შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოთლამდე მიმავალი გზა


17-02-2018, 16:24
ავტორი ნილისმა
ნანახია 1 085

-გამარჯობა, გახსოვარ?
-გამარჯობა, არა…
– მარტივია დავიწყება?
– უკაცრავად..?
– დავიწყება მარტივია-მეთქი?
– აშკარად გეშლებით…
– არა, არ მეშლები. იცი, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ახლა დედამიწაზე?
– იქნებ, შვიდი მილიარდი… ან მეტი…
– შვიდი მილიარდიც კმარა.
– რას გულისხმობთ?
– არ გესმის, არა? შენ ის არ ხარ.
– თქვენ თუ გესმით საკუთარი თავის?
– უკვე აღარ.. ერთ დროს მესმოდა.
– ახლა აღარ გესმით?
– არა, ახლა გულის ხმა აღარ მესმის, ხმები კი ნამდვილად გახშირდა ჩემს თავში.
– იქნებ დავსხდეთ…
– არ გეშინია ლოთთან ლაპარაკის?
– არა, ყველა ადამიანს, რომელსაც ხელში ბოთლი უჭირავს, აქვს ისტორია და ამ ისტორიას ბოთლამდე მივყავართ.
– ლამაზად ლაპარაკობ, რა პროფესიისა ხარ?
– მკითხველი, ცოტა მწერალიც.
– მწერალი?
– დიახ, ალბათ, მოყვარული, მაგრამ მაინც მწერალი.
– რის შესახებ წერ?
– ყველაფერზე, არაფერზეც, ვიგონებ ამბებს, ვწერ იმას, რასაც ზეპირად მიყვებიან.
– ბოთლამდე მიმავალ გზაზე დაწერ?
– თქვენს ისტორიას გულისხმობთ?
– ჰო, ისტორია, ისტორია, ჩემი ისტორიაც ისტორიაა და მეფეების ბრძოლებიც, მე სიყვარულის ცრემლები ვღვარე, მათ- სიძულვილის. მათ სისხლი ჰღვარეს, მტრის სისხლი, მაგრამ ამ მტერთა საყვარლებმა ჩემსავით სიყვარულის ცრემლებით მორწყეს სისხლიანი მიწა.
– შეიძლება გკითხოთ… მე მიცნობთ?
– შენ? შენ არა, უბრალოდ ჰგავხარ.
-ვგავარ?
– ჰო, ძალიან ჰგავხარ, მისნაირი თვალები გაქვს, გამოხედვაც. ვიფიქრებდი, რომ მისი შვილიშვილი ხარ, თუმცა ჩვენ შვილები არასდროს გვყოლია… ღმერთი ერთხელ დახუჭულ თვალებს სხვა ადამიანში ახელს. ასე მარტოდ დარჩენილებს გვტანჯავს.
უკვე დავიწყო?
– დიახ.
– მას მარინა ერქვა, ზღვის პეიზაჟის სახელი, თუმცა მთელ ოკეანეს იტევდა მისი თვალები. გრძელი შავი თმა ჰქონდა, სქელ ნაწნავად იკრავდა.
ამაყად სიარული იცოდა, ჩითის კაბა ეცვა ხოლმე, უბრალო, ძალიან უბრალო, სწორედ ეს უბრალოება ხდიდა მას ძვირფასს. როცა ადამიანს უყურებ, არ უნდა იფიქრო მის ტანსაცმელზე, მისი შიშველი წარმოდგენა უნდა შეგეძლოს, თუმცა შიშველ სხეულზე კი არა, მაინც მის თვალებზე უნდა იფიქრო.
ჩვენ ერთმანეთს შევხვდით 19.. წელს, მე ოცდახუთი წლისა ვიყავი, ის- ოცდასამის.
ერთი ნახვით შეყვარების გჯერა? თუმცა, რატომ გეკითხები, თქვენ, ახალგაზრდებს, არაფრის გჯერათ. აი, მე კიდევ დავიჯერე, მან დამაჯერა.
ერთმანეთი შეგვიყვარდა. სახლამდე ვაცილებდი, ხელჩაკიდებული დავდიოდით, მათბობდა მისი შეხება, სიცოცხლეს ვგრძნობდი, როდესაც ვუყურებდი.
მარტივი იყო. იცი, ზოგჯერ ძალიან მიმზიდველია სიმარტივე.
მეც მარტივი ვიყავი- მუდამ გადაშლილი წიგნი, მაგრამ მხოლოდ მარინას შეეძლო ჩემი წაკითხვა, სხვებმაც ბევრჯერ სცადეს, თუმცა ვერავინ წამიკითხა.
მე მხატვარი ვიყავი, მარინა კი ჩემი შედევრი იყო, მხოლოდ მე ვიცოდი, რა კოდი იდო მასში, ის ხომ მე შევქმენი?! მისი ესკიზები, ფორმები, ფერებიც მე შევაზავე.
ერთხელ ზუსტად აქ ვისხედით, მხოლოდ ჩვენ ორნი, ზამთარი იყო და ყველა სახლში ღუმელთან თბებოდა. ჩვენ ერთად ყოფნა გვათბობდა, ჰოდა, ვისხედით სიცივეში და გულიდან წამოსულ სითბოს ვუნაწილებდით ერთმანეთს.
მან წამოიწყო საუბარი, ახლაც ზუსტად მახსოვს თითოეული სიტყვა და ამ სიტყვების წარმოთქმისას მისი სახე:
დავით, იცი ზოგჯერ რაზე ვფიქრობ?
თავი წამოვწიე და თვალებში ჩავხედე,

-რაზე?
-რაზე და.. არ ვიცი, როგორ გითხრა…
უკვდავები რომ ვიყოთ, ისე ძლიერად გვეყვარებოდა ერთმანეთი, როგორც ახლა გვიყვარს?
-რას გულისხმობ? – სათქმელს ვერ მივუხვდი.
-რას და.. უკვდავებს თუ შეუძლიათ მოკვდავების მსგავსი სიყვარული?
იმის შიში, რომ ერთ დღეს შენს საყვარელ ადამიანს დაკარგავ და შეიძლება სხვა სამყაროში (ასეთი რამ თუ არსებობს) ერთმანეთი ვერც იპოვოთ, გაძლევს ძალას არაამქვეყნიურად გიყვარდეს, რადგან ოდესმე აუცილებლად დასრულდება ეს სიყვარული. ცდილობ, ყველაფერი მოასწრო, სხეულის ყველა ნაწილით ტკბობა ყველანაირი სიგიჟე, რაც კი ამ პლანეტაზე შეიძლება გააკეთო.
იმაზე ფიქრი, რომ ერთ დღეს რომელიმე ჩვენგანი აღარ იქნება და მეორეს მოგონებებით მოუწევს ცხოვრება, სურვილს მიღვივებს, უფრო მიყვარდე, შენი ყოველი ჩასუნთქვა, ყოველი ღიმილი, ყოველი შეხება მიყვარდეს. ხშირად საკუთარ თავს ვეკითხები, რა იპოვე ჩემში ისეთი, ასე ძლიერ რომ შეგიყვარდი, ზოგჯერ მგონია, რომ არ ვიმსახურებ შენს არცერთ გამოხედვას, მაგრამ იმასაც ვერ წარმოვიდგენ, ასე სხვას როგორ უყურებ. უბრალოდ არ შემიძლია, მოვკვდები და ვერ წარმოვიდგენ!
ძალიან მაგრად ჩავიხუტე გულში და დავპირდი, რომ არასდროს არავის შევხედავდი ისე, როგორც მას ვუყურებდი…
ყველაფერი მალე დასრულდა… ერთ კვირაში გავიგეთ, რომ ის მძიმე სენით იყო ავად. მე ვუყურებდი, როგორ დნებოდა. ვუყურებდი, როგორ ეფარებოდა ბინდი მის თვალებს. ჩვიდმეტ დღეში ყველაფერი დასრულდა. ჩემს ხელებში, ჩემს ხელებში გაშორდა მისი უნაკლო სული ასევე უნაკლო სხეულს.
იმ დღის მერე გაყინული დავდივარ, ცეცხლთან ჯდომის დროსაც ვკანკალებ.
მე პირობა შევასრულე, არავისთვის შემიხედავს ისე, როგორც მას ვუყურებდი.
მხოლოდ ვარსკვლავებს შევცქერი იმ იმედით, რომ რომელიმე მათგანში მარინას დავინახავ. ანგელოზები ხომ ვარსკვლავებად იხატებიან ცაზე.
დღეს შენ დაგინახე, პატარა გოგონა, რომელიც ძალიან ჰგავს ჩემი ცხოვრების
სინათლეს და კიდევ ერთხელ ვირწმუნე, რომ ადამიანები უბრალოდ არ ქრებიან, ისინი სხვა ადამიანებში ცოცხლდებიან და ასე აგრძელებენ ცხოვრებას…
აბა, რას იტყვი, შეძლებ ამ ისტორიის ფურცელზე გადატანას?
– გპირდებით, ყველაზე ლამაზ სიტყვებს ვიპოვი და ზუსტად ისე ლამაზად აღვწერ, როგორც ეს თქვენ გააკეთეთ.
– დიდი მადლობა, გოგონა, დიდი მადლობა.
ახლა უნდა წავიდე, მას უნდა ველაპარაკო, გაუხარდება, როცა გაიგებს, რომ ჩვენს სიყვარულს ფურცელზე გადაიტან, ვინ იცის, იქნებ წაიკითხოს კიდეც ვინმემ…




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent