შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოობის შიში


10-11-2022, 23:01
ავტორი Baab13
ნანახია 1 125

ალბათ, მიტოვებაზე რთული, მიტოვების გადაწყვეტილების მიღებაა.
იმის გაცნობიერება, რომ რაღაც მორჩა. დამთავრდა.
კი არ დამთავრდა, შენ ამთავრებ და მხოლოდ შენსას კი არა, იმ ადამიანის ცხოვრებასაც ცვლი, აქამდე მუდამ გვერდით რომ გედგა.
ალბათ, გეშინია კიდეც. გეშინია, ამით იმაზე დიდი შეცდომა არ დაუშვა, რის არიდებასაც ცდილობ სინამდვილეში.
და საერთოდ არ ხარ დარწმუნებული გადაწყვეტილების სისწორეში.
ტოვებ და სხვისთვის თუ დამნაშავე გამოდიხარ, საკუთარ თავთან მსხვერპლის როლსაც ითავსებ.
ვერ აღმოჩნდი საკმარისად ძლიერი.
ვერ გადალახე.
ვერ გაუძელი...

იმის გაცნობიერება კი, რომ მიგატოვეს, მოგიშორეს, რაღაცის გამო გვერდით გადაგდეს, ღალატზე უფრო მტკივნეულია.
შეიძლება, ღალატი აპატიო. საკუთარი თავის გადალახვა დაგჭირდეს, პრინციპების დათმობა, საერთოდ ყველაფრის დავიწყება, თავმოყვარეობის სანაგვეზე მოსროლა, მაგრამ მაინც აპატიო.
მიხვდე, რომ მის გარეშე ყოფნა ღალატზე მეტად გტკენს და ჩაყლაპო...

უსიყვარულობასაც მოუხერხებ რამეს. იფიქრებ, რომ გრძნობა გაქრა, განელდა, სხვამ ჩაგანაცვლა.
იფიქრებ, რომ სადღაც შენი ბრალიც იყო.
ათას მიზეზს მოიფიქრებ და ამასაც გადალახავ. დავიწყებასაც შეძლებ. საკუთარ თავს შემოუძახებ, რომ არ უნდა გიყვარდეს ის, ვისაც არ უყვარხარ. არ უნდა დაიმცირო თავი ასე.

მიტოვებისას კი... მიტოვებისას ხვდები, რომ უყვარდი, მაგრამ არა საკმარისად საიმისოდ, გვერდით რომ ჰყოლოდი.
უყვარდი, მაგრამ დათმობაც შეეძლო. საკუთარი ხელით მოშორება.
უყვარდი, მაგრამ მიგატოვა.
და არაფერს აქვს მნიშვნელობა.
ხვდები, რომ ერთ დღესაც, რომ ადგე, მიხვიდე საყვარელ ადამიანთან, თვალი თვალში გაუყარო და უთხრა, ვკვდებიო, სინანულის მეტს ვერაფერს მიიღებ მისგან.
შეეცოდებოდი. შენც და საკუთარი თავიც.
ინანებს ჩადენილს.
სინდისის ქენჯნაც დატანჯავს და იმაზე ფიქრიც, რა იქნებოდა, სხვანაიარად რომ მოქცეულიყო.
შეიძლება, დაგიბრუნდეს კიდეც.
შენს სასთუმალთანაც გაათიოს ღამეები. მოგიაროს ავადმყოფს და ცხოვრების ბოლო დღეებიც გაგილამაზოს.
მაგრამ, ის მაინც არ იქნება, რისი დანახვაც გენდომება.
არც ერთი წამით არ იქნება შიში.
შენი დაკარგვის გარდაუვალობის შიში.
შიში უშენოდ დარჩენის.
შიში, რომ ვეღარასდროს გნახავს.
შიში, რომ იმ სამყაროში მოუწევს სუნთქვის გაგრძელება, ცხოვრება, ნაბიჯების გადადგმა, საქმიანი შეხვედრების ჩატარება, მეგობრების ნახვა, სადაც შენ აღარ იქნები.
შიში, რომ ვეღარავიში იპოვის შენს მზერას...

ალბათ, მიტოვებაზე რთული, მიტოვების გადაწყვეტილების მიღებაა, ამ ყველაფერზე საშინელი კი, იმის გაცნობიერება, რომ მიგატოვეს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent