შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თილისმა (10 თავი)


დღეს, 15:50
ავტორი ვე რა
ნანახია 131

თილისმა

10

წარსულის ლანდები

„სიზმრები ქვეცნობიერის ავი თამაშებიაო.“ სად წავიკითხე, არ მახსოვდა, მაგრამ მუდამ ვეთანხმებოდი ამ უცნაურ მოსაზრებას. ჩემი სიზმრების იდუმალი, ფერადი სამყარო დიდი ხანი იყო სრულებით აღარ მაოცებდა. ბავშვობაშიც მუდამ უცნაურ სიზმრებს ვხედავდი. დედაჩემი ამბობდა, რომ ეს ყველაფერი ჩემი ზედმეტად ცხადი და ცოცხალი ფანტაზიის ბრალი იყო. უცნაური ამბების მოყოლა მიყვარდა მუდამ, ვამბობდი, რომ ამ ყველაფერს სიზმრად ვხედავდი. ბავშვი ვიყავი და ამას ყურადღებას არავინ აქცევდა, მე კი მოყოლილი ამბები უმეტესად მალევე მავიწყდებოდა. თუმცა შემდეგ, თინეიჯერობის წლებში, როცა მათი ჩაწერა დღიურში დავიწყე, მივხვდი, უმჯობესი იქნებოდა, თუ არ დავიჟინებდი, რომ ამ ყველაფერს კი არ ვიგონებდი, არამედ მართლაც სიზმრად ვნახულობდი. მერე უბრალოდ მოვაგროვე ეს უცნაური დღიურები და სანაგვეში გადავყარე, რადგან შემაშინა იმან, რომ ჩემთვის ის ამბები სრულიად არ იყო ფანტაზიები. ბოლო წვეთი სწორედ ის ამბავი გახდა, ბანაკიდან რომ გავიპარე.

ცეცხლის პირას ვისხედით, გრძელ წვრილ ჯოხებზე წამოცმულ ზეფირებს ცეცხლიდან გადმოცვენილ ნაკვერჩხალს ვუფიცხებდით. ვიცინოდით და ერთმანეთს საშინელ ლეგენდებს ვუყვებოდით.

_ ვერ ვიტან, ამ კოშმარებს რომ ყვები! მერე დაძინების მეშინია._ დაიწუწუნა ნინამ. თავი ნატას ჩამოადო მხარზე და მობილურში ჩაძვრა.

_ რანაირად გეშინია იმის, რაც არ არსებობს?_ მხრები აიჩეჩა მაგდამ._ ისე დააკვირდით დღეს ლუკა როგორ მიყურებდა?

მას თავისი საფიქრალი ჰქონდა. რაღაც ხანი იყო ჩვენი კლასელი ლუკა აიკვიატა. იმ ზაფხულს ლუკამ ტანი უეცრად სწრაფად აიყარა და ახლა კლასის გოგოების ნახევარი მის დანახვაზე რატომღაც წითლდებოდა. რა უაზრობა იყო? გავჩუმდი და ცეცხლს დავაკვირდი. ცეცხლის ალი ცოცხალი ით ცეკვავდა. ფიქრებში გართულს სულ დამავიწყდა, სად ვიყავი.

_ აჰაა, კიდევ დახრუკა!_ წამოიძახა ნატამ და ზეფირის ჯოხი გამომგლიჯა გაბრაზებულმა. მოღუშულმა დახედა და ავად გამომხედა._ ეს შენ ჭამე ახლა!

_ ნუ გადააყოლებ ახლა ერთ ზეფირს!_ ჩვეულად დამიცვა ნათიამ და თავისი ჯოხი გამომიწოდა._ რას ფიქრობ ნეტავ, სად დადიხარ მაგ შენს ოცნებებში?

მის სიტყვებზე გამეღიმა. ვიღაც მაინც იყო ჩემს მხარეზე, თუმცა კი არაფერი სჯეროდა იმისა, რასაც ვამბობდი. ფეხზე ავდექი და მეჩხერ ტყისპირს გავხედე.

_ გავივლი და მოვალ!_ ჩავილაპარაკე მოწყენილმა. სულ არ მაინტერესებდა იმ თეორიების მოსმენა, მაგდა რომ ლუკას მოსახიბლავად გეგმავდა.

_ შორს არ წახვიდე რა, ხომ იცი დედაშენმა..._ ხელი ავუქნიე ნათიას და პირდაპირ ტყისკენ გავაბიჯე.

_ თუ ყველაფერი ტყუილია, თუ არაფერი არ არსებობს იმის გარდა, რასაც ვხედავთ, ტყე საშიში არაა! ხომ ასეა?_ისე ვიკითხე, თითქოს ვიღაც უჩინარი მომყვებოდა გვერდით და ყურადღებით მისმენდა. უკან მოვიხედე. ცეცხლის პირას ისხდნენ ჩემი მეგობრები, სრულიად რეალურ სამყაროში ერთმანეთი ჰყოფნიდათ და ავსებდათ. მე კი? მე არასდროს მყოფნიდა საკუთარი რეალობა. მუდამ მაკლდა რაღაც, მაგრამ რა? ამაზე წარმოდგენაც არ მქონდა. ამოვიოხრე და ტყეში შევაბიჯე.

თანდათან მინავლდა კოცონის სინათლე და ტყე ხის ტოტებს შორის სვეტებად შემომძვრალმა მთვარის სინათლემ აავსო. მივუყვებოდი ვიწრო, გათელილ ბილიკს და რაღაც მიხაროდა, ჩემთვის გულში.

სრულებით მოულოდნელად ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ მარტო არ ვიყავი. გავჩერდი და სიჩუმეს მივაყურადე. ტყე ჩურჩულებდა. ჩემთვის სრულიად უცნობ ენაზე, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ის რაღაც ნაცნობ ამბავს ყვებოდა. თან თვალს არ მაცილებდა. ამ ტყეში მე ისეთი პატარა ვიყავი იმ წამს. ისეთი უსუსური. მას რომ მოენდომებინა ისე გადამყლაპავდა, როგორც ნატა იმ ფუმფულა ზეფირებს.

_ რას ამბობ? არაფერი მესმის!_ ჩავილაპარაკე მშვიდად. შიშს უფლება არ მივეცი ჩემი გულის კარი შემოეხსნა. _ არ მეშინია შენი!

ვუთხარი და ჯიუტად დავაბაკუნე ფეხი.

_ უკან გაბრუნდი!_ მომესმა უეცრად სრულიად ცხადად. აი ახლა კი შევხტი. უნებურად პირზე მივიფარე ორივე ხელისგული. თვალები სიბნელეს გავუშტერე. რაღაც სილუეტები მოძრაობდნენ ხეების მიღმა. ანდაც ქარი არხევდა ბუჩქნარს და მე ლანდებად აღვიქვამდი. მაგრამ ხმა?

_ არა! _გავაქნიე თავი ჯიუტად._ დამენახე!

კი არ ვთხოვე, მოვთხოვე.

_ დარწმუნებული ხარ, რომ ეს გინდა?_ ჩაეცინა ირონიულად.

_ შენი არ მეშინია!_ გავუმეორე წამის წინანდელი სიტყვები. ამ სიტყვებით მგონი საკუთარ თავს ვიმშვიდებდი, თორემ აშკარად ვგრძნობდი შიშის პულსაციას მარცხენა საფეთქელში. ცოტა ხანს დუმდა. მისი სუნთქვა ჩემს გარშემო მესმოდა. თითქოს წრეს მივლიდა. თანდათან მიახლოვდებოდა. მე კი აზრადაც არ მომდიოდა გავქცეულიყავი.

_ რატომ?_ მკითხა ინტერესით.

_ რა რატომ?

_ რატომ არ გეშინია?

_ რა აზრი აქვს? _ ამ კითხვაზე ისევ ჩაეცინა, მაგრამ ახლა უფრო მხიარულად.

_ ალბათ არა! _ მიპასუხა და ხეების ჩრდილიდან გამოვიდა._ მარატალია, ვერ გამასწრებ!

მუქარა არ ჟღერდა მის ხმაში. მხოლოდ სიმართლეს აღნიშნავდა, მართლა ვერ გავასწრებდი. ინტერესით დავაკვირდი. მხოლოდ უზარმაზარი კონტურები ჩანდა. ალბათ ადამიანი იყო ანდაც ადამიანს ჰგავდა. კაცივით ორ ფეხზე იდგა, ჩემზე მგონი სამჯერ მაღალი. მისი ჩრდილი ლამის ჩემს ფეხებამდე მწვდებოდა, მთვარის ნათელი ზურგს უკან ადგა და მისი სახე არ ჩანდა. მხოლოდ თვალები უელავდა მოწითალო ავი ალით.

_ ვინ ხარ?_ ვკითხე და ნაბიჯით უკან დავიხიე. ვიგრძენი, როგორ ჩაეღიმა.

_ ცას ახედე! რას ხედავ?_ მკითხა ჩურჩულით. ტყე დუმდა. ორივეს გვაკვირდებოდა და გვისმენდა.

მის სიტყვებზე ცას ავხედე. ვარსკვლავები კიაფობდნენ ცის თაღზე. ლურჯად, წითლად, მომწვანო ყვითლად. ვერ მივხვდი რა უნდა დამენახა ცაზე.

_ მთვარეს შეხედე!_ თითქოს ნამიოკობანას მეთამაშებოდა. მის თავს ზემოთ უზარმაზარი მოვარდისფერო მთვარე ენთო. გაოცებულმა მოვჭუტე თვალები. ნუთუ აქამდე ფერ შევამჩნიე მთვარის ეს უცნაური ელფერი?

_ სავსე მთვარეა!_ ვუთხარი და კვლავ მისი ნაკვერჩხლებივით მოელვარე თვალები მოვნახე.

_ მერე?_ მკითხა და უკან დაიხია.

_შენ..._ შიშმა მუცელი დამისერა. სისხლმა სხეულში ისეთი სისწრაფით იწყო დენა, რომ თავი ამტკივდა. _ შენ....

_ მე? ჰოო, მე!_ თავი უკან გადასწია და ...

ცხოვრებაში არასდროს გამეგონა ასეთი შემზარავი ხმა. ყურებზე ხელები ავიფარე და მუხლებზე დავეშვი. ბრაზი, ტკივილი და სევდა მარწუხებად შემომეხვია გარს. მისი ხმა გულიდან ამომსკდარ ავ სიმღერას ჰგავდა. თითქოს სამყაროს წყევლიდა და თანაც საოცარ სიამოვნებას განიცდიდა საკუთარი ტანჯვით. თითქოს ერთდროულად ტყვეც იყო და თავისუფლების ქარიც. თავი ავწიე და მის სილუეტს შევხედე. ოდნავ წელში გადახრილი იდგა, სახე მთვარისკენ მიეშვირა და მგელივით ყმუოდა.

_ შეწყვიტე, გთხოვ..._ ვიყვირე ძალა გამოცლილმა. მეტის ატანა აღარ შემეძლო. მისი ტკივილი ჩემზე ძლიერი იყო. რამდენიმე წამიც და გაჩუმდა.

_ წადი, უკან გაბრუნდი, აქ არ არის შენი ადგილი!_ მითხრა და ვიგრძენი, რომ საოცრად იყო დაღლილი. მობეზრებული და იმედგაცრუებული ხმა ჰქონდა. თითქოს სწორედ საკუთარ თავს უცრუებდა იმედს.

_ რა გქვია?_ ვკითხე და ....

გამეღვიძა. თვალი გავახილე და ჭერზე დაკიდულ სარკეს ავხედე ჯერაც გულაჩქარებულმა. ზემოდან ჩემმა თავმა ჩამომხედა. თვალებში შევხედე საკუთარ ანარეკლს.

_ რა გქვია?_ ისე მკითხა მან, თითქოს მე ვიყავი ანარეკლი და არა ის._ რა გქვია?_ გაიმეორა კითხვა და ცეცხლში გახვეული ხელები გამომიწოდა. შიშმა სხეულის ჯებირი გადმოლახა.

საკუთარმა კივილმა გამომაღვიძა. ახლა უკვე ნამდვილად...

_ რას აკეთებ მაგ მიყრუებულში, მოყევი აბა!_ ეკრანიდან ყველა ერთად მიყურებდა. ერთმანეთზე მიკრულები იდგნენ და ინტერესით აკვარკვალებდნენ ლამაზ თვალებს. ვიცოდი, ერთი სული ჰქონდათ, როდის ვიტყოდი, რომ შევცდი და აქ ყოფნა აღარ მინდოდა. გამეცინა. რაც აქ ჩამოვედი, ერთი წამითაც კი არ მინანია საკუთარი გადაწყვეტილება. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ისეთ მომენტს, როცა თავადაც ვერ მივხვდი რამ შემაშინა. რაღაც უაზრო კოშმარების და სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის გამო არ ვაპირებდი სასახლეზე უარი მეთქვა. მისაღები მოვათვალიერე და ყველაზე მოზრდილ შავ ტყავის სავარძელს დავადგი თვალი. დარბაზის შუაში პირდაპირ ბუხრის წინ რომ იდგა.

_ რას ვაკეთებ და ეს სავარძელი სვეტების დარბაზში უნდა გადავიტანო!_ ვუპასუხე მათ და სავარძლისკენ მივაბრუნე ეკრანი._ მაგრამ რამდენად გამომივა არ ვიცი!

_ რა ჯანდაბად გინდა იქ სავარძელი?_ გაიოცა ნინამ.

_ წიგნის წასაკითხად!_ გამეცინა მე კვლავ. _ რატომღაც ზაქარიას აზრად არ მოსვლია ამაზეც ეზრუნა.

_ და სხვაზე რაზე იზრუნა რომ?_ ჩამეკითხა მაგდა.

_შენ წარმოიდგინე და ყველაფერზე. დამატებითი გენერატორიც კი მოუტანიათ. საჭმლის მარაგი მგონი ერთი წლის სამყოფია! და კიდევ მთავარი!_ გამებადრა სახე._ ახლავე განახებთ, მოიცადეთ!

მობილურს ხელი დავავლე და ბიბლიოთეკისკენ გავიქეცი. ეკრანი კარისკენ მივაბრუნე და ხმამაღლა დავითვალე.

_ ერთი, ორი, სამიიი! სეზამ გაიღე!_ბიბლიოთეკის კარი გამოვაღე და სინათლე ავანთე. ვხედავდი, გაოგნებისგან როგორ მოეღრიცათ სახეები.

_ ვაუუუ! ეს რა ამბავია!_ ჩაილაპარაკა ნატამ._ ეს მგონი ექვსი თვე კი არა აღარასდროს დაბრუნდება უკან.

_ ნუ ჩხავი ყვავივით, თუ ქალი ხარ!_ მხარი გაკრა ხატიამ._ ამისგან თუ გამიკვირდეს გეფიცები.

_ ამას სულ ნატრობდა! მგონი ზაქარიამ ბავშვობის ნატვრა აუსრულა არა?_ ჩაეცინა მაგდას. ნათია დუმდა და ინტერესით აკვირდებოდა ჭერამდე აწვდილ წიგნის თაროებს.

_ შენ არაფერს იტყვი?_ ვკითხე ოდნავი ღიმილით.

_ არ ვიცი, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ საკუთარ ოცნებაში გადავარდი! მაშინებს ეს ყველაფერი ამა!_ ხმა სერიოზული ჰქონდა. რაღაც აწუხებდა, მაგრამ არ მიკითხია რა.

_ კარგი, თქვენ არ იდარდოთ! აქ კარგად ვარ! იმაზე კარგად, ვიდრე წარმოგიდგენთ!_ დავამშვიდე ყველა და მით უფრო ნათია.

_ წერა დაიწყე?_ მკითხა ნინამ.

_ ჯერ ვერ მოვიცალე! მაგრამ მაგის დროც მოვა. ნახავ, ისეთ რამეს დავწერ, შენც კი მოგეწონება!_ გოგოებს დავემშვიდობე. ბიბლიოთეკა გამოვიხურე და მხიარული ღიღინით წავედი იმ უზარმაზარ სავარძელთან საბრძოლველად.

იატაკის ღრჭიალით მივახოხებდი გრძელ დერეფანში სავარძელს და თან იმაზე ვწუხდი, იატაკს ხომ არ გააფუჭებდა მისი მასიური ხის ფეხები.

_ დამახრჩობს ზაქარია და ეგ იქნება! და სულ შენი ბრალი იქნება იცოდე!_ ხმამაღლა ვეწუწუნებოდი სასახლეს და დანებებას არ ვაპირებდი. ზურგით ვაწვებოდი სავარძელს, რომელსაც არაფრით სურდა მისაღების დატოვება.

_ სავარძელიც კი მებრძვის, ყოჩაღ! ვერაფერს იტყვი! მაგრად გყავს ეს საწ....ბი დაშინებული!_ ვცოფავდი სასახლეს ქანცგაწყვეტილი, როცა სავარძელი დარბაზის კართან მივაჩოჩე, როგორც იყო და არ იყო. კარის ორივე ფრთა გავხსენი და დირეზე წამოდებული ხის ფეხების აწევა ვცადე.

_ ერთი ის ტიპი მომცა ახლა, ვინც შენ აქ მოგიტანა და ნახავდი, ასპიტივით რომ გავუსრისავდი თავს!_ ახლა სკამის მომტანს გადავწვდი. _ რამსიმხიმე ხარ შე ჩემი ცოდვით სავსე!

დირეზე გადავახოხე და ისევ საზურგეზე მივაწექი. ახლა უფრო მძიმედ გასრიალდა მაგიდისკენ. დარბაზის იატაკი არც ისე სრიალა იყო, როგორც სასახლის. ბოლოს სასურველ ადგილას მივიტანე და გადაღლილი ჩავეხეთქე შიგ. ფეხები კი მაგიდის კიდეს შემოვაწყვე საკუთარი სიჯიუტით გაბრაზებულმა.

_ ესეც ასე! აბა ვის ეგონა, რომ დამამარცხებდა?_ ჩავილაპარაკე რიხით._ ახლა უკვე სიამოვნება იქნება შენთვის წიგნის წაკითხვა არა?!

მთელი დღე სასახლის დეტალურად დათვალიერებაში გავლიე. სასახლე კი არა სასტუმრო უფრო ერქვა ამას. სვეტებიანი დარბაზის და ბიბლიოთეკის გარდა, ყველაფერი თანამედროვე სტილში იყო გაწყობილი. არც სხვა ოთახების კარადების უჯრების გადმოტრიალებაზე მითქვამს საკუთარი თავისთვის უარი. მხოლოდ ზაქარიას საძინებელში ეწყო ნივთები. დანარჩენი ოთახები სწორედ სასტუმროს ნომრებივით ცარიელი იყო. მხოლოდ ის ნივთები შემხვდა, რაც უეცარი სტუმრობისას დასჭირდებოდა ადამიანს. პირსახოცები, თეთრეული და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები. ბოლოს, როგორც მოსალოდნელი იყო, იმ აკრძალული ფრთის კართან აღმოვჩნდი. ვიდექი დაკეტილი კარის წინ და საკუთარ თავს ვებრძოდი. მაინც რას გაიგებდნენ, ახლა რომ ამ ოთახის კარი შემეღო? ხელი სახელურს დავადე და ჩამოვწიე. უნდა გენახათ, რამხელა იყო ჩემი გაოგნება, როცა კარი გაიხსნა. სულ ერთი მილიმეტრით შევაღე და გავჩერდი. არა, ეს სწორი არ იყო! ისინი მე ამდენად მენდობოდნენ, რომ კარის ჩაკეტვა აზრადაც არ მოსვლიათ,მე კი? ხო აი მე კი რას ვაკეთებდი?! კარი სწრაფად გამოვხურე და კეთროვანივით მოვშორდი.

_ ამანიტააა!_ შევძახე ჩემს თავს._ აბა ახლა სამი ნაბიჯით უკან!

ვუბრძანე საკუთარ ინტერესიან მეს.

_ თუ ინტერესს ვერ ერევი, სხვა გასართობი იპოვნე! ადექი და გარეთ გადი!_ ისე დავმოძღვრე ჩემივე თავი, როგორც ამას დედაჩემი იზამდა. მორჩილი ჯარისკაცივით ზურგი ვაქციე დახურულ, აკრძალულ ოთახს და სამზარეულოსკენ გავეშურე. დანამდვილებით ვიციდი საკუთარ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ ტკბილეული ყველა ინტერესს ცოტა ხნით მაინც გამიქარვებდა. რამდენიმე ხანს უაზროდ ვიჯექი ჩირებიანი შოკოლადის მოზრდილ ფილას ვანადგურებდი და ტელეფონს ვსქროლავდი. არაფერზე ვაჩერებდი მზერას. უბრალოდ უთავბოლოდ ვუსვამდი თითს ეკრანს. რომ მოულოდნელად ერთმა სათაურმა მიმიზიდა.

„უცნობი მხეცის თავდასხმა ...._ში“

თვალები გამოვჭყიტე. სწორედ იმ მთის სახელი ეწერა, სადაც ახლა მე ვიყავი. ის საძულველი პირველი კომენტარი გავხსენი და სიახლეების პორტალს გადავყევი საინფორმაციო გვერდზე.

_თვითმხილველის ინფორმაციით, მთებში მიმავალ მაღალი გამავლობის მანქანას თავს უზარმაზარი დათვი დაესხა. მანქანა მოცურდა და მხოლოდ იღბალმა იხსნა მგზავრები ხევში გადავარდნისგან. იუწყებოდა პორტალი._ ავარია უმსხვერპლოდ დამთავრდა. თუმცა მანქანა საშინლად არის დაზიანებული. მგზავრები თავს მოჩვენებებზე მონადირეებს უწოდებენ და მთებში ძველი სასახლის გადასაღებად მიდიოდნენ.

რომელ ძველ სასახლეს გულისხმობდნენ ნეტავ? ნუთუ იმას, სადაც ახლა მე ვცხოვრობდი? მაგრამ რა მოჩვენებას ეძებდნენ აქ? მხრები ავიჩეჩე. ალბათ მორიგი თავგადასავლების მაძიებელი სულელი სტუდენტების ჯგუფი იყო.

სტატიას ფოტოებიც ახლდა თან. გავადიდე და ისე დავათვალიერე. ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე. მანქანას ცხვირზე ზუსტად ისეთი ბრჭყალების უზარმაზარი ნაკვალევი აჩნდა, როგორიც ზაქარიას მძღოლის მანქანას ჰქონდა მაშინ, როცა აქ ჩამოვედი. სურათი მობილურში ჩამოვტვირთე და თითები მაგიდაზე დავაკაკუნე. ვგრძნობდი, რაღაც კაშირში იყო ეს ორი შემთხვევა ერთმანეთთან, მაგრამ ფაზლის მხოლოდ ორ პატარა ნაგლეჯს ვხედავდი და მათი ერთმანეთთან დაკავშირება ვერაფრით შევძელი.

_ კითხვებს, რომლებსაც პასუხები არ აქვს, თავს ნუ აატკივებინებ!_ დავტუქსე საკუთარი თავი და სანამ დაღამდებოდა გასეირნება გადავწყვიტე. თბილად ჩავიცვი, ქუდი, ხელთათმანები და ნატოს მოქსოვილი ფერადი თბილი კაშნი მოვიხვიე და ეზოში გავედი. გულმა გარგულიებისკენ გამიწია. სწრაფი ნაბიჯით გავუყევი შადრევნისკენ მიმავალ თოვლით დაფარულ ბილიკს.

_ სალამი ბიჭებო!_ მივესალმე გაყინულ ურჩხულებს,_ აბა, როგორ ხართ? რა ამბებია თქვენთან?

დათოვლილი რქიანი თავები მზრუნველად გადმოვუბერტყე.

_ თქვენი იმედი მაქვს! აქ რომ მონსტრები დადიან, ჩემამდე არ მოუშვათ კარგი?_ ბედნიერად გავეკრიჭე „ჭკვიანს“._ რომ იცოდეთ, აქ რომ მეგულებით ტკბილად მძინავს, მართლა! კი არ ვიგონებ! ახლა გავისეირნებ, აი იქით. თუ მოგენატროთ ან აღარ დავბრუნდე, იქ მომძებნეთ, კარგი?

ხელი კოტეჯის საპირისპირო მხრისკენ გავუშვირე.

