"მზესუმზირა,რომელსაც ღიმილი აქვს"
მსმენია, მზესუმზირას ყვავილი ყოველთვის მზისკენ იყურებაო... ბავშვობაში მჯეროდა, რომ ადამიანებიაც ასე ვიყავით- თითოეულს საკუთარი მზე გვყავდა და მთელი ცხოვრება მისკენ ვტრიალდებოდით... მეჩვენებოდა, რომ ეს ერთადერთი ყვავილი იყო, რომელსაც სევდა არ შეეძლო... პირველად მზესუმზირა ბებიას სოფელში ვნახე...ზაფხული იყო...ისეთი მშვიდი და თბილი, როგორიც მხოლოდ ბავშვობაში არსებობს...შუადღის სიცხისგან ჰაერი თრთოდა... შორს ძროხების ზარების ხმა ისმოდა, ეზოში კი ჭრიჭინები გაუჩერებლად მღეროდნენ...პატარა ვიყავი...სადღაც შვიდი წლის...ფეხშიშველი დავრბოდი ეზოში, მუხლები სულ გადატყავებული მქონდა, თმაში კი ბალახები მეჩხირებოდა...ბებია აივანზე იჯდა და ჩუმად მიყურებდა...სწორედ მაშინ დავინახე...ღობის იქით, მზის ქვეშ, უზარმაზარი ყვითელი ყვავილები იდგნენ... ისეთი მაღლები იყვნენ, მეგონა ცას ეხებოდნენ... ქარი ფრთხილად არხევდა მათ დიდ თავებს და შორიდან მართლა პატარა მზეებს ჰგავდნენ...ნელა მივუახლოვდი...მახსოვს, შეხების მეშინოდა...ბავშვურად მეგონა, თუ ხელს ძლიერად შევახებდი, ვატკენდი... ამიტომ ძალიან ფრთხილად ერთ ფურცელს ოდნავ შევეხე...მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ რაღაცის სიყვარული სიტყვების გარეშეც შეიძლებოდა...იმ დღის მერე რვეულების ბოლო გვერდებზე სულ მათ ვხატავდი-მრგვალებს, აცაბაცა ფურცლებით...მერე თვალებიც დავუმატე... პატარა, შავი თვალები... ბოლოს კი ღიმილიც მივახატე...არ მიყვარდა სევდიანი ყვავილები...ჩემი მზესუმზირა ყოველთვის იღიმოდა... წლები გავიდა...მე გავიზარდე, მაგრამ მზესუმზირის დანახვისას ისევ ის პატარა ბავშვი ვხდებოდი...ქალაქში ცხოვრებისას უცნაური ჩვევა დამრჩა-ქუჩაში თუ ყვავილების მაღაზიას ჩავუვლიდი, აუცილებლად ვეძებდი მზესუმზირებს...ხშირად ვიტრინასთან ვჩერდებოდი... შუშის მიღმა ისინი ისევ ისეთივე ლამაზები იყვნენ — დიდი ყვითელი ფურცლებით, მზესავით თბილები... მთელი ქალაქი შეიძლება ნაცრისფერი ყოფილიყო, მაგრამ ისინი მაინც ანათებდნენ...მაგრამ მაინც… ყოველთვის მწყინდებოდა მათი დანახვა...მათ ხომ სოფლის მზესუმზირების მსგავსად ფესვები არ ჰქონდათ...მიწას იყვნენ მოწყვეტილები... ცოცხლები ჩანდნენ, მაგრამ სინამდვილეში ნელ-ნელა უკვე კვდებოდნენ... ვიდექი ვიტრინასთან და ვფიქრობდი, ნეტავ თუ გრძნობდნენ ამას... თუ იცოდნენ, რომ სულ მალე ფურცლები დაუჭკნებოდათ, ფერი გაუფერმკრთალდებოდათ და ვიღაცის ოთახში უხმოდ მოკვდებოდნენ...შემდეგ კი უბრალოდ სანაგვეზე მოისვრიდნენ...აი მაშინ კი მეც მტკიოდა...ალბათ იმიტომ, რომ ადამიანები ზოგჯერ ძალიან ჰგვანან იმ ვიტრინაში ჩაწყობილ მზესუმზირებს — გარედან ლამაზები, ღიმილიანები, სინათლით სავსეები… შიგნით კი ფესვებდაკარგულები... ერთ ზაფხულსაც უჩვეულოდ წყნარ საღამოს ქალაქის ქუჩებში უმიზეზოდ დავეხეტებოდი... ქუჩებში ადამიანები სწრაფად დადიოდნენ...ერთმანეთში ირეოდნენ...ქალაქის ვიწრო ქუჩაზე ჩავუხვიე...სადაც ახალი ყვავილების მაღაზია "ჩუმი ბაღი" გახსნილიყო...ქუჩის კუთხეში იყო მოქცეული...გარედან დიდი ვიტრინა ჰქონდა, შიგნით კი იმდენი ფერი ჩანდა, გეგონებოდა პატარა გაზაფხული დაემალათ მინის მიღმა... კარზე დაკიდებული ზარი ჩუმად აწკრიალდა, როცა შევედი...მაშინვე მიწისა და ახალი ყვავილების სუნი ვიგრძენი... პატარა სივრცე იყო... თაროებზე ქოთნები ეწყო, ზოგში ჯერ კიდევ პატარა მწვანე ნერგები ჩანდა, ზოგში-უკვე აყვავებული ყვავილები...მახსოვს, დიდხანს დავდიოდი თაროებს შორის...თითოეულ ქოთანს ვაკვირდებოდი, თითქოს მათგან ერთს ჩემი არჩევა შეეძლო... და მერე დავინახე...ყველაზე პატარა მზესუმზირის ნერგი იყო...ოდნავ გვერდზე გადახრილი ღერო ჰქონდა...ფოთლებიც არ ჰქონდა იდეალური-ერთს პატარა ნაჭამი კუთხე ჰქონდა...მაგრამ მაინც ყველაზე ლამაზი იყო...ალბათ იმიტომ, რომ სხვებზე მეტად ცოცხალი ჩანდა...პატარა ყვითელი თავი მზისკენ ჰქონდა მიტრიალებული, თითქოს მაღაზიის ფანჯრიდან გარეთ იყურებოდა... და მაშინ უცებ მომეჩვენა, რომ მიღიმოდა... ფრთხილად ავიყვანე ხელში...ისეთი სიფრთხილით მეჭირა ქოთანი, თითქოს გული მეჭირა და მეშინოდა, რამე არ მეტკინა მისთვის...გამყიდველმა გამიღიმა და მითხრა: -თუ მოუვლი, ძალიან ლამაზი გაიზრდება... ამ ერთ წინადადებას მაშინ ისე დავუჯერე, თითქოს ბედნიერების გარანტია მომცეს... მაღაზიიდან რომ გამოვედი, მეგონა, იმ დღეს ყველაზე ამაყი ადამიანი ვიყავი ქალაქში... ორივე ხელით გულთან ჩახუტებული მიმყავდა ჩემი პატარა მზესუმზირა და ქუჩებში ისე მივდიოდი, თითქოს რაღაც ძალიან ძვირფასი მიმყავდა სახლში... რამდენჯერმე გავჩერდი კიდეც, რომ დამეხედა-კარგად იყო თუ არა... ქარმა რომ ოდნავ დაუბერა, ინსტინქტურად ხელი ამოვაფარე...მახსოვს, როგორ მიღიმოდა მაშინ ყველაფერი... ქალაქიც...ზაფხულიც...ადამიანებიც... სახლში მისულმა ფანჯარასთან გამოვუძებნე ადგილი, სადაც ყველაზე მეტი მზე ხვდებოდა... მერე დიდხანს ვიჯექი მის წინ და უბრალოდ ვუყურებდი...ჩემი მზესუმზირა ერთი კვირა იღიმოდა...ყოველ დილით გაღვიძებული პირველი მას ვხედავდი... ფურცლები ოდნავ ირხეოდა და მართლა მეგონა, რომ ოთახში სიცოცხლე შემოჰქონდა... შემდეგ კი ნელ-ნელა მოიწყინა...თავიდან ფურცლები ჩამოყარა...მერე ფერი დაეკარგა... ღერო მძიმედ დაეხარა გვერდზე...და ორ დღეში დაჭკნა...ზუსტად მახსოვს ქოთნით ხელში როგორ ვტიროდი ჩემს მზესუმზირას...ფანჯარასთან უკვე უსიცოცხლოდ იყო, მე კი ვერ ვიჯერებდი, რომ რაღაც ასე ძალიან პატარა შეიძლებოდა ასე ძალიან მეტკინა... მერე ისევ ვიყიდე...სხვა მაღაზიიდან...ამჯერად უფრო ფრთხილად ვიყავი...ველოლიავებოდი... ყოველ დილით ვამოწმებდი, წყალი აკლდა თუ არა... მზეზე ვდგამდი... ღამით ფანჯარას ვკეტავდი, ცივ ნიავს არ ვაკარებდი...ველაპარაკებოდი კიდეც...მაგრამ ისიც დაჭკნა...მერე მესამეც ვიყიდე...მაგრამ მასაც იგივე ბედი ეწია... და ყოველ ჯერზე, როცა რომელიმე მათგანი თავს დახრიდა, უცნაური გრძნობა მიჩნდებოდა-თითქოს ადამიანები მიდიოდნენ ჩემგან და არა ყვავილები... მაშინ პირველად მივხვდი, რომ ზოგ რაღაცას ვერ გადავარჩენთ, რამდენადაც არ უნდა გიყვარდეს... წვიმიანი დღე იყო...ფანჯარაზე წვეთები ნელა ჩამოდიოდა, ცა კი ისეთი ნაცრისფერი ჩანდა, თითქოს მთელ ქალაქს ფერი დაეკარგა... დილით რომ გავიღვიძე, ინსტინქტურად ფანჯრისკენ გავიხედე-იმ ადგილისკენ, სადაც ჩემი მზესუმზირა იდგა ხოლმე...აღარ იყო... მხოლოდ ცარიელი ქოთანი დარჩენილიყო...დიდხანს ვუყურებდი...უცნაური სიჩუმე იდგა ოთახში... ისეთი, როცა ხვდები-რაღაც პატარა გაქრა, მაგრამ მის ადგილას უზარმაზარი სიცარიელე დარჩა...მთელი დილა უხასიათოდ დავდიოდი ერთი ოთახიდან მეორეში... ხან ფანჯარასთან ვჩერდებოდი...ხან ცარიელ ქოთანს ვუყურებდი...და სწორედ მაშინ გამიელვა თავში-მინდოდა ისეთი მზესუმზირა მყოლოდა, რომელიც არასდროს გახმებოდა... მუდამ გაიღიმებდა...არ დაკარგავდა ფერს...არ მოიწყენდა...არ მიმატოვებდა... ტელეფონი ავიღე...დიდხანს ვუყურებდი ეკრანს, სანამ საბოლოოდ უახლოესი ტატუ სტუდიის ნომერს დავაჭერდი თითს... ხმა რომ გავიგონე, უცებ ავნერვიულდი კიდეც, მაგრამ მაინც ჩავეწერე...ტელეფონის გათიშვის შემდეგ პირველად გამეღიმა იმ დღეს... მზადება დავიწყე...არ ვიცი რატომ, მაგრამ მინდოდა, იმ დღეს მთლიანად ყვითელ ფერში გამოვწყობილიყავი...კარადა გამოვაღე და ყვითელი კაბა ჩავიცვი-მსუბუქი,ზაფხულისფერი... მერე სარკის წინ დავჯექი და თვალებზე ყვითელი ჩრდილი გავიკეთე... პატარა ყვითელი საყურეებიც მოვძებნე... ბოლოს კი ჩემ მიერ მოქსოვილი მზესუმზირას ჩანთა გადავიგდე მხარზე...სარკეში რომ ჩავიხედე, უცებ გამახსენდა პატარა მე-ბებიას სოფელში, ფეხშიშველი რომ დარბოდა მზესუმზირებში...გარეთ ისევ წვიმდა... ქუჩაში ქოლგით მივდიოდი, მაგრამ მაინც მეგონა, იმ დღეს ყველაზე მზიანი ადამიანი ვიყავი ქალაქში...ტატუ სტუდია პატარა და მშვიდი აღმოჩნდა...შიგნით მელნისა და ყავის სუნი იდგა... კედლებზე ათასნაირი ესკიზი ეკიდა-ვარდები, მთვარეები, წარწერები, პეპლები…მე კი ვიცოდი, რომ მხოლოდ ერთი რაღაც მინდოდა...ტატუს ოსტატმა მკითხა: — ესკიზი უკვე გაქვს? და სწორედ მაშინ გამახსენდა...ტელეფონში ჩემი ხელით დახატული მზესუმზირის ფოტო მქონდა... აცაბაცა ფურცლებით... პატარა თვალებით... და დიდი ღიმილით...ისეთი, როგორსაც ბავშვობაში სულ ვხატავდი...დიდხანს ვეძებდი ფოტოს, სანამ ბოლოს არ ვიპოვე-ოდნავ გაფერმკრთალებული ნახატი, ფანქრით დახატული, ცოტა ბავშვური, ცოტა არათანაბარი…მაგრამ იდეალური...ოსტატს რომ ვაჩვენე, გამეღიმა... — ზუსტად ეს მინდა. პროცესის განმავლობაში რამდენჯერმე დავხედე ჩემს ხელს...ნელ-ნელა ჩნდებოდა პატარა მზესუმზირა... ჩემი მუდამ მომღიმარი მზესუმზირა...როცა ყველაფერი დასრულდა, დიდხანს ვუყურებდი...მაშინ ჩემზე ბედნიერი არავინ იყო... ახლაც, წლების შემდეგ, ზოგჯერ ისევ ვჩერდები ყვავილების მაღაზიების ვიტრინებთან...კვლავ ვუყურებ მზესუმზირებს...იმავე სითბოთი და იმავე სევდით...ჩემმა მზესუმზირებმა დარჩენა ვერ შეძლეს...მაგრამ მათ მასწავლეს, რომ ყველაზე უბრალო რაღაცებშიც შეიძლება მთელი სამყარო ცხოვრობდეს...და როცა ღამით შემთხვევით ჩემს ხელს მოვკრავ თვალს, ისევ მეღიმება...რადგან ჩემში,ყველა დაკარგვის მიუხედავად,ერთი პატარა მზე მაინც ყოველთვის ყვავის... იპოვეთ თქვენს ცხოვრებაში რაღაც უბრალო...რაღაც პატარა,რაც ყველაზე მძიმე დღეებშიც კი შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ შეგიძლიათ გაღიმება...შეიძლება ეს ყვავილი იყოს... სიმღერა...ადამიანი...ადგილი...ან ბავშვობისდროინდელი მოგონება...მნიშვნელობა არ აქვს...მთავარია, გქონდეთ რაღაც,რაც არასდროს მოგცემთ მოწყენის უფლებას...რადგან ზოგჯერ ადამიანს მთელი სამყაროს გადასარჩენად ერთი პატარა მზე სრულიად ჰყოფნის... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



