იყავი ცოლი - ნაწილიI
,,იყავი ცოლი" ნაწილი I ქმრის ერთგულებას მასწავლიდა დედაჩემი. მეც, ისევე როგორც ობლების უმრავლესობას, მშობელმა სიკვდილის წინ ის ტვირთი დამიტოვა, სიცოცხლის ბოლომდე რომ უნდა მეთრია. ქმარს მოუარე, კარგი ცოლი იყავი და ზედმეტად თავი არ გამოიდოო, ასე მითხრა ქალმა, რომელმაც ყველაფერი მიატოვა საკუთარი თავის განვითარების გამო და სხვა ქვეყანაში გადაიხვეწა. მერე მეც გავუჩნდი. ვფიქრობდი, ნანობს, რომ მის გაქცევას ჩემი დაბადება მოჰყვა-მეთქი. ისიც გავიფიქრე, გათხოვებას, მამაჩემის ცოლობას ნანობს და არ უნდა, მეც იგივე დამემართოს-მეთქი. პრობლემა ერთადერთი იყო - მე კარგი შვილი ვიყავი, მამაჩემი კი იმაზე უკეთესი ქმარი, ვიდრე ვინმეს შეუძლია საკუთარ ფანტაზიაში დახატოს იდეალური თანამეცხედრე. როცა გავიგეთ, დედა ავად იყო, მხოლოდ მამას ვუმალავდით. გვეგონა, გადაჰყვებოდა ამ ამბავს. წარმოუდგენლად ძლიერი აღმოჩნდა დედაჩემი, ერთი თვე ხმა არ ამოუღია. არაფერი შეიმჩნია. იცოდა, რომ სასიკვდილო სენი ვერაგულად შეუჩნდა და მოსვენებას აღარასდროს მისცემდა და მაინც, ვერაფრით დავიყოლიეთ ქმრისთვის მორალური დახმარება მაინც ეთხოვა. ზუსტად ერთი თვის თავზე თავად მოვიდა მამაჩემი ჩემთან. მივხვდი, კარგად არ იყო : წელში მოხრილი, უჩვეულოდ დაჩიავებული, თითქოს ერთ დღეში გაჭაღარავებული, ღიმილგამქრალი შემოლასლასდა ჩემს ოთახში. არ მახსოვს, როდესმე ისე შემხვედროდა, რომ არ გაეღიმა, შუბლზე არ ეკოცნა და თავისი ძლიერი მკლავებით ისე არ ჩამხუტებოდა, რომ რამდენიმე წამით ჩავეკარგე შიგნით. მოვიდა, საწოლზე ჩამოჯდა, არაფერი მითხრაო, მთხოვა. მეც გაშეშებული დავრჩი საწოლზე. კალთაში თავი ჩამიდო. კანკალებდა, ცოტა ხანში შიშველი ფეხები დამინესტიანდა და მივხვდი, რომ პირველად ცხოვრებაში, ვხედავდი, როგორ ტიროდა კაცი, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე ძლიერად მიმაჩნდა დაბადებიდან. ,,რა ვქნა მამა ახლა?” - ამომხედა და ძლივს ამოილუღლუღა. - ,,რომ მომიკვდეს დედაშენი, რა ვქნა მერე? ვის მოვეფერო, მამა? რატომ დამიმალეთ, მეშველა იქნებ რაღაც... რა ვქნა, მამა, ახლა?” - თითქოს ყელში გაჩხერილმა ბურთმა სასუნთქი გზები ჩაუკეტაო, ახრიალდა, მერე ნელ-ნელა ხმა სულ უფრო დაელია და საბოლოოდ, როცა ბგერები დაკარგა, წამოდგა და ნელი ნაბიჯით გავიდა. ნახევარი საათი გაუნძრევლად ვიჯექი, ვერ მივხვდი, რა უნდა გამეკეთებინა. დედაჩემთან გასვლის მეშინოდა, იქნებ სულაც არ იცის და მე უნდა გავანერვიულო-მეთქი, ვიფიქრე. დერეფანში ვერ ვიხედებოდი იმის შიშით, იქ, სადმე, მამა არ დამენახა, ისეთივე უმწერო, როგორც რამდენიმე წუთით ადრე იწვა ჩემს ფეხებთან. მერე კივილი გაისმა. ტანში გამაცია. ჩხუბობდნენ, ტიროდნენ, კოცნიდნენ... - მალე მიწყდა ხმა და სახლში ჩამიჩუმი რომ აღარ ისმოდა, გამბედაობა მოვიკრიბე და გარეთ გავედი. ლოგინზე იწვა დედა, მამას გულზე თავმიყრდნობილი სლუკუნებდა, ქმარი ცრემლებს ჩვეული ვაჟკაცობით წმენდდა და ოდნავ შეჭაღარავებულ თმაზე ეფერებოდა. მაშინ ვინატრე, რომ თუ რაიმე ვერაგი სენი გადაწყვეტდა ჩემთვის სიცოცხლის წართმევას, ასეთი ყოფილიყო ჩემი დასასრულის დასაწყისი. ცხოვრება ძალიან მძიმედ წავიდა. მამამ დედის თანდასწრებით ტირილი ამიკრძალა, სახლში ინტერიერი უცნაურად შეცვალა, თითქოს განგებ აურ-დაურია. დილაობით გაიქცეოდა, ყვავილებს იყიდდა და დედას საწოლთან მდგარ ლარნაკში ჩააწყობდა, რომ გაიღვიძებს, სუნი ესიამოვნებაო. პატარა ბავშვად იქცა კაცი, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ ხანდახან მიჭირდა კიდეც მისთვის თვალებში შეხედვა. დიდი იყო, უზარმაზარი. ოთახში ჩუმად დაიარებოდა და თითქოს იატაკიც კი ცდილობდა, უხმაუროდ აეტანა მისი დინჯი, მძიმე ნაბიჯები. ყოველ დილას ხელში აყვანილი მიჰყავდა მამაჩემს დედა ეზოში მდგარ ხის სკამამდე წიგნის წასაკითად. შუადღისას საკუთარი ხელით ბანდა, ამშრალებდა და ნელი ნაბიჯებით მიუძღვებოდა უბედურ საწოლამდე, რომელიც ერთ დროს უამრავ ცხელ ღამეს იტევდა. ღამით, როცა დედას ღონემიხდილს მიეძინებოდა, მამა კი მის თავთან სიმღერაში მიხუჭავდა ვეებერთელა თვალებს, ოთახში ვიკეტებოდი, ბალიშში თავს ძლიერად ვრგავდი და მთელი ხმით ვღრიალებდი. ყოველ ჯერზე, როცა ჩუმად ტირილს ვიწყებდი, ხმა, თითქოს, მუცლიდან ამომდიოდა, ძალიან სწრაფად, მდინარის მსგავსად გაიქროლებდა ყველა ორგანოს და პირიდან გაშმაგებული ამოხეთქავდა. ისე მეშინოდა მაშინ საკუთარი თავის, ისე მკაფიოდ ვგრძნობდი, როგორც მაჩნევდა იარებს უდედობის შიში, ისე ვნატრობდი, ვინმეს ეთქვა, რომ ქალი, რომელმაც არარეალურად სწრაფად დაიწყო წონაში კლება და რომელსაც გრძელი, სქელი, კუპრივით შავი თმისგან სულ ათობით ღერიღა შერჩა თავზე - გადარჩებოდა... ისე მინდოდა, ვინმეს მამასთვის რამე ისეთი ეთქვა, რაც ისევ მე მაქცევდა მისთვის მთავარ საზრუნავად და არა ცოლს, რომელიც საკუთარი სიკვდილით ართმევდა ყველაფერს, რისთვისაც ის დილაობით იღვიძებდა... აიდა მორალესი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.