სხვისი ქრომოსომები
სახლში ბრუნდები დარლილი და ტუჩის კუთხეებში ოდნავ მომღიმარი, მაგრამ ქურთუკის გახდასთან ერთად შენში არ კვდება ძლივს დაძლეული სურვილი, რომ გაიქცე. გათოშილი ხელებით აბურდულ თმას ისწორებ და ძალიან ჩუმად, თითქოს საკუთარი თავისგან რომ დამალო ისე, ფიქრობ, რომ ეს კედლები, რომლებსაც შენი თითების კვალი წლებია უფერულ იეროგლიფებად ატყვია, დღითი დღე უფრო უცხო და შორეული ხდება. უკვე აღარც გახსოვს, რამდენი თვის წინ ნახე შენი უახლოესი მეგობარი, რომელიც, მწარე, მაგრამ დინჯი გააზრების მერე ხვდები, შესაძლია, იმაზე ნაკლებად ახლო მეგობარი იყოს, ვიდრე ის იყო მაშინ, ამ გაურკვეველი თვეების წინ, მზე როცა ზენიტში აჭერდა და შენი სახლის აივნიდან სიცილის ორი სხვადასხვა ბგერები ისმოდა. თუმცა, დიდი ხანია ამაზე საკუთარ თავს ფიქრი აუკრძალე, უფლება გაქვს თავში მხოლოდ ერთი, პატარა მოგონების გავარდნის საშუალება და შემდეგ რკინით შემოღობავ ნებისმიერ აყვირებულ აზრს. დაშვებულ შეცდომებს არ იმეორებ, მაგრამ მათთან ერთად ცხოვრებას არ წყვეტ და ყოველ დღე, წამი რომ წამს ემატება, შენი სხეული უხილავ, ბლანტ სითხეში იძირება. ხანდახან დაფეთებულს გამოგეღვიძება უსიზმრო ძილიდან და აცნობიერებ, რომ ფილტვებში ჰაერს ვერ უშვებ. ნახევრად მჯდომიარე, გამალებით ცდილობ ჟანგბადის ჩაყლაპვას, ამწვარი თვალების დახამხამებას, აკანკალებული სხეულის დაწყნარებას, მაგრამ გეჩვენება, თითქოს სასუნთი მილები სილით გაქვს ამოვსებული და ფიქრობ, ალბათ, ესაა სიკვდილის შეხება. მაგრამ სიკვდილი თავის ძვლიან თითებს სახეზე არ გისვამს, დღეს არა, და ამოუხსნელი ძალით, ამოუხსნელი მიზეზით ფილტვებიდან სილა გეწმინდება და ჰაერი თავისუდალ გზას გამარჯვებული მეომარივით ჩაირბენს. Სხეულში ყრუ ბჟუილით გიბრუნდება მგრძნობელობა და აღმოაჩენ, რომ თითების გალურჯებამდე, სასოწარკვეთის ზღვარზე მისული კაცივით საკუთარ მაისურს მკერდთან ებღაუჭებოდი. ხელებს ნელა ადუნებ და ბოლოს მთლიანად გრავიტაციას ანდობ, ხელებსაც, ხერხემალს, თავს, ქუთუთოებს. მძიმე მასასავით იძირები საბნებში და დილამდე ნელა, აუჩქარებლად აგრძელებ სუნთქვას. კითხვებს არ სვამ, თუ რატომ გაქვს ლოყები სველი. დილით ამის შესახებ არ ლაპარაკობ. არც ფიქრბ. შეიძლება, მხოლოდ ერთხელ, სისუსტის წამს გაიფიქრო: “მარტო რომ არ ვწოლილიყავი, სახლში მალე რომ დაბრუნებულიყო…” მაგრამ თავის გაქნევით იშორებ ამ აზრებს და ეგუები ფაქტს, რომ მარტოსაც შეგიძლია თავი დააღძიო პანიკურ შეტევებს. ისხამ უშაქრო ნალექიან ყავას და მშვიდად ჯდები მაგიდასთან. ძალიან მალე შეგიყვარდა და ძალიან მალე მიხვდი, რომ შეცდომა დაუშვი. ახლა რომ იხსენებ, ასოციაცია ყოველთვის ცეცხლთან გექმნება. პირველი თვეები ყველაზე ემოციური იყო, დაუსრულებელი ბედნიერებითა და სასიამოვნო მღელვარებით, და გჯეროდა, მთელი გულით, მთელი არსებით გჯეროდა, რომ სწორად იქცეოდი, რომ ეს დაუოკებელი, კონტროლდაკარგული სითბო, სისხლში რომ შეგერია და მასში გაერთიანდა, რაღაც ეიფორიულის მომასწავლებელი იყო. არ შემცდარხარ, იყო ეიფორიაც, მეცხე ცაზე აფრენაც, იქ ფერად-ფერად ღრუბლებში უდარდელად ნავარდობაც. იყო მოპარული კოცნები და დილის თბილი, ძილნარევი ჩახუტებები. იყო საერთო საუზმები, ერთი ჭიქით გაყოფილი ჩაი, დილიდან საღამომდე სიცილში გაფლანგული დღეები. იყო მოციმციმე თვალები, ამწვარი კანი იქ, სადაც მისი ხელი გეხებოდა, დაუოკებელი წყურვილი, კიდევ გეგრძნო, კიდევ ერთხელ, ბოლოჯერ, სამუდამოდ. იყო ეიფორია და იყო ჩრდილი, ძალიან პატარა და ძალიან ჩუმი. ეს ძალიან პატარა და ძალიან ჩუმი ჩრდილი კუთხეში მომლოდინედ იდგა და ელოდებოდა, სანამ ეჭვის თრთოლა არ შეეპარებოდა შენს ღიმილს. და როგორც კი გაიფიქრე, რომ ბედნიერი და აკიაფებული “სამუდამო” არც ისეთი მარადიული შეიძლება ყოფილიყო, სწორედ მაშინ დაიწყო ამ ძალიან პატარა და ძალიან ჩუმმა ჩრდილმა ზრდა. ჯერ თავისი მშობლიური კუთხე დასვარა კვამლისფრით, შემდეგ შენს კუთხეზეც გადმოვიდა. Როგორც გონების დაკარგვისას გილაქავდება მხედველობა, კუთხეებიდან გუგის ცენტრამდე, ისე დაგილაქავდა ჩრდილისფრით მთლიანი სამყარო. შეცდომებს არ იმეორებ, მაგრამ, მათთან ერთად ცხოვრება გიყვარს. ქორწინების მოწმობას ხელს აწერ და საკუთარ თავს უმეორებ, რომ ყველაფერი იდეალური იქნება. ყველაფერი გამოგივა, რადგან გიყვარს. ძალიან გიყვარს და შენ მთელი ცხოვრების მანძილზე გასწავლიდნენ, რომ სიყვარულით ყველანაირი დაუძლებელი პრობლემის დაძლევა არის შესაძლებელი. გულით რომანტიკოსს, ძალიან დიდ ხანს, მრავალი წელი გჯეროდა ამის, ბავშვური აკვიატებითა და გულუბრყვილობით იმეორებდი ერთსა და იმავეს: “ყველაფერი გამოვა, ყველაფერი გამოვა, მიყვარს, მიყვარს, მიყვარს”. ლოცვასავით. დიალოგი: სიჩუმე. წლების მერე, როცა სიტყვა “ქმარი” არასდროს გითქვამს თანაგრძნობის, გვერდში დგომის კონტექსტში და მას უფრო სევდანარევი ბრაზის ჟღერადობა ჰქონდა, მიხვდი, რომ კოსმიურ კანონზომიერებაში რაღაც დარღვეული იყო. როცა საკუთარი შვილებისგან სიტყვა “მამა” ყოველთვის ყვირილით ნათქვამი გესმოდა, ყოველგვარ სიამაყესა და სითბოს მოკლებული, მიხვდი, რომ იქნებ სწორედ შენ დაარღვიე ვარსკვლავებით შეკაზმული ფრთხილი ძაფი. ატყობ, რომ უფრო ხშირად გცივა, და იმასაც ატყობ, რომ ნაკლებად გათბობს გვერდით მეორე სხეულის წოლა. შენი უფროსი შვილი ასაკის მატებასთან ერთად მეტი შემართებითა და დაზუსტებით ლაპარაკობს საცხოვრებლად მარტო გადასვლაზე. Შენი უმცროსი შვილი სახლში მძიმე ნაბიჯის გაგონებისთანავე ოთახში ჩუმად შეიპარება და დილამდე იქ რჩება. თავს მარტო გრძნობ ოთხოთახიანი სახლის უზარმაზარ სივრცეში, როგორც პატარა, ერთუჯრედიანი დაკარგული მოლეკულა. ძალიან გიყვარს საკუთარი შვილები და იცი, სხეულის თითოეული ნაწილაკით გრძნობ, რომ მათაც უყვარხარ, მაგრამ არის რაღაც დაუწერელი, ენით უთქვამი დანაშაული, რომელსაც ვერცერთი მათგანი ვერ გპატიობს. ფიქრის გარეშე იცი, ვერც შენ პატიობ საკუთარ თავს. და აგრძელებ ცხოვრებას ისე, თითქოს მთელი ცა თავზე არ გენგრევა. ახლაც ცხოვრობ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, არსებობ. სუნთქავ, არ კვდები. სხეულში სითბოს მხოლოდ ორი უძვირფასესი შვილი გინარჩუნებს, მაგრად როგორც ყველაფერი, იცი, მათი გაშვებაც მოგიწევს და არ იცი, რას იზამ ამის შემდეგ. ბოლო ამოსუნთქვას ჰგავს ის დღე, როცა ორივე საკუთარ პატარა სამყაროს აიწყობს და მართალია, იმ სამყაროს ნაწილი შენც იქნები, სულში მაინც ყინულივით ცივი შიში გირბენს და საკუთარი თავი გაუსაძლისად გეცოდება. არ გიყვარს ფანჯრიდან ყურება, გარეთ ყველაფერი მოძრაობს, შენ კიდევ კლდესავით გაუნძრევლად დგახარ საკუთარ მძორში და მოწამლულ ჰაერს სუნთქავ. აღარ გიყვარს წიგნების კითხვა, რადგან გრცხვენია და თავი გტკივდება, როდესაც ნათლად ხედავ იმ მტკივნეულ კონტრასტს შენსა და პერსონაჟებს შორის: მამაცი და ლაჩარი. ყველაზე უფრო, არ გიყვარს ძილი. უფრო სწორედ, ძილამდე მისასვლელი პერიოდი. ამ დროს, მისავათებულსა და დაღლილს, ძალა გერთმევა, აღრიალებული სინდისი რკინის სკივრში გამოკეტო და ჩაძინების უსასრულო წუთებს ძალიან მწარედ და, ზოგჯერ, უფრო ხშირად ვიდრე იშვიათად, ცრემლიანად იტან. გიჩნდება სურვილი, ბოლო ხმაზე, იქამდე, სანამ ხმის იოგები არ გაგიწყდება და ხმა არ წაგერთმევა, იყვირო: “მაპატიე! ბოდიში!” მაგრამ არ იცი, ვისთვის მიგიძღვის ვალად პატიება და გეცინება. შემდეგ ტირი, ჩუმად და აუქვითინებლად. სარკეში ყურებისას ბავშვურად გსურს, გაარღვიო ფიზიკის კანონები, შენსა და შენს ანარეკლს შორის არსებული ბარიერი გადალახო და ძალიან ნაზად, ფრთხილად ჩაეხუთო გაოგნებულ იდენტურ ტყუპს. და ყურთან საკუთარ სუნთქვას ჩურჩულით ამოაყოლო: “მე მუდამ მეყვარები, მარადიულად”. სახლიდან გადიხარ. ამჯერად, გასაღები არ მიგაქვს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.