შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაფერი


11-08-2023, 16:00
ავტორი ლოლლიტა
ნანახია 585

ღმერთო, გთხოვ აიძულო ჩემს თავს ამიხსნას რატომ მოვწიე პირველი სიგარეტი თხუთმეტი წლის ასაკში, რატომ ვიპარავდი მამაჩემის ლუდს, რატომ ვუსმენდი ლანა დელ რეის ისე, როგორც არ უსმენდნენ სხვა გოგონები მამის პრობლემებით და რატომ ვკითხულობდი დოსტოევსკის ასე აღფრთოვანებული? ჩემთვის ხომ არავის დაუძალებია მაგარი წიგნები მეკითხა და მაგარი ფილმები მენახა. დედაჩემი იმასაც კი ფიქრობდა, რომ ''ძალიან ჭკვიანად'' ყოფნას ''ძალიან სულელად'' ყოფნა სჯობს, მაგრამ მე არცერთი არ ვარ. ამიხსენი ახლა, ჩვიდმეტი წლის ასაკში, როცა სახლიდან გავრბივარ, რა ვარ მე - მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემს აღმაფრთოვანებელ საგანთა მახინჯად შეკრული ნაკუწები თუ მართლაც ინდივიდუალური არსება, რომლის ორ ატომსაც კი ვერ აღმოაჩენ იდენტურს.

სიმღერებს აღარ დავწერ, სანამ ისევ არ გახდები ჩემი მუზა,
უნდა გენახა მელანქოლიურ როკს როგორ ვუსმენდი...

ბინაში ერთადერთ მატრასზე ვზივარ, რომელიც ღამ-ღამობით კოსმოსური ჰომალდის ფუნქიცასაც ასრულებს. ჩემს გვერდით ფარდა ირხევა ტერენტი გრანელის ლექსის რიტმში და მზის სხივები ჩემს იატაკზე მიგდებულს ხეულს ათბობს. ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ და მალე მოვკვდები, ალაბთ, მკერდის კიბოთი. მატრასის აქეთ-იქით ნამდვილი არეულობაა: აქ არის ნაწამები დღიურები, სათამაშოები, გადაშლილი წიგნები რომლებიც სამი წლის წინ წავიკითხე და ახლა მათი ერთადერთი ფუნქცია მამაჩემის ფოტოების შენახვაა ოთხმოცდაათიანებიდან: ის ძალიან ლამაზია და ამბობენ რომ ძალიან მგავს, მაგრამ ის ჩემზე ჯანმრთელად გამოიყურება ჩვიდმეტი წლის ასსაკში თავის ქორწილში. აა ხო მე ოთხმოცდაათიანებში არ ვცხოვრობ, აი რატომ: მაშინ ხალხი სწრაფად ცხოვრობდა და ყველაფერს ასწრებდა. იქვე ყრია ტანსაცმელი რომელიც ერთი კვირაა არ გამომიცვლია, ჰო კიდევ ქლიბი და სან ანდრეასი დისკზე. რუსულად დაბეჭდილი წიგნი автомобиль რომელიც რომელღაც ნათესავის სახლიდან მოვიპარე, მერე რა რომ რუსული არ ვიცი - ცისფერმა ვოლგამ დამატყვევა. ჰო და მასთან ერთად წამოვიღე მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები, ძველებური ისტორიის სახელმძღვანელოები და რობი ვილიამსის პოსტერი.

ზოგადად, არა იპარო, ვიცი, მარა ამ აქტის მიმართ რაღაც ინტიმურად სასიამოვნო დამოკიდებულება მაქვს. პირველად წიგნი მოვიპარე ბიბლიოთეკიდან, რაც ბანალურია, მაგრამ უბრალოდ მომწონდა რომანი მე გაჩუქებ მზეს და პირველი ბიჭი შავი ტყავის ქურთუკით და შავი მოტოციკლეტით. მაგრამ მომბზერდა და დავაბრუნე. მერე სკოლიდან გალაკტიონის ჩარჩოში ჩასმული ფოტო, აი ის, ყველაზე მაგრად რომ გამოიყურება - ეშმაკური მზერა და გვერდზე მოქცეული ცილინდრი. სამაგიეროდ მაღაზიიდან არაფერი მომიპარავს. დიდი ვერაფერი გამართლებაა, თუმცა თავს არც ვიმართლებ - ყოველთვის ისეთ ნივთებს ვიპარავდი, რომლის არყოფნასაც არავინ შეუწუხებია, რომელის გადსაგდებად იყო განწირული - მაგრამ თუ ოდესმე გაიგებენ რომ მოვიპარე... მაგრამ ჩემთვის ისეთი ნივთები იყო აი ესთეტიკურს რომ ეძახიან. ერთი სული მაქვს იმ ცისფერწარწერიან არაყს როდის მოვიპარავ absolute vodka რომ აწერია.

მაგრამ ჯერ სახლიდან არ გავდივარ. კართან ორმეტრიანი ტარაკანაა აყუდებული როგორც იმ მულტფილმში კორალაინი თუ კეროლაინი თუ კაროლინი რომ ქვია, მაგრამ იქ ტარაკანა პარალელურ სამყაროში გამავალ კარს იცავს, ჩემთან კი ვიდეო თამაშის გრაფიკით აგებულ ქალაქს, რომელიც ძალიან სტრანნი გეტოა თავისი ბაროკოსებრი ძველი მხარით, ახალი მახინჯი შენობებით და ტალახიანი მტკვარით რომლის ხიდიდან ფრენაც ყველაზე ლამაზი კადრია წვიმიან ამინდში, მე რომ სიცივე სიკვდილზე მეტად არ მაშინებდეს, მეორე მხარეს კი ანძით, რომელიც თითქოს დასაბამიდან იქ დგას. მე ჯერ ვკმაყოფილდები მულტფილმების ყურებით ჩემს ბინაში, რომელიც არ არსებობს. ისეთი მულტფილმებით როგორიცაა ალისა საოცრებათა ქვეყანაში და კორალინა თუ კორალაინი საშინელებათაში. კიდევ მომწონს ის ფილმი ''გვირილები'' და პეპი გრძელწინდა, ბიულერბიუელი ბავშვები და მოკლედ ყველაფერი, რაც მე ვარ. დღემდე თან მაქვს ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობები და კიკინებს ყალბ მარგალიტებთან ერთად ვატარებ ტყავის ქურთუკით, რომელიც მახსენებს მამაჩემს, რომელსაც არასდროს მოწონდა ტყავის ქურთუკები და კეპს ყოველთვის უკუღმა ატარებდა. ზიგმუნდი მართალი იყო იმაში, რომ ბავშვებს, რომელსაც დედის რძით არ გაუნებრივრებიათ მოწევისკენ და ალკოჰოლისკენ აქვთ მიდრეკილება, მაგრამ არ ვეთანხმები რომ ყველა კაცში მამაჩემს ვეძებ. როგორ შეიძლება იმ კაცს ვეძებდე რომელიც მოვკალი?

მომწონს მატარებელი.
მტვრიანი ფანჯარა.
ფინქ ფლოიდის აღმავალი რიტმი გვირაბიდან გამოსვლისას.
მომწონს პატარა გოგონა რომელიც ჩემთან ერთად იმ ერთადერთ ადამიანად იქცევა, რომელიც სამსაათიანი მგზავრობის განმავლობაშ ფანჯარაზეა აკრული და წვიმით დასვრილ ხედებს აღფრთოვანებული უყურებს.
მეც პატარა გოგონა ვარ, ჰეი, მაგრამ არავისი.
მომწონს რკინიგზის ქვემოთ სველი ქუჩა მარკეტებით, ავტოსამრეცხაოებით, ნეონის განათებით და ხალხით, რომელსაც ვერასდროს ვნახავ მეორედ.
მომწონს ჩემი ქალაქი რომელიც არასდროს იქნება ამერიკა მაგრამ ყველაზე ამერიკული რამეა ყველაზე ამერიკული ფილმებიდან.
მომწონს სარეცხის თოკებით დასერილი ცა და შენობების ბასრი მოხაზულობა, რომელიც ციდან არ ჩანს, მე კი თავზე ბოროტი ღმერთებივით მადგას და გასრესვით მემუქრება. მიყვარს ვარძიაში თრიფი და ყველას დაყოლიება ვიწრო გვირაბში მესამედ გავიაროთ, მიყვარს ფილტვების გასკდომამდე სირბილი და სიბნელე კლდეში გამოჭრილ ღრმულებში რომელიც ჩემი შეყვარებულის თვალებზე შავი მაინც ვერ არის.
კიდევ მიყვარს დაკაწრული სადარბაზოები სადაც კლაუსტროფობია მიმძაფრდება და სახურავები სადაც სიმაღლის შიშს ახუნებს მზის გავარვარებული ოქროსფერი სხივები რომლებიც ჩემს ატომებს შორის ატარებს და მეუბნება, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, სანამ არ მოვკვდები ზედმეტად ახალგაზრდა ზედმეტად სასტიკი კიბოთი.

ჩემი შეყვარებულიც მიყვარს, რომელმაც არ იცის, რომ ჩემი შეყვარებულია
და მიყვარს ჩემი შიზოფრენიაც, რომელიც აზზე ვერასდროს მოვა რომ ეს მე ვარ მისი ჰალუცინაცია, თვითონ კი ჩემზე ნამდვილი რამეა დედამიწაზე.

მინდა ვიყო როკვარსკვლავი, მერე ნაგიჟარი მწერალი, ბოლოს ექსცენტრიკული რეჟისორი რომელიც რემბოს აფხაზეთს დააბრუნებინებს. და მინდა ეს ყველაფერი გიჟურ 27 წელში ჩავატიო, რადგან მერე დაბერების დაღმართი იწყება. ნუ, მხოლოდ ჩემნაირი გოგონებისთვის, თქვენ არაფერ შუაში ხართ. მაგრამ ალბათ გახსოვთ ის ფილმი ''კუბი'' სადაც ოცდამეექსვე ოთახის შემდეგ ყველაფერი აერდაერიათ და მიხვდნენ, რომ ოცდამეშვიდე არსებობს და ის არის ხიდი, რომელიც კუბიდან სინათლეში გადის. ხედავ ეს მხოლოდ მთვრალი როკვარსკვლავის დოზის გადაჭარბება არ არის... ლამაზი მეტაფორაა. მაგრამ მეტაფორებით საუბარი მეზიზღება. როგორც ჯიმ მორისონმა თქვა, მე უბრალოდ დაკარგული პატარა გოგო ვარ, მაგრამ რამდენადაც შეუძლებელი უნდა ჩანდეს ეს, მე ზუსტად ვიცი რა უნდა გავაკეთო - საქმე იმაშია, რომ ზუსტად ვერ მეცოდინება, კიდევ რამდენი წუთი დამრჩა დედამიწაზე რომ ეს რაღაც გავაკეთო. და მე სულაც არ მეშინია სიკვდილის, უბრალოდ მეშინია რომ სიკვდილამდე ვერ ვნახავ მტვრიან ლას ვეგას. მაგრამ სიკვდილი ყოველთვის მიმზიდველია, როცა ის ჯერ მოსვლას არ აპირებს და ეს ირონია სულაც არაა: მე მომწონს მის გვერდით სიარული და მანამ მიყვარს, სანამ მისი აღქმა შემიძლია.

მე ვიცი ვინ არის ჩემი სიკვდილი, ვიცი სამყარო რომელიც ვერასდროს მეცოდინება ბოლომდე და ვიცი რამდენად მაგარია ჯენის ჯოპლინის ნამღერი ელა ფიცჯერალდის სამერთაიმი, მაგრამ ვერაფრით გამიგია, მე უბრალოდ ერთანობა ვარ იმ ყველაფრისა, რამაც ოდესმე ატომებში გამიარა, თუ რა ჯანდაბა ვარ... თუ ჩემი შემადგენელი ერთი ნაწილაკი მაინც გამომეყოფა დავიშლები თუ გავაგრძელებ არ არსებობას.

ჩემი მოთხრობების ღმერთი ვარ, დიდად არ მადარდებს რა მოუვა იქ მცხოვრებ ეგზისტენციალური კრიზისით გატანჯვულ თნეიჯერს.
ბოროტი ღმერთი ვარ - მის ცხოვრებას შუა გზაზე ვწყვეტ, რადგან ვხვდები, მას ცხოვრება არ აქვს.
ბოროტი ღმერთი ვარ და ის თინეიჯერი ჩემთვის აღარ ლოცულობს.
ფიქრობს რომ ათეისტია და ეს ძაააალიან უხდება მის გოთიკურ იმიჯს.
ბოროტი ღმერთი ვარ და როგორც მორიგი სიგარეტის ღერი ისე არ მაწუხებს ჩემი მორიგი ბოროტი თამაში.
ჩემივე შექმნილ უსასრულო სიმკვრივეში ჩემივე ნებით შემაქვს ნათელი და შვიდივე დღე ჩემი არსებობიდან რაიმეს გამოძერწვას ვცდილობ.
საკუთარ თავს ვერასდროს ვემეგობრები, ყველა სარკე დავამსხვრიე და მაინც მეშინია სიბნელის.
ერთი თვალი მაშინ ამოვითხარე, როცა ჩემი ლამაზი თვალების გამო იმ კაცზე მათხოვებდნენ, რომელიც არ მიყვარდა. ერთადერთი თვალი მაქვს და იმასაც ჰელიქსის ნისლეულად ვასაღებ, იქედან ვუყურებ ჩემი სამყაროს ერთერთ ნაგლეჯს.
ვხვდები, ყველა ნაგლეჯი ერთმანეთს ჰგავს, თუ ზემოდან დახედავ და არა ხიდზე მზის ჩასვლისას კოკაკოლით ხელში - მანდ ცხოვრება ბევრად ადვილია.
ბოროტი ღმერთი ვარ და ნერვებს მიშლიან ტარაკნები და ყვავილები, რომლებთაც ჩემი არ ესმით.
ვერ ვუგებ ჩემს პატარა ადამიანებს, მაგრამ მოვითხოვ გაიგონ ჩემი ქმნილების ზესაიდუმლო, რომელსაც არ ვუმხელ.
ბოროტი ღმერთი ვარ და მალე მოვკვდები, როცა ჩემივე ღმერთობა თავს მომაბეზრებს,
ან სანამ ნამდვილი ღმერთი გამომაფხიზლებს და ერთ დღესაც მკერდში კიბოს მეტასტაზებს აღმომიჩენენ.



№1  offline მოდერი guroo

თითქმის ყველა წინადადება სავსეა სარკაზმით, თანაც შესანიშნავი და ლამაზი სარკაზმით. ყველაზე მეტად ამან მიმიზიდა.
კიდევ დაწერე რამე. უფრო ღრმად მინდა შენი უფსკრულის სიბნელეში ჩახედვა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent