ქალაქის ცაცხვებმა იცოდნენ
ამასწინად ერთერთ პროვინციულ ქალაქში მეგობართან სტუმრად ჩავედი. ინსტიტუტში ერთად ვსწავლობდით. ვიცოდი, რომ მისი ქართველობის და კუთხის კუთვნილობის მიზეზით გემრიელი სუფრა არ ამცდებოდა. გემრიელი - გაშლილი, ხმატკბილი და გულისა და სულის მაამებელი სიმღერებით. იმ კუთხეში ხომ ყველა თუარა, ყოველი მეორე მაინც მღერის. მართლაც ძალიან ვისიამოვნე, იმგვარად რომ ჩემი ემოციების სისავსემ გადამაწყვეტინა უკვე გვიან ღამით, ქალაქში გამესეირნა. ცაცხვებით დაბურულ ქუჩას მივუყვებოდი. მიუხედავად ნაშაუღამევისა და ცარიელი ქუჩისა, მაინც მივიხედ-მოვიხედე და, მე ბეჩავი, სიმღერისთვის ყოვლად გამოუსედაგარი ჩემი ხმითა და სმენით, მაინც ძალიან ხმადაბლა, სუფრის რეპერტუარის გამეორებას ვცდილობდი. ცაცხვები უხვად შეფოთლილიყვნენ და ამ მიზეზით ლამპიონების ნათება ტოტებს შორის ციცინათელებივით მოჩანდნენ. მაისის თბილი ღამე უხდებოდა ლამაზ კოხტა ქალაქს. სადღაც შორიდან მონოტონური ხმა შემომესმა. მეეზოვე ქუჩას გვიდა. უცნაურად მომეჩვენა, რადგან, ამგვარი ხმები ჩემს ქალაქში უფრო გათენებისას მესმის. ცოტახანში, როდესაც მანძილი ჩემსა და მეეზოვეს შორის საგრძნობლად შემცირდა, დავინახე საოცრად პატარა ტანის ადამიანი. ამ მანძილიდან ვერ დავადგინე ქალი იყო, თუ მამაკაცი. უფრო მეტად მიახლოვებისას რაღაც ნაცნობი ღიღინი ჩამესმა. უფრო მეტად დავძაბე სმენა და ღმერთო! მოხუცი მეეზოვე ქალი ვიოლეტას პარტიას ასრულებდა უკვდავი ,,ტრავიატა,,-დან! მერე ქალმა მე შემამჩნია და სიმღერა შეწყვიტა. ახლოს მივედი, მივესალმე და ყოველგვარი შესავალის გარეშე, პირდაპირ ვუთხარი: - თქვენ იცით რომ იშვიათ ხმაზე მღეროდით? - მე კი ვიცი, როგორ არვიცი, მაგრამ თქვენ ასე კარგად ერკვევით ამ დარგში? - დიდად არა, მაგრამ იმდენად კი რომ კოლორატურა ამოვიცნო. - გეტყობათ, აქაური არ ბრძანდებით. - არა. მალხაზი მქვია. - მე კატო ვარ. თქვენთვის ალბათ დეიდა. - ვფიქრობ, არა. - მაშინ კატო დამიძახეთ. ასეთი დაახლოვების შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი და შეკითხვა შეკითხვაზე დავაყარე. სადმე თუ მღეროდა, ამ განხრით თუ სწავლობდა, სხვა არიები თუ იცოდა სხვა ოპერიდან. მივყვებოდი კატოს, თავის ამბავს რომ მიყვებოდა და მის ჩია აღნაგობასთან შედარებით უზარმაზარი ცოცხის ასფალტზე მოსმის ხმები ხელს ვერ გვიშლიდა. ძალიან რთული ბედის ყოფილა კატო. ბავშვთა სახლში გაზრდილა. არც დედა იცის, არც მამა. უშნო დავიბადე და მერე რაღა გამომაკეთებდაო. სახე მამაკაცისო. ფეხები რკალისებურიო. თაგვივით პატარაო. ბავშვობაში დიდხანს ყველას ბიჭი ვეგონეო, აბა როგორ გავამხელდი გოგო რომ ვიყავიო, მაგრამ აბა როგორ დავმალავდიო. ბავშვთა სახლის აღსაზრდელები მახინჯს მეძახდნენო. რამდენჯერ მინდოდა ტირილიო, მაგრამ ამ დროს გული ღიღინს იწყებდაო. თექვსმეტი წლისამ დავტოვე იქაურობაო და, აგე, უკვე ორმოცდათხუთმეტი წელია ქუჩებს ვგვიო. ერთ მარტოხელა მოხუცს ვუვლიდი და ქალაქის განაპირას სახლი იმან დამიტოვაო. მხოლოდ მან იცოდა რომ ვმღეროდიო. მეუბნებოდა უნიჭიერესი გოგო ხარო. ოცდაათს რომ გადავაბიჯე ფიქრი შვილის გაჩენაზე დავიწყეო. ერთი რაღაც ჩავიფიქრე და ფულის შეგროვება გადავწყვიტეო. რაც არ მჭირდებოდა ყველაფერი გავყიდეო და ზედ მიწის ნაკვეთიც მივაყოლე ჩემმა მოხუცმა რომ დამიტოვაო. შვიდი ათასი მანეთი უკვე მქონდა და ერთ დღესაც ქალაქში ყველაზე ლამაზ კაცს სამსახურში მივაკითხე და ვუთხარი შენთან სალაპარაკო მაქვსთქო. ისეთი რამ ვუთხარი რომ მოულოდნელობისგან დაიბნა და ჩაფიქრდაო. ვუთხარი, ვიცი რომ ძალიან უშნო ვარ, მაგრამ პატიოსანი ქალი ვარ. ეს ჩემი ბედია და ამას შეგუებული ვარ, მაგრამ შვილი მინდა გავაჩინო და მამა შენ უნდა იყოო. შვიდი ათასი შეგროვილი მაქვს და სულმთლიანად შენი იყოს-მეთქი. პირობა მივეცი რომ ამ ამბავს ვერავინ ვერასოდეს გაიგებდაო. დიდხანს არ უფიქრია, მომიბრუნდა, შემომანათა თავისი დიდრონი შავი თვალები, გამიღიმა და მითხრა ფული არ მინდაო. ზეგ დილით ჩემი მანქანით ქალაქიდან გავდივარ და აქადააქ დამხვდიო. გიკვირთ ალბათ ხომ ეს ქალი რაებს მიყვებაო? არვიცი რატომ, მაგრამ მინდა რომ ეს თქვენ იცოდეთო. უცნაური იყო ყოველივე ეს. ვინმეს თუნდაც მხოლოდ ეს ეპიზოდი რომ მოეთხრო იმ ღამის ამბიდან ძნელად დავიჯერებდი. გოგონა შესძენია კატოს. მამას დამსგავსებია. ულამაზესი გაიზრდილა. კატო უბედნიერესი იყო. ცხოვრებას აზრი მიეცაო. მერე კი... - ზამთრის იმ ღამეს, როდესაც სახლიდან ქუჩების თოვლისგან გასაწმენდად გამოვედი პირველად გავიფიქრე მოდი დღეს არ გავალ-მეთქი. გულს არ დავუჯერე და ჩემი მზეთუნახავი სახლთანერთად დაიწვა. ასე თქვეს ელექტროგაყვანილობას მოეკიდა ცეცხლიო. თხუთმეტი წლის იყო. ტკივილზე არაფერს ვამბობ, ფიქრმა შემარყია, ფიქრმა, ვერაფრით ავხსენი ეს საშინელება რატომ უნდა დამმართნოდა. ოცდათექვსმეტი წელი გავიდა. - თქვენ რა გქვიათ? მკითხა მოულოდნელად. - ჰო, ჰო, მალხაზი. დაგამძიმეთ, მალხაზ? - თუ გსურთ ისაუბრეთ, მე მოგისმენთ. - იცით, რა? იმ შესახვევამდე უნდა დავასუფთავო, რაღა დარჩა. მერე ჩემთან გეპატიჟებით. თქვენთვის წარმოდგენა უნდა გავმართო. - სიამოვნებით. მობილრზე მასპინძელი მეგობრის ნომერი ავკრიფე და ვუთხარი რომ ამაღამ არ დამლოდებოდა. გაუკვირდა, მაგრამ კარგიო. რამდენიმე ოთახი და ერთი მიშენება ჰქონდა კატოს პატარა სახლს. ჯერ ჩაით გამიმასპინლდა. მერე იმ მიშენებაში შემიპატიჟა და შუქი აანთო. პატარა ოთახის კედლები სულ დაფარული იყო სხვადასხვა ფერის სქელი ნაჭრებით. ალაგ-ალაგ ქეჩის ნაგლეჯებიც შევამჩნიე. ჩემს მოპირდაპირედ, კედელზე მარია კალასის ფოტო ეკიდა. კატომ ერთი სკამი კართან ახლოს დამიდგა და მთხოვა დავმჯდარიყავი. თითონ კარი გამოიხურა, რომელიც ასევე ნაჭრებით იყო დაფარული, მითხრა აქედან ხმა არ გადისო. ახლაღა მივხვდი ნაჭრების დანიშნულებას. მერე ჩემს წინ დადგა და მთელი სერიოზულობით გამოაცხდა: - ვერდი. ნაბუქო. და მე თავი სიზმარში მეგონა. მერე იყო ,,ჟანა დ'არკი,, მერე ,,აიდა,, ვაგნერი, მოცარტი, როსინი. ჩემს წინ მოხუცი უშნო ქალი თანდათან ისე გამშვენიერდა რომ მეგონა საქმე რაღაც ჯადოსნურ ხრიკთან მქონდა. არც ყურებს ვუჯერებდი და არც თვალებს. დილისკენ მოვეგე გონს და ვთხოვე რომ იქნებ კიდევ ერთი პარტია შეესრულებინა და მე ტელეფონზე ჩავიწერდი. მობილური ვერ ჩავრთე. ბატარეა დამჯდარიყო. წამოსვლისხანს გულში ჩავიკარი. დიდხანს არ გავუშვი. მე ვტიროდი. კატო არა. გავიფიქრე, აუცილებლად ისევ ჩამოვიდოდი და ამ უცნაურ, უნიჭიერს ადამიანზე სიუჟეტს მოვამზადებდი. დავპირდი კიდევაც. -ეგ არ მოხდებაო, - მითხრა. -როგორ არ მოხდება-მეთქი, აუცილებლად ჩამოვალ-მეთქი. - ღმერთმა მხოლოდ ჩემთვის მომცა ეს ხმა. ჩემთვის და ჩემი ქუჩის ცაცხვებისთვის. ეს უკვე ბედია. ალბათ კიდევ იმისთვის რომ, შენ, მხოლოდ ერთ ადამიანს გცოდნოდა. გული სულაც არ მწყდება. ჩემი ბედის ქალს, აბა, ასეთ რამეზე როგორ უნდა დასწყდეს გული? თუმცა ზოგჯერ არც უმაგისობაა. კატო მართალი აღმოჩნდა. იმ ქალაქში სიუჟეტის გასაკეთებლად რომ ჩავედი ერთი კვირის დასაფლავებული იყო. საფლავზე გავედი. დიდხანს ვიჯექი. არ მიცდია კატოს ფენომენის ამოხსნა, რადგან ეს მხოლოდ მან იცოდა ვინაც ასეთი ბედი არგუნა და უნიკალური ხმა უბოძა, მხოლოდ პროვინციული ქალაქის ცაცხვებმა, კატოს მოხუცმა და მე რომ ვიცოდი. მერაბ ჩხაიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.