კომპლექსი
პირველად რომ საკუთარი თავის უკმარისობა ვიგრძენი, ძალიან პატარა ვიყავი. ერთ დღეს სარკეში ჩავიხედე, ალბათ 13-14 წლის ვიქნებოდი და საკუთარმა ანარეკლმა გამაშეშა. ჩემს გარშემო ყველა ისე მელამაზებოდა, ტანი, სახე, თმა, ყველასი - ეს იქნებოდა ჩემზე მაღალი თუ დაბალი, გამხდარი თუ მსუქანი, ქერა, წითური თუ შავგვრემანი, ჩემმა ანარეკლმა აგრესია გამოიწვია. რატომ არ მქონდა უფრო სწორი და გრძელი ფეხი, თხელი და წვრილი წელი, ლამაზი და სლიკინა თმა, პატარა და აბზეკილი ცხვირი, სავსე და წითელი ტუჩები, ნუშის ფორმის თვალები და ა.შ. იმ გარდამტეხ წამამდე არასდროს მიფიქრია ამაზე. ახლა რომ ვფიქრობ, პირველი კომპლექსი სახლში, ოჯახის წევრების რეპლიკებმა: - დე, ნეტა ცხვირი არ გაგეტეხა, არაუშავს, გაიზრდები და ახლა პლასტიკური აღარავის უკვირს. - აუ, მა, რა ლამაზად გამოიყურები, ერთი ეს ცხვირი გავიკეთოთ მალე, გოგო ვერ გაჯობებს. - ჩემმა თანამშრომელმა თავისი გოგოსთვის რაღაც ვიტამინები იყიდა სიმაღლეში გასაზრდელი, მოდი, იქნებ შენც დალიო. - აუ, რომ დაანებე სპორტს თავი, ხედავ როგორ შეგეცვალა სხეული? პური აღარ ჭამო! - რა არის ეს თვალები, რატომ გაქვს ასე ჩაშავებული? - თმა ძალიან გამომშრალი გაქვს - შენს დას შეხედე, შენზე რამდენი წლით უფროსია და უფრო გამხდარია. - შენი და ულამაზესია… ისე საერთოდ არ გავხართ ერთმანეთს. - შენი ძმა უჭკვიანესია, შენ რა გჭირს - აი, ბრეკეტები გჭირდება, სანამ გაიღიმებ, ისეთი ლამაზი ხარ, უნდა მივხედოთ ამ პრობლემას. ამ და სხვა უწყინარმა ფრაზებმა, რომელსაც რეალურად მხოლოდ ოჯახში არ ვისმენდი, გარდატეხის ასაკში ისეთი დაღი დამასვა, როგორც არ უნდა გავპრანჭულიყავი, როგორ ძალიანაც არ უნდა მომწონებოდა სარკეში ან ფოტოში ჩემი თავი, უარვყოფდი. დროთა განმავლობაში ისე გამიჯდა დაბალი თვითშეფასება მთელს სულიერ და ხორციელ ორგანიზმში, ვინმე რომ ქათინაურს მეტყოდა, ჩემი პასუხი იყო: - კაი, რა, რას მეღადავები. მეგონა, ადამიანი რომ შემომხედავდა, მხოლოდ ჩემს არც თუ ისე სრულყოფილ ფეხებს და გაფუჭებულ ცხვირს დაინახავდა. დასამალად რას არ ვაკეთებდი, ხან თმებს ვიყრიდი წინ, ხან უგვანო წინამოს წავიჭრიდი, გვერდზე თუ ვინმესთან უნდა ჩამევლო, აუცილებლად თვალის ფშვნეტას ვიწყებდი და ამ გზით ვფარავდი პროფილს. ახლა რომ ფოტოებს ვუყურებ, არაფერი ტრაგიკული არ მჭირდა. ფითქინა კანი, გრძელი კისერი და წამწამები, ლამაზი წარბები, თხელი ტუჩები, ღია ყავისფერი თმა-თვალი და საშუალო ზომის ცხვირი მქონდა, უბრალოდ კომპლექსებისგან ისეთი ზიზღი მქონდა გაჩენილი, რომ არ ვუვლიდი. თმას არ დავივარცხნიდი, რა აზრი ჰქონდა, მაინც უშნო ვიყავი. წარბს არ ავივარცხნიდი, რა უნდა შეეცვალა, მაინც ვერ გავლამაზდებოდი და ა.შ. ალბათ მიმიხვდით, რასაც ვგულისხმობ. ასე გრძელდებოდა 18 წლამდე. შემდეგ ბრეკეტები მოვიხსენი და ჩემი ოცნების ოპერაცია გავიკეთე - ცხვირი დაუბრუნდა საწყის მდგომარეობას. ისეთი ბედნიერი ვიყავი, ისე მიხაროდა, მეგონა მთებს გადავდგამდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს ყველა პრობლემას მოაგვარებდა ეს ქირურგიული ჩარევა. მაგრამ… ჰოი, საოცრება! 2 კვირაში ყველაფერი ისევ გაუფერულდა. ისევ აღარ მომეწონა ანარეკლი სარკეში. ისევ კირკიტი დავუწყე, თმის ფერი შევცვალე, გავქერავდი და მიშველა - 2 დღით. შემდეგ წონა ავიკვიატე უმოწყალოდ. ახლა მეცინება, დაახლოებით რომ აღიქვათ - 170სმ-ს ფარგლებში 55-56 კგ ვიყავი. მეგობრებო, ყველაზე მსუქანი მეგონა ჩემი თავი. უვარჯიშობისგან რომ მომიდუნდა კუნთები, მეგონა კი არ დავდიოდი, დავგორავდი ამ უკიდეგანოდ ლამაზ დედამიწაზე. მეგონა ვამძიმებდი სამყაროს. შემდეგ იყო პირველი უარი ბიჭისგან რომელიც მომეწონა. სინამდვილეში სრული თინეიჯერული ამბავი იყო, უარყოფა ვერ მივიღე და დრამა დავდგი, ვითომ, არიქა, ვგიჟდებოდი ამ ბიჭზე, თორემ არანაირი რეალური მიზიდულობა არ მქონია. ამ მრავალჯერ გათელილი თვითშეფასების გამო ისეთ ადამიანთან დავიწყე ურთიერთობა, რომელთანაც საერთო არაფერი მქონდა და აღმოვჩდი საკმაოდ ხანგრძლივ და ძალიან ტოქსიკურ ამბავში. უამრავი შეცდომა დავუშვი და ეს ჩემი ისედაც გამოშტერებული თავი, კიდევ უფრო მეტად გამოვაშტერე. დავიკარგე. ისეთ სიბნელეში აღმოვჩნდი, საერთოდ არ ვიცოდი ვინ ვიყავი. ვერც სხვას ვუზიარებდი და ისე ჩავიკეტე, იმდენჯერ ვიფიქრე სუიცი*ზე, ისეთ ღრმა დეპრესიაში ჩავვარდი და ისე გამიჭირდა იმ შხამიანი, მომწამლავი ურთიერთობიდან გამოსვლა, ყველაფერი ჩამომენგრა თავზე. დავდნი, კანი გამიუფერულდა, თვალები მეტად ამომიშავდა, უმეგობროდ დავრჩი ამხელა სამყაროში. ბოლოს როცა ეს ჯაჭვი საბოლოოდ გაირღვა და დაისვა წერტილი, შიშმა შემიპყრო, რომ მარტოსულობაში ამომხდებოდა სული. რომ წესიერი ადამიანი არასდროს გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში. ფიქრებით ვიყავი მოცული, იქნებ მარტო ყოფნას ისევ იმ საერთოდ არაჩემ ადამიანთან ყოფნა სჯობდა. ნაპირზე გამორიყული თევზივით ვფართხალებდი. ჟანგბადი სულ უფრო და უფრო ცოტა რჩებოდა. ვიგუდებოდი. შემდეგ… შემდეგ… შემდეგ მზემ გამოანათა. არსაიდან გამოჩნდა ჩემი ადამიანი. სრულად შევისისხლხორცე. ისე გამამთელა. ისე მიაწეპა ჩემში ჩამომსხვრეული თითეული დეტალი. ისე დამაჯერა, რომ საკმარისი ვიყავი… თავიდან დავიბადე. პირველად, გულწრფელად ვიგრძენი, რომ სინამდვილეში მართლა მშვენიერია ცხოვრება. მიზნები გამიჩნდა, ყოველდღე უფრო მეტად დავიწყე მცდელობა, რომ საუკეთესო ვერსია შემექნა საკუთარი თავისგან. მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ობიექტურად ლამაზი ვიყავი მოზარდობისას თუ ახლა. რომ არ იყო საჭირო სუპერმოდელის სხეული იმისთვის, რომ საკუთარი ანარეკლისთვის თვალი არ ამერიდებინა. მეგონა ბრძოლა მოვიგე. გავიზარდე. პრიორიტეტები დავახარისხე. გონებრივ განვითარებაზე დავიწყე ზრუნვა. მიმზიდველი გავხდი, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის. მაგრამ. ისევ გაჩნდა მაგრამ. ვიმშობიარე და სხეული სრულად შემეცვალა. რომ მეგონა, გავიზარდე, ჭკუა ვისწავლე და საკუთარ თავს ჩემივე უაზრო ფიქრებით აღარასდროს დავაზიანებდი, მწარედ შევცდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქმარი ამ წამამდე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩემში არსებული არასრულფასოვნების კომპლექსი აღმოფხვრას და დღე არ გავა შემდეგი ფრაზების გარეშე: - ჩემი ყველაზე ლამაზი - ჩემი ჭკვიანი - ხომ იცი, რომ საუკეთესო ხარ - ყველაზე მეტად მიყვარხარ - ყველაზე მეტად შენით ვამაყობ ამ სამყაროში და სხვა, ჩემი თავი შიგნიდან კვლავ მანადგურებს. დიდხანს უარვყოფდი, რომ სხეულის ცვლილება გულს მტკენდა. ვცდილობდი, ჯანსაღი აზრი არ დამეკარგა. ახალი სიცოცხლე შევქმენი. საოცარი ადამიანი გავაჩინე და უფლება არ მაქვს მომატებულ კილოგრამებს, გაჩენილ ცელულიტსა და სტრიებს ეს ბედნიერი დღეები გავაფუჭებინო, თუმცა, ვგრძნობ, რომ ვმარცხდები. ბავშვობაში კოდად ჩადებული - სიგამხდრე სილამაზეა - არ მასვენებს. ისევ შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენს პლანეტას ვამძიმებ. გამიმართლა, რომ გვერდში სამყაროს საუკეთესო პიროვნება მყავს, რომელიც ჩემთან ერთად იბრძვის ჩემი ემოციების წინააღმდეგ, ამიტომ ვიცი, რომ ამ ბრძოლასაც მოვიგებ ჩემს თავთან, მაგრამ მშობლებო, მეგობრებო, დებო და ძმებო, მეზობლებო და ნათესავებო. ასჯერ კი არა, ათასჯერ დაფიქრდით სანამ თქვენს გარშემო მყოფ მოზარდებს მათ შესახებ თქვენს აზრს გაუზიარებთ. სანამ ჩააწვეთებთ სილამაზის სტანდარტებს ან მათ გონებრივ შესაძლებლობებს გაუსვამთ ხაზს. იმ ასაკში გაჩენილი კომპლექსების დაძლევა ზრდასრულობაში იმხელა რესურს მოითხოვს, იმდენ სირთულეს ვაწყდებით ადამიანები ამის გამო და იმხელა შრომა გვიწევს ჩვენს ფიქრებზე გასამარჯვებლად… ვერც კი წარმოიდგენთ თქვენი უწყინარი რეპლიკა, რას მოიტანს. არ იცით, თითოეული ადამიანის ტვინი როგორ რეაგირებს სხვადასხვა ფაქტორებზე. გაუფრთხილდით თქვენი პატარების ფსიქიკას, არ შელახოთ და სხვასაც არ მისცეთ უფლება დააზიანოს მათი ცნობიერი თუ ქვეცნობიერი. ზრდასრული ადამიანი დროს არ უნდა ხარჯავდეს ბავშვობაში გაჩენილ კომპლექსებთან ბრძოლაში. არ უნდა გუდავდეს შფოთვითი აშლილობა მომატებულ ან დაკლებულ კილოგრამებზე. უთხარით, რომ ლამაზია ზუსტად ისეთი, როგორიც არის. ძალიან საინტერესო და ჯადოსნური თავგადასავლებით სავსეა ეს ცხოვრება. ყველა წამი და წუთი მნიშვნელოვანია. დასაკარგი დრო არ გვაქვს. ადამიანებს სჭირდებათ ადამიანები ბედნიერებისთვის, სიმშვიდისა და სილაღისთვის. ნუ დაამსხვრევთ ამას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.