შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაჩრდილული მეგობარი


7-04-2023, 19:34
ავტორი Elene Panch
ნანახია 777

გვანცა ადრეული ბავშვობიდან თამაშობდა მასთან. ყველაფერს უზიარებდა, გულს უშლიდა და თვითონაც მუდამ მხარში ედგა. ბაღში ერთად დადიოდნენ. მათი ცხოვრება საერთო იყო, უბრალოდ სხვაგან ეძინათ და სხვა ოჯახი ჰყავდა ორივეს.

გვანცას ბუდნოვნად, მაგრამ მაინც ახსოვს, თუ როგორ არიდებდა თავს ის საკუთარ ოჯახზე ლაპარაკს, როგორ არასდროს არ ამბობდა თუ რა უყიდა მას დედამ. გვანცა კი პირიქით, ერთ დეტალს არ გამოტოვებდა, ისე აღუწერდა თავის ახალ სათამაშოს და სიხარულს რომელიც მან მიანიჭა.

მათი გზა მაშინ გაიყო, როდესაც მშობლებმა სხვადასხვა სკოლაში შეიყვანეს. ის სახლთან ახლოს, საჯარო სკოლაში შევიდა, გვანცა კი კერძო სკოლაში, რომელიც საკმაოდ შორს იყო. თითქოს ისინი დაშორდნენ. კარის მეზობელი ჯერ არასდროს მოსჩვენებია გვანცას ასე მიუწვდომელი, უხილავი. მანამდე თუ სულ ერთად იყვნენ, ეხლა გამარჯობასაც ვეღარ უებნებოდა, რადგან სკოლიდან მოსულს რეპეტიტორი ხვდებოდა სახლში. დრო საერთოდ აღარ ჰქონდა, ბალეტის და ხატვის გადამკიდე. ის კი იჯდა და ელოდებოდა თავის ერთადერთ მეგობარს…

12 წელი გავიდა ამ ყველაფრის შემდეგ, გვანცამ სკოლა დაამთავრა და წარმატებით ჩაირიცხა სასურველ უნივერსიტეტში. ის მაინც ტრიალებდა გოგონას ფიქრებში, ბუნდოვნად, მაგრამ მაინც. სკოლის დაწყების შემდეგ გვანცას მშობლებმა საცხოვრებელი გამოიცვალეს, მას კი სახლის ნომერიც კი არ ჰქონდა, რომ დაერეკა, მოეკითხა და მოეყოლა დაგროვილი ამბები. წლები გადიოდა და ბავშვური სამყარო ნელ-ნელა რეალობად იქმნებოდა, გვანცას მრავალი მეგობარი ეხვია თავს, მაგრამ არც ერთი ისეთი ნამდვილი და ახლო, როგორიც ის იყო.

ბოლოს როგორ იქნა, ეყო გვანცას გამბედაობა და თავის ძველ უბანში წავიდა, რომ ის ენახა. ნანახმა გოგო გააოცა. ავარიული სახლები, ჭუჭყიანი ეზო საერთოდ არ იყო ის რაც მას ახსოვდა. სადარბაზოსთან გოგო შეამჩნია, რომელიც იჯდა და რაღაცას შესცქეროდა. გვანცას სუნთქვა გაუხშირდა. ნუთუ ასე ადვილად იპოვა ის, რომელზეც მუდამ ფიქრობდა და დაკარგული ეგონა? ნელი ნაბიჯებით დაიძრა და ბოლოს მის წინ იდგა. ნაცნობი სახე გაკვირვებული უყურებდა, აშაკარა იყო, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა თუ ვინ იყო გვანცა.

– გამარჯობა, – ძლივს ამოილუღლუღა გოგომ და მუდარით სავსე თვალებით დახედა ძველ მეგობარს.

– გამარჯობა? – გაკვირვებულმა ჰკითხა მან. ხმა შესცვლოდა, დაბოხებოდა. მისი ხმა ნაზი იყო და ხავერდოვანი, განსხვავებით გვანცასგან, რომლის ხმაც შემაწუხებლად წიკვინებდა.

– მე გვანცა ვარ, – უთხრა მან და თავისი ხმა თაგვის წრიპინად ჩაესმა, წვრილი და ჩუმი. ძირს მჯდომი ძლიერად დააკვირდა სახეზე, თითქოს რაღაცის გახსენებას ცდილობდა, დიდი ხნის მივიწყებულს, დამტვერილს.

– აქ რომ ცხოვრობდი? – როგორც იქნა ჰკითხა მან და ფეხზე წამოდგა. გვანცაზე ერთი თავით მაღალი იყო და გამხდარი. გვანცას ის ძალიან ლამაზი ეჩვენა. ემოცები იმდენად ჰქონდა მოზღვავებული, რომ ხმა ვეღარ ამოიღო და თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.

– მე… – მან წინადადება ვერ დაასრულა, იდგა და დაჰყურებდა გვანცას, ცდილობდა რომ გაეღიმა, მაგრამ არ გამოსდიოდა.

– შენი სახელი აღარ მახსოვს, – აღიარა გვანცამ და თავი დახარა. ძალიან რცხვენოდა, რომ ერთადერთი მეგობრის სახელი ვერ გაიხსენა. სირცხვილით დედამისსაც ვერ ეკითხებოდა. ტვინი გაიხეთქა ფიქრით, მაგრამ უშედეგოდა.

– მეც გვანცა მქვია, – როგორც იქნა გაუღიმა მან და გვანცას პირი გაუშრა.

აი თურმე რატომ არ ახსოვდა, მისი სახელი! ორივეს გამუდმებით გვანცას ეძახდნენ და ბავშვურმა გონებამ მათი სახელები აზილა, არია, დაავიწყა და შეუძლებელი გახდა ამ მნიშვნელოვანი დეტალის უკან დაბრუნება. ამიტომ ეწერა მის ძველ დღიურში გვანცა ათასჯერ. სხვადასხვა ხელნაწერით გაკეთებული ორი გვანცას ჩანაწერი.

– გვანცა, – უთხრა მან გოგონას და გაუხარდა. კიდევ ათასჯერ უნდოდა რომ ეთქვა მისი სახელი, მაგრამ შერცხვა.

უკვე გარკვევით ჩაესმოდა გონებაში საკუთარი ბავშვობის ხმა, რომელიც დიდი სიხარულით ეძახდა ხოლმე თავის მეგობარს – გვანცა ჩამოდი ეზოში!

წაშლილი, დაჩრდილული მეგობარი კვლავ განათდა და ახლა უკვე მის წინ იდგა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent