შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განსაჯე გული და არა კლუბი (ნაწილი II)


29-05-2015, 19:45
ავტორი Skellington
ნანახია 1 892

სლიზერინის საერთო ოთახის ბუხარში შეშა ტკაცუნობდა, რაც სამარისებურად მშვიდ ატმოსფერას ქმნიდა. სტუდენტების უმეტესობა საძინებელში წასულიყო და ოთახში მხოლოდ დრაკო დარჩენილიყო, რომელიც უკვე მერამდენედ კითხულობდა ოჯახიდან გამოგზავნილ წერილს.
- შე საზიზღარო! - დანიელა საერთო ოთახში შევარდა და დიდი ხნის წინ ჩამოწოლილი სიმშვიდე დაარღვია. - მაგ ენას ამოგაძრობ! - გოგონა სავარძელში მჯდომ დრაკოს მივარდა, ჰალსტუხზე სწვდა და თავისკენ მიიზიდა მთელი ძალით.
დრაკომ, რომელმაც ვერაფრის გააზრება ვერ მოასწრო, ჟანგბადის უკმარისობა იგრძნო, რაც ყელზე მჭიდროდ მომჯდარმა ჰალსტუხმა განაპირობა.
- სულ შეიშალე?! - გაუძალიანდა მალფოი. - შეიძლება დავიხრჩვე!
- ჰოდა ძალიანაც კარგი! ერთი ჩამშვები იდიოტით ნაკლები გახდება! - გოგონამ უარესად მოქაჩა ჰალსტუხზე. - რატომ მიუტანე ენა პროფესორს, რომ ეს მე მოვპარე გულისრევის ექსტრაქტი და მე შევაპარე მილისენტს?
- და რა, ტყუილი ვთქვი? - წარბი ასწია დრაკომ; ჰაერის უკმარისობის გამო წაბორძიკდა, უკან, სავარძელში გადაეშვა და დანიელაც თან გაიყოლა. - აბა, ადექი ახლავე, თორემ პენსიმ შეიძლება რაიმე ცუდი იფიქროს, თუ ასეთ პოზაში გვნახა!
- მიმიფურთხებია! შენს გამო ახლა სნეიპი ყველაფერს ჩემს მშობლებს მოუყვება და არა მხოლოდ ბულსტროდზე!
- ჰოდა როგორც იქნა, მოხედავენ შენი აღზრდის საკითხს! ადექი-მეთქი! - მალფოი ერთი ხელით იკვრეინებოდა, მეორე ხელით კი ცდილობდა თავის ჯადოსნურ ჯოხს მისწვდომოდა.
- არც იფიქრო! - დანიელამ ხელზე უჯიკა და ასეთი უხეში მოძრაობისგან, ჯოხი მაგიდიდან ჩამოვარდა. - არ გაპატიებ, არამზადავ! მაგ ლამაზ სახეს დაგიმახინჯებ! - გოგონამ ხელი ასწია სილის გასაწნავად.
- ამას ახლავე ვნახავთ! - დრაკომ ბრაზისგან ლამის ორთქლი გამოუშვა ყურებიდან, მომენტი იხელთა და დანიელას მაჯაში სწვდა.
ერთი სწრაფი მოძრაობით დრაკო სავარძლიდან წამოხტა და დანიელას ხელები უკან მოუგრიხა.
- მტკივა, იდიოტო! - დანიელა აფართხალდა და გათავისუფლება სცადა.
- ჯერ სადა ხარ! გინდა ჩემზე შური იძიო, არა? ცუდია, არჩევანი ჩემზე რომ გააკეთე! გგონია, მესიამოვნა, როცა შენს გამო მთლიანმა ჰოგვორტსმა დამცინა? - მან უფრო მწარედ მოუჭირა ხელი.
- შენი არ ვიცი, მაგრამ მე კარგად ვიხალისე! - გოგონამ დრაკოს ფეხზე დააბიჯა; ბიჭი აწკმუტუნდა და იძულებული გახდა, ხელი გაეშვა. დანიელამ ბალიში აიღო და მალფოის უთავაზა. - შენს გამო ზამთრამდე გარეთ ცხვირს ვერ გავყოფ!
- ჰა! ღირსი ხარ, ლაწირაკო! - დრაკომ მეორე ბალიში აიღო და თავის დაცვა დაიწყო. - გეცოდინება, ვისთან დაიჭირო საქმე! დამაცადე, სნეიპს კიდევ ბევრ რამეს მოვუყვები შენზე! - დაიმუქრა მალფოი.
- რა?! - თვალები გაუფართოვდა დანიელას. - აბა, გაბედე! - გოგონამ დიდი გამწარებით ესროლა ბალიში, რომლითაც მაქამდე სცემდა.
- უკვე თავი მომაბეზრე! - დრაკომ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა თავდამსხმელისკენ და გოგონა მკერდით კედელთან მიიმწყვდია; მთელი ძალით ზურგზე მიაწვა და გასაქცევი გზა მოუჭრა.
ზუსტად ამ მომენტში ოთახში მილისენტი შევიდა. ბულსტროდი რამდენიმე მეტრის მოშორებით გაჩერდა წყვილისგან და ასეთმა ვნებიანმა წარმოდგენამ ისე გააოგნა, რომ პირთან მიტანილი ბულკისთვის ეგრეც არ უკბეჩია.
- რას აკეთებთ?
მილისენტის ხმის გაგონება, დრაკოს ხელახლა დაძაბვა და დანიელას ნერვიულობისგან ჩახლეჩილი ხმით თავის გასამართლებელი მიზეზების მოფიქრება, ერთი იყო.
- შენ წადი, მილისენტ, წადი. დრაკოსთან სალაპარაკო მაქვს... უნდა გავარკვიოთ, რომელი ჩვენგანი წავა მადამ პომფრისთან.
- მილისენტ, ჩემი ჯადოსნური ჯოხი მომაწოდე, რა. აი, იქით გდია, - მალფოიმ თავის აქნევით მაგიდის მიმართულებით ანიშნა.
ბულსტროდი, მაგ სცენით აღშფოთებული და დრაკოს ზრდილობით გაოცებული, საძინებელში წავიდა. თან ცდილობდა მოეფიქრებინა, რა უნდა გაეკეთებინა, ასეთ მოულოდნელობებით აღსავსეს.
- შტერო! - მიაძახა დრაკომ.
- გაჩუმდი! - გამოსცრა დანიელამ.
- შენ გაჩუმდი! წარმოგიდგენია, რას მოგვიწყობს პარკინსონი, როცა ეს ჭკვიანი მილისენტი ყველაფერს დაწვრილებით უამბობს იმის შესახებ, თუ როგორ მიგიმწყვდიე სახით კედელთან და მთელი ძალით გაწვებოდი უკნიდან?!
- ამაზე არც მიფიქრია... სულ უდროო დროს რატომ გამოცხადდება ხოლმე ეს ბულსტროდი?! - დანიელა დაფიქრდა და როდესაც დრაკო მიხვდა, რომ გოგონას აღარაფრის გაკეთება აღარ ჰქონდა განძრახული, ხელი უშვა.
- რა ვქნათ? რამე უნდა მოვიფიქროთ, ასე არ არის? - ჩაფიქრიანდა გოგონა, როდესაც მალფოისთან ერთად საძინებლისკენ წავიდა.
- მართალი ხარ, - დაამთქნარა დრაკომ და ბიჭების საძინებლისკენ ნაბიჯი გადადგა.
- რაშია მართალი? - გოგონების საძინებლის ზღუბლზე გააფთრებული პენსის სილუეტი გამოჩნდა.
- პენსი?! - უნისონში შესძახეს დრაკომ და დანიელამ.
- ზუსტად! რა იყოთ, ჩემი არსებობა დაგავიწყდათ?! აი, თურმე როგორ მიერთგულებ, შე უსირცხვილო! - ხელი ჰკრა პენსიმ დრაკოს. - საკმარისი იყო, ერთი წუთით სხვა მხარეს შევბრუნებულიყავი, რომ ვიღაც გოგოების გაჭენება დაიწყე! - არ ცხრებოდა პარკინსონი.
- არა, პენსი, ეს ის არ არის, რაც შენ გგონია! - შეეცადა დანიელა გაცეცხლებული დაქალის დაწყნარებას.
- შენ საერთოდ ხმას ნუ იღებ, გველო! - გამოსცრა პენსიმ. - ჩემი შეყვარებულის წაყვანა მოინდომე?! შენს თავს დაქალს უწოდებ?! ტყუილად კი არ მომწონდა თქვენი ყოველდღიური კამათი!
- უბრალოდ ვჩხუბობდით! - ამოიოხრა დანიელამ.
- თურმე იმ საქმეს ჩხუბი ჰქვია! - პენსიმ კიდევ ერთხელ უთავაზა მუშტი მხარში დრაკოს.
- მისი მოკვლა მინდოდა, რადგან სნეიპთან ჩამიშვა! ეს არის და ეს! ცემა დავუწყე და მისთვის სახე რომ არ გამეძრო, კედელთან მიმიმწყვდია და ხელები დამიჭირა! გასაგებია ახლა, შე სულელო გოგო?!
- სულელი თვითონ ხარ! - ტუჩები დაბერა პენსიმ, რადგან დანიელას სიტყვებში ამჯერად ეჭვი არ შეჰპარვია.
- დიდება მერლინს! - შვებით ამოისუნთქა დანიელამ და საძინებელში წავიდა. დრაკო კი გასაფატრად პენსის დაუტოვა. ცოტა ნერვებს მოუშლის, შემდეგ დაწყნარდება, ხვალ კი ისევ ძველებურად გააგრძელებენ კუთხეებში ერთმანეთის მოფერებას. პენსი ასეთია: დღეს ტვინს გამოურეცხავს ეჭვიანობის შეტევით, ხვალ კი გააღმერთებს და აღფრთოვანდება მისით.
- ეს რა დღე იყო? - ჰკითხა თავის თავს დანიელამ და გაუშლელ საწოლზე დაეშვა. - ჯერ სნეიპმა მიკითხა ლექციები, შემდეგ ყვირილით მომაბეზრა თავი. თითქოს სამინისტროდან რაღაც არტეფაქტი მომეპაროს. ალბათ მშობლებთან წერილიც გააგზავნა... ახლა პენსი თავისი ეჭვიანობით, რომლითაც უკვე თავი მომაბეზრა... - დანიელამ ვერ მოასწრო აზრის დასრულება, ისე უცბად გაითიშა.

***

უზარმაზარი წითელი მზე ჩადიოდა, ჰორიზონტზე ჰაერში ჩამოკიდებული ბურთივით მოჩანდა, ცაში ფერად-ფერად კვალს ტოვებდა და ხალისიანად, ტბას აბრჭყვიალებდა. დანიელა ხის გატეხილი ტოტით მიწაზე სახრჩობელას ხატავდა.
- დღეს შენი მყვირალა გავიგე... - დრაკოს მოულოდნელად გასმულმა ხმამ დანიელა ფიქრებიდან გამოიყვანა.
დანიელას საუზმეზე ბუმ პატარა წითელი კონვერტი მოუტანა... გოგონამ არ იცოდა, რომ მის მშობლებს ასე ხმამაღლა შეეძლოთ ყვირილი. ვინც ახლოს იჯდა - დაყრუვდა, დანარჩენები კი თავიდან აზრზე ვერ მოდიოდნენ, თუ რა ხდებოდა, შემდეგ კი სიცილი დაიწყეს. დანიელას ერჩივნა მიწა გასკდომოდა, რადგან ჰაფლეპაფის პირველკურსელებიც კი დასცინოდნენ! თვითკმაყოფილმა მალფოიმ გოგონას მხარზე ხელი მოუთათუნა და ხელოვნური თანაგრძნობით დაამშვიდა: "ვის არ მოსვლია?.." არა, დანიელამ ზუსტად იცოდა, რომ ასეთი რამ მხოლოდ მას დაემართა, რადგან ის - დანიელაა და არა ვინმე სხვა.
- გუშინ პენსის ისტერიკები გავიგე... - დევონმა დრაკოს შეხედა, რაზეც ბიჭმა ამოიოხრა.
პარკინსონმა სკანდალი ატეხა, რითაც მშვიდად მძინარე სლიზერინელები გააღვიძა. მან, როგორც ყოველთვის, განაცხადა, რომ დრაკო უმადური ღორია, რომელიც არ აფასებს მის გრძნობებს, ერთგულებას და იმას, რასაც გოგონა მისთვის აკეთებს. დაიმუქრა კიდეც, დაგშორდები და მეშვიდეკურსელ რეივენქლოელთან წავალ, რომელიც უკვე ერთი კვირაა კუდში დამყვებაო.
- ჰო... კარგი სახრჩობელაა. ვინ ჩამოვახრჩოთ? - მიიქცია დრაკოს ყურადღება გოგონას ნახატმა.
- შენი აზრით?
- მოიცა, დავფიქრდე, - სლიზერინელმა მოვლილი, გრძელი საჩვენებელი თითი ნიკაპზე მიიდო. - პოტერი?
- ვინმე მდიდარ, ქერა, თავხედ ბიჭს უფრო ვამჯობინებდი.
- ჰო, მართლა... - თემის გადატანა არჩივნა მალფოიმ. - ზაბინი გეძებს.
- რა უნდა?
- არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა დრაკომ, - ალბათ წინანდელი ანგარიშის გათანაბრება სურს.
- რა მიამიტია, - გაეღიმა გოგონას.
- არ იცის, შენი კარტების პატარა საიდუმლოს შესახებ, არა? - თვალები ეშმაკურად მოწკურა დრაკომ.
- ვერც კი ხვდება! აბა, გაბედე და რამე უთხარი. ფინგალი გარანტირებული გაქვს, გპირდები, - დაემუქრა დანიელა და ფეხზე წამოდგა.
- შემაშინე, აი! - ხურდა დაუბრუნა დრაკომ და გოგონას მიბაძა შემდეგ მოქმედებაში.
საერთო ოთახში თბილოდა და ჰაერში ვიღაცის სუნამოს არომატი ტრიალებდა. ბლეზი სავარძელში ჩაფლულიყო და დიდი ინტერესით ათვალიერებდა ბუხარში მოცეკვავე ცეცხლის ალს.
- მეძებდი? - ჰკითხა მიახლოებულმა დანიელამ.
- მე? ა, ჰო! - შუბლზე შემოირტყა ზაბინიმ. - ვითამაშოთ?
- უპრობლემოდ! - თვალი ჩაუკრა დანიელამ. - ისევ წაგება გწადია?
- სხვათა შორის, დღეს ფულზე ვითამაშებთ და ვინ იცის, იქნებ ამჯერად გავიმარჯვო! - შეიშმუშნა შავგვრემანი.
- წინათგრძნობა, - ჩაეცინა დანიელას და მანტიის ჯიბიდან კარტი ამოაძვრინა.
იმის შესახებ, რომ დანიელას კარტის დასტას სპეციალური შელოცვები ედო, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თავისი მეპატრონის გამარჯვებას ემსახურებოდა, ყველამ იცოდა, გარდა ზაბინისა. ამიტომ მის გარდა, არავინ ცდილობდა დანიელასთან თამაშს. ბიჭს კი ეგონა, რომ უბრალოდ არ უმართლებდა.
- ფული გაამზადე, ზაბინი! - კარტი აჩეხა დანიელამ და დარიგება დაიწყო.
- დღეს მე მოგიგებ, აი, ნახავ! - ბლეზმა ხელის გულები ერთმანეთზე დიდი ენთუზიაზმით გაახახუნა.
იქვე მჯდომი თეოდორ ნოტი თანაგრძნობით უყურებდა ზაბინის და შიგადაშიგ ოხრავდა, რაზეც დანიელა გამაფრთხილებელ მზერას ესროდა.
- ჩამოდი, ბლეზ, - დაუთმო დანიელამ.
ზაბინიმ თავის კარტს დახედა და გამარჯვების იმედი გაუქრა. დანიელამ ყვავის მეფეს თვალი ჩაუკრა, რაზეც მან იგივეთი უპასუხა და მოწინააღმდეგის კარტების გასაგებად ჩარჩოდან გაქრა.
თამაში თითქმის საათნახევარი გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში, ბლეზი დარწმუნდა, რომ აზარტული თამაშები მისთვის სიკვდილის ტოლფასია. სამაგიეროდ, დანიელა გამდიდრდა და მოგებული თანხა მისთვის ნამდვილად ბევრს ნიშნავდა, რადგანაც სნეიპის წერილის გამო, მშობლები ფულის გაგზავნას აღარ აპირებდნენ.- არაფერი არ მესმის! - აენთო ბლეზი და ჯიბიდან ბოლო წაგებული გალეონი ამოიღო. - არადა როგორი კარგი კომბინიზაცია მქონდა!
კარგი კომბინიზაცაია ბლეზს უკვე მეხუთეჯერ გამოსდიოდა, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც ზაბინი სხვა მხარეს გაიხედავდა, რაღაც უცნაური გზით, კარგი კარტები სადღაც უჩინარდებოდა.
- აბა, მე რა ვიცი, - მხრები აიჩეჩა დანიელამ, - ისწავლე თამაში...
- მოდი, კიდევ ერთხელ, რა, - ლეკვის თვალებით შეხედა ბიჭმა გოგონას.
- ზაბინი, იდიოტი ხარ! - მოთმინების ფიალა აევსო ნოტს. - ვერ ხედავ, რომ კარტები... ა! - ხელი ჩაიქნია თეოდორმა, წარბი შეკრა და იმ მაგიდისკენ წავიდა, რომელზეც მალფოი და გრინი ჯადოსნურ ჭადრაკს თამაშობდნენ.
თავიდან ზაბინის მდგომარეობა ნოტს აცინებდა, შემდეგ ცოტა არ იყოს, მოსწყინდა, ბოლოს კი საერთოდ თავის ტკივილი გამოუწვია. ამიტომ ბიჭმა გადაწყვიტა, დრაკოს თამაშისთვის ეყურებინა.
- რა სჭირს? - ტუჩები დაბერა ბლეზმა. - ვფიქრობ, რომ ის სრული კრეტინია, მაგრამ არასდროს ვეუბნები ამას. არც მაშინ, როდესაც ტრანსფიგურაციის გაკვეთილზე თავის ჭიქას ბოკალის ნაცვლად, ქოთნად აქცევს!
- ყურადღებას ნუ მიაქცევ მაგ უიღბლოს! - სახე მოებრიცა დანიელას და ბიჭს მხარზე ხელი დაადო. - თვითონ თამაში საერთოდ არ იცის, ჰოდა შურს შენი.
თეოდორ ნოტი სავსებით ჭკვიანი ბიჭი იყო და ლოგიკური აზროვნებაც მწყობრში ჰქონდა, მაგრამ კარტს, ჭადრაკს და ნარდს არასდროს თამაშობდა. სამაგიეროდ ყოველთვის დიდი სიამოვნებით უყურებდა, როგორ თამაშობდნენ დანარჩენები.
ახლაც ჩუმად იჯდა დრაკოსა და გრინის მაგიდასთან, და მათ ქიშპობას თვალს ადევნებდა. დრაკო თამაშს აგებდა, გრინი კი უკვე მეხუთეჯერ ისმენდა დაბოღმილი დრაკოს გესლიან კითხვას: "სწორად გაგანაწილა იმ ბებერმა ქუდმა ჩვენს კლუბში?", თითებს იმტვრევდა და მალფოის სვლას ელოდა.
- გეყოფა! ნერვები მეშლება! - გაღიზიანდა დრაკო და მოწინააღმდეგის ხელებს განგმირავი მზერა ესროლა.
- მგონი იმაზე უფრო გეშლება ნერვები, რომ აგებ, დრაკო, - კმაყოფილი ღიმილით შეუსწორა გრინმა.
- არაფერიც! - წამოიძახა ქერამ. - ჯერ კიდევ მაქვს სიტუაციის გამოსწორების შანსი!
- არა, არ შეიძლება, - საქმიანად განაცხადა ბლეზმა, როცა ჭადრაკის დაფას შეხედა პენსის მხარიდან, რომელიც დრაკოს მთელი ღონით აწვებოდა.
- მომცილდი, ზაბინი! წადი, მამაშენის ნაჩუქარი კარტებით ითამაშე! - შეუღრინა მალფოიმ.
- არა, აქ ვიდგები და იმ მომენტს დაველოდები, როცა "შამათს" გამოგიცხადებენ! - ვალში არ დარჩა ბლეზი; დრაკომ სვლა გააკეთა.
- შამათი, მალფოი! - ბედნიერ ნოტაზე დაასრულა გრინმა.

***

როცა ბავშვების უმეტესობა დავალებას წერდა, საერთო ოთახში დრაკოს თავი პენსის მუხლებზე ედო, გოგონა კი თავზე ნაზად ეფერებოდა; კრაბი და გოილი რაღაცაზე ებუტბუტებოდნენ ერთმანეთს ბნელ კუთხეში; მილისენტი ქალების ჟურნალს კითხულობდა, ბლეზი კი ცდილობდა არ ჩასძინებოდა.
როგორც კი დანიელა პუფში მოკალათდა და "სამხრეთ ამერიკის შხამიანი მცენარეების" წიგნი გადაშალა, კარი გაიღო და ოთახში ნოტი შევიდა.
- დრაკო, ფილინმა რაღაც გზავნილი მოგიტანა...
- საიდან დაასკვენი, რომ მე მომიტანა? - იკითხა მალფოიმ დაღლილი ხმით.
- შენი სახელი აწერია! - შეუღრინა ჯერ კიდევ ნირწამხდარმა ნოტმა.
- კრაბ, გოილ, საბუეში წადით და წერილი მომიტანეთ... - ზარმაცად გასცა ბრძანება მალფოიმ.
გრეგორი და ვინსენტი შეკრთნენ, ბუნებრივი სახის გამომეტყველება მიიღეს, უხმოდ ადგნენ და საერთო ოთახიდან გავიდნენ.
თხუთმეტ წუთში ხელში საშუალო ზომის ყუთით დაბრუნდნენ.
- ვისგანაა? - გაათავისუფლა პარკინსონმა დრაკოს თავი ხელებიდან.
- ფლინტისგან... - დრაკო დივანზე დაჯდა და გაკვირვებით ჩააშტერდა ყუთს.
მილისენტი გაშეშდა და საგრძნობლად დაიძაბა. თითოეულ გაფაჩუნებას დიდი ყურადღებით ისმენდა.
- ფლინტისგან? - გადაამოწმა პენსიმ.
- ჰო. აი, წერილიც, - მალფოიმ ყუთიდან წერილი ამოიღო და თვალი გადაავლო.
- როგორ არის მარკუსი, რას წერს? - დანიელამ წიგნი შემდეგ გვერდზე გადაშალა.
- არაუშავს, - უპასუხა დრაკომ, - ორ თვეში ქორწილი აქვს...
ყრუ კვნესა და იატაკზე ჟურნალის დაცემის ხმა გაისმა.
- ჰო-ჰო, ბულსტროდ, ჩვენს ყოფილ კაპიტანს ცოლი მოჰყავს, ამიტომ ასტრონომიის კოშკი შენს ნახტომს ელის! - გაეცინა მალფოის, რომლის სიცილი ყველა იქ მყოფმა აიტაცა, გარდა, რა თქმა უნდა, მილისენტისა.
ყველასთვის ნაცნობი, მაგრამ გაუგებარი ვნება, რომელსაც მილისენტ ბულსტროდი მარკუს ფლინტისადმი განიცდიდა, დაიწყო ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ, როდესაც პატარა გოგონამ პირველად იხილა ქვიდიჩი. იმის შემდეგ მილისენტი მარკუსს ყოველთვის წინ ეღობებოდა და მისი ქარზე მოფრიალე მანტიაც კი ეიფორიის მდგომარეობაში აგდებდა.
- უნდა მივულოცოთ, - დანიელამ წიგნი გადადო და, ბატის ფრთა და პერგამენტი აიღო.
- მერე მივულოცავთ, როცა ყველა ერთად შევთხზავთ მისალოცს! ახლა კი, - მალფოიმ ხელი ყუთში ჩამალა, - მისი ჯანმრთელობის სადღეგრძელოს შევსვავთ! - დრაკომ ყუთიდან ლიქიორის ბოთლი ამოიღო.
- მარკუსმა ჩვენი დათრობა გადაწყვიტა? რატომ? - ალკოჰოლის ხსენებამ ბლეზი მთვლემარე მდგომარეობიდან გამოაფხიზლა.
- როგორ თუ რატომ? - გაიოცა მალფოიმ. - დღეს ოცი წელი შეუსრულდა!
- ჰო! - გაახსენდა პენსის. - ჩვენ კი არც მიგვილოცავს...
- მოვასწრებთ, - დაამშვიდა დრაკომ და ბოთლი გახსნა.
როცა ბოთლი დაცარიელდა, კამპანიამ საკუთარი იდეების გაზიარება დაიწყო წერილის დასაწერად. პრობლემას მილისენტი წარმოადგენდა, რომლის გვერდზე გაყვანა მაშინ ხდებოდა, როცა "შავ ფურცელს" ეპარებოდა და წერდა: "არ მოიყვანო ცოლად! მე უკეთესი ვარ!"
მაგრამ ნასვამი ბავშვები მუზამ გამოფხიზლებამდე მიატოვა, ამიტომ ვერაფრის ნორმალურად დაწერა ვერ მოახერხეს და ამ საქმის გადადება შემდეგი დღისთვის გადაწყვიტეს.
ბოთლმიხუტებული ბლეზი უცბად დივანზე, დანიელას გვერდით გაჩნდა. ნასვამი გაბადრული იღიმოდა და გოგონას თვალებში უყურებდა.
- რა გინდა? - დაფრთხა დანიელა.
შავგვრემანი მისკენ ჩაიწია.
- ლამაზი ხარ, - განუცხადა ზაბინიმ ენის დაბმით.
- გადაიწვი? - გოგონამ ხელი შუბლზე მიადო და შეეცადა, იმჟამინდელი ტემპერატურა დაედგინა.
- მიხარია, ერთმანეთს რომ ვიცნობთ! - მიახალა ბლეზმა, დივანს მიეყუდა და თავი ჭერისაკენ აღმართა.
დანიელამ პირი გააღო, რათა შეეხსენებინა, რომ ერთმანეთს ათი წლიდან იცნობდნენ და ასეთი რამის თქმა, ადრეც შეეძლო, მაგრამ მიხვდა, რომ მეგობრები ასეთი ინტონაციით და თვალის უცნაური მბზინვარებით, ერთმანეთს ამხანაგურ გრძნობებს არ უზიარებენ.
- მომისმინე, ზაბინი, - დაიწყო მან, მაგრამ ბიჭს რეაქცია არ ჰქონდა, - ეი, ბლეზ!
დანიელამ ბიჭი შეანჯღრია, მაგრამ ბლეზს უკვე ტკბილად ეძინა.



№1  offline წევრი ელენა

ესეც კარგია love მაგრამ წინა სჯობს

 


№2  offline წევრი sa sa .)

მშვენიერია wink

 


№3  offline წევრი sa sa .)

შემდეგ თავს რატომ არ დებ sad

 


№4  offline წევრი Skellington

sa sa .)
შემდეგ თავს რატომ არ დებ sad

Ar arian mkitxvelebi. :/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent