ახალი წლის არომატი (სრულად)
წავიკითხე საკონკურსო თემა და დავფიქრდი. ნეტავ რისი არომატი აქვს ახალ წელს? მანდარინის? ტკბილეულის? იქნებ სასმელის? ან თოვლის და ნაძვის ხის? არასოდეს მიფიქრია ამაზე, ამიტომ გადავწყვიტე მეკითხა მათთვის, ვის აზრსაც ჩემთვის მნიშვნელობა გააჩნია და ვინც ვიცი, რომ აბსოლუტურად გულწრფელად მიპასუხებს ყველა შეკითხვაზე, თუნდაც ყველაზე აბსურდულზე. -დედი, ახალ წელს რისი არომატი აქვს?- ვეკითხები დედას, რომელიც სახლს ალაგებს. ჩერდება, იმართება წელში, მიყურებს და როდესაც რწმუნდება, რომ არ ვხუმრობ და სერიოზულად ვეკითხები, მპასუხობს: -შენი და შენი ძმის,- ეცინება დედას და თმებს მიჩეჩავს ისე, როგორც ბავშვობაში, მერე კი უბრუნდება საქმეს. მე მისაღებში გავდივარ, სადაც მამა დივანზეა წამოწოლილი და კროსვორდს ავსებს. -მა...- ვეძახით, მაგრამ პასუხს არ მცემს,- მამა, მოსწყდი მაგ კროსვორდს ერთი წუთით,- ვეუბნები გაბუტული ხმით. -რა მოხდა, ისევ რაიმე იდეა გაქვს, რის შედეგადაც სახლში კიდევ ერთი რემონტის გაკეთება მოგვიწევს?- მეკითხება სიცილით. ჩემი ბრალია, დამნაშავე ვარ და ვცდილობ არ გავიხსენო ჩემი სულელური იდეა. ან არც ისე სულელური... -არა,- ვმალავ თვალებს,- მა, ახალ წელს რისი არომატი აქვს?- ვეკითხები ინტერესით. -შენი და შენი ძმის,- დაუფიქრებლად მპასუხობს მამა,- ცოტა დედაშენის და ბებიაშენის,- მიკრავს თვალს. ღიმილი ჩემდა უნებურად ანათებს ჩემს სახეს. -მიყვარხარ მა,- ვეუბნები სიტყვებს, რომელსაც იშვიათად ვამბობ ხმამაღლა და ოთახიდან გავდივარ. თუმცა ვამჩნევ მის ბედნიერ ღიმილს და მეც ბედნიერება მავსებს. -ბე,- ზურგიდან ვეხუტები ბებიას, რომელიც ჩემი ძმის საყვარელ გუფთას აკეთებს. -ხო ბებო შემოგევლოს,- მეუბნება თბილად. -ბე, რისი არომატი აქვს ახალ წელს?- ვეკითხები ხმადაბლა. -თქვენი,- მპასუხობს ცოტა ფიქრის მერე,- ჩემი შვილების და შვილიშვილების. -შვილების?- მიკვირს მრავლობითი რიცხვი, რადგან მამაჩემი დედის ერთაა. -დედაშენი და მამაშენი, რა გაგიკვირდა?- მეკითხება ისე, რომ ჩემსკენ არც კი ბრუნდება. რა თქმა უნდა, ბებოს დედა ისევე უყვარს, როგორც მამა, ან ცოტა მეტადაც, რადგან მამაჩემი ყოველთვის ყველაფერში დამნაშავეა და არავინ კითხულობს, მართალი არის თუ არა. ის ავტომატურად ხდება დამნაშავე დედასთან კამათისას. -არაფერი ბე,- ვეუბნები და ვკოცნი ლოყაზე. -გიო, შეიძლება?- ვაკაკუნებ ჩემი ძმის ოთახის კარზე. -მოდი,- მესმის ხმა და შევდივარ. ჩემი ძმა ლოგინზე წევს და წიგნს კითხულობს. ის იმ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს, ვისაც წიგნი ურჩევნია კომპიუტერს. -გიო, ახალ წელს რისი არომატი აქვს?- ვეკითხები ინტერესით. მისი პასუხი ყველაზე მეტად მაინტერესებს. ჯერ გაოცებული მიყურებს, მერე ფიქრდება და რამდენიმე წუთში მპასუხობს: -ბაბუას ღვინის, რომელსაც ჩვენთვის შაქრავდა. გახსოვს?- მეკითხება ღიმილით. რა თქმა უნდა მახსოვს. ბაბუა ყოველ წელს თავად აყენებდა ღვინოს ახალი წლისთვის და ყოველთვის გვითვალისწინებდა პატარა შვილიშვილებს. ერთი ბოთლი დაშაქრული ღვინო ჩვენთვისაც კეთდებოდა, რომლის დაგემოვნების უფლებას ახალ წელს გვაძლევდნენ. მაშინ ეს დიდი მოვლენა იყო ჩვენთვის, რადგან ვთვლიდით, რომ ამით უფროსები მათ თანასწორად გვაღიარებდნენ. -კი,- მეღიმება მეც. -კიდევ ბებოს გოზინაყის, დედას ხაჭაპურის, მამას ხორცის ბლინების და შენი...- გიო ჩერდება და თვალს მარიდებს. -აბა დაამთავრე,- ვეუბნები და საწოლზე ვჯდები, ვცდილობ თვალებში ჩავხედო, მაგრამ არ გამომდის. -შენი ჩახუტების,- მეუბნება ისე, რომ თვალებში არც მიყურებს. საოცარი სინაზე მიპყრობს და მისკენ ვიხრები, ვკოცნი აწილებულ ლოყაზე და ვდგები. -ჩემი სიამაყე და იმედი ხარ შენ,- ვეუბნები გულწრფელად და ოთახიდან გავდივარ. რისი არომატი აქვს ახალ წელს? ჩემთვის ოჯახის სურნელი აქვს! დედის, მამის, ბებიის და ძმის. მათი, ვინც ყოველთვის ჩემთან არიან და მიღებენ ისეთს, როგორიც ვარ. ვისაც ვუყვარვარ და ვინც მიყვარს მე. მათი, ვისაც შეუძლიათ აჰყვნენ ყველა ჩემს ავანტიურას, როგორც შარშან ამყვა მამა, რომელმაც კედლებზე ჩემთან ერთად გააკრა ფერადი ფიფქები, რომელიც მერე არ მოშორდა და მოგვიწია ყველა ოთახში შპალერის გამოცვლა. ესეც ჩვენით გავაკეთეთ, ყველამ ერთად, სიცილით, კამათით და თამაშით. რაც მთავარია არავის უჩხუბია, უბრალოდ მიიღეს როგორც კიდევ ერთი საერთო მხიარული მოგონება. ბევრისთვის ახალი წელი ერთი ჩვეულებრივი დღეა, ან ჭამა-სმის კარგი მიზეზი. ჩემთვის ახალი წელი შანსია, ვიყო მათთან, ვინც მიყვარს სულით და გულით. ვუთხრა წასული წლის ბოლო წუთებში მადლობა ღმერთს, ბუნებას, კოსმოსს, ყველაფერს რასაც კი შეიძლება, იმისთვის, რომ საშუალება მოგვცა კიდევ 1 წლით დავმტკბარიყავით. ხოლო ზუსტად 12 საათზე ვთხოვო, რომ ასევე ტკბილად და რაც მთავარია ერთად გაგვატარებინონ ახალი, ამჯერად 2017 წელი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.