შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ


20-03-2019, 02:05
ავტორი nunu qadagidze
ნანახია 8 718

კარები გავაღე და შემოხვედი. ვიცოდი, კარებთან იდექი, თუმცა დაკაკუნება ვერ მოასწარი. ხელი ჯერ ისევ მაღლა, ჰაერში გეჭირა, დასაკაკუნებლად გამზადებული. შენს მაგივრად წვიმამ მომიკაკუნა. წვიმაც ჩემი ძველი მეგობარია, მეტად მახარებს მისი ხმის გაგონება. კარგა ხანს ვუსმენდი წვიმის წვეთების ტკბილხმოვან მუსაიფს. ვინ იცის, რას არ მომიყვებოდა, მისი ენის გაგება რომ შემეძლოს. ხომ ყველაფერს თავისი ენა აქვს და თავის ამბავს გიამბობს, თანაც რა საინტერესოდ და ლამაზად. ადამიანზე ნაკლებად კი არა, უფრო უკეთესადაც, მე თუ მკითხავთ. ვიჯექი ჩემთვის ჩუმად, თან ვტკბებოდი და თან ვეწამებოდი, რომ არ შემეძლო წვიმის ლაპარაკში ჩემთვის საცნაური რამ გამომერჩია, და ამ დროს ვიგრძენი . . . აქვე, სულ ახლოს იყავი ჩემთან.
წვიმის სურნელი შემოგყვა თან. წვიმის წვეთებიც, თმებში ბრილიანტებივით გახლართულები. მოსასხამიც თითქმის სულ მთლად დაგსველებოდა, შემოსასვლელშივე გაიხადე და იქვე მიაკიდე, როგორც წესი და რიგია. მერე თმებზე ხელი გადაისვი, ხელი დაგისველდა; მე ავფორიაქდი, პირსახოცი მინდოდა მომეწოდებინა; არა უშავსო, ღიმილით ჩაილაპარაკე და ხელები ცხვრისახოცით შეიმშრალე. რბილი, უხმაურო ნაბიჯებით შემოხვედი, ერთი მიიხედ - მოიხედე და ჩემთან ერთად ტელევიზორს მიუჯექი.
უებარი საშუალებაა ეს ტელევიზორი. თუ სტუმართან მაშინვე ვერ მოახერხებ საუბრის დაწყებას; აჰა, ბატონო, უყურე, გაერთე, ისიამოვნე . . . მერე რა, თუ გადაცემა მაინცდამაინც საინტერესო არაა, უხერხულ დუმილს მაინც ბევრად სჯობს მისი ყურება. ამასობაში სტუმარი და მასპინძელი ასწრებენ გონზე მოსვლას, საინტერესო თემის მოფიქრებას სალაპარაკოდ. ანდა, თუ ვერ მოახერხეს, არც ესაა დიდი უბედურება. თვით სატელევიზიო გადაცემაზე ვილაპარაკებთ; აბა, ერთი შეხედეთ, განა შეიძლებოდა ამისი ასეთი რაკურსით ჩვენება? მე ამას სულ სხვანაირად გადავიღებდი . . . არა, სულ მთლად წავიდნენ ხელიდან . . .
შენთან ერთად შევყურებ ტელევიზორს და ასეთ რამეებზე ფიქრით თავს ვიმტვრევ. მერე უეცრად გამახსენდა: ეს თავისტეხა ხომ სრულიად უსარგებლოა. მე შენთან არ მჭირდება არანაირი ფორმალობა, ეთიკის უბადრუკი წესების დაცვა. შენ ხომ ჩემი ძველი მეგობარი ხარ, იმდენად ძველი, რომ აღარც მახსოვს, როდის დაიწყო იგი. ერთი რამ კი დანამდვილებით ვიცი: ადრეული ბავშვობიდან აიღო სათავე და დღემდე უცვლელი, შეუბღალავი სახით მოაღწია.
აღარც ის მახსოვს, რომელ თქვენგანს დავუმეგობრდი უფრო ადრე, შენ თუ წვიმას.
გულზე მომეშვა, როცა ეს ყველაფერი გამახსენდა, თავი მაშინვე სრულიად თავისუფლად ვიგრძენი. არხეინად დავჯექი ჩემს ადგილას, სადაც ამდენ ხანს თითქოს ვერ ვისვენებდი და ჩუმად, ჩემთვის დავიწყე ფიქრი. კარგად ვიცი, ჩემი ფიქრები შენთვისაც საცნაურია, უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. ამიტომ რამდენადმე გაფაციცებულიც ვარ, თუმცა ჩემს მშვიდ განწყობას ეს ოდნავადაც არ ვნებს და არ ამძიმებს. ერთდროულად ათას რამეზე ვფიქრობ, ოღონდ ჯერ ვერ გამომირჩევია, რომელზე ღირს ლაპარაკი. ასე ადვილად არ ამყვები საუბარში, თუ საუბრის თემა არ მოგეწონა. ახლაც არ ღალატობ საკუთარ თავს, ხმის ამოუღებლად ზიხარ და მოთმინებით მელოდები, სანამ ლაპარაკს დავიწყებდე. ისიც მომხდარა ხანდახან, შენ თვითონ მოგიწოდებია ჩემთვის სასაუბრო თემა. ახლა ამის სურვილი არ გაქვს, ინიციატივას მე მითმობ.
მაგრამ ამ საღამოს ჩემს თავში ნამდვილი დომხალია. ვერაფერზე ვერ შევაჩერე ყურადღება: წვიმა, ქარი, კედლის მიღმა ჩავლილი მგზავრი, მანქანა, ქალაქი, წაკითხული წიგნი, ლექსი, ნახატი, სიმღერა . . . ყველაფერი ერთ უსახო ქაოსში ირევა, და სადღაც ჩემს მიღმა სხლტება, თითოს ჩემს გონებაში ჩასაჭიდებელი ვერაფერი უპოვიათ. იმედდაკარგული ვდგები და ისევ ისე, უბრად, ყავას ვადუღებ..
მთელს ქალაქში ეპიდემიასავით გავრცელებულა ყავაზე მკითხაობა, ზოგიერთს ხომ ნამდვილ მანიად ექცა, ყოველდღე იჭვრიტებიან გადმოპირქვავებულ ჭიქაში, რომ თავიანთი ხვალინდელი დღე იქ დაინახონ. მეც მათ რიცხვში ვარ. მომაქვს ცხელი, ქაფქაფა ყავა, ფრთხილად ვდგამ მაგიდაზე და ნელნელა ვსვამ. მაგიდაზე ნამცხვარიც დევს, ხანდახან ლიქიორიც. შენ ხელს არაფერს ახლებ, არც ყავას სვამ. კარგად ვიცი, რატომაც; არ გინდა, არ გაინტერესებს მკითხაობა. თუ დალევ ყავას, იცი, არ მოგეშვები, თუ არ გიმკითხავებ, შენ კი ეს სრულებითაც არ გჭირდება.
მე კი, აბა ისე რა მომასვენებს, თუ არ ვუმკითხავე ჩემს თავს. დაცლილ ჭიქას დიდის ამბით გადმოვაბრუნებ და მღელვარებით ველოდები, სანამ ყავის ნალექი ჭიქის კედლებზე ფანტასტიკურ ფიგურებს მოხატავს. გადის წუთები, რაღაც უაზრო სატელევიზიო გადაცემით შევსებული წუთები. მე ჭიქას ამოვაბრუნებ და დიდი დაკვირვებით ჩავყურებ. ოჰ, ოჰ, რა არეული ფიგურებია, თითქოს ყველაფერი ყირამალა დგას, თანაც ერთმანეთში გადღაბნილი, ვერაფერს გამოარჩევ. ეს მგონი მდინარე უნდა იყოს, არა, მდინარე კი არა, გველია. ბაჭია შეუპყრია და შეჭმას უპირებს. რატომღაც მგონია, რომ ეს ბაჭია მე ვარ. გველი კი არ ვიცი, ვინ უნდა იყოს, ალბათ ვინმე ჩემთვის ავის მსურველი და არაფრით არ მინდა გველმა ის კურდღელი შეჭამოს.
- შეჭამს ეს გველი ბაჭიას? - გაფაციცებით გეკითხები და ვცდილობ, თვალებში შემოგხედო. მეჩვენება თუ ნამდვილად ასეა, თითქოს ყველაფერს ხელის გულზე ხედავ, რაც ჩემს ჭიქაშია დახატული. თითქოს ყველაფერი იცი, რაც შეიძლება უახლოეს ხანში გადამხდეს, მაგრამ საჭიროდ არ თვლი ამის წინასწარ თქმას. რაც მოსავალია, ისედაც მოვაო, მეუბნები და თვალს მარიდებ.
შენი ეს ჩვეულება ძალიან მაღიზიანებს, არ გიყვარს თვალებში შემოხედვა. რამდენი ხნის მეგობრები ვართ და დღემდე არ ვიცი, რა ფერის თვალები გაქვს. ხან ცასავით კრიალა და გამჭვირვალე მეჩვენება ისინი, ხან კიდევ უფსკრულივით ჩაღამებული და გამოუცნობი. სამაგიეროდ შენ კარგად იცი ჩემი ყოველი წვრილმანი, არაფერი გამოგეპარება. თვალების ფერს ვიღა ჩივის, ისიც კი იცი, ახლა რა გაბრაზებული ვარ, მაგრამ არაფრად აგდებ, თუმცა არც დამცინი ამის გამო, ეს კი ყველაზე მეტად მომწონს შენში. არასოდეს მაგრძნობინებ, რა სუსტი და შესაბრალისიც არ უნდა ვჩანდე შენს თვალში. არასოდეს არაფრით ამჟღავნებ, თუ რამდენად ძლიერი ხარ ჩემზე.
დაუსრულებლად ვუკირკიტებ ჩემს ჭიქას. მერე თვალებაჭრელებული ტელევიზორსაც ვეღარ ვუყურებ, რაღაც ამბებს რომ მიერეკება თავისთვის. უკვე ნამდვილად აღარ მაქვს რაიმეზე ფიქრის და ლაპარაკის თავი. ჩემთვის ჩუმად ვთვლემ და ბედნიერი ვარ, რომ შენს წინაშე ეს უზრდელობად არ ჩამეთვლება. ძილი რომ საბოლოოდ თავისკენ მომიხმობს, ვთიშავ ტელევიზორს და დასაძინებლად ვწვები. ამ დროს შენ ძილინებისას მისურვებ და სრულიად უხმაუროდ მიდიხარ.
ისედაც მომხდარა, არ წასულხარ ჩემი დაძინებისას. ეს მაშინ, როცა მართლა ბაჭიასავით ვარ რაიმეზე აფორიაქებული და დამფრთხალი, საამისო მიზეზები მრავლად მაქვს, ამისთვის შეუნელებლად ზრუნავს განგება. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, დამეძინება თუ მთლად გამიფრთხება ძილი; მთელი ღამე მესმის შენი მშვიდი გულისცემა, რომელიც თითქოს განუწყვეტლივ იმეორებს ყველაზე უბრალო და უწყინარ სიტყვებს, რაც კი ოდესმე თქმულა; (და რომლებიც ვერავინ ვერაფრით ჩაანაცვლა, თუმცაღა ძალიან ბევრს ეცადნენ) „დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება“. მეც ვმშვიდდები შენი გულისცემის ხმას მინდობილი, არაფერი მეჩვენება ამქვეყნად მასზე მყარი და საიმედო.
ხან თითქოს სახეს იცვლი, ვინმე ნაცნობის სახით გამომეცხადები. ნაცნობები უამრავნი არიან, შენ კი ერთადერთი ხარ. და რაღაც გამოუცნობ კაპრიზს აყოლილი, ერთერთი მათგანის სახეს ღებულობ ხოლმე. არ აქვს მნიშვნელობა, სად შევიძინე მე ეს ნაცნობობა, სად შევხვდი ამ ადამიანს. მთავარი ისაა, რომ რაღაც მხოლოდ ჩვენ ორისათვის საცნაური ურთიერთობათა სიმები იწყებენ დაჭიმვას, მერე რა კეთილხმოვნად და რა წარმტაცად ჟღერენ ეს სიმები . . . მთელი სამყარო ამ დროს ჯადოსნური ხმებით ივსება. რა საამო სითბოს და სიმყუდროვეს ვგრძნობ მაშინ, თუნდაც გარეთ ყინვა სუსხავდეს ყველაფერს.
და ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს შენა ხარ. ამ ადამიანის სახე მიიღე და მოხვედი ჩემთან. რა ბედნიერები ვართ ორივენი, მეტად ბედნიერები. ერთმანეთს გულუხვად ვუნაწილებთ ჩვენს ბედნიერებას.
ბოლოს (ხან ძალიან მალე, ხან დროის რაღაც მონაკვეთის შემდეგ) ხდება გარდაუვალი: იმ კეთილხმოვან, ფაქიზ სიმებს თითქოს ურო დაეცაო, ისეთი აუტანელი ხმით იწყებენ ჟღრიალს და გაუთავებლად ჟღრიალებენ, სანამ მოთმინებადაკრგული ჩემივე ხელით არ დავწყვეტ მათ, იმ უროს ცემისაგან ისედაც მოჩვარულებს.
მაშინ კი ნათლად ვხედავ, თურმე ვცდებოდი, ეს შენ არ ყოფილხარ! და იმ წამს, ჩემთვის უკვე უცხო სახის მიღმა გხედავ, დროებით თვალმოფარებულს. ჩუმად, მოთმინებით მელოდები. კარგად იცი, იმ სხვაში შენ დაგეძებდი, მხოლოდ შენ.
არ დამჭირდება დიდი ახსნა - განმარტება, რათა ყველაფერი ეს გაგაგებინო, ხომ ისედაც კარგად იცი ჩემი ყოველი ფიქრი. შენი ბაგიდან მომისმენია ხშირად ჩემი ეს სიტყვებიც, რომელიც არ წარმომითქვამს არასოდეს, მაგრამ მინდოდა კი მეთქვა. სადაც არ უნდა მიმიყვანოს ჩემმა გზამ, რა ჭრელი ხალხიც არ უნდა მეხვიოს ირგვლივ, ბოლო ბილიკი მაინც შენსკენ მოემართება.
ახლა, ამ წუთში ჩემი ბინა ხალხით სავსეა. მე დაბადების დღეს ვზეიმობ. ისინიც მოვიდნენ ჩემთან საჩუქრებით, ისე, როგორც მე მივდივარ მათთან დაბადების დღეზე. მომილოცეს სულით და გულით, კარგად შეთვრნენ. რა კარგები არიან ყველანი, იღიმებიან, მხიარულობენ, ბრტყელ - ბრტყელი გამოთქმებით მისურვებენ ბედნიერებას და სიხარულს. მეც მჯერა მათი. ასე მგონია, თუ სადმე საუკეთესო ადამიანია, ყველას ჩემს სუფრასთან მოუყრია თავი. მშვენივრად მღერიან და მე თითქოს ჩვენ ორივესთვის საცნაური სიმების წკრიალიც მესმის მათ სიმღერაში . . .
უკვე გვიანი ღამეა. ჩემმა სტუმრებმა შესანიშნავად გაატარეს დრო. ახლა უკვე წასვლას აპირებენ, ძილინებისას მისურვებენ და ოქროსფერ სიზმრებს, მაგრამ ვეღარ მიდიან. რა ხმაურია, რა ღრიანცელი . . . მგონი მეც მთვრალი ვარ. მთელი სახლი ირწევა, ეს კედლები რაღამ დაათრო, არ ვიცი. . . . ან ამ ყვავილებს რა უხარიათ, ასე გულიანად რომ იცინიან სიგარეტის კვამლში გამოხრჩობილები. ამ გამაბრუებელ ღრიანცელში და თვალსიმომჭრელი სინათლის შუქზე მე ვერ გხედავ შენ, არც შენი ჩუმი ნაბიჯების ხმა მესმის, თუმცა კარგად ვიცი, სადღაც ახლოს მიმოდიხარ. ჯერ აქ ვერ შემოხვალ, ამ სტუმრებს შორის არაა შენი ადგილი. ვერც დღეგრძელობას მისურვებ მათთან ერთად, თუმცა ამქვეყნად ყველაზე მეტად შენ გსურს ჩემი დღეგრძელობა, ჩვენ ხომ ერთარსნი და განუყრელნი ვართ, სარკის წიაღში მორიალე ანარეკლებივით. წამი რა არის, ერთ წამსაც კი ვერ წარვტაცებთ უერთმანეთოდ ჩვენს ირგვლივ მოფუთფუთე სივრცეს, ყოველდღიურობით დამძიმებულს, უსახოს და უსამანოს.
და ეს სივრცე სრულიად იცვლება, როგორც კი ჩემს ოთახში შემოაბიჯებ. უკვალოდ ჰქრება ყოველდღიურობის მღვრიე ნალექი, ირგვლივ ყოველივე დილის ცვარივით გამჭვირვალე და ნათელი ხდება. იმასაც ვხვდები, (და ვფიქრობ, არც შენთვისაა დაფარული) ეს სივრცე არაა განკუთვნილი უცხო თვალისთვის, მეტისმეტად მყიფეა და მოწყლვადი საამისოდ. სწორედ ამიტომ ჯერჯერობით არ მოინდომებ ჩემს კარზე დაკაკუნებას. არც მე მომივა აზრად, კარი გამოვაღო და ღამის სიბნელეში შენს ლანდს დავუწყო ძებნა.
მხოლოდ მაშინ, როცა ჩემი სტუმრები გაიკრიფებიან, ღრიანცელი საბოლოოდ მიჩუმდება და მათი ხმებისაგან დატოვებული ექოც მიწყნარდება, ( მე და შენ ხომ ვიცით, რა ხანგრძლივი სიცოცხლე შეუძლია ექოს, იგი მას შემდეგ კიდევ დიდხანს დაფრინავს ჰაერში, როცა სხვებს ჰგონიათ, უკვე მოკვდაო), გამოვაღებ შენთვის კარებს და შენც შემოხვალ. დაკაკუნებას ვერც ახლა მოასწრებ, ხელი ისევ მაღლა, ჰაერში გექნება აწეული. შემოხვალ და შემომიტან წვიმის წვეთებს, თუ წვიმიანი ამინდი იქნება გარეთ, თუ არა და, ღამეული ცის სუნთქვა ხომ თან მოგყვება. . . კვლავ ერთად მივუჯდებით ტეელვიზორს და იქნებ მოვახერხო შენთან საინტერესო საუბრის გაბმა. ბოლო დროს ჩვენმა შეხვედრამ რა უფერულად ჩაიარა, ვერც კი ვისაუბრეთ. ეს საღამო, ვფიქრობ, ბევრად უფრო საინტერესო იქნება, რამდენი რამ დამიგროვდა შენთვის სათქმელი.



№1  offline წევრი sunriseN

გამათბო ამ პატარა ლამაზად დაწერილმა ჩანახატმა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent