რაც არავის ახსოვს
ხანდახან არ ვიცი, დავლიე თუ არა წამალი. არა იმიტომ, რომ მავიწყდება, არამედ იმიტომ, რომ ყველაფერს ისე ვაკეთებ, თითქოს ცხოვრებაში ჩემი ადგილი დროებითია. მაშინაც კი, როცა ჩემს სახელს ამბობენ, მგონია, რომ სხვა იგულისხმება. ვოცნებობ მაშინაც, როცა ოცნება ხდება , თითქოს ვერ ვიჯერებ, ვერ ვცხოვრობ იმით, რაც ერთხელ იყო ნატვრა. ვფიქრობ, რაღაც უკეთესი ჯერ კიდევ მელოდება და ასე, ნელ-ნელა მაკარგვინებს ყველაფერი მშვენიერი თავს. შემიძლია შევიყვარო უცნობი, მის თვალებში საკუთარი მარტოობა ვიპოვო. ვიტირო უცხოსთვის ისე, როგორც საკუთარი ტკივილისთვის ვერასდროს. ვუსურვო ბედნიერება, რომელიც მე არ მქონია. ყველაფერი კარგი სხვისთვისაა. მზეც, წვიმაც, სიმშვიდეც. ნათელი კუთხე მუდამ სხვას ხვდება, სხვას უმღერის წვიმა, ქარიც სხვის ფარდებს ეთამაშება. მე მათთვის ვბრწყინავ, ვიკარგები, ვიცლები, არაფერი ჩემთვის არ არის და მაინც, ყველაფერი ჩემით იწყება. ვქმნი სიყვარულს, რომელიც მე არ მხვდა. ვქმნი სიმშვიდეს, რომელიც მე არ მერგო. მაგრამ ვცოცხლობ. სხვისთვის, უჩინრად, ჩუმად, სევდიანად, მაგრამ მტკიცედ, სიბნელეს ვეჩვევი. არც მაშინ ვრთავ შუქს, როცა შემიძლია. საკუთარ ოთახშიც სტუმარივით ვარ, საფეხურებს ჩუმად ვადევნებ თვალს, რომ არ გავაღვიძო ის, ვინც იქ არ ცხოვრობს. ხანდახან მგონია, სხვის ტკივილს უფრო ხშირად ვეხები, ვიდრე საკუთარს. ცრემლები მხოლოდ მაშინ მომდის, როცა ჩემს თვალებს არავინ უყურებს. თითქოს უნდათ დამიმალონ, რომ მეც ადამიანი ვარ, მეჩვენება, რომ რასაც ვამბობ, ფასი არ აქვს, მაგრამ როცა ვდუმვარ, ყველაზე ხმაურიანად მტკივა. ჩემს ჩრდილს მზეზე ვდგამ, რომ ვიღაცას სინათლე ეყოს. ჩემს ხმას ჩუმად ვწერ ფურცელზე, რომ სხვებმა თავიანთი გაიგონონ. ოცნებებს არ ვამხელ, რადგან ჩემთვის საკმარისია, აუხდეს სხვას. ეს არც გმირობაა, არც სიწმინდე, ეს უბრალოდ ჩვევაა. დარჩენა მაშინაც კი, როცა არავინ გთხოვს. ვფიქრობ, შეიძლება იმ დღეს არაფერი დამვიწყებია. არც წამალი. არც ადამიანი. არც საკუთარი თავი. უბრალოდ ყველა კუთხე დაიკავეს სხვებმა. და მასში, რაც დამრჩა, არავის უხარია ყოფნა. მაგრამ მე მაინც იქ ვარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.