შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდეალური აზროვნება 16


29-05-2015, 23:13
ავტორი Qeti.A
ნანახია 5 132

ნინა ადგილს ვეღარ პოულობდა, იცოდა, რომ უნდა გახარებოდა ახალი ამბავი, იცოდა, რომ რეალურად უნდოდა ასე მომხდარიყო, მაგრამ არსებობდა ერთი ძალიან დიდი, უსაშველოდ არაპოზიტიური „მაგრამ“ ...
„უნივერსიტეტი დავამთავრე, კარგი სამსახური მაქვს, ქმარი მყავს, თითქმის წელიწად-ნახევარია ცოლ-ქმარი ვართ, ღმერთო, დავმშვიდდე გთხოვ...“ უკვე ხმამაღლა უმეორებდა თავის თავს სარკეში და თან ცდილობდა ცრემლები არ წამოსვლოდა, რამდენიმე წუთში ისტერიულად ისხამდა სახეზე წყალს და ღრმად სუნთქავდა, ისევ დასამშვიდებლად...
მობილურის ხმამ ისე შეაშინა ლამის ძირს დაეცა, სწრაფად წავიდა მისაღებისკენ და არც დაუხედავს ეკრანზე ისე გადაუსვა ხელი მობილურს.
-გისმენთ
-ნინა, ალექსანდრეს ხმა იცნო და ოდნავ დამშვიდდა, -დემეტრემ ოპერაციაზე შევდივარ და დამაგვიანდებაო, ახლახანს მოიყვანეს და...
-კარგი, ალექს, მადლობა...
-ნინა, მოიცა, ხომ კარგად ხარ? უცნაური ხმა გაქვს.
-კი, კი, კარგად ვარ, ალექს. დასტურის ნიშნად თავსაც აქნევდა გოგონა, თითქოს ვინმე დაინახავდა, მერე ალექსი დაემშვიდობა და ნინა მიხვდა, რომ არ იყო კარგად. იქვე დივანზე ჩამოჯდა და ძალიან დიდხანს არ განძრეულა.
^^^
ძალიან, ძალიან ბევრს დათმობდა ახლა მართლა რომ შეძლებოდა საოპერაციოში დარჩენა, ოღონდ ახლა გარეთ არავინ ყოფილიყო, ხომ შეიძლებოდა ჯერ ვერ ეპოვნათ პაციენტის ახლობლები, ხომ შეიძლებოდა, რომ... ღრმად ჩაისუნთქა და მიხვდა უკვე დიდი ხანია აღარაფერს აკეთებდა სისხლისსუნიან ოთახში, მიხვდა, ადრე თუ გვიან გასვლა აუცილებლად მოუწევდა. თვალი აარიდა სარკეში საკუთარ ანარეკლს და საოპერაციოდან დერეფანში ნელი ნაბიჯით გავიდა.
ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო იმ უცნობი კაცის თვალებში ჩახედვა, წარმოუდგენლად დიდი სიცარიელე დაინახა დემეტრემ, უშველებელი ნაპრალი და ვერ მიხვდა რატომ წარმოიდგინა უცებ თავი იმ კაცის ადგილას, რატომ დაიკარგა იმ სიცარიელეში და გულზე ლოდივით დააწვა საშინელი სიჩუმე.
^^^
-დემეტრე, ხომ იცი... ანდრეამ კაბინეტის კარი შეაღო და არც შეუხედავს მეგობრისთვის ისე დაიწყო.
-ვიცი, თავი დასტურის ნიშნად დაუქნია და თან თეთრი ხალათი გაიხადა, -ნინა ალბათ მელოდება, ანდრეა, უნდა წავიდე. უხმოდ დაუქნია თავი და სწრაფად დატოვა საავადმყოფო.
^^^
ტუჩის კუთხეები ჩაუტყდა, თითქოს გაეღიმა დივანზე მძინარე ცოლი რომ დაინახა. გასაღებები ფრთხილად დადო მაგიდაზე და ნინას წინ ჩაიმუხლა. შუბლი ძალიან ფრთხილად მიადო შუბლზე და მისი სუნთქვა იგრძნო სახეზე. მერე ძალიან ნელა შემოხვია წელზე ხელები და კალთაში ჩაისვა. ნინა ოდნავ შეირხა, ცხვირი კისერში გაუხახუნა და ნაზად აკოცა მფეთქავ არტერიასთან.
-როგორ ჩაიარა ოპერაციამ? ნინა იმდენად იყო მიჩვეული დადებითი პასუხის მოსამენას ამ კითხვაზე რომ თვალები არც გაუხელია ისე იკითხა, მხოლოდ ფორმალობისთვის, რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ დემეტრე ეტყოდა „კარგად იქნება“ ისე, როგორც ყოველთვის იცოდა ხოლმე, მაგრამ რამდენიმე წამში მიხვდა, რომ პასუხს დააგვიანდა, მიხვდა, რომ არ იქნებოდა კარგად...
-დემეტრე, ქმრის მუხლებზე წამოჯდა ნინა და სახეზე დააკვირდა, ფრთხილად ჩამოუსვა ორივე ხელი ლოყებზე და აიძულა მისთვის შეეხედა. დემეტრემ თითქმის შეუმჩნევლად გააქნია თავი.
-ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, ნინას უამრავი უსიამოვნო გრძნობა დაუგროვდა მკერდში, მაგრამ მაინც ვერაფრით მოაშორა მის სახეს თვალები, -ალბათ ეს ძალიან დიდი ხნის წინ უნდა მეთქვა, ალბათ ქორწილამდეც, მაგრამ... არ ვიცი რატომ არ გავაკეთე ასე და არა, მხოლოდ ჩემი შიშების ბრალი არ იყო... ნინას მთელი სხეული დაეძაბა, ქმრის მუხლებიდან დივანზე, მის გვერდით გადაჯდა და წამით სუნთქვაც შეეკრა.
-აგვისტოს ომიდან სხვა ადამიანი ჩამოვიდა, საკუთარ თავს ვერ ვცნობდი, აღარ ვიცოდი რა მინდოდა, რა მწყინდა, რა მოლოდინი უნდა მქონოდა საკუთარი თავისგან... ყველაფერი თავდაყირა დადგა, ბარბარეს არაფერი ესმოდა, ჩემი ოჯახი ძალიან ნერვიულობდა, ალექსანდრესა და ანდრეას იგივე მდგომარეობა ჰქონდათ და მე გადავწყვიტე, რომ ჩემი სიმშვიდე იქ უნდა მეძებნდა, სადაც დავკარგე... ჰოდა ასე წავედი ავღანეთში არმიის ექიმად. თავიდან სიტუაცია ზედმეტად მშვიდიც კი იყო, მაგრამ მერე... არავინ არ ელოდა ისე დაესხნენ თავს ბანაკს... მოკლედ, ბევრი დეტალი და ომის საშინელი კადრები რომ გამოვტოვო, გავიღვიძე სადღაც სოროში, ხელებით ვიყავი დაკიდებული ჭერზე. ზუსტად არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი იქ, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა სხეულზე უშრამო ადგილი არ დამრჩენოდა... იქ... რა თქმა უნდა, მარტო მე არ ვიყავი. ვერც მივხვდით რას ითხოვდნენ ჩვენგან, დღემდე არ ვიცი, რისი გაგება უნდოდათ. მე ვიყავი ჭრილობების გასაკერად, სიცოცხლის გადასარჩენად წასული და ისინი რაღაც არარეალურ ციფრებზე ლაპარაკობდნენ, მე კი არა, არმიის ბიჭებიც ვერ მიხვდნენ რა უნდოდათ... ერთი ბიჭი იყო, საბა ერქვა. მთელი დღეები იმაზე ლაპარაკობდა, რომ ჩაუსწრებდა... ჩაუსწრებდა თავის ცოლს მშობიარობამდე და თვითონ აიყვანდა ბავშვს პირველად ხელში. სანამ გაქცევას მოვახერხებდით ერთი დღით ადრე გული გაუსკდა წამების დროს...
ნინას სუნთქვა შეეკრა, ძალიან მოუნდა სადღაც შორს გაქცევა, ისე შორს რომ ვეღარც ეს ხმა გაეგონა დემეტრესგან და ვეღარც მისი თვალები დაენახა. ვერაფრით აიძულა თავს მოსალოდნელ რეალობაზე დაფიქრებულიყო, დემეტრე ომში იყო, მან ომი ნახა, ომი... თითქოს ფიქრებს არ უნდოდათ სხვა გზით წასვლა და მხოლოდ ამით კმაყოფილდებოდნენ, ნინას თანდათან გულის ცემა აუჩქარდა და სული შეეხუთა. თვალები სწრაფად დაახამხამა და ღრმად ჩაისუნთქა, ისევ დასამშვიდებლად. დემეტრე თავდახრილი უყვებოდა ნინას, მშვიდი ხმით, თითქოს სხვის ამბავს ყვებოდა, თითქოს თავის თავს აჯერებდა რომ ეს სხვის ცხოვრებაში უკვე მოხდა და აღარ განმეორდებოდა მასთან არასდროს.
-საბამ ფოტო მომცა თავისი ცოლის... საქართველოში რომ დავბრუნდი მეორე დღესვე მივედი მის სახლში. პირველი, რაც შევამჩნიე... აღარ იქნებოდა ბავშვი, ორსულად აღარ იყო. მე რა უნდა მეთქვა, ცოტა ხნით დავრჩი მასთან, მხოლოდ ის ვუთხარი, რასაც ამ დროს ამბობენ ხოლმე, რომ საბას მისი კარგად ყოფნა ენდომებოდა, რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო, და ბევრი ასეთი რომ... მერე წამოვედი და... ერთ კვირაში გავიგე რომ ჩემი ნახვიდან მეორე დღეს ვენები გადაუჭრია, თავი მოუკლავს, -დემეტრემ ძალიან ნელა ამოხედა ნინას, გოგონას სახეზე შეუძლებელი იყო რაიმეს წაკითხვა, შეუძლებელი იყო გაგეგო რას ფიქრობდა ნინა ამ წუთას.
-ეს არის ის ერთადერთი მიზეზი რატომაც მე და შენ არასდროს გვილაპარაკია შვილებზე, საბოლოოდ თქვა დემეტრემ და მთელი საუბრის განმავლობაში პირველად ამოისუნთქა, თითქოს რაც თქვა ახლა მეორედ ჰაერთან ერთად ამოუშვა ზემოთ.
-ჩვენს შვილებზე? ნინამ თითქმის დაიჩურჩულა და კიდევ უფრო დაბნეული თვალები მიანათა ქმარს. რომ ამბობენ სიკვდილის წინ ადამიანს მთელი განვლილი ცხოვრება თვალწინ გაურბენსო, ზუსტად ისე გაახსენდა ნინას დემეტრესთან დაკავშირებული თითოეული წამი, თითქოს ყველაფერს ახსნა მოუძებნა და შეეშინდა, შეეშინდა, რომ ასე მარტივად მიხვდა ყველაფერს, თავისი შიშების გამართლების შეეშინდა. მერე დემეტრეს სახეს თვალები მოაშორა და თავი დახარა, არ იცოდა ახლა რას გრძნობდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ არ უნდოდა მის ქმარს რამე წაეკითხა მასში. მერე უცებ ოდნავ გაეღიმა, არც ეს იცოდა რატომ, ალბათ უფრო თავის თავზე გაეცინა ასე მარტივად რომ მიხვდა ყველაფერს.
-და შენ შენი სიმშვიდე ჯერ არ გიპოვია, თავი საკუთარ თავს დაუქნია ნინამ და ისევ ამოხედა დემეტრეს.
-ნინა, შენ არ ხარ ვალდებული ყველაფერი ასე მარტივად გესმოდეს, ახლა არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია რას უნდა ამბობდე... დემეტრეს თავიდან დააწვა მკერდზე მძიმე ლოდი, ახლა სიჩუმის აღარ იყო, ახლა უკვე ნათქვამი სიტყვების შედეგის სიმძიმეს ზიდავდა და მიხვდა, გაცილებით აუტანელი იყო ახალი სიმძიმე...
-ვალდებული ვარ, დემეტრე, მე ხომ შენი ცოლი ვარ... არადა ეგონა ვეღარაფრით დაამძიმებდა, ეგონა, პირიქით, რაღაც სიმსუბუქეს იგრძნობდა, რომ ყველაფერი თქვა, მაგრამ ნინას სიტყვებმა მარტო სუნთქვა კი არა, გულის ცემაც შეუძლებელი გახადეს, არასდროს არავის წინაშე თავი ასე დამნაშავედ არ უგრძვნია დემეტრეს, არ ნდომებია თავისი თავის შეცვლა ან თუნდაც გაქრობა ვინმეს ცხოვრებიდან, ამგრამ დაჩი მართალი იყო, ნინა ძალიან უყვარდა.
მთელ სახლში განაჩენივით გაისმა ზარის ხმა, დემეტრე ინსტინქტურად დაწვდა ტელეფონს და ნინამ საათს გახედა, სამი იწყებოდა უკვე...
-ნიკა, გისმენ? სპიკერზე ჩართო თვითონაც ვერ გაიაზრა რატომ.
-დემეტრე, ბოდიში ამ დროზე, მაგრამ ანუკის ნომერი მჭირდება სასწრაფოდ...
-რა მოხდა? ნინას ხელები აუკანკალდა და ფეხზე წამოდგა.
-ბარბარე სახლში არ არის, ყველგან ვეძებეთ, მაგრამ... მოკლედ, რაღაც ეჭვები მაქვს და... ნიკას ხმა ძალიან შორიდან ისმოდა. -მის ოთახში ტანსაცმლის რაღაც ნაწილი აკლია, პირადი ნივთებიც.
-ღმერთო, ბარბარე... ნინა ისევ დივანზე ჩამოჯდა, თავი ხელებში ჩარგო და მართლა ვერ დაიჯერა ამ ღამის რეალობა.
-ნიკა, ანუკის გავუვლი და თქვენთან მოვიყვან, მალე მოვალთ.
-გელოდებით, დემეტრე.
-დამშვიდდი, გთხოვ, ნინა, ახლა უნდა წავიდეთ, გოგონამ თავი დაუქნია და საძინებლისკენ წავიდა, რამდენიმე წუთში კი დევდარიანების სახლისკენ მიდიოდნენ.
დემეტრე ცდილობდა კონცენტრირება მოეხდინა გზაზე, ცდილობდა ახლა მხოლოდ იმ წამით ეფიქრა, მაგრამ სულ ერთი წუთით რომ წარმოიდგენდა ნინას ადგილას თავს, სულ ერთხელ რომ გაიფიქრა ახლა ნინა როგორ იქნებაო გონება საბოლოოდ გაეფანტა. მთელს სხეულში ჭიანჭველებმა დაუარეს და თითოეული ნაწილი დაუკბინეს, საკუთარი თავი ეტკინა დემეტრეს, შეეცოდა კიდეც იმდენად გაუფასურებულად წარმოიდგინა იმ წამს, არ იცოდა რა უნდა ექნა, ახლა რით გამოესწორებინა ყველაფერი, ეს რომ შეძლებოდა აქამდეც არ მოიყვანდა საქმეს... ნინა ისევ ფანჯარაში იხედებოდა და ხელებს ნერვულად ისრესდა, სწრაფად სუნთქავდა, დემეტრემ იგრძნო რომ ახლა უთქმელობისგან შეიძლება გამსკდარიყო. სწრაფად დაამუხრუჭა და მანქანა გზიდან გადაიყვანა. ნინამ გაოცებული მზერა მიაპყრო ქმარს, მაგრამ მისმა ჩაწითლებულმა თვალებმა და შეშლილმა სახემ ყველა სიტყვა გაუფანტა გონებიდან.
-გპირდები, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა როგორც შენ ახლა გგონია, ძალიან გთხოვ, არ ინერვიულო ჩვენზე, მე ყველაფერს გავაკეთებ, ნინა, აბსოლუტურად ყველაფერს რომ ჩვენ კარგად ვიყოთ, რომ შენ იყო ბედნიერი...
-ერთ დღეს, როცა მიხვდები, რომ შენ, ასე თუ ისე, მე და კიდევ ბევრი შენი ახლობელი ამისთვის მზად იქნება, მეტყვი, რომ უნდა წახვიდე ომში და დაკარგული სიმშვიდე იპოვო და მომდევნო ექვსი თვე ონლაინ ჩართვები გვექნება ინტერნეტით, გეშინია, რომ იქ რაიმე მოგივა იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს ომია და ზუსტი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, ან იმიტომ, რომ ერთხელ უკვე იყავი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, გეშინია, რომ მე უშენობას ვერ გავუძლებ და საბას ცოლის მსგავსად დასრულდება ჩვენი ცხოვრებაც, ამიტომ არ გინდა შვილი. მართალი ვარ? ნინა ემოციების გარეშე ლაპარაკობდა, სახეწაშლილ დემეტრეს ჩაშავებულ თვალებში ჩაშტერებოდა და მონოტონურად ყვებოდა ქმრისთვის ყველაზე საშინელ სცენარს.
-კი, მართალი ხარ.
-მაშინ ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც მე მგონია. დანარჩენზე ბარბარეს რომ ვიპოვით მერე ვილაპარაკოთ. დაძარი მანქანა, გთხოვ. თქვა ნინამ და ისევ ფანჯარაში გაიხედა. დემეტრე თვითონაც ვერ მიხვდა რატომ დამშვიდდა, მაგრამ გაუხარდა რომ ნინა იყო მის ცხოვრებაში, გაუხარდა, რომ ის ძალიან ძლიერი იყო და ცხოვრებაში პირველად დაფიქრდა ომის გარეშე ნაპოვნ სიმშვიდეზე.
^^^
-გზაში დედას ველაპარაკე და გავაფრთხილე ანუკი გაეღვიძებინა, არაფერი მითქვამს და ალბათ გადარეულია, დემეტრე თან კარს აღებდა, თან ნინას სიტუაციას უხსნიდა.
-დემეტრე, ხომ კარგად ხართ? ხალათში ჩაცმული მარიამი შემოეგებათ პირველი, -დედამ უკვე დაწერა რამდენიმე საშინელებათა ფილმის სცენარი და რა ხდება? ძილისგან ოდნავ დაბოხებულ ხმაში საყვარლად ბურტყუნებდა მარიამი და თან მისაღებში შეყავდა.
-სად არის ანუკი? დედამისს გადახედა დემეტრემ.
-ამიხსენით რა ხდება, ნინა, შვილო, შენ მაინც გვითხარი, დემეტრეს მამა ფეხზე წამოდგა და უცებ ნინამ თავი ძალიან უხერხულად იგრძნო.
-ბარბარე სახლში არ არის, ნიკას აინტერესებდა იქნებ ანუკიმ რამე იცოდესო, ძალიან ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ქმრის ხელი იგრძნო წელზე, უხერხულობის გრძნობა წამში გაუქრა და ისევ დაბრუნდა ის ნაცნობი ნერვიულობა.
-აქ ვარ, რა მოხდა? ანუკის ფეხზე ეძინა და სამზარეულოდან წყლის ჭიქით ხელში გამოვიდა.
-ანუკი, ბარბარეს ეძებენ, დედა, რამე იცი? სახლში არ მისულა. უმცროს დევდარიანს უცებ ეცვალა სახეზე ფერი, ჭიქის მაგიდაზე დადება ძლივს მოასწრო რომ არ გავარდნოდა.
-რას ნიშნავს სახლში არაა?
-იმას რომ სახლს გარეთაა სადღაც, თან ტანსაცმლის ნაწილი აქვს წაღებული და რაღაც ნივთები, იცი, სად შეიძლება იყოს? დემეტრეს ხმა იმაზე მკაცრი იყო, ვიდრე ნინას როდესმე მოესმინა.
-არა, მართლა არ ვიცი, თვალებიდან უცებ წამოუვიდა ცრემლები და სავარძელში ჩამოჯდა. ნინა ოდნავ მოშორდა დემეტრეს და ანუკისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
-მაგრამ იცი რატომ წავიდა ხომ? ანუკის უცებ ხმამაღალი ტირილი აუვარდა და სახე ხელებში დამალა, ნინამ გაოცებული თვალები მოავლო ოჯახის წევრებს, მაგრამ ყველანი მასზე უარეს მდგომარეობაში იყვნენ. მარიამი შეეცადა და დაემშვიდებინა, მაგრამ ანუკი ვერაფრით წყნარდებოდა.
-ანუკი, გვითხარი, დედი, რა ხდება? შვილს ჩაეხუტა ნათია და ცრემლიანი თვალებით შეხედა დემეტრეს.
-დასხედით, რა... ნინას და ძმას ამოხედათ ანუკიმ და ისინიც ინსტინქტურად იქვე ჩამოსხდნენ.
-ახალი წლის წვეულებაზე რომ ვიყავით ერთი თვის წინ კლუბში გახსოვთ? ანამ ყველას მოავლო თვალი და თან გააგრძელა. -იქ ცოტა დავლიეთ, მე და ბარბარე უკვე წამოსვლას ვაპირებდით, მაგრამ ჩვენმა კურსელებმა გვთხოვეს დარჩითო და ჩვენც აღარ გავჯიუტდით. მერე ცოტა კიდევ დავლიეთ და... ტაბლეტები გავსინჯეთ...
-რა გააკეთეთ? დემეტრეს ყვირილმა ტრანსიდან გამოიყვანა ნინა და კიდევ ერთხელ გაახსენა, რომ ეს ყველაფერი ირგვლივ მართლა ხდებოდა. -ანა? საოცრად იმედგაცრუებული ხმა ჰქონდა დევდარიანს, ნინას ჯერ არასდროს ენახა ასეთი თავისი ქმარი, მიხვდა რომ ახლა რაღაც უნდა გაეკეთებინა და დემეტრესთან ერთად თვითონაც წამოდგა.
-დემეტრე, დაამთავრებინე, დამშვიდდი, ახლა თვითონ მოხვია მკლავზე ორივე ხელი და ძალით დააბრუნა თავის ადგილას. -გააგრძელე, ანუკი, გთხოვ.
-მერე მახსოვს, რომ ვცეკვავდით და მეტი მართლა არაფერი, გონზე რომ მოვედი საპირფარეშოში ვიყავი, ბარბარე ჩემს გვერდით იჯდა და ისტერიულად იმეორებდა „ნიკამ ასე არ უნდა გვნახოსო“. ვკითხე რა გჭირსთქო და ხელით მანიშნა კაბინის გარეთ... იქ ჩვენი ტანსაცმელები იყარა, მერე მივხდი, რომ ორივე ნახევრად შიშვლები ვიყავით, ანუკის მთელი სხეული აუკანკალდა, ცდილობდა კიდევ ეთქვა რაღაც რომ სათქმელი დაესრულებინა, მაგრამ ტირილის ხმაში იკარგებოდა მისი სიტყვები.
ნინამ იგრძნო როგორ მოუდუნდა დემეტრეს მასზე ჩაჭიდული ხელი, იგრძნო როგორ დამძიმდა ჰაერი მის ირგვლის და თითქოს მეხის გავარდნას დაელოდა, თვალებიც კი დახუჭა ილუზია ისეთი რეალური გახდა, თითქოს ახლა თეთრი ძლიერი ნათება გაჩნდებოდა და მერე აღარ იქნებოდა არაფერი, არც კარგი, არც ცუდი, არაფერი... მაგრამ ცოტა ხანში იგრძნო, რომ მეხის დაცემამ ჩაიარა, რომ თეთრი ნათების გარეშე დაეცა მეხი და მის მერეც ძალიან ბევრი რამ დარჩა, აუტანლად ბევრი გამოსასწორებელი რამ... ოთახში მხოლოდ ანას ტირილი ისმოდა და მეტი არაფერი, ნინას ინსინქტურად გაექცა თვალები გაბრიელისკენ და მისი მამობა ეტკინა, მერე გიორგი გაახსენდა და მკერდში რაღაც ძლიერი დარტყმა იგრძნო, თითქოს ძალით არ იხედებოდა დემეტრესკენ არ უნდოდა დაენახა რა ხდებოდა მის სახეზე, ნინას მართლა არ შეეძლო ახლა კიდევ მეორე მეხის გავარდნის გადატანა...
სულ ტყუილად ეშინოდა, დევდარიანის სახეზე ძარღვიც კი არ იყო შეტოკებული, აბსოლუტური უემოციება და მეტი არაფერი, არაამქვეყნიური თვალებით იხედებოდა სადღაც უსასრულობაში და თითქოს არც სუნთქვდა. ნინა მიხვდა, რომ ახლა ვერაფერს ეტყოდა, მიხვდა არ არსებობდა სიტყვები, რომლებიც დემეტრეს დაამშვიდებდა, ემოციებს გაუჩენდა. ოდნავ ძლიერად მოუჭირა ხელები მკლავზე და დაქაჩე, ქვედა ყბა აუკანკალდა რეაქცია რომ არ ჰქონდა დემეტრეს, მერე ისევ გააკეთა და თან მოკანაკლე სუნთქვა ამოუშვა ფილტვებიდან. დემეტრემ ინსტინქტურად გამოხედა ცოლს, ნინას ჩაწითლებულ თვალებს შეხედა და ვერ დაიჯერა ცრემლების გარეშე რომ იყო ახლაც, მაგრამ კიდევ დაინახა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ისევ გაუაზრებლად, ისევ ძველებურად ნინას თვალები ისევ ითხოვდნენ რაღაცას, ალბათ ისევ სიძლიერეს დემეტრესგან და უცებ თავი მართლაც იგრძნო ძლიერად, მოდუნებული ხელი მჭიდროდ შემოაჭდო ცოლს წელზე და თვალებით თავისი პატარა და მოძებნა.
-ანუკი, დემეტრეს ხმას სიმკაცრე შემოეძარცვა და მხოლოდ ბგერების ერთობლიობაღა დარჩა, -ბარბარე რატომ წავიდა სახლიდან?
-თავიდან ორივე შოკში ვიყავით, მაგრამ ბარბარეს ცუდად ყოფნა გაგრძელდა, რამდენჯერმე უნივერისტეტში გულიც წაუვიდა, მერე ტესტი ვიყიდეთ და... გუშინ გავიგეთ, მართლა არ ვიცოდით რა გვექნა, ბარბარე ლამის გადაირია, ამბობდა ამას არასდროს მაპატიებენო, სულ დაჩიზე, ნიკაზე, ნინაზე და მშობლებზე ამბობდა რაღაცებს. ორსულადაა ბარბარე და ვერ გითხრათ.
სისულელეა, ყველაზე დიდი სისულელეა, როცა გგონია, რომ რაღაცას ვერ გაუძლებ, როცა გგონია, რომ ამაზე ცუდი ვეღარაფერი მოხდებოდა... ნინამ მეორე მეხის გავარდნასაც გაუძლო, მეორე მკვეთრი ბიძგიც იგრძნო წელზე და მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ მიხვდა დემეტრე რაღაცას რომ ეუბნებოდა. დაბნეული თვალებით ახედა ქმარს, მერე წინ გაიხედა და მარიამი წყალს აწვდიდა.
-ნინა, დალიე და უკეთესად გახდები, ნინა... ოდნავ შეანჯღრია ცოლი და ამოისუნთქა მზერა რომ დაეწმინდა გოგონას.
-სახეზე ფერი არ გაქვს საერთოდ, შვილო, რამე დამამშვიდებელი მოუტანე, ნათიამ დემეტრეს გახედა.
-არა, არაფერი არ მინდა, მართლა. ნიკას უნდა ვუთხრათ, ფეხზე წამოდგომა სცადა ნინამ, მაგრამ დემეტრეს ხელები რომ არა იქვე დაეცემოდა.
-ნინა, მომისმინე, მე წავალ ნიკასთან, შენ დამამშვიდებელს მოგცემ და დაიძინე კარგი? გთხოვ, დარჩი სახლში არ ხარ კარგად, დემეტრე ისევ ისე მობილიზებული ელაპარაკებოდა თითქოს არავინ და არაფერი არსებობდა ნინას გარდა ამ წუთას.
-არა, არავითარ შემთხვევაში, წავიდეთ, თავი რამდენჯერმა გადააქნია და ფეხზე მყარად დადგა. დემეტრე მიხვდა აზრი არ ექნებოდა ახლა რამეს მტკიცებას და თავი დაუქნია.
-მეც წამოვალ, რა, ანუკის ხმაზე ორივე მოტრიალდა და ნინამ კიდევ ერთხელ გადააქნია თავი.
-ისედაც ნერვიულობს, ახლა ჩემი ძმების რეაქციასაც რომ უსმინოს სულ გადაირევა, ჩუმად უთხრა ქმარს. დევდარიანმა ცოლს ანიშნა მალე დავბრუნდებიო და უმცროსი და ხელში აიყვანა, ანუკის ხმა აღარ ამოუღია მაგრად მოხვია დემეტრეს ხელები კისერზე და თავი მის კისრში დამალა.
-დემეტრე, კარგად ვიქნები, გპირდები ოღონდ წამოვალ, თავის საწოლზე როგორც კი დააწვინა მაშინვე უთხრა ძმას. დევდარიანი უსიტყვოდ მიუჯდა გვერდით და თითებზე მოეფერა.
-არა აქვს მნიშვნელობა ახლა როგორ ხარ, არც იმას რომ მსგავს რაღაცებზე მილიონჯერ გვაქვს ნასაუბრები მე და შენ და იქ ზუსტად იცოდი რა უნდა გაგეკეთებინა ეს ყველაფერი რომ თავიდან აგეცილებინა, არა აქვს ახლა არაფერს მნიშვნელობა, ანუკი, მაგრამ შენს სანახავად რომ მოვალ, ხვალ, ზეგ და კიდევ ბევრჯერ... არ მინდა ისევ ტიროდე ამის გამო, არ მინდა თავს ყოველ დღე ეუბნებოდე იმას რა უნდა გაგეკეთებინა და რა არა. მოგიწევს კიდევ ერთხელ ამ ყველაფრის გახსენება, მოგიწევს მაშინ, როცა შეგიყვარდება და იმ ერთმა უნდა იცოდეს. მანამდე და მას შემდეგ გიკრძალავ ტირილს ვიღაც ნაბიჭვრის ჩადენილ სისაძაგლეზე, გიკრძალავ შენს თავს სისუტის უფლება მისცე და დაიჯერო, რომ ამით რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დასრულდა. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით შენს გვერდით და თუ როდესმე ძალიან მაგრად მოგიჭერს კისერში რაღაც სულ ახლოს ვართ, არ დაგავიწყდეს და არ გაბედო თავი მარტო არ იგრძნო. ჩავთვალოთ, რომ ცხოვრებამ ერთი ძალიან მტკივნეული გაკვეთილი ჩაგვიტარა, მარტო შენ კი არა, ჩვენ ყველას. დემეტრემ ხელები მაგრად მოხვია პატარა დას და შუბლზე კოცნის კვალი დაუტოვა. -მპირდები რომ იქნები ძლიერი? ანუკის საშუალება არ მისცა მის თვალებს დამალვოდა, არ დაუშვა, რომ გაეხედა და დასუსტებულიყო, ვერ დაუშვა... გოგონამ თავი დაუქნია და ისევ მოეხვია ძმას, იმ მომენტში მართლა იგრძნო თავი ძლიერ ადამიანად და ზუსტად იცოდა, რომ ცხოვრებაში აღარასდროს თავს მარტო აღარ იგრძნობდა, თუნდაც იმიტომ, რომ დემეტრე ჰყავდა...
-როგორც კი რამეს გავიგებთ ბარბარეზე დაგირეკავ, აქ იყავი და მარიამს ვეტყვი დღეს შენთან დაიძინოს, ხომ გინდა? ისევ დაუქნია თავი ძმას, დემეტრემ კიდევ უფრო ძლიერად მოხვია ხელები და მერე სწრაფად გავიდა ოთახიდან.
-მარი დამამშვიდებელი დაალევინე, ეცადა დაეძინოს და ხვალ თუ არა, ზეგ უეჭველი მომიყვანე გამოკვლევებს ჩავუტარებ. ღმერთმა იცის... დემეტრე მიხვდა რომ დანარჩენს ხმამაღლა ვერ იტყოდა, მიხვდა და გაჩუმდა. ნინას კიდევ ერთხელ ძალიან ღრმად ეტკინა რაღაც.
-მოვიყვან, ფრთხილად იარეთ, რა.



№1  offline წევრი aneta

ვაიმე, რა იყო ეს, ვეღარ ამოვისუნთქე :( ახალი თავის ლოდინი ბოლოს მომიღებს ახლა. საუკეთესო გოგო ხარ! <3

 


№2  offline წევრი ket-kat

ძალიან კარგია ყოჩაღ!!!

 


№3  offline წევრი Mkitxveli

მგონი 1 თავი არ ყოფილა დაძაბულობის გარეშე. საოცარი მწერალი ხარ.

 


№4  offline მოდერი malena

ნინას ნაკლი მეტისმეტი იდეალურობაა, დემეტრე არც კი ვიცი, ხან მომწონს და ხან ნინასთვის საოცრად შეუფერებელ და სუსტ მამაკაცად მიმაჩნია.
შენ კი... სიტყვები არ მაქვს საქებარი უბრალოდ, გენიალურ იდეებიანი თავი გადგას მხრებზე. :)
ყველაზე, ყველაზე ავტორი ხარ საიტზე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent