შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ლანდები (სრულად)


30-05-2015, 22:03
ავტორი hirondelle
ნანახია 8 601

საავადმყოფოს ნესტიან კედლებს თითოეული პაციენტის ტკივილი და ვარამი შეეთვისებინათ. აქ ყველაფერი ისეთი გულისგამაწვრილებელი და სევდიანი იყო, რომ შეუძლებელია, შენდა უნებურად, სიკვდილზე არ გეფიქრა. სიკვდილზე, რომელიც ოდესღაც აუცილებლად გეწვევა და სჯობს, მომზადებული დაუხვდე. მათზე, ვინც სიცოცხლის გარკვეულ ეტაპს გადალახავს: ჰყავს შვილები, ესწრება შვილიშვილებსაც და უკვე საფეთქლებთან ჭაღარა იწყებს გამრავლებას, ამბობენ, ბედნიერები არიანო, თუმცა ვინ იცის, რისი ნახვა და გადატანა მოუხდათ ამ ადამიანებს. ვერავის ცხოვრებას განსჯი და, მით უმეტეს, ვერავის ადგილას წარმოიდგენ საკუთარ თავს. რაც არ უნდა მოინდომო ამის გაკეთება, ეს შეუძლებელია. შენ შენ ხარ, ის კიდევ ისაა. მიდი და შეედარე, თუ ბიჭი ხარ, თქვი, მის ადგილას მე სხვაგვარად მოვიქცეოდიო... არაფერი გამოგივა, რადგან აღმოჩნდება, რომ, საბოლოო ჯამში, ვერც იმის ცხოვრებას შეცვლი და საკუთარიც გვერდზე გადადებული დაგრჩება. ეს იციან მოხუცებმა, იციან, მაგრამ რაღა დროს... სადაცაა ყველაფერი დამთავრდება, ამასაც შეგუებულები არიან. ტყუილად კი არ აქვთ ასეთი სევდიანი თვალები, ეს სიკვდილის მოლოდინის სევდაა. ზიხარ და ელოდები, იცი, რომ მოვა, არ დაავიწყდები (ვინ დავიწყნია), მაგრამ სადღაც, გულის ყველაზე მიუსვლელ კუნჭულში, კიაფობს იმედი... არა, მარადიული სიცოცხლის კი არა, დროის იმედი. გინდა, რომ ცოტა ხანს კიდევ დაგაცადოს, იქნებ მოასწრო სურვილების ასრულება, იქნებ შეძლო... შეგაძლებინოს.
ეს ყველაზე მძიმე პერიოდია ალბათ ადამიანის ცხოვრებაში: ამ დროს აანალიზებ საკუთარ ცხოვრებას, თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს, საკუთარი თავის მსაჯული ხარ და რაც უფრო მეტს ფიქრობ, მით უფრო ქრება შიშის, გაურკვევლობის და კიდევ რაღაც გრძნობა, რომელიც სიკვდილთან მიახლოებულ ადამიანს ეუფლება მხოლოდ.



სალომე პალატაში, საწოლზე იჯდა. ოთხმოც წელს მიღწეულ ქალს კმაყოფილი და ცხოვრებისგან ოდნავ გადაღლილი მზერა უნდა ჰქონოდა, მაგრამ დაკვირვებული თვალი მის მზერაში აუცილებლად შენიშნავდა ძლიერ, თუმცა დროისაგან გაცრეცილ სევდას. ცოტა ხანს კიდევ თუ დაკვირდებოდით, ამ მზერაში მოლოდინის მარცვალსაც მოჰკრავდით თვალს. რას უნდა ელოდოს ცხოვრებისგან ოთხმოცი წლის ქალი? ქალი, რომლის დღეებიც დათვლილია... ალბათ ცხოვრებაში ყოველთვის არის რაღაც, რის გაკეთებასაც ადამიანი ვერ ასწრებს და სიკვდილის სარეცელზეც ნებისმიერ ჩვენგანს სინანულის ღიმილი გაუპობს ბაგეს. სალომე კი ჯერ არ იყო ამ სარეცელზე და, მიუხედავად მათ შორის არსებული მოკლე მანძილისა, ჰქონდა იმედი, რომ მოასწრებდა უკანასკნელი სურვილის ასრულებას. საინტერესოა, კიდევ რა სურვილი რჩებოდა ასასრულებელი ორი შვილის დედას, ხუთი შვილიშვილისა და სამი შვილთაშვილის ბებიას, მაგრამ ადამიანთა გაუმაძღარ ბუნებას რას გაუგებ. სხვისთვის თუ ეს მთელი სიმდიდრეა, ზოგიერთათვის ჩალის ფასიც არა აქვს. ამით იმას არ ვამბობ, რომ სალომესთვის შვილები არაფერს ნიშნავდა, პირიქით, მათ გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოედგინა, მათი თვალებით უყურებდა სამყაროს უკვე რა ხანია, მაგრამ მაინც, რჩებოდა კიდევ ერთი, ერთადერთი კითხვის ნიშანი, რომელიც მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევდა. იქნებ იმიტომ, რომ ქალი იყო? ხომ არის რაღაც, ხანდახან ოჯახზე მნიშვნელოვანი რომაა ქალისთვის? და ეს რაღაც, ოჯახის შემდეგ რაოდენ სულელურადაც არ უნდა ჟღერდეს, სიყვარულია...



ზამთრის თეთრი, უემოციო, სევდიანი გარემო გაზაფხულის ატმისფერ, მხიარულ და ნათელ დღეებს შეეცვალა. ამ დროს ჰაერიც ისეთი არომატითაა გაჟღენთილი, ძნელია დადებით განწყობას თავი აარიდო, დადარდიანდე. ჩიტების ზეიმი გაიძულებს, შენც ამღერდე და, რაც მთავარია, შეიყვარო, მით უმეტეს, თუ ჩვიდმეტი წელი ახლახანს შეგისრულდა და შენი ცხოვრების ეს ხანაც გაზაფხულის მსგავსია.
სალომე სკოლიდან ბრუნდებოდა. ეზოში თავისი კლასელი ბიჭები შენიშნა. მზეს ვეღარ შორდებოდნენ, კლასში შეხედვაც აღარ უნდოდათ. გეზი მათკენ აიღო, უნდა გაბრაზებოდა და დამრიგებლის დანაბარები გადაეცა, მაგრამ, როდესაც უცხოებიც აღმოაჩინა მათ რიგებში, საუბარი მომავლისთვის გადადო.
- სალომე, სალო... - დაინახეს.
- არ უნდა გვნახო გოგო? - ისე უთხრეს, თითქოს საუკუნეა, არ ენახა მათი არასერიოზული სიფათები.
- სულ აქ არ ხართ? თქვენი ნახვის ბედნიერება ყოველდღე მაქვს... - ბრაზს ვერ მალავდა სალომე.
- რაო ზაირა მიხაილოვნამ? - მოიკითხეს დამრიგებელი.
- თქვენ გამო სულ მე როგორ უნდა მეჩხუბებოდნენ? მესამედ მგზავნის თქვენს მშობლებთან, მე კიდევ ათას ტყუილს ვიგონებ... იცოდეთ, დიდხანს აღარ გაგრძელდება ასე, თვითონ მივა და იმასაც გაიგებს ტელეფონის ნომრები, შეცდომით რომ ჩააწერინეთ.
- ვერ მივა, მისამართები არ აქვს.
- დირექციას მოსთხოვს თქვენს პირად საქმეებს, იქ კი პირადობის მისამართები წერია და არა ის, რაც თქვენ ჩააწერინეთ... - ნიშნისმოგებასავით გამოუვიდა, მაგრამ მალევე მიხვდა, თვითონაც შარში რომ იყო და ტუჩზე იკბინა, - თქვენ გამო ალბათ დედაჩემსაც დაიბარებენ.
- კაი რა გოგო, ნუ პანიკიორობ, მოვალთ ხვალ და ჩვენ დაველაპარაკებით.
- მართლა? მოხვალთ? - ბავშვივით გაუხარდა.
- ხო. ისე გაიცანი, ეს ცოტნეა გვერდით უბანში ცხოვრობს, ახლა გადმოვიდა, ეს კახია, ცოტნეს ძმაკაცი. - სათითაოდ აათვალიერა ბიჭები, ცოტნე შავგვრემანი იყო, შავი თმა მოკლედ შეეკრიჭა, რაც ასაკს ჰმატებდა, საშუალოზე ოდნავ მაღალი იყო, მუქი ფერის ჯინსი და შავი, ვიწრო მაისური ეცვა. ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ადგილზე ირწეოდა მსუბუქად, თან სალომეს არ წყვეტდა თვალს. კახი კი ქერა, საკმაოდ მაღალი და გამხდარი იყო. ღია ფერის შარვალი და სპორტული მაისური ეცვა, სიგარეტს ეწეოდა და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს არც ესმოდა მის ირგვლივ რა ხდებოდა. - ბიჭებო, ეს სალომე, ჩვენი კლასელი, მეგობარი და მეზობელი. - თვალი ჩაუკრა ლუკამ.
- სასიამოვნოა, - თქვა უდარდელად სალომემ, - ხვალ მოდით, თორემ ყველაფერს ვიტყვი, როდემდე უნდა ვაგო პასუხი თქვენს საქციელზე? - შებღვირა კლასელებს და ნელი ნაბიჯით წავიდა კორპუსისკენ.

- სალო, სალო... - კიბეებთან მეზობლის ბავშვი დაეწია.
- ხო, ნათი, რა მოხდა? - თავზე ხელი გადაუსვა შვიდიოდე წლის გოგონას.
- შენ ბავშვი ხარ?
- მე? რავიცი, ალბათ ჯერ კიდევ ბავშვი ვარ, - გაეცინა, - ჩემთან თამაში გინდა?
- არა, იქ, იმათმა თქვეს.
- ვინ?
- იმ ბიჭებმა, შენ რომ მიხვედი წეღან.
- მაინც რაო? რა თქვეს? - ბავშვმა ხელი ჩავლო სალომეს და კორპუსის შემოსასვლელისკენ წაიყვანა, სადარბაზოდან გაახედა და უთხრა:
- აი, იმან, ლურჯი ზედა რომ აცვია, ხომ მაგარი გოგოაო იკითხა, კაპიშონიანმა უთხრა ლამაზიაო და მერე შავი რომ აცვია, იმან თქვა, ხო, ლამაზი ბავშვიაო და ბავშვი ხარ?
- არა, ნათი, არ ვარ ბავშვი, - ”თავხედი”, შეამკო გულში ახალი ნაცნობი.
- გინდა ვუთხრა, რომ არ ხარ ბავშვი? - ბავშვი გაფართოებული თვალებით ამოსცქეროდა.
- არა, წადი ითამაშე. - გოგონა გაიქცა, სალომე კი დიდხანს იდგა და უყურებდა შავმაისურიანს.



- რამდენი წლისაა თქვენი ახალი ძმაკაცი? - ჰკითხა მეორე დღეს ბიჭებს, რომლებიც კლასის ბოლოს, მერხთან შეკრებილიყვნენ და რაღაცაზე ხმამაღლა იცინოდნენ. ყველა გაჩუმდა და სალომეს მიაშტერდა.
- დაგევასა? - ჩაიცინა ლუკამ, ვინც ის კითხვა დასვა, ნათიას გადმოცემით.
- არა, უბრალოდ მაინტერესებს თავად რამდენი წლისაა, მე რომ ბავშვად მთვლის.
- თვრამეტის... - მოესმა უკნიდან. გაშეშდა, ის იყო. ხმა დამახსოვრებოდა.
- ვაჰ, მოხვედი ცოტნე? მეგონა არ მიგიღებდა ჯემალი, - მხარზე დაარტყა ხელი ლუკამ. სალომე უცბად შეტრიალდა და კლასიდან გავიდა.

ზარი რომ დაირეკა, შებრუნდა კლასში. ძალიანაც არ უნდოდა ახლა ცოტნეს დამცინავი სახის ყურება (რატომღაც ეგონა, რომ ასეთი სახე ექნებოდა), მაგრამ გაკვეთილს ვერ გააცდენდა. ისე შევიდა კლასში, თავი არ აუწევია, კუთვნილი ადგილი დაიკავა და გაკვეთილის დროულად დამთავრებას ნატრობდა.
ამ დღის შემდეგ სალომე შეიცვალა. ცდილობდა შეუმჩნეველი ყოფილიყო, მოდიოდა დილით სკოლაში, მერე კი მთელი დღე ისე იჯდა, რომ ხმას არ ამოიღებდა, თუ რამეს არ ჰკითხავდნენ. მართალია, ამ კლასში მეგობრები არასდროს ჰყოლია, მხოლოდ ბიჭებთან ჰქონდა შედარებით მეგობრული ურთიერთობა, ისიც საცხოვრებელი ადგილის სიახოლოვის გამო, მაგრამ ახლა მათგანაც შორს იჭერდა თავს. ბოლომდე თავადაც ვერ აეხსნა, რა ხდებოდა, რატომ გაურბოდა კლასელებთან ურთიერთობას. ყველაფერი ნათელი გახდა მაშინ, როდესაც ბავშვების წრეში ჩამდგარი მოცინარი ცოტნე დაინახა. მიხვდა, რომ ეს ბიჭი თრგუნავდა. პირველ რიგში, სწორედ მას გაურბოდა. ახლა უნდა გაერკვია, რა იყო ამის მიზეზი. ნუთუ მოსწონდა? შეუძლებელია... ვითომ რატომ? არ შეიძლება, ბიჭი მოეწონოს?.. კი, მაგრამ ცოტნე? მას ხომ არც იცნობდა? მალე ზარიც დაირეკა და სალომემ ამ თემაზე ფიქრი მომავლისთვის გადადო.
იმავე საღამოს დაურეკა ლიზას, თავის უახლოეს მეგობარს. ლიზას ცეკვიდან იცნობდა, ერთად დადიოდნენ ცეკვაზე და ძალიან დაახლოვდნენ. ლიზაც მალევე მივიდა მეგობართან და როდესაც სალომეს გასაჭირი მოისმინა, გულიანად გადაიკისკისა: ბედმა გაგიღიმა და შენ კიდე ცხვირი ჩამოგიშვიაო, დასცინა.



დრო ჩვეულებრივად გადიოდა. გაზაფხულიც იწურებოდა და სკოლაც მთავრდებოდა. მალე სხვა სამყაროში უნდა გადასულიყო, უნდა შეცვლილიყო და გამომშვიდობებოდა ბავშვობის უდარდელ პერიოდს.
- სალო, ბანკეტზე ჩემი მეწყვილე ხარ, რა თქმა უნდა, საწინააღმდეგო არაფერი გაქვს, - გაიკრიჭა ლუკა.
- თანახმა ვარ, - გაუცინა სალომემ. ლუკა და სალომე ბაღშიც ერთად დადიოდნენ და ერთ სკოლაშიც შევიდნენ, თან ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ, მათი ოჯახებიც მეგობრობდნენ, ამიტომ და-ძმასავით იყვნენ.
- მაშინ პირველისთვის გამოგივლი.
- არ მალოდინო. - გასძახა უკვე კლასიდან გასულ მეწყვილეს.
”ნეტავ ის ვისთან ერთად მოდის? რა უინტერესო ვარ, გამერკვია აქამდე, ხომ შემეძლო?!. თუმცა ხვალ ხომ გავიგებ...” - მთელი დღე უაზრო ფიქრები უტრიალებდა თავში.



გრძელი, მუქი შოკოლადისფერი კაბა ეცვა, ფეხთან შეხსნილი, თმა კეფასთან შეეკრა, სადად. შავი მაღალქუსლიანებით სიარული უჭირდა, მაგრამ არ იმჩნევდა. მანქანიდან გადმოვიდა თუ არა, ცოტნეს დაუწყო თვალებით ძებნა. ”ოღონდ ეს არა...” - გაიფიქრა მოშხამულმა, ცოტნეს ყველაზე უგემოვნო და საზიზღარი მეწყვილე ჰყავდა, ნატაშკა (როგორც ის უწოდებდა საკუთარ თავს, სინამდვილეში კი ნატო ერქვა). მკვეთრი ფერის წითელი, მოკლე კაბა და წითელივე ფეხსაცმელი ჩაეცვა, შავი ჩანთა დაეკავებინა. მაკიაჟი აშკარად ზედმეტი მოსვლოდა, მოკლედ, ყველაზე გულისამრევად გამოიყურებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე მხოლოდ სალომე ფიქრობდა, ცოტნე გულიანად იცინოდა ნატაშკას ხუმრობებზე და არც დისკომფორტს განიცდიდა ასეთი უგემოვნო ქალის გვერდით. ”მეტის ღირსი არცაა” - ჩაილაპარაკა თავისთვის.
დღე ისევე ჩვეულებრივად ჩაივლიდა, როგორც დაიწყო, რომ არა საღამო, რომელმაც სალომეს ცხოვრება შეცვალა, შეცვალა სამუდამოდ. დიახ, სამუდამოდ მიაჯაჭვა ადამიანს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უყვარდა.

ამდენმა აურზაურმა, მთვრალმა ახალგაზრდებმა, ემოციებმა საოცრად დაღალა და ვერანდაზე გასვლა გადაწყვიტა. შორიახლოს სკამზე ჩამოჯდა და რომელიღაც უცნაურ ყვავილს დაუწყო თვალიერება: მუქი იისფერი ფოთლები და მაღალი ტოტი ჰქონდა, თავი უცნაურად ჩამოჰკიდებოდა და სალომეს ისე სევდიანი მოეჩვენა და თან ისე ახლობელი, რომ მზად იყო მოეწყვიტა, შინ წაეღო და რაიმეთი ენუგეშებინდა. ამ დროს, ცოტნეც გარეთ გამოვიდა. მიმოიხედა და პირდაპირ იქით წავიდა, სადაც სალომე იჯდა. სალომე შეკრთა, ანერვიულდა, მაგრამ იცოდა, რომ არ უნდა შეემჩნია. ცოტნე სკამის მეორე ბოლოზე ჩამოჯდა.
- ჩემი გეშინია? - ჰკითხა სხვათაშორის. სალომეს ჩაეცინა:
- მეშინია? რატომ უნდა მეშინოდეს?
- ასე მგონია, რომ გამირბიხარ... ორი თვე ვიყავი შენი კლასელი და წესიერად არც გვილაპარაკია.
- არ გაგირბივარ, უბრალოდ სალაპარაკო თემა არ გვაქ, სხვადასხვანაირები ვართ... – ”რა ჯანდაბაა ეს სხვადასხვანაირი, რაებს ვროშავ”- გაბრაზდა საკუთარ თავზე.
- ამინდი? ხომ შეგვიძლია ამინდზე ვილაპარაკოთ? ამინდზე სხვადასხვანაირებიც ხომ ლაპარაკობენ?
- რა გინდა? - თვალებში შეხედა ცოტნეს, პირველად შეხედა თვალებში და აღმოაჩინა, რომ შავი კი არა, მუქი ყავისფერი თვალები ჰქონია.”შორიდან შავი ჩანს ალბათ”-გაიფიქრა.
- შენთან ლაპარაკი...
- ამინდზე?
- თუნდაც.
- არ მიყვარს არც წვიმა, არც თოვლი, ქარი ხომ საერთოდ და არც ნისლი. ვერ ვიტან სისველეს. მიყვარს მზე, სითბო და ზაფხული. არც ზღვა მიყვარს, ვერ ვიტან წყალს, ვერც წუწაობას და ვერც გუნდაობას, არ მიყვარს, როცა უაზროდ ვსველდები. ზაფხულში ვცდილობ მთაში დავისვენო... - შეჩერდა, თვალს არ აშორებდა, მერე დაუმატა, - ამოვწურე ამინდის თემა?
- მე ზღვა ძალიან მიყვარს, თოვლიც მიყვარს და წუწაობაც, მზეც მიყვარს, მაგრამ ქარს ვერც მე ვიტან.
- შემდეგი...
- რა? - ცოტნე დაიბნა.
- თემა, რა გაინტერესებს ჩემ შესახებ?
- რატომ გაბრაზდი, ბავშვი რომ დაგიძახე?
- არ გავბრაზებულვარ...
- გაბრაზდი.
- არ ვარ ბავშვი და იმიტომ.
- ხარ, - გაიღიმა და სივრცეს გახედა ცოტნემ, - იმდენად ბავშვური ხარ, რომ ვერც წარმოიდგენ.
- მართლა? - ეჭვი შეეპარა სალომეს.
- გულუბრყვილოც ხარ, ეგ ბავშვის თვისებაა.
- ბავშვებს სხვა თვისებები აქვთ? - სერიოზულად დაინტერესდა სალომე.
- ხო. იზრდებიან და ივიწყებენ იმ თვისებებს მერე... - ისევ შორს იყურებოდა ცოტნე.
- არა! ადამიანს რა თვისებებიც აქვს თავიდანვე, ისინი მიჰყვება დიდობაშიც, - უაზროდ გაჯიუტდა სალომე.
- ეგეც ბავშვის თვისებაა, - მის არგუმენტს ყურადღება არ მიაქცია ცოტნემ. მზერა მოსწყვიტა შორეულ სივრცეს და სალომეს შეხედა თვალებში.
- რას გადამეკიდე? წადი, გაერთე, ბანკეტია, - შეახსენა.
- შენ გვერდით უფრო მომწონს...
- აქ უკეთესად ერთობი არა? - თავი გააქნია სალომემ.
- მომწონს, როცა გიყურებ.
- მე არ მომწონს, რომ მიყურებენ.
- მე რომ გიყურებ?
- ეგ საერთოდ არ მომწონს.
- რატომ?
- მესამედ გეკითხები, ჩემგან რა გინდა? თუ არაფერი, თავი დამანებე, დავიღალე.
- მინდა რომ გიყურო...
- მიყურო?
- ხო, ვიჯდე და გიყურო, - ცოტნე სკამზე შედარებით მოხერხებულად დაჯდა.
- სპეციალურად აკეთებ, მაგრამ არ აგყვები, მე მშვიდად ვარ, არც კი მაწუხებ, არ ვბრაზდები... მე არ ვბრაზდები... მორჩა, გაიმარჯვე... - უცებ სკამიდან წამოხტა და დარბაზისკენ წავიდა, ”არც კი ვიცოდი, მაღალქუსლიანებით ასე სწრაფად სიარული თუ შემეძლო”, გაიფიქრა.
არ უნდოდა ცოტნეზე ეფიქრა, მაგრამ თვალებს ვერ იმორჩილებდა, წამდაუწუმ მისკენ გაურბოდა და ცოტნეს მზერასაც ყოველთვის იჭერდა.
- ლუკა, წავიდეთ რა...
- გაგიჟდი გოგო? ახლა იწყება გართობა.
თავის ადგილას დაბრუნდა და მოცეკვავე კლასელებს გახედა. ”მორჩა, დამთავრდა, ეს წუთები, წამები აღარასდროს განმეორდება, დაიმახსოვრე, სალო, დაიმახსოვრე შენი ასეთი კლასელები, ვინ იცის როგორებს ნახავ მერე, მომავალში...” - ამ ფიქრებში იყო გართული, ცოტნე რომ წამოადგა.
- მე წაგიყვან, თუ გინდა...
- არა, მადლობა... გავძლებ როგორმე.
- მე არ ვაკეთებდი სპეციალურად, - იმდენად გულწრფელი მზერა ჰქონდა, სალომე დაიბნა, რა ეთქვა? ”გავყვები, რა მოხდა მერე? კლასელია, არაფერს დამიშავებს, თან, მგონი, არც იტყუება, იქნებ მართლა მხოლოდ ყურება უნდოდა... ყურება? ღმერთო რა სულელი ვარ...”
- კარგი, წავიდეთ. - დათანხმდა.
მანქანაში ჩასხდნენ. ცოტნესკენ არ იხედებოდა, მაგრამ უნდოდა თვალი შეევლო. უხერხული სიჩუმე ცოტნემ დაარღვია:
- ადვილად იღლები. - არ ჰკითხა, უთხრა.
- ასეთ დროს კი. არა, საერთოდაც.
- ძალიან ლამაზი ხარ.
- მადლობა...
- დიდი ხანია ამ კლასში ხარ?
- პირველი კლასიდან. შენ რატომ გადმოხვედი?
- რავიცი, რატომ გადადიან ხოლმე? ისე, საცხოვრებელი შევიცვალეთ და..
- ახლა ხომ ნასვამი ხარ? - გაახსენდა უცებ და ინანა, ასე დაუფიქრებლად რომ მიიღო გადაწყვეტილება.
- ცოტა... არ გაგვაჩერებენ, ნელა მივდივარ. - მიუხვდა.
- ფრთხილად... - ჩაიბურტყუნა სალომემ.
- მშიშარაც ყოფილხარ... - გაეცინა ცოტნეს.
- მე? რატომ? არ ვარ...
- ხარ... - იცინოდა ისევ, - კიდევ რისი გეშინია?
- გველის, - თქვა მოულოდნელად, თავადაც გაუკვირდა, რამ მათქმევინაო.
- მაგის მეც მეშინია, კიდე?
- სიმაღლის, წყლის, ანუ ზღვის შიში მაქ, ვერ ვცურავ, კიდე ყველანაირი ცოცხალი არსების ადამიანის გარდა, ცხოველებს ვგულისხმობ, ფრინველებსაც.
- ძაღლის გეშინია? - გაიკვირვა ცოტნემ.
- თან როგორ, სულ მგონია, რომ მიკბენს, არასდროს უკბენია, მაგრამ მაინც.
- არადა, ადამიანი ყველაზე საშიშია.. - თქვა ცოტნემ. გაჩუმდნენ. - კიდევ?
- მეტი რაღა დარჩა? თითქმის ყველაფერი ვთქვი, - გაეცინა სალომეს, ცოტნეც აჰყვა.
- მე გემით მოგზაურობის მეშინია, ზღვა მიყვარს, ცურვაც, მაგრამ გემს ვერ ვიტან. ერთხელ ვარ ნამყოფი გემზე, ისიც პატარა მანძილზე გადაგვიყვანა.
სალომეს სახლთან მანქანა შეაჩერა.
- ეგოისტურად გამომივიდა, გაიძულე შენც წამოსულიყავი, თუ მიბრუნდები? - ჰკითხა სალომემ.
- ჯერ ერთი, მე შემოგთავაზე წამოყვანა და არ მივბრუნდები, დავისვენებ მეც. ხვალ კიდევ შევიკრიბებით ალბათ.
- ხო. მადლობა დიდი, სასიამოვნო იყო შენთან საუბარი, - მანქანიდან გადმოვიდა და სადარბაზოსკენ წავიდა, შესასვლელში შეჩერდა, მოიხედა, ცოტნეს ხელი დაუქნია და კიბეებზე აირბინა.



მერე? მერე ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ხდება ხოლმე. სულ ერთად იყვნენ. გამოცდების გამო, ვერც ერთი ტოვებდა დედაქალაქს, ეს კი უფრო აახლოვებდათ. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ორივემ იცოდა, რომ რაღაც ამოუცნობი ხდებოდა, რაღაც ემართებოდათ და უძლურნი იყვნენ ამ რაღაცის წინაშე. ”სიყვარული” - ეს სიტყვა ისე შეუმჩნევლად, მოულოდნელად ჩაიღვარა მათში, შეესისხლხორცა ორივეს, რომ ვერც გაეგოთ, თუ როდის დაიწყო ან როდის გადაწყდა, როდის დაესვა წერტილი მათ გაურკვეველ სწრაფვას ერთმანეთის მიმართ და როდის ეწოდა ამ ყველაფერს სიყვარული. ეს ჯადოსნური სიტყვა ახრჩობდა, გუდავდა თითქოს ორივეს, მაგრამ, ამავდროულად, ენით აღუწერელი შვება მოჰქონდა მათთვის. იყვნენ ერთად და ეს იყო ყველაფერი, ამის იქით აღარაფერი არსებობდა და არც უნდა ეარსება.



- მინდა დედაჩემი გაგაცნო, - უთხრა მათი ურთიერთობის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ცოტნემ. უკვე სტუდენტები იყვნენ.
- დედაშენი? კი, მაგრამ... რომ არ მოვეწონო? ასე უცებ საიდან გაგახსენდა, ჯერ ადრე არაა? - აღელდა სალომე.
- მინდა, რომ იცოდეს, გიცნობდეს მინდა. შენ არ გინდა?
- მე, კი, როგორ არა, მაგრამ ვფიქრობდი, ჯერ მსგავსი რაღაცებისგან თავი უნდა შეგვეკავებინა, ადრე იყო, მაგრამ თუ ასე ფიქრობ, წამოვალ, გავიცნობ დედაშენს.
- მოეწონები, ნუ გეშინია, - თავზე აკოცა ცოტნემ.
- არ მეშინია, მთავარია, შენ გიყვარდე.
- მე მიყვარხარ, ამ მხრივ სანერვიულო არ გაქ, ეგ უეჭველი ვიცი.
- მაშინ, სადაც გინდა, იქ წამიყვანე. - გაიცინა სალომემ.



- როგორ გამოვიყურები? - მთელი საათი ალოდინა დაბლა.
- ბრწყინვალედ, - აკოცა ცოტნემ.
- ისე ვნერვიულობ, თითქოს პირველ პაემანზე მივდიოდე.
- ასეცაა, - გაიცინა ცოტნემ, - დედაჩემთან პირველი პაემანი გაქ.
- მაშინ გამართლებულია ჩემი ნერვიულობა.

- დედა, გაიცანი ესაა სალომე. - ახალგაზრდა, ოცდაათ წელს გადაშორებულმა ქალმა აათვალიერ-ჩაათვალიერა და ზიზღნარევი მზერა მალევე აარიდა. სკამიდან წამოდგა და წარბშეკრული გვერდით ოთახში გაუჩინარდა.
- არ მოვეწონე, - აღიარასავით სალომემ, ცოტნე გაოგნებისგან ხმას ვერ იღებდა. - წავიდეთ, - შეემუდარა ვაჟს. ცოტნემაც ხელი მოჰხვია და სახლიდან გამოვიდნენ.
პარკში ისხდნენ, ხმას არც ერთი იღებდა. სალომე ცდილობდა არ ეტირა, თავი გვერდზე შეებრუნებინა და უნდოდა, არ ეფიქრა იმ ქალზე. მაგრამ ეს როგორ უნდა მოეხერხებინა, არ იცოდა.
- მაპატიე, - თქვა ბოლოს ცოტნემ, - ჩემი ბრალია, არ უნდა წამეყვანე. ”პროსტა”, რას წარმოვიდგენდი, თუ ასე მოიქცეოდა. რაღაცნაირია რა, თავისნათქვამა. როგორც იტყვის, ისე უნდა იყოს ყველაფერი, ამიტომ გაექცა მამაჩემიც, ვერ აიტანა, ვერც მე ავიტან...
- გაჩერდი, ვალდებული არ ხარ, ამიხსნა. - შეაწყვეტინა სალომემ.
- ვარ... აი, ნახავ მოეწონები, დრო უნდა, უნდა გააცნობიეროს, გადახარშოს და მოეწონები მერე.
- მთავარია, შენ მოგწონდე, - გაეღიმა სალომეს, უწინდელი საუბარი გაახსენა.
- მე მიყვარხარ... - ცოტნე მისკენ გადაიხარა და აკოცა.



- ჩემს შვილს თავი დაანებე! - უთხრა მშვიდად, საკუთარ სიძლიერეში დარწმუნებული ამაყი ქალივით. დაურეკა და მათი ქუჩის კუთხეში, კაფეში დაიბარა. აქ ხშირად დადიოდნენ ის და ცოტნე, ახლა კი ეს ქალი ზის მის წინ და არც კი უყურებს, თავი გვერდით მიუბრუნებია (თითქოს, იმის ღირსადაც არ თვლის, რომ შეხედოს) და ფანჯრიდან სველ ქუჩას აკვირდება. ბავშვობიდან ვერ იტანდა ასეთ ამპარტავან ხალხს.
- თავი დავანებო? გგონიათ ძალით ვეკიდები კისერზე? თავი როგორ უნდა დავანებო არ მესმის... მე ის მიყვარს და მასაც ვუყვარვარ. ვიცი, რომ არ მოგწონვართ, არ მთვლით თქვენი შვილის ღირსად, მაგრამ როგორც ქალს, უნდა გესმოდეთ ჩემი, მიყვარს და თქვენი ახირების გამო, მასთან ურთიერთობას არ შევწყვეტ...
- თავად ვიზრუნებ, რომ ერთად არ იყოთ, - თქვა და წამოდგა, ფული მაგიდაზე დააგდო და გავიდა.
ეს შეხვედრა სალომესა და ცოტნეს დედის, ანას გაცნობიდან ზუსტად ერთი წლის თავზე შედგა. სალომეს არაფერი უთქვამს ამის შესახებ ცოტნესთვის.



დრო შეუმჩნევლად გადიოდა. როცა ბედნიერი ხარ, ვერ ხედავ, ვერ ამჩნევ დროის სწრაფ სვლას, მაგრამ საკმარისია დანაღვლიანდე, რაღაცამ შეგაწუხოს, დრო საოცრად გაიწელება, ზანტად, ნელა გავა დღეები, საათები და ეს ყველაფერი უფრო დაგთრგუნავს, ცეცხლზე ნავთს დაგისხამს, ჭკუიდან გადაგიყვანს.
ასე იყვნენ სალომე და ცოტნეც, წლები დღეებივით მიფრინავდა. ერთად ყოფნით ტკბებოდნენ, ერთმანეთით ივსებოდნენ და თითქოს ვეღარ იტევდნენ მოზღვავებულ ემოციებს, იმდენად სავსენი იყვნენ ამ ყველაფრით, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო, რაღაც ძლიერი, გამანადგურებელი. რაღაცას უნდა გამოეცადა მათი სიყვარული. თუ დრო ვერაფერს აკლებდა ამ გრძნობას, უნდა ყოფილიყო რაღაც, რაც წინ აღუდგებოდა მათ. და ამ რაღაცამაც არ დააყოვნა...



- დროზე, სადარბაზოსთან გელოდები. - უკვე ოცი წუთი იყო, რაც უცდიდა ცოტნე.
- ხო ჩამოვდივარ, ისე არ ღირდა, ცოტნე, რა საჭირო იყო?!. - ბუზღუნებდა მაინც.
- კაი დროსია მაგაზე ლაპარაკი...
- ხო, ჩამოვდივარ. - გაუთიშა სალომემ, სუნამო მიისხა, სარკეში აათვალიერა საკუთარი თავი და სახლიდან გავიდა. ცოტნეს ნაჩუქარი მოკლე, მუქი ლურჯი კაბა ეცვა, წითელ ფეხსაცმელთან შეხამებული წითელი სამაჯური ეკეთა. ბაკალავრიატის დამთავრების აღსანიშნავად ცოტნე რესტორანში ეპატიჟებოდა. მათი საერთო მეგობრებიც იქნებოდნენ. დიდხანს ეხვეწა, ემუდარა, არ გინდა, ზედმეტიაო, მაგრამ ცოტნემ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, მნიშვნელოვანი დღე უნდა აღინიშნოსო. ცოტნესთან ყოველთვის უძლური იყო, ისე მარტივად უთმობდა ყველაფერს, თვითონვე უკვირდა.
ხალხი უკვე მისულიყო. ლიზა და კახიც იყვნენ. ლიზამ და კახიმ მათი მეშვეობით გაიცნეს ერთმანეთი და ორი წლის წინათ დაქორწინდნენ კიდეც. ძალიან განსხვავებული წყვილი იყო. ისეთი, ბოლომდე რომ არ ესმოდა ოჯახის არსი, თავისუფალ ცხოვრებასაც რომ ვერ თმობდა, მაგრამ საყვარელი ადამიანიც რომ ენანებოდა. ლიზა ორსულად იყო, მუცელიც ემჩნეოდა უკვე. პირველ ბავშვს სიხარულით ელოდებოდნენ არა მარტო მშობლები, მშობლების მეგობრებიც. საღამომ მხიარულად ჩაიარა, ნათელ მოგონებებში ეს დღეც ღირსეულად ჩაიწერებოდა. მოგონებები, მოგონებები... ჩვენი მარად უცვლელი და განუყრელი მეგობრები. როდესაც გიჭირს, ვერც ხელს გადაგისვამენ თავზე და დაგამშვიდებენ, ვერც განუგეშებენ, მაგრამ ერთი საოცარი უნარი აქვთ: შეუძლიათ მოგწყვიტონ რეალობას და თავი, მცირე ხნით, მაგრამ მაინც, ბედნიერად გაგრძნობინონ.

გვიან დაიშალნენ. ყველას დაემშვიდობნენ და მანქანაში ჩასხდნენ. ორივე კმაყოფილი იყო საღამოთი.
- შენ კი ამბობდი, ზედმეტიაო. - გადმოხედა ცოტნემ.
- კი არ ვამბობდი, ვამბობ. არ იყო საჭირო.
- აბა რაღაზე იცინებდი ახლა? ხომ ვერასდროს გაიგებდი, კახის რომ მარი ეზიზღება, - ორივემ გაიცინეს.
- რა დაუშავა ნეტავ?
- აცდუნა ალბათ და ახლა კი არ ეზიზღება, თავს გვაჩვენებს ეგრე. ლიზამ რომ არაფერი გაუგოს, მარისთან ურთიერთობას გაურბის, - იცინოდა ცოტნე.
- ნუ ხარ ეჭვიანი, არ შეიძლება, უბრალოდ არ მოგწონდეს ადამიანი? - იცინოდა სალომეც.
- არა, ნამდვილად ეგრე იქნება, მიქარული აქვს, როგორც ჩანს, ერთ დროს მარისთან და ახლა ეწვის ერთი ადგილი.
- შენ ვისთან გაქ მიქარული? - უცბად სერიოზული სახით ეკითხება სალომე, მაგრამ ღიმილს ვერ იკავებს ბოლომდე.
- არ გეცოდინება შენ, - ცოტნეც სერიოზული სახით პასუხობს. - ერთი ძალიან ლამაზი გოგოა.
- ისე ამბობ, თითქოს ახლაც ხვდები ხოლმე იმ გოგოს, - ეღიმება სალომეს.
- კი, ვხვდები, აი, მაგალითად, ახლა გვერდით მიზის და ყოფილებზე მეკითხება, ის კი არ იცის, რომ ჩემი ერთადერთი სიყვარულია.
- ერთადერთი სიყვარული თუ ერთადერთი ნამდვილი სიყვარული? - ღიმილი ნელ-ნელა ქრება სალომეს ტუჩებიდან.
- ორივე, ერთადერთი სიყვარულიც და თან ნამდვილიც, მიხვდი?
- და ეს არ დამთავრდება?
- როცა მოგვბეზრდება შეგვიძლია დავამთავროთ, - გაიღიმა ცოტნემ.
- რამდენ ხანში მოგვეზრდება? - აღარ იღიმის სალომე.
- რა? ნამდვილი სიყვარული?... არასდროს...

სადარბაზოსთან გააჩერა მანქანა. ძრავა გამორთო და სალომეს შეხედა. ჩაფიქრებული სახით იჯდა. ასეთი სალომე ყველაზე მეტად უყვარდა. ისეთი სახე ჰქონდა ამ დროს, თითქოს სამყაროს გადარჩენის გზას ეძებსო, დედამიწა უნდა იხსნას აპოკალიფსისგანო და მაინც ისეთი ბავშვური, დაუცველი თვალებით იყურებოდა, ცოტნე მზად იყო ყველაფერი შეეწირა ამ ქალისთვის, დაეთმო სიცოცხლე უხმოდ, კითხვების გარეშე, თუკი ამას სალომე მოსთხოვდა. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ცოტნესთან რეკავდნენ. ზარმა შეაკრთო, სალომეც გამოერკვა ფიქრებიდან.
- ხო მამა, ახლა? კაი წამოვალ, ხო...
- რეზო იყო, ამოდი ჩვენთან, თუ გცალიაო. - გაუღიმა ცოტნემ.
- ახლა? ხომ მშვიდობაა? - ჰკითხა შეშინებულმა.
- ხო, ხვალ მიემგზავრება და უნდა, რომ მასთან დავრჩე ამაღამ, გადაირევა ანა.
- ცოტა ადრე ვერ გაგაფრთხილა? ასე ნასვამი როგორ წახვალ კიკეთში?
- ტაქსით ავალ, შენ არ იდარდო, - გადაიხარა და აკოცა.
- კარგი, კიკეთში რომ იქნები, შემეხმიანე. - სალომე მანქანიდან გადავიდა და მზერა გააყოლა მანქანის წითელ ფარებს.



მობილურის ზარმა გააღვიძა, საათს დახედა - ექვსი ხდებოდა.
- ალო, გისმენთ...
- სალო, სალომე, მე ვარ ლიზა, - მეგობრის ხმა ეუცნაურა, თვალები გაახილა, გამოფხიზლდა.
- რა ხდება? ლიზა, რა მოხდა?
- სალომე, ცოტნე... საავადმყოფოშია, ავარიაში მოყვა, მოდი... - გაოგნებული იჯდა საწოლზე და ვერ იძვროდა ადგილიდან. მერე, თითქოს ერთბაშად გაიაზრა, რაც უთხრეს, რაც მოხდა, სწრაფად წამოვარდა, გადაიცვა, ჩანთას ხელი დაავლო და ისე, რომ სახლში არაფერი უთქვამს, საავადმყოფოში წავიდა. მიმღებში იკითხა, რეანიმაციაშიაო და მოსაცდელისკენ მიუთითეს. ლიზა მაშინვე მასთან მივიდა, გადაეხვია. სალომე გაშეშებული იდგა. მოძრაობებს, საუბარს, ყველაფერს, რაც მის ირგვლივ ხდებოდა, გვიან აღიქვამდა, ხმას ვერ იღებდა და საოცარ დაღლილობას გრძნობდა. იჯდა და რასაც უყურებდა, ფილმის კადრებივიდ გაურბოდა გონებაში, თითქოს ეს მას არ ეხებოდა, უბრალო მაყურებელი იყო.
ადგა, ჰაერზე გავიდა. გაიარ-გამოიარა, კედელს მიეყრდნო, ცას ახედა. ვერაფერზე ფიქრობდა, აზრებს, ფიქრებს, სიტყვებს მიეტოვებინათ. იყურებოდა უაზროდ, არაფრისმთქმელი გამომეტყველებით. არც არაფერი ესმოდა და არც არაფერს გრძნობდა, ასე დაცლილად თავი არასდროს უგრძვნია, თითქოს არაფერი იყო. ”არაფერი” - ეს სიტყვა ისე მიესადაგებოდა ახლა მას, მის განცდებს, როგორც აქამდე მისთვის ნათქვამი არც ერთი სიტყვა.
- რა ამბავია? - საავადმყოფოდან ორი კაცი გამოვიდა, ერთი უკან იყურებოდა.
- ახალგაზრდა ბიჭი მოიყვანეს ავარიით, საწყალი, ამბობენ გადარჩებაო... ხმამაღლა რომ ტირის, დედაა ალბათ... ტაქსის მძღოლი დაღუპულა.
”მძღოლი დაიღუპაო? ცოტნე? - გული შეეკუმშა - ტაქსის მძღოლიო, - სრულად აღიდგინა ნათქვამი, გული საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა.”

გადიოდა საათები, წუთები, წამები. მოდიოდნენ და მიდიოდნენ ნაცნობი, უცნობი, ერთხელ ან ბევრჯერ ნანახი, მაგრამ ვერ გახსენებული სახეები. ბუტბუტებდა ყველა, თვალებში არავინ არავის უყურებდა, ჰაერი შეხუთული იყო, სუნთქვა ჭირდა, უფერული კედლები ისე ვერსად დაგზაფრავდნენ, როგორც აქ, საავადმყოფოში (მით უფრო, მოსაცდელში). ექიმი არაფერს ამბობდა დამამშვიდებელს - ”უნდა დაველოდოთ, 80%-ით გონს მოვა”- დაველოდოთ, მოლოდინი, სურვილი, იმედგაცრუება, გამართლება, სიხარული, ტკივილი - ყველა ეს სიტყვა ლოდინთან ასოცირდებოდა სალომესთვის, ახლაც ექიმის ნათქვამზე სათითაოდ გაურბინეს გონებაში, უცნაურად ჩამწკრივდნენ, მერე აიშალნენ, აირივნენ, აითქვიფნენ და გაქრნენ.

”გონს მოვიდა” - ათასჯერ მაინც გაიმეორა გულში ექთნის სიტყვები...



- ვერ შეგიშვებთ! - მკაცრად ჟღერდა.
- კი, მაგრამ ხომ შეიძლება მნახველების შესვლა? უნდა შევიდე, ექიმმა თქვა შეიძლება გაახსენდესო, მე შიმიძლია გავახსენო, გამიგეთ... - ემუდარება თითქმის ექთანს.
- თქვენც უნდა გამიგოთ, ამიკრძალეს თქვენი შეშვება, ოჯახის წევრებს უფლება აქვთ...
- ეს ხომ მხოლოდ მე არ მეხება? მისი ჯანმრთელობისთვისაა მთავარი, ვიცი, დარწმუნებული ვარ, გავახსენებ, შემიძლია...
- ის ჯანმრთელია, უბრალოდ ამნეზია აქვს... - განუმარტა, უფრო სწორად გაუმეორა უკვე ათასჯერ მოსმენილი.
- რა ხდება აქ? - ქალის თითქოს უდარდელი, მაგრამ მაინც ნერვიულობაშეპარული ხმა გაისმა. ანა იყო, მის ქედმაღლურ საუბრის მანერას ყველაში გამოარჩევდა სალომე.
- არ მიშვებენ... - თავის შეცოდებასავით გაიჟღერა ხმამ.
- ვიცი, თავად ვთხოვე. - სალომე დაიბნა, თვალებში შეხედა, ერთხანს ვერ დაიჯერა, ხუმრობსო იფიქრა, მერე კი ვეღარ აიტანა:
- თავი ვინ გგონიათ? რა უფლებით? - გაჩერდა, აღარ იცოდა, რა ეთქვა, - ხომ იცით, რომ შემიძლია რაღაცები გავახსენო, ასე ნუ გასწირავთ, უფლება აქვს იცოდეს საკუთარი წარსული, ნუ უნგრევთ ცხოვრებას, მომავალს, საკუთარ თავს ართმევთ...
- მას არ სჭირდება მომავალი თქვენს გვერდით, - ისევ ის ზიზღი თვალებში, რომლითაც პირველი შეხვედრისას ”მიესალმა”.
- გაახსენდება, გესმით, გაახსენდება, თქვენ ვერ შეცვლით, ვერაფერს შეცვლით... - ცოტნესთვის მოტანილი ნივთები სკამზე დააწყო და წავიდა.



საავადმყოფოში აზრი არ ჰქონდა მისვლას, დედამისს ყველა გაფრთხილებული ჰყავდა, თან ცოტნეს წუთითაც არ ტოვებდა მარტოს, განსაკუთრებით, თუ მათი საერთო მეგობრები მიდიოდნენ მასთან მოსანახულებლად. აღარაფერი ახსოვდა, საერთოდ არაფერი. ვერც კი გაეაზრებინა ბოლომდე, რას ნიშნავდა ეს, არ ახსოვდა რა? მათი ურთიერთობა როგორ დაავიწყდებოდა? ვერ დაავიწყდებოდა! სალომეს ხომ არ დაავიწყდებოდა, მის ადგილას რომ ყოფილიყო? ცოტნესაც ახსოვს, ბიძგი უნდა, სულ მცირე შეხსენება. ლიზასგან იგებდა მის ამბებს:
- ექიმები იმედს აძლევენ, გაიხსენებსო, მაგრამ იმ ”კრუელას” (ცოტნეს დედას ასე მოიხსენიებდა) საერთოდ არ უნდა, რამე გაახსენდეს. თვალებში გვიყურებდა მე და კახის, რომ ისეთი არაფერი გვეთქვა, ნუ შენზე რა. შესვლამდეც გაგვაფრთხილა, სახელი სალომე არ ახსენოთო, გადაკვრითაც კიო. მე კიდე ვიზამდი რამეს, მაგრამ კახიმ გამაჩერა, მე მოვახერხებ მერე მარტოს ვნახავ და დაველაპარაკებიო... ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება...
- არა, ლიზ, არ გინდათ. მთავარია მნახოს, რომ დამინახავს გავახსენდები. არაფერი უთხრათ, მოვიცდი, მოვითმენ და რომ გამომჯობინდება, შემახვედრეთ სადმე, ისე დედამისმა, რომ არაფერი იეჭვოს და ვნახავ. აი, ნახავ, გავახსენდები, შეუძლებელია არ ვახსოვდე.. - გაეღიმა. თავადაც გაიხსენდა ერთად გატარებული წლები და როდესაც წარმოიდგინა, რომ ზუსტად ასეთი შეგრძნება ექნებოდა ცოტნესაც მისი დანახვისას: ბოლომდე გაუცნობიერებელი, მაგრამ საოცრად ამაღელვებელი, სიამოვნებისგან ტანში გაცრა.



აგვისტოს მიწურულს ნახევარი საათით გასეირნებასაც ბედავდა. ექიმმაც ურჩია დილით ადრე თუ გახვალ ჰაერზე, უმჯობესია, თან ისე, რომ ხმაურმა არ შეგაწუხოსო. მარტო ვერ ბედავდა ეზოში ჩასვლას, თავიდან ანა დაჰყვებოდა, კახიც ხშირად იყო მასთან, მაგრამ ანა შვილს ბოლომდე არ ანდობდა კახის. თავიდან არ მოსწონდა ეს გადაჭარბებული ზრუნვა და ყურადღება დედისგან, მაგრამ მერე მიეჩვია. საოცრად ამაზრზენი შეგრძნებაა, როცა ახელ თვალს და არაფერი გახსოვს, არ იცი ვინ ხარ, სად ხარ, რატომ ხარ, რისთვის ხარ. სახელიც კი არ გახსოვს საკუთარი, არ გახსოვს, ვისთან მეგობრობ, რას აკეთებ თავისუფალ დროს, არც ის გახსოვს საერთოდ გაქვს თუ არა თავისუფალი დრო, ვერაფრით იხსენებ, რომელი წიგნი გიყვარს, რომელი ფილმი, თუ გაქვს რაიმე ჩვევა ძილის წინ... არადა რამდენიმე ხნის წინ შენთვის ეს ყველაფერი ჩვეულებრივი, ბუნებრივი იყო, ყოველდღიური ცხოვრების წესს შეადგენდა. ამ დროს ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს ახალდაბადებული ბავშვისგან მხოლოდ მოცულობითა და ლაპარაკის შესაძლებლობით განსხვავდები, სხვა ყველაფერი ისეა, როგორც ახალშობილთან: უნდა აითვისო ის სამყარო, სადაც მოხვდი. კიდევ არის ერთი განსხვავება, შენ უკვე იყავი აქ, ახლა თავიდან გიწევს ყველაფრის გაკეთება...



- ხვალ რვა საათზე? - გულისცემა აუჩქარდა სალომეს.
- ხო, მე ჩამოვიყვან მარტო. ისე, თუ ანა დაინახე აღარ...
- ვიცი, ხო, ვიცი...
- სალო, ვეტყვი, თავად ვეტყვი, ანასთანაც ვეტყვი. ასე არ შეიძლება, უნდა იცოდეს, რა ”პონტში” უმალავთ? - ვერ ეგუებოდა კახი.
- არა, ასეა საჭირო, თან გავახსენდები, მაინც გავახსენდები, რომ დამინახავს...
- რომ არ გაახსენდე?
- შეუძლებელია...
- არავინ ახსოვს, ”ვაბშე” არავინ გოგო. 24 საათი ჩვენთან ეგდო და არ ვახსოვართ და შენ... - მიხვდა, რომ ცუდად გამოსდიოდა, გაჩერდა, - აუ, ბოდიში რა, არ მინდოდა... გაახსენდები - მაინც უიმედობა იგრძნობოდა კახის ხმაში.
- ხო, ვიცი. კახი, გავახსენდები, ვიცი, ვგრძნობ. შენ ვერ გაიგებ... - დაიჩურჩულა.
- რა?.. კაი, წავედი ახლა, უნდა გავთიშო, მოკლედ რვაზე პარკში იყავი...

მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, ლიზა ამბობდა შეცვლილიაო, გამხდარა საავადმყოფოში. ”მთავარია ცოცხალია, მიცნობს, აბა, ისე როგორ?! შეუძლებელია ვერ მიცნოს, წარმოუდგენელია” - იწვა და ფიქრობდა. სრულიად გამორიცხავდა იმ მოსაზრებას, რომ შეიძლება ცოტნეს არც კი გახსენებოდა.



შორიდან დაინახა. გული ისე უცემდა, ლამის ამოუვარდა. ცოტნეს სიარული უჭირდა, თვალები ჩასცვივნოდა, ფერი შეცვლოდა სახეზე, ღია ცისფერი დაჰკრავდა, მაგრამ მაინც ის იყო, სალომეს ცოტნე... ცოტნე, მისი ცოტნე...
მიუახლოვდა სკამს, სადაც ბიჭები ისხდნენ. მათ წინ გაჩერდა და ”გამარჯობა” წაიჩურჩულა, მაგრამ ისე, რომ მათ გაეგოთ. ცოტნემ ამოხედა, თვალებში შეხედა, მერე კახის გახედა იმ იმედით, მეტყვის ვინაა და რა უნდაო. კახის თავი ძირს დაეხარა, მიწას უყურებდა და, ერთი შეხედვით, მშვიდად ეწეოდა სიგარეტს, არადა ისე ნერვიულობდა, როგორც პირველკლასელი მოსწავლე, რომელიც პირველად გაიყვანეს დაფასთან. ცოტნემ, როცა მიხვდა, კახის დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდა, კიდევ ერთხელ შეხედა თვალებში სალომეს. სალომე იდგა, უყურებდა მისთვის ძვირფასს და ხედავდა, როგორ ნელ-ნელა შორდებოდა, ქრებოდა, ხელიდან ეცლებოდა. უყურებდა და ხმას ვეღარ იღებდა, რა უნდა ეთქვა? ეს ხომ გამორიცხა? ნუთუ ვერ ცნობს? თვალებში შეხედა, ნამდვილად თვალებში უყურებდა და მაინც, ვერ იცნო? ვერ იცნო... ვერ იცნო... ვერ...
ცოტნემ კახის მხარი გაჰკრა, ახლა კახიმაც შეხედა სალომეს, მერე თავი გააქნია და უთხრა:
- ვაჰ, სალომე (განგებ ხმამაღლა და მკვეთრად წარმოთქვა სახელი), როგორ ხარ? - ადგა და გადაკოცნე, თან მკლავზე ხელი მოუჭირა, იმის ნიშნად, რომ წუხდა ალბათ. სალომეს სახელის წარმოთქმისას ცოტნეს გამოხედა, არანაირი რეაქცია, არც ერთი ნერვი გატოკებულა ბიჭის სახეზე, არაფერი, ვითომ მისთვის უმნიშვნელო სახელი გაიგო. ანდა, ვინ იცის, იქნებ უკვე უმნიშვნელო იყო ეს სახელი ცოტნესთვის...
- კარგად, შენ? - გამოერკვა, მაგრამ კიდევ ცოტნეს უყურებდა თვალებში. ცოტნეს კი ისეთი მზერა ჰქონდა, თითქოს ყველაზე შორეულ, სხვა ქვეყნის ან სხვა გალაქტიკის ადამიანს შესცქეროდა, რომელსაც მასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, არც უნდა ჰქონოდა.
- ცოტნე, ეს სალომეა - კვლავ მკვეთრი თანხმოვნები. - ჩვენი მეგობარია, აქვე ცხოვრობს.
- ხოო, გამარჯობათ, მაპატიეთ, მე...
- ვიცი, არაფერია, უნდა წავიდე, კარგად. - ამოილუღლუღა, თავბრუ დაესხა, ერთხანს ადგილიდან ვერ დაიძრა, თვალი ვერ მოწყვიტა მისთვის ძვირფასს, მერე კი ჩქარი ნაბიჯით წავიდა. არ იცოდა, სად მიდიოდა, არც ის იცოდა, რა ხდებოდა, საერთოდ აღარაფერი იცოდა. ”ვერ მიცნო, ის არ არსებობს.. არ არსებობს... არ არსებობს... ვერ მიცნო, მართალი იყო... ვერ მიცნო... არ არსებობს... არასდროს... არ მთავრდება... ნამდვილი სიყვარული? არასდროს... ვერ მიცნო... ნამდვილი სიყვარული? არ არსებობს... თურმე, არ არსებობს... არასდროს... ცოტნე...

”- და ეს არ დამთავრდება?
- როცა მოგვბეზრდება შეგვიძლია დავამთავროთ.
- რამდენ ხანში მოგვეზრდება?
- რა? ნამდვილი სიყვარული?.. არასდროს...” - ახსენდება... კიდევ ახსენდება:

”- არ მეშინია, მთავარია, შენ გიყვარდე.
- მე მიყვარხარ, მაგ მხრივ სანერვიულო არ გაქ, ეგ უეჭველი ვიცი.
- მაშინ, სადაც გინდა, იქ წამიყვანე. ” - სანერვიულო... მიყვარხარ... მე მიყვარხარ... ჩემი ნამდვილი სიყვარული... მე... ჩვენ...” - უტრიალებს თავში. მოგონებები აიშალნენ: ეზოში პირველად ნახა, თვალები, ღიმილი, მაისური, შავი მაისური, მერე სკოლაში, ”თვრამეტის” - ჩაესმის ყურში, ბავშვების წრეში დგას იცინის, როგორ უხდება სიცილი, ღიმილიც, უყურებს სევდიანად, რაღაცნაირად, თითქოს ეძახის, თითქოს დახმარებას სთხოვს, მის იქით წასასვლელი არ აქვს, ბანკეტი, ნატაშკა, ისევ იცინის, უყურებს, იცინის, ბავშვი, ”რატომ გაბრაზდი ბავშვი, რომ დაგიძახე?” ”გემით მოგზაურობის მეშინია” ”მიყვარხარ”, მთვრალია, უღიმის, მხოლოდ მის დასანახად იღიმის, სხვები ვერ ხედავენ, მისია, მთლიანად სალომესია, ლექციებზე შეპარებული ხელს უშლის, არ ასმენინებს ლექტორის საუბარს, მთაწმინდაზე ლიზასთან და კახისთან ერთად, კიკეთში კლასელებთან ერთად, მცხეთაში, ჯვარზე, სვეტიცხოველში, რაჭაში, ხევსურეთში, მასთან ერთად. მირბის, რას უნდა რომ გაექცეს? განა ასე ადვილია გაქცევა ყველაფრისგან? რთულია, შუძლებელიც კი.. ვერ გაგიხსენა.. არ არსებობს, ნამდვილი სიყვარული არ არსებობს, ვერ გაგიხსენა. შენ ვერ გაგიხსენა, ვერ გაიხსენა ეგ თვალები, არადა რა ხშირად გიყურებდა, როგორ იცოდა ხოლმე?.. თვალებში შემოგხედავდა, გაგაწითლებდა, შეგშლიდა, ჭკუიდან გადაგიყვანდა და მაინც არ გწყვეტდა მზერას. გიყურებდა და გიყურებდა, შენ კი თავს ვერ ხრიდი, ვერც სხვაგან გახედვა მოგეხერხებინა, მოჯადოებულივით შესცქეროდი შენც და უფრო და უფრო გემატებოდა სიმხურვალე. კიდევ გაახსენდა:
”- მხოლოდ მაგ თვალების გამო შეგიყვარებდი...- თვალებში უყურებს.
- სხვა არაფრის გამო? - იცინის სალომე.
- შენი ყველაფერი მიყვარს, მაგრამ თვალები გაქ საოცარი.. - ბოლო სიტყვები წაუმღერა. სალომეს უფრო გაეცინა.
- ლინზები უნდა ჩავისვა, თვალის ფერი უნდა შევიცვალო. – ”ახლა გაბრაზდება, მერე ვაკოცებ და გადაუვლის” - ფიქრობს სალომე.
- გგონია, ეგ შემიშლის ხელს? რა ფერისიც გინდა, გქონდეს, მე მაინც ჩემი შენი თვალები მეყვარება, მაინც ვიცნობ. - ცოტნეს ამ სიტყვებზე უფრო იცინის სალომე და ქართულის მასწავლებელს ულანძღავს, ”ჩემი შენი” ვერ გავიგეო დასცინის, მაინც ვერ აბრაზებს...” - ახსენდება და ჩერდება. სადღაც სკამზე ჯდება. ”მაინც გიცნობ” - ჩაესმის ცოტნეს სიტყვები, ვერ იცნო... იყურება, შორს მთებია. მთები, რაჭა, ზაფხული, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, კიდევ ახსენდება:
”- რატომ გიყვარვარ? - ჰკითხა მოულოდნელად, სალომე დაიბნა, არც უფიქრია, რატომ, უბრალოდ უყვარდა და მორჩა, რა საჭირო იყო ახსნა? განა სიყვარული აიხსნება?
- ”მისთვის მიყვარხარ, რომ მაძლევ ტანჯვას და ამ ტანჯვაში სრულ სიცოცხლესა.” - გადაიკისკისა სალომემ.
- აკაკი?
- აკაკი. - დაეთანხმა, შეხედა, მართლაც, რისთვის უყვარდა? უყვარდა სიყვარულისთვის, სხვა რისთვის უყვართ ხოლმე? თუმცა სხვებს რა მნიშვნელობა აქვს? ისინი ხომ სხვებს არ ჰგვანან? - შენ? შენ რისთვის გიყვარვარ? - ახლა თავად ჰკითხა.
- სულ ვფიქრობ, ყოველთვის, რატომ შენ და არა სხვა, მაგრამ ბოლომდე ვერ მიმყავს ფიქრი, როცა წარმოგიდგენ, მაშინვე გონება მეფანტება და თითქოს ყველაფერი თავის კალაპოტში დგება, თითქოს ასეც უნდა იყოს, ეს ისეთი შეგრძნებაა, რაღაც აუხსნელი, არამიწიერი. შენი წარმოდგენა კი ყოველთვის შვების მომტანია, შენზე ფიქრიც კი იმდენად სასიამოვნოა, რომ ყველაფერს დავთმობ ამ სიამოვნებისთვის.
- მეც დამთმობ?
- შენ თუ დაგთმე, რაღა გამოვიდა? შენ ვერ დაგთმობ, რომც მოვკვდე...
- თან წამიყვან? - ხმამაღლა გაიცინა სალომემ, - ეგოისტო, სულ საკუთარ კეთილდღეობაზე როგორ ფიქრობ? - ცოტნემ უფრო მჭიდროდ მოხვია ხელები და აკოცა.”
”ახლა კი დასრულდა. რა იქნება შემდეგ? როგორ შეიძლება ყველაფრის ასე დასრულება? სადაა სამართალი... სამართალი? რა სამართალი? სიყვარული, სიყვარული სადაა? სადაა ის უზენაესი, ყოვლად ამაღლებული გრძნობა, გრძნობა, რომელიც კაცსაც და ქალსაც ერთ მთლიანობად აქცევს? სადაა სიყვარული?... არაა, არ არსებობს” - უწინდელმა ფიქრებმა მოწყვიტა მოგონებებს. იჯდა სკამზე რომელიღაც პარკში და უყურებდა, ვერ ხედავდა, რას უყურებდა, იყურებოდა შორს უმისამართოდ და ნელ-ნელა მისთვის სულერთი ხდებოდა ყველაფერი, საკუთარი თავიც კი.



- კახიმ მითხრა, - გადაეხვია ლიზა. - ეტყვის, სალომე, კახი ეტყვის ყველაფერს, უნდა იცოდეს.
- არა, - თქვა მიმქრალი, უემოციო ხმით.
- როგორ, თუ არა? არ შეიძლება, ასე არ შეიძლება, გადაირიეთ? შენც გაგიჟდი, იმ ”კრუელას” აჰყევი ხო? რა გიქნა, მოგაჯადოვა? როდის გამოშტერდი?..
- ლიზა, თავი მტკივა... - უფრო სუსტი ხმა აქვს, დაღლილის, ცხოვრებისგან, ყველაფრისგან დაცლილის.
- თავი? ტვინი გტკივა, ტვინი სალომე... - გაჩერდა, უკმაყოფილებისგან და ბრაზისგან სათქმელს ერთ ხანს თავს ვერ უყრიდა, მერე, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს მიხვდა, თვალები უცნაურად აუციმციმდა (თუმცა სახეზე არ დატყობია ეს ფარული აღფრთოვანება) და შედარებით წყნარი ხმით ჰკითხა: - აღარ გიყვარს?
- მე?.. მას არ ვუყვარვარ, - თვალებში შეხედა მეგობარს.
- მას არ ახსოვხარ, თორემ უყვარხარ, - აუხსნა.
- ნამდვილი სიყვარული არ ავიწყდებათ, რაც არ უნდა მოხდეს. არაფერი ყოფილა, გესმის? არაფერი ყოფილა ნამდვილი ამქვეყნად. ვერ გამიხსენა, ესე იგი არც ვყვარებივარ...
- ახლა ნამდვილად გადავალ ჭკუიდან, ვაიმე, დედა, ჩემთვის არ შეიძლება ამდენი ნერვიულობა, არც ამდენი ბოდვა უნდა მოისმინოს ჩემმა შვილმა, თორემ ისიც ამისავით დარტყმული იქნება, - ცალი ხელი წელზე მიიდო, მეორით სკამი გამოაჩოჩა და დაჯდა, წყალი დალია, თმა აიწია და გააგრძელა: - შენ არ ხარ ნორმალური, ერთხელ გნახა, ერთხელ, გოგო, არ გამაგიჟო, მერე გაახსენდები, ანდა სულაც ნუ გაახსენდები, ვეტყვით ასე და ასე იყო-თქო და თავიდან შეუყვარდები.
- ლიზა, თვალებში მიყურებდა, მიყურებდა, მაკვირდებოდა და ვერ მიცნო, არაფერი, სულ მცირე დეტალიც კი არ გახსენებია. ერთი კვირა გავიდა უკვე და კახის რომ ვკითხე, არაფერი უთქვამს შენზეო, ჩვეულებრივად არისო, შეუძლია ჩემ გარეშე, შეუძლია...
- იდიოტი, - ჩაიბურტყუნა ლიზამ, თავადაც ვერ გაეგო, კახის ლანძღავდა თუ ცოტნეს. - ხვალ ბათუმში მიდიან, მივდივართ, შენც წამოხვალ და იქ გაგიხსენებს.
- ანა?
- ანა არ მოდის, კახიმ უჩალიჩა, შვებულება არ მისცა უფროსმა. ცოტნეს ძალიან უნდა ზღვაზე და უარსაც ვერ ეუბნება. მე და კახის გვაყოლებს.
- არ ვიცი...
- არ მიკითხავს იცი თუ არა, ან გინდა წამოსვლა თუ არა-მეთქი, გითხარი, რომ მოდიხარ, გაემზადე!



ზღვა. ერთადერთხელ დაისვენეს ზღვაზე, რაც შეყვარებულები არიან, იყვნენ. სალომეს არ უყვარს და დიდხანს ეხვეწა ცოტნე, ბოლოს უარი ვეღარ უთხრა. ცურვას ასწავლიდა, მაგრამ ხუთ წუთზე დიდხანს არ უჩერდებოდა წყალში. არც მას აჩერებდა, როგორც კი ცოტა შორს გასულს დაინახავდა, ხელით იხმობდა, დაბრუნდიო ანიშნებდა. მერე მთელი საღამო ეჩხუბებოდა, ეგრე შორს ნუ მიდიხარო. ცოტნე სალომეს ასეთ გამოხტომებზე იცინოდა და დიდად არც აქცევდა ყურადღებას, მეორე დღეს ისევ ისე იქცეოდა. ეს ზაფხული ჩამამწარეო, სიცილით უთხრა ცოტნემ, როცა უკან ბრუნდებოდნენ. საკითხავია, ვინ ვის ჩაამწარებინა დასვენებაო, მოიბუზა სალომე. მას შემდეგ ზღვაზე წასვლის სურვილი არ გაჩენიათ, ყოველ შემთხვევაში, არც ერთს აღარ უხსენებია ზღვა.
”უნდოდა ალბათ, ჩემთან ყოფნის დროსაც უნდოდა ზღვაზე წასვლა. ჩემ გამო იკავებდა თავს, ერჩივნა, მე დამესვენა ჩემ გემოზე. სად გაქრა, ღმერთო, სად წავიდა? თუ მართლა არსებობდა, თუ მართლა ვუყვარდი, როგორ გაქრა ასე უკვალოდ? ესეც სასწაული... არ მჯეროდა და დამაჯერე. ისე არასდროს შემოუხედავს, როგორ შემომხედა, ღმერთო, როგორი თვალებით... თითქოს არაფერი ვიყავი მისთვის, იქნებ არც ვარ... არ ვახსოვარ, აღარ ახსოვს...”



- გამარჯობა, - ცოტნე ცალყბად, უხალისოდ მიესალმა. სალომეს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ცოტნეს არ უნდოდა მათთან ერთად წასულიყო. და როცა ეს გაიაზრა, რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა სალომეს გულში, თითქოს პირდაპირ მის სხეულში გაიელვა, მერე ეს დამუხტული ნაწილაკები მისი სხეულის კედლებს მიაწყდა შიგნიდან, გამოსვლას ლამობდა გარეთ, შემდეგ დაწყნარდა, დამშვიდდა და გაქრა. ეს ყველაფერი ერთ წამში მოხდა.
- გამარჯობა... - თავი დახარა. ბაქანზე იდგნენ, მატარებლით მიდიოდნენ, ცოტნეს სურვილი იყო. კახისა და ლიზას ელოდნენ. უცბად ქალის ხმა გაიგო, ცოტნეს ვიღაც ეძახდა. ხმას გაჰყვა და... ანა, ჩემოდნით ხელში.
- ცოტნე, დღეს დილით დამირეკა უფროსმა, შევცდი, გეკუთვნის შვებულებაო, ხოდა წამოსვლა გადავწყვიტე, რა თქმა უნდა, თუ წინააღმდეგი არ ხარ, - ასეთი ანა არასდროს ენახა სალომეს, თავისუფალი, ლაღი ჩანდა, იცინოდა და სწრაფად ლაპარაკობდა. - ოჰ, ეს გოგონა ვინ არის? - გაუღიმა სალომესაც და ხელი გამოუწოდა.
- ეს სალომეა, კახის და ლიზას მეგობარი. - ერთი წამით შეხედა ცოტნემ და ისევ კახის და ლიზას მოძებნა განაგრძო მგზავრებს შორის. და ისევ ის შეგრძნება, ახლა უკვე მძაფრად, თვალთაც დაუბნელდა, ისე დაიბნა, რომ ანას გამოწვდილ ხელს ვეღარ ამჩნევდა. ანა იღიმოდა და სახეში უყურებდა სალომეს.
- ჩვენთან ერთად მოდიხარ, სალომე? - ჰკითხა ანამ. როგორც იქნა, ხელი ჩამოართვა სალომემაც.
- მე... არა, ლიზა... ლიზა უნდა ვნახო, მეც მივდივარ, მაგრამ თქვენთან არა... აქ უნდა მენახა, ასე შევთანხმდით, - ლუღლუღებდა სალომე, ცივი ოფლი ასხამდა. ცოტნე დაიბნასავით სალომეს პასუხის მოსმენისას, რაღაცის თქმაც დააპირა, მაგრამ კახი და ლიზა შენიშნა და ხელი დაუქნია, აქეთ წამოდითო. ლიზა გაშრა, ფერი წაუვიდა ანას დანახვისას, ორსულობის და სიცხის ბრალიაო, დაამშვიდა ცოტნე და კახი.
- აი, ლიზა, რომ მთხოვე, მოგიტანე, - უთხრა სალომემ და პარკით რაღაც მიაწოდა.
- შენ? არ მოდიხარ? - კიდევ ერთხელ დაიბნა ლიზა და სალომეს ბარგს შეხედა.
- არა, არ ხერხდება, ისევ იქ წავალ, სადაც ვაპირებდი, მადლობა დაპატიჟებისთვის, - მეგობარს შეხედა, თვალებით გაუღიმა, - კარგი დრო გაატარეთ, - გადახედა ყველას და შებრუნდა. ”შენც” - წამოეწია ანას ხმა. ვინ იცის, მერამდენედ შეზიზღდა ყველა და ყველაფერი.



”კახის და ლიზას მეგობარი... კახის და ლიზას მეგობარი...” - თავიდან ვერ იგდებდა მის სიტყვებს. თურმე მხოლოდ კახის და ლიზას მეგობარი იყო, ცოტნემ თავისი არც ნაცნობი, არც უბნელი არ უწოდა, კახის და ლიზას მეგობარიო. მოსაცდელში სკამზე იჯდა და ფიქრობდა. ანდა, რაღა იყო საფიქრალი? რაღად უნდოდა ამ მასკარადს ფიქრი? დამთავრდა, მორჩა ისე, თითქოს არც არასდროს ყოფილა. ასე უნდა მომხდარიყო.. ეს იყო ყველაფრის ბოლო, თავიც ეს იყო... არაფერიც არ იყო და ეს არაფერი იყო ყველაფერი... თავის გასაწვალებლადაც არ ღირს, არ უნდა იფიქრო, აღარ უნდა იფიქრო, აზრი არ აქვს, ფიქრით არაფერი იცვლება, არც შეიცვლება, უფრო გაწამდები, უფრო დაგტანჯავს... ასე უნდა მომხდარიყო, სხვაგვარად ვერ იქნებოდა, სხვაგვარად წარმოუდგენელია...
ადგა, სახლში მოუნდა ყოფნა... სახლიც მის თავს ახსენებს, აქ ფიქრობდა ხოლმე მასზე, ბევრს ფიქრობდა, ოცნებობდა, გეგმავდა, უხაროდა... აღარ განმეორდება აღარაფერი... სად წავიდეს? სად გადავიდეს? წასასვლელიც არ აქვს, ვერ წავა.. იქნებ სასწავლებლად გაუშვან საზღვარგარეთ, უნდა გაარკვიოს, თორემ აქ სული ეხუთება, აქ დაიხრჩობა, შეიშლება, ამ უბანში, მასთან ასე ახლოს და თან ასე შორს... უნდა წავიდეს...
სახლში უნდოდა, თუმცა სახლამდე ვერ მიაღწია... სრულიად უცხო ქუჩებში დადიოდა, როცა დაიღლებოდა, სკვერს მოძებნიდა და ჩამოჯდებოდა. იჯდა და უყურებდა მოთამაშე ბავშვებს, მოხუცებს, მტრედებს... უყურებდა და ვერაფრს გრძნობდა, არაფერს განიცდიდა. ადრე გულს სიხარულით უვსებდა ასეთი სიტუაცია: საკუთარი ბავშვობა ახსენდებოდა, ახლა კი ყველაფერი დაკარგა ცოტნესთან ერთად, ბავშვობაც, წარსულიც, აწმყოც და მომავალსაც კარგავდა ნელ-ნელა. სტკიოდა, იმდენად სტკიოდა, რომ ვეღარაფერს გრძნობდა, ვეღარ განიცდიდა, ხმას აღარ იღებდა, სახლშიც, როცა ესაუბრებოდნენ, ეკითხებოდნენ, რაიმეს უყვებოდნენ, არ ესმოდა, ვერ ხედავდა, ვერ გრძნობდა...
სახლში ბრუნდებოდა უკვე, დაღამებულიყო. რომელიღაც ბინის ღია ფანჯრიდან სიმღერის ხმა ისმოდა, სალომე შეჩერდა და ყური მიუგდო. რატომღაც საოცრად დააინტერესა რაზე მღეროდა ასე სევდიანად რომელიღაც ქართველი მომღერალი ქალი(ვერ გაარჩია ხმაზე ვინ იყო, თან წესიერად არც იცნობდა თანამედროვე ქართველ მომღერლებს) და ფრაზას მოჰკრა ყური, ფრაზას, რომელიც აეკვიატა და მერეც, მომავალშიც თავისდაუნებურადაც ბევრჯერ გახსენებია:
რისთვის მინდოდა უშენოდ ამ ქვეყანაზე გაჩენა?
ვაი, რა ძნელი ყოფილა ფიქრებთან მარტო დარჩენა...

- დედი, რა გჭირს? - ჰკითხა საღამოს აბაზანიდან გამოსულ შვილს მაიამ.
- არაფერი, დე...
- სალომე, შეიცვალე... ვიცი, ცოტნეზე დარდობ. გაახსენდები, დრო უნდა, აი, ნახავ თუ არ გაახსენდები. მერე გაგეცინება, რა სულელი ვიყავი, რაზე ვიშლიდი ნერვებსო... - ამშვიდებდა და გულში იკრავდა. შვილის სველი თმიდან ჩამოსული წვეთები კაბას უსველებდა, წყლის წვეთებს სალომეს ცრემლებიც შეერია. პირველად ატირდა, ამდენი ხნის მერე პირველად წამოუვიდა ცრემლი, ახლა ვეღარ გაჩერდებოდა, იტირებდა მანამ, სანამ არ დაიღლებოდა, სანამ, ცრემლი არ გაუშრებოდა. - ჩემო გოგო, ჩემო საყვარელო.. - ეალერსებოდა მაია და მასთან ერთად ტიროდა.



- მაგისტრატურის გაგრძელება თქვენ გსურთ საზღვარგარეთ? - კაბინეტიდან შუახნის ქალი გამოვიდა და სალომეს შეხედა.
- დიახ, - წამოდგა სალომე.
- შემოდი. - შევიდა, დაჯდა. - აი, ეს შეავსეთ, - ორი ფურცელი გაუწოდა. სალომემ შეავსო განაცხადი და უხმოდ დატოვა კაბინეტი, კართან ქალის ხმა დაეწია: ”პასუხი ორ კვირაში იქნება, მეილზე მოგივათო”.
წავა და დაივიწყებს, დაავიწყდება. აბა, როგორ? ისე როგორ იქნება, რომ არ დაავიწყდეს? მას ხომ აღარ ახსოვს? სალომესაც არ ემახსოვრება... ვერ დაივიწყებს...



- სად მიდიხარ? - ლამის იკივლა ლიზამ.
- შენთვის ეგეთები აღარ შეიძლება, იმხელაზე ხარ გაბერილი, გასკდები.. - გაუცინა სალომემ. ცდილობდა უდარდელი და მშვიდი ყოფილიყო. ცდილობდა...
- არა რა, სულ გაგიჟდი... რა გინდა საფრანგეთში? რა დროს საფრანგეთია? ვინ მიდის საფრანგეთში?
- რა სასაცილო ხარ, ლიზა... რას ჰქვია, ვინ მიდის, ან ვის ვუყურებ მე? სწავლის გასაგრძელებლად მივდივარ.
- შენ ხომ ეგეთები არ გაინტერესებდა? როდიდან გახდი ეგეთი? - ტუჩები მოპრუწა, აათვალიერა და დაუმატა: - ეგეთი სხვანაირი?
- რავიცი, დღეიდან. - გაიღიმა სევდიანად.
- ფრენის რომ გეშინია? სიმაღლის ხომ გეშინია? - ცდილობს რაღაც დაუმტკიცოს მეგობარს, რა თავადაც არ იცის.
- გავუძლებ როგორმე, გული არ გამისკდება შიშისგან.
- რამდენი ხნით მიდიხარ? - საუბარში კახიც ჩაერთო.
- ერთწლიანია, მაგრამ თუ მოვინდომებ, დარჩენა შემიძლია, ჩემი ხარჯებით, რა თქმა უნდა.
- არ მოინდომებ, - ლიზას ისეთი სახე აქვს, სადაცაა იტირებს.
- არ ვიცი, ვნახოთ, - სალომე წამოდგა, ლანგარი აიღო და სამზარეულოში გავიდა. მალევე გამობრუნდა, მაგრამ სასტუმრო ოთახის კართან შეჩერდა, კახის და ლიზას საუბარს მოჰკრა ყური, მოუსმინა:
- შენი ბრალია, უნდა გვეთქვა, აქამდეც უნდა გვეთქვა, აღარ წავიდოდა. იმედი აღარ აქვს და ამიტომ მიდის. შენ არ გამიშვი, თორემ აქამდე მოვაგვარებდი ამ საქმეს.. - ხმადაბლა უჯავრდებოდა ლიზა ქმარს, თან მუცელზე ხელს იჭერდა, ალბათ ზედმეტად იყო აღელვებული.
- ხო, შენ ხომ ჭკუის კოლოფი ხარ... რა უნდა მეთქვა? რა? იცი, ძმა, შეყვარებული გყავს, რომელიც შენს ძვირფას დედიკოს არ მოსწონს და გიმალავს, იმ გოგოს კი ისე უყვარხარ, ჭკუიდან შეიშალოს ლამისაა-თქო? ეს მეთქვა? როგორი სათქმელია? ძლივს გამოვიდა მდგომარეობიდან და თავიდან ამერია თავგზა? აღარ ახსოვს, არც უჭირს სალომეს გარეშე და რატომ ავატკიო თავი?
- აჰ, თავი აატკიო არა? და მას? სალომეზე არ ფიქრობ? რატომ არ წარმოიდგენ მის ადგილას თავს? ასე ხართ კაცები, ეგოისტები, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობთ, მე თუ მკითხავ არცაა ცოტნე სალომეს ღირსი, მაგრამ ესაა შტერი, იკლავს თავს იმ ბიჭისთვის, ეს მეცოდება...
- იცი რა თქვა ცოტნემ, რომ ვკითხე ხომ მაგარი გოგოა-თქო სალომეზე? - ლიზამ თვალებში შეხედა კახის, სალომე დაიძაბა, - იქ პირველად რომ ნახა, დილით რა, პარკში, რომ ვერ იცნო... სალომე რომ წავიდა, ვკითხე, ხომ მაგარი გოგოა-მეთქი და არის რაო, ასე მიპასუხა. სალომე რომ გავიცანით, იგივე გვკითხა ლუკამ, ცოტნემ უთხრა ლამაზი ბავშვიაო... ახლა გესმის? მაშინ მივხვდი, რომ აღარ, აზრი აღარ ჰქონდა აღარაფერს... დამთავრდა, სხვანაირი ცოტნეა. მეც ვამჩნევ, ადრე თუ რაღაცას სხვანაირად გააკეთებდა, დღეს სულ სხვანაირად აკეთებს, რაღაცნაირად სხვანაირია. ისეთი აღარაა და აღარც იქნება, ვხედავ, ვგრძნობ. ეჰ, ვერ გაიგებ... - ხელი ჩაიქნია კახიმ, მერე კი სხვათაშორის დაუმატა, - იქნებ სჯობს კიდეც, სამუდამოდ წავიდეს სალომე...



პარასკევს, საღამოს ლიზა გავიდა სალომესთან, მასთან რჩებოდა, შაბათ ღამე მიფრინავდა პარიზში და გამოვემშვიდობებიო.
- მოდი, დავლიოთ - შესთავაზა ლიზამ.
- შენთვის, რომ არ შეიძლება? - გაბერილ მუცელზე შეხედა სალომემ.
- ერთი ჭიქა არაფერს მიზამს, აბა, გზა არ დაგილოცო? - მარტო იყვნენ სახლში. სალომეს მშობლები სოფელში იყვნენ და შაბათ დილით დავბრუნდებითო დაიბარეს.
- კარგი, თითო ჭიქა დავლიოთ, - აჰყვა დაქალს.
- ღვინო არ მინდა, მწყენს.
- არაყი აქვს მამას სადღაც.
- არაყი მაგარია, - თავი გადააქნია ლიზამ.
- აბა შამპანიური არ მაქვს და...
- ლიქიორი, სალ, ლიქიორი მინდა.
- არც ლიქიორი მაქვს, ჩავალ მაღაზიაში, ჰქონდეთ იქნებ.
- რამე ტკბილი წამოაყოლე, შოკოლადი რაა.. - დაადევნა ლიზამ კარებთან.
მაღაზიიდან გამოდიოდა უკვე, ვიღაცას რომ დაეჯახა. ბოდიშის მოხდას აპირებდა, ნაცნობ სილუეტს რომ მოჰკრა თვალი. ხმა ვეღარ ამოიღო. ”ცოტნე”, გაუელვა გონებაში.
- გამარჯობა, როგორ ხარ? - ცოტნემ უბრალო ნაცნობივით მოიკითხა.
- კარგად, თქვენ? - სულ დაიბნა, აირია, - ბოდიში, შემთხვევით...
- არაფერია, ნახვამდის. - მაღაზიაში შევიდა და კარს ხელი გაუშვა. ”ცოტა დიდი ცხვირი რომ მქონდეს, პირდაპირ ცხვირში მომხვდებოდა”, გაიფიქრა, როდესაც მაღაზიის კარი მოიხურა და სულ რამდენიმე მილიმეტრით შორდებოდა სალომეს სახეს.
იქვე პარკში, სკამზე დაჯდა. ლიქიორის ბოთლი გახსნა. სვამდა და ფიქრობდა, ათასჯერ ნაფიქრს, ნათქვამს იმეორებდა. გამაბრუებელი სითხე სიამოვნებდა და სხეულიც უფრო და უფრო სთხოვდა. თითქოს მთელ დარდს, ნაღველს ლიქიორის მოტკბო სითხე იწოვდა და სალომე უკეთ გრძნობდა თავს. ახსოვს, რომ რაღაცაზე გულიანად იცინოდა, ხმამაღლა, მერე ტიროდა, ბოლო ისევ იცინოდა. მეტი არაფერი ახსოვს...



წყლის ცივმა წვეთებმა გააღვიძეს დილით. თვალების გახელა უჭირდა, საფეთქლები, შუბლი, ყველაფერი სტკიოდა. მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა, პირი გამომშრალი.
- შენები მოდიან, სააბაზანოში შედი, მოწესრიგდი, - ლიზას ცივი ხმა შეეგება. წამოდგა, თავბრუ დაეხვა, ერთხანს იჯდა საწოლზე, მერე ლასლასით შევიდა აბაზანაში. ლიზასთვის არაფერი უთქვამს, გაბრაზებული იყო, როგორც ჩანდა და ამ დროს უნდა გაერიდო.
ცივმა წყალმა გამოაფხიზლა, მაგრამ როცა სარკეში ჩაიხედა, საკუთარი გამოსახულების შეეშინდა: თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, თვალის უპეები კი საშინლად დასიებოდა. კიდევ შეისხა წყალი, არ უშველა. გამოვიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა და სამზარეულოში შევიდა ლიზასთან.
- რა მოხდა? - ჰკითხა წყნარად, თან წინასწარ იცოდა, უნდა შერცხვენოდა თავისი გუშინდელი საქციელის, ამიტომ, სანამ პასუხს მოისმენდა, მანამდე გაწითლდა.
- კაი დროს კი სვამ მაგ კითხვას, - მშვიდად უპასუხა ლიზამაც.
- ყველაფერი მტკივა, თუ მოსაყოლი არაა, ნუ მომიყვები.
- არაფერი გახსოვს? - დაეჭვებით გამოხედა ლიზამ.
- დავლიე ლიქიორი და ვიცინოდი რაღაცაზე, რაზე არ მახსოვს, - მეტი ნამდვილად აღარ ახსოვდა.
- ტიროდი და კახის ეუბნებოდი აღარ ვახსოვარო, ცოტნეც იქ იდგა. - უფრო ხმადაბლა უთხრა ლიზამ.
- მერე? ცოტნე... მიხვდა?
- არა, კახიმ უთხრა, შეყვარებულს დაშორდაო და იმას განიცდისო, ცოტნესაც აღარაფერი უკითხავს.
- მეტი ხომ არაფერი მითქვამს? – ”შეყვარებულს დავშორდი, ხო, აბა, სულ ჩემი ნებით არ დავშორდი?!”, ფიქრობდა და იღიმოდა.
- არა, ისეთი არაფერი, ტიროდი ძირითადად.
- მე კი მხოლოდ ის მახსოვს, რომ რაღაცაზე ძველებურად ვიცინოდი, - საძინებელში გავიდა.



ორი დღის ჩასული იყო საფრანგეთში, ლიზამ რომ იმშობიარა. გოგო დაიბადაო ახარა, სანამ შენ არ ჩამოხვალ, არ მოვნათლავ, შენ უნდა იყო ჩემი შვილის ერთადერთი ნათლიაო. საფრანგეთმა იმოქმედა სალომეზე, შეცვალა, რაღაცნაირი გახადა, სხვანაირი. არც კი იცოდა, ასეთად ყოფნაც თუ შეეძლო. სწავლას და მუშაობას მიჰქონდა მთელი დღე, საღამოს გადაღლილი ბრუნდებოდა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში და ფიქრის დროც აღარ რჩებოდა თითქოს, მაგრამ დღე არ გავიდოდა ცოტნე არ გახსენებოდა. შეიძლება არ ეფიქრა მასზე, მაგრამ აუცილებლად გაახსენდებოდა. ისიც კარგად იცოდა, საკმარისი იყო, ერთხელ მოეკრა თვალი და ყველა გრძნობა მისადმი განცდილი თავიდან აიშლებოდა.



საშობაო არდადეგებისთვის მოგროვებული თანხა იმდენი ჰქონდა, რომ ბილეთის საყიდლად ეყოფოდა. თბილისში არ დაურეკავს, ისე ჩავიდა. ჯერ მშობლები გადარია, მერე კახის და ლიზას მიადგა. კარი ლიზამ გაუღო. დაინახა თუ არა, წივილს მოჰყვა, სალომე იცინოდა და თან ცდილობდა გაეჩუმებინა. ლიზა კი დერეფანში დარბოდა და წიოდა.
- გაჩერდი და მნახე წესიერად, - კვდებოდა სიცილით სალომე,
- არ მჯერა, არ მჯერა, ჩამოხვედი, რატომ არ დარეკე. - როგორც იქნა დაწყნარდა, გადაეხვია და კარგა ხანი არ გაუშვებდა ხელს, კახი რომ არა.
- მეც მანახეთ ეს გოგო, - ლიზა გვერდზე გაწია. გადაეხვია, მერე ხელი მოკიდა, ყურში უჩურჩულა: აბა შენ იციო და სასტუმრო ოთახში შეუძღვა, სადაც ცოტნე დახვდა ქერა გოგოსთან ერთად. ვერ მიხვდა, რა იგრძნო, ეს არც იმედგაცრუებას ჰგავდა, არც ტკივილს, რაღაც ორივეც იყო და ორივეზე მეტიც. ცოტნეს შეხედა თვალებში. არადა არაფერი შეცვლილიყო, არც მის გამოხედვებში, არც მანერებში, მაგრამ მაინც, ეს აღარ იყო სალომეს ცოტნე, ეს სხვა ცოტნე იყო და უკვე სხვისიც.
მიესალმა, ქერა გაიცნო, მეგი ერქვა. ლიზას გვერდით იჯდა მაგიდასთან, ელაპარაკებოდა, ცდილობდა ყურადღება არ მიექცია მათთვის, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.
- რაზე სწავლობთ? - მოულოდნელად შეეკითხა ცოტნე.
- მე? - დაიბნა სალომე, - ევროპისმცოდნეობაზე. - გაახსენდა, როგორ უწუნებდა ამ პროფესიას, ფრენა შენ არ გიყვარს და ისე ვის რად უნდა ევროპისმცოდნე, ევროპა თუ არ ჰქონდა ნანახიო, ეუბნებოდა. გაახსენდა და გაიღიმა.
- საინტერესო სპეციალობაა, - უთხრა ცოტნემ.
- მადლობა, ნამდვილად საინტერესოა, თუმცა აქ განვითარებული არაა იმდენად, საქართველოში არავის სჭირდება ევროპის სპეციალისტი, აი საფრანგეთში კი, იქ ყველაფერი სხვანაირადაა, საერთოდ ასეთ სპეციალობებს იქ მეტი ყურადღება ექცევა.
- მოიცა, შენ რა იქ დარჩენას აპირებ? - მეგობრის აზრები წაიკითხა ლიზამ.
- მინდა, დაფინანსება თუ შევინარჩუნე, დავრჩები.
- კი, მაგრამ, ხომ დამპირდი? ერთი წლის შემდეგ ჩამოვალო, ხომ თქვი?
- ლიზა, ხომ არ გადამიწყვეტია ჯერ? ვნახოთ, შეიძლება ჩამოვიდე კიდეც. - დაამშვიდა მეგობარი.

შინ დაღლილი დაბრუნდა. ისე არ მოხდა, როგორც ელოდა. სრულიად სხვა რამ იგრძნო ცოტნეს დანახვისას და სრულიად სხვა განცდებს მოელოდა. ახლა თითქოს აღარც ახსოვდა, რას განიცდიდა, როცა გაიგო, მიხვდა, რომ არ ახსოვდა და არც გაახსენდებოდა. მხოლოდ ის გრძნობები ვერ წაეშალა მეხსიერებიდან, რომლებსაც ოთხი წლის მანძილზე ცოტნეს ყოველი დანახვისას გრძნობდა. მეხსიერებიდან და არა გულიდან, გულში რა იყო, თავადაც არ იცოდა და არც ეძებდა, რადგან ეშინოდა, ეშინოდა იმის ამოთხრის, რაც თვითონვე ჩაფლა.
ნათლისღებას ელენე მონათლა, კიდევ ერთხელ ნახა ცოტნე, რა თქმა უნდა, ქერასთან ერთად. ქერაზე არც ფიქრობდა, უფრო სწორედ არ უნდოდა ეფიქრა, თორემ ფიქრებით მოუსვლელში გაუშვებდა და ებრალებოდა, განა რა დააშავაო, ამბობდა გულში, მან ხომ არაფერი იცისო, თანაც ცოტნე აღარ იყო მისი, სხვისი იყო, ვიღაცის...


- ქართველი ხართ? - თავზე ვიღაც ბიჭი წამოსდგომოდა და გაცისკროვნებული თვალებით უყურებდა.
- დიახ, თქვენც? - გამოერკვა უცებ. გულწრფელად გაუხარდა თავისიანის დანახვა, მშობლიური ენის გაგება. ეს სემესტრი ისე ჩაათავა, რომ ერთი ქართველი არ უნახავს. როგორ კარგადაც არ უნდა მოეწყო უცხო ქვეყანაში, როგორ მშვიდადაც და უზრუნველადაც არ უნდა გრძნობდე თავს, შენიანის, შენი თატომელის დანახვა მაინც უსაზღვრო სიხარულით გივსებს გულს, გახსენებს რაღაც ახლოს, ტკბილს.
- აქ სწავლობთ? - უნივერსიტეტზე ანიშნა ბიჭმა. ქერა იყო, ცისფერთვალება, მაღალი და საოცრად გამხდარი. სალომემ ისიც კი გაიფიქრა, რაიმე დაავადება ხომ არ სჭირსო, თვალები ამოშავებოდა და მისი ნორმალური ცხვირი, ამ აუზრო სიგამხდრის გამო, საკმაოდ დიდი ჩანდა.
- დიახ. სალომე... - ხელი გაუწოდა.
- გიგა. - ჩამოართვა ხელი, - სტუდენტთა საერთოში ცხოვრობთ ალბათ.
- დიახ, თქვენ? თქვენც სასწავლებლად ხართ? - დაინტერესდა სალომე.
- არა, ოჯახური ბიზნესის გამო, ამ დღეებში ვბრუნდები თბილისში, მაგრამ მომიწევს თვის ბოლოს ჩამოსვლა. აქაური ქართველებიდან იცნობთ ვინმეს?
- არა, უნივერსიტეტში არ არიან და ისეც არ შემხვედრია არავინ, თქვენ პირველი ხართ, - გაიცინა სალომემ.
- ჩემთვის სასიამოვნოა, - გაეცინა გიგასაც, - მაშ, ნება მომეცით, რამდენიმე მათგანი გაგაცნოთ. დამიჯერეთ, დაგჭირდებათ, როცა ქართულად საუბარი მოგინდებათ მათთან მიხვალთ და ისინიც უპრობლემოდ დაგეხმარებიან.
- ხო, ეგ ნამდვილად მჭირდება ხოლმე... - წამოდგა სალომე.
- გეთანხმებით, თქვენ თავს აღარ დაელაპარაკებით ქართულად მერე, - შეხედა გიგამ.
- ვერ მოვიშალე ეს ჩვევა, როცა ყველაფერი ცუდადაა, საკუთარ თავს ველაპარაკები ხმამაღლა. თავიდან იმიტომ ვაკეთებდი, რომ მეშინოდა, ქართული არ დამავიწყდეს, ან უაზრო აქცენტი არ ამყვეს-მეთქი, მერე კი ჩვევაში გადამივიდა.
- და რა არის ცუდად?
- ფრანგული ენის გამოცდა მაქვს, ვნერვიულობ.
- როდესაც ნერვიულობთ, ასეთი სიტყვებით ილანძღებით ხოლმე? - სალომეს შერცხვა, გრძნობდა, გაწითლდებოდა და უფრო რცხვენოდა მომავალი სიწითლის გამო.
- არ ვიცოდი, თუ გესმოდათ... – ”ეს რა ვთქვი, ესე იგი, შენ რომ არა, ასე გავილანძღებოდი მაინც-თქო, რა სულელი ვარ...”
- მე ვერაფრით დაგეხმარებით?
- უკაცრავად? - ვერ მიუხვდა.
- ფრანგულის გამოცდისთვის, ვერ დაგეხმარებით?
- თქვენ? არ ვიცი, ვშიშობ, ვერა.
- სამწუხაროა, მადამ, - გაუცინა გიგამ. სალომესაც გაეცინა.

გიგას ქართველი ნაცნობები საკმაოდ უცნაურები იყვნენ. სალომეს ქუჩაში რომ დაენახა, ან სადმე შეხვედროდა, ვერც მიხვდებოდა, რომ ქართველები იყვნენ. ხომ არის ხოლმე, შენი ქვეყნის (ან, საერთოს, რომელიმე ქვეყნის) წარმომადგენელს დანახვისთანავე რომ ამოიცნობ? რაღაც რომ აქვს ისეთი, ან ჩაცმულობა, ან გარეგნობა, სულაც რომელიმე მანერა (სიარულის, საუბრის...), ისეთი, რომ იტყვი, ეს ქართველიაო. მათ არაფერი, ერთი დეტალიც კი არ ჰქონდათ ასეთი. სალომემ იფიქრა ალბათ დიდი ხანია, რაც სამშობლოსგან შორს ცხოვრობენო და ამის ბრალი იქნება მათი ”გადაჯიშებაო”. თუმცა ზოგი ისეთია, სხვა ქვეყანაში კი არა, საქართველოშიც არ ეტყობა, რომ ქართველია.
გიგას ნაცნობთა წრეს შეადგენდა: გიორგი, იქაური ჟორჟი, მაღალი, წითური, ძვალმსხვილი ბიჭი. კეპკა ეხურა თავზე და გრძელი თმა უცნაურად ამოსჩეჩვოდა შუბლთან. დამტვრეული ქართულით ლაპარაკობდა და ფრანგულის გავლენით ხშირად იყენებდა ”ღ” თანხმოვანს. ნიკა, რომელიც ახლა ნიკი გამხდარიყო, სუფთათ საუბრობდა ქართულად, მაგრამ ფრანგული უჭირდა თურმე. ახალი ჩამოსული იყო საქართველოდან, ზედმეტად თავისუფალი, დამოუკიდებელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. თათია, რომელსაც ფრანგი მეგობრები თინად მოიხსენიებდნენ რატომღაც და მის სახელს სასაცილოდაც წარმოთქვამდნენ, ”თ”-ს მაგივრად ”ტ”-ს ამბობდნენ და ”ტინა” აქცენტით, სასაცილოდ ჟღერდა. როგორც შემდეგ გაარკვია თინა და ნიკა ერთად იყვნენ, პარიზის გარეუბანში ცხოვრობდნენ დაგირავებულ სახლში, საკუთარი ბიზნესი ჰქონდათ, ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციით იყვნენ დაკავებულები, რესტორანს ვერ დაარქმევდი, ვერც კაფეს, უფრო სასადილოს ჰგავდა (აქ მიიყვანა მეგობრების გასაცნობად გიგამ). ქართულ კერძებს ნიკა და გიორგი ამზადებდნენ, რამდენიმე ფრანგიც ჰყავდათ სამზარეულოში და მათაც ასწავლიდნენ ხაჭაპურის და ხინკლის გაკეთებას. სალომე იმ ფაქტმა ნამდვილად გააოცა, ხინკალსაც რომ სთავაზობდნენ ფრანგებს, მერე აღმოაჩინა, რომ ეს კერძი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ფრანგ მოსახლეობაში, მოსულ კლიენტთა ნახევარი მაინც უკვეთდა ხინკალს. რამდენჯერმე გადახედა და დააკვირდა, თუ როგორ ჭამდნენ უცხოელები ქართულ საფირმო კერძს და სიცილი ძლივს შეიკავა, რა თქმა უნდა, იყვნენ, უკვე დაოსტატებული ფრანგებიც, მაგრამ უმრავლესობას ვერ გაერკვია, როგორ მოეხერხებინა უცნაური საჭმლის დაგემოვნება. ”ამას რესტორანი კი არა, სახინკლე უნდა ერქვას”, გაიფიქრა სალომემ.
- ახალი ჩამოსული ხართ საფრანგეთში? - ჰკითხა თინამ, თან ხინკლით სავსე ლანგარი მაგიდაზე დადო.
- ექვს თვეზე მეტია, სასწავლებლად ვარ, წლის ბოლოს წავალ ალბათ, - ხინკალი გადაიღო და იგრძნო, როგორ მონატრებოდა საქართველო, ქართული საჭმელი, თბილისი, მშობლები, ლიზა და კახი... ფიქრი აღარ გააგრძელა.
- შეგიძლიათ გვესტუმროთ ხოლმე, მთელი დღე აქ ვართ, გვიანობამდე. – ”რაღაც არის ამ გოგოში პოზიტიური”, დაასკვნა.
- მადლობა, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოვახერხებ, თუ გზა გავიხსენე, გეწვევით. - დაპირდა.
- მე მოგიყვან ხოლმე, - შეხედა გიგამ.
- მადლობა, - რაღაც არ მოსწონს ეს ყველაფერი. - ახლა უნდა წავიდე, სამეცადინო მაქვს, გამიხარდა თქვენი გაცნობა, გესტუმრებით აუცილებლად. - წამოდგა, ჩანთა აიღო და გიგას გადახედა.
- მე წაგიყვან, - წამოდგა გიგაც.
- სალომე, მოიცადე, - თინა სამზარეულოში გავიდა. ცოტა ხანში ფურცლით დაბრუნდა, - ეს ჩვენი მისამართია, გამიხარდება, თუ გამოგვივლი, როცა მოიცლი. - გაუღიმა თინამ.
- აუცილებლად, დიდი მადლობა, ბიჭებს დაემშვიდობე, - გამოართვა ფურცელი და შარვლის ჯიბეში ჩაიდო.


- კარგი ხალხი ჩანს, - წამოიწყო გზაში.
- კი, შემთხვევით გავიცანი. ერთხელ საქმეების გამო, დიდხანს მომიწია აქეთ დარჩენა, ხინკალი მომენატრა, უცებ ისე მომინდა მეჭამა, რომ ავდექი და დავგუგლე, ქართული რესტორანი პარიზში-მეთქი, რამდენიმე ადგილი ამომიგდო, ერთი ქალაქის ცენტრში, იქ არ ვყოფილვარ. ორგან ვიყავი, გარეუბნებში და არც ერთგან არ ჰქონდათ ხინკალი, მერე აქ მოვედი. საქართველოში გაკეთებულს არ ჰგავს, მაგრამ იჭმევა, - გამოხედა სალომეს.
- მე მომეწონა.
- მერე ხშირად მოვდიოდი აქ, ყოველ ჩამოსვლაზე და ნელ-ნელა გავიცანი თინა და გიორგი, ნიკა ერთი წელია, რაც ჩამოვიდა. ახლა სახლი უყიდიათ, აქამდე ხან სად ცხოვრობდნენ და ხან სად.
- როდის მიდიხარ? - ჰკითხა და თითქოს რაღაც მძიმე ჩაარტყეს თავშიო, რა მისი საქმეა? რა ეკითხება? თან რა ადვილად გაუშინაურდა, შენობითაც რომ ელაპარაკება.
- ზეგ... ერთ თვეში ჩამოვალ ისევ, - კვლავ გადმოხედა, ალბათ სალომეს რეაქცია აინტერესებდა.
- რა ბიზნესი გაქვთ? – ”მართალია ცოტა ზედმეტი მომდის, მაგრამ თქვენობით ხომ ველაპარაკები?!”, ფიქრობდა.
- ღვინის, აქ ვყიდით ქართულ ღვინოს. ოჯახური ბიზნესია, ვენახები ქართლში გვაქვს, კახეთი კი სჯობდა, მაგრამ მამაჩემს მშობლიურ მიწაზე მოყვანილი მოსავალი ურჩევნია, ქვემო ქართლიდანაა. მე მაქვს კახეთში მიწის ნაკვეთი, თუმცა იმხელა არა, იქ მოსული მოსავალი, სადმე რომ გავიტანო გასაყიდად, ის ოჯახისთვისაა მხოლოდ. იქნებ დაგპატიჟოთ კიდეც და გაგასინჯოთ საკუთარი ღვინო...
- სიამოვნებით მივიღებ თქვენს პატიჟს, - ხმამაღლა გაიცინა სალომემ, მაგრამ როგორც კი გიგას სერიოზულ სახეს მოჰკრა თვალი გაჩერდა. ეს ჩვევა იყო, როცა ასე მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბრობდა ცოტნესთან, ყოველთვის ხუმრობდა, ისიც მხარს აუბამდა ხოლმე. ”რომეო და ჯულიეტას” კითხულობდნენ ხშირად, თამაშობდნენ, ერთობოდნენ, როლებში ისე შეიჭრებოდნენ ხოლმე, რომ შექსპირის იქითაც, რეალობაშიც შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი წინადადებებით ლაპარაკობდნენ: ”დიახ, ჩემო ბატონო... გეწვევით უსათუოდ... ოჰ, რას ბრძნებთ, ჩემო სიყვარულო... ” ახლა კი ძველმა ჩვევამ იჩინა თავი, როცა უთხრა: ” თქვენს პატიჟსო”, იმიტომაც გაიცინა ასე გულიანად, მაგრამ გიგასთვის ეს სრულიად ბუნებრივი ფრაზა იყო, როგორც ჩანდა.
- უკაცრავად, რაღაც გამახსენდა, - სცადა დაძაბულობის განმუხტვა.
- სალომე, ხვალ შეიძლება გნახოთ? - ჰკითხა მანქანიდან გადასვლისას.
- ხვალ? გამოცდის მერე მოვახერხებ ალბათ, 2 საათის მერე თუ შეძლებთ, სიამოვნებით შეგხვდებით.
- დიახ, შეხვედრამდე, - გაუღიმა გიგამ.


- სალ, ლუკას ცოლი მოყავს, - ახარა ლიზამ.
- მართლა? ვინ?
- არ ვიცი, უცხოა, არ ვიცნობთ. იქით კვირაშია ქორწილი, მოსაწვევი გამომიგზავნა, მაია დეიდამაც დამირეკა დღეს, შენც დაუპატიჟებიხარ.
- მე? არ ვიცი, ვერ მოვახერხებ ალბათ.
- არ გამაგიჟო, ჩამოხვალ აუცილებლად, მომწყინდა შენთან ტელეფონით ლაპარაკი, მომენატრე. ფულს გამოგიგზავნი, მაქვს რაღაც შეგროვებული და ჩამოდი...
- ფული მაქვს, ლიზა, მაგრამ გამოცდებია, ზუსტად არ ვიცი, როდის დამთავრდება.
- სალომე, ჩამოხვალ, მორჩა, აღარაფერი თქვა. ქორწილი შაბათსაა, 13 აპრილს. – ”13 აპრილი, 13 აპრილი... ზარივით გაიჟღერა ამ თარიღმა, 13 აპრილს შეხვდა, 13 აპრილს გაიცნო, 13 აპრილს ნახა პირველად. 13... 13... ცა მეტი... თარსი რიცხვი... 13 აპრილი... ლუკას ქორწილი... შაბათი... 13 აპრილი... ცოტნე...”
ტელეფონი გათიშა. აბაზანაში შევიდა, სწრაფად გაიხადა და წყლის ქვეშ დადგა. თავი უკან გადასწია, ისე, რომ თბილი წყლის წვეთები პირდაპირ სახეზე ეცემოდა. არ ახსოვს, რამდენ ხანს იდგა ასე, მხოლოდ მაშინ გამოერკვა სიმლაშე, რომ იგრძნო: წყალთან ერთად ცრემლიც უსველებდა სახეს...


დაეთხოვა, ახსნა-განმარტებითი წერილი დაწერა და მძიმე ავადმყოფი მშობლის მოსანახულებლად გაშვება ითხოვა. გამოცდა გადაუვადეს.
თბილისში დილით, 6 საათზე ჩავიდა. აეროპორტში დახვდა ყველა: დედამისი, მამამისი, ლიზა, კახი, თვეების ელენე, დეიდა და დეიდაშვილი, მოკლედ ყველა ახლობელი ადამიანი. მოეხვივნენ, მოეფერნენ, გამოჰკითხეს პარიზის ამბები, მოუყვნენ თბილისას, მთელი გზა ენას არ აჩერებდნენ და ერთმანეთს ასწრებდნენ ახალი ამბის თქმას, ძველის გახსენებას.
როგორც იქნა განმარტოვდა, დაიღალა, მგზავრობამ მოთენთა. სიმაღლის ახლაც ეშინია, ამიტომ თვითმფრინავში თვალს ვერ ხუჭავს, დაძაბული ზის, თუ ფანჯარასთან ახლოს უწევს დაჯდომა, ცდილობს ისეთი მგზავრი მონახოს, ვისაც ადგილს გაუცვლის (ეს არც თუ ისე ძნელია, ბევრს უყვარს ფანჯრიდან ყურება ფრენის დროს, რატომღაც), თუ არადა თავი ფანჯრისგან საპირისპირო მხარეს აქვს გადმობრუნებული და მგზავრებს ათვალიერებს. ვერ მოერია, ვერ დაძლია სიმაღლის შიში.
კარზე დააკაკუნეს, გაუკვირდა, როდიდან მიკაკუნებენ კარზეო, მივიდა და გააღო. მაია იდგა, თბილად უღიმოდა შვილს.
- დედი, რა მორიდებულად დგახარ, შემოდი, - გაეცინა სალომეს.
- იქნებ პარიზში სხვანაირ ცხოვრებას მიეჩვია-თქო...
- რა ხდება, დედა? არ მიცნობდე მაინც, ჩემ გამო ხომ არ გეშინია? - გამომცდელად შეხედა საკუთარ დედას.
- არა, შვილო, რომ მეშინოდეს, აქამდე გეტყოდი, მაგრამ...
- რა მაგრამ?.. რაღაცის თქმა გინდა, ვატყობ, მითხარი, რისი გერიდება?
- არ მერიდება, უბრალოდ, ვყოყმანობ, გჭირდება თუ არა ამის თქმა, ამის დარიგება...
- რახან ყოყმანობ, ესე იგი ფიქრობ, რომ მჭირდება, თქვი.
- ვინმე ხომ არ გაიჩინა-თქო პარიზში ვფიქრობდი, იქნებ იქაური მოგეწონოს ვინმე და... - ასეთი დედამისი ჯერ არ ენახა სალომეს, ყოველ შემთხვევაში შვილთან: მის საწოლზე ჩამომჯდარიყო, თავი ძირს დაეხარა, შვილს არ უყურებდა, ლოყები გასწითლებოდა, თვალებს უხერხულობისგან აცეცებდა...
- ჰაჰაჰა, - ხმამაღლა და გულიანად გაიცინა სალომემ, - აი, თურმე რაშია საქმე, დედა, შენ რა გითხარი, მეც არ ვიფიქრე... ჰაჰაჰა, რას არ იტყვი ხოლმე.
- რატომ? არ შეიძლება ფრანგი ბიჭი მოგწონებოდა? ჰოდა მეც ვიფიქრე...
- დედა, ნუ ნერვიულობ, არ დავრჩები იქ, ჩამოვალ, გპირდები, - ჩაიმუხლა და თავი კალთაში ჩაუდო. მაიამ თმაზე ხელი გადაუსვა, მერე კი მოულოდნელად ჰკითხა:
- აბა, აქ ჩამომიყვან ფრანგ სიძეს? - სალომეს კიდევ ერთხელ გაეცინა.
- არა, დედა, რა სისულელეა, თან საერთოდაც არ მომეწონა ფრანგი კაცები.
- შენ? შენ როგორ ხარ?
- როგორ უნდა ვიყო? ვერ მხედავ როგორცა ვარ? წონაშიც მოვიმატე და კარგი ფერიც მადევს,- თავი ასწია და სახეში შეხედა დედამისს.
- მაგას ვხედავ, ისე როგორ ხარ? კიდე გახსენდება ხოლმე?
- იშვიათად, - იცრუა.
- კარგია. ასე ჯობია. იცი, ცოლი მოიყვანა... - ცდილობდა უდარდელად ეთქვა, არ გამოუვიდა, ხმა აუკანკალდა. შვილს შეხედა, სალომეს ფერი დაეკარგა, წამში გამოიცვალა, თვალები ცრემლით აევსო, ქვედა ყბა აუცახცახდა. ჯერ მარჯვენა თვალიდან გადმოგორდა ცრემლი, მერე მარცხენიდან, კალთაში ჩაუცვივდა შვილის ცრემლები. ხელი მოხვია, ბავშვივით ასწია და მუხლებზე დაისვა. სალომემ ხელები შემოხვია და ახლა უკვე დედის ყელს ასველებდა ცრემლებით.


- ტელეფონით არ მინდოდა თქმა... - მეორე დილით ლიზა დაადგა თავზე.
- ხო, არაუშავს, რა მნიშვნელობა აქვს როდის გავიგებდი...
- მართლა? მართლა აღარ აქვს მნიშვნელობა? - თითქოს მეგობრის სიტყვებს არ ენდობოდა ლიზა.
- აღარ უნდა ჰქონდეს...
- არ ინერვიულო რა... ხვალ ისიც იქნება, მეჯვარეა. ლუკაზე გავბრაზდი, რაღა ის აირჩია, დათო მაგასთან ერთად იზრდებოდა...
- რა მნიშვნელობა აქვს, ისე ხომ დაპატიჟებდა მაინც..
- ხო, ნუ წამოხვალ თუ გინდა...
- წამოვალ.
- როგორც გადაწყვეტ...
- ელენეს ვის უტოვებ? - საუბრის თემა შეცვალა სალომემ.
- ძიძას.
- ძიძა გყავთ? რად გინდა? შენ ხომ სახლში ხარ.
- ხო, მაგრამ ვერ მივხედავდი მარტო, მე რავიცი ბავშვის მოვლა.
- დედაშენი დაგეხმარებოდა, ან კახის დედა, ძიძა რად გინდა, როდის უნდა ისწავლო აბა?
- კაი რა, შენც კახისავით ნუ დამიწყე...
- საბრალო კახი, გაიწეწება შენ ხელში.
- ხო, საერთოდ არ გვყოფნის მაგის ხელფასი, მეც უნდა დავიწყო მუშაობა...
- შენ და სამსახური? კაი რა, ერთ დღესაც ვერ გაძლებ. - გაეცინა სალომეს.
- მართალი ხარ იცი?.. - სერიოზულად ჩაფიქრდა ლიზა.
- ვიცი, - ისევ იცინოდა სალომე.



ლუკას გვერდით იჯდა. ისევ ის ცოტნე იყო, არაფერი შეცვლილიყო მის გარეგნობაში. მხოლოდ სიცილი... ადრე გულიანად, მთელი ხალისით იცინოდა, ახლა კი გაუბედავად. თავი გააქნია წარსულის მოგონებების გასაფანტად და ნეფე-დედოფალს მიუახლოვდა.
- ვააა, სალომე... მართლა ჩემთვის ჩამოხვედი გოგო? როგორ ხარ? - სკამიდან წამოხტა ლუკა და სალომეს გადაეხვია.
- გილოცავ, ძალიან გამიხარდა, გამაცანი ის ბედნიერი... - გაუცინა სალომემ.
- ნათი, ეს სალომეა, რომ მოგიყევი, საფრანგეთიდან ჩამოვიდა... - ნათია წამოდგა და გადაკოცნა.
- სასიამოვნოა, ბევრი მსმენია თქვენზე, ხშირად გაქებდათ ლუკა.
- მაქებდა? ნამდვილად? - გაეცინა სალომეს და მეგობარს გახედა, - არადა არ იცოდა ეგეთები, კარგად გიმუშავია, ყოჩაღ, - პატარძალსაც გაეცინა. მერე ქმრის მეჯვარეს გახედა და ისევ სალომეს მოუბრუნდა. სალომეს არ გამორჩენია ეს ფაქტი, ”ახლა გასაგებია, რა გსმენია ჩემზე”, ნაღვლიანად გაიღიმა სალომემ, საჩუქარი გადასცა და საკუთარ ადგილს დაუბრუნდა.

- როგორ ხარ? - გადმოხედა ლიზამ.
- მშვენივრად, არ მეგონა, ასე მარტივად თუ გამომივიდოდა, - სევდიანად გაიღიმა სალომემ.
- აბა, ცოლის და, დამდეთ პატივი და მეცეკვეთ, - თავზე წამოადგა კახი.
- სიამოვნებით, - გაეცინა სალომეს.
კახისთან ცეკვამ წარსული გაახსენა. ვერ გაექცეოდა მოგონებებს, რა ექნა? ბევრჯერ სცადა, არ გამოუვიდა, ახსოვდა და ემახსოვრებოდა. თან როგორ ეთქვა უარი წარსულის მოგონებებზე, როცა შვება მხოლოდ მათ მოჰქონდათ? საცეკვაო მოედნიდან შენიშნა ანა, ცოტნეს დედა, ვიღაც ახალგაზრდა ქალს რომ ეჩურჩულებოდა და უღიმოდა. ”ეს რძალია ალბათ”, გაიფიქრა სალომემ, თან გაუკვირდა, ის ქერა, რომ არ იყო, კახისთან და ლიზასთან, რომ გაიცნო, მეგი. სხვა იყო. წითელი თმა (ამ მანძილიდან ვერ არჩევდა ბუნებრივად წითური იყო, თუ შეეღება) და საოცრად ლამაზი სახის ნაკვთები ჰქონდა.
- ძალიან ლამაზია, - უთხრა ლიზას, როცა მაგიდასთან დაბრუნდა.
- ვინ?
- ცოტნეს ცოლი...
- ნახე?
- კი, ანასთან ერთად იჯდა და ვივარაუდე, რომ ეგ იყო. - ლიზამ სალომეს მზერას გააყოლა თვალი, ანაც სალომეს უყურებდა.
- ხო, ეგაა.. მართლა ლამაზია, მაგრამ თან რაღაცნაირი, ვერ დაეკონტაქტები ნორმალურად. ცხვირს აიბზუებს ხოლმე, - გაიცინა ლიზამ.
- რა ჰქვია?
- თეონა.
სალომემ ისევ მათკენ გაიხედა და დაინახა, რომ ანა მარტო დარჩენილიყო. მერე ცოტნესკენ გააპარა მზერა და მასთან მიმავალი მაღალი ქალი შენიშნა, წითელ თმაზე იცნო, ის იყო. ცოტნე ადგა, ცოლთან მივიდა, რაღაც გადაულაპარაკა, ქალიც მოტრიალდა და... ლამაზად მომრგვალებული პატარა მუცელი საყვარლად უჩანდა მოტკეცილ, მოკლე, ლურჯ კაბაში.
ლიზამ შენიშნა სალომეს ცვლილება, ცოტნესკენ და თეონასკენ მიმართული მისი მზერაც დაიჭირა. ხელი გადაუსვა ზურგზე და ისეთი თვალებით შეხედა, თითქოს სრულად იზიარებდა სალომეს სევდას.



” არ უნდა ჩამოვსულიყავი, ახია ჩემზე, რას მოვდიოდი?! ვერ დავეტიე? მის სანახავად ჩამოვედი და ხომ ვნახე? რაღა მინდა, კარგადაც ვნახე, ჯობდა არ მენახა, დავრჩები, იქ დავრჩები, აქ რაღა მინდა? რისთვის ჩამოვიდე? მათ ბედნიერებას ვუყურო? არც ასეთი ძლიერი ვარ, ვეღარ გავუძლებ, მეტს ვეღარ გადავიტან...” - ფიქრობდა და თან ბარგს ალაგებდა, უნდოდა, რაც შეიძლებოდა მალე წასულიყო აქედან, ყველაფრისგან შორს, სამუდამოდ.



მანქანის ხმამ შეაკრთო, მერე საკუთარი სახელიც გაიგონა, თავი ასწია და მძღოლში გიგა ამოიცნო, ხელით ანიშნებდა მოდიო. უნივერსიტეტის კიბეები სწრაფად ჩაირბინა.
- გიგა, როგორ ხარ?
- კარგად, შენ? ხომ გცალია? დაჯექი, წავიდეთ სადმე. - მიიპატიჟა.
- კი, - გაუღიმა სალომემ და მანქანაში ჩაჯდა. - სად მივდივართ? - ჰკითხა, როცა ქალაქს გასცდნენ.
- ერთი ადგილი მინდა განახო, ცოტა შორია, მაგრამ ღირს, - უპასუხა გიგამ.
- საინტერესოა, მიყვარს სიურპრიზები, - ფანჯრიდან გაიხედა სალომემ, მაისის ბოლო რიცხვები იყო, უკვე საკმაოდ ცხელოდა. ”ვარდობისთვე, ვარდები”, - გაუელვა თავში და უნებურად წარსულს გადასწვდა ფიქრებით, გაახსენდა, როგორ დაახვედრა 100 ვარდი ცოტნემ აუდიტორიის კარებთან: სიურპრიზები ხომ გიყვარსო, მერე თავი იმართლა. გაეღიმა, მოენატრა, ეტკინა...
- მოვედით, - გიგას სიტყვებმა ფიქრი შეაწყვეტინა და სალომემ მას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა გულში.
მართლაც საოცარ ადგილას იყვნენ, გიგას თქმით, მისი მამული იყო, რომელიც ახლახანს შეიძინა თავის ვენახიანად. შორს ჯერ კიდევ დათოვლილი მთები მოჩანდა. ეს ხედი საუცხოოს ხდიდა ამ ადგილს, ახლად ამწვანებული ბალახი და მცხუნვარე მზე კარგ გუნებაზე გაყენებდა. გიგამ ორსართულიანი სახლიც დაათვალიერებინა, შემდეგ მარანი ანახა, სადაც უნდა დაწურულიყო ღვინო, ქვევრები და ხის ჭურჭელი უკვე დაწურული ღვინის შესანახად. ბოლოს კი ვენახშიც გაასეირნა. ისეთი აღტაცებით უჩვენებდა თითოეულ ძირს, უხსნიდა ღვინის დაწურვის, შენახვის პროცესს, რომ სალომემ ისიც კი იფიქრა, გიჟიაო. ნამდვილად პირველად ხედავდა საკუთარი საქმიანობით ასე მოხიბლულ ადამიანს და ამ ფაქტმა სალომეს აღფრთოვანება გამოიწვია, ახლა სულ სხვა თვალით უყურებდა გიგას.
ათი საათი ხდებოდა, პარიზში რომ ჩამოვიდნენ, 11ზე საერთო საცხოვრებელი იკეტებოდა.
- სალომე, - შეაჩერა გადასვლისას გიგამ.
- გისმენ.
- სერიოზულად მომწონხარ... - შეჩერდა, სალომეს შეხედა, თუმცა სალომეს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, ძნელი იყო გევარაუდა, რას ფიქრობდა. პაუზის შემდეგ განაგრძო: - და შენი აზრიც მაინტერესებს, რას ფიქრობ ჩემზე, როგორც...
- კარგი ბიჭი ხარ... - შეაწყვეტინა სალომემ. გაუღიმა.
- ეგ კარგია, მაგრამ იცი ალბათ, რომ სხვა პასუხს ველოდი.
- მაგვიანდება, უნდა წავიდე.
- კარგი, - მძიმედ ამოიოხრა გიგამ. მანქანის კარი მიხურა სალომემ და საერთო საცხოვრებლის შესასვლელში გაუჩინარდა.



- სალო, როგორ ხარ? მთლი დღეა გირეკავ, სად ხარ... - ახალი შესული იყო ოთახში, ლიზამ რომ დაურეკა.
- მოხდა რამე? ახლა ვაპირებდი სკაიპით დარეკვას...
- სალ, რაღაც უნდა გითხრა. კახის არ უთხრა ოღონდ, მე რომ გითხარი.
- რა მოხდა, ლიზა? თქვი, არ ვეტყვი...
- სალ, ცოტნეს მეხსიერება დაუბრუნდა... - მცირე პაუზა, - კახიმ გამაფრთხილა სალომეს არაფერი უთხრა, არ ანერვიულო ტყუილად, რაღა აზრი აქვს, ცოტნეს ემახსოვრება თუ არაო, მაგრამ კახის რა ესმის? ის მხოლოდ ცოტნეზე ფიქრობს, ხანდახან ისე მიშლის ნერვებს, სერიოზულად ვფიქრობ, ამას როგორ გავყევი-მეთქი. წარმოგიდგენია, იმდღეს ელენე წაიყვანა ეზოში სათამაშოდ და ნანიკოც იქ ყოფილა, ჩემი მულიშვილი და ეს ვაჟბატონი მარტო ამოეთრია სახლში, ბავშვი ნანიკოს დავუტოვეო, როგორი გავვარდი, არ მახსოვს. აზრზე ხარ, 6 წლის ბავშვს დაუტოვა საკუთარი შვიდი თვის შვილი...
- ლიზა... - ძლივს ამოიღო ხმა, - როდის?
- რა როდის? როდის ჩაიყვანა ეზოში?...
- მეხსიერება როდის დაუბრუნდა? - ჰკითხა უფრო ჩუმი ხმით, თითქოს დიდ საიდუმლოს უმხელდა და არ უნდოდა, ვინმეს გაეგო.
- აჰ, ხო, რა შტერი ვარ, რაზე დავიწყე და სად წავედი, თუმცა არც გაგიკვირდება, რა დღეში ვარ რომ იცოდე, ფეხით ჩამოხვიდოდი...
- ლიზა, - შეაწყვეტინა მეორედ.
- მე სამი დღეა, რაც გავიგე, აქამდე ვერ მოვახერხე თქმა, კახი სახლში იყო, დღეს გავიდა სამსახურში. ისე მგონი ერთი თვეა დაახლოებით, ლუკას ქორწილის მერე მალე უნდა მომხდარიყო ეგ ამბავი. შენთვის ხომ აღარავითარი მნიშვნელობა აქვს? - ჰკითხა ფრთხილად.
- არ გინახავს მის მერე? - არ უპასუხა.
- არა.
- არა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
- ჰუჰ, - ამოისუნთქა ლიზამ, - მეც ეგრე ვფიქრობდი, კახიმ კიდე ტყუილად ანერვიულებო, ხომ ვამბობ, არ არიან ნორმალურები ეს კაცები, რა ცოტნემ თუ დაგივიწყა, შენ ვერ დაივიწყებდი? რა ესმის კახის? საერთოდ კაცებს არაფერი ესმით, არაფერზე ფიქრობენ, არც შენ დაგწყდეს გული, ცოტნეც კაცი არაა?! კაცი კი ყველა ერთნაირია, ჩვენგან განსხვავებით. შენ საქმეს მიხედე, შენ ცხოვრებას, სადაცაა ჩამოხვალ და მერე აქ გაიცნობ ვინმეს, შენც გათხოვდები და... - აღარ წყვეტდა საუბარს ლიზა.
- ლიზა, უნდა წავიდე, დაგირეკავ მერე.
- კაი, მაგრამ არ უთხრა კახის მაინც... ვითომ დედაშენმა გითხრა, ისე რატო მაია დეიდამ არ დაგირეკა? არ იცის ალბათ ჯერ...
- კახის არაფერს ვეტყვი, კარგად, აკოცე ელენეს...

”გაახსენდა... მაინც გაახსენდა, ამდენი ხნის მერე... ახსოვს, ალბათ ყველაფერი გაახსენდებოდა, ნეტავ რა იგრძნო? როცა მიხვდა, როცა გააცნობიერა... - ცდილობდა ცოტნეს ადგილას წარმოედგინა თავი, მაგრამ მისი გონება ვერ სწვდებოდა ამდენს, ვერაფრით წარმოედგინა, რას იფიქრებდა ცოტნე, როცა გაიაზრებდა, რომ ის ყველაფერი საკუთარი ხელით დაანგრია, - გული დასწყდება ნეტა? ჩემი ნახვა მოუნდება? თუმცა აქამდე დამირეკავდა... იქნებ რცხვენია და ვერ მირეკავს, რისი უნდა სრცხვენოდეს? ანდა სულაც აღარ ვუყვარვარ, საკუთარი ცოლი უფრო უყვარს, ამიტომ, ამიტომ არ მირეკავს ნამდვილად... აღარ ვუყვარვარ, არც არასდროს ვყვარებივარ... თურმე არ არსებობს...”



- ცოტნე როგორ ხარ? ვერ მიცანი ბიჭო? რა გაკვირვებული სახით მიყურებ? სალომე როგორაა? გავიგე სწავლა გაუგრძელებიაო, მარტო როგორ გაუშვი, მიკვირს, არ გაყევი... ლექციებზე არ ტოვებდი და შორეულ ევროპაში როგორაა უშენოდ? - ახალგაზრდა კაცი უახლოვდებოდა, საკმაოდ გულწრფელად უცინოდა და ხმამაღლა საუბრობდა.
- უკაცრავად, ვერ გიხსენებთ... - მოახერხა სიტყვის ჩაკვეტება უცნობის გაუთავებელ ყბედობაში.
- როგორ ვერ მიხსენებ, განა ასე შევიცვალე? - უკვირდა უცნობს, - ილია ნიჟარაძე ვარ, სალომეს კურსელი, მთელი დღეები ერთად არ ვიყავით ამ რამდენიმე წლის წინ? ეს როგორ დაგავიწყდა? სალომეს ჰკითხე, იმას გავახსენდები აუცილებლად, შენსავით გულმავიწყი კი არაა, ეჰ, კარგი გოგოა სალომე...
- სალომე ვინაა? - ისევ მოახერხა კითხვის შეტყუება. კაცმა ჯერ პირი დააღო, მერე კარგად შეავლო თვალი და ბოლოს ჰკითხა:
- შენ ხომ ნამდვილად ცოტნე დოლიძე ხარ?
- დიახ... - დაუქნია თავი, - იცით, ამნეზია მჭირს, ავარიაში მოვყევი დაახლოებით ერთი წლის წინათ... - განუმარტა.
- რას მელაპარაკები, აბა, აღარ გახსოვს აღარაფერი? მოიცა, სალომეც აღარ გახსოვს? თქვენ დაშორდით? - ლამის თვალები ამოუცვივდა ილიას.
- სალომეს არავის ვიცნობ, ყოველ შემთხვევაში არ მახსოვს...
- სალომე დევიძე, როგორ არ იცნობ კაცო, თქვენი ამბავი მთელმა უნივერსიტეტმა იცოდა, რას მელაპარაკები... - ახლა უაზრო სიცილს მოყვა ახალი ძველი ნაცნობი, - მეღადავები ხომ? ფარული კამერა და რამე, შენ რა გითხარი ცოტნე, სულ ასეთი იყავი არ მოიშალე ეხლაც, - იცინოდა და ვეღარ ჩერდებოდა. ცოტნე კი დაბნეული უყურებდა და ვერ გაეგო, რა იყო სასაცილო ან საერთოდ, რაზე ელაპარაკებოდა ეს საოცრად გამხდარი ბიჭი.
- იცით, უნდა წავიდე, მაპატიეთ ნამდვილად არ მახსოვხართ და არც ვინმე სალომე დევიძეს ვიცნობ, ვერც ვიხსენებ, ბოდიში...
- მოიცა, მართლა არ გახსოვს? თქვენ ხომ... ისე გიყვარდათ ერთმანეთი, ასეთი სიყვარული აღარც მინახავს რეალურ ცხოვრებაში თქვენს მერე. არა, უნდა გაგახსენო, ყველაფერი უნდა გაგახსენო, წამოდი, ახლავე წაგიყვან და განახებ ყველაფერს... - სახელოში ჩაევლო ცოტნესთვის ხელი და სასაცილოდ ექაჩებოდა. ახლაღა მიხვდა ცოტნე, რომ ცოტა შექეიფიანებული უნდა ყოფილიყო ილია. არ იცოდა, ინტერესმა სძლია თუ უნდოდა, ეს კაცი გაჩუმებულიყო ცოტა ხანს, მაგრამ ცოტნე მორჩილად გაჰყვა უცნობს.

როგორც აღმოჩნდა, საკუთარ სახლში ეპატიჟებოდა ილია, აქ უნდა გაეხსენებინა მისთვის წარსული. ქალს, რომელიც გამოეგება, თავაზიანად მიესალმა, სავარაუდოდ მასპინძლის ცოლი იყო. სასტუმრო ოთახში შეიყვანა, ახლავე მოვალო დაუბარა, ცოლს გასძახა მაგიდა გაშალეო და გვერდით ოთახში გაუჩინარდა. ”ნუ შეწუხდებითო”, ერთხელ კი უთხრა დიასახლისს, მაგრამ მან თავი გაიქნია, რაც იმას ნიშნავდა, რომ საერთოდაც არ წუხდებოდა და ასეთ სიტუაციებსაც ნაჩვევი იყო.
- აი, ვიპოვე, უნივერსიტეტის სურათები, გამოსაშვები, კარნავალი, ყველაფერი აქ არის. - ცელოფნის პარკს მოათრევდა ილია და სახე საოცრად უბრწყინავდა.
პარკიდან სურათები ჟურნალების მაგიდაზე გადმოყარა და სათითაოდ დააშორა ერთმანეთს, მერე რამდენიმე საგანგებოდ ამოარჩია და სტუმარს გაუწოდა.
ცოტნემ შეხედა. გაშეშდა. გაოცდა. დაიბნა. სურათზე რამდენიმე ადამიანთან ერთად (ერთ-ერთი ილია იყო) იდგა, იცინოდა და ხელი სალომესთვის გადაეხვია, ეს ის სალომე იყო, ლიზას მეგობარი. რა აკავშირებდა ამ გოგოსთან? ან აქ... შეყვარებულიო? გიყვარდათო? ის და სალომე? ის მორცხვი გოგო? შეყვარებული? მეორე სურათი აიღო: ისევ ის გოგო, ახლა წელზე აქვს ხელი შემოხვეული და თავზე დაჰყურებს, სალომე კი პირდაპირ ობიექტივს უყურებს და იცინის. ცოტნე იღიმის და ისეთი თვალებით უყურებს, ცოტნემ არც კი იცის, ასეთი თვალებით შეხედვა თუ შეეძლო ვინმესთვის.
- თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ მე და ეს გოგო... მე და ეს გოგო ვიცნობდით ერთმანეთს, ასე ახლოს... - სიტყვებს თავს ვერ უყრის, ირევა, ეფანტება ყველაფერი.
- ახლოს? ახლოს იყავით? მეტი სიახლოვე რაღა გინდა, შეყვარებულები იყავით, სულ ერთად დადიოდით ყველგან, მარტო არ უშვებდი და ამის გამო ხშირადაც ჩხუბობდით. მეორე კურსზე ვინც გადმოვიდა ყველას ჩვენი კურსელი ეგონე, გვიან იგებდნენ, რომ სალომეს შეყვარებული იყავი და სინამდვილეში ჩვენთან არ სწავლობდი. ლექტორებიც კი, ჰეჰე, - იცინის ისევ, - ლექტორებს რას არ ვუკეთებდით, როგორ არ გახსოვს, ზუმბაძე რომ არბენინე, ჰეჰეჰ, რამ დაგავიწყდა, შენ რა გითხარი, ცოტნე...
- უკაცრავად უნდა წავიდე... - იმდენი აზრი უტრიალებს თავში, ვერ ჩერდება ამ დახურულ ოთახში, გარეთ უნდა გასვლა.
- მოიცა, სად უნდა წახვიდე, დავლიოთ თითო ჭიქა.. ნინო, სად ხარ, გესმის? დროზე... - ცოლს ეძახის სამზარეულოში, თუმცა ცოტნე არ ანებებს, რაღაცას ეუბნება, ეხვეწება, სთხოვს, მერე ძალით უსხლტება ხელიდან და მიდის. გარეთ, სუფთა ჰაერზე უნდა, გაგიჟდება, რაო, რა უთხრა იმ გადარეულმა? შეყვარებულებიო? ვინ? ის და სალომე? თუ ტყუილი უთხრა, აბა რა უნდოდა მასთან ერთად იმ სურათებზე... და, თუ მართლაც ასე იყო, თუ შეყვარებული იყო, რატომ არავინ არაფერი უთხრა? დედამისმა, კახიმ? თვითონ რატომ არ უთხრა, ხომ შეხვდა, ხომ ნახა რამდენიმეჯერ? პირველი შეხვედრა გაახსენდა, საავადმყოფოდან ახალგამოსული რომ იყო, სალომე ამღვრეული თვალებით უყურებდა, ”ვიცი, არაფერია...” მისი სიტყვები ახსენდებოდა, ცრემლმომდგარ თვალებს იხსენებდა, მაშინ გაიფიქრა გიჟიაო. მერე კახის შეკითხვა გაახსენდა:
- ხო მაგარი გოგოა? - ჰკითხა კახიმ, სალომე რომ თვალს მიეფარა, თან სახეში უყურებდა, აკვირდებოდა.
- არის რა, დიდი არაფერია... ახლოს ვიცნობდი? - დაუმატა, გაიფიქრა, ”იქნებ სხვანაირი ურთიერთობა მქონდა მასთან და ასე ლაპარაკი ამ გოგოზე არ ივარგებსო”.
- ისე რა, - თავი გადააქნია კახიმ, ჰორიზონტს გახედა. - ბოლო წელს შენი კლასელი იყო რამდენიმე თვე. - დაუმატა ყოველი შემთხვევისთვის.
- კლასელის კვალობაზე ცუდი მისალმება იყო... - გაიცინა ცოტნემ.
”რატომ? რატომ არავინ არაფერი თქვა აქამდე? თუ ასე იყო, მართლა თუ სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა, რატომ დამიმალეს, თვითონ რატომ არ მითხრა?” - ფიქრობდა და ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა. ამის მერე სადგურზე ნახა, ზღვაზე, რომ მიდიოდნენ:
”- გამარჯობა, - ცოტნე ცალყბად, უხალისოდ მიესალმა. არ ესიამოვნა მისი დანახვა. უფრო სწორედ ის არ ესიამოვნა, გვიან რომ გააფრთხილეს ამის შესახებ კახიმ და ლიზამ. არც ფეხმძიმე ლიზას წამოსვლა ახარებდა დიდად, მაგრამ მეგობარს ვერ ეტყოდა, შენი ცოლი დატოვეო. უნდოდა კახისთან ერთად მარტოს დაესვენა, რაღაცები გამოეკითხა საკუთარ თავზე. თბილისში ანა არ აძლევდა მეგობართან განცალკევების საშუალებას და ფიქრობდა, იქ არავინ შეგვიშლის ხელსო.
- გამარჯობა... - თავი დახარა სალომემ. ცოტნემ უცბად ანას ხმა გაიგო, მას ეძახდა.
- ცოტნე, დღეს დილით დამირეკა უფროსმა, შევცდი, გეკუთვნის შვებულებაო, ჰოდა წამოსვლა გადავწყვიტე, რა თქმა უნდა, თუ წინააღმდეგი არ ხარ, - ცოტნემ თავი დაუქნია, არ ვარ წინააღმდეგიო, ესეც მორიგი მიზეზი გუნების გაფუჭების. ეს ლიზა და კახი სადღა იყვნენ, მგზავრებს შორის ნაცნობ სილუეტებს ეძებდა. ზედაც არ უყურებდა დედას და მისთვის თითქმის უცნობ გოგონას. მერე ანა სალომეს ვინაობით დაინტერესდა.
- ეს სალომეა, კახის და ლიზას მეგობარი. - ცოტნემ უხალისოდა განუმარტა, ერთი წამით შეხედა სალომეს და ისევ კახის და ლიზას მოძებნა განაგრძო მგზავრებს შორის.
- მეც მივდივარ, მაგრამ თქვენთან არა... აქ უნდა მენახა, ასე შევთანხმდით, - შემთხვევით სალომეს პასუხი მოისმინა, ერთი კი გაიკვირვა, იცოდა, რომ მათთან ერთად მიდიოდა, მაგრამ მერე იფიქრა, ალბათ სხვანაირად მითხრა კახიმ და ვერ გავიგეო. თან დიდად არც ადარდებდა, სალომეც წავიდოდა თუ არა მათთან ერთად.”

მთლად მოეშხამა ხასიათი. როგორ ვერავინ მიახვედრა, რატომ არავინ უთხრა? ის რაღას იყო ჩუმად, თუ მართლა შეყვარებული იყო... თუმცა ხომ ცდილობდა? ხომ ხვდებოდა? არა, რას ცდილობდა? ორჯერ ნახა, არც არაფერი უთქვამს, არც არაფერი უგრძნობინებია, რას ცდილობდა? თუ აღარ უყვარდა, რას დასდევდა? ”ვერ მცნობს, აღარ ვახსოვარ...” გაახსენდა მთვრალი სალომე, პარკში სკამზე, კახი, რომ აჩუმებდა, აწყნარებდა. ”ვერ მცნობს... აღარ ახსოვს...” ტიროდა ხმამაღლა და ცოტნეს უყურებდა, თითქოს მას ეუბნებოდა. მას კი არ ეუბნებოდა, მასზე ამბობდა, თითქოს გონება გაუნათდა ცოტნეს, დარწმუნდა, მართლაც რაღაც აკავშირებდა მას ჩემთან, ჩემზე ამბობდა იმ სიტყვებსაცო, ფიქრობდა. კახის დაურეკა, ბარში შემხვდიო. თავად ადრე მივიდა, ლუდი დალია. ყველაფერს ჰკითხავს, ყველაფერს გაიგებს, ახლავე გაარკვევს. უკვე დარწმუნებულია, რომ სალომე და ის შეყვარებულები იყვნენ. ახლა უნდა გაარკვიოს, რა მოხდა ავარიის მერე, რატომ დაუმალეს სიმართლე. კახიც მოვიდა.
- რატომ დამიმალე? - ჰკითხა პირდაპირ, წყნარად. თავიდან დაიბნა კახი. მერე ყველაფერს მიხვდა. ერთ ხანს ხმა ვერ ამოიღო, ბოლოს მოუყარა სათქმელს თავი:
- თავიდან თვითონ არ უნდოდა, გაგეგო. მერე მე აღარ მინდოდა, გცოდნოდა. მოიცა, გაგახსენდა? - ჰკითხა მოულოდნელად, სახეგაბრწყინებულმა.
- არა, სალომეს კურსელი შემხვდა, ვიღაც ილია, გვარი არ მახსოვს. მოგვიკითხა. გამოვშტერდი, ვინ სალომე-მეთქი. სახლში წამიყვანა, სურათები მანახა, ერთად იყავითო.
- ესე იგი, არ გახსოვს...
- მომიყევი... - ცოტნეს ხმა მუდარას უფრო ჰგავდა, ვიდრე მოთხოვნას (რომლის სრული უფლებაც ჰქონდა).
- დედაშენს არ მოსწონდა სალომე, არ ვიცი, რატომ. თქვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო. ამის გამო გძულდა დედაშენი, ჩემ არჩევანს პატივს არ სცემს, მე როგორ ვეყვარებიო, ამბობდი. მართლა ძალიან გიყვარდათ ერთმანეთი, გარედან ასე ჩანდა, ყოველ შემთხვევაში. ავარიაში, რომ მოყევი და რომ გავიგეთ, არაფერი გახსოვდა, დედაშენმა სალომეს შენი მონახულება აუკრძალა, ჩვენც გაგვაფრთხილა, მასზე არაფერი წამოგცდეთო, თავიდან სულ შენ გვერდით იყო, როცა ვინმე მოდიოდა, პალატიდან არ გავიდოდა, თვალებს გვიბრიალებდა. მე მზად ვიყავი, მასთან ერთად მეთქვა ყველაფერი, მაგრამ სალომემაც არ მოინდომა, სჯეროდა, თვითონ გამიხსენებს, რომ მნახავსო. შენ ვერ გაიხსენე. მერე სულ დაკარგა იმედი, თუ აღარ ვახსოვარ, რაღა საჭიროა ბრძოლა, ვისთვის ვიბრძოლოო, გვეუბნებოდა, ის სიყვარული თუ დაავიწყდა, ისე ვეღარასდროს შემიყვარებსო და საკუთარ თავსაც დავტანჯავ და მასაცო. მერე კი, როცა დავინახე, რომ სალომეს გარეშეც კარგად იყავი, გოგოებს დასდევდი, გართობას არ იკლებდი, სხვანაირი, რომ გახდი, თავად აღარ მინდოდა, რამე გცოდნოდა წარსულის შესახებ. ტყუილად დაიტანჯებოდი, სალომე მართალი იყო, ისეთი ვეღარასდროს გახდებოდი. ამიტომ არაფრი ვთქვი. ისიც იტანჯებოდა, ვხედავდი, ვგრძნობდი და არ მინდოდა შენც გამეწამებინე. ვიცოდი, ინერვიულებდი, შეიძლება ძალითაც დაბრუნებოდი სალომეს. ბოლოს კი, როცა თეონა ორსულად იყო და ცოლად მოიყვანე, სიმართლის თქმამაც აზრი დაკარგა.
იჯდა და ისე ისმენდა კახის მონაყოლს, თითქოს სხვაზე ელაპარაკებოდნენ, თითქოს მას, მის ცხოვრებას არ ეხებოდა ეს ამბავი.
- რამდენი ხანი ვიყავით ერთად? - ჰკითხა, როცა მიხვდა, რომ კახი გაგრძელებას აღარ აპირებდა.
- ოთხი წელი...
- ბევრია ოთხი წელი, - თქვა ისე, უბრალოდ.
- არც ისე... - უარყო კახიმ და ლუდი დალია.

შინ გვიან მივიდა, თეონას ლაპარაკისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე შევიდა კაბინეტში და კარი ჩაკეტა. ”ოთხი წელი... ერთად... და არაფერი... საერთოდ არაფერი...”, ფიქრობდა და არ უნდოდა, რომ ეფიქრა.

- კახი.. კახი, იქნებ მოხვიდე ჩვენთან... - მეორე დღეს შუადღისას დაურეკა თეონამ.
- რა მოხდა?
- ცოტნე, წუხელ მთვრალი მოვიდა, კაბინეტში შეიკეტა და არ გამოდის. ხმას არ მცემს საერთოდ, ვუკაკუნებ, მაგრამ არაფერი... ანაც აქ არის...
- მოვდივარ, ნუ გეშინია, არაფერია... - ეცადა დაემშვიდებინა აღელვებული ქალი. მაშინვე ცოტნესთან წავიდა.
შეშინებული თვალებით უყურებდნენ ანა და თეონა. თავიდან რამდენიმეჯერ დაუკაკუნა კარზე, ეძახდა, შემომიშვიო, მაგრამ ოთახიდან ჩქამიც არ ისმოდა, მერე კარის მოხსნა გადაწყვიტა, ხელსაწყოები მოატანინა თეონას და ცდილობდა, რაც შეიძლება სწრაფად ჩამოეხსნა კარები. როგორც იქნა ოთახში შევიდნენ. ცოტნე ზურგშექცევით, ფანჯრისკენ იდგა გაუნძრევლად.
- ცოტნე... - დაუძახა კახიმ ფრთხილად, მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო, - ცოტნე, როგორ ხარ?
ცოტნე შემობრუნდა, უძილობით თვალები ჩასწითლებოდა, არეული გამომეტყველება ჰქონდა. ჯერ დედამისს შეხედა, მერე ცოლს და ბოლოს კახის გაუშტერა მზერა.
- გამახსენდა, ყველაფერი მახსოვს... - თქვა წყნარად და ძმაკაცს გადაეხვია.



- ცოლად გამომყვები? - ჰკითხა მოულოდნელად გიგამ. რესტორნიდან ბრუნდებოდნენ. მანქანა პარიზის ცენტრში გააჩერა, საიდანაც ყველაზე ლამაზი ხედი იშლებოდა ეიფელისა. ”ადგილი სპეციალურად შეარჩია ალბათ”, გაიფიქრა სალომემ, რადგან ამ ქუჩაზე არ უნდა გამოევლოთ წესით.
- კი, - თავი დახარა და გულში გამოიტირა ყველაფერი, დაკარგული და კვლავ დაბრუნებული ცოტნეც. გიგა დაიხარა და აკოცა. აკოცა ისე, როგორც კოცნიდა ერთ დროს ცოტნე და ამან ყველაზე მეტად ატკინა გული.

ქორწილი არ გადაიხადეს. სალომემ არ ინდომა. გიგას მშობლები კი წინააღმდეგნი იყვნენ, დიდი ქორწილი უნდა გავმართოთ, როგორიც შეგვეფერებაო, მაგრამ ახალ რძალს წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ, თან გიგაც საცოლის მხარს იჭერდა. ქორწილი მისთვის სულერთი იყო, მთავარია ოცნების ქალი მოჰყავდა (ასე გააცნო მშობლებს სალომე, ჩემი ოცნების ქალიაო).
სალომე კი დიდ ქორწილზე მხოლოდ ცოტნეს გვერდით ოცნებობდა, ვერ დაუთმობდა იმ ოცნებას სხვას, რომელიც მხოლოდ მისი და ცოტნესი იყო. პარიზში აღარ რჩებოდა, ყველაფრისთვის თავი უნდა დაენებებინა, იცოდა, გიგა სამშობლოსგან შორს არ იცხოვრებდა, საკუთარ ვენახებს ვერ შეელეოდა. ესეც რომ არ იყოს, ის საოცრად პატრიოტი იყო, საქართველო უყვარდა. როცა სალომემ შესთავაზა შენს მამულში ვიცხოვროთ კახეთშიო, ან შენს მშობლებთან, ქართლშიო, სიხარულით ცას ეწია. არც მას სურდა, თბილისში ცხოვრება, როგორც ჩანს. სალომესთვის კი მთავარი იყო, შორს ყოფილიყო დედაქალაქისგან. ჯვარი დაიწერეს და ქართლში, გიგას მშობლიურ სოფელში გადასახლდნენ, გიგას მშობლებთან. დიდი, ლამაზი სახლი ჰქონდათ, სამსართულიანი. დამხმარეები ჰყავდათ. სალომეს იშვიათად უწევდა გარეთ გასვლა (თუ მშობლების სანახავად მიდოდა, ან ლიზასთან და კახისთან), ამიტომ მისთვის სრულიად კომფორტული იყო იქ ცხოვრება. არაფერზე დარდობდა, არაფრი აწუხებდა. ყველა თავს ევლებოდა, ქმარი, დედამთილ-მამამთილი, არაფერს აკლებდნენ და სალომეც უფასებდა ამაგს, როგორც შეეძლო.
გაინტერესებთ შეხვდნენ თუ არა სალომე და ცოტნე მას შემდეგ, რაც ყველას ყველაფერი ახსოვდა, ყველამ ყველაფერი იცოდა? შეხვდნენ. აპრილის ცამეტს...

ლუკამ, სკოლის მეგობარმა დაურეკა ერთ საღამოს, მესამე შვილი, როგორც იქნა გოგო მეყოლა და მომინათლე, უარს ნუ მეტყვიო, ეხვეწებოდა. სალომე დასთანხმდა, მერე ლუკამ ისიც უთხრა, სხვათაშორის, რომ ცოტნეც იქნება ნათლობაზეო. არაფერიაო, უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა სალომემ.
ქორწილის 10 წლის იუბილეს და პატარა ქეთის ნათლობას ერთად აღნიშნავდა ლუკას ოჯახი. სალომე და გიგა რესტორანში მაგიდის თავში, დინამიკებთან და თამადასთან ახლოს ისხდნენ, ლიზა და კახიც მათ გვერდით იყვნენ. ცოტნესა და თეონას კი ბოლოში, შემოსასვლელთან დაეკავებინათ ადგილი, დაგვიანების გამო. ამდენმა ხმაურმა, უკვე თრობაშეპარული კაცების ყიყინმა, გაუთავებელმა სადღეგრძელოებმა სალომე მალე მოქანცეს. რამდენჯერმე გადაულაპარაკა ქმარს, წავიდეთო, მაგრამ გიგა ფეხს ითრევდა. რაღა ახლა შეუყვარდა ქეიფიო, ფიქრობდა სალომე. ადგა, გარეთ გავიდა, მოაჯირს მიეყრდნო და მტკვარს გახედა მთვარის შუქით განათბულს.
- ისევ მარტივად იღლები, - მოესმა შორეული და თან ყველაზე ახლო, ყველაზე ნაცნობი ხმა. თვალი არ მოუცილებია მდინარისთვის, არც არაფერი უთქვამს. - როგორ ხარ? - გააგრძელა ცოტნემ. სალომემ იგრძნო, რომ უფრო მიუახლოვდა.
- კარგად. შენ? - გამოხედა, თვალებში შეხედა.
- არამიშავს. შეცვლილხარ.
- ხო, შენ ისევ ისეთი ხარ...
- მართლა?
- მართლა. ის შენი შვილია? - სალომემ თვალი მოჰკრა ათიოდე წლის გოგონას, რომელიც თეონას სთხოვდა რაღაცას. მერე ისიც გაიხსენა, ცოტნეს და თეონას რომ შემოჰყვა ეს ბავშვი რესტორანში.
- კი, ანასტასია ჰქვია.
- ანასტასია, - ჩაილაპარაკა სალომემ, თან სიმწრის ღიმილმა გადაურბინა სახეზე, - ჩვენი შვილის სახელი.
- ხო, მინდოდა რამეს გაეხსენებინე, რამეს დავეტანჯე სიცოცხლის ბოლომდე და მეტი უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე, - გაიღიმა ცოტნემაც. - ახლა, როცა მის სახელს გავიგონებ ან მას ვეძახი, შენ მახსენდები.
- სჯობდა, თავის დროზე გაგხსენებოდი, ახლა რაღა აზრი აქვს, თუნდაც მაგ ”ტანჯვას”...
- ბედნიერი ხარ? - ჰკითხა მოულოდნელად ცოტნემ.
- ვარ, ორი ბიჭი მყავს, - გაიღიმა სალომემ, შვილების სახეები წარმოუდგა. მათი გახსენებისას კი სულ ეღიმებოდა, ზედმეტი სიყვარულით მომდის ალბათო, უჯავრებოდა საკუთარ თავს.
- გიყვარს?
- ვინ? - ვერ მიხვდა უცებ, ეგონა შვილებზე ეკითხებოდა.
- შენი ქმარი...
- შენ?.. გიყვარს შენი ცოლი?
- მე შენ მიყვარხარ...
- უკვე გვიანია...
- რატომ არ მითხარი? - უფრო მიუახლოვდა ცოტნე, - რატომ არ მითხარი, მაშინ სკვერში, პირველად, რომ მნახე ავარიის მერე, რატომ არ მაგრძნობინე მაინც?
- მივხვდი, რომ აღარ ჰქონდა აზრი, თუ არ გაგახსენდი, ესე იგი, არც გიყვარდი და მე აღარ შემეძლო თავი თავიდან შემეყვარებინა შენთვის, ვხვდებოდი, ამდენი ძალა არ მქონდა და ორივე დავიტანჯებოდით...
- ახლა? ახლაც ორივე ვიტანჯებით...
- ხო, მაგრამ ახლა აზრი აღარ აქვს, აღარც მაშინ ჰქონდა.
- მე ვერასდროს გავიგებ, რატომ არაფერი თქვი, ვერასდროს გაგიგებ... - ცოტნემ სცადა ჩუმად მოეწმინდა თვალზე მომდგარი ცრემლი, მაგრამ სალომემ მაინც შენიშნა.
- მართალი ხარ, ვერ გამიგებ... მე ვამაყობდი, ყველაფრით, რაც მქონდა, რაც შენ მომეცი... ვამაყობდი ჩვენი სიყვარულით, რამდენჯერ მითქვამს გულში, რომ ვერავინ შეგვიშლიდა ხელს, იდეალური წყვილი ვიყავით, ნამდვილი სიყვარული შეგვეძლო, რამდენჯერ მიამაყია ამით, მაგრამ ჩემთვის, შენ არაფერს გაგრძნობინებდი, რასაც შენთან გამოვხატავდი, ორი იმდენად ჩუმად მიყვარდი და წამით არ ვფიქრობდი, რომ რამე შეიცვლებოდა. ასე რომ მეფიქრა, იქნებ მთლიანადაც გამომეხატა ჩემი გრძნობები. მერე კი ყველაფერი თავზე დამენგრა, ყველაფერი განადგურდა, იმ სიამაყემ დამღუპა, რომლითაც მიყვარდი. როცა გავიგე, რომ ყველაფერი გაგახსენდა, გელოდებოდი, შენს ზარს ველოდებოდი. მინდოდა დაგერეკა ერთხელ მაინც, ყველაფრის ახსნა გეთხოვა, თუნდაც გეჩხუბა. მაგრამ არ დამირეკე. გიგა მალე გამოჩნდა. ისეთი მარტივი იყო და თან ისე ვუყვარდი, შემეცოდა და ცოლად გავყევი. ვიფიქრე, მე თუ არ ვიქნები ბედნიერი, სხვას მაინც გავაბედნიერებ-თქო, - გაიღიმა, ცრემლები გადმოუგორდა თვალებიდან. - თან შენც ცოლი გყავდა, შვილს ელოდებოდი, ვიცოდი მათ არ მიატოვებდი და ვერც გთხოვდი ამას. ვერ გამოვდექი იმდენად ძლიერი, შენთვის რომ მებრძოლა, დავნებდი, დინებას მივყევი და დინებამ აქამდე მომიყვანა.. ახლა გინდა გამიგე, გინდა არა, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს... - შეჩერდა, ამოისუნთქა, მდინარეს მოავლო თვალი და ცოტნესკენ მოტრიალდა, - იმედი მაქვს აღარ შევხვდებით, მძიმეა ჩემთვის - დაუმატა და უკანასკნელად შეხედა თვალებში საყვარელ ადამიანს, იცოდა, ცოტნე თხოვნას შეუსრულებდა. მერე ცრემლები მოიწმინდა, ცოტნეს ზურგი შეაქცია და რესტორნის კარებისკენ წავიდა. უცებ შეჩერდა, არ მობრუნებულა ისე უთხრა: - გიგა არ მიყვარს, არც მყვარებია. მუდამ შენ მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები ყოველთვის, ერთადერთია, რასაც ვერ ვცვლი და არც მინდა შევცვალო.
რესტორანში შევიდა, მაშინვე გადააწყდა ლიზას და გიგას დაჟინებულ მზერას, ქმარს უჩურჩულა წავიდეთო და გიგაც მაშინვე ადგა, მასპინძლებს დაემშვიდობნენ და წავიდნენ. სალომე მიხვდა, ქმარი ეჭვიანობდა, მაგრამ იცოდა, არაფერს ჰკითხავდა, გიგას არც არაფერი უთქვამს არასდროს ამის შესახებ. მხოლოდ ერთხელ, ძალიან გვიან გაუმხილა ყველაფერი, მაგრამ ამაზე მერე...



80 წლის ქალი იჯდა პალატაში და იხსენებდა წარსულს. მოგონებებმა წამლის დალევაც კი გადაავიწყა.
- ქალბატონო სალომე, წამლის დროა, - შემოსძახა ექთანმა. მერე შემოვიდა, ტაბლეტი და წყალი მიაწოდა. - სანახავად არიან მოსული, თქვენი შვილები და რძლები, პატარა ცოტნეც მოუყვანიათ, - ამცნო ახალი ამბავი.
ოთახში მიყოლებით შემოლაგდნენ შვილები, რძლები და თან სალომეს ყველაზე უმცროსი შვილთაშვილი ახლდათ, ცოტნე, რომელსაც სახელი დიდმა ბებიამ დაარქვა. ყველას მოეფერა, მიუალერსა. ცოტნე ჩაიხუტა, დალოცა და გაუშვა.
”გამიმართლა, რა მაქვს საწუწუნო, - ბრაზდებოდა საკუთარ თავზე, - ღმერთმა ასეთი შვილები, შვილიშვილები მაჩუქა და მე რას მივტირი, ახალგაზრდობის სიყვარულს? ჰეჰ, რა არის ადამიანი, მადლობელი უნდა იყო, სალომე, ღვთის მადლობელი. ამდენი ხანი გადროვა, შვილების, შვილიშვილების ბედნიერება განახა, რძლებშიც ხომ გაგიმართლა, როგორ გევლებიან თავზე. ჰმ, რძლები...” ანა მოაგონდა რატომღაც, ცოტნეს დედა. მარტოობაში, მოხუცთა თავშესაფარში, რომ დაიღუპა უპატრონოდ. ისევ მოგონებებში ჩაიძირა:



ერთ-ერთი სტუმრობის დროს ლიზამ შეატყობინა ახალი ამბავი. ”კრუელა” მოხუცთა თავშესაფარში გაუგზავნია რძალს, ცოტნეც არ შეწინააღმდეგებია დიდადო. ვერ მოისვენა, მთელი ღამე იწრიალა. თავშესაფრის მისამართი არ იცოდა, ლიზასაც არ ჰკითხა, მოერიდა, რას იფიქრებსო. შუაღამისას ადგა, ინტერნეტით მოიძია ყველა მოხუცთა თავშესაფარი თბილისში (ის კი ნამდვილად იცოდა, თბილისში რომ იყო) და მეორე დღეს ქმარი გაუშვა თუ არა, საძინებელში შეიკეტა. სათითაოდ რეკავდა ყველგან, ეკითხებოდა ვინმე ანა დოლიძე თქვენთან ხომ არ არისო, როგორც იქნა ერთ-ერთმა ოპერატორმა ამცნო, რომ მათ თავშესაფარში იმყოფებოდა. მაშინვე ჩაიცვა და წავიდა, სახლში დაიბარა ლიზასთან მივდივარო (ამ მხრივ არასდროს ზღუდავდნენ, როცა უნდოდა მაშინ შეეძლო წასვლა, გიგას გავლენით, თორემ დედამთილს არასდროს მოსწონდა რძლის ასეთი თავისუფლება).
გზაში მოსალოდნელ შეხვედრაზე ფიქრობდა, რა მინდა, რისთვის მივდივარო. უკან მობრუნებაც დააპირა, მაგრამ გული იქით უწევდა. იქნებ ესეც მისი სიამაყის ბრალი იყო? იქნებ უნდოდა მიწასთან გასწორებული ანა ენახა? თავად კი ისე შეეხედა, როგორც პირველად მან შეხედა, ზიზღით, ამრეზით.. ალბათ ეს უნდოდა, საკუთარ თავს კი არ უტყდებოდა, უბრალოდ მოვინახულებ, რა დაშავდებაო, ფიქრობდა, იქნებ ახლოს არც მივიდე, შორიდან შევხედო და წამოვიდეო.
”ანა, რა სახელია... რაღაცნაირი ცივი. თან უცნაურიც. ყველა მისგან ნაწარმოები მოფერებითი სახელი თბილია, ბავშვური, თვითონ კი საოცრად მედიდური, ქედმაღალი. ანიც კი ისე გხვდება ყურში, თითქოს საოცრად ახლობელს მიმართავო, ანანო, ანუშკი, ანო, ანიკოც, ყველა, მაგრამ ანა... დიდი ძალა სჭირდება ამ სახელის პატრონს, რათა გაამართლოს მისი ტარება...” - ფიქრობდა, როცა თავშესაფრის მოუვლელ, პატარა ეზოში, სკამზე მჯდარ ანას აკვირდებოდა. ეს აღარ იყო ის თავდაჯერებული ქალი, მუდამ გამარჯვებულის იერით, რომ იყურებოდა. თმა გათეთრებოდა, გრძელი კაბა ეცვა, ოდნავ გაშლილი და გახუნებული (რეალურად მუდამ შარვლით დადიოდა), თმა მოუხერხებლად შეეკრა, ქარი სახეზე აყრიდა თეთრ ბოლოებს თმისას, მუქი ფერის შალი მოესხა ბეჭებზე და სივრცეში უაზროდ იყურებოდა, სალომეს საოცრად დააინტერესდა, თუ რას ფიქრობდა, რას გრძნობდა ახლა ანა. მიუახლოვდა, თავზე წამოადგა.
- გამარჯობათ, - დაიწყო პირდაპირ, ყოველგვარი მორიდების გარეშე. ანას თავი არ აუწევია.
- როდესაც მითხრეს, მნახველი გყავთო, გამიკვირდა, ჩემი შვილი და რძალი აქ არ დადიან.
- შემთხვევით გავიგე, რამდენიმე ხელი ტანსაცმელი მოგიტანეთ და საჭმელი, ხილიცაა.
- დასაცინად მოხვედი? - არ უყურებდა, ისევ შორს იყურებოდა.
- არა, - უთხრა მშვიდად, უემოციოდ. ისე, რომ ანამ მაშინვე ირწმუნა მისი სიტყვის.
- აბა ტანსაცმლის მოსატანად? - ჩაიცინა.
- მაინტერესებდა, ნანობთ თუ არა.
- ვნანობ, - მეტისმეტად გულწრფელი იყო.
- მაგრამ ეს აღარაფერს ცვლის, - აღიარასავით სალომემ, არ უსაყვედურია. თავადაც ჩამოჯდა.
- აღარ ცვლის. ჩემს შვილს თეონა არ უყვარს, ისევ თქვენ უყვარხართ. ამას მაშინ მივხვდი, როცა გაგიხსენათ. სხვანაირი გახდა, აღარაფერი აინტერესებდა, საკუთარი შვილიც კი. ცოლმა უთხრა თუ არა, მოვიშოროთ ეს დედაბერი, ზედმეტი ხარჯია, ბინაც ჩვენ დაგვრჩებაო, რაც გინდა ის ქენიო, უპასუხა. იმიტომ კი არა, მართლა ბინა უნდოდა ან მე ვერ მომივლიდა, არ აინტერესებდა. ვიცოდი, სულ შენზე ფიქრობდა, დანარჩენი არაფერი ახსოვდა. ერთხელ ვუთხარი, ნახე, თუ ასე გენატრება-მეთქი. მიყვირა, ყველაფერი წამართვი და ახლა ვნახოო? მისთვის აგიკრძალავს, აღარ მნახოო გითქვამს და ისიც თავს იტანჯავდა, მოცემულ სიტყვას არ ტეხდა. არც კი ვიცი, ასე თუ უყვართ, ასეთი სიყვარული თუ შეუძლიათ. არც ის ვიცი, შენც თუ ასე გიყვარს ან გიყვარდა. მე სიყვარული არ ვიცოდი რა იყო, არც ახლა ვიცი, ერთხელაც არ მყვარებია. ძალით გამათხოვეს, მერე ქმარმა მიღალატა და... ამით საკუთარ საქციელს კი არ ვამართლებ, უბრალოდ წარსულში ვეძებ მარცვალს, რომელმაც ასეთად მაქცია.
ჩემი რძალი მომწონდა და აი, რა მივიღე მისგან. ბავშვის გაჩენის მერე საოცრად შეიცვალა. ცოტნე რომ ყურადღებას აღარ აქცევდა, გიჟდებოდა. ცოტნე არც მანამდე იკლავდა თავს თეონას სიყვარულით, მაგრამ რაც გაახსენდი, საერთოდ აღარ უნდოდა სახლში გაჩერება. თეონა ანასტასიას უბრაზდებოდა, მამაშენს გავხარ შენცო - უყვიროდა, უმიზეზოდ სცემდა. მე, რომ ბავშვის დაცვა დავიწყე და გზაზე გადავეღობე, მეც გადამემტერა. ვიცი, ისიც, ვიცი, შენ რომ სხვანაირად მომექცეოდი, ყოველ შემთხვევაში, ჩემს სახლში სიკვდილს დამანებებდი.
- მე გაპატიეთ... - უთხრა გულგრილად.
- მე არ მჭირდება თქვენი პატიება, ამიტომ არც გთხოვეთ. საკუთარ დანაშაულსაც ვაცნობიერებ, თქვენზე არ ვდარდობ, შვილს რომ დავუნგრიე ცხოვრება, იმას ვნანობ. ისიც ვიცი, ორივემ რომ მაპატიოთ, ამით ჩემი ცოდვა არ შემსუბუქდება.
სალომე ადგა, წასვლას აპირებდა, ანას ხმა რომ დაეწია:
- აქ ნუღარ მოხვალთ. არც თქვენი საკვები და ტანსაცმელი მჭირდება, წაიღეთ ან სხვებს დაურიგეთ.
დირექტორს დაელაპარაკა, ფულიც გადაუხადა, კარგად მოექეცითო. მერე ჰკითხა, თუ ნახულობენო.
- სამი თვეა აქაა და პირველი მნახველი ხართ მისი, ფულს კი ყოველ თვე ზუსტად აგზავნიან, ხანდახან მეტსაც, - უთხრა დირექტორმა.
- თუ წაიყვანეს, ან... დაიღუპა, იქნებ გამაგებინოთ, - სალომემ ბარათი მიაწოდა, რომელზეც ტელეფონის ნომერი ეწერა.
სალომეს ვიზიტიდან ზუსტად ორ კვირაში დაურეკეს, ქალბატონი ანა გარდაიცვალა და მისმა ვაჟმა გადაასვენა უკვე, ხუთშაბათს, ცამეტში კრძალავს, რამდენადაც ვიცითო.


”რძალი, აქაც გამართლება გინდა თურმე, ისე როგორც ქმარში”, - გაიფიქრა სალომემ და მეუღლესთან ბოლო საუბარი გაიხსენა: თავიანთ მამულში იყვნენ, გიგა ავადმყოფობდა, იმ საღამოსაც მოულოდნელად გახდა ცუდად. ექიმს გამოუძახეს.
- გადარჩენის შანსები, თითქმის არაა, მესამედ ემართება ინფარქტი, - უთხრა ოთახიდან გამოსულმა ოჯახის ექიმმა.
- იქნებ საავადმყოფოში გადავიყვანოთ, - წამოდგა უმცროსი შვილი, მათე.
- ასეთ დროს, მგზავრობა სარისკოა, თანაც საავადმყოფოშიც ვერაფრით დაეხმარებიან, მხოლოდ რამდენიმე საათით შესძლებენ სიცოცხლის გახანგრძლივებას, - გადაუწურა იმედები ექიმმა.
- ახლა, ახლა რამდენი დარჩა? - იკითხა თავად, მიმქრალი ხმით.
- დილამდე არამგონია გასძლოს... ვწუხვარ, - თავი დახარა ექიმმა.
ყველა სათითაოდ შევიდა გამოსამშვიდობებლად, სალომე არ იძვროდა ადგილიდან. იჯდა და ფიქრობდა.
- დედა, გეძახის, - თავზე უფროსი რძალი დაადგა, ტიროდა. სალომემ ხელი გადაუსვა თავზე, დამშვიდდიო უთხრა და საკუთარი საძინებლის კარი გააღო. გიგა მშვიდად იწვა, თანაბრად სუნთქავდა, თვალები ეხუჭა.
- მოდი, - უთხრა მშვიდად ცოლს. სალომე თავთან დაუჯდა. უყურებდა, ეცოდებოდა. ისევ ეს გრძნობა, მის მიმართ. სხვა არც არაფერი უგრძვნია არასდროს, თითქოს აღიარა და საშინლად შერცხვა ამ დროს გიგასიც, საკუთარი თავისაც. - ვკვდები, ვგრძნობ. თურმე გრძნობენ ხოლმე, - გიგამ გაიღიმა. გაჩერდა, მერე კი განაგრძო:
- მიყვარდი, ვიცი, რომ იცი, ისიც ვიცი, რომ შენ არასდროს გყვარებივარ. სხვას ნატრობდი, სხვა გინდოდა, მე ვერ შეგიცვალე. მაშინაც ცოლობაზე, რომ დამთანხმდი, რაღაცის, ან ვიღაცის ჯიბრით გააკეთე ეს. არასდროს გყვარებივარ და ვერც შემიყვარე. ორმოცი წლის მანძილზე, ვერ შევძელი, შენთვის დამევიწყებინა ის სხვა და ჩემთვის დაგეთმო ეგ სიყვარული. მაინც მიყვარდი, ავადმყოფურად და იმითაც ბედნიერი ვიყავი, ჩემი რომ გერქვა. შეიძლება ოცნებებით, სურვილებით სხვასთან იყავი, სხვას ეფერებოდი, როცა ჩემთან იწექი, მაგრამ ფიზიკურად მე მეკუთვნოდი და ეს იყო ერთადერთი, რაც მაჩერებდა, მამშვიდებდა. - წყალი მოითხოვა, უხმოდ დაუსხა, დაალევინა და ისევ სკამზე დაჯდა, მიხვდა, ჯერ არ დაემთავრებინა.
- შეიძლება გაგეცინოს, - განაგრძო მოგვიანებით, - მაგრამ მე მეამაყებოდა შენი ასეთი სიყვარული თუნდაც სხვის მიმართ. მეამაყებოდა, რომ ასეთი დიდი სიყვარული შეგეძლო, ასეთი ერთგული იყავი იმ ვიღაცის. არ ვიცი, ვინაა და არც მაინტერესებს, მაგრამ ვიცოდი, მასზე რახან ერთხელ თქვი უარი, აღარც მოძებნიდი, აღარც მოისურვებდი მასთან შეხვედრას. ამიტომაც არ გზღუდავდი, დედაჩემი მუდამ იმას ჩამჩიჩინებდა, ნუ ენდობი, ასე ნუ ათამამებო, მე კიდევ არ მეშინოდა, გაძლევდი თავისუფლებას, რადგან ვიცოდი, ჩემი ერთგულიც იყავი, როგორც ქმრის, როგორც მეგობრის. ახლა კი მინდა, მადლობა გადაგიხადო, ამ ერთგულებისთვის, იმისთვის, რომ შემომწირე შენი თავი. ან იქნებ სხვა რამეს შესწირე და ჩემთან ყოფნა შენთვის თვითგვემა იყო, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მადლობა, რომ ბედნიერი გამხადე. ახლა იმიტომ გიყვები ყველაფერს, სულელი რომ არ გეგონო, რომ არ იფიქრო, ჩემი ქმარი არ მიცნობდა, საკმარისად არ ვუყვარდი და ვერ ხვდებოდა, რას ვგრძნობდი მის გვერდითო. სიგიჟემდე მიყვარდი და არაფერს ვნანობ. - გაჩუმდა. დაასრულა.
- კარგი ადამიანი ხარ. - უთხრა ბოლოს, ხანგრძლივი დუმილის შემდეგ. გიგამ ძლივს შესამჩნევად გაიღიმა.
- ეგ სიტყვები უფრო ძვირფასია ჩემთვის, ვიდრე ყალბი ”მიყვარხარ”. ამიტომაც შეგიყვარე. ახლა გადი, მარტო მინდა ყოფნა, ნურც ნურავის შემოუშვებ.

აღარაფერი უთქვამს ისე გამოვიდა ოთახიდან, აღარ შეაწუხოთო შვილებს დაუბარა, კარი გამოკეტა და აივანს მიაშურა. სკამზე დაჯდა, მზე ბოლომდე არ ჩასულიყო, აპრილი იდგა, აპრილის ცამეტი... ის იჯდა და ჩამავალ მზეს უყურებდა, ცრემლი არ მოსდიოდა, ვერ ტიროდა, მისი ქმარი საკუთარ საძინებელში სიკვდილის ანგელოზს ებრძოდა, ცოტნე კი ვინ იცის... გიჟივით გაეცინა, მისი ფიქრები, რომ ცოტნეს გადასწვდა. ქმარი უკვდებოდა, რომელმაც ეს-ეს იყო ყველაფერი გადმოულაგა, გააღმერთა, ქმარი, რომელსაც ვერ უთხრა, რომ ვიღაცის ჯინაზე კი არა, სიბრალულის გამო გაჰყვა და ეს კიდევ ცოტნეზე ფიქრობდა. ადამიანს ის ეტკბილება, რაც უკვე დაჰკარგაო, ამბობენ, ტყუილია, ქმარსაც ხომ კარგავდა, მაგრამ სულაც არ უნდოდა ახლა მასზე ფიქრი. ცოტნე უნდოდა, მისი ნახვა სურდა, თუნდაც რამდენიმე წამით, ისევ მას მისტიროდა, მას შენატროდა. და უცებ მიხვდა: ნამდვილი სიყვარული არსებობს და მას თავად ჩვენ ვქმნით და ვინახავთ, მას ხომ მთელი ცხოვრება მთელი გულით უყვარდა ცოტნე? რა მნიშვნელობა აქვს, ცოტნეც ამავე გრძნობით პასუხობდა თუ არა (თუმცა დარწმუნებული იყო, ძველი სიყვარული დაბრუნდა ცოტნესთან)? მთავარი აქ სალომეს გრძნობები იყო, ერთი კონკრეტული ადამიანის და რადგანაც მას მთელი ცხოვრება უანგაროდ, გულწრფელად უყვარდა (და ეყვარებოდა), ესე იგი ნამდვილი სიყვარულიც არსებობს...




იჯდა პალატაში, უყურებდა ჩამავალ მზეს და იმედოვნებდა, რომ ოდესღაც, სიკვდილის შემდეგ მაინც, შეხვდებოდა ცოტნეს, ერთადერთ ნამდვილ სიყვარულს...
- რამდენ ხანში მოგვეზრდება? - აღარ იღიმის სალომე.
- რა? ნამდვილი სიყვარული?.. არასდროს... - პასუხობს ცოტნე...



№1  offline წევრი ninaka)))

უჰ კარგი იყო ძალიან.. ყოჩაღ <3

 


№2  offline წევრი Qeti.A

ძალიან მომეწონა. დალაგებული, აზრიანი და შინაარსით დატვირთული იყო. მთავარია, სიყალბე არ იყო...
სიამოვნებით წავიკითხავდი შენს დაწერილ ისტორიებს კიდევ, წარმატებები. love

 


№3  offline წევრი marisa

რა მაგარი იყო :)მიხარიხარ.. პროლოგი, მერე წარსულის გახსენების ეპიზოდები, ეპილოგი, ყველაფერი ერთმანეთზე უკეთესი :) მართლა ძალიან მაგარია ასეთი სიყვარული. არ ვიცი, რომ ებრძოლათ ერთმანეთისთვის, რა მოხდებოდა.. წარმოვიდგინე რამდენიმე ვარიანტი და ისინი უფრო მხიბლავენ :) მე არ ვიცი, სალომეს ადგილას როგორ მოვიქცეოდი, რომ რამე ვთქვა. ეს ანა რა ამაყია, ამპარტავანი. სიკვდილის წინაც იგივე დარჩა. რაც შეეხება ცოტნეს, მაინც არ მომეწონა მე და ვერც გიგას გავუგებ :) ალბათ, ამხელა "თავგანწირვა" და "თვითგვემა" ჩემს ძალებს აღემატება ;) მაგრამ არ ვიცი.. უჰ, გელი :) სხვათაშორის, შენი პირველი სიახლე-პროლოგი ვნახე და შენით ძალიან დავინტრიგდი, ამიტომ ეს სიახლეც ვნახე და ძალიან მომეწონა

 


№4  offline წევრი hirondelle

დიდი მადლობა თქვენ, ვგრძნობ ნელ-ნელა ”ვიწამლები” აქაურობით :)
marisa
რა მაგარი იყო :)მიხარიხარ.. პროლოგი, მერე წარსულის გახსენების ეპიზოდები, ეპილოგი, ყველაფერი ერთმანეთზე უკეთესი :) მართლა ძალიან მაგარია ასეთი სიყვარული. არ ვიცი, რომ ებრძოლათ ერთმანეთისთვის, რა მოხდებოდა.. წარმოვიდგინე რამდენიმე ვარიანტი და ისინი უფრო მხიბლავენ :) მე არ ვიცი, სალომეს ადგილას როგორ მოვიქცეოდი, რომ რამე ვთქვა. ეს ანა რა ამაყია, ამპარტავანი. სიკვდილის წინაც იგივე დარჩა. რაც შეეხება ცოტნეს, მაინც არ მომეწონა მე და ვერც გიგას გავუგებ :) ალბათ, ამხელა "თავგანწირვა" და "თვითგვემა" ჩემს ძალებს აღემატება ;) მაგრამ არ ვიცი.. უჰ, გელი :) სხვათაშორის, შენი პირველი სიახლე-პროლოგი ვნახე და შენით ძალიან დავინტრიგდი, ამიტომ ეს სიახლეც ვნახე და ძალიან მომეწონა


უღრმესი მადლობა შენ პირადად.. კარგია შენ შემოქმედებას რომ აფასებენ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს გმირებზე საუბარი და განხილვაა, მათი საქციელის გამართლება ან არგამართლება, ვერ აღგიწერთ როგორ მიყვარს თითოეული ჩემ მიერ შექმნილი პირსონაჟი და როგორ მსიამოვნებს, როდესაც მათზე ისე საუბრობენ როგორც რეალურ პიროვნებებზე. მაშინ ვგრძნობ, რომ რაღაც სერიოზული გამიკეთებია. მადლობა იმისთვისაც, რომ საკუთარი თავი წარმოიდგინე სალომეს ადგილას და ამაყი ვარ მართლა იმითაც, რომ დაგაფიქრა ამ ისტორიამ.

 


№5  offline წევრი Ignifex

მარტო იმას ვიტყვი,რომ ვიტირე თან სერიოზულად. ამით მგონი ყველაფერია ნათქვამი მაგრამ არა,მაინც უნდა ვთქვა. ზუსტად არ ვიცი,მაგრამ მგონი სალომეს ადგილას სხვანაირად მოვიქცეოდი და იმ 4 წელს ასე უბრალოდ არ გავუშვებდი ხელიდან,ვერც ვამტყუნებ და ვერც ვამართლებ,არ ვიცი,მართლა. ამის მერე სულმოუთქმელად დაველოდები ხოლმე შენს ისტორიებს

ანას პერსონაჟმა თავიდანვე იმდენად გამაღიზიანა,სიტყვები არ მყოფნის გადმოსაცემად. არ მესმის მისნაირი ადამიანების,ბოლოს კი თქვა ძალით რომ გაათხოვეს და სახარბიელო ცხოვრება არ ჰქონდა,მაგრამ იმას რატომ ვერ ხვდებოდა,რომ თავის შვილსაც მსგავსად ექცეოდა? ძალით გათხოვებას ვგულისხმობ(ცოტნე არ 'გაუთხოვებია,მაგრამ მაინც:დ) ისევე ერეოდა თავისი შვილის ცხოვრებაში,როგორც თავისი მშობლები. ცოტნეზე არ ვიცი რა ვთქვა,მართლა. კახისაც ვერ ვამართლებ ბოლომდე

 


№6  offline წევრი hirondelle

Ignifex
მარტო იმას ვიტყვი,რომ ვიტირე თან სერიოზულად. ამით მგონი ყველაფერია ნათქვამი მაგრამ არა,მაინც უნდა ვთქვა. ზუსტად არ ვიცი,მაგრამ მგონი სალომეს ადგილას სხვანაირად მოვიქცეოდი და იმ 4 წელს ასე უბრალოდ არ გავუშვებდი ხელიდან,ვერც ვამტყუნებ და ვერც ვამართლებ,არ ვიცი,მართლა. ამის მერე სულმოუთქმელად დაველოდები ხოლმე შენს ისტორიებს


მადლობა შენ, ჩემო საყვარელო, ცოტა იმედი უნდა გაგიცრუო, ლოდინი მართლა მოგიწევს ხოლმე, გრაფიკიდან გამომდინარე ვერ ვიცლი ფურცლებთან ჩასაჯდომად, მაგრამ ვეცდები შემდეგი ისტორია დროულად მოვამთავრო და აღარ გატირო :) რაღაც სახალისო მაქვს ჩაფიქრებული.. მადლობა, რომ ასეთი კარგი მკითხველი ხარ და სრულიად სხვა რაღაც დაიჭირე აქ, გეთანხმები არ უნდა დაეკარგა 4 წელი :D

 


№7  offline წევრი ანკუნა

Dzalian cudad var :-( istoria dzalian saintereso iyo. Ubralod dzalian davigruze.yoveltvis istoriis kitxvisas,personajebis adgilas warmovidgen tavs,amito uaryopitad imoqmeda. Tumc istoriasi azrebi sworad gaqvs gadanawilebuli da weris kargi manera gaqvs. <3 ubralod gtxov,ase agar damgruzo dzvirfaso. :* <3
--------------------
Anna

 


№8  offline წევრი YSL

ძაან კარგი იყო, მომწონს შენი წერის სტილი და მიხარია რომ შენი ისტორიების გამოქვეყნება დაიწყე და ისევ შენ არ ხარ მისი ავტორი, მკითხევლი და შემფასებელი :დ <3 მოუთმენლად ველოდები ახალ ისტორიას, იმედია ლოდინი არ მომიწევს მაგრამ ასეტი ისტორიების ლოდინი ღირს <3

 


№9  offline წევრი mbella

გული მეტკინა, კითხვის დროს მართლა მეკუმშებოდა გული ამათი საცოდაობით :((( საშინელებაა ანას მსგავსი ადამიანები რო არსებობენ, თავხედურად რომ ერევიან შვილების ცხოვრებაში და ამით ანადგურებენ, მაინც შემეცოდა, მაგრამ ღირსი იყო.
მართალია ორივე დაიტანჯა ცალ-ცალკე, მაგრამ ცოტნე უფრო მეცოდება, სალომეს რაღაცის შეცვლა მაინც შეეძლო თავის დროზე.
რატომღაც მგონია რომ ცოტნე თავს დამნაშავედაც თვლიდა რომ ვერ გაიხსება, ამიტომ იტანჯა უფრო მეტად :((
და ბოლოს, ჩვენი საიტის მერცხალო, ძალიან მაგარი ხარ, ნიჭიერი და ძალიან კარგად წერ, აუცილებლად გვინდა ახალი ისტორია, ველოდები და წარმატებებს გისურვებ :***

 


№10  offline წევრი kurt cobain

ღმერთო ეს რა იყო?
მე უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის.
ამ პესონაჟებზე ვგიჟდები უკვე.
შენზეც ვგიჟდები უკვე.
ღამით წავიკითხე და მერე ვეღარ დავიძინე იმდენად იმოქმედა ჩემზე. იმდენი ვიტირე თვალები დამისივდა,მაგრამ ღირდა!
მომწონხარ,მიყვარხარ და ველოდები შემდეგ ისტორიას. ❤❤❤

 


№11  offline წევრი arctic monkey

ვაიმე აი ძალიან მაგარი იყო მართლა!!ძალიან კარგი ვერ ავღწერ...მთელი გულით ვიტირე იმიტომ რომ ეს ისტორია ნამდვილი სიყვარულის მაგალითია..ბევრს არ ჯერავს მაგრამ ცდებიან
.ძალიან კარგად წერ კითხვისას სულ თვალწინ მიდგას მთელი ისტორია თითქოს მეც მათთან ერთად ვიყო..

 


№12  offline წევრი Unnamed

Ar vici ai dzalian chveulebrivi istoria iyo ((vgulisxmob imas rom ar iyo ararealuri ragaceebi)chemi azrit) xo me namdvilad ar vici ras vizamdi salomes adgilas... Anam tavidanve ar momxibla da is momewone sikvdilis winac isetive amayi rom datove,radgan me vfiqrob rom adamianebi ar icvlebian da vamartleb gamotqmas 'kuzians samare tu gamoasworebso' ... Xo dzalian kmayofili var am istoriit.. Da kide dgeidan mec chamwere sheni mkitxvelebis siashi :D es pirveli iyo rac wavikitxe :*

 


№13  offline წევრი hirondelle

უღრმესი მადლობა თქვენ <3 ნამდვილად არ ვფიქრობდი, ასე თუ იმოქმედებდა ეს ისტორია თქვენზე.. ცოტა არ იყოს დავიბენი, ჩემი ისტორიები ძირითადად ამ სტილისაა ყველა, თავად ვათენებ ღამეებს ჯერ პერსონაჟების ბედის გადასაწყვეტად და მერე ამ ბედზე ფიქრისას... ასე რომ ბოდიში თუ ვინმეს ძილი გავუტეხე და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეული თქვენი თბილი სიტყვისთვის :)

 


№14  offline წევრი anata

ძალიან კარგი იყოო! ძლიერ იმოქმედა ჩემზე მითუმეტეს ღამით წავიკითხე და დიდი შთაბედილება მოახდინა, მთელი დღეა თავში მიტრიალებს თითოეული სიტყვა და კომენტარის სახით რომ არ გადმომეცა არ შემეძლოო... წარმატებებს გისურვებ მომავალში და ძალიან ბევრი წერე ეს ნამდვილად გამოგდიის love

 


№15  offline წევრი buubbuuu)))

Yvelaze metad cotne metkina ogond martla [[ yvelam ugalata jer dedam mere kaxim uuf rogor mominda damechechqva mag kaxistvis tav piri. Salomee? Ver vityvi rom unda ebrdzola chemi azrit nu ki unda ebrdzlla magram mainc dzalian dzalian bevri kaxize da lizaze iyo. Kai dedam datanja kaxis agar undoda gaxseneboda yvelaperi magram lizasac xom sheedzlo mere ra rom kaxi qmari iyo tavisi meoba ar gaachnda da momkali tu hinda saertod ar momewona lizas personaji. >_< ai sheni sauketeso megkbris tkivils ro ver igrdznob eg ar mesmis ubralod sakmarisad ar cdilobda salomestvis gaego da damaputa nervebi ra uuuf :D magram ici ra momewona ? Brax qorwili da egreve ar daamtavre ar miyvars chiri iqa pqvili aqa momewona rom gashlili iyo da titqmis sikvdilamde miiyvane peraonajebi ♥♥♥ vaime agar shemidzlia gancdebshi var ici rogor vitiree? ♥♥♥♥ vgijdebi shenze sa mag wyvilze ai ro vicode vinme egre meyvareba da veyvarebi dgeidanve daviwyeb tanjvas :D :D tituu vegar vaxel tvalebs da imdeni davwere imedia wakitxva ar dagezareba ))) :D ♥♥♥
--------------------
♥♥♥♥♥♥

 


№16  offline წევრი hirondelle

buubbuuu)))
Yvelaze metad cotne metkina ogond martla [[ yvelam ugalata jer dedam mere kaxim uuf rogor mominda damechechqva mag kaxistvis tav piri. Salomee? Ver vityvi rom unda ebrdzola chemi azrit nu ki unda ebrdzlla magram mainc dzalian dzalian bevri kaxize da lizaze iyo. Kai dedam datanja kaxis agar undoda gaxseneboda yvelaperi magram lizasac xom sheedzlo mere ra rom kaxi qmari iyo tavisi meoba ar gaachnda da momkali tu hinda saertod ar momewona lizas personaji. >_< ai sheni sauketeso megkbris tkivils ro ver igrdznob eg ar mesmis ubralod sakmarisad ar cdilobda salomestvis gaego da damaputa nervebi ra uuuf :D magram ici ra momewona ? Brax qorwili da egreve ar daamtavre ar miyvars chiri iqa pqvili aqa momewona rom gashlili iyo da titqmis sikvdilamde miiyvane peraonajebi ♥♥♥ vaime agar shemidzlia gancdebshi var ici rogor vitiree? ♥♥♥♥ vgijdebi shenze sa mag wyvilze ai ro vicode vinme egre meyvareba da veyvarebi dgeidanve daviwyeb tanjvas :D :D tituu vegar vaxel tvalebs da imdeni davwere imedia wakitxva ar dagezareba ))) :D ♥♥♥


ძალიან დიდი მადლობა შენ <3 რა თქმა უნდა, არ დამეზარება წაკითხვა, ყურებამდე გაღიმებული ვკითხულობდი შენს კომენტარს და მადლობა, ასეთი კარგი რომ ხარ!! ერთს გირჩევ, თუ ნებას დამრთავ: გულწრფელად უნდა გვიყვარდეს ყველას, მაგრამ კი არ უნდა დავიტანჯოთ ამ სიყვარულისთვის, პირიქით ბედნიერები უნდა ვიყოთ, ბედნიერებას კი მუდმივი ბრძოლა ჭირდება. სალომემ ისე მალე დაყარა ფარ-ხმალი, რომ რა გასაკვირია თუ იტანჯებოდა სიცოცხლის ბოლომდე. აჰა, მთავარ სათქმელამდეც მივედი.. :) დიახ, სწორედ ამის თქმა მსურდა ამ ისტორიით: იბრძოლეთ საკუთარი ბედნიერებისთვის.

 


№17  offline წევრი kalendula

მხოლოდ ერთს გეტყვი, ჩემი სახით უერთგულესი მკითხველი შეიძინე. დანარჩენი სხვა სიახლეებზე

 


№18 სტუმარი სტუმარი ლია

საოცრად წერთ. მოუთმენლად დაველოდები მომდევნო ისტორიებს. ძალიან ნიჭიერი ხართ. უფალმა დაგლოცოთ და გაბედნიეროთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent