განსაჯე გული და არა კლუბი (ნაწილი I)
დანიელას მაღვიძარას საზარელი ხმა ყურებში ჩაესმა, რამაც დამძიმებული, ერთმანეთზე მიწებებული ქუთუთოების დაცილება აიძულა. დილა ცივი და ღრუბლიანი იყო, ისევე როგორც წინა ხუთი. მარცხნივ, მეზობელ საწოლში მილისენტი რაღაცას ლუღლუღებდა. გუშინ საღამოს ისევ შოკოლადით დანაყრდა და თავისი ბუტბუტით გოგონები არ დააძინა. ნეტავ სად ისწავლა და სად აიკიდა ისეთი მავნე ჩვევა, როგორიცაა ღამ-ღამობით შოკოლადის დიდი რაონებით ჭამა? ლუპინმა ასწავლა? მაღვიძარა რეკვას აგრძელებდა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ერთ საათში მისი პატრონი საუზმეზე უნდა წასულიყო. რატომ დგებოდა დანიელა ასე ადრე? პასუხი თვითონაც არ იცოდა. მისთვის რომ გეკითხათ, ის ყველაზე ადრე დგებოდა და ყველა საქმეს ასწრებდა, თუმცა რატომღაც ყველაზე ბოლო გადიოდა საძინებლიდან. და როდესაც დანარჩენი სლიზერინელები მშვიდად მიირთმევდნენ ტოსტებს, დანიელა ჯერ კიდევ მოუწესრიგებელ საწოლზე იჯდა და ქუთუთოს დიდი მონდომებით იხატავდა, რადგანაც მარჯვენა თვალი სწორად და ლამაზად მოხატვაზე ყოველთვის უარს ამბობდა. ისევ ჩვეულებრივი დილა იყო. დანიელაც კვლავ ასე ჩვეულებრივად იჯდა და თვალს იხატავდა, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოსდიოდა. იქნებ იმიტომ, რომ მისი გონება ფიქრებით იყო დაკავებული? მაშინ, როდესაც სხვა გოგოები თავიანთ შეყვარებულებზე ფიქრობდნენ და ერთმანეთში ბჭობდნენ, თუ რა ჩაეცვათ ამა თუ იმ პაემანზე, დანიელას ფიქრები მხოლოდ ერთი ადამიანისკენ იყო მიმართული... სედრიკ დიგორი. ადამიანი, რომელიც გასულ წელს დაიღუპა. ამ შემთხვევის გახსენება დანიელას ყველაზე ნაკლებად სურდა, თუმცა არ შეეძლო, მასზე არ ეფიქრა. გოგონას ბევრი პრობლემა შეექმნა, რადგანაც ჰაფლეპაფელთან, მეგობრობაზე ოდნავ დიდი და განსაკუთრებული გრძნობები აკავშირებდა, თუმცა ეგ პრობლემები იმავე წამს დასრულდა, როცა სედრიკ დიგორის ბოლო მოუღეს. მაღვიძარას მიმართულებით პენსი პარკინსონმა შელოცვა ისროლა. დანიელას პარკინსონი გულზე დიდად არ ეხატებოდა, რადგან გოგონამ იცოდა, რომ პენსი ზუსტად ამავეს განიცდიდა, მაგრამ მაინც მეგობრობდნენ. არსებობენ ასეთი "დაქალებიც", როცა ყველგან ერთად დადიან, თავიანთ იდეებს და გრძნობებს უზიარებენ, სინამდვილეში კი ერთმანეთს ყველაზე მუწუკებიან ბიჭს უსურვებენ. - წადით თქვენი! - წამოიძახა დანიელამ, თვალის შავი ფანქარი მოისროლა, საწოლში ჩაეფლო და ადიალაში გაეხვია. გოგონას ძილი ისე მოერია, როგორც არასდროს. მერე რა, რომ ერთი თვალის მოხატვა არ დაუსრულებია? მთავარი ისაა, რომ დანიელა დღეს აუცილებლად გამოიძინებს, საღამოს კი მილისენტს რაიმე მავნეს შეაპარებს. *** დანიელა ისეთმა გრძნობამ გამოაღვიძა, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ტოვებდა. გოგონამ საათს შეხედა და ჩუმად შეიგინა. ჩუმად მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ წმინდასისხლიანთა არისტოკრატების შვილს ამგვარი ლექსიკა არ ეკადრებოდა. საათი უჩვენებდა, რომ ხუთ წუთში გაკვეთილი იწყებოდა. ეს პრობლემას არ წარმოაჩენდა, გაკვეთილი სნეიპისა რომ არ ყოფილიყო. ეს ერთადერთი ადამიანი იყო მთლიან ჰოგვორტსში, რომელსაც დანიელა ყოველგვარ შეურაცხყოფას თუ დამცირებას პატიობდა. განა იმიტომ, რომ ეშინოდა. უბრალოდ უდიდეს პატივს სცემდა, როგორც თავისზე უფროსს, განათლებულ და ჩამოყალიბებულ ადამიანს. მხოლოდ სნეიპის ერთი მზერა აჩუმებდა გოგონას და აღვიძებდა მასში სწავლის სურვილს. დანიელა საწოლზე წამოჯდა, უცბად წამოხტა, საძინებელში აქეთ-იქით სირბილი დაიწყო და ხელთ საკუთარი ნივთები მოიგდო. *** ჯურღმულებში სამარისებური სიჩუმე იდგა, რაც გაკვეთილის დაწყებზე მეტყველებდა. "ეშმაკმა დალახვროს! - გაიფიქრა დანიელამ, მძიმე ხის კარის შეღებისას. - ახლა ისევ რაღაც ექიდნურს იტყვის ჩემი მისამართით და ყველა ცხენებივით დაიწყებენ ხვიხვინს!" გოგონას სახე მოებრიცა და ამავე სახის გამომეტყველებით შევიდა შხამ-წამლების კაბინეტში. შეპარვა ვერ მოახერხა, რადგანაც მანტიას ფეხი დააბიჯა და ნაბიჯის გადადგმისას, ლამის ძირს გაიშოტა. მონტეგიუმ დაცემის საშუალება არ მისცა და გოგონას ხელი შეაშველა, რაც დანიელას ძალიან გაუკვირდა. მონტეგიუ ეს ის ადამიანი იყო, რომელთანაც თითქმის შეხება არც ჰქონდა, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდიოდა, არც ერთი არ ტოვებდა შანსს, ერთმანეთის მისამართით რაიმე ექიდნური გამონათქვამი ესროლა. მოულოდნელობისგან შეცბუნებულმა ვერც კი შეამჩნია, რომ მთელი კლასი დიდი ინტერესით უყურებდა მას, სნეიპი კი სადამრიგებლო მაგიდასთან უზარმაზარ ღამურასავით გაშეშებულიყო. - აი, თურმე, რამ დაგაკავათ ამდენი ხანი, მის ბლაინ, - თქვა სნეიპმა უემოციო ტონით. - მე... ისა, უკაცრავად, პროფესორო, სერ... შეიძლება ჩემი ადგილი დავიკავო, სერ? - მოჩვენებითი თავის შეცოდებით წარმოთქვა გოგონამ. - სცადეთ... - ხელი ჩაიქნია სნეიპმა. - რომელი ბორდელიდან დაბრუნდი დღეს დილით? - ზაბინი თითებს მაგიდაზე აკაკუნებდა და ეჭვიანი ქმრის როლს ასრულებდა, რომლის ცოლიც ღამის სეირნობიდან გვიან დაბრუნდა. - რა? რას ბოდავ?! დაგავიწყდა, რომ პირველის ნახევრამდე კარტს ვთამაშობდით?! - თვალები გაუფართოვდა დანიელას. - როგორც ჩანს, გუშინ ჯერ ბოლომდე გამხადე, შემდეგ კი ამის აღსანიშნად წახვედი, - არ შეარჩინა ზაბინიმ. - წადი, რა! ან რა გინდათ, რას გადამეკიდეთ? რა ხდება? - სარკეში ჩაიხედე! - ვეღარ მოითმინა პარკინსონმა და გადაწყვიტა, დანიელას წამოწყებული გაურკვევლობისთვის წერტილი დაესვა. დანიელა ცნობისმოყვარეობისგან განაგლდა და ჩანთიდან პატარა სარკე ამოიღო. მარჯვენა თვალი დაუმთავრებელი დარჩენოდა, სამაგიეროდ მარცხენა თვალმა თავის თავზე ორის საქმე აიღო. ორი ზოლი გადღაბნილიყო და ბილიკებივით, ნიკაპამდე ჩამოგრძელებულიყო. პერანგის საყელოს სლიზერინის კლუბის ჯემპრი ფარავდა, ხოლო მანტია უკუღმა ჩაეცვა. - ვხედავ, რომ თქვენთვის საკუთარ თავზე ამგვარი ექსპერიმენტების ჩატარება უფრო საინტერესოა, ვიდრე ის, რაც დღეს, ამ კაბინეტში ხდება. - სნეიპმა თავისი ჩრდილით დანიელა გადაფარა. - გეჩვენებათ, პროფესორო! - კლასი გაკვირვებისგან მაგ ხუთი წუთის განმავლობაში მეორეჯერ გაშეშდა. სნეიპმაც კი უნებურად დააცილა ყბები ერთმანეთს. - ასე, არა? - ჩაეცინა პროფესორს. - დღეს გაკვეთილების შემდეგ მობრძანდებით და ქვაბებს გახეხავთ, მის ბლაინ, - მოჭრით თქვა მან, ქუსლებზე გატრიალდა და რიგებს შორის კურსირება განაგრძო. - დღეს მაგარს გაგაწამებს! შემოგირბენ მერე და დაგხედავ, როგორ ხეხავ ქვაბებს შენი პატარა, ფრჩხილებზე მანიკურწასმული ხელებით. ან სულაც, მოდი, თვითონ დავადებ ბეჭედს ჩემს ქვაბს! - მალფოიმ ხელის გულები ავისმომასწავლებლად გაახახუნა ერთმანეთზე. - შემეშვი, - დანიელამ უჟმურად ჩამოსდო ნიკაპი ხელს და მოღრუბლული თვალები დაფას მიაპყრო, რომელზეც სნეიპის ხელწერით ერთგვარი შხამის რეცეპტი ეწერა. *** - დიდი ხანია მელოდებით? - გაისმა სნეიპის ხმა, რომელშიც თვითკმაყოფილების ნოტებმა გაიჟღერეს. - კი, - უხალისოდ უპასუხა დანიელამ და ძლივს ჩაკლა სულ სხვა სიტყვების თქმის სურვილი. - ძალიან კარგი! - სნეიპმა კარი გააღო, კაბინეტში შევიდა და ჟესტით კლასში გოგონა შეიპატიჟა. - ქვაბებიც კარგა ხანია გელოდებათ, - ჩაეღიმა პროფესორს თავის ფირმულ თავხედურ მანერაში. ასეთი მზერა რომ სხვისთვის ყოფილიყო განკუთვნილი, დანიელა გაოცდებოდა, თვალებს ზეცას აღაპყრობდა, რასაც პენსის მუჯლუგუნი მოჰყვებოდა, მაგრამ არა ახლა. ამჯერად მზერა "არამზადა ნომერი ერთი და აბა, ერთი გაბედეთ ამაში ეჭვის შეტანა" მხოლოდ და მხოლოდ მას ეკუთვნოდა. - საქმეს შეუდექით. დანიელამ ის ქვაბი აიღო, რომელიც პირველ რიგში მოხვდა ხელთ. მალფოიმ, როგორც ჩანს, შეასრულა თავისი დანაპირები და შხამის ინგრედიენტებში დასვრილი ხელით თავის ქვაბს "ბეჭედი დაადო". გოგონას დიდი სიფრთხილით შესრულებულ მანიკურს ბოლო მოეღო. როდესაც ქვაბების ნახევარი გახეხილი იყო, კარზე დააკაკუნეს. სნეიპმა, რომელიც დავალებებს ასწორებდა (მისი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებდით, ნამუშევრები პირველკურსელებს ეკუთვნოდა), შავი თვალები პერგამენტებს მოსწყვიტა და სტუმარს მოუწოდა, კაბინეტში შესულიყო. ზღურბლზე მალფოი იდგა. - პროფესორო სნეიპ, შეიძლება კითხვა დაგისვათ? - მალფოიმ თვალი იმ კუთხისკენ გააპარა, სადაც დანიელას ქვავების გროვა დაედგა, რომელბზეც აქტიურად მუშაობდა. - კი, მაგრამ სწრაფად მოამთავრეთ ეს საქმე. დაკავებული ვარ, - სნეიპი პერგამენტს მიუბრუნდა და ნამუშევარში რაღაც გადახაზა. - როდის იწყება ამ წელს ჰოგსმიდში გასვლები? - დრაკო თვალს არ აცილებდა დანიელას, ეშმაკურად ქირქილებდა და სნეიპის პასუხი სულ არ აინტერესებდა. - თუ ეს უნდა გეკითხათ, ტყუილად მომაცდინეთ, მისტერ მალფოი! - სნეიპმა გაღიზიანებით ჩაიფრუტუნა. - ოჰ, უკაცრავად, სერ! - მალფოიმ ერთი წამით შეხედა შხამ-წამლების ოსტატს. - მაშინ მე წავალ. - წაბრძანდით, - სნეიპმა ხელი აიქნია, რითაც კარისკენ ანიშნა. თავისი თავით უეჭველად კმაყოფილი მალფოი, აუჩქარებელი ნაბიჯებით წავიდა კარისკენ და სანამ კაბინეტს დატოვებდა, არ დაავიწყდა, დანიელასთვის ერთგვარი მზერის სროლა. *** - როგორ მოირგე ჭურჭლის მრეცხავის როლი, ბლაინ? - ვახშამზე მალფოიმ თითები ერთმანეთში გადახლართა და ისეთი სახე დაიჭირა, თითქოს თავის ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო ისტორია უნდა მოესმინა. - ფრჩხილი მომტყდა, - ფლეგმატურად უპასუხა დანიელამ. - ოჰ, მერლინ, როგორი უბედურება დაგვატყდა თავს! - ხელები აიქნია დრაკომ. - რომელი თითის ფრჩხილი? ალბათ შენი საყვარელის, არა? - მალფოიმ ტრაგიკული გამომეტყველება მიიღო, თითქოს ესმოდა მისი და მის მწუხარებას იზიარებდა. - გამოიცანი, საყვარელო! აი, ეს! - დანიელამ მალფოის თითით უხამსი ჟესტი უჩვენა, რომლის ფრჩხილიც სავსებით წესრიგში იყო. - ასეც ვიცოდი, - გაიჭიმა მალფოი. - გტკივა, არა? - კი. არ გინდა უმკურნალო? როგორც კი თვალში გატაკებ, იმავე წამს გამთელდება! - არა, მადლობა! ჩემი თვალი შენი თითის გარეშეც წესრიგშია. და ბოლოს, ვინ იცის, კიდევ სად ტენე ეგ თითი? გარშემომყოფები ახვიხვინდნენ, დანიელას კი ბრაზი მოაწვა. - მიფრთხილდი, მალფოი! - დანიელამ ხელი ჯიბისკენ წაიღო და ჯადოსნური ჯოხი ამოიღო. - კრაბ, გოილ, მიშველეთ! - დრაკო მოჩვენებითმა ცახცახმა აიტანა. - შურის ძიებას აპირებს! პანიკაში ვარ! - სლიზერინელმა სახე ხელის გულებში ჩარგო. - მორჩა! - დანიელამ ჯოხი აიქნია და შემდეგ წამს, შენობაში ჩამოწოლილი სიჩუმე მთლიანი დარბაზის სიცილმა დაარღვია. *** სნეიპი თავისი ღამურისებური მანტიის ფრიალით, კაბინეტში ბოლთას ცემდა. თან ისეთი სისწრაფით, რომ ცოტაც და იატაკს კვამლი აუვიდოდა. - მის ბლაინ, კაცობრიობისთვის "მხიარული" ცხოვრების მოწყობის წყურვილი გაქვთ? - სნეიპი მომენტალურად შეჩერდა და დანიელას ბრაზით სავსე მზერა ტყვიასავით ესროლა. - არ მესმის, რაზე ამბობთ, სერ, - ძლივს იკავებდა სიცილს გოგონა. - არ გესმით, არა?! - სნეიპი დამნაშავეს მიუახლოვდა და მის წინ ციხე-სიმაგრესავით აღიმართა. - ვარფისფერი იროკეზი მისტერ მალფოის თავზე - ეს თქვენი ნამუშევარი არ არის, განა? - ავად ბურღავდა თვალებით პროფესორი. დანიელას მხრები უხმო სიცილისგან აუკანკალდა, როცა დრაკოს სახე გაახსენდა, რომელიც ციებ-ცხელებით ისინჯავდა თავს. - არა, სერ! აბა, როგორ გავბედავდი ჩვენი მეფის მალფოის მასხრად აგდებას, სერ!? - დანიელამ ლეკვის თვალებით შეხედა პროფესორს. სნეიპს მარცხენა თვალი წამით აუთამაშდა. ყვითელი სახიდან ფერი წაუვიდა და ნელი ნაბიჯებით წავიდა დანიელასკენ. - ახლა მისმინეთ, - თქვა მან, როდესაც გოგონამ ბეჭებით ცივი ქვის კედელი იგრძნო, - არ მაინტერესებს, ვის მიაყენებთ შეურაცხყოფას და ვის როგორი გზით აიგდებთ მასხრად, მაგრამ სლიზერინის მოსწავლეების გამასხარავების უფლებას მთლიანი სკოლის წინაშე, არ მოგცემთ! სასჯელის ერთი თვე! არანაირი ჰოგსმიდი, არანაირ ღონისძიებებზე დასწრება! მომწყდით თავიდან! - იღრიალა სნეიპმა და ხელი სარივით კარისკენ გაიშვირა. დანიელა მისი კაბინეტიდან დამწყვდეულივით გავარდა. მას ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო გრძნობა აწვალებდა: პირველ რიგში, მას ჯერ კიდევ თვალწინ ედგა ვარდისფერ იროკეზიანი დრაკო და კარის მოჯახუნებისას, ჯურღმულები ხმამაღალი სიცილით გაავსო; მეორე რიგში, მას სწყინდა, რომ სნეიპმა ასეთი უმნიშვნელო სიცელქის გამო, ასე მკაცრად დასაჯა. ყველაფერთან ერთად, სანამ პროფესორს ბრაზი არ გადაუვლიდა, მანამდე გოგონა მისი ათვალწუნების მსხვერპლი იქნებოდა. რადგანაც დანიელა ყოველ წამს იცვლებოდა სახეში, მას პენსის მიერ ნატყორცნი უცნაური მზერების დაჭერა უწევდა. - ყველაფერი რიგზე გაქვს? - როგორ გითხრა... მე, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ: სნეიპმა ერთი თვით დამსაჯა, მაგრამ, სამაგიეროდ, კარგად დავცინე მალფოის! - დრაკოზე გამახსენდა... - პენსიმ უკმაყოფილოდ გადაიჯვარედინა ხელები მკერდზე. - დიდად არ ვარ აღფრთოვანებული, რბილად რომ ვთქვათ, შენი ამგვარი საქციელით! ის ჩემი შეყვარებულია და ოდნავ პატივისცემას მაინც მოვითხოვ! - პარკინსონმა წარბი შეკრა. - და საერთოდ, თქვენი ამგვარი დამოკიდებულებაც ძალიან მოსაბეზრებელი გახდა. - ჰო, არა? - გაკვირვებულმა დანიელამ შუბლი შეჭმუხნა. გასაგები იყო, რომ პარკინსონი უბრალოდ ეჭვიანობდა, მაგრამ რატომ, დანიელას არ ესმოდა. საბაბი თითქოს არ ჰქონდა, მაგრამ პენსის, ალბათ, ორივეს თითებზე ნიშნობის ბეჭდები აღშფოთებდა. *** " - ეფექტური გამოსვლა იყო, - ჩაეღიმა მალფოის. - ქალები ტროფეები არიან, ის მხოლოდ შენ უნდა გეკუთვნოდეს, როგორც ლამაზი და ჩუმი ჩრდილი. ისიც ზუსტად ასეთი უნდა იყოს. ეს საქმე შენთვის მომინდია, - ჩუმად თქვა დანიელამ და მალფოის გაწოდებულ ხელს, ხელის გულზე თითებით შეეხო. - მამაშენის სიტყვებია. - გვისმენდი? - ვფიქრობ, ეს მხოლოდ მე არ გამიგონია. ეს სიტყვა მე მეკუთვნოდა და მამაშენსაც უნდოდა, რომ გამეგო. ბოლოს და ბოლოს, ჩემი ადგილი ხომ უნდა ვიცოდე, არა? - სარკასტულად ჩაურთო გოგონამ, მაგრამ მაშინვე თავი ხელში აიყვანა და ხელოვნური ღიმილი უბოძა სტუმრებს. "კარგი გოგო ხარ და ბედნიერი საცოლე" - უმეორებდა დანიელა თავის თავს. როგორც ჩანს, დანიელას მამის - ბრენდონ ბლაინისთვის და ლუციუს მალფოისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ნიშნობა და გოგონას მამას სულ არ ადარდება, ქალიშვილის დამოკიდებულება და აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. "არ დამემორჩილები და შენი აჯობებს" - ამის თქმა და ჯადოსნური ჯოხის აღმართვა ერთი იყო, როგორც კი მისტერ ბლაინი შვილის ნაკვთებში იმ ნერვების გატოკებას შენიშნავდა, რომელიც მას არ მოსწონდა. და ის სულ არ ინტერესდებოდა იმ ფაქტით, რომ ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი სედრიკ დიგორის სიკვდილით, ისედაც გულდამძიმებულ ქალიშვილზე უარეს ზეწოლას ახდენდა. დრაკომ ხელი მაგრად მოუჭირა - არ გაღიზიანებს ჩვენი სიტუაცია? - დაინტერესდა დანიელა. - არც ისე. მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ ლოგინში არ მოვიწყენთ, - ხმადაბლა მიუგო მალფოიმ და ბუხართან შეჩერდა, რომელშიც შეშა მხიარულად ტკაცუნობდა. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლი გოგონასთან ასე ახლოს იყო, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ სუნთქვა ეკვროდა, მან უცბად გამყინავი სიცივე და სიცარიელე იგრძნო; უიმედობა იმისა, რომ ამ ყველაფერს ვერ გამოასწორებდა, როგორც არ უნდა ეწვალა და ეცადა. გოგონა შეკრთა, როდესაც თითზე მეტალის სიცივე იგრძნო და გაკვირვებით ჩააშტერდა თავის ხელს. - გაიღიმე, - მიუთითა დრაკომ და ხელი მის წელზე გადაიტანა." *** - ...კარგი. ვეცდები, შემდეგში ყურადღება არ მივაქციო შენს შეყვარებულს. - გამოსცრა დანიელამ, პენსის ისტერიკების თავიდან ასაცილებლად. - ძალიან კარგი, - პენსიმ წიგნი აიღო და კითხვა დაიწყო, რითაც "დაქალს" ანიშნა, რომ საუბრის გაგრძელება არ უნდოდა. დანიელამ მხრები აიჩეჩა და საძინებლისკენ წავიდა. თან ჯიბე მოსინჯა, სნეიპის კაბინეტიდან მოპარული შხამი ხომ ადგილზეაო. *** ღამე. ჯადოსნური და მშვენიერი დღე-ღამის ნაწილი, რომელიც თითქმის ყველა ჯადოქარს უყვარს. მაგრამ არა მაშინ, როდესაც ტკბობაში შენი ოთახის მეზობელი თავისი შოკოლადებითურთ ხელს გიშლის. მილისენტი დედამიწის ჭიპის კომპლექსით ტანჯულობდა და ყოველთვის ცდილობდა ლაპარაკში სიტყვის ჩასმას. ზოგჯერ ჭამით ისე იყო დაკავებული, რომ არც კი იცოდა თემის სათაური და არსი, თუმცა ეს მისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენდა. ასევე ის პოპულარობისკენ მიილტვოდა. მისთვის რომ გეკითხათ, მას ყველაზე მოდური სამოსი ჰქონდა, ყველაზე ფუმფულა ბატის ფრთა (რომელიც წვრილად და სუფთად წერდა) და ყველაზე მაგარი ზაზუნა, ყველაზე მაგარ ზაზუნებთა შორის. ამასთანავე, მას სისუსტეც გააჩნდა - შოკოლადი. - რას აკეთებ? - დაამთქნარა პენსიმ. - მე? - შეხტა დანიელა. - არაფერს, მსურდა მილისენტისთვის შოკოლადი მომეპარა... - შენ რა, დამცინი? განა მისი გმინვა არ გვეყოფა, შენც რომ გადაწყვიტე მიბაძვა? - სახე მოებრიცა პარკინსონს. - ჰო, დუეტში გავაღვიძებთ სლიზერინს! - გაეცინა დანიელას. თან ჩუმად, უკვე შხამისგან დაცლილ პატარა კოლბს მალავდა უკან. - გაბედეთ და წმინდა მუნგოს კლინიკა ორივეს გარანტირებული გაქვთ! დანიელა საწოლზე ჩამოჯდა, ტუმბოდან პატარა წიგნი ამოიღო და ლოდინს შეუდგა. სამ წუთში საძინებლის კარი გაიღო და ზღურბლზე მილისენტი გამოჩნდა. ხელში პირსახოცი და კბილის ჯაგრისი ეჭირა. "ესეიგი, ახლა გამოვიდა სააბაზანოდან, - გაიფიქრა დანიელამ და გაიღიმა. - რა გიხარია, ისევ მოგიწევს შებრუნება და კარგა ხანს არ დაშორდები იქაურობას, მეგობარო". - რა? - მილისენტმა კბილის ჯაგრისი ტუმბოში ჩადო და გაკვირვებით შეხედა დანიელას. - რას მიყურებ? - არაფერი, არაფერი! - დანიელამ თავი ისე დაიჭირა, თითქოს არაფერი ხდებოდეს. მილისენტი, რომელიც თავს ყველაზე ჭკვიან არსებად თვლიდა, დაკმაყოფილდა მისი პასუხით; პირსახოცი საწოლის საზურგეზე დაკიდა და შოკოლადისკენ წაიღო ხელი. დანიელა დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს მის მოძრაობებს. მილისენტმა პირი დიდი ენთუზიაზმით გააღო, რადგან იცოდა, რომ მისი ენა შოკოლადის ტკბილ გემოს იგრძნობდა; ახლოს მიიტანა, მოკბიჩა და დიდი მონდომებით დაღეჭა. "ეგაა!" - დანიელას კმაყოფილად გაეღიმა და კითხვა დაიწყო. მისი მისია შესრულებული იყო. დაახლოებით ნახევარსაათში, როცა პენსიმ დაძინება მოასწრო, დანიელა კი კვლავ კითხულობდა, მილისენტი შეირხა. პარკინსონმა, რომელმაც იცოდა მილისენტის მექანიზმი წვრილმან დეტალებამდე, ღამის გასათევად მოემზადა, მაგრამ ბუტბუტს ხმამაღალი "უხ, შენი!" მოჰყვა. ამ უხამსი შეძახილის პატრონი მომენტალურად წამოხტა და გაურკვეველი მიმართულებით გაიქცა. - რა გჭირს?! - მძინარე პარკინსონმა ბრაზით მოისროლა ადიალა და გამწვანებულ მილისენტს გვერდით მიუჯდა. - არ ვიცი, საკმარისია გავინძრე, და კუჭის შიგთავსიც გარეთ გამოღწევას ლამობს! - წუწუნით ამოიკვნესა მილისენტმა. პენსიმ ხელი შუბლზე მიადო. - ცივი ხარ. - ხომ არ მოიწამლე? - დაინტერესებული სახე დაიჭირა დანიელამ. - გაიხსენე, რა ჭამე ვახშმამდე? - შოკოლადი, როგორც ყოველთვის... - მილისენტმა თვალები დახუჭა. - აი! - დანიელა საწოლიდან წამოხტა და ისეთი ჟესტი გააკეთა, თითქოს კაცობრიობის უდიდესი გამოცანა ამოეხნას. - შოკოლადით მოიწამლე, ჰო! პარკინსონმა ეჭვით შეხედა გოგონას, მილისენტმა კი თვალები გადმოკარკლა. - რა სისულელეა, სულ მაგას არ ვჭამ?! - ჰოდა ალერგია გამოგიმუშავებია! - ჯალათის ტონით თქვა დანიელამ. - ორგანიზმმა ვეღარ აიტანა ეს და პასუხად, ნიშანი მოგცა მაგ შენს გასტრონომიულ მიდრეკილებაზე! პარკინსონი დანიელას თვალებით ბურღავდა და მილისენტი სულ გადაავიწყდა. - რა გავაკეთო? - იკითხა მილისენტმა. - პირველ რიგში, მადამ პომფრისთან წადი, კუჭი გამოირეცხე. მეორე რიგში, გირჩევ, უარი თქვა შოკოლადზე და აღარასდროს გაიკარო. აღარასდროს, - ბოლო სიტყვის ხაზგასმით, განსაკუთრებით მკაფიოდ წარმოთქვა დანიელამ. - მოგიხდება კიდეც ეს, თორემ ხომ ხედავ, ახალ მანტიაში ვეღარ ეტევი... ამ დროს პარკინსონს სახის გამომეტყველება შეეცვალა, თითქოს ახალი გალაქტიკა აღმოეჩინოს. ადვილად რომ ვთქვათ, ყველაფერს მიხვდა. - ჰო, წამოდი, ფლიგელში წაგიყვან, - პენსი წამოდგა და მილისენტი კარისკენ წაიყვანა. - წადით, ოღონდ ფრთხილად, ხელახლა რომ არ აღებინოს, - მზრუნველი ღიმილით დაასაჩუქრა დანიელამ "დაქალები". ხუთ წუთში პენსი დაბრუნდა. - ყოჩაღ, დაიკო! - პარკინსონი დანიელას საწოლს მიუახლოვდა. - რა გაურიე? - რაზე ამბობ? - გაიკვირვა დანიელამ. - მილისენტზე და მის ე.წ. "მოწამვლაზე". - ვერ ვხვდები, რაზე მიმანიშნებ... - თამაშს აგრძელებდა გოგონა. - ასე თუ ისე, კმაყოფილი ვარ. გზაში მილისენტმა თქვა, რომ შოკოლადს და საერთოდ რაიმე ტკბილეულს, ცხოვრებაში აღარ გაეკარება! ოღონდ ფრთხილად, არ გამოგიჭირონ! - პარკინსონმა თითი გააქნია დანიელას ცხვირწინ და საწოლისკენ წავიდა. - ძილი ნებისა! - გაუღიმა დანიელამ, მეორე მხარეს გადაბრუნდა და დაიძინა. პ.ს. ბავშვებო, ვინაიდან და რადგანაც ვერ ვიცლი წინა ისტორიის შემდეგი თავის დასაწერად გარკვეული მიზეზების გამო, გადავწყვიტე, რომ სულ არაფერს, ჯობია ახალი ისტორია შემოგთავაზოთ, რომლის რამდენიმე თავიც გამზადებული მქონდა. თუკი მივიღებ შეფასებებს, რა თქმა უნდა, ამ ისტორიის თავების დადებას გავაგრძელებ. თავის ქება დიდად არ მიყვარს, მაგრამ ჩემი ისტორიებიდან ყველაზე მეტად ამას გამოვარჩევ, რადგან მართლა შეუდარებლად მიმაჩნია, ამიტომ იმედგაცრუებულს არც ერთს არ დაგტოვებთ. ♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.