწყინოს, მე მართლა მინდოდა ორივესთან… -უცებ იმართლა პატარამ თავი, უზარმაზარი ცისფერი თვალები კამკამა წყლით ამოევსო, -დედიკოსთან და მამიკოსთანაც მინდა ხოლმე ერთად, მაგრამ იმათმა იჩხუბეს და ვერ შევარიგე. თქვენც ხო არ იჩხუბეთ? ერთად რომ ვიყოთ, რა მოხდება…
-ნუცი, შენ მაგაზე ნერვიულობ? -კალთაში გადაისვა ნენემ დანაღვლიანებული პატარა და თმებზე მიეფერა, -არ გვიჩხუბია, რამდენ ხანსაც გინდა, იმდენ ხანს გავჩერდები… გინდა, პიცა გამოვაცხოთ ერთად? ბიძაშენი მაღაზიაში გავუშვათ და…
-მაქვს ყველაფერი, -მონუსხული შეჰყურებდა დადა სანახაობას.
-მაინც წადი.
-მაგდებ? -წარბები მაღლა აზიდა დადამ და ნუციკოს წაეთამაშა თმებზე. -უკვე ეძინება…
-არ მშია, -სასცილოდ დაამთქნარა პატარამ,-ბაღში ცოტნემ თავისი ტოსტი გამიყო, გაბრიელმა ნუშიანი შოკოლადები მაჩუქა, ნიკომ ჟელიბონები…
-აბა, აღარ მყავს ბევრი შეყვარებულიო? -ბავშვიანად წამოდგა ნენე. დადას თვალებით ჰკითხა, საით წავიყვანოო.
-შეყვარებულები არ არიან, მაგრამ მაჭმევენ… ამიტომაც დავშორდი ყველას, ახლა ყველა რაღაცას მჩუქნის… -ჩიტივით ჟღურტულებდა პატარა, უკვე ძილს მიჰყავდა შორეულ ჯადოსნურ სიზმრებში და თვალებიც ენაბებოდა.
-ჭკვიანურია… -გულიანად გაეცინა ნენეს და საწოლზე მიაწვინა ბავშვი.
-ნუ უწონებ ცუდ საქციელს, -კარიდან აკვირდებოდა დადა, აღარც იღიმოდა და აღარც არ იღიმოდა. თვალები ამღვრეოდა უცნაურად.
ვერ იტანდა ნენე, როდესაც ასე მოქმედებდა ამ კაცის თვალები მის სხეულზე, ლარივით იჭიმებოდა და ვეღარც კი მოძრაობდა ნორმალურად.
-შენ ნუ ასწავლი ცუდ საქციელს. -ხურდა დაუბრუნდა და შემაწუხებელი ტანსაცმელი გახადა მიძინებულს.
-არაფერი მისწავლებია, უბრალოდ მინდოდა დროულად მოგეყვანა ჩემამდე.
-გადი და გამოვალ, -უთხრა, როცა ნუციკომ თვალები გაახილა და უჩვეულოდ მოიწყინა.
ფრთხილად გაიხურა კარი.
-ნუცი, რამე გტკივა? -შუბლზე მიეფერა.
-არა, ნენეკო, ისე კარგად მექცევით რა უნდა მეტკინოს.
-აბა, რატომ მოიწყინე, ჩემო პატარა? -თავადაც მიუწვა ბავშვს და თმებზე მიეფერა.
-ნენე, მე მგონი, ოცნებები არ ხდება. რამდენჯერაც ვარსკვლავები ჩამოვარდება, მე სულ იმაზე ვოცნებობ, რომ დედიკო და მამიკო შერიგდნენ. როცა დედიკოსთან ვარ, მამიკო მენატრება, მამიკოსთან რო ვარ დედიკო მინდა. არ ვიცი, იმათ რატო არ უნდათ ერთად, მე ხომ მინდა ყველასთან? იჩხუბეს? ბოდიში რო მოუხადონ ერთმანეთს ვერ შერიგდებიან? მე ერთი ოცნება როგორ ვერ ამიხდინა იმდენმა ჩამოცვენილმა ვარსკვლავმა? რა ვიცი, ბაღშიც კარგად ვიქცევი და...
ნენე წამიერად დამუნჯდა. ისე მძიმედ და მტკივნეულად იგრძნო პატარას მარტივი სიტყვებით ახსნილი გასაჭირი, სუნთქვა ფილტვებშივე მიეყინა. ბავშვები ხომ ყველაზე მძაფრად განიცდიან სიხარულსაც და ტკივილსაც. ნუცა ხომ ძალიან პატარა იყო ჯერ იმისთვის, რომ ციდან საკმარისი ვარსკვლავი არ ჩამოვარდნილიყო მისი სურვილების ასახდენად…
-როგორ არ ხდება, ნუციკო… როცა არ ელოდები, შენი ნატვრა ზუსტად მაშინ ახდება. თან მარტო ერთ სურვილს რომ უთქვამ, ვარსკვლავები ალბათ გაბრაზდნენ. სანამ სხვა სურვილსაც არ ჩაიფიქრებს ჩვენი ნუციკო, მანამდე არ ავუსრულებთო, ჩვენ ტყუილად ხომ არ ვვარდებითო…
-მართლა? ანუ სხვა რამეებიც შეიძლება, რომ ჩავიფიქრო? -თვალები დაქაჩა პატარამ და მაშინვე ფანჯარაში გაიხედა.
-რა თქმა უნდა, რაც მეტი - მით უკეთესი.
-ვაიმე, ახლა არ ჩამოვარდება ვარსკვლავი მაინც და მაინც... შენ რა ნატვრას უთქვამ ხოლმე?
-მე მინდა, რომ ჩემი დედიკო მალე დაგვიბრუნდეს მე და ჩემს ძმას.
-მამიკო?
-ჩემი მამიკო ცაში წავიდა და იქედან გვიყურებს. ვარსკვლავებს ციდან წყვეტს, რომ მერე ეს ვარსკვლავები ჩამოვარდნენ და ჩვენ ნატვრის ჩაფიქრება მოვასწროთ.
-მართლა? რა კარგია… -კიდევ ერთხელ დაამთქნარა ნუციკომ. -ეს არ ვიცოდი, მეგონა ვარსკვლავები უბრალოდ ცვიოდნენ.
-უბრალოდ არაფერი ხდება, ნუცი…
პატარას უკვე ეძინა.
ნენემ თავი ვერ შეიკავა, რომ არ ეკოცნა. მერე კი ფეხაკრეფით გამოიპარა იმ ოთახიდან და კარი ფრთხილად მოიხურა.
-დაეძინა, -თავადაც დაღლილი ხმა ჰქონდა ნენეს.
გარეთ უკვე ლურჯად ბნელოდა, გადაწეული ფარდებიდან მკვეთრად მოჩანდა ვერცხლისფრად მოციმციმე ვარსკვლავები.
დადა თვალს არ აცილებდა, გამომწვევად გამოაღო აივნის კარები და ნენეს რეაქციას დააკვირდა.
-წავალ უკვე… -ორი ნაბიჯით დაიხია უკან ანდრონიკაშვილმა.
ძალიან კარგადაც მიხვდა, რისკენაც მიანიშნებდა იმ ეშმაკური მზერით, რაც უნდოდა, რომ შეეხსენებინა.
-წახვალ თუ გაიქცევი?
-შენი გამომწვევი ლაპარაკი ჩემზე არ მოქმედებს, ამიტომ ტყუილად ნუ ცდილობ. -ალმური მოედო სახეზე ნენეს.
-არ გიწვევ, მაგრამ შენ მაინც ცეცხლი გიკიდია. მართლა რომ ვცადო რამე, წარმომიდგენია, რა მოგივა.
-ნუ ცდი.
-ნენე… -მისკენ გადმოდგა ნაბიჯი. ფარდაც ისე აფრიალდა, თითქოს გოგონას სუნთქვის შეკავება იგრძნო და ჰაერი მიაშველაო. -როგორც მივხვდი, ლიკამ უკვე დააკმაყოფილა შენი ინტერესი.
-რა ინტერესი?
-თავს ნუ ისულელებ, ზედმეტად ჭკვიანი ხარ და გეტყობა. -თავი გვერდზე გადახარა და ისე შეათვალიერა, ნენეს ეგონა რომ სამუზეუმო ექსპონატი იყო და მკვლევარი აფასებდა.
-რა გინდა?
-რატო არ იღიმი?! -გულზე გადაიჯვარედინა ხელები.
ნენე ამ შეკითხვას ყველაზე ნაკლებად მოელოდა და წამიერად ვერც მიხვდა, რა უნდა ეპასუხა.
-იმიტომ, რომ შენთან შეუძლებელია.
-არ გამოგივა ჩემი ბრალის შენს დარდში გახვევა. მოდი ახლოს, თორემ კარგად ვერ გხედავ.
-ოფთალმოლოგთან ვიზიტის დროა, უკვე ასაკში ხარ…
-იცოდე, მე მოვალ და გზაში დამავიწყდება, რისი თქმაც მინდოდა. -მაცდურად გააჟღერა მუქარა, შედეგებზე ულაპარაკოდ მიანიშნა, რომ არ აგებდა პასუხს.
ნენესაც რაღაც ძალამ დასთრია და წინ გადაადგმევინა რამდენიმე ნაბიჯი. გვერდზე გაიწია დადა და მასაც მისცა აივანზე დატევის უფლება.
გარეთ სასიამოვნოდ გრილოდა და ხეხილის სურნელი ტრიალებდა, თუმცა ნენე ვეღარც ტემპერატურას გრძნობდა და ვეღარც სხვა რამის სურნელს, გარდა დადას სხეულიდან მომავალისა.
-შენს ძმაზე ნერვიულობ?
-ჩემს ძმაზე სულ ვნერვიულობ. შენ რატომ გადარდებს რიო ასე ძალიან?
-დაკარგულია. მე ვიცი ის ხალხი… შენც ხომ ნახე, ნუცუბიძე არ არის ის კაცი თავგზააბნეული ბავშვების ბედით რომ ინტერესდება.
-შენ ინტერესდები? -დაჟინებით ახედა გოგონამ. გათეთრებული ტუჩები ისე მკაცრად შეეკრა, ლამის თითებით მიეფერა დადა, რომ დაძაბულობა მიმოეფანტა და პირვანდელი ფერი დაებრუნებინა მათთვის.
-ჩემს თავს მაგონებს. მეც ვჩხუბობდი, მაგრამ მე იქედან წამოსულს ვიღაცის ზურგის იმედი მქონდა. ვიცოდი, ვერავინ მომედავებოდა და მაიძულებდა დაბრუნდიო. შენი ძმა სხვა მდგომარეობაშია, ამას ჟინის გამო არ აკეთებს. დიდად არც ამაყობს საკუთარი საქციელით, ამიტომაც ვინტერესდები.
-ვერაფერს ვუხერხებ, -გულწრფელად გაანდო ნენემ, უკვე თავადაც დაიღალა მუდამ ხელის დაფარებით. თუ ეს კაცი ამდენს ამჩნევდა, იქნებ როგორმე აქედან გამოსვლის გზაც დაენახვებინა. -არაფერი ესმის… მე ვეჩხუბები, ის კი იღიმის და მეუბნება, რომ დავიკიდო და ამდენს თუ ვინერვიულებ, ნაოჭები გამიჩნდება.
-ეს გადარდებს? -ზემოდან დახედა, -ანუ მხოლოდ ეგ განერვიულებს?
-რატომ გაინტერესებს?
-მინდა ვიცოდე ნუცუბიძის გარდა რა შემიშლიდა იმ ღამეს ხელს, რომ შენთვის მეკოცნა.
ნენემ გაოცებისგან თავი უკან გადასწია. სუნთქვა კისერში გაეჩხირა.
არა, ხომ ისედაც აშკარა იყო ნაკაშიძის სურვილი იმ ღამით, მაგრამ ასე ცხადად მოსმენილმა ენა პირში გაუკავა. უცნაური ჟრუანტელი იგრძნო, ერთიანად გაბრაზდა და მოეშვა. ეს კაცი როგორი გაურკვევლიც თავად იყო, ისეთივე გაურკვეველ განცდებს იწვევდა ნენეშიც.
-მე შეგიშლიდი. არ მინდა და შენ გარდა სხვა მიზეზი არ მაქვს.
-ანუ მე ვარ მიზეზი?! შენი ათასი პრობლემა მე ერთსაც ვერ დამიმატებს? -თვალებმოჭუტულმა დახედა ზემოდან, ნენეს თვალებმა იმ წამს დადასთვის ჩამოვარდნილი ყველა ვარსკვლავი აირეკლა.
-ხომ ხედავ, შენც ხვდები, რომ პრობლემა ხარ ჩემთვის, გიხარია ეგ სტატუსი რომ გაქვს ქალის ცხოვრებაში?!
-არაუშავს, მოვაგვარებთ.
-ვერ მოვაგვარებთ. ჯერ ეს ერთი, ყეყეჩი ხარ.
-შენ კიდევ გრძელი ენა გაქვს, -ხმა გაიმკაცრა, აღარ მეხუმრება შენს კომპლიმენტებზეო მიანიშნა და ნენემაც მწარედ იკბინა ენაზე, -და მწარე, ყოველ შემთხვევაში, ჯერ ვერ შევიცვალე აზრი, მერე ვნახოთ.
-როდის მერე?! არ გაკოცებ-მეთქი…
-ახ, არა, პატარა, მე ეგეთი სიმწარე არ მიგულისხმია. -თავი გადახარა დადამ და გაეღიმა ეშმაკურად.
ნენეს ისე შერცხვა, მართლა ინატრა, რომ ცეცხლი წაკიდებოდა და იქედან გამქრალიყო.
იმ წამს ცხოვრებაში პირველად მოუნდა ასეთი გამოუცდელი არ ყოფილიყო და მსგავსი სიტუაციებიდან თავის დაღწევის გაკვეთილები ნასწავლი ჰქონოდა.
დადას ისე მოუნდა შეხებოდა, რომ მთელი ენერგია აივნის მოაჯირზე გადაიტანა, სახეზე ისევ გაურკვეველი ემოციები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.
გრძნობდა, რომ ჯერ არ იყო სწორი დრო. ვერაფრით მოერეოდა მის თვალებში გამკრთალ უმნიშვნელო სინანულსაც კი, თუკი აკოცებდა და ნენესგან ბოლომდე ვერ იგრძნობდა თანხმობას.
-კონკრეტულად რა წარმოადგენს პრობლემას შენთვის? რომ გეხები და ასეთი რეაქცია გაქვს? -გამომწვევად ჰკიათხა და ოდნავ შეეხო მოღეღილ ყელზე თითებით.
ნენე ადგილზე შეხტა, მისი მოულოდნელი შესუნთქვა ზედმეტად ხმაურიანი იყო დაკვირვებული ადამიანის სმენისათვის.
დადამ უფრო ფართოდ გაიღიმა, უფრო ბოროტულად.
-რატო არ მანებებ თავს? -გულწრფელად ჰკითხა ნენემ.
-ჯერ შენ მიპასუხე. -მკაცრად მიანიშნა, რომ თავის შეკითხვაზე უფრო მეტად აინტერესებდა პასუხი, ვიდრე ისედაც აშკარა სურვილების სიტყვიერად გამჟღავნება.
ერთ წამს მაცდური და ღიმილიანი იყო, მეორე წუთში ისეთი მკაცრი და მომთხოვნი, რომ ანდრონიკაშვილმა ვერაფრით გაიგო, როგორ მიდგომოდა.
-სხვა მიყვარს. -დააბრეხვა არსაიდან მოტანილი სულელური მიზეზი და მიიღო კიდეც სათანადო რეაქცია.
დადამ გულიანად გადაიხარხარა.
-რა გაცინებს? არ შეიძლება?
-ეგ რომ სიმართლე იყოს, სულ მინიმუმ სახეზე შენი ხუთი თითი იმ ღამის შემდეგ ჯერ კიდევ უნდა მეტყობოდეს, საერთოდ შენთან მოკარება რომ გავბედე. თან არაერთხელ გავბედე.
-და ამას ასეთი სიამაყით რატომ მიცხადებ? -უკან დაიხია ნენემ, გულზე სულ სხვანაირად მოხვდა ეს სიტყვები. -გგონია, ყველა ასე…
-მგონია, რომ ასე მხოლოდ მე... -მანამ გააწყვეტინა დადამ, სანამ მორიგი სისულელის თქმას მოასწრებდა. -მგონია, რომ შენ უთქმელად მომეცი ამის უფლება, როცა სიტყვებით საპირისპიროს მიმტკიცებ. კიდევ ის მგონია, რომ რაღაც გაკავებს ჩემთან მიმართებით და ჩემი პრობლემად ქცევა ხელსაყრელი გამოსავალია შენთვის.
-რა გაძლევს იმაზე ფიქრის საფუძველს, რომ მხოლოდ შენ შეძელი ჩემი სიახლოვე?
-ასე არ არის? -მისკენ გადაიხარა დადა, თითქოს ოდნავი მიახლოვებითაც ანიშნა, რომ ზედმეტად აშკარა იყო ნენეს შეკითხვაზე პასუხი. -არასდროს არაფერს დაგაძალებ, თუ ოდნავ მაინც მეგონება, რომ ინანებ. გინდა, რომ რიოს მე დაველაპარაკო?
-ჩემი მოსყიდვა გინდა? კეთილგანწყობის მოპოვება…. -ჩუმად გადაასწორა ბოლოს და მოარიდა ამღვრეული თვალები მის გიშრისფერ ირისებს, სრულად რომ ირეკლავდა ვერცლისფერ მთვარეს….
მიუხედავად იმისა, რომ ღია სივრცეში იყვნენ და გრილი ნიავიც სასიამოვნოდ ეკვროდათ ქალაქისთვის შექცეულ ზურგებზე, ირგვლივ გარემო საოცრად გამთბარი და გამკვრივებულიყო.
ნენესთვის ამაზე შორს ინტიმური ურთიერთობა მამაკაცთან არასდროს წასულა და ახლა ისე დაძაბულად და არეულად გრძნობდა თავს, როდესაც ნაკაშიძის ინტერესები ცხადზე უცხადესი იყო, ეგონა, დედამიწამ სიმძიმის ცენტრი შეიცვალა და აივნიდან გადახტომა რომ მოენდომებინა, დადას სხეული მიიზიდავდა თავისკენ.
-მინდა, რა თქმა უნდა. -ჩვეული მზაკვრული ღიმილი აუციმციმდა თვალებში დადას, უტიფრად არ დაუმალა სიმართლე. -მაგრამ ამას უნებართვოდაც გავაკეთებდი, უფრო რაინდული იქნებოდა…
ნენეს ისე გულღიად გაეღიმა დადამ სამუდამოდ დაიმახსოვრა ასეთი.
ამას თავადაც ვერ ხვდებოდა მაშინ, ჩვენ ხომ წინასწარ არასდროს ვიცით ჩვენი გონება რას შეინახავს საგულდაგულოდ და რომელ კადრს მოისვრის სამუდამო მივიწყების ნაგავსაყრელზე…
როდესაც სასოწარკვეთა შეგვიპყრობს და ნუგეშს ძებნას დავუწყებთ, სწორად მაშინ ამოგვიტივტივდება თავში ის ერთი კადრი, რომელიც იმ ძალას დაგვიბრუნებს, რაც იმ მოგონების შექმნის მომენტში გვქონდა.
-ანგელოზი არ ვარ, ნენე. -აღიარება იმდენად გულწრფელი იყო, ნენეს სუნთქვა შეეკრა შიშისგან.
-ანგელოზი არავინაა, გააჩნია, შენ რატომ გგონია, რომ არ ხარ…
-შენ ხარ. -თავი გვერდზე გადახარა.
ნენეს ისე მოუნდა იმ წამს, რომ დამსახურებულად ეფიქრა დადას მასზე ასე. არც მე ვარ ანგელოზიო, უნდოდა შეესწორებინა, თუმცა თუ ამ სიტყვების სიღრმეში ჩასვლას მოინდომებდა ნაკაშიძე, (და ამას აუცილებლად მოინდომებდა) მერე უკან ასეთი უმიზეზოდ ნასიამოვნები ვეღარ გამობრუნდებოდა.
-შენ რატომ არა?
-რომ მხედავ და ეგ კითხვა მაინც გიჩნდება…
-მართალია, ნამდვილი ეშმაკის თვალები გაქვს, -მშვიდად უთხრა ნენემ, ესეც ენაგრძელობაში არ ჩამომართვასო, მაგრამ დადას უბრალოდ გაეღიმა. -ვერ ვიგებ რა გინდა..
-ზუსტად ის, რაც შენ. ზუსტად ის ვარ, ვინც შენ გგონია, რომ ვარ.
-გაურკვევლად რომ ლაპარაკობ, ხვდები, ხო? -ნერვიულობის გადასაფარად გაეღიმა ნენეს.
-მე მგონია, რომ ყველაფერი კარგად გაიგე. -გამჭოლი მზერა მოავლო მის დაძაბულ სახესა და მხრებს მამაკაცმა. -ყველაფერს კარგად ხვდები, უბრალოდ, იმის დაჯერება არ გინდა, რომ მოგწონვარ... ბოლოს და ბოლოს, მე ხომ ვერავის მოვაწონე თავი მთელი ჩემი ოცდაათწლიანი ცხოვრების განმავლობაში...
-რამდენჯერ უნდა შემახსენო ეს სიტყვები?
-რა მოხდა, აღარ ფიქრობ ასე? -ისეთი მაცდური იყო იმ წამს, ნენეს სუნთქვა შეეკრა.
იგრძნო, როგორ აეწვა რაღაც სულშებერილი ნაღვერდალივით ცხელი მუცელში და მთელს სხეულში გადაუნაწილდა ადუღებულ სისხლთან ერთად.
დროულად მოადგა ლიკა დადას სახლს. ტაქსი უკან გააბრუნა და თვითონ მარტო შემოვიდა ეზოში. ზემოდან გადახედა წყვილმა.
მიძინებული ნუციკო ფრთხილად ჩაუსვა მანქანის უკანა სავარძელზე მოთავსებულ ნენეს კალთაში და სანამ უკან გაძვრებოდა, სიახლოვით სუნთქვაშეკრულ გოგონას ჯიქურ გაუსწორა მზერა.
ტუჩებისკენ წაიღო სახე, თუმცა ლოყაზე აკოცა მოწყვეტით და თვალი ჩაუკრა, როდესაც ანდრონიკაშვილი გონს მოვიდა და ჰაერს დანატრებული დასკდომამდე მისული ფილტვები ამოასუნთქა.
ბრაზი ცეცხლივით წაეკიდა სახეზე, მაგრამ ვეღარაფრის თქმა მოასწრო. როდესაც გოგონასგან სასურველი რეაქცია მიიღო, დადამ მაშინვე მიუხურა მანქანის კარი და მანამ არ შესულა სახლში, სანამ თვალს არ მიეფარნენ.
-შენი მშვიდი დუმილი რაღაცას მეუბნება, ლიკა...
-მეც რაღაცას მეუბნება შენი გაცეცხლებული დუმილი, ნენე... -თვალი ჩაუკრა და აგრძნობინა, დაგინახეთო წეღან.

დადა ნაკაშიძემ დემურ ნუცუბიძე რომ დააღალატა, ეს ამბავი ვიწრო წრეს ნამდვილად არ გასცდენია. ნენემაც მაშინ შეიტყო ამის შესახებ, როდესაც კოტეს ეწვია ოფისში ლეპტოპის დასაბრუნებლად და საქმიდან საბოლოოდ გასასვლელად.
ძალიან ღელავდა, თუმცა საუკეთესო ახსნა საკუთარი საქციელისათვის უკვე მოფიქრებული ჰქონდა. ისიც იცოდა, კოტე ცერცვაძე არაფრით დააძალებდა იმის გაკეთებას, რაც ნენეს გულით არ უნდოდა.
არც მისი დანახვა გაჰკვირვებია და არც თვალებით გამხელილი სურვილი.
-მოდი, ნენე, დაჯექი.
ჩუმად დაჰყვა ისიც მის ნებას. გაუღიმა კაცმა და აგრძნობინა, სანერვიულო არაფერი გაქვსო.
-ისე მიყურებთ, მგონია, რომ უკვე იცოდით, აქ რომ მოვიდოდი.
-პირველივე დღიდან ვიცოდი. -ჩაფიქრდა კოტე, -შენ და ლანას ხომ ყველაფერი კარგად გაქვთ?!
-რა ვიცი, კი... -უხერხულად შეიშმუშნა, არ ელოდა მისგან ამ შეკითხვას.
-მე ვიცი, რომ ჩემს შვილს რთული ხასიათი აქვს, სწორედ ამიტომაც ჰყავს ერთადერთი მეგობარი და არ მინდა ისიც დაკარგოს.
-დამიჯერეთ, ლანას ერთი მეგობარი ნამდვილად არ ჰყავს. ეს ჩემთვის უფრო არის ლანა ერთადერთი მეგობარი, ვიდრე პირიქით.
-მე ისეთ მეგობრებს არ ვგულისხმობ, ნენე. თქვენ ბავშვობიდან ერთად მოდიხართ, ერთმანეთის ყველაფერი იცით... მაგრამ კარგი, რახან თქვენს ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა, არც მე ვიდარდებ. ანუ, ასე გადაწყვიტე...
-ხო, ასე ჯობია. ეს საქმე არ არის საჩემო...
-ხო, ზოგჯერ არასწორ დროს არასწორ საქმეს ვკიდებთ ხოლმე ხელს ადამიანები, არაფერია, მე ისედაც ადვოკატად წარმომედგინე ყოველთვის. სწორ ადგილას შეწყვეტა დანებებას სულაც არ ნიშნავს. უბრალოდ, მინდა დავრწმუნდე, რომ ამ ნაბიჯს ვინმე ისეთის დასაცავად არ დგამ, რომ შემდეგ ინანო.
-რას გულისხმობთ? -ნენე უხერხულად შეიშმუშნა, მოეჩვენა, რომ კოტემ იმაზე მეტი იცოდა, ვიდრე საჭირო იყო.
-იცი, რომ ნაკაშიძემ ნუცუბიძის აყვანაში გამოძიებას ხელი შეუშალა? ამავდროულად, ტვირთი, რომელიც მისი მანქანებით უნდა შემოეტანათ, როგორღაც პოლიციას ჩაუგდო ხელში და დემური გვარიანად აზარალა. ამაზე რას ფიქრობ?!
-არ ვიცი... მე... -პირი გამოუშრა ნენეს, წამიერად აღადგინა აივანზე ჩაწერილი მოგონება მისმა გონებამ და ახლაღა დაუკავშირა ყველაფერი ერთმანეთს.
ანუ, ამიტომაც იყო დემური გამწარებული, ამიტომაც იმუქრებოდა და აღარ ენდობოდა ნაკაშიძეს.
-იქნებ, ნაკაშიძეც პოლიციასთან თანამშრომლობს?! -ხმა ჩაიწმინდა.
-და ნარკოდილერი ბორკილებს გადაარჩინა? აქ ბმა არ ჩანს. მე კიდევ მგონია, რომ პოლიციის ნდობის მოპოვებას ცდილობს, დემური მეტისმეტად იმპულსური და მოუთმენელია, რომ ამას მიხვდეს. ნაკაშიძეს აუცილებლად დაუპირისპირდება.
-პოლიციის ნდობის მოპოვება რაში სჭირდებათ.... არაფერი მესმის.
-ამ საქმის რამე რომ გაიგო, დადა ნაკაშიძის ტვინში უნდა შეგეძლოს შეძვრენა, სხვანაირად ვერაფერს მიხვდები, ნენე. -თვალი ჩაუკრა კოტემ, -ფრთხილად იყავი, იცოდე, არასწორ ადამიანს არ ენდო.
-არასწორს არ ვენდობი. -უნდოდა თავდაჯერებული და შეუვალი გამოჩენილიყო, როცა ამ სიტყვებს ამბობდა, უნდოდა დაბეჯითებით სცოდნოდა, რომ თეთრის და შავის გარჩევა უკვე კარგად ისწავლა, მაგრამ უკვე აღარც ისეთი დარწმუნებული იყო..
ცხოვრება ხომ მხოლოდ თეთრი და შავი ფერებით არ იყო ნახატი. მხოლოდ ცუდი და მხოლოდ კარგი ადამიანები ხომ არ არსებობდნენ...
უკვე უნებურად იწყებდა იმის გამართლებას, ვისკენაც გული მიუწევდა და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ამ საქმიდან გასვლა გვარიანად დააგვიანა.
-დადა სწორი ადამიანია შენთვის?!
-დადას არ ვენდობი.
-კარგი, ნენე, წარმატებებს გისურვებ. გახსოვდეს, რაც ჩვენს შორის გაჟღერდა, ამ ოთახის კედლებს არ უნდა გასცდეს... ისევე, როგორც სხვაგან გაჟღერებული ვერ აღწევს ჩემამდე.
კოტე ჭკვიანი კაცი იყო, უბრალო სიტყვებით მიახვედრა ნენეს, რომ მასზე თვალი ეჭირა.
ანდრონიკაშვილები სერიოზულ, სერიოზულ შარში გახვეულიყვნენ.

ოფისში ფიქრებით გაბრუებული დაბრუნდა. ლიკამ რეზი მოიტაცა, როგორც თავად აღნიშნა, მისმა თითქმის ყოფილმა ქმარმა თავის დაფასება გადაწყვიტა, ამიტომ დრო იხელთა და ბავშვი დასასვენებლად გააგზავნა დედამისთან ერთად ბაკურიანში, თავად კი ვერონასკენ აიღო გეზი.
-ვერონაში? ბილეთები როდის იყიდე, რა რომანტიკულია... -სიხარულით გადაიკისკისა ნენემ, უცებ მიივიწყა თავისი პრობლემები.
-მაგ ვერონაში არა, ჩვენთან, კახეთში.. ჩვენს მეგობარს აქვს ლამაზი სახლი და დაგვითმო. ახლა საპირფარეშოში შემოვიპარე, რომ უცებ მეთქვა შენთვის. ჯერ არ მელაპარაკება, ვერ მოინელა, რომ მე მოვიტაცე და არა პირიქით. -ჩაეცინა ეშმაკურად.
-მიდი, მიდი, დაამშვიდე...
-ოხ, შენ საიდან იცი ეგეთები? -სიეშმაკე შეეპარა ხმაში წერეთელს, ნენე წამოწითლდა. -კაი, ნუ აწითლდი, წავედი, აბა შენ იცი... შენი იმედი მაქვს.
-უცებ გეტყვი, დღეს ახალ კლიენტთან მაქვს შეხვედრა. მგონი, დადას კონკურენტია... ავტო-ნაწილების ინდუსტრიაა... რა ვქნა?
-შეხვდი, რა უნდა ქნა?! ნახე რა უნდა და მერე მომიყევი გვიან.
-გვიან არ გეცლება, მანამდე უნდა შემოირიგო...
-ჩამოვალ მე მანდ და მიიღებ ყველა მაცდური კომენტარისთვის პასუხს, ქალბატონო ნენე!
-მიდი, მიდი, ჩემთან ნუ ცდილობ დროის გაწელვას... არ გაგეპაროს სადმე შენი ხელმწიფე.
-შენც ჭკვიანად, არ გამიბრაზო დეიდაშვილი, ასაკშია უკვე...
მანამ გაუთიშა ლიკამ, სანამ ნენე მწარე პასუხის მოფიქრებას მოასწრებდა. გათიშული ტელეფონის წრიპინის გაგონებისას ჩაეცინა ანდრონიკაშვილს და თავი გადააქნია.
შეხვედრაზე ლიკას გარეშე არასოდეს ყოფილა, ამიტომ დღეს განსაკუთრებულად ღელავდა. ალექსანდრე ფალიანის კომპანია ფაქტობრივად სტარტაპი იყო და ახლა იდგამდა ფეხს, ისეთ გიგანტებს უნდა ჩასდგომოდა კონკურენციაში, როგორიც დადას ბრენდი იყო.
საბუთებს ამზადებდა, როდესაც ნაკაშიძემ შეთქმულივით უდარდელად შემოაღო მისი კარი.
მას უკან მენეჯერიც შემოჰყვა. ისე გულმოდგინედ შეათვალიერა დადა გოგონამ, ნენე წარბებაზიდული ელოდა, როდის მოამთავრებდა კაცით ტკბობას და სათქმელს ამოღერღავდა.
-ნენე, ალექსანდრე ფალიანი მოვიდა, გელოდება... გამარჯობა... -ტუჩების თრთოლვით მიესალმა ნაკაშიძეს და აწითლებული ლოყებით გაბრუნდა უკან, ამანაც რომ არ დაიშურა მისთვის ღიმილი.
-ფალიანს აქ რა უნდა? -ნენეს მოუბრუნდა დადა, მარტო რომ დაიგულა და საბუთებს უგულოდ გადახედა.
-თანამშრომლობა, ისევე, როგორც შენ. -მტრული მზერით აართვა ნენემ ფურცლები.
-ფალიანსაც თუ ჩემნაირი თანამშრომლობა უნდა, ჯობია გაბრუნდეს...
-რა გინდა, დადა?!
-დაცვა აგიყვანე და მაგის სათქმელად მოვედი.
-უკაცრავად?! -წარბები აზიდა ნენემ, ჰაერში გაუშეშდა ფურცლები.
-ცოტა ხნით... -თხოვნა შეერია ხმაში.
-დადა, რა ხდება?
-ისეთი არაფერი, უბრალოდ მინდა გული მშვიდად მქონდეს.
-თუ ისეთი არაფერი, შენი დაცვა გაიყოლე და ილოცე, არსად გადამეყარო. -ცეცხლი აუელვარდა თვალებში ნენეს. -შენ ხომ არ გგონია, ჩემი კონტროლის უფლებას მოგცემ?
-ჯერ ეს ერთი, ნუ ხმას ნუ უწევ. -სახე მიუახლოვა მშვიდი, თუმცა მუქარაშეპარული სხვივებით თვალებში. -შენი კონტროლი არაფერში მჭირდება, ნუცუბიძე ჩემზეა გამწარებული და ჩემთან არაერთხელ გიხილა, არ ვარ დარწმუნებული, რომ სანამ არ დავაწყნარებ, შენ არ მოგწვდება ჩემს გასამწარებლად.
-არამგონია, ჩემით დაინტერესდეს... -გაცხარებულმა მოხვია საბუთებს ხელი ნენემ, -შენ თუ ყველას ჩემსავით უყენებ დაცვას, არამგონია, სახელმწიფო ჯარი გეყოს...
-მე მარტო შენს უსაფრთხოებაზე ვზრუნავ, -თვალი ჩაუკრა დადამ და სახეზე ჩამოყრილი თმა თითებით გადაუწია.
ხელი აუქნია ნენემ, ისევ აებურდა თმა.
-ნენე, ახლა ბავშვობის და ეჭვიანობის დრო არ მაქვს. დღეს მე წაგიყვან სახლში. დროზე გაუშვი ფალიანი და მერე სახლში.
-შეხვედრაზე მაგვიანდება. -ფეხსაცმელების კაკუნით გადაჭრა ოთახში, გაწბილებული მოუბრუნდა მის ადგილას ჩამომჯდარ კაცს, თვალი უსირცხვილოდ რომ გამოაყოლა. -იცოდე, არ დამთავრებულა ეს საუბარი....
-როგორც შენ იტყვი, -თვალი ჩაუკრა და მაჯის საათზე თითის დაკაკუნებით მიანიშნა, გაგვიანდებაო.
-თავხედი, რეგვენი... -ბუტბუტებდა თავისთვის.
ღრმად შეისუნთქა, სანამ შეხვედრების ოთახში შევიდოდა და კორპორატიულ ღიმილს აიკრავდა სახეზე.
კლასიკურ შარვალ კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცი მოთმინებით ჩასჩერებოდა თავის ტელეფონს, ხმაურზე მაშინვე ამოხედა ნენეს და ფეხზე წამოდგა.
არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და ეს თავადაც იცოდა ალექსანდრე ფალიანმა. სანამ ხელს ჩამოართმევდა, მზერა გაეფანტა ნენეს სახეზე, შემდეგ ერთი ჩაახველა და თავაზიანად გამოუწია სკამი, რომ ადგილზე მოთავსებულიყო.
ანდრონიკაშვილს მთელი საუბრის განმავლობაში მოეჩვენა, რომ ფალიანისთვის რაც არ უნდა შეეთავაზებინა, ყველაფერზე თანახმა იქნებოდა. შიგადაშიგ უსვამდა ინტრიგნულ შეკითხვებს, ნაკაშიძეც ახსენეს და მისი კომპანიაც და საკმაოდ ამბიციური გეგმებიც თამამად გუმხილა ნენეს.
-ჩვენ ისეთი დანადგარების და მოწყობილებების ჩამოტანას ვგეგმავთ, რაც ჯერ საქართველოში, სამწუხაროდ, არავის გამოუყენებია. ამიტომაც დარწმუნებული ვართ, რომ სახელმოხვეჭილ ბრენდებსაც სათანადო კონკურენციას გავუწევთ, მეტიც სიის სათავეს არ დავუთმობთ წლის ბოლოს.
-მშვენიერია, მე მხოლოდ ტექნიკური დეტალები გაგაცანით, ლიკა რომ დაბრუნდება, სავარაუდოდ, კიდევ მოგიწევთ შეხვედრა, კონკრეტულად თქვენს გეგმებს რომ მოვერგოთ...
-სიამოვნებით შეგხვდებით, -თავი დაუკრა ალექსანდრემ და ჯერ ნენე გაატარა ოთახიდან. ისეთი თავაზიანი იყო, ანდრონიკაშვილი შეწუხდა კიდეც, ისე აუელვარდნენ მწვანე თვალები.
დადა უკვე გამოსულიყო ნენეს ოთახიდან და ერთმანეთში მოლაპარაკე წყვილისკენ მხარგაშლილი, შემართული ნაბიჯებით მოდიოდა. ცალ ხელში მანქანის გასაღებს გამომწვევად აჩხარუნებდა და მიიქცია კიდეც იმის ყურადღება, ვისაც ძალიან გაუგრძელდა ნენეს ყურება.
-ოხ, ალექსნადრე, -ხელები გაშალა და ისე მიეგება კონკურენტს.
-დადა? -წარბები აზიდა ფალიანმა და ხელი ჩამოსართმევად გაუწოდა კაცს.
ისე ძლიერად ჩაეჭიდა დადა მის მტევანს, აშკარა იყო, დიდად არ სწყალობდნენ ერთმანეთს და ეს ხელის ჩამორთმევაც უბრალოდ ფორმალობა იყო საკუთარი ტერიტორიის მოსახაზედ.
-შენ აქ საიდან? -ჯერ ნაკაშიძეს ჰკითხა, შემდეგ ნენესკენ გადააცურა მზერა წამიერად.
-ნენესთან რაღაც საქმე მქონდა. ვხედავ, როგორც იქნა მოაბი თავი და შემოგვიერთდი.
-სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. თანაც ნენემ ისეთი კარგი იდეები მომაწოდა, -თავი კიდევ ერთხელ დაუკრა ანდრონიკაშვილს და მზერით მადლობაზე ბევრად მეტი უთხრა. -ახლა დაგტოვებთ. შეხვედრამდე, ნენე. კარგად, დადა!
-ჩაიცვი, მივდივართ. -საკმარისად რომ გაცილდათ ფალიანი, წელზე უბიძგა თავისი ოთახისკენ გოგონას.
-ჯერ საქმე მაქვს...
-რა იდეები მიაწოდე იმას? შენი საქმე იურიდიული საკითხების მოგვარებაა თუ გაყიდვები? -ნიკაპზე ამოსდო თითები გამწარებულს და ეშმაკურად გაუღიმა.
-რატომ მაიძულებ ისეთი რამის თქმას, რაზეც მიპასუხებ, რომ ენა დავიმოკლო?
-მიდი, გელოდები. -დოინჯი შემოირტყა და მოუთმენლად ჩამოუდგა ცხვირწინ ქალბატონს. -სალაპარაკო გვაქვს თან...
ფანჯრიდან რამდენჯერმე შეამოწმა ნენემ მანქანაზე მიყრდნობილი ნაკაშიძე. სანამ შვიდის ერთი წუთი არ გახდა, მანამ არ გაადგა ფეხი ოთახიდან, იმის მიუხედავად, რომ არც საქმე ჰქონდა და არც ვინმე იყო ირგვლივ ისეთი, ვინც სამსახურიდან ადრე გასვლას დაუშლიდა.
დადამ სწორედ მაშინ ამოხედა ზემოთ, სანამ ფარდას ჩამოაფარებდა და გამომწვევად დაუქნია ხელი.
ნელ-ნელა ჩაიარა კიბეები და მშვიდი, აუღელვებელი ნაბიჯებით მიუახლოვდა მამაკაცს, რომელიც თავხედურად უღიმოდა.
-აბა, გისმენ, -ცხვირის წვერზე ჩამოიწია სათვალე და ქვემოდან ამოხედა გიშრისფერი თვალებით, -საქმე უნდა გაგერჩია ჩემთვის.
-შენთვის ყველაფერი სასაცილოა თუ მხოლოდ მე?!
-აბა, დაგიბღვირო გირჩევნია? -მანქანა დაძრა. ისეთი მიმზიდველი იყო მოკლემკლავებიან უბრალო ლურჯ მაისურსა და ჯინსში გამოწყობილი, მსუბუქად რომ დაატარებდა საჭეზე ძლიერ ხელებს, ნენეს ყველა საღი აზრი მარტო ტოვებდა.
-დადა, რა ხდება? არ მინდა დაცვა! შენ რომ მატარებდე, არც ეგ.
-ჩემი ბრალია, ვერ გავთვალე, რომ დემურს ცუდად მოხვდებოდი თვალში. მაგრამ გეგმაში არ მყავდი, ამიტომ...
-გეგმაში არ გყავდი რას ნიშნავს? პუნქტი ვარ მე შენთვის? ან რა გეგმა...
-ნუცუბიძე ცუდი კაცია, მისი და ჩემი შეყვარებული იყო, ნარკოტიკებით თვითონ გაჭყიპა და ახლა სხვასთან რომ მხედავს, ვერ მიტანს.
-მან თქვა, რომ პოლიციასთან დაასმინე, ეს რას ნიშნავს?!
-დემური ნარკოტიკებით ვაჭრობს. -ნენეს სუნთქვა შეეკრა, დაკვირვებით უმზერდა დადას, არ უნდოდა მის ქცევაში ერთი უმნიშვნელო დეტალი მაინც გამორჩენოდა.
თითქოს როგორც იქნა მისთვისაც დადგა ის ჟამი, რომელიც ამ კაცის რეალურ სახეს დაანახვებდა, იმ სახეს, რომელიც მიკერძოებულად დაუხატა ლიკამ.
-მე ხელს ვუშლი.
-ასე ღიად? რა მამაცი ხარ. არ მიკვირს მოსაკლავად დამდევს!
-შენ ვერავინ შეგეხება, -ხმა ყინულივით ცივი გაუხდა, ერთი ადამიანიდან მეორე, საერთოდ ახალი, შეუვალი და ცამდე საკუთარ თავში დარწმუნებული გაჩნდა. -ვერასდროს. ვერანაირი მიზნით და ვერანაირი საბაბით.
-ასე აპირებ მაგ პირობის აღსრულებას? ჩემი სამსახურში ტარებით? შენ ნორმალური ხარ?
-ნენე, რატომ ჩხუბობ?
-იცი ცხოვრებაში რამდენჯერ მაქვს სულ ნაჩხუბარი, სანამ შენ შეგხვდებოდი? ერთი ხელის მტევანიც კი არ დაგჭირდება დასათვლელად! რატომ ხარ ასეთი თავდაჯერებული, რომ მე შენ გამო ამხელა რისკზე უსაყვედუროდ წავალ?!
-არანაირ რისკზე წასვლა შენ არ გიწევს.
-შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. -თვალები მიეხუჭა ნენეს, ბრაზს ვეღარ აკონტროლებდა.
საზურგეს მიეყრდნო და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა.
-ჩემთან ჩხუბს არ აქვს აზრი, -მშვიდად უთხრა და თვალი შეავლო სავარძელზე უღონოდ გაწოლილს.
-შენც გემუქრება ანუ საფრთხე... -ხმადაბლა ამოიბუტბუტა ნენემ.
-არა. -ღიმილმა გაუნათა სახე დადას, კმაყოფილება ვერ დამალა იმდენად ახლოს გაიარა ნენეს გაბრაზებულმა მზრუნველობამ მის გულთან. -მარტო იმას, ვინც ჩემთვის ჩემს თავზე ძვირფასია.
ტუჩები მაგრად დააჭირა ერთმანეთს ანდრონიკაშვილმა და ფანჯარაში გაიხედა.
განსაკუთრებით იმ შეგრძნებებზე ფიქრი არ უნდოდა, დადას სიტყვების წყალობით რომ აუჯანყდნენ საკუთარ გულსა და გონებაში.
მან ხომ დადას მფარველობის მიზეზების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი იცოდა. ისიც რომ გაეგო, ლომის წვლილი მის საფრთხეში აღმოჩენაში რიოს მიუძღვოდა, ასე ჩუმად ნამდვილად ვერ იჯდებოდა ნაკაშიძის მანქანაში.
ხერხემალში ჟრუანტელად უვლიდნენ დადას სიტყვები ყოველი გახსენებისას.
"მარტო იმას, ვინც ჩემთვის ჩემს თავზე ძვირფასია"....

ლილეს ერთი ბოდიში რიოს, რა თქმა უნდა, ცერცვაძეების სახლში ვერ მიაბრუნებდა დახმარების ისევ სათხოვნელად.
გაურკვევლობაში ჩავარდნილს ყველაზე უიმედო ადამიანი ეგონა საკუთარი თავი. აღარავინ შემორჩა ისეთი, ვისაც თავისი პრობლემების მოგვარებით თავი არ მოაბეზრა, ვისგანაც გულწრფელ რჩევა-დარიგებას მიიღებდა და ვინც ლაბირინთში დაკარგულს სწორ გზას მიასწავლიდა.
თავზე შემოეჭდო ხელები. ფიქრობდა. ფიქრობდა. ფიქრობდა. ვერც გამოსავალს პოულობდა და ვერც ფიქრის დასასრულს. ყველა გზას ბოლოს ერთ დასასრულამდე მიჰყავდა - უნდა ეჩხუბა და ნუცუბიძის ყურმოჭრილ მონად მოეხსენიებინა საკუთარი თავი.
ბრძოლა მალე დაიწყებოდა. გარედან უკვე აღწევდა ადამიანების ყიჟინისა და შეძახილების ხმა.
ფილტვების ჰაერით გავსებას ვეღარ გრძნობდა, იმდენად გუდავდა საკუთარი ფიქრები და აზრები.
ტელეფონი ამოიღო. ალბათ, ოცამდე გამოტოვებული ზარი ჰქონდა ნენესგან, ზოგიც ნინოსგან, ერთი კი - ლილესგან.
ყველაზე მეტად ბოლომ აუშალა ნერვები. ვერაფრით გაიგო, რატომ გადაეკიდა ცერცვაძე.
მალევე ეკრანზე მესიჯიც ამოხტა მისგან.
"სად ბრძანდები? ტატო სახლში იყო შენთან და არ დახვდი."
უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა, როგორც ჩანს ვერ დაიმოკლა ის გრძელი ენა მამიკოსთან და ყველაფერი ჩაუკაკლაო, გაიფიქრა.
"დეგენერატი ხარ, იცოდე, გავიგებ სადაც დაძვრები და მოვახსენებ მამაჩემს"
"რიო, კარგად ხარ? ტატო ნერვიულობს"
ერთმანეთის მიყოლებით მოუვიდა ბოლო ორი შეტყობინება და ოდნავ აეპრიხა ტუჩის ბოლოები.
"ტატო თუ შენ?" მისწერა სწრაფად და ფეხი ნერვიულად აათამაშა პასუხის მოლოდინში.
რამდენიმე წამით დააგვიანდა. ზუსტად იცოდა, როგორ ლანძღავდა ახლა ლილე, როგორ გაუწითლდა ლოყები და ტუჩები ბრაზისაგან...
"შხამის სანთხევი ენერგია თუ გაქვს, ანუ კარგად ყოფილხარ, იდიოტო"
"ამაღამ ნუ დაიძინებ, ენას არა, მაგრამ თმას ისევ შეგაჭრი და ფრთხილად"
"შენ მოდი და ვნახოთ, ვინ ვის დაემუქრება"
ხმამაღლა გადაიხარხარა მის მიწვევაზე, ათასი დამპლური წინადადება ერთდროულად მოაფიქრდა იმ წამს, მაგრამ აღარაფერი უთხრა.
"????" გაუგზავნა მხოლოდ და მაისური ტანიდან გადაიძრო.
ქამარში ჩამალული იარაღი გახდილ მაისურში გადაახვია და ფანჯრის კუთხეში მიმალა.
ხელები საგულდაგულოდ გადაიხვია ზონრებით და კიდევ ერთხელ გამოვიდა რინგიდან გამარჯვებული, ისევ სიხარულისა და სიამაყის გარეშე.
*
-საქმე მაქვს შენთან.
დემური უკვე მიტოვებულ ფაბრიკას ტოვებდა, დადას ხმა რომ გამოეყო უკუნ სიბნელეს და მის ყურამდეც მიაღწია.
ავად ჩაეცინა ნუცუბიძეს, თავი გადააქნია და მისკენ წამოვიდა მყარი ნაბიჯებით. საკუთარი თავი პირველად ემართლებოდა ამ კაცის წინაშე და ამიტომაც გაეშალა მხრები ასე მედიდურად. დადას თვალში სასაცილო იყო იგი მხოლოდ. სასაცილო და საცოდავი ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავს დის თვითმკვლელობაში საკუთარი დანაშაული დაავიწყა.
-ოხ, შარს დაეძებ, დადა? -ორივე ხელი ჯიბეებში ჩაილაგა დემურმა, ცივი სხივი გაუკრთა თვალებში.
-ხო, ეგ ხომ შენი მეორე სახელია.
-თვალებში როგორ მიყურებ?! -ხმა დაეძაბა ნუცუბიძეს.
-შენთვის თვალებში შემოხედვა მაშინ არ გამჭირვებია, შენი დის ამბავში დამნაშავეს რომ ეძებდი და ჩემკენ გამოიშვირე შენი ბინძური ხელები. ახლა რატომ უნდა გამიჭირდეს? შენ გგონია, არ ვიცოდი, ჩემს ჩაშვებას შენ რომ აპირებდი? რა არ გესიამოვნა, საკუთარი წესებით რომ გეთამაშე და მოგიგე?!
-ჩემს დას შენ ნუ ახსენებ! -ავად დაუფრიალა ცხვირწინ თითი. თავადაც გრძნობდა, რომ მისი მუქარა სასაცილოდაც არ ეყოფოდა ნაკაშიძეს, უბრალოდ ვიკას სულს სცემდა პატივს და ამიტომაც არ დასცინოდა გულღიად.
-შენ რომ კაცი იყო, შენი დის სახელის ხსენების უფლებას არც შენ მისცემდი საკუთარ თავს, მაგრამ რას ვიზამთ. გიმსუბუქებს ნამუსს იმაზე ფიქრი, რომ ვიკამ ჩემ გამო მოიკლა თავი?!
-შენ ის არასოდეს გყვარებია, -ჩურჩულით წარმოთქვა ნუცუბიძემ, ისეთი ტკივილიანი იყო მისი სიტყვები, დადას შეამცივნა.
მისთვის ნაცნობი, თუმცა დიდი ხნის წინ გავლილი იყო ის გზა, რასაც დემური გადიოდა ახლა. გზა, რომელსაც ადგებიან დამნაშავეები მიხვედრილ საკუთარ დანაშაულში.
-შენ რა იცი სიყვარულზე... -თავი გვერდზე გადახარა დადამ. ბრაზით ჰქონდა სავსე გული, თუმცა გარეგნულად არაფერს იმჩნევდა.
-შენ იცი, ხომ? ის გოგო... ნე-ნე... -გარკვევით წარმოთქვა ანდრონიკაშვილის სახელი, გამომწვევად და კარგად დააკვირდა, მიაღწევდა თუ არა სამიზნემდე მის მიერ გასროლილი შხამში ამოვლებული ისარი.
დადას ცივად გაეღიმა.
-საყვარელი რომ ვუწოდე, ძალიან არ გესიამოვნა. სამაგიეროს გადახდას დამპირდი და მერე უცებ მილიონიან ზარალს ზედ მიაყოლე ჩემი რამდენიმე პარტნიორი...
-აბა, რას ელოდი... ჭრილობა მალე მოგიშუშდებოდა, თან დიდად შენი სიფათის გალამაზების სურვილი არც მაქვს, დაკარგულ პარტნიორებს და ზარალს რთულად თუ აინაზღაურებს შენნაირი რეპუტაციის მქონე კაცი.
-რა საქმე გქონდა? -ჯიბეებში ჩაწყობილი ხელები მაგრად მომუშტა ნუცუბიძემ.
-ჩემს ჩაგდებას ტყუილად ნუ ცდილობ, ყველაფერი ვიცი და ყველაფერს შენამდე ვამჩნევ. ნუ მეჯიბრები... ხომ ხედავ, არც ისეთი ძლიერია შენი ჩალით ნაგები იმპერია, ერთი ასანთის ღერიც არ დამჭირდება, რომ გადაგწვა.
-გადაჭარბებული წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე. -ხელოვნურად გადაიხარხარა ნუცუბიძემ.
-არ გინდა ეს ფასადური თავდაჯერება, სანამ შენი მოგება მინუსებში გადადის და ფულს პატარა ბიჭების დაშინებით შოულობ. მე შენ შემოგატანინებ იმას, რაც გჭირდება, მივიღებ ჩემს წილს, მაგრამ შენ თავს დაანებებ ნენეს და მის ძმას.
-სულ ეს არის?! შენი სურვილი საყოველთაო მშვიდობისა და სამართლის დამყარებაზე იქ კმაყოფილდება, სადაც შენი შეყვარებული და მისი ძმა არიან უსაფრთხოდ?
-ყოჩაღ, გისწავლია გაკვეთილი. -ცივად დაუფასა შეყვარებულად გადაკეთებული ერთი სიტყვა, რომელიც ძალიან, ძალიან ძვირად დაუჯინა. -სმირნოვთან შემახვედრებ. შენს კავშირებს გამიყოფ.
-სმირნოვი რომ გენდობოდეს, მე ვერ დაგასწრებდი მასთან დამეგობრებას. ჩემი პრობლემა არ არის, თუ არავინ გენდობა საკუთარი თავის გარდა.
-მართალია, შენი პრობლემა ის არის, რომ შენც არავინ გენდობა საკუთარი თავის ჩათვლით. დიდი და ძალიან მკვეთრი განსხვავებაა მეგობრობასა და მორჩილებას შორის, თუ ხვდები, აბა...
-დემაგოგი ხარ. -ცივად წაუსისინა დემურმა, ინერტულად გადადგა წინ ნაბიჯი, თუმცა თავის შეკავება მაინც მოახერხა.
-მეგობარმა იცის, რომ ურთიერთობა თანასწორობასა და ნდობაზე დგას, მორჩილი თანასწორუფლებიან მეგობრობაზე მხოლოდ ოცნებობს... ნდობას მაშინვე კარგავს, როგორც კი იმაზე მეტს მოინდომებს, ვიდრე მისგან ითხოვენ. შენ რომ სმირნოვი გიღიმის, ხომ არ გგონია მოსწონხარ და ამიტომ, არა.... შენი ლაქუცი და მორჩილება სიამოვნებს. ამასობაში შენ ყელამდე ლაფში ხარ. შემახვედრე სმირნოვს და მე დაგეხმარები.
-რომ გგონია შენი დახმარება მჭირდება...
-გჭირდება, მე შენ კარგად გიცნობ. ჩვენი მეგობრობა შენ ვერ დააფასე, თორემ მე არასდროს მიღალატია შენთვის. სამწუხაროა, რომ ამის დანახვა არ გინდა. სმირნოვთან თუ დამაკავშირებ, იმ ტიპს გაპოვნინებ, რომელიც ვიკას ნარკოტიკებს აწვდიდა, როცა გადამალული გყავდა. მაგრამ წინასწარ გაფრთხილებ, ვიღაც შენიანია, შენ კი ყოველთვის გარეთ ეძებდი...
დემურთან ერთად აშრიალებულმა ხეებმაც შეიკრეს თითქოს სუნთქვა. თვალები შეკავებული ცრემლებისგან ჩაუწითლდა.
-შენ რამე იცი?! რამე იცოდი და ამდენი ხანი მიყურებდი ენაგადმოგდებული როგორ ვეძებდი ჩემი დის მკვლელს, ბიჭო?! -დაჭრილი დათვივით ღრიალებდა ნუცუბიძე.
აღარ ედარდებოდა მისი ცრემლების მოწმე თვალები. იმ წამს მისთვის სამყაროს სიცარიელეში სანთელივით აინთო სამართლის პოვნის ტყუილი, გაუფერულებული იმედი.
-შენი და მე რომ ფსიქოლოგთან და ნარკოლოგთან დამყავდა, სახლში მოსულს შენ ნარკოტიკებს ცხვირწინ უფრიალებდი. იმდენსაც ვერ ხვდებოდი, რა გზას გადიოდა.... არ გინდოდა სიმართლის დანახვა და შენმა სიბრმავემ სადამდეც მიგიყვანა, ორივე კარგად ვხედავთ. მე რომ ვიკას მკვლელი მეპოვა, შენ დაგიცდიდი გგონია, როდის მოხვიდოდი აზრზე?!
-შენ ის არასდროს გყვარებია! სულ გრძნობდა ამას, ნარკოტიკების მიღებაც შენს გასაბრაზებლად დაიწყო, შენი ყურადღება რომ მიექცია! შენ კიდევ ხან სად დაბოდიალობდი და ხან სად, ორ თვეში ერთელ თუ ინახულებდი ეგ გეგონა...
-ისევ წრეზე თუ აპირებ ტრიალს, მე წავალ. ეს მონოლოგი მილიონჯერ მაქვს მოსმენილი და უკვე მაგრად მეზარება ერთი და იგივეს მტკიცება. მიყვარდა ისე, როგორც ვიცოდი და შემეძლო სიყვარული და როგორც მიპასუხეს ჩემს გრძნობებზე, კარგად დაინახე. ვიკას ჩემგან ყურადღება არ მოკლებია, ისიც კარგად იცოდა თავიდანვე, როგორ იყო ჩემი ცხოვრება გამოკიდებული მოსკოვსა და თბილისს შორის. მარტივია სხვაზე ხელების შეწმენდა, ბიჭო? კარგად დაფიქრდი ჩემს წინადადებაზე, -აწეული ხმა დაიმშვიდა ბოლოს.
-იცოდე, იმ გოგოს გაგიმწარებ...
-მოგკლავ, თუ ნენეს გამწარებაზე ხმამაღლა სიტყვა დაგცდება კი არა, გულში მაინც გაივლებ კიდევ ერთხელ. იცოდე, მოგკლავ. -ჩურჩულით წარმოთქვა დადამ, თუმცა ისე ახლოს იდგნენ ერთმანეთთან ერთმანეთზე გადაკიდებული მტრების სხეულები, რომ დემურმა ყველაფერი ძალიან კარგად გაიგო.
უთქმელიც თვალნათლივ დაინახა დადას ჩაბნელებულ თვალებში - იცოდა, იყო ამსრულებელი ყველაფრის.
მაინც ვერ პატიობდა საკუთარ თავს, მასზე უკეთესი კაცი რომ ვერ გახდა.
უკან უსიტყვოდ გაბრუნდა დემურ ნუცუბიძე. თან გაიყოლა ძნელად საზიდავი ცოდვა, რომელიც მის გულს არ მოშორდებოდა არასდროს - თავისი დის შეჭრილი ფრთები... ჭრილობას ისევ სდიოდა სისხლი, მას კი საკუთარ სისხლში ჰქონდა გასვრილი ხელები.

დადამ წასვლა დააცადა ნუცუბიძეს, შემდეგ თავადაც დაადგა იმ გზას, ამ სიბინძურიდან ლამპიონებით აციმციმებულ ქალაქში რომ აბრუნებდა.
წარბებშეკრულმა მიანათა ფარები ქუჩის კუთხეში შეჯგუფებულ ახალგაზრდებს, სანამ მთავარ გზაზე გადავიდოდა და ხმადაბლა შეიკურთხა, რიოს ნაცნობმა თვალებმა რომ აირეკლეს სინათლე.
ყველა ერთიანად მობრუნდა მისკენ, შემდეგ კი სახეებგამოაშკარავებულები დაფთებულები მოსცილდნენ იქაურობას. ადგილზე მხოლოდ რიო დარჩა გახეთქილი ტუჩითა და ხელში იარაღით.
მაშინვე გადმოვიდა დადა მანქანიდან და წარბშეკრული დაუდგა წინ ანდრონიკაშვილს.
ოდესმე ვაჟიშვილი თუ ეყოლებოდა, საკმარისი გამოცდილება უკვე დააგროვა ამ ბიჭის წყალობით და იმედი ჰქონდა, იგივე გზის გავლა აღარ მოუწევდა.
-მომეცი ეგ, -იარაღისკენ ანიშნა და იმანაც უსიტყვოდ გამოუწოდა. -ჩვენ რაზე შევთანხმდით?
-არაფერზე. ჩვენ არაფერზე შევთანხმებულვართ.
-ნუცუბიძის ხალხი იყო. ფულის წართმევა უნდოდათ.
-არ გავატანე. -კბილებში გამოსცრა გამწარებულმა, სიმწრისგან ჩაწითლებოდა თვალები, -აღარ მჭირდება, მაგრამ იმას… იმას მაინც არ გავასულელებინებ თავს!
-რომ არ მოვსულიყავი რას აპირებდი, ამით ამოხოცავდი ყველას?! -ხელში ააფრიალა იარაღი, იმდენად გამყინავი ჰქონდა ხმა, რიოს შეაჟრჟოლა. -შენს დას, იცი, რა მოუვა, შენ თუ ასე მოქცევას განაგრძობ?
-შენ ჩემს დას არ იცნობ, -გვერდულად გადახედა რიომ, შეწუხებულმა მოიწმინდა გახეთქილი ტუჩიდან წამოსული სისხლი და იქვე ჩამოჯდა ბორდიულზე. -არც ეგეთი დაუცველია, როგორიც ჩანს...
დადამ თავისთვის ჩაიცინა და ზემოდან შეავლო ბიჭს თვალი.
-წამოდი, გაგიყვან სახლამდე.
-ფეხით წავალ.
-წამოდი, წამოდი... -მანქანის კარი გააღო დადამ და რიოსაც აღარ გაუწევია წინააღმდეგობა. -ეგ იარაღი ვისია?
-ნენესი... -ჩაიდუდღუნა თავისთვის და ბოლომდე ჩამოსწია ფანჯარა.
დადას გაოგნებულ სახეს თავისი "ხომ გეუბნებოდი" მზერა შეაგება რიომ. ორი წამი დასჭირდა ნაკაშიძეს გონზე მოსასვლელად, მერე თავი სიცილით გააქნია და დაძრა მანქანა.
-მოპარე?
-ავიღე, რომ მივალ დავუბრუნებ.
-უკითხავად აიღე, ანუ მოიპარე. მისი იარაღით რომ გესროლა… საერთოდ სროლა მაინც თუ იცი? -წარბები შეყარა დადამ და კარგად დააკვირდა რიოს პროფილს.
ხმას არ იღებდა.
ღრმად შეისუნთქა ჰაერი და საჭეზე თითები აათამაშა.
-ადამიანის მოკვლაზე შენი სულელური სიამაყის გამო მეორედ აღარც იფიქრო. -მკაცრად გააჟღერა ნაკაშიძემ. რიო უხერხულად შეიშმუშნა. -აქ აღარ მოხვიდე მეორედ და ეგ ფულიც ამ მანქანაში დატოვე.
-რატომ?
-რა იყო, შენი ფულია და არ გეთმობა? -გამჭოლი მზერით მოთვალიერა რიოს გაკვირვებული, ოდნავ გაბრაზებული სახე. -ეს ფული თავის პატრონს დაუბრუნდება. წესი ასეთია. გასვლის უნდა გადაიხადო.
-არ შემეშვება.
-შეგეშვება. -მტკიცე ჰქონდა ხმა დადას.
-შენ სთხოვ?!
-მე არაფერს ვთხოვ. ფულს უკან დაუბრუნებ, ეტყვი, რომ ისედაც აპირებდი, ამიტომაც არ გაატანე იმათ, ვინც მოგიგზავნა. დაიცავი შენი დამსახურებული და არა მისი მოცემული. ასე მეტი ფასი დაადე ამ ფულის მოგებასაც და მის უკან დაბრუნებასაც. ხომ გაიგე?
-დამემუქრა. ნენეს შეეხო. -მსუბუქად მოახსენა დემურის მუქარა, თან ცალი თვალით დააკვირდა მის რეაქციას, უნდოდა დარწმუნებულიყო საკუთარ ეჭვებში.
-შენ მიეცი უფლება, არ ელოდი? -პირდაპირი და გამკიცხველი იყო მისი ტონი.
ღრმა ჭრილობა მიაყენა რიოს ახალგაზრდულ და ჩამოუყალიბებელ სიამაყეს.
-ისიც მითხრა, რომ შენთან ფრთხილად ვყოფილიყავი. თორემ ჩემს დასაც იგივეს დამართებდი, რაც მისას გაუკეთე.
-მერე? ხარ ფრთხილად ჩემთან? -გამომწვევად ჰკითხა.
რიოს არ ესიამოვნა. ეგონა, რამის მტკიცებას და საკუთარი სიმართლის დაჯერებას დაუწყებდა, მას კი თითქოს სულაც არ ადარდება იმ კაცის სიტყვები.
-ჩემთვის არ მოგიცია მიზეზი, რომ არ გენდობოდე. პირიქით.
-აბა, რატომ გაქვს ასეთი ხმა?
-ჩემს დაზე ვდარდობ. არ ვიცი, იმ კაცის დას რა დაემართა, მაგრამ ნენეს რომ ვინმე შეეხოს… ის არ არის მიჩვეული ასეთებს, -დადას გაუაზრებლად მოეჭიმა მთელი სხეული. არ იტყობდა, მაგრამ ღრმად აღწევდა მის გულ-მკერდში რიოს გულწრფელად ნათქვამი სიტყვები და იქ ისეთ სიმებს ურხევდა, რასაც აქამდე არავინ შეხებია. -მშვიდი და გაწონასწორებულია, მას ხმამაღლაც კი არ დალაპარაკებია არავინ, ყვირილი ხომ გამორიცხულია საერთოდ… იმიტომ რომ ყოველთვის იცის, როგორ მოიქცეს, გულს არავის ატკენს… რომ ვფიქრობ ვინმეს მისთვის ტკივილის მიყენება ისე შეუძლია, რომ მან არც კი იცოდეს, რატომ ექცევიან ასე, ჭკუიდან ვიშლები…. მიზეზზე ფიქრიც არ მინდა, იმიტომ რომ ვიცი ჩემ გამო… ჩემ გამოა ასეთ საფრთხეში და მე ვერ ვშველი.
-პატარა აღარ ხარ, -ხმა ჩაიწმინდა დადამ, ისეთი მოუდრეკელი ჰქონდა ბგერები და გამოხედვა, რიოსთვის მაშინვე იქცა იმედად და საყრდენად. კარგად დაცქვიტა ყურები, თითქოს ერთი ბგერის გამოტოვებაც არ სურდა უყურადღებოდ, -შენც ხვდები, რომ შენს დამდე არავის მივუშვებ. არც შენამდე… მაგრამ თუ შეგატყობ ასეთ სულელურ თავქარიანობას, იცოდე, მწარე იქნება ჩემი სამაგიერო.
-მინდა ჩემი მფარველობაც საკმარისი იყოს ნენესთვის. -საკუთარ გადაყვლეფილ ხელებს დარდიანად დახედა.
ამ კაცის წინაშე თავისი ყველა შიში გააშიშვლა და თავი შერცხვენილად არ უგრძვნია. პირიქით, თითქოს ის იპოვა, ვისაც ეძებდა.
გზაზე დამყენებელი.
მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ანგელოზობისგან შორს იდგა დადა ნაკაშიძე, იმ წამს მხოლოდ მის მფარველობას გრძნობდა და ესეც საკმარისი იყო, რომ უზარმაზარი ტვირთით მუხლებაკანკალებული გასწორებულიყო და სიარული ესწავლა.
-არაა აუცილებელი საკუთარ თავს იმაზე მეტი მოსთხოვო, ვიდრე შეგიძლია. შენ ერთი ხარ, გამოუცდელი და ბავშვი იმხელა კაცების წინაშე. სირცხვილი არ არის, თუ მხრები არ გყოფნის დის დასაცავად. უბრალოდ, უარეს შარში ნუღა გახვევ. ჩემს ბიძაშვილს და მის ცოლისძმას პატარა ბიზნესი აქვთ, რეკომენდაციას გაგიწევ. ჩემთანაც დაგაწყებინებდი, მაგრამ შენი და აიჭრება და ნაღმზე სიარული არ მეხალისება ახლა.
-კარგი. -წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
დადას რაღაც ძალა ჰქონდა ისეთი მაგნიტური, რომ წინააღმგდეგობის გაწევის სურვილსაც კი უკარგავდა ადამიანს.
ნენესთან დადას ურთიერთობაზე ხმას არც ერთი იღებდა, თითქოს ამაზე უსიტყვოდ შეთანხმდნენ.
-იარაღს მე დავუბრუნებ.
-დაუბრუნებ თუ ჩუმად დადებ უკან?!
-მეორედ აღარ ავიღებ. გპირდები. არც მე მეხალისება ნაღმზე სიარული, რომ გაიგოს მოვპარე, შუბლში ტყვიას არ ამაცილებს.
-რაში სჭირდება?
-არაფერში. უბრალოდ გამოცდების ჩაბარება და ლიცენზიების აღება უყვარს. ყველა კატეგორიის მართვის მოწმობა აქვს, ისეთი პროფესია მაქვს შეიძლევა დამჭირდესო, იძახის…
მძიმე, ჩაფიქრებული სიჩუმე ჩამოწვა მანქანაში.
სახლში მანამ არ ასულა, სანამ დადაც არ ამოუდგა გვერდით. უხმოდვე აიარეს კიბეები და ვიდრე საკუთარი სახლის კარს შეაღებდა, დადამ მოპარული იარაღი დაუბრუნა.
თავის დაკვრით დაემშვიდობნენ ერთმანეთს და თავიანთი სახლების თბილ სიღრმეებს შეერივნენ.
ცოტა ხნით ყველაფერი ისევ მშვიდ და აუღელვებელ რიტმს დაუბრუნდა. ლიკაც ბედნიერი დაბრუნდა სამსახურში და მთელი ძალითა და ენერგიით შეუტიეს თავზე დაყრილ საქმეს, რომელსაც მხოლოდ ნენე ვეღარ ართმევდა თავს.
გაბრაზებული ამოწმებდა ხოლმე ნენე ფანჯრიდან დადას მოგზავნილ დაცვას და უფრო მეტად ეშლებოდა ნერვები, წინააღმდეგობას რომ ვერაფრით უწევდა ამ კაცს.
თავად დადა რამდენიმე დღით აღარ გამოჩენილა მის ცხოვრებაში, არც დაურეკავს და არც აივანზე გამოსულა. საკუთარი თავი მის ძიებაში რომ გამოიჭირა ნენემ, გადაწყვიტა, რომ როდესაც ნაკაშიძე თავად მოინდომებდა მასთან დაკავშირებას, ხმასაც აღარ გასცემდა.
ლანასთანაც დალაგდა ურთიერთობა. თითქმის ყოველ საღამოს სტუმრობდა ხოლმე ცერცვაძე მეგობარს და გამოძიებაზე ახალ-ახალ ამბებს ისე უკაკლავდა ნენეს, თითქოს ანდრონიკაშვილი გამოხატავდა გადამეტებულ ყურადღებას. არადა, გოგონას ერთხელაც არ უკითხავს, თუ როგორ მიედინებოდა გამოძიების კალაპოტიდან ამოვარდნილი მდინარე.
შაბათს გვიანობამდე არ ამდგარა ნენე საწოლიდან, არადა, ალიონის ფრინველივით ყოველთვის ყველაზე პირველი წამოფრინდებოდა ხოლმე.
როცა რიო მიხვდა, რომ თავის დას საწოლიდან ადგომა დაასწრო, ნინოს მაშინვე შეუკვეთა თავისი საფირმო ბლინები, არაჟნის ამოსატანადაც კი თავად ჩავიდა მაღაზიაში.
-ბებია, ცუდად ხო არაა შენი და?! -ნინოც უცნაურად გრძნობდა თავს.
-მე ვიცი მაგისი ცუდად ყოფნა, -ვითომ ძალიან იყო გაბრაზებული იმ მიზეზზე, ვის გამოც ქალბატონი ნენე საწოლში კოტრიალობდა. -გეტყვი, ოღონდ არავის არ უთხრა, ნინჩო.
-შენ მასხრად ნუ მიგდებ მე!
-კაი, ბებო, რა ძველმოდურად მიხურებ. -ჭაღარა თმა აუჩეჩა ქალს და იქვე ჩამოჯდა მაგიდაზე.
-ჰა, თქვი ახლა რა აწუხებს.... -ხმას დაუწია ნინომ, არ უნდოდა უფროს შვილიშვილს ზურგსუკან ჭორაობაში რომ გამოეჭირა.
-ჩვენი მეზობელი აწუხებს. ის ვაჟბატონი, -თავი ნაკაშიძეების ბინისკენ აიქნია.
ნინომ დამჭკნარი ხელი ტუჩებზე აიფარა და ისე გაიხედა იმ მიმართულებით, საითაც რიომ მიანიშნა, თითქოს დადას დანახვას შეძლებდა.
-აწუხებს რას ჰქვია... ის ბიჭი ისეთი ზრდილობიანია, კარგი ოჯახის შვილი...
-ეგრე არა, ნინჩო, აამუშავე ცოტა ფანტაზია, რა გჭირს? გაუმიჯნურდა ეს იმ ვაჟბატონს.
-დედა! -ლოყებზე იტკუცა ნინომ ხელები, -მერე მე რატომ არ მითხრა?!
-მე რა ვიცი, აბა... -მხრები უდარდელად აიჩეჩა რიომ, მერე კი ხელი პოეტურად შემართა ჰაერში, -"ხამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს"...
-ნუ ბოდავ, წესიერად ამიხსენი და მელაპარაკე!
-ნინო, შოთასთვის ეგრე რო ეთქვა თამარს თავის დროზე, ამხელა პოემას დაწერდა, შენი აზრით?! ცოტა პატივი მიაგე ჩვენს კულტურულ საგანძურს, არ გრცხვენია ამხელა ქალს?
-წადი დაელაპარაკე შენს დას, სანამ ამ ჩოგნით მიცემიხარ! -ღომის ჩოგანი მოუღერა გაწბილებულმა მოხუცმა შვილიშვილს.
-ამ ოჯახში საყვარელი შვილიშვილი მე რომ არ ვიყავი, როდის მივხვდი იცი?! მე რომ ილარიონი დამარქვით და იმას ნენე! ახლა უბრალოდ ვრწმუნდები, რომ არ შევმცდარვარ, -დრამატულად წარმოთქვა რიომ და ფეხის თრევით წალასლასდა თავისი დის ოთახისკენ.
-გამობრძანდით, უელსის პრინცესავ, მზადაა ბლინები. -თავი შემოყო ოთახში რიომ და ეჭვის თვალით შეათვალიერა საწოლზე ზურგშექცევით წამოწოლილი და.
-არ მშია. -დაილაპარაკა ძლივს გასაგონად ნენემ.
-რა იყო, რა მოხდა ისეთი, შენ რომ მადა დაგეკარგა? -გახუმრება სცადა და მთელი ტანით შემოძვრა ოთახში. ზურგს უკან მიიხურა კარი და უხერხულად აიტუზა. ძალიან არ უნდოდა თავად ყოფილიყო ნენეს მოწყენილობის მიზეზი.
-პონჩიკ, გამეცი ხმა. -საწოლზე ჩამოუჯდა რიომ და მსუბუქად უჩქმიტა, გააწვალა როგორც ბავშვობაში.
-დადა, დამანებე თავი! -წამოსცდა გამწარებულს და უფრო მეტად მოიკუნტა.
თავადაც გვიან მიხვდა, რა წამოაყრანტალა და გადმოცვენამდე დაქაჩა თვალები. არ გარყეულა, იქნებ ვერ გაიგოო, დააიმედა თავი.
მაგრამ იმას რა გამორჩებოდა?!
ჰაერში გაუშეშდა რიოს საჩქმეტად გაწეული ხელი.
-რა დამიძახე?
-არაფერი, რა დაგიძახე? შენ რატომ დამიძახე პონჩიკა? არ მინდა ეს ბლინები, ნუ მაწუხებ! -აუყვირდა თავდასხმაზე გადასული და საწოლზე წამოჯდა.
-კაი, რა იყო… -შეშინებულმა დაიხია უკან, ნენე იშვიათად ბრაზობდა და თუ ბრაზობდა, რიო მაშინვე ერიდებოდა. -იმას ვკითხავ მაშინ.
-ვის იმას? ვის იმას?! -ლამის ზურგზე შემოახტა კარისკენ წასულს.
-ნუ გამწყვიტე წელში, გოგო! ვის და იმას, ვის სახელსაც გაბოდებს.
-არავის არ მაბოდებს, უბრალოდ წამომცდა! -დაიმორცხვა უცებ და უკან დაიხია. გულზე გადაიჯვარედინა ხელები და თვალები მოაცილა ლოყებაწითლებულმა.
-რატო, იმაზე ფიქრობდი და მე შეგრჩი ხელში?
-რიო, რა გინდა?!
-ოხ, გცოდნია ჩემი სახელი. კიდე კაი. რა იყო, იმდენად ახლო ურთიერთობა გაქვთ, რომ გაგაბრაზა? -მაინც არ მოეშვა. -გინდა გადავიდე და გავუიასნო, რომ ჩემი დის ნერვების განადგურება მარტო ჩემი პრივილეგიაა?!
-მაგ კაცის სახელი არ მიხსენო.
-ღმერთო დიდებულო, -ცაში უღონოდ აღმართა რიომ ხელები.
-არც შენ გაეკარო. არ მიუახლოვდე. ნუცუბიძეებსაც ჩამოშორდი. იქ მისული არ დაგინახო, თორემ ხომ იცი, რაც მოგივა?!
-დამაჭედებ ტყვიას? ვიცი, ხო, მიზანში კარგად რო ისვრი, არაა საჭირო ყველაფერი რომ წამომაძახო, რაც ჩემზე უკეთესად გამოგდის. წამოდი ახლა, თორე მე მომხვდება შენ მაგივრად ნინჩოსგან. -ძალით გაიყვანა რიომ თავისი და ოთახიდან და საუზმობის დროს აწეული წარბით და დაუფარავი ეჭვით ათვალიერებდა.
-რაო ლილემ? -მზაკვრულად ჰკითხა ნენემ.
რიოსაც წამიერად შეეცვალა გამომეტყველება და უკმაყოფილოდ აატრიალა თვალები.
-მე რა ვიცი, -მხრები უდარდელად აიჩეჩა, -რას მეკითხები?!
-ტყუილად მოგაკითხა, აბა, მაშინ და შენც ტყუილად ალოდინე იმდენ ხანს?! -მისკენ გადაიხარა ნენე და ჩურჩულით ჰკითხა, ეშმაკური ღიმილით მიანიშნა, რომ მე ვერ გამომაპარებ ვერაფერსო. -ბებომ ყველაფერი მომიყვა.
-იმ გატუტუცებულ გოგოს ნუ ახსენებ ჩემთან და ნურც ისე მიყურებ, თითქოს რამე უნდა დამტყუო!
ტატოს ხსენებისას უცნაურად დაიძაბა უმცროსი ანდრონიკაშვილი და ნენესაც ვეღარ გაუსწორა თვალები. ტატოს ვერასოდეს გადაახტებოდა, ვერასოდეს იქნებოდა იმდენად ქედმაღალი, რომ ამ კაცის პატივისცემა და რიდი დაევიწყებინა. უეცრად იმხელა და იმსისქე კედელი აღიმართა რიოსა და ლილეს შორის, რომ ხასიათი წაუხდა ანდრონიკაშვილს.
-მოგწონს? -ინტრიგნულად ჰკითხა ნენემ.
-არა.
-მოგწონს.
-არა-მეთქი, -გაღიზიანებულმა დაუბრუნა პასუხი ხმამაღლა და გარკვევით. -შენ ძალიან გინდა იმაზე ლაპარაკი ვის ვინ მოსწონს?! მეც მაქვს კითხვები, მზად ხარ პასუხის გასაცემად?! გგონია, ვერ ვამჩნევ როგორ გიჟუჟუნებს თვალებს ნაკაშიძე? აივანზეც ცოტა ხმადაბლა ილაპარაკეთ, თორემ გაიგო მთელმა უბანმა თქვენი საიდუმლო ვერშემდგარი რომანის ტრაგიკული ამბავი. ჰა, კარგია? გავაგრძელო? ჭამე ახლა ეგ ბლინები და შენი ხმა არ გავიგო არც აქ და არც აივანზე ღამღამობით!
თვალებდაქაჩულმა გამოიტენა პირი ნინოს ნაქები ბლინებით და მღელვარებით გულატკივებულმა გააყოლა თვალი სახლიდან გაცხარებით გავარდნილ თავის ძმას.
-რა ეტაკა ამ ბიჭს, ბებია?
უხმოდ აიჩეჩა ნენემ მხრები. ძალიან შერცხვა თავისი ძმის, თურმე ყველაფერს რომ ამჩნევდა.
-მემგონი, ლილე შეუყვარდა, ჩვენი ტატოს გოგო… -თავისთვის ჩაილაპარაკა მოხუცმა და მოჭუტული თვალებით გადმოხედა უფროს შვილიშვილს, მერე რაღაცნაირად ნაღვლიანად გააქნია თავი, -მარა.. ნამეტანი შარიანი ბავშვია, ცერცვაძეები კიდე… რა ვიცი, რა ვიცი… არამგონია ტატოს მოეწონოს ეგ ამბავი.
-ბავშვები არიან, ბებო, კარგი რა…
-ეხ, ბავშვობიდან იწყება ყველაფერი, ბებია… ეს ბიჭი გონს თუ არ მოვიდა, მერე დატანჯავს ახლა წამოკრული ფეხით გატეხილი ცხვირი! ამისთანას ვინ გამოატნევს გოგოს, თავისი თავისთვის ვერ მოუვლია…
უხასიათოდ აწკარუნებდა ნენე წყლიან ჭიქაში ჩაყრულ ყინულებს. ერთი-ორჯერ გამოხედა ნინომ მოხუცისათვის მახასიათებელი ჭკვიანური და ყოვლისმცოდნე თვალებით, ჩაიღიმებდა მერე თავისთვის და განაგრძობდა გულჩათხრობილ ბუტბუტს, ახალგაზრდები რომ ვერასოდეს იგებენ და არასოდეს ესმით, ისეთს.
შაბათობით მანჩოს ელაპარაკებოდა ხოლმე ნენე. მათ ოჯახში დაწესებულ სხვა დაუწერელ კანონებთან ერთად შაბათი დღე დედის დღე იყო. ყველაზე დიდხანს და ყველაზე მეტს მაშინ ჭორაობდნენ ხოლმე დედები და შვილები. მთელი კვირის ამბებს დეტალურად აცნობდნენ ერთმანეთს და ასე ცდილობდნენ ათასობით კილომეტრებს შორის ოჯახური იდილია უიარაღო ჯარისკაცებივით ჩაეყენებინათ...
-რაც ის საქმე დაიწყე, არ მომწონხარ. -მშვიდად გაუზიარა თავისი სადარდელი მანჩომ ქალიშვილს.
ნინომ ისე მოაჩვენა თავი, თითქოს მათი ლაპარაკი არ ესმოდა. ისედაც სოფლისკენ ეჭირა მოხუცს თვალი ამ თაკარა სიცხეებში, მაგრამ რაღაც უხილავ შარში გახვეულ შვილიშვილებს ვერაფრით ელეოდა.
-დავანებე მაგ საქმეს თავი, დე. მაინც არ გამომდიოდა.
-არ გამოგდიოდა კი არა, არც გინდოდა. ლანას ვერ გაუტეხე ხათრი, -ოდნავი საყვედური მაინც შეეპარა მანჩოს ხმას. -მარტო სიყვარულით ნაკეთებ საქმეს აქვს, შვილო, შედეგი. პროფესიაში კი არა, ზოგადად ასეა ეს. რასაც გააკეთებ, მხოლოდ სიყვარულით გააკეთე. სხვა არაფრით, იცოდე, ხათრი უბედურია. ხათრით ნაკეთები საქმე, იცი, რას ჰგავს? სხვის ეზოში ვარდს თესავდე და შენთვის მარტო ეკლის ნერგებს იტოვებდე.
-მართალს გეუბნება დედაშენი, -დაუყვავა ნინომაც და ამაყად გააგრძელა ვინ იცის მერამდენე მაგიდის გადასაფარებლის ქსოვა...
*
-ვა, ვისთვისაა, თემო? -გაოცებით წამოიძახა ლიკამ, დაცვამ რომ ვარდისფერი ტიტების უზარმაზარი თაიგული შემოათრია მათ ოთახში.
-ნენესთვის.
გაოცებულ გოგონას ფრთხილად დაუდო თაიგული სამუშაო მაგიდაზე და სწრაფი ნაბიჯებით გაბრუნდა.
ნენემ ჯერ ყვავილებს დახედა აზიდული წარბებით, შემდეგ ყბაჩამოვარდნილ ლიკას.
ორივეს გონებაში ერთი ადამიანის სახელმა გაიელვა, თუმცა ისიც კარგად იცოდა ორივემ, არასწორ კაცზე რომ მიიტანეს ეჭვი.
-ოპა, -გაოცებით ჩაილაპარაკა წერეთელმა და თვალებით ბარათისკენ მიანიშნა, -მიდი გაიგე, ვის პანაშვიდზე მოგვიწევს ამ ტიტების გადამისამართება… ლამაზი კია, ისე.
დაამატა დანანებით.
-რა პანაშვიდი, გაგიჟდი?! -თავადაც ვერ მიხვდა ნენე, რატომ აუკანკალდა ხელები, სანამ ბარათს დახედავდა.
"მადლობის ნიშნად,
ალექსანდრე"
მეტისმეტად დაინტერესებულ ლიკას უინტერესოდ გაუწოდა ბარათი და გაბრაზებული ჩამოჯდა თავის სკამზე.
გულის სიღრმეში ძალიან უნდოდა დაეჯერებინა, რომ დადასგან იქნებოდა, რომ დაცვის დაყენების გარდა სხვა ფორმითაც სცადა მისთვის თავის შეხსენება და ყურადღების გამოხატვა. მიუხედავად იმისა, რომ ნაკაშიძის ბუნებისა და ხასიათისთვის ყვავილების სხვისი ხელით გაგზავნა შეუფერებელი საქციელი იქნებოდა, გული მაინც ძალიან დასწყდა.
-დადასგან გეგონა... -გაეღიმა ლიკას და ბარათი ყვავილებში დააბრუნა.
-არაფერი მეგონა. ალექსანდრესთან შეხვედრაზე დღეს არ შემოვალ, ჩემი მხრიდან ყველაფერი მზადაა და შენ მოაწერინე ხელი.
-კარგი.
-ნუ იცინი... -უარესად გაბრაზდა ლიკას სახეზე ათამაშებული ეშმაკური ღიმილი რომ დაინახა, -დადასგან რატომ უნდა მგონებოდა?!
-ეგ მარტო თქვენ იცით.
-არაფერი ვიცი, სიმართლე თუ გინდა. შენი დეიდაშვილი ვიღაც კრიმინალებს მახეებს უგებს და ამის გამო მეც შარში ვარ გამოხვეული, ერთი კვირაა მისი დაყენებული დაცვა დამყვება. ყვავილების გამომგზავნი რომ არაა ამის გამკეთებელი ადამიანი, მგონი, აშკარაა, ხო?!
-მე საერთოდ სხვა რამის თქმა მინდოდა, ქალბატონო ნენე. -მშვიდად გაუღიმა ლიკამ. თითქოს მისთვის სავსებით გასაგები იყო ნენეს ბრაზშერეული და იმედგაცრუებული რეაქცია. -მისგან არ ელოდი, მაგრამ მაინც გინდოდა ის ყოფილიყო. ამიტომაც გწყდება გული.
-ვაიმე, თავი გამანებე! -მახეში გაბმული ჩიტივით აფართხალდა. -ან ეს რა კულტურაა?! ვინ უგზავნის სამსახურში გოგოს ყვავილებს?!
-დაიკიდე, ახლა შეხვედრაზე რომ არ შემოხვალ, მიხვდება, რომ არასწორ ადამიანთან მოინდომა წაფლირტავება.
-გადასაყრელად მენანება... -დანანებით დახედა თაიგულს ნენემ და ტიტის ვარდისფერ ფურცლებს ნაზად წაეთამაშა, -ლამაზია, თან მიყვარს ტიტები. სადმე ლარნაკი არ გვაქვს?!
ნენესთვის გამოგზავნილმა ყვავილების თაიგულმა ჟურნალების მაგიდაზე დაიდო ბინა.
ლიკა ალექსანდრესთან მარტო წავიდა შესახვედრად.
ანდრონიკაშვილი ისე უთვალთვალებდა თავის დაცვას, თითქოს მოვალეობები გაცვალეს და იქეთ დარაჯობდა ნაკაშიძის დაყენებულ დამქაშს.
ის ისევ იქ იდგა. ჯიუტად ასრულებდა თავის მოვალეობას და წამითაც არ იცვლიდა ფეხს ადგილიდან აგვისტოს თაკარა სიცხეში.
მოულოდნელად რომ შემოაღეს კარი, ადგილზე შეხტა ჩაფიქრებული და ხელით გადაწეული ფარდა მაშინვე ჩამოაფარა ფანჯარას.
-აქ ვარ, ტყუილად მითვალთვალებ ფანჯრიდან.
ნაცნობი ხმის გაგონებისას უცნობმა ჟრუანტელმა დაუარა ნენეს ხერხემალში. ლარივით დაეჭიმა სხეული იმით დაძაბულს, რომ როგორმე თავისი გრძნობები მეტისმეტად შესამჩნევი არ ყოფილიყო იმ კაცისთვის, თავხედურად რომ უღიმოდა.
-შენ არ გითვალთვალებდი. -მშვიდად გაუღიმა ნენემ, უცხო თვალი ვერაფრით მიხვდებოდა, რომ გულწრფელი არ იყო.
დადას უფრო ფართოდ გაეღიმა და აწეული წარბით დახედა ჯერ მაგიდაზე თავმომწონედ გადაფურჩქნულ თაიგულს, შემდეგ შიგნით ჩადებულ ბარათს, გადაგდება რომ დავიწყებოდა ნენეს.
მშვიდად გააყოლა მის ბარათისკენ წაღებულ ხელს თვალი ანდრონიკაშვილმა, ძალიან აინტერესებდა, რა რეაქცია ექნებოდა ალექსანდრეს სახელს რომ ამოიკითხავდა პატარა ბარათზე.
თუმცა საერთოდ არაფერი. ისევ ისეთი მშვიდი ჰქონდა სახე დადას. ირგვლივ თავის გრილ და სასიამოვნო სურნელს აფრქვევდა და ნენეს მოეჩვენა, რომ ერთი წამიც არ დასჭირვებია ოთახში გამეფებული ტიტების სუნი რომ გადაეფარა.
დადას ურეაქციობაზე უარესად გაღიზიანდა. ძალიან მოუნდა გაემწარებინა და ის უდარდელი ნიღაბი ჩამოეშორებინა სახიდან.
-შენ გამოგიგზავნეს? -თავის ადგილას დააბრუნა ბარათი და ორ ნაბიჯში გადაფარა უსაფრთხო მანძილი ნენემდე.
გვერდით მიუჯდა, ბორბლიანი სკამის სახელურს ხელი ჩაავლო და ახლოს მისწია სახე რომ გაესწორებინა.
ისეთი მტკიცე და მძაფრი ჰქონდა მზერა, ნენეს როგორც არ უნდა მოენდომებინა, კავშირს ვერ გაწყვეტდა.
უხერხულად დაქაჩა მოკლე კაბის ბოლოებს და რომ მიხვდა ამით უფრო გაახალისა ნაკაშიძე, ალმური წაეკიდა სახეზე.
-შენ ჩემამდე არ იცი, ვინ რას მიგზავნის? როგორ მოხდა. -თავის სკამიანად უკან დახევა სცადა ნენემ, მაგრამ ისე ძლიერად იჭერდა დადა ცალი ხელით, ადგილიდან ძვრა ვერ უყო.
უფრო ფართოდ გაეღიმა დადას მის სიტყვებზე.
-შთაბეჭდილება მოგიხდენია ფალიანზე, -უმნიშვნელოდ ჩაილაპარაკა და ოდნავ შეეხო ცერით მუხლებზე. ფეხი რომ აუქნია ნენემ, თავის ადგილას დააბრუნა ხელი.
-არ ვიცი, არ მიცდია.
-გაბრაზებული ხარ?
-ვისზე? -თავი გაიშტერა ნენემ. ისე მოუნდა გულწრფელი ყოფილიყო, მაგრამ ამ სიამოვნებას არ მიანიჭებდა დადას.
-ჩემზე. მე მელოდი იმის ნაცვლად? -ოდნავ გადასწია ფარდა და დაცვას გადახედა.
-არ გელოდი.
-მოგეწონა ყვავილები?
-მომეწონა. შენ რა გაწუხებს?!
-არაფერი, შენ არ გაწუხებს სხვამ რომ გაჩუქა?
-აბა, ვის უნდა ეჩუქებინა?
-არავის.
გულზე გადაიჯვარედინა ნენემ ხელები და უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა.
-შენი საქმე არ...
-ფრთხილად დაამთავრე ეგ წინადადება, -გაშლილი ხელი დაადო მუხლზე და მანამ მოაკეტინა გამწარებულ ქალბატონს, სანამ ცეცხლზე ნავთს დაუსხამდა. მზაკვრულად გაეღიმა ნენეს გახშირებულ სუნთქვაზე, -კარგი გოგო ხარ.
-რა ქენი, გააბი ნუცუბიძე მახეში?!
-ჯერ ბოლომდე არა, -თავი გვერდზე გადახარა დადამ, ისე იქცეოდა, თითქოს მისთვის დასამალი არაფერი ჰქონდა.
-შენ გაეხვიე შარში?! -ხმადაბლა ჰკითხა გოგონამ.
-კი. მე სულ მანდ ვარ. შარში.
-დაცვა შენ უფრო გჭირდება, რომ წახვალ, გაიყოლე. წადი ახლა, ხელს მიშლი მუშაობაში. ან საერტოდ რატომ მოხვედი?! მშვენივრად ასრულებს შენი დაქირავებული მუშახელი საქმეს.
-შენი ნახვა მინდოდა. -პირდაპირ მიახალა და მაცდურად მოუჭირა მუხლზე ხელი, ფეხები გაშალა და უფრო ახლოს მისწია თავისკენ გოგონა.
-ცუდად იქცევი.
-კარგად მოქცევა არ გამომდის, -ოდნავ წამოიწია მისკენ და ფრთხილად აკოცა კისერში, იმ ადგილას, სადაც პირველად.
მაგრად მიატყუპა ნენემ ფეხები ერთმანეთს, სუნთქვა ისე შეეკრა, იგრძნო, როგორ შეეკუმშა თან მთელი სხეული.
ახლოდან თბილი სურნელი ჰქონდა, თითქოს ოთახში ტემპერატურასაც ისევე აკონტროლებდა, როგორც საკუთარ თავს და ირგვლივ ყველას.
ლოყაზე, ტუჩთან ძალიან ახლოს აკოცა მერე და ნელა გასწორდა. ოდნავ შეხსნილი ცისფერი პერანგის ღილებიდან მიმზიდველად მოუჩანდა ძლიერი კისერი.
ცხვირზე ჩამოკრა მერე ხელი გაბრუებულს და თვალიც ჩაუკრა გასვლამდე.
-ლიკა მომიკითხე. სანდროს მე თვითონ მოვიკითხავ.
-არ გაბედო, იცოდე! -ფეხზე წამოდგა სწრაფად მიკაკუნდა კარამდე მანამ, სანამ ოთახიდან გასვლას მოასწრებდა დადა.
მკლავში ჩაავლო ხელი და ფაქტობრივად შიგნით შემოაგდო.
-არ გაბედო ჩარევა, -მკაცრად და გარკვევით გაუმეორა, ხელი მაშინვე შეუშვა, ეშმაკურად რომ აუციმციმდნენ დადას თვალები.
-რაში ჩარევა, ნენე? -ზურგით მიეყრდნო კარს და ფეხები გადაიჯვარედინა. ინტერესით ჩააჩერდა გოგონას თვალებში.
-იმაში, რაც შენი საქმე არ არის.
-და რა არაა ჩემი საქმე, უფრო კონკრეტულად რომ მითხრა...
-ვინ გამომიგზავნის ყვავილებს! მე თვითონ გავცემ პასუხს, ან საერთოდ არ ჩავთვლი პასუხის ღირსად...
-რამ გაფიქრებინა, რომ საქმეს გავურჩევდი მე იმას? -თავით გვერდითა ოთახისკენ მიანიშნა. ანუ ისიც იცოდა, ალექსანდრე რომ იქ იყო ლიკასთან ერთად. -ნუ ღელავ, თუ შენი პასუხი არ ეყოფა, მხოლოდ მერე მიიღებს ჩემგან ბონუსს.
-დაცვის გაყოლება არ დაგავიწყდეს, -უცებ შეაქცია ნენემ ზურგი და თავისი მაგიდისკენ წავიდა.
საკუთარი სისულელით შელახული სიამაყე არ აძლევდა საშუალებას, ჯიქურ გაესწორებინა თვალები.
-ჭკვიანად თუ არ იქნები, შენც გაგიყოლებ.
-ნახვამდის, დადა.
ჩაცინებას ურდულის ჩამოწევისა და შემდეგ კარის ფრთხილად გახურვის ხმა მოჰყვა. ოთახი კიდევ დიდხანს არ დაცლილა დადას დატოვებული სურნელისა და შეგრძნებებისგან....

-შენ არ იყავი, მარტოობაში უნდა გავლიო სულიო, რომ იფიცებდი? -თვალები მოუჭუტა გიგიმ უჩვეულოდ დასერიოზულებულ დადას, მაინც ფრთხილად შეარჩია სიტყვები.
-გიგი, არ მაქვს ახლა შენი თავი… -თვალი ჩაუკრა და ენა დაამოკლეო მიანიშნა.
-ოცი წუთია ესე ზის და ფიქრობს, როგორ ჩაძიროს ფალიანი… -სამაგიეროდ აქიშბაიამ გააჟღერა მოურიდებლად თავისი ფიქრები და ყურადღება არ მიაქცია დადას მახვილივით ბასრ მზერას.
-ფალიანთან რაღა გინდა? -გამოღებულ ფანჯარაში გააფრქვია ირაკლიმ სიგარეტის კვამლი და ცალი თვალით გადმოხედა ბიძაშვილს.
უჩვეულო კმაყოფილება იგრძნო, მისი მოგრეხილი რქების მომსწრე რომ გახდა.
-ამის გოგოს ვარდისფერი ტიტები აკადრა… -ენა წაიგრძელა ლუკამ.
მხოლოდ აქიშბაიამ იცოდა დაწვრილებით დადას შეუმჩნეველი აღშფოთების მიზეზი და უსირცხვილოდ იყენებდა მის წინააღმდეგ ამ ინფორმაციას.
მაისურის საყელოში ჩამალა გიგიმ ნახევარი სახე, მისი ღიმილი შესამჩნევი რომ არ გამხდარიყო, თუმცა შეუკავებელი ჩაფხუკუნება ყველამ კარგად გაიგონა.
-რას დამადექით თავზე? -ფეხზე მშვიდად წამოდგა, თუმცა თვალებში ეტყობოდა როგორ იყო ნერვებმოშლილი.
-ჰა, რას უპირებ?
-არაფერს, გიგიშ, დაწყნარდი, -თვალი ჩაუკრა მეგობარს და მხრებზე მხნედ, თუმცა საკმაოდ ძლიერად შემოსცხო ხელები. სახე დაემანჭა ბარათელს ტკივილისგან.
-ნუუუ… უბრალოდ გააკოტრებს, -სასხვათაშორისოდ წაიღიღინა ლუკამ და როგორც კი დადას ავისმომასწავლებლად აწეული წარბი შენიშნა, მაშინვე გაასწორა ყველა ჩუმად არეული წიგნები და დეკორაციები თაროზე.
-ეგ ეგრე არ იდო, -შებრუნებულ საათზე მიანიშნა.
-მანიაკი ხარ? ასე იდო! -ოდნავ მიაბრუნა საათი და გულდამშვიდებული ჩამოჯდა აქიშბაია სავარძელზე. ხელი აღარაფრისთვის დაუკარებია.
-არაფერს ვაპირებ, -სასმელი და ჭიქები წკარუნით დაალაგა მინის მაგიდაზე.
-და ხვალ ინტერნეტს ააჭრელებს ალექსანდრე ფალიანის უეცარი გარდაცვალების ამბავი.
-შენ დიდი ხანია ქეთი შეირიგე? -ეშმაკურად წაუსისინა უჩვეულოდ ამჩატებულ ბარათელს და კარგად შეახსენა თავისი ძლივე მოგვარებული სასიყვარულო ურთიერთობა მის საცოლესთან.
-როდის გაგვაცნობ?
-რამდენი წლისაა?
-რას საქმიანობს?
-და ან ძმა ჰყავს?
ერთმანეთს ენაცვლებოდნენ გიგი და ლუკა კითხვების დასმაში, დადა ნებიერად შეექცეოდა მათრობელა სითხეს, თითქოს აბეზარა მეგობრებს ვერ ამჩნევდა.
-დედა დიასახლისი, მამა ინჟინერი?
-პატიოსანი ოჯახის შვილი?
-პიანინოზე უკრავს თუ სკრიპკაზე?
-შვიდწლედი აქვს დამთავრებული თუ…
-უკვე მგონია, რომ გვეკაიფება და არც არავინ არ მოსწონს, -დანებდა აქიშბაია და თავისი ნებით დაისხა ფორთოხლის წვენი, -ირუშ, შენც წვენი ხო?
-არ მინდა არაფერი.
-ნუ დაიხეთქე ეგ ფილტვები. -შენიშვნა მისცა ბარათელმა.
-სახლში ნანა უკრძალავს, -ჩაიფხუკუნა ლუკამ და ისე უცებ მოსვა წვენი, გადასცდა.
-შენ ამკრძალავიც არ გყავს, რა გიხარია? -ახლა მას წაკბინა გიგიმ.
ლუკამ ისეთი სახე მიიღო, თითქოს გულწრფელად ეწყინა ბარათელის სიტყვები.
-აღარც წვენი მინდა და არაფერი,- თავჩაქინდრულმა დადო მაგიდაზე თავისი ჭიქა და იმ ფანჯრისკენ წავიდა, სადაც ირაკლი იდგა, -ირა, გამიშვი, ვხტები!
-მეორე ფანჯრიდან გადახტი.
-გამაჩერეთ მაინც, ბიჭო... -ნერვებმოშლილი დატრიალდა ოთახში, -იცი, რას გეტყვი, ბარათელი? თქვენზე პირველი მყავდა მე დამშლელი და ამკრძალავი.
-მერე, მერე... -თვალები სიამოვნებით დააწვრილა დადამ, ის რომ აღარ იყო განხილვის ობიექტი, დრო იხელთა.
-მერე... დამშორდა, იმიტო რო მე ვიყავი დებილი!
-ხტები თუ დავხურო ეს ფანჯარა? -სასხვათაშორისოდ ჩაერთო ირაკლიც, ოდნავ გაეღიმა ლუკას შეშლილ სახეზე და ფანჯარა მიხურა.
-არ გირიგდება? -ბოლოს მაინც დადას შეეცოდა აქიშბაია ყველაზე მეტად.
-რას მირიგდება, არც კი მელაპარაკება. შანსი აღარ მაქ!
-პირიქით, -გულზე ხელები გადაიჯვარედინა ირაკლიმ.
-უსმინეთ გამოცდილ კაცს! -ხელი უმცროსი ნაკაშიძისაკენ შემართა გიგიმ.
-თუ არ გელაპარაკება, ესე იგი, ჯერ კიდევ გაბრაზებულია.
-შენ გინდა თქვა, რომ ჩემზე შვიდი წელია გაბრაზებულია?! ვერ დამამშვიდე...
-მოიცა, გოგოს შვიდი წლის წინ დაშორდი და ახლა რამის იმედი გაქ?! -წარბები აზიდა გიგიმ.
-შენ გაჩუმდი, -თითი მუქარით აღუმართა წინ აქიშბაიამ. -იმედი ბოლოს კვდება.
-ან შვიდი წლის მერე.
-მომაშორეთ ეს ბედნიერი კაცი, არ მსიამოვნებს ამისი სახის ყურება! -სავარძლის საზურგეზე გადაწვა აქიშბაია და ფეხი ოდნავ გაასწორა. -მინაწერზე არ მპასუხობს, არც ზარებზე, დეპეშა აღარაა მოდაში...
-სახლთან დაადექი. -მშვიდად გამოუძებნა გამოსავალი დადამ, თითქოს ვერ ხვდებოდა, რატომ ეგონა გოგოსთან შერიგება აქიშბაიას მოუგვარებელი პრობლემა. -როდემდე ამოიკერავს პირს?
-პირდაპირ რო მოვიტაცო?!
სამივე გაჩუმდა, თითქოს მართლა დაფიქრდნენ სერიოზულად გაჟღერებულ სულელურ აზრზე.
-აჰა, ჩემი მანქანა, -ჯიბიდან გასაღები ამოიღო ირაკლიმ და წინ დაუდო აქიშბაიას, -ნანას მარტო ვერ დავტოვებ.
-დღესვე?! -ლუკას მართლა ჩაუჯდა ჭკუაში ეს აზრი.
-მერე ვინმემ რომ დაგასწროს? -წარბები აათამაშა დადამ, უარესად წააქეზა.
-აუ თქვენ გეღადავებათ და მე გულზე ცეცხლი მიკიდია...
-ნუ აფერისტობ ერთი, -ხელი უდარდელად აუქნია გიგიმ, -შენ რა გინდა თქვა, რო ვიღაცა ამდენი ხანია გიყვარს და შენ ასე თავისუფლად დაძვრებოდი იქეთ-აქეთ? გინდა გითხრა სიმართლე? ის გოგო კი არ გიყვარს ისევ, ის დრო გენატრება, როცა ის გოგო შენი შეყვარებული იყო, ამდენი პრობლემა არ გქონდა... ეგ სიყვარული არაა, მე ყოველ შემთხვევაში არ მჯერა ასეთი სიყვარულის. რა, გოგო გიყვარდა და შენ იმის გარეშე შვიდი წელი გაძელი? მაიმუნი აფერისტი ხარ. წავედი, თავში ქვაც გიხლია, აქიშბაია! წამოდი შენც კიდე, გელოდება ნანა, მივუტანოთ იმ გოგოს ყავისფერი შაქრით დამზადებული მოცვის მურაბა და მაინც და მაინც ფალიაშვილის კუთხეში გამომცხვარი ბაგეტი. ესაა, ძმაო, სიყვარული! შვიდი წელიო ამან...
შტურმით დატოვა დადას სახლი და მასში ენაჩავარდნილი ლუკა აქიშბაია ბარათელმა.
ანიტა მეტრეველის მოტაცების საქმე კარგად დაგეგმილი ქორწილივით ტრაგიკულად ჩაეშალათ.
აქიშბაიამ კი კარგად იცოდა, ისე მარტივად რომ ვერ წავიდოდა ეს ამბავი, როგორც ყველას დააჯერა, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც იტოვებდა ისეთ უსუსურ იმედს, რომლის გაცრუებაც დიდად არ გვაკვირვებს ხოლმე ადამიანებს.

როდესაც თბილისში ზაფხულის სიცხემ პიკს მიაღწია და უგზოუკვლოდ გაწელილ ბუღავარდნილ დღეებს ძლივსღა უძლებდნენ გრილი ნიავის კოცნას დანატრებული ადამიანები, ნაკაშიძეების პატარა ოჯახი, ნენეს გვერდით რომ ცხოვრობდა, უცნაურმა მხიარულებამ აახმაურა.
გოგო შესძენიაო ირაკლი ნაკაშიძეს ოცდარვა ივლისის დაგვიანებით დამდგარ საღამოს. სულის შებერვას ჰგავდა თაკარა სიცხეში, ცხოვრების არეულ ფერხულში ჩართული ადამიანებისთვის ახალი სიცოცხლის დაბადება. დედის სახელი დაურქმევიათ, ელისაბედი.
ამბობენ, ბედნიერება უნდა მოითმინოო, მაგრამ იმ ღამით ცა გამაღლდა თითქოს, ღრუბლები დამფრთხალი ცხვრებივით მიმოიფანტნენ ცაზე და თავმომწონედ აციმციმდნენ ვერცხლისფერი ვარსკვლავები. იმ ღამით ვერავის გული დაითმენდა ბედნიერებას.
დადა რომ სამშობიაროში მივიდა, უკვე იქ იყო ირაკლი. ირაკლის გარდა კიდევ მის უამრავ მეგობარს მოეყარა თავი, მაგრამ დადას იქ ყოფნას მხოლოდ მეორე ნაკაშიძის არსებობა ითხოვდა ყველაზე მეტად.
ნაბიჯებს აუჩქარა. თავადაც ვერ მიხვდა, ისე აღელდა. გულისცემა კისერში აუფრიალდა.
ირაკლიმაც ისე იგრძნო მისი იქ ყოფნა, როგორც ყოველი გასაჭირის დროს. უდედმამობა ხშირად უგრძვნია, მაგრამ დედისერთობა არასდროს.
ისე ძლიერად შემოარტყა ხელები უფროსმა ძმამ უმცროსს, თითქოს მხრებში გასწორებას აიძულებდა. ყველა ღელავდა. გრძნობდა, რომ ყველა გასაჭირში ყოფნაზე მნიშვნელოვანი ახლა იყო მისი იქ ყოფნა - ყველაზე დიდი ბედნიერების დროს.
უსიტყვოდ გადაიკვეთა ნაკაშიძეების მზერა
ქალბატონი ელისაბედის დაბადებაც ყველანაირი დაუწერელი კანონის დაცვით აღინიშნა.
-ნებას გრთავთ ჩემი პორშეს "კაპოტზე" წამოაწვინოთ დიღმის თონეში გამომცხვარი ლავაში! -შამპანურის ბოთლი ჯერ მაგრად შეანჯღრია ვაკომ, შემდეგ კი თავი წახსნა, -ამას აუცილებლად წამოვაყვედრი ჩემს ნათლულს, როცა გაიზრდება და მიხვდება, რომ იმ პლებეებს თავი არ უნდა გაუტოლოს, ვისი დაბადებაც "ოპელის" კაპოტზე აღინიშნა!
-ეს ბავშვს მაქსიმალურად გაარიდეთ, -თვალები აატრიალა ლიფონავამ და მხარი გაკრა ღიმილით დამთვრალ ანდრო ჩადუნელს, -დემნასაც...
-აუ, დემნიუსი ჩემი ძმაა უკვე, ბიჭო! აღუს მეუბნება და რამე, -პლასტმასის ჭიქებში ჩამოასხა ვაკომ შამპანური, რომელიც საფრანგეთიდან სპეციალურად ელისაბედის დაბადების აღსანიშნავად ჩამოეტანა.
-ხალხს ნუ ატყუებ, შენ რომ გხედავს, სულ ტირის. -დაიცვა შვილი ანდრომ, -წამოსვლამდეც ამან გამოგვიარა, ელენემ ვეღარ დაამშვიდა ბავშვი და დარჩენა მოუწია.
-ეგ იმიტომ რომ დეენემში გაქვს უკვე ჩაბეჭდილი ჩემი ეშხის შური და უსახსოვრე ბავშვსაც! მაცა, ირას დავურეკო, ბავშვს გადმოახედოს ფანჯრიდან. -ტელეფონი ამოაძრო ჯიბიდან.
-ვაკო, დააცადე. -გააფრთხილა დადამ, თუმცა ვინ გაუგონა. აღარ შეწინააღმდეგებია. ყველა თავისებურად გამოხატავდა პატარა ნაკაშიძის დაბადებით გამოწვეულ სიხარულს.
-ირუშ, ფანჯრიდან გადმოახედე ვოლკოვნა, უნდა დავლოცო! ეეე... გამითიშა...
ჩუმმა სიცილმა გადაურბინა წრეზე თავმოყრილებს.
მერე დაიჟინა საკანდელიძემ, ეს ამბავი სათანადოდ უნდა აღინიშნოსო და გვარიანად შეჟუჟუნდნენ ელისაბედ ნაკაშიძის დაბადებით გახარებული გულები.

თვალი ვერც ნენემ მოხუჭა იმ ღამით. ციცის მთელი კორპუსისთვის გაეგბნებინა უკვე შვილიშვილის შეძენით გამოწვეული სიხარული და ანდრონიკაშვილის ყურამდეც მიაღწია ახალმა ინფორმაციამ.
გულის სიღრმეში იმედი ჰქონდა, რომ დადა მშობლებს გამოჰყვებოდა და აივანზე იმდენჯერ გაისეირნა, რომ გაბრაზებულს ბოლოს მობეზრა და კარგად ამორაზა ფანჯრები.
საერთოდ რომ ელოდა, ესეც კი აბრაზებდა. რატომ მოუნდა ასე ძალიან, რომ დალაპარაკებოდა, ვერაფრით ხსნიდა. ალბათ, სიხარულის გაზიარებას ელოდა მისგან, თავს რომ მისთვის მნიშვნელოვნად აგრძნობინებდა ნენეს.
ქვემოდან ამოხედა დადამ მის ფანჯარაში გამკრთალ ბაც განათებას. არ ეძინა ანდრონიკაშვილს.
უკვე დაძინებასა და ღამის სანათის გამორთვას აპირებდა, უცნაურად ახლოს რომ მოესმა ნახტომის ხმა და პირში შიშისგაბ ენა ჩაუვარდა, უზარმაზარი სხეული რომ ამოიზარდა მის კართან.
ტუმბო გამოაღო და თავისი გადაუტენელი იარაღი სასწრაფოდ დამალა ზურგს უკან.
ორი ნაბიჯი გადადგა ღიად დატოვებული აივნის კარისკენ და სხეული როგორც კი გაირხა, მაშინვე გარეთ გავარდა იარაღშემართული.
-ხელები ავწიო? -მთვარის შუქზე უცნაური ეშმაკობით უელავდნენ დადას თვალები, წელით მიყრდნობოდა აივნის მოაჯირს და ცალ ხელში გაკიდებული სიგარეტი ეჭირა.
მაშინვე უტიფრად მოცინარ ტუჩებს შორის მოიქცია აალებული წეტილი და ორივე ხელი მაღლა ასწია დანებების ნიშნად.
-რას აკეთებ?! -ხმადაბლა დაუცაცხანა ნენემ, იარაღს მთელი ძალით ჩაფრენოდა.
კიდევ კარგი ბნელოდა და მის თვალებში გადმოღვრილი სიხარული, დადას დანახვისას რომ იგრძნო, მარტივად დაიმალებოდა.
-თუ სროლას აპირებ, მესროლე, გაქცევას არ ვაპირებ... -ტუჩები გაითავისუფლდა და ისევ ალაპარაკდა თავისებური მაცდური ტონითა და გამომეტყველებით.
იარაღი დაუშვა ნენემ, ფანჯრის რაფაზე დადო. გრძნობდა, რომ მის ყველა ქმედებას აკვირდებოდა იმის გამჭოლი მზერა, ასე ახლოს რომ ედგა და დაძაბულობამ მთელი სხეული გაუშეშა.
უცნაური გრძნობა აუწრიალდა მუცელში. მძაფრი და მწველი, ისეთივე დამხუთველი, როგორც ზაფხულის ეს საღამო მეხსიერებაში სამუდამოდ ჩარჩენით რომ ემუქრებოდა ამ ორს.
-რას აკეთებ? ვინმემ რომ დაგინახოს… -გულზე გადაიჯვარედინა ნენემ ხელები.
ფეხშიშველა იდგა მის წინაშე, ამ სიცხეში თმა დაუდევრად აეკრა და ბრეტელებიანი სრიალა ღამის პერანგი ურცხვად იქცევდა ერთადერთი მაყურებლის ყურადღებას.
-ყველას სძინავს. შენ რატომ არა? -თავი გვერდზე გადახარა დადამ, გაკვირდებიო, აგრძნობინა.
-ცხელა და ვერ დავიძინე.
-იარაღი საიდან? -ფანჯრის რაფისკენ გაექცა თვალი, მერე ისევ ნენეს მოღეღილი კისრისა და გულ-მკერდისკენ გადმოაცურა მზერა.
-ლიცენზია მაქვს, ნუ ღელავ.
-არ ვღელავ, შენგან კანონსაწინააღმდეგო არც მიფიქრია. ხშირად გიწევს გამოყენება?
-არა, შენ პირველი იქნებოდი, ვისზეც გამოვცდიდი, დროზე რომ არ დამენახა შენი უტიფარი სახე.
-ახ, პირველი ვიქნებოდი… -ისე ჩაილაპარაკა, თითქოს სხვა არაფერი გაუგია.
-ნასვამი ხარ?
-ვარ, სულ ცოტა… ბიძა გავხდი, მეორედ. მოიწიე, თორემ ხმამაღლა მიწევს ლაპარაკი. -ნენემ უნდობლად შეხედა, მასთან სიახლოვის ეშინოდა, საკუთარი სხეულები ისეთ
იმპულსებს გამოსცემდა დადას ერთი გამოხედვის დროსაც კი. -მოდი, თორემ მე მოგიახლოვდებით შენც და შენს საძინებელსაც, ორმაგი ცდუნებისთვის მეტისმეტად მალე დაიცლება ჩემი ფიალა…
-დადა, გადადი შენს აივანზე. -ხმადაბლა გააფრთხილა ნენემ, თუმცა უკვე შემოცლოდა თავდაჯერება და სიმკაცრე, მიზიდულობისა და სურვილის მათრობელა, უცხო გემოს გრძნობდა.
ღრმად სუნთქავდა.
-არ მომილოცავ? -ოდნავ წინ გადაიხარა და აბრეშუმის მაისურის ბოლოში ჩაავლო თითები, თავისკენ მსუბუქად დაქაჩა და ნენეც მორჩილად მიჰყვა.
უკვე სუნთქვა უკანკალებდა, იმდენად ახლოს იყო. ისეთ უცნაურ გრძნობებს მოექციათ მისი გამოუცდელი გული ალყაში, თითქოს პირველად ხედავდა დადას და ამავდროულად საშინლად ჰყავდა მონატრებული.
მუცელი შეეკუმშა და მერე ლავასავით მკვრივი და მდუღარე მასა ჩაეღვარა სხეულში.
-მხოლოდ ფხიზელს. ახლა მაინც დაგავიწყდება და მერე მეორედ მომიწევს.
-არ ვარ-მეთქი მთვრალი… -ხმადაბლა უთხრა, ძალიან ნელა და გარკვევით, თითქოს იმასაც ეუბნებოდა, ვერც ამ სიტყვებს დავივიწყებ და ვერც შენს ჩემი სიახლოვის სურვილით აკანკალებულ მხრებსო. -და არაფერი დამავიწყდება.
-მაშინ გილოცავ! ისევ ასე თუ შემომივარდები აივანზე, იცოდე იარაღს აღარ დავწევ.
-და მესვრი? -თვალებში აღარ უყურებდა, ამღვრეულ მზერას დაკვირვებით დააცეცებდა ტუჩებიდან ხალებით დათოვლილ მხრებზე, აცახცახებულ, მიმზიდველ მკერდზე, აბრეშუმის ქსოვილში განსაკუთრებული მაცდურობით რომ გამოკვეთოდა. -მე ვიქნები შენი პირველი მსხვერპლი?!
-დადა, რა გინდა… -უკან დახევა სცადა ნენემ, იცოდა, ახლა რომ არ გასცლოდა, ვეღარ მოშორდებოდა.
მაინც და მაინც მაშინ კითხულობდა დადას თვალებში გარკვევით დაწერილ სურვილებს, როცა ყველაზე მეტად უნდოდა, რომ თავი მისი გაურკვეველი მზერით დაემშვიდებინა.
-შენი პირველი რომ ვიყო… -უკან დაქაჩა ისევ, თავისკენ და მუცელზე მიიწვინა გოგონას მოდუნებული სხეული.
შიშველ წელზე შეუცურა ცხელი ხელი და ისე დაიჭირა.
ოდნავ დახარა თავი და სველი კოცნა აჩუქა მაცდურად მოღეღილ ყელზე.
მკლავებზე ორივე ხელებით ჩააფრინდა ნენე. ასეთი სიმძლავრის გრძნობა არასოდეს დასტაკებია მის სხეულს, საყრდენი რომ არ ეპოვა, აუცილებლად დაეცემოდა.
-ნუ მიფათურებ… ხელებს…
-გეფერები, -ლამის კისრამდე აუყვა ხელის ზურგით მის ხერხემალს, ლიფის წინააღმდეგობა რომ ვერ იგრძნო უფრო მეტად მიიკრა სურვილს ატანილმა. -შენთან მინდოდა მოსვლა, მაგრამ დალევა და აღნიშვნა გადაწყვიტეს.. როგორც უხუცესი ბიძა, ყველაზე ადრე ვერ წამოვიდოდი.
-ყველაზე ბებერი შენ ხარ სამეგობროში? -გახუმრება სცადა ნენემ, ეგებ სიტუაცია გავანეიტრალოო, თორემ გრძნობდა როგორ ეკიდებოდა ცეცხლი და ეს ფარატინა ნაჭერიც მალე აალდებოდა თითწოს მათ შორის, ისე მჭიდროდ ჰყავდა დადას აკრული.
-ხო, და გამოცდილიც… -თეძოებზე დაულაგა ორივე ხელი და უფრო მისწია თავისკენ.
ქვემოდან შეჰყურებდა ნენე.
გაღუებული ლოყები უფრო მიმზიდველს ხდიდა მის სახეს, ტუჩები უჰაერობისგან გაპობოდა და ღრმად სუნთქავდა.
-ნუ მექცევი ასე…
-როგორ? -ეშმაკურად გაეღიმა, ისეთი მიმზიდველი იყო, ისეთი ახლო და სასურველი ნენესთვის.
-თავშეუკავებლად.
-შენ ვერც კი წარმოიდგენ, როგორ ვიკავებ თავს ახლა, ნენე..
-არ გეტყობა რაღაც… -უარესად წააქეზა, ცეცხლის ავისმომასწავლებელი ალები აუფრიალდნენ დადას თვალებში, ნენემ გაქცევა რომ სცადა.
-თუ მაინც არ მეტყობა, აღარ ვიწვალებ. -წელზე მოჰხვია ცალი ხელი, თავის ტუჩებთან ზედმეტად ახლოს დაგულებულს მეორე თმაში შეუცურა და გაუშალა, -დიდი ხანია ამაზე ვოცნებობ…
ნენეს გულმა ისე ძლიერად იფეთქა, ლამის იქვე დალია სული. თავის პირველ კოცნაზე იმდენჯერ უფიქრია, რომ ბოლოს თავი მიანება ტყუილ ოცნებას. არც ერთ გაფიქრებაში ამდენად ექსტრემალური, სექსუალური და დაუვიწყარი არ ყოფილა ის ოცნება, რაც რეალურად ხდებოდა მის თავს.
დადას ცხელ სურნელსა და ტუჩებს დაჭიმული სხეულის ყველა წერტილით გრძნობდა. ხვდებოდა, მანამ არ მიანებებდა თავს, სანამ მისგანაც არ მიიღებდა პასუხს თავის მომთხოვნ კოცნაზე ნაკაშიძე და მთელი სხეულით აეკრო ნენეც.
თავის პირველთან ერთად ყველა დანარჩენიც წინასწარ აჩუქა იმ ღამით ანდრონიკაშვილმა დადას.
სხვასთან ვეღარასოდეს შეძლებდა მიკარებას, ვერც იმ გრძნობის გაზიარებას, რომელიც ამ თავხედმა კაცმა შეასწავლა და აგრძნობინა მხოლოდ.
-მილოცვა მიღებულია, -თვალი ჩაუკრა გონს მოსულმა.
-შენ თვითონ მაკოცე… -მორცხვად ამოიჩურჩულა ნენემ, თვალს ვერ უსწორებდა, წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ უნდა მოქცეულიყო ასეთ დროს.
-ტყუილად ცდილობ ენამწარეობას, ტკბილი ხარ, -ლოყაზე აკოცა ხმაურით ამჯერად და სახლში შედიო ანიშნა. -შენი იარაღი არ დაგრჩეს, მაინც არ გამოდგადა…
ცხვირზე ჩამოკრა ხელი, შემდეგ კი მოაჯირზე გადააბიჯა და ისე უცებ გადახტა თავის აივანზე, ნენემ წამოკივლების შესაკავებლად პირზე ხელი აიფარა.
-გაგიჟდი? კინაღამ გადავარდი!
-ძილი ნებისა, პატარა ნენე…. -თვალი ჩაუკრა და ნელი, დინჯი ნაბიჯებით გაუჩინარდა თავის საძინებელში.

მძიმედ მიათრევდა რიო ანდრონიკაშვილის გაშლილი მხრები ნუცუბიძისთვის გადასახდელ ვალს. საითაც არ უნდა წაეყვანა თავისი ფიქრების დაუსრულებელი ლაბირინთი, ბოლოს ისევ იმ ფულთან მიდიოდა, ზურგზე მოგდებულ ჩანთაში რომ შეენახა საგულდაგულოდ.
წამით საკუთარი თავიც კი შეზარდა. იხსენებდა და ვერაფრით მოიგონა, როდის შეტოპა ასე ღრმად. თითქოს ერთ დღეში გაიზარდა და აღარ იყო ის პატარა ბიჭი, რომელსაც მამა ყველა პრობლემასთან გამკლავებას უადვილებდა.
როგორ უნდოდა, ახლა ვინმე მდგარიყო მის გვერდით, მაგრამ საკუთარ გაფუჭებულ საქმეში ვერავის მოსთხოვდა ხელების გარევას.
უკვე ბინდდებოდა. ფაბრიკის შენობას ნაცრისფერი ბნელი შეჰპარვოდა. ნუცუბიძის მანქანა რომ დაინახა, მძიმედ გადააგორა ნერწყვი და არაფრით იტყობდა, მაგრამ მუხლებში შინაგანი კანკალი უცაცხანებდა.
ეზოშივე შემოხვდა ნუცუბიძე.
-ოხ... -გაეღიმა დემურს, თავისი საყვარელი მებრძოლი რომ დაინახა, -ჯერ ადრეა, რიო...
-შენთან სალაპარაკოდ მოვედი, -პირდაპირ გადავიდა საქმეზე ანდრონიკაშვილი, ზურგჩანთა მოიხსნა და ფული გაუწოდა დემურს.
ნუცუბიძეს ჩაეცინა, ჯიბეებში ხელები ჩაილაგა და ირონიული მზერა გაიმეტა მხოლოდ მის წინ მდგომი სახეწაშლილი ახალგაზრდა ბიჭისთვის, რომელიც ძლივს მართავდა მხრებს.
დადა შორიდან უყურებდა ერთმანეთის წინაშე მდგომებს. ისინი ვერ ამჩნევდნენ, მაგრამ ნაკაშიძის გამჭოლ მზერას არ გამორჩენია რიოს ვერდამალული სისუსტე.
-შენი ვალი მაქვს?!
-არა, მაგრამ მე მექნება, ისე თუ წავალ, შენ რომ ვერ გაიგო. ჩხუბს აღარ ვაპირებ. სანამ ჩემს შემცვლელს იპოვი, ეს გეყოფა.
-ნაკაშიძემ დაგამუშავა... მისი ხელწერაა ეს მათემატიკური სიზუსტით ვალის გადახდა ყველასთვის... შენ იცი, რა კაცს ენდობი?!
-იმ კაცისგან განსხვავებულს, ვინც ახლა წინ მიდგას. -თავი ვერ შეიკავა ანდრონიკაშვილმა, -მე ჩვენ ორს შორის ვცდილობ გარკვევას, მესამეს რატომ რევ?!
-ორმაგს მოგცემ. ყველა ჩხუბში. -გამომცდელად გამოხედა დემურმა.
-არ მინდა, ასმაგსაც არ ავიღებ შენგან.
-შენს დას რომ უტრიალებს ნაკაშიძე, იცი? -ეშმაკივით მაცდური გაუხდა ხმა ნუცუბიძეს, სულში შეუძვრა რიოს და ყველა სუსტი საყრდენის გამოცლა დაიწყო მისი მოთმინებისთვის.
-ჩემი და შენი სალაპარაკო არაა. აიღე ფული და მე მივდივარ.
-არც ჩემი და იყო ვინმეს სალაპარაკო, -სულისშემძვრელად ცივი და ზიზღიანი ჰქონდა ხმა, რიოს გააჟრიალა. -რამე ისე რომ წავიდეს, შენსასაც ისე მიივიწყებს, როგორც ჩემი დაივიწყა.
-მერე შენ სად იყავი?
ნუცუბიძეს სახეზე მიახმა ბრაზიცა და ზიზღიც.
-შენ სად იყავი, თუ შენს დას ვინმე აუბედურებდა?!
-სიტყვებს დაუკვირდი, ბავშვო.
-მხოლოდ თქვენს შემდეგ. -ფულის შეკვრა მიწაზე დაყარა რიომ. -მწარეა სიმართლე, მაგრამ გვიან დანახული სიმართლე უფრო მწარეა.
-შენს დასაც რომ გაამწარებს, მერე არ მითხრა, არ გაგიფრთხილებივარო, -ზურგში მიაძახა ნუცუბიძემ.
შურით უელავდა ჭაობისფერი თვალები, იმ პატარა ბიჭის შურდა, და რომ ცოცხალი ჰყავდა და უსაფრთხოდ.
თავისი რომ მიწაში ეწვინა, როცა სხვისი სუნთქავდა.
თვითონ რომ დამნაშავე ძმა იყო, სხვა კი მასზე სუსტი და ბევრად მართალი.
ისე გააბიჯა იმ ეზოდან, როგორც ყველაზე მძიმე ტვირთისგან გათავისუფლებულმა.. მაგრამ გულში ღრმად შესძვრომოდა ის ჭია, რომელიც ყოველთვის გვახსენებს ხოლმე ადამიანებს, რომ ყველა ჩვენგანში ცხოვრობს ის სიზიფე დაუსრულებლად რომ ეზიდება თავის წილ ტვირთს ცხოვრების დაკიდებულ აღმართზე... ისეთ ტვირთს, მხოლოდ ერთი ადამიანი რომ აიტანს საზიდავად და ორისთვის მეტისმეტია - მარტო ერთი ადამიანის ტკივილს.

გამოაყენა დადამაც მანქანა და მიუსიგნალა ჩაფიქრებულს.
ჩაჯექიო, თავით ანიშნა.
რიოსთვის გვირაბის ბოლოს დანახულ სინათლეს ჰგავდა მისი გამოჩენა.
-აქ რა გინდოდა?
-შენ გამოგყევი, -ჩვეულებრივად უთხრა დადამ, თითქოს არაფერი იყო ამაში განსაკუთრებული.
-რატომ?
-მაინტერესებდა, რას იზამდი. -გამჭოლი მზერით გამოხედა ბიჭს.
-არ მენდობოდი?! გეგონა, არ დავუბრუნებდი იმ ფულს? -ვერ გაიგო რიომ რა უფრო ეწყინა, დადა რომ ასე ფიქრობდა თუ თავად რომ ტოვებდა ასეთის შთაბეჭდილებას.
-ვიცოდი, რომ დაუბრუნებდი. როგორ დაუბრუნებდი ეგ მაინტერესებდა.
-როგორ უნდა დამებრუნებინა? ავდექი და ფული მივეცი.
-ხოდა, ყველაფერი სწორად გააკეთე-მეთქი. არ დაფიქრებულხარ, ისე უთხარი უარი ათმაგზე და ათასმაგზე. ჩემთვის ეს იყო მთავარი, თორემ შენ რაც დღეს ნუცუბიძეს სახეში მიაყარე, ეგ ჯიბის ფულია იმისთვის. ეს განსხვავებაა არასწორ საქციელსა და შეცდომას შორის. ერთი შენი სურვილია, მეორე არასწორი საქციელის არჩადენის სურვილი. შენ რომ დაფიქრებულიყავი იმის შემოთავაზებაზე, ავტომატურად ჩავთვლიდი, რომ რასაც აქამდე აკეთებდი, ფულის გამო აკეთებდი, შენი სურვილით. გამიგე?
-ფული მართლა მჭირდებოდა.
-ხო, ფული ყველას სჭირდება, მაგრამ ფულის სურვილი სხვა რამეა. ეგაა, რა, ბოლოს მაინც... -უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ნაკაშიძემ, -შენს სურვილებში ჩანს შენი ღირსება.
-მამაჩემს მოეწონებოდი. -ხმადაბლა თქვა ყველაზე ხმამაღალი სიტყვები რიომ. უნდოდა თავადაც ეთქვა რაღაც ისეთი დადასთვის, რასაც მნიშვნელობა ექნებოდა. -მე რომ მასწავლიდა, შენ ხარ ისეთი.
-რას გასწავლიდა ერთი? რაღაც არ გეტყობა გაკვეთილები აგეთვისებინოს.
-რამდენჯერ უნდა წამომაყვედრო ჩემი შეცდომები? -ისე გაბრაზდა რიო, როგორც უმცროსები უბრაზდებიან ხოლმე უფროსებს.
-მნიშვნელობა რომ აღარ ექნება, მერე აღარ შეგახსენებ.
-საცოდავი შენი შვილი, მკაცრი მამა იქნები...
დადას ჩაეცინა, აღარაფერი უთქვამს.

ნენეს ეგონა, გასკდებოდა, ისე იყო აღელვებული. მთელი ღამე არ უძინია, ანდა, რაღა დააძინებდა?! დაუსრულებლად ატრიალებდა აივანზე მომხდარ სცენას მისი უძილობისგან ჭკუადაკარგული გონება და გული ისე უფრიალებდა, ვერცერთი დამამშვიდებელი მოქმედებდა დანიშნულების თანახმად.
დაბნეული დაბარბაცებდა სამსახურშიც. ხან ალთას მიაწყდა, ხან ბალთას. ზოგს უღიმოდა, ზოგს უცინოდა, ზოგს საერთოდაც არ უყურებდა.
-ნენე... -ხელი აუქნია ცხვირწინ ლიკამ, ძახილით რომ ვერ მიიქცია მისი ყურადღება. -რა გჭირს? კარგად ხარ? ფერი არ გადევს...
-კი... უბრალოდ, წუხელ ვერ დავიძინე...
-რატომ? მშვიდობაა?!
-კი, კი... -ცივი წყალი ისე სწრაფად მოსვა, ყელი ჩაეყინა. -რას მეუბნებოდი?!
-ზეგ ჩემს დაბადების დღეზე გეპატიჟები-მეთქი, კრწანისში.
-ვა, მართლა.. რა კარგია... გილოცავ... -ისევ უაზროდ დაიწყო ბრუალი. -რამდენის გახდი? კი არა და ხდები...
-ოცდარაღაცის.... -თვალი ჩაუკრა. -დადა ხომ არ გინახავს? არ მპასუხობს, დღეს უნდა შევხვდეთ...
-არა, დადა სად უნდა მენახა?! -დენდარტყმულივით გამოფხიზლდა უცებ, სახეზე ისე წამოწითლდა, თითქოს ყველამ დაინახა რაც ჩაიდინეს აივანზე გამთენიისას. -მე რა ვიცი!
-ისე გკითხე... -უცნაურად გაეღიმა ლიკასაც. -მე ჯერ ერთ კლიენტთან გავდივარ, ხუთისკენ მოვა და თუ რამე, თქვენ დაიწყეთ და მეც შემოგიერთდებით მერე.
-ახ.. არა იყოს, უშენოდ რა უნდა დავიწყოთ ჩვენ? მე და დადამ... შენ დაგელოდებით.
წერეთელს აღარაფერი უკითხავს, ერთი გაიქნია თავი, აშკარად იფიქრა, რომ მისი იურისტი ჭკუიდან გადადგა და ოთახიდან გავიდა.

ხუთ საათამდე ყოველ ორ წამში ამოწმებდა საათის ისრების გადაადგილებას ნენე. ვერაფრით მოისვენა. უკვე ინანა კიდეც ასე ლამაზად რომ გამოეწყო, როგორც ჩანს ნაკაშიძე არათუ შეხვედრაზე მოსვლას, არამედ მასთან დაკავშირებასაც კი არ აპირებდა.
ვეღარ გაეგო, ეტირა თუ ეცინა, ისეთ დღეში იყო.
მშვიდად და დაუკაკუნებლად შემოაღო ნაკაშიძემ მისი ოთახის კარი. ეტყობოდა, თმა ჯერ კიდევ სველი ჰქონდა, ისე უბზინავდა განათებაზე, ირგვლივ წყლისა და სიგრილის სასიამოვნო სურნელს აფრქვევდა.
ჩვეული თვალის ჩაკვრით მიესალმა ნენეს, რომელიც თვალებდაქაჩული და პირგამომშრალი შეჰყურებდა ამ სანახაობას.
აშკარად რაღაც ზედმეტად მზაკვრული ჰქონდა ჩაფიქრებული, ნენეც მეტისმეტად დაბნეული იყო ამის შესამჩნევად.
-გამარჯობა. -მშვიდად მიესალმა კაცს და იურიდიული ქაღალდები წამოკრიფა, -ლიკა ჯერ არ მოსულა, ჩვენ გავიდეთ შეხვედრების ოთახში...
-არა, იყოს, აქ დაველოდები. -სავარძელზე ჩამოჯდა და მთელს სიგრძეზე გადაშალა ხელები, ისეთი მზერით დაიწყო ოთახის თვალიერება, თითქოს ყველაფერი აინტერესებდა, ნენეს გარდა.
-კარგი. -ბრაზი შეერია ხმაში ანდრონიკაშვილს, მაგრამ არაფრით შეიმჩნია დადას უცნაური გულგრილობა.
გულის სიღრმეში ძალიან ეწყინა მისი ასეთი საქციელი, მაგრად ჩააფრინდა ქვედა ტუჩს კბილებით, ტირილი რომ არ დაეწყო. ეს რა საქციელია?! ისე რატომ იქცეოდა ეს უტიფარი კაცი, თითქოს მათ შორის არაფერი მომხდარა.
ნუთუ მისთვის მართლა არაფერი იყო ის ყველაფერი, რისთვისაც ნენემ მთელი ღამე გადაათენა, რის შემდეგაც მოუთმენლად ელოდა ისევ მასთან შეხვედრას...
წყალი მოსვა და აკანკალებული ტუჩები დაიმორჩილა.
წამით დადამაც გადაიფიქრა თითქოს ამ სულელური თამაშის მეტად გაგრძელება, მაგრამ ვერაფრით შეელია ნენეს გაბუსხულ სახეს.
-დიდ ხანს დააგვიანდება? -საათზე დაიხედა მოუთმენლად, -მაგვიანდება მეც.
-სად გაგვიანდება? -იმხელა შხამი ჩაენთხა იმ ორ სიტყვაში, რომ გულზე მალამოდ მოედო ნაკაშიძეს, ღრმად შეისუნთქა ჰაერი რომ არ გასცინებოდა და ცხვირზე მოისვა ხელი.
-უკაცრავად? -წარბები აზიდა.
-რა უკაცრავად? ჯერ მხოლოდ ხუთი წუთით გადასცდა ხუთს, თუ ასე გეჩქარებოდა, დაგერეკა და გადაგეწია შეხვედრა.
-ნენე, რამე მოხდა? -შეუდარებელი სამსახიობო ნიჭი ჩააქსოვა ამ შეკითხვაში.
ფეხზე წამოდგა და ბრაზისაგან ორთქლავარდნილ გოგონას დინჯად მოუახლოვდა.
-არაფერი! დაიკავე შენი ადგილი და ზედმეტად ნუ იჭრები ჩემს სივრცეში! -ახლა რომ არ ეჩხუბა, იტირებდა და ცრემლების ფრქვევას ისევ ბრაზის ნთხევა არჩია.
-მიპასუხე.
-მომშორდი, -უხეშად მოაშორებინა ნიკაპზე ამოდებული თითები და რაც შეიძლება შორს მიაბრუნა სახე მისგან. -და აღარასოდეს შემეხო!
-რა გჭირს, ცუდად ხარ? ფერი არ გადევს...
-შენი საქმე არ არის მე რა მჭირს! ვერ გიტან და მომშორდი. ახლოს რომ ხარ მეშინია, რამე არ დაგიშავო!
-მე არ მეშინია, დამიშავე თუ გინდა. რამე გაწყენინე, თუ რატომ ჭირვეულობ?
-ვჭირვეულობ, -ცინიკურად ჩაეცინა ნენეს, უკვე ფეთქდებოდა, უკვე დუღდებოდა და ორთქლდებოდა მისი მოთმინება ცეცხლწაკიდებული ფიალიდან. -ის ტყვია უნდა დამეჯინა შენს შუბლში და მერე... მერე ნახავდი! უნდა დამეფრთხო ეგ შენი ისედაც გაქცეული ანგელოზები...
-რა ტყვია, გოგო, რას ლაპარაკობ... -ისეთი სასიამოვნო იყო მისი ქირქილი, ვერაფრით ეშვებოდა.
ფეხზე წამოვარდა ნენე.
-გამიშვი, გამეცალე!
-აპ, აპ... -მუცელთან დაუხვედრა მკლავი და უკან დააბრუნა ისევ.
უცებ შემოსვა მაგიდაზე.
-გამიშვი-მეთქი, შენ არ გესმის? -ხმადაბლა, განუზომელი მუქარით სავსე სიტყვები უთხრა ნენემ, თვალები ისე დააწვრილა, თითქოს სადაცაა მიაწყევლისო გაწბილებული. -ასაკში რომ იყავი, ვიცოდი ისედაც, არც ყურში გესმის და მეხსიერებასაც უჩივი, როგორც ჩანს. მე გირჩევ, ვინმე შენი ასაკისას უფათურო ხელები! ერთად დაბერდებით და რამე...
-დაბერებას რომ მიხსენებ, ცუდად ვხდები...
-შენ მართლა არაფერი გახსოვს? -გულწრფელად ჰკითხა ნენემ, უკვე დაიღალა ჩხუბით, იმედგაცრუების ცრემლებით აუპრიალდა თვალები. -გუშინ... რაც მოხდა?
-როგორ არ მახსოვს, ირაკლის შვილი შეეძინა. მერე დავლიეთ.... მერე... -თვალები მოჭუტა, თითქოს იხსენებდა, რა მოხდა.
ნენეს სუნთქვა შეეკრა.
-მერე დამესიზმრა... -ოდნავ დაიხარა გოგონასკენ, მერე უცებ მოშორდა. -თუმცა ვერ გეტყვი..
-კარგი, -ტკივილით გაბოროტებულმა ჩუმად ჩაილაპარაკა და მაგიდიდან ჩამოხტა.
ბედის სიმუხთლეზე ხომ გსმენიათ, კარმაზეც გაიგებდით ერთ-ორ იმედისმომცემ სიტყვას. ხოდა, მაინც და მაინც მოინდომა ალექსანდრე ფალიანმა ნენესთან დაკავშირება.
-დიახ, გისმენ, ალექსანდრე. -სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა ანდრონიკაშვილმა, თითქოს ვერ შეამჩნია დადას გამოქცეული თვალები, ისე მოარიდა მზერა. -კი, კი მცალია, გისმენ.
"არ გცალია" მზერით გადაუდგა წინ ნაკაშიძე, თუმცა მწარედ დააიგნორეს, დამსახურებულადაც. იგრძნო კიდეც სამაგიეროს მლაშე და უსიამოვნო გემო პირში.
-კონტრაქტში ყველაფერი გაკრვევით... კარგი, კი, ხვალ მცალია. გელოდებით. ამ საღამოს არ გამოვა, -ლოყები აუწითლდა და ზურგი შეაქცია ნაკაშიძეს.
ძალიან უნდოდა ახლა რამე ისეთი ეთქვა, რაც დადას გაამწარებდა ან წყობიდან გამოიყვანდა, მაგრამ თუ გუშინდელს არ ჰქონდა მისთვის მნიშვნელობა, არც იმას ექნებოდა, სანდრო რომ სამსახურის გარეთ სთხოვდა შეხვედრას. ფალიანთან რომანტიკის სურვილით კი დიდად არ კვდებოდა, ისე იყო ნირწამხდარი დადას დღევანდელი გამოსვლის შემდეგ.
-კარგი, შეხვედრამდე. -გაუთიშა ნენემ და უჩვეულოდ მოწყენილი მიუჯდა თავის მაგიდას.
-რა უნდოდა?
-შენთვის ალბათ წარმოუდგენელია, მაგრამ შენი საქმე არ არის, ჩემს კლიენტს ჩემთან რა უნდოდა. -არც შეუხედავს ისე უთხრა. -ლიკას დაურეკე, თუ ბევრი დააგვიანდება, აღარ შეყოვნდე ჩემთან.
-შენს კლიენტს რა უნდოდა, არ მიკითხავს, ალექსანდრეს რა უნდოდა "დღეს საღამოს" ეგ მაინტერესებს.
-ნუ გაინტერესებს. მე ვისაც მინდა, იმას შევხვდები! ეს შენი საქმე არ არის!
-ჩემი საქმეა.
ხმამაღლა გადაიხარხარა ანდრონიკაშვილმა, ახლა ხელშესახებ მანძილზე რომ ჰყოლოდა, აუცილებლად ჩამოხსნიდა სახიდან იმ თვითკმაყოფილ გამომეტყველებას.
-კაი?! როდის მერე!
-გუშინს მერე... -ხმა კი მკაცრი ჰქონდა, მაგრამ თვალებში მაინც შეპარვოდა ჩვეული სიეშმაკის სხივები.
ნენე ერთ ადგილას გახევდა. ვერ გაეგო, გაბრაზებულიყო, თუ გახარებოდა, იმდენი გრძნობა მოაწყდა ერთიანად, რომ საკუთარმა განცდებმა გააშეშეს.
-როგორ ვერ გიტან, რა ხარ ასეთი საძულველი, საშინელი... -წაუსისინა ნაწყენმა.
-რა დამავიწყებდა, გოგო, შენს თავს?! -ერთი ნაბიჯი გადმოდგა.
-არ მომიახლოვდე, მანიპულატორო! შენსას ხომ ადამიანი ვერ გაიგებს.... -ხმა გაუტყდა ნენეს, -შენ ჩემით თამაშობ! ამის უფლებას მეორედაც მოგცემ, გგონია? მე ვისაც მინდა იმას შევხვდები, ავდგები და სანდროს შევხვდები, ყვავილებსაც მიგზავნის და არც შენსავით გამაწვალებს...
-კი, როგორ არა... -გვერდზე გადახარა თავი, ნელა უახლოვდებდა, ისე, როგორც აწიკწიკებულ ნაღმს. გულის სიღრმეში ნანობდა კიდეც, ასე დამპლურად რომ მოექცა და აწყენინა.
-შენ დაგეკითხები... -ავად ჩაეცინა ანდრონიკაშვილს.
-დიახაც.
-ძალიან მაწყენინე, -გულწრფელად უთხრა, საუკეთესო იარაღი მოიმარჯვა ნაკაშიძის წინააღმდეგ, რომელიც ისევ გახსნილი, ღიმილიანი სახით შეჰყურებდა, მაგრამ არა ეშმაკურად. -ასე ხუმრობა სად გაგონილა?
-სანდრო აღარ ახსენო...
-თორემ, რა? სცემ?
-არა.
-აბა, მოკლავ? -გულზე გადაიჯვარედინა ნენემ ხელები.
-არა, უარესი. სიცოცხლეს გავუმწარებ დაუარებული ყვავილების მერე მაინც რომ არ გეშვება და პაემნებზე გეპატიჟება. -ოდნავ გადაიხარა და ისე ნაზად აკოცა ლოყაზე, თითქოს იმ ტუჩებს არ დასცდენოდათ გულწრფელი სისასტიკით ნათქვამი სიტყვები. -მიზეზი მინდოდა მეორე კოცნისთვის, ხო მაპატიებ?
-რა მიზეზი... -გული აუფრიალდა ნენეს.
-შემორიგების. -თვალი ჩაუკრა და მსუბუქად, ნაზად განუახლა წინა ღამის კვალი ტუჩებზე.

მთელი საღამო გულაღმა იწვა თავის საწოლზე და თეთრად შეღებილ უბრალო ჭერზე იმ ვარსკვლავებს ითვლიდა, რომელსაც მხოლოდ ცაზე ხედავენ ხოლმე ის ადამიანები, ვისაც სიყვარულის მოუსვენრობა არასოდეს შესჩენიათ, ან განუცდიათ და მერე ისე მიუძინებიათ, თითქოს სიყვარულით დაიღალნენ.
-ჰო, ლანუ, -წაუღიღინა სიყვარულით მეგობარს, როდესაც ტელეფონი აუწკრიალდა. -დღეს დილას რომ ჩემთან მოდიოდი, გადაიფიქრე მოსვლა? გელოდებოდი...
-შენი ძმა დაჭრეს. -შეშფოთებული ხმა ჰქონდა ლანას, -იცი, რატო?! გინდა გითხრა, რატო ვერ მოვედი შენთან დღეს დილით? ჯერ შენი ძმა გამოვიდა შენი სადარბაზოდან, მერე უკან გაჰყვა შენი კარგად დამალული სიყვარულიც. იცი, ვისთან მიიყვანა? ნუცუბიძესთან. იცი, ვინ ასროლინა ის ტყვია, შენს ძმას რომ უღებენ ახლა მუცლიდან? ნუცუბიძემ.

III ნაწილი
„ფანჯარაში მტრედია,
ნეტავ, ვისი ბედია...“
საავადმყოფოს დერეფანში წამლების კარგად ნაცნობი, თუმცა აუტანლად მწარე და უსიამოვნო სურნელი ტრიალებდა.
დერეფნის მკვეთრმა განათებამ მაშინვე თვალი მოსჭრა ნენეს. მოეჩვენა, რომ ასე ძალიან ნაბიჯის გადადგმა არასოდეს გასჭირვებია, მაგრამ მაინც თავჩაუხრელად მიათრევდა წინ სხეულს.
აღვარღვარებული ცრემლებით აიხედა მაღლა და უთქმელად შესთხოვდა ხმარება იმ ადამიანს, ციდან რომ უყურებდა ახლა, ყოველთვის რომ აგრძნობინებდა, რომ ცა არც ისე შორია და კარგი მშობლები არასდროს ტოვებენ შვილებს, მაშინაც კი, თუკი მათ შორის მარადისობა მოინდომებს ჩადოგმას.
ღრმად შეისუნთქა და წინ გადადგა ნაბიჯი. მიმღებში გაიკითხა ანდრონიკაშვილი, შემდეგ კი იმ მიმართულებით წავიდა, საითაც ადმინისტრატორმა უჩვენა.
დერეფანში უკვე ისხდნენ ცერცვაძეები. ლილეს ფერი მიხდომოდა, ლანა მოუსვენრად დააბოტებდა, ტატო კი ტელეფონზე ესაუბრებოდა ვიღაცას. როგორც კი გოგონა დაინახა, მისკენ წამოვიდა მაშინვე.
-ნუ გეშინია, ნენეკო, -მიიხუტა და თმაზე მოეფერა თბილად, -ყველაფერი კარგადაა, ორგანოები არ დაზიანებია ღმერთის წყალობით. ბევრი სისხლი დაკარგა, მაგრამ გამოძვრება, ხომ იცი მაგ თავქარიანი ბიჭის ამბავი? ლილემ სისხლი გადაუსხა, გაგვიმართლა.. პოლიციასთანაც ყველაფერი მოგვარდა... გონზე მოვიდეს და მე მაგას ვუჩვენებ!
-ტატო ძია, მართლა? ხომ არ მატყუებთ... ხომ სიმართლეს მეუბნებით... -მთლიანად მოეშვა ნენეს სხეული. იქვე ჩამოჯდა.
ვეღარ გაეგო ფრთები შეესხა თუ ერთიანად გამოეცალა ძალა. თითქოს ყველაფერს ერთად გრძნობდა.
-რას გატყუებ, არ გრცხვენია? -გაუღიმა იმედიანად, -წამოდი, ჰაერზე გავიდეთ. შენთან საქმე მაქვს.
-ძია, საით? -ფეხად გამოჰყვათ ლანაც.
ნენემ ძლივს შეიკავა თავი, მისკენ რომ არ გადაედგა პირველი ნაბიჯი, თითქოს ფიქრის გარეშე, ავტომატურად მოქმედებდა სხეული, თუმცა ლანას ნათქვამმა სიტყვებმა იმხელა კედელი ამოაშენა ამ ორს შორის, თითქოს მის მიღმა იმ ადამიანის დანახვა უჭირდა, რომელთან ერთადაც გაიზარდა, რომლის გარეშეც არ ახსოვს არც ერთი ნაბიჯი და არც ერთი წაქცევა.
ცივი, სულისწამღები ქარივით ჩაიქროლა მათ შორის ლანას უემოციო გამოხედვამ და მიწასთან გადაასწორა ყველა იმედი, ნენე რომ გულუბრყვილოდ ეპოტინებოდა.
თითქოს გაზაფხულზე გვიანი თოვლი მოვიდა და თავის საფარქვეშ დაალპო ყველა ყვავილი. თითქოს ეს წელი ზაფხულის გარეშე ჩაივლიდა და გაზაფხულს ძალიან გრძელი ზამთარი წამოეწეოდა.
-შენ ლილესთან დარჩი, მე და ნენე ჰაერზე გავალთ.
უხმოდ გავიდნენ ნაძვებით მოჩრდილულ საავადმყოფოს ეზოში. თავისუფალ სკამზე ჩამოსხდნენ გვერდიგვერდ და მოსაღამოვებული დღის სევდიან ჰაერს შეუშვირეს სახეები.
-ახლა კარგად მომიყევი ყველაფერი, ნენე...
-ლანამ არ მოგიყვათ? ისე ყვიროდა, ეჭვი მაქვს მთელმა ქვეყანამ გაიგო.
-მე შენ მინდა რომ მომიყვე. ჩემი ძმისშვილის ხისტი და სულსწრაფი ხასიათი ორივემ კარგად ვიცით, ამისთვის აუცილებლად მიიღებს პასუხს... არ გეტყვი ნუ გეწყინებაო, ყველაზე მეტად ასეთ დროს არის მეგობრის წინდაუხედავი საქციელი მტკივნეული, მაგრამ გულში მაინც ნუ ჩაიდებ წყენას... შენთვის ვამბობ.
-რიოს რაღაც პრობლემები ჰქონდა, -ხმა ჩაიწმინდა ნენემ, -რომლებიც მეგონა, რომ მოაგვარა. ხომ გესმით, ახლა ისეთ ასაკშია, ზედმეტად ვერაფერში ვეძიები, ბევრ კითხვას ვერ ვუსვამ... მერე ბრაზდება და მასთან ლაპარაკი შეუძლებელი ხდება. ამიტომ უკან გავყევი ერთ დღეს, სადღაც ორი კვირის ამბავია. აღმოვაჩინე, რომ ჩხუბობდა და ამაში ფულს უხდიდნენ. სახლში ძალიან ვიკამათეთ. ფაქტობრივად არჩევანის წინაშე დავაყენე, მაგრამ ძალიან შემეცოდა, ტატო ძია. თვალებში ეტყობოდა, რომ... არ იცოდა, როგორ მოეგვარებინა ყველა ის პრობლემა, რის წინაშეც დავდექით. გამოსავალი ასე იპოვა და საბოლოოდ ისეთ შარში გაეხვა, რომ მარტივად ვეღარ გამოძვრებოდა. მაგრამ დამპირდა, გულწრფელი იყო და დავუჯერე. არ ვიცი დღეს რა მოხდა, მაგრამ რიო არ მომატყუებდა. ალბათ, იძულებული იყო ნუცუბიძეს შეხვედროდა...
-დადა?! მასთან რა ურთიერთობა გაქვთ? -მოურიდებლად ჰკითხა, ნენემ ემოცია ვერ დამალა ნაკაშიძის სახელის გაგონებისას. -ხომ იცი, კოტეს გამოძიებაზე მეც ვიცი, არაფერი დამიმალო. თუ ვინმე გაშინებთ...
-არა, არა, -სწრაფად იუარა ანდრონიკაშვილმა, გაოცებით გაუფართოვდა თვალები. მიხვდა ტატო, რომ მისთვის წარმოუდგენელი იყო, ის ფიქრიც კი რომ დადა რამეს დაუშავებდა ამ ოჯახს. -პირიქით...
-შენ მის გამო ჩამოშორდი გამოძიებას?
-არა. -ხმადაბლა თქვა ნენემ, დაიმორცხვა, -მარტო მის გამო არა. შენც გგონია, რომ დადას გამო... არის რიო ახლა ასეთ დღეში?!
-არა, -შელურჯებულ ცას გახედა ტატომ, -ნაკაშიძე ბევრ საეჭვო სიტუაციაში მინახავს საკუთარი თვალებით, მაგრამ ასეთს არასდროს იკადრებდა, ხვდები? სამართალდამცავის პირიდან ამ სიტყვების მოსმენა, ალბათ, ცოტა უჩვეულო და უცნაურია, მაგრამ სიმართლე სიმართლეა... კოტემ რომ გამიგონოს, აუცილებლად გაბრაზდება, თუმცა... ეგ შენი დადა უბედურის ერთი კია, მაგრამ ბავშვს ისე ძაღლურად არასდროს მოექცევა, როგორც რიოს მოექცნენ. მანდ რაღაც სხვა ამბავია.
-ისიც იქ იყო, -მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო ნენე, შუბლი ხელისგულებზე ჩამოიდო და თვალებდახუჭული დაფიქრდა. კარგად გაიხსენა ის უსიამოვნო მოგონება, როგორ შეხვდა დადასაც მიტოვებულ ფაბრიკაში პირველად. -რიო რომ წავიჭირე, ისიც იქ იყო... არ ვიცი, როგორ აგიხსნათ, ცუდად რომ არ გამიგოთ. არ ვიცი, რა სიტუაციებში გყავთ ნანახი დადა, მაგრამ...
-შენთან ის კარგია, -გაეღიმა ტატოს თავისთვის.
-მარტო ჩემთან არა, -უხერხულად აიწურა ნენე, მაგრამ მართლა უნდოდა ვინმეს მისი ამბავი ბოლომდე მოესმინა.
ტატოს ენდობოდა. რთულია, დაობლებულ ბავშვებს მამა შეუცვალო, მაგრამ ცერცვაძე ყოველთვის იყო ნენეს და რიოს ერთადერთი იმედი, ყველაზე სანდო საყრდენი. კაციც ამ პასუხისმგებლობას ისე დაუზარლად იღებდა თავზე, რომ ბავშვებს არასოდეს აგრძნობინებდა თავს დავალებულად.
-რიოს ერთხელ ჩხუბი მოუვიდა ქუჩაში... დადამ მაინც და მაინც მაშინ გამოიარა და გააშველა ბიჭები. ისეთი სიტყვები უთხრა, რომ თავი მეც მშვიდად ვიგრძენი. არ ვიცი, შეიძლება, მას რომ ეკუთვნოდა ეს სიტყვები, ამიტომაც ჰქონდა ამხელა ძალა და ისეთი არაფერი უთქვამს, რასაც სხვა ვერ იტყოდა, მაგრამ ყველა მაშინვე დაიშალა. დანაც კი თავისი ნებით გადააგდო იმან... საქმე კი არ გაურჩევია ან რამე... მაგრამ რაღაცნაირად წამიერად მოიპოვა ჩემი ნდობა ამ უბრალო ქმედებით, თან ისე, რომ მან სულაც არ იცოდა, რომ მესმოდა. არ მგონია, რომ რიოს საფრთხეში ჩააგდებდა. ვიცი, ლანა რასაც ფიქრობს, ალბათ, კოტეც და შენც... მაგრამ მე მარტო იმიტომ ვუბრაზდები ახლა, რომ ჩემი ძმის გასაჭირზე იცოდა და არაფერი მითხრა... რომ დამიმალა... არ ვიცი, როგორ ავხსნა, ტატო ძია, ვერ გეტყვი, ეგ ადამიანი რანაირია... მაგრამ ცუდი არ არის. თქვენ არ გინახავთ თავის მეგობრებთან, მშობლებთან, ნათესავებთან, პატარა ბავშვებთან... შანსი არ არის ცუდის გამკეთებელ ადამიანს უბრალო ქმედებაზე არ დაეტყოს, რისი ჩადენა შეუძლია. თვალებში მაინც გაეპარება თავისი ბოროტება...
ცოტა ხანს ჩუმად იჯდა ტატო ცერცვაძე. თითქოს საავადმყოფოს ფანჯრებს ითვლიდაო უდარდელად, მაგრამ ნენემ იცოდა, რომ უსმენდა.
-როდის მოასწარი მისი იმ მხარის დანახვა, რომელიც ყველას ჰგონია, რომ არ აქვს?! ახ, ნენე... -ღრმად ამოიოხრა ბოლოს კაცმა, თითქოს ისიც კი ვერ გადაარჩენდა ამხელა საფრთხისგან.
-რაშიც ბრალს დებენ, შენი აზრით, ყველაფერი მართალია?! -ტუჩებზე იკბინა ნენემ, მარილიან სითხეს სახესა და ტუჩებზე გრძნობდა, გრძნობდა თავისი ცრემლებისა და სასოწარკვეთის მლაშე გემოს.
-არ ვიცი, არავინ იცის. ეგ რომ ვიცოდეთ, ახლა ციხეში იჯდებოდა.
-შენ როგორ გგონია?! შენ ხომ პოლიციელი ხარ, ტატო ძია. დამნაშავეს ათასნაირს შეხვედრიხარ, მასში ვერ ამოიცნობ ერთს?!
-ნენე, დადა რომ ანგელოზი არაა, ეს ყველამ კარგად იცის... მაგრამ ანგელოზი არავინაა, საქმეც ეს არის. -შორს, ღრმა სივრცეში გაიხედა ტატომ, თითქოს ჰორიზონტის დასალიერს მიადგა მისი თვალები,- ეგ ბიჭი უბრალოდ, როგორ აგიხსნა... ვერ გაიგებ, რა ტიპია, რა... არც ღვინოა, არც წყალი, არც მათ შორის რამე, რაღაცა სხვაა და ამიტომ აინტერესებს კოტესაც ასე ძალიან. ამიტომ უნდა, რომ ის იყოს დამნაშავე ყველაფერში. მე ცოტა სხვანაირად ვფიქრობ. ისეთ პოლიციელსაც ვიცნობ, ვინც თავის საქმეს თავი დაანება, იმიტომ რომ ორგანო ვერც სიმართლის პოვნაში და სამართლის დამტკიცებაში დაეხმარა. ადგა ის კაცი და ახლა შიშველი ხელებით იბრძვის სიმართლისთვის. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ცუდი ტიპია, რომ რასაც აკეთებს უკანონოა, ვიღაცა იტყვის, რომ პირიქით. მე მგონია, რომ ეგ შენი დადაც სადღაც მანდაა გაჩხერილი. თვითონ არავის ენდობა და ამიტომაც არ ენდობა მას არავინ. ცუდ ხალხთან ჩნდება, მაგრამ ცუდს არაფერს აკეთებს. რაღაცები დაუშავებია, მაგრამ არც იმდენად, რომ ციხისთვის გაიმეტო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ მას უნდა ენდო, ნენე... შენ მარტო იმიტომ უნდა გაერიდო, რომ ის ხალხში ეჭვებს იწვევს და შენ არ გჭირდება გვერდით ისეთი ადამიანი, რომლის სიმართლეც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, როცა შენ ძახილის ნიშნით იდგები კანონის მხარეს. ხვდები?!
მხოლოდ თავი დაუქნია ნენემ. ეს ხომ ასეთი მარტივი გადასაწყვეტი არ იყო. აღარ იყო.
-ბევრი რამე გაქვს სასწავლი, -ისევ განაგრძო ტატომ, ახლა უფრო თავისთვის ლაპარაკობდა, მაგრამ ნენე მაინც ყურებად იყო ქცეული მის გვერდით, ამ კაცის ყოველ სიტყვას ყურადღებით ისრუტავდა და კარგად იმახსოვრებდა. -ადამიანების ნდობის მოზომვა. ზედმეტი მოგდის, მეტისმეტად კეთილი ხარ, ამ საქმეში კი არა, ცხოვრებაში არ გამოგადგება.
-დედაჩემიც ამას მეუბნება, მე სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, რაშია პრობლემა... -დედის მოგონებამ მტკივნეულად იფეთქა ნენეს მკერდში.
-სანამ ცხვირს არ წაიმტვრევ, მანამდე ვერ მიხვდები, რას გეუბნებიან უფროსები. ეს ზოგადად ასეა. ყველა გადის ცხოვრებაში საკუთარ შეცდომებზე სწავლის ან ვერსწავლის პერიოდს. შენ წარმატებული იქნები, ძალიან კარგი ადვოკატი იქნები, ნენე. შენ ის გაქვს, რაც არ გააჩნია ბევრს - ადამიანების დახმარების უანგარო სურვილი. ყოველთვის კარგად გესმის რას გკარნახობს შენი გული სხვების სასიკეთოდ, მაგრამ ხანდახან საკუთარ თავზეც იფიქრე. უფრო მეტად კრიტიკული იყავი, თუნდაც ახლობლების მიმართ. ამაში ცუდი არაფერია. ჩათვალე, საკუთარ გულს დაუდგები ასე ადვოკატად, ნენე. ვიცი, ახლა ყველაფერი ერთად დაგაწვა და უფრო მეტად გიჭირს, მაგრამ ჩათვალე, რომ ახლა ყველაზე რთული პერიოდი გაქვს, რომ ამაზე უარესი არ არსებობს და უფრო გაგიმარტივდება იმ მომავალზე ფიქრი, სადაც ეს გაჭირვება უკვე გადატანილი გაქვს.
ერთხანს მშვიდად ისხდნენ, თითქოს ყველა სათქმელი გაათავისუფლეს უთქმელობის გისოსებიდან და ახლა დუმილი სასიამოვნო მუსიკად დაეხეტებოდა მათ შორის.
ნენე თან თავისუფალი იყო, თან ფრთებმოკეცილი, თითქოს ორ ცეცხლს შორის თავადაც კოცონად იწვოდა.
ბორბლების ჭრიალით შემოვარდა დადას მანქანა ეზოში.
სუნთქვა მკერდში შეაკავდა და ჯერ კაცის გადაშლილ სახეს შეხედა, შემდეგ კი ტატოს, რომელმაც გოგონას მზერა გაქცეული ქურდივით დაიჭირა და იქაურობას უსიტყვოდ გაცლა ამჯობინა.
სწრაფად გადმოვიდა დადა მანქანიდან, ტატოს თავის დაკვრით მიესალმა და აუარა გვერდი. ცერცვაძემ ერთი მოხედა წყვილს და თავჩახრილი აუყვა საავადმყოფოს კიბეებს.
ფეხზე არ ამდგარა ნენე, ქვემოდან ახედა თავზე წამომდგარს და მერე ისევს საკუთარ ფეხსაცმელებს დააჩერდა.
-რატო არ დამირეკე? -მომთხოვნი ხმა ჰქონდა ნაკაშიძეს, ნენემ ძლივს შეიკავა თავი, რომ არ აეხედა მისთვის.
ცივი ჟრუანტელი ჭიანჭველების ჯგუფივით შეესია ხერხემალზე.
-არ იცოდი?
-შემომხედე, რომ გელაპარაკები.
თავი ასწია. ყველა წყენა და ბრაზი დაანახა, რაც მის თვალებში ტრიალებდა იმ ქარიშხალთან ერთად რიოს ამ მდგომარეობაში ჩავარდნამ რომ გამოიწვია.
-ბავშვი როგორაა? -წელზე დაილაგა ხელები, ზემოდან დაჟინებით დაჰყურებდა გოგონას, -და რატომ არ დამირეკე-მეთქი მე?
-ოპერაციას უკეთებენ. არ იცოდი-მეთქი? გკითხე მეც. -ხმა გაიმკაცრა ანდრონიკაშვილმა, მხოლოდ მას ჰქონდა გაბრაზების უფლება ახლა.
ფეხზე წამოდგა და წინ დაუდგა დადას.
-საიდან უნდა მცოდნოდა, ნენე?
-რა ვიცი, ერთად არ იყავით დღეს ნუცუბიძესთან?! -ტონი ვერ მოზომა მაინც, ოდნავ გაეპარა ბრალდებები ხმაში. -შენ არ წამოიყვანე?! მე საიდან უნდა მცოდნოდა შენზე ადრე?!
-შენზე ადრე რომ გამეგო, აქ მოსვლას დამასწრებდი? ან გგონია, არ გაგაგებინებდი? უაზრო დიალოგში ნუ მიწვევ, ნენე. რომ გეკითხები მიპასუხე.
-რა ვიცი! ისე დაგყავს სადღაც-სადღაც, მე არაფერს მაგებინებ! ახლა გაგახსენდა ჩემი არსებობა?!
-შენი არსებობა არ მავიწყდება მე. ნურც შენ დაივიწყებ ჩემსას. -მშვიდად, უსაზღვრო მოთმინებით უთხრა. თითქოს ერთდროულად გაბრაზების უფლებასაც აძლევდა და მიზეზსაც, რომ დამშვიდებულიყო.
-რატომ არ მითხარი ნუცუბიძესთან თუ ამდენ ხანს ვერ მოეშვა ძანძალს?! -უარესად გაცხარდა ნენე, დადას სიმშვიდე ნავთი იყო მისი ცეცხლისთვის, -თუ ასეთი სერიოზული იყო რიოს მდგომარეობა, ვინ ხარ შენ, რომ მიმალავ?
-ჩემთან ყვირილს გირჩევნია ძმასთან დაალაგო ურთიერთობა, -თავი მისკენ გადმოხარა დადამ, ეტყობოდა, როგორ შეერხა ხმაში მასაც ბრაზის სიმები, - მერე ვინმე ისეთს რომ არ მოსთხოვო პასუხი ასეთ დროს, ვინც თურმე თავადაც არ იცი, ვინ არის შენს ცხოვრებაში!
-უნდა გეთქვა… -ხმა დაუდაბლდა ნენეს, საკუთარი დანაშაული აღარ აძლევდა მისთვის თვალების თამამად გასწორების საშუალებას.
-რატომ? -მზერა მზაკვრულად დააწვრილა, გვერდზე გადახარა თავი და ასე დააკვირდა ანდრონიკაშვილს, -მე რამე განსაკუთრებული პრივილეგია მაქვს, ჩემს სიტყვასაც რომ ანიჭებდე მნიშვნელობას?
-ასე არ მიგულისხმია… ჩემთვის ვიღაც რომ არ ხარ, ამიტომ ვაძლევ თავს უფლებას შენ მოგთხოვო პასუხი, დადა…
-ხოდა, ნუ მთხოვ. მაინც არ გეტყოდი რამე ისეთს, რაც ჩემსა და რიოს შორის უნდა დარჩეს.
-შენ კიდევ თავს იმართლებ? -ახლიდან წამოენთო ნენე.
ღრმად ამოისუნთქა დადამ, თითქოს სიახლოვემ დაწვაო, ორი ნაბიჯი გადადგა უკან და ზურგით მიეყრდნო ნაძვს. გულზე გადაიჯვარედინა ხელები.
-თავის სამართლებელი არაფერი გამიკეთებია. სხვათაშორის, არც შენს ძმას. თავისი პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარება სცადა. შენ რომ გაგეგო, რას იზამდი? მაქსიმუმ მემილიონედ ეჩხუბებოდი და უარესად დაამძიმებდი ისედაც თავგზააბნეულს. რიო მენდობა, ნენე. შენი ინტერესის დაკმაყოფილებას ვერ შევწირავ მის ნდობას.
ხმაგაკმენდილი უსმენდა ნენე. ათასი გრძნობა ენაცვლებოდა ერთმანეთს სახეზე.
-ასე აგვარებთ თქვენ საქმეს? ასე ამტკიცებთ სიმართლეს? ბოლოს ტყვია რომ გხვდებათ თქვენი სიმართლის გამო?!
-სიმართლის გამო მე არასდროს მომხვედრია, ამიტომ ვერ გეტყვი. დანარჩენს გავარკვევ. შენს ძმას არაფერი გაუკეთებია არასწორად... ამჯერად.
-გაარკვევს! -სიმწრით ჩაეცინა ნენეს, -შენც ესვრი, რომ გაარკვევ?! როგორ აგვარებ შენ ასეთ პრობლემებს, დადა?
-ასეთს როგორს? -შემფასებლურად შეავლო თვალი ბრაზისგან აცახცახებულს. -მე არასდროს მომხვედრია-მეთქი ტყვია. კი მიმიზნებენ ხოლმე… მაგრამ არ უმთავრდებათ კარგად.
-როგორ მიშლი ნერვებს! -სკამზე ჩამოჯდა და თმებში შეიცურა თავდახრილმა ხელები.
-ასე რომ მეტლიკინები, ანუ არც ისე ცუდადაა საქმე.
-ორგანოები არ დაზიანებია, სისხლიც გადაუსხეს... მე ძალიან გვიან მოვედი. უკვე ყველაფერი მოგვარებული ჰქონდათ.
-ცერცვაძეებს საიდან იცნობ?!
-ოჯახის ახლობლები არიან, -თვალი მოარიდა ნენემ, ლოყები აუხურდა მღელვარებისგან. -ბავშვობიდან ვიცნობ. შენ საიდან?!
-მერე მოგიყვები. -თვალი ჩაუკრა და მოუახლოვდა ნელა ფეხზე წამომდგარს, -ვიღაცას შენთან უნდა მგონი ლაპარაკი.
ზურგსუკან ანიშნა თავით. ლილე იდგა კიბეებთან და ისე შეჰყურებდა წყვილს, აშკარად ვერ გაეგო, როგორ გადაედგა ნაბიჯი მათკენ.
გველნაკბენივით მოშორდა დადას და თავად წავიდა გოგონასკენ.
-მორჩა? -ხმამაღლა ჰკითხა, როგორც კი ოდნავ მიუახლოვდა.
ლილე ნერვიულად ისრისავდა ხელებს, ხან დადას უყურებდა, ხანაც ნენეს.
-კი, მორჩა. ყველაფერი კარგადააო ექიმმა. ჯერ არ შეგვიშვებენ სანახავად. სახლში წადითო, აქ ყოფნას აზრი არ აქვსო. პირადობის მოწმობა გვჭირდება რიოსი. შეძლებ, რომ მოუტანო?
-კი, კი.. -უცებ დაფაცურდა ნენე, -დამავიწყდა წამოღება. გავირბენ სახლში და წამოვიღებ. ბებოსაც გავაფრთხილებ. თქვენ წადით, ლილე.
პასუხს არ დალოდებია, ისე გამობრუნდა. დადა უკვე იდგა თავის მანქანასთან. როგორც კი სხვა მიმართულებით ნაბიჯის გადადგმა სცადა ნენემ, მაშინვე ანიშნა აწეული წარბებით, რომ ტყუილად ირჯებოდა და ბოლოს მაინც მის გვერდით მოუწევდა მგზავრობა.
ლილეს ლანა ამოსდგომოდა გვერდით, ორივემ დაინახა, ერთად როგორ გავიდნენ საავადმყოფოს ეზოდან ნაკაშიძე და ანდრონიკაშვილი.
თავი გადააქნია ლანამ.
-ნენეს ცუდად მოექეცი. -არც კი შეუხედავს ბიძაშვილისთვის, ისე უთხრა ლილემ. რაღაცნაირად კმაყოფილებასაც კი გრძნობდა, დადას გვერდით რომ დაინახა ნენე.
-სასაცილოა პირდაპირ, ვერ ხედავ, რას აკეთებს? საერთოდ შეიშალა! იმ კაცს მანქანაში როგორ ჩაუჯდა?!
-არ ვიცი, ერთხელ მაინც რომ გეკითხა ნორმალურად, იქნებ ეთქვა გულწრფელი პასუხი. -უდარდელად აიჩეჩა ლილემ მხრები, მოსწონდა ბიძაშვილის გამწარება, თავად თუ მართალი იყო, მაშინ განსაკუთრებით.
-შეუყვარდა იმ დებილს. ასე შარში ეხვევიან და-ძმა და მერე ყველაფრის მოგვარება ჩვენ გვიწევს. აი, ნახავ, ამაზე უარეს დღეში თუ არ ჩაცვივდნენ მალე... -საავადმყოფოსკენ გაიშვირა ხელი ლანამ.
-თუ დახმარება არ გინდა, აქ არავინ გაკავებს. მიბრძანდი! თუმცა კარგად გაიხსენე, რომ მას არასდროს მიუტოვებიხარ, როცა ცუდად იყავი. მეგობრობის განმარტება თუ გადაავიწყდა შენს გლუვ ტვინს, შემიძლია შეგახსენო. საერთოდ ნენეზე ასე როგორ ლაპარაკობ?!
-შენც ჭკვიანად იყავი, -ცინიკურად გაუღიმა გამარქაფებულს, -გგონია ვერ ვამჩნევ, როგორ აგიჩუყდა გული რიოზე? რას მალავ...
-შენ მე იმდენ რამეს გიმალავ, ლანა... -თავი გვერდზე გადახარა ლილემ, ჩაეცინა თვითონაც, არაფრით დაუდო ტოლი უფროს ბიძაშვილს. -შენი ეჭვები შენთვის შეინახე, ძვირფასო. შენ მე ნენე არ გეგონო, ენას ამოგაძრობ, თუ ჩემს საქმეში ცხვირის ჩაყოფას არ შეეშვები... კაიც, ლანუ?
-ტატოს რეაქცია მაინტერესებს, რომ გაიგებს ის თავქარიანი ბიჭი შეგიყვარდა... ძალიან კი უყვარს, მაგრამ არამგონია სიძედ უნდოდეს...
-შენ მაგარი გარეკილი გაქვს, ხო იცი? -ჩაიფრუტუნა ლილემ და უდარდელად აუარა გვერდი, თითქოს გულზე არ მოხვედრია მისი სიტყვები, თითქოს ჩუმად თავადაც არ ფიქრობდა თავის არეულ გრძნობებზე.

მანქანაში სიჩუმე მოუსვენრად ტრიალებდა, თითქოს ერთი სული ჰქონდა, რომელიმესთვის ტუჩებიდან ერთი სიტყვა მაინც დაეცდინა.
ისინი მაინც ჯიუტად ინარჩუნებდნენ სიმშვიდეს.
ეზოში რომ გააჩერა დადამ მანქანა, მხოლოდ მაშინ გადმოხედა ნენემ.
-წადი სახლში, მე თვითონ მივიტან...
-მიდი, გელოდები. -ღვედი შეიხსნა და კომოფრტულად მოთავსდა სავარძელზე. თითქოს არც გაუგია ნენეს სიტყვები.
ზუზუნით აიარა კიბეები, ათასი სიტყვით შეამკო გზად ეზოში დატოვებული ნაკაშიძე. ლანამ ხომ დაინახა ეს ორი ერთად. ნეტავ, რომ მივიდოდნენ რამე ისეთი არ ეთქვა, ახლა ისეთი უადგილო იქნებოდა მისი სიტყვები.
ჩუმად იმგზავრეს საავადმყოფოს მიმართულებით.
რაღაცაზე ღრმად ჩაფიქრებული ჩანდა დადა, საუბრის პროვოცირებას აღარც ნენე ცდილობდა წეღანდელი დიალოგის შემდეგ, თუმცა გულის სიღრმეში ყველაზე მეტად ის ამბები აინტერესებდა, ნაკაშიძეს რომ ჰქონდა მოსაყოლი.
-რა უნდა გეთქვა ცერცვაძეებზე? -დაიწრიპინა ბოლოს, ზედმეტად რომ მიუახლოვდნენ საავადმყოფოს და მოთმინების ფიალამაც ბოლო წვეთი დაცალა.
-ცერცვაძეებმა რა გითხრეს ჩემზე?! -ისე მშვიდად ჰკითხა, თითქოს თავად არ იცოდა, რა შეიძლება ეთქვათ ტატოსა და კოტეს ნენესთვის მის შესახებ.
ანდაც, იცოდა და დიდად არ აინტერსებდა.
-კარგი არაფერი.
-მაინც?! -თვალები დააწვრილა ნაკაშიძემ.
ჰაერი თითქოს გამკვრივდა, ნენემ იგრძნო როგორ მოექცა მისი მზერის წნეხში და წამიერად ინანა კიდეც ამ თემაზე საუბარი რომ მოინდომა.
-რა მნიშვნელობა აქვს? -აღელდა, თუმცა გულწრფელი იყო მაინც მისი პასუხი. თვალები მოარიდა და გზას გახედა. -რომ დამეჯერებინა არც შენს მანქანაში ვიჯდებოდი და არც ამ შეკითხვას დაგისვამდი.
-მაგ სიტყვებს წეღანდელის გასაბათილებლად მეუბნები, თუ...
-არაფრის გასაბათილებლად არ გეუბნები, დადა. -გაიბერა ბრაზისა და სირცხვილისგან, -არ მიპასუხებ?
-ტატო არაუშავს ტიპია. გულწრფელი ვიქნები და არ გეწყინოს ძვირები შენიანებზე, -წარბების აზიდვით გააფრთხილა, სანამ საუბარს გააგრძელებდა. -ის, მეორე... კოტე კიდე არაადეკვატური იდეალისტია, რომ ჰგონია მოსამართლის ჩაქუჩით ნათელი მოეფინება ყველაფერს დედამიწის ზურგზე და ქვესკნელშიც.
-და შენ რა შუაში ხარ კოტეს მორალთან?! -წარბები აზიდა, ამით თითქოს ირიბად იმისკენაც კი მიანიშნა, რომ თავადაც მოსამართლის ჩაქუჩის იმედი ჰქონდა.
-შუაში კი არა თავში ვარ. მაგის სამართლის აღსრულების ღერძი ჩემ ირგვლივ ტრიალებს, -იმდენად დამცინავი იყო მისი სიტყვები, ნენეს შუბლი აუწვა მოთმინებამ, რომელიც უნდა გამოეჩინა და რომელიც ძალიან მძიმე შესაკავებელი აღმოჩნდა.
კოტე ძალიან უყვარდა. უსამართლოდ არასდროს არავის მოჰქცევია. დადა კი ისე ლაპარაკობდა მასზე... ალბათ, როგორც სიმართლის სხვადასხვა მხარეს მყოფი ადამიანები საუბრობენ ხოლმე ერთმანეთზე.
-კოტეს დანაშაულის კომპასის ისარი სულ ჩემკენ არის მომართული. სიმართლე გითხრა, ვერ გავამტყუნებ, მაგრამ ჩემი მორალი კოტესნაირების მორალისგან იმით განსხვავდება, რომ ჩემი აზრით, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ხოდა, იმდენად ვერ მიმტკიცებს დანაშაულს, რომ უკვე აზარტში გადაუვიდა სადმე წამიჭიროს. ახლა ამისთვის შესანიშნავი შანსი აქვს, ჩამისაფრდა, ჩემ ირგვლივ ყველას და ყველაფერს აკვირდება. მიკვირს, შენ როგორ გამორჩი.
საკუთარი გრძნობებისა და სახის კონტროლი ისე გაუჭირდა ანდრონიკაშვილს, რომ მთელი სხეული დაძაბულობისგან შეეკუმშა. თითქოს ზედმეტად ახლოს მივიდა თავის დანთებულ ცეცხლთან.
-და შენ ხარ დამნაშავე? -ჰკითხა ხმადაბლა, არც ეჭვები ეტყობოდა ხმაში და არც შინაგანი სულისწამღები სასოწარკვეთა.
არც დანაშაულის გრძნობა, რომ მასთან ბოლომდე გულწრფელი არასოდეს ყოფილა და შედეგებს აუცილებლად ძალიან მწარედ იწვნევდა საკუთარ თავზე.
-ისეთი არაფერი დამიშავებია, შენ რომ ვერ მაპატიო.
-დადა! -ხმა გაიმკაცრა ნენემ.
გეგონებოდათ ჭიანჭველის მოკვლასაც არ აპატიებდა, ისეთი დაუნდობელი იქნებოდა მის მიმართ.
-რა იყო? რა არის შენთვის ყველაზე დიდი დანაშაული... რის ჩამდენს არ დაიცავ არასდროს, ნენე? -ზედმეტად ხმადაბლა წარმოთქვა ეს სიტყვები, თითქოს იწვევდა.
-მკვლელობის.
-ბანალურია. -ამ პასუხს ელოდა ყველაზე მეტად, კმაყოფილებით უელავდა თვალები, ტკბებოდა მახეში გაბმულის ყურებით.
-რატომ არის ბანალური? მკვლელობაზე დიდი დანაშაული არ არსებობს. -ღვედი ძლივს იჭერდა ნენეს, ისე გაცეცხლდა.
ოდნავ წამოიწია სავარძლიდან და მთელი ტანით მიბრუნდა დადასკენ.
-კაი ერთი, -ნაკაშიძე იყო სამაგიეროდ მშვიდი, თითქოს დანაშაულების განხილვის ნაცვლად იადონის გალობა ჩაესმოდა. -ის, რაც შენი კანონისთვის არის დანაშაული, ჩემთვის ხშირად კანონზომიერებაა.
-რომელი შენი კანონისთვის?! ერთი კანონი არსებობს ყველასთვის!
-არსებობს კი ერთი კანონი ყველასთვის?! -ცინიკურად შეუბრუნა კითხვა, უარესად გაამწარა ისედაც გაცხარებული. -არ ვიცი, თქვენს სამყაროში როგორ ხდება, მაგრამ რეალურად ყველაფერი ფარდობითია, ნენე, თეთრზე შავით დაწერილი კანონიც.
-ვინ „ჩვენს“ სამყაროში?!
-ანგელოზების. -სხარტად უპასუხა და დაუფარავი კმაყოფილებით სახეგანათებულმა გადმოხედა ენაჩავარდნილს.
თითქოს ყველა მსგავსად დასრულებულ კამათს წინასწარ ზეიმობდა ერთი მზაკვრული ღიმილით.
-შენთან საუბარი ხომ შეუძლებელია, -ჩაიდუდღუნა ლოყებაწითლებულმა და ფანჯრის ჩამოწევა სცადა.
-საუბარი ყველაზე მეტად ჩემთან შეგიძლია...
-გაჩერდები ახლა?! მაინც არ მითხარი ბოლომდე. რამე დააშავე? კოტე უაზროდ არ გადაგეკიდებოდა.
-დავაშავე, -მშვიდად უთხრა, -მაგრამ მაგას რისთვისაც უნდა ჩემი დასჯა, მე არ დამიშავებია.
-მაშინებს შენთან ურთიერთობა.
-არ გეტყობა რაღაც, -კარგად მოათვალიერა მის გვერდით სავარძელზე კომფორტულად მოთავსებული. -შენც კოტესავით ხარ. ძაან გინდა გეშინოდეს, მაგრამ არ ვარ საშიში და გწყინს.
-შენ ჩემ წინაშე დანაშაული აღიარე წეღან! -ცხვირწინ მოუღერა თითი, სხვა ვერაფრით იძიებდა შურს იმ მართალი სიტყვებისთვის ორი წამის წინ რომ გაჟღერდა მათ შორის და საერთოდ სხვა მნიშვნელობა რომ შეიძინა ნენესთვის.
-დამაპატიმრებ?
-დაგიჭერ! გგონია, არ შემიძლია?! ვერ შევძლებ?
-დარწმუნებული ვარ რომ შეგიძლია, მაგრამ არ გააკეთებ. თან არაფერი მითქვამს კონკრეტულად. რაც მნიშვნელოვანია შენთვის, ის გითხარი.
-რა არის მნიშვნელოვანი ჩემთვის? ფაქტების გარეშე საუბარი?
-მე რომ დამნაშავედ ვთვლი თავს რაღაცაში და ამას შენთან ვაღიარებ, ეს არის მნიშვნელოვანი შენთვის, ნენე. თუ არ არის, ასე უნდა იყოს. ფაქტის ცოდნა რას შეცვლის შენთვის?! უფრო დაიჯერებ?
-შენ მე მაიძულებ შენს სიტყვას ვენდო. ბრმად.
-არა, მე შენ გთავაზობ, რომ მენდობოდე. თუ ვერ შეძლებ იმაში მენდო, მე როგორ აღვიქვამ საკუთარ არასწორ საქციელს, შენთვის ამ არასწორი საქციელის ცოდნას რატომ აქვს მნიშვნელობა?!
-ასე არ არის.. არ შეიძლება...
-ნენე, მე შენი კლიენტი არ ვარ ფაქტებს მთხოვდე ჩემს სიმართლეში დასარწმუნებლად. -ხმა გაიმკაცრა, იმ წამს ისეთი მომთხოვნი იყო და ამავდროულად ისეთი თავდაჯერებული, რომ ცივმა ჟრუანტელმა დაუარა ტანში გოგონას. თითქოს კარგად აგრძნობინა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ნდობა, თუნდაც ბრმა, მაგრამ რაც მთავარია, დამსახურებული. -თუნდაც შეცდომების აღიარების სიმართლეში დასრწმუნებლად. ცერცვაძეების წინაშე რამე განსაკუთრებული ვალდებულება გაქვს, თუ რატომ გაწუხებს ასე ჩვენი უთანხმოება?
-კოტეს შვილი, ლანა, ჩემი ბავშვობის მეგობარია. საუკეთესო. ერთი ნაბიჯიც არ მახსოვს ლანას გარეშე გადადგმული, -თავადაც ვერ გაიაზრა, რატომ მოაწვა ცრემლები მასზე საუბრისას. -მამა რომ გარდაიცვალა, ცერცვაძეები ძალიან დაგვეხმარნენ. ყველანაირად... მეც კოტეს თვალწინ ვარ გაზრდილი, რიო უფრო ტატოსკენ იწევდა ყოველთვის, ალბათ იმიტომ რომ მამას ტატო განსაკუთრებულად უყვარდა თავისი მეგობრებიდან და ამ კავშირის შენარჩუნებას ცდილობს. ჩემთვის ბევრ ნათესავზე ახლობლები არიან.
-ანუ სასწორის მხარე იმათკენ ქაჩავს?
ისეთი სიმშვიდე მოდიოდა მისგან, აუღელვებლობა და სიმსუბუქე, რომ ნენემ ვერაფრით შეძლო დადას ცერცვაძეებთან დაპირისპირება, არათუ მათი მნიშვნელობების შედარება.
-მე არავის ვწონი, -უპასუხა გულდაწყვეტილმა. გულის სიღრმეში ხომ იცოდა, რომელიმე მხარისთვის წყენინება მოუწევდა...
გულის სიღრმეში ისიც იცოდა, რომ არჩევანი უკვე გაკეთებული ჰქონდა და მისი გულის სასწორი ყოველთვის იმ ადამიანისკენ დაქაჩავდა, ვინც გვერდით ეჯდა იმ წამს.
მთელი ძალით ებრძოდა საკუთარ თავში იმ შეგრძნებას, რასაც ამ კაცის მიმართ განიცდიდა - თვალდახუჭულ ნდობასა და სიახლოვეს, სხვა თვალისთვის უმიზეზოსა და სულელურს, მხოლოდ იმის გული რომ გრძნობს, ვისაც უყვარს...
-არჩევანის წინაშე მე არ დაგაყენებ არასდროს, მაგრამ არც უპასუხოდ დავტოვებ იმას, ვინც არასწორად მექცევა. ეს იცოდე.
გასუსული იჯდა ნენე მთელი გზა. ისე აეკრა კარს, ერთი სული ჰქონდა დადას მანქანა გაეჩერებინა, რომ სასწრაფოდ გადამხტარიყო იქედან და გაშორებოდა იმ დანაშაულის გრძნობას, მის გვერდით ყოფნის დროს უფრო მძაფრად და მტკივნეულად რომ გრძნობდა.
სირცხვილით იწვოდა თავისი სიტყვების გამო.
-აქ გამიჩერე, -დაიჩურჩულა ბოლოს საავადმყოფომდე ერთი გაჩერებით ადრე.
-რა იყო, ჩემთან ერთად გამოჩენა არ გინდა? -ცალი თვალით გადმოხედა და მისი მოკუნტული სხეულის დანახვისას სუსტად ჩაეღიმა.
არ გაუჩერებია მანქანა, მშვიდად განაგრძო სვლა და დაიმსახურა კიდეც ანდრონიკაშვილის მრისხანე მზერა თავნებობის გამო.
ლანას მძაფრი მზერა ჰქონდა, რომ დაინახა თავისი ბავშვობის მეგობარი და დადა ნაკაშიძე დაუფარვად მოაბიჯებდნენ საავადმყოფოს დერეფანში.
დაღამდა, ყველა დაღლილ-დაქანცული იყო გიჟური სამუშაო დღის შემდეგ.
მიმღებში და ექიმთან ყველა პროცედურა გაიარა ნენემ. ცალ თვალს იქეთკენ აპარებდა, სადაც დადა დატოვა წეღან.
ტატოს რაღაცაზე ელაპარაკებდა, მათ სხეულებს შორის დისტანცია იგრძნობოდა, ისევე როგორც ზომა მზერაშიც.
თითქოს გათვალისწინება იგრძნო ნენემ დადას მხრიდან. ცერცვაძეების მნიშვნელობა მიიღო და გაიაზრა თითქოს ნაკაშიძემ და სხვა შემთხვევაში არაფრით იქნებოდა მისი მზერა დაცლილი ყველანაირი დაპირისპირებისგან.
ოდნავ მოეშვა.
უკან რომ დაბრუნდა, ერთმანეთს სუსტად დაუკრეს თავი კაცებმა და გარეთ გავიდნენ. თვალებით ანიშნა, გარეთ დაგელოდებიო.
ლილეც აედევნა მამამისს.
ის და ლანა ჩამორჩნენ. წინ წასული ახლობლების ზურგებს შეჰყურებდნენ.
-მომისმინე, ზედმეტი მომივიდა დღეს. -ხმადაბლა თქვა ცერცვაძემ, ჟრუანტელმა დაუარა ნენეს, თუმცა არაფერი შეიმჩნია. ბოლომდე უნდა ელაპარაკა. -ამ ფორმით არ უნდა მეთქვა შენთვის რიოს ამბავი. ავღელდი და თავი ვეღარ შევიკავე.
ისეთი შეგრძნება დარჩა ნენეს, თითქოს აღარც კი ენდობოდა მის სიტყვებს... თავისი უნდობლობა უცებ დაუპირისპირა ბოლო დიალოგს დადასთან და ისევ იმ მდინარეში აღმოჩნდა ჩაძირული, საყვარელი ადამიანების სანაპიროებს რომ აპირისპირებდა ერთმანეთთან.
-ხომ იცი, შენთვის მხოლოდ კარგი მინდა. -გასასვლელთან შეჩერდნენ. მათი არავის ესმოდა.
ლანა მონდომებით ეძებდა მეგობრის თვალებში იმ თევზს, რომელსაც საკუთარ ანკესზე წამოაგებდა - ნდობას, რომელიც თანდათან მიჰქონდა ახელილი თვალებიდან წამოსული ცრემლების მდინარეს.
-მგონია, რომ შენ თვითონაც ვერ ხვდები, რა არის შენთვის სწორი, ნენე. იმ კაცის მანქანაში როგორ ჯდები... ჩვენ მისნაირებს უნდა ვებრძოდეთ, ერთად თუ არა, ცალ-ცალკე მაინც.
-რატომ გაყევი დღეს დილით რიოს?
-იმიტომ, რომ დავინახე დადაც იმ გზით წავიდა. რაღაც ვიეჭვე.
-და რა გააკეთა დადამ?! მანქანაში ჩაისვა რიო და თავისი ხელით მიუგდო ნუცუბიძეს, როგორც შენ მომახალე იმ ინფორმაციასთან ერთად, რომ ჩემი ძმის მუცელში ტყვიას დაეძებდნენ?!
-არა, უკან გაჰყვა, უყურებდა შორიდან, როგორ ელაპარაკებოდა შენი ძმა ნუცუბიძეს, როგორ მიაყარა ფული და მერე წამოსვლისას ჩაისვა. დანარჩენი იცი.
-იმ ფორმით რატომ მითხარი, ჩემთვის გული რომ გეტკინა?! მე რომ თავი მეგრძნო დამნაშავედ?! შენ რას ხედავ, მე რომ თვალებში მიყურებ, ლანა?! სიყვარულით და ამ ცხოვრებით ბედნიერ ადამიანს?! თუ რატომ მოინდომე ჩემთვის თვალებში თითის ასე მწარედ ჩათხრა, გამაგებინე...
ლანა ცოტა ხნით გაჩუმდა. თითქოს ვერ აიტანა ნენეს ხმა, ასეთი ტკივილიანი და მძიმე. თითქოს ვერ შებედა თავისი მშვიდი და მბრალდებლური.
-რიოზე ვერ გითხარი... -ხმადაბლა განაგრძო ნენემ, იქვე ჩამოჯდა და გაიხედა შორს, ჩაბნელებულ ეზოში. -ჩხუბობდა და ასე შოულობდა ფულს. სიტყვა ვერ იტყვის, რა მწარე იყო ჩემთვის ყველა ლუკმა იმის გაგების შემდეგ, რომ ჩემმა თავგზააბნეულმა ძმამ სხვა გამოსავალი ვერ იპოვა ოჯახის დასახმარებლად. თქვენ ვერ გაგიმხელდით... არ მკითხო, რატომ... შენც ხომ იცი, რატომაც. ყველამ უნდა ისწავლოს საკუთარი პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარება, ლანა. დადა იქ სეირის საყურებლად არ წასულა. რიოს ის გაკვეთილი ასწავლა, რაც მე ვერ ვასწავლე, რაზეც შენ ყოველთვის მეჩხუბებოდი, დაგავიწყდა? შენი ხელის დაფარების იმედი რომ აქვს, ამიტომაც იქცევაო ასე... უიმედოდ დატოვა საკუთარი განსაცდელის წინაშე, რომ მიმხვდარიყო რამდენს ნიშნავს, როდესაც ვიღაც მაშინაც გეხმარება, როდესაც შეცდომებს უშვებ... და რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღება. ფული რომ ნუცუბიძისთვის დაებრუნებინა, მან უთხრა, მან წააქეზა იმ საქციელისკენ, რომელიც ვინ იცის, იქნებ მე გამოვიწვიე ჩემი დათვური სამსახურით... შორიდან იმიტომ უყურებდა, რომ ბოლომდე მაინც არ ენდობოდა ნუცუბიძეს. მე მჯერა ამ ადამიანის.
ბოლოს გააჟღერა ყველაზე მნიშვნელოვანი. იმ ადამიანის მიმართ ნდობა გაუმხილა მისთვის ყველაზე ძვირფასს, თავის ბავშვობას, ვისაც ყველაზე ნაკლებად ენდობოდა....
მანქანაზე მოთმინებით მიყუდებულ დადას გახედა ლანამ. მერე ისევ თავის წინ ჩამომჯდარ, დაღლილ-დაქანცულ მეგობარზე გადმოაცურა მზერა. თითქოს ვერ წყვეტდა იმას, რაც უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა.
-ანუ შენ მას ენდობი.... -დაიჩურჩულა ხმადაბლა და გვერდით მიუჯდა, თავადაც საგონებელში ჩავარდა. ასე ჩანდა.
-ასეა.
-შეიძლება გკითხო, რატომ?
ღრმად ჩაისუნთქა ნენემ. თავისი თავი გაახსენდა წეღან დადასთან დიალოგში..
-წეღან რაც გითხარი, არ იყო საკმარისი?
-შენ რატომ ენდობი-მეთქი... -ვერ გაიგო ლანამ, -გიყვარს. რა სულელი ხარ, ნენე... ძალიან გატკენს გულს. ახლა, ამ სიტუაციაში რომ ჩემზე სწორად მოიქცა, არ ნიშნავს, რომ სულ ასე იქნება, ნენე...
-მე არ გადარებთ ერთმანეთს. შენი მესმის...
-შენ გგონია, მისი ის მხარე დაინახე, რომელსაც მე ვერ ვხედავ, ხო? - გააწყვეტინა და ფეხზე წამოდგა ლანაც, ნელა ჩაუყვნენ კიბეებს.
-და შენ გგონია, რომ მისი სხვა მხარე მე გამოვიგონე, ლანა. მე არ ვამტკიცებ, რომ უშეცდომოა...
-არც უდანაშაულოა. ორი სხვადასხვა სიტყვაა შეცდომა და დანაშაული, ნენე. -გაუღიმა და არც შეუთავაზებია მასთან ერთად წასულიყო, ისე ჩაჯდა თავის მანქანაში.
თითქოს ისედაც იცოდა, რომ დადას გვერდით იყო მისი ადგილი... ნენემ ირიბ დაზავებად მიიღო ლანას ღიმილიანი გამომშვიდობება.
უსიტყვოდ ჩასხდნენ მანქანაში. დაკვირვებული მზერით მოათვალიერა გოგონას ამღვრეული სახე დადამ. არაფერი უთქვამს, თუმცა ყველაფერს ხვდებოდა მშვენივრად.



მეორე დილით ლილემ ყველას დაასწრო საავადმყოფოში მისვლა. მოუსვენრად დაბორიალობდა დერეფანში, ხან წიგნი გადაშალა დროის გასაყვანად, ხან ინტერნეტში შეძვრა, მაგრამ მაინც და მაინც მაშინ შენელდა საათის ისრების მოძრაობა.
ძალიან უნდოდა თავად შესულიყო და ენახა რიო, მაგრამ თითქოს ამით საკუთარ თავს დაუმტკიცებდა იმას, რისი დაჯერებაც არ სურდა და რაც ისედაც დღესავით ნათელი იყო უკვე. ამ ბიჭის სახის დანახვა გულს უცნაურად უჩქარებდა.
პაციენტები ვიზიტორებს შუადღის სამი საათიდან იღებდნენ, ჯერ მხოლოდ ორი იყო.
დაცვამ დიდხანს უყურა მოწრიალე გოგონას და ბოლოს თავად შესთავაზა, შეგაპარებო. უარი არ უთქვამს. სწრაფად გაირბინა დერეფანი და ფრთხილად შეაღო რიოს პალატის კარი.
-აუუ, -უკმაყოფილოდ დაიჭყანა რიო, მოწითურო თმამ რომ მოსჭრა თვალი, შემდეგ კი ლილეს განრისხებული გამომეტყველება გამოარჩია საავადმყოფოს ოთახის თეთრ კედლებში, -შენ რა გინდა აქ?!
-ლანაა გარეთ, თუ გინდა იმას შემოვუშვებ ჩემ მაგივრად. -გულზე გადაიჯვარედინა ლილემ ხელები და სცადა გულგრილი გამომეტყველება ჰქონოდა, არ დასტყობოდა, როგორ მოხვდა გულზე ასეთ დღეში ჩავარდნილი რომ დაინახა ანდრონიკაშვილი.
-კაი, კაი. იყავი… -ვითომ ძალიან არ უნდოდა მისი იქ ყოფნა, -რა იყო, რა ფერი არ გადევს, ჩემ გამო ინერვიულე?
-ჩემი სისხლი გადმოგისხეს, -დააყვედრა მაშინვე, კომფორტულად და ყელმოღერებით ჩამოუჯდა ბიჭს საწოლის გვერდით, სკამზე. -ნემსის მეშინია და ვერ ვარ კარგად.
-ასე აუტანლად ამიტომ ვგრძნობ თავს?!
-მადლობის მაგიერი ხარ?!
-შხამი გადამისხეს და მადლობა ვთქვა?! -წარბები აზიდა რიომ, მწარე სიტყვები კი უთხრა, მაგრამ საოცრად თბილი ჰქონდა ხმა.
-მადლობა თქვი, რომ არ მოკვდი.
-მადლობა, -თვალები მიხუჭა რიომ. ლილეს სურნელმა წამიერად მიავიწყა საავადმყოფოს ამყაყებული, წამლებით გაჟღენთილი საძულველი ჰაერი.
-სად მიბრძანდებოდი? რატომ არ მიაყვანინე დადას თავი სახლამდე?
-შენ საიდან იცი? -ცალი თვალი გაახილა, წარბები შეჭმუხნა.
-ლანა დაგედევნათ, დაგინახათ ეზოში.
-მაგას ვინ ეკითხება? -უკმაყოფილოდ წამოჯდა, შემდეგ კი ტკივილმა შეახსენა თავი და დამანჭული სახით დაუბრუნდა საწყის პოზიციას. -რას დამსდევს, მეტი საქმე არ აქვს?!
-ნუ იკლაკნები უშნოდ. სად მიდიოდი-მეთქი.
-შენთან მოვდიოდი, ძვირფასო. -უთხრა გაღიზიანება, რას ჩააცივდა, რა ამ გოგოს საქმე იყო.
ენა გაუკავდა ლილეს. წამიერად თითქოს დაიჯერა მისი სიტყვები, მაგრამ მაინც ამაყად მოიღერა ყელი.
-რას გაწითლდი.. არ დამაცადეს, ხომ ხედავ, შენკენ მომავალ გზაზე ტყვიამ მიმსხვერპლა.
-ცოცხალი ხარ, თუ ვერ შეამჩნიე.
-სანამ დაგინახავდი, თავი სამოთხეში მეგონა. რა მედდები ჰყავთ აქ იცი? ანგელოზებივით. მერე შენ შემოხვედი და...
-შენ რა გინდა სამოთხეში, ეშმაკო! -წაუსისინა გაღიზიანებულმა და უცებ შეცვალა თემა, სანამ კამათი ხელჩართულ ჩხუბში გადაეზრდებოდათ. -დადას გამო დაგემართა ეს?
-იმან გითხრა, კითხეო? ნამდვილმა ეშმაკმა და შენმა სანაქებო ბიძაშვილმა.
-არა. -ცეცხლი გაყარა თვალებიდან ლილემ, თითქოს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა მისთვის ლანას ჯაშუშობა იყო. -არ უთქვამს, მაგრამ არ მოსწონს აშკარად ის ბიჭი. ვერ ვხვდები, რატო აგეკიდათ.
-ჭორიკანაა და იმიტო. დადას ბრალი არაფერი არაა. მე ვარ დამნაშავე და მივიღე პასუხი. დაიკმაყოფილე ინტერესი?
-რა დააშავე?
-აღსარება ჩაგაბარო?
-რა აუტანელი ხარ! -ფეხზე წამოდგა ლილე და ზემოდან ისე დააცქერდა, თითქოს მიხრჩობას აპირებსო.
რიომაც განზრახ გაუღიმა გამომწვევად, უარესად აუელვარდა თვალები და ლოყები გოგონას.
-მიდიხარ უკვე? -ნაწყენი ჩანდა.
ხანშიშესულმა, ფუმფულა მედდამ შემოაღო კარი და თავი შემოჰყო მხოლოდ პალატაში მისი საყვარელი პაციენტისთვის რომ დაეხედა.
-რიო, როგორ ხარ, რამე ხომ არ გჭირდება, გენაცვალე?
-არა, ქალბატონო ირმა, -ეშმაკურად გაუღიმა ამანაც მედდას. -ნუ შეწუხდებით.
-კარგი, თუ რამეა, დაგვირეკე. მე და თამრო აქ ვართ მთელი დღე...
-აუცილებლად, აუცილებლად.
-ესაა ის ანგელოზი? -წეღანდელი სიტყვები შეახსენა ლილემ, ირონიული ღიმილი ვერ გააკავა ტუჩებზე.
-შენ მეორე უნდა ნახო. -თვალები მიხუჭა და ისე გაუგრძელა ლაპარაკი.
შიშველი ზედატანის ნახევარი მოუჩანდა ხელებზე მიხატულ ათასნაირ ტატუსთან ერთად.
ისევ ჩამოჯდა ლილე და ჩუმად იყვნენ ცოტა ხანს. ამ ორს შორის მშვიდობიანი შეთანხმება ისეთი უჩვეულო იყო, თავადაც კი ეხამუშებოდათ ოთახში გამეფებული მყუდროება და სიმშვიდე.
-ნენემ ძაან ინერვიულა? -ხმადაბლა იკითხა მერე რიომ, თვალებს ისევ არ ახელდა.
-ხო. ტატომაც.
-შენზე არ გკითხავ, გეტყობა სახეზე მთელი ღამე რომ გაგითენებია ჩემზე დარდში.
-მე რომ ვყოფილიყავი შენს მდგომარეობაში, შენ არ გეწყინებოდა? -გულწრფელად ჰკითხა ლილემ, თითქოს გულისცემაც კი შეუჩერდა პასუხის მოლოდინში.
რიო თითქოს დაფიქრდა ცოტა ხნით. თვალები არ გაუხელია, მაგრამ ორივემ იგრძნო, როგორ შეიცვალა მათ შორის ატმოსფერო.
-არა. -უთხრა უდარდელად.
-ხოდა არც მე მწყენია და მინერვიულია. შენზე ფიქრშიც არ ვათენებ კიდე, იოცნებე. ჟღენტს ვემესიჯებოდი მთელი ღამე.
-აუფ, -ფხუკუნი ვერ შეიკავა რიომ, იმდენად სასაცილო იყო ლილეს სამაგიერო მის პასუხზე, -ჟღენტს თუ წერდი, როგორ არ დაგეძინა, დებილია ტიპი.
-დებილი სულაც არ არის. გუშინწინ სიყვარული ამიხსნა.
-ოხ, მოხსნა ტატომ ოციანს თავი?! -თვალები გაახილა, ვერაფრით გამოტოვებდა ლილეს გამწარებული სახით ტკბობის სიამოვნებას. -ჟღენტმა აუხსნა თურმე სიყვარული. ეგრე აგიხსნა თოლორდავამ, იაშვილმა და გვალიამ, მაგრამ დიდი ხანია მაგათი დებილი სიფათები აღარ მინახავს. რაო ჟღენტმა? მომიკითხე. ეგ რო ყველა გამოცდაზე ჩაიჭრა, იცი?
-შენ ხომ ყველას აბარებ, სხვას რომ დასცინი.
-მერე მე რა შენი შესაფერისი ვარ, -ცინიზმისგან დაცლილი ხმით უთხრა, თვალებიდანაც წამიერად გაქრობოდა ჩვეული სიეშმაკე.
თითქოს აგრძნობინა, რომ მიუხვდა მღელვარების მიზეზს, აწითლებულ ლოყებსაც, ათრთოლებულ სუნთქვასაც, ბრაზში გამოხვეულ გრძნობებსაც და თავისი პასუხიც გააგებინა იმ გრძნობებზე, რომლებსაც დაუფარავად აფრქვევდნენ ლილეს თვალები, როცა რიოს უყურებდნენ.
-შენ ვინ რას გეხვეწება მერე, -უთხრა უჩვეულოდ დასევდიანებულმა და ფეხზე წამოდგა, მხარზე მოიგდო ჩანთა. -კარგი, წავედი. დავრწმუნდი, რომ არ მოკვდები.
-ნუ გადარდებს შენ, მე რა მომივა, ლილე. -ზურგში მიაწია სიტყვები, -არ შეიძლება.
არაფერი უპასუხა ცერცვაძემ, აჩქარებული ნაბიჯებით, ამოვარდნილი გულითა და ცრემლებით ავსებული თვალებით გაირბინა ის დერეფანი, რამდენიმე წუთის წინ რომ სხვა ემოციებითა და შემართებით გამოიარა.
მაგრად იკბინა ქვედა ტუჩზე, რომ არ ეტირა და სწრაფად გაეცალა იქაურობას.

-არ ამოიღებ ხმას?! -ამოიბურტყუნა რიომ, ათი წუთი რომ გავიდა, რაც მდუმარედ იჯდა ნენე მის გვერდით და ფანჯარაში იხედებოდა თვალებგაშეშებული.
-არ ვიცი, რა ვთქვა.
-რა ვიცი, გამლანძღე მაინც, უხერხულად ვარ..
-ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს შენთვის რამის თქმას? ლანა რომ არა...
-ეგ ჩერჩეტი რომ არა, არაფერიც არ მოხდებოდა! -მთელი დღის ნაგროვები მოთმინება ერთიანად გამოეცალა ხმიდან რიოს.
-რას ამბობ შენ? ხვდები, რომ რაც დაგემართა შენი ბრალია და სხვა არავის?! რამდენჯერ დაგხმარებია ან ლანა, ან კოტე, ან ტატო! საერთოდ არ გრცხვენია?!
-მათქმევინებ ახლა, თუ გააგრძელებ ისევ მაგ ქაჯის კბილებით დაცვას, როგორც ყოველთვის? გაახილე თვალები, ნუ ხარ ასეთი ბოთე, გოგო! შენ იცი, რამდენი ხანი მომყვებოდა ეგ უკან, იცი? რაო, რა გითხრა? გინდა, გამოვიცნო? გინდა?
-ნუ ყვირი, გეტკინება ჭრილობა... -დაფეთებულმა დახედა ნახვევებზე, სახე რომ შეუწუხდა რიოს ხმამაღალი საუბრისგან.
-არაფერი არ მეტკინება, მომისმინე და მერე გააწმინდანე ეგ გოგო! რაო, როგორ მოგიყვა-მეთქი... ხომ ყველაფერს უყურა, უკან ხომ მომყვებოდა, ხომ მაგან მიპოვა მიწაზე გაგორებული! ის რატო არ ახსენა არსად, ნუცუბიძეს რომ წაეჭორავა და მუქარა დაუწყო ციხეში ჩაგსვამო? ვინაა, გოგო, ეგ სხვას რომ ემუქრება, გამაგებინე! ვინ ჰგონია თავისი თავი! იცი, რა მითხრეს? ის გოგო ხმას თუ ამოიღებს კიდე, შენი დით აგებო პასუხს! მეორე ტყვიას კიდე შუბლში დამაჯენდნენ. შენ რა გგონია, იმას რატო არ დაემუქრა ნუცუბიძე? იმიტომ რომ ლანას ზურგი აქვს, ცერცვაძეა და ყველამ იცის ვინ დგას მის უკან! თავისი ზურგის იმედი რო აქვს, იმიტო ატლიკინებს იმ ენას დაუფიქრებლად, შენ გგონია იმან ან ჩემზე იდარდა, ან შენზე? წაიმეტიჩრა გოგომ და იმისი მოსახვედრი ხელი ჩვენ მოგვხვდა - უპატრონოებს!
-ნუ ამბობ ასე! -ხმა გაუცივდა ნენეს, როგორ ვერ იტანდა ამ სიტყვას, როგორ ეზიზღებოდა ეს დაუცველობის შეგრძნება, ამ სიტყვას რომ ახლდა თან.
-რატო, ასე არ არის? დაგვეხმარა თურმე, ვაიმე, ლანა კი არა დედა ტერეზა დავუძახოთ, მოდი! შანსს არ უშვებს ხელიდან, რაც გააკეთა ჩვენთვის ყველაფერი ყოველ ნაბიჯზე რო არ წამოგვაძახოს! ხო აგიკრძალე მაგასთან ჩემზე რაღაცების ლაპარაკი? ხო აგიკრძალე? არც დახმარება მითხოვია ოდესმე მაგ გოგოსგან! შენ სულ გწყინდა, რო გეუბნებოდი, მაგრამ მაინც გეტყვი, არ გავჩუმდები! მანიპულატორია, ყველას ჩამოგაშორა, რო მარტო მაგისი მეგობარი ყოფილიყავი და ნახე ერთი, თვითონ რამდენთან მეგობრობს! სულელი ხარ და შტერი! ვერც იმას იტანს, დადამ ყურადღება რომ მოგაქცია. ბოღმიანი და შურიანია...
-რიო, გაჩუმდი!
-არ გავჩუმდები! კი, მე შემეშალა, ვაღიარებ ამას, ვიცი, რო არასწორად მოვიქეცი, მთელი ცხოვრება მოგიხდი ბოდიშს ამის გამო, ბოდიში, რო სხვა გზა ვერ დავინახე და შემეშალა! მაგრამ ჩემს დანაშაულს სხვას არ შევაწმენდ არასდროს, თუნდაც არ მომწონდეს ის ადამიანი. უბრალოდ, გული მტკივა ასეთი სულელი რომ ხარ. რაო, რა გითხრა, დადამ ჩაუგდო ხელში ნუცუბიძესო? ხო ასე გითხრა, თქვენ შორისაც რო ჩამოეგდო შუღლი! დადას ჩემთან არასდროს არაფერი შეშლია, არც როგორც გოგოს ძმასთან, არც როგორც თავისზე უმცროსთან, არც როგორც კაცთან. რთული, მაგრამ სწორი გზა მაჩვენა. რთულად მოსასმენი, მაგრამ სწორი სიტყვები მითხრა. ლანას გასაკრიტიკებელი ვის ვის და დადა ნაკაშიძეს არ სჭირს არაფერი!
-რიო, შენ ბევრი რაღაც არ იცი... კოტე დადას ციხეში ჩასმას ცდილობს.
-მაგრად აკლია ოჯახს, ხოდა! -თვალებიდან ყველა გრძნობა წაეშალა უმცროს ანდრონიკაშვილს, მხოლოდ ბრაზი და რეალობასთან შეურიგებლობა უელავდნენ მწვანედ... -არ მიკვირს ეს ენაგადმოგდებული რო დარბის ქუჩა-ქუჩა, ოღონდ დადას რამე გამოუჩხრიკოს და მამიკოს თვალში საუკეთესო გოგო გამოჩნდეს. ჩვენს სამს შორის გუშინ ერთადერთი საეჭვო ადამიანი ნუცუბიძე იყო და ეგეც ვერ შენიშნა იმ შტერმა!
-არც დადაა წმინდანი.
-არც მე ვარ, ეგ ლანა მითუმეტეს არ არის, მორალის დაკარგვისთვისაც უნდა არსებობდეს ციხე, მე თუ მკითხავ. შენ იმსახურებდი მაგისგან ეგეთ გაუთვალისწინებლობას და ფეხებზე დაკიდებას, გოგო? შენ გინდა ყველა გაამართლო, გგონია ყველა კარგია და ყველა იმსახურებს გაგებას... შეიძლება ასეც არის, ნენე, შენ სხვანაირი გული გაქვს, მაგრამ ტყუილი წყლის ნაყვაა იმ ადამიანის გაგების მცდელობა, რომელსაც შენი აზრი ფეხებზე კიდია.
სულისწამღები სიჩუმე ჩამოწვა პალატაში. არაფერზე პასუხის გაცემა საჭირო აღარ იყო. რიოსაც ნელ-ნელა დაუმშვიდდა სუნთქვა, თითქოს ორივენი უსიტყვოდ შეთანმხდნენ, რომ ლანაზე ლაპარაკი აღარ ღირდა, რომ ყველაფერი ისედაც დღესავით ნათელი იყო და ფარდის გადაწევასაც დაეკარგა აზრი...
-ნინიკო რას შვრება, ხო არ გითქვამს?
-არა, სოფელში გავუშვი. შენ სახლში ისედაც არასდროს ხარ, დიდად არც გაკვირვებია. სად მიდიოდი გუშინ?
-ცუცქირიძის დაბადების დღეზე.
-მერე დიღომში რა გინდოდა? -წარბები აზიდა ნენემ, დაკითხვით უკმაყოფილო მზერა ჰქონდა რიოსაც.
-ისიც მობრძანდებოდა და ვიფიქრე, გავუვლი-მეთქი. მერე სულ ჩხუბი მიწევს მაგის გამო და წინასწარ მინდოდა სიტუაციის გაიასნება.
-ლილეზეა ხო საუბარი....
-ხო, აბა, ვის გამო ვჩხუბობ ხოლმე მე დაბადების დღეებზე. -თვალი მოარიდა რიომ.
წეღანდელი დიალოგი და ლილეს დახრილი თვალები ეკალივით გარჭობოდა გულში. არადა, როგორ ცდილობდა.
-როდის უნდა აღიარო, რომ გიყვარს?
-ნენე, ისეთ კითხვებს ნუ დამისვამ, რომლის გამოც ამ ფანჯრიდან გადახტომა მომინდება. -დაიდუდღუნა გაბრაზებულმა, -რა უნდა ვაღიარო, რა უნდა ვაღიარო, გოგო, რაც არ არსებობს?
-კაი ახლა. -გული მოუკვდა ნენეს, თვითონ ხომ ყველაზე კარგად იცოდა, რატომაც ინახავდა რიო გულში ასე ღრმად ლილეს. -მე მაინც ნუ დამიმალავ. მართალია, შენ საჩხუბრად მიზეზი არ გჭირდება, მაგრამ... ლილეს როცა ეხება, ყოველთვის მიზეზს ეძებ.
-რა გინდა ახლა? რატო მაღიზიანებ, გეკითხები. არავინ არ მიყვარს. ტატოს შვილი მითუმეტეს.
კარგად შეახსენა ნენესაც ის,რასაც თავად ვერ ივიწყებდა ვერასდროს - ტატოს არსებობას და მნიშვნელობას ლილეს ცხოვრებაში, თავის ცხოვრებაში.
-გოგოს არასდროს აგრძნობინო, რომ მის სიყვარულზე უარის თქმა შეგიძლია, რიო. შენზე ძალიან ინერვიულა, მგონი, ტატოც მიხვდა რაღაცას... იქნებ, დაელაპარაკო და...
-რო დაველაპარაკო, რა ვუთხრა? მაგ კაცმა ჩემი ყველა შეცდომა იცის, ჩემი ყველა არასწორი საქციელი ნანახი აქვს, ისიც იცის, რისი შეთავაზება შემიძლია მისი ქალიშვილისთვის - არაფრის. თავი გამანებე, ის მატრაკვეცა მაინც ვერაფერს ხვდება.
-ტატოს უყვარხარ, იცის, რომ კარგი ხარ...
-მე არ მენდომებოდა ჩემი დისთვის ან ქალიშვილისთვის ისეთი ტიპი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად კაი ტიპია, ნენე. საერთოდ არაფერზე არ უნდა მჭირდებოდეს თვალის დახუჭვა მე, როცა ჩემთვის ყველაზე საყვარელს ვიღაცას სამუდამოდ ვანდობ. დაბადების დღეზე მინდოდა გაყოლა და შეხედე, რანაირად დავამთავრეთ. იმისი სისხლის გადასხმა დამჭირდა! ვერ ვსუნთქავ, რომ მახსენდება... თითქოს ისე არ მყოფნიდა ახლა ძარღვებშიც რო შემომიძვრა. დაივიწყე ეგ ამბავი. ლილე ტატოს შვილია. ლილე არ შეიძლება. მორჩა.
*
სავსე მთვარე გაშიშვლებულიყო ზაფხულს გამოსამშვიდობებლად მომზადებული ქალაქის თავზე. ღრუბლები ცაზე ისე დაუდევრად მიმოფანტულიყვნენ, თითქოს ვიღაცას ხელებიდან დაუცვივდა და შემდეგ აკრეფა შეეზარა.
ფოთლები ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ მთელი დღის ნაგროვებ ამბებს და გრილი ნიავი ფანჯრებღია ოთახებში ახლად ფეხადგმული ბავშვივით დარბოდა.
შემოდგომის სიცივე არ იგრძნობოდა, თუმცა აღარც ბევრს დაიგვიანებდა…
უძილობა დასჩემდა ნენეს. გული უცნაურად უფეთქავდა მკერდში, მოსვენებას ვეღარ პოულობდა, თითქოს ყველა გზა, რომელსაც დაადგა, უფსკრულში ჩათრევით ემუქრებოდა და იმედისმომცემი ნათელი წერტილიც კი არ ჩანდა გაშავებულ ცის კამარაზე, ოდნავ რომ დამშვიდებულიყო.
ახლა ყველაზე ცხადად გრძნობდა იმას, რასაც გაურბოდა მთელი ცხოვრება - უმწეობას. საკუთარი ხასიათის სიძლიერე ახრჩობდა. უსიამოვნოდ გაეჩხირა ცრემლების ბურთი ყელში და შეკავებულმა ტირილმა გვერდებიც აატკივა. აივნიდან შემოსული ხმაურის გაგონებისას უცბად წამოჰყო თავი ბალიშიდან და მაგიდის სანათით ოდნავ გაანათა ოთახი.
იცოდა, ვინც იქნებოდა…
მსუბუქად მოაკაკუნა დადამ აივნის კარზე, სანამ შემოვიდოდა და ჯერ თავი შემოჰყო, შემდეგ მთლიანად შემოვიდა ნენეს ოთახში.
თითქოს ყველა დამაბნეველი ფიქრის მარწუხი მოშორდა, დამშვიდდა და ყველაფერი თავის ადგილას დადგა, დადა რომ დაინახა მშვიდი, შეუწუხებელი სახით.
პატარა ოთახი ჰქონდა ნენეს. ორი ნაბიჯიც არ დასჭირვებია, საწოლამდე მისასვლელად.
თვალებით კონტაქტს არ წყვეტდა დადა, თითქოს ასე მიანიშნებდა, რომ მისი ყველა ფიქრი კედლებს მიღმაც ესმოდა.
-მიიწიე ცოტა, -ოდნავ ჩამოუჯდა საწოლზე.
დაბნეული თვალები ააყვარყვარა ნენემ. ჯერ კიდევ ქსუტუნებდა. ხელებით მაგრად ჩაებღუჯა თხელი გადასაფარებელი და ნახევარ სახეს იფარავდა.
-მოდი ჩემთან, -ცალი ხელი მისკენ გადასწია საწოლზე ნახევარი ტანით გაწოლილმა და მკერდზე დაადებინა თავი, ფრთხილად მიეფერა ზურგზე, თითქოს ფაიფურის ყოფილიყოს…
-რას დაძვრები აივნიდან, კარიც აქვს ჩემს სახლს!
-კარიდან არ შემომიშვებდი და… -ზემოდან დახედა გაღიმებულმა, ისევ ეშმაკურად უელავდა თვალები, -თან ასე უფრო შთამბეჭდავია…
უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა, თითქოს ძალიან არ სიამოვნებდა ის სიმშვიდე, დადასთან სიახლოვეს რომ მოჰქონდა მხოლოდ.
-რაღაც გაწუხებს… -ხმა გაუღრმავდა დადას, უფრო ბოხი გაუხდა, თითქოს სიმართლის თქმას ითხოვდა, -და არ მეუბნები. რა გატირებდა?
-შემეშინდა. -უთხრა და სახე საბანში დამალა, შერცხვა აღიარების. -რიოს რამე რომ მოსვლოდა... როგორ უნდა მეცხოვრა, დედასთვის როგორ უნდა მეთქვა, ან ბებოსთვის... ყველაფერი ჩემი ბრალი იქნებოდა.
-შენი ბრალი ყველაზე ნაკლებადაა, რაც ახლა ხდება. -საბანი სახიდან მოაშორა და თავისკენ ამოახედა, -მიიწი ცოტა, გადავვარდი.
-ვინ გეპატიჟებოდა ერთი, -დუდღუნით გადაჩოჩდა ნენე საწოლის მეორე კიდისკენ.
-რამე მითხარი? -წარბაწევით ჰკითხა, უფრო კომფორტულად მოითავსა გოგონაც თავის სიახლოვეს.
-არა, არაფერი.
თითქოს დიდი ხნის არეულ სახლში, როგორც იქნა, კარადებიდან მტვერი გადაწმინდეს, არეული ავეჯი თავის ადგილს დაუბრუნეს და ფართოდ გამოაღეს ფანჯრები - ყველაფერი თავის ადგილას დადგა, თითქოს ვერავინ დაეჭვდებოდა იმ სიმშვიდის კანონზომიერებაში, რომელიც ორი სხეულის სიახლოვე ჰფენდა ერთმანეთსა და იმ ერთ პატარა ოთახს, რომელიც ყველაფერს იტევდა, რისი დატევაც ვერ შეძლო ორმა საძინებელმა ცალ-ცალკე.
-ლანას გამო დაჭრეს, კოტეს შვილის. -სიმართლის აღიარებასთან ძალიან ახლოს დააბიჯებდა ნენე. -ის დაემუქრა ნუცუბიძეს, დაგიჭერთო. შემდეგ დემური რიოს დაემუქრა, გააჩერე ცერცვაძეები, თორემ შენი დით აგებ პასუხს და მეორე ტყვია შუბლში მოგხვდებაო. იცის, რომ მათთვის მნიშვნელოვანი ვართ მე და რიო... იმასაც ხვდება, რომ ლანას ვერაფერს დაუშავებს, იცის, ვინ დგას მის უკან. ვის შეიძლება შეეჯახოს...
-დამიჯერე, ვერც თქვენს ზურგს უკან ხედავს სიცარიელეს და ვისაც მანდ ხედავს, იმის უფრო ეშინია, ვიდრე ცერცვაძეების. -თმაზე ისე მიეფერა, თითქოს დიდი ხანია ამის უფლება ჰქონდა და არაფერი იმაზე სასიამოვნო არ იყო იმ წამს დადასთვის, ვიდრე დამსახურებული სიახლოვე ნენესთან.
ამას ვის დაუთმობდა...
-შენ რო გეშინია, პირდაპირ თვითშეფასებაზე მხვდება, -ოდნავ უჩქმიტა, გაიღიმეო, -მე აქ ვერ მხედავ?! რისი გეშინია, გამაგებინე?
-რამხელა თვითშეფასება გაქვს... -ოდნავ გაეწელა ნენეს ტუჩები, ფანჯრები დაეკეტათ, მაგრამ გრილი სიო მაინც სასიამოვნოდ ეხებოდა მათ სხეულებს.
-საკმაოდ სოლიდური და რეალისტური.
-მაინც არ მითხარი ზუსტად... -ოდნავ წამოჯდა ნენე, უსაფრთხო მანძილზე გაშორდა, აზრები ისევ აწყვეტილი მძივივით რომ არ გაბნეოდა, -რატომ გადაგეკიდა კოტე... მაინც არ აღიარებ ჩემთან...
-ხარ სანდო? -თვალები მოჭუტა დადამ, თითქოს თავად უკვე იცოდა ამაზე პასუხი.
-შენ როგორ ფიქრობ? -ცივად ჰკითხა, აგრძნობინა, რომ არ იყო სულელი და არც მის თამაშებს წამოეგებოდა ასე მარტივად. -სიმართლე უნდა მითხრა, დადა. შენ თუ ხვდები, რომ მე ვერ ავიტან შენს წარულს და მაინც აქ შემოდიხარ, ჩემს სიახლოვეს განზრახ ტრიალებ და თავს…
-გაყვარებ? -თავად დაასრულა ნენეს გაწყვეტილი წინადადება. გამჭოლი მზერით მოუთვალიერა თხელ პერანგში გამოხვეული სხეული, გვერდზე მაცდურად გადაგდებული ბრეტელი და ისევ თვალებში შეხედა.
-მანიპულირებ ჩემით?! იმიტომ რომ მე ასე არ შემიძლია, დადა... უნდა ვიცოდე, რატომ ხარ აქ, ისიც უნდა ვიცოდე, გაქვს თუ არა აქ ყოფნის უფლება, ჩემთან სიახლოვის და ჩემი გრძნობების ცოდნის. არ ვიცი, შენ როგორ გესმის ასეთი ურთიერთობა, მაგრამ... მე ვერ შევძლებ, თუ არასწორია.
-შენით როგორ უნდა ვიმანიპულირო, გოგო, რომ გიყურებ სულ მეღიმება..
-თავი გამანებე! -სახე ხელებში ჩარგო ნენემ, ისევ გაებნა ფიქრები, ისევ ზედმეტად გულწრფელი იყო ნაკაშიძე და იმის ნაცვლად, რომ ნათელი მოეფინა თავისი სიმართლით ყველაფრისთვის, პირიქით, უარეს ბურუსში ხვევდა საკუთარ თავს. -ისევ იგივეს აკეთებ!
-რას ვაკეთებ? რამეს არასწორად ვაკეთებ შენთან?
ოდნავ გადაიწია მისკენ, წვივზე მიეფერა და თავისკენ მისწია ისევ. ასეთი უბრალო სიშორე თითქოს უხერხულიც კი გახდა, იმდენად ახლოს ჰყავდა გულთან.
-მეშინია, რომ ეგ საკმარისი არ იქნება, დადა. რაღაცას რომ მიმალავ, ეგ უკვე მაშინებს, ეგ უკვე მაფიქრებინებს, რომ არის რაღაც ისეთი, რაც ჩემს თავს დაგაკარგვინებს. რომ ეგოისტი ხარ და განზრახ არ მეუბნები... და ეს არასწორია... მე მაქვს უფლება. უნდა ვიცოდე. ისიც მაშინებს, რომ ამაშიც არ მეთანხმები, რომ ასეთების დამალვა არ შეიძლება. იცი, ჩვენს სოფელში ერთი კაცი ცხოვრობდა. ცოლი ჰყავდა, რომელთანაც შვილი არ ეყოლა და გაცილდა. მერე მეორე ცოლიც შეირთო... და იმ გოგომ ქორწილში გაიგო, რომ მეორე ცოლი იყო იმ კაცისთვის, რომელთანაც მთელი ცხოვრება უნდა გაეტარებინა. ახლა შვილებიც ჰყავთ და ერთი შეხედვით ბედნიერი ოჯახიც, მაგრამ ვინ იცის, იმ ქალის გულში რამხელა წყენა ბუდობს... სულ მეშინოდა, მეც რამე მსგავსი არ შემმთხვეოდა და ახლა მგონია, რომ პირდაპირ ხახაში გივარდები, დადა...
-რომ გაეგო იმ ქალს, შენი აზრით, აღარ გაჰყვებოდა ცოლად?
-შეიძლება, გაჰყოლოდა კიდეც, მაგრამ დამალულს და ართქმულს სხვა მნიშვნელობა ენიჭება. ეგოისტური საქციელია, როცა მეორე მხარეს სურათის ბოლომდე დანახვის საშუალებას არ აძლევ და ისე აღებინებ გადაწყვეტილებას. მე მხოლოდ ამის თქმა მინდა. თუ უყვარდა მაინც გაყვებოდა, სამაგიეროდ, გული არ ეტკინებოდა, რომ სიმართლის ცოდნის ღირსადაც არ ჩააგდეს. გეშინია, რომ მაგ ინფორმაციის ცოდნა ჩემში რამეს შეცვლის?
-ძალიან მარტივია, რომ შეცვალოს, -გაუღიმა, სახეზე ჩამოყრილი თმები ყურსუკან გადაუწია და იქვე შეატოვა ხელი. თითქოს საკუთარი სიტყვების რეალობად ქცევამ დააშინა. -და არ მინდა, რომ შეცვალოს. მინდა, რო გიყვარდე. კი, ეგოისტური საქციელია. სადღაც ალბათ მეც იმ კაცივით ვიქცევი, მაგრამ...
-გინდა რას ნიშნავს, ვერ გავიგე... -ხელი მოაშორებინა, წარბები შეყარა.
-ანუ ცალმხრივი რომ არ იყოს-მეთქი ჩემი გრძნობა, ეგ მინდა.
გულზე დაკრეფილი ხელებით ერთხანს ჩუმად უყურებდა და მოსმენილი აღიარების გადახარშვას მთელი მოძალებული ენერგიით ცდილობდა.
რაღაც იმხელა ძალით გარდატყდა ნენეს გულში, რომ გაგიჟებული წნევით მოძრავი სისხლი საფეთქლებში მოაწვა. წუთით აღარაფერი ესმოდა ერთხელ ნათქვამი სიტყვების გარდა, რომელსაც გაფუჭებული მაგნიტოფონივით იხვევდა მისი გონება.
-უკან დასახევი გზა მაინც აღარ დამიტოვე, -ყელმოღერებით, თავადაც ირიბად მიანიშნა თავისი გრძნობებისკენ ანდრონიკაშვილმა, ისეთი მშვენიერი იყო გაამაყებული, როგორც ის ქალები არიან ხოლმე, სიყვარულში რომ უტყდებიან. ეშმაკურად აუციმციმდა დადას თვალები, ისეთი ქალური იყო იმ წამს, ისეთი სასრუველი და მშვენიერი. -ამიტომ შეგიძლია, მითხრა...
-მე აღარ დაგიტოვე ანუ უკან დასახევი გზა, შენ საერთოდ არაფერი გაგიკეთებია...
-ხო, მე საერთოდ არაფერ შუაში ვარ.
-ხო, არც შენი თვალები და თმა, არც შენი სურნელი...
-მითხარი, თორემ შენს ოთახში შემოვიპარები და ყველაფერს აგირევ. ყველაფერს.
-უკიდურეს ზომებს მიმართე ახლა? -თავი გადახარა და ნენეს უსუსურ მუქარაზე ისე გაეცინა, როგორც სჩვეოდა ხოლმე. -არ ვამაყობ ჩემი ცხოვრების მაგ მონაკვეთით, ამიტომაც არ მინდოდა თქმა.
-ჩემი ცხოვრების ამ მონაკვეთით არც მე ვამაყობ, მაგრამ შენ ხომ იცი. -სათქმელის გამარტივება სცადა ნენემ.
ისე ნაღვლიანად გაუღიმა დადამ, თითქოს მადლობას უხდიდა, ასეთი რომ იყო.
-შენს სისუფთავემდე ვერასდროს მოაღწევს ჩემი წარსული, როგორც არ უნდა ვეცადო შელამაზებას... მაგრამ ალბათ ეს არის ჩემი შეცდომების უკიდურესი სასჯელი, იმაზე მძიმე ვიდრე ციხის ოთხი კედელი, სადაც სიამოვნებით მოვიხდიდი განაჩენს, ოღონდ იმ ქალისთვის არ მქონდეს სათქმელი, რომ ჩემი წარსულის გადაწყვეტილებები არ მეამაყება, ვისთვისაც მინდა ყველაზე საამაყო იყოს ჩემ გვერდით ყოფნა. ნუ მიყურებ ახლა ისეთი თვალებით, თითქოს უკადრებელი გაკადრე, ჩემი წარსულის გაგებისას შენს რეაქციას რომ ვერ ვენდე. -გაეღიმა ნენეს წარბებშეყრილ, მაპროტესტებელ მზერაზე, -ოცდაოთხის ვიყავი მაშინ, ვიკა ახალი გარდაცვლილი იყო... მამაჩემს ნელ-ნელა თავისი საქმეების ჩემზე გადმობარება უნდოდა უკვე, თავის საზოგადოებაში უნდა წარვედგინე. მე დიდად არ ვიწვოდი სურვილით, მაგრამ რა მინდოდა, არც ის ვიცოდი. რიოს მიმართ ასეთი დამოკიდებულება იმიტო მაქვს, რომ მსგავსი გზა მეც გამომივლია, ვიცი, რას ნიშნავს, როცა იკარგები, მერე ვიღაც ხელს გკიდებს და სინათლისკენ მიგათრევს. მამაჩემი ნამდვილად არ ყოფილა ეგ ადამიანი, მაგრამ ვინც იყო... მისი მადლიერი ვიქნები იმ ცხოვრების ბოლომდე, რომელიც მისი შემორტყმული ხელის გარეშე არ მექნებოდა. მაგრამ ხშირად ისეთი ადამიანებიც უშვებენ შეცდომებს, ვისაც სხვებისთვის სწორი გზის ჩვენება არ ეშლებათ. ის კაცი თორნიკე ჭაბუკიანი იყო. ლამაზი ოჯახი ჰყავდა, ცოლი და ორი გოგონა: მარიტა და ნინო. თვითონ ეს თორნიკე ისეთი კაცი იყო, როგორიც სულ მინდოდა, რომ ვყოფილიყავი. ახლაც ასეა... საშინელი დრო იყო ყველგან, მაგრამ საქართველოში ყველაზე უფრო. შეიძლება იმიტომ, რომ ჩემი სამშობლოა და მეტად განვიცდიდი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ახლა... თორნიკე პატიოსნად შრომობდა, ხან უხდიდნენ ხელფასს, ხან უხელფასოდ ტოვებდნენ, მაგრამ გზას არასდროს არ ასცდენია. ვალები ჰქონდა. შვილების ელემენტარული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ჰქონდა ვალები და არა ფუფუნების საგნებისთვის. ქალაქიდან ხშირად უწევდა გასვლა, ხან ბათუმში, ხან ქუთაისში... ოღონდ პურის ფული შემოეტანა სახლში. მე მაშინ ვჩხუბობდი, ყირაზე გადავდიოდი, მამაჩემს ერთ საქმეს რო ვუკეთებდი, მეორეს ვუფუჭებდი და დანაშაულის გრძნობა არ მაწუხებდა. უკვე მეგონა, რო დაქვეითებული მქონდა ეგ ინსტიქტი, ან მოშლილი... იმ უბანში მომიწია ჩხუბი, სადაც თორნიკე ცხოვრობდა. მარტო ვიყავი, ისინი ბევრნი იყვნენ. მე დამნაშავე ვიყავი, ისინი მართლები, მაგრამ რა უნდა მექნა, თავი ხომ უნდა დამეცვა... უნდა მეჩხუბა. თორნიკე გამოვიდა მაშინ სახლიდან, ისე კარგად მახსოვს. ძალიან მშვიდი იყო. ძლიერ, მაგრამ გადატყავებულ ხელებსა და დაღლილ თვალებზე ეტყობოდა, რომ მშრომელი და მართალი კაცი დადგა ჩემ წინაშე. ყველა გაირინდა. ისეთი ეფექტი ჰქონდა, თითქოს ლაპარაკი უნდა დაეწყო და ყველას ძალიან აინტერსებდა, რას იტყოდა. იმან არაფერი თქვა. პირველად მხედავდა. ეს ბიჭი ჩემთანააო და სახლში შემიყვანა. რა თქმა უნდა, იმათმა იცოდნენ, რომ თორნიკეს არ ვიცნობდი. რომ მცნობოდა, ისე არ დავდგებოდი მათ წინაშე, როგორც მაშინ - ყეყეჩად. რომ ვიფიქრე, გადავრჩი-მეთქი, სწორედ მაშინ მომხვდა ყველაზე მწარედ. ოღონდ ხელი არა... იმ კაცმა სახლში შემიყვანა, მცირედით გამიმასპინძლდა, ცოლ-შვილი გამაცნო. მე გავოგნდი, ვერც მადლობას ვეუბნებოდი, ვერც ბოდიშს ვუხდიდი. ერთადერთი ის ვიცოდი, რომ იმ გზის ბოლოს, რომელზეც თორნიკემ შემაყენა, აუცილებლად მომიწევდა თვალის გასწორება საკუთარი შეცდომებისთვის. ხიპიში მომივიდა ერთ ბიჭთან, ისეთი არაფერი ახლა რომ ვუფიქრდები, ბიჭური ახირება იყო. მე სულ შარს ვეძებდი და საბა ხორგუანი შემთხვევით შემრჩა ხელში. თორნიკემ მითხრა მერე, შენ რომ ხელის დარტყმას უპირებო, იცი ეგ რა კაციაო? უმამოა, უდანაშაულო ძმა ციხეში უზის და ერთადერთი იმედია დედამისისთვის და მისი ძმისშვილისთვისო. შენზე პატარაა და ის ხელები, შენთვის რომ უნდა დაერტყა, გუშინ ცემენტში ჩემთან ერთად ჰქონდა გასვრილიო. მისნაირებს ღირსების დაცვა ინსტიქტში აქვთ უკვე გადასული, შენთვის ხელების ქნევა გართობააო. ისე რატომ იქცევი, მერე შენი საქციელის რომ შეგრცხვესო. უცნობ კაცს ხელი არასდროს დაარტყა, შენ ბოლომდე არასდროს გეცოდინება, იმსახურებს თუ არაო. საქმე ის არის, რომ საბა მართლა ბოლომდე იკავებდა თავს მაშინ. მე ვპროვოცირებდი. ბოდიში უნდა მოუხადოო, რომ მითხრა თორნიკემ, არ მესიამოვნა, მაგრამ უარიც ვერ შევბედე. წამოდი ხვალ ჩემთან ერთად სამსახურში, შენც იმუშავე ერთი-ორი დღე და მიხვდები, რომ იმსახურებს ის ბიჭი შენგან ბოდიშსო. გეფიცები, ცხოვრებაში ასეთი შერცხვენილი არასდროს ვყოფილვარ, როგორც მე იმ დღეს. ოცდაოთხი წლის ასაკში რომ მასწავლეს ის გაკვეთილი, რომელიც ბევრად ადრე უნდა მესწავლა. თორნიკე შევიყვარე. ფული არ გვიჭირდა ჩვენ მაშინ, მაგრამ მე მაინც დავყვებოდი სამუშაოდ. ძალიან განათლებული ადამიანი იყო, სულ მინდოდა იმას ელაპარაკა და მე მომესმინა. საბასაც მოვუბოდიშე, იმის მერე აღარც მიჩხუბია. მერე... მერე ძალიან ცუდი რაღაც შეემთხვა თორნიკეს და მეც. სინამდვილეში კი ყველას, ვისაც თორნიკეს ოჯახი უყვარდა. მარტო მოუწია რამენიმე დღით ცოლ-შვილის დატოვება. სახლი გაუტეხეს. ცოლს ერთადერთი ბეჭედი ხელიდან მოაგლიჯეს. წასაღები რომ ვერაფერი იპოვეს, გაბრაზებულებმა ჯავრი... ლელაზე იყარეს და შემოაკვდათ. მე თბილისში ვიყავი და ყველაზე ადრე გავიგე ეს ამბავი. მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ მხრებზე ვიგრძენი. ის კაცი ვიპოვე. მკვლელი და იმ კაცს მივუყვანე, ვისაც მისი მოკვლა უნდოდა. თორნიკესთან. მაშინ სხვა არაფერზე მიფიქრია. ჩავთვალე, რომ ასე იყო საჭირო, რომ ეს იქნებოდა მადლობაც ჩემი გზაზე დაყენებისთვის და მეგობრობის დამტკიცებაც იმ კაცისთვის, რომელის ოჯახსაც გადაუარეს. გულის სიღრმეში, არ მეგონა... მაშინ მეგონა არ მოკლავდა. ახლა ვხვდები, რომ ცოლი სულ სხვაა. საყვარელი ცოლი საერთოდ სხვაა და წამებით მოკლული საყვარელი ცოლი საერთოდ სხვა. თორნიკემ ის კაცი მოკლა. მე ხელი დავაფარე. დღემდე არავინ იცის იმ ადამიანების გარდა, ვისაც თვალდახუჭული ვენდობი. ერთი ირაკლია, მეორე - შენ. არ ვიცი, ამ შეგრძნებას რას დაარქმევდი შენ, მაგრამ ბოლომდე ვერც ვნანობ ჩემს საქციელს და ვერც ვამტყუნებ თორნიკესას. მე ვიცი, რომ კანონის ენაზე ჩემი საქციელი დანაშაულია. ჩემი საქციელი ადამიანურ ენაზეც დანაშაულია, ადამიანს ვუბიძგე ცოდვისკენ, მაგრამ... ახლა რომ ვფიქრობ... ჩემს ცოლს...
-შენც იგივეს იზამდი...-ისეთი მშვიდი იყო ნენე, თითქოს ყველაზე მძიმე სიტყვები არ მოესმინა წუთის წინ. სუნთქვა კი ისე უჭირდა, როგორც ფილტვებდახეთქილს. -ნანობ?
-კი, რომ მცოდნოდა მოკლავდა, არ მივუყვანდი. არ დამიშვია, რომ მოკლავდა. -ოდნავ გაეღიმა, ნენეს თვალებში ეძებდა საკუთარ განაჩენს.
-აბა, რა გეგონა? რას გეგონა, რომ იზამდა... -თითქოს სხეულები გავალეს, ამჯერად ნენეს რეაქცია იყო ამოუკითხავი, ცისფერი თვალები ღრმა და მღვრიე.
-რა მნიშვნელობა აქვს. გამამართლებ?
-მნიშვნელობა აქვს, მითხარი.
-მე ვფიქრობდი, რომ მას ჰქონდა დამნაშავის ცოდნის უფლება, ნენე. ახლაც ასე ვფიქრობ. სანამ მე თვითონ არ ვიგრძენი ის, რასაც საყვარელი ქალების მიმართ გრძნობენ ხოლმე კაცები, მხოლოდ ვამართლებდი. ახლა თან ვამართლებ და თან ვერ. იმისი ანგელოზივით ცოლი სამოთხეში გაფრინდა, მკვლელები არ ვიცი სად მიდიან სიკვდილის შემდეგ, ნენე... ამის გამო შემაქვს მხოლოდ ერთი პატარა ეჭვი, როცა ვფიქრდები რას ვიზამდი მე მის ადგილას. მხოლოდ ეს ცხოვრება არ მეყოფა შენთან, უნდა ვიცოდე, რომ სიკვდილის შემდეგ, უსასრულობაშიც იქნება შენ გვერდით ჩემი ადგილი. მხოლოდ ამ ერთი მიზეზის გამო მეპარება იმაში ეჭვი, რომ მოვკლავდი... ალბათ, ამის გამო ჩაიცვა თორნიკემაც ანაფორა. თვითონ არასდროს უთქვამს, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ისევ თავის ცოლთან უნდა შეხვედრა. ახლა მგონია, რომ შეიძლება მე უარესი დამნაშავე ვარ და მაინც მინდა გიმსახურებდე.
ხმაგაკმენდილი იწვა ნენე ერთხანს.
თითქოს სუნთქვასაც აძალებდა საკუთარ თავს. გონება რეკორდული სისწრაფით ცდილობდა ყველაფრის გადახარშვას, ცუდის კარგისგან გაცალკევებას და სასწორზე ისე დალაგებას, რომ ოდნავ მაინც ამოეხსნა ის გაურკვევლობა, რომელიც ნისლივით გადაეფარა თვალებზე.
-კოტემ მაშინვე იეჭვა, პირდაპირ ჩემთან არცერთი კვალი არ მოდიოდა, მაგრამ არ მოვწონდი და ნუ... ვერც გაამტყუნებ, რო არ მოვწონდი. ამ გადმოსახედიდან ჩემი მაშინდელი თავი არც მე მომწონს. კვალში მიზის უკვე ხუთი წელია. ამის შემდეგ ბევრი რამე მოხდა ისეთი, რაც უარესად აცოფებს ისედაც ჩემზე დაგერშილს.
-მაგალითად? -ცივი გონების შენარჩუნებას ცდილობდა ნენე, რამდენად რთულიც არ უნდა ყოფილიყო იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც ერთი გამოხედვითაც შეეძლო მისთვის ძარღვებში სისხლი აედუღებინა.
თითქოს ადგილები გაცვალეს. ამჯერად ნენეს თვალებში იყო შეუძლებელი გარკვევით ამოკითხვა, თუ რას ფიქრობდა და გრძნობდა.
-შენც ხომ იცი, რომ ოთხმოცდაათიანებში ვინც ფული იშოვა და ახლა ბიზნესმენია, ყველას პატიოსანი შრომით არ აუწყვია ცხოვრება? -დაკვირვებულ მზერას არ აშორებდა ნენეს, თითქოს ერთი უმნიშვნელო გამოხედვაც არ უნდოდა, რომ გამოჰპარვოდა. -მე არ ვარ ასეთი, ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით. ყველაფერი საკუთარი ხელით ავაშენე, რაც მაქვს, ნუგზარისგანაც კი არ მიმიღია დახმარება.
-მაგრამ არც მთლად კანონის მხარეს დგახართ ოჯახი. -ცივად გააწყვეტინა ნენემ.
-ამაზე რო დაუსრულებლად შეგვიძლია კამათი, ხომ იცი? -თვალებით მიახვედრა, შევნიშნეო ჩვენს შორის გაზრდილი მანძილი.
-უნდა ნანობდე, რაც გააკეთე.
-ციხეში ბევრი დამნაშავე ზის, შენი აზრით, ყველა ნანობს? შენი აზრით ოთხი კედელი ყველასთვის სასჯელია, ნენე? ჩემთვის შენ ხარ სასჯელი, მაგალითად.
-აჰა, ამიტომაც არ მარიდებ ხომ თავს? პატიოსნად მიტან.
-არასწორად იგებ, -თავი გვერდზე გადახარა და გაუღიმა. ისევ ისეთი იყო, მასში არაფერი იცვლებოდა. ვერაფრით იფიქრებდით, რომ მასაც ჰქონდა ცხოვრებაში ის მონაკვეთი გამოვლილი, რომელსაც ნანობდა, -შენ რომ ასეთი ხარ... რომ არ მეთანხმები და მე რომ მაინც შენთან მინდა, რომ ვერაფერს გიმალავ და ვერც გშორდები... სასჯელია გოგო, აბა რა არის?
-დავუშვათ, მე არ მინდა. არ დამანებებ თავს?
-არა. გადაგეკიდები. მერე ჩვენზე ვიღაცა მოცლილი ამბავს დაწერს, ნაკაშიძის ბიჭი ანდრონიკაშვილების გოგოს სილამაზემ და უარყოფამ გადარია და გადაიკიდაო...
-არაა სასაცილო!
-სასაცილოა შენს საწოლში იმაზე ლაპარაკი, რომ შენ ჩემთან არ გინდა.
-ვერ ვიგებ, რა ადამიანი ხარ! -გულზე დაკრეფილი ხელები უღონოდ ჩამოყარა, ალმური აუვარდა სახეზე იმ სიტუაციის გააზრებისას, რომელშიც იყვნენ.
-ვისაც მხედავ, ზუსტად ის ვარ. ვისი დანახვაც შენ გინდა.
-და იქნებ მე ბოროტმოქმედს ვხედავ? რომელიც ჩემს ოთახში იჭრება და პირად სივრცეს მირღვევს!
-მაშინ მე ვხედავ გოგოს, რომელიც მას წინააღმდეგობას არ უწევს. ხვდები? შენი აზრი ჩემზე გირეკლავს შენც. -გულზე გადაიჯვარედინა ხელები, ჩვეული ცბიერება და ეშხი დაუბრუნდა მის თვალებს, თითქოს შტორმი ჩაწყნარდა და მისი გემიც ნაპირს მიადგა. -რომ გამშვიდებდი, მაშინ არ ვჩანდი პირადი სივრცის დამრღვევი ბოროტმოქმედი...
-ჩემი წარსულიც რომ ასე ბურუსით იყოს მოცული, როგორც შენი, მაინც ასე თავდაჯერებული იქნებოდი საკუთარ გადაწყვეტილებაში?
-რაღა ბურუსი, ყველაფერი მოგიყევი, რისი ცოდნაც გჭირდება.
-რაღაც მეეჭვება, რომ ყველაფერი დაფქვი, -წარბები აზიდა ნენემ და გულზე დაიკრიფა ხელები, ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს მისი მოტყუება შეუძლებელი იყო. -მიპასუხე.
-კი, ვიქნებოდი. ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის ადამიანს დაშვებული შეცდომები უთვალო და მერე არ აპატიო. ის შეცდომები, რომლებიც შენამდე დაუშვა და რომლებსაც ძალიან დიდი ალბათობით არ დაუშვებდა, შენ რომ უფრო ადრე გაეცანი.
სუნთქვა შეეკრა ნენეს იმხელა სიძლიერით მიასკდა მის გულს მოსმენილი სიტყვები. წამით ხმა ვერ ამოიღო.
-ხომ ამბობ, რომ გცოდნოდა არ მოკლავდა იმ კაცს თორნიკე, ხელს შევუშლიდიო...
-მე რომ მყვარებოდა მაშინ ვინმე ისე ძალიან, მე რომ თავიდან ბოლომდე შემძლებოდა საკუთარი თავის ცოლმოკლული კაცის ადგილას დაყენება, არ ვიცი, რას ვიზამდი, ნენე. რისი ცოდნა გჭირდება?
-პოლიციას გადასცემდი იმ კაცს?!
-ძალიან კარგად იცოდა პოლიციამ, ის კაცი ვინც იყო. გაუშვეს. -ღვარძლიანად ჩაილაპარაკა, იმდენად ცივი ჰქონდა ხმა, ნენეს ეუცხოვა კიდეც. -ისე დახუჭეს თვალი ქალის მკვლელზე, ორი გოგოს დედაზე, ვიღაცის ცოლზე, ვიღაცის შვილზე, თითქოს ქათმის ქურდი ყოფილიყოს. შენ არ იცი რამხელა ტკივილია, მოსაპარი რომ არაფერი გაქვს და ყაჩაღი ცოლს გიკლავს, იმიტომ რომ ღარიბი ხარ, ნენე, იმიტომ რომ იმისი მადის დასაკმაყოფილებელი ფული შენს ცარიელ სახლში, სადაც ოჯახური ფუფუნების გარდა ვერაფერს იპოვიდა კაცი, არ მოიძებნა. ადამიანს, რომელსაც არასდროს არაფერი ზედმეტი არ სდომებია საკუთარი შრომის საზღაურის გარდა, ის წაართვეს, რის გამოც თავს წირავენ კაცები. ცოლის სიცოცხლეს ვერავის შეარჩენ. არ არსებობს ამ დროს ერთი განაჩენი. ალბათ უნდა ვნანობდე, მაგრამ იმასაც ვინანებდი, თორნიკე რო მარტო დამეტოვებინა. ვნანობ, რომ სისხლში აქვს ხელები და ჩემი წილი მეც მაწევს ამისთვის, მაგრამ მეტს არაფერს. იმ მომენტში მეტი არაფერი შემეძლო. რა გინდა იცოდე, რისი გამკეთებელი ვარ შენი გულისთვის?
თვალები დახარა ნენემ. ეგოისტური მოეჩვენა საკუთარი გაუმჟღავნებელი, მაგრამ მაინც შეუკავებელი სურვილი.
-მე მგონი, შენც იცი. -მშვიდად უთხრა ბოლოს და ფეხზე წამოდგა.
თვალი გააყოლა ნენემ მის ქმედებას.
ფანჯრიდან ფარდა ოდნავ გადასწია და გამოაღო, სუფთა ჰაერი რომ შემოეშვა. წელით მიეყრდნო ფანჯრის რაფას და მოთმინებით დაელოდა ნენესგან მზერას, რომელშიც წაიკითხავდა პასუხს.
-ვიცი. -მშვიდად უთხრა, ამხელა გამბედაობა პირველად იგრძნო საკუთარ სხეულში.
ადრენალინი ერთიანად მოეძალა, თითქოს რომ მოენდომებინა მთებსაც გადადგამდა და იმ რეალობასაც შეცვლიდა, რომელშიც იმყოფებოდა.
-ეგრე ნუ მიყურებ, -წარბები აზიდა ანდრონიკაშვილმა, არ უნდოდა პირველად მას გაეწყვიტა მზერით კავშირი, მაგრამ მეტად ვეღარ გაუძლებდა. -აქ მაინც არ დაიძინებ, ტყუილად ნუ გექნება იმედი. რა იყო? მე ხომ შენი სასჯელი ვარ? ხოდა, მოიხადე! რატომ მოდიხარ ახლოს, დადა? წადი-მეთქი! ნუ მოდიხარ...
-თუ ასე იკივლებ ჩემს არსად წასვლას აღარ ექნება აზრი, -ზემოდან დააცქერდა თვალებდაქაჩულს, საწოლზე რომ გაწოლილიყო გაქვავებული.
ორივე ხელს დაეყრდნო და გაღიმებული დასჩერებოდა სიახლოვით დამფრთხალს.
-რა გინდა? შემომიწექი ბარემ! -დაუცაცხანა ხმადაბლა, თითქოს ძალიან გაბედული ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ლოყები ასწითლებოდა სიმორცხვისგან, დადამ რომ თავი უფრო მიუახლოვა, თვალები ლამის გადმოცვენამდე დაქაჩა. -რას აკეთებ? გაიწიე, დადა.
-ძილი ნებისა, -დაიხარა და ოდნავ აკოცა კისერში, ბოლომდე კმაყოფილი რომ არ დაეტოვებინა საკუთარი ჭირვეულობის გამო.
-კარიდან გადი, არ გადავარდე. -უცებ წამოყო თავი ნენემაც, როგორც კი მოშორდა. -ვინმე დაგინახავს... ღმერთო, რა გაუგონარია...
ათასი ფიქრით დამძიმებული თავით ჩაერგო ბალიშში ნენე.
როგორღაც მაინც დაეძინა.
*
რიოსთან საავადმყოფოში ყურყუტს აზრი არ ჰქონდა.
ვიზიტორებს მხოლოდ ერთი საათით უშვებდნენ, ანდრონიკაშვილსაც ისე ჰქონდა წამხდარი ხასიათი, ნენეს წესიერად არც დალაპარაკებია. გაბრაზებული გამობრუნდა სამსახურში.
საერთოდ გადაავიწყდა, რომ ლიკას დაბადების დღე იყო და უნდა აღენიშნათ. არც საჩუქარი უყიდია, საერთოდ მოუმზადებელი იყო.
-სახლში დარჩენით რას შეცვლი? წამოდი, რა... -გულწრფელად ეწყინა ნენეს გადაკრული სიტყვა დაბადების დღეზე ვერ წასვლასთან დაკავშირებით. -ხო იცი, დადა მაშინვე წამოგიყვანს, თუ არ მოგეწონება. თან მარტო ახლობლები ვიქნებით... რას მახვეწნინებ ახლა? გავბრაზდე გინდა?
-კაი, ხო.
-იეს! -ორივე ხელი ჰაერში გაშალა ლიკამ, მერე ეშმაკურად მოწკურა თვალები, -ალექსანდრემ რომ გახსნაზე დაგვპატიჟა, ნახე?
-ვნახე, მაგრამ ჩემს დაბადების დღეს ემთხვევა და არამგონია..
-გადადება მოუწევს, ფართები ჯერ არც უქირავებია. ვერ იპოვა ნორმალურ ლოკაციებზე. ისე, -თვალები მოწკურა ლიკამ, -ვითომ ძალით დაამთხვია შენს დაბადების დღეს?
-ლიკა, ასტრალურ კონსპირაციებში გადადიხარ უკვე. ჩემ გამო რას ჰქვია...
-შენ განსაკუთრებულად მიგიპატიჟა.
-გიჟია? -წარბები აზიდა, საშინლად არ ესიამოვნა, თუ სიმართლე იყო.
-არ ვიცი, მაგრამ თუ ასე გააგრძელებს, დაიჭერს კაი ჩიტს.
-ლიკა!
-რა იყო? -ჩაიფხუკუნა ნენეს დაქაჩულ თვალებზე, -ტიპი წვეულებას გიწყობს...
-დადასთან არ ახსენო, იცოდე. -გააფრთხილა ხმადაბლა.
-ვგიჟდებიიი, -თავშეუკავებლად გადაიხარხარა წერეთელმა, -ასეა უკვე საქმე?
-არაფერი არ არის, იმას ჰგონია, რომ მისი პასუხისმგებლობაა ჩემი თაყვანისმცემლების მოგერიება.
-რა, არ არის? -წარბები აათამაშა ეშმაკურად.
-არა!
-ოხ, კაი ერთი! -ხელი აუქნია და თავის ეკრანს მიაჩერდა ისევ. -რამე სოლიდური რესტორანი არ იცი?
-აბა კრწანისის სახლში მივდივართო დღეს?!
-ნენე, რა გჭირს? რა დროს ჩემი დაბადების დღეა? სანდრიკას ქელეხი რო გვექნება დასაგეგმი...
-ლიკა, არაა სასაცილო.
-ძალიანაც სასაცილოა. ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ სავარაუდოდ, ვაკეში ძვირია რესტორნები... ახ, რა გინდოდა, სანდრო...
ტიტების შემდეგ წითელი ვარდების უზარმაზარი თაიგული რომ მოათავსეს ჟურნალების მაგიდაზე, იქ უკვე ორივე მიხვდა, რომ სანდრო არც დანებებას აპირებდა და არც საკუთარი ინტერესების დამალვას. ორივე დოინჯშემორტყმული დასჩერებოდა იმ თეთრ კონვერტს, გამომწვევად რომ იწონებდა თავს ალისფერ ვარდებს შორის.
-ხომ გითხარი, მოგვიწევს-მეთქი ამ ყვავილების პანაშვიდზე გადამისამართება, -სასხვათაშორისოდ გადმოხედა ნენეს. -აიღებ ახლა იმ კონვერტს, თუ ელოდები სულს როდის დავლევ ინტერესით?
-არ მინდა წაკითხვა. შენ წაიკითხე. -გულზე დაიკრიფა ხელები, საშინლად გაბრაზდა, -თან შენი დაბადების დღეა, იქნებ შენ გამოგიგზავნეს.
-ვაიმე, ეგ სულ დამავიწყდა! -მაშინვე ეცა კონვერტს ლიკა, -ნწ, შენთვისაა. პაემანზე გეპატიჟება. თავისი სახელი როგორ მიუწერია, კი არ იცის თავის სასიკვდილო განაჩენს რომ მოაწერა ხელი, ვაგლახ...
-რა პაემანზე? ლიკა, რა ვქნა?
-რა უნდა ქნა, გინდა წასვლა? -ბარათი უგულოდ დააგდო მაგიდაზე.
-რა თქმა უნდა, არ მინდა. ამ სიტუაციაში როგორ მოვიქცე-მეთქი... არასწორად იქცევა. რას აკეთებ? -გაფართოებული თვალებით გააყოლა მზერა ლიკას ქმედებას, ვარდებს რომ ფოტო გადაუღო.
-ჩემი ქმარი უნდა ავჭრა. კაი, დაწყნარდი. ვითომ ჩემია, დადას არ ვუთხრათ. შენ დაურეკე სანდროს და უთხარი რომ შეეშვას ყვავილების გამოგზავნას. სხვისი ვარ უკვე, დაგაგვიანდა-თქო, უთხარი. თან ეს წითელი ვარდები, ხომ იცი, რასაც ნიშნავს?! იერიშზე გადმოდის, მინდიხარო, გეუბნება!
-არაფერსაც არ მეუბნება! -გული ისე უსიამოვნოდ აუჩქარდა, ფანჯრიდან გადახტომა მოუნდა, -თან რამდენია...
-აუ, დავთვალოთ. ეს რო სამას სამოცდახუთი იყოს, ვიკივლებ. მურტალო ნახე რა... კი არადა, ალექსანდრე... არ გადავყაროთ, უკან რო მოგთხოვოს მერე, შენც ინგასავით რო არ ჩამოუშვა ცხვირი. ერთი, ორი, სამი.. -შემართებით დაიწყო თვლა ლიკამ.
თავისი სავარძლიდან თვალმოუშორებლად, ისეთი დაჟინებით მისჩერებოდა ნენე თაიგულს, მართლა უკვირდა, იქვე რომ არ დააჭკნო ყველა.
-სამას სამოცდახუთია, „ყველა წითელი, დარჩეული, არც ერთი თეთრი.“ ტიპმა რამხელა ლიტერატურული რემინისცენცია დადო? ისეთი სახე გაქვს, შენ არამგონია შვიდივე ტყვია ააცილო მურტალოს, ჰა, ინგუ?
-ვფიქრობ რა ვუთხრა და როგორ... არ მსიამოვნებს. არ მეგონა, ასეთი საშინელი შეგრძნება თუ იქნებოდა ყვავილები არასასურველი ადამიანისგან. სიამოვნებით გადავყრიდი, მაგრამ მართლა უკან დაბრუნება რომ მომთხოვოს? არაა გასაკვირი, არადა, ნორმალური ჩანდა.
-მურტალო სად შეცდა იცი? -ღრმად ჩაფიქრებული სახე მიიღო ლიკამ, -დადა რომ კუკარაჩა ჰგონია, აი, მანდ.
-დღეს უეჭველად მომაკითხავს თან, გადააგდე ეგ კონვერტი. იცოდე, შენია...
-მაინც მიხვდება, -მაგიდიდან ნაგავში ჩაუძახა ლიკამ კონვერტს, -მაგრამ ვეტყვი, ჩემს ქმარსაც ჩემი ჰგონია მაინც... კაი, მართლა კი არ მოკლავს, რისი გეშინია.
-არ მეშინია, უბრალოდ არ მინდა ორ კაცს შორის გარჩევის საგანი ვიყო.
-ხო, აი, სულ საქმეების რჩევას დაუწყებს დადა... შენ მაგაზე არ ინერვიულო.
-მაინც არ მინდა, რომ იცოდეს.
-არ ვეტყვი მე არაფერს. ტყუილში რო წაგვიჭერს, იცოდე, შენ იღებ პასუხისმგებლობას.
-ვერაფერსაც ვერ წამიჭერს. შევთანხმდით.

დაუკაკუნებლად რომ შემოაღო სამუშაო ოთახის კარი, მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტა ნენე, ისე იყო გართული საქმის კეთებაში.
ორივე თავს ისე აჩვენებდა, თითქოს წითელი ვარდების სასიამოვნო სურნელი არ ტრიალებდა ირგვლივ. ჯერ თაიგულს დახედა დადამ, შემდეგ ნენეს, ბოლოს კი ლიკას.
-ჰა, მზად ხართ?
ნენეს მაშინვე მოეშვა, ვარდებზე რომ კომენტარი არ გააკეთა. გაიფიქრა, ეტყობა თავად მიხვდა, იუბილარს რომ ეკუთვნისო და თავადაც აღარ ამოუღია ხმა.
-რეზიც მოვა უკვე, თქვენ გადით, -წარბები მხიარულად აუთამაშა ლიკამ ორივეს და გასვლისას თვალი ჩაუკრა ნენეს.
ყველანაირად ცდილობდა მზერის არიდებას, ჯერ ვითომ ჩანთაში ეძებდა რამეს, მერე ტელეფონში. დადაც მოთმინებით ელოდა, როდის მოიცლიდნენ მისთვის.
-რიოსთან ვიყავი, -თავად წამოიწყო ბოლოს საუბარი, როცა მანქანაში ჩასხდნენ. დაიმსახურა მაშინვე გოგონას მზერაც.
-როდის? ოთხის მერე არ უშვებენ ვიზიტორებს.- მერე თითქოს მიხვდაო საკუთარი შეკითხვის სისულელეს, გადაასწორა, -ახ, მაპატიეთ, გადამავიწყდა თქვენი პრივილეგიები. რაო? მე არ მელაპარაკება, გაბრაზებულია.
-ისეთი არაფერი, უბრალოდ გადავამოწმე, ხო ყველაფერი რიგზეა. ხვალ გამოწერენ უკვე. -დაკვირვებით გადმოხედა და ისევ გზას მიუბრუნდა.
ისე ეუცნაურა მისი მზერა ნაპერწკლების გარეშე, გულში უსიამოვნო შეგრძნებამ გაწვა, მაგრამ მაინც არ შეიმჩნია. აუცილებლად მიხვდა ვარდებზეო, გაიფიქრა.
სანდროსთვის უნდა დაერეკა სასწრაფოდ, სანამ თვითონ გადმოურეკავდა.
-რატო ხარ ჩუმად? -ხმადაბლა ჰკითხა, შემპარავად.
-შენ რომ მელაპარაკო, -გვერდულად გადმოხედა დადამ, გაუღიმა.
უკვე აღარ ფიქრობდა, რომ მისთვის რამის დამალვა სწორი საქციელი იყო. ვერც იმას ხვდებოდა, რის თქმასაც აპირებდა, როგორ დაასრულებდა იმ სიახლოვეს, რომლის გამოც საერთოდ განიხილავდა დადასთვის ყველაფრის გამხელას. საერთოდ ყველაფრის.
-შენი მშობლებიც იქნებიან?
-ციცი იქნება.

უხმოდ გაიარეს გზა ლიკას კრწანისის სახლამდე.
ეზოში ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი ცუციკო უკვე წინ და უკან დარბოდა ფერიის ჯოხით ხელში და დაუღალავად ცდილობდა იქაურობის ჯადოსნურ სასახლედ გადაქცევას.
ფერიობა მაშინვე მიატოვა, როგორც კი ბიძამისი და ნენე დაინახა ერთად. ხელებგაშლილი გამოვარდა წყვილისკენ და ვერ გაეგო, რომელს ჩახუტებოდა პირველი, ამიტომ როცა დადამ პეპელასავით ააფრიალა ჰაერში, ხელები მაშინვე მოხვია ნენესაც.
-აუ, როგორ გამიხარდა, რო მოხვედით, ძიაკო და ნენეკოოო. ციციმ ასე მითხრა, ძიაკოს შეყვარებული ყავსო, მე ვუთხარი, ვიცი, „ობვიესლი“ ნენე იქნება-მეთქი. სკოლაში ინგლისურის გაკვეთილები დავიწყეთ, ძიაკო, და ციცისაც ვასწავლე „ჰელოუ“, „გუდბაი“, „სვითჰართ“ და რაღაცები... „სვითჰართ“ ბაბუას დაუძახე-მეთქი, ეგეც ვასწავლე, როგორც მე ვეძახი საბას... ნენე, შენ ხარ ძიაკოს გელფრენდი?
-ცუცი, აბა რამდენს ლაპარაკობ? რო ამოისუნთქო? -გემრიელად ჩაუკოცნა კისერი პატარას. ნენეს სიცილის შეკავება უკვე აღარ შეეძლო, ისეთი სასაცილო იყო ნუციკო და მისი ინგლისური.
-Chill, ძიაკო. -ხელი ჰაერში აუქნია ბიძამისს. (Chill ნიშნავს დამშვიდდი)- და მიპასუხეთ, ფლიზ, ძალიან ვარ დაინტერესებული, მერე ციციმ მითხრა, მითხარი რას გეტყვიანოოო.
-ეს საბა ვინმე ახალია? -ბავშვიანად შევიდა ეზოში, ნენესაც მოჰხვია წელზე ხელი, უმისამართოდ რომ არ ეცეცებინა თვალები და ერთად შესულიყვნენ შინ.
-ჩემი კლასელია, ერთ მერხზე ვზივართ. მე კალმებს ვტოვებ ხოლმე სახლში, იმან რომ მათხოვოს მერე. Don’t tell mama, თორემ გამიბრაზდება.
-ცუცი, სულ ქართულად რომ ილაპარაკო, არ გინდა?
-რატო, ძიაკო, შენ არ იცი ინგლისური? არ მინდა მარტო ქართულად, ასე უფრო cool არის. გამიშვი ახლა ნენეკოსთან მინდა ჭორაობა. -მეტიჩრულად შეიფერა ბიძამისის კოცნა და ნენეს მიეხუტა ამჯერად. -ჩემი და საბას მერე ყველაზე მაგარი couple შენდა ძიაკო ხართ, ნენეკო.
-ეს ბავშვი ერთ თვეში ასე უცებ როგორ გაიზარდა? -სიცილისგან ცრემლებს ძლივს იკავებდა ნენე, ქვემოდან ახედა დადას.
-ბევრი სტაფილო ვჭამე, -ბიძამისის ნაცვლად გასცა პასუხი, -წამო ციცისთან. გველოდება.
„მიშველეო“ თვალებით სთხოვა დადას, მაგრამ იმას ხელიც არ გაუნძრევია. თვალი ჩაუკრა მზაკვრულად, თავად გადაირჩინე თავიო.
-წამო, -წელზე მოხვია ხელი ბოლომდე ვერ გამეტებულს ციცისთან განსამარტოვებლად და ერთად შევიდნენ სახლში.
-გამიშვი ხელი, სირცხვილია!
-წელზე მოგხვიე, რა დაგემართა? -ოდნავ ჩააცურა ქვემოთ ხელი გასაწვალებლად და მაშინვე დაუბრუნა უსაფრთხო ადგილს.
-მომაშორე, -წამიც არ დასჭირვებია სახეზე რომ დასტყობოდა ყველა ემოცია. კბილებში გამოსცრა გაწიწმატებულს, ცუციკო წინ მიუძღოდათ წყვილს და რაღაცას ღიღინებდა ინგლისურად. -ნუ ხარ უზრდელი.
-და გზას აცდენილი? -წარბები აუთამაშა და უფრო მჭიდროდ მოხვია ხელი, -გინდა შენთან ერთად ავცდე?
-გთხოვ, -ციცის ხმა რომ გაიგონა, ყველანაირად დაირბილა ბგერები და მკლავზე ოდნავ მიეფერა კიდეც, რომ დაეყოლიებინა.
ჯერ იმ ადგილს დახედა დადამ, სადაც წეღან შეეხო ნენე, შემდეგ იმ თვალებს, რომლითაც ისე უყურებდა, თითქოს არაფერი გაეკეთებინოს ისეთი, რის გამოც დადას თავშეკავება ათმაგად უნდა გამოეჩინა.
-თუ მთხოვ... -ნელა ჩამოუცურა მკლავი, მაქსიმალურად აითვისა ნენესთან შეხების ყველა შესაძლებლობა.
ლოყაზე მიეფერა შემდეგ ხელით და წინ დაიყენა, რომ ერთად შესულიყვნენ სამზარეულოში, სადაც ციცი და ნანა რაღაცას განიხილავდნენ.
სხარტი მზერა ჰქონდა ნანას, ჯერ ნენეს შეხედა, შემდეგ დადას გაუღიმა ეშმაკურად და მისასალმებლად წამოვიდა გოგონასკენ.
-როგორ ხარ, ნენე? -დიდი ხნის ნაცნობივით დაეკითხა, დადას ისე ჩამოაშორა, თითქოს „აქედან მე მივხედავო“, მიანიშნა, -მოდი. ყავა უნდა გამეკეთებინა ახლა, კარგ დროს მოხვედი. ხო დალევ?
-დედა, რა კარგი ხარ, რომ მოხვედი, -აღტაცება ვერ დამალა ციციმ, თბილად ჩაეხუტა ისიც გოგონას.
დადამ სამშვიდობოს რომ დაიგულა ნენეს დამშვიდებული სახე, მხოლოდ შემდეგ დატოვა გოგონები.
-მთელი ორსულობა აკრძალული მქონდა კოფეინი, არადა ვგიჟდები ისე მიყვარს. ბევრს არც ახლა ვსვამ, ირაკლიმ რომ გაიგოს დღეს მესამე ჭიქას ვიდუღებ, გარეკავს. -წყალი უცებ მიადგა ნანამ. -ციც, შენ ხო შემინახავ საიდუმლოს?
-აბა, რას ვიზამ! მე თქვენი დაქალი ვარ ჯერ და მერე იმათი დედა. -ყელი მოიღერა ქალმა, ისეთი საყვარელი და სასაცილო იყო, ნენეს კიდევ მოუნდა ჩახუტება.
-რაო, რა ყავაო? -ქერა, ცისფერთვალება გოგონაც შემოვიდა ოთახში, ბუთქუნა ბიჭი ეჭირა ხელში, ლოყაზე კოცნიდა თან.
-ეს ელენეა, ჩემი ბავშვობის მეგობარი და რძალი. ეს ნენეა, დადასი.
-თუ მჯეროდეს... -მხიარულად გადაკოცნა მანაც ნენე, -მიდი მამიდაშენთან, შვილო, რამხელა ხარ უკვე. ისე მინდოდა შენი გაცნობა, ისე... ძაან მაინტერესებდა დადას პოზიციები ვინ შეარყია.
-შენც დალევ? -ცალ ხელში ბავშვი ეჭირა ნანას, -ციცი, ერთი ჭიქაც რომ დავამატოთ... დემნა, რამხელა ხარ?
-დემნას ნუ აბულინგებთ, -დამცველი გამოუჩნდა ჩადუნელების უმცროს ბიჭს, დემნა ჩადუნელს. -თორემ მერე კომპლექსები ჩამოუყალიბდება.
-ოხ, ცუცი, შეიცვალე პროფესია? აღარ გინდა მოდელობა?
-არა, მოდელობაც მინდა, -ნენეს ჩაუჯდა კალთაში, მარტო რომ არ ეგრძნო თავი, ბოლოს და ბოლოს, პირველად იყო ამ გარემოცვაში და ნუციკოზე კარგად მართლა არავის იცნობდა. -ან მოდელი გამოვალ, ან მუსოისტი, ან ფსიქოლოგი.
-მუსოისტი რა არი, ცუცი? -აბურდული თმები დაუვარცხნა გოგონას ნენემ.
ციცი ისეთი სახით შეჰყურებდა გოგოებს, ყავა სულ გადაავიწყდა.
ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა. ძალიან უყვარდა ბევრი ადამიანი ერთ სახლში, საერთო ჟრიამულება და გართობა, ყველაფერი, რასაც დანატრებული იყო მოსკოვში, თუმცა არასდროს ტოვებდა საქართველოში ყოფნისას.
განსაკუთრებული სითბო მაინც ნენესთვის ემეტებოდა იმ წამს. სულ სხვანაირი იმედი გაუჩნდა, თავისი შვილის გვერდით რომ დაინახა.
-სუმოისტი. შემეშალა. ლუკამ მითხრა კაი რამეაო. ძიაკო მეუბნება ლუკას ნუ უსმენო, მაგრამ ლუკა ძალიან მიყვარს. ახლა ცოლი რომ უნდა მოიყვანოს, ძაან მწყინს.
-აქიშბაიაზე ამბობს? -ნენეს ჰკითხა თვალებით ნანამ.
-ხო,ხო.. საიდუმლოდ მითხრა.. უიიი. ახლა გამახსენდა, „სეკრეტი“ რომ იყო. უნდა მოიტაცოს.
-მაგას აპირებს დიდი ხანია ეგ, -ხელი ჩაიქნია ელენემ, -ვაკოს ქაქანმა დამღალა, აქიშბაიების გვარი ჩემ გარეშე ვერ გამრავლდებაო.
-დეგენერატი. -ჩაიფხუკუნა ნანამ. ბავშვი ციცის გადაულოცა და თავად გაუმასპინძლდა გოგოებს. -სად არიან ლიკა და რეზი ამდენ ხანს?
-ციცი, ხომ მოგიყვანე ნენე, ხომ ვარ კარგი გოგო?
-შენ ყველაზე კარგი ხარ, ბე. -ლოყაზე მიეფერა ბავშვს.
პატარა დემნა უცნაურად აცეცებდა თვალებს ამდენი ქალის გარემოცვაში აღმოჩენილი.

ყველა იმდენად სასიამოვნო ადამიანი იყო, ნენეს საერთოდ არ გასჭირვებია წამიერად ყველაფრის მივიწყება და თავის იმ სამეგობრო წრის ნაწილად გრძნობა, რომელთაც საერთოდ სხვა ურთიერთობა აკავშირებდა ერთმანეთთან.
ყველა ისე უშუალოდ ექცეოდა, არც კი გასჩენია ის შეგრძნება, რომ ყველაზე „ახალი“ ის იყო.
გვიანობამდე დარჩენას არ გეგმავდა, თუმცა აღარც წასვლა უნდოდა, ისე გაერთო. ოდნავ შეჟუჟუნებულმა ლიკამ ჩუმად მიათრია სკამი მის გვერდით და აციმციმებული თვალებით გადმოხედა.
-რაო კუკარაჩამ... -გაეცინა ნენეს აბრიალებულ თვალებზე.
დადამ უბრალოდ გადმოხედა მოჩურჩულეებს.
-არაფერი. ნუ იქცევი საეჭვოდ.
-დაქალთან ჭორაობა როდის მერეა საეჭვო, -ჩაიფხუკუნა და რეზის ჩაუკრა თვალი, -მაგარი გაბრაზებულია რეზი, არ ვეუბნები ვინ გამოაგზავნა და ვერც მიბრაზდება, დაბადების დღე რომ მაქვს მაგიტო... დაურეკე სანდროს?
-აუ, სულ გადამავიწყდა! -შუბლზე იტკიცა ხელი, ტელეფონზე საათს რომ დახედა, ძალიან გვიან იყო უკვე. -თერთმეტი დაიწყო, ახლა ვეღარ დავურეკავ.
-კაი, დაიკიდე და ხვალ დაურეკე. უფრო მძაფრი იქნება. იმასაც მიახვედრებ, რო არ გინდა მაგასთან ერთად სადმე წასვლა და იმასაც, რომ იმდენად უმნიშვნელოა, რო დაგავიწყდა საერთოდ პასუხის გაცემა.
-ოხ, რა ვიცი. ჯანდაბა მაგის თავს.
-იარაღი გაქვს?
-კი.
-მოიცა, მართლა? -აღტაცებამ შეცვალა ლიკას სახეზე წეღანდელი ეშმაკური ინტერესი. -ვა, დაგერხა სანდრო. ინგას და კუკარაჩას კი არა, ბონი და კლაიდს დაეჯახე, მემგონი..
-ნუ იგონებ რაღაცას.
-ადამიანი შემოგხედავს, იფიქრებს ანგელოზის ფრთები სადღაც შეუკეცავს და ჭიანჭველასაც არ დააკარებსო ფეხს. ეს თურმე ნახე რა...
-არ ვატარებ, უბრალოდ ლიცენზია მაქვს და ვიცი, როგორ და რანაირად.
-მასწავლი?
-რად გინდა?
-ე, შენ რომ გაქვს? -წარბები აუზიდა, ისეთი სასაცილო იყო ნასვამი ნენემ ღიმილი ვერ შეიკავა. ახლა ძალიან ჰგავდა ცუციკოს, -არ გაიხედო, დადა ისე გვიყურებს, ტელეპათიურად გრძნობს აშკარად რაღაცას. უი, ახლა შენს ტელეფონს დახედა. ვსო, ნენე, ჯობია როგორმე ავორთქლდეთ აქედან. სანდრო გირეკავს.
ისე ნელა მიაბრუნა ტელეფონისკენ თავი, თითქოს სისხლი მთელი ძალით არ მოსწოლოდა სახეზე. მშვიდადვე დაავლო ხელი მობილურს, დადას ახედა წამიერად და ბაღის სიღრმეში, სიმშვიდეში განმარტოვდა.
ღრმად ამოისუნთქა, წინასწარ მოემზადა დიალოგისთვის. სუფრისკენ რომ გაიხედა, დადა აღარ უყურებდა, სამაგიეროდ ლიკა აწაკწაკებდა კიბილებს მოუსვენრად.
-დიახ, სანდრო.
-ნენე, როგორ ხარ? -უსიამოვნოდ გააჟრიალა უშუალო, მეგობრულ ტონზე.
-კარგად, თავად როგორ ხართ?
-არამიშავს, ნენე. შენი ნახვა მინდოდა დღეს, მაგრამ ოფისში რომ მოვედი, აღარ დამხვდით.
-დიახ, ადრე წამოვედით, დღეს ლიკას დაბადების დღეა. სანდრო, მეც მინდოდა თქვენთვის დამერეკა..
-გთხოვ, თქვენობით არ გინდა...
-დამაცადეთ, -ხმა გაუცივდა ნენეს, -რასაც თქვენ აკეთებთ, არის ძალიან არასწორი. მაგდებთ წარმოუდგენლად უხერხულ მდგომარეობაში. მეგონა, პირველ თაიგულზე იგნორი საკმარისი პასუხი იქნებოდა თქვენთვის და ზედმეტი მნიშვნელობაც ამიტომ არ მიმინიჭებია, თუმცა მეორე და ასეთი თამამი ნაბიჯის გადადგმის უფლება პირველის უპასუხოდ დატოვების შემდეგ არ გაქვთ. თუ ვერ ხედავთ იმას, რაც ისედაც აშკარაა, სიტყვებით გეტყვით, რომ ჩემთვის არასასურველია თქვენგან რაიმე ტიპის ყურადღება სამსახურს გარეთ.
-შეიძლება გავიგო რატომ, ნენე?
-რა მნიშვნელობა აქვს რატომ? -სიმწრისგან გაეღიმა გოგონას, ძალიან ეშლებოდა უკვე ნერვები, თუმცა ცდილობდა თავაზიანობა არ დაეკარგა. -უბრალოდ, აღარ განმეორდეს მსგავსი, ჩემი თხოვნა იქნება.
წესიერად აღარც მოუსმენია პასუხისთვის. ისეთი დაძაბული იყო მთელი დიალოგის განმავლობაში, რომ გაუთიშა, მხოლოდ შემდეგ ამოისუნთქა.
სამზარეულოში შეიპარა წყლის დასალევად და სახის დასალაგებლად.
ნანა იჯდა მაგიდასთან და თავის პატარას აჭმევდა. ღიმილით ამოხედა შემოპარულს.
-ჭამის გარდა არაფერი უნდა, -დაუჩურჩულა ხმადაბლა, -მხოლოდ მაშინ ტირის, როცა შია.
-მეც ასე ვიყავი, -გაეცინა ნენეს და წყალი ჩამოისხა. განჯინას წელით მიეყრდნო და ყურადღებით დააკვირდა დედა-შვილს, -ჩემი ძმა სულ ტიროდა. ვერაფრით უგებდნენ, რა უნდოდა...
-ძმა გყავს? რა კარგია... ევაც პრეტენზიული იყო, ჩემი პატარა და. დღეს აქ არ არის, მოეწონებოდი ძალიან. ამერიკაში გაფრინდა ერთი თვის წინ. იქ აგრძელებს სწავლას.
-რა მაგარია, ყოველთვის ჩემი ოცნება იყო, მაგრამ ვერაფრით ვტოვებდი ჩემებს.
-ისიც სულ ტირის, მაგრამ მიეჩვევა. ანდრო გაგიჟებულია, ხანდახან მგონია, რომ წავა და თავისი ხელით ჩამოიყვანს. გინდა, დაიჭირო? მორჩა, როგორც იქნა..
-არ ვიცი, როგორ უნდა. რომ დამივარდეს? -შეეშინდა ნენეს, ბოლოს ასეთ თოთოს როდის შეეხო არც ახსოვს. -ვაიმე, რომ იტიროს, გავგიჟდები...
-არ იტირებს. მიდი ფანჯრიდან დაზვერე ირაკლი ხომ არ მოდის, შენ ბავშვი დამიჭირე, მე ყავას დავლევ უცებ.
-არა, არ მოდის. სიგარეტს ეწევიან ეგ და დადა.
-რაო? -ხმადაბლა წაისისინა გამწარებულმა და დაწვრილებული თვალებით გაიხედა თავადაც ფანჯარაში. -სანაძლეო დავდეთ, ვინც სამ ღერზე მეტს მოწევს დღეში, ან სამ ჭიქა ყავაზე მეტს დალევს, სამი თვე ის უცვლის ბავშვს საფენებს. ეს მეოთხეა, დამიჭირე ელი, მოდი, ნუ გეშინია, არ იტირებს.
-ვაიმე... -ლამის თავად დაიწყო ნენემ ტირილი, ბავშვი რომ დაიჭირა.
მიზანმიმართული ნაბიჯებით წავიდა დანაშაულზე წასწრებული ქმრისკენ, რომელიც უღიმოდა დანებებული.
მთელი სხეული დაძაბული ჰქონდა. ბავშვს ეფერებოდა, ეხვეწებოდა, რომ ხუთი წუთიც გაეძლო და არ ეტირა.
-ვაიმე, მიშველე. -დადასკენ წავიდა ფრთხილად, როგორც კი სამზარეულოში დაინახა. -ნახე, რა პატარაა, მეშინია ზედმეტად არ მოვუჭირო ხელი, არ ვატკინო. გამომართვი, გთხოვ.
-ნასვამი ვარ, ნენე. მე მანდობ ბავშვს? -თვალები უბრჭყვიალებდა ისევ, ამჯერად ალისფრად.
უფრო იმიტომ არ ართმევდა ხელიდან პატარას, რომ მისი ასეთ მდგომარეობაში ყურება მოსწონდა და ართობდა.
-მე რატომ მანდეს! გუშინ ჭიქა გამივარდა ხელიდან...
-მოსწონს შენთან, ტყუილად ნერვიულობ.
-სად მიდიხარ? -ბავშვიანად აეკიდა სამზარეულოდან გასულს, -არ დამტოვო...
-ხელებს დავიბან და გამოგართმევ, დაწყნარდი. -შუბლზე აკოცა სანამ გაცილდებოდა.
-კაი, აქვე ახლოს დაგელოდები. -სააბაზანოს კარიდან ორი ნაბიჯის მოშორებით არწევდა ბავშვს. -ბიძაშენი ძალიან პრეტენზიულია, მაგრამ საყვარელია. არ უთხრა იცოდე. ბებიაშენმა რომ იცოდეს, ბავშვის დაჭერა ასე მეშინია, მემგონი ჩემი დანახვა იმდენად აღარ გაუხარდება. მაგრამ რა ვქნა? პატარა რო ხარ?
-ნენეკო, არ იცის მაგან ჯერ ლაპარაკი. -თვალების ფშვნეტით გამობარბაცდა ცუციკო ერთ-ერთი ოთახიდან.
-ცუცი, რატო არ გძინავს შენ? გვიანია.
-ცოტნე დამესიზმრა, ჩემი „ექსი“. ვეღარ ვიძინებ. ახლა საბას ღალატში ჩამეთვლება?
-არა, ცუცი. წადი, დაწექი.
-ძიაკო, შენც აქ ხარ? -ბიძამისის დანახვისას სახე გაებადრა.
დაძაბულ ნენეს მაშინვე გამოართვა პატარა და გულზე მიიხუტა.
-ცუცი, რატო არ გძინავს?
-მე და ნენე ვჭორაობდით. შენზე ასე უთხრა ელის, საყვარელიაო, მარა არ უთხრა ბიძაშენსო. როგორ უნდა გითხრას, მაგან ხო ლაპარაკი არ იცის ჯერ?
-ცუცა! -ტუჩები დაუთხელდა ნენეს, -ასე არ მითქვამს.
-ასე თქვი. -ხელები გულზე გადაიჯვარედინა პატარა ქალბატონმა. -ძიაკო, მაკოცე და დავიძინებ.

სავარძელზე ჩამოსხდნენ, როცა ცუცაც გაისტუმრეს დასაძინებლად.
ნენე ვერაფრით პოულობდა ადგილს. თითქოს ვალდებულებას გრძნობდა მისთვის სიმართლის თქმის და დადაც განზრახ არ უსვამდა ზედმეტ კითხვებს, არადა, ხომ იცოდა, ხომ შეამჩნია ყველაფერი.
-სანდრომ დამირეკა. -დაიწყო ხმადაბლა და ნერვიულად ახლართა ხელები ერთმანეთში, ირიბად გადმოხედა დადამ და ელისაბედის ფერება განაგრძო ფრთხილად. -მე თვითონ ვაპირებდი დარეკვას, მაგრამ გადამავიწყდა.
-თუ იმიტომ მეუბნები, რო შენს ეკრანზე სანდროს სახელი დავინახე, არ გინდა, ნენე..
შუბლი აეწვა, ისე მწარედ მოხვდა მისი გულგრილი სიტყვები. იმ წამს მართლა ერჩივნა მწვავე რეაქცია ჰქონოდა, რამე ეკითხა, დაინტერესებულიყო.
-შენ უნდა თვლიდე, რომ ჩვენს შორის დასამალი საგანი არ არის ის, რომ თუნდაც სანდრო ყვავილებს გიგზავნის და მერე ბედავს და გირეკავს. შენ გგონია ვეჭვიანობ? გეშინია? თუ რატო არ მეუბნები?
-არ მინდოდა შენი გარევა. -ამოიბურტყუნა თვალებდახრილმა, -არც ის მინდა ვინმესთვის გარჩევის საგანი ვიყო.
-მე შენ არავისთან გაგარჩევ. -მშვიდად, თუმცა ისეთი უდრეკი თავდაჯერებით უთხრა, როგორც ჩვეოდა. -და არც ვინმეს მივცემ იმის უფლებას, რისგანაც მე თვითონაც ვიკავებ თავს შენთან.
-კარგი.
-რასაც დამიმალავ, მხოლოდ შენ შეგაწუხებს იცოდე. არ გეგონოს, რომ ჩვენთვის რამე კარგს გააკეთებ, თუ ცუდს დამიმალავ. თუნდაც ძალიან პატარას.
-დაეძინა? -ქოშინით შემოვარდა ნანა სახლში, -წამო, ნენე, არ სვამ?
-არა... დადაც ნასვამია და საჭესთან...
-დალიე თუ გინდა, -გაეღიმა ნენეს დაბნეულ სახეზე, -გამოვფხიზლდები მე მანამდე.
-აუ, დადა, მერე გადააწვინე ცუცასთან თავის საწოლში, კაი? -ხელკავი გამოსდო ანდრონიკაშვილს ნანამ და პასუხს არ დალოდებია ისე გაიყვანა გარეთ, -გიჟდება შენზე.
-აჭარბებ.
-არაფერიც. კარგად ვიცნობ მაგ მზაკვარს. იცოდე, ბევრი გეტყვის, რომ არ ღირს მისნაირთან. გამომივლია და ვიცი. ადამიანის ნამდვილი სახე მხოლოდ მის ახლობლებთან ჩანს. დადასთან კიდევ ცოტა უფრო ვიწროა ეგ წრე, მაგრამ იცოდე, რომ მაგ წრის ცენტრში შენ დგახარ. ყველა იმაზე ეხუმრება ჩვენს სამეგობროშიც, რომ აქამდე ცოლი ვერ მოიყვანა, ციციც თავს იგიჟებს, რომ შეყვარებულიც კი არ ჰყოლია იმ გოგოს მერე და მექალთანეობის მომაკვდინებელი სენი შეეყარა. არადა, ზედმეტად ერთგული და ფრთხილია. არასდროს დაგაღალატებს, არასდროს. ამათ თუ რამე უკბილო წამოსცდათ, არ გეწყინოს, მიჩვეულები არიან უბრალოდ დადასთან ამ თემაზე ხუმრობას და ცოტა დრო სჭირდებათ შენთან ადაპტაციისთვის.
თბილისში გამთენიისას დაბრუნდნენ.
ნენეს საშინლად ეძინებოდა დაღლილობისა და ერთი ჭიქა ღვინის ფონზე, თუმცა მაინც ამაყად ეჭირა თავი. თვალებიც ფართოდ დაექაჩა.
-დაიძინე, რატო წვალობ?
-არ მეძინება, -უთხრა თუ არა, მთქნარებაც ვერ შეიკავა. -კარგი მეგობრები და ნათესავები გყავს. ადამიანებთან დამეგობრება მიჭირს ხოლმე, მაგრამ მათთან მარტივად გამომივიდა...
-ვინ გითხრა, რო გიჭირს? მე პირიქით მგონია.
-რა ვიცი, ლანას გარდა მეგობარი არ მყოლია არასდროს და... ციცი ძალიან საყვარელია. ისე მიყურებდა დღეს...
-ცხრა თვის ორსულს წარმოგიდგენდა ალბათ.
-რომ ენახა ელისაბედი როგორ მეჭირა, -თვითონაც გაეცინა თავის თავზე, -გადაიფიქრებდა ეგრევე. დღეს რაღაც სხვანაირი ხარ..
-როგორი? -გვერდულად გადმოხედა, დაკვირვებითა და განსხვავებული ინტერესით. ნენეს ეგონა, რომ მისი ფიქრების წაკითხვას ცდილობდა.
-მგონია, რომ მაკვირდები.
-მე შენ სულ გაკვირდები.
-ახლა სხვანაირად, -დაღლილი მიწვა სავარძლის საზურგეზე. ფანჯარა ჩამოსწია და ღამენათევი სახე შეუშვირა ქალაქის ნამძინარევ, გრილ ჰაერს.
-საყვარლად?
-ღმერთო, ცუციკოსთან სიტყვას ვერ დაძრავ. ყველაფერი შენ ყურამდე მოდის მაინც.
-შენც რომ აღიარო ჩემთან, რა მოგივა ერთხელ...
-მეძინება... -თვალები მიეხუჭა.

რიო რომ გამოწერეს, ნინო ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო სოფლიდან. სახლამდე დადამ მოიყვანა. საღამოხანს ცერცვაძეებიც მოვიდნენ მის მოსანახულებლად. ათასი ჭკუის დარიგება და მოკითხვა დაუტოვეს და წავიდნენ.
ყველა მოვიდა ლილეს გარდა. მხოლოდ თავს არწმუნებდა, რომ სწორადაც მოიქცა, თუმცა გულის სიღრმეში მოღიტინე უკმაყოფილების შეგრძნებას მაინც ვერაფრით ერეოდა.
-ლილე რატომ არ წამოვიდა? -ლანას ჰკითხა სასხვათაშორისოდ, სხვა განსახილველი თემა თითქოს მათ შორის გაჩენილ უფსკრულს ჩაეტანა თან.
-ლილე ლონდონის ბიზნესის სკოლაში ჩაირიცხა, დღეს მეგობრებთან ერთად აღნიშნავს, წასვლამდე უნდა, რომ ყველას დაემშვიდობოს.
-მართლა? -ენა ჩაუვარდა ნენეს, ძალიან კი გაუხარდა ლილეს წარმატების ამბავი, მაგრამ ირიბად მაინც გაექცა თავისი ძმისკენ თვალები.
ისეთ უემოციო მზერაში მხოლოდ ნენე თუ ამოიცნობდა გულწრფელ გაოცებას შორის მოლიცლიცე გულისწყვეტას.
-რა მაგარია, არ ვიცოდი... თუ აპირებდა. გილოცავთ! მერე დავურეკავ და პირადადაც ვეტყვი... ტატო ძია, როგორ უნდა შეელიო შენს გოგოს?
-სულ ხომ არ წავა? -ნაღვლიანად გაუღიმა კაცმა, -ჩამოვა ხოლმე. რომ დაამთავრებს, საქმესაც ჩაუდგება სათავეში.
-ლანასაც სულ ვუჩიჩინებდით წასულიყო, -სიტყვა ჩააკვეხა სალომემაც, -მაგრამ არ მოინდომა. გაუჭირდა ჩვენთან განშორება...
-ხო, მე და ნენეს სხვა გეგმები გვქონდა მაშინ.
რიომ ისე დააბრიალა თვალები ამ სიტყვების გაგონებისას, ნენეს უკვე ეგონა, რომ ზღვარზე იყო და ისე ალაპარაკდებოდა, რომ ტატოს რიდიც კი ვერ გააკავებდა ერთ ადგილას.
-ადამიანები იცვლებიან და დიდი ამბავი, გეგმები თუ შეგეცვალათ, -ცივად, მაგრამ გაკრვევით გააგებინა თავისი პოზიცია რიომ. ისიც კარგად აგრძნობინა, რომ მას ვერ აუხვევდა თვალებს თავისი ფასადური მზრუნველობით.
მალევე წამოიშალნენ ცერცვაძეებიც. ტატო განსაკუთრებულად დაემშვიდობა ნენეს. თითქოს იმ დღის შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა მათ შორის, მანძილიც დამოკლდა და სიშორეც ორ პიროვნებას შორის.
-რაც არ უნდა მოხდეს, სულ გქონდეს ჩემი იმედი, ნენე. ყოველთვის.
თითქოს წინასწარ გრძნობდა, რომ დასჭირდებოდა. მართლა მშობელივით იყო ტატო ამ ორისთვის.
-გწყინს, რომ მიდის? -ცერცვაძეებისთვის გაშლილი მაგიდის ალაგება დაიწყო ნელ-ნელა ნენემ, ცალი თვალით გადმოხედა თავის ძმას.
-უნდა წავიდეს, დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა.
-იმსახურებს, რომ იცოდეს, რასაც გრძნობ.
-აუ, შექსპირ, არ გინდა ახლა რა... -უკმაყოფილოდ დაეჭყანა სახე, -სადაც უკეთესია იქ უნდა წავიდეს.
-სხვამ რომ შეიყვაროს იქ? ლილემაც რომ შეიყვაროს ის სხვა? -გულზე დაიკრიფა ხელები ნენემ, ზემოდან ისე დააჩერდა, თითქოს უბრძანებდა, გამუტყდიო გოგოს სიყვარულში.
-ნენე, რა გინდა? წამოგიხტე ახლა? გადი შენს ტურფასთან, ის არ მიდის არსად. ნუ მირთულებ. ვიცი მე თვითონაც, რას ვიზამ.

თერთმეტი ხდებოდა, კარი რომ აზარუნდა.
ზუსტად იცოდა ნენემ, ვინც იქნებოდა. რიოც მიხვდა, მაგრამ არ შეიმჩნია განზრახ. არც მაშინ ამოუყვია ტელეფონიდან თავი, ლილე რომ დამორცხვებით შემოვიდა მათ სახლში.
ერთხელ გახედა და ეკრანში ჩაძვრა ისევ.
არადა ისეთი ლამაზი იყო, ერთი შეხედვა ვერ იმყოფინა ვერაფრით.
-შემომხედავ ახლა თუ დიდხანს ვიდგე ძეგლივით? -გაბრაზდა ცერცვაძე, დიდხანს რომ მოუწია ლოდინი რიოს მზერისთვის. -გტკივა რამე?
-თავი. შენ ამატკიე. -უინტერესოდ მიაგდო ტელეფონი და გაბრაზებული მზერა გააყოლა ეშმაურად მომღიმარ ნენეს, სახლიდან რომ გაიპარა და მარტო დატოვა ლილესთან.
-არაუშავს. მივდივარ მალე და აღარ აგტკივდება თავი.
-ვიცი, ლანამ მითხრა. მომილოცავს.
-არ მინდა წასვლა. -ხმადაბლა გააჟღერა ლილემ. თვალები დახარა, თითქოს ამით რიოს მიანიშნა, რომ მისი იყო შემდეგი სიტყვები.
-უნდა გინდოდეს. ყველას არ აქვს შენნაირი შესაძლებლობები და შანსები. აქ რა უნდა გააკეთო, აბა?
-შენ წახვიდოდი?
-ვერა, -თვალები გაუნათდა ლილეს ამ პასუხის გაგებისას, ეგონა თავად იქნებოდა რიოს აქ გაკავების მიზეზი, -ნენეს, ბებოს და დედას აქ ვერ დავტოვებდი. მე არც მექნებოდა არჩევანი, შენ გაქვს.
-მარტო მაგიტომ? -სიმამაცის გამოჩენას სთხოვდა საკუთარ თავს ლილე.
-შენ რა მიზეზი გაქვს აქ დარჩენის? რა არის ახლა შენთვის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლაა?! მე?! -პირდაპირ მიახალა. ისე გაუბრაზდა იმ წამს, რომ დაუშვა, რომ ღირსად ჩათვალა სასწორის მეორე პინზე დაედო საკუთარი მომავალი ბიჭის გამო. თან მისნაირი ბიჭის გამო. -თუ ის დეგენერატი ჟღენტი, მთელი ღამე რომ გემესიჯებოდა? სულელი ხარ? ბიჭის გამო ამბობ შენი ნიჭის პატრონი ასეთ რაღაცაზე უარს?
-არ ვამბობ უარს არაფერზე! რისი ცოდნაც მინდოდა, გავიგე უკვე! -ფეხზე წამოვარდა თვალებზე ცრემლებმომდგარი.
ტყვიის მუცელში გავლა არ უგრძვნია რიოს ისე მწარედ და მტკივნეულად, როგორც ლილეს ის მზერა გასვლისას რომ დაუსერა მთელი სახე.
-ჭკვიანად იყავი და კარგად ისწავლე.
-არც დასამშვიდობებლად მოხვალ? შემდეგ სამშაბათს მივფრინავ.
-ჩემთვის სიარული არ შეიძლება.
-კარგი. კარგად იყავი მაშინ. -პასუხს არ დალოდებია, ისე გავარდა სახლიდან.

*
-დადა, დარწმუნებული ხარ? -ღამის სიბნელეს უსასრულო სივრცედ ექცია კოჯრის ტყე.
იმ ტყის ურთიერთსაპირისპირო მხარეს მიეყენებინათ ორი მანქანა. ამ ადგილას ხვდებოდა დადა თავისიანებს.
ტყის განაპირას ერთი მიტოვებული სახლი იდგა ლამაზი აივნით. იქამდეც ფეხით მიდიოდნენ, ვინმეს რამე რომ არ ეეჭვა.
ზოგჯერ ერთმანეთის სახეებსაც ვერ ხედავდნენ, იმდენად ერიდებოდნენ შიგნით შუქის ანთებასაც კი.
-დარწმუნებული ვარ, სანდრო. სხვანაირად არ გამოვა.
-ახ, შარი ხარ რა, თავიდან ბოლომდე შარი ხარ, ნაკაშიძე. ყიფიანს მე ვეტყვი. გენდობა და არ იქნება წინააღმდეგი.
-შენგანაც მინდა პასუხი, მარტო ყიფიანი არ მეყოფა.
-შენ ხო იცი, რომ ამ დღეს ჩვენ ძალიან დიდ ხანს ველოდით. ნუცუბიძე და ივანოვი ერთად.
-ისედაც დიდია ჩაშლის შანსი. მჭირდება იმის ცოდნა, რომ ნენე ბოლომდე სანდოა, სანდრო. არ შემიძლია სხვანაირად.
-შენი აზრით, იმათი აგენტია? -ხმადაბლა ჰკითხა მაჩაბელმა.
ამის გაფიქრებისასაც კი გააჟრიალა დადას. უცებ იმხელა უფსკრული გაჩნდა მის გონებაში, ყველა საღი აზრი შიგ ჩაიტანა.
-კარგი. უთხარი. -მშვიდად დაამატა მაჩაბელმა. -ჩვენ დაგაზღვევთ. მერე რას აპირებ? იმათიანი რომ იყოს მართლა...
-არაფერს. ჩვენ ამ საქმეს დავამთავრებთ, ივანოვი ციხეში, ნუცუბიძე მის გვერდით.
-შენც მოგიწევს, ხო იცი. -ჩაეცინა მაჩაბელს.
-არაუშავს, ვნახავ ერთი რა ხდება იქ. -ძალად გაუღიმა შავ სივრცეს დადამაც. -კაი, სანდრიკ. ზეგამდე.
-მშვიდობა და ერთგულება შენკენ, დავით.
*
ქალაქში უკვე სექტემბერი იდგა.
ქარი ნაზად არხევდა სიყვითლეშეპარულ ფოთლებს და ნენეს ოქროსფერ თმას. აივანზე გადმომდგარიყო და ეზოში გამვლელებს აკვირდებოდა.
გაეღიმა, როგორც კი ნაცნობი მანქანა შემოდგა სადარბაზოსთან. დადამაც მისი აივნისკენ ამოიხედა მაშინვე და ქვემოდან გაუღიმა მომლოდინეს.
ზუსტად ერთი წუთი სჭირდებოდა სახლში შესასვლელად, მაგრამ კართან დაუხვდა ნენე ამჯერად.
-ორი წუთით გცალია? -ჰკითხა დამორცხვებით.
თავის დაკვრით მიანიშნა, კიო და შინ შეყვა.
თეთრი, ფრიალა კაბა ეცვა. ოქროსფერი თმა ლამაზად გადაშლოდა ხალების თანავარსკვლავედით მოჭედილ მხრებზე და ყველგან სახლის სურნელს ტოვებდა, სადაც გაივლიდა.
ისე არ უნდოდა ამ სურნელთან, ამ სხეულთან გაუცხოება, ნაბიჯებს ძლივს ადგამდა.
-დემურზე მინდოდა რაღაც მეთქვა. გუშინ მისი მანქანა დავინახე ეზოში. შენთან იყო?
-ჩემთან რომ ყოფილიყო აქ არ მოვიდოდა, -ეჭვნარევად შეყარა წარბები და კარგად დააკვირდა ნენეს სახეზე. -დიდ ხანს გაჩერდა?
-არა. სახლში რომ შემოვედი, წავიდა.
-კარგი, -სკამზე ჩამოჯდა. ისეთი დაღლილი სახე და თვალები ჰქონდა, ხელები ვერ შეიკავა ნენემ, რომ არ მიფერებოდა, -მოდი.
წელზე მოხვია ცალი ხელი და კალთაში ჩაისვა. გულის ძვალთან აკოცა რამდენჯერმე.
-არ შეგეშინდეს. არც შეიმჩნიო, -ნიკაპი ზედ მიადო და ისე ახედა ქვემოდან.
თხელ თმაში უცურებდა ნენე ხელს.
-ხვალ უნდა შემახვედროს ერთ კაცს. მერე ვეღარ შეგეხება. -ხელები ერთ ადგილას გაუშეშდა ნენეს, განცვიფრებულმა დახედა ზემოდან.
-რატომ? რას ნიშნავს... ვის?
-ივანოვს. ვისგანაც ნარკოტიკები შემოაქვს.
-და შენ რა საქმე გაქვს? რა გინდა იმათთან... არ წახვიდე. -სასწრაფოდ წამოდგა აღელვებული მისი კალთიდან.
-შენ არ ინერვიულო. -სუსტად გაეღიმა.
-როგორ... დადა, ძალიან გთხოვ. -ცრემლებმა აუმღვრია თვალები.
-მეც გთხოვ. -თვალებიდან ჩამოაწევინა ხელები და აიძულა შეეხედა.
თითქოს დამშვიდებას კიარა, საერთოდ სხვა რამეს სთხოვდა.
თითქოს ნენეს გულმაც უკარნახა, რომ უნდა ეთქვა, მაგრამ ვერ შეძლო მაინც.
-ნენე... -სკამიანად მისწია ახლოს თავისკენ. სუნთქვა შეეკრა.
შუბლით შუბლზე მიეყრდნო.
-რას აპირებ, მითხარი...
-მიყვარხარ.

როგორ უნდოდა იმ წამს პირის გაღება და ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანა. ყველაფრის ისე აღიარება, რომ დადას აღიარებისთვის არ დაეკარგა ფერი და მნიშვნელობა. რომ რასაც გრძნობდა მისი გული საპირისპიროს ანარეკლი არ ყოფილიყო თავისი გონების კარნახის.
სუნთქვა ისე შეეკრა, ისე მწარედ იგრძნო ყველა უთქმელი სიტყვა ყელში გაჩხერილი, რომ ძალიან მწარე იქნებოდა შედეგი, რომელსაც საკუთარი მდუმარება მოუტანდა ადრე თუ გვიან.
ვერაფერი უთხრა საერთოდ. ცრემლებით დასველებული ტუჩები მიაკრო მხოლოდ დადას ტუჩის კუთხეს და თვალებში კარგად რომ ჩაეხედა, იმასაც დაინახავდა, რომ სათქმელიც აღარაფერი იყო.
რომ დადამ უკვე ყველაფერი ისედაც იცოდა.
-ფრთხილად იყავი. -უთხრა, როცა მოიწმინდა ის ცრემლები, რომელსაც აუცილებლად დაუშრობდნენ დადას ტუჩები, მას რომ მეტი გამბედაობა გამოეჩინა.

*
ნუცუბიძე სიტყვას ასრულებდა. ნაწილობრივ მაინც.
დადას ახვედრებდა ივანოვს.
იმ დღეს ყველა არმაგედონივით ელოდა. დამნაშავეც, უდანაშაულოც, სამართლის მაძიებელიც. სიმართლის მაძიებელიც.
ცერცვაძეების სახლს დაძაბულობა სახურავს ხდიდა.
დადაც წუთი წუთზე უნდა გასულიყო სახლიდან.
საათი ნაღმივით წიკწიკებდა.
ყველაზე ნაკლებად სანდრო მაჩაბელის სახელი უნდოდა რომ მიხატვოდა თავის ტელეფონს. დიდხანს მოარიდა თვალი და მაინც უპასუხა ბოლოს.
-იციან, დადა. ცერცვაძეებმა იციან. -სუნთქვა შეეკრა სანდროსაც.
წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ უნდა ეთქვა კაცისთვის, რომ მისმა საყვარელმა ქალმა გასცა.
-კარგი, სანდრო. ისინი მაინც მივლენ. მე ნენესთან წავალ.
-მიდი. მაინც კარგად გაარკვიე ყველაფერი. -ბოლოს დაუმატა იმედისმომცემად.

გრიგალივით გამოვარდა სახლიდან. ცხრაასჯერ დარეკა ალბათ ნენესთან, მაგრამ არც კი უპასუხა.
იმ დაჭრილი ცხოველივით სუნთქავდა, მთელი არსებით რომ ცდილობდა სული სახლამდე მიჰყოლოდა და სიცოცხლე ტყე-ღრეში არ დაესრულებინა.
პასუხიც რომ არ გასცა, თითქოს ყველაფერი ნათელი გახდა უფრო.
ანდრონიკაშვილების სახლში მისულს რიო დაუხვდა გადარეული. ჭრილობაზე ხელს იჭერდა და ტელეფონით ცდილობდა დაერეკა ნენესთან.
დადა რომ დაინახა სახეწაშლილი, მოწვეტით დაეცა სავარძელზე.
-რატო გაქ ეგეთი სახე? -ამოიხრიალა უსიცოცხლოდ, -ნენეს რამე მოუვიდა? ვერ ვუკავშირდები, დადა... ერთი საათის წინ გავიდა სახლიდან.
-მაგის დაქალს დაურეკე, დროზე.
-ლანას? ხო. ახლავე. -ხელებს ძლივს იმორჩილებდა რიო უკვე.
გული ერეოდა გაურკვევლობისგან. რაღაც საშინელებას უგრძნობდა გული.
-აქ ვარ, რიო.. ტყუილად მირეკავ... -დადა რომ დაინახა სახლში ნენეს მაგივრად, სახიდან ფერები გადაეშალა ლანას.
-გისმენ, -ისე ცივად გაიარა ოთახის კედლებში დადას ხმამ, რომ ლანას ენა მიეყინა. -დროზე ილაპარაკე, რა გითხრა ნენემ და როდის.
-შენთვის არ უთქვამს? -თავდაჯერება დაჰკარგვოდა ლანას ხმას. საერთოდ სხვანაირად წარიმართა სცენარი. ვერ ხვდებოდა, რატომ იყო დადა ახლა აქ, რატომ არ იჯდა ნუცუბიძესთან ერთად მაგიდაზე, რატომ არ ელოდა ისიც ბორკილებს ხელებზე, როდის მოასწრო თავის დაძვრენა. -შენ ხო არ გეგონა, შეუყვარდი? იცი, რომ იმ მაგიდასთან განვიხილავდით შენი საქმის დეტალებს? იცი, რომ ჩემთან ერთად მუშაობდა შენ რომ ციხეში ჩაესვი? ჩემი მეზობელიაო რომ თქვა, მე მაშინვე შევთავაზე შენთან დაახლოება, გამოუვიდა... ისეთი ინფორმაცია მოგვაწოდა... მაგრამ როგორც ჩანს შენც გაგაფრთხილა... მართლა შეუყვარდი და ვერ გიღალატა ბოლომდე.
-შენ, გოგო! -ლამის სისხლისგან დაიცალა რიო, ისე გათეთრდა სახეზე, -რას ლაპარაკობ საერთოდ? არ იცნობდე მაინც ჩემს დას! თავს რო ვერ იცავს, ხო არ გგონია ყველაფრის ლაპარაკის უფლება გაქვს მასზე?!
-ხო, ნენემ გვითხრა ზუსტად, ეს რომ აპირებდა თავისნაირ კრიმინალებთან შეხვედრას... მეგონა ვერ შეძლებდა, მეგონა საქმეს უღალატებდა...
-ენა ჩაიგდე და სადაა ჩემი და, მითხარი დროზე!
-სახლში არაა? მის სანახავად მოვედი, ერთად უნდა აღგვენიშნა..
-რომელზე გავიდა ნენე სახლიდან, რიო? -ზურგი შეაქცია ლანას, თითქოს როგორც კი საკმარისი ინფორმაცია მიიღო მისგან, მაშინვე გაქრა.
-ერთი საათის წინ-მეთქი. მაღაზიაში ჩავიდა.
ზარია ტელეფონზე.
ვისგანაც ყველაზე მეტად უნდოდა რომ შემოსულიყო, არც ამ ჯერზე იყო ის ადამიანი.
უცხო ნომერი.
-გისმენ.
-დადა, შე მოღალატე... -ცივად ხარხარებდა ნუცუბიძე, -პოლიცია დროზე მოშორდეს ჩემს არე-მარეს, თორემ შენს გოგოს იცი, რა მოუვა?! მტირალაა, რად გინდა ასეთი?! ახალს იპოვი, არ გაგიჭირდება შენ. ნახევარი საათია არ გაჩერებულა. ტირის და ტირის. ვისი მახეში გაბმა გინდოდა, ბიჭო... ჩემი?!
-ცოცხლად დაგმარხავ. -საკუთარ სისასტიკეზე გაეცინა დადას.
ენა ჩაუვარდა ლანასაც.
არ ეგონა, რომ ნენეს ასე ბინძურად მოუბრუნდებოდა ნუცუბიძე. ცრემლებით აევსო თვალები და სინანული ზუსტად მაშინ ეწვია, როცა აზრი აღარ ჰქონდა - ძალიან გვიან.
-იცი, ვინ მყავს-მეთქი, დადა?!
-შენ თუ იცი, შე საცოდავო? ჩემი ადამიანად დარჩენის მიზეზი გყავს, მაგას თუ რამე მოუვა, ძალიან რომ გინდოდა, ჩემს იმ სახეს დაგანახებ. აქამდე რომ არ მქონდა და შენ რომ მაიძულე შემექმნა - არაადამიანურს. შენთან ხო არ გგონია მოუმზადებლად ვაპირებდი მოსვლას? შენი ძმა მოიკითხე, ჰკითხე სად არის, ვისთან... შენს დას რომ ეცოცხლა ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ იმას მოგიკლავ, ნენეს თუ ხელს დააკარებ. მერე იცი რას გიზამ? ხელით გათრევინებ სახლამდე შენს მეორე მკვდარს, ისევ შენ გამო მკვდარს. გაგიკეთებ. დამალაპარაკე დროზე.
-მოდი და დაელაპარაკე, თუ დაგხვდება ცოცხალი.
-ხო? -ისე ხმამაღლა გადაიხარხარა მთელს თბილისს მისწვდა მისი ხმის სიცივე და დაუნდობლობა. -ვიკას მკვლელს ჰყავს შენი ძმაც. გინდა თამაში? მიიღებ.
IV
„იგის მაინც ტკივილი ურჩევნია წუხილს“
კეთილმოწყობილი სახლის უზარმაზარი დარბაზი ოცამდე შეიარაღებულ მამაკაცს ამოევსო. არცერთი მათგანი არ ირყეოდა ადგილიდან, იფიქრებდით, რომ ცვილის ფიგურები იყვნენ და არც სუნთქავდნენ, სული კი მხოლოდ მაშინ ედგმებოდათ, როდესაც დემურ ნუცუბიძე მოინდომებდა მათთვის შეხედვასა და მითითებების გაცემას.
საცოდავი და სასაცილო იყო ერთდროულად ნენესთვის მის თვალწინ გადაშლილი სანახაობა, სადაც ზრდასრული ადამიანები ვიღაცის თითის დაქნევას გამალებით ელოდნენ.
ნუცუბიძეც კმაყოფილი ჩანდა მათი მორჩილებითა და უსიტყვო გაგებით. ამაყად ეჭირა თავი და ისე დაჰყურებდა ზემოდან სკამზე მიბმულ გოგონას.
ნენე კარგად აკვირდებოდა ყველაფერს. ამ ოთახს ოთხი კარი და ერთი შიდა კიბე ჰქონდა. ერთი კარი სამზარეულოში გადიოდა, ერთიც საპირფარეშოში, ერთი წინა ეზოში, ერთიც კი სახლის უკან, საიდანაც გასასვლელი არ ჩანდა, ორმეტრიან ბეტონის გალავანს კი ვერაფრით გადაახტებოდა, როგორც არ უნდა მოენდომებინა.
სხეული დაღლისაგან მოემჩვარა, სახეზე შეშრობოდა ცრემლები. უკვე ნანობდა კიდეც, იმ პატარა კაცის წინაშე რომ ატირდა.
უდრეკი მზერით უარესად აღიზიანებდა დემურს. მაჯებს მჭიდროდ მოჭერილი ბაწარი უჭერდა.
-არ მეგონა ასე მალე თუ დანებდებოდი, -მის წინ, კომფორტულ სავარძელში ჩამოჯდა ნუცუბიძე.
თავს სამუზეუმო ექსპონატივით გრძნობდა და შუბლი ეწვოდა იმ გულისამრევი სიტუაციის გამო, რომელშიც აღმოჩნდა.
-შენ დანებებას რას ეძახი, გააჩნია. -ჩახლეწილი ხმით გასცა პასუხი. -აქ წამოსვლა მაიძულო და მერე მეძახო დამნებდიო... შენი ჭიის გახარება გინდოდა, გასაგებია.
-გამბედავი ყოფილხარ.
-შენნაირებთან მარტივია.
ხმამაღლა გადაიხარხარა დემურმა. ზიზღით მოეჭმუხნა ცხვირ-პირი ნენეს. გული ერეოდა.
-არ მიკვირს გამბედაობა შენგან, ჩემზე უარესის შეყვარება შეძელი. იცი, რომ მის გამო ხარ აქ?
-შენ მაიძულე წამოგყოლოდი, სკამზე შენ მიმაბი, ოცი კაცით შენ მადგახარ თავზე და სხვა არის პასუხისმგებელი ჩემს ამ მდგომარეობაზე? შენ იცი მარტო ამის გაკეთებისთვის რამხელა სასჯელი გელის? სხვა რომ ვერაფერი ამოგიქექო, მარტო ამიტომ ჩაგსვამ ციხეში.
-შენ ჩამსვამ? -დამცინავად შეახსენა თავისი მდგომარეობა სკამზე მიბმულს. -შენს ბიჭს არ მომისვამ გვერდით? მაგას იცი რეები აქვს ნაკეთები? თუ შერჩევითია შენი სამართალი... არც შენი ძმაა მთლად პატიოსანი, მე შენს ადგილას სანამ კანონს ვახსენებდი, დავფიქრდებოდი კარგად.
-ჩემს ძმას ნუ ახსენებ! შენ გამოა ასეთ დღეში, ნაგავო! -ისე წაიწია სხეულით წინ ნენემ, ლამის სკამიანად მიიჭრა ნუცუბიძემდე.
ის წარბშეუხრელი, სიამოვნებით შესცქეროდა სახეაწითლებულს.
-მტერს სულ გარეთ ეძებ, არადა, შენი ყველა მტერი ახლო წრეში გყავს, ნენეკო. შენი დაქალი... ნუ რანაირი დაქალი ეგ არის, მაგრამ კანონის და მეგობრობის ცნება ერთნაირად გესმის, როგორც ჩანს... მარტივად გასულელდა. დადას დაგაჭერინებ-მეთქი, როგორც კი შევთავაზე, მაშინვე დამთანხმდა. დღევანდელი შეხვედრის ინფორმაცია მივაწოდე, წესით ბორკილები უნდა ედოს უკვე შენს საყვარელს, მაგრამ ნაკაშიძემ როგორღაც მაინც გაიგო და არ მივიდა. შენ უთხარი?
-რას ბოდავ!
-ანუ არ იცოდი ეს ამბავი.. -თავი გააკანტურა ნუცუბიძემ, თითქოს ძალიან ეწყინა. -ზურგში გრძნობ ალბათ დანას... მეც მაქვს ერთი-ორი დადას ჩარტყმული. მეგობრისგან განსაკუთრებით მწარეა, მესმის შენი.
-გგონია შენ დაგიჯერებ?
-გგონია მადარდებს შენ დამიჯერებ თუ არა?! შენ ჩემზე უკეთ გეცოდინება, რისი გამკეთებელია შენი მე-გო-ბა-რი. -ფეხზე წამოდგა, მეორე სკამი დადგა ნენეს პირდაპირ და ახლოს ჩამოუჯდა, -ისე, შენგან განსხვავებით, სწორ გზას მაინც ადგას. შენთვის კარგი უნდა... დადასნაირთან გაუბედურდები... ცდილობს, სიმართლე დაგანახოს. არა, კი არასწორი გზებით ცდილობს მაგ ყველაფერს, მაგრამ მაინც დასაფასებელია მონდომება.
-თითქოს ძალიან გაღელვებს.. -ცივი ღიმილი მიეყინა ნენეს სახეზე, საბოლოოდ კარგავდა კონტროლს საკუთარ სიტყვებზე, ერთადერთი, რაც სურდა მის წინ მჯდომი არსების წყობილებიდან გამოყვანა იყო, -ჩემამდე შენს დაზე გედარდა, თუ ასეთი ცუდია დადა...
-ფრთხილააად, -სახიდან ჩამოერეცხა წეღანდელი უგვანო ღიმილი, ზიზღი და ტკივილი შეერია მის წაბლისფერ თვალებს და ფერი უცვალა თითქოს შავისკენ. -რად გინდა ისეთი კაცი, რომლისთვისაც მეორე იქნები?! იცი, როგორ უყვარდა ჩემი და? ძალიან... ცოლობას უპირებდა, მერე ნარკომანი აღარ იკადრა, მაგრამ ვეღარც მიატოვა. იმხელა ტკივილი და სიცარიელე დაუტოვა ვიკას სიკვდილმა, იმის მერე აღარავის გაკარებია... აღარავის ენდობოდა... გული გაუტეხეს... შენ გაუმთელებ? გინდა ეგეთი ქალი იყო? სხვისი გატეხილი გულების გამმთელებელი. მეორე.
-სიმართლე გითხრა იმ კაცის აზრი სიყვარულზე საერთოდ არ მაინტერესებს, ვისაც დედმამიშვილური სიყვარული არ შეუძლია. შენს დას თუ სხვა აუბედურებდა, შენ სად ჯანდაბაში იყავი? არ გეცალა?
-ხო, არ მეცალა. -უცებ გააწყვეტინა, თითქოს ნენე ძალიან ახლოს მივიდა იმ ეკალბარდებით შემოსაზღვრულ უკიდეგანო უდაბნოსთან, სადაც თავის წარსულს ყოველ დღე მიწას აყრიდა. -შენ ვერ მოუარე შენს ძმას? თუ არც შენ გეცალა...
კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს ანდრონიკაშვილმა, თუმცა გამომეტყველება არ შეცვლია.
-რთულია, ხო, არეული ცხოვრება, გაჭირვება, მშობლების დაკარგვა, გზასაცდენილი უმცროსი დედმამიშვილი? მგლოვიარე დედა და კიდე ათასი პრობლემა...
-და ვის ემართლები?! თუ შენ არ ხარ დამნაშავე, სხვა არის?
-კი, ის არის, ვის გამოც შენ ხარ აქ. -ჯიუტად, დაბეჯითებით გაუმეორა. –მე და დადა მეგობრები ვიყავით. ჩემი და ვანდე, მასთან უნდა გაეტარებინა მთელი ცხოვრება! მაგ კაცმა ისიც ვერ შეძლო... საყვარელი ქალი თავის გვერდით კი არა ცოცხალი მაინც შეენარჩუნებინა. ვიკამ თავი მო-იკ-ლა! მაგის გამო! მაგან დატოვა! მე მეგონა კარგს ვუკეთებდი... მეგონა ვეხმარებოდი... ცალკე თუ წავიყვანდი, მეგონა დაივიწყებდა... მაგრამ ვიკას ჩვენთან არ უნდოდა, დადასთან უნდოდა... დადას არ ეცალა... დადას ჩემი და მოსავლელ ტვირთად ექცა. იცი, ეგ რა გრძნობაა? საყვარელ კაცს რო ეტვირთები, იცი? შეიძლება შენც გამოსცადო... და გაიგებ... ერთი ფეხი თუ დაგიცდა, არ გაპატიებს. არც მიგატოვებს, მაგრამ გაგრძნობინებს, რომ მისთვის ტვირთი ხარ. უსისხლოდ, უსიტყვოდ, მაგრამ ყველაზე მკაცრად დაგსჯის, სასტიკად და არაადამიანურად. ჩემი და აღარ არის. კი არ მოკვდა, თავი მ ო ი კ ლ ა. შენ გიკვირს ჩემი გაგიჟება?! გიკვირს?! დაქვრივებული ქალი შვილმკვდარიც რო გახდა, გიკვირს? ახლა მემუქრება, რომ შენ გამო დედაჩემს მეორე შვილსაც მოუკლავს...
-არაფერს დაუშავებს, -ძლივს ამოიღო ნენემ ხმა. სიტყვა სასულეში გაჩხეროდა, ყელი სტკიოდა შეკავებული ცრემლებისგან. მოსმენილი პირწამახული ისრებივით ერჭობოდა ტვინში. -არავის არაფერს დაუშავებს, უბრალოდ გამიშვი..
-იმ დედმამიშვილურმა სიყვარულმა, რომელიც შენ გგონია, რომ არ შემიძლია, გამაბოროტა, ნენე. სულ ასეთი კი არ ვყოფილვარ. იცი, რა საშინელი საყურებელია ის ბედნიერი ადამიანი, შენი ცხოვრება რომ გააუბედურა? და კიდევ რომ თავს აღარ მანებებს, კიდევ რომ უნდა ჩემი ბოლომდე დაშლა და განადგურება...
-შენს დას ნარკოტიკებს მართლა აძლევდი? -ხმა შუაზე გაუწყდა ნენეს. წამიერად ზიზღი გაეცალა სიბრალულს და მხოლოდ შეცოდება იგრძნო ამ ადამიანის მიმართ.
-მეგონა სწორად ვიქცეოდი-მეთქი. ცუდად ხდებოდა. არ ვიცოდი, რა მექნა.... -თავზე ხელები წაიჭირა ნუცუბიძემ, თვალები დაუწვრილდა, განადგურებული სახე ჰქონდა. -ის უვლიდა... დადა ჩემზე უკეთესად უვლიდა... ჩვენ არ ვუყვარდით, მარტო დადა უყვარდა.
-საავადმყოფოში რატომ არ დააწვინეთ? გეცოდინება რასაც უშვება ნარკოტიკი ადამიანის ნერვულ სისტემას, მარტო ორგანიზმს კი არ ანგრევს...
-რა საავადმყოფო, -ფეხზე წამოიჭრა. ეტყობოდა, რომ ყელზე უჭერდა ნენეს სიტყვები, სიმწრის ცრემლებით ჰქონდა სავსე თვალები. აფორიაქებული დააბოტებდა იქეთ-აქეთ. -რა საავადმყოფო... ნუ იცავ! ნუ ცდილობ მის დაცვას.
-არაფერს ვცდილობ შენთვის რეალური სურათის დანახვების გარდა.
-რეალური სურათი ის არის, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს! -პირვანდელი სისასტიკე დაუბრუნდა თვალებში ნუცუბიძეს, -უნდა დაისაჯოს ყველაზე მტკივნეულად. შენი მოკვლა არ მინდა, მარტო იმისი წამება მინდა, იმის ჭკუიდან გადაყვანა. მინდა ის ტკივილი იგრძნოს, რაც ვიკას სიკვდილის დროს უნდა ეგრძნო. სხვისი შეყვარება რომ ვეღარ გაებედა, ისე უნდა სტკენოდა...
-სასჯელსაც გააჩნია, დემურ!
-გააჩნია დანაშაულსაც, ნენე... მე ყოველდღე ვისჯები, ის კი ისევ ბედნიერია. ჩემი და მიწაში წევს... ის იღიმის, ცხოვრობს, სუნთქავს... მომენატრა, მოდი დავურეკოთ. დაგალაპარაკებ, მოგენატრებოდა.. -ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან ნუცუბიძემ და ისევ დადას დაურეკა.
-შენი დალაპარაკება არ მჭირდება! -ფეხი აუქნია გაღიზიანებულმა, თუმცა უარესად მოეჭირა მუცელსა და ხელებზე შემოგრაგნილი ბაწარი. კანი აეწვა. -დააცადე მოვიდეს!
-ბიჭო, დადა… ტირილს მორჩა და ახლა ჩხუბზე გადმოვიდა. ოც წუთს გაძლევ. თუ არ მოხვალ უშენოდ დავიწყებთ გართობას, მაგრამ არ მინდა წვეულებას გამოაკლდე ძველი მეგობრობის ხათრით…
ნენეს რეაქციას აკვირდებოდა ყოველი სიტყვის წარმოთქმისას. გოგონა წარბებშეყრილი მისჩერებოდა, ღრმად სუნთქავდა.
ღიმილით გაუთიშა, შორიდან ყრუდ მაინც გაიგონა დადას ხმამაღალი საუბარი ნენემ და მთელი სხეული აეწვა. ცრემლები მოადგა ისევ.
-ჩემი წამებით შენს დას ვერ დაიბრუნებ, დემურ...
-ნუ ახსენებ ჩემს დას-მეთქი, -კეფასთან შეუცურა ხელი და მაგრად დაქაჩა თმაზე, ზემოდან დააცქერდა, იმდენად ახლოს იყო სახეზე გრძნობდა მის მწყობრიდან გამოსულ სუნთქვას. - შენ ჩემს დაზე უარეს დღეში ჩავარდები… ის პირველი მაინც იყო, შენ ვინ იცის, მერამდენე ხარ…
-შენ თუ გგონია ჩემი რიგის ნომრის დადგენით გულს მატკენ, ძალიან ცდები, დემურ.. შენ პირველიც არავისთვის ყოფილხარ გეტყობა..
-უკვე მომწონხარ, -უარესად დაქაჩა თმაზე ხელი, კისერში შეუცურა მეორე მტევანი და მოუჭირა მაგრად. სუნთქვა გაუძნელდა ნენეს, პირი დააღო ჰაერს დანატრებულმა. -მებრძოლი ყოფილხარ, არ ჩანდი ასეთი… ერთი სული მაქვს მოვიდეს, ნახოს როგორ გეხები…
ხავილით შეისუნთქა ჟანგბადი ნენემ, როგორც კი შეუშვა ხელები. ფილტვები აეწვა, ღრიალი უნდოდა ისე იყო გამწარებული.
-მოგკლავს.
-ნუ მიწვევ, ნენე. არ მინდა რამე დაგიშავო…
-ფსიქოპათი ხარ. -ცრემლი გადმოუგორდა, იმ წამს დემურზე მხოლოდ იმიტომ გაბრაზდა, რომ ხელები შეუკრა და იმ ცრემლის მოწმენდას ვერ შეძლებდა, ვერ დამალავდა მაინც წამიერად გაპარულ სისუსტეს. -გიჟი!
-იგვიანებს შენი პრინცი, -საათს დამცინავად დახედა ნუცუბიძემ, შემდეგ ნენეს მიაპყრო ბრაზითა და ზიზღით გაშავებული თვალები. ავადმყოფური, მოღრეცილი სახე ჰქონდა. მთელ აგრესიას დაუფარავად აჩენდა თვალებიდან, თითქოს ნენეს რეაქცია აინტერესებდა, აინტერესებდა შეეშინდებოდა თუ არა მისი.
-შენი მაინც არ მეშინია. -ცივად გამოსცრა გოგონას, ხელები შეკრული ჰქონდა, ამიტომ თავი გაბედულად გაიქნია თმა რომ უკან გადაეყარა. კარგად დაანახვა საპასუხო ზიზღი და ბოღმა, შიშის ადგილი აღარ დარჩენოდა ორგანიზმში, იმდენ რამეს გრძნობდა ერთდროულად.
-უნდა გეშინოდეს, მაგრამ სულელი ხარ აშკარად.
-შენ უფრო ხარ შეშინებული, სკამზე მიმაბი და ორი მეტრის რადიუსზე არ მეკარები... რომ ამიშვა, რა გგონია, შენ ან შენს კბილებამდე შეიარაღებულ ჯგროს მოვერევი?! -ზიზღით გაუღიმა.
მაგრად დააჭირა კბილები ერთმანეთს დემურმა. ძვლები საფეთქლებთან ავად შეუთამაშდა, თუმცა ადგილიდან არ დაძრულა გახევებული.
-შენი წამება მხოლოდ მაშინ მომანიჭებს სიამოვნებას, როცა დადაც დაგინახავს გაუბედურებულს... მანამდე არ შეგეხები, -ღვარძლიანად ჩაილაპარაკა, თვალს არ აშორებდა. ყველგან უყურებდა ბინძური მზერით.
-როგორ ვწუხვარ შენ გამო... -დამცინავად მოეღრიცა სახე ნენეს, ასეთი არასდროს ყოფილა, როგორიც იმ წამს იყო, -ეგ გაწუხებს და გშლის ათას ნაწილად, მის გამო რომ არ მეშინია შენი.
ნუცუბიძემ ერთხანს ნენეს უყურა, შემდეგ ოთახის კუთხეში მდგომს თავით გოგონასკენ ანიშნა და ისიც ყურმოჭრილი მონასავით დაემორჩილა უფროსის უსიტყვო ბრძანებას.
-საცოდავო! -ზურგში მიახალა კივილით ოთახიდან გამავალ დემურს, სახედაფარული, შავებში შემოსილი კაცი რომ მიუახლოვდა. ერთ ადგილას ფართხალებდა გამწარებული. -იმის გამბედაობაც არ გყოფნის შენი ხელით მავნო რამე... მეზიზღები! მეზიზ...
კისერზე ჩამოკიდებული თოკი ისევ უხეშად ჩასჩრეს პირში. სისხლის ლითონისებური გემო იგრძნო, სიმწრით გაყარა თვალებიდან ნაპერწკლები.
ასე შეურაცხყოფილად და დამცირებულად თავი არასოდეს უგრძვნია. მიხვდა, რომ ამ კაცთან, რომელსაც დასთან ერთად ღირსებაც დაემარხა, არც ნორმალურად საუბარი ჭრიდა და არც შეურაცხყოფის მიყენება. ზიზღით ცხოვრობდა. გამწარებული იყო. ადამიანის სახეს კი ყველაზე მეტად ის აკარგვინებდა, რომ საკუთარი დანაშაულის ჯაჭვის სხვის კისერზე აკიდება უნდოდა და ვერაფრით სწვდებოდა იმ ადამიანის სიმაღლეს, ვისაც ბრალს სდებდა საკუთარ უბედურებაში.
მხოლოდ ამის გამო იყო საცოდავი.
ოთახში ყველა რომ შეიშმუშნა, მიხვდა, მათაც იგრძნეს დადას მოსვლა.
გული იმაზე მწარედ და ძლიერად აუფეთქდა, ვიდრე უნდა გრძნობდეს შველამოახლოებული ადამიანი. როგორ არ უნდოდა ასეთი დაენახა.
მისი ყველა იმედისმომცემი სიტყვის გახსენება უნდოდა, მაგრამ გონებამ მაინც და მაინც მაშინ შეწყვიტა მუშაობა.
თავბრუ დაესხა და ერთმანეთში აითქვიფა სახლიცა და ის ჯგროც, გულმოდგინედ რომ სდარაჯობდნენ ტყვეს.

შესასვლელ კართან ელოდა დემურ ნუცუბიძე ნაკაშიძე დადას. ჯიბეებში ჩაეწყო ხელი და კმაყოფილი ღიმილით შესცქეროდა მანქანიდან გადმოვარდნილს, დაუფარავი მრისხანება რომ ერთი ათად დიდს აჩენდა. კიდევ სამი მანქანა გაჩერდა დადას უკან, მაგრამ არავინ და არაფერი ედარდებოდა იმ წამს სამიზნეში ამოღებული ნუცუბიძის თვითკმაყოფილი სახის გარდა.
უკვე გრძნობდა მის დამსხვრეულ ძვლებს საკუთარი მუშტის ქვეშ, უკვე ესმოდა ყბების ჭრიალი და სცემდა მისი დამპალი სისხლის სუნი. სხვა ინსტიქტი აღარც გააჩნდა თავდასხმის გარდა.
-ერთხელ რომ გადამირჩი, იმის ბრალია, ვიცი, ვიცი, -სისინით უახლოვდებოდა, უკიდეგანო მრისხანებას იტევდა დადას ცივი ღიმილი იმ წამს, -მაშინ რომ არ წაგაცალე ეგ ცარიელი თავი, ამიტომაც აღმოვჩნდით ახლა ასეთ დღეში... ჩემი ბრალია! იქვე უნდა დამეკალი, არავინ გამამტყუნებდა...
-მარტო მოხვედი?! -წარბები აწკიპა დემურმა, ხალისობდა მისი განრისხებული მდგომარეობით. -სულელი ყოფილხარ...
ზურგით მიეხეთქა რკინის კარს, ისეთი ძალით წაავლო კისერში ხელი დადამ. მტევნები უცახცახებდა იმდენად უნდოდა მიეხრჩო და ის მახინჯი ღიმილი მოეშორებინა მისი სახიდან, რომ უწითლდებოდა ნელ-ნელა უჰაერობისაგან.
-მარტო გეყოფით ყველას!
ხუთი კაცი მიეჭრა ნუცუბიძეს გამოსახსნელად. ნენეს პირაკრული, ტირილშერეული კივილი ისმოდა შიგნიდან. ამაზე საერთოდ გადაირია. ხელს არავინ ურტყამდა, მაგრამ ძლივს აკავებდნენ უკვე.
დანა გამოართვა ერთ-ერთს დემურმა, ნენესკენ წავიდა ნელი ნაბიჯებით.
-მოგკლავ, დაგასახიჩრებ... -ცივად სისინებდა, გიჟივით ეცინებოდა უკვე სანახაობის შემყურეს. ათი ხელი აკავებდა და ბოლომდე მაინც ვერ.
თვალებს არ ახელდა ნენე, ისე ტიროდა. თითქოს ასე უფრო ამარტივებდა ორივესთვის ამ ჯოჯოხეთურ წამებას.
-საბას იცი რა მოუვა?!
-საბაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, -ნენეს მიუახლოვდა და პირზე აკრული ბაწარი შეაჭრა. -მანამდე მაინტერესებს... ეს გოგო როგორ შეიყვარე?
კბილები მაგრად დააჭირა ტუჩებს გოგონამ, ხმამაღლა რომ არ ეტირა.
-დედაშენთან მიჰყავს შენი დის მკვლელს... -დადაც აგრძელებდა, ყველაზე მტკივნეულ სიტვებს არჩევდა, იმ წამს ინანა მარტო რომ წამოვიდა, რომ არავის დაელოდა. ნენე ვინმეს უნდა გაეყვანა იქედან.
მწარე ღიმილმა გადაურბინა სახეზე დემურს. სანაცვლოდ არაფერი უთქვამს მისთვის, სამაგიეროდ ნენეს მიეფერა თმებზე, ნიკაპქვეშ ხელი ამოსდო და თავი ააწევინა.
-გაუშვი. -სხეული მოადუნა წამიერად. გული ერეოდა და თავბრუ ესხმოდა უკვე, იმდენად აუტანელი გახდა ნუცუბიძის ბინძური ხელების ყურება ნენეს სახეზე.
-ჯერ ახლა დავიწყეთ გართობა, -ხელები ტუჩებიდან კისერზე გადაუცურა, დადას რეაქციას აკვირდებოდა გაყინული ღიმილით.
-გეხვეწები... -სახე წაეშალა ნენეს, საკუთარი მაისურის გაფხრეწის ხმა რომ გაიგო, შეუკავებელი, შეურაცხყოფილი ტირილი ამოუვარდა პირიდან.
სიკვდილზე ოცნებობდა იმ წამს.
-ნუ ეხვეწები ნურაფერს, -აღრიალდა თავიდან, საკუთარ გადახსნილ ჭრილობებში გრძნობდა ნენეს მარილიანი ცრემლების ჩაღვრას, -მოვკლავ! მოგკლავ, გეფიცები! საბასთვის ხელის დაკარება არ მინდოდა! მოგიკლავ მაგის თავს გეფიცები, ხო იცი როგორ არ მიყვარს დაფიცება, მოგიკლავ თუ შეეხები კიდე ერთხელ, მამაშენის საფლავზე დააცლის შენივე უახლოესი მეგობარი ტყვიას, და ვინც მოგიკლა იმას მოვაკვლევინებ შენს ძმასაც! დაგანგრევ იცოდე. ხო შენნაირი არაკაცი გინდა რო ვიყო, ხოდა გავხდები!
-ჩემს დას ხო კარგად დააკარე ხელი, მაშინ არ მოგრიდებია... ამასთან მოასწარი რამე?! ეს ისედაც ყველამ გაწირა, -ნიკაპზე უხეშად ჩაავლო ხელი გულისწასვლამდე მისულ ნენეს, -ძმასაც ფეხებზე ეკიდა, დაქალმაც უღალატა... ეს სულელი შენ გამო გამომყვა... ეგონა შენ გადაგარჩენდა... ნახე, მეორე ქალი, რომელმაც შენ გამო ასეთ დღეში ჩაიგდო თავი... რატომ არ უყურებ, გგონია რამე დავუშავე? მკვდარი გირჩევნია ნამუსახდილს, როგორც ჩემი და გერჩია მკვდარი ნარკომანს...
პირველად გაუყარა თვალი თვალში იმ დღეს დადამ. ერთიანად ჩაეწვა ორგანიზმში ყველა უჯრედი.
წამიერად ყველა ჭკუიდან გადასულს გაუგო, ყველა შეშლილს და არანორმალურს, ნენე რომ დაინახა ისეთ დღეში - გაუბედურებული და უსულო.
„მეორე ქალი, რომელმაც შენ გამო ასეთ დღეში ჩაიგდო თავი“.
ეზოში მალევე ატყდა ხმაური.
ნუგზარ ნაკაშიძის გამოჩენას იქ არავინ ელოდა, მისი შვილიც კი. ნუცუბიძის ხალხმაც კი ერთმანეთს გადახედა და შემდეგ იმ კაცს, ვისაც ემორჩილებოდნენ.
თმის ფერი გახდომოდა ნუგზარს სახეც. მტკიცედ მოეკუმა ტუჩები. ირაკლიც ედგა გვერდით.
-მამა, შენ ნუ შემოხვალ ჯერ. ირაკლი შემოუშვი მარტო.
ყველას კარიდან მოავლო თავისი გამჭოლი მზერა ნუგზარმა.
ნენე მიხვდა, რომ მის გამო გაჟღერდა ის სიტყვები დადას პირიდან. არავის მოკარება არ უნდოდა. ღონემიხდილისთვის იმასაც აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, საერთოდ გადარჩებოდა თუ არა.
-ეს ხალხი გაათრიე აქედან! -მშვიდად ბრძანა ნუგზარმა. -მამაშენი სირცხვილით მოკვდებოდა მეორედ, დემურ!
სახიდან ფერები ჩამოერეცხა ნუცუბიძეს. ისეთი კაცისგან მსგავსი სიტყვების მოსმენა, რომელიც მამამისს იცნობდა, ტვინში გამავალ ტყვიაზე უფრო მომაკვდინებელი იყო მისთვის.
-გადით. -ძლივს ამოიხრიალა დემურმა.
ხელი შეუშვეს თუ არა დადას, ინერტულად გაიჭრა ნუცუბიძისკენ. თითქოს სურვილებს აყოლილი სხეული გონებისგან დამოუკიდებლად ამოქმედდა. მისი მოქნეული ხელი დემურის ნათქვამ ყველა სიტყვაზე ხმამაღალი იყო.
-შუბლზე მაგ დანით დაგაწერ შენს ნათქვამ ყველა სიტყვას, ხვალ მთელმა ქვეყანამ რო გაიგოს, რა კაციც ხარ! -ყბაში წაუჭირა ცალი ხელი.
საკუთარი თავი ეზიზღებოდა, მის დამპალ კანს რომ ეხებოდა. ნენემდე მისვლის უფლებას თავის გონებას შეგნებულად არ აძლევდა. იცოდა, იმ საზღვრის მიღმა ადამიანობას სცდებოდა მისი ბოროტების შესაძლებლობები. იმ ზღვარს გადაცდენილს არავისკენ მიბრუნების უფლება აღარ ექნებოდა.
ირაკლიმ თითქოს უსიტყვოდ იგრძნო ყველაფერი. ოდნავ უბიძგა თავის უფროს ძმას ნენესკენ. ხანდახან უბრალო, მსუბუქი ხელის კვრა აგვაცილებს ხოლმე ადამიანებს ჯოჯოხეთის უფსკრულს.
სუნთქვაშეკრული მივიდა ქალთან.
მხოლოდ წამიერად შეხედა ტირილისგან შეშლილ სახეზე, სისხლიან ტუჩებსა და აცახცახებულ მხრებზე. თითქოს ყველაფერი იგრძნო ერთიანად და ბოლოს საერთოდ ვეღარაფერი.
თვალებზე ეტყობოდა, რომ გაუაზრებლად მოქმედებდა უკვე, რომ თავადაც დავიწყებოდა საკუთარი თავისთვის დაწესებული ზღვარი და ერთი სული ჰქონდა ნენეს სისუფთავისგან დაცლილიყო აქაურობა, საკუთარ თავში დაბადებული მრისხანება და სიბინძურე რომ ბოლო წვეთამდე დაეცალა დემურზე.
თავი დახარა, წამიერად მიხუჭული თვალები რომ არ დაენახვებინა მისთვის, უღონოდ როცა ჩამოეყარა შეხსნილი ხელები ნენეს. ძლივს დააძალა თავს, რომ არ შეხებოდა დაწითლებულ მაჯებზე.
ირაკლის მოსაცმელი ჩააცვა, თავისი ხელით შეუკრა ელვა.
ამდენხნიანი ჯდომის შემდეგ ძლივს გამართა მუხლები, თავბრუ დაეხვა ფეხზე წამომდგარს და სანდო საყრდენი როგორც კი იგრძნო ზურგს უკან, მაშინვე მოეთენთა სხეული.
მკლავი შეაშველა დადამ და ისე მიიყვანა უკანა კარამდე, სადაც ირაკლი ელოდათ. სიჩუმემ და გადაუმეტებლმა შეხებამ სული გაუწვრილა. გამოღებულ კარში გასვლამდე მხოლოდ ერთხელ ახედა მის გაქვავებულ სახეს, იმ იმედით, რომ შემოხედავდა მაინც, მაგრამ ისე გადაულოცა ნენეს სხეული ირაკლის, თითქოს ის თვალები ყოველთვის ისეთი ცარიელი ჰქონდა, როგორც იმ წამს, მას რომ არიდებდა.
-დადა.. -პროტესტი გამოთქვა მაშინვე, უსიტყვოდ შებრუნება რომ დააპირა უკან კაცმა.
მორიდებით მიაჩერდა იმ ორს ირაკლი. თვითონაც მომთხოვნი ჰქონდა თვალები დადას მიმართ, გეგონებოდათ ნენესთვის შეხედვას აიძულებდა.
-წაიყვანე სახლში. -მშვიდად უთხრა ირაკლის.
-შენ გელაპარაკები. -ხელი გამოგლიჯა უმცროს ნაკაშიძეს და მეორეს ჩაავლო მკლავში, თავისკენ დაქაჩა. აიძულა შეეხედა.
ღრმად შეისუნთქა დადამ. შეაშვებინა ხელი და შიგნით შევიდა.

სხეულში ალაგ-ალაგ შემორჩენილი ძალაც გამოეცალა, ირაკლის გვერდით რომ დაიკავა ადგილი მანქანაში. უსაფრთხოებისა და ნანატრი სიმშვიდის შეგრძნება როგორც კი იგრძნო, მაშინვე მოითენთა. ღვედიც კი ძლივს შეიკრა.
-არ მინდა წასვლა. იქნებ დავრჩეთ… -შესთავაზა ჩახლეწილი ხმით, თუმცა გაუბედავად.
ჯერ კიდევ იმ სახლს უყურებდა თვალებით, სადაც წეღან თავისი ცხოვრების ყველაზე სამარცხვინო და სასტიკი დღე გამოიარა.
პოლიცია როგორც კი შემოადგა ქუჩის ბოლოდან მომავალ გზას, დაიძაბა. გაურკვევლად ააყვრიალა თვალები ირაკლისკენ.
-აღარ მოხდება ისეთი არაფერი, შენს ნერვიულობად რომ ღირდეს, ნენე. -ისეთი მშვიდი თავდაჯერებით უთხრა ირაკლიმ, მაშინვე დაიჭირა აშკარა სისხლისმიერი კავშირი ნაკაშიძეებს შორის.
როგორც არ უნდა გინდოდეს, წინააღმდეგობას რომ ვერ გაუწევ, უნებურად რომ მშვიდდები და ემორჩილები..
მანქანიდან გადმოსულ პოლიციელს ხელის აწევით მიესალმა ირაკლი. ისიც მათ მოუახლოვდა პირდაპირ. დანარჩენებს ხელით რაღაც ანიშნა და მძღოლის მხარეს ჩამოწეულ ფანჯარაში შემოყო თავი. ნენეს ირიბად მოავლო თვალი და თავის დაკვრით მიესალმა.
-ვაცადო სანამ გაძუყნის თუ ავიყვანო ახლავე… -გაეღიმა ახალგაზრდა კაცს, აშკარად ახლოს იცნობდა ეს ორი ერთმანეთს.
ნენე კვლავ გაურკვევლად აცეცებდა თვალებს, პოლიციის დანახვისას წეღან ნაპოვნი სიმშვიდე მაშინვე ბავშვობისდროინდელი სათამაშოსავით დაეკარგა.
-მიდი, მიდი.. -მანქანა ღიმილით დაქოქა ირაკლიმ. -კიდე არ გაგაგდონ, ლიფონავა, უფლებამოსილების გადაჭარბებისთვის.
-კაი, კაი წავედი, სანამ ვაკო მოვარდა და ტიკტოკით ჩაერთო ლაივში შემთხვევის ადგილიდან. მომიკითხე ნანა, გამოვუვლი ნათლულს ხვალ.
ხელის დაქნევით დაემშვიდობა ეზოსკენ მიმავალ პოლიციელს და მშვიდად გადაიყვანა გზაზე მანქანა.
-თქვენი მეგობარია ეს პოლიციელი? -ისეთი სახე ჰქონდა ნენეს, აშკარად წარმოუდგენელი იყო მისთვის ნაკაშიძეებსა და პოლიციას შორის დანახული დაუფარავი კეთილგანწყობა.
-ჩემი შვილის მომავალი ნათლიაა. უკეთ ხარ?
-არ ვიცი. ვერ ვგრძნობ სხეულს. -მისუსტებული ხმით გამოეპასუხა ანდრონიკაშვილი, ძალიან უნდოდა თვალები მიეხუჭა და დაეძინა, მაგრამ მის გვერდით ერიდებოდა. -დაიჭერენ?
-შენ ვინც უნდა გადარდებდეს, იმას არა.
ხმა აღარ ამოუღია ნენეს მთელი გზის განმავლობაში. ერთი სული ჰქონდა შინ მისულიყო და სახლში ფეხის შედგმისთანავე დაეწყო იმ დღის დავიწყება, რომელიც ალბათ სამუდამოდ ჩაიბეჭდა მის გონებაში.
რიოს როგორ უნდა შეხვედროდა ასეთი. ტუჩებზე ჯერ კიდევ გრძნობდა მიმხმარი სისხლის გემოსა და სიუხეშეს. მაჯებიც დალურჯებოდა და სხეულზე სულ რომ არაფრის კვალი დასტყობოდა, ამღვრეული ცისფერი თვალები იტყოდნენ ყველაფერს.
ეზოში ცერცვაძეების მანქანა რომ დაინახა, თავიდან მოაწვა გზაში ძლივს მიწყნარებული ქარიშხალი. იმდენი სიტყვა აჩურჩულდა ერთდროულად გონებაში, რომ საკუთარი ხმა დაეკარგა მათ შორის.
-წარმოდგენა არ მაქვს, ვის რა უნდა ვუთხრა, -გამორეცხილი თვალებით გახედა ირაკლის.
-სიმართლე ყოველთვის ჯობია, მაგრამ ახლა არავინ მოგთხოვს ლაპარაკს. მეც წამოგყვები, წამო. -თავისი ხელით შეუხსნა ღვედი ირაკლიმ, კარიც გაუღო.
კიდევ კარგი ბნელოდა და შესამჩნევი არ იყო მისი ისედაც დღესავით ნათელი ტანჯვა.
ნელ-ნელა აუყვნენ კიბეებს. ირაკლი არ ჩქარობდა, სუნთქვის და სახლში შესვლისთვის გამბედაობის მოკრების დროს აძლევდა.
კარიც მან გაუღო.
ერთიანად იგრძნო შუბლზე შემოფეთებული სასოწარკვეთა, შიში და გაურკვევლობა, მათ სახლში რომ შეხიზნულიყო არასასურველ მდგმურად ნენეს წასვლის შემდეგ.
რიოს დანახვამ ერთიანად ჩაწვა და ჩასწყვიტა ყველაფერი გულიდან მუცლამდე.
სამი ნაბიჯიც არ დასჭირვებია უმცროს ძმას მასთან მისასვლელად.
შეშლილი ჰქონდა თვალები.
-რა გაგიკეთა...
-კარგად ვარ, რიო. -ახლა იმას გრძნობდა ნენე, რასაც გრძნობენ ხოლმე დედმამიშვილები ერთმანეთის მიმართ - ძმის ტკივილისა და განსაცდელის უზენაესობას, საკუთარს რომ გავიწყებს და გიუფერულებს. -არ გაგეხსნას ჭრილობა, დაჯექი.
-რა დროს ჭრილობაა, გოგო? -ათასჯერ აკოცა თმებზე და სახეზე. -ყოველ წამს ვკვდებოდი უშენოდ ამ სახლში.
ხელი ჩამოართვა ტატომ სახლში შემოსულ ირაკლის. თავაზიანად დაუკრეს თავები ერთმანეთს.
-მე გავალ, -ოდნავ გაუღიმა ნენეს ირაკლიმ და რიოს ანიშნა გამაცილეო.
ლანა კუთხეში იჯდა წაშლილი სახით. ხმაჩავარდნილი შეჰყურებდა სანახაობას. ბოლომდე ცდილობდა ნენე თავის შეკავებასა და იმ სათქმელის შიგნით დატოვებას, რომელიც გულის კედლებს უნგრევდა.
-ასეთი იმედგაცრუებული არასდროს ვყოფილვარ, -თავი ვერ შეიკავა მაინც, გამოსამშვიდობებელი ცრემლები წამოუვიდა უნებურად, თუმცა არ მოუწმენდია არც ერთი. -წარმოდგენა არ მაქვს, რას ფიქრობდი...
-ნენე... -ფეხზე წამოდგა ლანაც.
ტატომ გასვლა დააპირა ოთახიდან, მაგრამ კოტეც იმ წამს შემოვიდა სახლში რიოსთან ერთად და საბოლოოდ ყველა შეესწრო ამ ორს შორის უწყვეტილი კავშირის ნანგრევებად ქცევას.
-დამაცადე, შენ საკმარისად ილაპარაკე და მე მაინც სიტყვების შერჩევას ვცდილობ შენთან, ლანა. ასე რამ დაგაბრმავა? რისი წყურვილი გახრჩობს ასე ძალიან ასე ახალგაზრდას, რო მეც არ დამინდე? ნუცუბიძეს რომ უთანხმდებოდი, რა გეგონა? შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გაკეთება შეუძლია მაგ კაცს... შენ არ გამოგივლია, შენ არ გიმიზნებდა იარაღს ოცამდე კაცი... სასწორზე დასადებად როგორ ზიდე ჩვენი მეგობრობა საერთოდ...
-დადა...
-გაჩუმდი! დადა რა შუაშია საერთოდ! -ხმა გაეყინა ნენეს, -ნუთუ ასე გაუგებრად ვსაუბრობ? ჩემზე და შენზე ვლაპარაკობ. რატო... რატო არ მითხარი მე არაფერი?! ჩემს ზურგს უკან რომ არ გეხლართა ეს ყველაფერი და შედეგი მაინც ასეთი ყოფილიყო, კიდევ გექნებოდა ჩემთან რამე გამართლება. შენი გულწრფელობა იქნებოდა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და არა ვიღაც არაკაცის ზნედაცემული საქციელი. მე არასდროს მქონია ისეთი სასწორი, რომლის მეორე პინაზე ჩვენს მეგობრობას დავდებდი, ლანა. ყველაფრის განადგურება იცი როდის დაიწყე? კოტეს წინაშე თავის გამოჩენის სურვილი რომ დამაბრალე. არასდროს... ჩემთვის არასდროს ყოფილხარ ის მოწინააღმდეგე, რომლისთვისაც ფინიშამდე მისვლა უნდა დამესწრო. ზედმეტად დებილი ვიყავი იმის შესამჩნევად, რომ თურმე სხვადასხვა ნაპირზე ვიდექით. შენ მაინც შეჯიბრად აქციე ყველაფერი. მიმასწარი, გილოცავ. რასაც ხედავ, მოგწონს?
-არ მინდოდა.. არ მეგონა ასე თუ მოიქცეოდა, ნენე... ერთი წამითაც რომ დამეშვა... -ცრემლები წასცვივდა ლანას.
კოტე ხმაჩაგდებული ისმენდა საუბარს გოგონებს შორის და ადგილიდან ვერ იძროდა. ყველას იქედან გასვლა უნდოდა, მაგრამ ხვდებოდნენ, ნენე არ დაიწყებდა ლაპარაკს, მათი დასწრება რომ არ ყოფილიყო მისთვის მნიშვნელოვანი.
-რა ვერ დაუშვი, გოგო, რა! იმ კაცმა რიო დაჭრა სამი დღის წინ, მარტო იმიტომ რომ შენ ვერ შეიკავე თავი და მუქარა დაუწყე ორგანოს სახელით! შენ ხომ იცოდი, რომ შენ გამო მოხდა ყველაფერი, ხომ იცოდი და არ თქვი მაინც არაფერი, არ აღიარე! პირიქით, მე დამაბრალე, მე მაგრძნობინე თავი დამნაშავედ!
-ლანა, მართალია, რასაც ნენე ამბობს? -ხმადაბლა იკითხა კოტემ, სიმართლის მომთხოვნი ჰქონდა ტონი.
-მართალია, მაგრამ... თავი ვერ შევიკავე, მამა.. ისე ახლოს ვიყავით ყველაფერთან მე და შენ..
-რასთან ვიყავით, მამა, ახლოს? თავის დაკარგვასთან და უფრო უარესთან - მეგობრების დაკარგვასთან?
-დადას დაჭერასთან. ნუცუბიძემ მითხრა, რომ დანაშაულის ადგილამდე... შენ ხომ გინდოდა, მამა... მეგონა, გაგიხარდებოდა... მე დახმარება მინდოდა... -თავდაკარგული ადამიანივით აცეცებდა ლანა თვალებს, მამის თვალებში ეძებდა და ვერაფრით პოულობდა აღფრთოვანებასა და კმაყოფილებას თავისი მიღწევით, ან მიზნამდე მისასვლელი გზებით.
-მე შენთვის არასდროს მისწავლებია, რომ წარმატების მისაღწევად მეგობრები გაგეწირა. შეწყვიტე უაზრო თავის მართლება. ერთ ეჭვმიტანილს დაუჯერე, რომ მეორეს დაგაჭერინებდა, მამა?! გაარკვიეთ შენ და ნენემ, რაც დაგრჩათ გასარკვევი. ქვემოთ დაგელოდებით მე და ტატო და დანარჩენს სახლში გავარკვევთ.
-ხომ ხედავ, -უღონოდ ჩაეშვა ლანა სავარძელში და გამწარებული ღიმილით ამოხედა ნენეს, რომელიც ფეხზე ძლივს იდგა უკვე.
რიო ცეცხლწაკიდებული მზერით უყურებდა ლანას და არაფრით ტოვებდა მარტო თავის დას, თითქოს ეშინოდა კიდევ არ დაეხია უკან.
-ხომ ხედავ... ჩვენ ყოველთვის საპირისპირო მხარეს ვიდექით. მე რაც არ უნდა ვცადო, რაც არ უნდა გავაკეთო, თუნდაც ორივეს შეგვეშალოს, შენ მაინც ყველაზე ნაკლებად ხარ დამნაშავე. მე რომ შემყვარებოდა ეჭვმიტანილი და შენ ჩემსავით მოქცეულიყავი, ყველაზე სქელი ჯოხი მაინც ჩემს ზურგზე გადატყდებოდა. შენ ამას ვერც ვერასდროს შეამჩნევდი, ნენე. სულ გამარჯვებულისთვის უცხოა დამარცხებულის სიმწარის გემო.
-მე გავალ, თორემ ამას გადავუშვებ მოკლეზე აივნიდან, -ნერვები ვეღარ მოთოკა რიომ და თავისი ოთახისკენ წავიდა. კედლებიც კი შეზანზარდა ისე ძლიერად გაიჯახუნა კარი.
ძლივს მიათრია სავარძლამდე სხეული ნენემ.
-შენ მე ამ ცხოვრებაში გამარჯვებული გგონივარ? -ხმამაღლა გაეცინა. თავი ვეღარ შეიკავა. -მთელი ცხოვრებაა მიცნობ, ჩემი ყველა ტკივილი და ბნელი დღე ნანახი გაქვს. ჩემზე ყველაფერი იცი. ისიც იცი, არაფრისთვის რომ არ მიმიღწევია დაუმსახურებელი ტანჯვის და წვალების გარეშე. ახლა რომ მიყურებ, შენთვის ეს არის გამარჯვება, გამარჯვებულ ადამიანს ხედავ?
-როგორიც არ უნდა იყო, მაინც ჩემზე უკეთესი ხარ.
-იქნებ ჯერ შენს შიშებზე გაიმარჯვო, ლანა... იქნებ საკუთარ თავში დაამარცხო ჯერ ის ადამიანი, ვისაც სხვა საკუთარ თავზე უკეთესი ჰგონია, სხვისი ტანჯვისაც შურს...
-შენ სხვა არ ხარ.
-სხვა ვარ, დამიჯერე, იმ წინადადებაში მეგობარი რომ ჩავსვა „სხვის“ მაგივრად, უფრო დაგიმძიმდება სინდისი. მე ვერ წარმომიდგენია ვერც მეგობრის შური, ვერც მისი წარმატების შიში, ვერც ჯიბრი...
-უკეთესებს სულ თავს ადარებენ უარესები. ვიცი, რომ ძალიან შევცდი. სულელურად მოვიქეცი. ისიც ვიცი, რომ არ დაიჯერებ გულწრფელად არ მინდოდა შენი ამ დღეში ჩაგდება... არც რიოს დაჭრა...
-მე შენს დასჯას არ ვაპირებ, ლანა. ამის ძალა არ მაქვს და სიმართლე გითხრა, არც სურვილი. შენ რომ ხვდები დანაშაულს და მონანიების უმნიშვნელობას ჩვენი მეგობრობის წინაშე, ესეც საკმარისია. უბრალოდ მაინტერესებს, რატომ არ ჩამომშორდი ამდენი წლის განმავლობაში, ჩემი მეგობრის ნაცვლად ფიასკოების შემგროვებლად თუ გრძნობდი თავს... უფრო მტკივნეული რომ ყოფილიყო ჩემთვის? თუ იმას ელოდებოდი, როდის იგრძნობდი თავს ჩემზე უკეთეს ადამიანად, მერე თავიდან რომ მოგეცილებინე და ყველაფერი ისე გამოგეჩინა, თითქოს მე შევცდი უპატიებლად შენ წინაშე?!
-გაჩუმდი, გთხოვ...
-იმედი მაქვს ოდესმე ისეთ მეგობარს იპოვი, ვინც შენში უკეთეს ადამიანს გააღვიძებს, ვის მიმართაც არ გაგიჩნდება არასაჭირო კონკურენციის შეგრძნება. ერთი იცოდე, მე დადასთვის არაფერი მითქვამს.
-ვიცი. ჩემგან გაიგო. მე ვუთხარი. მე ჯერ კიდევ მგონია, რომ მის გვერდით გაგიჭირდება ცხოვრება, ნენე. კარგად დაფიქრდი...
-შენ რომ გგონია ჩემთვის რჩევის მოცემის უფლება დაიტოვე, ლანა... ძალიან დავიღალე. -საზურგეს მიესვენა დაღლილი, თვალები მიეხუჭა. ერთი სული ჰქონდა დამთავრებულიყო ეს მისამართდაკარგული ურთიერთობა. -სწორად მაინც თუ უთხარი ყველაფერი.. თუ სახეშეცვლილი სიმართლე გააგებინე, როგორც გჩვევია. შენი აზრი მადარდებდა, ლანა. შენ ხომ იცი ჩემთვის რა მნიშვნელოვანია ის ადამიანი, ვისთან ერთად ცხოვრების გატარებაზეც ვოცნებობთ ხოლმე გოგოები. შენ ხომ იცი, რომ ყველაზე ფრთხილი იმ კაცის არჩევაში ვიქნები, ვისაც ახლოს მოვუშვებ. იცი?! არამგონია... შენს ადგილას მეც გამიჩნდებოდა ალბათ პროტესტის გრძნობა, შენ იმას არ იცნობ, ვისაც მე ვენდობი, ვის გამოც ცოცხალი ვზივარ ახლა აქ, ვის გამოც რიო როგორც იქნა სწორ გზას პოულობს ცხოვრებაში.
-არ ვიცნობ და ვერ ვხვდები, ნენე... მე თუ შევცდი შენს წინაშე, დემურს მის გამო უნდოდა შენი წამება. რად გინდა ეგეთი კაცი, ვისაც პასუხი აქვს მოსათხოვი ქალის გამო? -ფეხზე წამოდგა ლანა, ნელ-ნელა წავიდა გასასვლელისკენ. -ჩემთვისაც მტკივნეულია, რაც ახლა ჩვენს შორის ხდება, ნენე, მაგრამ საბოლოო წერტილი მაინც კაცმა დაუსვა ჩვენს მეგობრობას.
-როგორც გინდა, ისე იფიქრე. შენ ნუცუბიძეს ენდე. ობიექტურობისგან შენი პოზიციაც შორსაა, თუკი მე ვარ სუბიექტური დადას გამო. ერთი იცოდე, მშობელს თავისი შვილი ყველანაირი უყვარს, ტატოსთვის და სალომესთვის შენ ერთადერთი ხარ, არასდროს დამიკავებია ის ადგილი, რომლისთვისაც ასე თავდავიწყებით იბრძოდი. როგორც მე ვერ შემიცვლის დედ-მამას ვერავინ, ისეთივე შეუცვლელი ხარ შენც მათთვის. გახსოვს, ზღვაზე მარგალიტიან მოლუსკებს რომ ვეძებდით ხოლმე? მერე მეგობრობის ყელსაბამი უნდა აგვეწყო... სამწუხაროა, რომ ისევ წყალში გადაყარე ყველა მარგალიტი, რაც ვიპოვეთ.
-ყველაფერში მე ნუ დამადანაშაულებ.
-არა, პირიქით, კარგად მესმის შენი. მხოლოდ ის მწყინს, სხვა გზის დანახვა რომ არ დააძალე საკუთარ თავს.
აღარაფერი უთქვამს ლანას, სახლიდან გავიდა და თან გაიყოლა გაწყვეტილი ძაფის თავისი ნაწილი.

*
ერთმანეთის პირისპირ იდგნენ ნუცუბიძე დემური და ნაკაშიძე დადა.
-პოლიციასთან თანამშრომლობ უკვე? -სირენის ხმაზე დაღლილმა ღიმილმა გადაურბინა ნუცუბიძეს სახეზე.
საათს ისეთი გულმოდგინებით იხსნიდა დადა მაჯიდან, თითქოს არაფერი ესმოდა.
მარმარილოს მაგიდაზე მოათავსა შემდეგ ფრთხილად. აწეული წარბით გააყოლა მზერა მის ქმედებას დემურმა.
-პომპეზურობის გარეშე კაცის ცემაც არ შეგიძლია, ხო?
ისევ არ გაუცია პასუხი. თვალი მოავლო ხალხისგან დაცლილ უზარმაზარ სადარბაზო ოთახს. ის სკამი ჯერ კიდევ იქ იდგა, ნენე რომელზეც მიება ნუცუბიძეს. გადაჭრილი ბაწრებიც ერთმანეთში გადახლართულიყვნენ.
დემურის გასაცოდავებული გამოწვევები ვერც კი აღწევდნენ დადამდე. სკამთან მივიდა მშვიდად. მუხის უზარმაზარ მაგიდას გადაანარცხა ზურგით და ნამსხვრევებიდან ერთ-ერთი ფეხი აიღო.
-შენ ქალის დაბმა ვინ გასწავლა, ჰა? -უეცრად ამოვარდნილი ქარიშხალივით მიეჭრა კედელთან მდგომს და კისერზე მიაჭირა იმ სკამის ფეხი, ნენეს სხეულს რომ იკავებდა რამდენიმე წუთის წინ. -შენ ხო არ გეგონა ერთი ხელის დარტყმას გაკმარებდი...
ძლივს ეყო ჰაერი ნუცუბიძესაც, ხელი რომ შეებრუნებინა.
სიცილით მოიწმინდა ტუჩიდან წამსკდარი სისხლი დადამ. წვივებში მოხვდა მეორედ ხის ნაგლეჯი. ტურასავით აკივლდა გამწარებული.
-უბრალოდ... აღიარე... ვიკა რომ არასდროს გყვარებია, რომ არასდროს გდომებია მისი დახმარება... აღიარე! -ღრიალებდა ნუცუბიძე. -აღიარე, რომ გამოიყენე და მიატოვე... რომ შენს კისერზეა მისი სიკვდილი...
საყელოში ჩაავლო დადამ და ფეხზე წამოაგდო. კედელზე ააყუდა ისევ.
-ახლა რასაც გეტყვი, კარგად მოისმინე და უფრო კარგად დაიმახსოვრე. შენი დისთვის მე ხელი არ მიხლია. ჩემი გრძნობები შენი ბინძური ენით გასარჩევი არ არის. ძალიან მინდა, მაგრამ არ გამომდის შენნაირად კაცობის პაროდია ვითამაშო. ჩახედე საკუთარ დანაშაულს თვალებში. საკუთარ თავთან აღიარე, რომ შენ შეცდი ვიკასთან და იქნებ გეყოს მხრები დის თვითმკვლელობის სათრევად.
-თავს ნუ იკატუნებ, თითქოს არ იცი! -ხელები შეაშვებინა დემურმა, წამიერად მასშიც ჩასახლდა დაუოკებელი ძალა თავისი სიმართლის სალაპარაკოდ. -თითქოს არ იცი, რისი გადატანა გვიწევდა...
-შენ ჩემი გაგიჟება გინდა, ხო? შენი დანგრეული ცხოვრება ჩემი ბრალია? შენ რო არასწორი გზა აირჩიე ცხოვრების, ჩემი ბრალია, შე არაკაცო? რამდენჯერ გითხარი, დაანებე-მეთქი თავი იმ ხალხს, რამდენჯერ! გვერდით დაგიყენებდი, შენ რომ სიამაყე დაგევიწყებინა.
-ჩემი ბრალი არ ყოფილა ვიკას სიკვდილი! ვიკასაც ამ გოგოსავით ცივსისხლიანად მოექეცი, -რეტიანივით იმეორებდა ერთსა და იმავეს, -არც ამისთვის გითქვამს ერთი დამამშვიდებელი სიტყვა, ისე გაუშვი აქედან... ვიკაც მარტო დამიტოვე ბოლოს...
-ძმასთან დავტოვე, მტერთან ხო არა. შენ წინაშე თავს რო არ გავიმართლებ, ხო იცი? ეგ რო გავაკეთო, მინიმუმ თავს უნდა ვთვლიდე დამნაშავედ რამეში. სხვისი სიტყვის მათხოვარი როგორ უნდა იყო ოცდაათი წლის ასაკშიც, ბიჭო? შენიც თქვი ერთხელ! შენმა დამ თავი მოიკლა...
-თავმოკლული ჩემი დაა, ცოცხალი შენი ხო იყო...
-შენ გაფრენილი გაქვს, -სიცილით მიაგდო სკამის ფეხი დადამ და პირველად, ამდენი წლის განმავლობაში პირველად იგრძნო გულწრფელი სიბრალული მის მიმართ.
-ვერ ამბობ მაინც, -იატაკზე ჩაცურდა ნუცუბიძე, საკუთარ მუხლებს დააჩერდა თავჩახრილი და თვალებგამორეცხილი, ვირუსივით გადაედო დადას განწყობა, -მე ვიტყვი. ყველაზე მეტად ვიკას ადანაშაულებ, მაგრამ მისი სულის შეწუხება არ გინდა. არ ახსენებ. აპატიე? ჯერ ნარკომნობა და მერე აპატიე? მე ვერ ვპატიობ. ეგოისტურ საქციელს ვერ ვპატიობ და ჩემი მიუტევებლობა ჩემს დანაშაულზე მეტად მტანჯავს. დედაჩემი რა დღეში ჩააგდო.... ვერ ვპატიობ. ყოველდღე ხელებში მაკვდება და მე ნუგეშს ვერ ვაძლევ. გაგიჟდება, მე რომ ციხეში დამინახოს, მე შემეწირება.
-მე როგორ უნდა დაგსაჯო იმაზე მეტად, რასაც შენ უკეთებ საკუთარ თავს.
-რატო არ მკლავ... აქვე რატო არ მკლავ... შენ თუ დამამთავრებ უფრო მარტივი გადასატანი იქნება დედაჩემისთვის, იფიქრებს იმსახურებდაო. -უმისამართოდ ბურტყუნებდა ადამიანი, რომლის სულსაც თითქოს არასოდეს მიჰკარებია ვინმეს გულწრფელი სიყვარული. -ხო ყველაფერი გავაკეთე..
-არ გეგონოს არ მინდა, -ცივად გააწყვეტინა, აღარ მისცა თავის უფრო მეტად გასაცოდავების უფლება თითქოს. -არ შემიძლია.
-რატომ? შენ ხო ყველაფერი შეგიძლია, შენ ხო ხარ ყველაზე მაგარი... -არაფერი თქვა დადამ, ოთახში ჯერ კიდევ ტრიალებდა ნენეს სურნელი, -სულ ასეთი ხომ იყავი... სულ საეჭვო ხალხში გარეული, თვითონაც საეჭვო, მაგრამ მაინც უდანაშაულო... როგორ მოახერხე?
-მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე ვაღიარებ. სხვასთან არ ვარ ვალდებული.
-მორალიც როგორი ეგოისტური გაქვს. -ხვნეშითა და სიცილით წამოდგა დემური ფეხზე.
პოლიციაც შემოვიდა.


სავსე მთვარე უკვე ვერცხლისფრად ანათებდა ოქროსფერი ფანჯრებით მოციმციმე კორპუსებს, დადა რომ დაბრუნდა მშობლების სახლში. ალბათ, ხუთჯერ მაინც სცადა გზის გამრუდება და საბოლოოდ მაინც იმ სადარბაზოს მიადგა, სადაც მარტო დედ-მამა აღარ ელოდა.
მძიმედ აიარა კიბეები. სხეულს ძლივს მიათრევდა ისე იყო ქანცგაწყვეტილი თავისი ცხოვრების ყველაზე გრძელი და ჯოჯოხეთური დღის შემდეგ.
ანდრონიკაშვილების კარზე დააკაკუნა. ნენესთვის მობილური ჰქონდა დასაბრუნებელი. პირველად იგრძნო სიხარული ეს კარი მან რომ არ გაუღო და რიო შერჩა ხელში.
უსიტყვოდ შევიდნენ სამზარეულოში. ბევრი ჰქონდათ სალაპარაკო.
-ნენე დაწვა.
-არ გააღვიძო, -სხეული მოუდუნდა, კედლებს მიღმაც რომ იგრძნო მისი სურნელი. წამიერად შეფხიზლდა, როცა გაიაზრა, რომ არც არასდროს დავიწყებია. იმ სიბინძურეშიც კი მხოლოდ ნენეს დატოვებული ჰაერი ასუნთქებდა, დემურს რომ დაუდგა პირისპირ. -ტელეფონი დარჩა და ეს მოვუტანე.
-ლუდი გინდა?
-შენ სვამ? -წარბები აუზიდა, არ დამვიწყებიაო შენი ჭრილობა მიანიშნა ნათლად.
-არა. არ შეიძლება ჩემთვის.
-არ მინდა არც მე. -სავარძელს მიეყრდნო თავით და წამიერად მიხუჭა თვალები. -ჩემი ბრალია, რაც მოხდა დღეს.
-შენი ბრალი არ არის. ვისი ბრალიცაა, მიიღო იმან ნენესგან პასუხი. არ ვიცი, თქვენს შორის ურთიერთობა როგორ გაგრძელდება, დადა, ამაში ჩარევა არც მინდა და არც ვაპირებ...
-ნუ ჩაერევი, რიო. ვიცი, რისი თქმაც გინდა. ისიც ვიცი, ნენე რისი გამკეთებელია. მიხედე. -ფეხზე წამოდგა და სახე გაუსწორა თავისზე უმცროსს, უკვე კაცურ ნდობას და პატივისცემას რომ იმსახურებდა თავისი დაუხრელი თუმცა მაინც რიდიანი თვალებით. -შენი იმედი მაქვს. მეც გვერდით ვიქნები.
ენა მუცელში ჩაუვარდა რიოს. დამუნჯებულმა მიაცილა კარამდე და ვერაფერი მოიფიქრა საპასუხოდ, ისეთივე მნიშვნელოვანი რომ ყოფილიყო დადასთვის სათქმელად, როგორც მისგან მოსმენილი.
თითქოს უდიდესი შვება და პასუხისმგებლობა იგრძნო ერთდროულად. თვითონ სიტყვები შეიძლება არც იყო განსაკუთრებული, ალბათ, ნებისმიერს შეეძლო ეთქვა ის სამი, მაგრამ ამხელა ძალას და მნიშვნელობას ის ადამიანი ანიჭებდა, ვინც თავად იყო რიოსთვის საყრდენი და იმედი.
ასეთი კაცი უნდოდა გამხდარიყო თვითონაც - უბრალო სიტყვებით და დიდი მნიშნველობით.
„შენი იმედი მაქვს“.

ჩუმი კაკუნი რომ გაიგონა თავის კარზე, უფრო მეტად მოიკუნტა. რიო ყოველთვის ასე იქცეოდა ხოლმე, როცა ნენე მოწყენილი იყო ან რამეზე უბრაზდებოდა უმცროს ძმას.
ფრთხილად მიუკაკუნებდა და მანამდე არ მოასვენებდა, სანამ არ შემოირიგებდა. მერე ორი დღე კარგად იქცეოდა, სანამ ისევ არ გადაავიწყდებოდა თავისი დანაშაული და იგივე წრეზე იწყებდნენ ბრუნვას.
-პონჩიკ, შეიძლება? -პასუხს არ დალოდებია, ისე შემოძვრა მის ოთახში.
-არა.
-ო, მოვედი უკვე, -საწოლის მეორე მხარე ჩაიზნიქა. კომფორტულად მოთავდა ნენესთან ერთად.
ბოლოს ერთად მამას გასვენების შემდეგ ეძინათ. მაშინ ორივე ისეთი პატარა და დაბნეული იყო, ეგონათ უერთმანეთოდ ნაბიჯს ვეღარასოდეს გადადგამდნენ.
-გტკივა რამე? -მორიდებით ჰკითხა.
გული ეწურებოდა ასეთს რომ უყურებდა და ვერაფრით შველიდა.
-არა. შენ?
-მაშინ არც მე. -მიუჩოჩდა ახლოს და მიიხუტა თავისკენ.
უარესად აცახცახდა ნენე. იმ საზიზღარი წუთების შემდეგ რიოს მზრუნველი ხმა და შეხება პირდაპირ იმ სიმებს გამოედო მის სულში, მხოლოდ მის ძმას რომ შეეძლო აემღერებინა. უკვე ძლივს იკავებდა ტირილს.
-ნენე.. -ხმაზე ეტყობოდა, რომ რიო ყველაფერს გრძნობდა.
-ჰო..
-მალე გავმდირდებით.
-ოოო… -უკმაყოფილოდ დაისრუტუნა, თუმცა მაინც გაეღიმა და მიუგდო ყური.
-მართლა გეუბნები, მთელი დღეა ხელის გულები მექავება. ფული იცისო, ნინჩომ მითხრა. ბებსი არასდროს ცდება. -თმებზე მიეფერა. -დადა მოვიდა წეღან. ძალიან იყო დაღლილი და ნანერვიულები.
-მერე? -ინტერესით ააყვრიალა თვალები, მაინც გაექცა თვალი აივნისკენ, თუმცა ხვდებოდა, რომ გაბრაზებული იყო და არ მოაკითხავდა.
-შენი ხელი მთხოვა...
-შენ ხუმრობის ხასიათზე ხარ? -მოხვეულ მკლავზე უჩქმიტა მკლავზე. -არსად არ წავყვები, ძალიან ვარ გაბრაზებული.
-შენ ნორმალური ხარ? თავი ხო არ მიარტყი რამეს, სანამ სახლში მოხვიდოდი? რა სჭირს დადას შენი გასაბრაზებელი?! კაცი ბაევიკი, კაცი ლეგენდა შენ გამო..
-რიო, არ მეცინება.
-არა? არც ახლა? -მოუსვენრად მოუღიტინა მუცელთან, როგორც ბავშვობაში. მაშინვე გულამომჯდარ კისკისს იწყებდა ხოლმე ნენე, -მართლა?
-რიო, გამიშვი...აააა... ნუ მაცინებ! ვეღარ.. ვეღ... ვსუნთქ..ავ! რიოოოოო!
-კაი, ხო, რა ვთქვი ეგეთი სასაცილო, გადადგა კორპუსი. სირცხვილია მეზობლებთან, რძლობას უპირებ და რა ხმები გადის... ვინღა შეგიშვებს შენ ოჯახში, რა ვიცი... -ხელებს არ აჩერებდა ისევ, ნენეც სულს ვეღარ ითქვამდა, კისკისებდა და კისკისებდა აფართხალებული. -ღმერთო, რომ არ ჩერდება?! კაი, პონჩიკ, რას იფიქრებენ ნაკაშიძეები...
გული რომ იჯერა მისი ბედნიერი ხმებით, მხოლოდ შემდეგ შეუშვა თითები და მანამ არ გასულა ოთახიდან, სანამ აჩქარებული პულსი არ დაუმშვიდდა და მიეძინა.

ვერაფრით მოასვენა დაღლილ-დაქანცული სხეული ნენემ. გარიჟრაჟამდე გაეღვიძა.
ძილი და საშინელ კოშმარებთან შეხვედრა აღარ უნდოდა. ოფლით ჰქონდა დაცვარული სხეული. თმაც შუბლზე მიწებებოდა და სული ეხუთებოდა.
ფეხშიშველი მიბანცალდა აივნის კარამდე და სასწრაფოდ გამოაღო. პირით შეისუნთქა ჰაერი და მაშინვე სასიამოვნოდ გააჟრიალა, ცეცხლგამოვლილ სხეულზე რომ მოედო გრილი სიო.
მხრები მოეფუზა, მაგრამ მაინც გადაეყრდნო აივნის მოაჯირს. შიშველ ფეხებზე უკვე სციოდა. გულს მაინც ვერაფრით იმშვიდებდა. ასეთ წუხილებს სუფთა ჰაერი ვერ წამლობდა, ვერც გამოძინება.
ირიბად გააპარა თვალი ნაკაშიძეების ჩაბნელებული აივნისკენ და გაუაზრებლად ჩამოუცვივდა ცრემლები გაგრილებულ ლოყებზე, დადას გაყინული რეაქცია რომ მოაგონდა. შემოხედვაც რომ ვერ შეძლო წესიერად, თუმცა იცოდა, როგორ ელოდა, როგორ სჭირდებოდა ნენეს.
შუქი რომ აინთო მის ფანჯარაში, მაშინვე დაქაჩა თვალები. მილიონი ემოცია გამოსცადა ნენეს სხეულმა, სანამ დარჩენის გადაწყვეტილებას მიიღებდა.
გათენებამდე ვერ მოიცდიდა, ახლავე უნდა ეთქვა მისთვის რამე. უნდა გაერკვია და ეს სულისგამაწვრილებელი წუხილი მოეშორებინა
კარი რომ გამოიღო და იქედან წელს ზემოთ შიშველი გამოვიდა დადა, ტემპერატურამ უეცრად მიაღწია მაქსიმალურ ნიშნულს. შუბლი აეწვა.
სიგარეტისთვის გაკიდებული ჰქონდა უკვე. რამდენიმე წამს ელოდა ნენე, სანამ გამოხედავდა და ყურადღებას მოაქცევდა. იცოდა, რომ შეამჩნია.
-დადა, -უფრო ხმამაღალი და მტკიცე უნდოდა ყოფილიყო, ვიდრე გამოუვიდა.
ჩახლეწილი და ნამძინარევი ჰქონდა ხმა.
მხოლოდ გამოხედა. ძილის კვალი არ ემჩნეოდა სახეზე. ამოშავებული თვალები გაუღიავა სიგარეტის ნაცრისფერმა კვამლმა.
-ხმას რატო არ მცემ? -სიმხურვალემ დაუარა მთელს სხეულში, ბრაზი იწყებდა დაბინავებას ნენეს თვალებში. ღრმად სუნთქავდა.
გრილი სიო ანცად ურხევდა გრძელი პერანგის პრიალა კალთებს. გაშლილი თმაც შარფივით შემოეხვია ყელზე.
ქალაქისკენ მიბრუნდა დადა ამჯერად, ცალი ხელით დაეყრდნო მოაჯირს და ბეტონის ჯუნგლებში ბოლო კორპუსს დაუწყო ძებნა.
-შემომხედე, რომ გელაპარაკები! -მკაცრად გაუმეორა თავისივე სიტყვები, ტუჩები დაუწვრილდა დადას, ცოტაც და გაეღიმებოდა, მაგრამ მაინც შეძლო თავის მოთოკვა და შემოხედა, გისმენო, მიანიშნა თვალებით. -ირაკლის რატომ გამომაყოლე დღეს? ისე რატომ მომექეცი, თითქოს ვიღაცა ვიყავი, ვის წინაშეც გადარჩენის ვალი მოიხადე და თავიდან მოიშორე?! ყველაზე მეტად შენი ერთი შემოხედვა მჭირდებოდა, ერთი სიტყვა... რატომ მიბრაზდები, იმას რომ გავყევი? მაიძულა, ჩემი ნებით არ მინდოდა.
ღრმად შეისუნთქა დადამ ნიკოტინის ნაკადი, ნახევრამდე ჩაწვა ლამის სიგარეტი. გვერდით გაუშვა ჰაერი და ნენეს გამოხედა ისევ მოჭუტული თვალებით.
-თუ იმიტომ, იმ საქმეს რომ ვიძიებდი, რომლის მთავარი ეჭვმიტანილიც შენ იყავი? -სისინით წარმოთქვა ნენემ, ორივე ხელით დაეყრდნო აივნის მოაჯირს და მისკენ გადაიხარა. -ვერ გეტყოდი. თუ მაგიტომ ბრაზდები, იყავი გაბრაზებული რამდენ ხანსაც გინდა! კოტემ ამ გამოძიებისთვის სამხილების მოპოვებას წლები შეალია. მე პირობა დავდე, რომ ჩემგან სიტყვა არ გავიდოდა და პირობა შევასრულე. როგორც კი მივხვდი... რომ ვერ შევძლებდი ობიექტური ვყოფილიყავი იმ საქმეში, რომელიც ჩემგან პროფესიონალიზმს მოითხოვდა, მაშინვე მივატოვე. შენზე იმათთვის არაფერი მითქვამს და არც პირიქით. არ მქონდა ამის უფლება. ჩემს თავს ვერ ავიტანდი შენ გვერდით, ყველფერი რომ მომეყოლა შენთვის, არ ვიქნებოდი მართალი... ამოიღე ხმა!
-რამე მნიშვნელობა აქვს შენთვის ჩემს სიტყვებს? -დადას მშვიდი ხმა რომ გაიგონა, მხოლოდ მერე გაიაზრა, როგორ გაქაფულიყო თვითონ. მაშინვე სატირლად მოეღრიცა სახე, უჩვეულო წყენა რომ დაინახა მის თვალებში. -ან ნდობას, რომელიც ათასჯერ მოცემული შანსივით ვერ დაინახე?
-უსამართლოდ მექცევი! -ცრემლებს ყლაპავდა ნენე, უძილობა და ყველა გამოღვიძებული ტკივილი ყელში უჭერდა ხელებს.
გააჟრიალა დადას. ისე მოუნდა მოხვეოდა, სული გაუწვრილდა. გრძნობდა თავისი ბრალი რომ უფრო იყო ნენეს ცრემლებისგან დამშრალი და მოახლოვებული გარიჟრაჟით აპრიალებული, წყლიანი თვალები.
იმისგან ხომ უფრო მეტად გვტკივა, ვინც გვიყვარს, იმიტომ რომ ასეთ ტკივილს ყოველთვის გამოერევა დაუძლეველი წუხილი.
-მე შენი ნდობა ბოროტად არ გამომიყენებია. თუ ისეთ გოგოს ეძებ, რომელიც შენი გულისთვის თავს დაკარგავს, ხვალ შეგიძლია პირველივე შემხვედრს შესთავაზო შენი ნდობაც და ათასი შანსიც! მე პროფესიული პასუხისმგებლობა მქონდა აღებული... ასეთი რთულია ამის გააზრება?!
აღარაფერი უთქვამს დადას, თითქოს ისედაც აშკარა იყო, რასაც მოითხოვდნენ მისი თვალები და სიტყვების უმისამართო ფრიალი მხოლოდ ადრიანად გამოღვიძებულ მეზობლებს ახეირებდა.
მზე უკვე პირველ სხივებს აჩენდა, თავის ოთახში რომ შებრუნდა. მზერა გააყოლა ნენემ მის შიშველ ზურგზე მოხვედრილ ოქროსფერ სხივებს, ხორბლისფერ კანს რომ თვალისმომჭრელად უბრჭყვიალებდა.
ბრაზი წამიერად შეცვალა იმ ცივმა სიცარიელის შეგრძნებამ, რომ თავად ვერ შეძლებდა ისე თამამად მიფერებოდა, როგორც ის ამაყი მზე, ადრიანად რომ იწყებდა ქალაქის თავზე ციმციმს.
-რეგვენი...

ორი დღე დააცადა ლიკამ ნენეს, კრინტიც არ დაუძრავს მისი სახლში გამოკეტვის თაობაზე, ბოლოს დაცარიელებულ ოთახში ყოფნა რომ ყელში ამოუვიდა და დადაც სიტყვას არ ძრავდა ანდრონიკაშვილთან დაკავშირებით, თავად მიადგა კარზე დამეგობრებულ თანამშრომელს.
-ვაუ, ლიკსონ? -უცნაურად გაეკრიჭა თხელ გადასაფარებელში თავიდან ფეხებამდე გამოხვეული ნენე, ეტყობოდა, ახლახანს გაეღვიძა ისე ჰქონდა სახე აფუებული.
უცხოპლანეტელივით შეათვალიერა ლიკამ გოგონა და ხმა არ ამოუღია ისე შევიდა სახლში.
-ნენე... მომიტევე პირდაპირობა, მაგრამ რას ჰგავხარ?
-მოკლედ მოგითხრო თუ დეტალურად ყავის თანხლებით. წამო, წამო, -საბანშემოხვეული წაბანცალდა სამზარეულოსკენ, -ჩამოჯექი, ჩავიცვამ და მოვალ.
-შვიდი საათია, აწი კი უნდა დაწვე, რა ვიცი, იყავი ეგრე...
-არ მძინებია, ვტიროდი. შენ ჩემი ბიპოლარული რეჟიმის ბედნიერ საათებში მომისწარი, ამიტომ.. ვაი, თავი... -შუბლზე მიიჭირა ხელი თვალებდახუჭულმა. -მოვალ ორ წუთში.
სამზარეულოში რომ ყავის სასიამოვნო სურნელი დატრიალდა, ლიკას კბილები აუწაკწაკდა ისე აინტერსებდა, რა ჰქონდა ნენეს მისთვის მოსაყოლი. კარგად რომ ვერ იყო, ეს იმ თვალებზეც ეტყობოდა, ხშირად რომ არიდებდა ლიკას. დადასთან წაკამათებაზე შორს თუ წავიდოდა მათი დიალოგი და იარაღებისა და სასიკვდილო მუქარების ფრიალში თუ გადაიზრდებოდა, მაგას როგორ იფიქრებდა? თვალებდაქაჩული უსმენდა ნაამბობს. ყავა ვიღას ახსოვდა.
-ხოდა, მოკლედ, ჩემი ძმა მუცელში დაჭრეს, ჩემმა ბავშვობის მეგობარმა პარკურები აკეთა ჩემს ცხოვრებაში, შენი დეიდაშვილის ყოფილის ძმამ გამიტაცა და სკამზე მიმაბა ფაქტზე წაჭერილი „კაგებეშნიკივით“, მერე კახპასავით მიფათურა ხელები დადას გასამწარებლად, ის ჭკუიდან გადავიდა ლამის, ირაკლის გამომაყოლა სახლში და ბოლოს აივანზე, მემგონი, მთელი კორპუსის გასაგონად ვეჩხუბე. ახლა უბრალოდ სიცილის და ფეხებზე დაკიდების ენერგია დამრჩა.
-ჰაი-მე... მთელი ჩემი ოცდარვაწლიანი ცხოვრების განმავლობაში არ გამომივლია ამდენი ბაევიკი. კარგად ხარ? ფსიქოლოგთან ხო არ გინდა?
-არა, არა. მშვენივრად ვგრძნობ თავს. ხვალიდან ისედაც ვაპირებდი სამსახურში დაბრუნებას, მომბეზრდა სახლში ჯდომა და ულიმიტო ნაყინის რესურსის მიწოდება ჩემი ორგანიზმისთვის.
-მოიცა, ანუ დადა არ გელაპარაკება?! ჩემი დაჟანგებული გონების ჭრიალის ხმა გესმის, ხო? ვერ გადავხარშე ჯერ კიდე...
-ხო, ოფიციალურად არაფერი განუცხადებია, მაგრამ აშკარად ბრაზობს, რომ არ ვუთხარი სიმართლე გამოძიებაზე. -თავადაც გაბრაზებული და ნაწყენი ხმა ჰქონდა ნენეს, არც დაუმალავს. -ეგ ეგეთი ამაყია თუ ჩემზე ავითარებს ინსტიქტებს?! გეკითხები, რა არის ჩემი ბრალი? უნდა მეთქვა?
-მე ვერ მიგითითებ, რა უნდა გაგეკეთებინა, ნენე. რომ გეთქვა, ჩემი აზრით, არც ეგ იქნებოდა შეცდომა, რადგან დადა არ არის ის კაცი, რომელიც შენს ნდობას ბოროტად გამოიყენებს. სულ რომ ყველაფერი მოგეყოლა მისთვის, ის მაინც ისე მოიქცეოდა, თითქოს არაფერი იცოდა, სასჯელსაც კი არ გაექცეოდა, დამიჯერე. ამას გეუბნები მე, როგორც მისი დეიდაშვილი. მაგრამ როგორც შენი მეგობარი, რომელმაც იცის, რომ ბიჭს ხუთი თვეა იცნობ... -გამომეტყველება და ხმა ერთიანად შეეცვალა ლიკას, -ეგ რამდენს ბედავს, საერთოდ?! შენს პროფესიულ უფლებამოსილებაში შემოჭრის ნება ვინ დართო? შენ ახლა იწყებ კარიერულ ცხოვრებას, რომელიც ხშირად კონფიდენციალურობას მოითხოვს და კაცის გამო სიტყვა რომ გაგეტეხა, მაგარი არაპროფესიონალი გოგო იქნებოდი! სამსახურიდან გაგაგდებდი... ნუ ეს ზედმეტია, მაგრამ ხომ ხვდები... აქეთ რომ ბრაზობს კიდე... ეს ამბავი ციცის რომ მოვუყვე, დაუფრთხობს ანგელოზებს თავის შვილს, თუ ჰყავს საერთოდ..
-არავის არ უთხრა. თუ არ მელაპარაკება, არც მე დაველაპარაკები.
-რქები მაინც და მაინც ერთმანეთთან თუ არ გაგეზრდებათ, კარგი იქნება ისე. ნუ გეშინია, აქეთ ვახვეწნინებთ!
-მე არ მეშინია, თვითონ ეშინოდეს!
-დიახაც, რიგი გიდგას რო რამე... -ეცინებოდა ლიკას ნენეს სიამაყეშერეულ მონდომებაზე. -აგერ, ლექსუსა ხვალვე მოგიყვანს ცოლად, შენ თუ მოინდომებ.
-ლექსუსა ვინღაა...
-ალექსანდრე, -დრამატულად წარმოთქვა ფალიანის სახელი ლიკამ, -„ლექსუსი“ უყიდია, დღეს მაგით იყო მოსული. მოგიკითხააა...
-გთხოვ, მითხარი, რომ ყვავილები არ მოუტანია კიდევ. -შეწუხდა ნენე, იმედი ჰქონდა, რომ თავისმა თავაზიანმა საუბარმა გაჭრა და ალექსანდრე აღარ დაემატებოდა სანერვიულოდ.
-არა, არა, მაგრამ შეწუხდა ძალიან, რომ ვუთხარი ავადაა-მეთქი. ბულიონი რო გამოგიგზავნოს ვინმემ „ვოლტით“, არ გაგიკვირდეს. რომ დაბრუნდები, დადასთანაც გვიწევს შეხვედრა და ლექსუსასთანაც, კარგად გამოიძინე დღეს და ხვალ გამოპრანჭული გამოცხადდი პოსტზე. იმ ლანას იმედია მიუჩინე ხო თავისი ადგილი?
-ჰო, რა.. ყველაფერი დამთავრდა. უბრალოდ ვერ ვხვდები, ასე არაფრის გულისთვის რატომ უღირდა? ბოლოს მაინც თავისთვის მოსაწონი სახელი დაარქვა ჩვენი მეგობრობის დასასრულსაც. კაცის გამო დავშორდითო.
-ვაიმე, რა გჭირს? აბა, იმას ხომ არ გეტყოდა, ნენე, ბავშვობიდან ეგოისტად გამზარდეს, მამაჩემისგან დღემდე ველოდები შემჩნევას და დაფასებას და შენს ფონზე სულ ვიჩრდილებოდიო?
-არადა, კოტე არ არის ეგეთი ადამიანი... ლანას ყოველთვის ყველაფერი ჰქონდა... არც ყურადღება აკლდა მშობლებისგან, არც სურვილების ასრულება, კოტეს უბრალოდ უნდოდა, რომ წარმატებული ყოფილიყო, ამიტომაც იყო ხოლმე კრიტიკული მის მიმართ, ისიც ზომიერად...
-მამაშენი როგორი იყო შენთან, ნენე? -ფრთხილად ჰკითხა ლიკამ. იცოდა, ძალიან წვრილ ძაფზე რომ ეკიდა ნენეს სიმშვიდე. წყლიანი სევდა მაშინვე გამოერია გოგონას ცისფერ თვალებს. -ჰგავდა კოტეს?
-ძალიან კარგი იყო, მისი ყველა საიდუმლო ვიცოდი. ჩემთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, თითქოს ერიდებოდა ძალიან ჩემი, ყველაფერში მენდობოდა. საყვედური მხოლოდ ერთხელ მითხრა, მეშვიდე კლასში სახლში გაუფრთხილებლად რომ დავიგვიანე. მერე თვითონ ჩემზე მეტად ინერვიულა. -გაეღიმა ნენეს, -პირიქით, ძალიან განსხვავდებოდა კოტესგან. სულ ავიწყდებოდა, რომელ კლასში ვიყავი... იმდენს ვიცინოდით ხოლმე მერე ამაზე. ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, სულ მისმენდა და მისმენდა...
-სითბოს დაკლებული ბავშვი ყოველთვის მძაფრად გრძნობს თავისი მშობლის ყურადღებას სხვების მიმართ. ლანას ალბათ აკლდა ის, რაც გქონდა შენ - მშობლებთან გულახდილი ურთიერთობა. ის, რასაც ვერ აგინაზღაურებს ვერცერთი სათამაშო და ვერცერთი ძვირადღირებული სასტუმრო ევროპულ საზღვაო კურორტებზე. უბრალოდ, დასანანია, რომ ზრდასრულ ასაკშიც მისცა იმ დანაკლისებს მისი ცხოვრების მართვის უფლება და ასე მტკივნეულად დაგკარგა. აუცილებლად ინანებს, დამიჯერე.
-მესმის, რომ თვითონაც მსხვერპლია. ჩემთვის სიმართლე რომ ეთქვა, გულახდილად რომ მოსულიყო და ყოველგვარი ლანძღვისა და ირონიის გარეშე ეთქვა საკუთარი აზრი, ყველაფერს ვაპატიებდი, მართლა. ამასაც ვაპატიებ, იმიტომ რომ არ შემიძლია ჩემში დაუმთავრებელი გრძნობების დატოვება და უსასრულოდ ჩახვევა. ახლა ცხელია, უბრალოდ, ჯერ კიდე ვგრძნობ შუბლზე იარაღს და ხელებზე ბაწარს. აუცილებლად ვაპატიებ, მაგრამ არ ვიცი იქნება თუ არა ბოლომდე პატიება ის, რასაც მე გავაკეთებ. მასთან ურთიერთობის ძველებურად გაგრძელებას ვეღარ შევძლებ, ლიკა. მარტო მე რომ მომქცეოდა ცუდად, კიდევ შეიძლება... ბევრ ალტერნატივაზე ვფიქრობ. მასზე მეტი არასდროს არაფერი მქონია და რაც მქონდა, იმასაც ყოველთვის ვუყოფდი დაუნანებლად. მამაშვილური სითბოს გაყოფაც რომ შეიძლებოდეს, იმასაც გავუყოფდი... მაგრამ ახლა... როცა მამაჩემი აღარ არის, უფრო მეტად მტკივნეულია იმ მეგობრისგან ასეთი დაუნდობლობა, რომელსაც თურმე ის უნდოდა ჩემგან, რაც მეც აღარ მაქვს.
-აპატიებ და ცხოვრებას გააგრძელებ, ვალდებულება არ გაკისრია ყველაფერს პირვანდელი სახე დაუბრუნო. მარტო საკუთარ თავს დატანჯავ და იცი, როდის ინანებ შენს გადამეტებულ ლოიალობას? როცა მიხვდები, რომ ერთი ცხოვრება გაქვს და თურმე შენთვის არ გიცხოვრია, როცა ძალიან გვიანი იქნება, მაშინ ყველაზე ძალიან გეტკინება. წავიდეს, გაუშვი თავის გზაზე. მეც გამიშვი ახლა, თორემ ნუციკო გამოუჭედავდა ტვინს უკვე ციცის თავისი ინგლისურით. -თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა ენერგიულად. -გელოდები ხვალ იცოდე..

უკვე გვარიანად შეღამებულიყო, ისევ რომ გაისმა კარზე ზარი.
რიო თავის ოთახში იწვა და ფეხბურთს უყურებდა. ნენე ყველაზე მეტად ლილეს ელოდა, მაგრამ ისე გაუხარდა მისი მოსვლა, გულისწყვეტა საერთოდ აღარ უგრძვნია.
-შენი ნახვის გარეშე ვერ წავიდოდი, -ჩაეხუტა ლილე მაშინვე.
აღელვებული ჩანდა, ძალიან არ უნდოდა რიოსთან შეხვედრა ისევ. ან უნდოდა, მაგრამ საკუთარ თავსაც საპირისპიროს აჯერებდა.
-რომ წასულიყავი, მოგკლავდი...შემო, როდის მიდიხარ?
-ზეგ. -თვალებით მაინც გაუაზრებლად მოათვალიერა რიოს გარეშე დაცარიელებული სახლი. -აქამდეც მინდოდა მოსვლა, მაგრამ ვიფიქრე დასვენება გენდომებოდა და აღარ შეგაწუხე.
-ძალიან გამიხარდა, ლილე... ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ რაღაც სასწაულს იზამდი, მაგრამ ასეთს? ლონდონი, გოგო? რა მაგარია. ბლოგერი გახდი იცოდე, ისე მაინტერესებს, იქ ცხოვრება და სწავლა როგორია...
-ხო, რა ვიცი. ცოტა მიჭირს წასვლა...
-ნუ გეშინია, აქედან არავინ გაგექცევა, -თვალი ჩაუკრა.
-შენ როგორ ხარ? -გულდახუთულმა უცებ გადაიტანა თემა, როცა მიხვდა, საითკენაც მიანიშნებდნენ ნენეს ეშმაკური თვალები.
-უკეთ, მადლობა. რთული დღეები მქონდა, მაგრამ არაუშავს, მთავარია წარსულში დარჩა ეგ დღეები.
-და ჩემი ბიძაშვილიც! ტატომ არ მიმიშვა, თორემ თმებით დავითრევდი და მოვაწმენდინებდი იმ ძვირადღირებულ მარმარილოს იატაკს, სალომემ რომ იტალიიდან ჩამოატანინა სპეციალურად, მედიჩებს აქვთო ზედ განავლელი. იცოდი?! -მზერა გაუკაპასდა ლილეს, იყო გამკეთებელი. -ისე მინდოდა, ისე... მაგრამ კოტემ გასცა პასუხი.
-აღარ მინდა ამის განხილვა, სიმართლე გითხრა. ჯერ კიდევ შოკში ვარ. ლანა ისედაც ყველაფერს კოტეს კეთილგანწყობის მოსაპოვებლად აკეთებდა თურმე და ახლა კიდევ ჩემ გამო თუ მიიღო საყვედური, გადამასახლებს ალბათ აქედან.
-აუ, გეხვეწები რა! -ხელი აიქნია გაღიზიანებულმა, -რამდენი წლისაა, სამის? არავის სიყვარული არ აკლია მაგას, უბრალოდ კოტე ცოტა მკაცრია მის მიმართ და მე თუ მკითხავ, სჭირდება. საერთოდ როგორ გარია მაგ საქმეში ბიძაჩემმა, მიკვირს.
-ჩაეშალათ?
-ნაწილობრივ, ალბათ. მაგრამ ნუცუბიძე მაინც დაიჭირეს და ახლა მთავარია დანარჩენი დანაშაულიც დაუმტკიცონ. შენი ბრანდო უდანაშაულოა, სამაგიეროდ. -წარბები აათამაშა ეშმაკურად.
-შენ რა იცი ერთი...
-რას ჰქვია, არ ვიცი? ცერცვაძეების დინასტიის ყველა ჭორი ჩემს ტვინში ინახება სამარადჟამოდ! ტატო და კოტე მაგაზეც წაკამათდნენ. კოტეს არ უნდა დაჯერება, რომ დადა არაფერ შუაშია. მამაჩემს კიდევ ჰგონია, რომ უდანაშაულოა. საქმე ისაა, რომ ნორმალური მტკიცებულება არც ერთს არ აქვს და ნაყავენ ასე წყალს. ისე, რომ სთხოვო, არ აღიარებს ხო? შენც დაისვენებ, ბიძაჩემიც, მამაჩემიც და ტრიფონაც..
-არ ველაპარაკები. -ამაყად განაცხადა ნენემ, -და არც ჩემია კიდევ.
-არ გინდა ახლა ეს დრამატურგიული თავის დაფასებები... ტიპმა შენ გამო რა ჩაატარა... ვაღიაროთ, შენს ტუპიაკ ძმაზეც ზრუნავს, მარტო არ გტოვებს მაგ ღვთის სასჯელთან... ჯერ როგორ გიყურებს?!
-არაფერიც არ ჩაატარა... -დანარჩენი ვერ გააპროტესტა ნენემ, მოიფუზა დუელში დამარცხებულივით. -როგორ მიყურებს კიდე ერთი? ეგ ყველას ეგრე უყურებს, მზაკვრულად.
-არა, შენ ისე გიყურებდა, თითქოს თქვენი საერთო ბავშვის სახელებზე ფიქრობდა.
-ნუ ბოდავ, ლილე... -სახეზე წამოწითლდა, ერთიანად აუხურდა სხეული, -შენ უნდა გენახა, მაშინ როგორ მიყურებდა, რომ გაიგო გამოძიებაში ვიყავი ჩართული.
-აუფ, ჩართული თორე შენც ახლა კარიერის მიღწევა არ დადე... ლანა მიგათრევდა ბუქთ და შენ ტორმუზზე გქონდა მიჭერილი. არ მინდა წასვლა, -სახე მოექუფრა ლილეს უცებ, -იქ სად ვეძებო მერე ასეთი დრამები...
-ოხ, შენ კიდე აქ ხარ? -ჩვეული უინტერესო გამომეტყველებით გამოვიდა რიო თავისი ოთახიდან, -დარჩენა ხომ არ გადაწყვიტე?
-უი, არა.. აქ რა დამრჩენია. -მაშინვე შეეტყო სახეზე ცერცვაძეს ბოლო შეხვედრისას დატოვებული წყენა მის მიმართ. -ლონდონი მიხმობს.
-მე სააბაზანო! -დრო იხელთა ნენემ, უცებ გადაკოცნა ლილე და გავარდა თავისი ოთახისკენ, -აბა, კეთილი მგზავრობა, დაემშვიდობე რიოს მანამდე...
-მეც წავედი, აბა, კარგად!
ფეხზე წამოხტა ლილეც, როგორც კი მარტო დარჩნენ ოთახში. აქ გაჩერება აღარ შეეძლო, რიო რომ ასე გულგრილად ექცეოდა - მითუმეტეს.
-სად გარბიხარ? -გზა გადაუღობა დამპლური ღიმილით, -მომიყევი ერთი, სად მოეწყე..
-ძაან არ გაიგო შენ, -გულზე გადაიჯვარედინა ხელები, თმის ფერი გაუხდა სახეც, -წელს რამდენი საგანი შეგეტენა, შვიდი?
-საგანი არ ჩამრჩენია არასდროს. გოგოები მაწერინებენ ხოლმე.. -ბოროტულად გაუღიმა, თან ძალიან გულღიად.
კედელს მიეყრდნო მხრით და გულზე დაიკრიფა მანაც ხელები. არ უახლოვდებოდა ძალიან, ცდილობდა უსაფრთხო მანძილი შეენარჩუნებინა ლილესა და იმ იმპულსურ ქმედებებს შორის, რომლებზეც პასუხისგება მოუწევდა მეტისმეტად ახლოდან თუ იგრძნობდა მის სურნელს.
-მთლად უარესი... -დამცინავი ღიმილი აიკრა სახეზე, ძალიან რომ არ დასტყობოდა სევდით გამოწვეული მღელვარება. -რაში გაინტერესებს მე სად მივდივარ?
-ზრდილობის ამბავია. ჭკვიანად რომ უნდა იყო და ასეთებს გეტყვი ბოლოს და დავემშვიდობებით ერთმანეთს ცივილურად.
-შენ მარიგებ ჭკუას? -ჭრილობისკენ მიანიშნა თვალებით.
-შენც დამარიგე, თუ გინდა.
-თორემ გაითვალისწინებ... -ხვდებოდა, რომ იწვევდა.
-გააჩნია, რას მეტყვი და დამარიგებ.
-რას მეთამაშები, რიო?
-მეგობრობანას. -უცნაურად აუელვარდა მწვანე თვალები, ღიმილი დაუსერიოზულდა. სუნთქვა ყელში გაეჩხირა ლილეს.
-დიდი ხნით მივდივარ ისედაც.. -თავი გვერდზე გადახარა ცერცვაძემ, ამ მეტიჩარასთან ორთაბრძოლაში დამარცხებული არც ამ სახლიდან გავიდოდა და არც ქვეყნიდან. -ჩემთან დამეგობრებით თავს ნუღარ შეიწუხებ.
-არ გეშინია, რომ დამავიწყდები?! -გაუღიმა ფარისევლურად.
-რა გველი ხარ... -ზუსტად ისე გამწარდა, როგორც ბავშვობაში. -არა, არ მეშინია.
ამაყად მოიღერა ყელი და ამჯერად თავად გადადგა ერთი ნაბიჯი მისკენ, რომელსაც წამიერად მოჰყვა რიოსგან მისი გაბედული საქციელით გამოწვეული წარბებაზიდული გაკვირვება.
-ხო? რატომ არ გეშინია, ხომ იცი რა ცუდი მეხსიერება მაქვს...
-თავში გირტყამდნენ და არ მიკვირს. -კიდევ გადადგა ერთი ნაბიჯი ლილემ მისკენ.
-ახლოს თუ მოხვალ უფრო საშიში არ გამოჩნდები... -გულწრფელად გაუღიმა, მიუხვდა განზრახვას და ვერაფრით დაძრა სხეული ადგილიდან, იმისგან რომ გადაერჩინა საკუთარი თავიც და ეს მეტიჩარა არსებაც, რაზე ფიქრებსაც ვერ გაურბოდა უკვე მერამდენე ღამეა...
-შენ დაგავიწყდები მე?! -დოინჯი შემოირტყა, მზაკვრულად აუელვარდა წაბლისფერი თვალები. მელასავით უყურებდა თვითონაც ზემოდან უტიფრად დაჩერებულს.
-ხო, რა ვიცი, შეიძლება...
-იტყუები. მშიშარა ხარ, მე არა.. -ნიშნისმოგებით გაუღიმა სახიფათო მანძილზე მიახლოვებულმა.
ძალიან ღელავდა ლილე, მაგრამ არაფრით დაიხევდა უკან. აუცილებლად დაუტოვებდა იმ სადარდელსა და საფიქრალს, რომელსაც ასე არიდებდა რიო თავს.
ფეხისწვერებზე აიწია თვითონ მიაწება ატმისფერი ტუჩები რიოს ღვინისფერ ბაგეებს.
შეხება წამიერი იყო, უბრალო და ჰაეროვანი, უსიყვარულოდ აძგერებული გული რომ მარტივად დაივიწყებდა, მაგრამ რიოს გული ვერაფრით - ისე სწრაფად და ხმამაღლა უცემდა, პატრონზე ხმამაღლა ამბობდა სიმართლეს.
-ახლა თუ გინდა დამივიწყე. -სიმორცხვისგან გაუღუვდა ლოყები, რიოს ამღვრეული მზერა რომ შემოხვდა შუა გზაზე მის თვალებს.
არაფერი უთქვამს. არც „ნახვამდის“ და არც „ჭკვიანად“.
გაღიმებული დარჩა თავის უკმაყოფილების შეგრძნებასთან, მაინც ამაყი, რომ თავს მოერია და თავად უკოცნელად გაუშვა. უდანაშაულომ.
სახლში ლილეს კაბის კალთის შრიალით დატოვებული ატმის ყვავილების სასიამოვნო და მონატრებული სურნელი ტრიალებდა...

სამუშაო დღის პირველი ნახევარი ფაქტობრივად შეხვედრებზე გაატარა ნენემ. განზრახ გაწელა დღის ბოლოს დაგეგმილი ერთ-ერთი ვიზიტი, იცოდა, დადას და აქიშბაიას ხვდებოდნენ მის შემდეგ და მაქსიმალურად ცდილობდა მასთან შეხვედრისგან თავის დაძვრენას.
-მარტო ვართ დღეს? -სასხვათაშორისოდ იკითხა აქიშბაიამ, თვალს უცნაურად რომ დააკლდა ნენეს ყოფნა იმ ოთახში. დადა თითქოს ვერაფერს ამჩნევდა, საქმიანად ჩაჰყურებდა ლიკას გამზადებულ ანგარიშს.
-ნენე შეხვედრაზეა და მოვა, რომ მორჩება. -მოჭუტული თვალებით აკვირდებოდა დეიდაშვილს, -სხვათაშორის, ალექსანდრემ გახსნის წვეულება დაგვიკვეთა.
-მაგაზე სალაპარაკოდ დაგვიბარე?
-ოც სექტემბერს, -თავისას განაგრძობდა ლიკა, თვალს არ აშორებდა დადას გულგრილობით დამშვიდებულ სახეს. -ჩვენც დაგვპატიჟა…
-ვა, ჩვენც ხო არ მოვცხოთ რამე მაგარი?! -საერთოდ ვერაფერს მიხვდა აქიშბაია. ლიკამ რომ დაუბრიალა თვალები, მერე გაიყუსა დაბნეული ბავშვივით.
-ნენე დაბადების დღის გადახდას არ აპირებს და წავალთ ალბათ… გულს გადავაყოლებთ და გავერთობით. თქვენც უნდა გააკეთოთ რამე კორპორატიული, -განსაკუთრებულად გამოკვეთა ბოლო წინადადება.
-საახალწლოდ გავაკეთებთ, ადრეა ჯერ. -ისე დააიგნორა დადამ მისი შემოთავაზება, თითქოს ამაზე უმნიშვნელო არაფერი გაუგია. -რეკლამის ხარჯი გაზრდილია, ლიკა, გაყიდვებში დიდად არაფერი შეცვლილა…
-ვაუ, ნენე! -ამოისუნთქა აქიშბაიამ, გოგონამ რომ შემოაღო კარი და გაურკვეველ დაძაბულობაში რომ არ მოუწევდა ყოფნა. -როგორ ხარ? შენ გელოდა დადა, ერთად უნდა გაიაროთ რაღაც დეტალები, ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა უნდა. მე და ლიკა ცალკე გავალთ, მაგარი იდეა მაქვს და უნდა გავანდო…
-ხო, მეორე ოთახში გავალთ. ნენე, შენ ყველაზე კარგად იცი ამ კომპანიას რა სჭირდება… -ლამის ძალით დასვა დადას მოპირდაპირედ სკამზე გაკვირვებული გოგონა. -და არა მარტო კომპანიას....
დაძაბულობა მაშინვე შემოდგომის ნაცრისფერი ნისლივით ჩამოწვა ოთახში, როგორც კი მარტონი დარჩნენ. ხმის ამოღებას არ აპირებდა არცერთი.
-რისი შეცვლა გინდა? -საქმიანი ტონით ისე ჰკითხა ნენემ, არც კი შეუხედავს წესიერად.
საკმარისად იყო გაბრაზებული, ხმა და მზერა რომ ეკონტროლებინა.
-რეპორტი ყოველ კვირას უნდა მომაწოდოთ, -ფურცლები გვერდზე გადაალაგა დადამ და სკამის საზურგეს კომფორტულად მიეყრდნო. უემოციო მზერით მიაჩერდა სახესა და არიდებულ თვალებზე ნენეს. -ხარჯების ზუსტი ანალიზი მჭირდება, უნდა ვიცოდე, რაში იხარჯება რეკლამისთვის განკუთვნილი თანხები და რა შედეგს ვიღებ. წინა შეხვედრაზეც გთხოვე, მაგრამ როგორც ჩანს უყურადღებობის გამო გამოგრჩა.
-არაფერი გამომრჩენია. -ჯიქურ გაუსწორა მზერა ნენემაც. მსმენელის ყურადღებას მაცდურად და გარკვევით მოითხოვდნენ მისი წითლად შეღებილი ტუჩები. -ჩვენ მიერ მოწოდებული ხარჯთაღრიცხვა სწორია და წინასწარ ზუსტ პასუხს ვერავინ გეტყვის, რა შედეგს გამოიღებს რეკლამა. ამხელა კომპანიას მართავ, უნდა იცოდე. ყოველკვირეული რეპორტების მოთხოვნის აზრს ვერ ვხვდები…
-შენ რომ ვერ ხვდები, არ ნიშნავს, რომ საჭირო არ არის, ნენე. იურისტი ხარ და არა ფინანსური ანალიტიკოსი.
ორივემ კარგად იცოდა, საქმეს რომ აღარ ეხებოდა აშკარა დაპირისპირებაში გადასული დიალოგი.
-მეტი ყურადღება ჩემი თხოვნების მიმართ.. -უტიფრად არ აშორებდა კუპრისფერ თვალებს ნენეს ზღვისფერს, აგრძნობინა, რომ წითელ ტუჩსაცხზე მეტი იყო საჭირო მის გასატეხად.
-როცა რაღაც ისეთს მთხოვ, რისი შესრულებაც შეუძლებელია..
-მომიწევს სხვა ვნახო, ვინც ზუსტად გაიგებს რა მჭირდება.
ისეთი აუტანელი იყო მისი სიმშვიდე და გულგრილობა ამ სიტყვების წარმოთქმისას, სუნთქვა გადაავიწყდა ნენეს. ფილტვები დაუსკდა ლამის, არაფერი ეტყობოდა დადას, რომ მის გაგებას და მობოდიშებას აპირებდა. პირიქით, აშკარად თავად ელოდა პირველ ნაბიჯს ნენესგან.
-კი ბატონო, ეძებე, თუ ნახავ… -მშვიდად დახურა საქაღალდე ნენემ და ფეხზე ისე წამოდგა, თვალით კონტაქტი არ გაუწყვეტია. -მეილზე გამოგიგზავნი განახლებულ ხელშეკრულებას, შენი აქ მოსვლა აღარ იქნება საჭირო.
-არ დამიმთავრებია, დაჯექი. -თვალით ანიშნა სკამისკენ. მშვიდად ათამაშებდა თითებს მაგიდის კიდეზე.
ამოფეთქვის პირას მისული ვულკანივით უცახცახებდა ნენეს სხეული.
-გისმენ. -გულზე გადაიჯვარედინა ხელები, ძალა რამეზე უნდა გადაეტანა, თორემ იმ საქაღალდეს აუცილებლად გაუქანებდა თვითკმაყოფილებით გახსნილ სახეში.
-ხელშეკრულებით დადგენილი პირობები დაარღვია თქვენმა მხარემ.
-რა გინდა ბოლოს და ბოლოს? -საქმიანი იმიჯი მოიშორა სახიდან ნენემ, ყელში ამოუვიდა საბოლოოდ.
მზერაზე დაეტყო დადას ეს მინდოდაო ზუსტად.
-შენ ყველა კლიენტს ასე უტლიკინებ ენას?
-არა, მარტო შენ.
-როდიდან? -თვალები გაუცივდა, -ვერ ვიხსენებ ოდესმე ჩემთვის გამონაკლისი დაგეშვა…
-გადავიხდით პირგასამტეხლოს და ეგ იქნება. მორჩი?
კარზე დააკაკუნეს, სანამ დადა რამეს იტყოდა. ადმინისტრატორმა შემოჰყო თავი და მორიდებით მიმართა ნენეს:
-ნენე, სანდრო ფალიანი მოვიდა და გელოდება…
-დამელოდოს.
-მოვრჩით. -ცარიელი მზერა გაუსწორა დადამ და მშვიდად აუარა გვერდი ოთახიდან გასვლისას.
ისე არ უნდოდა ახლა ალექსანდრესთან შეხვედრა და ლაქლაქი, მაგრამ ისედაც ამდენი ხანი ელოდა და ვერაფრით გადადებდა.
მტრული მზერა გააყოლა დერეფანში მიმავალს, მხოლოდ თავის დაკვრით რომ მიესალმა ფალიანს. დარწმუნებული იყო, რომ დანასავით გრძნობდა ნენეს ბასრ მზერას ზურგზე.

ნენესთვის მოულოდნელად, მშვიდად და ყოველგვარი პირადი ინტერესების გაჟღერების გარეშე ჩაიარა ალექსანდრესთან შეხვედრამ.
იფიქრა, რომ ადამიანურმა საუბარმა გაჭრა და დისტანციის დაჭერა იკადრაო.
დადასთან შეხვედრის შემდეგ ისე იყო აღელვებული და აფორიაქებული, აღარაფრის გაგონება უნდოდა. გამარქაფებული შევარდა ლიკასთან ოთახში.
-რატო დამტოვე დღეს იმ ველურთან მარტო?
-საქმე არ გქონდათ? -წარბები აზიდა ლიკამ, ჩურჩულით დაამატა ბოლოს, -პირადი...
-არანაირი პირადი საქმე შენს დეიდაშვილთან აღარ მაქვს! ხელშეკრულების პირობები დაარღვიეთო - მომახსენა, უყურადღებო ხარო დაამატა ზემოდან და სხვა კომპანიას ვიპოვი, შენ თუ არ გესმის ჩემი მოთხოვნებიო. კი ბატონო-მეთქი, -ზათქით დაახეთქა ჟურნალების მაგიდაზე საქაღალდე. ადგილს ვეღარ პოულობდა. -კინაღამ შემოვარტყი, გეფიცები!
-ნენე, ჩვენ ასე ვერ გავფრინდებით. -სერიოზული სახე მიიღო ლიკამ. -ანკესს გიგდებს და გეთამაშება, გამწარებს... რატომ ეგები?!
-იმ ანკესის კაუჭით დავთხრი იმ ეშმაკ თვალებს და ეგ იქნება. მერე ალექსანდრე მოვიდა და ამან არც კი შეიმჩნია, ფეხებზე კიდია ყვავილებს რომ მჩუქნის და აშკარა ინტერესს გამოხატავს. არც კი დამემშვიდობა, ისე გავიდა. უზრდელია! ლიკა, იცოდე, კრინტი არ დაგცდეს იმასთან, არ იფიქროს, რომ მაგისი კეთილგანწყობა მადარდებს.
-არ გადარდებს? -პირდაპირ ვერ უთხრა, მაგრამ ისედაც აშკარააო, მიანიშნა.
-ალექსანდრემ კორპორატიულზე იკითხა რაღაცები, დაურეკე და გაარკვიე რა..
-პირადად არ დაგპატიჟა ლექსუსამ? მაგანაც თუ თავის დაფასება დაიწყო, ნენე, დაგვერხა. ჩვენ ახლა მაგის ყურადღება წყალივით გვესაჭიროება, კაცები გვყავს საეჭვიანებელი...
-შენ ქმარს რას ერჩი?
-არაფერს, აგრესია ჩემი სიყვარულის ენაა. რას აპირებ მართლა დაბადების დღეზე?
-არაფერს, -მოწყენილი ჩაეშვა სავარძელში, -შარშან ისედაც არ აღმინიშნავს, არც ახლა მაქვს დიდად ხალისი. ლანას აღარ ველაპარაკები, ლილე მიფრინავს... ბებიაჩემი დამიცხობს ალბათ ტორტს და ოჯახურად აღვნიშნავთ.
-ხოდა, წავიდეთ რა... გავერთობით, შენც ცოტა გულს გადააყოლებ. -მაცდურად აუთამაშა წარბები, -ლამაზ კაბებს ჩავიცვამთ... ვიღაცებს კი არ მოეწონებათ, მაგრამ აბა მაგათ ვინ ეკითხებათ?!
-ვნახოთ, არ ვიცი. დიდად არ მინდა დადას ჯინაზე მოქცევა და ალექსანდრეთი ცუდად მანიპულირება.
-გოგო, თვითონ გაიხსენე დღეს რა ქნა! ლექსუსაზე საერთოდ არ ჰქონია რეაქცია? აი, საერთოდ?!

ლამის ბრახუნით ჩამოიღეს ანდრონიკაშვილების სახლის კარი. მარტო იყო რიო. დაახლოებით იცოდა, ვინც იქნებოდა და არც შემცდარა კარის გაღებისას საშუალო სიმაღლის, საყვარელ გოგოს რომ გადააწყდა.
კესო იყო. მისი და ლილეს საერთო მეგობარი, მათ შორის მშვიდობის მტრედი, ელჩი, მაჭანკალი, გამშველებლი და ადამიანის უფლებათა დამცველი ერთდროულად.
ახლა სახეზე ეტყობოდა, რომ არც ვინმეს გაშველებას და უფლებების დაცვას არ აპირებდა. საშინლად იყო გაბრაზებული!
-ოხ, მოვიდა კაქტუსი!
-კაქტუსს გაჭმევ! -ძლივს შეიკავა თავი კესომ, რომ არ ეთხლიშა უტიფარ სახეში. ბოლოს და ბოლოს, ახალი გამოსული იყო საავადმყოფოდან და არ უნდოდა, უკან შეებრუნებინა. -რა ჯანდაბას აკეთებ?!
-„ფიფას“ ვთამაშობდი წეღან, ახლა შენთან გასამკლავებლად ვემზადები. შემო.
-რად მინდა დაპატიჟება! -ქარიშხალივით შევარდა სახლში და სავარძელში ჩაეშვა, -კიდე არგენტინით თამაშობ?
-კიდე არგენტინით ვთამაშობ რას ნიშნავს.... -ისეთი სახე მიიღო, თითქოს გულწრფელად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. -რა თქმა უნდა, არგენტინით ვთამაშობ, კესო. გინდა ერთი ხელი?
-ხელი მოგხვდება შენ სიფათში, გონზე თუ არ მოხვალ! რას აკეთებ ლილესთან?
-არაფერს.
-მომისმინე, რეგვენო! -ლამის სახეში მიაფერთხა თავისი ნაჭრის ჩანთა კესომ რიოს, მთლიანად გაწითლებულიყო სახეზე.
-კესო, შენი თავი არ მაქვს ახლა. -თვალები აატრიალა უკმაყოფილოდ და სამზარეულოსკენ წალასლასდა ზანტი ნაბიჯებით, -ცივი ყავა გინდა?
-რა დროს ცივი ყავაა?! მიდის ხვალ ლილე. -უკან გაეკიდა ბიჭს და მოურიდებლად ჩაარტყა ზურგში გაშლილი ხელი, -გასწორდი ბეჭებში, კვაზიმოდო! მიდის-მეთქი შენი ესმერალდა ხვალ.
-აი, ყველა რატო ასკვნით რო მე და ლილეს ძაან რომანტიკული ამბავი გვაქ? გინდა-მეთქი ცივი ყავა?
-მინდა, კი. -ხელი დაიფრიალა კესომ სახესთან.
-გამიკეთე ხოდა მეც. -უდარდელად ჩამოჯდა სამზარეულოს სკამზე და ბრძანებების გაცემა დაუწყო შეუხრელი წარბით, -ყავა იქ არის, ნაყინი საყინულეში...
-რიო, ინანებ ძალიან. -გულზე ჯიუტად გადაიჯვარედინა ხელები კესომ, -და ლილეს ეწყინება თუ არ გააცილებ მაინც.
-ეგრე გითხრა? რიომ გამაცილოს, თორემ მეწყინებაო?
-არ გინდა რა! აირტყამ იცოდე! შენს სიფათს ყველანაირ მდგომარეობაში ვიცნობ, ახლა მაგალითად მიყურებ "ლილე მიყვარს, მაგრამ მისთვის ასე ჯობია" სახით. -რომ ვერაფრით მიიქცია მისი ყურადღება, ვარდისფერი კასტეტი ამოიღო ჯინსის შარვლის უკანა ჯიბიდან, -აი, ამით გცემ!
დამცინავი გამომეტყველებით დახედა ჯერ ვარდისფერი ფრჩხილის ლაქით შეღებილ კასტეტს, შემდეგ მის გაწიწმატებულ პატრონს და ერთი ჩაფრუტუნებით აგრძნობინა, რომ დაებრუნებინა ის სასაცილო ნივთი თავის ადგილას.
-ამით ცემე კალანდაძე?
-დიახ! სადაქალოს საკრარული ატრიბუტია, რომ იცოდე. ჟღენტსაც მოხვდა ამით ლილესგან ორი დღის წინ.
-რა უნდოდა ჟღენტს? -სასხვათაშორისოდ იკითხა, თითქოს არც აინტერესებდა დიდად.
-შენს სხეულში „პოხუიზმის“ კონცენტრაციის გასარკვევად სისხლი უნდა აგიღო! ნერვებს მიშლი უკვე! ხო იცი, რო გიყვარს, მე მაინც რას მიმალავ?!
-სწორ პასუხს ვერ მიიღებ ჩემი სისხლის ანალიზით, იმ ალქაჯის მაქ გადასხმული..
-იქ რომ სხვა შეუყვარდეს? არ გეშინია?
-არა, -უდარდელად წაიღიღინა და ცივი წყალი მოსვა გემრიელად.
-რატომ? დებილი ხარ? დარწმუნებული ვარ, ერთი სული გაქვს აქედან გავიდე და შენი ხელი ჟღენტის ყბაზე მიახატო. ვითომ არ გადარდებს,ხო?
-არ გითხრა იმან? თვითონ გიჟდება ჩემზე, ვინ უნდა შეუყვარდეს სხვა?
-რა უნდა ეთქვა? -ყურები დაცქვიტა კესომ. ნუთუ რამე გამორჩა. -მე მიმალავთ რამეს? თქვენ - ორი ბატი მე მიმალავთ რამეს?!
-თუ არ უთქვამს, ესე იგი, არაა საჭირო, რომ იცოდე. ნუ ნერვიულობ. არ შეუყვარდება სხვა.
-შენ? -დოინჯი შემოირტყა კესომ და ეჭვისთვალით შეათვალიერა ბავშვობის მეგობარი, ხომ ისედაც იცოდა პასუხი, მაგრამ მისგან უნდოდა მაინც მოსმენა.
-რა მე?
-შენ არ შეგიყვარდება სხვა?!
-ეგ იმას აინტერესებს, თუ შენ...
-ვიცი, რომ ბავშვობიდან გიყვარს, ილარიონ. იმ ხელს ნუ კბენ, რომელიც გაჭმევს...
-რაც თავი მახსოვს, შენი ხელი სულ მირტყამს, კაქტუს..
-იცოდე, ყველა გოგოს ქოჩრით დავითრევ, ვინც მოგიახლოვდება. ლილეს პოზიციებს მე დავიცავ საქართველოში, ამიტომ მიფრთხილდი! კაი, ხო.. არ გააცილებ?
-არა. არ მიყვარს ეს ზლუქუნი და ჩახუტებები. თან, ვაიდა, გამობრუნდეს ჩემ გამო, რა ვუთხრა მერე ტატოს... შენი გოგო ჩემ გამო ამბობს უარს ევროპულ განათლებაზე-მეთქი?
-ეს კაცური დებილური სიამაყე დაგღუპავთ. ასეც ვიცოდი, ტატოს რიდის გამო რომ იქცევი ასე!
*
სექტემბერი უკვე იგრძნობოდა ქალაქში.
ამ სეზონზე განსაკუთრებულად უყვარდა ნენეს ქალაქის ქუჩებში სიარული და გაყვითლებული ფოთლების ჩურჩულისთვის ყურის დაგდება მთელი ზაფხულის სიცხისაგან დასვენებულ ტროტუარებზე.
ეზო ოქროთი ნახატ პეიზაჟს ემსგავსება, როდესაც მწვანე ფოთლებით უხვად დახუნძლული ხეები ფერებს იცვლიან და ზამთარში საბოლოოდ გაშიშვლებამდე ყველაზე თბილ ფერებში იმოსებიან.
მოსწონს, როცა ყველა სახლის ფანჯრიდან გამოდის სინათლე და ადამიანების ლაპარაკის ხმა. ეს ხმები ყოველთვის სასიამოვნოდ მოსასმენი როდია, მაგრამ მონდომებით ცდილობს, ცუდ ფიქრებსა და წუხილებს თავი და გული მოარიდოს.
აივანზე ჯდომაზე უარს მაინც არაფრით ამბობდა. გვერდითა მეზობელი თუკი მოინდომებდა გამოსვლასა და თავისი არსებობის პრეზენტაციას მთელი ეზოს წინაშე, ნენე წარმატებით არიდებდა თვალს.
უკვე ბრაზი წყენაში გადასდიოდა. ვეღარაფრით ხვდებოდა ეს გახანგრძლივებული სიშორე და მდუმარება რისთვის იყო საჭირო. თუმცა ხმას მაინც არ იღებდა არაფრის დიდებით.
წვიმა რომ წამოვიდა, მაინც არ შესულა ოთახში.
სიამოვნებდა თბილი წვიმის წვეთები დაღლილ კანზე დაკარგული ნავებივით რომ დაცურავდნენ. სახეც მიუშვრა ცრემლებად დაღვრილ ამინდს.
ყველა ფეხს უჩქაროდა სახლისკენ მიმავალ გზაზე. წვიმას არავინ ელოდა ქალაქში იმ საღამოს.
ეჭვით გახედა მეზობლის აივანს. თვალით გაზომა მანძილი აივნამდე. ვერაფრით ამოხსნა, როგორ ახერხებდა დადა ასე ოსტატურად ძრომიალს ერთმანეთისგან გვარიანად დაშორებულ აივნებს შორის.
გული მოეწურა, ისე მოუნდა იმ აივნიდან გამოსულიყო და რამე ეთქვა.
ნუცუბიძის სიტყვები წინასწარმეტყველებასავით უხდებოდა.
-ნენე, წვიმა მოგენატრა? -ზემოდან დასძახა ახალგაზრდა გოგონას ჟღურტულა ხმამ. იღიმოდა ისიც გულღიად. ხელი გადმოსწია და შეუშვირა წვიმას გაშლილი მტევნები.
-თამთა, ჩამოხვედი? აუუ! -გულწრფელი სიხარული ვერ დამალა მეზობლის დანახვისას. -დეკას ჩაი ჩამომიტანე?
-ამო, დავლიოთ!
სასწრაფოდ გამოიცვალა და კისრის ტეხით ააშურა ზედა მეზობლების ბინას. გიჟდებოდა არაბულებზე. გუშინდელი დღესავით ახსოვს, როგორ გადმოვიდნენ თამთა და თორღვა მათ ეზოში საცხოვრებლად.
მათ რომ შეხედა, პირველად გაიფიქრა, რომ თუ სიტყვათშეთანხმების „ფერი ფერს“ ილუსტრირება იქნებოდა საჭირო, აუცილებლად თორღვას და თამთას სურათს დაანახვებდა თვალსაჩინოებისთვის.
მალევე დაახლოვდნენ, ხევსურეთშიც კი გაიყოლეს ერთი კვირით წინა ზაფხულს და ულამაზესი მხარის დათვალიერების მრავალწლიანი ოცნება აუხდინეს ნენეს.
-როდის ჩამოხვედი?! აუ, როგორ მომენატრე. შენი მჟავე კიტრი ქმარი სად არის? -ხუთი წუთი ეხუტებოდა მონატრებული კარში ჩამდგარს.
-სამსახურშია, დააგვიანდება დღეს… მოდი, რა ხდება შენკენ ახალი? ჩვენკენ ხო იცი ინტერნეტი როგორცაა.. მოვწყდი ცივილიზაციას. რიო რას შვრება? აზანზარებს ისევ ქუჩას?!
ყბადაღებულ-აღტაცებული სახით უსმენდა თამთა ნენეს ნაამბობს. სამი თვის განმავლობაში ისე ამოუყირავდა ცხოვრება, დაბნეული აცეცებდა თვალებს.
-იცი, რა მენიშნა? იქ პოლიცია რომ მოვიდა… ირაკლის არ გაკვირვებია. თითქოს ელოდნენ. -მოჭუტული თვალებით მოსვა ჩაი და მზაკვრულად გახედა თამთას გახსნილ ლეპტოპს, -ისე, შენ ხო პროგრამისტი თუ რაღაც ეგეთი ხარ?!
-შენი მზერა არ მომწონს, ნენე…
-ნომრის გადაადგილებას დამიდგენ?! ფლიზ, აი ძაან გთხოვ!
-არაკანონიერია, დაგვიჭერენ… -თუმცა მაინც წამოდგა ფეხზე და მოაცუნცულა უცებ ლეპტოპი.
-მიდი, მიდი… ვინც მაინტერესებს, ეგ ჩვენზე უბედურის ერთია!
ინტერესით მიუჯდა გვერდით თამთას და ისეთი გულმოდგინებით ჩაძვრა ლეპტოპში, თითქოს რამის გამორკვევას შეძლებდა ერთმანეთში გახლართულ ციფრებში.
-აქ რას იგებ?!
-შენი ბიჭის ლოკაციას. ბავშვი მაინც მომანათლინე, ამხელა წვლილი შემაქვს ბოლო-ბოლო… დადა, -გამოთქმით წარმოთქვა ბოლოს თამთამ, -ჯერ რა სვეტური სახელია?! ინსტაგრამი არ აქვს? მაინტერესებს.
-ჯანდაბა აქვს მაგას…
-რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ამას სხვაც ხომ გააკეთებდა, ნენე? თუ ეჭვმიტანილია, კვალში იქნებიან ჩამდგარი..
-ჩვენც ვცადოთ!
-ვერ ვიზამთ, ჭკვიანია. გათიშული აქვს წვდომა. ამ ნომრის პატრონი ახლა თბილისის შემოგარენში კი არა სამხრეთ აფრიკაში დაბოდიალობს…
-აჰა, ანუ მალავს თავის ასავალ-დასავალს. ესეც ინფორმაციაა!
-თორღვა ჩემზე ჭკვიანია… არ უთხრა ოღონდ, რომ გითხარი. რომ მოვა ვთხოვ, იქნებ იცოდეს რამე. შენ რა ეჭვებში ხარ?! შეიძლება ვინმემ გამოიძახა ის პოლიცია…
-შენ დადას არ იცნობ. პოლიციას თავისი ნებით არ გამოიძახებდა. ჩემგანაც თავს შორს იჭერს იმ დღის შემდეგ… -სისხლი შუბლზე მოაწვა, -ჩემგან ითხოვს გულახდილობას და თვითონ აშკარად მიმალავს რაღაცას.
-იქნებ შენს სასიკეთოდ უნდა ასე, ნენე.. იქნებ ისეთი რამეა, რაც არ უნდა იცოდე.
-შენ უნდა გენახა, როგორ მიყურებდა! ის მზერა უნდა ავაფარო სახეზე! ჭკუიდან გადავყავარ, თამთა.
*
ლილეს გაფრენის დღეს მოსვენება ვერაფრით იპოვა სახლში რიომ. წამდაუწუმ ამოწმებდა საათს. ერთი სული ჰქონდა, აფრენილიყო მისი რეისი და საბოლოოდ დაესვენა ჭიასავით შეჩენილი სურვილისგან, გულს რომ უღრღნიდა.
არც ნენე იღებდა ხმას. აშკარად ყველა კაცზე იყო გაბრაზებული და რიოსთვისაც ვერ იმეტებდა დამამშვიდებელ სიტყვებს.
-არ გასკდე, -ნენეს წვალებაში დრო უფრო სწრაფად გადიოდა. -რა გაბერილი ხარ...
-რა მოგივიდოდა, იმ გოგოსთვის ერთი სიტყვა მაინც რომ გეთქვა? რატომ ხართ ეს კაცები ასეთი ცივსისხლიანები?
-აუ, ახლა იმის მაგივრადაც მე უნდა მომხვდეს ხოლმე?! -დაიწუწუნა შეწუხებულმა და მაცივარში შეძვრა ნახევარი ტანით, -ბებსი როდის ჩამოვა? შენ მაშიმშილებ..
-მიპასუხე, რომ გეკითხები. ასე რთულია თვენთვის ქალისკენ ნაბიჯის გადადგმა? სიამაყე გელახებათ თუ რა ჯანდაბა ხდება თქვენს უკუღმართ თავში?
-მე პირადად არ ვფიქრობ, -მონდომებით დაიწყო ბანანის ფცქვნა, -ამიტომ ვერ გეტყვი, სხვა მოაზროვნე ადამიანების თავში რა დევს...
-როდემდე აპირებ მერე თევზივით ცხოვრებას?
-ხვალიდან ვიწყებ მუშაობას. ხო, რა იყო? ტატომ შემომთავაზა. სასტუმროებში რამე თუ გაფუჭდება, მე უნდა მოვაგვარო ხელოსნებთან ერთად.
-კაია. ტყუილად არ გექავებოდა ანუ ეგ ხელისგულები.
-გაგაბრაზა იმან? ჩემთვის სასურველმა სასიძომ.
-არა! -ცხვირწინ ააცალა მისივე გაფცქვნილი ბანანი რიოს და გრაციოზულად ჩაკბიჩა, -შენი საქმე არაა! ბანანი თუ გინდა, ახალი გაფცქვენი.
-აღარაა მეტი... გამიყავი, რა იყო... -აწუწუნებული აედევნა უკან თავისი ოთახისკენ მიმავალს.
-წადი და იყიდე.
-გასუქდები და იმხელა კუნთებიც არ აქვს იმ ბიჭს, შენი თრევა რომ შეძლოს. რა აუტანელი გახდი!
ცხვირწინ მიუჯახუნა კარები და ჩაშხამებულმა დაამთავრა უგემური ბანანი.
თორღვასგან ყოველ დღე ელოდა ახალ ინფორმაციას.
მოუსვენრობა შეუჩნდა. დადასაც დაკვირვებით ადევნებდა ხოლმე თვალს სახლიდან რომ გადიოდა, აივანზეც ხშირად ატარებდა დროს, რამე ისეთი რომ არ გამოპარვოდა, თუმცა ნაკაშიძე ისე იქცეოდა, თითქოს ყოველი ნაბიჯი წინასწარ გათვლილი და დაგეგმილი ჰქონდა.
აივანზე საერთოდ აღარ გამოდიოდა, როცა ამჩნევდა, რომ ნენე ელოდა გარეთ. ამაზე უარესად ცხარობდა ანდრონიკაშვილი. ლამის იყო თავად გადაბობღებულიყო მის ოთახში და ყველაფერი თავდაყირა დაეყენებინა.
გადმოალაგა დაბადების დღეებზე ნაჩუქარი ნაირ-ნაირი ღამის პერანგები და ხან ერთი ეცვა, ხან მეორე, მაგრამ სულ ტყუილად. ვის გამოც იცვამდა, ის მაინც ვერაფერს ხედავდა.
უკვე ხვდებოდა, რასაც გრძნობდა კოტე, როცა დადას დაჭერა სპორტულ ინტერესში გადაუვიდა. ნაკაშიძე უბრალოდ ასეთი იყო, ინტერესს ბადებდა ადამიანებში და დანარჩენს ყველაფერს მალავდა.
ბოლოს გადაწყვიტა, რომ ჩასაფრებოდა და როგორც კი სიგარეტის მოსაწევად გამოვიდოდა აივანზე, სწორედ მაშინ მონდომებოდა მასაც შუაღამის ქალაქის ხედებით ტკბობა. შემთხვევით, რა თქმა უნდა.
თხუთმეტი სექტემბერი იდგა. შუაღამე. სავსე მთვარეს ნაცრისფერი ღრუბლების ფარდა ფარავდა. ხმადაბალი დუდუნი მოისმოდა ნაკაშიძეების აივნიდან.
ციცი და ნუგზარი ფაქტობრივად ირაკლისთან და ნანასთან გადაცხოვრდნენ, მათ ეხმარებოდნენ ახალშობილის მოვლაში. მათ სახლში დადა ანთებდა მხოლოდ სინათლეს.
ნუცუბიძე კი დაიჭირეს, მაგრამ ყველაფერი ბოლომდე მიწყნარებული ჯერ კიდევ არ იყო. ხვდებოდა ნენე ამას ყოველთვის, როცა დადას დაღლილ მხრებს შემოაყოლებდა თვალს სადარბაზომდე. რამდენჯერმე მის კარზე მიკაკუნებაც იფიქრა დასალაპარაკებლად, მაგრამ იცოდა, რომ იმას ვერ გასცემდა, რასაც მისგან მოითხოვდა ნაკაშიძე. თავს დამნაშავედ მაინც არ თვლიდა.
იმასაც ხვდებოდა, დადა მშობლების სახლს უბრალოდ რომ არ შემოსჩვევია - იქ ნენეს გამო იყო. ისევ რომ არ განმეორებულიყო ის საშინელი დღე, რომლის შემდეგაც მშვიდი ძილი დადასაც კი უჭირდა.
ყოველ ღამე აღვიძებდა ნენეს ტირილიანი კივილი. ის კადრები. ნუცუბიძის დანა მის კისერზე. სისხლიანი ტუჩები. საფრთხე, რომელიც თავს სევდის ღრუბელივით დასტრიალებდა ყოველი ფეხის ნაბიჯზე და ვერაფრით ახერხებდა ნენეც თავის ჩრდილში დაეყენებინა.
შუაღამე დამდგარიყო, რომ გამოეღვიძა და დაუფიქრებლად გავიდა აივანზე კოშმარებისგან სულის მოსათქმელად. აქ დგომა მხოლოდ მაშინ უყვარდა, როცა ნენეს უყურებდა გვერდით აივანზე, მაგრამ ახლა... იმ ნაწყენ თვალებთან ჭიდილი მთელ ძალას ართმევდა.
თავისთვის ჩაეღიმა ჩასაფრებული ფხაკუნი რომ გაიგონა გოგონას კართან. არ გაუხედავს, თუმცა მისი კაბის შრიალიც საკმარისი იყო ცივ ჟრუანტელს რომ გადაერბინა დადას გადაშლილ მხრებზე.
ერთხანს უყურა ნენემ. ეტყობოდა, რომ სიტყვებს გულმოდგინედ არჩევდა.
-ვერც შენ იძინებ? -ისე ჰკითხა, თითქოს დიდად არ აინტერესებდა, არადა სული მისდიოდა, ისე უნდოდა გაეგო, როგორ იყო და რა აწუხებდა. -დადა...
-რისთვის მელოდები? -წელით მიეყრდნო მოაჯირს. ისე თავისუფლად იდგა აივანზე, თითქოს უსირცხვილოდ ტანშიშველი არ ყოფილიყოს. ვერცხლისფერი შუქი ულიცლიცებდა გადაშლილ მკლავებსა და გულ-მკერდზე. ხელების მოძრაობისას მიმზიდველად უხტოდნენ კუნთები კანქვეშ. -შენს აივანზე გადმოხტომას არ ვაპირებ, თუ მაგიტომ მდარაჯობ...
-საერთოდ არ გელოდები და მეტიც, არც მინდა რომ გადმოძვრე მეტად ჩემს აივანზე. გიკრძალავ და თუ მაინც გადმოძვრები, იმედს ვიტოვებ, რომ ცარცით შემოხაზული დამხვდება მეორე დილას შენი კრახით დასრულებული თავხედობა!
-აუფ, რა ბრუტალური ხარ... -ღიმილი ვერ შეიკავა დადამ, გულზე ხელდაკრეფილი მიაჩერდა გამარქაფებულს, მონატრებოდა მისი ხმა, აციმციმებული თვალები... -მაგიტომ ტოვებ ყოველ ღამე აივნის კარს ღიას, ხო?
დაუფარავად მოავლო მოშიშვლებულ მხრებზე თვალები. აბრეშუმის პერანგი მიმზიდველად უკვეთდა სხეულის ისედაც მშვენიერ ნაკვთებს.
გონებაში ორივემ ერთდროულად გადათვალა უსასრულოდ გაწელილი იმ დღეების რაოდენობა, რაც ერთმანეთს არ შეხებიან.
-ამჩნევ? ან მე მამჩნევ საერთოდ?! -გულწრფელი წყენით ჰკითხა.
-ზედმეტად გამჩნევ. როცა არ ხარ, მაშინაც. შენ?
-არ გეტყობა. -ვერაფრით დამალა მისი სიტყვების გავლენა საკუთარ გულსა და სხეულზე.
-შენ, ნენე? მხედავ?
-მაგ შეკითხვაზე პასუხი დიდი ხნის წინ გაგეცი. შენთვის ეს არის სიყვარული? პირველივე გაუგებრობაზე ისე მომექცე, თითქოს...
-როგორ მოგექეცი, ნენე? ვინმე უცხოს ვანდე შენი თავი? ირაკლის იმ მომენტში მე საკუთარ თავზე მეტად ვენდობოდი... უნდა ხვდებოდე ამას.
-შენთვის ნუცუბიძისთვის პასუხის გაცემა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მე! არც კი შემომხედე, არც კი გაინტერესებდა, როგორ ვიყავი... ერთხელაც არ გიკითხავს... მთავარია შეურაცხყოფა არ შეარჩინე, შენი შელახული ეგო დააბრუნე სათანადო სიმაღლეზე...
-გაჩუმდი და შედი ოთახში... -სახე წაეშალა.
გაკვირვება ვერაფრით დამალა, რომ ნენესგან ისმენდა ამ სიტყვებს.
-ჩემს ხმას ვეღარ გაიგებ!
-ნუ დამპირდები იმას, რასაც ვერ შეასრულებ.
*
საკუთარი იარაღი პირველად იმ ღამეს აღიქვა საჭიროებად. აქამდე უბრალოდ ჭიის გასახარებლად ინახავდა კარადაში. სულ ეგონა, რომ გამოყენება არასდროს დასჭირდებოდა.
ხელში აიღო და კარგად მოათვალიერა. გული ყველა გასროლილ ტყვიაზე ხმამაღლა უძგერდა მკერდში.
გრძნობდა, რომ დადაც ემზადებოდა რაღაცისთვის. ნუცუბიძის ირგვლივაც საეჭვო სიჩუმე ტრიალებდა. ყველაფერი ბურუსში გაეხვა და თითქოს ცხადად დამნაშავეებზეც ვეღარ მიიტანდნენ ეჭვს, ისე დაიორთქლა ყველა ფანჯარა, რომელიც სიმართლის ხედებს გადაჰყურებდა.
ტატომ დარეკა. ესე იგი, სკვერის კუთხეში ელოდა.
გასვლამდე რიოს დახედა. ბოლოს მშვიდად მზინარე როდის ნახა, აღარც კი ახსოვს. მისვლა და კოცნა მოუნდა, მაგრამ თავი შეიკავა. ფხიზელი ძილი იცოდა ბავშვობიდან და ახლაც ისე აეკიდებოდა, როგორც პატარაობისას, ეზოში მარტო ჩასვლის უფლებას რომ არ აძლევდა ნენეს.
ტელეფონი სახლში დატოვა. ტატოს მოცემულს დახედა, დრო დაიმახსოვრა.
03:12
ძუნძულით გადაჭრა ბაღი და მანქანაში ჩაუჯდა ცერცვაძეს.
-რიოს ხომ არ დაუნახიხარ? -მაშინვე დაძრა და გზაზე გადავიდნენ.
საუბარსაც ფრთხილობდნენ თითქოს. ორივე ღელავდა.
-საიდან გაიგე?
-პოლიციიდან წამოვედი. -მშვიდად განაცხადა, -აზრი აღარ ჰქონდა ჩემს მანდ გაჩერებას. რაც საჭირო იყო, გავარკვიე და წამოვედი.
წარბები შეყარა ნენემ. გაუკვირდა.
-გახსოვს ადრე ერთი ბიჭი გიხსენე... პოლიციიდან წავიდა და თავად ეძებს-მეთქი სამართალს. უჭკვიანესი გამომძიებელი იყო. თავის ტოლებში გამორჩეული. ისე დამენანა, რომ წავიდა, ძალიან მიყვარდა. ახლა, ბოლოს.. სპეცოპერაცია იგეგმებოდა. სანდროს ნარკოტიკების შემოტანა-გასაღებაში სდებდნენ ბრალს. იცი, ვისი გვარი წავიკითხე მის გვერდით?
-ნაკაშიძე. არა, გამორიცხულია... -მაშინვე გააპროტესტა ნენემ, -გამორიცხულია, ტატო!
-ვიცი, ვიცი. -გაეღიმა ცერცვაძეს, -ასევე გამორიცხულია სანდროზეც. ვიღაცას მოშორება უნდა მაგათი. ყიფიანიც. ოხ! რა გამომძიებელი, ნამდვილი მეძებარი. სუნით ცნობს დამნაშავეს... ასეთი ხალხის ციხეში ჩაყრა მხოლოდ კრიმინალების წისქვილზე დაასხამს წყალს.
-როდისაა ეგ სპეც-ოპერაცია?
-ხვალ... მაგრამ რეალურად ყველაფერი დღეს წყდება, ნენე. ჯაჭვი შეკრულია. ერთი ბოლო სანდროს უჭირავს დადასთან ერთად. კერძო გამოძიება წამოუწყიათ აშკარად ყიფიანის თაოსნობით. სწორედ ამ ჯაჭვის ამოთხრა უნდათ. ნიკო ყიფიანის ძმა შეიწირეს ამათმა... არასწორ კაცს შეეხნენ...
-მოიცა, -ლაბირინთში დაიკარგა ნენე, -დადა გამოძიებასთან თანამშრომლობს?!
-მაშ... -კმაყოფილს ჩაეცინა. აშკარად ბედნიერი ჩანდა, თავად რომ არ იყო ის ძმა, დადაში რომ შეცდა. -ნუ გეშინია, კოტეც ჩვენკენაა. დადამ რუსეთთან კავშირი მთლიანად გააწყვეტინა ამათ. ახლა ისე დაბორიალობენ თავგზააბნეულები, როგორც ბუდედანგრეული ჭიანჭველები. დიდი საქმე გააკეთა ნაკაშიძემ...
-იციან, რომ მივდივართ?
-მე რომ მივდივარ კი, შენზე - არა. არც უნდა გაიგონ. უბრალოდ... მინდოდა შენი თვალით გენახა.
-დამიმალა! დამიმალა და მე მიბრაზდება ახლა, ტატო, რატომ მიმალავდიო.. იგივეს აკეთებდა თვითონაც!
-ნენჩიკ, ნუ გეწყინება, მაგრამ შენ ისეთი არაფერი გქონდა დასამალი. შენი თავდადება და საქმის პატივისცემაა დასაფასებელი. დადა ვერ გეტყოდა.
-რატომ? ანუ მე უნდა ვენდობოდე და ის არა?! თავხედი! უნდა გენახა... კარგი, მე თვითონ მოვაგვარებ! მადლობა, რომ წამომიყვანე, ტატო. კოტეს როგორ დააჯერე?
-არგუმენტირებულად. რაც ყოველთვის აკლდა თვითონ, ის მივეცი. ხანდახან ბრმად უნდა ვენდოთ ადამიანებს, ნენე. მე დადას იმ დღის შემდეგ ვენდობი, რაც რიოსთვის გააკეთა. ისეთ კაცს, რომელსაც არ ეშლება პატარა, ვერც დიდ შეცდომას დაუშვებს.
საიდუმლო ოპერაციის ადგილი სამი სასაფლაოს მიმდებარე ტყე იყო. ერთგან მაჩაბელი ხელმძღვანელობდა დაჯგუფებას, მეორეგან - ყიფიანი, მესამეგან კი - ნაკაშიძე დადა.
დილერები ჯერ ერთმანეთს უზიარებდნენ ლოკაციებს, სადაც საქონლის დატოვებას აპირებდნენ, შემდეგ კი იმათ, ვინც საკუთარ სიცოცხლეს დებდა სასწორზე საწამლავის გულისთვის.
ყიფიანიც, მაჩაბელიც და ნაკაშიძეც დილერებთან დაახლოვებული პირები და რეალურად ჩანერგილი აგენტები აღმოჩნდნენ. ნენე აღფრთოვანებას ვერ მალავდა, ისე კარგად ჰქონდათ დაგეგმილი ყველაფერი, თითოეული ნაბიჯი, წუთები, წამები.
ტატო და ნენე დადას დაჯგუფების ადგილას მივიდნენ. სიტყვა ჩამოართვა ცერცვაძემ, რომ არაფრის დიდებით გადმოვიდოდა მანქანიდან ნენე, რომ სცოდნოდა, იარაღი ჰქონდა თან, არაფრით დატოვებდა მარტო.
ტყეში ღრმად იყო ჩაფლული მათი მანქანა. რაციით ისმენდა ბრძანებებს ნენეს.
ყოველთვის, როცა დადას ხმა ესმოდა, ჟრუანტელი მთელს სხეულში უვლიდა.
თვითონ ისედაც დარწმუნებული იყო მის უდანაშაულობაში, სხვაც რომ ხედავდა, ყველა რომ გვერდით დაუდგა საბოლოოდ მართალს, ეს ახარებდა.
საუკეთესო გრძნობა იყო სიყვარულში გამორეული სიამაყე, ბრაზი სულ გადაავიწყდა.
„თეთრი ტოიოტა ნომრით 777 დავკარგეთ“
ცხრაჯერ გაიმეორა დადამ ერთი და იგივე, აღელვებულ ხმაზე ეტყობოდა, რომ კარგი ამბის თქმა სულაც არ უწევდა.
„ვინმემ მიიღო? ვიმეორებ, თეთრი ტოიოტა ნომრით 777 დავკარგეთ. დასავლეთ გასასვლელშია, სვანეთის უბანში ჩავლენ, ვინმემ მიპასუხეთ“
ხმა შეწყდა. არავინ სცემდა პასუხს. მზერა დაძაბა ნენემ. ტატოს ისე ჰყავდა მანქანა შეყენებული, რომ მოენდომებინა პირდაპირ გზაზე გადაიყვანდა. ეს გზაც დასავლეთით მიდიოდა. აღელდა. აღარც ტატო ბრუნდებოდა. არც ვინმეს გამოუვლია ამ გზით.
„მე გავდივარ, სამი კაცი გაგვექცა. რას მიკეთებთ, მეცხრე ჯგუფი რატო არ დგას დასავლეთით?“
ისეთი ხმით ჩაჰყვირა რაციას, ნენემ თავად იგრძნო თავი დამნაშავედ, ყველაფერი გეგმის მიხედვით რომ არ წავიდა.
ტატოსთვის მიცემული პირობა მაშინვე გადაავიწყდა, მანქანის ფარებმა რომ გაანათეს გზა. გული კისერში მოებჯინა მღელვარებისგან.
ჩუმად გადმოძვრა მანქანიდან და რაციაც გამოიყოლა თან.
„დასავლეთის გზაზე გამოჩნდნენ, ტოიოტა 777, ვხედავ“ ჩასძახა აღელვებულმა და ორივე ხელით დაიჭირა გადატენილი იარაღი.
„ნენე, გირჩევნია მელანდებოდე! დროზე მოცილდი მაგ ადგილს, იარაღი აქვთ“
მეც მაქვსო, უნდოდა ეთქვა, მაგრამ არაფერი უპასუხა. დრო აღარ ჰქონდა. დადა გაცხარებით ჩასძახოდა რაციაში. ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებოდა.
ხეს ამოფარებულმა ორი გასროლით დაუხეთქა მანქანას ბორბლები.
ჭრიალით შეეხეთქა რომელიღაც სასაფლაოს ღობეს გზასაცდენილი ტოიოტა. სამი კაცი გინებით გადმოცვივდა იქედან. მანქანის ფარების შუქზე არჩევდა ნენე ყველაფერს.
-მოვხიოთ, დროზე!
მიზანში ამოიღო. ორის ფეხში დაჭრა მოასწრო მხოლოდ, მესამე სასაფლაოებს შორის გაძვრა და იქედან დაიწყო სროლა. დანარჩენების სახელს თავგამეტებით ღრიალებდა.
ორ წამში მიადგა დამტვრეულ მანქანას დადაც. მას მოჰყვა ათამდე კბილებამდე შეიარაღებული პოლიციელთა ჯგუფი.
ქალაქის მხრიდანაც ამოადგათ ერთი მანქანა. ალყაში მოაქციეს ერთადერთი გაქცეული. დაჭრილები მაშინვე გადაათრიეს ფურგონში.
„ნენე, დამენახე“ რაციაში ლაპარაკობდა დადა, ტყის სიღრმისკენ მიდიოდა, სრულიად საპირისპირო მიმართულებით ნენესგან.
„რატო, ახლა ვეღარ მხედავ?“
„ენას ნუ მიტლიკინებ, მთელს დაჯგუფებას ესმის“
გაბრაზებული გამოვიდა მანქანის ფარებით განათებულ შუქზე. ასეთი გაცხარებული და ამაყი ერთდროულად არასდროს ყოფილა. რომ სცოდნოდა, ამხელა ადრენალინის მოზღვავება შეეძლო ეგრძნო, უფრო მეტად მოემზადებოდა.
სწრაფი ნაბიჯებით გამოვარდა დადაც ტყიდან. ადამიანს აღარ უგავდა სახე.
-შენ რას აკეთებ აქ? -ნენესკენ მოდიოდა შემართული ნაბიჯებით, ამას თითქოს არ ესმოდა, ისე იქცეოდა.
ტატოსთან მივიდა და რაცია ჩაუდო ხელში.
-ეს გოგო ვინაა?
-ნენე, ხომ გითხარი, მანქანიდან არ გადმოსულიყავი? -გაუწყრა ტატო.
-მე რომ არ გადმოვსულიყავი, ეგენი გაგექცეოდნენ.
-ეს არის ნენე? -ფართოდ გაეღიმა სანდრო მაჩაბელს, დადას ახედა მერე ალეწილ სახეზე და გაშლილ მხრებზე მხნედ შემოარტყა ხელი, -ავიყვანოთ ჩვენთან.
არაფერი უთქვამს ნენეს დადასთვის. „მადლობა არ არის საჭირო მზერით“ შეატოვა თანამშრომლებს ხელში და ტატოს უთხრა, მანქანაში დაგელოდებიო.
-მოგხედავ მე შენ. -მკლავში ჩაავლო ხელი დადამ, სანამ გვერდს აუვლიდა.
სულაც არ შეშინებია მისი მუქარანარევი ხმის ნენეს. მშვიდი, უემოციო მზერით შეაშვებინა ხელი და ტატოს მანქანისკენ წავიდა. ასეთი ნასიამოვნები სამაგიეროს გადახდით ჯერ არასდროს ყოფილა.

იცოდა, რომ აუცილებლად მოაკითხავდა და აივნის კარის ჩარაზვით დიდად თავი აღარ შეუწუხებია. თვითონაც აინტერესებდა, როგორ ჩახედავდა თვალებში იმის შემდეგ, რასაც იმ ღამით შეესწრო.
მღელვარებასთან ერთად საოცარი სიმსუბუქის შეგრძნება ეუფლებოდა მის სულს.
აივანზე ნაცნობი ხმაურის გაგონებისას ვერსად დამალა კმაყოფილების მონატრებული შეგრძნება. ისევ სამუშაო ფორმაში იყო დადა გამოწყობილი. მხოლოდ ჯავშან-ჟილეტი და იარაღი მოეშორებინა სხეულიდან.
გამეხებული მზერით შემოაბიჯა ნენეს ოთახში.
საწოლზე წამომჯდარიყო ანდრონიკაშვილი და გულზე ხელებგადაჯვარედინებული ელოდა.
-შენ ხვდები რა გააკეთე დღეს?
-კი, შენს ჩერჩეტ პოლიციელებს ვაჯობე და ორი დამნაშავე დაგაჭერინეთ.
-იარაღი ჰქონდათ, გოგო! შენ არც ჯავშან-ჟილეტი გეცვა... საერთოდ როგორ აღმოჩნდი იქ! -აივნის კარი მიხურა და გადაკეტა.
-საიდუმლოა. ახლა სცენები ტყუილად არ გამიმართო, როგორ თუ არ გითხარი! შენს თავს შეხედე! ამდენი ხანი ისე მადანაშაულებდი, თითქოს თვითონაც იმავეს არ აკეთებდი.
-იმ საცოდაობას, რასაც კოტე აკეთებდა, ამ საქმეს ნუ ადარებ.
-რა მნიშვნელობა აქვს! შენ ჩემგან ითხოვდი გულწრფელობას...
-საერთოდ სხვადასხვა რამეა, ნენე. მე ეჭვმიტანილი ვიყავი შენთვის. შენ იმ საქმეს იძიებდი, რომელიც მე დამნაშავედ მთვლიდა. ვერ ხედავ სხვაობას ჩვენ ორს შორის? შენ შენი დუმილით ერთი პროცენტით მაინც დაუშვი, რომ მე დამნაშავე შეიძლებოდა ვყოფილიყავი. რომ სასჯელს გავექცეოდი, კოტეს ყველაფერს ჩავუშლიდი, შენ გამოგიყენებდი თავის გადასარჩენად. ჩემი უდანაშაულობის რომ ბოლომდე გერწმუნა, მეტყოდი, გეცოდინებოდა, რომ ის, რასაც მიმალავდი, ჩემთვის უბრალოდ ინფორმაციაა და მეტი არაფერი. არ დამალავდი. ათასჯერ გითხარი... ათასჯერ მიგანიშნე... ახლა სიტუაციის ისე მობრუნება, თითქოს მე და შენ ერთი და იგივე დანაშაული გვაქვს ერთმანეთის წინაშე... მერე ადექი და ჩათვალე, რომ შენს სიცოცხლეზე მეტად ის მადარდებს, ნუცუბიძე რას ფიქრობს ჩემზე. რატომ მივიწყებ ასე ხშირად, ნენე?!
-ასე არ იყო?! შენ არ დაივიწყე ჩემი არსებობა, იმასთან მარტო რომ დარჩი პასუხის მოსათხოვად?! -უკან დაიხია ნენემ, ხმა გაუტყდა. ვერ პატიობდა ვერაფრით, რომ არ გამოჰყვა, რომ არ შემოხედა, რომ იცოდა, რაც სჭირდებოდა და მაინც რომ ვერ გამოიმეტა.
-არა. ნუცუბიძე მოკვლას მევედრებოდა. მეც მინდოდა მომეკლა. შენი სახე ყოველ ღამე თვალწინ მიდგას. შენი კივილი ახლაც ჩამესმის. მინდოდა, რომ მომეკლა.
-ნუ ამბობ! -ხმა გაუწყდა ნენეს, ვეღარ სუნთქავდა, ისე ახლოს იყო. მთელი ოთახი ამოავსო დადას არსებობამ, მისმა სიახლოვემ. -ნუ ამბობ, რომ ჩემ გამო გინდოდა...
-იმ ოთახში ჯერ კიდევ ტრიალებდა შენი დატოვებული სურნელი, ნენე. იმ ოთახში კაცს ვერ მოვკლავდი. შენ მავიწყდები მე ამის მერე?!
-წადი. -საწოლზე ჩამოჯდა ძალაგამოცლილი, აკანკალებულ ხელებში ჩარგო თავი. -მე შენ მჭირდებოდი. შენ ჩემ გვერდით არ იყავი. არ მაინტერესებს ვის ანდობ ჩემს თავს მაშინ, როცა ყველაზე მეტად შენ გვერდით ყოფნა მჭირდება, თუ შენ არ იქნები ის ადამიანი, ვინც გვერდით დამიდგება! გადი. სიამაყეს ამდენი ხანი ვერ მოერიე... ჩემკენ ერთი ნაბიჯი ვერ გადმოდგი.
-მე ყველა ნაბიჯი გადმოვდგი შენკენ, ნენე. შენ რამდენი?! -თავი გვერდზე გადახარა და დაკვირვებით დააჩერდა იმ მხრებს, ოქროს მდინარეებივით რომ უფარავდა პრიალა თმა.
პასუხი რომ ვერ მიიღო, მშვიდად გავიდა კარიდან.

*
ყველაზე მეტად ამ დღის მოსვლა არ უნდოდა. დაბადების დღე განსაკუთრებით შეჯავრდა და საერთოდ ყველა დღე ეჯავრებოდა უკვე, სადაც დადას ნახვის მოლოდინს არსებობის უფლებას არ აძლევდა.
საერთოდ გადაიფიქრა ალექსანდრეს წვეულებაზე წასვლაც. ოფისში რომ შევიდა და ყველა მას მისჩერებოდა ჩურჩულით, იფიქრა, რომ უბრალოდ ესეც დაბადების დღის აღსანიშნავი სიურპრიზის ნაწილი იყო.
ოთახის კარი რომ შეაღო და ლამის თავით ჩაერჭო თეთრი ვარდებით გადატენილ იატაკზე, თვალები გადმოცვენამდე დაქაჩა.
ლიკას გახედა, რომელიც მასზე არანაკლებ გაოგნებული ჩანდა მოწყობილი სანახაობით.
ოთახში თეთრი ვარდების სასიამოვნო, გრილი და სუფთა სურნელი ტრიალებდა.
-მემგონი მურტალო და ფიროსმანი აგვერია ერთმანეთში... გილოცავ!
-ამ კაცს მოვკლავ, გეუბნები! -ლიკას მოწოდებულ ბარათს დაავლო ხელი და უღიმღამოდ ჩაიკითხა. -ეს გადამეტებული რომანტიკა არ შემიძლია!
-რა წერია... კბილები მიკაწკაწებს, ხომ ხედავ!
-რამდენი ვარდიცაა იმდენი უარის შემდეგ შევწყვეტ შენთვის ყვავილების გამოგზავნასო, -ცხვირწინ აუფრიალა ბარათი. -ამათ რა უნდა ვუყო ახლა?! როგორ უნდა ვიმუშავო ასეთ გარემოში?! რამდენია თვითონ მაინც თუ იცის!
-რა თავხედია, ვგიჟდები... -გაღრეჯილი ჩასჩერებოდა ლიკა ხელნაწერ ბარათს, -აფსუს, დადა... სად გაჯობეს......
-მაგის სახელი არ მიხსენო!
-კაი, დავიკიდოთ ყველაფერი! ამ საღამოს ვგულაობთ მაგრად!
-აუ, არ მაქვს თავი, ლიკა.. არ მინდა...
-ნენე, -სახიდან ფერი გადაუვიდა წერეთელს, ფეხზე წამოდგა, რომ უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო. -აუცილებლად უნდა წავიდეთ, სირცხვილია ლექსუსასთან.
-ეს არ არის სირცხვილი?! -ხელები გაშალა და ვარდებით გამოტენილ ოთახში დატრიალდა.
-კაი, რა იყო? ვარდები გაჩუქა, თან თეთრი ამჯერად... ყველაფერი მზად მაქვს, შენ თუ არ წახვალ, მე მარტომ რა უნდა გავაკეთო?!
საღამომდე უბურღავდა ლიკა ტვინს. ბოლოს მისთვის წინააღმდეგობის გაწევა მობეზრდა და საბოლოოდ დათანხმდა წასვლაზე.
სახლში რომ გავიდა გასამზადებლად, ლიკამ მაშინვე დეიდაშვილთან გადარეკა.
-ალექსანდრემ ყვავილებით გამოუტენა მთელი ოთახი! -ახარა ბედნიერმა.
-არ მაინტერესებს სანდრომ რა გააკეთა. მოდის?!
-კი. რას აპირებ?!
-გაიგებ ხვალ. -და გაუთიშა.
-ხვალ? ხვალამდე რა მოითმენს!!!

უჩვეულოდ ცოტა მანქანა იდგა იმ რესტორნის ეზოში, სადაც ალექსანდრეს კომპანიის გახსნითი წვეულება უნდა გამართულიყო.
გაოცებული გადმოვიდა ნენე ლიკას მანქანიდან. წერეთელიც მაქსიმალურად ცდილობდა გაკვირვებული გამომეტყველება ჰქონოდა.
-ლიკა, სად არის ეს ხალხი? ადრე მოვედით, გვიან, თუ...
-არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს... -აქეთ-იქეთ აცეცებდა თვალებს. -ნენე, მაპატიე იცოდე...
-რა გაპატიო, რას ამბობ... -გაოგნებულმა გახედა მეგობარს. -აქ რა მოხდა, რატომ არაა არავინ?!
-დადა აგიხსნის.
-დადა?! -წამოიკივლა უნებურად, სწორედ მაშინ რომ ჩამოდგა მისი მანქანაც ეზოში და პირდაპირ ფეხებთან გაუჩერდა გოგონას.
-ხო, დადა... რომ გაიგო ამ წვეულებას სანდრო შენთვის აწყობდა... თან შენს დაბადების დღეზე... მოკლედ, საქმე ისე გაუხადა, რომ...
-შენ გააფრინე?! -ენა ძლივს მოიბრუნა პირში, წინ რომ დაუდგა ნაკაშიძე უჩვეულოდ დასერიოზულებული სახით. -იცი, ამ დღისთვის სანდრომ...
-მაგ ფლორისტს ნუ მიხსენებ, ნენე. -გააფრთხილა ავისმომასწავებლად, ლიკას ანიშნა, შენ თავისუფალი ხარო.
-ამიხსნი, რა ხდება საერთოდ?! -მარტო რომ დარჩნენ უზარმაზარ ეზოში, საერთოდ ჭკუა დაკარგა. რა თავხედი იყო. -როგორ გაბედე!
-ზედმეტი იმან გაბედა, ვინც ჩემი არსებობა დაივიწყა შენს ცხოვრებაში... რას ვიზამთ, მოუწევს სხვა თარიღი შეარჩიოს წვეულებისთვის, მომდევნო სამი დღე ყველა რესტორანი დაკავებული იქნება, სადაც მივა.
-რას აკეთებ? -გაკვირვებულმა დაქაჩა თვალები, მუხლებქვეშ რომ ამოსდეს ხელები და ისე ჩასვეს მანქანაში, ერთხელაც არ აუღიათ ნებართვა. -აფრენ?
-გამაფრენინეს, რა ვქნა.. -თვალი ჩაუკრა და უცებ აკოცა ლოყაზე. -აქიშბაია გაგიჟდება, რომ გაიგოს გოგოს მოტაცება დავასწარი...
V
ვეღარსად ვერ გაგექცევი, ომიც შენთან ლაპარაკს ჰგავს
დამუნჯებულიყო ნენე. სხეული ფაიფურის ქანდაკებასავით გაშეშებოდა, თითქოს ერთი უბრალო შეხებაც და ათას ნაწილად დაიმსხვრეოდა.
ხმა არ გაუცია დადასთვის. ისიც მშვიდად მართავდა მანქანას, თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა მათ თავს.
თბილისი უკან რომ მოიტოვეს და ნენესაც ოდნავ მიუწყნარდა აყვირებული, ცეცხლწაკიდებული გრძნობები, ცალი თვალით გახედა მხოლოდ. დადამაც თითქოს ზუსტად იცოდაო როდის გამოხედავდა, თვალი გაუსწორა.
მშვიდი იყო და აუღელვებელი. თითქოს ამ თვალებს ქარიშხალი არ გამოუვლიათ. თითქოს ეს თვალები არ იყო, ნენეს რომ არიდებდა, კედელს რომ უხვედრებდა მისკენ წასულს.
ყველა წყენა გაახსენდა ქალს, არც დაუფარავს თავისი გრძნობები, გაწყლიანებული თვალებით ყველა თავის უთქმელ სიტყვასა და წართმეულ შემოხედვაზე იმაზე მწარედ სთხოვდა პასუხს, ალბათ ვიდრე იმსახურებდა.
წივილ-კივილს და წინააღმდეგობის გაწევას ისევ მშვიდად დარჩენა ამჯობინა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზობდა, ისიც იცოდა დადა არასდროს მოიქცეოდა იმპულსურად, ახსნას აუცილებლად მოუძებნიდა იმ საქციელს, რომელიც ნენესთვის ნისლში გახვეული მწვერვალივით გაურკვეველი იყო.
შედარებით პატარა გზაზე გადაუხვია დადამ. ჩაბნელებული ხეების კორომებს შუაზე ხლეჩდა ქვაღორღიანი შარა. ბნელდებოდა. მთვარე ნაადრევად გამოსულიყო ცის კამარაზე, თითქოს სანახაობის გამოტოვება არ სურდა.
პატარა, ლამაზ ქოხთან გაჩერდა მანქანა. გული გამალებით უცემდა უკვე.
-ამიხსნი რას აკეთებ? -ჰკითხა, მოთმინება რომ ყელში ამოუვიდა. არ აპირებდა პასუხის გარეშე მანქანიდან გადასვლას, გამკაცრებულ თვალებში ეტყობოდა ნენეს.
-საჩუქარი უნდა გადმოგცე. -დამთბარი მზერა მოატარა მის სახეს.
-სხვაგან ვერ გადმომცემდი? -გულზე გადაიჯვარედინა ხელები, ჯერ არ აპირებდა გატყდომას, ეჭვიანად შეხედა.
შარვლის ჯიბიდან რაღაც ამოიღო დადამ. გასაღები უნდა ყოფილიყო, ვერცხლისფრად გაიელვა მეტალმა მის ხელისგულზე.
-გადმოდი, -მშვიდად უთხრა და თავად გადაასწრო გადასვლა.
წინიდან მოუარა მანქანას და კარი გამოუღო. თავზე წამოადგა დაჟინებით.
-გადმოდი, ნუ გეშინია.
-არაფრის არ მეშინია, უბრალოდ გადმოსვლა და შენს ჭკუაზე გავლა არ მინდა!
მაშინვე დაიხარა მისკენ დადა და მანქანაში შემოძვრა ნახევარი ტანით. ახლოდან გაუსწორა სახე თვალებდაქაჩულს და ღვედი შეუხსნა. ბარძაყზე შეატოვა ცალი მტევანი.
-გადმოდი, ნუ მიშლი ხელს დაბადების დღის მოლოცვაში. -სთხოვა და ლოყაზე მიადო ტუჩები, ოდნავ აკოცა.
ამოისუნთქა ნენემ, როგორც კი მოშორდა. სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა არც მას აწყენდა. ბოლოს და ბოლოს იმ ჩაკეტილ სივრცეში ყველაფერს დადას სურნელი ასდიოდა და გონების განიავება ნამდვილად სჭირდებოდა სერიოზული საუბრის წინ.
ყელმოღერებულმა აუქცია გვერდი მის დასახმარებლად გამოწვდილ ხელს და ხის შენობისკენ წავიდა.
-ვისია აქაურობა? -ჰკითხა, როცა კარს აღებდა. ინტერესით მოავლო თვალი ხეებით შემოზღუდულ პატარა ეზოს. -ლამაზია.
-შენია.
გაკვირვებით აზიდა ნენემ წარბები და შემოგარენი მეორედ მოათვალიერა, თითქოს თავისად წარმოიდგინა.
-თუ გგონია, ასე მომთაფლავ და შენს იმპულსურ გადაწყვეტილებაზე დავკიდებ ჩემს მომავალს და რამეზე დაგთანხმდები, ძალიან ცდები, იცოდე! ბევრი გვაქვს ჯერ გასარკვევი...
-რამეში რას გულისხმობ, ჯერ არაფერი შემომითავაზებია...
-მართალია, შენნაირ უტიფრებს მხოლოდ გოგოს მანქანაში ძალით ჩაკეტვა შეუძლიათ, -მშვიდად ჩამოჯდა სავარძელზე და გულზე დაიკრიფა ხელები, ხმა გაყინული ჰქონდა და თავისივე სიცივე ამცივნებდა, -სადაც გინდა, იქ წამიყვანე. მილიონი წელი გამომკეტე, თუ გინდა. შენი ცოლი მაინც არ გავხდები! მაინც არ გაგახარებ!
-მოდის კვირეულს რომ მიწყობდი აივანზე შენი ნაირ-ნაირი ღამის პერანგებით, მაშინ ხომ ძალიან ღელავდი ჩემს განწყობაზე, ახლა რა შეიცვალა?
-უკაცრავად?! -სიმწრით გაეცინა, -მე სულ ასე მაცვია, შენ რა შუაში ხარ?
-ჩემს დასანახად აკეთებდი, ჩემს მოთმინებას ცდიდი. იმიტომაც ბრუნდებოდი უკან გაცხარებული, რომ არცერთხელ გამოვსულვარ და არაფერი მითქვამს, ხომ ასეა?
მისმა სიმშვიდემ მთელი სხეული დაუწვა ნენეს. მოურიდებლად მოატარა მზერა შავ კაბაში გამოწყობილ ლამაზ და მიმზიდველ სხეულზე. თვალებით გაუმხილა ყველა კომპლიმენტი და სურვილი, თუმცა ბოლომდე მაინც არ გაახარა, ხმამაღლა მაინც არ გააგონა.
-ხო, შენ გენახვებოდი. -თავდაცვა და ტყუილები რომ უშედეგო იქნებოდა იცოდა, ასე ვერ გაუწევდა ღირსეულ წინააღმდეგობას, ამიტომაც გაუღიმა მზაკვრულად, ისეთი ქალური იყო მისი ხმა, წამიერად შეცვალა ატმოსფერო ირგვლივ, -ვიცოდი, რომ მხედავდი, მაგრამ მიზანს მაინც ვერ მიმიხვდი. არც შენი გამოწვევა მინდოდა და არც რამის მოსმენა შენგან...
-რა გინდოდა, აბა... ნახე, რა გოგოს მიშვებ ხელიდანო?
-დაახლოებით, -თავდაჯერებულად მოიღერა ყელი, გაეღიმა დადას. მშვენივრად გამოიყურებოდა, ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, თავად რომ ეკონტროლებინა სიტუაცია. -მაგრამ ხელიდან რომ გამიშვა, ჯერ შენი უნდა ვიყო. მე კიდევ შენი არც ვყოფილვარ და არც ვიქნები, ამიტომ გინდა მომიტაცე, გინდა ფანჯრიდან მათვალიერე...
-დაგათვალიერებ, არ იდარდო, ფანჯრიდან არა ოღონდ.
მშვიდად მიუგო, თუმცა მხოლოდ ნენემ იგრძნო მის ხმაში გაპარული ინტიმური მუქარა. სახე წამოუხურდა.
-სად მიდიხარ? -თვალები დაქაჩა ისევ კარისკენ რომ წავიდა დადა. წამით იფიქრა, რომ ყველა ენის ტლიკინს ერთიანად შეახსენებდა და იქ გამოკეტავდა თავის შეცდომებზე რომ დაფიქრებულიყო ტურებისა და მგლების კივილის თანხლებით.
-ცეცხლს დავანთებ. -ოდნავ გაეღიმა.
-არ მინდა, არ მცივა, იყავი. ან მეც წამოვალ. -ჯერ მკლავზე დაქაჩა, შიგნით რომ შემოეგდო, მერე კი ხელი კრა და მასთან ერთად გავიდა ჩაბნელებულ ეზოში, ორი პატარა ფანჯრიდან გამოვარდნილი, გაწელილი ბაცი შუქი რომ ანათებდა მხოლოდ.
-შედი და მოვალ.
-არ მცივა... -ლამის შეეხვეწა, მარტო არ დაეტოვებინა.
-კანკალებ.
-მერე მათხოვე შენი მოსაცმელი!
-მთელი ღამე ვერ გაგათბობს ეს, -გაიხადა და თვითონვე შემოაცვა მობუზულ მხრებზე, სახლში შეაბრუნა მერე და გამოუხურა კარები.
-შენ თუ გგონია მთელი ღამე აქ დავრჩები! -შეწუხებულმა გაიხედა ფანჯრებიდან, არაფერი მოსჩანდა, საერთოდ არაფერი ღამით ჩაბნელებული ტყის გარდა.
ორ წუთში გამობრუნდა დადა, დაჩეხილი შეშის ლამის მთელი ღამის სამყოფი მარაგი შემოიტანა თან. მალე ცეცხლის ტკაცუნმა დაარღვია მათ შორის ჩამოწოლილი ძალით შეკავებული სიმშვიდე. ოთახიც დათბა. ბუხრის ჭრილიდან გამომავალი ცეცხლის ალების ლიცლიცი მოუსვენრად ეთამაშებოდა იატაკსა და ხის კედლებს.
უნებურად ჩაყო მოსაცმლის ჯიბეებში გაყინული ხელები და ლითონის გასაღებს რომ შეეხო, სიხარულით გაუბრწყინდა თვალები.
სეირს გიჩვენებო, დაემუქრა გულში და მზაკვრულად მოავლო მის გადაშლილ ზურგს თვალები. ნაბიჯი რომ გადადგა, კი შეენანა დადას აქ მარტო დატოვება და მისი მანქანით გაქცევა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა მაინც.
-შენ ადგილას არ გავიდოდი აქედან, -მშვიდად უთხრა დადამ, ნენეს ნაბიჯების ხმა რომ მოესმა. ცეცხლს შეუკეთა.
-ჩემ ადგილას თავის დაყენებით როდის მერე წუხდები შენ! -მკვახედ მიუგო, თუმცა მაინც ეჭვისთვალით გახედა სიბნელეში ჩაფლულ გაუვალ ნაძვნარს.
არაფერი მოსჩანდა შავი ხეების თავზე აკაშკაშებული ვარსკვლავების გარდა.
-მგლების და ტურების ხმა არ გესმის?! -ყურადღება არ მიუქცევია ნენეს არასასიამოვნო ტონისთვის, კომფორტულად მოთავსდა განიერ სავარძელზე. -არ გაკავებ, თუ გინდა გადი..
-უტიფრობასაც ხომ აქვს საზღვარი! ახლა აღარ მაკავებ?! უღრან ტყეში?! -მოწყვეტით ჩაეშვა დადასგან შორს, სავარძლის კუთხეში და დაღლილი ტერფები მოუხერხებელი ფეხსაცმლისგან გაითავისუფლა. -აქედან სად უნდა წავიდე…
ყურადღება არ მიუქცევია დადას მისი ფორიაქისთვის, ცეცხლი რომ დაანთო განიერ სავარძელზე მიასვენა დაღლილი სხეული და თავქვეშ ამოიდო ორივე ხელები. ჯერ წამიერად მინაბა თვალები. ცეცხლის ლიცლიცა ალები ანცად დასთამაშებდნენ სახეზე. ბაცად განათებული, დათმბარი გარემო მეტად ინტიმურს ხდიდა ისედაც პატარა სივრცეს, სადაც ორი სხეულის მონატრებული სურნელი ერთმანეთში ირეოდა და ჩნდებოდა ახალი, შეკავებული სურვილების არომატი...
-მოდი, დაჯექი. -თავის გვერდზე მზაკვრულად მიეფერა სავარძლის ზედაპირს დადა.
-სალაპარაკო გვაქვს! -შეშინებულმა გახედა იმ ადგილს, დადა რომ შეეხო წეღან და მაგრად შემოიხვია მისი მოსაცმელი სხეულზე. გული ლამის კისერში ამოუჯდა. -სანდროს..
-მაგ ტიპზე გინდა ლაპარაკი ახლა?! -წარბების აწევით გააწყვეტინა, აშკარად არ ესიამოვნა ფალიანის ხსენება.
-არც შენ გვერდით ყოფნა მინდა, მაგრამ მიწევს, რას ვიზამთ. ხდება ხოლმე ასეც, რომ არ გინდა და გიწევს რაღაცების გაკეთება.
-გვერდით თუ არ გინდა, კალთაში შემიძლია შემოგთავაზო ადგილი. მაგ ორი ვარიანტის გარდა სხვა არჩევანი მაინც არ გაქვს ჩემთან.
-შენი სიმშვიდე მამწარებს, იცი? -ჰკითხა აუღელვებლად. -ნერვებს მიშლის ისე რომ იქცევი, თითქოს განსაკუთრებულს არაფერს აკეთებ.
-კი, შესამჩნევია.
ადგილიდან არ დაძრულა ნენე. უნდა დამშვიდებულიყო როგორმე, გამარჯვების ღიმილი მხოლოდ მის სახეს უნდა გადაჰფენოდა და არა იმას, ასეთი თავდაჯერებული მზერით რომ უჭამდა სხეულის ყოველ მონაკვეთს.
-ეს დღეები არ მეცალა, ამის დასრულება მინდოდა მომესწრო.
-შენით ააშენე? -ცალი თვალით გახედა ეჭვიანად.
-ხო, რა გაგიკვირდა? -ოდნავ ჩაეღიმა ნენეს გამტყდარ ხმაზე.
გულზე გადაიჯვარედინა ხელები, გალღობადაწყებული ყინული რომ ადგილზე შეეკავებინა ნენეს.
-ეს არ გიშველის!
-ვიცი, რაც მიშველის. -ჩამოჯდა და ისე ამოხედა თავზე წამომდგარს. დაღლილი ჰქონდა სახე, ნენესკენ გამოიწვდინა ხელი და უცებ მისწია თავისკენ. ფეხებს შორის დაიყენა და ქვემოდან ახედა. უკვე მუცელზე გრძნობდა მის სუნთქვას ანდრონიკაშვილი. ძალიან მოუნდა თითების თმებში შეცურება და დაღლით მინაბული თვალების ყურება, მაგრამ სასწრაფოდ შეიკავა. -ვიცი, რაც გეწყინა. ვიცი, რომ იდეალურ ვარიანტში შენ უნდა გამოგყოლოდი იმ დღეს... მაგრამ ისიც უნდა დამესრულებინა, რის ზურგსუკან პასუხგაუცემლად მოტოვებასაც გულისხმობდა შენთვის გამოყოლა, ნენე. ბრაზი დამახრჩობდა, მომწამლავდა და საერთოდ სხვა ადამიანის სისხლს გადამისხამდა ნუცუბიძისთვის გაუცემელი პასუხი. მოვბრუნდებოდი და რამე უარესს დავმართებდი, შენთვის იმაზე მეტად რომ შემომეხედა, ვიდრე გავბედე. იმ წამს შენმა უმწეობამ დამიმორჩილა. არაადამიანური იყო ის შეგრძნებები და არაადამიანური ვიყავი მეც. გონზე მოსასვლელად იმდენი დრო დამჭირდა, ის დღეები აღარც მახსოვს როგორ გავიდა..
-ხო, ძალიან. -სხეული უცახცახებდა უკვე ნენეს.
თეძოებზე ეფერებოდა ხელის ზურგით დადა.
-არაფერი არ მიღირს უშენოდ.
-თავს ვერ მოერიე. წყენას ჩვენ შორის ჩადგომის უფლება მიეცი, -ყველაფერს ახსენებდა ნენე, ყველა დარდის გულიდან მოცილებას ცდილობდა. -ყველაფრისთვის უნდა მოგთხოვო პასუხი, სხვანაირად არ შემიძლია!
-მომთხოვე. ვიცი, რომ რაც გავაკეთე არც საამაყოა და არც სწორი.
-ზუსტად ისე მექცეოდი, როგორც დემურმა მითხრა. უსიტყვოდ მსჯიდი, მაგრამ არც ბოლომდე მიდიოდი ჩემგან. სასტიკი იყავი. ჩემი გაგება არც კი ინებე, თითქოს თვითონ ბოლომდე გულწრფელი იყავი.
-მე რაც არ გითხარი, შენ იმაში გარეული არ ყოფილხარ, ნენე. შენ ეჭვმიტანილი არ ყოფილხარ...
-ვერ გეტყოდი და არა იმიტომ, რომ არ შემეძლო ან არ გენდობოდი. არ მქონდა ამის სურვილი. საკუთარი თავის წინაშე არ ვიქნებოდი მართალი. პირველივე გამოცდაში ვერ ჩავიჭრებოდი. -მოშორება სცადა ახლიდან გაბრაზებულმა, მაგრამ ორივე ხელით დაიჭირა დადამ, უფრო დაიახლოვა. -შეიძლება სამართლის აღქმის სხვადასხვა საზომები გვაქვს...
-როცა სასამართლო სიმართლის მხარეს დგას და დამნაშავე ისჯება, მე არავის ვებრძვი შიშველი ხელებით, ნენე, უსამართლოდ მითუმეტეს. -ფრთხილად მოჰხვია ხელი და კალთაში გადაისვა.
-ვერ გავიგე.. პოლიციელი ხარ თუ ვინ ხარ...
-არა, რა პოლიციელი, -გაეცინა მის გულწრფელ დაბნეულობაზე, -მაჩაბელთან ვალში ვიყავი, უნდა დავხმარებოდი.
-თან ნუცუბიძის დაჭერაც გაწყობდა. -გულზე დაიკრიფა ნენემ ხელები, თვალებს არ აშორებდა. -გასაგებია.
-ახლა რა იქნება?! ნუცუბიძე დაიჭირეს, ის რუსი გაიქცა... სანდროს ასე რატომ მოექეცი? გეთქვა ჩემი სადმე წაყვანა თუ გინდოდა, ან მოტაცება რა საჭირო იყო, ან იმისთვის ყველაფრის ბოლო წამს ჩაშლა?
-და შენც ეგრევე წამომყვებოდი... საერთოდ არ გამაწვალებდი... -ღიმილი შეეპარა ხმაში, ალექსანდრეს განგებ არ ახსენებდა. თითქოს ამაზე ლაპარაკი არც ღირდა. -მაინც მასთან არ წახვიდოდი ჩემს გასაბრაზებლად...
-არა, რა თქმა უნდა! შენ მე ვინ გგონივარ! -თავი შეშფოთებულმა წამოსწია, კარგად რომ ჩაეხედა თვალებში.
-ჩემი საცოლე... -ისე გაუნათდა მზერა, თითქოს მთელი საღამო ამ კითხვას ელოდაო. ენა ჩაუვარდა ნენეს. -აღარ მინდა მეორე ოთახში ძილი. არც აივნიდან აივანზე სახიფათო ილეთების კეთება. დავბერდი, ილეთები მაქსიმუმ საწოლში ვაკეთო...
-არაა სასაცილო!
-მეცინება? ჭაღარა შემომერია და ამას შენ წინაშე ვაღიარებ. -თავისკენ დასწია ოდნავ მოცილებული სხეული და კისერში შეუძვრა ღიმილიანი ტუჩებით. -ქმრობას გიპირებ და რა ვიცი ისე, შენ არ გამაგონებ ხმამაღლა შენს გრძნობებს?
წელზე ჩაუცურა გავარვარებული ხელები, ზედმეტად არსად ეხებოდა, მაგრამ ყველგან ცდილობდა მიწვდომას, ისე იზეპირებდა, როგორც მოსწავლე პირველ გაკვეთილს. უამრავჯერ აკოცა კისერში. სანამ არ გააღიმა არ მოეშვა.
-ჩემთვის, რასაც შენი სხეული მეუბნება, ეგეც საკმარისია... მაგრამ მაინც. -საზურგემდე გადაწვა და თან გაიყოლა ნენეს მოდუნებული სხეული.
ფრთხილად ეფერებოდა თმაზე, მკლავებზე... ოთახში გაფანტულ სითბოს და ამ სითბოში გაზაფხულის პირველი ყვავილივით ამოყლორტილ სიმშვიდეს იმახსოვრებდნენ მათი სხეულები.
-გრძნობების გამოხატვა არ გამომდის, -დაიმორცხვა. თვითონაც მოუნდა ასეთი თამამი და გულღია ყოფილიყო, მაგრამ მთელი სხეული ცეცხლის ალში გახვეული შეშის ნაფოტივით ეწვოდა.
-არაუშავს, ვისწავლით. -ხერხემალზე ჩაუცურა თითები.
ვერაფრით ამოხსნა, როგორ ჰქონდა დამამშვიდებელთან ერთად ასეთი ამაფორიაქებელი ეფექტი ამ კაცს.
მთელი გამბედაობა მოიკრიფა ნენემ, თავი რომ აეწია და თამამად შეეხედა მისთვის თვალებში. ოდნავ წამოზიდა ფერებით მოდუნებული სხეული და თავად მიაკრო ტუჩები დადას ღიმილით გახსნილ ბაგეებს.
შერიგების იყო მეორე კოცნა.
-სულ მენატრები. სულ მინდა შენი ყურება. სულ გამჩნევ. -ეჩურჩულებოდა სახიდან ტუჩებმოუშორებლად.
გული ათას ნაწილად დაეშალა და გაუმთელდა ნენეს დადასგან ასეთი ხმის გაგონებისას. ხვდებოდა, რომ არც მისთვის ყოფილა მარტივი იმ დღის გამოვლა, რომ მასაც არ გადაუტანია ბოლომდე...
-მეც... მაშინ უნდა მეთქვა... რომ მითხარი, მიყვარხარო, უნდა მეთქვა. არ ვარ ასეთი სუსტი... მეც მინდოდა... -სახეზე აიფარა ხელები აღიარებისას რომ არ შეეხედა თვალებში, რცხვენოდა. -ძალიან შემეშინდა, რამე რომ მოგსვლოდა...
-აღარ გვინდა მაგ დღეზე, გეყოფა... მაპატიე, ხო? რაც მოხდა...
-მთხოვე ახლა, -უცებ გამოცოცხლდა ნენე, თითქოს გაახსენდა სად იყო და რატომ. -როგორმე გამოასწორე ეს მოტაცება, თორემ უარს გეტყვი.
-მოიცა, არ დამთანხმდი უკვე? -ისე ბუნებრივად გაიკვირვა, ნენემაც კი გაიფიქრა, რამე ხომ არ მითქვამს და დამავიწყდაო.
-არ გითხოვია! გამტაცებელთან არ გავჩერდები.
-რა ვიცი, კალთაში კარგად მიზიხარ, -ფეხები გაშალა და მათ შორის მოითავსა ნენეს აფართხალებული სხეული, ზურგით აიკრა მკერდზე და ბევრჯერ აკოცა კიდევ კისერში. -თუ მაცდი ბეჭდის ამოღებას...
ოდნავ წამოიწია მერე ქალის სხეულიანად და ბეჭედი ამოიღო.
-ცოლად მომყვები..
-ეგ შეკითხვა არ არის! -სასაცილოდ აზნიქა წარბები ნენემ, -მიდი, მიდი, მთხოვე, ნუ გერიდება.
დაწვრილებული თვალებით გამოხედა დადამ. ღიმილმა ტუჩებიც გაუწელა.
-შაბლონურობას მაიძულებ, -მზაკვრულად გაუღიმა. -ეჭვი რომ შემპარვოდა დამთანხმდებოდი, სულ უმნიშვნელო პროცენტით მაინც, ხომ იცი არ ვიქნებოდით აქ...
-იმას მაინც ჩაუშლიდი წვეულებას? ბოლო კითხვაა!
-კი. გადაგეკიდებოდი, თავს მოგაბეზრებდი...
-მიჭირს წარმოდგენა, -წარბები აზიდა ნენემ და გაუწოდა თავისი ხელი.
ფრთხილად გაუკეთა ბეჭედი, ზუსტად მოერგო, მაგრამ ხმამაღლა გაკვირვება მაინც ვერ გაბედა.
დამშვიდებული მზერით შეხედა ცოლს აბრჭყვიალებულ ცისფერ თვალებზე. თითქოს სამყაროში ყველა არეულობა ერთი ადამიანის მშვიდმა სუნთქვამ დაალაგა.
*
ციცი გადაფითრებული სახით დასჩერებოდა ტელეფონს. პირდაღებული ჯერ კიდევ ეკრანს დაჰყურებდა და სერიოზულად ვერც აღიქვამდა მოსმენილს.
-ნუგზარ! -შეჰკივლა ომახიანად, -ნუგზაააარ! წნევა გამიზომე!
უკვე ეჭირა წნევის აპარატი კაცს ხელში, აშკარად ელოდა ცოლისგან გადამეტებულ რეაქციას.
რაღაცნაირი სიამაყით შემოვიდა ოთახში. მამა რომ იყო და თვითონ პირველმა გაიგო შვილის გადაწყვეტილების შესახებ, სხვანაირი ბედნიერება აძლევდა მხრების ამაყად გაშლის უფლებას.
კარგი კაცის მამობა სულ სხვა სიძვირის ძღვენი იყო მისთვის. ყველა შეცდომის პატიებას უდრიდა დადას გამხელილი საიდუმლო მისთვის. მთებს გადადგამდა სიხარულით, ასე ეგონა.
-შენმა შვილმა მთლად გააფრინა! -ხელი უკვე მიშვერილი ჰქონდა წნევის გასაზომად ციცის, ტუჩები გადათეთრებოდა მღელვარებისაგან. -ცოლი მოვიყვანეო! ან ნერვებზე რას მეთამაშება, ან წნევაზე, გამაგებინეთ! თქვენ შეიწირეთ ჩემი ახალგაზრდობა!
-შენც ეგ არ გინდოდა მერე? რა განერვიულებს?!
-მოიცა, მართლა მოიყვანა? -ეჭვისთვალით ახედა ქმარს, ათასი რეაქცია წამიერად შეენაცვლა ერთმანეთს მის თვალებში. ფეხზე წამოხტა უეცრად. შემდეგ ისევ დაჯდა. -ნუგზარ, სიმართლე მითხარი, არ მაქვს ხუმრობის დრო!
-გაგიზომო წნევა ბოლოს და ბოლოს, თუ არა? დაჯექი, ციცი, გოგო... არავისთან არ გადარეკო, არავინ არ ააწიოკო. ახალგაზრდებს თავისებურად ენდომებათ აღნიშვნა და ნუ შეყრი ორ დინასტიას ახლა.
ქმრისგან ამ სიტყვების მოსმენამ უარესად გამოაშტერა ისედაც გონს გადასული ქალი. ვერაფრით წარმოიდგენდა, ნუგზარი თუ შვილის ცოლის მოყვანაზე უცერემონიოდ შეხვედრას ციცის სთხოვდა, ყველანაირი განსხვავებულების და ასმეტრიანი სუფრების გარეშე.
-მატყუებთ თქვენ მე...
-თუ არ გინდა, ნუ დაიჯერებ. როდის მომიტყუებიხარ? -გულმოსულმა ჰკითხა და წნევის აპარატს ხელი შეუშვა. -ჩვენი მეზობლის გოგო მოიყვანა, თუ მოიტაცა.
-მოიტაცა?! -ტუჩებზე იტკიცა ხელი, -დედა, მოგვჭრა თავი? ჯერ სულ არავინ მოჰყავდა და ახლა მოიტაცა?! რა ტაქტი და რა კულტურაა ქალის მოტაცება, ეგ ვასწავლე?! დავურეკო ერთი...
-კარგი, ციცი, აცადე... რა მოხდა? უყვართ ერთმანეთი, კი არ აძალებს ცოლობას.
-ამდენი წელი იმისთვის მაქაქანა... იმისთვის მახვეწნინა... იმისთვის გადამიწურა იმედები! ჩემი შვილიშვილებისთვის მოქსოვილი ყველა წინდა ბოლო თაროზე იმისთვის შემომადებინა, რომ შენ ჩემზე ადრე გაგეგო მისი ცოლის მოყვანის ამბავი, ნუგზარ ნაკაშიძე?! -ფეხზე წამოიჭრა გამარქაფებული ქალი, ნაწყენი ჩანდა ქმარზე, -ჩვენი ოცდაათწლიანი ცოლქმრობის შემდეგ ასეთი რამე როგორ დამიმალე!
-კარგი, ციციკო, რა დაგემართა? უცებ გადაწყვიტა. არ იცოდე მაინც შენი შვილის თავქარიანობის ამბავი...
-გადი, გადი! აღარ დამენახო! ვისთანაც მინდა იმასთან დავრეკავ და იმას გავაგებინებ! -გაცხარებულმა დაავლო ხელი მობილურს და შტურმით გავარდა ოთახიდან. -თქვენ მე რა გამიბედეთ!
გაოცებული შემდგარიყო ნუგზარი ერთ ადგილას. ყოველთვის განსხვავებული რეაქცია წარმოედგინა ციცისგან, როცა დადას დაოჯახების ამბავს გაიგებდა. წამით ისიც იფიქრა, არ გაუხარდაო.
ორ წამში დამშვიდებული ქარიშხალი ამღვრეული თვალებით შემობრუნდა ოთახში. ნუგზარს რომ თვალები გაუსწორა, ვეღარ შეიკავა ცრემლები და მანამ ატირდა, სანამ ქმარი მკლავების შემოგებებას და გულში ჩახუტებას მოასწრებდა.

*
მალევე ატომური ბომბივით გასკდა დადას ცოლის მოყვანის ამბავი.
სიმართლე რომ ითქვას, დიდად არავის სჯეროდა ძალიან ახლო ადამიანების გარდა. ნენე საშინლად ღელავდა. არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ვერც რიო ამშვიდებდა დიდად, მონდომებით რომ ემზადებოდა აქიშბაიასთან შესახვედრად.
საძინებელში შეიკეტა და ათასჯერ შეათვალიერა ალბათ თავი, სანამ სტუმრები მოსვლას დაიწყებდნენ. გულის სიღრმეში ძალიან განიცდიდა, თავად რომ არავინ შემორჩა ისეთი დადას წრის გარეთ, ვისაც ამ სიხარულს გაუზიარებდა.
ეჭვგარეშეა, რომ ლანამ იცოდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ყველა კავშირი გაწყდა, გრძნობები ჯერ კიდევ არ გასციებოდა ბოლომდე. რომ დაერეკა და მოეკითხა, ალბათ არც არაფერი შეიცვლებოდა, მხოლოდ იმას მიხვდებოდა ნენე, რომ იმ გოგოს უკან, რომლის დაუფიქრებელმა საქციელმა ლამის შეიწირა მისი ისედაც ბეწვზე გამოკიდებული ცხოვება, ჯერ კიდევ იდგა პატარა ლანა, რომელსაც ნენეს ბედნიერება გულწრფელად უხაროდა.
დადა რომ დაუკაკუნებლად შემოვარდა, ადგილზე შეხტა. ამოვარდნილ გულზე ისე მიიდო ხელი, თითქოს ეს უშველიდა, ეს დაამშვიდებდა.
-ცუდად ხარ? -ჰკითხა და ინტერესით მოათვალიერა თავადაც ცოლის სხეული. მიუახლოვდა, წელზე შეუცურა ხელი და მიიხუტა გულზე, -რამე ხო არ გაწუხებს?
-ვნერვიულობ.
-რა განერვიულებს? ყველა გიცნობს, ყველას უყვარხარ, ყველა მე შემომიტევს ამაღამ, მერე შენ მოგიწევს ჩემი დამშვიდება...
-გეყოფა ახლა! -უცებ დაუქაჩა თვალები და გველნაკბენივით დაუსხლტა ხელიდან. -ამის დროა ახლა?
-ხო, ახლა არა, საღამოს მერე.. -თეძოებზე მოუჭირა ხელი და წინ დაიყენა, ჯერ ნენე გაატარა ოთახიდან, შემდეგ თვითონაც გაჰყვა, -უჩემოდ არ შემობრუნდე აქ, საძინებელია, სამალავი ხო არა... შენი ძმა დილიდან ფეხბურთს რატო უყურებს?
-აქიშბაიას უნდა გაეპრანჭოს.
წარბაწევით ახედა ტელეფონში თავჩავარდნილ რიოს, ყველაზე ადრე რომ მოსულიყო დის მხარდასაჭერად ნაკაშიძეების სახლში.
ნანა და ირაკლი ყველაზე ადრე მოვიდნენ პატარა ელისთან ერთად.
ქათქათა კანზე მიეფერა მონატრებულ ძმისშვილს და თვალი ჩაუკრა ნანას, ეშმაკურად რომ უციმციმებდა თვალები. ირაკლიმ სხვანაირი ღიმილით ჩამოართვა ხელი უფროს ძმას.
-რა გაცინებს? -ძალიან კარგადაც იცოდა დადამ, რაც აცინებდა.
-რაღაცები მაგონდება, მაგრამ სხვებიც საკმარისად წამოგაძახებენ, მეც აღარ დაგემატები. გილოცავ გზაზე დადგომას! -მხნედ შემოსცხო მხრებზე ხელები და სახლისკენ წავიდა უჩვეულოდ შემსუბუქებული.
-აუუუუ! არ მინდა ეს დათუთქული გულის ბაზარი! -მხარზე ისე შემოეგდო გიგი ბარათელს ოცლიტრიანით თეთრი ღვინო, თითქოს დევი ყოფილიყოს.
წამიერად გააყრუა ეზო მისმა ხმამაღალმა ხარხარმა, დადას გადატრიალებულ თვალებს რომ შეხედა.
-ეს რა ტრიუკი შეასრულა ტიპმა! -ბარათელისგან განსხვავებით ორივე ხელში შამპანური ეჭირა სახელდახელოდ გამოწკეპილ ვაკოს, აქიშბაიას უჯიკა, წინ გამიძეხიო. -რაო, ლუკინო, მოგიწევს შენი ქორწილისთვის ნაყიდი „ტომ ფორდის“ შარვალ-კოსტუმის მეჯვარის სტატუსით ჩაცმა?!
-ვინც ამის ყბაში ჩამაგდო, იმის კისერზე იყოს ჩემი ყველა ცოდვა!
-დედა, დედა, რა გაშურიანებულია ეს ბიჭი, -ქირქილებდა საკანდელიძე, - ხომ ვერაფრით მოარჯულა ის გოგო, აგერ დავითამ ოთხ თვეში მოაყომარა გაცნობა-დაოჯახების პროცედურები...
-მოგარჯულებ მე შენ, -თვალები დაუბრიალა გამწარებულმა, თუმცა მაინც გულღია ღიმილით შემოსცხო მუშტები ზურგზე დადას. -რძალი დამანახე, შენ რად მინდიხარ!
ნენე გარეულიყო უკვე გოგონებში. ბედნიერების ანცი ხმები კალიებივით დახტოდნენ ნაკაშიძის უზარმაზარ ეზოში. ყველა თავისებურად გამოხატავდა სიხარულს, ერთიანი ძალებით ემზადებოდნენ იმ ამბის აღსანიშნავად, რომლის მოახლოებასაც გულის სიღრმეში ყველა ძალიან კარგად გრძნობდა იმ დღის შემდეგ, ნენე რომ დაინახეს დადას გვერდით.
-ციცი ჭკუაზე არაა, გამოვუარეთ, წაგიყვანთ-მეთქი და თავით იყო ღუმელში შევარდნილი, ხაჭაპურებს აცხობდა. გვიან მოვალთ მე და ჩემი ქმარიო, გამოგვიცხადა.
ყველანი უზარმაზარ მრგვალ მაგიდას შემოსხდომოდნენ ეზოში. ცუციკო სიხარულით დახტოდა წინ და უკან.
ლიკამ როგორც კი მარტო გამოიჭირა ნენე, მაშინვე საპირფარეშოში შეაცუნცულა საჭორაოდ. ვერაფრით ითმენდა, ისე აინტერესებდა დეტალები. აქამდე რომ ვერ გამოიჭირა სალაპარაკოდ, გული უწუხდა.
-არ გაბრაზდე! სხვა გზა არ დამიტოვა, -მაშინვე ახსნა დაუწყო ნენეს, თავიდან ვერც მიხვდა ანდრონიკაშვილი, რას გულისხმობდა, მერე მიუხვდა თანამზრახველობას და თვალები მოწკურა შემფასებლურად, -საერთოდ ყველაფერი გამაუქმებინა ლექსუსას წვეულებისთვის.
-სანდრომ რა თქვა? ღმერთო, რა უტიფარია, ამხელა ღონისძიება როგორ ჩაუშალეთ, ლიკა.. მე როგორც კი ვახსენებ, ისე წამიყრუებს ხოლმე, თითქოს არც არსებობს. კრინტს არ ძრავს.
-ო, კარგი ერთი! -ხელი უდარდელად აუქნია, -ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცები, გადავადებინე უბრალოდ, ბოლო წამს შეიცვალა რესტორნის მეპატრონემ აზრი და ვეღარ გვითმობს დარბაზს-მეთქი. კი შემეცოდა საწყალი, იმდენი ირბინა სხვა ლოკაციის შესარჩევად, მაგრამ ერთ ღამეში რას მოასწრებდა. მიხვდა მერე, დადას ხელი რომ ერია და დამშვიდდა... მოაგვარებენ ერთმანეთში, შენ რა განერვიულებს?
-რაღა დარჩა მოსაგვარებელი, ლიკა. -გული შეუწუხდა, როგორ ვერ იტანდა ამ გარჩევებს, იმედი ჰქონდა, არც არასდროს მივიდოდა საქმე აქამდე.
-იმან არ დაგირეკა? -უცებ შეცვალა თემა, -ლანამ.
-უიმე, არა... არც დამირეკავს. -ნაღვლიანად ჩაეცინა საკუთარი პირით გაჟღერებულ სიმართლეზე ნენეს. გულში ოდნავ, მაგრამ მაინც იგრძნო ფუტკრის ნესტარივით მწარე ნაჩხვლეტი. -არაუშავს.
-ასე უკეთესია, უფრო მარტივი იქნება შენთვის.

გვერდით მოისვა აქიშაბაია დადამ. დაიმარტოხელა სალაპარაკოდ და ძმურად გადახვია ხელი, სანამ რამეს ეტყოდა.
ისიც მიუხვდა, რაც ჰქონდა სალაპარაკო და საკითხავი, ამიტომ თავი არ აუწევია ტელეფონიდან.
-არაო? -გაეღიმა და გვერდულად გადმოხედა თავჩაქინდრულს.
-არაო. -გაღიზიანებულმა გადაიჯვარედინა გულზე ხელები, -არც მიკვირს, უბრალოდ იმედი მქონდა, რომ მაინც გამოვიდოდა... მოვიტაცებდი, რომ ვიცოდე მხოლოდ ჭირვეულობს და რეალურას სიამაყეს ვერ გადასდის. უკვე მართლა ვფიქრობ, რომ აღარ ვუყვარვარ რა...
-არ მოეშვა. -მსუბუქად შემოარტყა მხრებზე, არ უხდებოდა ეს მოღუშულობა. -გადაეკიდე, თუ საჭირო გახდება, თავიდან შეაყვარე თავი. ჩათვალე, რომ პირველ ტაიმში წააგე, მაგრამ მეორე ჯერ კიდევ სათამაშო გაქვს. რა იყო, რა ზამენის ფეხბურთელივით იქცევი? სხვას უთმობ შენს გასატან გოლს?
-გოლების გატანა სადღა შემიძლია, -ნაღვლიანად გაეღიმა და თავის გაშლილ ფეხს დახედა შეწუხებულმა, -სიამაყემ გაანადგურა, რაც გვქონდა ყველაფერი... მეც ბავშვი ვიყავი და თვითონაც, მაგრამ მე ალბათ უფრო მეტი უნდა მებრძოლა მაინც. ამიტომ არასდროს მომიყოლია შენთვის მასზე არაფერი. გულის სიღრმეში თავს ყოველთვის ვთვლიდი დამნაშავედ, რომ არ გავეკიდე და სიამაყემ დამჩაგრა. მართლა დამაბრმავა ტრიბუნების სინათლემ, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ მისნაირს ან უკეთესს სადმე სხვაგან ვიპოვიდი. მაინც და მაინც ყველაფერი უნდა დამეკარგა, რომ მივმხვდარიყავი, ისედაც არაფერი მქონია თურმე მის გარეშე და ახლა რა ვიცი, რაღას აქვს აზრი მართლა ამდენი წლის შემდეგ...
-ეგ იმასაც უთხარი და მაინც არაო? -სიგარეტი ამოიღო დადამ ჯიბიდან და მას გაუწოდა ერთი. ჩვეულებრივ, თავად უშლიდა ხოლმე, მაგრამ ახლა აინტერესებდა, თუ გამოართმევდა.
-არ მითქვამს, სად დამაცადა. -თავის გაქნევით იუარა სიგარეტი, დადამაც ღიმილით დააბრუნა ჯიბეში კოლოფი და თავისას გაუკიდა, -მეორე ფეხსაც მოგტეხავ, თუკი კიდევ გაბედავ ჩემთან მოსვლასო.
-აღარ მისულხარ მერე? რანაირი თავდამსხმელი ხარ?
-შენ რატომ მაქეზებ ერთი? -წარბები შეყარა ლუკამ, ხმით გაეცინა დადას, -ახლა ცოლი რომ ხუთ თვეში მოიყვანე ეგ უნდა შემაშურო? მარილს მაყრი?
-რატო არ მიხვედი?! მიდი და შეაწუხე. თუ მოგტეხავს მეორე ფეხს, აიტანე. მე გიშოვი ყავარჯენს და მერე ყავარჯნებით დაადექი. ერთმა მუქარამ გაგაჩერა?
-ოო, შემეშვი! -ტელეფონი აიღო ისევ.
-გააგდე ეგ და მომისმინე, რომ გაძლევ გამოცდილი კაცი რჩევას.
-მივწერო, მაცადე.
-რა უნდა მიწერო, ბარემ დეპეშა გაუგზავნე. -ტელეფონი აართვა ხელიდან და მაგიდაზე დადო ლუკასგან მოშორებით. -კაცურად მოიქეცი. ყველაფერი გაახსენე, ნურც შენი დანაშაულის შეხსენების მოგერიდება. დავიწყება პატიებას არ ნიშნავს. უნდა გაპატიოს. მერე დალაგდება ყველაფერი.
-შენი შვილები წინასწარ მეცოდება, -გააჟრიალა დადას მკაცრ ხმაზე, თუმცა უჩვეულო ძალა იგრძნო მაინც სხეულში აქიშბაიამ.
-ეს ულვაშები ახალი მოდაა? -ღიმილით მოუახლოვდათ ირაკლიც. მხრებზე შემოესვა ანდროს და ელენეს პატარა დემნა და ასე დაატარებდა.
არავის უჩერდებოდა ტირილის გარეშე, ბიძამისის გარდა.
-ო, შენც არ დამიწყო ახლა... -ხელი აუქნია აქიშბაიამ და გამწარებული წამოვარდა ფეხზე, კიდევ რომ არ მოესმინა კომენტარები ვარცხნილობაზე, წვერსა და დაკარგულ სიყვარულზე. ისედაც გულზე ცეცხლი ეკიდა...
-მოდი, მამა, ჩემთან, -ხელები გაიშვირა ირაკლის მხრებზე წამოსკუპებული თვალებბრიალა ბიჭისკენ ანდრო ჩადუნელმა, ღუღუნით გამოსწია მისკენ ფუმფულა ხელები დემნამ და მამის მკლავებში გადაინაცვლა ბიძამისის მხრებიდან. ლოყაზე აკოცა ფრთხილად, წვერით რომ არ დაეშუშხა, -რაო მაჩაბელმა? გაიასნდა ყველაფერი ივანოვთან?
-კი, მაგრამ დროებითია ხო იცი. -უკმაყოფილოდ მოეღრიცა დადასაც სახე. -ნუცუბიძის მაგივრად სხვა გაუბედურებულს ნახავს ვინმეს და ახლიდან დაიწყება ყველაფერი. აზრი არა აქვს მაგასთან ბრძოლას.

მშვენიერი საღამო იდგა. ვარსკვლავებივით ციმციმებდნენ ბედნიერებით აბრჭყვიალებული ადამიანების თვალები. სექტემბრის დასალიერის სასიამოვნო, სიგრილეშერეული სიო დარბოდა ერთმანეთზე შეყვარებულ სხეულებს შორის.
ციცი ყველაზე ბედნიერი იყო ალბათ იმ საღამოს. ნენეს გვერდიდან არ შორდებოდა. თითქოს თვალი რომ გაერიდებინა, მისი გაქრობისა ეშინოდა.
ნუგზარმაც თბილად მიიღო ოჯახის ახალი წევრი. გულწრფელი სითბოსა და სიყვარულის მიღებამ გული აუჩუყა ნენესაც. ნინოც აცრემლებული უყურებდა თავისი საყვარელი შვილიშვილის ბედნიერ სახეს და მადლიერებას ვერ მალავდა დადას მიმართ, ნენეს მშვენიერ თვალებს რომ ნათელი სხივები დაუბრუნდა.
-რაო, ბებსი... -ხელი გადაჰხვია მოხუცებულს რიომ, -დავრჩით მე და შენ ანდრონიკაშვილების რეზიდენციაში! მეღირსება, როგორც იქნა, ერთპიროვნული მმართველობა...
-სულ როგორ ლაზღანდარობ, ბებია? -ტკბილად მიეალერსა მოუსვენარ შვილიშვილს ნინო.
-აბა, მეც ცოლს ხო არ მოვიყვან, ბებსი? -ლოყები დაუწელა და გემრიელად ჩაკოცნა მერე.
-უნდა მოიყვანო, სანამ დროა და უარესად გააფრენ. მერე ვინ გამოგყვება აბა? დურაკო მაიმუნო.
-გამომყვებიან, ნინ, ისე კლასნად გამომყვებიან, აი, ნახავ!
-ღმერთმაც ქნას! -ნაღვლიანად აღაპყრო თვალები მაღლა ნინომ და მაინც ვერ დამალა იმ ადამიანის მონატრება, ასე რომ აკლდა მის გულს და ნენეს მხარს. -როგორ გაუხარდებოდა... როგორ ვერაფერს მოესწრო...
აღარაფერი უთქვამს რიოს. მონატრებით აუცახცახდა მასაც სხეული. ცოტა ხანს კიდევ იბორიალა აფორიაქებულმა ბედნიერ ადამიანებს შორის და ვაკოს რომ ორი ღერი სიგარეტი დასტყუა, სახლის მეორე ნაწილში განმარტოვდა.
ირიბად გააყოლა თვალი დადამ ახალგაზრდა ბიჭის მოშვებულ მხრებს, უჩუმრად გამოეყო ბიჭების საზოგადოებას და რიოს შეუერთდა თვითონაც.
ამ თემაზე არასდროს უსაუბრიათ. ახლა უკვე ვალდებულებას გრძნობდა რიოს წინაშე, რომ როგორც კაცს, როგორც ძმას ისე დალაპარაკებოდა და არაფრით ეგრძნო თავი დაკარგულად უმამოდ დარჩენილს.
შეიძლება ნუგზარი იდეალური მამა არ ყოფილა, მაგრამ კარგი კაცი იყო და მის უსიტყვო თანადგომასა და მხარდაჭერას ყოველთვის გრძნობდა. მშობლის ზურგის გარეშე ყოველთვის რთულია ცხოვრების მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან შერკინება და კარგად ხვდებოდა, რა აწუხებდა რიოსაც. რატომ ჰქონდა ნინოს თვალები გაწყლიანებული, რატომ შეჰყურებდა ნუგზარს ნენე ნაღველშერეული ღიმილით. სამივეს ისეთი ადამიანი აკლდა გვერდით, რომელმაც ის საზღვარი გადაკვეთა, საიდანაც მხოლოდ მოგონებები ბრუნდებიან და მონატრებას ტოვებენ.
დადას სიგარეტსაც გაუკიდა რიომ, თვალებით მაინც გადაამოწმა, ნინო ხომ არ უყურებდათ.
-შენთან ერთად კაცი რომ მოვკლა, არაფერს მეტყვის, მაგრამ მაინც.. -გაეღიმა, დადას მზერა რომ დაიჭირა.
-ათასში ერთხელ არაუშავს, მთლად ნუ გაუტევ. -ახლობლურად გაუღიმა.
-ნენე ვერ იტანს მწეველებს. რომ იცოდე მაინც და მზად დაუხვდე მის არგუმენტირებულ შემოტევას. ზუსტად ციფრებში ჩამოგირაკრაკებს, რამდენი პროცენტით იზრდება სიკვდილის და ათასი დაავადების შანსი...
ნაღვლიანი სიჩუმე ჩამოწვა წამით.
-ძალიან მინდა ამას ხედავდეს. -ისევ რიომ განაგრძო, სხვანაირად გაუღრმავდა ხმა, უშველებელა ნაღველს ეზიდებოდა თითქოს მხრებით, -მე თუ არ დამინახავს იქედან, სადაც არის, არ მედარდება, მისთვის მოსაწონი გზით არ მივლია ჯერ... მაგრამ ნენემ სიკვდილის შემდეგაც ისე გაუმართლა იმედები, როგორც სიცოცხლეში. ამიტომ განვიცდი ასე ძალიან, დღეს ალბათ ყველაზე ძალიან უნდა ნენეს მამა რომ ჰყავდეს გვერდით. მაინც სხვანაირი იმედია გოგოსთვის. ვიცი, შენ არ გჭირდება ჩემი გაფრთხილება...
-მითხარი. -მკაცრად და მომთხოვნად გააწყვეტინა დადამ, გაკვირვებითაც კი გამოხედა რიომ, -მჭირდება თუ არა სხვა საქმეა. შენ უნდა მითხრა. შენი და ჩემი ცოლია.
მთელს ტანში გასცრა ამის გააზრებისას რიოს. თითქოს წარმოთქმულს სხვა ძალა ჰქონდა და რეალობად მხოლოდ მას შემდეგ იქცა ნენეს დაქორწინების ამბავი, რაც დადას პირით გაიგო მეტისმეტად ხმამაღლა და წარმოუდგენელი თავდაჯერებით.
-შაბლონური ფრაზები გითხრა, რომ თუ აწყენინებ, ცუდად წაგივა საქმე? -ორივეს გაეღიმა.
-რასაც მამაშენი მეტყოდა მე, რასაც ეტყოდა ნენეს... -თავის ცოლს გახედა ეზოს მეორე კიდეში. იმდენ ნაცნობ სხეულში გათქვეფილი მაინც ყველაზე მკაფიოდ ანათებდა. თვალის მოშორება არ უნდოდა, იმდენად საოცარი და ამავდროულად ეგოისტური შეგრძნება იყო იმის გააზრება, ყველა რომ წავიდოდა, ნენე დარჩებოდა მხოლოდ მასთან.
-გამოუსწორებელ შეცდომას ნუ დაუშვებთ ერთმანეთთან, ალბათ, ამას გეტყოდათ. ნენეს იმდენად ენდობოდა, მეც ისე ვენდობი, ის არასდროს დააყენებდა ეჭვქვეშ მის გადაწყვეტილებას. ნენე მხოლოდ შენი ცოლი არ არის, ჩემი დაცაა და მამაჩემის შვილიც. უმამოს სხვანაირი მოფრთხილება სჭირდება, რადგან ვისაც არ იცნობდი, ვისაც ვერასდროს გაიცნობ და ვერ შეხვდები, რთულია იმისი პატივისცემა და არდავიწყება.
მხოლოდ გაუღიმა დადამ. რიო თავს მაინც მასწავლებლისთვის გაკვეთილჩაბარებულ მოსწავლედ გრძნობდა მის წინაშე, თითქოს პასუხის მოთხოვნის უფლება რომ ჰქონოდა, თავად უნდა ყოფილიყო უკეთესი კაცი. მაშინ ვერაფერს ხვდებოდა...
მხარზე მსუბუქად ჩამოადო დადამ ხელი და თვალები გაუსწორა.
-მეორედ აღარ გაბედო და თავი ვინმეზე ნაკლები კაცი არ გეგონოს, მარტო იმიტომ რომ სიბნელეში გზა აგერია. მხრებში გასწორდი და ისე დაუდექი შენს დას გვერდით. როგორც გეკადრება, როგორც ნენეს ეკადრება და შენს ოჯახს. ჩვენს ოჯახს. როგორც ეკადრება იმ ადამიანს, ვისი ანარეკლიცაა შენი ყოველი ნაბიჯი.
უზარმაზარი ტვირთი მოეხსნა მხრებიდან რიოს. მადლობის ნიშნად შემოარტყა მხარზე მსუბუქად ხელი დადას და მხრებგაშლილი წავიდა თავისი დისკენ, ინტერესით ავსებულ თვალებს რომ ვერ აცილებდა ამ ორს.

შუაღამემდე გაგრძელდა ჟრიამული. ყველა გვარიანად შეზარხოშებულიყო უკვე. ნუგზარიც კი გააბრუეს გიგიმ და ვაკომ ღვინითა და დაუსრულებელი ლაპარაკით.
ირაკლი და ანდრო იყვნენ შედარებით ფხიზლები დადასთან ერთად. ცოლ-შვილი მოესვათ გვერდით და მშვიდად საუბრობდნენ მომავლის გეგმებზე.
რიო და აქიშბაია ერთმანეთს სიამის ტყუპებივით შეეზარდნენ ლამის. ხელი რომ გადახვია ლუკამ და როგორც დადა იტყოდა, თავისი დათუთქული გულის ბაზარი გაუბა, მას შემდეგ აღარ გაშორებიან ერთმანეთს.
-ხოდა, ასეა რა.. არ მინდაო. -დანაღვლიანებულმა მოარიდა მზერა ყველას.
ნენეს გულწრფელად შეებრალა, ისე განიცდიდა ლუკას ამბავს, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ უნდა დახმარებოდა უკვე.
-მე მაინც მგონია, რომ მაგ ულვაშის ბრალია, -სუფრის მეორე კიდიდან გადმოსწვდა ვაკო.
-ეს ინდივიდი მომაშორეთ, თორემ მსხვერპლით დავასრულებ დღევანდელ დღეს.
-შენ რომ რამის თავი გქონდეს, საყვარელი ქალის მხარზე იქნებოდი გადაკიდებული ახლა და არა მაგ ბავშვის. -უარესად წააქეზა საკანდელიძემ, -წამოდი ახლა თუ ბიჭი ხარ და ვუმღეროთ „შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია“ აივნის ძირში.
-რომელს გაქვთ აქედან ისეთი ვოკალი, ისედაც გაქცეული გოგო უარესად რო არ გააქციოთ? -წარბები აზიდა ნანამ, ვაკოს მისამართით გაისროლა მკაცრი სიტყვები. აქიშბაიას უნდა მოფერებოდნენ, თორემ ჭკუიდან აიწეოდა ალბათ, ისე იყო აღელვებული.
-ეს ერთს იტყვის და ენას ჩაგაგდებინებს, -დაიზუზუნა საკანდელიძემ ხმადაბლა და ღიმილით ჩაუკრა თვალი ლუკას, -კაი, რა იყო, ლუკიტო... ვარდი უეკლოდ ხო იცი, ვისაც მოუკრეფია...
-არავის!
-არასწორია! მე დამიკრეფია უეკლოდ! ამ სუფრასთან ვინც ზის, ყველას დაკაწრული აქვს ხელები... ისე, ნუგზარი ბიძია, თქვენ როგორი გამოცდილება გაქვთ ქალბატონ ციცისთან?
-ვაი, ლიზამ გაგიგოს, მერე ვნახავ შენს უეკლოდ დაკრეფილ ვარდებს. -თვალებმოჭუტული დაემუქრა ელენეც, პატარა დემნას სასაცილოდ მისძინებოდა მის მკლავებში.
-მიდი, მიდი, უპასუხე... -თავადაც ოცი წლის გოგოდ გრძნობდა ციცი თავს ბავშვების გარემოცვაში. აწკეპილი წარბებით გადახედა ნუგზარს.
-რა უეკლოდ, შვილო... -ერთ ადგილას სასაცილოდ შეიშმუშნა ყველაზე უფროსი ნაკაშიძე. ტუჩები მაგრად დააჭირა ნენემ ერთმანეთს, რომ არ გასცინებოდა.
თვალები დაქაჩა, მუხლზე რომ დაადო დადამ ხელი და ოდნავ მოუჭირა ყურადღების მისაქცევად. ფეხი აუქნია და მოაშორებინა მაშინვე. ეშმაკურად უბრჭყვიალებდა სიმთვრალით მიბნეტილი თვალები დადას.
-უეკლოდ კი არა.. რაც მე ციცის გამო მილაწუნეს მისმა ძმებმა... ოთხი ძმა ჰყავს, აბა! ოთხი რაუნდის გადალახვა მომიწია და მერე ქალბატონმა ფინალში მთხოვა დრაკონის დამარცხება! აი, რა დღეში ჩამაგდე, ციცი? რა გინდოდა?
-ვაუ, ციცი ნახეეე... -ინტერესით აზიდა ნანამ წარბები, ყველა პირველად ისმენდა ამ ამბავს დადას ჩათვლით.
-ხო, აბა. ისეთი გოგო ვიყავი! -ყელი მოიღერა ამაყად.
-მეც კარგი ბიჭი ვიყავი და ძალიანაც მიხდებოდა ის ულვაში! თავი მაგარ ბიჭად მომქონდა, საგულდაგულოდ ვიკრეჭდი იმ ჩემს ულვაშს ყოველ დღე. მერე ციცი ადგა და თუ ბიჭი ხარ და მართლა გინდა მე რომ ვიყო შენი ცოლი, მოიშორე ეგ ულვაშიო! რა უნდა მექნა? -მხრები აიჩეჩა, თვალი ჩაუკრა ინტერესით მომზირალ ნენეს, სანამ პასუხს გასცემდა თავისივე შეკითხვას. -მოვიპარსე!
-გეუბნებით რა! ულვაშის ბრალია, აქიშბაია! -ხელები შემართა ვაკო საკანდელიძემ. აქაოდა, როდის ვამბობდიო.
სიცილის ლაღმა ტალღამ გადაურბინა სუფრას. აქიშბაიასაც გაეღიმა გულღიად.

ნელ-ნელა გაიკრიფა ყველა. ციცი და ნუგზარი ბოლოს გავიდნენ შვილების ეზო-კარიდან. დადას გვერდით მდგომ რძალს მამაშვილური ალერსით მოეხვია ნუგზარი.
შემდეგ ცოლი ჩასვა მანქანაში და სანამ გასცილდებოდა იქაურობას, შვილი მიიხმო თავისკენ.
-რომ მიხვალ დაისვენე და ციცი არ გამიბრაზო, იცოდე, -ძმაკაცურად მოეხვია მამას და თვალი ჩაუკრა მანქანიდან მომზირალ დედას. ვარსკვლავებივით უბრჭყვიალებდა თვალები ციცის.
-ნუ გეშინია, რა გვაქვს მე და დედაშენს გასაყოფი. -მხარზე ხელი ჩამოადო თავისზე მაღალს და საკუთარი თავი მოამზადა იმის სათქმელად, რაც გულს უჭამდა ბოლო დღეების განმავლობაში. -მშობლისთვის იმაზე დიდი ბედნიერება მაინც არაფერია, დაშვებულ შეცდომებზე შვილი რომ ღირსეულად უბრუნებს პასუხს, მაინც რომ ახერხებს ის შეცდომა, რაც მისი აღზრდის დროს დაუშვი, გაკვეთილად აქციოს და არა დაღდასმულ შრამად მის ადამიანობაზე. მე ახლა ვხვდები, რომ შენ შენი თავიც გადაარჩინე და მეც მიხსენი იმ სინანულისგან, რასაც გზას აცდენილი კაცის მამობა ჰქვია. ჩემმა შეცდომებმა შეიძლება შენთან დამაშორა, მამა, მაგრამ შენ არ დაუშორებიხარ იმ სიმართლის ნაპირისგან, სადაც ღირსეული კაცები მხრებგაშლილი დგანან. ეგ კი არა, ჩემთვისაც დატოვე ადგილი სადღაც მაგ სანაპიროზე.
-კაი, რა, ნუგო.. -მაინც გული ატკინა თმაშევერცხლილი მამისგან ამხელა სინანულის დამტევი სიტყვების მოსმენამ. -როდის გარომანტიკოსდი ასე?! სასმელმა მოგიგრიხა კისერი? დაბერდი, მამა?!
-მშობლობა რთულია ძალიან, -მადლიერად გაეღიმა ნუგზარს, გული უფრო გაუდიდდა, კიდევ დიდხანს უნდოდა სიცოცხლე ასეთი შვილის შემყურეს, -მაგრამ კარგი შვილები ყოველთვის კარგ მშობლებად იზრდებიან.
-შენ თუ ჩემთან რამე შეგეშალა, მე შენგან მაგ შეცდომების გამოსწორებაც ვისწავლე, მამა. -ხმა გაუმკაცრდა დადას, თითქოს ამ თემაზე ხმამაღლა ლაპარაკს საჭიროდ არც კი თვლიდა. მამა მისთვის მაინც საამაყო კაცი იყო და სამადლობელი მაინც მას უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე ნუგზარს, -რაც მასწავლე, ყველაფერი შენგან ვიცი.
-მიდი, მიდი, ნუ გაყინე ნენე... და არ გამიბრაზო, იცოდე! -მისი სიტყვები გაუმეორა ღიმილით და თითი მოუღერა ცხვირწინ.

დაღლილი მოუბრუნდა თავის ცოლს, ჭიშკართან რომ ელოდა. ალკოჰოლის დარეული ხელი მხოლოდ ბაცად აციმციმებულ თვალებსა და ზანტ გამოხედვაში ეტყობოდა.
თეძოებზე დაულაგა ხელები და შუბლზე აკოცა რამდენჯერმე. ისე შეიყვანა შიგნით ხელები არ მოუშორებია.
-როგორ დავიღალე, -მისუსტებოდა ხმა ნენეს.
ციციმ არაფრით დატოვა მარტო ასაშლელ მაგიდასთან და დასარეცხ ჭურჭელთან. ისე ერიდებოდა მისი, დაძაბულობამ უფრო დაქანცა. არ უნდოდა ეფიქრა, რომ მარტო ვერ შეძლებდა საქმეებთან გამკლავებას, მაგრამ არ იყო მისი დედამთილი სხვა დედამთილებისნაირი. ერთდროულად განსაკუთრებულ და უბრალო სითბოს ამჟღავნებდა ციცი რძლის მიმართ.
-აბა, რა გეგონა... ნანატრი რძალი ხარ, -მუცელზე მოხვია ორივე ხელი დადამ და ზურგით აიკრა სხეულზე, კოცნით გაიკვლია გზა კისრამდე და იქ შეატოვა ტუჩები. მშვიდად სუნთქავდა მის სურნელს.
-შენ და რიო რაზე ლაპარაკობდით? -მის მკლავებში მობრუნდა ნენე და კისერზე შემოხვია ხელები, ეშმაკურად გაუღიმა.
-მაჯადოვებ ახლა? -თვალები დაუკოცნა და ნელ-ნელა გაიყოლა საძინებლისკენ მიმავალ გზაზე.
-არ მოქმედებს? -გამომწვევად აუფახულა გრძელი წამწამები და უფრო მეტად მიეკრო ქმრის გავარვარებულ სხეულს.
-უფ, კი... ძალიან... -საჯდომისკენ ჩაუცურა ორივე ხელები და წელზე შემოისვა უცებ, -პირდაპირ ჯადოსნურ რაღაცებზე მეფიქრება..

*ოთხი წლის შემდეგ*
ივნისი იდგა. მზე გულღიად დაჰღიმოდა დედამიწას და გაცელქებული უჭვრიტინებდა მძინარე ადამიანებს ანც სხივებს საძინებლებში.
ღია ფანჯრიდან შემოფარფატდა გრილი სიო და ნაზად გადაევლო მძინარე ცოლ-ქმარს სახეებზე. ძლიერი, ძილისგან მოდუნებული მკლავები ნენეს წელზე შემოეხვია დადას და ცოლის მუცელზე თავდადებულს მშვიდად ეძინა.
მათი საძინებლის კარი ჭრიალით გაიღო. უკვე იმდენად გაზრდილიყო დადას მინიატურული ანალოგი, რომ მშობლების კარის სახელურს თავისუფლად წვდებოდა. შიშველი ფეხების ტყაპუნით შემოტანტალდა საძინებელში და საწოლზეც სხარტად აძვრა.
მიძინებულ დედას ერთხანს უყურა ზემოდან ეშმაკური შავი თვალებით, ვერ გაეგო, ძილი ეცლია თუ გაეღვიძებინა. არადა, ისედაც იმდენი იცადა უკვე თავის ოთახში ადრე გამოღვიძებულმა, რომ მობეზრებოდა საკუთარ თავთან მარტო გართობა.
ნენეს მიუწვა და ლოყაზე აკოცა ხმაურიანად. შემცივნებული შიშველი ფეხები მამას მოუტყაპუნა კისერზე.
პატარა ხელებით ეფერებოდა დედას.
-ძილისდუდებო, -ამოუვიდა ბოლოს ყელში მშობლების სიზარმაზე და შეაღვიძა, -დაიღვიძეთ...
-ადრეა, მამა, ჯერ... -გაანცებული ფეხები ცალი ხელით გაუკავა დადამ და ზანტად გაახილა თვალები. -არ გააღვიძო დედა.
-ვითონ რატონ? -ძალიან კი უნდოდა ყველა ამდგარიყო და ერთად ეთამაშათ, მაგრამ მაინც ხმადაბლა ჰკითხა.
-გუშინ გვიან დაიძინა და იმიტომ. -ოდნავ წამოიწია დადა, ერთხანს უყურა თავის ცოლ-შვილს, დღის პირველ კადრებს და ფეხში დაქაჩა აფართხალებულ პატარას, ჩუმად რომ კოცნიდა მაინც დედიკოს. -მოდი აქ, მოუსვენარო.
ხელში აიყვანა შვილი, გემრიელად ჩაუკოცნა ლოყები და ჩუმად გაიპარნენ საძინებლიდან, ნენეს რომ არ გაეღვიძა.
-დედიტოს საუმზე უნდა დავუმზადოთ?
-გავუმზადოთ, ნიკო. თქვი გა-ვუმ-ზა-დოთ.
-და-ვუმ-ზა-დოთ. -გაწელილად გაუმეორა, ისეთი სასაცილო იყო, თვითონ რომ ვერ ხვდებოდა, არასწორად რომ გამოთქვამდა თანხმოვნებს.
-რატო გაიღვიძე ასე ადრე? -სამზარეულოს სკამზე ჩამოსვა პატარა და უფრო აუბურდა ისედაც აჩეჩილი შავი თმები.
ნიკომ მაშინვე „დაივარცხნა“ და მოიწესრიგა თავი.
-დღეს ელისკა და იო მოდიან, დემნაც ხო მოვა და სოფიაც, ვერ დავიძინე, ერთი სუნთქვა მაქვს, როდის მოვლიან? რამდენ საათში, მამა? -დილიდანვე მოიქოქა ნიკო, -ისინი რომ არიან ორი ცალი, მე რატომ ვარ ერთი ცალი? მეც რომ მყავდეს მეორე თქვენი შვილი, იმას ვეთამაშებოდი და შენ და დედიტოს არ დადაღვიძებდით...
ისეთი გულისწყვეტით გაუმხილა დანაკლისი მამამისს, საქმეს თავი მიანება დადამ მაშინვე და კალთაში გადაისვა მოწყენილი შვილი. გული მოეწურა, ისე უნდოდა მისთვის გასაგებ ენაზე აეხსნა, რომ მათაც უნდოდათ მეორე მისნაირი.
-შენც გეყოლება, მა. -მოწყენილ ცხვირზე ჩამოკრა ხელი და გაუღიმა, -შენ დემნაზე და ელისკაზე დიდი რომ იქნები, მარტო დაგაჭერინებთ ხოლმე პატარას, ლაპარაკს ასწავლი და ეთამაშები. მე და დედიკოს გვინდა, რომ შენ დაგვეხმარო, შენი იმედი გვექნება ხოლმე და მერე დილას დიდ ხანს დავიძინებთ.
-ააა... -თვალები მოჭუტა ოდნავ ნიკომ, მამას შეხედა მერე. დადა არასდროს ატყუებდა, პირიქით, ყოველთვის დიდივით ექცეოდა და ახლაც ესიამოვნა მისგან, ასე კარგად რომ აუხსნა ყველაფერი. გული ისე ძალიან აღარ წყდებოდა, როგორც დილით. -ანუ მადიტო?!
-ხო, ნიკო. სხვა რა უნდა იყოს, აბა? -თვალი ჩაუკრა.
-დედიტოს ყავაც უკვარს. შენ დამისხი, მე მოვურევ, კაი?
ჩუმად და შეხმატკბილებულად საქმიანობდნენ, ყავის და დამწვრის სუნს რომ გამოჰყვა ნენე სამზარეულოდან.
-რას საქმიანობთ?
საქმეში გართული ნიკო ადგილზე შეხტა მოულოდნელობისგან და დადას ახედა დაქაჩული თვალებით.
-ვაიმე, ვერ მოვასტარით, მამა! -ისეთი შეწუხებული ხმით წამოიძახა, თითქოს საიდუმლო ოპერაცია ჩაეშალათ. -დე, ტადი, დაიძინე და ცოტა ხანში დაიღვიძე...
-რა ვერ მოასწარით ერთი? -ლოყაზე აკოცა პატარა მზარეულს, მხარზე მიეფერა ქმარს და მსუნაგი მზერა მოავლო ტაფაზე შებრაწულ ყიყლიყოებს.
-კიკ...ყილყ.. -ენა დაება ნიკოს, გაბრაზებულმა მოჭმუხნა ცხვირი, არ მოსწონდა რომ ეშლებოდა სიტყვები, -ოო! ტვერცხიანი პურები!
-არაუშავს, დე, ერთად დავამთავროთ. -ხელში აყვანა უნდოდა დამწუხრებული შვილის, დადამ რომ გადმოხედა უცნაურად.
ვერც უშლიდა და ვერც უყურადღებოდ ტოვებდა. გულზე მოხვდა ნენეს მისი გამოხედვა და გაუმხელელი საყვედური. ნაღვლიანად დაუკოცნა ორივე ლოყა ნიკოს და თავის ადგილას მოთავსდა, სადაც უკვე ელაგა დანა-ჩანგალი და თეფში. ყველაფერი მოემზადებინათ ოჯახის საპატიო წევრისთვის ბიჭებს.
-კბილები გაიხეხე ჯერ, მა. -სკამიდან ჩამოსვა ბავშვი დადამ და თვალი გააყოლა ოთახიდან გაცუნცულებულს.
ცოლის ჩამქრალ თვალებზე გადაიტანა მერე მზერა და თავისკენ მისწია ახლოს.
თვალი მოარიდა ნენემ. რომ შეეხედა ატირდებოდა აუცილებლად და წყალი მოსვა აკანკალებული ხელებით.
სახე მიაბრუნებინა დადამ თავისკენ. რას დაუმალავდა. სევდას კი არა სევდის ყველა მიზეზს ხვდებოდა თავისი ცოლის ცისფერ თვალებში.
-ნუ გწყინს, -ხმადაბლა უთხრა და საკოცნელად გაიწია სახე რომ გაარიდა ნენემ.
-ნუ გგონია, რომ შენ უფრო მეტად მიფრთხილდები, ვიდრე მე საკუთარ თავს. -რკინის სიმტკიცეს ვერაფერს უხერხებდა თვალებში გამეფებული უკიდეგანო სევდა. -თავი ფაიფურის თოჯინა მგონია უკვე...
-ნენე, ექიმმა...
-ვიცი, ხო! -უხეშად შეაშვებინა ხელები და თავისი თეფშისკენ მიბრუნდა მადადაკარგული. -ვიცი, რაც თქვა ექიმმა! მძიმეები არ აწიო, ყავა არ დალიო, ფეხები არ გაგიცივდეს!
-ნუ ყვირი. -თავისკენ შემოაბრუნა ისევ, მშვიდი სიმკაცრით დააწევინა საზღვარს უმისამართოდ გადაცდენილი ტონი.
-ნიკოს ყველაფერს შენ უსრულებ! ხელში აყვანილი შენ დაგყავს... -ხმა გაუტყდა ნენეს, უსამართლოდ ბრაზობდა უკვე, მაგრამ სულ ერთი იყო იმ წამს, უნდოდა მთელი ჯავრი ამოეღო, თუნდაც დაუმსახურებლად, ოღონდ ეთქვა და რამდენიმე დღით მაინც გათავისუფლებულიყო წუხილისგან.
-გოგო, ოცი კილოა უკვე, ვერ ხედავ რამხელაა? -ცრემლები მოსწმინდა მაშინვე, წამითაც არ მიუტანია გულთან ახლოს ნენეს მტკივნეული სიტყვები. -რა დაგემართა...
-ნუ მექცევი ავადმყოფივით! -გაწყვეტილი ხმით უთხრა და გაღიზიანებულმა გაიქანა პირში მათი მომზადებული ყიყლიყო. -საჭმელსაც ვჭამ, აჰა! თითქოს მარტო შენ გინდა მეორე და მე არ ვცდილობ! პირდაპირ ვერ მეუბნები, მაგრამ მე მადანაშაულებ!
გაყინული თვალებით დაუბრუნა უსიტყვო პასუხი წმინდა წყლის ცილისწამებაზე დადამ. საკუთარი სიტყვები ასხლეტილი ტყვიებივით დაუბრუნდა უკან და ისევ თავად ეტკინა გული ყველაზე მეტად.
ისე იყო გაღიზიანებული, დადასგან არც მზრუნველობა მოსწონდა, არც შემოთავაზებული ლოგიკური ახსნა-განმარტებები და არც სიმშვიდე.
-ამოიღე ხმა, რატომ გაჩუმდი? -მდუმარებამ უარესად აუშალა ნერვები, თავად რომ იყო გაღიზიანებული და ქმარი სიმშვიდეს ინარჩუნებდა, ეს უარესად მოქმედებდა მის ისედაც აშლილ განწყობაზე.
-დაფიქრდი ცოტა, რას ლაპარაკობ. -გამყინავი სიცივე შეერია მკაცრ ხმაში დადას, თვალებით ანიშნა, რომ ნიკო მოდიოდა და იქ უნდა დამთავრებულიყო მათი მიკიბულ-მოკიბული კამათი.
-ჩემი რიო ძია როდის მოვა? -კალთაში აუღოღდა დედამისს ნიკო.
ყველაფერი მიავიწყდა ნენეს, ღიმილით შეუცურა გრძელი თითები კუპრივით შავ, ერთმანეთში გადახლართულ თმებში და როგორც კი მისი ტკბილი, ბავშვური და მაინც დადასეული სურნელი შეისუნთქა შვებასთან ერთად დანაშაულიც იგრძნო ქმრის მიმართ, ასე ეგოისტურად რომ ექცეოდა, მაგრამ თავს ვერ ერეოდა ვერაფრით.
-დღეს, დე... დავურეკოთ?
მობილური აიღო ნენემ და ძმის ნომერი აკრიფა.
-ოხ, გაგახსენდა ძმა რომ გყავს? -ისეთი გულისწყვეტით ჩასძახა რიომ ყურმილს, თითქოს ყოველდღე არ ნახულობდა თავის დასა და დისშვილს.
-მე დამახსენდი, რიორიო... -ლამის ტელეფონში ჩაძვრა ნიკო, ისე გაუხარდა ბიძამისის ხმის გაგონება. ყველა უყვარდა, მაგრამ რიო განსაკუთრებით. -მე, მე!
გაეცინა დადას, თავი გადააქნია, მაინც გადაიყვანაო თავის ჭკუაზე, გაიფიქრა.
-აბა, რა, ნიკალა! როგორ ხარ?
სიხარულით აცქმუტუნდა პატარა ნაკაშიძე. ო, როგორ უყვარდა ასე რომ ეძახდა რიო. გიჟდებოდა.
-ჯიდრულად. -გაიბღინძა მამის წინაშე, ნახე რა მაგარი სიტყვა ვისწავლეო. ხმით გაეცინა რიოს. -ლუკა ნათლიამ მასტავლა ჯიდრულად ყოფნა. კაკ ტი?
-ეგ ვინ გასწავლა? -წარბები აზიდა დადამ.
გაკვირვებას ვერ მალავდნენ, იმდენ ახალ ინფორმაციას ითვისებდა ყოველ დღე.
-ნუდო ბაბუმ. რიორიო, მალე მოხვალ? მომენატრეეეე.
-საღამოს მოვალ, კაი? ბევრჯერ ვითამაშოთ ფეხბურთი, რომ მოვალ. არ მცალია მანამდე, ნიკალა.
-კაიი... -გაიწელა მოწყენილად, თამაში უნდოდა, თუმცა მაინც არ დაიწუწუნა ხმამაღლა.
-რა საქმე გაქვს ერთი? -ყურზე მიიდო ნენემ ტელეფონი. თვალები დააწვრილა, ძალიან აინტერესებდა თუ ეტყოდა რიო სიმართლეს.
-მცხეთაში ახალი სასტუმროს ამბებზე ვარ გასასვლელი. მიწა უნდა ავარჩიოთ.
-აჰა, -ჩაფიქრდა ნენე, -მარტო მიდიხარ?
-რა ნინო და მანჩოსავით ჩამეკითხე, ნენე? ვინმე უნდა დამყავდეს სამსახურში და არ ვიცი?
-ლილე ჩამოვიდა. -ვერ მოითმინა მაინც, ისე არ უნდოდა მის ძმას მეტად დაეგვიანა, ენას კბილი ვეღარ დააჭირა. -არ იცოდი?
-საიდან უნდა მცოდნოდა, -ხმა არ შეცვლია რიოს, თუმცა იმდენ ხანს შეაყოვნა პასუხის გაცემა, აშკარად იმაზე მუშაობდა, არაფერი დატყობოდა დის წინაშე. -როდის მერე მედაქალება ეგ..
-კაი არ გინდა ახლა... გამოპრანჭული წადი და ცოტა გაინძერი.
-კაი, კაი.. -უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა, -წავედი, მიხედე ქმარ-შვილს, რომ გძინავს თორმეტ საათამდე. ამ საღამოს საზამთრო მე მომაქვს, ხო იცი!
-ვიცი, ხო, გაფრთხილებულია ყველა, ნუ ღელავ. -თვალები აატრიალა ნენემ, უკვე იმდენჯერ გაუმეორა ერთი და იგივე რიომ, ბავშვებთან საზამთრო საუკეთესო ბიძებმა უნდა მიიტანონო ზაფხულში.

ოთხმა წელიწადმა ყველას ცხოვრების ნავს ზურგის ქარივით დაუქროლა, მაგრამ არავისთვის ისე არ დაუტყვია ცვლილებების ხელი, როგორც რიოსთვის.
მართალია ანდრონიკაშვილის ფეხზე მყარად დადგომაში ლომის წვლილი ტატოსა და დადას მხარდაჭერას მიუძღვოდა, მაგრამ სირთულეებისთვის არც მას დაუხრია თავი მარტივად. რაც ჰქონდა, ყველაფერი შიშველი ხელებით შექმნა და გამოძერწა. როგორც იქნა, საკუთარ თავსაც მისცა მხრებში ამაყად გაშლისა და უშიშრად სიარულის უფლება.
მარტივი არ ყოფილა. საქმე ყველაზე დაბალი საფეხურის მუშიდან დაიწყო. არც კი გაჰკვირვებია, იქ რომ შესთავაზა ტატომ სამსახურა, არადა, ხომ შეიძლებოდა უკეთესი პოზიციის მოლოდინი ჰქონოდა ახლობლისგან. დღე და ღამე ფაქტობრივად გადასწორებული ჰქონდა. არცერთხელ დაუწუწუნია, დაღლილობაზე სიტყვაც არ დასცდენია არამარტო ოჯახის წევრების, არამედ საკუთარი თავის წინაშეც კი. იმ დროს მისთვის ისიც საკმარისი იყო, სახლში მისულს დედა რომ უხვდებოდა შინ და ცხოვრების შვილების და შვილიშვილების მონატრებაში გაგრძელება აღარ უწევდა მანჩოს.
მცხეთის გზაზე რომ გადავიდა, უკანა ხედვის სარკიდან დაინახა კიდევ ერთი მანქანა. ოდნავ მოაწვრილა თვალები და სხვლა შეანელა, კარგად რომ დაენახა ვინ იყო.
ეშმაკურად გაეღიმა, ტატოს გვერდით აალებულ ცეცხლისფერ თმასაც რომ მოჰკრა თვალი.
ისედაც კარგად მოეხსენებოდა, როდის ჩამოდიოდა. სულ რომ არ მოეკითხა, იმდენ სიახლეს ათავსებდა სოციალურ ქსელებში ლილე სპეციალურად მის დასანახავად, რომ ბევრი ძალისხმევა არ სჭირდებოდა რამის გასაგებად.
გული მაინც კედლის გამონგრევას შეეცადა, როცა ატმის ნაცნობი სურნელი სახეზე დაეტაკა, მანქანებიდან რომ გადმოვიდნენ და პირველად გაუსწორეს თვალები ერთმანეთს ამდენი ხნის შემდეგ.
ოდნავ აეზნიქა ტუჩის კუთხე ლილეს ურეაქციო გამომეტყველებაზე.
ტატოს ჩამოართვა ხელი. მანაც მარტო დატოვა მაშინვე ახალგაზრდები და მუშებს შეუერთდა ახალი სასტუმროს მშენებლობის ადგილზე.
ცივად შეხვდა რიოს ღიმილიან თვალებს ლილე, მანაც განზრახ მოხვია ხელი ზურგზე და მსუბუქად აკოცა ლოყაზე. სხვა მუხტი გაჩნდა ზრდასრულ სხეულებს შორის. მათი ბოლო სიახლოვე მოაგონდა ლილეს.
გაზრდილი და დაკაცებულიყო მისი სხეული. სურნელიც განსხვავებულად მიმზიდველი შეეძინა. ახლა კოცნა რომ მოენდომებინა, ფეხის წვერებზე აწევა ნამდვილად აღარ იქნებოდა საკმარისი.
თავისმა ფიქრებმა უკან დახია. უგულოდ შეავლო მზერა გადაშლილ მხრებსა და გარუჯულ სახეზე, უფრო მაცდურად რომ უკვეთდა მწვანედ აელვარებულ თვალებს.
რაღაც სულისწამღებლად ბლანტი, მძაფრი შეგრძნება აუგორგალდა მუცელში და სუნთქვა გაუჭირვა წამიერად.
-დიდება შენს დაბრუნებას, ლილე.. -უტიფრად მოათვალიერა გოგონას სხეული.
ერთი შეხედვით არ შეცვლილა თითქოს მასში არაფერი, მაგრამ რიოს დაკვირვებულ თვალს არც მისი შეცვლილი ფორმები გამორჩენია და არც ცეცხლისფრად აელვარებული ცისფერი თვალები. ბრაზობდა მასზე.
-ძალიან გაგიხარდა, გეტყობა...
ჟრუანტელმა დაუარა მისი ხმის გაგონებისას რიოს. კიდევ კარგი, თბილოდა და არ იყო შესამჩნევი მისი სხეულის გრძნობებს აყოლილი რეაქცია.
ჯიბეებში ჩაეწყო ხელები და ისე დაჰყურებდა ზემოდან. მისი თმის ყოველი გაშრიალება ატმის სურნელს აფრქვევდა ირგვლივ. სამი ზაფხული გავიდა ამ სურნელის გარეშე, ცოტაც და დაავიწყდებოდა ალბათ, როგორი იყო.
-მეგონა შხამი სადმე ნისლიანი ალბიონის კლდეებზე დატოვე, შევცდი. -გვერდით ამოუდგა და უტიფრად გაუბა საუბარი სამშენებლო ადგილისკენ მშვიდად მიმავალს.
გვერდულად გადმოხედა ლილემ. რომ უბედავდა და ისე ელაპარაკებოდა, თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს იმ ოთხ წელს არც გაუვლია მათ შორის.
უღიმღამო მოკითხვების გარდა ერთი გადაკრული სიტყვაც არ უთქვამს რიოს მისთვის ამ დროის განმავლობაში ზედმეტად. ის მოკითხვაც ისეთი იყო, თითქოს ვინმე აძალებდა ლილეს ამბით დაინტერესებდა.
როგორც კი ოდნავ მიუყუჩდებოდა ცერცვაძეს მის მიმართ გაჩენილი უკიდეგანო ბრაზი და მონატრება, სწორედ მაშინ გამოანათებდა რიოც. თავს ახსენებდა.
-შენ ხშირად ცდები ხოლმე, არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი. -ხელოვნურად გაუღიმა და დაწინაურდა ორი ნაბიჯით.
ტატოს ამოუდგა გვერდით ნირწამხდარი. როგორ უნდოდა და გრძნობებსაც ვერ მალავდა მის წინაშე, გააქტიურებული ბომბივით წიკწიკებდა.
-რომელ ჭკუადმყოფელს მოუვიდა აქ სასტუმროს აშენება აზრად? -უკმაყოფილოდ მოავლო გამჭოლი მზერა გარემოს. მშვენიერი იყო იქაურობა, მაგრამ რამე ხომ უნდა დაეწუნებინა.
-რას ერჩი აქაურობას? -გულწრფელად გაუკვირდა ტატოს.
რიომ ყურიც არ შეიბერტყა მის პროვოკაციულ შეკითხვაზე, მშვიდად დაიძრა წინ მუშებთან გასასაუბრებლად. ამან უარესად გადარია და ჭკუიდან შეშალა ლილე.
-აქ როგორ უნდა მოგვაგნოს დამსვენებელმა? -ხელები გაშალა. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს სხვა პლანეტაზე იმყოფებოდა. -ხალხს ბავშვებით ენდომება მოსვლა, მგლებმა უნდა შეჭამონ ამ ტყე-ღრეში?
-მშვენიერი ადგილია და არც მგლები არიან. -გაეღიმა ტატოს, კარგად დააკვირდა თავის ქალიშვილს სახეზე და რიოსკენ გაიხედა მერე ჩაფიქრებულმა, -რიომ აარჩია. ყველაფერზე მან იმუშავა და ის უკეთ გაგცემს პასუხს, თუ რამე გაინტერესებს.
-აჰა.. -კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, ხმამაღლა რომ არ მიელანძღა ის გულგრილი არსება. -მაგას როდის მერე ანდობ ასეთ საქმეებს?
-რიომ ამ ბიზნესის შესახებ ყველაფერი იცის, ლილე. ყველა მუშას, მენეჯერს, ადმინისტრატორს, დამლაგებელს, იურისტს იცნობს. პირდაპირ სათავეში არავის შემოუსვია, ყველაზე დაბალი საფეხურიდან დაიწყო და იმსახურებს იმ უფლებებს, რაც აქვს. მიდი, ჰკითხე და გასწავლის ყველაფერს, რისი ცოდნაც გჭირდება.
წარმოუდგენელ რამეს სთხოვდა ტატო ამ სიტყვებით ლილეს. გამორიცხული იყო სიამაყისთვის გადაებიჯებინა და რიოსთვის დახმარება ეთხოვა, მითუმეტეს პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებით.
იცოდა, აუცილებლად მოუწევდა იმ თვალების დაჩიჩქვნა, როცა ნიშნისმოგებით გადმოხედავდა და ჭკუის დარიგებას დაუწყებდა.
ხმა არ ამოუღია, ისე ჩამოიმხო თავზე ჩაფხუტი და რიოსკენ წავიდა საქმიანი სახით რომ ესაუბრებოდა მშენებლებს.
ყურადღებით უსმენდა მის ყველა სიტყვას და ცდილობდა არაფერი გამოპარვოდა, ვაიდა, რამე შეშლოდა და მაშინვე ჩაევლო შესასწორებლად. საუბრის მანერაც კი სხვანაირი ჰქონდა, როცა საქმეზე ლაპარაკობდა. უშუალოდ გასცემდა მითითებებს, უკუკავშირსაც მშვიდად და გააზრებით ისმენდა. რამდენჯერმე მოუწია გაკვირვებული სახის გასწორება მის შემყურეს.
ტატომ საქმე მოიმიზეზა და ადრიანად დატოვა იქაურობა. წინააღმდეგობის გაწევის უფლება არ მისცა ლილეს. მეტიც, რიოს დაავალა, ყველაფერში გაარკვიეო.
-რამე თუ გაინტერესებს, მკითხე. -მშვიდად უთხრა, როდესაც მარტო დარჩნენ.
ო, იმდენი რამე აინტერესებდა ლილეს! ყველაფერი რომ ეკითხა, მთელი წელი ვერ გააღწევდნენ აქედან.
-რატომ აირჩიე ეს ადგილი? -პირველ დაიგნორებულ შეკითხვას დაუბრუნდა.
არც ისეთი ცუდი იყო, უბრალოდ რიომ რომ აარჩია, მაგიტომ არ მოსწონდა. კიდევ ერთხელ მოატარა დაკვირვებული მზერა სიმწვანეში ჩაფლულ გარემოს.
-თბილისთან ახლოსაა, აქვეა მდინარეც, საპიკნიკე სივრცე, ტყე და სუფთა ჰაერი. რატომ არ მოგწონს?
-რა ვიცი, ცუდი აურაა. -გულზე გადაიჯვარედინა ხელები, იმდენად სუსტი იყო მისი არგუმენტი, აორთქლება ინატრა იქედან.
-ჯადოქრებს და მჩხიბავებს შენ იცნობ, მოიყვანე ვინმე და გამოულოცეთ ერთად.
დასცინოდა. რიო ანდრონიკაშვილი ლილეს დასცინოდა!
ცივად ახედა.
-რა სასაცილოა.
-შენი არგუმენტივით. ტყუილად ისწავლე ლონდონებში ამდენი ხანი?
-ველოდი, როდის წამომაძახებდი. -გაეცინა ლილეს და ეზოში გამოვიდა. მუშებს დაუბრუნა თავიანთი ჩაფხუტი, დაემშვიდობა ყველას გულმოდგინედ.
-აბა რა აურა არ მოგწონს? -წამოეწია წინ გავარდნილს, კარგად იცოდა, რაც არ მოსწონდა, მაგრამ ეშმაკურად აწამებდა მაინც, -ბიზნესის სკოლაში სწავლობდი თუ სასულიერო სემინარიაში...
-შენი იუმორის გრძნობა ისევ ისეთი მდარეა, -შეწუხებული სახე მიიღო ლილემ, როგორც კი მანქანა გახსნა რიომ, მაშინვე გამოგლიჯა კარი და დაიკავა თავისი ადგილი მძღოლის გვერდით.
-რატომ ბრაზობ? -დაძრა მანქანა რიომ, გვერდულად გადმოხედა გაწიწმატებულს.
მზე წითლად ესვენებოდა ჰორიზონტზე და უარესად უელვარებდა ისედაც ცეცხლისფერ თმას ლილეს.
-საქმეს სერიოზულად არ უდგები!
-რაზე შემატყე? -წარბები შეყარა დასერიოზულებულმა, -ეს შენ მეტიჩრობ აქ მოსვლის წამიდან.
-ვმეტიჩრობ... -თავისთვის ჩაეცინა ლილეს, თუმცა მართალი იყო.
მართალიც იყო და უგულოც. კანი ეწვოდა ისე მოენატრა. საშინლად დასწყვიტა გული ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული შეხვედრის გამო.
უკვე მართლა იჯერებდა, ამ ბიჭისთვის დაკაცებული რომ დახვდა და მის სხეულში უცნაურ შეგრძნებებს იწვევდა, არ ჰქონდა იგივე მნიშვნელობა, რასაც თავად ანიჭებდა რიოს.
-არა? -შემფასებლურად გადმოხედა. თვალი ააყოლა მოკლე შორტებში მოშიშვლებულ ფეხებს, მკერდთან აფრიალებულ ცეცხლწაკიდებულ თმას და ათრთოლებულ ატმისფერ ტუჩებს. გემოს გახსენება სცადა. -თუ სიამაყე არ გაძლევს იმის უფლებას ჩემგან აზრი მოისმინო და გაითვალისწინო...
-რა სისულელეა!
-სიმართლეა.
აღარაფერი უთქვამს ლილეს. ეს საუბარი კიდევ რომ გაგრძელებულიყო, ალბათ კარს გამოაღებდა და მოძრავი მანქანიდან გადახტებოდა.
-სად მიდიხარ? -წარბები შეყარა, მისი სახლის გადასახვევს რომ გასცდნენ. ნუთუ მისამართიც დაავიწყდა... ამღვრეული თვალებით ახედა.
-ნენესთან. -საზამთროების გამყიდველთან გააჩერა მანქანა და ღვედი შეიხსნა, -შენი წაყვანაც მთხოვა.
-მე არ მეკითხები? იქნებ არ მცალია!
-არ გცალია? -ჰკითხა უტიფრად. ხელები მომუშტა ლილემ და უკან წაიღო, რომ დაემორჩილებინა როგორმე და სახეში არ შემოერტყა გემრიელად.
თავისი სურვილითაც რომ არ მიჰყავდა! თურმე ნენემ სთხოვა. ახლავე ჩამოხტებოდა აქედან, მაგრამ აღარაფრით აგრძნობინებდა, ასე რომ მოქმედებდა მისი სიახლოვე ლილეს გრძნობებზე.
-გვიან მეგობრები უნდა ვნახო, მანამდე მცალია..
-მშვენიერი. -მანქანიდან გადავიდა.
თვალი გააყოლა ლილემ, არც უკითხავს რომელი მეგობრები....
კესოსთან დარეკა, სანამ რიო საზამთროებს არჩევდა. ახლა ვინმესთან რომ არ მიელანძღა ეს საზიზღარი კაცი, საკუთარი ცეცხლი დაწვავდა.
-რეგვენია! კრეტინი! -ჩასძახა მაშინვე, როგორც კი უპასუხა. -ნეტავ განახა როგორ შემხვდა... როგორ იქცევა!
-დაწყნარდი ერთი... როგორ?
-ჩვეულებრივად.
-აბა ხომ არ მოგახტება ახლა ხამივით? -უდარდელად ჰკითხა კესომ, ამანაც რომ უარესად აუშალა ნერვები. -აცადე. ნუ გავიწყდება ვინ ხარ... ხო იცი, როგორ უყვარს შენი წვალება. ამ საღამოს რომ ბარში მოდიხარ ჩვენთან ერთად, უთხარი, ჟღენტიც იქნება და იაშვილიც.
-ვუთხარი მეგობრები უნდა ვნახო-მეთქი და არც კი უკითხავს...
-დაწყნარდი, მიხვდა ვინ მეგობრებიც და მაგიტომ არ გეკითხება. სად მიდიხარ ახლა?
-ნენესთან. მთხოვა შენი წაყვანაო... -ოდნავ დაამშვიდა კესოს ანალიტიკურმა მსჯელობამ.
-სთხოვა არა ის.. -ჩაიფრუტუნა უდარდელად,- მიდი, მიდი. მკერდი გამოაჩინე!
-გოგო! -ცეცხლი წაეკიდა ლილეს თვალებზე.
-შემომფიცეო, უთხარი... -ხარხარებდა უკვე კესო.
გაუთიშა ლილემ. ერთიანად წამოწითლდა სახეზე. უზარმაზარი საზამთრო მოეგდო მხარზე რიოს. ნერწყვი ლამის გადასცდა მის შემყურეს. მაშინვე მოარიდა თვალები, მზერა რომ გაუსწორა რიომაც და გაუღიმა დანაშაულზე წასწრებულს კმაყოფილი ღიმილით.

ხმა არ ამოუღიათ გზად. ნენეს ხშირად ეხმიანებოდა ლილე. ამ ოთხი წლის განმავლობაში კონტაქტი არ გაუწყვეტიათ ერთმანეთთან.
-გეთქვა, თუ ნენესთან მივდიოდით. ბავშვისთვის საჩუქარს მაინც ავიღებდი, -მოიღუშა, რომ გაახსენდა ხელცარიელს უწევდა ნიკოსთან შეხვედრა.
-სხვა დროს მიუტანე. მალე დაბადების დღე აქვს და უფრო გაუხარდება.
ნაკაშიძეების სახლის ეზო ბავშვებით იყო გადავსებული. უზარმაზარი მინდორის ერთ ნაწილში პატარა საფეხბურთო მოედანი მოეწყოთ, სადაც ასაკის მიუხედავად ყველა ახერხებდა თავის გართობას.
-ოხ, მოვიდა! -ხელები გაშალა აქიშბაიამ რიოს დანახვისას.
მაშინვე მისკენ მოატრიალა ხუჭუჭა თავი ნიკომ, თვალებში ყველა ვარსკვლავი აენთო ბიძას რომ წაჰკიდა თვალი. ხელებგაშლილი გამოიქცა მისკენ და თავისუფალ მხარზე შეაღოღდა.
ლილემ ღიმილით ააყოლა თვალი ბავშვს, ინტერესით რომ უჭყიტინებდა ბიძის კისრიდან.
-რიორიო, ეს დოდო ვინ არის? -ხმადაბლა ჰკითხა, თუმცა კარგად გაიგო ლილემ ყველაფერი.
ხმა არ ამოუღია, აინტერესებდა, რიო რას იტყოდა.
-ჯადოქარი. -ჩურჩულით უთხრა, საიდუმლოს უმხელდაო თითქოს.
თვალები დაქაჩა ნიკომ. ჯადოქარი აქამდე არასდროს ენახა.
-რა ლამაზი თმები დაქვს, -კომპლიმენტი უთხრა და ეშმაკურად გაუღიმა. გაეპრანჭა ნიკო.
-ოხ! -წარბები აზიდა რიომ გაკვირვებისგან. -შენ რეები გისწავლია?
-რა იყო, შეგშურდა ბავშვს რომ შენზე უკეთესი მანერები აქვს?! -ცივად წაუსისინა რიოს, ცხვირზე ხელი ჩამოკრა პატარა ბიჭუნას. ძალიან ჰგავდა მამას, მაგრამ ღიმილი დედისა ჰქონდა... -მე ლილე ვარ, ნიკო..
-ლილე! -ლამის დაიკივლა ნენემ, ისე გაუხარდა ლილეს დანახვა.
გულღიად შემოჰხვია ხელები. შინ შეიპატიჟა. თვალი ჩაუკრა რიოს, კარგი სვლა იყოო. ის თითქოს ვერ მიუხვდა თავის დას ასეთი აღტაცების მიზეზს.
-საჩუქრები ჩამოგიტანეთ, მაგრამ შენმა ბედოვლათმა ძმამ გვიან მითხრა, რომ აქ მოვყავდი...
-რა საჩუქრები! შენ ხარ ყველაზე დიდი საჩუქარი, არ გელოდი, ისე გამიხარდა შენი დანახვა...
-არ მელოდი? -გაკვირვებით აზიდა წარბები ლილემ. რიოს გახედა მერე ბაღში, როგორ აგორებდა ბურთს პატარებით გარშემორტყმული. -ხო.. ასე უცებ მოხდა მოკლედ... შენ როგორ ხარ, ნენე?
-რა ვიცი, კარგად. -არ დაუმალავს თავისი განწყობა, ლილესთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ნენეს და იცოდა, რომ პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. -უკეთესად..
-საუკეთესოდ იქნები, არ ინერვიულო.
-მეც მაგას ვეუბნები, -თავი გამოყო სამზარეულოდან ნანამ, სიყვარულით შეიპატიჟეს გოგონა თავიანთ საყვარელ განყოფილებაში. ყავასთან ერთად უამრავ საინტერესო ამბავს ადუღებდნენ აქ. -ელის, იაკობს შეხედე, დედა, ამოევლო ტალახში. ბავშვი კი არა ყიზილბავშვია!
-რამხელები გაიზარდნენ, -ჟრიამულში გახვეულ ეზოს გახედა ლილემ სიყვარულით. ბავშვები ერთ დღეში პატარა ადამიანებად იქცნენ თითქოს.
-შენც როგორ შეიცვალე! -თვალს ვერ წყვეტდა ნენე. -სულ ჩამოხვედი?
-ხო... სულ სულ.. სადაც ჩემი ოჯახია, მეც იქ მინდა ყოფნა.
-ლანასთან გაქვს კონტაქტი? -სასხვათაშორისოდ ჰკითხა ნენემ, შორიდან იცოდა მასზე სიახლეები. გერმანიაში გადასულიყო საცხოვრებლად და არც აპირებდა უკან დაბრუნებას.
ბოლოს ნენეს ნიკოს დაბადების დღე მოულოცა. კარგი უცნობი ნაცნობივით იყო მის ცხოვრებაში.
-არაა, -წაიმღერა უხასიათოდ, -ლონდონში ყოფილა წინა ზაფხულს და არც კი დამიკავშირდა. ვეჩხუბე მერე მაგრად და მის შემდეგ არც შევხმიანებივარ. ვიღაც გერმანელი გაუცნია იქ, თავისნაირი ლოდი ალბათ და იცხოვრებენ ტკბილად სადმე საყინულეში..
-შენ და რიო ერთად მუშაობთ? -სასხვათაშორისოდ ჰკითხა ნანამ. დეტალები არ იცოდა, მაგრამ გუმანი კარნახობდა რაღაც საინტერესოს.
-ხო, ასე გამოვიდა.
-ძალიან შეიცვალა ამ დროის განმავლობაში, -თვალი ჩაუკრა ნანას ანდრონიკაშვილმა, ყველაფერს კი ლილეს გასაგონად ამბობდა მხოლოდ, -სხვა ადამიანია საერთოდ...
-მე ვერ ვამჩნევ ცვლილებებს. -უკმაყოფილოდ დაიფრუტუნა ლილემ, -რაც იყო, ისევ ისაა. სხვა რა ხდება თქვენკენ ახალი?!
-ირაკლიმ მოწევას თავი დაანება! -მაშინვე აჯახა ნანამ და ამაყად გაიჯგიმა, აქაოდა, ჩემი დამსახურებაა ქმარი რომ ჯანსაღი ცხოვრების გზას დაადგაო.
-შენ ყავის სმას?
-ამდენი მსხვერპლის გაღებაც არ არის საჭირო ერთი ოჯახისგან! -ლილეს თვალი ჩაუკრა და თავისი ცივი ყავით ხელში გავარდა ეზოში, -იაკობ, დედა, როგორ იქცევი?!
თავზე წამოადგა მთლიანად ტალახში ამოთუთხნულ პატარას, დამნაშავის თვალებით რომ ამოხედა დედას და ხელებით მაინც მიწაში თამაში განაგრძო.
-ნუ გამოუთხარე ძირი ბიძაშენის ატამს! -ტალახში ამოსვრილი შვილი მოიხელთა და დადასთან საუბარში გართულ ირაკლის მიუყვანა მაშინვე, -ან ფეხბურთის თამაში ასწავლე ჩვენს შვილს, ან კალათბურთის, თორემ ხომ ხედავ, მებაღეობას მიჰყო ხელი!
-ასწავლიდა, მაგრამ საიდან ამას მაგდენი ნიჭი და გაქანება! -თავად გამოართვა ძმისშვილი ხელიდან რძალს და ხმამაღლა გადაიხარხარა მის დამნაშავედ დაკუსულ მწვანე თვალებზე, ტალახში ამოსვრილ სახეს რომ უნათებდა. -რაო, კობი...
-ნუ გიყვარს მეტიჩრობა, -თვალი ჩაუკრა ირაკლიმ ბიძის მკლავებში აფართხელებულ შვილს, მამისკენ რომ იწევდა. -საქმით დაამტკიცე შენი გაქანება, ძმაო..
-აქიშბ, გესმის რას მეუბნება? -კარებში საწყლად გახერგილ ლუკას გასძახა დადამ.
ელისაბედს შარვლის ტოტები მუხლამდე აეკაპიწებინა, ქერა ნაწნავი მთელი დღის ცელქობისგან გვერდზე მოექცია და ფეხებგაჩაჩხული ემზადებოდა ფინალური დარტყმის შესასრულებლად აქიშბაიას საწინააღმდეგოდ.
-ელის! ელის! -ტაშის კვრით გულშემატკივრობდნენ ვაკო და მის კისერზე შემოსკუპებული დემნა ირაკლის ქალიშვილს.
ბურთისკენ გაექანა ელისაბედი და მარცხნივ დაურტყა აქიშბაიას. იმანაც თითქოს არ იცოდა, საპირისპირო მიმართულებით გადახტა და ისეთი დაღონებული სახე მიიღო, თითქოს თავისი ხელით ჩაახუტა მოწინააღმდეგეს „ჩემპიონთა ლიგის“ თასი.
-ბიჭი მებაღე, გოგო მესი! -მოთხუპნულ იაკობს წაეთამაშა ცხვირზე რიო.
-მოდი, მოდი, მანახე ერთი რა ბიჭი ხარ! -მხარზე მხნედ შემოსცხო დადამ ირაკლის, თვალები აატრიალა იმანაც.
-აუ, ვაკო ნათლია, დამიბრუნე ბურთიიიი... -წუწუნით გამოეკიდა ელისი ბიძაშვილს.
-გეყოს, გოგო, რაც ითამაშე! -თავისკენ დაქაჩა დემნამ ახტაჯანა მამიდაშვილს. -გაისწორე ეგ შარვალი, უშნოდ გაქვს.
-შენ რა გინდა? ანდრო ძიას ვეტყვი, რო მსაყვედურობ. -დაეჭყანა პატარა მეტიჩარა, -იცი რას გიზამს?
-მე არაფერს არ მიზამს, შენზე კი იფიქრებს, რომ ენატანია ხარ და ქალბიჭა!
ტალახში ამოსვრილ თავის კაბას გაჯავრებით დახედა ელისაბედმა. მართალი იყო თავისი ბიძაშვილი და ვერაფრით მოერია სიამაყეს. დემნა სულ სწორ რაღაცებს ეუბნებოდა და უჭირდა მერე წინააღმდეგობის გაწევა.
-რა ხდება, მამა? -თავზე წამოადგათ ანდრო შეკამათებულებს. ეღიმებოდა ამათ ურთიერთობაზე, თითქოს თავის დებთან წართმეულ ბავშვობას უყურებდა ზრდასრული თვალებით. -ელის..
შიშით დაკუსა თვალები პატარამ, ვაიდა, არ ჩამიშვასო დემნამ. განა ანდრო რამეს ეტყოდა, ან უსაყვედურებდა, უბრალოდ არ უნდოდა ბიძამისს მართლა ენატანია და ქალბიჭა ჰგონებოდა.
-არაფერი, მა. წაიქცა და მე ვუთხარი, რომ წინ იყუროს.
-კაი ბიჭები იქეთ, კარგი ბიჭები აქეთ! -შესძახა ვაკომ, -აქიშბაია ზამენაზე!
-შენღა მაკლდი ახლა! -ხელი აუქნია ლუკამ, არასადაც არ აპირებდა გასვლას.
ბოლოს რახან ისე მოხდა, რომ დადასა და ირაკლის შორის უნდა გარკვეულიყო საუკეთესო, ორ ნაწილად გაიყვნენ ნაკაშიძეები. დადასთან აქიშბაია და რიო განაწილდნენ, ირაკლის ანდრო და ვაკო უმაგრებდნენ ზურგს.
-მამაჩემი ყველას მოუგებს! -ისე გაინაზა ელისაბედი, თითქოს ყველაზე ნაზი პრინცესა ყოფილიყოს.
-შენ რა მეტიჩარა ხარ, დედა... -გათეთრებულ კობის კოცნიდა ნანა.
-მამიკო მეუბნება, რომ შენ გგავარ, დე... -გულუბრყვილოდ გაუღიმა ბავშვმა, ალბათ სულ არ ესმოდა „მეტიჩარას“ მნიშვნელობა.
სიცილი ვერ შეიკავეს გოგოებმა ნანას სახეზე. გემრიელად ჩაკოცნა მეორე შვილიც.
ყველა ისეთი ბედნიერი იყო იმ საღამოს, რომ ლილემ სულ სხვა თვალით დაინახა ის ადამიანები, რომლებიც ალბათ ჯამში ორჯერ თუ ეყოლებოდა მხოლოდ ნანახი და იმხელა სითბოსა და სიყვარულს ასხივებდნენ, მათგან შორს ყოფნა შეგენანებოდა.
-ჩემი მამიტო მოუგებს! -ნენეს კალთიდან წამოიჭრა პატარა ნიკო. მთელი ხმით გაჰყვირა დადას მიმართულებით, -ჩემი მამიტო არის მესიიიი!
-კაი, რა, მამა... ბარემ ბარსელონას ფორმაც ჩამაცვი... -სიცილის ტალღამ გადაურბინა მთელს ეზოს.
-სანამ გუნდში განხეთქილება მოხდება, მანამდე გაჩუმდი, ნაკაშიძე! -თვალები დაუქაჩა აქიშბაიამ.

ბოლოს მაინც მეგობრობამ და სიბერემ გაიმარჯვა. ისე დაეჭიმა დადას კუნთი, ძლივს მიაღწია მაგიდამდე. შეწუხებული მიაჩერდა ნენე, კიდევ კარგი ნიკოს ეძინა და ორი ადამიანი არ ეყოლებოდა მისახედი.
თერთმეტი საათისკენ ყველა გაიკრიფა უკვე ეზოდან და მარტო დარჩნენ ცოლ-ქმარი. სახლმაც თითქოს ამოისუნთქა ამდენი ჟრიამულის შემდეგ, დამშვიდნენ.
-ნუ გეშინია, არ მჭირს არაფერი. -მშვიდად უთხრა დადამ. დილანდელი დიალოგის შემდეგ ქარიშხალს ჯერ კიდევ არ გადაევლო მისი თვალებიდან.
ნენეც გრძნობდა, რომ ძალიან ცუდი სიტყვები უთხრა და აუცილებლად მოუწევდა ამის გამო პასუხისმგებლობის აღება.
-გტკივა. -უთხრა გატეხილი ხმით.
-ნენე, რა გატირებს? შევიშალო ახლა? -მკლავზე დაქაჩა ცოლს და უცებ ჩაისვა კალთაში. მკაცრად შეხედა აცრემლებულ თვალებზე, -რა გატირებს, მითხარი..
-გტკივა...
-არ მტკივა, უბრალოდ კუნთი დამეჭიმა.
-მატყუებ, რო არ ვინერვიულო, არ მეუბნები.. -სულ სხვა წუხილი ატირებდა. ახლოს რომ მიისვა და მიეფერა, უარესად აუჩუყდა გული. -ნუ მეფერები, რა მოსაფერებელი მე ვარ...
-ღმერთო, მიშველე... -ამოიოხრა დაბნეულმა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რატომ აუჩუყდა ნენეს ასე გული.
-აი! ღმერთს სთხოვ შველას, ისეთ დღეში გაგდებ. -გულამოსკვნილი ტიროდა უკვე, სიტყვებს შორის ძლივს სუნთქავდა, ისე იყო აღელვებული. -ცუდი ცოლი ვარ..
-საუკეთესო ხარ, რას ამბობ? -თმები გადაუწია დაორთქლილი შუბლიდან, უამრავჯერ აკოცა დასამშვიდებლად.
-არ ვარ... დღეს ცუდი რაღაცები გითხარი, მეც არ მინდოდა თქმა, მაგრამ გითხარი... ისეთი გაღიზიანებული ვიყავი... თავს ვერ მოვერიე...
-ნუ განიცდი ასე ძალიან, -წარბები შეყარა, გული დაეშალა ასე რომ განიცდიდა ყველაფერს, თვალები სულ წითელი ჰქონდა. -შენს ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არაფერია, ნენე. საერთოდ არაფერი. მე შენ გიფრთხილდები, შენ არ მინდა რომ წუხდე და ნერვიულობდე ასე ძალიან. არაფერი მწყინს, თუ გინდა მილიონჯერ გამიმეორე ერთი და იგივე სისულელე, მე ხო ვიცი, რაც გალაპარაკებს...
-მინდა მეორე შვილი. არ მინდა ნიკო მოწყენილი იყოს, ყველას რო ჰყავს და ან ძმა და თვითონ მარტოა...
-არაა მარტო, ჩვენი შვილი არასდროს არ იქნება მარტო. რამდენიც გინდა იმდენი შვილი გვეყოლება... -უამრავჯერ აკოცა დამშვიდებულ სახეზე, მაგრად შემოჰხვია მხრებზე ხელები და მიხუტებულები ავიდნენ საძინებლამდე.
-აბა რატო იყავი ასეთი ჩაფიქრებული... მე თუ არ გაწყენინე.. -ჰკითხა, როცა დაწვნენ. შიშველ გულზე ნებიერად მიეხუტა ნენე და ქვემოდან ახედა ქმრის უნაკლო სახეს.
მისთვის უნაკლო იყო. სიამოვნებისგან მიენაბა თვალები, დადაც რომ მოეხვია. ყველაზე უსაფრთხო ადგილას იყო. თავისი ქმრის გვერდით.
-რიო და აქიშბაია ნიკოს „ბარსას“ ფანად ზრდიან... ჩვენს შვილს „ბარსელონა“ უყვარს, ხვდები სიტუაციის სიმძიმეს, ნენე? -სრული სერიოზულობით უთხრა.
გაკვირვებისგან წარბები შეყარა ნენემ.
-შენ მართლა... ჰა?
-არა, მესი ლეგენდაა, შეუძლებელია ფეხბურთი გიყვარდეს და მესი არა, მაგას კი არ ვიძახი... მაგრამ „ბარსელონა“? ნათლიას და ბიძას ბავშვთან გაკარება როგორ ავუკრძალო...
-რა ვქნათ, უმცირესობაში ხარ, ძვირფასო. -გულიანად გადაიკისკისა ქმრის გასაჭირზე ნენემ, მკერდზე მიაწება ტუჩები, -ნუგოც „ბარსას“ ფანია, გუშინ ეუბნებოდა ნიკოს, ძმა რომ გეყოლება, ისე უნდა იყოთ ერთმანეთთან, როგორც ჩავი და ინიესტაო...
-არა, რა... -საწოლიდან წამოიწია დადა და სხეულქვეშ მოიქცია ეშმაკურად თვალებაციმციმებული ცოლის გულმოღეღილი ტანი, კისრიდან ჩაუყვა გზას მკერდამდე, ტუჩებზე წაეტანა, სანამ პერანგს მოაცილებდა.. -ნიკოს უკვე აღარაფერი ეშველება, დროა მეორე ჩემიანიზე ვიზრუნო ოჯახში...
*
ისე ეზარებოდა ლილეს იმ კლუბში შესვლა და ყურისწამღებ მუსიკაზე ჯაყჯაყი, რომ ლამის რიოს სთხოვა, სახლამდე მიეყვანა, მაგრამ მონატრებული მეგობრები ისე გულით სთხოვდნენ შეხვედრას, ხათრი ვეღარ გაუტეხა.
ალმაცერად გადმოხედა მის გვერდით სავარძელზე მისვენებულს, მერე ბარის აბრა შეათვალიერა შემფასებლური მზერით.
-აქ უნდა შეხვიდე?! -წარბები აზიდა გაკვირვებულმა.
-ხო, რა იყო.. -გულუბრყვილოდ აიჩეჩა მხრები.
-ვინ შემოგთავაზა აქ გართობის ბრწყინვალე იდეა, თუ შეიძლება, რომ გავიგო? -თვალები დააწვრილა რიომ, უტეხად მოუთვალიერა აქაურობისთვის მეტისმეტად გამომწვევი ჩაცმულობა.
-არა, არ შეიძლება. -მანქანის კარი გამოხსნა და მშვიდად გადავიდა ლილე.
არ დაუპატიჟებია, თუმცა აშკარად უნდოდა, ისიც გადმოსულიყო. შიგნით შეკავებული სიტყვები გააგიჟებდა მალე.
მანქანა ჩაკეტა და დინჯად დაუდგა პირისპირ ბრაზისგან აცახცახებულს.
-შენ ვინ მოგცა ჩემი კონტროლის უფლება?
-არ გაკონტროლებ. -მშვიდად უპასუხა და ეზოს სიღრმეში შევიდა. გარეთ მუსიკის გუგუნის ხმა აღწევდა მხოლოდ.
ატმების სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა ირგვლივ.
-რისი უფლებაც მაქვს, ეგეც შენ თვითონ მომეცი. -აბრჭყვიალებული თვალებით გამოხედა უკან გამოყოლილს.
-მე შენთვის არაფრის უფლება მომიცია! -უსაფრთხო მანძილი შეინარჩუნა. გულზე გადაიჯვარედინა ხელები.
-მომეცი. შეგახსენო როდის, რატომ და რანაირად? -რიომ გადადგა ნაბიჯი მისკენ, ლამპიონების ბაცი განათება ეფინებოდა მათ სიმშვიდედაკარგულ სახეებს.
ვინმეს სხეულისგან სიშორე ასეთი რთული შესანარჩუნებელი არასდროს ყოფილა ორივესთვის.
-ოცნების კოშკებს ნუ ააგებ თინეიჯერის სულელურ საქციელზე, რომელსაც თავი უმნიშვნელო და შტერ არსებად აგრძნობინე, სხვათაშორის.
-რა უნდა გამეკეთებინა, თავი უმნიშვნელოდ რომ არ ეგრძნო მაგ არსებას, ლი-ლე? -ოდნავ დახარა თავი მისკენ, ჩურჩულით ჰკითხა.
-არაფერი, ახლა ვფიქრობ, რომ სწორად მოიქეცი. ეს მაშინ მწყდებოდა გული...
-რომ მაკოცე, მაგაზე? -ეშმაკურად გაეღიმა, წარბები აზიდა ოდნავ.
სუნთქვა შეეკრა ლილეს, ელექტრული დენის გავლა მთელს სხეულში იგრძნო. მუცელი ასტკივდა მღელვარებისგან.
-კოცნაც არ ყოფილა ეგ... უბრალოდ ტუჩები მოგადე, განსხვავებას ვერ ხედავ?
-ვერა... დამანახე აბა.
-იოცნებე. -ერთი ნაბიჯით უკან დაიხია ლილემ, გაეყინა ხმა. -მეგონა, რამეს გრძნობდი. დღეს მივხვდი,რომ არც არაფერს თურმე. უბრალოდ ის შეგრძნება მოგწონდა, რასაც ბიჭები გრძნობთ ხოლმე, როცა გოგოები გრძნობებს არ მალავენ. მე რაც გავაკეთე, მართლა მეგონა, რომ ჩვენს შორის რამეს შეცვლიდა.. მეგონა დამემშვიდობებოდი მაინც, გაცილებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! იმ ლილესგან გულწრფელი თხოვნა იყო ეგ ტუჩების მოდება, თუ ჩემგან სითამამე და რამეზე პასუხი გჭირდებოდა, ეგ იყო ყველაფრის პასუხი. მე არც მამას რეაქცია მაშინებდა და არც დანარჩენი სამყაროსი. შენგან განსხვავებით. ახლა მივხვდი, რომ არც მჭირდება გვერდით ისეთი ადამიანი, რომელიც მარტივ გზებს ირჩევს.
-რომელი იყო მარტივი გზა, შენი გაშვება? -გულზე დაკიდებულ წვრილ ყელსაბამზე გამოსდო თითები.
წამიერი შეხებაც კი საკმარისი იყო მის შიშველ კანზე, რომ მილიონ დაუმორჩილებელ სურვილს და გრძნობას ერთიანად ეჩინა თავი.
-იმ კოცნის უპასუხოდ დატოვება? -ლავიწზე გადაატარა თითები, თვალებს არ აშორებდა თან სუნთქვაშეკრულს. იმდენად ინტიმური იყო მისგან მოსმენილი ჩურჩული, ძლივს არჩევდა ტუჩების მოძრაობაში სიტყვებს ლილე. -თუ იმ კაცად გახდომა, რომელიც გიმსახურებს?
-რას ბოდავ! -გული გაუტყდა... როდის აგრძნობინა, რომ მასზე მეტი იყო რამით, რომ არ იმსახურებდა ისეთ რიოს..
ერთი ნაბიჯი რომ გადადგა უკან, მაშინვე წელზე იგრძნო მისი გახურებული ხელები. თავისკენ მისწია, თითქოს ათი სანტიმეტრით დაშორებული ვერ გაიგონებდა ამ სიტყვებს. მუცლებით ეხებოდნენ ერთმანეთს. ორივეს სუნთქვა ჯოჯოხეთის ცეცხლზე ავარდნილი ალივით ცხელი იყო.
-არ ვბოდავ. იმ სიმართლეს გეუბნები, რომლის დანახვაც არც მაშინ გინდოდა და არც ახლა გინდა. შენ ჩემთვის ტატოს შვილი იყავი...
-გაჩუმდი, იცოდე! ნუ მახსენებ, ვინ ვიყავი შენთვის. კარგად ვიცი ისედაც!
-არა, არ იცი და მინდა გაგაგებინო, -უფრო მეტად მიიკრა. ფეხზე მართლა ძლივს იდგა უკვე ლილე. მკერდითაც ეხებოდა. საერთოდ მთელს სხეულზე გრძნობდა რიოს. -შენთვის იმაზე მეტის შემოთავაზება არ შემეძლო, ვიდრე ჩემთან ყოფნით დაკარგავდი.
-არაფერს არ დავკარგავდი!
-გოგო, მომისმინე.. -წარბები შეკრა უკმაყოფილოდ.
-არ მოგისმენ! ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს. არც უნდა მეკოცნა მაშინ.
-აბა ტუჩები მოგადეო...
-შენ მაინც ვერ არჩევ, რა მნიშვნელობა აქ? -აფართხალდა, ძალიან მოუნდა აქედან შორს წასვლა და ამ საძაგელი კაცის მიმზიდველი სურნელისგან თავის შორს დაკავება.
-მე ვერ ვარჩევ... -კისერში შეუცურა ხელი და თავი ერთ ადგილას გაუკავა ისედაც შოკისაგან გაშეშებულს.
-რას აკეთ....
სიტყვის დასრულებაც არ დასცალდა ისე შეეხო გახსნილ ბაგეებზე რიოს ცხელი ტუჩები. იმდენჯერ უოცნებია ამ შეხებაზე, იმდენჯერ მოასწრო ამ კოცნის წარმოდგენა ამ ოთხი წლის განმავლობაში, რომ ეგონა სხვა განცდების შეგრძნება შეუძლებელი იყო... მაგრამ რეალურად. რეალურად მადლიერი იყო მჭიდროდ რომ იჭერდნენ მისი ხელები, თორემ აუცილებლად მუხლები უმტყუნებდა, ისე გამოაცალა ძალა მთელი გრძნობით, მონატრებითა და სურვილით ნაჩუქარმა კოცნამ.
-ეს უნდა გამეკეთებინა და გამეშვი? -ჰკითხა, როცა წამიერად მოშორდა. თვალები გაუსწორა და გაათასმაგებული გრძნობით აკოცა ისევ, ყველა სასურველი ემოცია რომ ამოიკითხა ნენეს ცეცხლისფერ მზერაში. -შენ წასვლა მაინც გენდომებოდა? თუ წახვიდოდი, იქ გაჩერება გენდომებოდა? გაძლებდი? მე ვერა...
-რას.. რა გააკეთე? -აფართხალებულ გულისცემას შორის ძლივს პოულობდა დროს სიტყვის სათქმელად.
-კოცნას გასწავლი...
-არ მჭირდება! ახლა მოგინდა?! გამიშვი, რეგვენო! -მთელი ძალით ჩააფრინდა მკლავებში, ყველაზე სასიამოვნო ტყვეობიდან რომ დაეხსნა თავი. -ახლა გაგახსენდი?!
-გოგო, შენ ქართული დაგავიწყდა?! არ გესმის, რას გეუბნები?
-არ გიყვარდი და არც ახლა... შენთან ყოფნა მინდოდა!
-მეც მინდოდა... მიყვარხარ და მინდოდა, მაგრამ დამსახურებულად... შენი აქ დარჩენით რა შეიცვლებოდა უკეთესობისკენ? არაფერი...მთელი ცხოვრება შემჭამდა ეგოისტობის განცდა, დანაშაულის გრძნობა... შენ სინანული.... ერთი დღეც არ ყოფილა ჩემთვის მარტივი... უკან არ უნდა მოგეხედა, ისე უნდა წასულიყავი, ლილე. მაშინ არ ვიყავი უკან მოსახედი... ახლა ვინც ვარ, ის არ გაგიშვებს.....
*
-დადა, კიტა სად არის? -გადაფითრებული შევარდა სამზარეულოში ნენე.
დადამ და ნიკომ ერთდროულად ამოხედეს ქალს, შემდეგ ერთმანეთს და შემდეგ მათ ეზოს, სადაც ბოლოს ბურთს ათამაშებდა პატარა კიტა ნაკაშიძე.
-კიტა! -აყვირდა სასოწარკვეთილი.
ეზოში გავარდნენ სამივენი. პატარა კიტა არსად არ ჩანდა. მოუსვენარი იყო. სულ ყურადღება უნდოდა. ორი წუთით მოადუნებდი თუ არა, მაშინვე ისე იცვლიდა ადგილსამყოფელს, ნენე და დადა უკვე მართლა ფიქრობდნენ, რომ მათი უმცროსი ბიჭი ტელეპორტაციის უნარით იყო დაჯილდოვებული.
მალე შემოვიდა ეზოში თავჩახრილი კიტა მის გვერდითა მეზობელთან ერთად. წითურ ქალს ერთ ხელში თავისი პატარა გოგონა ეჭირა, მეორე კიტასთვის ჩაეკიდა.
-დეკა, თქვენთან გამოიპარა? -მწყრალი მზერით დახედა ეშმაკურად მოცინარ შვილს ნენემ.
მამას განზრახ მოარიდა თვალები, იცოდა, რომ დააშავა. არადა, ძალიან უნდოდა იმ გოგოსთან თამაში...
-არ ვიცი, რა მოხდა, ნენე... როდის შემოვიდა, მე კი არ მაქვს პრობლემა, მაგრამ... სესილის აივანზე როგორ აძვრა, არ ვიცი... გული გამისკდა, რომ დავინახე!
გაოგნებულმა ცოლ-ქმარმა ჩუმად გადახედეს ერთმანეთს.
მოგონებები ცაში აშლილი მტრედების გუნდივით დაედევნენ ერთმანეთს.......

დ ა ს ა ს რ უ ლ ი
__________
ტასო იაშვილი
2024


დიდი მადლობა ყველას, ვინც ბოლო სიტყვამდე ჩემთან იყავით!
ველოდები თქვენს ემოციებს და გულწრფელ შეფასებას....
კომენტარებში დავტოვებ ჩემი ჯგუფის ლინკს და შეგიძლიათ შემომიერთდეთ "ტასოს წრეში".....



№1  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

!!!!! არ მეყო !!!!!!

და აი, ჩვენც აქ ვართ. ახლა ზუსტად ვიცი, რასაც განიცდი შენ, როგორც ჩემი პადრუგა და როგორც მწერალი. თითქოს, დამთავრდა... "წრე" დაიშალა, ვეღარ შეხვდები მათ მეტად, ვეღარ დაწერ მათ ემოციებსა და გრძნობებზე, ტკვილებზე. ყველა ჩვენგანი ასე ვართ.
ეს ადამიანები არიან ისეთები, რომლებიც უნდა იყვნენ ყველას ცხოვრებაში. თუნდაც ერთი რომელიმე. ალბათ, საკმარისი იქნებოდა იმის ცოდნაც კი, რომ სადღაც ვიღაცის იმედი გაქვს, როგორც რიოს ჰქონდა სულ დადას იმედი, ვაკოს - ირაკლის, ნუგზარს თავისი შვილის... <3 ვისზე ვისაუბრო? რომლით დავიწყო?
ნუგოთი?!!!!!! ნუგო და ციცი არიან ამ ისტორიიიის მარგალიტები!!!!!!!! <3 რამდენი შეცდომაც დაუშვია დადას თავისი ცხოვრების განმავლობაში, იმდენჯერ იყო ეს ნუგზარის ბრალი. და ბოლოს როგორი აღსარება ჩააბარე შვილს? და იმან როგორ უთხრა, კაი, მამა რა გჭირს, რა იყოოო.. როდის გახდი ასეთიო..... არადა ზუსტად იცოდა, რასაც ეუბნებოდა მამამისი. როგორ ასწავლიდა ირაკლის ფეხბურთსა და მათემატიკას, თვითონ კი როგორ მოქცეულიყო ქუჩაში. და მაინც რომ მამაა მისთვის?! მაინც რომ უყვარს?! თავისით ხომ ისწავლა ყველაფერი, ის ფეხბურთიც, ის მათემატიკაც, ის გვერდით დგომაც, როგორრადაც დაუდგა ირაკლის. ძმააა არიო ჩემი. ძმას გაგაყოლე, სხვას ხომ არაო?! ნენეს რომ უთხრა, ჟრუანტელმა დამიარა მე თავად! <3 მოეგრიხა რქები ჩვენს დადას , როგორც შეჰპირდნენ ბიჭები :) თვითონ უფრო ჰქონდა დათუთქული გულის ბაზრები, ვიდრე აქიშბაიაას, თუმცა აუსრულა ციცის ნატვრა... მოიყვანა ცოლი... გახდა ღირსეული მამა, ქმარი, მეგობარი ხომ საერთოდ. იქ ყველა ერთად რომ იყვნენ შეკრებილები და გვერდით რომ მოისვა აქიშბაია, რა გჭირს ერთი, მომიყევიო..ახ!!!!!!!! <3 როგორ შეუძლია ასე მოქცევა?! ი დ ე ა ლ უ რ ა დ. არაფერი არ ეშლება ტიპს! არადა ეშლება! მაგრამ მაინც არა. იმედია დადა. საყრდენი. ყველასთვის. რიოსთვის ყველაზე მეტად...
რიო რას ეტყოდა დადას განსაკუთრებულს, ახალს, იმას რაც არ იცოდა, მაგრამ მაინც მითხარიო :) უნდა თქვაო :) თავი მნიშვნელოვნად რომ აგრძნობინა პატარა ანდრონიკაშვილს, იქ ძალიან გამებერა გული, სული. მიყვარს! ყველა და ყველაფერი ამ ისტორიაში.. თუნდაც ლანა.. საყინულეში რომ უნდა იცხოვროს ვიღაც ლოდთან ერთად, ლილეს თქმის არ იყოს ;დ
ლილე?! :)))))))))))))))))))))))))) ვიცოდი, რომ აუცილებლად დაუბრუნეებდნენ იმ კოცნას თუ ტუჩის მიდებას, მაინც სულ ერთია. ის ატმის სურნელიც რომ თან გაჰყვა და უკან "ჩამოუტანა" რიოს. ეს რომ მხრებგაშლილი და დაკაცებული დახვდა?:)) დაჭკვიანებული, საქმიაანი. ლილე კი ძველებურად კეკლუცი და გამომწვევი.......
ნანა... <3 ერთს რომ იტყვის და ენას ჩაგაგდებინებს. ^_^ როგორ შემიძლია გამოვიდე ამ წრიდან? არც გამოვალ, ვერც. იქ ვარ. მეც მათთან ერთად ვზივარ იმ მაგიდაზე, სულ რომ გაშლილი აქვთ სუფრა. მათთან ერთად ვუყურებ ბიჭების ფეხბურთის თამაშს და საერთოდ, თუ უფლებას მომცემთ, მე დავუმშვიდებ აქიშბაიას დათუთქულ-გადადუღებულ გულს:))

ნიკომ რომ უცებ გაისწორა მამის აბურდული თმა? ;დდდდდ ვის ჰგავს ნეტა? ვის უყვარს წესრიგი ეგრე ძალიან, ნიკოოოოო?!!!!!!!!!!!! <3

არ ვიცი, ვისთან ლაპარაკი ჰგავდა ომს, ნენესთან თუ პირიქით, მაგრამ მდევარი ვინც ყოფილა სინამდვილეში კი გამოჩნდა . ვინ ვის დასდევდა ბოლოს ;) <3 მიყვარნან!!!!!!!


და მიყვარხარ შენც, ტასო იაშვილი. შენნაირი ინტელექტუალი მწერლები იშვიათად გვყავს დღეს, ვინც იცის რას წერს, რატომ და რისთვის. მადლობა ამ ისტორიისთვის და საერთოდ, მადლობა, რომ ხარ და გიცნობ.
.....

 


№2 სტუმარი One

Tasi aqac ganvmeordebi da getyvi rom vgijdebii, miyvars sheni yvela❤️❤️❤️❤️
Ai bolo iyo saertod super))
vamayob shenit tasi da mixaria rom eseti nichieri khar*^*

 


№3 სტუმარი სტუმარი ნატალია

ძალიან მიხარია შენი კითხვის ბედნიერება რომ გვაქვს.
აღმოჩენა ხარ ჩემთვის და სულ აულ უნდა წერო.
საოცრებები გამოგდის ❤️

 


№4  offline ახალბედა მწერალი nestandarejan

პენელოპე
!!!!! არ მეყო !!!!!!

და აი, ჩვენც აქ ვართ. ახლა ზუსტად ვიცი, რასაც განიცდი შენ, როგორც ჩემი პადრუგა და როგორც მწერალი. თითქოს, დამთავრდა... "წრე" დაიშალა, ვეღარ შეხვდები მათ მეტად, ვეღარ დაწერ მათ ემოციებსა და გრძნობებზე, ტკვილებზე. ყველა ჩვენგანი ასე ვართ.
ეს ადამიანები არიან ისეთები, რომლებიც უნდა იყვნენ ყველას ცხოვრებაში. თუნდაც ერთი რომელიმე. ალბათ, საკმარისი იქნებოდა იმის ცოდნაც კი, რომ სადღაც ვიღაცის იმედი გაქვს, როგორც რიოს ჰქონდა სულ დადას იმედი, ვაკოს - ირაკლის, ნუგზარს თავისი შვილის... <3 ვისზე ვისაუბრო? რომლით დავიწყო?
ნუგოთი?!!!!!! ნუგო და ციცი არიან ამ ისტორიიიის მარგალიტები!!!!!!!! <3 რამდენი შეცდომაც დაუშვია დადას თავისი ცხოვრების განმავლობაში, იმდენჯერ იყო ეს ნუგზარის ბრალი. და ბოლოს როგორი აღსარება ჩააბარე შვილს? და იმან როგორ უთხრა, კაი, მამა რა გჭირს, რა იყოოო.. როდის გახდი ასეთიო..... არადა ზუსტად იცოდა, რასაც ეუბნებოდა მამამისი. როგორ ასწავლიდა ირაკლის ფეხბურთსა და მათემატიკას, თვითონ კი როგორ მოქცეულიყო ქუჩაში. და მაინც რომ მამაა მისთვის?! მაინც რომ უყვარს?! თავისით ხომ ისწავლა ყველაფერი, ის ფეხბურთიც, ის მათემატიკაც, ის გვერდით დგომაც, როგორრადაც დაუდგა ირაკლის. ძმააა არიო ჩემი. ძმას გაგაყოლე, სხვას ხომ არაო?! ნენეს რომ უთხრა, ჟრუანტელმა დამიარა მე თავად! <3 მოეგრიხა რქები ჩვენს დადას , როგორც შეჰპირდნენ ბიჭები :) თვითონ უფრო ჰქონდა დათუთქული გულის ბაზრები, ვიდრე აქიშბაიაას, თუმცა აუსრულა ციცის ნატვრა... მოიყვანა ცოლი... გახდა ღირსეული მამა, ქმარი, მეგობარი ხომ საერთოდ. იქ ყველა ერთად რომ იყვნენ შეკრებილები და გვერდით რომ მოისვა აქიშბაია, რა გჭირს ერთი, მომიყევიო..ახ!!!!!!!! <3 როგორ შეუძლია ასე მოქცევა?! ი დ ე ა ლ უ რ ა დ. არაფერი არ ეშლება ტიპს! არადა ეშლება! მაგრამ მაინც არა. იმედია დადა. საყრდენი. ყველასთვის. რიოსთვის ყველაზე მეტად...
რიო რას ეტყოდა დადას განსაკუთრებულს, ახალს, იმას რაც არ იცოდა, მაგრამ მაინც მითხარიო :) უნდა თქვაო :) თავი მნიშვნელოვნად რომ აგრძნობინა პატარა ანდრონიკაშვილს, იქ ძალიან გამებერა გული, სული. მიყვარს! ყველა და ყველაფერი ამ ისტორიაში.. თუნდაც ლანა.. საყინულეში რომ უნდა იცხოვროს ვიღაც ლოდთან ერთად, ლილეს თქმის არ იყოს ;დ
ლილე?! :)))))))))))))))))))))))))) ვიცოდი, რომ აუცილებლად დაუბრუნეებდნენ იმ კოცნას თუ ტუჩის მიდებას, მაინც სულ ერთია. ის ატმის სურნელიც რომ თან გაჰყვა და უკან "ჩამოუტანა" რიოს. ეს რომ მხრებგაშლილი და დაკაცებული დახვდა?:)) დაჭკვიანებული, საქმიაანი. ლილე კი ძველებურად კეკლუცი და გამომწვევი.......
ნანა... <3 ერთს რომ იტყვის და ენას ჩაგაგდებინებს. ^_^ როგორ შემიძლია გამოვიდე ამ წრიდან? არც გამოვალ, ვერც. იქ ვარ. მეც მათთან ერთად ვზივარ იმ მაგიდაზე, სულ რომ გაშლილი აქვთ სუფრა. მათთან ერთად ვუყურებ ბიჭების ფეხბურთის თამაშს და საერთოდ, თუ უფლებას მომცემთ, მე დავუმშვიდებ აქიშბაიას დათუთქულ-გადადუღებულ გულს:))

ნიკომ რომ უცებ გაისწორა მამის აბურდული თმა? ;დდდდდ ვის ჰგავს ნეტა? ვის უყვარს წესრიგი ეგრე ძალიან, ნიკოოოოო?!!!!!!!!!!!! <3

არ ვიცი, ვისთან ლაპარაკი ჰგავდა ომს, ნენესთან თუ პირიქით, მაგრამ მდევარი ვინც ყოფილა სინამდვილეში კი გამოჩნდა . ვინ ვის დასდევდა ბოლოს ;) <3 მიყვარნან!!!!!!!


და მიყვარხარ შენც, ტასო იაშვილი. შენნაირი ინტელექტუალი მწერლები იშვიათად გვყავს დღეს, ვინც იცის რას წერს, რატომ და რისთვის. მადლობა ამ ისტორიისთვის და საერთოდ, მადლობა, რომ ხარ და გიცნობ.
.....

ვერ ხარრრრრ!!!!!!!! გავბედნიერდი უკიდეგანოდ!!
მიყყყყყყ დაუსრულებლად ♥♥♥ მილიონ ტრისტა მადლობა!

One
Tasi aqac ganvmeordebi da getyvi rom vgijdebii, miyvars sheni yvela❤️❤️❤️❤️
Ai bolo iyo saertod super))
vamayob shenit tasi da mixaria rom eseti nichieri khar*^*

ძალიან დიდი მადლობა, მაბედნიერებს თქვენი სიტყვები <3
სტუმარი ნატალია
ძალიან მიხარია შენი კითხვის ბედნიერება რომ გვაქვს.
აღმოჩენა ხარ ჩემთვის და სულ აულ უნდა წერო.
საოცრებები გამოგდის ❤️

მიხარია, რომ მოგეწონათ! უღრმესი მადლობა ❤️

 


№5 სტუმარი ნეს

სალამი ტასო.. სალმით კი დავიწყე, მაგრამ როგორ გავარძელო აღარ ვიცი... "წრეზე" ხო მართლა მემილიონე წრეზე წავედი უკვე, იმდენჯერ წავიკითხე და ვერ მოვაბი თავი ერთი კომრნტარის დაწერა, ისეთის რომ ჩემს დამოკიდებულებას ასახავდეს ამ ნაწარმების და ავტორის მიმართ.. არც ეხლა ვიცი რა გამომივა, მაგრამ ვეცდები ჩემი ემოციები სწორად მოვიტანო შენამდე. შენი ძველებიც ვიცი, წაკითხული მაქვს და მიყვარს კიდეც, მაგრამ წრე-მდევარი არის ძალიან სხვა დონე და ძალიან სხვა კლასი.. ანუ, სად იყავი როგორც ავტორი და სად ხარ ეხლა, სასწაულია, ძალიან დასაფასებელია, ჩემთვის, როგორც მიკითხველისთვის. ყველა პერსონაჟი ინდივიდუალური და უზომოდ ნაფიქრი. არც ერთი სიტყვა და არც ერთი წინადადებაა არაა ზედმეტი ტექსტში, კითხულობ და მდინარესავით მოდის ემოციები... მადლობა, მართლა, მეტირება რომ მაქვს ამის კითხვის საშუალება...

დადას რაც შეეხება. დადა არის მწვანე ვაშლი :)) თან მჟავე, თან ტკბილი, რომ ჩაკბიჩავ გემრიელად და შეახრამუნებ, აი ზუსტად ასე წავიდა მთელი მისი ისტორიაც... ზოგადად, მე მაინც გოგოსიანი ვარ და გოგო ჯობიათქო ვიძახებ :)) მიყვარს ნენე, აი მიყვარს, თავისი დამოკიდებულებებით, თავისი მშვიდი სიფიცხით, გულწრფელობით, უზომოდ ალალი და დიდი გულით.. აი მართლა რა გოგო ჩაიგდო რა ხელში დავით ნუგზარის ძე ნაკაშიძემ :)
ბიჭებზე ბერს არ ვილაპარაკებ, იმდენად სახასიათო და ძლიერი გოგოები ჰყავს... აი ლილე, როგორიაა, წითური ახტაჯანა კუდაბზიკა ალქაჯი.. მე ვფიქტობ, ლილეს საერთოდ არ აინტერესებდა რიოს მაშინდელი მდგომარეობა, ისეთიც უყვარდა ის ბიჭი, დაბნეული, დაშლილი, ფსკერისკენ მიმავალი. რომ ეგრძნობინებინა რიოს რამე, დარწმუნებული ვარ, საერთოდ დაიკიდებდა ლონდონს და გვერდით დაუდგებოდა მის ყველა გასაჭირში, მისცემდა ძალას ფსკერზე დაშვებულს მაგრად დაერტყა ფეხი ფსკერისთვის და ზედაპირისკენ ამოცურვაშიც დაეხმარებოდა. ნუ რიომ რაც გადაწყვიტა, ეგ იყო ალბათ მისთვის მაშინდელი გამოსავალი, მოეტანა მისი თავი იქამდე, რომ ლილე დაემსახურებინა, მესმის მისიც და ძალიან მაგარი ბიჭია..

ლანა, არ ვიცი ამ ადამიანზე რა კომენტარი გავაკეთო, მქონდა ბოლომდე იმედი, რომ გულწრფელად მოეხადა ბოდიში და კიდე რამე აეშენებინა მისი და ნენეს მეგობრობის ჩამოშლილ საძირკვეზე შემორჩენილი აგურებით, მაგრამ არაო. კაი კაცო, არც გეხვეწებოდა არავინ :) სულ კაათ ბრძანდებოდე, შენს გერმანელ ლოდთან ერთად ბედნიერებას გისურვებთ საყინულეში :)))

ლიკა და ცუციკო არიან ჩემი ფავორიტი დედა-შვილი.... როგორი თავისუფალი, ხალისიანი და ფარფატაა ლიკა, ზუსტად ისეთია ცუციკოც.. ორივემ როგორ შეუწყო ხელი ამათ დაახლოვებას. ოჯახის წევრებთან და ბავშვთან ურთიერთობაში დანახული დადას ხასიათი გახდა საბოლოოდ ნენესთვის გადამწყვეტი მე თუ მკითხავთ..

ძალიან ბევრი რამის დაწერა მინდა, მართლა, მაგრამ გადამივა დემაგოგიაში და აქ შევჩერდები. წრედან ყველა ნაცნობი პერსონაჟის გამოჩენამ გამიხარა გული, მერე გეტყვი რომელია ჩემი ფავორიტი წყვილი :)

თითქოს სამყაროში ყველა არეულობა ერთი ადამიანის მშვიდმა სუნთვამ დაალაგა.... სასწაულია, მარტო ამ ერთი წინადადებისთვის ღირდა ფინალური თავი..

მადლობა

პ.ს. მიხარია რომ ამ სასწაულ ნაწარმოებში ერთი სიტყვა მაინცაა ჩემი -- "ყიზილბავშვიიიიი" :))))))

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიამი

საოცრება იყო. ბრავო,ბრავო და კიდევ ბრავო.

 


№7  offline წევრი Mmarriamkk

არ მინდოდა დამთავრებულოყო… თქვენი ისტორიები მიილიონჯერ მაქვს წასკითხული, და ისე გამიხარდა თქვენი სახელის წაკითხვა რომ ვერც კი წარმოიდგენთ. უუუდიდესი მადლობა და მოუთმენლად ველოდები თქვენ შემდეგ შედევრს❤️❤️❤️❤️❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიკა

როგორც კი სახელა. კითხულობ ,ვიცი რომ გათენება მომიწევს.მადლობა????❤️❤️

 


№9 სტუმარი natia

Chemi agmochena xar aq❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი მარიამი

საოცრება იყო❤️ დადუ ნენე❤️ ლანაზე არ ვიცი გული დამწყდა მეგონა მოინანიებდა რაც დააშავა. ისეთ ემოციებში ვარ არც კი ვიცი რა ვთქვა. ვგიჟდები თქვენ ყველა ისტორიაზე. საოცრებებს ქმნით მოგაქვთ მკითხველთან. მადლობა თქვენ

 


№11 სტუმარი ლეილა დიაკონიძე.

გაიხარე საოცარო გოგო კარგი იყო დასაწყისიდან დასასრულამდე.ბევრჯერ მაქვს ვრცლად დაწერილი და კიდე აღარ შეგაწყენ თავს მარა ბოლ9ში მაგარი იყო მამაილა კიტა ბალკონზე რო აუძვრა სესის.❤️❤️❤️❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი იაკო

ძალიან ვისიამოვნე შენი ისტორიით, კარგად გამოგდის წერა ????

 


№13  offline ახალბედა მწერალი nestandarejan

ნეს
სალამი ტასო.. სალმით კი დავიწყე, მაგრამ როგორ გავარძელო აღარ ვიცი... "წრეზე" ხო მართლა მემილიონე წრეზე წავედი უკვე, იმდენჯერ წავიკითხე და ვერ მოვაბი თავი ერთი კომრნტარის დაწერა, ისეთის რომ ჩემს დამოკიდებულებას ასახავდეს ამ ნაწარმების და ავტორის მიმართ.. არც ეხლა ვიცი რა გამომივა, მაგრამ ვეცდები ჩემი ემოციები სწორად მოვიტანო შენამდე. შენი ძველებიც ვიცი, წაკითხული მაქვს და მიყვარს კიდეც, მაგრამ წრე-მდევარი არის ძალიან სხვა დონე და ძალიან სხვა კლასი.. ანუ, სად იყავი როგორც ავტორი და სად ხარ ეხლა, სასწაულია, ძალიან დასაფასებელია, ჩემთვის, როგორც მიკითხველისთვის. ყველა პერსონაჟი ინდივიდუალური და უზომოდ ნაფიქრი. არც ერთი სიტყვა და არც ერთი წინადადებაა არაა ზედმეტი ტექსტში, კითხულობ და მდინარესავით მოდის ემოციები... მადლობა, მართლა, მეტირება რომ მაქვს ამის კითხვის საშუალება...

დადას რაც შეეხება. დადა არის მწვანე ვაშლი :)) თან მჟავე, თან ტკბილი, რომ ჩაკბიჩავ გემრიელად და შეახრამუნებ, აი ზუსტად ასე წავიდა მთელი მისი ისტორიაც... ზოგადად, მე მაინც გოგოსიანი ვარ და გოგო ჯობიათქო ვიძახებ :)) მიყვარს ნენე, აი მიყვარს, თავისი დამოკიდებულებებით, თავისი მშვიდი სიფიცხით, გულწრფელობით, უზომოდ ალალი და დიდი გულით.. აი მართლა რა გოგო ჩაიგდო რა ხელში დავით ნუგზარის ძე ნაკაშიძემ :)
ბიჭებზე ბერს არ ვილაპარაკებ, იმდენად სახასიათო და ძლიერი გოგოები ჰყავს... აი ლილე, როგორიაა, წითური ახტაჯანა კუდაბზიკა ალქაჯი.. მე ვფიქტობ, ლილეს საერთოდ არ აინტერესებდა რიოს მაშინდელი მდგომარეობა, ისეთიც უყვარდა ის ბიჭი, დაბნეული, დაშლილი, ფსკერისკენ მიმავალი. რომ ეგრძნობინებინა რიოს რამე, დარწმუნებული ვარ, საერთოდ დაიკიდებდა ლონდონს და გვერდით დაუდგებოდა მის ყველა გასაჭირში, მისცემდა ძალას ფსკერზე დაშვებულს მაგრად დაერტყა ფეხი ფსკერისთვის და ზედაპირისკენ ამოცურვაშიც დაეხმარებოდა. ნუ რიომ რაც გადაწყვიტა, ეგ იყო ალბათ მისთვის მაშინდელი გამოსავალი, მოეტანა მისი თავი იქამდე, რომ ლილე დაემსახურებინა, მესმის მისიც და ძალიან მაგარი ბიჭია..

ლანა, არ ვიცი ამ ადამიანზე რა კომენტარი გავაკეთო, მქონდა ბოლომდე იმედი, რომ გულწრფელად მოეხადა ბოდიში და კიდე რამე აეშენებინა მისი და ნენეს მეგობრობის ჩამოშლილ საძირკვეზე შემორჩენილი აგურებით, მაგრამ არაო. კაი კაცო, არც გეხვეწებოდა არავინ :) სულ კაათ ბრძანდებოდე, შენს გერმანელ ლოდთან ერთად ბედნიერებას გისურვებთ საყინულეში :)))

ლიკა და ცუციკო არიან ჩემი ფავორიტი დედა-შვილი.... როგორი თავისუფალი, ხალისიანი და ფარფატაა ლიკა, ზუსტად ისეთია ცუციკოც.. ორივემ როგორ შეუწყო ხელი ამათ დაახლოვებას. ოჯახის წევრებთან და ბავშვთან ურთიერთობაში დანახული დადას ხასიათი გახდა საბოლოოდ ნენესთვის გადამწყვეტი მე თუ მკითხავთ..

ძალიან ბევრი რამის დაწერა მინდა, მართლა, მაგრამ გადამივა დემაგოგიაში და აქ შევჩერდები. წრედან ყველა ნაცნობი პერსონაჟის გამოჩენამ გამიხარა გული, მერე გეტყვი რომელია ჩემი ფავორიტი წყვილი :)

თითქოს სამყაროში ყველა არეულობა ერთი ადამიანის მშვიდმა სუნთვამ დაალაგა.... სასწაულია, მარტო ამ ერთი წინადადებისთვის ღირდა ფინალური თავი..

მადლობა

პ.ს. მიხარია რომ ამ სასწაულ ნაწარმოებში ერთი სიტყვა მაინცაა ჩემი -- "ყიზილბავშვიიიიი" :))))))

შენ არ ხარ ნორმალური!!!! ❤️❤️❤️ისე გელოდი, ისე მაინტერესებდა, რას ფიქრობდი, როგორ მოგეწონა!!! ძალიან გამაბედნიერე, ძალიან! <3 <3
სტუმარი მარიამი
საოცრება იყო. ბრავო,ბრავო და კიდევ ბრავო.

უღრმესი მადლობა!
Mmarriamkk
არ მინდოდა დამთავრებულოყო… თქვენი ისტორიები მიილიონჯერ მაქვს წასკითხული, და ისე გამიხარდა თქვენი სახელის წაკითხვა რომ ვერც კი წარმოიდგენთ. უუუდიდესი მადლობა და მოუთმენლად ველოდები თქვენ შემდეგ შედევრს❤️❤️❤️❤️❤️

ძალიან დიდი მადლობა❤️❤️❤️
სტუმარი მარიკა
როგორც კი სახელა. კითხულობ ,ვიცი რომ გათენება მომიწევს.მადლობა????❤️❤️

მადლობა პირიქით!!!❤️❤️❤️
natia
Chemi agmochena xar aq❤️

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
სტუმარი მარიამი
საოცრება იყო❤️ დადუ ნენე❤️ ლანაზე არ ვიცი გული დამწყდა მეგონა მოინანიებდა რაც დააშავა. ისეთ ემოციებში ვარ არც კი ვიცი რა ვთქვა. ვგიჟდები თქვენ ყველა ისტორიაზე. საოცრებებს ქმნით მოგაქვთ მკითხველთან. მადლობა თქვენ

ახ, ლანამ ბევრს გაუცრუა იმედები... უღრმესი მადლობა შენ!!! ❤️❤️❤️
ლეილა დიაკონიძე.
გაიხარე საოცარო გოგო კარგი იყო დასაწყისიდან დასასრულამდე.ბევრჯერ მაქვს ვრცლად დაწერილი და კიდე აღარ შეგაწყენ თავს მარა ბოლ9ში მაგარი იყო მამაილა კიტა ბალკონზე რო აუძვრა სესის.❤️❤️❤️❤️

უღრმესი მადლობა! ❤️❤️❤️❤️
სტუმარი იაკო
ძალიან ვისიამოვნე შენი ისტორიით, კარგად გამოგდის წერა ????

ძალიან მიხარია, რომ მოგეწონათ!❤️

 


№14 სტუმარი სვანი❤️

აუუ გავგიჟდი ძალიან კარგი იყოოო❤️❤️❤️❤️მადლობაა თქვენნ

 


№15 სტუმარი სტუმარი ელა

რა სასიამოვნო იყო.კიდევ წავიკითხავდი.წარმატებები.

 


№16 სტუმარი ნი-კე

პირველ რიგში უამრავი წარმატება♥️♥️♥️რაც შეეხება ისტორიას,ბრწყინვალეა.თავისი სიუჟეტით,პერსონაჟებით,სტილით.იდეალურად გაქვს გადმოცემული ურთიერთობები,თავისი ტკბილ-მწარე მიმართულებებით.ისეთი ისტორიაა მკითხველისთვის კარგ გაკვეთილს რომ ყვება ცხოვრებისეულ საკითზებზე..ყველაზე მეტად მომწონს,პერსონაჟების რეალზება და არა უაზრო ფანტაზიები მათ შესაძლებლობაზე..ასევე ძალიან მომწონს სხვა ისტორიების პერსონაჟებთან კვეთა,უთრო დიდ ინტერესს აღძრავს მკითხველში ჩემი აზრით..მართლა აღმოჩენა ხარ ავტორო.ჩემი დიდი ატივისცემა შენ..♥️♥️

 


№17  offline წევრი Veronika

როგორ მიყვარს შენი ისტორიებიიი❤️❤️

 


№18 სტუმარი სტუმარი ხათუნა

ძალიან კარგი იყო. დადა კაცია ღირსეული. რიოც - არანაკლები. ლანა საცოდავი გოგოა მისი უარყოფითი თვისებების გამო. რა ლამაზად დამთავრდა, მომეწონა კიტა და აივნის თემა????მადლობა ავტორს ????????

 


№19 სტუმარი სტუმარი რუსკა

აი ძალიან მაგარი იყოო.უმაგრესი ხართ,

 


№20 სტუმარი სტუმარი ნანა

საოცარი ისტორიაა, ძალიან მომეწონა. გთხოვთ თქვენი სხვა ისტორიების სახელები დაწერეთ და წავიკითხავ დიდი სიამოვნებით. პატივისცემით

 


№21 სტუმარი სტუმარი ანნი

ვაკო საკანდელიძე არის ჩემი აღმოჩენა პერსონაჟი. დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი მასზეც შენგან შექმნილ ისტორიას❤️❤️ საოცრება იყო

 


№22 სტუმარი maria

ძალიან საინტერესო წასაკითხი ისტორია იყო. კარგად განვითარებული სცენარითა და პერსონაჟებით. ❤️

 


№23 სტუმარი სტუმარი თეო თეო

რაც კარგია კარგია რა

 


№24 სტუმარი სტუმარი ლილე

კიდევ მინდოდა....ქაჯაიას ამბავი დამაკლდა❤️

 


№25  offline წევრი Annia

კარგი იყო, ბერვრი გრძნობა დატოვა

 


№26  offline წევრი teko❤️❤️❤️

ეს რა იყოო????❤️

 


№27  offline ახალბედა მწერალი nestandarejan

დიდი მადლობა ყველას!!! kissing_heart kissing_heart მალე შევხვდებით ახალ ისტორიაში <3

 


№28  offline წევრი ქეთათო4

სალამი! მგონი ძალიან დიდი ხანია ასეთი გამართული, ემოციებით სწორად დატვირთული ისტორია არ წამიკითხავს! მთელი დღე ისე გავიდა, ვერ გავიგე. სახლში, სამსახურში, ტრანსპორტში, ყველგან ჩემთან ერთად იყვნენ თქვენი პერსონაჟები და დღე გამილამაზეს.

დადა, კაცი პიროვნება! ვისურვებდი ასეთ ბევრ კაცს ვხედავდეთ! უბრალოდ საოცარია მისი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ! ნენე-პერსონაჟი რომელიც სულ, ყველა ეტაპზე მიყვარდა და არცერთხელ არ იყო ზედმეტი. ❤️ რიოზე გავგიჟდიიიიიიი. რიოსნაირი ძმა უმაგრესიიიიია.

ყველა მინდა შევაფასო, ყველააა. მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრიიიიი. მადლობა ათასჯერ, მილიონჯეეეეერ <3

სულ უნდა წეროოო, სულ სუუუუუუულ <3

 


№29  offline ახალბედა მწერალი nestandarejan

ქეთათო4
სალამი! მგონი ძალიან დიდი ხანია ასეთი გამართული, ემოციებით სწორად დატვირთული ისტორია არ წამიკითხავს! მთელი დღე ისე გავიდა, ვერ გავიგე. სახლში, სამსახურში, ტრანსპორტში, ყველგან ჩემთან ერთად იყვნენ თქვენი პერსონაჟები და დღე გამილამაზეს.

დადა, კაცი პიროვნება! ვისურვებდი ასეთ ბევრ კაცს ვხედავდეთ! უბრალოდ საოცარია მისი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ! ნენე-პერსონაჟი რომელიც სულ, ყველა ეტაპზე მიყვარდა და არცერთხელ არ იყო ზედმეტი. ❤️ რიოზე გავგიჟდიიიიიიი. რიოსნაირი ძმა უმაგრესიიიიია.

ყველა მინდა შევაფასო, ყველააა. მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრიიიიი. მადლობა ათასჯერ, მილიონჯეეეეერ <3

სულ უნდა წეროოო, სულ სუუუუუუულ <3

უღრმესი მადლობა!❤️❤️❤️❤️ ძალიან მიხარია, რომ ასე შეგიყვარდათ ყველა!

 


№30 სტუმარი მარინა ლორთქიფანიძე

უნიჭიერესო ტასო, ძალიან სასიამოვნო საკითხავი იყო.ემოციური,მგრძნობიარე იყო. ბევრი შეცდომა ჰქონდა დაშვებული დადას, მაგრამ ეს მამამისის ნუგზარის ბრალი იყო.საოცარი პერსონაჟები გყავს:დადა,ნენე,რიო,ლანა.კალმის საოცარი ოსტატი ხართ!!უდიდესი სიამოვნება განვიცადე,თქვენი ნაწარმოების კითხვისას.არასოდეს შეწყვიტოთ წერა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent