"ცოცხლად მოსიარულე გვამი"
პატარაობისას ეს სამყარო ჯადოსნური მეგონა...მეგონა, ყველაფერი მუდამ ფერადი იქნებოდა, როგორც ზღაპრებში. რა ვიცოდი, რომ ცხოვრება ზღაპრებს არ ჰგავს.რა ვიცოდი, რომ ამ სამყაროში ზოგჯერ ყველას გვიწევს ყველაზე მძიმე ბრძოლების გავლა. რომ არსებობენ სიტყვები, რომლებიც ჭრილობებზე ღრმად გვტკივა.რომ ზოგჯერ იმდენად დაიღლები, დილაც კი აღარ გაგიხარდება.პატარაობისას ცას ვუყურებდი და უსასრულო შესაძლებლობებს ვხედავდი. ახლა კი ხანდახან იმავე ცას შევცქერი და ვფიქრობ, ნეტავ ვინმეს ეკითხა, მინდოდა თუ არა ამ სამყაროში მოსვლა.ნეტავ ვინმეს ეკითხა, მზად ვიყავი თუ არა ამდენი იმედგაცრუებისთვის, ამდენი დანაკარგისთვის...და ალბათ დაუფიქრებლად ვეტყოდი, რომ ჩემი წილი სიცოცხლის ნაგლეჯი სხვას წაეღო. ვინმეს, ვისაც არსებობა უფრო გაუხარდებოდა, ვისაც ეს სამყარო ნაკლებად ატკენდა.მაგრამ ცხოვრება არჩევანს არ გვაძლევს. ერთხელ გვაჩუქებენ არსებობას და მერე თავად გვიწევს მისი ტარება — ხან სიხარულით, ხან ცრემლით, ხან იმედით, ხან კი სრულიად უიმედოდ.ვფიქრობ და ვფიქრობ... ნეტავ სხვა, სულ სხვა რეალობა რომ ეჩუქებინათ, იქაც ასეთი ვიქნებოდი?იცით, როგორ მწამს იმის, რომ იქ უკეთესი ვიქნებოდი? თითქოს იმ სამყაროში ჩემს არსებობას მეტი ფასი ექნებოდა, ჩემს სიტყვებს — მეტი წონა, ჩემს ოცნებებს კი — მეტი სივრცე გასაშლელად.ხანდახან მგონია, რომ არასწორ დროს ან არასწორ ადგილას მოვხვდი. თითქოს ჩემი სული სხვა ცის ქვეშ უნდა დაბადებულიყო, სხვა ქუჩებში უნდა ეხეტიალა, სხვა ადამიანებს უნდა შეხვედროდა.მაგრამ რეალობა არ იცვლება. ყოველდღე იმავე ქაოსში ვიღვიძებ, იმავე ხმაურში... და ზოგჯერ სარკეში საკუთარ თავს რომ ვუყურებ, ვეღარ ვცნობ იმ ბავშვს, რომელსაც ოდესღაც სამყარო ჯადოსნური ეგონა.ეს მე ვარ — დაღლილი, გზა აბნეული ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ეძებს მიზეზს, რატომ უნდა უყვარდეს ეს ცხოვრება. ადამიანი, რომელიც ხანდახან საკუთარ არსებობასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს...იქნებ სწორედ ეს არის ადამიანის ტრაგედიაც — როცა გგონია, რომ შენთვის ადგილი არსად არის, მაგრამ მაინც აგრძელებ ძებნას იმ ერთი კუთხის, სადაც ერთხელ და სამუდამოდ იგრძნობ, რომ იმ ადგილს ეკუთვნი...ნეტავ ყველაფრის დატოვება და სადმე შორს წასვლა შემეძლოს...იქ, სადაც არავინ მიცნობს... სადაც არავინ იცის ჩემი შეცდომები, ჩემი მარცხები, ჩემი უთქმელი ტკივილები... იქ, სადაც დილა ძველი მოგონებების სიმძიმის გარეშე გათენდებოდა და საღამოს დაღლილ სულს ცოტა სიმშვიდე მაინც ეღირსებოდა.ნეტავ შემეძლოს ამ ქაოსისგან შორს წასვლა... არა იმისთვის, რომ სამყაროს გავექცე, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი თავი თავიდან ვიპოვო.ის "მე“, რომელიც ოდესღაც პატარა რაღაცებით ბედნიერი იყო. რომელსაც ჯერ კიდევ სჯეროდა ხვალინდელი დღის. რომელსაც სიცოცხლე მხოლოდ ტკივილი არ ეგონა...ხანდახან მგონია, რომ ყველაზე მეტად დასვენება კი არა, საკუთარი თავის დაბრუნება მჭირდება...და მაინც, სადღაც გულის სიღრმეში ჯერ კიდევ ცოცხლობს პატარა სურვილი — რომ ერთ დღეს გავიღვიძო და ვიგრძნო, რომ ისევ მინდა ცხოვრება. არა იმიტომ, რომ ვალდებული ვარ, არამედ იმიტომ, რომ გულით მინდა.მინდა ისევ ვიპოვო მიზეზი, რის გამოც დილით ფანჯარას გავაღებ და ვიფიქრებ:"კიდევ ერთი დღე ცოცხლობა ღირს"...მაგრამ ყველაფრისგან გაქცევა როდია მკურნალი წამალი?რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო ვრწმუნდები, რომ არა. შეიძლება ქალაქი შეიცვალო, ადამიანები შეიცვალო, ქუჩები, ფანჯრები, ყოველდღიური ხედებიც კი...შეიძლება ათასობით კილომეტრით დაშორდე ყველაფერს, რაც ერთხელ გტკენდა, მაგრამ საკუთარ თავს სად გაექცევი?ადამიანი თავის იდენტობას ვერ დაივიწყებს, რაც უნდა გააკეთოს. ვერ წაშლის მოგონებებს, ვერ ამოიშლის გულიდან იმ კვალს, რომელიც წლებმა დატოვა. წარსული ჩუმი თანამგზავრივით მოგყვება-ხან ხმას არ იღებს, ხან კი მოულოდნელად შეგახსენებს თავს.ამიტომაც მგონია, რომ გაქცევა ხშირად ადგილის შეცვლაა და არა ტკივილის. დროებით შეიძლება სუნთქვა გაგიადვილოს, მაგრამ ის კითხვები, რომლებმაც ერთხელ დაგამძიმა, საბოლოოდ მაინც გზას იპოვიან შენამდე...ალბათ განკურნება დავიწყებაში კი არა, მიღებაშია. იმაში, რომ ერთ დღეს საკუთარ თავს შეხედო და აღიარო-დიახ, ესეც მე ვარ. ჩემი შეცდომებით, ჩემი დანაკარგებით, ჩემი გატეხილი ნაწილებით.რადგან ზოგჯერ ყველაზე მძიმე ბრძოლა საკუთარ თავთან გვაქვს-იმ ადამიანთან, რომელიც სარკიდან გვიყურებს და რომელსაც წლებია პატიებას ვუშლით.და იქნებ სიმშვიდეც სწორედ მაშინ იწყება, როცა გაქცევას ვწყვეტთ. როცა პირველად ვბედავთ და საკუთარ თავთან დარჩენას ვსწავლობთ...რადგან რაცარაუნდა შორს წავიდე, ერთი ადამიანი ყოველთვის ჩემთან ერთად წამოვა...ჩემი მე წამოვა...ვიდრე დანებდები, იცოდე ჩემზე...არავინ განსაკუთრებულზე, არავინ გამორჩეულზე. უბრალოდ ადამიანზე, რომელსაც ბევრი შეცდომა დაუგროვდა, ბევრი დაცემა ახსოვს და კიდევ უფრო მეტი ტკივილი გადაუტანია...სამყარო სასტიკია. ზოგჯერ ერთი არასწორი ნაბიჯიც საკმარისია, რომ ყველაფერი თავდაყირა დადგეს. ფეხს წამოიკრავ და ის, რასაც წლები აშენებდი, წამებში დაინგრევა. ფეხს წამოიკრავ და ადამიანები, რომლებიც გუშინ გვერდით გედგნენ, დღეს ზურგს შეგაქცევენ. ფეხს წამოიკრავ და ისინი, ვინც საკუთარ თავს „შეუცდომლებს“ უწოდებენ, პირველები იქნებიან, ვინც ქვას გესვრის...მეც ასე დამემართა. ვეცემოდი, ვუშვებდი შეცდომებს, ზოგჯერ საკუთარ თავსაც კი ვკარგავდი... ბევრჯერ მიფიქრია, რომ აღარ შემეძლო. ბევრჯერ მდგარა ჩემს წინ დანებების სურვილი და ჩუმად მეჩურჩულებოდა-"აღარ ღირს ბრძოლა“...ამიტომ, ვიდრე დანებდები, გაიხსენე ერთი უბრალო ადამიანი-მე. ადამიანი, რომელმაც ბევრჯერ წაიბორძიკა, ბევრჯერ დაეცა, მაგრამ მაინც წამოდგა...თუ კი ამას წამოდგომა ქვია... არა იმიტომ, რომ ძლიერი იყო, არამედ იმიტომ, რომ სხვა გზა არ ჰქონდა...და თუ მე შევძელი კიდევ ერთხელ ადგომა, იქნებ შენც სცადო...კიდევ ერთხელ...მხოლოდ ერთხელ...ხანდახან სწორედ ის ბოლო მცდელობა ცვლის მთელ ცხოვრებას.ალბათ ფიქრობთ, რატომ ვწერ ამ ჩანახატს...იმიტომ, რომ ერთ დროს სწორედ ასეთი სიტყვების წაკითხვა მჭირდებოდა. არა ლამაზი ფრაზები,არა ადამიანებისგან მოსმენილი გაცვეთილი "ყველაფერი კარგად იქნება“...მჭირდებოდა რაღაც ნამდვილი...მჭირდებოდა ვინმე, ვინც მეტყოდა, რომ ზოგჯერ ცხოვრება მართლაც გაუსაძლისად რთულია... რომ ზოგჯერ დილამდე თეთრად გათენებული ღამეები არსებობს... რომ არსებობს დღეები, როცა საწოლიდან ადგომაც კი გმირობის ტოლფასია...მჭირდებოდა ეს გადარჩენისთვის...მჭირდებოდა გაგრძელებისთვის...უბრალოდ სიცოცხლისთვის მჭირდებოდა.მაშინ, როცა ყველაფერმა აზრი დაკარგა. როცა დღეების განმავლობაში საწოლში ვიწექი და არც მეძინა, არც მეღვიძა. თითქოს დრო მიდიოდა, მე კი ერთ ადგილას გაყინული დავრჩი.არაფერი მინდოდა. არც საუბარი, არც ხალხი, არც მომავალი. გულგრილი გავხდი ყველაფრის მიმართ, რაც ოდესღაც მიყვარდა. და რაც ყველაზე საშიშია - ნელ-ნელა საკუთარ თავსაც ვკარგავდი...იყო წუთები, როცა დანებებისთვის მზად ვიყავი. როცა მეგონა, რომ ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა. რომ სამყაროს ჩემ გარეშე არაფერი დააკლდებოდა და ჩემს არსებობასაც არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა...მახსოვს...სწორედ მაშინ,როცა ვინმესგან ვერ მოვისმინე ასეთი სიტყვები, ერთ წვიმიან ღამეს, ყველაფრისგან დაღლილმა, ჩემს მომავალ თავს წერილი დავუწერე...წერილი, რომელიც ჩემი უკანასკნელი იმედი იყო...მახსოვს, როგორ ვწერდი აკანკალებული ხელებით. თითქოს ყოველ სიტყვასთან ერთად საკუთარ თავს ვებღაუჭებოდი, რომ საბოლოოდ არ ჩავძირულიყავი.მახსოვს, როგორ ვემუდარებოდი მომავალ საკუთარ თავს, რომ ეს წერილი აუცილებლად გაეხსნა. აუცილებლად წაეკითხა.თითქოს იმ ფურცელში მთელი ჩემი არსებობა მქონდა ჩადებული. მთელი ჩემი შიში, ტკივილი, სასოწარკვეთა და იმედის უკანასკნელი ნაპერწკალი.ვწერდი ადამიანს, რომლის არსებობაშიც ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი...და მაინც ვწერდი...რადგან სადღაც გულის სიღრმეში ჯერ კიდევ მინდოდა მერწმუნა, რომ ეს ღამე უკანასკნელი არ იქნებოდა...რომ ერთ დღეს ეს ყველაფერი მხოლოდ მოგონებად იქცეოდა...დღემდე ვინახავ იმ წერილს...ის უბრალოდ ფურცელი არ არის...ის არის მტკიცებულება, რომ იყო დრო, როცა თითქმის დავნებდი... და მაინც გადავრჩი...მაშინ არ ვიცოდი, ოდესმე თუ წაიკითხავდა მას. არც ის ვიცოდი, საერთოდ თუ იარსებებდა ის "მომავალი მე“, რომელსაც ამ სიტყვებს ვანდობდი...ფურცელზე კი არა, იმედის უკანასკნელ ნაგლეჯზე ვწერდი.ვწერდი იმ ადამიანისთვის, რომელიც შესაძლოა ოდესღაც გადარჩენილიყო...მახსოვს, როგორ ეცემოდა წვიმის წვეთები ფანჯარას. ოთახში სიჩუმე იდგა, ისეთი სიჩუმე, საკუთარი გულისცემაც რომ გაშინებს...იმ ღამეს ვერავინ გადამარჩინა...არც სასწაული მომხდარა...უბრალოდ წერილი დავასრულე, ფურცელი გადავკეცე და ვიფიქრე:"თუ ხვალ გავიღვიძებ, კიდევ ერთ დღეს ვცდი.“მერე ეს "კიდევ ერთი დღე“ კვირად იქცა...კვირა-თვედ...თვე — წლად.და დღეს, როცა უკან ვიყურები, ვხვდები, რომ იმ ღამეს სინამდვილეში მომავალ თავს კი არ ვწერდი...იმ ღამეს სიცოცხლეს ვებღაუჭებოდი...ჩუმად...უკანასკნელი ძალებით...სწორედ მაშინ მჭირდებოდა ვინმე, ვინც მეტყოდა:"მოითმინე...მხოლოდ კიდევ ერთი დღე... მხოლოდ კიდევ ერთი დილა...მხოლოდ კიდევ ერთი ნაბიჯი“...ამიტომ ვწერ ამ ჩანახატს...იქნებ ახლა სადღაც ვიღაც ზუსტად იმ სიბნელეში ზის, რომელშიც ოდესღაც მეც ვიყავი... იქნებ მასაც ჰგონია, რომ აღარაფერი შეიცვლება. იქნებ მასაც ეჩვენება, რომ მისი ტკივილი უსასრულოა...და ბოლოს...თუ ამ ჩანახატს ახლა ვინმე ჩემნაირი კითხულობს, თუ ამ სიტყვებში საკუთარ თავს ხედავს, თუ ფიქრობს, რომ მის ტკივილს ვერავინ გაიგებს...მინდა რაღაც იცოდეს...მე არ გიცნობ...არ ვიცი შენი სახელი, არ ვიცი სად ცხოვრობ, არ ვიცი როგორი ცხოვრება გაქვს გავლილი. არ ვიცი რამ დაგაკარგვინა ღიმილი, რამ გატკინა,ან რის გამო გიწევს ყოველ დილით საკუთარი თავის ძალით წამოყენება...მაგრამ მთელი არსებით მიყვარხარ...მიყვარხარ იმიტომ, რომ იბრძვი...და მთელი არსებით ვწუხვარ, რომ იგივე გზის გავლა გიწევს, რომლის გავლაც ოდესღაც მეც მომიწია. ვწუხვარ, რომ არსებობენ ღამეები, როცა საკუთარ ფიქრებთან მარტო გიწევს დარჩენა. ვწუხვარ, რომ ზოგჯერ სიცოცხლე უფრო მძიმე ტვირთად გეჩვენება, ვიდრე საჩუქრად...ნეტავ, შემეძლოს შენს გვერდით დაჯდომა... უბრალოდ შენთვის ხელის ჩაჭიდება და იმის თქმა, რომ მარტო არ ხარ...რადგან ვიცი, რამდენად მტკივნეულია იმ განცდით ცხოვრება, რომ თითქოს მთელ სამყაროს დაავიწყდი.ამიტომ, თუ დღეს მხოლოდ ერთი მიზეზი გაქვს, რომ გააგრძელო - დაე, ეს ერთი მიზეზი საკმარისი იყოს.თუ მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმა შეგიძლია - მხოლოდ ის ნაბიჯი გადადგი.თუ მხოლოდ დღევანდელი დღის გადატანა შეგიძლია - მხოლოდ დღევანდელი დღე გადაიტანე.და თუ ვერავინ გითხრა ეს სიტყვები, მაშინ მე გეტყვი:მიხარია, რომ არსებობ...მიხარია, რომ აქამდე მოხვედი...და რაც არ უნდა ბნელი იყოს ეს ღამე, იმედი მაქვს, ერთ დღეს შენც იპოვი იმ მიზეზს, რომელმაც მე მაიძულა დავრჩენილიყავი...მანამდე კი, გთხოვ... დარჩი...კიდევ ერთი დღე...კიდევ ერთი დილა...კიდევ ერთი შესაძლებლობა... იქნებ სწორედ იმ ხვალინდელ დღეში გელოდება ის სინათლე, რომელსაც დღეს ვეღარ ხედავ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


