შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგლის ცოლის ჩანაწერები


26-06-2022, 11:03
ნანახია 1 156

მგლის ცოლის ჩანაწერები


სავსე მთვარობისას თხოთის მთის უბეში დავიბადე. მამაჩემი, დუთა, განთქმული იყო თავისი სიმარდით და ვაჟკაცობით. ჩემი ყმაწვილქალობა იქ გავატარე, თხოთის ულამაზეს ხევებში. დედაჩემს ათაშა ერქვა. მისნობა იცოდა დედამ, მისი სახელი მთელ სათხოთეთში გავარდნილიყო. სიზმარს გაკაფული ბალახივით დააწყობდა, დაალაგებდა დღეთა ნუსხაში განბანდა და თვალნათლივ ხედავდა თუ რა მოელოდა მასა და მის ხროვას. მამაჩემს, დუთას დიდი სიყვარულით უყვარდა დედა. თავფარავნობას გაუცვნია ათაშა, წყაროს თავში მთვარის ნალს ულოცავდნენ თურმე მგლის ქალები. ბედის სახელს უთქვამდნენ ჩანჩქერის კამკამა ფსკერზე ოქროსავით მოკაშკაშე მნათობს. იმ ღამეს მამაჩემის მხოლოდ ლანდი დაუნახავს ქალს, რომელიც შავი ღამის ნაბდიდან უცაბედად გადმომხტარა და მოელვარე თვალებით შეჯახებია. მის მერე საუკუნე გავიდა და არ გახუნებულა ჯერაც მათი სიყვარული. ხუთი შვილი გაუჩნდა დედას, მე ნაბოლარა ვიყავ და განსაკუთრებით ვუყვარდი მშობლებს.
ლატევრის წმინდა საბრძანისში ვასკვლავთა აალების ღამეს ათევდნენ ჩემი ბიძაშვილები. ციდან ვარკვლავთა ცვენას ელოდნენ. უკანასკნელი ნადირობის შესაწირავი მოეტანათ ძღვნად. ყელგამოღადრული იდო ქვის სალოცავთან ახლად დაბადებული თეთრი ბატკანი. სისხლის სუნი მადას უძლიერებდა ნადირთ და კბილის კაწკაწით უყურებდნენ მას, მაგრამ ვინ გაბედავდა მიკარებას. ცაზე ფერდსავსე მთვარე გამოჩნდა და მაღლა მთაზე თეთრი მოზვერივით აიზლაზნა. მანამდე უცქერდნენ ჩემი დაყუნცული მოძმენი მთვარეს, სანამ სადედოფლო ტახტრევანზე არ დაბრძანდა და ვერცხლის ზანზალაკები არ აწკრიალდნენ ცაში…. თითქოს მისი ასვლა იყო ნიშანი და დაიწყეს კიდეც ყმული. გადაღმა მთებს გადასწვდა მათი ხმა. იქედან სხვა აულის მგლები გაეპასუხნენ და ერთმანეთს მიულოცეს ახალი წლის შემობრძანება. იჯდა მამაჩემი მაღლა კლდის ქიმზე და თათებდაწყობილი, თავაწეული, ამაყი მზერით უთვალთვალებდა თავის სამფლობელოს. ციდან პირველი თოვლის ფანტელები პირველ ვარსვლავთან ერთად დაეცა მიწას, უწლო ბატკნის თივთიკივით უმწიკვლო იყო თოვლი. დიდხანს და ხმაშეწყობით ყმუოდნენ მგლები, სანამ განთიადის პირველმა სხივმა მტრედისფრად არ შეღება ცის კაბადონი. მიწიდან აზიდულიყო თხოთის მთა უტყვი და მრავლისმთქმელი, როგორც მდუმარებაში გადასული საუკუნის მოწმე.
დედაჩემს საღვთო სიზმარი ენახა იმ ღამეს. არც კი იცოდა, რომ მუცლად მე ვყავდი და სულეთიდან ცხრა პირეთს ყურს ვუგდებდი. როცა დავიბადე ისეთი სუსტი ვყოფილვარ არავის ეგონა, რომ ვიცოცხლებდი. ბერდიას ფარიდან მოპარული კოჭლი თხის რძით მზდიდნენ მგლები. წვეთ- წვეთად მასხამდნენ შავი თხის რძეს ლაშებზე. მალე ისე მოვჯობინდი თურმე მზის გულზე მინდვრად ჩემს ბიძაშვილებსაც კი ვეთამაშებოდი. ჩემი სახელი ლეა თვალთა სილამაზის გამო დამარქვეს, საოცარი, ცისფერი თვალები დამყვა და ამიტომ დედაჩემმა დიდი ბელადის დედოფლობა მიწინასწარმეტყველა. ბედის მისნობა დედაჩემისგან მეც მერგო წილად. ღამღამობით თვალღიას მეძინა, არეული კვამლივით ბორიალობდნენ ჩემს სიზმრებში მოცეკვავე ლანდები. ის ერთი, განსაკუთრებით დიდი და სხარტი გამოეყო ხროვას და ჩემს წინ გაჩნდა. შევკრთი და უცნაურად შევკივლე ძილში. მის მერე ფიქრებში წასული იმ სიზმრისეულ მგელზე ვფიქრობდი, უფრო გუმანით ვგრძნობდი მის არსებობას, მასთან მსგავსებას. რა იყო ეს!?.. რა ძალა ვერ მივხდი. მთვარეს გაშტერებით ვუყურებდი საათობით, ფოთოლთა შრიალი და სიოს სისინი სადღაც მიმაფრენდა ამ მთების იქით. ერთ დღეს, ასე გარინდებული, რომ ვიჯექი ბექობზე, ძალიან მკაფიოდ გავიგონე ახალგაზრდა მგლის ვაჟკაცური შეყმუვლება, თითქოს მთვარემაც გაიმეორა ეს ხმა აისხლიტა ექო და ჩემკენ გადმოისროლა ქამანდივით. მეც უნებურად ბანი მივეცი მას და ერთ ადგილზე გავხევდი მოულოდნელობისაგან თუ სიხარულისაგან. მილიონი წელი, რომ გასულიყო იმ ხმას ათას ხმაში გამოვარჩევდი, ის ღამე არასოდეს დამავიწყდებოდა. გული უცნაური თრთოლვით მიცემდა.-,, ის მოვა, ის, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიდეს,, - ვაიმედებდი ჩემს თავს. და აი, მოვიდა კიდეც. -ისე უცნაურად მოხდა ყველაფერი, ბედის წერა იყო აბა, სხვა რა დავარქვა!...
ლამაზი ვიყავი, ყველას ჩემზე ფიქრი შეყროდა. ყველა ჩემს ცოლობაზე ოცნებობდა. მამაჩემმა დუთამ ამომირჩია საქმრო. ჩვენი აულიდან იყო მორდე. სახელგანთქმული, ბრძოლებში გამოწრთვნილი მამაჩემის მარჯვენა ხელი და ერთგული მეომარი. მე, რა მეთქმოდა. ოცნება გულში ჩავიკალი, ბოლოს და ბოლოს ოცნება იყო და მეტი არაფერი!.. ვიფიქრე, ალბათ ესეც სიზმარი იყო თქო!..ერთი ვიცოდი, რომ მორდე არასოდეს მეყვარებოდა. რაღაც სხვა მჭამდა , სხვა და ამოუცნობი, რომელსაც ვერავის და ვერაფერს ვერ გავუმხელდი. აბა, რა მეთქვა, რაც არ ყოფილა არასოდეს!...
დათქვეს კიდეც ჩვენი ნიშნობის დღე. დიდი ქარაფის ძირში შეიკრიბნენ თანამოძმენი. საგანგებოდ მომრთეს და მომკაზმეს. თავზე ველის შროშანთა გვირგვინი მედგა, ბეწვი ვერცხლისფრად მიბზინავდა, ბრჭყალები ალესილ ხმალს მიმიგავდა. ამაყად წარვსდექი მგელების წინაშე. მე ბელადის ქალიშვილი ვიყავი და არავის უნდა შეემჩნია თვალებში ჩაბუდებული ფარული სევდა. გულს ბაგა- ბუგი გაუდიოდა, თავრეტი მეხვეოდა. და აი, დადგა ჟამი ჩვენი დაწინდვისა. მამაჩემმა ნაბიჯი წინ წადგა და სიტყვა დაიწყო. როცა იმ ადგილას მივიდა, ჩვენი სახელები, რომ უნდა წარმოეთქვა და ნიშნობის ამბავი გამოეცხადებინა, რატომღაც თვალები დავხუჭე და მზის ბრდღვიალა დისკოს მივუშვირე სახე. თითქოს სიკვდილ- სიცოცხლის მიჯნაზე ვიყავი და შეგუებული ვხვდებოდი ბედისწერას. უცებ, რაღაც ჩოჩქოლი ატყდა, წრე გაირღვა და ყველა მათკენ მომავალ, წარმოსადეგ მგელს მიაშტერდა. მეცნო და არც მეცნო იგი. ისინი კი მაშინვე მიხვდნენ ვინც იყო. ყველასათვის სახელგანთქმელი გოდე, რომელსაც ტოლს ვერავინ უდებდა ვერაფერში. მთელი სხეული დამეჭიმა გოდემ ნაბიჯი წინ წადგა და მამაჩემს სიტყვა შებედა.
-პირველ რიგში სალამი მომიხსენებია ჩემი ძმებისათვის! - დაიწყო გოდემ. მისი ხმა თითქოს სადღაც გამეგონა. ადგილზე გავხევდი. გულმა რეჩხი მიყო. ის არის, ის!.... გავიფიქრე გონებაში.
-რა ამბით მოხვედი გოდე? - ხმაში სიბრაზე გარეულმა ჰკითხა მამაჩემმა. დღეს ჩემი ქალიშვილის ნიშნობა გვაქვს, შენ კი სიტყვა გამაწყვეტინე, ეს რა წესია.
-დიდი ხანი არ გახლდით სოფლად დიდო ბელადო, თორემ ეს საქმე აქამდე არ მივიდოდა. საალაფოდ ვიყავ წასული. დღეს კი გავიდე, რომ ნიშნობა გქონიათ. სწორედ, ამის გამო გეახელით, ეს ნიშნობა არ უნდა შედგეს.
- რას ამბობ ყმაწყვილო? - კბილები გააღრჭიალა მამაჩემმა.
იმას ვამბობ, რომ ეს ქალი მე მეკუთვნის. ამ ქალს ჩემი ნიშანი დაბადებიდან დაჰყვა. შეხედეთ შუბლზე გამოსახულ ვასკვლავს!.... მიანიშნა გოდემ ჩემს თანდაყოლილ ნიშანზე,
-ასეთივე ნიშანი მეც მაქვს! -თავი დახარა გოდემ და შუბლზე გამოსახული ვერცხისლფერი ანაბეჭდი უჩვენა დამსწრეთ. ჩვენ არასოდეს გვინახავს ერთმანეთი , მაგრამ ჩვენი გულები ცნობდნენ ერთმანეთს
-ეს ქალი ჩემი ბედია და აქ ბეჭედი დასმულია.
მამაჩემი დაიბნა, არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. მაშინ დედაჩემმა ჩამოართვა სიტყვა, მიხვდა ყველაფერს, ან მას რა გამოეპარებოდა. ნაბიჯი გადმოდგა, ხელი წამავლო და გოდეს გვერდით დამაყენა.
-ნამდვილად უტყუარი ნიშანია ხალხო!.. ეს ორი წყვილი ერთმანეთისთვის შეუქმნია განგებას. ჩვენ რა ხელი გვაქვს ღმერთის ნებასთან. - უთხრა მან მამაჩემს.
-ყველაფერი ნათელი იყო მაგრამ მამაჩემს სიტყვა ქონდა ნათქვამი და ბელადის სიტყვას ასე ადვილად ვერ გადავიდოდა.
-ჩემი არჩეულია მორდე, თუმცა როგორც ჩანს ვიჩქარე! მეც უბრალო მოკვდავი ვარ. ღმერთის ნება იყოს ყოველივე. უნდა იბრძოლოთ, გამარჯვებულს დარჩება ჩემი მშვენიერი ქალიშვილი ლეა. ეს იყოს ნიშანი ბედისწერისა. ახმაურდნენ მგელები, ყიჟინა და შეძახილები მორთეს.
- ქალს ასე არ გაგატანთ, უნდა იბრძოლოს გოდემ და მორდემ.
- იყოს ბრძოლა ! -- თქვა გოდემ და უკან დაიხია რამდენიმე ნაბიჯით.

მგლებმა წრე შეკრეს. გოდე და მორდე შუა გულში მოექცნენ. ერთმანეთს კბილები დაუღრჭიალეს, თვალები ააელვარეს, ცეცხლი იფრქვეოდა თითქოს. მიწას პოტნიდნენ ფეხებით და ბრჭყალებით. მზად იყვნენ ერთმანეთი გაეგლიჯათ, კბილებით ყელი გამოეღადრათ. მორდეს თავმოყვარეობა ჰქონდა შელახული, იმდენად ჩემი დაკარგვა არ ადარდებდა რამდენადაც სახელი. ეს ბრძოლა არ უნდა დაეთმო, თორემ აბა, რაღა აზრი ექნებოდა მის სოცოცხლეს. არ ცხრებოდა მგლების ყიჟინა და შეძახილი. გოდე მარტო იყო და არავინ ამხნევებდა, მხოლოდ მე მიცემდა გული იმგვარად, რომ მას ესმოდა ჩემი გულის ცემა. გოდე და მორდე სამკვდრო სასიცოცხლოდ შეებნენ. დაუნდობლად კაწრავდნენ, ფხაჭნიდნენ ერთურთს. ორივე ვაჟკაცი იყო, ძლიერი და შეუპოვარი. გოდე სხარტი იყო, მორდე უფრო ტლანქი და მსხვილი ტანისა. გოდე სიმარდეში ჯობნიდა. ხან ზემოდან მოექცეოდა მოწინააღმდეგეს, ხან ქვემოდან მოუდგებოდა. ასე ციბრუტივით ბზრიალებდნენ კარგა ხანს რეტდასხმულები. უცებ, გოდემ დრო იხელთა და მოწინააღმდეგეს კბილებით სწვდა ყელში. ორივენი სისხლით შეიღებდნენ. რუხი მგლის ბუნდღის აივსო მინდორი. აშკარა იყო გოდეს გამარჯვება. მორდე იწვდა ხმა გაკმენდილი და სიმწრისაგან დადუმებული და ცალი ხელით კისრის გადახსნილი ძარღვები ეჭირა.
- საკმარისია, საკმარისი! - გააჩერა მოწინააღმდეგეები მამაჩემმა. რადგანაც მიხვდა ეს კარგად არ დამთავრდებოდა. მერე კი გოდეს თავზე ხელი დაადო, ახლოს მიმიყვანა და გვერდით დამაყენა დაბნეული და ბედნიერი.
-შენი ბედი ყოფილა ეს კაცი. დამილოცნიხართ ორივენი, იხარეთ და იბედნიერეთ, გამრავდლით და ასახელეთ თქვენი მოდგმა!.. ჩემი შვილი შენნაირი ვაჟკაცის ღირსია. გიყვარდეთ ერთმანეთი უკუნითი უკუნისამდე სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ! - დაგვლოცა მამაჩემმა.
- ამინ! - გაიმეორა მთელმა სამგლეთმა.
- ამინ! - გავიმეორეთ ჩვენც!....
- ამინ! - გაიმეორეს უზარმაზარმა მთებაც.
ხმის ექო გადაღმა მწვერვალებს გასცდა და ცამზე აიტანა ჩემი და გოდეს სიყვარულისა და ნიშნობის ამბავი.
მის მერე წლები გავიდა. ჩემი გოდე სანაქებო ქმარი გამოდგა. სულში ვუძვრებოდით ერთმანეთს. ბელადი იყო ჩემი ქმარი. აულის წინამძღოლი და შეუპოვარი მეომარი. მე კი დედოფლობას ვიხდენდი თობრის ხეობაში. ჩემი ქმარი მგელია, დილას აბჯარასხმული მიდის და საღამო ხანს სისხლიანი ლაშებით ბრუნდება. მოვა, წინ დამილაგებს ნანადირევს, როგორც ძვირფას ძღვენს. მე ვიცი რა ძნელია იყო მგელი და სათნოებას და დიდ სიყვარულს ატარებდე გულში. როცა ბრუნდება შუბლიდან თხმელის ფოთლებით ოფლს ვწმენდ და დაგლეჯილ ფეხებს სამყურისა და არჯაკელის ფესვებით ვუამებ.
გადაიარეს წლებმა როგორც ცას შეფენილმა რუხმა ღრუბლებმა. სამოცი წელი ვიცხოვრეთ ერთად, სამოცი ზამთარ -ზაფხული. რამდენი ცხვარ-ძროხა, რამდენი ხარ- კამეში წამოაქცია ჩემმა გოდემ არ მახსოვს. ბედნიერი ქალი დავბერდი, ბედნიერი და მადლობელი ვარ ამისთვის უფალო!... ერთ დღეს კი, როცა შემოდგომა დადგა ჩვენს სოფელში და ლაინისფერი ჩაიცვა მიწამ. მე და გოდე იმ ბედგამწყრალ მწვანეთვალება კაცს შევეჩეხეთ. გოდემ შეხედა თუ არა გახევდა ადგილზე. თითქოს რამე ავსულს გადაეყარა. კაცი სხვაც ბევრი მინახავს. კლდის წვერიდან ან ბუჩქნარიდან ბევჯერ გვითვალთვალია ადამიანისათვის. უყურებდა გოდე და მკერდი უცნაურად უელავდა.
-ეს კაცი ჩემი მტერიცაა და მოყვარეცო!- თქვა ბოლოს. ლუკა ერქვა იმ კაცს, ახალი ჩამოსული იყო იმ ადგილებში, ეტყობოდა ვაჟკაცობა და სიჩაუქე . ისე მიაგელვებდა ცხენს მტვრის კორიანტელი ცას სწვდებოდა სიცხისაგან აალებული მიწიდან.
-გოდე მის მერე კვალში ედგა ლუკას. თითქოს რაღაცას ემალებოდა ჩემი მეუღლე, რაღაცას უფრთხოდა. ერთხელ კი უკანასკნელი ნადირობიდან დაბრუნებულს უგუნებობა შევატყე ჩემს ბებერს. ხმას არ იღებდა . მხოლოდ მთის წვერზე ატოტებულ მთვარეს შესჩერებოდა, თითქოს იქ ელოდა პასუხს. ბოლოს, როგორც იქნა მითხრა.
-,,დრო მოვიდა ჩემო მეუღლევ, უნდა დავტოვო აული უნდა გავერიდო ჩემს მოდგმას. ჩემს სიბერეს და სისუსტეს მე ვერავის დავანახებო . შენ აქ დარჩი, დედა ხარ და ყველასთან ამაგი გაქვს, რომ მაძღარი სიბერე გქონდესო,,.
ველოდი ოდესღაც ამ დღეს არ გამკვირვებია მისი სიტყვები. ორივეს ცრემლი მოგვაგდა თვალს . ის ღამე ერთად გავათენეთ კისერგადაგრეხილებმა და ერთმანეთის სუნვა-სუნვაში.
მერე კი წავიდა ჩემი გოდე. წავიდა და მე მის მეტი აღარ მინახავს. მხოლოდ უკანასკნელად მოვკარი თვალი, როცა სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ ერთმანეთს კაცი და მგელი. ისიც კარგად დავინახე, როგორ გაუთხარა საფლავი ლუკამ და ვაჟკაცივით მიაბარა მიწას, როგორც სახელოვანი მეომარი. მარტო რომ დავრჩი მივედი და დიდხანს ვიტირე მგლური ხმით. მთები ლღვებოდნენ ჩემი ცრემლების მდუღარებით. მთვარე ხედავდა ჩემს წუხილს. თათებით ვფხოჭნე მის გულზე დაყრილი ცივი მიწა მაგრამ ისე ღრმა იყო, ისე დიდი მისი საფლავი მართლა კაცივით დაუფლავს იმ ჩემი ცოდით სავსეს ჩემი გოდე.
ახლა, შუაღამის პირია და აქაფებული მდინარის ხმა ჩემს ყურამდე აღწევს, სიკვდილი მოდის, როგორც მოპარული სატრფოს კოცნა და სხეულში მიძვრება. მეც მიწა ვიყავ და მიწას ვეკონები, სადაც შენი უკანასკნელი სუნთქვა გაჩერდა!... არ აქვს მარადისობას დასასრული, როგორც ჩვენს სიყვარულს არ ექნება!..

სალომე გოგოლაძე



№1  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

მეორედ ვკითხულობ. მიხარია,რომ ჩვენთან მოხვედი სალო♡ აქ ძალიან თბილი მკითხველია,სიყვარულის საბადოა ეს საიტი♡ წარმატებები ნიჭიერო♡

 


№2  offline წევრი 《Sunshine》

სიტყვები არ მყოფნის ისეთი კარგია,ისეთი დახვეწილი ვგიჟდები ფენტეზი ჟანრზე და მითუმეტეს მაქციებზე ისტორიები მიყვარს სამწუხაროდ ჩვენ საიტზე ასეთი ჟანრების დეფიციტია შენმა ნაშრომა მომიკლა დაგროვილი წყურვილი ასე ვთქვათ კარგი იქნებოდა თუ სამომავლოდ არა ჩანახატს არამედ ისტორიას თუ შემოგვთავაზებდი გპირდები ერთგული მკითხველს შეიძენ ჩი სახით მადლობა და წარმატებები

 


ძალიან დიდი მადლობა, ჯერ ახალი ვარ თქვენს გვერდზე, დროთა განმავლობაში შემოგთავაზებთ ჩემს სხვა ნაწარმოებებსაც.. როგორც პროზას ასევე პოეზიას!

უღრმესი მადლობა!

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიამი

კარგი იყო ძალიან

 


№5  offline ახალბედა მწერალი K. I.

საინტერესოდ წერთ. მიხარია, რომ საიტს ასეთი მწერალი შეემატა. წარმატებები! heart_eyes
--------------------
When nothing goes right, go left!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent