შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნანგრევებში ჩაფლული რეალობა


30-04-2017, 01:38
ავტორი L LI
ნანახია 1 257

საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი, ალბათ ყველა ტირის. მნიშვნელობა არ აქვს, სახეზე იკვალავენ გზას უფერული ცრემლები თუ ადამიანთა მიერ ჯერ კიდევ შეუცნობელი სულის ლაბირინთებში. ოდესღაც დგება ისეთი წამი, როდესაც აცნობიერებ,რომ შენი არავის ესმის. ამ დროს თითქოს დამანგრეველი მიწისძვრა იწყება, ნელ-ნელა ინგრევა ყველაფერი, მათ შორის წარმოსახვაც, რომელსაც ხშირად ჩიხში შევყავართ. ბიძგები არყევენ კოლოფისებურ კორპუსებს, შენობებს... და რაც წლების განმავლობაში უშენებიათ, ერთ წამში ნადგურდება. ყურებში რჩება დამაყრუებელი ხმაური. მარტო რჩები, დიდ სავალ გზაზე ფეხს გიწყობენ მხოლოდ ნანგრევები, რომლებიც არასდროს დაგტოვებენ. ვერც აცნობიერებ, ისე ხდები დაუსრულებელი მარშის მონაწილე. გარშემო ღრიალებენ დაფდაფები, მათ ყვირილით ეხმიანება ვალტორნა, გაიძულებს არ შეჩერდე, გადადგა ნაბიჯები, თუმცა შეუძლებელია არ დაარღვიო ეს წესრიგი, ქაოსი რომ შემოაქვს, ჰაერში გიტაცებს და სადღაც, ნანგრევებს შორის დაგტოვებს ეულად.
მხოლოდ ცრემლებს შეუძლიათ წალეკონ სიყალბე, გადარეცხონ მიწისძვრის ნაშთები. თვალწინ რჩება სიყალბისგან განძარცვული რეალობა, ჯალათად რომ აღიმართება, სიბნელეში გტოვებს, თითქოს ოთახში შუქი ჩაგიქრეს. რჩები იქ,სადაც ჰაერიც კი არაა წმინდა. მტვრის ნაწილაკები დაცურავენ ჰაერში. ნანგრევებმა ფეხი აიდგეს და მარშში ჩაბმულნი, უკრავენ, შეთანხმებულნი მოძრაობენ დანგრეული ქალაქის ქუჩებში.
პირი შეკრა ყველამ და ყველაფერმა, მიწაზე ადგილი აღარ დარჩა მისთვის, ვისაც ვერ მოუსმინეს. ბოლოს თავადაც დაიხშო ყურები, იცოდა, თავადაც ვერაფერს გაიგებდა.
მის წინ, კლდეებს შორის გაიბა წვრილი, ბეწვის ხიდი. მასზე უნდა გაევლო, რომ ოდესმე, თავის თავში დარწმუნებული მოშორებოდა ნანგრევებს. არ უნდა მიეცა ამ სამყაროსთვის იმის უფლება, რომ შთაენთქა, ისე თითქოს არ არსებობდა. შიშისგან აჟრჟოლებდა. აღარ სურდა უკან მიხედვა, იმის დანახვა, თუ როგორ დაინგრა ყველაფერი ერთ წამში. წამით ინატრა, რომ ფრინველი ყოფილიყო, თუნდაც ყველასგან მოძულებული ყვავი და გადაელახა ხიდი, ცაში ასულს დაევიწყებინა რა ხდებოდა მის უკან. მხოლოდ წინ უნდა გაეხედა.
მწერლების მსგავსად, სულ ერთი წამით მასაც მოეჩვენა, რომ ლურჯი ფრთები გამოესხა, გამჭვირვალე. ნაზად ირხეოდნენ ჰაერში და მტვრის ნაწილაკებისგან აუფერულებდნენ. ცაში აიტაცა უეცრად გოგონა. ჰაერის ნაკადმა შეუშრო ცრემლი სახეზე, სადღაც შორს მიმალა დარდი და გაფრინდა. ფიქრობდა, რომ შეძლებდა და შეძლო კიდეც. წამით მიეცა თავდავიწყებას, თვალდახუჭული ფრინავდა ღრუბლების მძიმე ფენებს შორის, სადაც ვერ აღწევდა ხმაური...
მერე თითქოს ფეხქვეშ მიწა გამოეცალა, უფრო გამკრთალდა ლურჯი ფრთები, თანდათან ქრებოდა. როგორც იქნა თვალები გაახიდა და უკან გაიხედა, ისევ გრძელდებოდა ნანგრევების მარში. თავი წინ მიაბრუნა შეშინებულმა, იქ ისევ ბეწვის ხიდი იყო, ჯერ კიდევ გადაულახავი. ცოტა ხნის წინ განცდილის შემდეგ მტკიცედ სჯეროდა, რომ გაფრინდებოდა, ფეხს ჰაერში ასწევდა და ფრთებიც გამოჩნდებოდნენ. არც დაფიქრდა, ისე გადადგა ერთი ნაბიჯი და თავით გადაეშვა უსასრულო მორევში. ეს არ ჰგავდა ჰაერს, არც წყალს. მიწისგანაც უკვე შორს იყო. თითქოს კარგა ხნის წინ გამორთული შუქი ჩაურთეს ოთახში, ყველაფერი სიყვითლემ მოიცვა. მუსიკოსები არ ჩანდნენ მაგრამ მაინც გრგვინავდნენ საკრავები. ხედავდა ყვითელში ჩაძირულ როიალს, რომელზეც განუწყვეტლივ, ერთდროულად ვარდებოდნენ თეთრი და შავი კლავიშები, ვიოლინოს ხემი ჰაერში იძვროდა, ეხებოდა გაჭიმულ სიმებს...
დადიოდა მათ შორის, აკვირდებოდა ისე, როგორც სამუზეუმო ექსპონატებს. მაგრამ ხმა არ ესმოდა. ალბათ ვერც მას ამჩნევდნენ. ყველაფერი ისე ჩანდა, გულგრილობის ვაკუუმში ჩაიძირა თითქოს... ხმის ამოღება გადაწყვიტა, მაგრამ მიხვდა, მაინც არ მოუსმენდნენ. სჯობდა მალე გაეღწია ამ უცნაური ადგილიდან, რადგან ისევე როგორც ყველგან, აქაც თავზე ჩამოენგრეოდა წარმოსახვა, ცრემლები დაუსერავდნენ გულს და კვლავ დაინახავდა ნანგრევებში ჩაფლულ რეალობას.



№1  offline მოდერი bla.ell

Unikaluria...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent