უშბა და თეთნულდი
მზეს ულამაზესი ასული ჰყავდა. დღე ღრუბლებთან ერთობოდა, საღამოობით კი ვარსკვლავებთან თამაშით იქცევდა თავს. ერთხელ დედა-მზეს უთხრა: - აღარ მინდა ცაში ყოფნა, მომბეზრდა ღრუბლები და ვარსკვლავები. მზეს გაუკვირდა. მას ხომ გამგონე შვილი ყავდა. - აბა რა გინდა? - შეეკითხა იგი. - მეც არ ვიცი. - ამოიოხრა მზის ასულმა. შემდეგ ყოყმანით დაუმატა: - წამიყვანე დედამიწაზე. დედა-მზე ცოტა ხნით ჩაფიქრდა, შემდეგ თავის ლამაზ ასულს ღიმილით შეხედა: - კარგი, წაგიყვან დედამიწაზე და ყველაზე ლამაზ კუთხეს გიჩვენებ. რამდენ ხანსაც მოისურვებ, იმდენ ხანს დარჩი იქ, როცა მოგბეზრდება, ისევ ცაში ამოგიყვან. შემდეგ ხელები მოხვია და ჩამოიყვანა შიხრაში (ადგილი მდინარე დოლრას ხეობაში). დედა-მზემ ფრთხილად დასვა თავისი ასული მწვანედ მობიბინე მდელოზე და თითონ კვლავ ცას მიაშურა, რათა სამყაროსათვის ნათელი მოეფინა და გაეთბო. მზის ასული მწვანედ მობიბინე მდელოზე დარჩა. კარგა ხნის შემდეგ ნელა წამოდგა და აღტაცებით მიმოიხედა: მთებში მოქცეული პატარა ჭალა მართლაც ძალზე ლამაზი იყო. არასოდეს აქედან არსად არ წავალ. - გადაწყვიტა მზის ასულმა. კარგა ხანს დარჩა მზის ასული შიხრაში. დედა-მზე ყოველდღე აკითხავდა ხოლმე და კმაყოფილი ბრუნდებოდა უკან, რადგან მისი ერთადერთი ასული თავს კარგად გრძნობდა. ხანი გავიდა და მზის ასული მიეჩვია თავის ახალ სამყოფელს. შემდეგ გადაწყვიტა სხვა ადგილებიც მოენახულებია, დედა-მზის მოსვლას აღარ დალოდებია და ნიავს სთხოვა წამიყვანეო. ნიავმაც შეუსრულა თხოვნა, ნაზად მოხვია და ფრთხილად გაუდგა გზას. მზის ასული ტკბებოდა ბუნების ჭვრეტით. ასე გაიარეს სოფელი. სოფელს ეძინა. შემდეგ გორაკებს ჩამოყვნენ. კიდევ შემოხვდათ პატარა სოფელი. შემდეგ გადაწყვიტეს მდინარეს გამოჰყოლოდენ. ნიავი ღიმილით ეკითხებოდა, ხომ არ დაიღალე, ხომ არ დავისვენოთო, მაგრამ მზის ასული მოუთმენლობამ შეიპყრო. მას სურდა რაც შეიძლება ბევრი რამ ენახა. ასე დაეშვნენ სულ დაბლა და დაბლა. შემდეგ სხვა მდინარე შემოხვდათ, რომელიც ზათქითა და გუგუნით მიექანებოდა მთებს შორის. მზის ქალწულის თხოვნით ახლა აღმა აჰყვნენ ამ მდინარეს და როდესაც ნიავი ეკითხებოდა, სად უფრო მოგწონსო, ვერ პასუხობდა. გარიჟრაჟდა. მზის ასულს სულ დაავიწყდა, რომ დედა-მზემ არაფერი იცოდა მისი წამოსვლის შესახებ. ასე მიაღწია მზის ასულმა ლაღამს. ნიავს უთხრა, ცოტა ხნით დამსვი, აქ ისე მომწონს, ძალა არ შემწევს სხვაგან წავიდეო. ნიავმა თხოვნა შეუსრულა. მზის ასული მიწაზე დაეშვა, თავი ასწია და განცვიფრდა - მის წინაშე პირმშვენიერი ჭაბუკი იდგა. ჭაბუკს მოკლული ჯიხვი იქვე, მურყვამის შესასვლელთან დაეგდო, თითონ კი მშობლიურ კუთხეს გასცქეროდა. და როდესაც პირმშვენიერმა ჭაბუკმა მზის ქალწულს შეხედა, ისიც განცვიფრდა - მისი კუთხე განთქმული იყო ლამაზი ქალებით, მაგრამ არასოდეს ასეთი ლამაზი ასული არ ენახა. ნიავი მიწყნარდა. მთვარე ღიმილით გადმოსცქეროდა მათ. მზის ასული ფრთხილად მიუახლოვდა პირმშვენიერ ჭაბუკს. -არასოდეს შენისთანა ლამაზი ჭაბუკი არ მინახავს! - თქვა მან აღტაცებით. დაბნეულ ჭაბუკს მზერა ვერ მოეშორებინა მისთვის. -მე ვარ ლამაზი? -თქვა მან, კარგა ხნის დუმილის შემდეგ: -განა შენთვის არ უთქვამთ, რომ სილამაზით მზე თუ დაგედრება? მზის ასულმა გაიღიმა. -როგორ მომწონს, რა ლამაზია აქაურობა! -ეს ჩემი მშობლიური კუთხეა! -უთხრა ამაყად ჭაბუკმა, მაგრამ ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ დაუმატა: -ახლა თითქოს ისე ლამაზი აღარ მეჩვენება. იმიტომ, რომ ყველაფერი შენმა სილამაზემ დაჩრდილა. მზის ასულმა გაიღიმა. ესიამოვნა ვაჟის სიტყვები. შემდეგ თქვა: -არე მინდა აქედან წასვლა. მე მინდა სულ ერთად ვიყოთ. რომ შეამჩნია ჭაბუკს წუხილმა გადაუარა სახეზე, შეშფოთდა: -განა არ გინდა, რომ ასე იყოს? ჭაბუკმა ღრმად ამოიოხრა. -მე ხომ უფლება არ მაქვს ჩემს თავზე ვიფიქრო. -რატომ? მზის ასულს თვალთაგან ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლი. -ჩემს ობოლ და-ძმას ვიღა მოუვლის. მათ ხომ ჩემს მეტი ახლობელი არავინა ჰყავთ ამ ქვეყნად. -თქვა სასოწარკვეთილმა ჭაბუკმა, მასაც ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლი. -აჰ, რა ბედნიერი ვარ! -წამოიძახა მზის ასულმა. -მე მეგონა რაღაც საშინელებას მეტყოდი. -ეგ არაფერია. ახლა ერთად ვიზრუნოთ ჩვენს პატარა და-ძმებზე. ბედნიერმა ჭაბუკმა ხელი მოჰკიდა და ის იყო მურყვამში უნდა შეეყვანა, რომ სწორედ ამ დროს მზემ გამოხედა ლაღამს. როგორი იყო დედა-მზის განცვიფრება, როდესაც თავისი ასული აქ დაინახა. იგი მაშინვე მიხვდა, თღუ რას გამოხატავდა ქალწულისა და ჭაბუკის ბედნიერი სახეები. განრისხდა მაშინ დედა-მზე, იდუმალი გრძნებით აღსავსე ლოცვა წარმოთქვა და ავი სულები მოუვლინა ლაღამს. გონება დაუხშეს პირმშვენიერ ჭაბუკს და გზა აუბნიეს ავმა სულებმა. ჭაბუკს ელანდებოდა, თითქოს ვიღაც მოსდევდა. სად გაჰქრა მისი ნაქები ვაჟკაცობა და გაბედულება? მუხლები უკანკალებდა და უგზო-უკვლოდ გარბოდა. ახლა აღარც მზის ულამაზესი ასული ახსოვდა და აღარც ობოლი და-ძმა აგონდებოდა. ჭაბუკი მდინარის აყოლებით მირბოდა თავზარდაცემული. მზემ დააძაბუნა და შიში ჩამოასახლა მასში. მზემ წაართვა ცნობიერება და მხოლოდ ერთს ფიქრობდა - როგორ გადარჩენილიყო. თვითონაც ვერ გაერკვია რა აშინებდა და რა ურევდა გზა-კვალს. ასე მიაღწია იმ ადგილებამდე, სადაც მუდმივი თოვლის სამეუფოა. აქ, თოვლითა და ყინულით დაფარულ ადგილებში, ძალა გამოელია და ყინვარში ჩაეფლო. გრძნობდა, როგორ უცივდებოდა სხეული, როგორ აღრჩობდა მოძალებული თოვლი. უკანასკნელ ჟამს შესძლო წამოწევა და სწორედ ამ მდგომარეობაში მოუსწრო სიკვდილმა. მაგრამ დედა მზეს უნდოდა უფრო სასტიკად მოქცეოდა მას. კვლავ წარმოთქვა იდუმალი გრძნებით აღსავსე ლოცვა და გონება შეუნარჩუნა ჭაბუკს. შემდეგ უკვე ქვად და კლდედ ქცეული ჭაბუკი თანდათან გაიზარდა, ირგვლივ აღმართულ მთებზე ამაღლდა და ასე გაირინდა სამუდამოდ. ახლა იგი შორიდან უმზერდა მშობლიურ კუთხეს და გონებაშერჩენილი საშინელ წამებას განიცდიდა. დედა-მზის გულისწყრომა თანდათანობით დაცხრა. იგი კმაყოფილი ბრუნდებოდა იქ, სადაც თავისი ასული მიატოვა, მაგრამ როგორი იყო მისი განცვიფრება, როდესაც არავინ დახვდა. ამაოდ ეძებდა იგი თავის ერთადერთ ასულს... მთვარე გულისტკივილით მისჩერებოდა, როგორ უსწორდებოდა მზე პირმშვენიერ ჭაბუკს მგზნებარე სიყვარულის გამო. მან ხომ ნებით იკისრა პირმშვენიერი ჭაბუკის მფარველობა და ყოველთვის თან სდევდა ხოლმე. მასაც შესწევდა უნარი გრძნეულ ლოცვათა წყალობით საოცრებანი აღესრულებინა, მაგრამ მზე მასზე ძლიერი იყო და არ შეეძლო წინ აღდგომოდა მის ნებას. მაშინ მთვარემ მწუხარებისგან გულდამძიმებული მზის ასული ცაში აიტაცა და უკვე მთად ქცეული ჭაბუკის პირდაპირ დაასახლა. მთვარეს ეგონა, მზის ასული აქ იცხოვრებდა სამუდამოდ და პირმშვენიერი ჭაბუკის მზერით დატკბებოდა. მაგრამ მთვარემ ხომ არ იცოდა, რა სათუთი გული იყო მზის ასული. მან ვერ გაუძლო ამდენ მწუხარებას და შეიცნო თუ არა მაღლა ატყორცნილ მთაში თავისი სიყვარული, უკანასკნელად ამოისუნთქა და სული განუტევა. მაშინ მთვარემ კვლავ წარმოთქვა გრძნეული ლოცვა და ულამაზესი ასული ულამაზეს მთად აქცია. ამ დროიდან უცქერიან ერთმანეთს, ულამაზესი მშვიდი მზის ასული, ამაყ, გოროზ, მშფოთვარე და მოუსვენარ, მიუდგომელ მწვერვალად ქცეული პირმშვენიერი ჭაბუკი. მზე ხვდება, რომ სამუდამოდ მაინც ვერ დააშორა ისინი ერთმანეთს. იგი ვერ იტანს მთები რომ ერთმანეთის მზერით ტკბებიან. ხშირად ჩამოიბურება, ღრუბლებს, ქარსა და ხოშკაკალას მიაყრის პირმშვენიერ ჭაბუკს. მაშინ შფოთავს მთა, ბორგავს, ცდილობს ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეს და მზის ასულიც იხსნას, მაგრამ გრძნეული ლოცვანი ძალას არ კარგავენ და მთაც იძულებულია ღრუბელთა გადაყრას დაელოდოს. მშვიდ, ლამაზ და ამპარტავან მთად ქცეულ მზის ასულს თეთნულდი შეარქვეს სვანებმა, მისი სილამაზით დატყვევებულ გოროზსა და მიუდგომელ მთად ქცეულ პირმშვენიერ ჭაბუკს უშბას ეძახიან სვანები... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.