შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფუფა


15-02-2023, 07:35
ავტორი ვე რა
ნანახია 7 723

ფუფა

ფუფა კარგი გოგოა, თუ არ გააბრაზებ. თუ გააბრაზებ ქვებს ისვრის . ფუფას ბავშვები უყვარს. მაგრამ თან სძულს კიდეც. უყვარს იმიტომ რომ მათი მხიარული თამაშები ახალისებს, სძულს იმიტომ რომ გუნდად დასდევენ და აწვალებენ.
ფუფას ზამთარ _ზაფხულ ბევრი რამ აცვია. ისე ბევრი რომ ვერ გაიგებ გამხდარია თუ მსუქანი. უამრავი ფერადი სამოსი ერთმანეთზე აქვს გადაცმული. მოსიარულე კარადას ჰგავს. დიდი ჯიბეები უყვარს ფუფას, ათასი გამოუსადეგარი ნივთი უყრია ჯიბეებში.მოდის და მოარაჩხუნებს ამ სიმდიდრეს და ბედნიერია.
თუმცა საოცრად სევდიანი თვალები აქვს ფუფას, რომ იცინის მაშინაც არ შორდება სევდა თვალებიდან.
იცის რომ გიჟია.
იცის იმიტომ რომ ბევრჯერ გააგონეს. ის არ იცის თუ რას ნიშნავს გიჟი,მაგრამ ის იცის, რომ უნდა სცხვენოდეს. ამიტომ როცა ეძახი მოდი ფუფავ დაისვენეო, სკამის შორეულ კუთხეში ჯდება.
რომ არ შეგაწუხოს.
ცოტა კმარა ფუფას სიხარულისთვის, მაგალითად ცხელი ლობიანის ნაჭერი, უფ მიყვარსო ! იტყვის და მადლობას დაამატებს.
კიდევ გამონაცვალი ბოტასი, ამით რაიონში წავალო! იტყვის და მადლობა არ დაავიწყდება.
კიდევ რკინის ოქროსფერი ორლარიანი. სხვებს არ გავხარ ყვითელი გემეტებაო და იმ განძთსაცავ ჯიბეში ჩაირაჩხუნებს.
ღიმილი და მოკითხვაც კმარა ფუფასთვის,, კარგი გოგო ხარ შენო! გეტყვის და გაგიღიმებს.
ბევრს დადის ფუფა , კილომეტრებს გადის ფეხით და მგონი არც იღლება. ყველა იცნობს ფუფას. ზოგი ადამიანადაც არ აგდებს მას, რას იზავ ყველას ხომ ვერ მოსთხოვ ადამიანობას?!
თითქოს უჩინარია ფუფა, მაგრამ საკმარისია რაღაც ხნით არ გამოჩნდეს, მაშინვე იკითხავ: სადაა ცოცხალიაო?
ფუფა რომ ასეთი არ იყოს, ნეტა ვინ იქნებოდა?
ფუფა რომ ასეთი არ იყოს, ნეტა რამდენი შვილი ეყოლებოდა?
ფუფა რომ ასეთი არ იყოს, ნეტა როგორ მოექცეოდა სხვა ფუფას?
ფუფა რომ ასეთი არ იყოს , ფუფა კი არა მარია ერქმეოდა, რადგან ასე დაარქვა დედამ!
მაგრამ ახლა ფუფაა!
ფუფალა კი არაა, მხოლოდ ფუფაა!
ნეტავ მარია რომ დაუძახო თუ გაგონებს?
მიდის ფუფა და წინ უზარმაზარი მზეა.
მიდის და თითქოს მზეს მიჰყვება. მიდის და აღარ სჩანს ,თითქოს მზეში უჩინარდება!
არ მინდა რომ გაუჩინარდეს.
ფუფაა! ვეძახი ხმამაღლა. ფუფაა! ფუფაა! მარია! მაგრამ უკვე გვიანია მისთვის მარიას დაძახება.
მთელმა სოფელმა დააჯერა, რომ ფუფაა!
მინდა დიდხანს იაროს ფუფამ ჩემი სახლის წინ და მისალმებისას მითხრას , რომ მე კარგი გოგო ვარ! რადგან მხოლოდ ფუფაა გულწრფელი ამ სამყაროში. იმდენად გულწრფელი , რომ ღმერთს აგონებს თავის ხმას!
იმდენად გულწრფელი, რომ ღმერთთან მეგობრობს!

თქვენ გესმით რამხელა სასწაულია?
ქუჩაში, შენი სახლის, წინ ღმერთის მეგობარი რომ გესალმება?!

ვე რა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent