დღე
ახლა დილის 10 საათია. კვირა. გაზაფხული. ჩვეულებას ახლაც არ ვღალატობ. დილით ადრე გავიღვიძე, უფრო სწორად, მაღვიძარას გაბმულმა ზარმა გამაღვიძა. ნახევრად მძინარემ ბორძიკით გავიარე ოთახი, ფარდები გადავწიე და სუსტი მზის სხივებს ოთახში შემოჭრის უფლება მივეცი.მოოქროსფრო შუქმა ცოტა გამომაფხიზლა. ჩვეული სიმარტივით მოვიმზადე ჩაი და ფანჯარასთან დივანში მოვკალათდი. მზის სხივები სახეზე მელამუნებიან და მსიამოვნებს. სახლიდან გავდივარ. შავი კაბა მაცვია, ყელმოღებულ მაისურში ცოტა მცივა და ვცდილობ პიჯაკით როგორმე დავმალო შიშვლად დარჩენილი კანი. მივდივარ სწრაფად და თავისუფლად. როგორც ყოველთვის, ავტობუსი ახლაც აგვიანებს, თუმცა, მე არსად მეჩქარება. დაველოდები. ეს თუ არა, სხვა ხომ მაინც გამოივლის. ყურსასმენებს ვირგებ და კაშკაშა სხივებისგან დაძაბული, ნახევრად დახუჭულ თვალებს არემარეს ვავლებ. აი, შორიდან დავლანდე კიდეც დიდი ლურჯი ზანტად მოძრავი ავტობუსი. ჩვეულად, მარტივად ავიღე ბილეთი და ჩემი საყვარელი ადგილი დავიკავე ბოლო რიგში, ფანჯარასთან. "ისევ გადის დრო, ისევ სახლში ცივა, ისევ ისე თოვს და ცრემლი ცვივა, მიწას, ნუ დამიკარგავ შუქს დაელოდე მზეს შემოგიღებს კარს და გეტყვის: მიყვარხარ !"- ყურში რობი კუხიანიძის ხმა ჩამესმის და მეღიმება. ისე, რა უცნაურია... რა უცებ იცვლება დროები და რა უცებ იცვლებიან ადამიანები, რა უცებ იცვლება შეხედულებები და ფიქრები და რჩევები და მიზნები და ოცნებები... ხანდახან მგონია, სულს ამ ქაოსურად მოძრავ სივრცეში გავაბნევ-მეთქი. ჩემივე თავი მაბნევს. ზოგჯერ ისე მინდება ვიყვირო ის, რასაც ყველა ვამბობთ... ოღონდ უსიტყვოდ. აი ასე, თვალებში ვიგროვებთ სათქმელ სიტყვებს და ერთმანეთს ისე ვუყურებთ... -შეიძლება? - შუახნის მამაკაცი ჩემ გვერდით ადგილს იკავებს. "მე რას მეკითხებით, ადგილი თუ თავისუფალია შეგიძლიათ დაბრძანდეთ, ბატონო"-აი, ახლა ამ სიტყვებით გავხედე უცნობ მამაკაცს და კვლავ ფანჯარაში მოძრავ სივრცეს დავუბრუნდი. ალბათ, გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვი, რომ ბავშვობაში მგზავრობისას მეც მეგონა, რომ ხეები მოძრაობდნენ, და თუ ღამე იყო, მთვარე სწორედ ჩვენ დაგვყვებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ. კიდევ, თუ ცისარტყელას გადააბიჯებდი ბიჭად გადაიქცეოდი და კიდევ, ახალ მთვარეს თუ სურვილს ჩაუთქვამდი, აგისრულდებოდა.. მერე... დრო გადის და ხვდები რომ აღარ ხარ თოჯინა, რომელიც ფაფუკ ღრუბლებზე დააბიჯებს.. ავტობუსი მორიგ გაჩერებაზე აჩერებს და თითქმის ივსება. ხმაურია, თუმცა ეს მეორეხარისხოვანია ჩემთვის. მინის მიღმა დედამიწა ბრუნავს.. "ვაიმე, რა კარგი ბიჭია" - ვფიქრობ,როგორც კი ჩემი მზერა ჩემგან არც ისე შორს მდგომ სუბიექტს ხვდება და იმ წამსვე, ავტომატურად ირთვება ქალური ლოგიკა, როგორც კი ჩემკენ იხედება. რა თქმა უნდა, თავს ისე ვიჭერ, თითქოს არც კი შემიმჩნევია, თუმცა, მაინც ვაპარებ მისკენ მზერას. "გამიღიმა კიდეც, საყვარელი" , ძალიან არ მინდა შევიმჩნიო, მაგრამ მეღიმება, მერე საკუთარ თავზე გაბრაზებული თავს უკმაყოფილოდ ვაქნევ და კვლავ მინის მიღმა მოძრავ სამყაროს ვუბრუნდები. რამდენი ადამიანისთვის შემიხედავს, მაგრამ ვერ დამინახავს... ავტობუსი მორიგ გაჩერებაზე ზანტად ჩერდება. წამის მეასედში ვავლებ თვალს არემარეს და მიუხედავად იმისა, რომ ჩემ წინ უამრავი ადამიანი დგას, ჩემს ყურადღებას მხოლოდ ერთი გოგონა იქცევს. ნეტავ შემეძლოს აღგიწერო, რამხელა სილამაზეს ატარებს... ქერა, თხელი თმა წელამდე აქვს დაშვებული, თავადაც თხელი, კაფანდარა გოგოა. მწვანე კაბა მის სუსტ ფეხებს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის... ხელში ტელეფონი უჭირავს და რაღაცას ჩაჰკირკიტებს. ნეტავ განახა, რა ლამაზია, როცა თითქმის შეუმჩნევლად იღიმის. "ალბათ საყვარელი ადამიანისგან მიიღო წერილი" გავიფიქრე და თვალები დავხუჭე. პირველად რომ შემიყვარდა 12 წლის ვიყავი. გაგეცინება ალბათ, და თუ შენ იტყვი, 12 წლის ბავშვმა რა იცის, რა არის სიყვარულიო, მე შეგეწინააღმდეგები და გეტყვი, რომ ბავშვებმა ყველაზე კარგად იციან ვინ და როგორ უნდა შეიყვარონ. ხო და მეც შემიყვარდა, და თან როგორ... რომ ჩამოვთვალო სულ რამდენჯერ მყავს ნანახი, ხელის თითები მეყოფა, მეტიც, არც კი დამჭირდება ათივე..შემთხვევით, წელიწადში ორჯერ თუ შემხვდებოდა, ისიც გავლით, ის წელი ჩემი მეგონა. მერე სკოლა დაამთავრა და თბილისში დაბრუნდა, მე კი კვლავ შემოვრჩი ქალაქს.. მას შემდეგ ყოველთვის მიყვარს.. და რა მნიშვნელობა აქვს ჩემს სიყვარულს პეტრე ჰქვია, პავლე თუ ივანე ? ვფიქრობ, ადამიანს ერთი სიყვარულით უყვარდება, უბრალოდ ამ სიყვარულს ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა სახელი აქვს." ჩემი რომანტიზმი დამღუპავს-თქო" ხშირად ვამბობ. არც ვცდები. აბა წარმოიდგინე, დღეს ვიღას სჯერა მონათესავე სულების? მე კი, ის გამოუსწორებელი მეოცნებე ვარ, რომელსაც მოსწონს იდეა, რომ ვიღაც სადღაც ჩემთვისაა შექმნილი, რომ რაღაც "ჩვენის" ნაწილი ვარ. არ მინდა ისე გაიგო, თითქოს რაღაც, ჩემს გამოგონილ სამყაროში ვცხოვრობ (თუმცა, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი სამყარო), უბრალოდ ზოგჯერ მგონია, რომ ზედმეტად ღრმად ვფიქრობ ამაზე. სიმსუბუქე ნამდვილად მაკლია, მითუმეტეს რომ მხოლოდ 18 წლის ვარ. ავტობუსი ბარათაშვილზე გაჩერდა და ფიქრებისგან წამში გავითავისუფლე თავი. სწრაფად ჩამოვედი და კონტროლიორს ხელში ბილეთი შევაჩეჩე, მერე კი ფეხით გავუყევი გზას რუსთაველამდე. მიწისქვეშა გადასასვლელი ერთ ამოსუნთქვაში გავიარე და არც ისე ვიწრო და არც ისე ხალხით გადაჭედილ ტროტუარს გავუყევი. ჩემ წინ ახალგაზრდა ქალი და 4-5 წლის გოგონა მიდიან ხელჩაკიდებულები. მათ ვუახლოვდები და უნებურად მესმის ბავშვის კითხვა. -დედა, სული რა არის?-გამიკვირდა, ასე პატარას ეს კითხვა რატომ გაუჩნდა-მეთქი და, რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს, ნაბიჯები შევანელე, რომ ქალის პასუხი მომესმინა. ერთ ხანს დედა ჩუმად იყო. -მარი, შვილო, ადამიანებს ორი მხარე აქვთ: სხეული-შენი ხელები, ფეხები, სახე, ცხვირი და ყველაფერი, რისი დანახვაც შეგიძლია და სული- სულს შენ ვერ დაინახავ, ის ჰაერშია. თუმცა სული ისაა, რაც გრძნობს. შენ რომ რაღაც გწყინს და მებუტები ხოლმე, მაშინ შენს სულს წყინს და არა შენს სხეულს. შენ რომ დედიკო გიყვარს, შენს სულს უყვარს და არა შენს სხეულს. სული ყოველთვის ჩვენთანაა და არასდროს გვტოვებს. -ბაბუ? მამამ თქვა ბაბუს სული ცაში წავიდაო-ახლა კი მივხვდი, რატომ დაინტერესდა პატარა ანგელოზი სულით. -ჩვენ ხომ მაგაზე უკვე ვილაპარაკეთ. მომისმინე დე (გაჩერდა და ბავშვის წინ ჩაიმუხლა, ორივე ხელი ხელში დაიჭირა და სათითაოდ დაუკოცნა)-მართალია, ბაბუ შორს წავიდა, ცაში, მაგრამ სანამ შენს პატარა სულში მისი სახელი იარსებებს, მისი სული ყოველთვის შენთან იქნება-უთხრა და კვლავ ხელჩაკიდებულებმა გააგრძელეს გზა."ნეტავ ეს მხოლოდ გარდაცვლილების შემთხვევაში მოქმედებს?-გავიფიქრე, ნაბიჯებს მოვუმატე და დედა-შვილს გავუსწარი. წინ გაჩერებაა. როგორც ყოველთვის, ახლაც ბევრი ხალხი დგას. აი, ის გოგონა, ყავისფერ ქურთუკში მოუსვენრად დადის წინ და უკან და დროდადრო წარბებშეკრული თავს უკმაყოფილოდ იქნევს. ალბათ სადღაც აგვიანდება. კუთხეში 3 ახალგაზრდა ბიჭი დგას. ალბათ 17-18 წლისები იქნებიან. ტიპური, თბილისური სტილის ბიჭები არიან ჯინსებში, შავ როლინგსა და კედებში. ერთს სათვალეც ადევს თავზე და რაღაცაზე გულიანად იცინის. მათ გვერდით ასაკოვანი კაცი დგას და მისი თვალები! თვალები, რომლის მსგავსიც ცოტა რამ მეგულება დედამიწაზე. ზღვასაც კი ვერ შევადარებ.. ზღვაზე ღრმა და ცაზე უსასრულო თვალები აქვს ამ მოხუცს. ისეთი წყლიანი, გეგონება ტირისო.. ცრემლი არ ვიცი, მაგრამ მის თვალებში იმხელა სევდა იკითხება, დანახვისთანავე გული გადამიქანდა. ღრმად ამოვისუნთქე და პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს გზაზე წამით შევჩერდი. "Where is my mind? Where is my mind? " -ყურში პლაცებოს ცნობილი ჰიტი ჩამესმა, ვერც კი შევნიშნე ამ სიმღერამდე როგორ მივიდა ჩემი თავისუფლად მიშვებული "ფლეილისთი". და ახლა, ამ აგურის შენობებით დაგისოსებულ სივრცეში ვიგრძენი, რომ ეს ქალაქი უფერულია ! ღმერთო, საერთოდ არ ეტყობა თბილისს გაზაფხული.. არც ტყემლის ხეებია, თეთრი და მოვარდისფრო ყვავილებით, არც იებია ხის ძირებში, არც გაზაფხულის გამაბრუებელი სურნელი.. წამით გული ისე დამწყდა . გენატრებოდეს - ეს ყველაზე სასიამოვნო გრძნობაა, მოსაწყენ გრძნობებს შორის. ახლა ისე მომენატრა ბუნება, მაშინვე გეზი რუსთაველის მეტროსკენ ავიღე და 124 ნომერ ავტობუსამდე ისე მივედი, ირგვლივ კაცი-შვილი არ შემიმჩნევია. კარგი ჰო, არ ითვლება, რომ გზაში თითქმის ყველას ყურადღება მივიქციე, იმიტომ რომ სიმღერას (მგონი ხმამაღლა) ვყვებოდი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩვეულად, ცარიელ ავტობუსში ავედი. მოგეხსენება, ჯერ სეზონი არ გახსნილა და 124 ნომრით მთაწმინდაში წამსვლელი 1-2 თუ გამოჩნდება ვინმე. როგორც ყოველთვის, აქაც ფანჯრის მხარეს დავჯექი უკანა რიგში. ალბათ, უკვე მოვასწარი და გითხარი, რომ დედამიწის მინის მიღმა დათვალიერება მიყვარს. მთელი "მუღამიც" მაგაშია. აბა თუ დაკვირვებიხარ , რამდენ ავტობუსს ჩაუვლია შენთვის, როცა მანქანაში ჯდები, როცა მაღაზიიდან გამოდიხარ, როცა ქუჩაში მეგობარს ელაპარაკები და ა.შ., გიფიქრია ოდესმე,რომ შეიძლება იქიდან ვიღაც გიყურებდეს? და მეტიც, გონებაში შენი სიტუაციის შესაძლო ვარიანტებს განიხილავდეს.. რა თქმა უნდა, არა ! ეს არც ისე საინტერესო პროცესია ასე შორიდან.. ადამიანი შავ ყუთს ჰგავს, რომელშიც არავინ იცის რა დევს. ვიღაცას შეიძლება გაუმართლოს და მისი გახსნისას ჯეკპოტი მოიგოს, ვიღაცას კი უბრალოდ სიცარიელე დახვდეს. ხანდახან , ადამიანი სახლი მინდა! იცი როგორი?! რომ შედიხარ – შინ ხარ, მყუდროდ ხარ, მშვიდად ხარ…შედიხარ და რჩები... სოლოლაკში ერთ-ერთ გაჩერებაზე ავტობუსში რამდენიმე ტურისტი ამოვიდა. ალბათ, რომელიმე მეზობელი ქვეყნიდან იქნებოდნენ. სიმართლე გითხრა, ხმაური შემოიტანეს და ამან გამაღიზიანა. არ მიყვარს, როცა იძულებული ვარ "გავიღვიძო", რაღაც უსასრულო, უკარო სამყაროში ვიკეტები ხოლმე და იქედან გამოსვლა აღარ მინდება. -woow, it's so amazing !-ჩემს უკან ერთ რიგში დამსხდარი ტურისტებიდან ერთ-ერთის თითქმის კივილით ნათქვამი სიტყვები ჩამესმა, თვალები გადავატრიალე, თუმცა გონებაში დავეთანხმე, რომ ხედები მთაწმინდისკენ მიმავალ გზაზე მართლაც სასწაულია. " შეგიძლია ორნაირად იცხოვრო: ან უნდა გჯეროდეს, რომ სასწაულები არსებობს, ან უნდა გჯეროდეს რომ ყველაფერი, რაც შენს ირგვლივ არსებობს, სასწაულია." ეს სიტყვები ჩემია, უბრალოდ, აინშტაინმა თქმა დამასწრო. ძალიან ბევრი ვიფიქრე ამ მოსაზრებაზე და იმაზე, თუ რომელ კატეგორიას ვეკუთვნოდი მე. ყველა სიტყვას თავისი მნიშვნელობა აქვს. "სასწაული" კი ისეთი სიტყვაა, რომელსაც ვერცერთ ჩარჩოს ვერ მოარგებ და ვერცერთ მნიშვნელობას ვერ მიანიჭებ, რადგან რამდენი ადამიანიც არსებობს სწორედ იმდენნაირად შეიძლება სასწაული განმარტო. მე კი მგონია, რომ ადამიანი უბრალოდ შეჩვეული ხარ, თორემ თავად შენ ხარ სასწაული, როცა შეგიძლია გიყვარდეს ან გძულდეს, გიხაროდეს ან გწყინდეს, იღიმოდე ან ტიროდე, გრძნობდე, განიცდიდე, ეხუტებოდე, უყურებდე, გესმოდეს, სუნთქავდე, არსებობდე .. არ არის საჭირო მკვდრეთით აღდგომა რომ სასწაული დავინახოთ.. ერთმა თქვა "ბედნიერება წვრილმანებშია" , მე კი მგონია, რომ ყოველი წვრილმანი თავისებურად სასწაულია.. როგორც იქნა, ავტობუსმა ბომბორას პარკის ეზოში შეაღწია. როგორც კი გადმოვედი, ცივი ჰაერი ვიგრძენი და შემცივდა, ამიტომ სწრაფი ნაბიჯებით გავუყევი გზას ჩემი საყვარელი ადგილისკენ. ჰო, არ მოგესმა, ამ ქალაქში ჩემი ადგილიც ვიპოვნე. უფრო სწორად, ეს ადგილი დიდი ხნის წინ ვიპოვნე, მაშინ აქ არც ფილაქნები იყო დაგებული და არც აივანივით შემოღობილი იყო, ერთადერთი სკამი იდგა და შეიძლება ითქვას, მარტოსულად გამოიყურებოდა. ცოტა ამოვისუნთქე, როცა აგურის ცივი, უსიცოცხლო შენობები აღარ მეჩხირებოდნენ თვალებში. ბილიკები სწრაფად გავიარე და ეშმაკის ბორბალთან მივედი. მის დაბლა, აივანზე გავედი და მოაჯირთან დავჯექი. აი, ჩემი საყვარელი ადგილიც. საბედნიეროდ, ჯერ-ჯერობით აქ ბევრი ხალხი არაა და ამიტომ სულ სიწყნარეა ხოლმე. ჩემ წინ თბილისის ხედია. ალბათ გაგიკვირდება, რაღა ეს ადგილიო, როცა ფუნიკულიორიდან ბევრად უფრო ლამაზი ხედი იშლება, მაგრამ ეს ადგილი იმ "გაბღენძილ" ადგილს არ ჰგავს, სადაც "ძალიან" საზოგადოება დადის, ვითომ სიამოვნების მისაღებად. აქ არავინ დადის, ყოველ შემთხვევაში, მე რომ მოვდივარ, თითქმის არავინ მხვდება და თავს მშვიდად ვგრძნობ. ახლა საღამოს ოთხი საათია. უკვე თითქმის 2 საათია აქ ვზივარ და ვცდილობ ამ ჩანაწერებს თავი მოვუყარო. არ ვიცი გახსოვს თუ არა, ერთხელ მითხარი, ახლა რომ დაბადების დღე მქონდეს, რას მაჩუქებდიო, ოღონდ ისეთ საჩუქარს- ფასის გარეშე რომ არისო. სიმართლე გითხრა, მაშინ არ შევიმჩნიე, თუმცა ამან ძალიან ჩამაფიქრა. ვერ წარმომედგინა, რა უნდა მეჩუქებინა შენთვის ისეთი, რითაც გაგაკვირვებდი. თავიდანვე ვიცოდი, რაიმე ნივთით (თუნდაც ყველაზე საჭირო და დასამახსოვრებელი ყოფილიყო) ვერ გაგაოცებდი და რაღაც სხვა უნდა მომეფიქრებინა. ბოლოს გადავწყვიტე ჩემი დღე მეჩუქებინა. ჩემი რიგითი, მოსაბეზრებელი და არც ისე საინტერესო დღე. დღე, როცა მე მშვიდი და თავისუფალი ვარ.. როცა ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც სინამდვილეში. რომ ვფიქრდები, ვხვდები ,რომ ღირსი ვარ ვიყო ის, ვინც ვარ. ახლა კი,ჯობია დავასრულო ჩემი მონოტონური საუბარი, თორემ ვიცი, ჩემებურად დამემართება და ვეღარ გავჩერდები, ეს კი უკვე მოსაწყენიც იქნება, ალბათ ... დაბადების დღეს გილოცავ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.