ატეხილი გრძნობები 2
ლეა საქართველოს ორი ზაფხულის შემდეგ, უკვე სრულწლოვანი ეწვია, დედის გარეშე. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ლუარას არ დაუშლია პატარა ფეფოსთვის მასთან შეხვედრა. ყოველდღე ხვდებოდნენ გოგონები ერთმანეთს, ვერაფრით შეძლო ფეფომ ბებია შვილიშვილის შერიგება. აქეთ ლუარა იგიჟებდა თავს, ეგ თავხედი ლაწირაკი არ დამანახოო და იქით ლეა, მაგ ბებერი ალქაჯის სახელს ნუ მიხსენებო. ამ დროისთვის ფეფო მხოლოდ ცამეტი წლის იყო, დიდი ბრძოლისუნარიანობით არასდროს გამოირჩეოდა, მითუმეტეს ორ ასეთ ჯიუტ ქალთან ვერაფერი გაახერხა. გადიოდა წლები. ლეამ ჟურნალისტიკა შეისწავლა, მაგრამ თავისი პროფესიით არ მუშაობდა. ფეფო მუსიკას გაჰყვა. ჯერ ათწლედი დაამთავრა, მერე როგორც ნიჭიერი სპეციალურ მუსიკალურ სკოლაში მიიღეს და ბოლოს კონსერვატორიაში ჩააბარა. რამდენჯერმე საზღვარგარეთაც მიიწვიეს და ცოდნის ასამაღლებელი მოკლევადიანი კურსები გაიარა. თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, ცხოვრება თავის კალაპოტში მიედინებოდა და ბაც! გაუსკდა ლუარას გული. იმდენი იძახეს გარშემო მყოფებმა ლუარა მაგარია, ლუარა ძლიერია, ლუარას რკინის გული აქვს, ამას რა მოკლავსო, რომ თვალი ეცა მგონი ქალს და გარდაიცვალა. ანდერძით ყველაფერი ფეფოს დაუტოვა. მეგი და ლეა სულაც არ გაუნაწყენებია ამ ამბავს, იცოდნენ ასეც იქნებოდა. შუაღამე იყო მათთან ფეფომ რომ დარეკა ქვითინით, ბებია აღარ არისო. მეგიმ ვერ თუ არ მოახერხა საკუთარი დედის დაკრძალვაზე ჩამოსვლა, ლეა კი ორ დღეში ფეფოსთან გაჩნდა და რამდენ ხანსაც დაგჭირდება იმდენ ხანს დავრჩები შენთანო, დაამშვიდა ატირებული ბიძაშვილი. ფეფომაც გახარებულმა შემოხვია ხელები თავის ერთადერთ და ყველაზე ახლობელ ადამიანს. დაკრძალვიდან დაღლილები ავიდნენ სახლში. ეს ამდენი მიდი–მოდი, დაკრძალვის და ქელეხის ამბები, არამკითხე ხალხის უაზრო და არასაჭირო რჩევები. მომქანცველი კამათები ნათესავი ქალებისა, საჭიროა თუ არა ჩასასვენებელში სავარცხლის ჩაყოლება. ფეფო ყველას ყველაფერზე უაზროდ უქნევდა თავს და ისევ და ისევ ტირილის განაგრძობდა. აი, ლეამ ერთი ისეთი დაუცაცხანა ქალებს თქვენი სულელური იდეები თქვენთვისვე შეინახეთო, რომ მაშინვე მოკეტეს მოკამათეებმა, თან ცერად შეათვალიერეს იასამნისფერ ქოჩრიანი ნათესავი, შავი ტყავის შარვალში გამოტკეცილი უკანალითა და თავის ქალა გამოსახული მაისურით მედიდურად რომ დააბიჯებდა. ბოლოს და ბოლოს ყველაფერმა ნორმალურად ჩაირა. ამ ორომტრიალით დაღლილი ლეა სავარძელში ჩაენარცხა და სიამოვნების ბგერები ამოუშვა პირიდან. ხუთ წუთში ღრმა ძილით ეძინა და მშვიდად ფშვინავდა. ერთი საათიც არ იქნებოდა გასული უცნაურმა ხმებმა რომ გამოაღვიძა, მაშინვე მიხვდა რაშიც იყო საქმე. ლუარას ოთახში, ლუარას საწოლზე მოკუნტულიყო ფეფო და გულამოსკვნილი ტიროდა. უკმაყოფილო სახით გაბრუნდა უკან, საკუთარი ჩანთა მაგიდაზე ამოაპირქვავა, როგორც იქნა მიაგნო პატარა ცისფერ აბებს. ერთი აბი და წყლით სავსე ჭიქა მოიმარჯვა და ისევ ფეფოსკენ გაემართა. ყოველგვარი კითხვებისა და პრეტენზიების გარეშე გამოართვა გოგონამ წამალი და გადაყლაპა. მალე დამშვიდდა და ჩაეძინა კიდეც. ფრთხილად გადააფარა პლედი, დაიხარა შუბლზე აკოცა და უხმაუროდ დატოვა ოთახი. მეორე დღეს, შუადღისთვის გამოიღვიძა ფეფომ დასვენებულმა, მაგრამ მალე ისევ ზლუქუნი დაიწყო. ერთი კვირა გრძელდებოდა ასე. ცდილობდა ლეა გაეგო მისთვის. ეფერებოდა, უყვავებდა, საჭმელს ძალით აჭმევდა, სახალისო ისტორიებს უყვებოდა, კომედიური ჟანრის ფილმებს ურთავდა, მაგრამ ვერაფრით გამოიყვანა მდგომარეობიდან. არაფერს ამბობდა გოგონა. იწვა და მთელ დღეებს ტირილში ატარებდა. ერთადერთი ეკლესიაში თუ გადადიოდა. – ვიცი, შენთვის როგორი ძვირფასი და საყვარელი ადამიანი იყო ლუარა, ისიც ვიცი, რამხელა ადგილი ეჭირა შენ ცხოვრებაში. მესმის რომ მისი გარდაცვალებით გულდაწყვეტილი და განადგურებული ხარ, შენთვის მართლაც რომ კარგი ბებო იყო, მაგრამ იცი რაა... შენი თვითგვემა, გლოვის ამგვარი სახე უკვე ყოველგვარ საზღვარს სცილდება! – მოთმინება დაკარგულმა დაუყვირა ლეამ, უკვე ერთი თვე იწურებოდა ლუარას გარდაცვალებიდან, ფეფო კი ისევ ისე იყო. – კი ბატონო გენაცვალე, ეგრევე ცეკვა თამაშის ხასიათზე ვერ დადგები, მაგრამ ხანდახან აქეთ–იქით რომ გაიხედო და ერთი, ორი სიტყვა თქვა არ შეიძლება?! დაფეთებული მიაჩერდა ფეფო. პირველად უყვირა მამიდაშვილმა. ლეას ხმაში ნაგრძნობმა ტკივილმა და წყენამ გული მოუკლა. საწყლად ჩაქინდრა თავი და შეპირდა, ვეცდები ნაკლები ვიტირო და ადამიანს დავემსგავსოო. მომდევნო დღეებში მართლა ცდილობდა. ბევრს ელაპარაკებოდა ლეას, ზედმეტად ბევრსაც კი, ან უაზროდ იცინოდა, მერე სევდა ჩაუდგებოდა თვალებში, ვანაში შერბოდა, წყალს ბოლომდე უშვებდა და ბღაოდა. ერთი სიტყვით არაადეკვატური იყო. – დროა ჩემი აქაური მეგობრები გაგაცნო. – გამოუცხადა ლეამ. ლუარას ორმოციდან რამდენიმე დღე იყო უკვე გასული. – შენი მეგობრები? – მაშინვე დაფრთხა გოგონა. მანამდე არასდროს მოსვლია აზრად ლეას მეგობრების გაცნობა. ძნელად შედიოდა უცხოებთან კონტაქტში და დიდად არავისთან დაახლოების სურვილით არ იწვოდა. – ნუ გეშინია. – გაუღიმა ლეამ. – ცოტა უცნაურები კი არიან, ჩემსავით, მაგრამ ყველას კეთილი გული აქვს. გამოეწყვე და გავიდეთ. ერთ საერთო მეგობართან ვიკრიბებით. ნუ მიყურებ მასეთი შეშინებული. ახალი ადამიანები არ აწყენს შენ მოსაწყენ ცხოვრებას. სულაც არ თვლიდა რომ მოსაწყენი ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ უსიტყვოდ შევიდა თავის ოთახში და ტანსაცმელების გადმოლაგება დაიწყო. – არავითარი შავი!!! – ლეას კატეგორიული გაფრთხილება მისწვდა მის სმენას. – არც ყავისფერი დამანახო, რამე მხიარული შეარჩიე! ამოიოხრა და უკან შედო არჩეული სამოსი. მეტალებასხმული ლეა კრიტიკული მზერით ათვალიერებდა მუქ ლურჯ კაბაში გამოწყობილ ფეფოს. – ვერაფერს იტყვი, ისეთი მხიარულიააა... – უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები. როგორც ყოველთვის ახლაც განივრად ადგა კაბა ტანზე. ისედაც გამხდარს, კიდევ რამდენიმე კილო ჰქონდა დაკლებული. კაბის სიგრძე ზუსტად კოჭებსა და მუხლებს შუაში იდგა. თმა ტრადიციულად ჩაეწნა და მსხვილი ნაწნავი მხარზე ჰქონდა გადმოგდებული. ფეხზე ისევ კაცის ჯლაგუნა ფეხსაცმელი ეცვა და ეს ჩაჩლატული წინდებიც... – მერე შენს გარდერობს აუცილებლად მივხედავთ. – აქოთქოთდა ლეა. – უკვე დიდი ხარ. დროა დიდურად, ქალურად ჩაიცვა. რას ჰგავხარ მაგ სამი ზომით დიდ და წინასაუკუნეების დროინდელ ხლამებში იცი? – ბებია მოითხოვდა... – ოჰ, გაჩერდი ერთი. არ გვინდა მასზე საუბარი. – სასწრაფოდ შეაწყვეტინა ცრემლებმომდგარ გოგონას ლეამ. – უკვე სრულწლოვანი, დამოუკიდებელი პიროვნება ხარ. შეგიძლია ისე ჩაიცვა როგორც შენ გინდა, შენ მოგწონს. კოლგოტზე გსმენია რამე? ან ეგ ჩაფართხუნებული კაბები მოგწონს? – მაინცდამაინც არა. – თავჩაქინდრულმა ჩაილუღლუღა ფეფომ. – კარგი, მალე ვიშოპინგებთ. ახლა წავედით. ქუჩაში ისევ ისე მიაბიჯებდნენ. თითქოს ერთად და არც. ლეა არხეინად, თავისუფლად, მხრებში გაშლილი. ფეფო თავჩაღუნული, აწურული, მძიმე ნაბიჯებით, რაღაცნაირი რიდით, თუ შიშით. – შორს მივდივართ? – ძლივს გასაგონად იკითხა ფეფომ. – ფაქტიურად, მეზობლად მიმყავხარ. – მხიარულად გაუღიმა ლეამ. – შესაძლოა, ქუჩაში ხშირად ხვდებოდით ერთმანეთს. თუმცა, არამგონია მოგწონებოდა ეგ უგულო ნაბი*ვარი. ყველას აფრთხობს ჩემნაირი დარტყმულების გარდა. სიახლოვეს არავინ ეკარება ისეთი აუტანელი და საზიზღარია. – მერე მასეთ ადამიანთან რა გვინდა? – შიშისგან ხმა აუკანკალდა ფეფოს. – ჩემი მეგობარია. – სიამაყით და კმაყოფილებით აღსავსემ განუცხადა ლეამ. – ნუ გეშინია, მართალია, წყალწაღებული არამზადაა, მაგრამ მკაცრად გავაფრთხილებ შენთან დაკავშირებით. ამ სიტყვებმა უარესად დააფრთხო ფეფო. მოუნდა უკან დაბრუნებულიყო, სახლში. – მოდი შინ დავბრუნდეთ რა ლეა? ან სადმე გავისეირნოთ, მხოლოდ მე და შენ. – შეეხვეწა მამიდაშვილს. – გითხარი ახალი ადამიანები სჭირდება შენს ცხოვრებას–მეთქი, თუნდაც ჯარჯისნაირი თავხედი. – ერთერთი კორპუსის წინ შეჩერდა ლეა და სადარბაზოებს დააკვირდა. – თანაც, დანარჩენები სულაც არ არიან საშიშები. – ფეფოს ჩაავლო ხელი და ერთერთისკენ აიღო გეზი. – აი, გაიცნობ და ნახავ რა კარგები არიან, როგორ გაერთობი. – ქოშინით ადიოდა კიბეზე ლეა და აწყნარებდა აფორიაქებულ ფეფოს. – საქართველოში ლიფტების პრობლემა მოგვარდება როდესმე? მე–9 სართულზე ასულები, შავ რკინის კართან შეჩერდნენ. ზარის ღილაკი არსად ჩანდა. გაბმული და მძლავრი ბრაგუნი ატეხა ლეამ კარზე. ფეფო დაბნეული უყურებდა მის საქციელს. – ჰეი, უმაქნისო!!! – იმხელა ხმაზე დაიღრიალა კარის მისამართით, რომ ფეფო ადგილზე შეხტა. – გააღე დროზე! მერე სახელურს წაატანა ხელი, ჩამოსწია და გააღო. უი, ღია ყოფილაო, სიცილით ჩაუკრა გაშეშებულ ფეფოს თვალი, მიპატიჟების გარეშე შეაბიჯა სახლში და გოგონაც თან გაიყოლა. – ალბათ, ისევ ლოგინში გდია, წავალ გავაღვიძებ. – გადაულაპარაკა მიხურულ კართან ატუზულ ბიძაშვილს და მოპირდაპირე კარში გაუჩინარდა. ფეფოს თვალწინ გადაშლილი დიდი ოთახი ერთდროულად წარმოადგენდა შესასვლელს, მისაღებს და სამზარეულოს. იდგა და დაფეთებული ათვალიერებდა იმ ადამიანის საცხოვრებელს, რომელიც ასეთი "ლამაზი" სიტყვებით შეამკო გზაში ლეამ. მოულოდნელად ის კარი გაიღო, რომელშიც ლეა შევიდა და წელსზემოთ შიშველი მამაკაცი გამოვიდა. მისმა გარეგნობამ შიშის ზარი დასცა გოგონას. ჯერ მარტო მზერა ჰქონდა ისეთი, მიხვდა თვეების მანძილზე დატანჯავდა კოშმარები. ცივი, სუსხიანი, რაღაცნაირი ნაცრისფერი, თითქოს არაბუნებრივი თვალები. იდუმალი, გამოუცნობი გამოხედვა. მამაკაცური, უხეში სახის ნაკვთები. ცხვირზე ოდნავი კეხი. თხელი, მკაცრად მოკუმული ტუჩები და მარჯვენა ლოყაზე წარბიდან ყბამდე დაშვებული, წვრილი, გაუფერულებული ნაიარევი. სხეულის ნახევარი და ერთი მკლავი მთლიანად ტატუებს დაეფარათ. გაურკვეველი ფიგურები, გოგონასთვის უცხო დამწერლობით შესრულებული წარწერები, იეროგლიფები, რქები, საზიზღარი არსებები... გულგახეთქილი ათვალიერებდა ტატუებს და შიშისგან პირი უშრებოდა. – კარი შეგეშალა? – მამაკაცის მკაცრმა, ბოხმა ხმამ გამოარკვია და ისევ მის თვალებს დაუბრუნდა. მთელს სხეულში გააცია, ნამდვილად კოშმარული თვალები ჰქონდა. – ვერ გაიგე რა გითხარი? – კიდევ უფრო მკაცრად უთხრა მაცივართან მისულმა. წყალი გამოიღო და მოიყუდა. სხეულის გამოძრავებისას თითქოს მასზე დახატული საზიზღარი არსებებიც ამოძრავდნენ. – სატანისტი ხარ? – თავადაც ვერ მიხვდა როგორ წამოროშა. წყლის სმა შეწყვიტა და თავისი სუსხიანი მზერით აზომა გოგონა, მამაკაცის ფეხსაცმლით დაწყებული, მსხვილი ნაწნავით დამთავრებული. – ასე მეტყობა? – თვალი არ მოუშორებია ისე ჰკითხა. – მსხვერპლთშეწირვის რიტუალებს მართლა ატარებთ? – დაჰიპნოზებულივით რას ლაპარაკობდა თავადაც არ ესმოდა. – ვატარებთ. – ღამღამობით, სასაფლაოზე ცოცხლად ატყავებთ კატებს? ერთხელ ეკლესიაში, წირვაზე დასასწრებად მისული ლუარა და ფეფო, ორი ქალი ჭორაობას შეესწრნენ, რომლებიც სატანისტურ დაჯგუფებაზე და მათ სადისტურ რიტუალებზე ლაპარაკობდნენ. – არა. ახლა უბიწო ქალწულებს ვწირავთ მსხვერპლად. – ავად გაისმა მამაკაცის ხმა, რომელიც გოგონასკენ დაიძრა. თავზარდაცემული ფეფო ლამის რკინის კარს შეეზარდა. შიშისგან დამრგვალებული თვალებით აჰყურებდა მამაკაცის თვალებს და სისატიკის მეტს ვერაფერს ხედავდა. მისი თავის გასწვრივ, კარზე ნელი მოძრაობით დააწყო ხელები უცნობმა და წინ გადახრილმა სახე ახლოს მიუტანა. სუნამოს გრილი და კიდევ რაღაც, უცხო სურნელი მოელამუნა ფეფოს ნესტოებს. – ერთ ღამეს, აუცილებლად წაგათრევ სასფლაოზე და შენს უბადრუკ სიცოცხლეს დავასრულებ. ალბათ, უმანკო ხარ, არა? – ზედ ტუჩებზე დასჩურჩულა. დაძარღვულ მკლავებს შორის მომწყვდეულ ფეფოს მოეჩვენა, კაცის თვალებში მართლა აკიაფდა ჯოჯოხეთის ცეცხლის ენები. თითქოს გაპროტესტება სცადა, არაადამიანური ხმა ამოუშვა პირიდან, ხროტინის მსგავსი და გონება დაკარგა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.