შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"გაფრენილი ოცნება"


გუშინ, 04:00
ავტორი Mariana_045
ნანახია 2

ხარტუმა...სუდანის დედაქალაქი...გაგიგიათ ეს ქვეყანა ან ქალაქი?თუ მასზე არ გსემენიათ ბედნიერები ყოფილიხართ...ჩვეულებრივი დილაა ხარტუმში. ჯერ კიდევ ადრეა, მაგრამ მზე უკვე ისე ძლიერად ანათებს, თითქოს შუადღე იყოს. ჰაერი მძიმე და მშრალია.ნილოსის ნაპირიდან ნელი ნიავი მოდის, მაგრამ ისიც ვერ შველის სიცხეს.იცით, როგორია, როცა ოცნება გაქვს, მაგრამ მისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯისთვის ბრძოლა გიწევს? მე ფატიმა ვარ თხუტმეტი წლის.ჩემს ქვეყანაში, ჩემს მხარეს, სახელი ფატიმა სიძლიერეს ნიშნავს- არა მხოლოდ ფიზიკურ ძალას, არამედ იმ შინაგან სიმტკიცესაც, რომელიც ადამიანს არ აძლევს დაცემის უფლებას მაშინაც კი, როცა ცხოვრება ყველაზე რთული გზებისკენ გკრავს ხელს. ბებია მეუბნებოდა, მე შეგირჩიე ეს სახელიო… და როცა ამას ამბობდა, თითქოს დრო ჩერდებოდა. მის თვალებში ყოველთვის იკითხებოდა რაღაც ძველი, გამოცდილი, თითქოს თვითონაც იცოდა, რომ ამ სახელში ჩემთვის პატარა ბედი ჩადო — ბედი, რომელიც უნდა მოვითმინო და ავიტანო.ასაკის მიუხედავად,უკვე ვისწავლე.რომ ზოგჯერ ყველაზე რთული ბრძოლები ხმლისა და იარაღის გარეშე მიმდინარეობს. ჩემი ბრძოლა წიგნებისთვის, სკოლისთვის და იმ მომავლისთვის იყო, რომელსაც ყოველ ღამე თვალდახუჭული წარმოვიდგენდი.ყველაზე მეტად სკოლა მიყვარს. მიყვარს ის წუთები, როცა დაფაზე ახალი სიტყვები ჩნდება და მასწავლებელი ხსნის რაღაცას.მე მასწავლებლობაზე ვოცნებობ. ხშირად წარმოვიდგენ, რომ ერთ დღეს პატარა სოფელში ვდგავარ ბავშვების წინ. ზოგი მორცხვად მიყურებს, ზოგი ინტერესით. და მე მათ ვეუბნები პირველ ასოებს, პირველ სიტყვებს… თითქოს სამყაროს კარს ვუხსნი. ეს ფიქრი ყველაზე ძვირფასი,თბილი და ტკბილია ჩემთვის.ჩემი საყვარელი ადგილი სახლში პატარა მაგიდაა, ფანჯარასთან. იქედან შორს, ძალიან შორს, მთებს ვხედავ. ისინი ყოველთვის ერთნაირად დგანან — მშვიდად, უძრავად. და მე მგონია, რომ ჩემი მომავალი იმ მთების იქით იწყება...მაგრამ ჩემს სახლში ჩემი ოცნებები ყველას არ მოსწონს...ხშირად სკოლაში წასვლის უფლებასაც კი არ მაძლევენ. დედა მეუბნება:
-დღეს არ წახვიდე, სტუმრები მოვლენ...სახლი უნდა დაალაგო...დედა ცუდად ვარ, დარჩი ჩემთან- და მე ვრჩები. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სკოლა ჩემს ცხოვრებაში რაღაც ნებართვას ჰგავს, რომელსაც ყოველთვის ვერ ვიღებ...მაგრამ მაინც ვპოულობ გზებს. ზოგჯერ ჩემს მეგობრებსა და მასწავლებელს ჩუმად გამოვართმევ წიგნებს. სახლში ისე მომაქვს, თითქოს ყველაზე დიდი საიდუმლო იყოს. და ალბათ ასეც არის...ღამით, როცა ყველა იძინებს, მე სანთელს ვანთებ. პატარა ალი ისე თრთის, თითქოს თვითონაც ეშინია, რომ ვინმემ შეამჩნიოს. მე წიგნს ვხსნი ძალიან ფრთხილად. ვკითხულობ ჩუმად, თითქმის სუნთქვის გარეშე, რომ სინათლემ არ გააღვიძოს ჩემი მშობლები.იმ ღამეებში თითქოს სხვა ცხოვრება მაქვს. იქ, წიგნებში, ყველაფერი შესაძლებელია. იქ გოგოებს შეუძლიათ მასწავლებლები გახდნენ, ოცნებები არ იკარგება, და სიტყვებს ძალა აქვთ.ხანდახან ისე მეძინება, რომ ასოები ერთმანეთს ერწყმის, მაგრამ მაინც ვცდილობ ბოლომდე მივიდე. იმიტომ, რომ მგონია-ყოველი წაკითხული სიტყვა ერთი ნაბიჯია იმ ფანჯრის მიღმა მდგარი ჩემი ოცნებისკენ.
ერთ დღესაც დედამ ბაზრობაზე გამიყოლა.დილა ადრე დაიწყო. ხარტუმში ბაზრობა ყოველთვის ცოცხალია-ხმები, სუნები, ადამიანები, რომლებიც თითქოს ერთ დიდ ნაკადში მიედინებიან. დედას კალათა ეჭირა, მე კი გვერდით მივყვებოდი.ის ბევრს არ ლაპარაკობდა. მხოლოდ დროდადრო მეუბნებოდა, რა ამეღო, სად გამევლო, რას არ შევხებოდი. მე ვუყურებდი ფერად ქსოვილებს, ხილს, უცხო სახეებს.ერთ დახლს მივადექით ბაზრობაზე. დედას ხასხასა, წითელი ვაშლები მოეწონა და მითხრა - ერთი კილოგრამი ამეწონა, მეყიდა.ფრთხილად დავიწყე არჩევა. მახსოვს, როგორ მაკვირდებოდა დედა -გვერდით იდგა და თვალს არ მაშორებდა, თითქოს ეშინოდა, შიგნით შელახული ვაშლი არ შემერია.ხელში ვაშლები მეჭირა. ვეძებდი ყველაზე კარგებს. მაგრამ ერთი მაინც გამეპარა — გარედან თითქოს კარგი ჩანდა, მაგრამ ისეთი არ იყო, როგორიც უნდოდა.დახლთან დაჩოქილს, იმ წამსვე ვიგრძენი, როგორ მითავაზა წიხლი ზურგში.მერე სიტყვებიც მოყვა, მძიმე, დამამცირებელი, ისეთი, რაც დიდხანს არ გავიწყდება...ვაშლები ხელიდან დამიცვივდა.გორვით წავიდნენ ქვაფენილზე და ბოლოს დედის ფეხებთან გაჩერდნენ, თითქოს თვითონაც აღარ იცოდნენ, სად უნდა წასულიყვნენ.გავიყინე...შემდეგ დედა ჩემკენ შემობრუნდა. ხმა არ ამოუღია,მხოლოდ ხელი მომკიდა, უფრო სწორად, ძლიერად მომიჭირა თმაზე და უხეში სიტყვებით მომმართა, თითქოს მთელი გაბრაზება ერთ მომენტში ჩემზე გადმოიტანა.ვერ მოვასწარი გააზრება, ისე აღმოვჩნდი ბაზრობის ხმაურში, ხალხის შუაში, სადაც ყველა თავის საქმეს აკეთებდა და არავის ეცალა ჩემთვის. თმა მტკიოდა, ხელები მიცახცახებდა, და ვაშლების სუნიც კი უცნაურად მახრჩობდა.ვგრძნობდი, როგორ მიმათრევდა იმ ვიწრო ქუჩაში, როგორ ვშორდებოდი ბაზრის ხმას.ყველაზე მძიმე ის არ იყო, რაც ხდებოდა- არამედ ის, რომ ირგვლივ ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდებოდა. ვაჭრები ყვიროდნენ, ხალხი იცინოდა, ვიღაცა ვიღაცას ეძახდა… თითქოს მე საერთოდ არ ვიყავი იქ.იმ დღეს პირველად ძალიან მკაფიოდ ვიგრძენი, როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ერთ ადგილას და მაინც სრულიად მარტო.და იმ სიჩუმეში, რომელიც მერე დამრჩა, მხოლოდ ერთი ფიქრი მიტრიალებდა თავში — „მე მაინც ფატიმა ვარ…“
ერთ ღამესაც, წიგნს ვკითხულობდი ფანჯარასთან.საწოლის ქვეშ მქონდა პატარა ყუთი-ისეთი, რომელსაც ყოველთვის ფრთხილად ვხსნიდი, თითქოს შიგნით არა მხოლოდ ნივთები, არამედ ჩემი საიდუმლოებიც ინახებოდა.ნელა ამოვიღე სანთელი.პატარა იყო, უკვე ნახევრამდე ჩამოცლილი, მაგრამ ჩემთვის მაინც ყველაზე ძვირფასი სინათლე ჰქონდა. მის გვერდით წიგნი იდო -ჩუმად შენახული, ბევრჯერ გადაფურცლული, მაგრამ მაინც თითქოს ახალი, რადგან ყოველი წაკითხვა სხვანაირად მეჩვენებოდა.სანთელი ავანთე...პატარა ალი თავიდან ოდნავ შეირხა, თითქოს თვითონაც ეძებდა სიმშვიდეს. მერე ნელ-ნელა დამშვიდდა და კედელზე რბილმა ჩრდილებმა დაიწყო მოძრაობა — თითქოს ოთახი სუნთქავდა ჩემთან ერთად.წიგნი ფრთხილად გავხსენი. ისე, რომ ხმა თითქმის არ გამოსულიყო. ფურცლებს თითებით ვეხებოდი, ძალიან ნელა, თითქოს თითოეულ ასოს პატივს ვცემდი.და კითხვა დავიწყე...ჯერ ერთი ფურცელი ჩავამთავრე...მერე მეორე...მესამე...მეოთხე...ჩემი გამოთვლით შუა ღამის სამი საათი იქნებოდა,როცა თვალებმა მიღალატეს...ხანდახან თვალები მეხუჭებოდა, მაგრამ თავს ვაიძულებდი გამეღვიძა. თითებით შუბლს ვეხებოდი,რომ გამოვფხიზლებულიყავი.სანთელი ნელ-ნელა ილეოდა, ცვილი გვერდებზე ჩამოდიოდა, მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვაგრძელებდი კითხვას.ცოტა ხანში კი თვალები დამიმძიმდა…ისე ჩამეძინა, რომ ვერც კი მივხვდი...მეორე დილით მამამ გამაღვიძა...იმ ღამეს წიგნი ხელში შემრჩა.არ მახსოვს, როდის ჩამომივარდა თავი. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ბოლო წინადადებას ვკითხულობდი და ვფიქრობდი, როგორი მასწავლებელი ვიქნებოდი ერთ დღეს...მამა ჩემს წინ იდგა...წიგნს უყურებდა...შემდეგ მე შემომხედა...იმ მზერაში ისეთი რისხვა იყო, რომ სისხლი გამეყინა...ვერაფერი ვთქვი...ვერც თავის მართლება მოვიფიქრე...ვერც ის ავუხსენი, რომ უბრალოდ კითხვა მინდოდა. რომ მხოლოდ სწავლა მინდოდა. რომ წიგნი ჩემთვის დანაშაული არ იყო...სიტყვები ყელში გამეჩხირა...მამა ყვიროდა. მე კი მისი სიტყვების ნახევარიც აღარ მესმოდა. მხოლოდ საკუთარ გულისცემას ვგრძნობდი...მერე ყველაფერი აირია...ოთახი, კედლები, მზის შუქი...მახსოვს, რომ კუთხეში შევიკეცე...მახსოვს, რომ ხელებით თავი დავიფარე...მახსოვს, როგორ ვცდილობდი არ მეტირა...მაგრამ ცრემლები მაინც მოდიოდა...სხეული კი არ მტკიოდა-ყველაზე მეტად ის მტკიოდა, რომ ჩემს წინ იდგა ადამიანი, რომელიც მამაჩემი იყო...ადამიანი, რომელსაც უნდა დაეცავი...უნდა ეთქვა, რომ კარგად მესწავლა...უნდა გახარებოდა, რომ კითხვა მიყვარდა...მამამ კედელთან დაკიდებულ ქამარს შეხედა...მახსოვს მისი ხმა.ცივი...უემოციო... „ეს უკეთესია,“ -თქვა ჩუმად- „კარგად დაგამახსოვრდება.“იმ წამს სიტყვებზე მეტად მისი მზერა მაშინებდა.ვგრძნობდი, როგორ მიჩქარდებოდა სუნთქვა.როგორ მიკანკალებდა ხელები.როგორ მინდოდა სადმე გავქცეულიყავი, მაგრამ წასასვლელი არსად მქონდა.მერე ყველაფერი შიშმა დაფარა.დრო თითქოს დაიმსხვრა...მხოლოდ ის მახსოვს, რომ ოთახი უფრო და უფრო პატარავდებოდა, მე კი უფრო და უფრო უმწეო ვხდებოდი...როცა ბოლოს სარკეში ჩავიხედე, საკუთარი თავი ძლივს ვიცანი...ერთი თვალი შეშუპებული მქონდა...კანი მუქი ფერით შეღებილიყო, თითქოს ვიღაცას ჩემი სახიდან ბავშვობა წაეშალა...დიდხანს ვუყურებდი ჩემს ანარეკლს...ვცდილობდი მეპოვა ის გოგო, რომელიც რამდენიმე საათის წინ სანთლის შუქზე წიგნს კითხულობდა და მომავალზე ოცნებობდა...მაგრამ სარკეში მხოლოდ დაღლილი, შეშინებული ბავშვი იდგა...ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ აღარ მახსოვს, როდის დასრულდა ყველაფერი...არ მახსოვს ბოლო სიტყვა.არ მახსოვს ბოლო ყვირილი.არ მახსოვს, როდის გავჩერდა ეს კოშმარი.მხოლოდ ის მახსოვს, რომ ერთ მომენტში ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.ისეთი სიჩუმე, რომელიც ყურებში ზუზუნივით გრჩება.ჩემი წიგნი კუთხეში ეგდო...ფურცლები დაჭმუჭნული ჰქონდა...მინდოდა მივსულიყავი და ამეღო, მაგრამ ძალა აღარ მქონდა...კართან დედა იდგა...მეგონა, მომიახლოვდებოდა...მეგონა, ხელს მომკიდებდა...მეგონა, ერთხელ მაინც მეტყოდა, რომ საკმარისია...მაგრამ არ მოსულა...მხოლოდ შემომხედა...ისეთი თვალებით, თითქოს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ჩემი მხარე არ უნდა დაეჭირა...იმ წუთში პირველად ვიგრძენი, რომ მარტო ვიყავი...ნამდვილად მარტო.ყველაფერი ამით როდი დასრულდა...საღამოს მამა სახლში დაბრუნდა...ხელი დამავლო და უბრალოდ, ბოსელში გამიყვანა... ცხვრებთან...იქ, სადაც სუნი მძიმეა და ღამე უფრო გრძელი ჩანს. სამი დღე იქ გავატარე...მარტო ვიყავი, მაგრამ მაინც ვერ ვწყვეტდი ფიქრს. მტკიოდა ყველაფერი...სამი დღე არც წყალი,არც საკვები...და მაინც… იმ სიჩუმეში, ბოსელში, სადაც არაფერი იყო გარდა ჩემი სუნთქვისა, ისევ იმ ფანჯარაზე ვფიქრობდი... ჩემს მაგიდაზე...წიგნებზე...და საკუთარ თავს ვეუბნებოდი-„მე მაინც ფატიმა ვარ…“ იმიტომ, რომ რაღაც ჩემში, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არ ნებდებოდა...იმ ღამეს ბოსელში ცივ მიწაზე ვიჯექი, ცხვრების სუნში, ჩუმად...და სწორედ მაშინ ერთმა ცხვარმა ბატკანი იშვა...პატარა, სველი, ჯერ კიდევ აკანკალებული. და დედა ცხვარი ისე მიეალერსა, როგორც სამყაროს ყველაზე ძვირფას ნაწილს- ეფერებოდა, არ შორდებოდა არც ერთი წამით. თითქოს მთელი მისი სიცოცხლე იმ პატარა არსებაში იყო...მე ვუყურებდი და რაღაც უცნაურ მტკივნეულ სიმართლეს შევეჯახე...ცხოველმაც კი იცის თავისი შვილი როგორ უყვარდეს…ეს ფიქრი თავიდან თითქოს უბრალოდ გაიფიქრა ჩემმა გონებამ,მაგრამ მერე უფრო დამძიმდა...ისე, რომ გულზე დამაწვა...იმ წამს, იმ ტკივილში, რაც უკვე ისედაც მქონდა, გავიფიქრე რაღაც, რაც მაშინვე მეწყინა საკუთარ თავშიც კი-გამოდის… მე იმდენიც არ ვღირვარ?მე იქ, ბოსელში, იმ პატარა ბატკანს ვუყურებდი და პირველად არა შურის, არამედ სხვა რაღაცის გრძნობა გამიჩნდა -სურვილი, რომ მეც ვინმესთვის „სახლი“ ვყოფილიყავი. ადგილი, სადაც არ დამივიწყებენ, არ მიმატოვებენ...ბატკნის სუნთქვა მესმოდა — პატარა, ახალი, სიცოცხლით სავსე...
იმ ღამის მერე სკოლიდან გამომიყვანეს...მამამ თქვა, რომ სწავლა ჩემთვის საჭირო აღარ იყო... დედას არაფერი უთქვამს... მხოლოდ თავი დახარა, როგორც ყოველთვის... მეორე დილით ჩემს სკოლაში აღარ წავსულვარ... აღარ მომისმენია ზარის ხმა, აღარ დამინახავს დაფაზე ცარცით დაწერილი სიტყვები, აღარ მიგრძვნია ის სიხარული, რომელსაც ყოველი ახალი გაკვეთილი მანიჭებდა...პირველ დღეებში მეგონა, რომ ეს დროებითი იყო. ვფიქრობდი, რამდენიმე კვირა გავიდოდა და ისევ დამაბრუნებდნენ. ჩემი წიგნებიც კი არ დამიმალავს. ყოველ საღამოს ვუყურებდი და საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ მალე ისევ დამჭირდებოდა.მაგრამ დღეები კვირებად იქცა, კვირები კი — თვეებად...ნელ-ნელა მივხვდი, რომ სკოლის კარი ჩემთვის დაიხურა...მაშინ ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი უბედურება მეგონა...მეგონა, იმაზე მეტი ტკივილი აღარ არსებობდა, ვიდრე ოცნების დაკარგვა...მეგონა, ყველაზე საშინელი უკვე მოხდა...მაგრამ ძალიან ვცდებოდი...მაშინ ჯერ კიდევ ვერ წარმოვიდგენდი, რომ უფრო დამანგრეველი რამ მელოდა...ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ჩემს მომავალს სხვები გადაწყვეტდნენ...ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ხმა აღარავის დასჭირდებოდა...ის დღე არაფერით იყო განსაკუთრებული.დილით ჩვეულებრივად გავიღვიძე. ეზოში ქათმების ხმა ისმოდა. დედა უკვე ფუსფუსებდა, მე კი წყლის მოსატანად გავედი. მზე ჯერ ბოლომდე არ ამოსულიყო და ჰაერში ის სიგრილე იყო, რომელიც ხარტუმში დიდხანს არასდროს რჩება...იმ დილითაც, როგორც ყოველთვის, სკოლაზე ვფიქრობდი.სახლი დავალაგე. იატაკი მოვგვარე. ჭურჭელი დავრეცხე. მერე დედას ფქვილის გაცრაში დავეხმარე. შუადღისას კი რამდენიმე ქალი მოვიდა სტუმრად.უცნაური იყო...ყველანი მიღიმოდნენ...ერთ-ერთმა ლოყაზე ხელი გადამისვა. -რა ლამაზი გაზრდილა... უკვე დროა... - მაშინ მნიშვნელობა ვერ მივანიჭე.ვიფიქრე, უბრალოდ უფროსების საუბარი იყო...მერე შევამჩნიე, რომ დედა თვალებში არ მიყურებდა...როცა რამეს ვეკითხებოდი, სწრაფად მპასუხობდა და სხვა მხარეს იხედებოდა...იმ საღამოს წყლის დოქი ავიღე და სამზარეულოსკენ მივდიოდი, როცა გვერდითა ოთახიდან ხმები გავიგონე.მამის ხმა ვიცანი.კართან უნებურად შევჩერდი.არ მიყურადია.თავიდან უბრალოდ შემთხვევით გავიგონე.მაგრამ მერე ჩემი სახელი ახსენეს...გული გამიჩერდა...
- შეთანხმებულები ვართ, - თქვა ვიღაც კაცმა.

- ქორწილი მალე უნდა იყოს - უპასუხა მამამ.

ქორწილი...პირველად ვერ მივხვდი...მეგონა, ვიღაც სხვაზე ლაპარაკობდნენ...მერე ისევ ჩემი სახელი გავიგონე...ფატიმა...და ყველაფერი უცებ გასაგები გახდა...ხელები გამიცივდა...დოქი კინაღამ გამივარდა...კედელს მივეყრდენი, რომ არ წავქცეულიყავი...ისინი ჩემზე ლაპარაკობდნენ...ჩემს ცხოვრებაზე...ჩემს მომავალზე...და მე იმ ოთახში საერთოდ არ ვიყავი...არავის უკითხავს, რას ვფიქრობდი...არავის უკითხავს, რა მინდოდა...არავის გახსენებია, რომ ეს ჩემი ცხოვრება იყო...მე მხოლოდ თხუთმეტი წლის ვიყავი...თხუთმეტი...იმ ასაკში, როცა ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა სკოლის გამოცდები უნდა ყოფილიყო...როცა წიგნებზე უნდა მეფიქრა...როცა ბავშვებისთვის გაკვეთილების ჩატარებაზე უნდა მეოცნება...მაგრამ იმ ოთახში უკვე ყველაფერი გადაეწყვიტათ...ჩემს გარეშე...მახსოვს, როგორ გავედი ეზოში...მუხლები მიკანკალებდა...მინდოდა მეტირა, მაგრამ ცრემლებიც კი არ მოდიოდა...უბრალოდ ვერ ვიჯერებდი...ვიმეორებდი:„არა...არა...არა...“თითქოს თუ საკმარისად ბევრჯერ ვიტყოდი, სიმართლე აღარ იქნებოდა...მერე დედა გამოვიდა...შემომხედა...ალბათ უკვე იცოდა, რომ ყველაფერი გავიგე...
-დედა... — ძლივს ვკითხე - მართალია?

რამდენიმე წამი დუმდა...მხოლოდ რამდენიმე წამი...მაგრამ ის რამდენიმე წამი მთელ ცხოვრებად მომეჩვენა...შემდეგ თავი დახარა...და ეს საკმარისი იყო...არ უთქვამს „არა“...არ უთქვამს „არავის გავატან“...არ უთქვამს „შენ ჯერ ბავშვი ხარ“...უბრალოდ თავი დახარა...იმ ღამეს ჩემს ფანჯარასთან ვიჯექი...იმავე მაგიდასთან...იმავე მთებს ვუყურებდი...მაგრამ პირველად ვერ ვხედავდი მათ...პირველად ჩემი მომავალი აღარ ჩანდა ჰორიზონტზე...თითქოს ვიღაცას აეღო და შავი საღებავით გადაეღება ყველაფერი...მაგიდაზე წიგნი მედო...ჩემი საყვარელი წიგნი...გავხსენი...პირველი გვერდი წავიკითხე...მეორე...მესამე....მაგრამ სიტყვებს ვეღარ ვიგებდი...ასოები თვალწინ მეცვლებოდა...რადგან იმ ღამეს მეორედ მივხვდი, რომ ზოგჯერ ადამიანს ოცნებას არ ართმევენ...უფრო უარესს აკეთებენ...აიძულებენ უყუროს, როგორ კვდება ნელ-ნელა...და შენ ვერაფერს შველი...მხოლოდ ზიხარ ფანჯარასთან...უყურებ შორეულ მთებს.და ცდილობ გაიხსენო, როგორი იყო ის გოგო, რომელსაც სჯეროდა, რომ ერთ დღეს მასწავლებელი გახდებოდა...
ქორწილის დღეს გამთენიისას გამაღვიძეს...იმ ღამით თითქმის არ მძინებია. ყოველ ჯერზე, როცა თვალებს ვხუჭავდი, იმ პატარა მაგიდას ვხედავდი ფანჯარასთან, ჩემს წიგნებს, სკოლის ეზოს, დაფას... ყველაფერს, რაც სულ რამდენიმე თვეში ისე შორს აღმოჩნდა, თითქოს საერთოდ სხვა ცხოვრებაში მომხდარიყო...დედა ჩუმად შემოვიდა ოთახში...დიდხანს იდგა კართან...მეგონა, რამეს მეტყოდა...იქნებ ბოლოს მაინც ეთქვა:„გავიქცეთ“ ან: „არ გაგატან“...მაგრამ არაფერი უთქვამს...მხოლოდ ტანსაცმელი დადო საწოლზე...ახალი იყო...ლამაზი...ალბათ ბევრს მოეწონებოდა...მე კი ვუყურებდი და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სამოსს კი არა, საკუთარ მომავალს ვუყურებდი — ისეთს, რომელიც ჩემთვის არ შეუკერავთ...სახლი ნელ-ნელა ხალხით აივსო...ქალები მოდიოდნენ...მილოცავდნენ... ერთმა მითხრა:
- რა ბედნიერი დღეა. - მინდოდა მეკითხა, ვისთვის?მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე.ყველა ბედნიერებას ხედავდა.მხოლოდ მე ვგრძნობდი, რომ შიგნით რაღაც კვდებოდა.სარკის წინ დამსვეს.თმა გამისწორეს.სახეზე რაღაც წამისვეს.სარკეში ჩემს თავს ვუყურებდი.ვხედავდი გოგოს, რომელსაც ფატიმა ერქვა.მაგრამ ვერ ვცნობდი.ქუჩიდან მუსიკის ხმა ისმოდა.ადამიანები იცინოდნენ.ბავშვები დარბოდნენ.სამყარო ჩვეულებრივად აგრძელებდა ცხოვრებას.მხოლოდ ჩემთვის იყო ყველაფერი გაჩერებული.ერთ მომენტში ფანჯარასთან მივედი.ჩუმად.ფრთხილად.ისე, რომ არავის შეემჩნია.და უკანასკნელად გავხედე მთებს.იმ მთებს, რომლებსაც ბავშვობიდან ვუყურებდი.იმ მთებს, რომელთა მიღმაც ჩემი მომავალი წარმომედგინა.მასწავლებელი ფატიმა.ბავშვები.წიგნები.გაკვეთილები. მე იმ დღეს ჩემს ოცნებას ვგლოვობდი.მერე ვიღაცამ დამიძახა.დრო იყო.ყველა ელოდებოდა.ფეხზე წამოვდექი.მუხლები მიკანკალებდა.სუნთქვა მიჭირდა.მინდოდა გავქცეულიყავი.უბრალოდ მერბინა.რაც შეიძლება შორს.მაგრამ ვიცოდი, რომ წასასვლელი არსად მქონდა.ეზოში რომ გავედი, უამრავი ადამიანი დავინახე.ყველანი რაღაცას ამბობდნენ.იღიმოდნენ.ულოცავდნენ ერთმანეთს.მე მხოლოდ თხუთმეტი წლის ვიყავი...ჩემი საქმრო კი ოცდათვრამეტი წლის იყო...ოცდასამი წელი იდგა ჩვენს შორის...ოცდასამი წელი, რომელიც ყოველ საუბარში, ყოველ მზერაში და ყოველ სიჩუმეში იგრძნობოდა...მე ჯერ კიდევ ბავშვობის დაკარგვას ვგლოვობდი...მას კი უკვე საკუთარი ცხოვრება ჰქონდა გავლილი...მე ჯერ კიდევ წიგნებზე ვოცნებობდი.მას უკვე ცოლი და შვილი სურდა...იმ დღეს ბევრი რამ მოხდა.ბევრი სახე დავინახე.ბევრი სიტყვა მოვისმინე.მაგრამ ახლა თითქმის არაფერი მახსოვს.მახსოვს მხოლოდ ერთი რამ.როცა ყველაფერი დასრულდა და მზემ ჩასვლა დაიწყო, უკან მოვიხედე.ბოლოჯერ.ჩემი სახლისკენ.ჩემი ფანჯრისკენ.ჩემი პატარა მაგიდისკენ.იმ ადგილისკენ, სადაც ოდესღაც ვიჯექი და მჯეროდა, რომ ერთ დღეს მასწავლებელი გავხდებოდი.და იმ წამს მივხვდი, რომ ზოგჯერ ბავშვობა ერთ დღეში არ მთავრდება.ის ნელ-ნელა გტოვებს.სანამ ერთ დილას არ გაიღვიძებ და არ აღმოაჩენ, რომ ის გოგო, რომელიც ფანჯარასთან იჯდა და მთებს უყურებდა, მხოლოდ მოგონებად დარჩა.ქორწილიდან ერთი თვის შემდეგ გავიგე, რომ ორსულად ვიყავი...ყველას უხაროდა...დედამთილს სახე უბრწყინავდა. მამამთილი ამაყად უყურებდა შვილს. სახლში სტუმრებიც მოდიოდნენ და მილოცავდნენ...მე კი ჩუმად ვიჯექი...იმ დილით დედამთილმა პირველად გამიღიმა ისე, თითქოს მისთვის მართლა მნიშვნელოვანი ვიყავი...ჩემი ქმარი კი ამაყად დადიოდა სახლში, თითქოს დიდი გამარჯვებისთვის მიეღწია...ყველა ბედნიერი იყო.ყველა ზეიმობდა.ყველა საუბრობდა მომავალ ბავშვზე.მხოლოდ მე ვდუმდი.იმ საღამოს ეზოში ვიჯექი. მთვარე უკვე ამოსულიყო და სახლის კედლებზე მკრთალ შუქს აფენდა.ხელი მუცელზე მედო.არ ვიცოდი რა უნდა მეგრძნო.სიხარული?შიში?სევდა?ალბათ ყველაფერი ერთად.მე ხომ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი.ჯერ კიდევ ის გოგო ვიყავი, რომელსაც წიგნების კითხვა უყვარდა.რომელსაც მასწავლებლობა უნდოდა.იმ ღამეს, როცა ყველამ დაიძინა, ქმარს ჩუმად ვუთხარი:
- ეს ბავშვი არ მინდა... -სიტყვები ძლივს ამოვთქვი...მაგრამ მაინც ვთქვი...პირველად, დიდი ხნის შემდეგ, საკუთარი აზრის ხმამაღლა თქმა გავბედე...დიდხანს მიყურა...შემდეგ კი სახეზე ისეთი გამომეტყველება დაეტყო, რომელიც ერთხელ უკვე მენახა...მამის თვალებში...იმ მომენტში მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი...სახლი ისევ იმ სიჩუმემ შეავსო, რომელიც ყოველთვის ქარიშხლის წინ მოდის...შემდეგ ყველაფერი სწრაფად მოხდა...ძალიან სწრაფად...მე მხოლოდ შიშს ვგრძნობდი...იმ შიშს, რომელიც ბავშვობიდან ვიცოდი...როცა ყველაფერი დასრულდა და ჩემს ცემას მორჩა, ოთახის კუთხეში იატაკზე დაუცელი ვეგდე...სუნთქვა მიჭირდა...თვალები ცრემლებით მქონდა სავსე...მაგრამ უცებ სხვა ტკივილი ვიგრძენი...განსხვავებული...ღრმა...უცნაური...ისეთი, როგორიც არასდროს განმეცადა...თავი დავხარე...გრძელი ყვითელი კაბა მეცვა...ჩემი საყვარელი ფერი იყო ოდესღაც...შევამჩნიე, რომ მისი კალთა ნელ-ნელა ფერს იცვლიდა...გული ჩამივარდა...მივხვდი...სიტყვების გარეშე მივხვდი...ოთახში მარტო ვიყავი...დავუძახე...ერთხელ...ორჯერ...მერე კიდევ...მაგრამ არავინ მოვიდა...თითქოს არაფერი ხდებოდა...თითქოს ჩემი ხმა კედლებს ვერ სცდებოდა...ტკივილი ძლიერდებოდა...წუთები საათებად მეჩვენებოდა...ხან თვალებს ვხუჭავდი, ხან ვახელდი...ფანჯრიდან მთვარის შუქი შემოდიოდა...იმავე მთვარის, რომელსაც ბავშვობაში ვუყურებდი ჩემი პატარა მაგიდიდან...მახსენდებოდა წიგნები...მასწავლებელი, რომელიც მინდოდა გავმხდარიყავი...მთები...სკოლის ეზო...ბებია...მისი ხმა -"ფატიმა სიძლიერეს ნიშნავს"...მაშინ პირველად ვიფიქრე, რომ მთელი ცხოვრება ძლიერებას მთხოვდნენ...მაგრამ არავის უკითხავს, რამდენად დაღლილი ვიყავი...მთვარე უფრო და უფრო მაღლა ადიოდა ცაში...ოთახი ცარიელი იყო...და მეც ნელ-ნელა ვშორდებოდი ყველაფერს, რაც ოდესღაც ჩემი იყო...ჩემს ოცნებებს...ჩემს წიგნებს...ჩემს მომავალს...ტკივილი ნელ-ნელა ყველაფერს ფარავდა...თავიდან მეგონა, უბრალოდ გაივლიდა. მეგონა, თუ ცოტას კიდევ გავუძლებდი, ვინმე მაინც შემოვიდოდა კარში. ვინმე მაინც გაიგონებდა ჩემს ხმას...ნელ-ნელა ძალა მტოვებდა...ხელები გამიცივდა...მუხლები ვეღარ მემორჩილებოდა...მინდოდა მეყვირა, მაგრამ ხმა აღარ მქონდა...მინდოდა მეტირა, მაგრამ ცრემლებიც აღარ მოდიოდა...თავი კედელს მივადე და თვალები დავხუჭე...ბოლო წამს მხოლოდ ბებიის ხმა ჩამესმა...ისეთი, როგორიც ბავშვობაში მესმოდა...თბილი...მშვიდი... „ფატიმა სიძლიერეს ნიშნავს.“ გამეღიმა...ძალიან ოდნავ...შემდეგ ყველაფერი სინათლედ გადაიქცა...და სიჩუმედ...მე 15 წლის ფატიმა ვარ, რომელიც ასე უკვალოდ, ქალაქ ხარტუმის პატარა უბანში, ორ სართულიანი სახლის პატარა ოთახში, მარადისობაში წავედი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent