შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტალავერების ხელებს (სრულად)


16-02-2025, 22:43
ავტორი ika abashidze
ნანახია 1 110

(პროლოგი)

ბავშვობაში მეგონა, რომ ტალავერებზე გადაჭიმულ-გადახლართული ტოტები ხელები იყვნენ, რომლებიც გაურკვეველი მიმართულებით მიიკლაკნებოდნენ. ახლა ოთახში ვზივარ და სრულიად უეცრად ვხვდები, რომ ეს ხელები კალმისა და ფურცლებისკენ იწეოდნენ, რამეთუ მათი მრავლის მთქმელი სახეები და მიმიკები მიწის ქვეშ დამარხულიყვნენ ღრმად.

მიეცით ფურცელი და კალამი ტალავერების ხელებს, მათი კონვერტი კი ან რომელიმე ღვინის ჭიქა იქნება, ან მე.

(გამიღეთ კარი)

- პაპი, სულ ასე რატო იხლართება ვაზი?
- რას ქვია, იხლართება, შვილო? ლამაზია. ამაზე ლამაზი, აბა, ხე გინახავს სხვაგან?
- აგე, პაპი, ნახე! როგორ არ იხლართება! სულ დაკლაკნილია და ვერ გაუგია, რომელ მხარეს უნდა წასვლა.
- ეგ იმიტომ, რომ მოსაჭიდს და მისაყრდნობს სადაც ნახავს, იქ გაჩერდება, იდაყვს ჩამოდებს და შეისვენებს. მერე გააგრძელებს გზას და კიდევ რომ ნახავს ეგეთ ადგილს, ისევ შეისვენებს. - პაპამ სიგარეტს მოუკიდა.
ეზოში ვიდექით მე და პაპა, მე წვრილი მავთულებით მთელ ცაზე გაჭიმულ ტალავერს გავცქეროდი და დანაოჭებულ ვაზის ტოტებს ვაკვირდებოდი.
რამდენიმე დღის წინ, მე და მიშიკომ განძის რუკა დავხატეთ და ამ ვაზების დახლართული მიმართულებაც მაგ რუკას მაგონებდა.
მე და მიშკამ, სიმართლე რომ ვთქვა, ზუსტად არ ვიცოდით განძი სად უნდა გვეპოვნა და ამ რუკის ბოლო წერტილიც არსად დაგვისვამს. ეს ვაზის ტოტებიც უსასრულობისკენ მიიწევდნენ, ასე ჩანდა თავიდან, თუმცა ბოლოს, ტალავერი მთავრდებოდა და ერთერთი ბოლო ტოტი, უმწეოდ შემოხვეულიყო გაყინულ რკინის ბოძს.
პაპას ეზოში კიდევ ორგან ჰქონდა მსგავსი ტალავერი და ვაზის ხეები.
- ნიკო, გაწვიმდა, შევიდეთ სახლში.
- ცოტა ხანს ვიყოთ კიდევ, პაპი! მართალი იყავი. მართლა ლამაზია ეს ვაზი.
- მერე, უნდა იდგე და უყურო?
- ჰო! რა დაშავდება?
- შვილო, ვაზი ლამაზი შემოდგომითაა. ყურძნებს რომ მოიბამს, მომეხმარე და ერთად დავკრიფოთ მე და შენ.
პაპას ხელი ჩავკიდე და სახლისკენ წავედით.
...
რამდენიმე წამში, მეღვიძება და გაბრუებული ვარ. მაგიდაზე დადებულ ჭიქა ჩაის შევხედე, სანამ მეძინა, სულ გაციებულიყო.
მე და პაპაც ამ მაგიდასთან ვვახშმობდით ხოლმე ჩემი წუწუნის და საბოლოოდ სახლში შესვლის შემდეგ.

პაპას:

რამდენი წელი გასულა, პაპი, მე აქ მოსული ისევ ისე გაოცებით ავცქერი ხოლმე ტალავერებს და მასზე მოხვეულ ვაზებს.
ოღონდ ახლა მარტო მათი სილამაზე არ მაკვირვებს, განსხვავება ესაა.
ეს ვაზის ტოტები, გაყინული რკინის ტალავერების ხელებს ჰგვანან, ყველანაირი საზრდოსა და მზისგან მიტოვებულნი ზეცისკენ მიიწევენ, როგორც მორწმუნის ხელები ღვთისადმი და ცდილობენ, წვრილი მავთულები, რომლებზეც შემოხვეულან, მზის ოდნავი სითბოთი ანუგეშონ, სითბოთი, რომელიც ჟრუანტელს ბადებს მათ დანაოჭებულ სხეულში.
განა რა უშველის, ზამთრით ასე ძლიერ მოცულ გარემოცვას? არ ვიცი. ალბათ, ისეთი რწმენა, როგორიც ამ ვაზის ტოტებს აქვთ. წლებია, ნაყოფი არ მოუბამთ, თუმცა მაინც ზეცისკენ მიიწევენ.
ვინ იცის, იქნებ, როგორც სასოწარკვეთილი კაცი, სიკვდილს ნატრობენ და ასე, ზეცაში ცქერით გამოხატავენ თავის დაუოკებელ სურვილს.

(გაიღიმე)

მიშკას:

მიშკა, შენ აღმოჩნდი ის ერთი, ვინც რუკას ბოლოს წერტილი დაუსვა და იმ განძის ადგილსამყოფელსაც მიაგენი.
ზოგჯერ, იძახიან, განძი და სიმდიდრე ბოლოს ყველაზე მეტად დაგაბრმავებს და გაგძარცვავსო. შენ რა ქენი მაგ განძით?
სამუდამო ბინდის შავი ფარდების უკან იმალები, თუ, რკინის, დიდ-ღრიჭოებიანი ფარდის უკან გმალავენ ძალით, ოთხ კედელში მოქცეულს?
ძია დიტო სულ მხვდება ხოლმე, აქ როცა ვარ. ისევ ისე დააქვს სახლამდე მძიმე პარკები, როგორც წლების წინ. გახსოვს, ხან შოკოლადებს მოგიტანდა ხოლმე, ხან ორცხობილებს, მერე მე და შენ უბნის ბოლოში, ჯვართან გავიდოდით და ვიყოფდით ყველაფერს.
შენზე ნაწყენი არ ჩანს, ან, მე რა ვიცი. ისეთი კაცია მამაშენი, ესე ერთი შეხედვით ვერ გაუგებ, რას ფიქრობს, რას ინახავს გულში.
მაგრამ მთავარი ისაა მიშკა, რომ მე გითხარი, ასე მგონია და ასე ჩანს, რომ შენზე ნაწყენი არაა მეთქი. იქნებ რამენაირად მოაღწიოს ამ წერილმა შენამდე.
რავიცი, ნუ მოაღწევს, თუ უნდა. მთავარია, მე ხომ გითხარი. რომ ვიცოდე, მისმენ, მეცოდინებოდა, რომ გაიგებდი.

(ქალი სასთუმალთან)

მატილდას:

მატილდა, არ ვიცი რითი დავიწყო. არ მინდა, ბანალურად ჯერ მოგიკითხო და ისე მოგწერო რამე.
მაგრამ ეგრე უზრდელობა გამოვა.
კი, წლები გავიდა მაგრამ, მახსოვს მაინც, ერთ დღეს რომ გავიღვიძე, შენთან მოვედი და შენები ატირებულები დამხვდნენ, წავიდაო, იმ მამაძაღლთან ერთადო, მამაშენი სულ ასე ამბობდა.
დიდი ხანი ვიყავი საგონებელში.
მაგრამ, ამას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს, მაშინ რა ქენი.
მთავარია, როგორ ხარ, სად ხარ. არ ვიცი და ვერც გავიგებ, იმიტომ რომ ისიც არ ვიცი, ეს წერილი სად გამოვგზავნო.
რამდენი გეგმები გქვონდა,
ქაოტური ქალაქი, პატარა ბინა, რამდენიმე კატა, და მე და შენ. მე და შენ.
წესით, ახლა სესხს უნდა ვიღებდე და სახლს ვყიდულობდე.
მაგრამ უშენობით მივხვდი, რომ აქაურობის გაყიდვა სხვანაირად გამანადგურებდა.
მაინც მაკლიხარ.
ამას წინათ, რამდენიმე დღეს თბილისში ჩამომიყვანეს რომელიღაც სკოლაში, ტრენინგისთვის. გაკვეთილი დავასრულე და კლასიდან გამავალ ბავშვებში ერთი გოგო გამოვარჩიე, ძალიან გგავდა. თითქმის ისეთი იყო, როგორიც შენ მახსოვხარ ბავშვობაში.
მიხარია, მატილდა, მართლა მიხარია.
მაგრამ, სიხარულზე მეტი ჭეშმარიტებით მიყვარხარ.
გნატრობ ხოლმე და ხელს ჩავიქნევ.
მოკლედ, მინდა კარგად იყო, სადაც ხარ. წესიერად, აღარც მახსოვს, რა ქენი და რატომ, მაგრამ საჭირო არცაა.
იყოს ისე როგორც არის. დაე მიყვარდე.

(მე ვარ)

გუშინ დილით, სრულიად გამოუძინებელი ვიჯექი ჩემი ეზოს შუაგულში, სკამზე, რომელიც ოთახიდან გამომეტანა.
ვიჯექი და ცას ავყურებდი, რომელიც ნელნელა უფრო და უფრო ნათდებოდა და ტალავერის და ვაზის გალიის უკან იმალებოდა.
...

ტალავერების ხელებს:

ტალავერების ხელებს,
ნაოჭების
კაბებით
დანაბერებთ,
ვინღა გამოუბამს,
ღვინისფერ მტევნებს?
მე,
რა
დამაბერებს...
ჩემს ვაზის სასახლეს,
ქარი, ცისფერი და
ვაზის ფოთლები
ისე არწევენ,
როგორც აკვანს.
მარტოობა მიმღერის
სიკვდილის ნანას.
...
მონატრება კმარა.
გადავიწყების
ჟანგი თუ შეჭამს,
ფეხზე ძლივს მდგარ,
ძველ ტალავერებს,
ან,
საცოდავად, თუ შეაფერებს,
სხვას, თუ შეახედებს.

(მახვილი გულს)

ზამთრის ჩიტებს:

ზამთრის ჩიტებო,
მე, მაინც ის მაფიქრებს,
ამ დილით, თქვენ რაღა გამღერებთ?
ცოტაც, და სახლში მკვდარი დაწვეს.
არა გრცხვენიათ?
ან არა გცივათ?
...
ზამთრის ჩიტებო,
ზამთრის ჩიტებო,
ჭაღარა ბუმბულის
თბილ გუნდებში,
იქნებ ეგ ნისკარტები ჩარგოთ,
თორემ, იმდენს მაფიქრებთ,
იმდენს რამეს მაგონებთ,
ზამთარი იხელთებს დროს,
მოიფიქრებს,
რითი დამჩაგროს.

(წერილი ცეცხლს)

წერილები პატარა წიგნად ავკინძე და
მაგიდის უჯრაში შევინახე.
მეტი, ვინ ან რამ, რაღა უნდა დამმართოს?
მარტოობაზე უარესად,
ნეტავ, რომელი სასმელი დამათრობს?
...
ოთახში შუქს ვაქრობ...
...
დილის ლურჯი ელფერი, კანივით გადატყაულ და თითქმის ამძვრალ, ხმელ ქერქად ეტყობათ ტალავერების ბებერ ხელებს.
ჩემს მკლავებსა და ტანზე კი მისი შეხება, ჩიტის ბუმბულივით, ძლივს მიკრობილიყო და ვერაფრით მომეშორებინა.
ახლა ვხვდები,
ჩემიცა და ტალავერების ხელებიც რაღაცისკენ ილტვიან, რაღაც წასულისაკენ.
სანამ ტალავერების ხელებისავით,
მეც გავხმი და გავძეგლდი,
იქნებ-

დასასრული.



№1 სტუმარი ანსკი

ეს ავტორი ამ უაზრო რაღაცეებით საიტს რატომ აცდენს?პირად გვერდზე წეროს ხო შეიძლდბა

 


№2  offline წევრი ika abashidze

ანსკი
ეს ავტორი ამ უაზრო რაღაცეებით საიტს რატომ აცდენს?პირად გვერდზე წეროს ხო შეიძლდბა

ამ კომენტარის დაწერაში რამდენი წუთი დახარჯეთ? არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა, მაგ რამდენიმე წუთით რამე უფრო პროდუქტიულის გაკეთება შეგეძლოთ?

 


№3  offline მოდერი Catherine Di Perso

მრავლისმთქმელი და ამასწინათ ერთად იწერება.
ნელნელა - ნელ-ნელა
ერთერთი - ერთ-ერთი

მომეწონა. მართლა ვაზივით შემომეხვია ნოსტალგია და მარტოობის ცივი თითების შეხებაც ვიგრძენი. საინტერესო გადმოცემის ფორმაა, თუმცა ცოტა მარილი დამაკლდა. ჩანს, რომ აღწერები თავის ნებაზე რომ წავიდეს, უუნაგირო ცხენივით თავისუფლად გაინავარდებს და ველოდი ამ მომენტს, თუმცა... შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს, სპეციალურად უჭერდით სადავეებს და არ მიეცით სიტყვებს თავისუფლება.
მოკლედ, მეტი მინდა. ))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent