ნუ მიეყრდნობი!
მუსიკის რიტმს აყოლილი ნაბიჯი, გაუგებარი განწყობა, ამღვრეული თვალები, უცხო სევდით დამძიმებული მხრები და სულის ფსკერზე დალექილი გაურკვევლობა... რა მჭირს? ვიცი რაც მჭირს... ვხვდები, ვხვდები და აღიარება არ მინდა, ვცდილობ გავექცე, თითქოს ასე თავს ავარიდებ, თითქოს ასე თავს დავაღწევ, გავურბივარ კიდეც, ოღონდ ეს წრეზე სირბილს უფრო ჰგავს, რამდენადაც შორს არ უნდა გაიქცე, საწყისს მაინც წინ ეფეთები და ისიც მწარედ გილაწუნებს სახეში, ასე დაუსრულებლად. თვალები მეხუჭება, როგორი მოსაბეზრებელია, როგორი მოსაბეზრებლები ხართ, ერთფეროვნები, უიმედოები, მზერაჩამკვდარნი, ნაცრისფერები და გინდათ ყველა თქვენნაირი იყოს, თუ საწინააღმდეგოს ხედავთ მაშინვე უარყოფთ, მაშინვე დევნით... სკამების რიგებს ჩავლილი მერყევი ნაბიჯები და კუთხის მხარეს არჩეული ადგილი, თითქოს მყუდროა, არავინ შეგეხება, არავის შეეხები. მუსიკის რიტმს აყოლილი ცივი თითები, სუსტ მუხლებზე გაუბედავად, რომ ცეკვავენ, ფრთხილობენ, ემოციები ზედმეტად არ გამოხატონ, ვინმემ შეშლილებად არ ჩაგვთვალოსო, იმ ფიქრით გასუსულები. დიდად არ მადარდებს, მაგრამ მზერა მაღიზიანებს, მზერა რომელიც გამოტანილი განაჩენივით გეკიდება გუგების ფსკერზე - შენ გიჟი ხარ! მეღიმება... ვიცი, რომ გიჟი ვარ. გიჟი შენს ენაზე და განსხვავებული ჩემს ენაზე, ისევ მეღიმება. წელში ვსწორდები, მუსიკის ნელ-თბილი რიტმები უკვე სხეულს ედება, ძვლებში მამტვრევს და ცხელ ჟრუანტელს მგვრის, ოღონდ ვერ ვხვდები მტკენს, თუ სიამოვნებას მანიჭებს. რა მნიშვნელობა აქვს... ვგრძნობ მთავარია, გგრძნობ მთავარია... დანარჩენი სისულელეა, ჩემთვის ჰო, შენთვის ალბათ არა. წელში მოხრილი მუხლებს ვეყრდნობი, თითქოს თავიც მემძიმება, იატაკს ვაშტერდები და მუსიკის რიტმში ჩაკარგულ, მეტროს რელსების გაშმაგებულ ღრჭიალს ყურს ვუგდებ, მსიამოვნებს... აგზნებული, ალესილ ნაპერწკლებს უმოწყალოდ ახეთქებს უხეშად შელესილ გვირაბის სხეულს... სხეულს და არა კედლებს... ჩემთვის სხეული შენთვის კედელია, ჩემთვის მეტროს გაბოროტებული ღრიალი, შენთვის უბრალო ხმაურია... ხედავ? ორი სამყარო ვართ, ცალკ-ცალკე და მაინც ერთად არსებული, ერთი ხიდის ორი მხარე, ჩატეხილი ფიცრულებით, ხიდის, რომელიც არავის არსად აკავშირებს, უბრალოდ ბუტაფორიაა და მეტი არაფერი, სხვისი თვალის დასანახად ჩაკიდული დეკორაცია, მიზანს აცდენილი, ფუნქციას მოკლებული, მნიშვნელობაში ჩაბანძებული... სამყაროს სხვანაირად ვხედავ, შენ სხვანაირად გხედავ, საკუთარ თავსაც... იქნებ ამაში თესია ჩემი სიგიჟის მარცვალიც, სულერთია... შენთვის ჩემი ფიქრები მაინც რითმებია, გაუგებარი, უგემოვნო, უხეში მუსიკის მსგავსი. ცივი თითები მუხლებიდან თმებში ინაცვლებენ, სასიამოვნო ჰანგები ძვლებში მლეწავენ, სხეულს ველური ჟინი მილოკავს... და მაინც რისი? რა მინდა ასე ბრმად, ასე აუტანლად? არ ვიცი... ჰო აი ეს ტყუილი, ცეცხლად გართხმული, მიალდება კანზე, ერთი ბოთლი ვისკი თავზე რომ მოიპირქვავო და სანთებელას თითი ჩამოჰკრა, იმ ეფექტით... ცეცხლს მიკიდებს და საკუთარ ცინიზმში მხრუკავს. აღარ მეღიმება, უკვე ვიცინი... ვგრძნობ, გგრძნობ როგორ მაშტერდები, ხომ არ გაშინებ? ჩვენი საუნდრეკი მისამღერზე გადადის, ძარღვებში ადრენალინი მეღვრება, ათბობს, არა... ადუღებს, მერედა როგორ ადუღებს, ღრიალი მინდება! სისხლი ვნებით იქოჩრება და გამოფიტული მოგონებებით ატალახებული, გულისკენ შლეგიანივით მიიწევს, საბოლოოდ უნდა, რომ გააჩეროს, ერთხელ და სამუდამოდ ჩააგდებინოს ხმა, დაადუმოს! მაგრამ პირიქით კი გამოსდის, მის ჯინაზე უფრო ძალუმად იწყებს ფეთქვას, შენც გიკიდებს, მეც მიკიდებს, იმ მიზეზებსაც იკიდებს, ჩვენ შორის დინჯად, რომ სხედან პირამოკერილი მდუმარებით... იცი... მეზიზღებიან, უმიზეზოები არიან და იმიტომ! უსიცოცხლოები, უაზროები, არსებობისთვის გაუგებარნი და მაინც სხედან, ჩვენ ვაძლევთ უფლებას და იმიტომ. სხეულს მორიგი ცხელი ჟრუანტელი უვლის, აი იმ გაუგებარი ემოციების ქარიშხალი წეღან რომ გითხარი და მაინც ვერაფერი გაიგე, ყველა ფიქრს, ემოციას, განცდას, გულში ღრმად ნამარხს, ერთი სულის შებერვით ზედაპირზე ყრის, სახეში მოურიდებლად მაფრქვევს და ირონიულად მიღიმის. როგორ მინდა გაყინულ სიფათში ტაკება შემეძლოს, სხვა თუ არაფერი მომეშვებოდა მაინც... ისევ მინდება ღრიალი, მაგრამ ტუჩებს მონდომებით ვაწებებ ერთმანეთს, გიჟი რომ არ გეგონო, ისევ იმ მიზეზით. ვგრძნობ, მხედველობა მებინდება, თავისუფლებას მონატრებული ცრემლები ზედაპირზე მოჩოჩავენ, წამწამებს ეკიდებიან და ბინძურ იატაკზე ეცემიან, ისე რომ სახის კანს არც კი ეხებიან, მათაც აღარ სურთ მოკარება, ან მე არ მინდა, რომ შემეხონ, გრძნობენ და ისინიც გამირბიან, ისევ მეცინება. ცივი თითებით თვალებს ვიმშრალებ და წელში ვსწორდები, უხეშ საზურგეს მძიმედ ვეყრდნობი, აბსურდით მოწამლულ გონებაში კი ერთი აზრი დაბოდიალობს მიტოვებული კარის ეშმაკივით - საყვარელი მუსიკა... შენში ახლართული რითმებით, ხსნაცაა და წყევლაც... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.