გატეხილი თოჯინა
"გატეხილი თოჯინა" დრო იყო, ღრმა ბავშვობაში, გაჭირვების და სხვა ათასი უბედურების ფონზე, რომელიც წყვდიადისფერ ოთხმოცდაათიანებში ხდებოდა, მე არ ვიყავი მეამბოხე და ამ სიტყვაზე არა მსმენოდა რა. ვთამაშობდი ჩემი გატეხილი თოჯინით და სამყაროს მერჩია ის. სიმართლე გითხრათ სხვა არ მქონდა და არც ვოცნებობდი, რომ ოდესმე მექნებოდა. ოცნებებიც პაწაწინა და მცირე მქონდა ისეთივე, როგორიც თავად ვიყავი. არ მიფიქრია მაშინ, იმ ბავშვად ყოფნის დროს, რომ სადმე სხვაგან სხავანაირად ცხოვრობდა ხალხი. რომ სხვისი მამა სხვის დედას არ უყვიროდა, არ აგინებდა და ხანდახან სიყვარულით არ სცემდა კიდეც. თქვენ ალბათ გაგაოცებთ ჩემი სიტყვები და ბავშვურ სისულელეს მიაწერთ, მაგრამ არა! მე სწორედ ასე მჯეროდა მაშინ, რომ ადამიანს შესაძლოა სიყვარულის სახელითაც სცემდნენ, ისევე როგორც მამა დედას. როდესაც მშობლები ჩხუბობდნენ მაგიდის ქვეშ ვიჯექი და გულში ჩემს გატეხილ თოჯინას ვიხუტებდი. არ ვტიროდი, არც მათ გაშველებას ვცდილობდი. უბრალოდ მორჩილად ველოდი, ქარიშხალი როდის გადაივლიდა. დედაჩემი სუსტი ქალი იყო, როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად. ხოდა ადგა და ერთ დღესაც გატყდა. ხო, არ მოგესმათ. მამაჩემმა თავისი სათამაშო მორიგი ცემისას გატეხა. არა კი არ უნდოდა მისი გატეხვა, უბრალოდ შემთხვევით შემოატყდა! მაშინ სხვა გზა არ დარჩათ და დედა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მე ცოტა ვიტირე, რადგან იმ დღეს ჩემთვის გაუგებარი დასასრული ჰქონდა. დედა, ცხოვრებაში პირველად, სახლში არ ათევდა ღამეს. ის ერთი კვირა, რაც დედა სახლში არ იყო, მე მშვიდად ვცხოვრობდი. მამას არავინ ჰყავდა ვისთანაც ითამაშებდა და სახლში აღარ მოდიოდა. ბებია კი ამბობდა, რომ ეს არაფერია, მამას დედა უყვარს და ამას მხოლოდ სიყვარულის გამო აკეთებს. მახსოვს ვინატრე, რომ დედა სახლში აღარ დაბრუნებულიყო. მეც მიყვარდა ჩემი თოჯინა. ერთხელ წინ დავისვი და დავაკვირდი. არ იყო ლამაზი, ცალ თვალს ვერ ახელდა. თმა გაწეწილი ჰქონდა და ხელიც სძვრებოდა. _ რა მახინჯი ხარ!_ ვუთხარი ხმის კანკალით. რადგან არ ვიყავი დარწმუნებული იმაში, რასაც ვამბობდი. მე არ ვიცოდი ჯერ ამგვარად თამაში. _ რა საძაგელი და მახინჯი ხარ!_ ვუთხარი ისევ ჩემს ერთადერთ მეგობარს. ხმაც გავიმკაცრე. _ ისეთი მახინჯი ხარ, რომ ცემას იმსახურებ!_ პატარა ხელი ავწიე და თვალზე ცრემლები მომადგა. საკუთარ თავში ძალას და გამბედაობას მოვუხმე და მაინც გავარტყი. საწყალი თოჯინა სკამიდან გვერდზე გადაყირავდა და იატაკზე გადავარდა. ხმა არ გაუღია, არ უტირია, არ შემწინააღმდეგებია ისევე როგორც დედა მამას. დედა გამახსენა, ამიტომ შემეცოდა. ხელი დავავლე გულში ჩავიკარი და გავარწიე. _ მიყვარხარ მე შენ!_ ვუთხარი ჩურჩულით. მართალი იყო მამა, თურმე შეიძლებოდა ცემა სიყვარულის სახელით. კვირის ბოლოს, როცა დედა დაბრუნდა საკუთარ თავს აღარ ჰგავდა. მაგრამ რომ დავფიქრდი ვერ გავიხსენე, როგორი იყო ის წასვლამდე. დედას თითქოს კონტურები წაეშალა. თითქოს გაიდღაბნა. თითქოს აიმღვრა. ისევე როგორც მცნება "ქალი." იმ დღის შემდეგ დედამაც შეიყვარა ეს უცნაური თამაში. მამა დედასთან თამაშობდა, დედა ჩემთან, მე თოჯინასთან და ასე გვიყვარდა ერთმანეთი ეჭვშეუტანლად და შეუმცდარად. ჩემში, როგორც რობოტში თითქოს სქემა ამუშავდა. სქემა სახელად " მე ვარ გატეხილი თოჯინა". ამას მოჰყვა ახალი სქემა _ "გცემ? ესეიგი მიყვარხარ!" და კიდევ სხვა, "ოჯახი ასეა, აბა როგორ გინდა?!" " ქალი ხარ და უნდა გაუძლო!" "თუ ოჯახი გიყვარს, არ დაანგრევ!" " ეს საქართველოა და სხვაგან რა ვიცი?!" "კაცის ღალატი ღალატი არაა!" "თმა წითლად შეიღება, ანუ ა!" " დროზე თუ არ ჩაბარდება პატრონს, ხელიდან წავა!" თანდათან ამ მახინჯმა სქემებმა ჩემი არსება ისე ამოავსეს,ისე ამოპირეს, ისე ამოყორეს, რომ ზუსტადაც ეს გახდა ჩემთვის ნამდვილი რეალობა. მერე დრო გავიდა და ერთ დღესაც 17 წლისა "პატრონს ჩავბარდი" პირველად ქორწილიდან ორ თვეში მცემა, ჩემი ბრალი იყო, მეზობელ ბიჭს მივესალმე და გავუღიმე. მეორედ სამი თვის ორსულს, კაბა მეცვა ორსულისთვის შეუფერებლად მოკლე. მესამედ შვიდი თვის ორსულს, დამეძინა და საჭმლის გაკეთება დამავიწყდა. მეოთხედ მეძუძური გამლახა_ ტახივით ვიყავი გასუქებული და თავს არ ვუვლიდი. მეხუთედ იმის გამო, რომ ბავშვი ტიროდა , ანუ არ ვუვლიდი საკმარისად კარგად.... და მერე სათვალავი ამერია.... ყოველი ცემის შემდეგ, ვიჯექი და ვფიქრობდი ჩემს გატეხილ თოჯინაზე. ახლა მეცოდებოდა ის და ვუთანაგრძნობდი. ვნანობდი, ყველა იმ დარტყმას და ბზარს, რაც ჩემს გამო სტკიოდა. შემდეგ ცრემლებს ვიშრობდი და საკუთარ თავს ვახსენებდი, რომ მე ოჯახის ქალი ვარ და ქმარი ძალიან მიყვარს. რომ მასაც ვუყვარვარ, რადგან შრომობს, წელებზე ფეხს იდგამს და მე და ბავშვს გვინახავს და მე მისი მადლიერი უნდა ვიყო. რომ ყველგან ასე ხდება, რომ მე გამონაკლისი არ ვარ... რომ მე უნდა მოვითმინო.... რომ როგორც ჩემი დედმთილი ამბობდა: " კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამს.!" ერთ დღეს ჩემი მეუღლე "ნასვამი" მოვიდა. მე იატაკს ვხეხავდი მუხლებზე დამდგარი, ჩოთქით, ისე, როგორც ჩემმა დედამთილმა მასწავლა. შემოვიდა ჩემი ქმარი შემომხედა და მოულოდნელად წიხლი მომიქნია. _სულ ასე წაკუზული როგორ უნდა იყო, შენი ბ.ზი დედა მოვ...ნ!_მიღრიალა განრისხებულმა. ერთ წიხლს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე. მაგრამ მე ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი. მხოლოდ გაშტერებული ვუყურებდი საოცრად ნაცნობ კადრებს. თუ როგორ აიღო ჩემმა ოთხი წლის გოგონამ თავისი ძველი გახუნებული თოჯინა ხელში. როგორ შეძვრა მაგიდის ქვეშ. როგორ ჩაიხუტა გულში და დაუწყო მონოტონური რწევა. თითქოს ჩემი ბავშვობა მეორდებოდა. ეს კადრი ჩემი გადარჩენის დასაწყისი გახდა. მე შემეშინდა, რომ ძალიან ცოტა იყო დარჩენილი იქამდე, როცა ჩემი გოგო თავის თოჯინაზე პირველად ასწევდა ხელს და დაიჯერებდა, რომ ცემა სიყვარულითაც შეიძლება. იმ ღამეს ოჯახი დავტოვე. მე ხელში მეჭირა ჩემი შვილი, მას თავისი გახუნებული თოჯინა და ჩვენ მივდიოდით სახლიდან, სადაც სიყვარულით გვცემდნენ და ეს ნორმად მიაჩნდათ. ახალი სქემები ჩაიბეჭდა იმ ღამეს ჩემ და ჩემი გოგონას გონებაში. სქემა სახელად "უნდა გადარჩე!" "ჩვენ ყველაფერს შევძლებთ!" "ცემა სიყვარული არ არის!" და "კარგ ცხენს სწრაფად გაქცევაც შეუძლია!" ნურასდროს დაიჯერებთ და ნურც თქვენს შვილებს მისცემთ უფლებას დაიჯერონ, რომ ცემა ნორმაა! რომ ამის მოთმენა გმირობა და კაი ქალობა და "პატრონს ჩაბარება" გამოსავალი. და გვაპატიეთ, ჩვენ გატეხილ თოჯინებს, რომ საკუთარ თავებს ეს დავმართეთ, ასეთი მაგალითი მოგეცით შვილებს. ეს ნორმა არაა! მათრახს მხოლოდ ის ირტყამს, ვისაც გადარჩენის გამბედაობა არ აქვს და ვისაც იმდენად არ გაუმართლა, რომ ღირსეული პარტნიორის ნაცვლად სულით მახინჯი, ლაჩარი მოძალადე შერჩა ხელთ. ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.