ნიღაბი
შუა სექტემბერში მზე ისე აჭერდა, აგვისტოს ლამის ცხარე ცრემლებით ეტირა, პოსტი წამართვაო. ასფალტსაც ბუღი არ ასდიოდა, მაგრამ დიდი დროის განმავლობაში მზეზე სიარული, ნამდვილად აგიწვავდათ ფეხის გულებს. შესაძლოა ტუჩებიც გამოგშრობოდათ და იმ ძაღლივით პირდაღებულს დაგეწყოთ სუნთქვა, აი, სულ რამდენიმე წამის წინ რომ გასცდით და ცხვირი აიბზუეთ იმის დანახვაზე, როგორ სვამდა გუბიდან წყალს. თუმცა, სიცხე მაინც ვერ უშლიდა ადამიანების ჩვეულებებს ხელს. ისევე იქცეოდნენ, როგორც ჰქონდათ უკვე კარგად გამჯდარი და ალბათ, რიოს კარნავალი რომ დაწყებულიყო, მაინც არ გადაუხვევდნენ არჩეულ გზას. თავის გზას მიუყვებოდა ჭრელ კაბასა და რომაელი გლადიატორის მსგავს ფეხსაცმელში გამოწყობილი სესილიც. დროდადრო ჟღალ, ხვეულ თმას შუბლიდან გადაიყრიდა, სათვალეს გაისწორებდა, შემდეგ კი გულმოდგინედ ელოდა შუქნიშანზე მწვანე ფერის გამოჩენას, რომ გზა გაეგრძელებინა. კანონმორჩილი მოქალაქე იყო, მისაბაძი. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანდა. სკოლაშიც უყვარდათ და უნივერსიტეტშიც ყველას შეაყვარა თავი. პირველი კურსიც ისე დახურა, მასზე ცუდი არავის არაფერი უთქვამს. ეგ კი არა, მეზობლებიც არ უგონებდნენ ჭორებს. ქალები პატარა გოგონებს თავის გაქნევით მიუთითებდნენ ხოლმე, სესილისნაირი გოგო უნდა დადგე და ყველას ეყვარებიო, მოზრდილ ბიჭებს კი, ასევე თავის ქანქარით ანიშნებდნენ, ასეთი რძალი მომიყვანე და რაღა მომკლავსო. მოკლედ, ყველასათვის საყვარელი იყო ჩვენი სესილი. ღამ-ღამობით გარეთ არავის უნახავს, არც სხვადასხვა მანქანიანი ბიჭები აცილებდნენ სახლამდე. სკოლასა და მუსიკალურ სასწავლებელშიც არავის იმეგობრებდა ზედმეტად. კარგად აღზრდილი გოგო იყო და იცოდა, რომ არაფერს მოუტანდა ეს ფუჭი დროის კარგვა და ყალბი ურთიერთობები. რომ გათხოვდებოდა მაინც ყველა მეგობართან მოუწევდა კავშირის გაწყვეტა და ტყუილად რაღატომ წამოეწყო ის, რაც ჩანასახშივე დასასრულისთვის იყო განწირული? ცხელი ასფალტიდან მიწისქვეშა გადასასვლელში გადანაცვლება ნამდვილი სამოთხე იყო. კიბეები სწრაფად ჩაირბინა, თუმცა, როგორც წესი, სინდისმა არ გაუშვა, უკანვე აბრუნდა და საწყალ, მოკუნტულ ბებოს ობლად გამოშვერილ, დამჭკნარ ხელში ოცთეთრიანი ჩაუდო. არ ჩაუგდია, საკუთარი თითები მის მუჭთან ახლოს მისწია, ხურდა შიგნით ჩადო, ხელზე ოდნავ მოუჭირა ხელი, თბილი ღიმილი აჩუქა და შემდეგ ისევ მიწისქვეშეთში გაუჩინარდა. ასე იქცეოდა ყოველთვის, ასე იქცეოდა ყველგან. მისაბაძი გოგო იყო სესილი. მაჯის საათს დახედა და გზა ისეთივე სიჩქარით გააგრძელა, თითქოს რომელიმე მათემატიკური ამოცანის გმირი ყოფილიყო, ა პუნქტიდან ბე პუნქტამდე რომ თანაბარი სიჩქარით გადაადგილდება, თანაც, სწორხაზოვანი ტრაექტორიით. არც ერთი ზედმეტი ნაბიჯი, არც ერთი გადახვევა. მხოლოდ სამიზნე წერტილი და დაუღალავი სვლა მასთან მისაღწევად. ეკლესიას ჩაუარა. კარიბჭესთან მოწიწებით გაჩერდა, ბავშვობიდან გამოყოლებული ჩვევით, კარგად შეკრული სამი თითი ჯერ შუბლზე მიიდო, შემდეგ ჭიპზე, მარჯვენა მხრიდან მარცხენისაკენ გაამგზავრა, ბოლოს კი დაიხარა და ცხელ ასფლატს დაადო. ისედაც კოჭებამდე სიგრძის ჭრელმა კაბამ ახლა ქუჩის ჭუჭყი კიდევ უფრო კარგად ჩაიკრა გულში. სვლა ისევე განაგრძო, როგორც აქამდე. არც ჩქარა და არც ნელა. არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა, არაფერი მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, არაფერი ახალი... ამრეზით ჩაუარა წეღან რომ მიწისქვეშა გადასასვლელთან შეხვდა, ისევე მოკუნტულ, კიდევ უფრო მოხუც, მაგრამ ბოშა ქალბატონს. ცხვირი ისე შეჭმუხნა, თითქოს მისგან ის სუნიც კი ეცა, რომელიც სინამდვილეში სულაც არ ჰქონდა. წინა შემთხვევისგან განსხვავებით, არანაირი თანაგრძნობა არ დაუფლებია. არ იყო მისი ეროვნების და არც დაეხმარებოდა. კარგიც კი იქნებოდა საქართველოს ქართველის გარდა სხვა თუ არ დაამძიმებდა. თეძოზე ვიბრაცია იგრძნო და მაშინვე მიხვდა რაც უნდა გაეკეთინა_ცალ მხარზე გადაკიდული ჩანთიდან მობილური ამოაძვრინა. კალენდარი იყო, ექიმთან ვიზიტს ახსენებდა. ჰმ, ან რისთვის ჩაინიშნა საერთოდ, ეს როგორ უნდა დავიწყებოდა. „კოკა-კოლის“ პლაკატიან მარკეტს ჩაუარა და ამჯერად მისი გონებაც შუშხუნა სასმლისკენ გადაერთო. მას შემდეგ არ დაულევია, რაც ახალი სარეკლამო კამპანია ნახა. იმ ავადმყოფების შესახებ. ორი ბიჭი გაღიმებული რომ იჯდა გვერდიგვერდ. როგორი გულისამრევია. ამაზრზენი. მთლიან ტანში ჟრუანტელმა დაუარა და იგრძნო როგორ მოაწვა ყელში დილით ნაჭამი მაწვნის სუფი. ნეტავ ყველანი ერთდროულად გაქრნენ დედამიწიდან. იმაზე უფრო ცხელ კუპრში დაიწვნენ, ვიდრე ეს ასფალტია, ფეხის გულები რომ აუხურა. როგორ შეიძლება ერთსქესიანებს ერთმანეთი უყვარდეთ და ამასთანავე პრეტენზიაც გამოთქვან, რატომ გვავიწროვებენო. მადლობა თქვან საერთოდ, ქუჩაში დანახვისას წინ რომ არ უფურთხებენ. ამაზრზენები. შავმინებიანი ჯიპისათვის გადასწრებას აპირებდა მწვანედ ანთებული შუქნიშნის გამო, მაგრამ მანქანის სერია იცნო და შუა გზაზე გაჩერდა. გულწრფელმა ღიმილმა ყურებამდე გაუწელა ტუჩები და სწრაფად მიირბინა შავ „პრადოსთან“. მძღოლმა, ცოტა არ იყოს გაკვირვებულმა ჩასწია მინა და მის მიღმა აწ უკვე თავსაფრიანი და კოჭებამდე კაბიანი გოგონა რომ დაინახა, კიდევ უფრო გაოცდა. -დამლოცეთ, მამაო! დალოცა. სესილიც წამოვიდა. დალოცვილი. ის ხომ კარგი გოგო იყო. ძალიან კარგი გოგო, მისაბაძი. სულ ოდნავ აუჩქარა ფეხს, კიდევ ერთ ეკლესიასთანაც, გაჩერების გარეშე, სწრაფად გადაიწერა პირჯვარი და შემდეგ სწრაფადვე შეაბიჯა მის უკან მდგარ კორპუსში. ეს გზა უკვე კარგად იცოდა. ძალიან, ძალიან კარგად. ძაფგამობმული ხუთთეთრიანი ლიფტის ყულაბაში ჩაასრიალ-ამოასრიალა, ექვსიანს მიაჭირა და რამდენიმე წამში ლიდას სახლის კარიც შეაღო. ზარი არ დაურეკავს, იცოდა, რომ აზრი არ ჰქონდა. -მოხვედი? -მოვედი. მზად ხარ? -ხუთ წუთში მორჩება სტერილიზაცია. სიგარეტი გინდა? -მინდა. გააბოლეს. ჩამწვარი ღერები საფერფლედ გამწესებულ ყავის თეფშში ჩაასრისეს და სესილი მაღალ სკამზე მოკალათდა, ლიდამ კი რეზინის ხელთათმანები ტკაცუნით ჩამოიცვა ხელებზე. -გუშინ ლიუბას აფთიაქში ნახშირის საყიდლად ჩავედი და ჩემ წინ მდგარმა გოგომ სამი ცალი პრეზერვატივი იყიდა. -მიკვირს, როგორ არ ეშინიათ ღმერთის.-თავი გადაიქნია სესილიმ და მოხერხებულად მოეწყო. დაახლოებით ერთ საათში, ლიდას სადარბაზოდან რომ გამოვიდა, მოულოდნელად ვიღაც შეასკდა. თავი ასწია გაბრაზებულმა და ცხვირაწითლებული და თვალებჩაწითლებული გოგონა რომ შერჩა, აღარაფერი უთქვამს. -უკაცრავად, ლიდა აქ ცხოვრობს? -ლიდა?-გაიკვირვა. სადარბაზოდან გამოსული ისევ ის სესილი იყო, როგორიც შესვლამდე. კარგი და მისაბაძი გოგო. -აბორტს რომ აკეთებს...-ჩაიჩურჩულა უცნობმა. -მეექვსე სართულზე, ხის კარი. ლიფტი ხუთი თეთრი ღირს.-უპასუხა ცივად, გამკიცხავად გახედა, სათვალე ჩამოიწია და თავის ქნევით გაეცალა იქაურობას. სესილი კარგი გოგო იყო. სესილი ჭკვიანი და მისაბაძი გოგო იყო. სესილის ყოველთვის კოჭებამდე კაბა და გულდახურული კოფთა ეცვა. სესილი ყველა ეკლესიის წინ პირჯვარს იწერდა და ყველა მამაოს დალოცვას სთხოვდა. სესილი მხოლოდ ქართველ მათხოვრებს ეხმარებოდა, ფერადკანიანებს ბინძურ ზანგებად მოიხსენიებდა, განსხვავებული ორიენტაციისებს, გარყვნილ ავადმყოფებად, ძაღლები და კატები უყვარდა, მაგრამ მათი დანახვისას ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდა, ეზოში გაზრდილებისგან რწყილები რომ არ აეკიდებინა. დადგებოდა დრო და სესილი ლიდასთანაც აღარ მივიდოდა. მისით ახალი ოჯახის წევრებიც იამაყებდნენ. დედამთილი კი განსაკუთრებით. სესილი ქართული რეალობის სასურველი სარძლო იყო, ანგელოზის სახით... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.