ხილვა
იმ საღამოს ჩემი მეუღლე გვიან დაბრუნდა, მე არ მეძინა, მას ველოდი და სავარძელში ჩამთვლემოდა კითხვისას. -რატომ დაიგვიანე? -ვმუშაობდი. -მარტო იყავი?-ვკითხე თითქმის ჩურჩულით, თითქოს მრცხვენოდა ამ შეკითხვის. -არა, ასისტენტთან ერთად… -ისევ ის მოკლე კაბიანი მეძავი!-ჩავილაპარაკე ვითომ ჩემთვის, თითქოს მსურდა არ გაეგო. ეფიქრა, რომ მის გასაგონად არ მითქვამს. ასეც მოხდა. თავი ისე დაიჭირა, გეგონება არც გაუგიაო, მაგრამ ომ ვიცი, რომ შესანიშნავად გაიგო? ვახშამი შევთავაზე. ზერელედ, ვიცოდი უარს მეტყოდა, არც ვცდებოდი. იუარა. დაღლილობა მოიმიზეზა. არც მე მივახშმია და მშიერი შევეხიზნე გაყინულ საწოლს. ძალიან მიყვარდა. ყველაზე და ყველაფერზე მეტად. ამიტომაც ვცდილობდი, ჩემი გაღიზიანება და ეჭვიანობა გულში ჩამეკლა და მისთვის ყოველთვის გამეღიმა, რაოდენ ძლიერადაც უნდა ეტკინა გული ჩემთვის. ჩემი წყენა კი არც ისე დიდი საქმე იყო. უყურადღებობაც საკმარისი იყო. აი, ის მოკლეკაბიან კი ჩემში უბრალოდ ბრაზს კი არა, ზიზღის პიკს იწვევდა, მას კი ეგონა რომ მსუბუქად ვეჭვიანობდი ვიღაც ქალზე რომელსაც ხვდა წილად პატივი, ზოგჯერ, ჩემზე მეტი დროც კი გაეტარებინა მის სიახლოვეს. ამ ფაქტზე ყოველთვის ეცინებოდა და როგორც პატარა ბავშვს, თავისი ტორებით მიჩეჩდა თმას. მე კი თავს იმით ვინუგეშებდი, რომ სადაც უნდა წასულიყო, ყოველთვის ჩემს საწოლში იღვიძებდა. მასთან თავს ბედნიერად ვგრძნობდი. განსაკუთრებით, მაშინ როცა მის მკერდზე მედო თავი და შემეძლო მისი გულისცემის მოსმენა, თუნდაც დარტყმების დათვლა. ეს კი ყველა ბრაზს მიქარწ....ბდა. უყურადღებობის ჩათვლით. “ნეტავ, ასე მოვკვდებოდე”- გავიფიქრე, მის გულ-მკერდზე სანთელივით მიღვენთილმა, იმ ღამეს. მეორე დღეს, ადრე გამეღვიძა. ჩვეულებრივზე მსუბუქად და თავისუფლად ვგრძნობდი თავს. ავდექი და ფეხშიშველმა დავიწყე ოთახებში ბოდიალი, როგორც მჩვეოდა. საათს დავხედე და მივხვდი, რომ ორივე ვიგვიანებდით. საწოლ ოთახში შევბრუნდი, მის გასაღვიძებლად.მუხლები მომეკვეთა და ღრიალი დავიწყე, რაღაც არაამქვეყნიურ ხმაზე. არავის ესმოდა, არც ჩემი ღრიალი და არც ქვითინი. თავი სიზმარში მეგონა. თმებს ვიგლეჯდი, მაგრამ ტკივილს ვერ ვგრძნობდი. საწოლზე ისევ ორნი იწვნენ, უფრო სწორად, ორნი ვიწექით. მე და ჩემი მეუღლე. მე, მის მკერდზე ტკბილად მიძინებული. ალბათ, სამუდამოდ. მივხვდი, გუშინდელი ნატვრა ისეთი გულწრფელი იყო, რომ ახდა… მართალია, იმ ორიდან სიცოცხლეგამოწოვილი მხოლოდ მე ვიყავი, მაგრამ მე ორივე მათგანი სათამაშო რობოტად მეჩვენებოდა. მაღვიძარამ დარეკა. ჩემი მეუღლე შეიშმუშნა, თმაში შემიცურა ხელი და მკითხა: -ძილისგუდავ, რატომ არ გღვიძავს? – როგორ არ მღვიძავს, ეგ მე არ ვარ, საყვარელო აქეთ მოიხედე!- ვყვიროდი საწოლთან ჩაჩოქილი. მას არ ესმოდა. ის მე კი არა, ჩემს უსიცოცხლო სხეულს ელაპარაკებოდა, თანაც ძილბურანში. ვერ გააღვიძა და თან ხელი თმიდან შუბლისკენ ჩააცურა. შეხებისთანავე გაიყინა, ისევე, როგორც ჩემი გვამი იყო გათოშილი და გაქვავებული, ალბათ. შეეშინდა და ხელი მკრა. -საყვარელო, ეს ხომ მე ვარ, მერე რა თუ მოვკვდი, ისევ მე ვარ რატომ გეშინია ჩემი სხეულის?- ტირილი მინდოდა მაგრამ არ შემეძლო ისევე როგორც ყვირილი. ამის, შემდეგ მხოლოდ რამდენჯერმე შემაჯანჯღარა. მე კი ვყვიროდი “არა ბარ მკვდარი-მეთქი”, მაგრამ სხეული არ იძვროდა. მერე სადღაც დარეკა და ვიღაცებს გაატანა მეორე მე. არც კი უტირია. მე ალბათ, მის ადგილზე საწოლშივე გავიფატრავდი თავს და მის გვერდით მოვკვდებოდი. მაგრამ ის მე არ იყო. კაცები ასეთებს ადვილად იტანენ. მეორე დღეს, ვარდისფერ სასახლეში ჩასვენებული მომიყვანეს. თითქმის ცარიელ სასტუმრო ოთახში დამდეს. იქ მხოლოდ სკამები და ჩემი საყვარელი მწვანე სავარძლები იდგა წრეზე. შუაში მეორე მე იწვა. ჩემს თავთან ერთი უშველებელი, ლენტაშემოხვეული სანთელიც ენთო. უცნაურია, მაგრამ ჩემი ვარდისფერი სასახლე ძალიან მომეწონა. სიკვდილზე ბევრჯერ მიფიქრია და მიყბედია კიდეც. ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მე მინდოდა ყოფილიყო. “ოჰ, რა კარგად მიცნობ საყვარელო” – ვუთხარი მეუღლეს და ლოყაზე მოვეფერე, მან ჩემი შეხება ისევე ვერ იგრძნო, როგორც ლაპარაკი არ ესმოდა. არადა, იმედი მქონდა, იგრძნობდა. შევცდი. სასახლე ღია ვარდისფერი იყო. ოდნავ მუქი ვარდისფერი საკურას ყვავილებით მოხატული. ალბათ, ძალიან ძვირი დაუჯდა. სასახლისთვის თავი არ აუხდიათ. ესეც ჩემი სურვილი იყო. ყვავილები არასოდეს მიყვარდა. ყველა ნაცნობთან მქონდა ხუმრობით ნათქვამი დაკრძალვაზეც კი მის ნაცვლად შოკოლადები მომიტანეთ-მეთქი. ასეც მოიქცნენ. სასახლე, ყვავილების ნაცვლად სწორედ მათში იყო ჩაფლული. რომ შემძლებოდა მათ საქციელზე გულიც ამიჩუყდებოდა, მაგრამ უგრძნობ რობოტად ვქცეულიყავი და ვხვდებოდი, რომ ყველა ემოცია, რომლის გამოხატვასაც ვცდილობდი სიცოცხლის გადმონაშთი იყო, და ხელოვნური ამავდროულად. ჩემს იგვლივ მსხდომთაგან ზოგი ტიროდა, ზოგიც უბრალოდ მოწყენილი, სევდიანი სახით იჯდა. მე მათი ფიქრების წაკითხვა შემეძლო. გაოცებული ვიყავი. ზოგი მტირალა სულ არ დარდობდა ჩემზე და სულ სხვაგან იყო გონებით, ზოგი სევდიანის დარდი კი მტირალაზე დიდი იყო. გავბრაზდი, რომ ამ ყველაფრის დანახვა სხვებს არ შეეძლოთ. ზოგი გარეთ იდგა და იცინოდა, მე მიხსენებდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ მომღიმართაგან ბევრი იმ ფარისეველ მტირალებზე მეტად მისაკლისებდა. ბედის ირონია… მე ჩემს სასახლეზე ვიჯექი და პატარა გოგოსავით, რომელიც მაღალ სკამზე შემოსვეს ფეხებს ვიქნევდი და ვღიღინებდი, რა მენაღვლებოდა, მაინც არავის ესმოდა. როგორც ჩანს, სიკვდილს შევეგუე. ახლა კი ხალხს ვაკვირდებოდი და ვმხიარულობდი ჩემთვის. მათ ტვინში ქექვისას იმედები ბევრჯერ გამიცრუვდა. მე მეგონა ყველას ვუყვარდი. როგორ მეპირფერებოდნენ და ვერ ვხვდებოდი. რა დამთმობი ვყოფილვარ. -ჰეი, შენ, ფიცრებში გამომწყვდეულო, ხედავ, როგორი სულელი იყავი? მეტის ღირსი ხარ და მიიღებ კიდეც, სულ მალე რამდენიმე მეტრის სიღრმის ორმოში ჩაგაგდებენ და ტონობით მიწას დაგაყრიან, ისე თვალსაც არ დაახამხამებენ! ესეც შენ! მიიღე საზღაური შენი უმეცრებისა…- სასახლეს ვუკაკუნებდი და ირონიულად ვიღიმოდი, არა, კი არ ვიღიმოდი ვხარხარებდი… ეს მე არ ვიყავი. ეს ჩემი ბოღმა იყო წლების მანძილზე ჩუმად, ლუკმა-ლუკმა ჩაყლაპული და ბნელ კუთხეში მიმწყვდეული. როგორც ჩანს, სულის გათავისუფლებასთან ერთად, ისიც გამომექცა. იქვე ერთ კუთხეში, ჩემი მოსწავლე იჯდა. ყურადღებას არ იქცევდა. მაგრამ მისი თვალიდან გადმოვარდნილი და ჩულად გალოკილი ერთი ცრემლიც კი ყველა იქ მჯდომისაზე მძიმე და ტანჯვით გაჟღენთილი იყო. დროდადრო მე მიყურებდა. განსაკუთრებით მაშინ როცა სასახლეს მუშტებსა და წიხლებს ვურტყამდი. მე მიყურებდა, უხილავ მეს, პირდაპირ თვალებში. ერთი წამით ვიფიქრე მხედავს-მეთქი მაგრამ ახლა მისთვის არ მეცალა, ჩემს მეუღლესთან გავედი გარეთ, სადაც ვიღაცებს ართმევდა ხელს. შევამჩნიე, რომ ყველა სარკე ან ამობრუნებული იყო ან რაგაც ჰქონდა ჩამოფხატებული. ისევ ირონია მომეძალა და გავიფიქრე ” ოჰ, ეს ცრუ რწმენები”. რა სიამოვნებით ჩამოვგლეჯდი, ჩემს სარკეებს იმ ძონძებს, რომ შემძლებოდა, ვერც კი წარმოგიდგენიათ. დერეფანში სიურრიზმა არ დააყოვნა, ის მოკლეკაბიანი მეძავი დავინახე, თავი ჩემი ქმრის თანაშემწე რომ ეგონა. “საზიზღარო” – სახე სახესთან მივუტანე და მივაყვირე. რამდენ ხანს მინდოდა ამის გაკეთეBა, არცისე ძნელი ყოფილა. მერე რა რომ ვერ გაიგო, მაინც მესიამოვნა. მხოლოდ მან მოიტანა ყვავილები. ისიც კი არ იცოდა, შოკოლადი რომ უნდა მოეტანა. სულელი ქერათმიანი! ჩემს მეუღლეს ჩამოეკიდა კისერზე და ნიანგის ცრემლები აფრქვია, სხვებს რომ დაენახათ. მე ხომ ვხედავდი რა ბედნიერი იყო ახლა, როცა გზაზე აღარ ვეღობებოდი? მართალი ვიყავი, მეუღლე მღალატობდა. არც იმაში შევმცდარვარ ვისთან. ძალიან მომინდა ამ გრძელთმიანის თმებით თრევა ჩემი სასახლის გარშემო, თან იმხელა თმა ჰქონდა, სამჯერ მაინც შემოვიხვევდი მაჯაზე, კარგი მოჭიდებისთვის. თუმცა ყვირილისა და გალანძღვისაგან განსხვავებით, ეს ნამდვილად არ შემეძლო. იქნებ, შემეძლო კიდეც, უბრალოდ არ ვიცოდი როგორ… ცოცხალი რომ ვყოფილიყავი, უდაოდ გული ამერეოდა მათი ყურებისას. ახლა კი არაფერს ვგრძნობდი. სასტუმრო ოთახში შევბრუნდი და ისევ იქ ჩამოვჯექი. აღარც ფეხებს ვიქნევდი და აღარც ვღიღინებდი. მოვიწყინე. *** დაკრძალვის დღე. რა კარგი ყოფილა სიკვდილი, რამდენი რამ გავიგე. 4 მამაკაცს მივყავდი მინდორ-მინდორ. ჩემი სხეულიც და მეც მის თავზე შემოსკუპებული. ერთ-ერთი ჩემი მეუღლე იყო. წიხლებს ვუთავაზებდი დროდადრო მოღალატეს. მერე რა რომ ვერ გრძნობდა? ჩემი მოსწავლე ისევ არ მაცილებდა თვალს და ყველა წიხლზე რომელსაც მეუღლეს ვურტყამდი ეღიმებოდა. “მხედავს!” -გავიფიქრე და შევშფოთდი. ამას არ ველოდი. ახლოს მისვლის შემეშინდა, ვაიდა მართლა მხედავდეს-მეთქი. სასაცილო ის იყო, რომ ყველა ფიქრობდა, მე სადღაც შორს ვიყავი და შეეძლოთ ჩემზე რაც უნდოდათ ის ეფიქრათ, არადა მე მათ ზემოდან დავცქეროდი, მათ ბინძურ აზრებში ვძვრებოდი და გულიც ამერეოდა, რომ არა… ხომ იცით, რაც… მიწაში ჩამფლეს… (ამოისუნთქეს დამშეულებმა) ყველა წავიდა… ყველა, ჩემი ერთადერთი ჭეშმარიტი ჭირისუფლის გარდა. ჩაჩოქილიყო მიწის გორგალთან და ცხარე ცრემლით ტიროდა, ამჯერად მისი ცრემლები უწინდებურად ჩუმი აღარ იყო, ახლა თავისუფლად შეეძლო ეღრიალა ბოლო ხმაზე და ამას ვერცერთი ჩემი ახალი მეზობელი ვერ დაუშლიდა, როგორც უნდა შეწუხებულიყვნენ მაინც. მივუახლოვდი. -არ იტირო, პატარავ… -არ, წახვიდე და არ ვიტირებ…- უკანმოუხედავად მიპასუხა, შოკში ჩავვარდი, მას ესმოდა ჩემი, ის მხედავდა მე. მომინდა გამეგო, შეხებასაც თუ იგრძნობდა, უნებლიედ გამექცა ხელი მისი მხრისკენ და სანამ ამას გავაკეთებდი, თავადვე შემობრუნდა, ისე რომ ფეხზე არ ამდგარა და ასე მუხლმოყრილი ჩამებღაუჯა. მხედავდა… ესმოდა… მგრძნობდა… -მიყვარხართ… დარჩით ჩემთან სამუდამოდ…- სლუკუნით ამბობდა თვალგაუხელლად, მუხლებზეშემოჭდობილი არაამქვეყნიურ მეზე… მომინდა, მეთქვა მეც მიყვარხარ-მეთქი, მაგრამ სიკვდილის შემდეგ პირველად ვიგრძენი გაუსაძლისი ტკივილი მკერდში, რომელსაც თან ახლდა მთელი სხეულის აუტანელი ქავილი. თვალთ დამიბნელდა. აღარც მისი ხმა მესმოდა. როცა თვალები გავახილე, მოღალატე მეუღლის გულზე მედო თავი და ზუსტად ის დღე იყო, მე რომ მოვკვდი. “სიზმარი ყოფილა” – გავიფიქრე და საბნის პირით ცივი ოფლი მოვიწმინდე. ისევ ფეხშიშველი ავბოდიალდი. ზამზარეულოში ელექტრო ჩაიდანი ჩავრთე და ისევ საძინებელში დავბრუნდი. ტელეფონს დავხედე, უამრავი გამოტოვებული ზარი და ერთადერთი მოკლეტექსტური შეტყობინება დამხვდა. ყველა ჩემი “სიზმრის” გმირისგან იყო. “ცუდი სიზმარი ვნახე თქვენზე, გთხოვთ გამაგებინოთ, რომ კარგად ხართ”. თითქოს თავში ურო ჩამცხეს. ისეთი რამ გავაკეთე, რასაც აქამდე არც კი გავიფიქრებდი. მეუღლის უახლესი “ნოკია” გადავქექე. გამეღიმა. მაღვიძარა გავთიშე, რომ არ დაერეკა და მისი დღე არაჩვეულებრივად დაწყებულიყო, არავითარი ყავა საწოლში, არც საუზმე და რაც მთავარია, დაგვიანება განუსაზღვრელი დროით. ტელეფონი საწოლზე დავუგდე და მშვიდად წავედი სამსახურში. გავეყარე… ავტორი: ანო სანებლიძე (მადამ ფისუნია) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.