შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექოდ ქცეული


15-05-2023, 01:18
ავტორი Jjake
ნანახია 627

„კაშკაშა სინათლეზე თვალები გვეწვის,
უკუნით ბნელეთში კი სული.“


' ალექსანდერის ცხოვრება არასოდეს ყოფილა ბედნიერებითა და ემოციებით სავსე.
' მუდმივად ბნელი ღრუბლებით გარშემოტყმული დაიარებოდა და იმდენად დიდი კედლით იცავდა საკუთარ გულს, ხშირად მხოლოდ მის გულში გაჩენილი სიცარიელის შეგრძნება თუ შეეძლო.
' ალბათ, არც ისე მარტივი უნდა ყოფილიყო ასე ცხოვრება, თუმცა ფაქტია, რაც ნაკლებს გრძნობდა, მით უფრო მარტივი იყო ყველაფერთან შეგუება. არანაირი დანაკარგი არ აწუხებდა, არ გლოვობდა არაფერს ერთ დღეზე დიდხანს და ეს ერთი დღეც მხოლოდ დუმილში ჩაძირული ფიქრის ქარიშხლით შემოიფარგლებოდა.
' მისთვის რომ გეკითხათ, შესაძლოა, ასეთი ცხოვრება მოსწონდა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ბედნიერი არასოდეს იყო, არც სჭირდებოდა და არც უნდოდა, რომ ყოფილიყო.
' სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ყველაფერს აქვს დასასრული და დასაწყისი, მისი უგრძნობლობის დასასრული კი ემილია იყო. საინტერესოა, ზოგჯერ ყველაზე ბნელ ადამიანებსაც კი შეუძლიათ უდიდესი სინათლის შემოტანა ჩვენს ცხოვრებაში და ამას მხოლოდ თავიანთი გამოჩენით ახერხებენ. სწორედ ასეთი იყო ემილიაც. ალბათ, ასე ხდება, როცა ორი დამსხვრეული ადამიანი დაკარგული ნაწილების ძიებაში ერთმანეთს პოულობს და ისე ერწყმის ერთურთს, თითქოს სწორედ ის იპოვეს, რასაც ეძებდნენ... ყოველ შემთხვევაში მათგან ერთი მაინც შეიძლება გრძნობდეს ამას, მეორე კი მხოლოდ სიცარიელეს ივსებდეს, თუმცა რთული სათქმელია როდის არის გრძნობა რეალური და ადამიანებს ნამდვილად ერთმანეთი უყვარდებათ თუ საკუთარი თავი მათ გვერდით ვისთანაც თავს კარგად გრძნობენ.
' ალექსანდერის ცხოვრებაში მზე ამოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაზე მეტად შავბნელ ღრუბლებში ჩამარხული მზე იყო, ემილიას გამოჩენამ მაინც შეძლო მისი ცხოვრების გაფერადება და რაც მთავარია, სინათლეს მოკლებულ სიცარიელეში სინათლის იმ სხივის შეტანა, რომელმაც სრულად მოიცვა უფსკრული და თუნდაც მცირე ხნით ალექსანდერს აგრძნობინა, რომ ის მთელი იყო.
' ალბათ, სწორედ ეს არის სიცარიელის ნაკლი, შენ გრძნობ მას, მაგრამ მასში არაფერია. თითქოს ვაკუუმში გამოკეტილს ყურები გისკდება და თვალები გიცვივა. მხოლოდ ტკივილი და სიბნელეა ირგვლივ. დროთა განმავლობაში ტკივილიც ქრება და ამ სიჩუმესა და სიბნელეში საკუთარი თავის დაკარგვას იწყებ, ნაწილ-ნაწილ, თანდათან... ერთ დღესაც იხედები სარკეში და საკუთარ ანარეკლს ვერ ცნობ. შენს გონებაში არ გრჩება ადგილი და იქიდანაც მიდიხარ, მაგრამ არსებობ, იმდენად მაინც რამდენადაც ეს შეგიძლია და ეს მარტივია, სანამ იცი როგორ ჩაყარო ყველაფერი ამ უფსკრულში და სამუდამოდ დაემშვიდობო.
' ემილიას გამოჩენის შემდეგ ალექსანდერმა პირველად გადაწყვიტა რეალურად მიეცა საკუთარი თავისთვის უფლება ყოფილიყო ბედნიერი. ბედნიერება კი ისეთი კაშკაშაა, ისეთი სასიამოვნო და გამაბრუებელი, რომ სრულად გავიწყებს დროის არსებობას, გავიწყდება რომ უსასრულო არაფერია, არც ტანჯვა და არც ბედნიერება. დაივიწყა მან დრო, მაგრამ დროს არ სჭირდება, რომ ახსოვდეთ, იმისთვის, რომ შექმნას ან გაანადგუროს რაიმე.
' იმ დილით, როცა სამყაროს სველი ზეწარივით ეკვროდა წვიმის სისველე, ემილია გაქრა, სწორედ ისე, უეცრად და უთქმელად, როგორც გამოჩნდა.
' გაქრა და უფსკრულში ანთებული სინათლეც თან გაიყოლა...
' როცა მთელი ცხოვრება ზღვაში ცურავ და შემდეგ ცოტა ხნით მთაში მიდიხარ, უკან დაბრუნებისას დარწმუნებული ხარ რომ ისევ შეგიძლია ცურვა, შეაბიჯებ წყალში და მთის ტბებს მიჩვეულს გავიწყდება ტალღები და მარილი. ისევ გაბედულად შედიხარ ზღვის სიღრმეში, იმდენად ღრმად, რომ აღარც კი გახსოვს სად არის ნაპირი და შესაძლოა ზღვაში გაზრდილი ზღვაშივე მოკვდე.
' ალექსანდერის ცხოვრება არასოდეს ყოფილა ბედნიერებითა და გრძნობებით სავსე, მაგრამ ახლა, როცა გამოსცადა ყველაფერი, როცა იგრძნო, რომ არსებობს რაღაც მეტი, ვიდრე უბრალოდ არსებობაა, როცა დაიბრუნა საკუთარი თავი და სული, განა ისევ შეძლებს უფსკრულში ცხოვრებას?!
' ალექსანდერს დაავიწყდა დრო და დროსთან ერთად ისიც, თუ როგორ იყოს მარტო, როგორ ჩაყაროს ყველაფერი უფსკრულში.
' ალბათ, იმიტომ, რომ ის დაბრუნდა, ან იმიტომ, რომ უფსკრულმაც ამოიდგა ენა, ემილის წასვლის შემდეგ უსინათლო უფსკრულში ქაოსმა დაისადგურა. არავის შეეძლო იმის თქმა თუ რას და როგორ შთანთქავდა იგი. მან დაიპყრო ალექსანდერის გონება, სხეული, გამოაღწია კანიდან და შთანთქა ყველაფერი რაც მას უყვარდა, რაც ადარდებდა, რისთვისაც ცხოვრობდა... ქაოსი უფსკრულზე საშიში აღმოჩნდა, ის არ ინდობდა არაფერს და არ ითხოვდა ნებართვებს...
' დიდი ხანი დასჭირდა ალექსანდერს ქაოსის მოსაგერიებლად, მაგრამ რად დაუჯდა ეს გამარჯვება?! მან დაკარგა მეგობრები, ღიმილი, ძილი და საწოლიდან ადგომის უნარი...
რაც მთავარია ტანჯვა დასრულდა, ქაოსი ჩაცხრა და ბნელ სიცარიელეში კიდევ ერთხელ შთაინთქა ალექსანდერის პიროვნება. ალბათ, სწორედ იმ მომენტში, როცა მისი რაობა კიდევ ერთხელ ქრებოდა, უფსკრულში საშინელი ღრიალი გაისმა, ხმა მხეცისა თუ კაცისა, რომელმაც ყველაფერი დაკარგა ბედნიერებისთვის და ბედნიერებასთან ერთად... მას შემდეგ თითქმის უსასრულობამ განვლო, მაგრამ იმ ღრიალის ექო დღემდე უფსკრულში დახეტიალობს და ზოგჯერ ისევ ამოხეთქავს ხოლმე მისი წიაღიდან, ვულკანივით გადაუვლის ალექსანდერს და სრულად ფერფლავს...
' ზოგჯერ ბედნიერება მხოლოდ სიმშვიდეა ქარიშხლის წინ და ქარიშხლის შემდეგ მასზე მოგონებაც არავის რჩება...
მორის ბეკურიშვილი
15.05.23




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent