შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომა - პირველი გამარჯვება


2-05-2015, 13:22
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 2 416

იმავე საღამოს ანონიმური შეტყობინება მივიღე. თავიდან მეგონა, რომ თავად ნიკოლოზი დამცინოდა, მაგრამ შემოწმება ღირდა. იმედი მქონდა მხოლოდ, რომ ეს ყველაფერი მახე არ იყო. ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთი კორპორაციის პრეზიდენტს შეხვედრა ჰქონდა საგადასახადოს უფროსთან ერთ-ერთ რესტორანში. თუკი მინიშნებების დაიჯერებოდა, მაშინ საუბარი სწორედ ნიკოლოზზე იყო. იმაზე, თუ უცნობმა საიდან გაიგო ჩემს შესახებ და რატომ მაინც და მაინც მე, ვცდილობდი არ მეფიქრა. ეს ნამდვილი ბომბი იქნებოდა თუკი გადავიღებდი როგორ აძლევს ხარზიანის ვაჟი ქრთამს საგადასახადოს.
ხელები მოვისრისე და შეხვედრის ადგილი მოვძებნე ინტერნეტში. მაინც სჯობდა ადრე მივსულიყავი და ტერიტორია დამეზვერა.
დანიშნულების ადგილას 2 საათით ადრე მივედი. ჰარუ უნივერსიტეტში დავტოვე, მე კი ლექციის ნაცვლად საჯაშუშოდ და ნიკოლოზის გამოსააშკარავებლად გავიპარე. რესტორნის შესასვლელთან დაცვის ბიჭები იდგნენ, რომლებმაც საკმაოდ უხეშად მომახსენეს, რომ რესტორანი დაკეტილი იყო და სხვა დროს მივსულიყავი.
ამან დამაჯერა, რომ ანონიმური შეტყობინება ღირდა ყურადსაღებად, ამიტომაც უცებ შევიმუშავე გეგმა: შევიპარო რესტორანში, გადავიღო კორუფციის ფაქტი და მზადაა სკანდალი. მამუკა და ნიკოლოზ ხარზიანების სახელი გაფუჭებულია და იწყება გამოძიება!
დღეს ბედი მწყალობდა და ფორტუნა აშკარად ჩემს მხარეს იყო, რადგან რესტორნის სამზარეულოს კართად მოვიდა პროდუქტების მანქანა. კართან დავიმალე და სანამ ადმინისტრატორი დისტრიბუტორს ესაუბრებოდა, რესტორანში შევიპარე. დარბაზში ერთად-ერთი მაგიდა იყო გაწყობილი, შესაბამისად სწორედ მასზე დადგმულ ყვავილების ვაზაში ჩავმალე ჩემი მობილური, რომელშიც ხმის ჩანაწერი ჩავრთე და მეტი სიფრთხილისათვის რესტორანი დავტოვე. თუმცა შორს არ წავსულვარ, იქვე გზის მეორე მხარეს, კაფეში შევედი. მობილური წინა ღამეს ჩატარებული მარტივი მანიპულაციების შედეგად ავტომატურად გადასცემდა ყველაფერს ჩემს კომპიუტერზე. ანუ თუკი ტელეფონს აღმოაჩენდნენ მას შემდეგ, რაც საუბარი შედგებოდა, მე არაფერი მემუქრებოდა. ტელეფონში არანაირი კვალი არ იყო, რაც ჩემამდე მოიყვანდა აღმომჩენს. მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ რესტორანი უკვე შემოწმებული იყო და რადგან დაცვა გარეთ იდგა და არავის უშვებდა, შესაბამისად არც უნდა ჰქონოდათ მიზეზი ხელმეორედ შემოწმებისა.
დაახლოებით 4 საათისათვის მთავარ შესასვლელთან რამდენიმე წუთის სხვაობით მოვიდა ორი მანქანა. მფლობელები გადმოვიდნენ და დაცვის თანხლებით სწრაფი ნაბიჯებით შევიდნენ რესტორანში.
მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდნენ გამვლელებისათვის შეუმჩნეველნი დარჩენილიყვნენ, მე მაინც დავინახე ვინ იყო იდუმალი სტუმარი. არა, ეს ნიკოლოზ ხარზიანი არ ყოფილა, ეს ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი ლოჯისტიკური კომპანიის დირექტორი გახლდათ, რომელმაც საგადასახადოს მოსყიდვა სცადა.
ჩემი მობილური შეუმჩნეველი დარჩა მათთვის, მე კი ბოლომდე გამიმართლა და მათი წასვლის შემდეგ ის უკან დავიბრუნე. ჩანაწერი კი უკვე 1 საათში ყველა წამყვან ტელეარხზე ტრიალებდა. რა თქმა უნდა, ჩანაწერის ავტორი ანონიმად დარჩა ყველასათვის. დამნაშავეები კი უკვე პროკურატურაში ისხდნენ.
სანამ დამნაშავეების დაკითხვა მიმდინარეობდა, მე უნივერსიტეტის აუდიტორიაში ვიჯექი და ნერვიულად ვიკვნეტდი ფრჩხილებს. სავარაუდოდ ეს ხარზიანის ნამოქმედარი იყო. ალბათ რაღაცას გეგმავდა და ამ გზით მომიშორა თავიდან.
...
ამ დროს, ქალაქის ცენტრში, ფეშენებელური სახლის ბოლო სართულზე დივანზე იჯდა ნიკოლოზ ხარზიანი, ვისკის წრუპავდა და ტელევიზორს უყურებდა. როდესაც სიახლე მოისმინა, თავის თანაშემწეს გადახედა:
-ჯაბა, შენი ცივსისხლიანობა ხანდახან მაშინებს.
-რაზე მეუბნები?- ეცადა გაოცებული გამოჩენილიყო ჯაბა.
-მე გთხოვე თაგუნიას ყურადღება სხვა რაიმეზე გადაგეტანა, შენ კი უბრალოდ კი არ გადაატანინე ყურადღება, არამედ ეს აუტანელი ტიპიც მოიშორე თავიდან. თან ისე, რომ ჩვენზე ეჭვს ვერავინ მიიტანს, ისევე როგორც თაგუნიაზე.
-ვიცი, მე უბრალოდ გენიალური ვარ.
-ხანდახან ხარ.
...
საღამოს ბ-ნ გიასთან და ჰარუსთან ერთად ვუყურებდი საინფორმაციოს და მიჭირდა საკუთარ სიამაყესთან გამკლავება.
მე ეს გავაკეთე!
რეპორტაჟი არაჩვეულებრივი გამოვიდა. უკვე არც მაინტერესებდა ვინ იყო ის ანონიმი, ვინც ინფორმაცია მომაწოდა. უფრო მარტივი იყო ფიქრი, რომ ეს შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის კონკურენტი იყო. ხოლო იმ კონკურენტმა ჩემს შესახებ საიდან გაიგო, აღარც მაინტერესებდა. ამ ავანტიურამ მთლიანად ჩამითრია და ჩემს ცხოვრებას სხვა ფერები შესძინა.
მთავარი შედეგია და მხოლოდ ამაზე ვაპირებდი ფიქრს.
გვიან საღამოს, როდესაც დასაძინებლად ვემზადებოდი და ტელეფონის ზარი გაისმა, მეგონა კესო მირეკავდა, რომელსაც ძალიან უჭირდა დროის სხვაობასთან შეგუება, ამიტომაც ნომერზე შეუხედავად ვუპასუხე ტელეფონს.
-თაგუნია, კარგად იმუშავე,- ტკბილი ხმით მითხრა ნიკოლოზმა.
მისი ხმის გაგონებისას ჟრუანტელმა დამიარა. ჯერ კიდევ არ ვიცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი მისი თანდასწრებით.
-მადლობა,- ამაზე ჭკვიანური ვერაფერი მოვიფიქრე. რაზე საუბრობდა უცებ მივხვდი, მაგრამ საინდან გაიგო, ამის აღქმა ვერ მოვასწარი.
-იცი, ძალიან მიხარია, რომ ჩემი შეტყობინება არ დააიგნორე. შენი რეპორტაჟით ძალიან დამეხმარე,- გამოკვეთილად და ნელა წარმოთქვა ნიკამ. ამით აშკარად ჩემს წყობიდან გამოყვანას ცდილობდა.
-ანუ შენ გამომიგზავნე შეტყობინება?- გავშეშდი მე, როგორც იქნა ჩემმა ტვინმა აღიქვა სიტუაცია, მაგრამ გადახარშვა ჯერ კიდევ უჭირდა.
-უბრალოდ ხელს მიშლიდა ბატონი დირექტორი, მაგრამ ხელის გასვრა ნამდვილად არ მინდოდა. ამიტომაც ბინძური საქმე შენ გადმოგაბარე. თან მე საქმე მქონდა მოსაგვარებელი,- მრავალმნიშვნელოვნად მითხრა ბიჭმა. ანუ რაღაცას აკეთებდა დღეს და არ უნდოდა მე მეთვალთვალა.
-ანუ... ანუ გამომიყენე?- ხმა ამიკანკალდა.
-შეიძლება ასეც ითქვას. მაგრამ აღიარე, შენ ძალიან მოგწონს დეტექტივობანა და კარგად გაერთე,- გაეცინა ნიკას.
-ამას ასე არ დავტოვებ,- პირველად ავიმაღლე ხმა მისი თანდასწრებით.
-ო, მართლა? სამაგიეროს გადამიხდი?- ბიჭის ხმაში სარკაზმი ისმოდა.
-ყველას დავანახებ შენს ნამდვილ სახეს!
-მართლა? როგორ?
-რამდენიმე აზრი მაქვს ამასთან დაკავშირებით.
-იცი, იაპონელებთან ვაპირებ ბიზნესის აწყობას,- „მახარა“ ბიჭმა.
ეს რა, დამცინის? პირდაპირ მიყვება თავისი გეგმების შესახებ? ნუთუ მართლა არაფრად მაგდებს?
იაპონელებთან აპირებს ბიზნესის აწყობას. ალბათ ტანაკას გულისხმობს. მადლობა რომ მითხარი ყველაფერი, კრეტინო!
-ნუ მეთამაშები. ეს უსაფრთხო არაა!- გავაფრთხილე მე.
-მართლა?
არაფერი ვუპასუხე. უბრალოდ ტელეფონი გავთიშე და ლოგინზე დავაგდე. გაბრაზებული ვიყავი... ძალიან გაბრაზებული. გამომიყენეს როგორც გამოუცდელი ღლაპი. მორალური სიამოვნება კი მივიღე რეპორტაჟით, მაგრამ ნიკა ხელიდან დამისხლტა. ანკესი გადმომიგდო და მეც წამოვეგე. თავდაპირველი დავალება ჩავაგდე. ეს რაუნდი მომიგო. მაგრამ ასე არ დავნებდები. საბოლოოდ მე გავიმარჯვებ!
იმ დღის მერე ნიკას გვერდით არ გამოვჩენილვარ. არც კი მინახავს. სჯობს მოდუნდეს და იფიქროს, რომ დავნებდი. ეს დრო სწავლას და ჰარუს დავუთმე. ვიცოდი, რომ საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად, ნიკა კიდევ რაიმეს მოიმოქმედებდა და ეს მომცემდა საშუალებას გამეგო, როდის და სად ხვდებოდა იაპონელებს. თითქმის 99%-ით დარწმუნებული ვიყავი, რომ საქმე ტანაკას კლანს ეხებოდა. ხოლო თუკი სხვა იქნებოდა, შემდგომ გეგმას მერე დავაწყობდი. იქამდე კი ინტუიციას ვენდობოდი.
უნივერსიტეტში მისულმა აღმოვაჩინე, რომ ჰარუს ყველა იცნობს და საკმაო პოპულარობით სარგებლობს არამარტო სტუდენტებთან, როგორც აქამდე მეგონა, არამედ ლექტორებთანაც, რომლებიც ბევრ მის ქცევაზე თვალს ხუჭავდნენ და უბრალოდ უღიმოდნენ. ამან ცოტა გამაღიზიანა, ამიტომაც სადილზე ბიბლიოთეკაში წასვლის ნაცვლად უნივერსიტეტის ეზოში გავედი და ხის ჩრდილში ჩამოვჯექი. არ ვაპირებდი ჰარუსთან ერთად სადილობას, რომელსაც „თაყვანისმცემლები“ თავს არ ანებებდნენ.
-აქ მარტო რატომ ზიხარ?- გავიგე ნაცნობი ხმა და ავხედე ჰარუს, რომელიც თავზე მედგა და მიღიმოდა.
-განა იმ გაფხორილ დედლებთან არ უნდა იყო?- ვუთხარი უხეშად.
-ვაუ, ნუთუ ჩვენი კატო ეჭვიანობს?
-ვერ ეღირსები,- გამოვუყავი ენა და განვაგრძე მობილურში ქექვა.
ჰარუ ჩემს წინ ჩაიმუხლა, მობილური წამართვა, მერე კი ბალახზე წამოწვა და თავი მუხლებზე დამადო.
-ნუ მიბრაზდები,- მითხრა სერიოზული ხმით ბიჭმა. მე გაშტერებული ვუყურებდი და არ ვიცოდი რა მეთქვა,- შენ ჩემთვის აღარ გცალია. მესმის, რომ სწავლა გინდა და ამაზე შენი მომავალი ცხოვრებაა დამოკიდებული, ამიტომ არ მინდა ხელი შეგიშალო. მაგრამ არც ასეთი ალტრუისტი არ ვარ და მეც მინდა გართობა ისევე, როგორც შენ სწავლა.
მართალს ამბობს ჰარუ. მე, იმის ნაცვლად რომ სტუდენტური ცხოვრებით დავტკბე, შურისძიებაზე ვკარგავ დროს და თან ბიჭზე ვეჭვიანობ, როდესაც ის სხვა გოგოებთანაა, რადგან მე მისთვის არ მცალია...
მოიცადეთ, სტოპ! ვეჭვიანობ?
-არაფერ მეტყვი?- გავიგე ბიჭის ხმა და მაშინვე მოვეგე გონს.
-მართალი ხარ,- ვუთხარი და თავზე გადავუსევი ხელი,- ბოდიში. გშია?
-კი,- მითხრა და პირი გააღო. მე გამეცინა.
-ჩანთაში მიდევს ბუტერბროდები,- ვანიშნე მის ფეხებთან დაგდებულ ჩანთაზე. ოდნავ წამოიწია, ჩანთის ყურს წაავლო ხელი და მომაწოდა. მეც მაშინვე ამოვიღე საჭმელი და ერთი ბუტერბროდი მას გავუწოდე.
-ასე არ მინდა, შენ მაჭამე,- მითხრა ბიჭმა და პირი გააღო ისევე, როგორც რამდენიმე წუთის წინ. მე რატომღაც გავწითლდი და ბუტერბროდი პირთან მივუტანე. მან ჩაკბიჩა და მადიანად გაღეჭა.
-ასე უფრო გემრიელია,- მითხრა და ტუჩები გაილოკა. მე მიმოვიხედე და გადავაწყდი გოგოების დიდი ნაწილის შურიან მზერას. ამან სტიმული მომცა და განვაგრძე ჰარუს გამოკვება. თუმცა კარგად ვხვდებოდი, რომ ასე მარტივად არ მაპატიებდნენ.
გოგოების ჯგუფმა იმაზე ადრე გამომიჭირეს, ვიდრე წარმოვიდგენდი. ამიტომაც ცოტა დავიბენი, როდესაც საპირფარეშოს კარი ჩამიკეტეს და აღარ მიშვებდნენ. იდიოტები, ნუთუ არ იციან, რომ მობილურით შემიძლია დავუკავშირდე ჰარუს? ჩემდა გასაოცრად, აღმოვაჩინე, რომ მობილური მე არ მქონდა. ამომაცალეს! ქურდბაცაცები. მე სამწუხაროდ ვერაფერს ვიზამდი და საღამომდე საპრფარეშოში ვიჯექი, სანამ დამლაგებელი არ შემოვიდა გაოგნებული. აღმოჩნდა, რომ კარზე ტრაფარეტი მიეკრათ, რომ დეზინფექციას ატარებდნენ და არავინ სესულიყო. წინდახედული ვირთხები! სახლშიც ავტობუსით მომიწია წასვლა, რადგან ჰარუ უნივერსიტეტში აღარ იყო.
სახლში მისულმა ჰარუ ჩემს ოთახში აღმოვაჩინე, ჩემი მობილურით ხელში.
-სად იყავი?- მკითხა უხეშად.
-შენმა „თაყვანისმცემლებმა“ ჩამკეტეს,- ვუთხარი ისეთი ტონით, რომ თვალები დახარა.
-მართლა?- მკითხა გაღიზიანებულმა.
-მართლა!- უხეშად ავიქნიე ხელი,- ახლა კი იქნებ დამტოვო, აბაზანა მჭირდება სასწრაფოდ.
-ჩემი ბრალია,- წამოდგა და კარისკენ წავიდა. მაგრამ უცებ გაჩერდა, ჩემთან მოვიდა, ჩამეხუტა, თავზე მაკოცა და ხმადაბლა მითხრა,- მე მივხედავ ყველაფერს. შენ დაისვენე,- და გავიდა. მე კი გაშეშებული ვიდექი ერთ ადგილას. რა თბილია მისი ჩახუტება, როგორი ნაზია მისი შეხება! რატომ ვგრძნობ ასე კომფორტულად თავს?
ფიქრიდან ტელეფონზე მოსულმა შეტყობინებამ გამომიყვანა. ტელეფონს დავხედე და ხმამაღლა შევიგინე. სულ რაღაც 2 კვირა გავიდა. ნუთუ მოთმინება არ ეყო? ისევ ანონიმური შეტყობინება. ნუთუ მისი ინტელექტი იმაზე დაბალია ვიდრე მე მგონია? ერთი და იგივე ხრიკი ჩემზე ორჯერ არ გაჭრის, ნუთუ ვერ ხვდება? თუ ჩემს ინტელექტს ამოწმებს ამით? იდიოტი!
თუკი იმავეს აკეთებს, რაც წინათ გააკეთა, ანუ თვალის ახვევას ცდილობს. ე.ი. შეხვედრა იმავე დროს ექნება, რა დროც მომწერა. მთავარია გავიგო სად და დავრწმუნდე, რომ მართლა ტანაკას კლანს ხვდება.
შეტყობინება მართლა საინტერესო და მიმზიდველი იყო, ბიზნესმენი, რომელზეც მატყობინებდნენ, საკმაოდ ცნობილი და პოპულარული იყო თავისი სიმდიდრის, მიმზიდველობის და ცოტა თავაშვებული ცხოვრების წყალობით. ამიტომაც რეპორტაჟი მასზე უბრალოდ ფანტასტიკური გამოვიდოდა. მაგრამ არა, ამჯერად ჩემი კურსიდან აღარ გადავუხვევ. მაგრამ ამ ინფორმაციასაც ასე ვერ დავტოვებ.
ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი, უშიშარი და მიუკერძოებელი ჟურნალისტის მონაცემების მოძებნა იმაზე მარტივი აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა.
-გისმენთ,- გავიგე ნამძინარევი ხმა.
-ვახო გამარჯობა. შენთვის ინფორმაცია მაქვს.
-რა?- ეტყობა, რომ უცებ გამოფხიზლდა. ანუ შეჩვრულია ასეთ ზარებს,- რა ინფორმაცია?
-ორ დღეში გიორგი კაპანაძე ფულს გადასცემს ბანდიტებს, რომლებიც, ასე ვთქვათ, ყურადღებას აქცევენ მის კომპანიას. ვიცი დრო და ადგილი.
-და საიდან ასეთი ინფორმაცია?
-ამას მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ მაინტერესებს გეყოფათ თუ არა სითამამე გამოსააშკარავებლად.
-უფრო დეტალურად თუ შეიძლება.
ჩავაწერინე მისამართი და დრო, მერე კი დაუმშვიდობებლად გავუთიშე, წინასწარ კი გავაფრთხილე, რომ გადამყვანს ვიყენებდი და ნომერი ჩემი არ იყო, ამიტომ არც ეცადა ჩემთვან დაკავშირება. რეალურად არანაირ გადამყვანს არ ვიყენებდი, მხოლოდ ხმის შემცვლელ პროგრამას, მაგრამ აუცილებელი არ იყო მას ამის შესახებ რაიმე სცოდნოდა.
სინდისი უკვე სუფთა მქონდა. ბიზნესმენს გამოააშკარავებდნენ და მეც დრო მექნებოდა ნიკასთვის გამეფუჭებინა საქმე.
პირდაპირ ნიკაზე თვალთვალი არ შეიძლებოდა. პირველ რიგში მე მაწყობდა, რომ ეფიქრა, თითქოს ანკესს წამოვეგე, მეორე რიგში, ის ადვილად შემამჩნევდა და მცდელობა წყალში ჩამეყრებოდა.
2 დღე ვუთვალთვალებდი მის თანაშემწეს. და არც იმის გაგება გამიჭირდა, თუ ვინ იყო მათი მომავალი პარტნიორი. მდამ! მადა მართლა კარგი აქვს ხარზიანს. აზიიდან ევროპისაკენ გამავალი გზა მის ხელშია და რატომაც არა... მაგრამ არ იცის, რომ ზუსტად აქ შევაჭრი ფრთებს! და არ მაინტერესებს, რომ რეპორტაჟისთვის მასალას ვერ გავაკეთებ, ტანაკა არ იმსახურებს ჩემგან ამას იმის მერე, რაც ჩემთვის და კესოსთვის გააკეთა, თუნდაც ჰარუს თხოვნით. სამაგიეროდ ნიკა გაიგებს, რომ მეც მაქვს ბრჭყალები.
მოლაპარაკებების ადგილიც ღირსეული აარჩია ხარზიანმა, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქართული რესტორანი, სადაც არაჩვეულებრივად ამზადებენ ქართული სამზარეულოს შედევრებს (ბლოგიდან ამოკითხული ინფორმაცია, მე არასოდეს ვყოფილვარ, სამწუხაროდ). ამ რესტორანში მომსახურე პერსონალიც კი საზოგადოების მაღალი ფენებიდან იყვნენ. იდეალური ადგილი შეხვედრისათვის და ამასთანავე გარანტირებული კონფიდენციალურობა.
შიგნით მოხვედრა რა თქმა უნდა თავის ტკივილი იყო, მაგრამ მაინც მოვახერხე შეძრომა. თუმცა, უკანონო გზით.
ზუსტად 12 საათზე ოფიციანტებს ჰქონდათ შესვენება. დაველოდე სანამ გამოვიდოდნენ მოსაწევად (ბოლო 2 დღის განმავლობაში გამოდიოდნენ და იმედი მქონდა, რომ არც ამჯერად უღალატებდნენ ტრადიციას). ისევ გამიმართლა და გამოვიდნენ. ერთ-ერთ გოგონას დავუძახე ისე, რომ სხვებს არ შეუმჩნევიათ და ქლოროფორმით გავთიშე. სწრაფად გადავიცვი რესტორნის ფორმა და შიგნით შევიპარე. ჩუმად შევედი საწყობში და დავიმალე, რადგან დარბაზი კარგად სჩანდა შეღებული კარიდან. იქ ველოდი ჩემი გამოსვლის დროს.
ნიკა და მისი თანაშემწე ნახევარი საათით ადრე მოვიდნენ, რათა ყველაფერი შეემოწმებინათ. ერთი შეხედვით ეტყობოდა ნიკას, რომ გაღიზიანებული იყო. რატომღაც ვიფიქრე, რომ ჩემს გამო. მე ხომ ჯერ კიდევ არ გამოვჩნდი მის წინ... ის კი ფეერიულ გამარჯვებას აპირებდა. კრეტინი!
სტუმრებსაც პირადად შეხვდნენ ხარზიანი და მისი კუდი (ეს სახელი უფრო უხდებოდა მაღალ, გამხდარ ბიჭს, ვიდრე თანაშემწე). ამ ორს ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ, ამიტომაც სტუმრები კმაყოფილები დარჩნენ. გაცვალეს თბილი მოკითხვები (ინგლისურად საუბრობდნენ) და სუფრას მიუსხდნენ. თან მიირთმევდნენ, თან შეთანხმების დეტალებს არჩევდნენ. სუფრასთან ნამდვილი იდილია სუფევდა და სწორედ რომ დრო იყო ჩემი გამოჩენისა. ავიღე ხილის სალათი და გავედი დარბაზში.
-რა ხალხი!- წარმოვთქვი ხმამაღლა, რათა ყველას ყურადღება მიმეპყრო.
ნიკამ პირიც კი გააღო მოულოდნელობისაგან. საკუთარ თავზეც კი დაკარგა კონტროლი სულ რამდენიმე წამით.
-ტანაკა-სან, ოღონდ არ მითხრათ, რომ ამ ადამიანთან აპირებთ საქმის წარმოებას,- ვუთხარი მეც ინგლისურად და გავუღიმე.
-რატომ? არ ღირს?- მკითხა კაცმა სიცილით.
-ის ხარბი და ცბიერია. და ყველაფერი რაც მას სჭირდება, აზიურ ბაზარზე გასასვლელია,- ვუთხარი და თვალი ჩავუკარი.
-დაცვა, გაიყვანეთ,- იყვირა „კუდმა“.
-არ არის საჭიროება, კატო, მოდი ჩემთან დაჯექი.
ნიკამ და მისმა კუდმა ერთად შემომხედეს გაოგნებულებმა. ძალიან კარგი. ამჯერად მე გავიმარჯვე... ეს ჩემი რაუნდია ნკოლოზ ხარზიანი!



№1  offline წევრი HeeChul-ah

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც კითხულობს ისტორიას. მოგწონთ ეს ჟანრი? თუ არ ღირს გაგრძელება?
--------------------
Nico nico nii

 


№2  offline წევრი Annee

HeeChul-ah
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც კითხულობს ისტორიას. მოგწონთ ეს ჟანრი? თუ არ ღირს გაგრძელება?


რას ქვია გაგრძელება არ ღირს. პირიქით, მე მიტაცებს ასეთი ჟანრი. ჯერ მარტო იმდენი ხანი ველოდები ხოლმე ახალ თავს. აღარ დააგვიანო ხოლმე. თან რა ადგილას გაწყვიტე შე ინტრიგანო :დდ მალე დადე შემდეგი ^_^

 


№3  offline წევრი li-si

ვგიჟდებიიიი...ვაფანატებ ამ მოთხრობაზე love მალე დადე შემდეგი თავი რა winked
ძან მაგარია ყოჩაღ wink

 


№4  offline წევრი li-si

აღარ აგრძელებ? :(

 


№5  offline წევრი HeeChul-ah

li-si
აღარ აგრძელებ? :(


დავამატე უკვე :) ახალ თავსაც მალე დავდებ
--------------------
Nico nico nii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent