შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი თვალები


12-03-2023, 12:37
ავტორი ვე რა
ნანახია 1 190

ლურჯი თვალები

ჩვეული დილა გათენდა, ხალასი, ნათელი , ახალი იმედებით სავსე. ხელ_ პირის დასაბანად ეზოში გამოვედი. დილით ყოველთვის ეზოში ვიბან პირს, რადგან ბებიამ შემაჩვია ამ უცნაურ რიტუალს. მეუბნება, რომ სისხამ დილით ღამენათევი წყლით პირის დაბანა, ხელნაკეთი თუჯის პირსაბანიდან სიცოცხლეს უხანგრძლივებს და თუ მინდა მასავით 96 წელს მივაღწიო, მეც ასე უნდა მოვიქცე.
თავიდან ხათრით ვერ ვეუბნებოდი უარს, შემდეგ კი მივეჩვიე და უკვე დილის ლოცვასავით მუდმივ აუცილებელ რუტინად მექცა.
სანამ ფეხებგაჩაჩხული და წელში მოხრილი გაყინული წყლით მონდომებით ვიბან პირს , ჩემი ბებია ნაზო თავს თეთრი, ძველი წესით, გახამებული პირსახოცით მადგას. ეს კიდევ ცალკე სიამოვნებაა, თუ როგორ იმტვრევა სახამებლით გაშეშებული პირსახოცი ყინვით დასუსხულ სახეზე.

_ დილის მადლი შეგეწიოს ბებოს ლურჯთვალავ!_ მლოცავს ნაზო ბებია ჩურჩულით.

_ შენც ჩემო ბებიკო, _ ხალისით ვარ სავსე, არ ვიცი ამ ცივი წყლის ბრალია, ბებიის მადლიანი ლოცვის, თუ იმ ჩამოთოვლილი მთების ჩვენი ეზოდან რომ მოსჩანს, მაგრამ ამ ყოველდღიური პროცედურის შემდეგ ყოველთვის მხნედ და ჯანსაღად ვგრძნობ თავს.

_ კიდევ ასი წელი მეყოლე ბები!_ ვეუბნები მას და მასთან ერთად მგონი საკუთარ თავსაც ვლოცავ.

მაშინ როცა მე ეს ესაა გავიღვიძე,მამა ბაღიდან ბრუნდება. მე როგორც სწავლა_ განათლებით გადაღლილი სტუდენტი, 23 წლის ბავშვი, რომელიც მშობლიურ სახლს რამდენიმე დღით დასასვენებლად ესტუმრა, დილით ბაღში მუშაობისგან დედისა და ბებიის ნებართვით თავისუფალი ვარ.

_ დილამშვიდობისა მამიკო._ მესალმება მხარზე თოხგადებული მამაჩემი _ გაიღვიძე თუ გაგაღვიძა რამემ?_ მეკითხება ირონიულად, თოხს ღობეზე აყუდებს და ხელების დასაბანად პირსაბანთან მოდის.

_ ვინ დამაცალა გაღვიძება? _ არტისტულად ვიოცებ მე_ ამ მამალს დიდხანს წვრთნიდი, რომ ჩემი ფანჯრის წინ ყივილი გესავლებინა?

_ ოჰოო, უყურე მაგას! ნელიი!_ ეძახის სამზარეულოში მოფუსფუსე დედას.

_ რა იყო ლადიკო?_ თბილად პასუხობს დედა და ხელების წინსაფარზე წმენდით გარეთ გამოდის.

_ წააძრე თავი ბრიალას!_ მამას წესად აქვს , ყველა სულიერს სახელებს უძებნის

_ რას ერჩი კაცო?_ უკვირს დედას. ბრიალა ლამაზი, საჯიშე, წითელი მამალია. ყელმოღერებული, დეზებიანი. ლურჯი ჩანჩქერივით გადმოფენილი ბოლოთი.

_ როგორ რას ვერჩი ქალო?_ პეშვით ისხავს წყალს მამა სახეზე. _ დაუფრთხია ძილი დაღლილი უფლისწულისთვის, დასჯის ღირსია! თავის მოკვეთა მიბრძანებია! _ ამბობს მამა სერიოზული სახით წარბშეკრული და ცერა თითს ყელთან ისმევს.

დედა თბილად იღიმის და სასაუზმოდ გვიხმობს.
ცხელ _ცხელი კეცის მჭადები, ჭყინტი ყველი, კომბოსტოს მჟავე, ჩვენივე ბაღის მწვანილი და პრასი.
ამოლესილი ლობიო და ჭიქა შავი ღვინო. არ ვიცი დედის ნამზადი რომაა,თუ თბილისის სახაჭაპურეების გადამკიდეს თვალი მრჩება დაჭრილ ორთქლავარდნილ და ყველგადმოღვრილ ხაჭაპურზე. ისე დევს მაგიდის შუაგულში, თითქოს ღმერთებს შესწირეს მსხვერპლადო.
ოთხივე მაგიდას ვუსხდებით. მამაჩემს ჩვევად აქვს , საუზმისას ტელევიზორს ჩართავს და საინფორმაციოს უყურებს. რატომ საუზმისას? იმიტომ რომ სხვა დროს არ სცალია. არა, რომ მოინდომოს კი ეცლება, მაგრამ ენანაება დროის ფუჭად გახარჯვა. რამდენჯერ უთქვამს

_ მამა იცი რამდენი ხის დამყნობას მოასწრებს ყოჩაღი კაცი ერთ საათში?_ სიმართლე გითხრათ არ ვიცი. არ ვიცი რადგან ერთი ხეც კი არასდროს დამიმყნია.
სადღაც წავიკითხე ვინც ბევრ ხეს გაახარებს ისაა ჭეშმარიტად მდიდარიო. მამას რომ მოვუყევი იხალისა

_ მაშინ, რადგან მე მთელი ცხოვრებაა მენამყენე ვარ, გამოდის ლამის მილიონერი ვყოფილვარო!

უცებ მამა ტელევიზორს ხმას უმაღლებს. ლამაზი წამყვანი დაყენებული ხმით აცხადებს.

_ ორი დღის წინ გავიდა და არ დაბრუნებულა ვლადიმერ ჯიშკარიანი, ასი წლის. ტანთ ეცვა ცისფერი პერანგი, შავი პიჯაკი და შარვალი._ თან ეკრანზე დაკარგული მოხუცის სურათი იხატება. სურათი ახალგაზრდობისაა ლურჯთვალა სიმპატიური კაცია, თითქოს სადღაც მინახავს, ვიღაცას ძალიან მაგონებს,სავარაუდოდ უფრო ახალი სურათი არ აქვთ.

_ თუ ვინმემ შენიშნეთ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემულ ნომერზე.

_ ვაი საწყალო!_ იცხადებს დედაჩემი_ ამ სიცივეში როგორ გადაიტანდა ღამეს საბრალო კაცი?

_ ვინ იცის სად წავიდა? რა დღეში იქნებიან მისი შვილები?_ დედაზე არანაკლებ დარდობს უცნობ მოხუცზე მამა.
უცებ ბებიაჩემის სიჩუმე ყურს მჭრის. შევხედე. ხელში ჩანგალი შერჩენია და თვალგაშტერებული კვლავ ტელევიზორს უყურებს. სახეზე ფერიც არ ადევს. ნელა დებს ჩანგალს, უსიტყვოდ დგებს და თავის ოთახში ნელა გადის.

_ ბებოს რა მოუვიდა?_ ვეკითხები მშობლებს გაოცებული. მამა მხრებს იჩეჩავს.

_ რთულია სიბერე შვილო, ალბათ თანაუგრძნო და იმ მოხუცის ამბავი გულთან ახლოს მიიტანა._ ვარაუდობს დედა.
მშობლები მალევე ივიწყებენ დილანდელ ამბავს . საკუთარ საქმეში და საზრუნავში ჩაფლულებს არ სცალიათ სხვაზე ბევრი ფიქრისთვის. მე კი მთელი დღე გულში ხინჯად ჩამრჩა იმ მოხუცის ფოტო.
ვერც სამეცადინოს დავუდე გული, ვერც კითხვას. გვიანი შემოდგომაა ,სახლში თბილ ღუმელთანაც კი ცივა. ვფიქრობ იმ მოხუცზე, ვლადიმერ ჯიშკარიანი. ვლადიმერი. ვინ იცის ერთ დროს რა ჯეელი ახალგაზრდა იყო? ალბათ თავზე ბუზს არ იფრენდა. ალბათ ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ოდესმე სიბერე დაჩაგრავდა. ასი წლის! მთელი საუკუნის! ვახ! ანუ როდის დაიბადა? 1922 ? ალბათ ომის ვეტერანია? რაა ცხოვრება? ომმა ვერ აჯობა და სიბერემ კი....არა მაინც საიდან მეცნობა? ვის მაგონებს?

ჩაი მოვადუღე, მინდა ბებოს შევძახო, უყვარს ჩემთან ერთად ჩაის დალევა. კარზე მივაკაკუნე, ხმა არ გამცა. ფრთხილად შევაღე.
ვხედავ საწოლზე ზის, წელში გამართული და ფანჯრას გასცქერის, თუმცა ისეა ფიქრებში ჩაფლული არ მგონია რამეს ხედავდეს. გვერდით კი პატარა ზარდახშა უდევს. ზედ ეტყობა ძალიან ძველია, საღებავი სულ გადასცლია. მივუახლოვდი, რამდენიმე ორად გაკეცილი ბარათი უკჭირავს კალთაში ჩაწყობილ ხელებში.

_ ბებია, როგორ ხარ? ჩაის არ დალევ?_ ვეკითხები და ვხვდები ფიქრებით სადღაც სხვაგან დაფრინავს.

_ ბებია!_ ვეხები მხარზე. შეკრთა , უცებ გამოფხიზლდა.

_ კარგად ხარ ბებო?_ ვეკითხები უკვე შეშფოთებული.

_ მოგონებებმა წამიღო ბები,_ მპასუხობს და მიღიმის.

_ ჩემი ახალგაზრდობა გამახსენდა, ჩემი ძველი სიყვარული . მიკვირს, ვერ ვხვდები რაზე საუბრობს.

_ დათიკო ბაბუა მოგენატრა?_ ვეკითხები ანცი ღიმილით.

_ დათიკო? დათიკო ჩემი ანგელოზი იყო. მიყვადა კიი! გრძნობა რომელიც მისდამი მქონდა არანაკლები იყო სიყვარულზე, მეტი თუ არა! პატივს ვცემდი და ვაფასებდი, როგორც ადამიანს, ჩემი შვილის მამას. მაგრამ სიყვარული? სიყვარული ცოტა სხვაა! _ ისევ ვერ ვხვდები რაზე საუბრობს.

_ წამოდი, თან ჩაი დავლიოთ, თან ერთ ამბავს გიამბობ._ მეუბნება მოულოდნელად .
აივანზე გამოვდივართ, მოწნულ საქანელაზე ვსხდებით და თოვლისგან აბრჭყვიალებულ მწვერვალებს გავყურებთ. ნაზო ჩაის სვავს, ცხელ ფინჯანს ახლაც მშვენიერ სანთელივით ჩამოქნილ თითებს ხვევს , თვალებს შორ ჰორიზონტს უშტერებს და მოყოლას იწყებს.

_1946 წელს, ომი რომ ახალი დამთავრებული იყო. მამაც ახალ დაბრუნებული, ცხოვრებაც რომ ასე თუ ისე მწყობრში მოდიოდა. მე უნივერსიტეტში ჩავაბარე. ოცი წლის ვიყავი, ახალგაზრდა ლამაზი, მართლა ლამაზი_ შემომხედა თითქოს სურდა დარწმუნებულიყო ,რომ მისი მჯეროდა.

_ ისეთი დამჭკნარი კი არა, ახლა რომ მხედავ! შავი თმა წელამდე მეყარა, ცასავით ლურჯი თვალები მიბრწყინავდა. ოცნებებით და იმედებით ვიყავი სავსე. გული ღია მქონდა სიყვარულისთვის და მანაც არ დააყოვნა. ჩემი კურსელი ლადიკო რომ გავიცანი ,თითქოს რაღაც უცხო ყვავილი გაიშალა ჩემს გულში. უცნაურად ვგავდით ერთმანეთს, არა მარტო ხასიათით და მისწრაფებებით. გარეგნულადაც. ისიც შავი თმით და ლურჯი თვალებით, მეგონა ერთმანეთისთვის ვიყავით გაჩენილები.
ომ მოვლილი კაცის თვალებში უცნაურ სევდას დაედო ბინა. სწორედ ეს სევდა იყო მის თვალებს იდუმალების იერს რომ სძენდა. ისე გავეხვიე გამოუცდელი გოგონა სიყვარულის ალში, თავადაც ვერა გავიგე რა.
ვოცნებობდით, საერთო მომავალზე, გეგმებს ვაწყობდით.
ბოტანიკურ ბაღში გვიყვარდა სეირნობა, ერთი ადგილი გვქონდა საიდუმლოდ აჩემებული. იქ დავინიშნეთ და ჩვენი სიყვარულის მოწმე მხოლოდ ღმერთი იყო. იქ შევფიცეთ ერთმანეთს ერთგულება და სიყვარული.
მაგრამ ერთ დღეს ლადიკო უბრალოდ გაუჩინარდა, გაქრა. ყველგან ვეძებდი, სოფელშიც კი ჩავაკითხე მის მშობლებს. მაგრამ მათაც არა იცოდნენ რა. ველოდებოდი, მჯეროდა დაბრუნდებოდა. ჩვენს საიდუმლო ადგილას მივდიოდი და საათობით ვიჯექი. ერთ დღესაც ისეთი რამ გავიგე, ჩემი ცხოვრება სულ თავდაყირა დადგა. აღმოჩნდა რომ _ აქ გაჩერდა ბებიაჩემი. სული მოითქვა. ყელი უკვე გაციებული ჩაით გაისველა. და მოყოლა გააგრძელა._ აღმოჩნდა რომ ორსულად ვიყავი!
ახლა მე გავშრი, ელდა მეცა. რაო? ორსულადო?

_მოიცა_ გავიფიქრე გულში._ რა ერქვა იმ კაცს? ლადოო? მამასაც ხომ ლადო ჰქვია!

_ გამოდის დათიკო ბაბუა?_ კითხვაც ვერ დავამთავრე მეუხერხულა, თვალწინ დამიდგა ლურჯთვალა მამაჩემი და კიდევ საკუთარი თავი. _ დათიკო ბაბუას შავი თვალები ჰქონდა.

_მე კი მეგონა მამა შენ გგავდა._ მეტის ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე.

_ ხოო მეც და მასაც! მაგრამ აი შენ კი ნამდვილად მას ჰგავხარ,_ გამიღიმა და ლოყაზე მომეფერა.

_ ძალიან ჰგავხარ! ლამის შენხელა იყო, შენსავით მაღალი და ლამაზთვალება. იმ ამბის შემდეგ აღარ მინახავს. ჩემთვის ათასი სცენარი გამოვიგონე, რომ მისი გაქრობისთვის ახსნა მომეძებნა . მაგრამ ხსნა ვერცერთში ვიპოვე. მუცელი ნელ_ნელა მეზრდებოდა. მრცხვენოდა , საკუთარი თავის და ჩემი ოჯახის გამოც. ხოდა ერთ დღესაც , არა ერთ ბნელ და გაუსაძლის ღამეესა არ ვიცი როგორ და რანაირად. მეტეხის ხიდზე აღმოვჩნდი. არეულ და შეშლილ გონებაში მხოლოდ ერთი საშინელი აზრი იკლაკნებოდა სამოთხის გველივით. მოაჯირთან მივედი და მდინარისკენ გადავიხარე. ვფიქრობდი, რა უნდა მხოლოდ ერთი გადაქანება და დამთავრდებოდა ჩემი ჯოჯოხეთი. აღარც ჯერ დაუბადებელი შვილი მეცოდებოდა, აღარც საკუთარი თავი. გული საშინლად მტკიოდა უბრალოდ მსურდა ეს ტკივილი დასრულებულიყო.
ხიდის მოაჯირზე ვცადე აძრომა, ფეხი დამიცდა, კიდევ ვცადე, თავს ძლივს ვიმაგრებდი. სასიკვდილოდ განწირული, მოაჯირს ვებღაუჭებიდი, რომ არ გადავვარდნილიყავი. საოცარია არეულ გონებას სხეული ინსტიქტურად ეწინააღმდეგებოდა, ჩემი ქვეცნობიერი გადარჩენას ცდილობდა.

_ მოგეხმაროთ გოგონი?_ მომესმა უცებ მშვიდი და კეთილგანწყობილი ხმა. მოვიხედე.
დათიკო იდგა, ცხონებული! ჩემს მხსნელ ანგელოზად მომევლინა. მოვიდა და ხელი მკლავში ჩამკიდა, მოაჯირზე გადაძრომაში მზრუნველად მომეხმარა. თუმცა ხელი არ გაუშვია. ჩემი გონება თითქოს აჯანყდა, მასზე გავბრაზდი, რას ჰქვია მომეხმარა, რატომ არ ცდილობს ჩემს გადარჩენას? წამიერად შემძულდა. მთელი დაგროვილი ბრაზი და ტკივილი მასზე გადმოვანთხიე. ვიდექით ასე მოაჯირს აქეთ _ იქიდან. მე მას ვლანძღავდი , მას კი ორივე მკლავით ვეჭირე და მხოლოდ მიღიმოდა. როგორც იქნა დავიცალე ბრაზისგან და ახლა ცრემლებმა გაარღვიეს თვალების ჯებირები.

_ კარგი ახლა, გეყოფა!_ მითხრა ისევ მშვიდად. ხელები წელზე მომხვია და უსაფრთხო მხარეს გადმომიყვანა. იმ ღამის შემდეგ აღარ მივუტოვებივარ. სულ ამბობდა, რომ ისე მიპოვნა, როგორც ბედის საჩუქარი. ჩემი ბავშვი შვილად მიიღო და არასდროს უნანია მიღებული გადაწყვეტილება. დათიკომ სიცოცხლე გვაჩუქა. აბა მითხარი შეიძლებოდა მე ესეთი კაცი არ შემყვარებოდა?_ მკითხა მოსმენილი ამბით გაოცებულს.

_ მამამ იცის?_ეს ერათადერთი კითხვა დამებადა.

_ იცის! თავად მოუყვა დათიკომ, მაგრამ მამაშენისთვის დათიკო იყო მამა. კითხვითაც კი არასდროს არაფერი უკითხავს ჩემთვის. მგონი ასე აპროტესტებდა ამ ამბავს._ მიპასუხა ნაზომ.

_ და რატომ მოგიყევი ახლა იცი ეს ამბავი? აი ნახე, წაიკითხე!_ და გაყვითლებული, ძველი წერილი გამომიწოდა. გავშალე და მოუთმენლად ვეცი გაკრულ ხელნაწერს.

" ნაზიკო, ჩემო ლამაზო გოგო. მიყვარხარ და შენით ვსულდგმულობ. ხვალ ჩვენს საიდუმლო ადგილას გნახავ. მიხარია , ერთი სული მაქვს, რომ დაღამდეს და ისევ გათენდეს. იცი რა აზრი დამებადა? როცა ადი წლის გავხდები, წავალ და იქ ჩვენს საიდუმლო კუთხეში დაგელოდები! მჯერა, რომ სადაც არ უნდა იყო მოხვალ! მოხვალ და მომილოცავ იუბილეს! ხუმრობა ხომ არ იქნება ასი წლის იუბილე? ოღონდ ეს იქნება მაშინ როცა ასი წლის გავხდებით, მანამდე კი უამრავი ბედნიერი დღე და წელი გველოდება. მიყვარხარ,

შენი ლადო.

P.S მარტო შენი, სულ შენი!"

_ მგონი ვიცი სადაცაა!_ ჩაილაპარაკა ბებიაჩემმა. იმ წამს ვერ მივხვდი. რამოდენიმე წუთი დამჭირდა გასააზრებლად. გონებაში ამოტივტივდა სახელი და გვარი. ვლადიმერ ჯიშკარიანი და ლურჯთვალა ახალგაზრდა მამაკაცის ფოტო. რომელიც მართლაც საოცრად ჰგავდა მამაჩემს.

ავდექი, უსიტყვოდ შევედი ოთახში. გამოვიცვალე, მამაჩემის მანქანის გასაღები ავიღე და ეზოში გამოვედი.

_ ბებია წამოდი მივდივართ!_ დავუძახე კვლავ აივანზე მჯდარს და ფიქრებში გართულს. გამიღიმა , ფეხზე წამიდგა, თითქოს მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ წასასვლელად იყო გამოწყობილი. კარი გავუღე დაჯდომაში მივეხმარე და თავადაც დავჯექი.

_ აბა წავედით ბები!_ ვუთხარი და მანქანა დავქოქე.

_ როგორ შეცვლილა ყველაფერი! _ გაოცდა ბებიაჩემი, როცა ბოტანიკურში მივედით.

_იცი აქ მას მერე არცერთხელ არ ვყოფილვარ._ მითხარა ნაზომ, მაგრამ პატარა განაპირა ბილიკს შეუცდომლად დაადგა.

მივყვებიდით მე და ბებია გზას უსიტყვოდ. ფოთლებგაცვენილი ხეები უცნაური სანახავი იყო. კარგა ხანს ვიარეთ. მართლაც საიდუმლო კუთხე ჰქონდათ ნაპოვნი. ამ ბილიკს ალბათ ათასში ერთი ადამიანი თუ ამოირჩევდა სასეირნოდ. ბილიკის ბოლოს ხის სკამი გამოჩნდა. ზედ გამხდარი შავ პიჯაკიანი მოხუცი იჯდა.
ბებიაჩემი წამით გაჩერდა. ხელი გულზე დაიდო. ამოისუნთქა და გზა გააგრძელა. მე მოშორებით შევჩერდი. არ მინდოდა ჩემი მორიდებოდა.
მიუახლოვდა და გაჩერდა. მოხუცმა სევდიანად ამოხედა. ამოხედა და გახევდა. გეფიცებით წამიერად იცნო. ფეხზე წამოდგა. ხელები უკანკალებდა.

_ შენ მოხვედი ნაზიკო. ვიცოდი ,რომ მოხვიდოდი.

_ გამარჯობა ლადო!_ მიესალმა ბებია.

_ ისევ ისეთი თვალები გაქვს, ისევ ისეთი მზერა!სულ არ შეცვლილხარ.

_ პირიქით ძალიან შევიცვალე!_ ბებიის ხმას სიცივე შეეპარა.

_ ალბათ შვილიშვილია?_ მორიდებულად ჰკითხა მოხუცმა და ჩემზე მიუთითა.

_ ბებიკო მოდი ჩვენთან._ დამიძახა ნაზომ.
მივედი და მივესალმე უცნობ ბაბუას. უცნაური გრძნობა დამეუფლა,თითქოს მამაჩემის სიბერეს ვესალმებოდი. და ალბათ საკუთარსაც.
შემომხედა, შემათვალიერა და მზერა თვალებზე გაუშეშდა. ნერწყვი გადაყლაპა. ბებიას შეხედა და თვალებში რემდენიმე კითხვისნიშანი ერთად აენთო.
ბებიამ უსიტყვოდ დაუქნია თავი. მოხუცმა თავი დახარა, თვალზე მომდგარი ცრემლი მოგვარიდა და ხმა ჩამწყდარმა დაიწყო.

_იმ საღამოს სახლისკენ მივდიოდი,რაღაც მშენებლობა მიდიოდა, მოულოდნელად კედელი გადმოინგრა და აგურებმა ქვეშ მომიყოლეს. ჯიბეში საბუთი არ მქონდა. ვინაობის დადასტურებას დრო დასჭირდა, თანაც მძიმედ დავშავდი._ ამის თქმაზე ქუდი მოიხადა და თავზე საკმაოდ დიდი ნაიარევი დავუნახე,ქუდი ისევ დაიფარა.

_ სამი თვე გონზე არ მოვსულვარ. როცა გონზე მოვედი მშობლებიც ვერ ვიცანი.მერე კი , როცა ყველაფერი დალაგდა,გავიგე ,რომ ყველაფერი უკვე გვიანი იყო. თუმცა არასოდეს მიფიქრია, რომ _ ხმა აუკანკალდა და შემომხედა. სათქმელი აღარ დაამთავრა.

_ დაბადების დღეს გილოცავ ლადო!_ მიულოცა ნაზომ.

_ არ მეგონა თუ სიურპრიზები კიდევ გამაოცებდა._ იღიმის ლადო და თვალს არ მაშირებს.

_ მამამისი რა კაცია?_ კითხულობს მოულოდნელად. ვერ ბედავს ჩემი შვილიო თქვას, თუმცა ყველაფერს უკვე მიხვდა.

_ მამამისის ხელობას მისდევს, მენამყენეა ჩვენს სოფელში!_ პასუხობს ნაზო თუმცა მის ხმაში შურისძიების ცივი ნოტები აღარ მესმის. ის უბრალოდ იმას ამბობს რაცაა.

_ სად ცხოვრობ ლადო?_ ეკითხება ბებიაჩემი._ ოჯახი რატომ არ გყავს?

_ მე მხოლოდ ერთი ქალი მიყვარდა ცხოვრებაში! მის შემდეგ ოჯახს ვერ მოვეკიდე, გულმა არ გამიშვა. შემოვრჩი ასე, ბოლოს, როცა მივხვდი მარტო ვეღარ ვიცხოვრებდი, სახლი გავყიდე და მშვიდი პანსიონი მოვძებნე. იქ ვცხოვრობ ახლა.

_ უკვე წასვლის დროა ბებიკო,_ მეუბნება ცოტახნის შემდეგ ნაზო._ ლადო მივიყვანოთ თავის სახლში, ნერვიულობენ მასზე. გაქრობა ეტყობა ცხოვრების წესად ექცა._ თან ხუმრობს და თან ბრაზობს ბებია.

პანსიონი მშვიდი და წყნარი ადგილი სჩანს. ლადოს მშვიდად ვტოვებთ და სოფელში ვბრუნდებით.
მამა და დედა მოუთმენლად გველიან, არ იციან სად წავედით და ნერვიულობენ . ტელეფონზე მირეკავენ.
_ მშვიდობაა, არ ინერვიულოთ, მოვალთ და ყველაფერს თავად ბებია მოგიყვებათ._ ვეუბნები დედას.

მამა და ბებია დიდხანს საუბრობენ აივანზე, მე კი დედას ვუხსნი ყველაფერს . რა თქმა უნდა, რაც მამამ იცოდა, დედამაც იცის. მაგრამ ახალი ამბავი მასზეც ემოციურად მოქმედებს.

_ წარმიგიდგენია? რაა ცხოვრება? ალბათ როგორ განიცადა ეს ამბავი ნაზიკომ, რომ ასეთი აზრი მოუვიდა თავში. დედაა! რომ არა დათიკო წარმოგიდგენია რა მოხდებოდა? ამიტომაა , არასდროს არ უნდა იფიქრო ასეთი რამ, არასდროს სანამ ცოცხალი ხარ. ყოველთვის გამოჩდება ხსნა. ყოველთვის იპოვნი გზას! ასეა ეს!_ მეც მის სიტყვებზე ვფიქრობ. ნეტავ ყველას ვისაც მარტოობა და ტკივილი მოერევა გამოუჩნდეს ისეთი ანგელოზი ,როგორიც ბაბუაჩემი დათიკო იყო ნაზოსთვის.


რამდენიმე დღეში თბილისში ვბრუნდები. მოუსვენრად ვარ, თითქოს რაღაც მაკლია. ვფიქრობ და ბოლოს ვხვდები. სისხლი მეძახის, სისხლი, რომელსაც მართალია კარგად არ ვიცნობ, მაგრამ მაინც ჩემი სისხლია. ვფიქრობ ბევრი რამის მოყოლა უნდა, ვფიქრობ ცხოვრება ერთი დიდი თავგადასავალია და არავინ ამ ქვეყნად, არავინ არ უნდა დარჩეს მარტო ამ თავგადასავალში.

პანსიონის კარზე ზარს ვრეკავ და ვგრძნობ გული როგორ მშვიდდება. კარს მიღებს თითქოს მელოდა.
თვალებში ვუყურებ, მის ლურჯ თვალებში საკუთარს ვხედავ. მოვა დრო მეც დავბერდები და ვიცი მარტოობა არ მენდომება.

ვე რა



№1 სტუმარი One

Saocrebebs qmnit, yochagh madloba yvela emociistvis

 


№2 სტუმარი სტუმარი ნატა

ძალიან კარგია დიდი მადლობა

 


№3  offline ახალბედა მწერალი ვე რა

One
Saocrebebs qmnit, yochagh madloba yvela emociistvis

მიხარია რომ მოგწონთ????

 


№4 სტუმარი სტუმარი Ekuna

Kargi filmia

საოცრებაა ფანტასტიჯაა ეს ვაააუუუ

 


№5  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი Ekuna
Kargi filmia

საოცრებაა ფანტასტიჯაა ეს ვაააუუუ

მადლობა))

 


№6 სტუმარი ეკა 5

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????არ ვიცი ვინ ხარ,, რა ასაკის ხარ, მინდა, რომ ძალიან, ძალიან ლამაზი, თბილი და სიყვარულით სავსე ცხოვრება გქონდეს.

 


№7  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ეკა 5
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????არ ვიცი ვინ ხარ,, რა ასაკის ხარ, მინდა, რომ ძალიან, ძალიან ლამაზი, თბილი და სიყვარულით სავსე ცხოვრება გქონდეს.

მადლობა თქვენ)))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent