მცდარი აზრი
ნაცრისფერკედლებიან ოთახში ახალგარეცხილი ტანსაცმლის,ყავის,ნახევრადშეჭმული კრემიანი ნამცხვრისა და ყოველდღიურობის სურნელი ტრიალებს. აქა-იქ,ხის იატაკზე,რამდენიმე ყალბი ღიმილი გდია და შიშნარევი მოლოდინი შიგნიდან მიწვავს კანს. რამდენიმე წუთის წინ მოვიდა,კარზე აჩქარებით დააკაკუნა,როგორც ადრე იცოდა ხოლმე,და ისევ ისე გამოიყურებოდა,არ შეცვლილა საერთოდ. მე შევიცვალე,ალბათ. ამ ნაცნობი,აჩქარებული კაკუნის ხმა რომ გავიგე,ძველებურად აღარ გამხარებია. ყურებში სილის გაწვნის ხმა ჩამესმა და,შეიძლება,ამიტომ. გუშინ,ძილის წინ,გავბედე და მისი ნაჩუქარი ბეჭედი მოვიხსენი. მაშინვე შემზიზღდა ის სიცარიელე,მარცხენა ხელის არათითიდან მთელ სხეულზე რომ მომედო. არადა,რამდენჯერ მომიხსნია! თუნდაც იმ პატარა მიზეზით,როგორიც ჭურჭლის რეცხვაში ხელის შეშლაა. მერე ვერაფრით დავიძინე,სანამ ისევ არ ვიგრძენი ის ოქროსფერი სიმძიმე. როგორ შეიძლება,უსულო საგანი ასე შეისისხლხორცო? რა პათეტიკურია! დღეს ეგ ბეჭედი მეც მიკეთია და მასაც და მძულს,რომ არ ვიცი,თვითონ რატომ არ მოიხსნა. მინდა,რომ,ვკითხო,რატომ მოვიდა და რომ მკითხოს,რატომ შემოვუშვი,მაგრამ პირს ვერ ვხსნი. ბოლო კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ხმას არცერთი არ ვიღებთ და ამ ჩვენი უთქმელი სიტყვებით გაჟღენთილი ჰაერი ჩემს გულს ისე ამძიმებს,ლამისაა,მომწყდეს. თვალს ვარიდებ. ვხვდები,რომ აღარ მსიამოვნებს მისი მზერა; რომ მეშინია,სახეზე ისევ არ ვიგრძნო მისი ხელის სიმწარე; რომ ტირილი მინდა,რადგან ის არ აღმოჩნდა,ვინც მეგონა და შეცდომა დავუშვი,არათითზე ბეჭედი რომ გავუკეთე; რადგან ამ უკანასკნელს ვერ ვიხსნი,იმიტომ რომ ასე მგონია,ვინც ეგ მაჩუქა სხვა იყო და ჩემ წინ მჯდომარე - სხვაა. და მახსენდება სადღაც ამოკითხული სიტყვები,ზოგი შეცდომა პატიებას იმსახურებსო,მაგრამ აღარ ვეთანხმები,იმიტომ რომ ვერანაირმა საშლელმა ვერ წაშალა ჩემი სხეულიდან ჩალურჯებები. ჩახველების ხმა მესმის და ინსტინქტურად მისკენ ვიხედები. – არ ვილაპარაკოთ? – მეკითხება და ნერწყვს მძიმედ ყლაპავს. გაყინული სისხლი პატარ-პატარა ნამტვრევებად მექცევა და ძარღვებს მიკაწრავს. სუნთქვა მიჭირს. ასე მგონია,ფილტვები მილპება,მთელი სხეული მეშლება და ვზივარ ასე,სისხლდამსხვრეული და ფილტვებდამპალი. ბევრი რამის თქმა მინდა,მაგრამ სიტყვები ტუჩებზე მაკვდება,რადგან ახლა ხმა რომ ამოვიღო,ტირილი ამივარდება და ჩვენი ძველი ცხოვრებისფერი კორექტორის მოტანას ვთხოვ,ის დღე რომ გადავასხვაფერო. მერე იმ პათეტიკურ ქალებს დავემსგავსები,ქმრების ეჭვიანობას,ძალადობას,ზედმეტი სიყვარულის გამოვლინებად რომ აღიქვამენ და საკუთარი თავი შემზიზღდება. მარჯვენა,მაჯადალურჯებული ხელი მარცხენისკენ მიმაქვს და ვხედავ,როგორ არიდებს მზერას თავის ნამოქმედარს. თითებს მის ნაჩუქარ ოქროს ბეჭედს ვხვევ და ვგრძნობ,რომ უკვე ვტირი. იმ ღიმილს მივტირი,სავსე ავტობუსში ადგილი რომ დამითმო და იმ მომავალს,რომელშიც ლოყაზე ყოველგვარი მიზეზის გარეშე მკოცნის. და მენატრება ის მცდარი აზრი,ცრუ სიყვარული,ამდენი ხანი ნამდვილი რომ მეგონა. შევძლებ კი მის დავიწყებას? გაუპარსავ სახეზე ვუყურებ,მოუწესრიგებელ თმასა და ტანსაცმელზე. შემწვარი კარტოფილი მისი საყვარელი საჭმელია. დილაობით არაფერს იკარებს,უშაქრო ყავის გარდა. კითხვა არ უყვარს - ბოლოს რომ წიგნი წაიკითხა,18 წლის იყო. სამაგიეროდ ფილმები უყვარს - საიდუმლო აგენტებსა და მეორე მსოფლიო ომზე. ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდება,ერთფეროვნებას ვერ იტანს. საღამოობით სიარული უყვარს,ფეხითაც და მანქანითაც. როცა ერთად ვიყავით,თითქმის ყოველთვის დავწანწალებდით აქეთ-იქით. არაამქვეყნიური ხმა აქვს,ქორწილში ჯეიმს ბლანთის "Time of Our Lives" მიმღერა და მატირა. თვითონაც ჩამოუგორდა ღაწვებზე ცრემლები და მაშინ მეგონა,ყოველთვის ასე ვიქნებოდით,ორი ბედნიერი მაწანწალა. მერე რაღაც შეიცვალა. მის გულში სისატიკე,ჩემს ტანზე კი ჩალურჯებები გაჩნდა. ხელები მიკანკალებს. არა,არ დავივიწყებ. დავიმახსოვრებ და დავიზეპირებ,იგივე შეცდომა რომ აღარასდროს დავუშვა. ჩვენ შორის,მაგიდაზე,ხმაურიანად ეცემა ოქროსფერი ბეჭედი და ნაცრისფერკედლებიან ოთახში გაყინულ სიჩუმეს ამსხვრევს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.