ერკე მიდასი - მზისფერი ლომები (ერკემიდასის მიწა)
იცით, ხშირად მიფიქრია რატომ არი სამყარო ასეთი დაუოკებელი სურვილებით სავსე და ამ სურვილების ახდენის მწარე მოლოდინით, რომ გვავსებს ჩვენც. რატომ გვამძიმებს ის დაუოკებელი ჟინი სამყაროს საიდუმლოს ამოხსნისა და რატომ ვცდილობთ ასე უიმედოდ ვებრძოლოთ ჩვენს ქარიზმატულ და მფშვინავ, მზისფერ ლომებს რომელნიც თავად სულში განვალაგეთ დაბადებისას და ვეღარ ვიშორებთ. ხშირად მისაუბრია მეგობრებთან იმაზე, თუ რა ხდის ჩვენს ცხოვრებას ნათელს, ლამაზს, მზის და ვარსკვლავების ატმოსფეროში გადმოსულს და გაპრიალებულს. ვამტკიცებდი, რომ ეს ჩვენ ვართ ისეთივე ნათელნი და ლამაზნი სულით, როგორიც სამყაროა, მაგრამ ისინი განუწყვეტლივ მაჩერებდნენ, ფიქრობდნენ რომ ვცდებოდი და საპირისპიროს მიმტკიცებდნენ, ადამიანზე ბინძური სულის არსება არ დაბადებულა ამქვეყნადო და ამ სამყაროს სინათლეს მხოლოდ მზე და კაშკაშა ვარსკვლავები ჩვენი დაუმსახურებლობის მიუხედავად მაინც ჩუქნიან და გვინათებენ გზასო. თუმცა კვლავ ჩავერთვებოდი მათ გრძელ და დაუსრულებელ მონოლოგში, ერთმანეთს რომ არ აცდიდნენ და ცდილობდნენ ლუკმა გამოეცალათ დანარჩენებისთვის, დაესწროთ თქმა და პირველები ყოფილიყვნენ, ვეუბნებოდი, სამყარო ჩვენი სულის და გონების ანარეკლია, სამყარო ეს არა მარტო მზის სხივების ქვეყანაა, არამედ ჩვენიც და ის მუდამ ჩვენად დარჩება. ასევე ვამბობდი და ვუშვებდი მოსაზრებას, რომ როგორც ჩვენ ცხოვრებას ვასამარებდით ხშირ შემთხვევაში, ასევე სასიკვდილო განაჩენს ვპირდებოდით მთელ გალაქტიკას, მაგრამ მჯეროდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ გამოჩნდებოდა ადამიანი, ან ადამიანთა გარკვეული მასა, ვინც სამყაროს ახლიდან დაბადებდა, ან იხსნიდა განადგურებისაგან. ალუბლისფერ სანაპიროს გავყურებ, სხივებთან მოთამაშეს და მოლაპლაპეს, თითქოს მათთან ცეკვას ცდილობენ და ფეხების მოძრაობებით თავიანთ მიმზიდველობას აჩენენო, გავცქერ იმ მოსეირნე ცხოველებს, ადამიანების გვერდს დამშვენებულები ამაყად რომ დააბიჯებენ ამ სამყაროში, რადგან ისინი მაინც ხვდებიან და აფასებენ თავიანთ სიცოცხლეს რაოდენ მწირიც არ უნდა იყოს ის. პეპლები იბადებიან და ოცდაოთხ საათში მათი სიცოცხლე ისე ილექება და იფერფლება, როგორც სიგარეტის ღერი, მაგრამ ისინი ყველაფერს ასწრებენ, ჩვენ რა გვემართება? რატომ ვხდებით ასეთი სასტიკნი, გაუწონასწორებლები და უმიზნონი? რატომ დავეხეტებით უაზროდ და სამყაროს განადგურებას ვცდილობთ? მზისფერ ლომებს სურთ, რომ ჩვენ ღირსეულად ვიდგეთ და თავი გვეჭიროს ისე, როგორც შეგვფერის, მაგრამ ხანდახან ვჩრდილავთ და უსიტყვოდ ვაძევებთ, ისე რომ მცდელობის შანსსაც კი არ ვუტოვებთ, ოდნავ უკეთესები გავხდეთ. ვხედავ მარადიულ, სისხლისფერ ნისლს ჩემს გარშემო და ვაკვირდები მის მძვინვარებას ჩვენს თავზე. რაღაც არარსებული ნარატივით, რომ გვაგიჟებს და გვაგრძნობინებს ჩვენი საკუთარი გულისხმიერების განურჩევლად ყოველი ბიძგის განადგურებისკენ. სიცოცხლე შობს სიცოცხლეს, უკვდავება - უკვდავებას, მაგრამ არანაირად არ შობს სიკვდილს სიკვდილი. ის გაელვებული ნარინჯისფერი სხივით ირეკლება და ჩვენში იმდენად ღრმად აღწევს, თითქოს ლექად გვაჩნია. სინამდვილეში უკვდავნი ვართ, უკვდავ ადამიანთა შტო, მაგრამ იმდენად გვწამს სიკვდილის არსებობა, რომ მას მოველით და დგება კიდეც. ეს გვაქცევს მოკვდავად. ბავშვს, რომელსაც წარმოდგენაც არ აქვს, რომ ის გარდაიცვლება და მიწას მიებარება, უკვდავია. ბავშვი, რომელსაც სჯერა, რომ სამუდამოდ ახალგაზრდა დარჩება, დარჩება კიდეც. მზის ჩასვლის ცქერა მსიამოვნებს. სანაპიროზე დათარეშობენ, სირაქლემები, პანტერები, ლომები, ვეფხვები, დაფრინავენ შავი მოცხარის ფერის ყვავები და ყვავების თავზე მედიდური არწივები, რომლებიც მშვიდად გადაჰყურებენ ჩემსავით იმ ტალღებს, დელფინებს რომ ეთამაშებიან დამალობანას, ან რაიმე მსგავსი გასართობით ტკბებიან. არაფერია უცნაური, მზისფერი ლომებიც აქ არიან, ისინი ჩემს გვერდით წვანან და თავიანთ საქმეში ჩაფლულებს, მზის დაშვება საერთოდ არც აღელვებთ. ისინი იძირებიან იმ დაუოკებელი გრძნობების მორევში, რასაც ტალღები იჭერენ და ჩვენკენ ექაჩებიან, მათი ცქერის გარეშე. ფიქრიც კარგია. სამყაროზე, სწორედ ისეთზე, როგორიც ახლაა, შებინდებისას და ადამიანთა თვალებში ბედნიერი სხივების დაჭერაზე უკეთესი არც არაფერია. ისინი ემშვიდობებიან ახალ დღეს, და ეგებებიან კიდევ უფრო ახალ ღამეს და ახალთახალ მომავალ დღეს, რომელიც აუცილებლად დადგება. უფრთხიან იმ ავაზაკი სევდის მონაბერ სიოს, რომელიც ყველანაირად ცდილობს ცუდი განწყობის შემოტანას და ეცლებიან მანიაკი სიძულვილის ნაპერწკალს, რომელიც შეკოწიწებული მწირი ფიჩხებისგან დიდი კოცონის დანთებას ცდილობს, მაგრამ რატომღაც ამ ჩამავალი მზის ფონზე, რომელიც ალუბლისფერებში აღგვაქმევინებს ყველაფერს, არაფერი გამოსდის. ასეა, ცდებიან ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ შეუძლიათ სამყაროს განადგურების მომსწრენი გახდნენ ან თავად იქცნენ ამის მიზეზად. იგი ძალიან დიდი და უზარმაზარი სივრცეა, იმდენი უნიკალური არსებით დასახლებული, რომ ყველაზე არარეალურად წარმომიდგენია ვინმე მისი განადგურების მიზეზი გახდეს, თითქოს რაიმე იარაღი შეექმნას, რომელიც მთელ გალაქტიკას შთანთქავს და უსიერ ტყის, უსასრულო კუნჭულში გადაისვრის. მწამს, რომ დალაგდება ყოველივე, ჩვენს გულებში და ჩვენი მზისფერი ლომებიც იპოვნიან შვებას, იპოვნიან მშვიდობას, დამსახურებულ მშვიდობას და მათში დაივანებენ სამუდამოდ. იცით, რატომ ვეძახი მათ მზისფერ ლომებს. ისინი მზესავით კაშკაშანი და ლომთაებრ გულადნი არიან, თუკი ამას საჭიროდ მიიჩნევენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ყოველთვის საჭიროა და გულის სიღრმეში მათი სითამამე კი არ უნდა ჩაიმარხოს არამედ მზის შუქზე უნდა გამობრწყინდეს, რათა ყველამ იხილოს ის გოლიათური სიდიადე, რაც მათ თვისებებს მოაქვთ. ძალზედ უცნაური და უჩვეული კი ის გახლავთ, რომ ისინი ყველა ჩვენგანშია, მაგრამ მხოლოდ მცირედი თუ ცდილობს მათ გამომჟღავნებას, უმეტეს მათგანს რაღაც ბნელი ბურუსი ფარავს და არ აძლევს საშუალებას კაშკაშა მზეში გამოჩენის, არ უტოვებს შანსს, რომ გაიბრწყინონ მათმა შიგთავსმა და სიცოცხლე შთაჰბერონ სამყაროს. ერთხელ, ასეთი საუბარიც მქონდა ჩემს ეგრეთ წოდებულ მეგობრებთან, რომელთაც სხვა თუ არაფერი, გამრიყეს მათი საზოგადოებიდან. ვუხსნიდი, რომ სიცოცხლის ხალისი ადამიანთა გულიდან წამოსული ერთობის გამოა, მათი იმედის გამობრწყინებას მოჰყვება და აღტყინებას, რომელიც ჩვენს გულებში მიმალულა და თავისი გამოჩენის დროს ელის-მეთქი, მაგრამ აქაც როგორც ყოველთვის შეწინააღმდეგება გარდაუვალი იყო. მიმტკიცებდნენ, რომ გრძნობები მხოლოდ ილუზია იყო, არარსებული სხივი, რომელსაც ჩვენ აღვიქვამდით რეალურად, მაგრამ სიცოცხლის სურვილი კი ეს იყო, რაღაც ფანტასმაგორიული გამობრწყინება, როგორც ფილმებშია, მიზნისკენ მიისწრაფვი, მაგრამ საით მიგიყვანს არც კი იცი. ერთი სიტყვით, მეც ჩამოვშორდი მგზნებარე თაობას, რომელიც მხოლოდ გართობის მოლოდინში თუ იყო და ვფიქრობდი, ჩემს მზისფერ ლომებს სააშკარაოზე გამოსვლის დრო აქვთ, აუცილებლად უნდა გამოვიდნენ და ყველას დაენახონ - მეთქი. გრძნობებს ქარში ვფანტავ, რათა ვიღაც უსახლკარომ, ან იმედდაკარგულმა ადამიანმა დაიჭიროს და მიეცეს ძალა, იმ უიმედო მდგომარეობიდან გამოსვლისა, მიეცეს სიტყვები, უსიტყვოდ დარჩენილთ და მიეცეს სახლ-კარი, დიდება, ან სულ მცირე იმედი, რათა ცხოვრება ჩვეულ ჩარჩოში ჩააყენოს და განაგრძოს გზა იმ მშვიდობიანი ბილიკებით, რომელსაც ჩვენს ენაზე ეკლეპტა ჰქვია. ეკლეპტა - ეს მშვიდობით განცხრომას ნიშნავს. თუმცა აქედან მოდის საშინელი სიტყვაც, საშინელი მნიშვნელობის - ეკალი - რომელიც გაზიანებს, გჭრის და საკუთარ სახეს გიკარგავს. მნიშვნელობას გპარავს და სიცოცხლის ნიშანწყალს გიქრობს. ვუყურებ სიყვარულს, რომელიც ჩემთან ახლოს ცეკვავს ნაპირის გასწვრივ, ვუცქერ სიცოცხლით სავსე აკლდამას, რომელიც ასევე აკვირდება სიყვარულის მომნუსხველობას და გრძნობს მის სიხარულის მიზეზს. ეს არის მზისფერი ლომების თანაარსობის შედეგი. ეს არის სწორედ ნამდვილი სიტყვების ურთიერთობის შედეგი, ეს არის ტალღების ცეკვის და მათი ბედნიერების შედეგი და ეს არის რაც მშვიდობას ჰპოვებს ადამიანში. ალუბლისფერ ტალღებს კვლავ დაჰკრავთ ოქროსფერი ბრწყინვალება, მაგრამ არა სიხარბის, არამედ უფრო ქველმოქმედების და მათი გამოყენების სწორი, რეალური მნიშვნელობის ფერი. ეს ფერებით აღსავსე სამყარო ერთ რამეს მოასწავებს მხოლოდ და ჩვენში არ უშვებს იმ უსუფთაო გრძნობებს, რაც გარემოში სიბინძურის მომასწავებელია. გრძნობები, რომელიც თანაარსობს ჩვენში და გვიმხელს საიდუმლო ჭიშკრის მიღმა არსებული სამყაროს არსებობას, გვიმხელს ჩვენივე დანიშნულებას და გვახედებს მზისფერი ლომების გულში. ეს საოცრებაა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.