შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ჩემი ზღვა მქონდა...


19-03-2018, 01:39
ავტორი Anna)))
ნანახია 1 899

მე ჩემი ზღვა მქონდა და მქონდა ნავი, რომელიც მშვიდად ლივლივებდა ტალღების მიმართულებით. ჩემი ზღვის სურნელი ყველა სურნელზე ტკბილი იყო, ჩემი ზღვის მლაშე გემო დედის რძესავით ტკბილი ...
ამოქროლდებოდნენ ქარები და ჩემს ნავს შეათრევდნენ ტალღებს შორის, ტრიალებდა ჩემი ნავიც , ენარცხებოდა ტალღებს, ილეწებოდა... შევდიოდი ზღვაში და მეც შემითრევდა , რამდენჯერ ნახევრადმკვდარი გამოვურიყივარ ჩემს ზღვას სანაპიროზე, ქვიშაზე გულაღმა მწოლიარე ვქოშინებდი ენაგადმოგდებული , პატრონის ძებნისაგან დაღლილი ძაღლივით და გული მტკიოდა რომ არავინ ჩანდა ... მერე თავიდან ვაწყობდი ჩემს ნავს, ფიცრების ნაფლეთებს ვაწებებდი, ვლურსმავდი, მთლიან ნავს ვღებავდი ხან იისფრად, ხან ცისფრად, ხანაც ატმისფრად, მერე ისევ სანაპიროზე ვტოვებდი, მზესთან ვაფიცხებდი, მზეებს თვითონ ვაჩენდი მისთვის, წვიმას ვფანტავდი, ღრუბლებს ვაქრობდი და მაინც ქარებს , და მაინც ქარებს შეყავდათ ჩემი ნავი ტალღებში, ატრიალებდნენ, აბუნებდნენ, ლეწავდნენ.. მერე ისევ ისე , როგორც წინა დღეს ან იმის წინ ან უფრო ადრე, ნახევრად ვკვდებოდი, ვაწებებდი , ლურსმებს ვაჭედებდი და ისევ ვღებავდი.
ჩემი ზღვა წყნარი იყო, უფრო კი მღელვარე, ჩემი ზღვა თბილი იყო , ზოგჯერ კი გაყინული, ჩემი ზღვა მლაშე იყო , ზოგჯერ კი უმარილო... ჩემი ზღვა შავი იყო, უფრო კი ათასფერი...
ერთხელაც გავიზარდე და ... როდესაც თევზაობა გადავწყვიტე ბადე ჩავაგდე ზღვაში ... ვუცადე შედეგს, ველოდე დიდხანს, სულმოუთქმელად, თვალებგაბრწყინებული... ვუცადე და ბადეს მხოლოდ მკვდარი თევზები ამოყვნენ, თურმე რაც ზედაპირზე ტივტივებდა და არ ვიმჩნევდი ან არ ვამჩნევდი, არც ერთი თევზი აღარ ბუდობდა ჩემს ზღვაში, სულ განადგურდნენ სულ დაიხოცნენ .. სანაპიროზე ქვიშა ამოვთხარე და ყველა თევზი იქ დავმარხე .. დიდხანს ვგლოვობდი...
თოლიებმაც მიატოვეს ჩემი ზღვა, ხანდახან გადამფრენი თოლია თუ დაჯდებოდა და მოითქვამდა სულს, ისიც ცოტახნით, მერე ვრჩებოდით მე და ჩემი ზღვა, ეულად, მშვიდად, მოწყენილად, ტკივილიანად... მერე ზღვამ დაშრობა დაიწყო, დავღალე ალბათ, შრებოდა ჩემი ზღვა და ვრცელდებოდა ქვიშიანი ნაპირი, ცხელოდა საშინლად, ცხელოდა ყველგან, ვიწვოდი ხან სიცხისგან და ხანაც დარდისგან.. მტოვებდა ჩემი ზღვა, ქრებოდა ჩემი ზღვა, შრებოდა ჩემი ზღვა თანდათან... ბოლოს გუბე დარჩა, ერთი ფეხის ჩასადგამი, და ვიკივლე სანამ მზეს ვხედავ არ დავიჩოქებ-მეთქი.. ზღვისგან მიტოვებული, მზისგან მიტოვებული, ხალხისგან მიტოვებული, ტკივილებს მიბარებული ვიჩოქებდი და უფრო კი ფრენას ვსწავლობდი...
სანამ ერთ დღესაც ჩემი გუბეც ბოლომდე არ დაშრა და დარჩა არაფერი ... მერე გავშალე ფრთები და უსასრულო ფრენაში ჩავები, სახით მივაპობ ახლა ქარებს და ვხვდები ეს დამღუპველია, კიდევ იმას ვხვდები რომ წვიმისთვის უნდა ილოცო, ხელით უნდა ზიდო წყალი, ცრემლით უნდა აავსო გუბე, მაგრამ უნდა აცხოვრო მუდამ, არასდროს უნდა დააშრო შენი , შენი შენებური ზღვა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent