შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი დღის დასაწყისი


25-12-2019, 02:49
ავტორი Purplerain
ნანახია 9 667

არ ვიცი როგორ, მაგრამ თბილისი თითქოს წინასწარ ხვდება როგორ ხასიათზე გავიღვიძებ და შესაფერის ამინდს მახვედრებს დილაობით. ასე რომც არ იყოს, ჩემს გულში მაინც სულ სევდიანი განწყობაა უკვე თვეებია. მზიან დღეებშიც ვხედავ სევდის ნაპერწკლებს და არ მაქვს სურვილი მისი სხივებით გავითბო კანი. თვეებია უკვე ბედნიერებისგან შორს ვარ და არ ვიცი, კიდევ როდის განმეორდება ჩემში ხელახლა ეს გრძნობა. როგორც უნდა დამალო, საკუთარი თვალები ყოველთვის გაგყიდის და სამყაროს დაანახებს, რომ ბედნიერი ხარ, ჰოდა, თვეობით ჩამქრალი ჩემი თვალებიც დეტალებში ეძებს ბედნიერებას. თბილისის ქუჩებს წვიმა ასველებდა. ქარიანი ამინდი იყო და ჩემს ოთახში ფარდა ნაზად ფრიალებდა. შემცივდა და კარის დასახურად ავდექი. ისევ წვიმა... ისევ დარდი... ფარდა ჩამოვაფარე და ოთახი ჩავაბნელე. ძილი ვეღარ შევიბრუნე, მალე ისედაც უნდა გამეღვიძა და აღარ ვიწვალე, სოციალური ქსელის თვალიერება დავიწყე. მისი მესიჯი ისევ არ მოსულა. უცნაურია არა?! ყოველ დილას, უკვე მრავალი თვის განმავლობაში, იმ იმედით გაღვიძება, რომ დილას მისი მესიჯი გაგილამაზებს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს აუხდენელი იმედი იყო და კვლავ გულჩათხრობილმა განვაგრძე თვალიერება. წვიმა უფრო გაძლიერდა და ჩემი ემოციებიც მას ჰყვებოდა. უკვე დიდი ხანია გულიანად აღარ მიცინია, ბედნიერს არ გამიღვიძია და არც ღიმილიანს ჩამძინებია. აღარც უძილობა მაწუხებდა დადებითი ემოციებისგან, ახლა მხოლოდ დარდი მიმძიმებდა გულს. ავდექი, მოვემზადე. წვმიან დღეს სახლში ჯდომა და წერა მიყვარს, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, უნივერსიტეტში უნდა წავსულიყავი. უღიმღამოდ მოვემზადე, მაკიაჟი გავიკეთე, სუნამო შევისხი და სახლიდან გავედი. ისევ წვიმა... ისევ სიცივე... ქუჩაში თვალებით ისევ მას ვეძებ, მაგრამ უკვე დიდი ხანია აღარ მაქვს იმედი, რომ სადმე შემხვდება. ჩემი ფიქრები ერთმანეთშია არეული და მუსიკის ფონზე იცვლება კადრები გონებაში. ვიხსენებ ისევ ძველ დროს, ისევ ბედნიერ წუთებს... ყოველთვის ქუჩის ერთ მხარეს დავდივარ. არასდროს მდომებია მეორე მხარეს გადასვლა. ტროტუარზე მანქანა ცუდად ეყენა და მეც გზის მეორე მხარეს გადავედი. მეგობრის კორპუსთან გავჩერდი და ველოდებოდი მის გამოსვლას. საღამოა, მალე დაბნელდება და სველ ქუჩებს ლამპიონები გაანათებს. უცნაურია, მთელი დღე გაუჩერებლად წვიმდა. ამ ფიქრებში გართულმა ტელეფონის საათს დავხედე და უცბად, ნაცნობმა სუნმა გამომაფხიზლა. ეს ის სუნია, მე რომ ძალიან მიყვარს და მაბედნიერებს. წამიერად ჩემს გულში მზე გამოვიდა და მივხვდი, ის სადღაც აქ იყო. თვალებით ძებნა დავუწყე და ისიც, უცბად ჩემს წინ აღმოჩნდა. მაშინ დავყრუვდი და დავმუნჯდი ერთდროულად. მხოლოდ მის სუნს ვგრძნობდი და გამოსახულებას ვხედავდი. არ ვიცოდი, რა მეპასუხა თვეობით უნახავი ადამიანისთვის. მან ხომ ჩემი ბედნიერება თან წაიღო და უსაზღვრო უფსკრულში ჩამაგდო?! ვხედავდი, როგორ მოიწევდა ჩემსკენ და მეხუტებოდა, მაგრამ მე, ერთ ადგილას გაშეშებული, ვცდილობდი ეს სუნი კვლავ დამმახსოვრებოდა და სულ თან გამყოლოდა. არ ვიცი, იმ საღამოს რა მოხდა, რა ვილაპარაკე, რა მითხრა და რა ვუპასუხე. მასთან ერთად გოგონა იყო და მივხვდი, რომ ისე განაგრძო ცხოვრება, რომ მე აღარ ვჭირდებოდი. მივხვდი, რომ ჩემი ბრალი იყო ეს სევდა და ნაღველი. მე ვცდილობდი წიგნის ბოლო გვერდზე დარჩენას და არ ვხურავდი ყდას. არ მინდოდა სხვა სირთულეებთან შეჭიდება და ჩემს გულში გაზაფხულის მოსვლა მის გარეშე. მისი სუნი წვიმისა და ფოთლების სუნში უკვალოდ გაქრა, თან მიჰყვა გამოსახულებაც და მე, სველ ქუჩაში, მეგობრის მოლოდინში მარტო ვიდექი. მივხვდი, რომ უაზრო ლოდინით თავს ვიღლიდი, რომ საკუთარ თავს თვითონ ვართმევდი ბედნიერების უფლებას, რომ ყველასთვის დამნაშავე ღმერთი აქ არაფერ შუაში იყო. ამ ყველაფრის სათავეში მე ვიყავი, რადგან მე ვმართავ ჩემს ცხოვრებას, მე ვწყვეტ ბედნიერი ვიქნები თუ უბედური. ძილის წინ ფიქრებს მოვუყარე თავი. ამ ღამეს კარგად მეძინა და დილით მზის სხივმა გაანათა ჩემი, ერთ დროს ბნელი, ოთახი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent