სახლი № 29
დილას უცნაური გრძნობით გავიღვიძე, მივხვდი რომ ცხოვრებაში მნიშვენლოვანი ეტაპის, უნივერსიტეტის დასრულების სევდა ბოლომდე მავსებდა და ჩემთვის საყავრელ ადგილას წასვლა გადავწყვიტე. იმასაც მივხვდი რომ დღეს მოულოდნელი, პირველი ნოუტის დაწერის დღე იყო რისკენაც, ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის დასასრულმა, ან ამ დასასრულის შემდეგ ახალი მიზნების დაწყების ენთუზიაზმმა მიბიძგა. ამაზე საყვარელი ადგილი ჩემთვის არ არსებობს და ალბათ არც მაშინ იარსებებს, როცა „ყველა ჩემი ოცნების ქალაქს მოვივლი“ როგორც ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე. ადგილი სადაც ჩემი მისვლა და დანახვა ყველას გულწრფელი, სევდანარევი ემოციებით უხარია. ალბათ სხვანაირად არც შეიძლება იყოს, როცა მათთან ჩვიდმეტწლიანი და თანაც ჭეშმარიტი, „თბილისურ-მეზობლური“ თანაცხოვრება მაკავშირებს. მივდივარ და ნაცნობი ადამანების დანახვამდე მხოლოდ სახლის დანახვითაც იმხელა სიხარულს ვგრძნობ რომ მგონია რამდენიმე კვირასაც მეყოფა. ერთი შეხედვით მგონია არაფერი შეცვლილა და ყველაფერი ისევ ისეა როგორც ჩემი წასვლისას იყო მაგრამ ნელ-ნელა ვამჩნევ რომ ასე არაა, ზოგიერთი გარაჟი შეუღებიათ, ჩემი იქ ცხოვრების დროს არსებული ერთადერთი, ფეხებ-მორყეული სკამის ნაცვლად ორი, ახალი, სკამი დაუდგავთ რომლებზედაც უცხო ბავშვების ძიძები სხედან, „კურილკა“ აქვთ მოწყობილი და რაღაცაზე გაცხარებულები ჭორაობენ. კორპუსი ისევ ისეთია, ნაცრისფერი, მოქუფრული. მთელი ბავშვობა მეთიუ ჯეიმს ბარის ნაწარმოებით, „პიტერ-პენით“ შებყრობილი, ჩემ კორპუსს „მოსაწყენ ლოდებს“ ვუწოდებდი, როგორც პიტერი ეძახდა ხოლმე ასეთ შენობებს, მაგრამ სინამდვილეში მოსაწყენად საერთოდაც არ მიმაჩნდა. ბევრი ადამიანისათვის ბოლომდე გაუგებარი რჩება რატომ შეიძლება ახალ, უაღრესად მოვლილ და სუფთა, ჩიპებიან ლივტს ჩემი ძველი სახლის ლივტი მერჩივნოს რომელიც იმდენად გაუმართავი იყო, რომ კვირაში ერთხელ მაინც ვიღაც იჭედებოდა და მერე მის გამოსაყვანად მთელი სამეზობლო ხმალამოღებული იბრძოდა. ასევე გაუგებარია რატომ მირჩევნია ლამაზი ქარალდით დაფარულ კედელს ის კედელი რომელსაც შპალიერი არც არასდროს ღირსებია, სამაგიეროდ ზედ ყველაფრის დაწერა შემეძლო, მათეამტიკის ფორმულების, ჩემი და ჩემი მეგობრების სახელების, საყვარელი სიმღერების ტექსტების და „ჰარი პოტერიდან“ ამოღებული შელოცვებისაც კი. ასევე ვერავინ მიხვდება სამზარეულოში გაყვანილ ჟანგიან მილებს, რომლებიც რამდენიმე ოჯახისათვის საერთო იყო, რა მრავალფეროვანი ფუნქციები შეიძლება ჰქონდეთ, მაგალითად ის რომ მილებზე რკინის ორჯერ მიკაკუნებით, ქვედა მეზობელისათვის შეგეძლო გენიშნებინა ყავის დასალევად მოდიო, მერე ისიც დაარტყავდა ერთხელ მილს რაც თანხმობის ნიშანი იყო და ზუსტად ორ წუთში შენ კარებთან იდგა მოხუცი ია ბებო, საქოსვი ჩხირებით და თავისი გამომცხვარი, ქვასავით გამხმარი ქადებით. ჩვენს ეზოში მოსული უსახლკარო და მათხოვარი მშიერი არასდროს რჩებოდა, ყველა მეზობელი იმდენ საჭმელს აწვდიდა რომ ვეღარ ერეოდა და მერე ცდილობდა ჩვენთვის, ეზოში მოთამაშე ბავშვებისთვის გაენაწილებინა რაზეც პირვლეად უარი არ ვუთხარით და ამის გამო ოჯახებმა შეთანხმებულად, ისე მწარედ დაგვსაჯეს, ეზოში რამდენიმე კვირა არც ერთ ჩვენგანს ცხვირი აღარ გაუყვია. ვუყურებ და მიხარია რომ სევდაზე მეტად სიხარულს ვგრძნობ, მიხარია რომ ისევ აქ ვარ და ისევ მთელი არსებით მიყვარს ეს ადგილი. მერე რა თუ ვეღარც ჩემ ბინაში შევალ სადაც სხვა ცხოვრობს და მილებზე ვეღარ დავაკაკუნებ, მერე რა თუ ია ბებოც აღარ არის და მისი ქადების გასინჯვას ვეღარ შევძლებ, მერე რა რომ ისე ხშირად ვეღარ ვიგრძნობ აქ მცხოვრები ხალხისგან წამოსულ სითბოს და მზრუნველობას, ვგრძნობ რომ ნაკელბად მტკივა და შევძელი ჩემი ამ სახლთან დაშორების ტკივილი კარგ მოგონებად შემომენახა და ცრემლების გარაშე გამეძლო, ან თუ მაინც ვერ გავძლებდი ჩემი თავი დამერწმუნებინა რომ ეს ცრემლები სიხარულის იყო და არა სევდის. უკან მოგონებებით, თბილი ემოციებით და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გამხნევებული წამოვედი, ვიცოდი რომ ყოველთვის მომენატრებოდა აქაურობა და ჩემი წილი სევდა ყოველთვის თან მექნებოდა აქ მოსვლისას მაგრამ ისიც ვიცოდი რომ გზა უნდა გამეგრძელებინა, გზა რომელშიც ასევე ბევრი ტკივილი, მაგრამ ბევრი წარმატება და სიხარულიც იქნებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.