მიმიფურთხებია
ახლა უკვე დიდი ვარ, ანუ უბედური. ხოდა რაღაცნაირად, ამ კვირა დღეს, მომინდა, რომ ჩემს ბავშვობაზე დამეწერა, ბავშვობაზე, რომელიც არ მქონია. ჩემი იმ დროინდელი მოგონებების გახსენება, ყოველთვის მთრგუნავს. ვინ იცის, იქნებ ახლა ბედნიერი ვყოფილიყავი ჩემი თინეიჯერობა რომ არ მახსოვდეს? ვინ იცის კი არა, ჭეშმარიტებას ვამბობ, ბავშვობაა ყველაფრის მიზეზი და ამას, მგონი ფროიდიც ადასტურებს. ისევე, როგორც ყველას, მრავალფეროვნება მიყვარს, თუმცა უკვე კარგა ხანია ერთფეროვნებამ მშთანთქა. ჩემი ამჟამინდელი საშინელი მდგომარეობა უკვე გითხარით რისი ბრალიცაა. ხოდა არამგონია ჩემი შველა რამეს შეეძლოს, გარდა ამნეზიისა. ამნეზია მომანიჭებდა ცხოვრების ხალიისს, ისეთ გრძნობას დამიტოვებდა, თითქოს თავიდან დავიბადეო, თუმცა ისიცაა აუცილებელი, რაღაც გახსოვდეს, რაც, დაძინებამდე, მეორე დილისთვის გაძლიერებს. სიმართლე გითხრათ პირადად მე არ მჭირდება ის მოგონებები, რომლებიც არათუ მაძლიერებენ, არამედ პირიქით, მასუსტებენ. ჩემი სისუსტის გამოვლინება, მეგობრებო, ნელი სიარულია, თითქოს უგრძნობი ლეში ვიყო. მგონი ეს მელანქოლიის გამოვლინებაცაა, თუმცა არა, შორს ვარ იმ განცდისგან, რასაც მელანქოლიას უწოდებენ, მე უფრო სირცხვილის გრძნობა მტანჯავს, რომელიც ადრეულ ასაკში დამეუფლა და ჯერაც არ მომკვდარა. ხოდა, მომკვდარიყო, რა იქნებოდა, მოვისვენებდი და მხოლოდ ეს. მოვისვენებდი და რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახიც იმაზე მეტად მეყვარებოდა, ვიდრე ახლა, არაფერს ვამბობ შეუცნობელ სამყაროზე, რომელზე ფიქრშიც გადის ღამეები, ხანგრძლივი, მტანჯველი ღამეები და პასუხები, როგორც ყოველთვის, არც ახლაა და არც ხვალ იქნება. პასუხები არასდროს იქნება–მეთქი გეუბნებით, რადგან რეალისტი ვარ. ეს არის რეალობა, ან უბრალოდ ვცდები, რაც ნამდვილად სავარაუდოა. არის იმის შესაძლებლობა, რომ უბრალოდ არასწორად ავღვიქვამდე სამყაროს. ხო, ან მე ერთი ვცდები, ან მთლიანი კაცობრიობა. ხოდა როგორც ჯანსაღი ლოგიკის მქონე პირი, ყოველთვის ვუშვებ, რომ შესაძლოა ვცდები. მყავს ულამაზესი ქალიშვილი და ასევე ულამაზესი ცოლი, რომელიც ყოველდღიურად მეხმარება იმაში, რომ დავინახო მზე, როგორც ასეთი. ამას ვაფასებ, მაგრამ ჩემი სული მაინც ჯიუტობს და იმ სიმძიმეს არ კარგავს, რომელიც ქარიან ღამეებში ძილის უფლებას არ მაძლევს. (ჩემთან კი, მეგობრებო, ყოველი ღამის დროს ექსტრემალური გრიგალი უბერავს.) ისევ ისე, როგორც წლების წინ, დავდივარ ნელა, სამსახურიდან სახლში, ხან პირიქით, სახლიდან სამსახურში, რაც ჩვეულებრივზე მეტად მთრგუნავს. რას ვაკეთებ წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა ერთი ვიცი, ხალხს ვესაუბრები, უფრო ხშირად კი ვატყუბ, რათა ჩემი ყოველთვიური გეგმა არ ჩავარდეს და პროდუქცია გაიყიდოს. რატომაც არა? თანახმა ვარ ხალხი ყოველდღიურად ვატყუო იმის გამო, რომ ჩემს ასეთ მშვენიერ ოჯახს, არაფერი მოაკლდეს. ეს ჩემი მხრიდან უფრო გმირობას უტოლდება, თუმცა ამის დანახვა და აღნიშვნა, რა თქმა უნდა მხოლოდ მე შემიძლია და ხანდახან, ჩემს ცოლსაც, თუ კარგ ხასიათზე იქნება. ჩემს გარშემო მყოფეფს, ოჯახს, მეგობრებს, თანამშრომლებს და რაც მთავარია, უფროსს, მხოლოდ ხელფასის დღის დანახვა სძალუძთ, სხვა არაფრის. მაგალითად ისინი ვერ ხედავენ ჩემ ყოველდღიურ მოგზაურობას, სახლიდან მეტრომდე, მეტროდან კი სამსახურში. ვერ ხედავენ როგორი მძიმე და ნელი ნაბიჯები მაქვს. ვერ ხედავენ, ჩემ დანახულ მზეს და საერთოდ მთლიან სამყაროს, უფრო გასაგებად რომ ვთქვა, უსასრულო სივრცეს. იცით რამხელაა უსასრულო სივრცე? უსასრულო, ისევე როგორც ჩემი სულის წამება. წამება–მეთქი გეუბნებით და არ იფიქროთ, რომ ვაჭარბებ, პირიქით, შეიძლება მსუბუქად გიღწერთ იმას, რასაც ვგრძნობ, რადგან მთლიანად ჩემი გრძნობების სხვისთვის გაზიარებისთვის, ენა ვერასდროს მეხმარებოდა, ვერც ეს კალამი, ოც თეთრიანი, თუმცა ფასს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია მელანი. ხოდა ამას გეუბნებით, ყველაფერი მაქვს ბედნიერებითვის, მაგრამ მე მაინც უბედური ვარ, ახლა კი მოგახსენებთ ამბავს, რომელიც ფროიდის ლაყბობის გამო გამოვქექე და კარგად დამახსოვრებული, ჩემდა საუბედუროდ ისევ დავიმახსოვრე. მე ბოლო, მეოთხე ოთახს ვათვალიერებდი, დედაჩემი კი ყუთიდან ფრთხილად იღებდა საფრანგეთიდან ჩამოტანილ სუვერინებს და თაროზე ალაგებდა. ამ დროს მე მეოთხე ოთახი უთქმელად მივისაკუთრე. მომეწონა მზის დამაბრმავებელი სინათლე, რომელიც ფანჯრიდან იჭრებოდა და მთლიან ხის იატაკს, უფრო და უფრო აბრწყინებდა. შემდეგ შევხედე იმ ადგილს, სადაც კომპიუტერი უნდა დამედგა და მაშინვე გადავწყვიტე: „ნათურას ვიყიდი, რომელიც ღამ–ღამობით ოთახს წითლად გააანათებს–მეთქი.“ (მსგავსი ნათურის ყიდვა წინა სახლშიც მინდოდა, მაგრამ მოგეხსენებათ, რა ფიქრიც არ უნდა გაგაჩნდეთ, ვიდეო თამაში დაგავიწყებს.) მაშასადამე, სურვილისამებრ ოთახში, ხანაც მზის სრულყოფილად თეთრი სინათლე დაისადგურებდა, ხან კი, რაც მეტად სავარაუდო იყო, სიბნელე და მკრთალი, წითელი ნათება. ეს ჩემს გარშემო მომხდარ ამბებს დამავიწყებდა, თუ რა თქმა უნდა ამის ფონზე, რომელიმე, ჩემთვის საშიშ ვიდეო თამაშს ვითამაშებდი, მაგალითისთვის, როგორიცაა “left 4 dead” და “FEAR” “ხანდახან საშიშ ფილმებსაც ვუყურებ–მეთქი“ გავიფიქრე თუ არა, დედაჩემმა უკანასკნელი სუვერინი მოათავსა თაროზე და მკითხა: – აბა, – ვერ ვხედავდი, მაგრამ თუ მისი ხმის ტემპით ვიმსჯელებ, აშკარად რაღაც მძიმეს ექაჩებოდა – ლუკა, როგორ მოგწონს ახალი სახლი? – ახალი სახლიო ისე თქვა, თითქოს ჩვენი ყოფილიყო. – არის რა. – ვუთხარი – მთავარი სკოლაა. გააჩნია როგორი იქნება სკოლა. – სკოლა კარგი იქნება. – ისე მითხრა, თითქოს ამაში ასი პროცენტით დარწმუნებული ყოფილიყოო და რაღაც მძიმის თრევა, ისევ ისე განაგრძო, როგორც მანამდე, სანამ საუბარს დაიწყებდა. ჩემი ოთახიდან, (თუმცაღა, ოთახის თაობაზე იმ დილას დედაჩემს არ შევუთანხმდი ისე მივისაკუთრე.) ლამაზი ხედი იშლებოდა... ან, საშინელი ხედი, ჩემთვის კი პირიქით, თუმცა როგორ უნდა დავარქვა დაუსახლებელ მთებს საშინელი? სამაგიეროდ მთებზე ერთ ხეს კი არა, ბუჩქსაც კი ვერ მოძებნიდით, რაც, რაღაც მხრივ უფრო მშვენიერს ხდიდა. სხვა დღეებზე არაფერს ვამბობ, თუმცა იმ დილას, ვინატრე, სალაშქრო აღჭურვილობა მქონდეს, სახლიდან უმალვე გავიქცეოდი და რამდენიმე დღით დავსახლდებოდი იმ მთებში–მეთქი. შემდეგ ეს ნატვრა არარეალურად მომეჩვენა და რაღაც სიბრძნე გამოვიგონე, ვითომდა ლამაზი ადგილისთვის მხოლოდ ყურება იყო დაშვებული, მისვლა – არავითარ შემთხვევაში, – ეს კანონია ლუკა, დაუწერელი კანონი. – გავიფიქრე და იმ სახლის წინა პატრონის დატოვებულ ლოგინზე მკვდარივით დავეცი. – კანონი, – გავიმეორე – ლუკა, კანონი! ჩემი ოთახის ჭერი მომეწონა, სადაც, თუ სწორად გამიგებთ გეტყვით, ქაოსი აღიბეჭდებოდა. ხო, ასე, უხსოვარი დროიდან შემიძლია კედელზე, ან ნახატზე დავინახო ის, რაც მე მსურს. უფრო მარტივად რომ გაიგოთ გეტყვით, ჰალუცინაციები მაწუხებდა, თუმცა, მაწუხებდა არ უნდა მეთქვა. მე ჰალუცინაციები გამაჩნდა, – ესე ჯობია. ხოდა მაგალითად თუ თქვენი სახლის კედლებზე ყვავილები ხატია, მე, ბავშვობაში ყვავილის მაგივრად დავინახავდი იმას, რასაც მოვისურვებდი, კაცის თავი, ცხენის ტანი, ირემის რქები, ა.შ. და ა.შ. თუმცა ხანდახან ისეთ რაღაცეებსაც ვხედავდი სიბნელეში, მიკვირდა, ნუთუ ეს ჰალუცინაცია ჩემი არჩეულია–მეთქი? „ალბათ ქვეცნობიერის“ – ვიტყოდი ხოლმე, გულში, და ვმშვიდდებოდი. ხოდა იმ დილას, როცა მკვდარივით წამოვწექი არც ისე კომფორტულ ლოგინზე, ჭერზე სამი, სახე დამალული პირი შევნიშნე, რომლებიც, უკვე კარგა ხნის გაკრულები იყვნენ ჯვარზე. ხომ ხვდებით, ჭერზე გოლგოთა დავინახე, წარმოვსახე... თუ რაც გინდათ ის დაარქვით. „ჯანდაბა, ღამე რაღა დამაძინებს–მეთქი“ – ჩემს თავს გავეხუმრე, თუმცა, ამ ხუმრობაში უფრო მეტი სიმართე ერია, ვიდრე ტყუილი. „რაღა დამაძინებს და კომედიური ფილმები–მეთქი“ – მტკიცედ გადავწყვიტე, უფრო სწორად ჩემს თავს იმის უფლებას ვაძლევდი, რომ იდიტობა გამეფიქრებინა იმ შემთხვევაში, თუ სხვა იდიოტური ფიქრი გადამავიწყდებოდა. ხოდა დამავიწყდა გოლგოთა და ქაოსის გამომხატველ ჭერის ყურებაში, ტკბილად ჩამეძინა, თუმცა დაძინებამდე კარგად გავიაზრე, რომ მალე უნდა გამეღვიძა, უფრო სწორად დედაჩემი მალე გამაღვიძებდა. მამაჩემი პოლიციელებს ისევე ვერ იტანდა, როგორც მე ბავშვობისას ბორშსს, მაშასადამე, ჩვენს ოჯახში ვამბობდით ძაღლს, და არა პოლიციელს, რაც სასაცილოდ ჟღერდა, თუმცა მხოლოდ ჩამოყალიბების ჟამს გავიგე, რომ მამაჩემი არასწორად მზრდიდა ჯერ მხოლოდ იმის გამო, რომ ყველას ერთ ქვაბში მახარშინებდა. – ლუკა, – მეუბნებოდა ხოლმე – არასდროს დაიხიო უკან. თუ ვინმე რამეს გაწყენინებს, ყველაზე დიდი ქვა იპოვნე და თავი გაუჩეჩქვე იმ ნაბიჭვარს! უკან დახევას, ან ცრემლების ღვრას ჯობია ერთი მაგრად გცემონ და არც შენ დააკლო, გინება მაინც, შვილო. შენ უბრალოდ დაარტი და მორჩა! მერე მოდი ჩემთან და დაწყებულ საქმეს მე დავამთავრებ. გასაგებია? შენ უბრალოდ დააარტყი. უკან არ დაიხიო, ეს ლაჩრობაა! ასე მხოლოდ ლაჩრები იქცევიან! ნებისმიერ კაცს, სივაჟკაცე მართებს! მიპასუხე ლუკა, რა არის სივაჟკაცე? – მამა, სივაჟკაცეა როცა დავარტყამ. – დაარტამ და თან როგორ, ისე, რომ მეორეჯერ აღარ მოგიწიოს. გასაგებია? შენ მხოლოდ ერთი რამ გმართებს, გაწყენინეს? თავი გაუჩეჩქვე! გასაგებია? რამის შეგეშინდება? იმოქმედე! გეტკინება? იმოქმედე! ტირილის სურვილი გაგიჩნდება? იმოქმედე! თუ ჩათვლი, რომ შენი მოწინააღმდეგე აშკარად შენზე ძლიერია და მასთან ჩხუბს აზრი არ აქვს, დაუყოვნებლივ იმოქმედე! აბა, რა უნდა ქნა თუ ვინმე გაწყენინებს? – თავი უნდა გავუჩეჩქვო, მამა. – და თუ ეს არ შეგიძლია? – უნდა შევძლო. – აი ეს ჩემი შვილია. – სიამაყით იტყოდა დარიგების დასასრულს და დედაჩემს თავ აწეული გახედავდა ხოლმე – ჩემი შვილი! თუმცა, რა თქმა უნდა არავისთვის არასდროს არ გამიჩეჩქვია თავი მიუხედავად იმისა, რომ ამის ღირსი უამრავი იყო თუნდ უბანში, ან, სკოლაში რა თქმა უნდა, არაფერს ვამბობ უნივერსიტეტში და ახლა, ჩემს სამსახურში. მამაჩემს მხოლოდ იმიტომ ვეთანხმებოდი ყველაფერში, რომ მალე დაესრულებინა არაფრის მომცემი დარიგება. როგორც ძველი თაობა იტყოდა, ერთ ყურში ვუშვებდი და მეორედან გამომქონდა, თუ როგორც არის, დალახვროს ეშმაკმა. მაგრამ მამაჩემმა ერთი კარგი რამ გადმომცა, „SISTEM OF DOWN” – ი. წარმოგიდგენიათ ცამეტი წლის ბავშმა როგორ შეიძლება გააფანატოს ამ ჯგუფზე? მე კი, რაღა თქმა უნდა. ისე, საკვირველია, ოთხმოცდაათიანებში აღზრდილ, „ქუჩური“ ცხოვრების კაცს რატომ მოსწონდა “SISTEM OF DOWN” – ი. მერე მოკვდა, ხო, მამაჩემი, რაზეც, თქვენ წარმოიდგინეთ, დედაჩემისგან განსხვავებით გული დამწყდა. ხო, დედაჩემმა მოისვენა, აღარავინ იყო მისი გამამწარებელი, მცემელი. აღარც მე მომიწევდა ყოველღამე საპირფარეშოში დამალვა, რომ მათი ყვირილი აღარ მომესმინა, – ამან კი გამახარა, მაგრამ, ჯანდაბას გამწარება, ის ხომ მამაჩემი იყო, არა? თანაც მისი დაკრძალვის დროს მისი ცუდი თვისებები საერთოდ აღარ მახსოვდა. მისი სიკვდილის საღამოს გონებიდან ვერ ვიგდებდი, როცა ორმა შავსამოსიანმა კაცმა, მანქანაშივე დაცხრილა. – დედა, – შევყირე, როცა ცამეტი წლის ვიყავი – მამა მოვიდა. – და ფანჯარას ვეღარ ვცილდებოდი. მამა მოდიოდა თავისი დანჭყრეულ დაჟანგული ძველი „მერსედესით.“ მანქანიდანვე ამომხედა, გამიღიმა და მოულოდნელად, ბუმ! ბუმ! ბუმ! – დაცხრილეს, ის საცოდავი, დაცხრილეს. მე კი მარცხენა ხელზე ვიჩქმიტე, მალე გამეღვიძოს, კოშმარულ სიზმარში ვარ–მეთქი. არ გამღვიძებია. ბედის ირონიაა–მეთქი არ ვიტყვი, ბედის არ მჯერა, თუმცა ფაქტია, დედაჩემმა უმალვე საყვარელი გაიჩინა, და თან ვინ? პოლიციელი. თავიდან მალავდა, მეც არაფერს ვეუბნებოდი შავ მანქანიან ტიპზე, რომელიც ყოველღამით, ჩემი ძილის დროს, სახლის წინ ჩერდებოდა. რომც მეკითხა, ვინ არის–მეთქი, მოკლედ მიპასუხებდა, მეგობარიაო და თავს ამით დაიძვრენდა. მგონი, თუ არ ვცდები, ერთხელ მითხრა კიდეც, მეგობარიაო. დავიჯერე თუ არა? გადავტრიალდი და დავიძინე, ანუ დაჯერებაზე, ან არ დაჯერებაზე მეტად, გავბრაზდი. სიმართლე ვთქვა მისი ტყუილი უფრო მწყინდა, ვიდრე მისი საყვარელი... ერთადერთი რაც შეიძლება მწყენოდა მის საყვარელთან დაკავშირებით, მისი პროფესია იყო, რა თქმა უნდა მამაჩემისგან გამომდინარე, – ძაღლი, ძაღლი შეუყვარდა დედაჩემს, მამაჩემი კი, თუ არ ვცდები ამ მხარესთან დაპირისპირებული იყო. ან ვინ იცის, იქნებ პოლიციელებმა დაცხრილეს? მოკლედ, რამდენიმე წელში ის შავმანქანიანი პოლიციელიც გავიცანი. იმაზე ცუდი ტიპი იყო, ვიდრე საღამოობით, ფანჯრიდან ჩანდა, თუმცა ჩემთვის არასდროს არაფერი დაუშავებია, რასაც მამაჩემზე ვერ ვიტყვი. თექვსმეტი წლის ვიყავი მაშინ, როცა ახალ გადასულ სახლში, ჩემს ოთახში დილით ჩამეძინა. მეორე დღის დილას სკოლაში წავედი. ნისლიანი დღე გათენებულიყო და გარშემო ყველაფერი, მისტიკას მახსენებდა, თუმცა სკოლაში უარესი მელოდა, რასაც გაღვიძებიდან ვიაზრებდი. უარესი–მეთქი რომ ვთქვი, ალბათ მიხვდებოდით, ჩემი იმჟამინდელი შემაწუხებელი კომპლექსები ვიგულისხმე. სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ კლასზე და იმ ოცდაათამდე ბავშვზე, რომლებიც ცოტა ხანში გამაღიზიანებლად მომაშტერდებოდნენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სკოლიდან სკოლაში, პიველად გადავდიოდი, ეს იგივეა, კომპლექსიანი ადამიანი იდგეს სცენაზე და გრძნობდეს მინიმუმ ოცდაათი ათასი მაყურებლის მზერას... შეიძლება ცოტას ვაჭარბებ კიდეც, დალახროს ეშმაკმა. როგორც არის, დირექტორი გავიცანი და სწავლის შესახებ გამომკითხა. მას პასუხებს არა მე, არამედ დედაჩემი სცემდა, რაც, მგონი უხერხულ მდგომარეობაში მაგდებდა. დირექტორი თუ მკითხავდა „რამდენი წლის ხარ?“ პასუხის გაცემას, დედაჩემი მასწრებდა „თექვსმეტისაა.“ რამდენჯერმე კი ვანიშნე, გაჩუმდი, მე ვუპასუხებ–მეთქი, მაგრამ ვერ გაიგო. დირექტორისა და დედაჩემის ნახევარსაათიანი დიალოგის შემდეგ, როგორც იქნა კაბინეტიდან გამოვედით. გამოსვლამდე, დირექტორმა წარმატება მისურვა, მე კი თავის დაკვრით მადლობა გადავუხადე. – ა კლასი – მოგვაძახა მან. – ა კლასი, მესამე სართულზე, კარი პირველი, საპირფარეშოს გვერდით. – საპირფარეშოს გვერდით, კლასები ყოველთვის ყარს, მაგრამ არა იმდენად, რომ ვინმე ამაზე აწუწუნდეს. მესამე სართულზე ასვლას წუთ–ნახევარი მოვანდომეთ, რომელიც ერთ საათს უფრო ჰგავდა... არა, საუკუნეს. დედაჩემს არაფერი ანერვიულებდა, მე უნდა წავრდგომილიყავი ჩემს მომავალ მეგობრებთან და არა ის, შესაბამისად მისთვის ერთი წუთი იყო ერთი წუთი და არა საუკუნე. – მიდი, შედი კლასში. – საზიზღარ სიჩუმეს შეჩვეული, არასასიამოვნოდ ჩამესმა დედაჩემის ჩურჩული. – ხომ გახსოვს სადაც გადავედით, არა? მესამე მიკრო, დაიმახსოვრე! იმედია არ მომიწევს გაკვეთილების შემდეგ აქ დაბრუნება, ხომ ასეა? – დედა, – მორცხვად მივუგე – ხომ არ ჯობია ხვალ დავბრუნდეთ? ახლა მაინც დაგვიანებულია და რა აზრი აქვს? – აზრი აქვს. არავითარ შემთხვევაში! ახლა კი, შედი კლასში, რაღას მიყურებ. მალე! – იყო თუ არა დედაჩემი მკაცრი? კი, ხანდახან, მაგრამ არა ჩემთვის. მას არა მისი სიმკაცრის, არამედ პატივისცემის გამო ვემორჩილებოდი. თუმცა დამჯერი შვილი ხშირად არ ვყოფილვარ. ამის საშუალებას ვიდეო თამაშები და მათემატიკა არ მაძლევდა, თორე მე კი მინდოდა დამჯერი ვყოფილიყავი. – ხო, ხო, შევდივარ. – მიდი! – შევდივარ–მეთქი, ვა. – ვუთხარი და კლასის კარზე სამჯერ, მსუბუქად დავაკაკუნე. – მობრძანდით! – მოისმა მოხუცი ქალის ხმა. მისი ხმის ტემბრით ვიმსჯელე და იმ წამსვე დავასკვენი, რომ მასწავლებელი მკაცრი უნდა ყოფილიყო. „ესღა მაკლდა–მეთქი“ გავიფიქრე და კარი შევაღე. – გამარჯობა. – მორცხვად მივესალმე მასწავლებელს და მთლიან კლასს გადავხედე. ოცდაათი არა, მაგრამ მაქსიმუმ ოცდახუთი ბავშვის მზერა მაინც ვიგრძენი, რაც იმაზე რთულად ასატანი იყო, ვიდრე მეგონა. მგონი ლოყები გამიწითლდა კიდეც. – შენ ვინ ხარ? – მკითხა მასწავლებელმა. – მე... ახალი მოსწავლე ვარ. –ა, ლუკა გქვია, ხო? – დიახ. – გელოდებოდი. წადი, დაჯექი, აი იქ, სულ უკან, დათოს გვერდზე. – დათოს გვერდზეო ისე მითხრა, თითქოს ჩემი საუკეთესო მეგობარი ყოფილიყო. თუმცა არ გამჭირვებია ოცდახუთი ბავშვიდან დათოს გამოცნობა. ხოდა სწრაფი ნაბიჯებით გავემართე მისკენ და გვერდზე მივუჯექი. დაჯდომისას ერთი ის მწყინდა, რომ სულ უკან მერხზე დამსვეს, ოროსნების ადგილზე. – მე დათო ვარ. – მე ლუკა. – ვუთხარი და ხელი ჩამოვართვი. მისი ცხიმიანი ხელების გამო კი გავიფიქრე, „ცხიმს ვერ ვიტან–მეთქი“, მაგრამ ამის შესახებ რა თქმა უნდა არაფერი მითქვამს. მან ისევ ისე, უდარდელად განაგრძო ხაჭაპურის ჭამა. ჭამა უყვარდა, ამას მისი წონაც დაადასტურებდა. ლიზას შევხედე, თუმცა მაშინ არ ვიცოდი მისი სახელი. მომეწონა მისი ქერა, გრძელი თმები და ზღვასავით ლურჯი თვალები. ზღვასავით ალბათ იმიტომ, რომ იმ პერიოდში ამაზე მშვენიერი არაფერი მენახა.(ახლა ჩემი აივნიდან დანახული კოსმოსია ყველაზე მშვენიერი, თუმცა, როგორც ზრდასრული ამაზე არასდროს ვსაუბრობ, თუ პოეზიით, ან, რაც იშვიათად ხდება, პროზით დამთვრალი არ ვარ.) თექვსმეტი წლის ლიზა, უკვე სრულწლოვან გოგოს გავდა. (ალბათ ასე ერთი შეხედვით, ამიტომაც მომეწონა. როგორც ყველა არასრულწლოვანს, მეც სრულწლოვანი გოგონები მიზიდავდა.) კიდევ, მისი სიჩუმე და მორცხვი გამოხედვა მომეწონა. რვეულში რაღაცას წერდა, მაგრამ უეჭველად ვიცი, სასკოლოს არაფერს. მოკლედ, ანგელოზი იყო–მეთქი ვერ ვიტყვი, რადგან ანგელოზები არ არსებობენ. – იმ გოგოს რა ქვია? – ვკითხე დათოს. – ვის, ლიზას? მაგარი გოგოა, არა? – არის რა. – მეთორმეტე კლასელის შეყვარებულია. – ანუ? – ანუ შენ და მე მას დიდი სიამოვნებით გავჟიმავდით, თუმცა მიკარების უფლება არ გვაქვს! – ვითომ რატომ? – ხომ გითხარი, მეთორმეტე კლასელის შეყვარებულია–მეთქი. იმ დღეს ჯეკპოტი დამეცა, ანუ მეექვსე გაკვეთილი გაცდა. ჭორის დონეზე გავიგე, ინგლისურის მასწავლებელი გათხოვდაო თუ რაღაც ესეთი, მაგრამ იმ დროს მთავარი ის იყო, რომ მეექვსე გაკვეთილი გაცდა. გაკვეთილების მსვლელობის დროს, არცერთი მეგობარი გამიჩენია, რა თქმა უნდა თუ დათოს არ ჩავთვლი. ხოდა სახლის გზას დათოსთან ერთად გავუყევი. დალახვროს ეშმაკმა, იმ ნაბიჭვარმა ბავშვმა სკოლის უკანა ეზოში მოინდომა მოშარდვა, ხოდა მეც გავეყვი. (თუმცა რომ არ გავყოლოდი, არამგონია რამე შეცვლილიყო, მომდევნო დღეები ხომ არსებობს, არა?) მომერიდა უარის თქმა თუ რა იყო, აღარ მახსოვს და ამას, არც აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ გავყევი. სკოლის უკანა ეზოში შევედით თუ არა, დათომ მეთორმეტე კლასელები დაინახა, რომლებიც სიგარეტს ეწეოდნენ. მათ გოგო ახლდათ, ლიზა. დათო უკან შემობრუნდა და თითქოს ცდილობდა, სკოლის კედელს ამოფარვოდა, მაგრამ მგონი ჩემი მოერიდა, არ უნდოდა ლაჩრად გამეცნო. – ე, გასიებულო ღორო! – შესძახა მეთორმეტე კლასელებიდან, ერთ–ერთმა. – სირო! მოდი აქ, მალე! – დაამატა მეორემ. თავიდან ვიფიქრე ერთმანეთს ლანძღავენ–მეთქი, მაგრამ უმალვე მივხვდი ეს ასე არ იყო, როცა დათოს შეშინებულ სახეს დავაკვირდი. – შენ გეძახიან? – ვკითხე მე, თითქოს ავღშფოთებულიყავი. – აქ დამელოდე რა. – ჩაიბურტყუნა დათომ და მეთორმეტე კლასელებისკენ წავიდა. ასე განვითარებული მოვლენების გამო, თავი არაკომფორტულად ვიგრძენი. თუმცა მხოლოდ ეს არ იყო, რამდენიმე წამის შემდეგ, გაღიზიანების გარდა, ვგრძნობდი შიშშაც, უფრო სწორად საფრთხეს, – ხო, ეს სიტყვა უფრო შეეფერება. – ისიც გამოიყოლე, შენთან ერთად ვინც არის. – წამოიყვირა მეთორმეტე კლასელებიდან ერთ–ერთმა და ჩემმა გულმა ფრიალი დაიწყო. უთქმელად, უშიშრად გავუყევი გზას მათკენ და მგონი, დათოსაც კი გავუსწარი. თავის მოჩვენებას ვცდილობდი, ვითომდა მეც მათსავით მაგარი ტიპი ვყოფილიყავი. მაგრამ როცა დათოს შევავლებდი თვალს, ვხვდებოდი, მათან ერთად სასიამოვნო საუბარი არ მელოდა. ლიზა მათან ერთად სიგარეტს სრულწლოვანივით ეწეოდა. სკოლის კედელს მიყუდებული, ბიჭებს ეუბნებოდა რაღაცას, სანამ ჩვენ მივუახლოვდებოდით, მაგრამ რას, ვერ გავიგე. ოთხნი იყვნენ, ოთხი მეთორმეტე კლასელი ბიჭი და ერთი გოგო. იმ დროს ინტუიციის საშუალებით ვერ გავერკვიე ლიზას შეყვარებული ვინ იყო. ის ქუჩაში უფრო ლამაზი იყო, ვიდრე კლასში. ის ბიჭები კი ანტი გმირებს გავდნენ. ანტი გმირებს მაშინ, თორემ ახლა მათნაირებს უბრალო, არაფრის მაქნის ნაბიჭვრებად ვთვლი და მეტი არაფერი. – ე, ღორო, ხურდა არ გაქვს? – კითხა ერთ–ერთმა დათოს და სიგარეტს ბოლო ნაფაზი ამოარტყა. – არა. – თავ ჩახრილმა უპასუხა. – შენ ვინღა ხარ, ლაწირაკო? – მკითხა მე. – კაი, გაანებეთ რა თავი. – უგულოდ ამოღერღა ლიზამ. ამის თქმას მგონი რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდა, მაგრამ რა აკავებდა, დღემდე ვერ ვხვდები. – მე ახალი გადმოსული ვარ ამ სკოლაში. – ვუპასუხე მე, შეშინებულმა, მაგრამ დათოსგან განსხვავებით, თავი აწეული მქონდა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. – მერე ხურდა არც შენ არ გაქვს? – მკითხა მეორე მეთორმეტე კლასელმა, რომელიც ლიზასთან ყველაზე ახლოს იდგა. სწორად იმ დროს მიხვდი, რომ ის სიმფათიური ტიპი, ლიზას შეყვარებული იყო. – არა. – ცივად ვუპასუხე მე და რამდენიმე წამი მეგონა, რომ ამით დამთავრდებოდა ყველაფერი, მაგრამ არა, როგორც გაირკვა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. – ნიკა, – ერთმა მეთორმეტე კლასელმა, მიმართა მეორე მეთორმეტე კლასელს – მიდი ერთი ამოუტრიალე ჯიბეები ამ ლაწირაკს. – ნიკამ არ დააყოვნა. – მეთვითონ. – ვთქვი მე და ჯიბეები ისე ამოვიტრიალე, რომ რკინის ლარიანი არ გამოჩენილიყო, მაგრამ, დალახვროს ეშმაკმა, მონეტა ძირს დავარდა და ისეთი ხმა გამოსცა, მგონი მესამე სართულზეც გაიგო დაწყებით კლასის მასწავლებელმა. – ლარიანის ჟმოტი. – ირონიულად ჩაილაპარაკა ყველაზე ნაბიჭვარმა მეთორმეტე კლასელმა. – რა გქვია? – ლუკა. – შერცხვენილმა ვუპასუხე. – ლუკა, აიღე ძირს დაგდებული ერთ ლარიანი და მომაწოდე. – ასეც მოვიქეცი, სხვა გზა არც მქონდა, ან მქონდა, მაგრამ სხვას ვამბობ, რადგან თავი გავიმართლო, ვითომდა ლაჩარი არასდროს ვყოფილვარ. თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო, რომ უშიშარი ადამიანი არ არსებობს. ამ შემთხვევაში ადამიანები შემიძლია ორ კატეგორიად დავყო. პირველ კატეგორიაში შედიან მშიშრები, რომლებიც ამ შიშს არ ავლენენ, მეორეში კი მშიშრები, რომლებიც ამას ავლენენ. რა თქმა უნდა მიხვდებოდით ბავშვობაში რომელ კატეგორიასაც მივეკუთვნებოდი. მეთორმეტე კლასელი დათოსკენ შეტრიალდა და უთხრა: – შენ შეგიძლია დაახვიო, ღორო. – შემდეგ კი მე შემომიტრიალდა – აი შენ კი, აქ დარჩები! რა თქმა უნდა დათო სიხარულით გაუდგა გზას სახლისკენ, მე კი ჩვეულებრივზე მეტად დავითრგუნე. არ მოგატყუებთ, ლიზას იმედი მქონდა, რომ დამიხსნიდა ამ გაუგებრობიდან. თუმცა ის ჩემზე არ დარდობდა, ხანდახან თუ შევეცოდებოდი და ამას, უგულო სიტყვებით ავლენდა, მაგალითად როგორიცაა „გეყოფათ ბიჭებო“ ან „ბიჭებო, წასვლის დროა“ ბიჭები კი ყურადღებას არ აქცევდნენ. ვინ იცის, იქნებ ლიზასაც აშინებდა მეთორმეტე კლასელები? გამიგია, მეთორმეტე კლასელების გაგება რთულიაო, თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ, პირიქით მეგონა, რომ უმცროსების გაგება იყო რთული. – ეგ რა ტელეფონია? – მკითხა ლიზას შეყვარებულმა. – ჩემი ტელეფონია. – ვუთხარი მე და ტელეფონს ხელი უფრო მაგრად მოვუჭირე. – შენი ტელეფონია, მაგრამ არავინ იცის ვისი გახდება, ხო? – ჩემი ტელეფონია. – მათხოვე ეგ შენი ტელეფონი აბა. – კარგით რა ბიჭებო, გეყოფათ. – წამოვიყვირე მე... უფრო სწორად, წამოყვირებას ჰგავდა ჩემი წუწუნი. ლიზას შეყვარებული ჩემსკენ წამოიწია, ქურთუკში ხელი წამავლო და ჩამჩურჩულა: – დაგიბრუნებ, ლაწირაკო. – ხოდა, ის გავაკეთე რასაც მეუბნებოდა, ტელეფონი მივეცი, უფრო სწორად ვათხოვე, მაგრამ ვიცოდი, დაბრუნების დღე არასდროს დადგებოდა. ყველაზე მეტად ის არ მინდოდა, ლიზას თვალწინ ვეცემე იმ აყლაყუდა სირს, თორემ მაყურებლებს შორის გოგო რომ არ ყოფილიყო, ვინ იცის, იქნებ ტელეფონი არც მიმეცა. – კაი ტელეფონია, არა? – კითხა ლიზას. – კაი რა, დაუბრუნე. – ლაწირაკო, – შემომიბრუნდა მე– ტელეფონი ჩემთან რჩება, ახლა კი დაახვიე სანამ შენთვის სიფათი არ მიმილამაზებია. – მაშინ კი, გაუაზრებლად ლოცვა დავიწყე: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა... – კარგი რა, სახლში მომკლავენ. – მომისმინე, შე სირო, სახლში კი არა, ახლა მე მოკლავ თუ არ დაახვევ. – ტელეფონი დამიბრუნე, გთხოვ. – ალბათ ცრემლიც კი წამომივიდოდა რომ არა ლიზა. ერთ–ერთმა მეთორმეტე კლასელმა ქუდი მომხადა და მოისროლა. ქუდის ნეხვში ჩავარდნა და მათი სიცილის ატეხვა ერთი იყო. იმ მომენტში გავიფიქრე, ახლა მაინც თქვას რამე სერიოზული ლიზამ, რომ ამ გამოსირებულებმა თავი დამანებონ–მეთქი, მაგრამ არა, კედელს მიყრდნობილი იდგა და ეწეოდა, თუმცა ჩემს გამო წუხდა, ეს სახეზე ეტყობოდა. – დაახვიე! – გაიმეორე რომელიღაცამ. უეცრად, ვაჟკაცობა მომინდა და... – მოკლედ, ბიჭებო, არაფერი გამოვა, ტელეფონი უნდა დამიბრუნოთ! – ამის თქმა იყო და შემდეგ ცხვირიდან სისხლი წამსკდა. ჩავიმუხლე და მთელი ძალით შევეცადე, რომ ტირილი არ დამეწყო. ლიზა ისევ დუმდა. თვალები დაეხუჭა და ღრმა ნაფაზებს ურტყამდა. სიცილ სიცილით, რომელიღაცა მეთორმეტე კლასელმა თავზე ის ქუდი ჩამომაცვა, რომელიც ნეხვში ჩამიგდეს. ქუდი მომენტალურად მოვიხადე და შორს გადავაგდე, რათა ეს მეორედ აღარ გაეკეთებინათ. ცრემლები ვეღარ შევიკავე. ბოლოს კი ერთი პანღური მითავაზეს და იქიდან წამოვედი. რა თქმა უნდა ტელეფონი მათთან დარჩა. თუმცა, მოვიტყუე როცა ვთქვი, სახლში მომკლავენ–მეთქი. ტელეფონის გამო არც მოკვლა და არც გაბრაზება მელოდა, ეს კარგად ვიცოდი. ხოდა, გზაში, როცა ნელი ნაბიჯებით მივდიოდი სახლისკენ, გავიფიქრე, ჯანდაბას ტელეფონი, ნუთუ ის ჩემს ჯამრთელობაზე მნიშვნელოვანია–მეთქი. ხანდახან გვიწევს თავი მოვიტყუოთ იმის გამო, რომ დანაკარგს, ან დამცირებას ღირსეულად შევხვდეთ. მაგალითად თუ ორი ნაცემი ბიჭი ამბობს, რომ ოცდაათ კაცში იჩხუბეს, ეს ნიშნავს, რომ მათი სახეები მაქსიმუმ ხუთმა კაცმა გაალამაზა. „თან, ხომ იცი ლუკა, ერთ ორ დღეში ნებისმიერი წყენა გავიწყდება. ან ვიდეო თამაშებით გადაივიწყებ იმას, რაც დღეს მოხდა–მეთქი,“ ვეუბნებოდი ჩემს თავს და შიგადაშიგ, მოღრუბლულ ცას მივაშტერდებოდი ხოლმე. როცა შენთვის არასასიამოვნო გარემოდან აღწევ, მერე მოღრუბლული ცაც მშვენიერი გეჩვენება, არაფერს ვამბობ ხმაურიან მანქანებზე და წვიმისგან დასვლელებულ ასფალტზე. „კარებზე დავაკაკუნო თუ უბრალოდ შევაღო–მეთქი?“ ვეკითხებოდი ჩემს თავს, იმიტომ, რომ სადარბაზოში შესვლამდე, დედაჩემის საყვარელის მანქანა შევამჩნიე. ხოდა არ მინდოდა ისინი სექსის დროს მენახა, ეს ყველაფერს გაართულებდა. მოკლედ, დავაკაკუნე და კარი რამდენიმე წუთის შემდეგ გაიღო. პირველად თვალში დედაჩემის შეხსნილი ლიფი მომხვდა, მერე კი დივანზე მჯდომი ლადო, დედაჩემის საყვარელი. მას პერანგის ბოლო ორი ღილი შეხსნილი ქონდა. თექვსმეტი წლის ვიყავი, მაშასადამე წამში მივხვდი, ორგაზმამდე მივუსწარი. ალბათ ჯობდა ცოტა ხანი კიდევ მესეირნა. – ასე ადრე რატომ მოხვედი? – მკითხა დედაჩემმა და თავზე ხელი გადამისვა – რამე ხო არ მოხდა? – არაფერი. ბოლო გაკვეთილი გაცდა. ხო, მართლა, დედა, ტელეფონი დავკარგე. – ეს საუკეთესო მომენტი იყო ამის სათქმელად, რადგან მისი გაბრაზების, ან ყვირილის, თუნდაც წუწუნის შანსი, პროცენტულად ნულამდე ეცემოდა. – კარგი, მერე დაგელაპარაკები. – თქვა და აჩეჩილი თმები შეისწორა. „მერე დაგელაპარაკები“ ნიშნავს, „ჯანდაბას, მიპატიებია.“ ჩემს ოთახში ჩავიკეტე და საწოლზე, ისევ ისე, როგორც წინა დღეს, მკვდარივით დავწექი, ოღონდ ამჯერად ხელები ქრისტესავით დავაწყვე, თითქოს მასავით ჯვარზე მაკრავდნენო. ეს მესიამოვნა. ჭერს ავხედე და სამი ჯვარი გამქრალიყო, გოლგოთას მთა ხო თავისთავად გაქრა და აღარც მინახავს. ახლა პატარა კაცუნებს ვხედავდი, რომლებსაც ყურები ელფებივით დაწვრილებოდათ. დახტოტდენ და მგონი ერთმანეთს ეთამაშებოდნენ, ან რაღაცას გაურბოდნენ. ალბათ იმ პატარა ობობასი ეშინოდათ, გათბობის მილი რომ უყვარდა. კაცუნები აშკარად ობობაზე დიდები იყვნენ, შეეძლოთ ის უბრალოდ გაესრისათ, მაგრამ არა, მაინც აქეთ–იქით დახტოდნენ. როგორც არის, ზომას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია შესაძლებობა. სამაგიეროდ ობობას უხილავი ქსელი გააჩნდა. მაგრამ, ჩემგან განსხვავებით ობობა ჭერზე ვერაფერს ხედავდა, გარდა იმ ბუზისა, რომელიც უკვე კარგა ხნის დატყვევებული ყავდა. კი ვიფიქრე, ქსელს გავწყვიტავ და ბუზს გადავარჩენ–მეთქი, მაგრამ უკვე მკვდარი იყო, აზრი არ ჰქონდა. მოკლედ, დარჩენილი დღე ვიდეო თამაშებს დავუთმე და მადლობა ღმერთს, დედაჩემს სასკოლო დავალებაზე სიტყვაც არ დასცდენია. აღარ მახსოვს რომელ თამაშსს ვთამაშობდი, მაგრამ ადამიანებს ვხოცავდი, ეს კი დამამახსოვრდა. თამაშში, ყოველი მოკლული ადამიანი, ლიზას შეყვარებული იყო. ღამის თერთმეტ საათზე, მკვდარივით ჩამეძინა, ისე ტკბილად, რომ რამდენიმე წუთით სულ გადამავიწყდა სკოლის უკან მომხდარი ამბავი. – ადექი, ახლავე! – გამომაფხიზლა დედაჩემის გამაღიზიანებელმა ხმამ. მეორეჯერაც რომ არ დაეყვირა, თავს ძალა დავატანე და წამოვდექი. „კომპიუტერს ჩავრთავ, SISTEM OF DOWN – ს მაინც მოვუსმენ–მეთქი“, ვიფიქრე, ხნეობა მაკლდა, თუმცა დამეზარა დედაჩემისთვის იმის ახსნა, რომ კომპიუტერი მხოლოდ მუსიკის მოსასმენად ჩავრთე, ამიტომ პირის დაბანის შემდეგ, როგორც წესჩვეულება მოითხოვდა, სამზარეულოში, მაგიდის წინ დავჩექი და მდუმარედ ველოდი ტკბილ ჩაის, რა თქმა უნდა ლიმნით. ლოდინის დროს, ცას გავყურებდი, ამის კეთება განსაკუთრებით მომწონდა. ჩემს სავარაუდო მომავალზე ჩავფიქრდი და ჩვეულებრივზე მეტად დავითრგუნე. (არადა მეგონა SISTEM OF DOWN – ი წამიერად მაინც, ჩემზე გავლენას მოახდენდა და მაგარ ტიპად გადამაქცევდა.) „არა, რაადგან ტელეფონი შევარჩინე, დღეს აღარაფერს მეტყვიან–მეთქი“, გავიფიქრე. შემდეგ მთელი ყურადღება ჩემს სახლზე გადავიტანე, ახალ სახლზე, ოთხ ოთახიან სახლზე, და დედაჩემს და მის საყვარელს, მაინც და მაინც მისაღებ ოთახში მოუნდათ სექსი. თითქოს დარწმუნებული ვიყავი, რომ მსგავსი აღარაფერი განმეორდებოდა. რა თქმა უნდა ისევ უკანა მერხზე, დათოს გვერდზე დავჯექი. ერთმანეთს თვალებში ვერ ვუყურებდით. ლიზასთვის, თითქოს არ ვარსებობდით, თუმცა, სხვისთვის შეუმჩნევლად, ჩემთვის კი შესამჩნევად, სახეზე ეწერა, ჩვენს გამო თავს კლასში არაკომფორტულად გრძნობდა, ისევე, როგორც მე მის გამო. ჩვენ სამნი, გაკვეთილის მსვლელობაზე ყურადღებას ვეღარ ვამახვილებდით, ერთმანეთზე ვფიქრობდით, წინა დღეზე ვფიქრობდით, ან, შეიძლება ამას მხოლოდ მე ვფიქრობდი, შეიძლება ისინი სულ სხვაგან იყვნენ, მაგალითად, რიგით მეოთხე სამყაროში, პლანეტა ტაირუზე, სადაც დღე სამ საათს გრძელდება, ღამე კი ხან ორმოცდარვასაათს, ხანაც, საუკუნეს, იქ მაცხოვრებელთა განწყობას გააჩნია. ტაირუზე მეც ვყოფილვარ... მოკლედ, ეს სულ სხვა თემაა. დათომ მხოლოდ და მხოლოდ მესამე გაკვეთილზე მოიკრიბა ძალა და მკითხა: – გუშინ რა მოხდა? – ისეთი არაფერი. – მორცხვად ვუპასუხე მე. თან მასწავლებლის გამო ისე ჩუმად ვლაპარაკობდი, მგონი ჩემი პასუხი ვერც მოისმინა. – ნაბიჭვრები არიან ეგ მეთორმეტე კლასელები. სულ ასე იციან. უსაქმური აყლაყუდები. ყურადღებას თუ არ მიაქცევ, ბევრს მოიგებ. უბრალოდ, დაიკიდე რა. – ხო, დავიკიდებ. უკვე ... უფრო სწორად, გუშინ დავიკიდე. სწრაფადვე გადაიტანა თემა და შემდეგ, სულ ვიდეო თამაშებზე ვლაპარაკობდით. ასეც ჯობდა, სხვა გზა არც გვქონია. წინა, პირველ მერხებზე, როგორც ყველგან, ფრიადოსანები იჯდნენ, რომლებიც არასდროს ერეოდნენ უკანა მერხზე მჯდომი კლასელების სააქმეებში და ამის გამო, მოგებულებიც რჩებოდნენ. მასწავლებელს თავიდანვე მათ გვერდით რომ დავესვი, დარწმუნებული ვარ ფრიადოსანი მოსწავლის როლს მშვენივრად მოვერგებოდი და შესაბამისად არც იმ შარში გავებმეოდი, რომელშიც დათო, თითქმის ყოველდღე იხლართებოდა... დიახ, იხლართებოდა, სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ. წინა დილას მეც მასავით გავიხლართე, თუმცა რატომ, წარმოდგენა არ მაქვს... როგორც წესი ასეთ შარებში მსუქნები, სათვალიანი ფრიადოსნები და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები ხვდებიან, მაგალითად იაჰოვეს მოწმეები, ან, რაც ნაკლებად სავარაუდოა, ორმოცდაათიანელები. ჩამოთვლილთაგან მე არცერთს მივეკუთვნებოდი. ერთი ჩვეულებრივი, დედისერთა ბიჭი ვიყავი... განებივრებული დედისერთა ბიჭი. ალბათ, მამაჩემისთვის უნდა დამეჯერებინა, „დაარტყი, ლუკა, დაარტყი!“ ზარი დაირეკა და ათ წუთიანი დასვენება გამოცხადდა, მე კი კლასიდან პირველად გავედი სხვა ბავშვების გასაცნობად, თუმცა ამაოდ, მივხვდი, ჩემთვის არავის ეცალა, ხოდა დერეფანში, ერთი ფანჯარა ამოვიჩემე და იქიდან ყურება დავიწყე. (თან ვფიქრობდი, მოწყენილი ბიჭის გამომეტყველება მაქვს, შეიძლება ვიღაც თვითონ მოვიდეს და გამეცნოს–მეთქი.) დათო, მგონი კლასში იჯდა და რვეულში რაღაცას ბღაჭნიდა, ან ბუფეტში ჩასული, ცხიმიან ხაჭაპურს შეექცეოდა, ხო, ეს უკანასკნელი ვარიანტი უფრო შეესაბამე რეალობას. რას ვიფიქრებდი, თუ ფანჯრის რაფაზე ლიზა ჩამოჯდებოდა და დამწუხრებული სახით შემომხედავდა. – ლუკა, ხო? – მკითხა და გულმკერდის არეში, რაღაც უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა... კიდევ, როგორც ყოველთვის, დავკომპლექსდი. – კი, ლუკა. – ვუპასუხე და მის არც თუ ისე სექსუალურ კაბას თვალი შევავლე, როცა მისი ფეხების თვალიერება დავამთავრე. – გუშინ რაც მოხდა... – არა უშავს. – გავაწყვეტინე. საშინლად არ მინდოდა ამ თემაზე ალაპარაკებულიყო. – მოკლედ, ბოდიში რა. ასეთები არიან მეთორმეტე კლასელები. თავში უვარდებათ ყველაფერი. მაგრამ, გუშინ ვილაპარაკე მათთან და... მოკლედ... აღარაფერს გეტყვიან. ფანჯრიდან ვიყურებოდი, უფრო სწორად, ჩემს სახეს ვუყურებდი, რომელსაც გაპრიალებული ფანჯარა ირეკლავდა. სირცხვილის გრძნობა უწინდელივით ვიგრძენი და მეასეჯერ მოვთხოვე ღმერთს, რომ მიწა გახლეჩილიყო. (რა თქმა უნდა მიწა არასდროს არ იხლიჩება, ჩემს ჯინაზე, დალახვროს ეშმაკმა.) – არა უშავს. – ისევ ისე, უგულოდ გავიმეორე და ზარი დაირეკა. გაკვეთილების მსვლელობისას, ლიზას თვალს ვეღარ ვაშორებდი. ის ანგელოზი არ იყო, რადგან ანგელოზები არ არსებობენ! დათო მეხუთე გაკვეთილიდან გაიპარა, მე კლასში დავრჩი. ახალ მისული რომ არ ვყოფილიყავი, დათოს გავყვებოდი. მეექვსე გაკვეთილი გაიწელა, განსაკუთრებით კი ბოლო წუთები. დროის გასაყვანად, ლიზას მივბაძე და რვეულში რაღაცეებს ვწერდი, მგონი ლექსს, რომელიც, ზარის დარეკვისას გავანადგურე. ფურცელი დავკუჭე და კლასიდან მასწავლებლის გასვლას დაველოდე, რომ ჩემი სამიზნე შემემოწმებინა, ჩავაგდებდი თუ არა ფურცელს ნაგვის ყუთში, რომლისგანაც ზუსტად შვიდი მეტრით ვიყავი დაშორებული.(ეს შემდეგ დღეებში გადავამოწმე.) სკოლიდან გავედი თუ არა ლიზა ასობით ბავშვში გაუჩინარდა და გზა, მარჯვნისაკენ განაწყენებულმა განვაგრძე. ქუჩას ვცდებოდი, უნებლიედ სკოლის უკანა ეზოს რომ გავხედე. თავიდან ვერაფერი დავინახე, რამდენიმე წამის შემდეგ, ძირს დაგდებული დათო, ორ სართულიან დანგრეულ შენობაში. მეთორმეტე კლასელებიც შევნიშნე, ამჯერად ხუთნი იყვნენ, გიჟებივით იცინოდნენ. ვამბობ, იმ დღეს დათო ტიროდა–მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ცრემლები, არ დამინახავს. გზა სწრაფი ნაბიჯებით გავაგრძელე. სკოლის ტერიტორიას გავცდი თუ არა, გიჟივით გავიქეცი. მივრბოდი, სანამ არ დავიღალე, სანამ გულის ძლიერმა ფეთქვამ გაჩერება არ მაიძულა, სანამ ჩემი სახლის სადარბაზოში არ შევედი, მერე კი, გავჩერდი და კიბეებზე დავისვენე. სახლში შესვლისთანავე, მაცივარი გამოვაღე და ცივ სოუზსს შევექციე. როდესაც დავნაყრდი, მხოლოდ მაშინ შევნიშნე ორი გაურეცხავი ყავის ჭიქა, ანუ ის ნაბიჭვარ ძაღლს, როგორც მამაჩემი იტყოდა, იმ დღესაც გაუჟიმია დედაჩემი, მაგრამ სად, რომელ ოთახში, საკითხავი, აი ეს იყო. „მაგიდაზე ხომ არ გაჟიმა–მეთქი?“ ვკითხე ჩემს თავს და ბოლო ლუკმა ძლივს გადავყლაპე. მაგიდა თბილი იყო. მგონი პური, რომელსაც ვჭამდი ზუსტად იმ ადგილას მედო, სადაც დედაჩემმა ორგაზმი განიცადა. თან, ფანჯრის რაფაზე მიყრდნობილი დედაჩემი, სიგარეტს ეწეოდა და სიამოვნების გახანგრძლივების მიზნით, ბოლს ნელა, თვალ დახუჭული უშვებდა, რაც მახვედრებდა, სექსის შემდეგ, პირველი ღერი იყო. – ახალი წასულია? – ვკითხე. ამჯერად თვალებ გახელილმა მიპასუხა: – ვინ? – ის. – ვინ ის? – თვალთმაქცობდა, ვითომდა წარმოდგენა არ ჰქონდა რაზე ველაპარაკებოდი. – ის, რა. – ვუთხარი ცოტა მკაცრად, რომ მორჩენილიყო ამ „დიდების თამაშს.“ – დღეს არ ყოფილა. – მიპასუხა, სიგარეტი ჩააქრო და თემა მომენტალურად შეცვალა – გაკვეთილებს ახლა ისწავლი თუ საღამოსკენ? – უკვე დიდი ვარ. – ვთქვი მე და ჩემი სოუზით მოთხვრილი კერძი ონკანთან დავდე. – ეს რას ნიშნავს? – იმას, დედა, რომ უკვე დიდი ვარ და მე ვიცი გაკვეთილებს ახლა მოვამზადებ, თუ საღამოს. – ასე ლაპარაკის უფლება ვინ მოგცა? – ისეთს არაფერს ვამბობ, რაც არ უნდა მეთქვა, ან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. – შენს ოთახში, ახლავე! – მითხრა და ანერვიულებულმა, მეორე ღერ სიგარეტს მოუკიდა. – ისედაც ჩემს ოთახში შევდიოდი. ჭერის ყურების თავი არ მქონდა, თუმცა, იმ დღეს მნიშვნელოვანი არც არაფერი შემიმჩნევია, გარდა გასრესილი ობობის და უკვე განთავისუფლებული ბუზის, რომელიც თურმე ცოცხალი ყოფილა. „ალბათ ელფებმა გაანთავისუფლეს–მეთქი“, გავიფიქრე და კომედიური ფილმის ყურების შემდეგ, ვიდეო თამაში ჩავრთე. კარი ყოველი შემთხვევისთვის ჩავკეტე, რომ არავის შევეწუხებინე. გაკვეთილები, რა თქმა უნდა არ მომიმზადებია მიუხედავად იმისა, რომ ამაზე, დედაჩემმა პროტესტი გამოთქვა. იმ ღამესაც ტკბილად ჩამეძინა, თუ კარგად მახსოვს, ღამის პირველ საათზე, უფრო კონკრეტულად, ღამის პირველ საათს, თხუთმეტი წუთი აკლდა. ისევ ისე: – ადექი, ახლავე! – გამომაფხიზლა დედაჩემმა და მისი ხმა მეორეჯერ რომ აღარ გამეგო, ძალა მოვიკრიბე, როგორც წინა დღეს და ავდექი. მთლიანობაში დილის პროცედურებს ნახევარი საათი მოვანდომე, ჩაი დავლიე და სკოლისკენ წავედი. გადავწყვიტე, რომ ჩემი ყოველდღიური მისია, მეთორმეტე კლასელებისგან დასხლტომა იყო, ანუ, ისე უნდა მევლო სკოლაში, რომ მათ ვერ შევემჩნიე. დასვენებებზე კლასში უნდა დავრჩენილიყავი, სკოლის დამთავრებისას შეენობიდან სხვებთან ერთად უნდა გავსულიყავი, რომ მეთორმეტე კლასელებს ასობით ბავშვში დავკარგოდი, თუ რა თქმა უნდა ჩემს ძებნას გადაწყვეტდნენ. მოკლედ, გეგმა შევიმუშავე და წინა დღეებთან შედარებით, აღარ ვერიდებოდი სკოლას. თან, როგორც ბავშვს, მომწონდა ჩემი გამოგონილი მისიების შესრულება. ხო რა, თავს ვიჩვენებდი ვითომდა აგენტი ვყოფილიყავი და ეს თამაში ასე მიდიოდა. დათოს გვერდზე დავჯექი თუ არა, ვკითხე: – თვალზე რა მოგივიდა? – ვითომ არაფერი მცოდნია. – არაფერი... – პასუხი რომც არ მცოდნოდა, მისი დაბნეულობა მიმახვედრებდა რაც მოუვიდა. – გუშინ საღამოს ველოსიპედიდან გადმოვარდი. – ველოსიპედი მეც მყავდა. – ჩავილაპარაკე. – მერე? რა უყავი? – ამჯერად ხმამაღლა ვსაუბრობდით, რადგან გაკვეთილების დაწყებამდე, ხუთი წუთი რჩებოდა, თუ სწორად მახსოვს. – მერე მომბეზრდა და ახლა სოფელში მიგდია. – ველოსიპედი არასდროს მომბეზრდება. უბრალოდ, ჯერ მშობლები არ მაძლევენ იმის უფლებას, რომ მთელი ქალაქი შემოვიარო ველოსიპედით. აბა, პირველად რას გავაკეთებ როცა სრულწლოვანი გავხდები? – პასუხს რა თქმა უნდა დაუფიქრებლად მივხვდი. – მთლიან ქალაქს ველოსიპედით შემოვივლი. – თუმცა მაგ დროისთვის უკვე მანქანა მეყოლება. მამაჩემი დამპირდა, სრულწლოვანი გახდები თუ არა ჩემს „მერსედესს“ გადმოგიფორმეფო. – კლასიკური ტყუილი. – ოღონდ, მარტო სრულწლოვნება ვერ მიშველის, კარგადაც უნდა ვისწავლო. – მერე, კარგად სწავლობ? –ჯერ არა, თუმცა მოვა მაგის დროც. – დათო, – უხერხულად ჩავახველე. – გუშინ დაგინახე. – ძალიან მომინდა ამაზე საუბარი. თავი ჩახარა, სახეს დამალვას ცდილობდა... ალბათ იმიტომ, რომ მისი ლოყების სიწითლე არ დამენახა. ხო, რა თქმა უნდა შერცხვა. – მერე? – მერე ის, რომ შენთან ერთად მეთორმეტე კლასელებიც დავინახე. ამას რამე უნდა მოვუხერხოთ. სადღაც ასე, ოცდაათ წამამდე გაჩუმდა, მერე კი მკითხა: – რას მთავაზობ? – მე მეგონა, რომ ამაზე შენ გექნებოდა პასუხი, თუმცა მე ვერაფერს ვფიქრობ გარდა იმისა, რომ უნდა მოვერიდოთ. რა, არ ვარ მართალი? – მე ყოველდღე ვცდილობ, რომ მათ მოვერიდო, ხანდახან ეს ამართლებს, მაგრამ იშვიათად. – უფრო თამამი გახდა დათო და სიმორცხვე სულ მთლად მოიშორა. – ვიფიქრე, თუ სკოლაში ადრე მოვალთ, დასვენებებზე კლასში დავრჩებით და რაც მთავარია, სკოლიდან წასვლის მომენტში წავალთ სხვებთან ერთად, ყველაფერი გამოვა. უაზრო გაკვეთილებისა და ლიზას ყურების შემდეგ, როცა მეექვსე გაკვეთილი დამთავრდა, ასეც მოვიქეცით. თუ კარგად მახსოვს, ვმსახიობობდით, ვითომდა საიდუმლო აგენტები ვიყავით, დავალება კი ასეთი იყო: სხვა, ბოროტი აგენტებისთვის, ანუ მეთორმეტე კლასელებისთვის, შეუმჩნევლები უნდა დავრჩენილიყავით. – ჯერ არა... ჯერ არა... – ვამბობდი მე. – ახლა! – წამოვიძახე და სხვა ბავშვებში შევერიეთ. მესამე სართულიდან, პირველ სართულზე წარმატებით ჩავედით. ახლა გარეთ ისევე შეუმჩნევლები უნდა ვყოფილიყავით, როგორც სკოლაში. შეუმჩნევლები, როგორც ვიდეო თამაშიდან “ASASSIN”S CREED” ან, უფრო უკეთესი „SPLINTER CELL“ გარეთ გავედით, გავერიეთ ხალხში და თითქმის გაცდენილები ვიყავით სკოლის ტერიტორიას, ყვირილი რომ მოგვესმა სკოლის უკანა ეზოდან: – ე, ბიჭებო! – უკან მიტრიალებულებმა, რა თქმა უნდა მეთორმეტე კლასელები დავინახეთ. დათომ ჩაიბურტყუნა: – მისია ჩაიშალა, ამის დედაც... – და პირველი ნაბიჯი გადადგა მათკენ. – უნდა მივიდეთ, სხვა გზა არ გვაქვს, ლუკა. – მისია არ ჩაშლილა, – ვთქვი მე. – უნდა გავიქცედ, ახლავე! – მოიცა, მოიცა, დაგვეწევიან და უფრო დიდ შარში გავეხვევით, ჯობია მივიდეთ. – არა! დათო, აზრზე მოდი, მათ ორმოცდაათი მეტრით მაინც ვშორდებით, როგორ უნდა დაგვეწიონ? – დარწმუნებული ვიყავი, რომ გავასწრებდით... ალბათ იმიტომ, რომ დათოს სიმსუქნე აღარ მახსოვდა. – მერე, შემდეგ დღეებს რას უშვრები? შემდეგ დღეებში რომ გვნახონ, მაგრად დაგვერხევა. – შემდეგ დღეებში მისიას აუცილებლად შევასრულებთ. – ვუთხარი დათოს და თვლა დავიწყე – ერთი... – მოიცა, ცოტა მაინც ვიფიქროთ, სისულელეს ხომ არ ვაკეთებთ? – არა! ორი... – არ ღირს! – სწორად ვიქცევით. სამი! გავიქეცით! – დიახ, მთელი ძალით გავიქეცით. რასაც ქვია, ადგილიდან გავქრით, ან, უბრალოდ გავიქეცით, სწრაფად, უსწრაფესად, ლამის ბგერის სისწრაფით... არა, უფრო სწრაფად, სინათლის სისწრაფით... არა, შავი ხვრელის მიზიდულობის ძალის სისწრაფით, ან... რეალურად კი უბრალოდ მივრბოდით, როგორც ზემოთ ავღნიშნე. არ ვიცოდით სად მივრბოდით. მე ინტუიციას მივყვებოდი, დათო კი ჩამომრჩებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ის მე მომყვებოდა. რამდენიმე წუთი კიდევ შემეძლო სირბილი, თუმცა დათოს გამო გავჩერდი, მას აღარაფერი შეეძლო. თექვსმეტ სართულიანი შენობის ქვეშ, სადარბაზოში შესასვლელ კიბეებზე ჩამოვჯექით. – აი, ხომ გეუბნებოდი, ავეთესედ იმ ნაბიჭვრებს. – ვუთხარი და მხარზე ხელი მივარტყი გამარჯვების აღსანიშნავად. იმ წამს მეორე და მესამე დღეზე აღარ ვფიქრობდი, ალბათ ამიტომაც ვიყავი გახარებული. დათოსაც შეეტყო სიხარული, როცა თავი დასვენებულად იგრძნო. სიგარეტის გაბოლება მომინდა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არ ვეწეოდი, თუმცა ამის შესახებ არაფერი მითქვამს. – ხო, მგონი გამოგვივიდა. – თავისთვის ჩაილაპარაკა დათომ. – ხვალიდან სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ! – დავამთავრე თუ არა წინადადება, დამაყრუებელი ყვირილი გავიგონეთ: – აღარ გაიქცეთ თქვე ნაბიჭვრებო! – დიახ, მეთორმეტე კლასელები იყვნენ, რომლებიც დაღლილობისგან, ქროშინებდნენ. მათი დანახვისთანავე წამოვდექი და გასაქცევად მოვემზადე, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ამას აზრი ნამდვილად აღარ ჰქონდა. – ადგილზე დარჩი! – წამოიყვირა მეორე მეთორმეტე კლასელმა. სულ ოთხნი იყვნენ. მათ შორის ყველაზე გაბრაზებული და დაღლილი, ლიზას შეყვარებული იყო. (ალბათ, დაღლილობამ გააღიზიანა ასე.) სწორად ეგ მომვარდა, ხელი მკრა და წამაქცია. იდაყვი კიბეს ჩამოვარტყი და რაღაც დენის დარტყმის მსგავსი ვიგრძენი. თუმცა შიშსს უფრო ვგრძნობდი, ვიდრე ტკივილს. – გაჩერდი! აქ არა! – რომელიღაცა მეთორმეტე კლასელმა, შეაყოვნა ლიზას შეყვარებული. მათ მომენტალურად შეგვათრიეს სადარბაზოში. მალევე მივხვდი, რომ შენობის სახურავზე მივყავდით. კიბეებზე ასვლის დროს, „მამაო ჩუენო“ მინიმუმ თხუთმეტჯერ წარმოვთქვი, ოღონდ მთლიანი ლოცვა არა, ასე უფრო ეფექტურად მომეჩვენა. ბიჭები... უფრო სწორად მეთორმეტე კლასელები, გზაში გვაგინებდნენ და დალახვროს ეშმაკმა, აღარ ჩუმდებოდნენ, რაც „მამაო ჩუენოს“ ფონზე არასასიამოვნოდ ჟღერდა. თუმცა გინებაზე მეტად, დარტყმის მეშინოდა. ხო, ამას ყველაფერი მერჩივნა, ოღონდ არ ვეცემე, არ დავემცირებინე და თუ მოისურვებდნენ, სახურავიდან, დაუფიქრებლად გადავხტებოდი. სახურავზე ავედით თუ არა, ძლიერი ხელის კვრით, ძირს დაგვყარეს. პირადად მე არაფერი მტკენია, დათომ კი მაშინვე ტირილი მორთო. მისმა ტირილმა მეც პანიკაში ჩამაგდო. გულაღმა ვიწექი და ისე ვუყურებდი დათოს სახეს. მისმა გაწითლებულმა თვალებმა, გული ამიჩუყა. იმ დროს ღრუბელი გაფანთულიყო და მზე, მთლიან ქალაქს აკაშკაშებდა. მანქანების სიგნალი, მეთექვსმეტე სართულზეც აღწევდა. რომ არა მეთორმეტე კლასელები, ყველაფერი მშვენივრად იქნებოდა. – წამოდექით! – მკაცრად თქვა მეთორმეტე კლასელებიდან, ერთ–ერთმა. რა თქმა უნდა წამოვდექით და თვალი შევავლე ძირს მიმოფანტულ ჩემს სასკოლო წიგნებს. ლიტერატურის წიგნი, მოთხრობა „ეშმაკის ქვა“–ზე იყო გადაშლილი, ეს კი დამამახსოვრდა. „ღმერთო, ვიცი, რომ არსებობ. ეს შენც ხომ იცი, არა? კიდევ, ისიც ხომ იცი, რომ შენთვის არაფერი მითხოვია? ხოდა ახლა გთხოვ.“ – ვეუბნებოდი ღმერთს, ჩემთვის, გულში, ტუჩების უეცარი მოძრაობით, ხოდა, იმ დღიდან მოყოლებული, ათეისტი ვარ, თანაც საკმაოდ ჭკვიანი... ჭკვიანზე მეტად, ჰუმანური, და ჰუმანურზე მეტად, საცოდავი. – ახლა, ბიჭებო, – ირონიული საუბარი დაიწყო ლიზას შეყვარებულმა. – გაიხადეთ! – და ოთხივემ სიცილი ატეხეს, მათ შორის ორმა, ძალით, ანუ „სხვებიიცინიანდამეცგავიცინებტეხავს“ – ვარიანტი იყო. ლამაზი ცა იყო, მეგობრებო, ზუსტად ისეთი, შეყვარებულმა წყვილმა რომ უნდა უყუროს. გული დამწყდა კიდეც, რატომ მარტო არ ვარ, სიგარეტს გავაბოლებდი, ცას შევხედავდი და ბევრს დავახველებდი–მეთქი. ისეთი მშვენიერი ხედი იშლებოდა, რომ თქვენ წარმოიდგინეთ, ვიმეცადინებდი კიდეც, თუ ცის ყურება მომწყინდებოდა. ცის გარდა, სიჩუმეც ხომ იყო, არა? რაღაც საოცარი, ენით უთქმელი სიჩუმე, რომელსაც მეთორმეტე კლასელები ურცხვად აქარწ....ბდნენ. ლამის წამომცდა, რაც გინდათ ის ქენით, ოღონდ პატივისცემა გამოიჩინეთ ამ სიჩუმის მიმართ და მოკეტეთ–მეთქი. უფ, ერთი კარგად კი მომხვდებოდა, ეს რომ მეთქვა. – რა გატირებს, შე ღორო? – რომელიღაცამ კითხა დათოს, რომელმაც მაიკის გახდაში მთელი ათი წუთი დახარჯა. – ლაჩარო, სირო. – დაამატა მეთორმეტე კლასელმა. ჩემზე რომ არ გაემახვილად ყურადღება, უცბად გავიძრე მაისური და ძირს დავაგდე. დათომ მე მომბაძა. – შარვლებიც. – თქვა ამ ოთხიდან, ყველაზე მაღალმა და შეუხედავმა, რომელსაც აქამდე ხმა არ ამოეღო. დავუჯერე, შარვალიც გავიძრე და ძირს დავაგდე. ცოტა შემცივდა, მაგრამ არა იმდენად, რომ ამაზე რამე მეთქვა, ან არ დავმორჩილებულიყავი. ამ შემთხვევაში დათოს ჩემთვის არ მოუბაძია. – შარვალი გაიხადე, ახლავე! – გაუმეორეს დათოს. ალბათ, თავისი ბავშვური ტრუსის შერცხვა. მოკლედ, ფრაზა „შარვალიც, შე ღორო!“ სამჯერ გაუმარეს, თუმცა ამან არ გაჭრა, ხოდა მარჯვენა ხელზე, სიგარეტი ჩააწვეს. დათო ჩაიმუხლა და ატირდა. – გთხოვთ, – ისტერიკაში ჩავარდა. – არ გინდათ. ღმერთს გაფიცებთ, გეყოფად, მტკივა. – თხოვნა მუდარამ რომ არ გაჭრა, წინადადებას დაამატა: – ღმერთის სახელს გეფიცებით, იმას ვიზამ, რასაც მეტყვით. – თვალებ დასიებული დათოს სიტყვებს, არაფრად აგდებდნენ. მგონი წინადადებებში ღმერთს იმიტომ იშველიებდა, რომ ბიჭებს ეგრძნოთ რაღაც, როგორც ქრისტიანებს... ან რავიცი... მოკლედ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მეთორმეტე კლასელებმა მხოლოდ მაშინ შეწყვიტეს მის ხელზე სიგარეტის ჩაწვა, როცა გაიზრეს, რომ შრამები შეიძლება ბიჭს მათ საწინააღმდეგოდ გამოეყენებინა. ხოდა დათომ შარვალი გაიხადა. ჩვენს გარდა, ყველამ სიცილი ატეხა, არა ტრუსზე მიხატულ დათუნიაზე, არამედ შარდით დასველებულ ტრუსზე. – გაგეპარა, შე სირო? – მგონი, თუ არ ვცდები, ეს რიტორიკული კითხვა იყო. – ტრუსებიც გაიხადეთ, თქვე ქვეშაფსიებო. – წამოიყვირა რომელიღაცამ. ამის გაკეთება ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ მაინც გავაკეთედ. – ახლა კი, – თქვა ლიზას შეყვარებულმა. – ერმანეთი გაჟიმეთ! ამჯერად, სახლის კარი დაუკაკუნებლად შევაღე. დედაჩემი კარგ ხასიათზე დამხვდა, ეს ერთი შეხედვითაც ეტყობოდა. ლოყაზე ხელი უგულოდ მომისვა და მკითხა: – რატომ დაგაგვიანდა? – დღეს შვიდი გაკვეთილი გვქონდა. – ვუპასუხე და ორი ჭიქა ცივი წყალი დავლიე. სკოლის ჩანთა შემოსასვლელ ოთახში, ფეხსაცმელების თაროზე შემოვდე და საპირფარეშოში შევარდი. კარგად მახსოვს, სარკეში ჩემს გამოსახულებას დიდი ხანი ვუყურებდი. შხაპი მივიღე და იმ დღის შემდეგ, ჩემი ოთახიდან არ გამოვსულვარ. კომპიუტერი არც ჩამირთავს, ლოგინზე წამოვწექი და მოვიკუნტე, როგორც ჩემი კატა, რომელიც იმ დროისთვის, კარგა ხნის მკვდარი იყო. ლოგინი გამთბარი მეჩვენა. „ალბათ, დედაჩემს და იმ ძაღლს, ჩემს ლოგნზე ქონდათ სექსი–მეთქი.“ – გავიფიქრე. რამდენიმე საათიანი ტირილის შემდეგ, ჩამეძინა, მაგრამ არა ტკბილად. მგონი, კოშმარიც კი ვნახე. როდესაც გავიღვიძე, საღამო იყო. გაკვეთილები არ მისწავლია და ამის შესახებ, დედაჩემსაც არაფერი უთქვამს. რა უნდა მექნა, ავდექი და ვიდეო თამაში ჩავრთე. შუაღამემდე ვთამაშობდი და შიგადაშიგ, სკოლის ამბებზეც ვფიქრობდი, მაგრამ არა დიდი ხნით, მალევე გადამავიწყდებოდა ხოლმე, როცა ვიდეო თამაშში საინტერესო მომენტს გადავაწყდებოდი. ღამის პირველ საათს გადაცდა თუ არა, დედაჩემმა კატოგორიულად მოითხოვა, რომ დამეძინა. თავიდან უარზე ვიყავი, მაგრამ მისი წუწუნის თავი არ მქონდა, ჩემი გამჭირვებოდა. მეც ავდექი და დავწექი, ოღონდ არა დასაძინებლად. შუქი ჩამქრალი მქონდა და ჭერზე, ვეღარაფერს ვხედავდი, მხოლოდ ფანჯარაში თუ დავინახავდი რაღაც გაუკრვეველ, შავ სხეულს, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, შემზარავი იყო. ხოდა, თუ სწორად მახსოვს, უკვე უნდა ჩამძინებოდა, შემოსასვლელი კარის გაღების და დაკეტვის ხმა რომ გავიგე. შემდეგ, დედაჩემის ოთახის კარის ჭრიალი მომესმა. ბოლოს კი, დაძინებამდე, მისი კვნესა, რომელიც გულს მირევდა. კვნესოდა მთელი ღამე, სანამ მეხუთეჯერ არ განიცადა ორგაზმი. დილის შვიდ საათზე ჩამეძინა და რვაზე, მე თვითონვე გავიღვიძე. კბილების გამოხეხვას, სამი წუთი მოვანდომე. ჩაი მე თვითონ მოვიმზადე. დედაჩემს ,მკვდარივით ეძინა, მისი საყვარლის ხვრინვა კი, მთელ სახლში ისმოდა. ამის ფონზე, სიგარეტის მოწევა მომინდა და მოვწიე კიდეც, ფანჯრის წინ, ოღონდ ისე, რომ ერთხელაც არ დამახველა. ესე გავხდი მწეველი. მგონი, წითელი მარლბორო იყო ჩემი პირველი სიგარეტი. გემო რა მოსაწონია, მხოლოდ კვამლის გამოშვება მომეწონა ჩემი სუფთა ფილტვებიდან. თურმე, ჩაისთან ერთად სიგარეტის მოწევა, ხუთი წლით უფროს გხდით იმ შემთხვევაში, თუ თხუთმეტი, ან თექვსმეტი წლის ხართ. ხოდა, უფროსობა მომეწონა. მხოლოდ ამან შემმატა გამბედაობა იმისა, რომ დედაჩემის ოთახში შევსულიყავი. კარი ფრთხილად შევაღე და ოთახში, ჩუმი ნაბიჯებით შევაბიჯე. ორივენი შიშვლები ეყარნენ ლოგინზე და ისე ეძინათ, ერთი წამით გავიფიქრე, ხომ არ მოკვდნენ–მეთქი? ხო რა, რომეო და ჯულიეტასავით. დედაჩემის პარტნიორის შავი, მბზინავი „გლოკი“ ჩუმად ავიღე და ჯერ დედაჩემს დავუმიზნე, მერე მის გვერდზე მწოლიაერე ძაღლს. სარკეში რომ ჩავიხედე, „გლოკით“ ხეშლი, შევნიშნე, რომ კიდევ ხუთი წელი მომმატებოდა. სიგარეტი, ჩაი, „გლოკი“, ეს უკვე ნამდვილ აგენტს მხდიდა. ხოდა ვიფიქრე, სკოლაშიც ხომ არ წავიღო ეს იარაღი და მეთორმეტე კლასელები ხომ არ დავცხრილო–მეთქი? მაგრამ ჯანდაბას, ჯეიმს ბონდი ხშირად უიარაღო იყო–მეთქი, – დავამატე. ოთახიდან ისევ ისე, ჩუმად გავედი, სკოლის ჩანთა მოვიკიდე და სახლიდან გავედი. ამჯერად, გზაში, „მამაო ჩუენო“ ბოლომდე ვთქვი. დალახვროს ეშმაკმა, იმ დღეს, მზე ძალიან ლამაზად ანათებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.