_ მალე დავბრუნდები! აბა დროებით ბიჭებო, არ მოიწყინოთ!_ მცივანას მხარზე ხელი დავუტყაპუნე და გეზი სასახლის უკანა ეზოსკენ ავიღე. მთელი დღე იყო აღარ თოვდა. თუმცა ეს ფაქტი თვალწინ გადაშლილ ხედს ვერაფერს აკლებდა. ჯადოსნური ტყე იყო. ენით აღუწერელი სილამაზის. მიწამდე დახრილი, თოვლისგან დამძიმებული ნაძვის ტოტები გვირაბივით საოცარ ტალანებს ქმნიდნენ. თოვლი მზეზე ჯადოსნურად ბრჭყვიალებდა. გზა და გზა სურათებს ვიღებდი და მგონი ცხოვრებაში პირველად ხდებოდა, რომ თავი ფიქრებისგან სრულიად ცარიელი მქონდა.

ხელთათმანები გავიხადე, ქურთუკის ჯიბეში ჩავიჩურთე და უზარმაზარ ტანმსხვილ დაკოჟრილ ხეებს თითებით ვეფერებოდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მათ ენერგიას ვისრუტავდი. სიმშვიდეს და მყუდროებას ვგრძნობდი. იმ მაღლობიდან, სადაც იმ წამს ვიდექი, სასახლე ზღაპრის წიგნის ფურცელზე დახატულს ჰგავდა.

_ ნეტავ ის ვინ იყო?_ გამიელვა უეცრად გონებაში მწვანეკაბიანმა გოგონამ. _ ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მას ვიცნობ.

ახლა ის კაცი გამახსენდა, მას რომ მიჰყვებოდა უკან, ხელში თოვლის გუნდით.

_ ლამაზი იყო!_ გავუღიმე საკუთარ ფიქრებში მის ლანდს._ სად მინახია შენი სახე?

დავიხარე და თოვლი ავიღე შიშველი თითებით. ცივი და სასიამოვნო იყო.

მას, ვისაც სიცივე არ უყვარს, მაზოხისტივით უგონოდ შეუძლია უყვარდეს ერთი მუჭა გაყინული ბედნიერება, თოვლის გუნდა რომ ქვია....

_გაყინულ თითებს რომ

ოცენების ფერი აქვს....

თოვს მხოლოდ ჩემთვის თოვს....

ხვალ ნუღარ ითოვებს._ გამახსენდა ის ძველი, ჩემთვის დაწერილი სიმღერა, ანდრე რომ მიმღეროდა ხოლმე. ანდრეს გახსენებაზე სევდა ვიგრძენი. რაც სასახლეში ვცხოვრობდი, ანდრე თითქოს ჩემი ფიქრებიდან მარსზე გადაცხოვრდა. მასზე აღარ ვდარდობდი. პრინციპში აღარაფერზე აღარ ვდარდობდი. ჰოო, ეს იმ წამს მეც უცნაურად მეჩვენებოდა. ალბათ სიახლე იმდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ჩემთვის, რომ საკუთარ წარსულზე სადარდებლად უბრალოდ ვეღარ ვიცლიდი. მართალი იყო ნათია, ახლა აქ რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ ისევ ანდრეას ლანდის დევნაში ვიქნებოდი....

ამ ფიქრებში გართული მივაბიჯებდი ლამის მუხლამდე თოვლში, დაღლილი ვიყავი და ოდნავ სუნთქვაც მიჭირდა უკვე, ის იყო უკან დაბრუნება გადავწყვიტე და უეცრად გაოცებული გავჩერდი. ტყის შუაგულში, ხეებისგან სრულიად ცარიელ ადგილზე შავად დაფერილი მოზრდილი ნანგრევები აღიმართა ჩემს წინ. უზარმაზარი ნაგებობა უნდა ყოფილიყო ოდესაღაც, ცალი ფრთა ჯერაც მყარად იდგა,ჩამონგრეული ქონგუარაც ზედვე შერჩენოდა. დანარჩენი აშკარად ხანძარს შთაენთქა. გამოფატრულ, ოდესღაც დიდებულ ნაგებობას ზედ შუაგულში არარსებული დარბაზებისკენ ამავალი ლამაზად დაკლაკნილი კიბე შერჩენოდა, ახლა ეს კიბე ისეთი უცნაური სანახავი იყო, თითქოს რაღაც უსასრულობაში მიიკლაკნებოდა. თითქოს რაღაც თვალით უხილავ სამყოფელში მიდიოდა და თავისკენ გიხმობდა, სახურავის ნაცვლად პირდაპირ ზეცაში. ნელა გადავაბიჯე დანგრეულ ზღუდეს და რაღაც მძიმე, მტკივნეული აურა შემოეხვია გარს. გული დამიმძიმა. კიბეს მივუახლოვდი და დამწვარ მოაჯირს თითები შევახე. წამით თითქოს რეალობას მოვწყდი. უცნაური მხიარული მელოდია გაისმა სადღაც გონების სიღრმეში. ფერადი ლანდები ისე აირია, თავბრუ დამეხვა.

საკუთარ თავს შორიდან ვხედავდი, უსე, როგორც საკუთარ სიზმარში. მაღლა ავიხედე და შებინდებული ცის ნაცლად უზარმაზარი ნათელი ბროლის ჭაღი რომ დავინახე, სულ ავირიე.

_ რა ჯანდაბაა?_ ჩავილაპარაკე გაოგნებულმა.

_ როგორც იქნა მოხვედი!_ მომესმა ლამის ყურის ძირში. შევკრთი და უკან მივბრუნდი. გაოცებამ, ტკივილმა, სიბრაზემ ამავსო. ჩემს წინ, არც მეტი არც ნაკლები, ანდრე უდგა, უცნაურრქარაც ბალ_მასკარადის ფორმაში გამოწყობილი. იდგა და ისე მიღიმოდა, თითქოს საერთოდ არ ახსოვდა რომ ათი წლის წინ ასე აუხსნელად მიმატოვა.

_ შენ?_ ამოვილაპარაკე დაბნეულმა. ჯერაც ვერ გავრკვეულიყავი რა ხდებოდა ჩემს თავს.

_ დღეს ჩემთან იცეკვებ?_ ხელი გამომიწოდა. ინსტიქტურად ავწიე თითები და მოულოდნელად ისე მკვეთრად გაისმა მისი სიტყვები. საოცრად ნაცნობმა ხმის ტემბრმა გულისფეთქვასავით გაიხმიანა ჩემს სხეულში. ამ ხმას ვიცნობდი... მაგრამ საიდან?! ნელა შევბრუნდი მისკენ. სინათლე მის სახეს უცნაური ჯადოსნური შუქით აბრჭყვიალებდა. მხოლოდ ჯიუტ ნიკაპს და ტუჩების მკვეთრ კონტურს ვხედავდი. თვალების ფერი სინათლის ბრჭყვიალში იკარგებოდა.

_პირველი ცეკვა ჩემია!_ ირონიული ხმა ჰქონდა, თავდაჯერებული და მტკიცე. ხელი გამომიწოდა და კიბეს ერთი ნაბიჯით ჩამოცდა._ საღამო მშვიდობისა ანდრეა! იმედია არ გვიწყენ?

აშკარად დასცინოდა. იცოდა, წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა.

_ რა თქმა უნდა, ტელიოს!_ავად ჩაიღრინა ანდრემ და ნაბიჯით უკან დაიხია. მისკენ მივბრუნდი, მსურდა მისი სახე დამენახა, ახლა პირველად ვიაზრებდი, რომ ის ვისაც სიზმარში ვხედავდი ანდრე სულაც არ იყო. და ის იყო მისი სახე უნდა დამენახა, რომ

მოულოდნელად თოვლის მოზრდილმა გუნდამ ცხვირწინ ელვასავით ჩამიქროლა. ყველა ლანდი თუ მოჩვენება გაქრა. სწრაფად შევბრუნდი და დავინახე, როგორ გაქრა ვიღაც ნაძვების დაბლა დახრილ ტოტებში. დაუფიქრებლად გავიქეცი მისკენ. არაფერზე მიფიქრია, არც საკუთარ უსაფრთხოებაზე. მხოლოდ ერთი სურვილი მქონდა, მას დავწეოდი, ვინც ასე თავხედურად მეთამაშებოდა უკვე რა ხანი იყო.

ვე რა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent